თავი მესამე
თავი მესამე
ერთი კვირის შემდეგ კატერინა უბრალოდ კი არ მოვიდა, არამედ შემოიჭრა ჩემს კაბინეტში ჰიპნოზის შემდეგი სეანსისთვის. როგორც ყოველთვის მშვენიერი იყო, მაგრამ იმ დღეს უფრო ბრწყინავდა, ვიდრე ოდესმე. სიხარულით განმიცხადა, რომ მისი მარადიული შიში დახრჩობისა გაქრა. საჭმლით გაგუდვის შიში შემცირდა. მისი სიზმარი უკვე აღარ წყდებოდა ნგრევადი ხიდის კოშმარით. თუმც კი ახსოვდა წინა ცხოვრებების დეტალები წინა სეანსიდან, ჯერ კიდევ ბოლომდე მაინც ვერ გადახარშა ეს მასალა.
წინა ცხოვრებების და რეინკარნაციის იდეა უცხო იყო მისი მსოფლმხედველობისთვის, მაგრამ მისი მოგონებები იმდენად მკაფიო იყო, სურათები, ბგერები, სუნები იმდენად ცხადი, ცოდნა იმისა, რომ იქ იყო - იმდენად ძლიერი და ცხადი, ეჩვენებოდა, რომ მართლაც უნდა ყოფილიყო ოდესღაც იქ. ეჭვიც არ ეპარებოდა ამაში: განცდა საოცარი იყო. მაგრამ აწუხებდა ის ამბავი, რომ ეს ყველაფერი მის აღზრდას და რწმენებს არ შეესაბამებოდა.
განვლილი კვირის განმავლობაში შედარებითი რელიგიათმცოდნეობის კურსის კონსპექტებს გადავხედე, რომელიც ჯერ კიდევ პირველ კურსზე, კოლუმბიაში მქონდა ჩაწერილი. მართლაც, ძველ და ახალ აღთქმაში იყო მინიშნებები რეინკარნაციაზე. 325 წელს რომის იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა და მისმა დედამ - ელენამ - გაანადგურეს ახალ აღთქმაში რეინკარნაციასთან დაკავშირებული მინიშნებები. კონსტანტინოპოლის მეორე შეკრებამ, რომელიც 553 წელს ჩატარდა, დაადასტურა ეს აქტი და რეინკარნაციის იდეა ერესად ცნო. ცხადია, ისინი ფიქრობდნენ, რომ ეს იდეა შეასუსტებდა ეკლესიის მზარდ ძალაუფლებას, რომელიც საშუალებას აძლევდა ადამიანებს, რომ მეტისმეტად დიდხანს ყოფილიყვნენ ხსნის მოლოდინში. მაგრამ პირვანდელი მინიშნებები რეინკარნაციაზე მაინც არსებობდა; ეკლესიის პირველი მამები აღიარებდნენ რეინკარნაციას. ძველ გნოსტიკოსებს - კლიმენტი ალექსანდრიელს, ორიგენეს, წმინდა იერონიმეს და ბევრ სხვას - სჯეროდათ, რომ ადრეც უცხოვრიათ და მომავალშიც იცხოვრებდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს მჯეროდა რეინკარნაციის, სინამდვილეში მე არასოდეს რიგიანად არ დავფიქრებულვარ ამაზე. ჩემი ადრეული რელიგიური აღზრდიდან ვიცოდი სიკვდილის შემდეგ „სულის“ ბუნდოვანი არსებობის შესახებ, მაგრამ არ ვიყავი ამ იდეაში დარწმუნებული.
ოთხი შვილიდან მე ყველაზე უფროსი ვიყავი. ჩვენ მივეკუთვნებოდით კონსერვატულ ებრაულ სინაგოგას რედ ბენკში, პატარა ქალაქში ნიუ-ჯერსის სანაპიროსთან ახლოს. ოჯახში მე ვიყავი მთავარი შემრიგებელი და დიპლომატი. მამაჩემი სხვებზე მეტად იყო რელიგიის მიმდევარი. იგი ძალიან სერიოზულად იყო ამ მხრივ განწყობილი, ისევე როგორც ყველაფრის მიმართ თავის ცხოვრებაში. ის ადვილად გამოდიოდა მწყობრიდან ოჯახური უთანხმოებების გამო და განზე დგებოდა ხოლმე, შუამავლის როლს კი მე მაკისრებდა. თუმც კი ეს კარგი პრაქტიკა აღმოჩნდა ჩემი მომავალი ფსიქიატრის კარიერისთვის, ამან ჩემი ბავშვობა უფრო მეტად დაამძიმა დიდი პასუხისმგებლობით, ვიდრე ამას ვისურვებდი. შედგად ჩამოვყალიბდი ძალიან სერიოზულ ახალგაზრდად, რომელიც საკუთარ თავზე მეტისმეტად დიდი პასუხისმგებლობის აღებას მიეჩვია.
