ეპილოგი
ეპილოგი
წიგნი დასრულებულია, მაგრამ ისტორია გრძელდება. კატერინა სრულიად ჯანმრთელია, და მისი პირვანდელი სიმპტომები წარსულს ჩაბარდა. სხვა პაციენტებთან რეგრესიის გამოყენებას უკვე ძალიან ფრთხილად ვუდგები. უპირველეს ყოვლისა ვითვალისწინებ პაციენტის სიმპტომებს და მის დამოკიდებულებას მკურნალობის სხვა მეთოდებისადმი, პაციენტის უნარს, სწრაფად ჩაიძიროს ჰიპნოტურ მდგომარეობაში, ამ მიდგომისადმი მისი გახსნილობის ხარისხს, და ასევე ვხელმძღვანელობ ინტუიციით, რომელიც მკარნახობს, გამოდგება თუ არა ეს მეთოდი მოცემული კონკრეტული შემთხვევისთვის. კატერინას შემდეგ სერიოზულ რეგრესიებს ვატარებდი სრულიად განსხვავებული პაციენტების წინა ცხოვრებებში. არცერთი მათგანი არ იტანჯებოდა ფსიქოზით, ჰალუცინაციებით ან პიროვნების გაორებით. და შედეგები საოცარი იყო.
თორმეტ ასეთ პაციენტს სრულიად შეუსაბამო ცხოვრებისეული ისტორიები და პიროვნების თავისებურებები ჰქონდა. მაგალიტად, ებრაელი დიასახლისი მაიამი ბიჩიდან მკაფიოდ იხსენებდა, როგორ გააუპატიურა რომაელი ჯარისკაცების ჯგუფმა პალესტინაში, იესოს ჯვარცმიდან მალევე. მან ასევე გაიხსენა ცხოვრება მეცხრამეტე საუკუნეში, ახალი ორლეანის საროსკიპოში, ცხოვრება საფრანგეთის ერთ-ერთ მონასტერში, და მძიმე ცხოვრება იაპონიაში. იგი ერთადერთია პაციენტებიდან (თუ არ ჩავთვლით კატერინას) რომელსაც შეეძლო შუალედური მდგომარეობიდან გზავნილების გადმოცემა. მისი გზავნილები ცალსახად ექსტრასენსულ ხასიათს ატარებდნენ. მან, ისევე როგორც კატერინამ, იცოდა ფაქტები ჩემი წარსულიდან. ასევე შეეძლო მომავლის მოვლენების წინასწარმეტყველება. მისი გზავნილები განსაკუთრებული სულისგან მოდიოდა, და მე ამჟამად მასთან სეანსების სისტემატიზაციას და ანალიზს ვახდენ. ეს ყველაფერი გულდასმით უნდა იქნეს გამოკვლეული და შეფასებული.
სხვა პაციენტები მხოლოდ გარდაცვალების მომენტებს, სხეულის დატოვებას და კაშკაშა სინათლეში ლივლივს იხსენებდნენ. არავის არ შეეძლო გზავნილების გადმოცემა. მაგრამ ყველას ჰქონდა მკაფიო მოგონებები წინა ცხოვრებებზე. შესანიშნავმა ბირჟის მაკლერმა გაიხსენა სასიამოვნო, თუმცა მოსაწყენი ცხოვრება ვიქტორიანულ ინგლისში. ერთი მხატვარი ესპანური ინკვიზიციის დროს აწამეს. რესტორნის მფლობელმა, რომელსაც ხიდებზე და გვირაბებში მგზავრობის ეშინოდა, გაიხსენა, რომ ცოცხლად დამარხეს ძველ დროში ერთ-ერთი ახლოაღმოსავლეთის ქვეყანაში. ახალგაზრდა ექიმმა გაიხსენა თავისი ტრავმა ზღვაზე, როცა ვიკინგი იყო. ტელევიზიის ერთი ადმინისტრატორი ექვსასი წლის წინ ფლორენციაში აწამეს. და პაციენტების სია კვლავაც იზრდება.
ამ ადამიანებს თავიანთი სხვა ცხოვრებებიც ახსოვდათ. ავადმყოფური სიმპტომები მაშინვე ქრებოდა, როგორც კი შესაბამის წინა ცხოვრებას იხსენებდნენ. ამჟამად ისინი ყველანი მტკიცედ არიან დარწმუნებულნი იმაში, რომ ადრე იცხოვრეს და მომავალშიც იცხოვრებენ. მათი სიკვდილის შიში საგრძნობლად შემცირდა.
სრულიად არაა აუცილებელი, რომ ყველამ გაიაროს რეგრესული თერაპია ან მოინახულოს ექსტრასენსები და მედიუმები. თუმცაღა მათ, ვისაც შფოთვები და პრობლემები აქვთ, შეუძლიათ ამის გამოყენება. სხვებისთვის - ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა - გახსნილი ჰქონდეთ გონება. გააცნობიერონ, რომ ცხოვრება. -უფრო მეტია, ვიდრე ის, რაც ფიზიკური მხედველობით აღიქმება, და რომ სიცოცხლე ჩვენს ხუთ გრძნობას სცდება; მიმღები ივნენ ახალი ცოდნისა და გამოცდილებისადმი. „ჩვენი ამოცანაა - ვისწავლოთ, და ცოდნის მეშვეობით ღმერთს დავემსგავსოთ“.
მე უკვე აღარ მაღელვებს ის, თუ როგორ აისახება ჩემს კარიერაზე ამ წიგნის გამოსვლა. ინფორმაცია, რომელიც გავაზიარე, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, და მისი გავრცელება უფრო სასიკეთო და სასარგებლო იქნება მსოფლიოსთვის, ვიდრე ის, რაც ჩემს კაბინეტში შემიძლია გავაკეთო ინდივიდუალურად.
იმედი მაქვს, რომ ეს წიგნი სასარგებლო იქნება თქვენთვის, გათავისუფლდებით სიკვდილის შიშისგან და გზავნილები სიცოცხლის ნამდვილ მნიშვნელობაზე დაგეხმარებათ - იცხოვროთ უფრო სავსე ცხოვრებით, ბედნიერებისა და შინაგანი სიმშვიდის ძიებაში, ასევე გამოავლინოთ სიყვარული გარშემომყოფი ადამიანების მიმართ.
თუ გსურთ დააფასოთ ჩვენი შრომა და დაეხმაროთ ჩვენს ვებ-გვერდს სხვა წიგნების თარგმნაში, ნებისმიერი თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ამ რეკვიზიტებზე:
საქართველოს ბანკი: GE04BG0000000621532700
TBC ბანკი: GE30TB7154245061100005
მიმღები: მამუკა გურული
პირადი ნომერი: 35001029103
ასევე შეგიძლიათ გადმორიცხოთ საზღვარგარეთიდან ნებისმიერი გზავნილის სისტემით.