დედაჩემი ყოველთვის ღიად გამოხატავდა თავის სიყვარულს. ამაში მისთვის არ არსებობდა საზღვრები. მამაჩემზე უბრალო იყო, და მანიპულაციის მეთოდებად ბავშვებზე ისეთ ცნებებს იყენებდა, როგორიცაა დანაშაულის გრძნობა, წამებულის მანტია, უკიდურესი აღშფოთება - თანაც ყოველგვარი ცუდი ზრახვის გარეშე. ამასთან, იგი იშვიათად იყო მოქუფრული და ყოველთვის შეგვეძლო მისი სიყვარულისა და მხარდაჭერის იმედი გვქონოდა.
მამაჩემს კარგი სამსახური ჰქონდა: ის ფოტოგრაფი იყო, და თუმცა საჭმელი ყოველთვის საკმარისად გვქონდა, ფული ყოველთვის ცოტა იყო. ჩემი ყველაზე უმცროსი ძმა მაშინ დაიბადა, როცა ცხრის ვიყავი. ექვსი ადამიანისგან შემდგარი ოჯახი ბაღჩიან, ორსაძინებლიან პატარა სახლში იყო განთავსებული.
ამ პატარა სახლში ცხოვრება მშფოთვარედა ხმაურიანად მიდიოდა, და მე წიგნებში ვპოულობდი თავშესაფარს. დაუსრულებლად ვკითხულობდი, და მხოლოდ იმისთვის ვწყვეტდი კითხვას, რომ ბეისბოლი, კალათბურთი ან სხვა რამე მეთამაშა. ვიცოდი, რომ განათლება - ესაა მეთოდი, რომლის საშუალებითაც შემეძლო ამ პატარა ქალაქიდან გამეღწია, ამიტომ ყოველთვის პირველი ან მეორე ვიყავი ჩვენს კლასში სიბეჯითეში.
იმ დროისთვის, როცა სტიპენდია მივიღე კოლუმბიის უნივერსიტეტში, უკვე სერიოზული, მეცნიერებაში ჩაფლული ახალგაზრდა ვიყავი. აკადემიური მიღწევები ადვილად გამომდიოდა. ქიმიაზე ვიყავი სპეციალიზირებული და სწავლა ფრიადზე დავასრულე. გადავწყვიტე ფსიქიატრი გავმხდარიყავი, რადგან ამ სფეროში იკვეთებოდა ჩემი ინტერესი მეცნიერებისადმი და აღტაცება ადამიანის გონების ფუნქციონირებისადმი. ამასთან, მედიცინა საშუალებას მაძლევდა, რომ გამომეხატა ჩემი თანაგრძნობა და მზრუნველობა სხვა ადამიანების მიმართ. გარდა ამისა, საზაფხულო არდადაგების დროს, სასტუმრო კეტსქილ მაუნთინში, სადაც ოფიციანტის დამხმარედ ვმუშაობდი, კეროლს შევხვდი, რომელიც იქ ისვენებდა. ორივემ მაშინვე ვიგრძენით ურთიერთსიმპათია და ახლობლობისა და კომფორტის შეგრძნება. ვწერდით ერთმანეთს, ვხვდებოდით, შეგვიყვარდა ერთმანეთი და როცა კოლუმბიის უნივერსიტეტის ბოლო კურსზე ვიყავით, დავქორწინდით. ის ნათელი და მშვენიერი გოგო იყო. ცოტა თუ იღელვებს ამ ასაკში სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა ყველაფერი კარგად მიდის, და მეც არ ვიყავი გამონაკლისი. მე დამწყები მეცნიერი ვიყავი და ლოგიკურად, მიუკერძოებლად აზროვნებას ვსწავლობდი. და ვენდობოდი მხოლოდ მეთოდს: „დაამტკიცეთ ეს“.
იელის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლაში ყოფნამ ჩემში ამ მეცნიერული მეთოდის კრისტალიზება მოახდინა. ჩემი დისერტაციის თემა იყო ტვინის ქიმია და ნეიროტრანსმიტერების, ტვინის ქსოვილში ქიმიური გადამცემების როლი.
მე შევუერთდი ბიოლოგი-ფსიქიატრების ახალ თაობას, რომლებიც აერთიანებდნენ ტრადიციულ ფსიქიატრიულ თეორიებს და ტექნიკებს ტვინის ქიმიის თანამედროვე მეცნიერებასთან. მრავალი სამეცნიერო სტატია დავწერე. ვკითხულობდი მოხსენებებს ადგილობრივ და ნაციონალურ კონფერენციებზე და ერთგვარი სწავლული გავხდი ჩემს სფეროში. მე ვიყავი შეპყრობილი, შეუპოვარი და შეუდრეკელი, მაგრამ ეს თვისებები სასარგებლო იყო ექიმის პრაქტიკისთვის. ვგრძნობდი, რომ ყველას განკურნება შემეძლო, ვინც კი ჩემთან კონსულტაციაზე მოვიდოდა.
ჰიპნოზის შემდეგ სეანსზე კატერინა არონდად „იქცა“, გოგოდ, რომელიც ჩვ.წ.აღ-მდე 1863 წელს ცხოვრობდა. ან იქნებ პირიქით: არონდა „გახდა“ კატერინა? და კვლავაც, ასეთი ბედნიერი ის ადრე არასოდეს მინახავს.
მე კვლავაც ვშიშობდი, რომ კატერინა აღარ გააგრძელებდა სეანსებს, მაგრამ ის გულმოდგინედ მოემზადა და სწრაფად ჩაიძირა ჰიპნოზურ მდგომარეობაში.
„წყალში ყვავილების გირლიანდებს ვყრი. ეს ცერემონიაა. ნათელი დაწნული თმა მაქვს. მოყავისფრო -ოქროსფერი კაბა და სანდლები მაცვია. ვიღაც მოკვდა. ვიღაც სამეფო კარიდან... დედა. მე მსახური ვარ სამეფო კარზე, საჭმლის მომზადებაში ვეხმარები. ახლა სხეულებს მარილიან ხსნარში ვდებთ ოცდაათი დღით. ისინი შრება და გარკვეულ ნაწილებს ვაცლით. სუნს ვგრძნობ, სხეულების სუნს“.
აქ მან არონდას ცხოვრების სხვა პერიოდში გადაინაცვლა, როცა მის მოვალეობებში ახალგარდაცვლილი სხეულების დამუშავება შედიოდა.
„ცალკე შენობაში, - განაგრძო კატერინამ, სხეულებს ვხედავ. ვახვევთ მათ. სული წავიდა. საკუთარი ქონება თან მიგაქვთ, რომ მზად იყოთ შემდგომი, უფრო მნიშვნელოვანი ცხოვრებისთვის“. იგი გადმოსცემდა იდეებს, რომლებიც ახლოს იყო სიკვდილისა და სიკვდილის შემდგომი სიცოცხლის ძველეგვიპტურ კონცეფციასთან, და რომელიც ყველა ჩვენი რწმენა-წარმოდგენისგან განსხვავდება. მათ რელიგიაში ამ ყველაფრის თან წაღება შეგეძლოთ.
კატერინა გამოვიდა ამ ცხოვრებიდან და გაჩუმდა. პაუზა რამდენიმე წუთი გრძელდებოდა, რის შემდეგაც სხვა, როგორც ჩანს უფრო ძველ ეპოქაში გადაინაცვლა.
„მე ვხედავ ყინულს, რომელიც გამოქვაბულშია ჩამოკიდებული... ქვებს...“ მან გაურკვევლად აღწერა ბნელი, მივარდნილი ადგილი, და ახლა აშკარად ვერ გრძნობდა კარგად თავს. მოგვიანებით აღწერა, როგორი იხილა საკუთარი თავი: „მე ვიყავი უსახური, ბინძური და მყრალი“. მან დატოვა ეს ცხოვრება და შემდეგში გადავიდა.
„აქ რამდენიმე შენობაა, და ურიკა ქვის ბორბლებით. მე წაბლისფერი თმა მაქვს. ისინი ქსოვილითაა დაფარული. ურიკაში თივაა. მე ბედნიერი ვარ. აქ მამაჩემია... ის მეხვევა. ეს... ეს ედვარდია (პედიატრი, რომელმაც დაჟინებით თხოვა, რომ ჩემთან მოსულიყო). ის მამაჩემია. ჩვენ ხეებით სავსე ველზე ვცხოვრობთ. ეზოში ზეთისხილის და ლეღვის ხეები იზრდება. ადამიანები ქაღალდზე წერენ. მათზე სასაცილო მარკებია, როგორც წერილებზე. ადამიანები მთელი დღე წერენ და ბიბლიოთეკას ქმნიან. 1536 წელია ჩვენს ერამდე. მიწა აქ უნაყოფოა. მამაჩემს პერსევსი ჰქვია“.
წელი მთლად ზუსტი არ იყო, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ სწორედ იმ ცხოვრებაში იყო, რომლის შესახებაც წინა სეანსზე ყვებოდა. ვთხოვე, რომ ამ ცხოვრებაში დარჩენილიყო და დროში წინ გადასულიყო.
„მამაჩემი გიცნობთ (კატერინა მე მგულისხმობს). თქვენ ორივენი მოსავლის, კანონისა და ხელისუფლების შესახებ საუბრობთ. ის ამბობს, რომ თქვენ ძალიან ჭკვიანი ხართ, და უნდა მოგისმინოთ“. დროში წინ გადავიყვანე. „ის (მამა) ბნელ ოთახში წევს. მოხუცია და ავადაა. ცივა... მე სიცარიელეს ვგრძნობ“. მან უფრო წინ გადაინაცვლა, თავისი სიკვდილის მომენტისკენ. „ახლა მოხუცი და უძლური ვარ. აქ ჩემი ქალიშვილის ქმარი და მათი ბავშვები არიან. ჩემს გარშემო ბევრი ხალხია“.
ამჯერად მისი სიკვდილი მშვიდი იყო. ის დაფრინავდა. დაფრინავდა? მე გამახსენდა დოქტორ დეიმონდ მოუდის მიერ გამოკვლეული პაციენტები, რომლებსაც სიკვდილთან ახლოს მყოფი გამოცდილებები ჰქონდათ. მის სუბიექტებს მხოლოდ ფრენის მდგომარეობა ახსოვდათ, შემდეგ კი მათ უკან, სხეული „იწოვდა“. მისი წიგნი რამდენიმე წლის წინ მქონდა წაკითხული და ახლა აზრობრივად მოვინიშნე, რომ კიდევ ერთხელ უნდა გადამეკითხა. მაინტერესებდა, გაიხსენებდა თუ არა კატერინა კიდევ რაიმეს იქიდან, რაც სიკვდილის შემდეგ იყო, მაგრამ მან მხოლოდ ეს თქვა: „მე უბრალოდ დავფრინავ“. ფხიზელ მდგომარეობაში დავაბრუნე და სეანსი დავასრულე.
ახლა, რეინკარნაციის შესახებ ყველა მეცნიერული პუბლიკაციისადმი წყურვილით შეპყრობილი სამედიცინო ბიბლიოთეკებს ვეცი. შევისწავლე მედიცინის დოქტორის, იან სტივენსონის მრავალრიცხოვანი ნაშრომები. იან სტივენსონი გახლდათ ღრმად პატივცემული ფსიქიატრიის პროფესორი ვირჯინიის უნივერსიტეტში. დოქტორმა სტივენსონმა ორიათასზე მეტი შემთხვევა მოაგროვა იმ ბავშვებისა, რომლებსაც რეინკარნაციული ტიპის მოგონებები ჰქონდათ. ბევრი ავლენდა იმ უცხო ენებზე საუბრის უნარებს, რომლებსაც არასოდეს შეხებია. შემთხვევათა მისი ნუსხა გულდასმითაა შერჩეული, დეტალურადაა შესწავლილი და ჭეშმარიტად შესანიშნავია.
მე ვკითხულობდი ედგარ მიტჩელის შესანიშნავ მეცნიერულ მიმოხილვას, დიუკის უნივერსიტეტში დიდი ინტერესით ვიკვლევდი მონაცემებს ექსტრასენსორული აღქმის შესახებ, და პროფესორ კ. ჯოკესის ნაშრომებს ბრაუნის უნივერსიტეტში. ასევე გულდასმით გავაანალიზე დოქტორ მარტინ ებონის, დოქტორ ჰელენ ვამბეჩის, დოქტორ გერტრუდა შმეიდლერის, დოქტორ ფრედერიკ ლენცის და დოქტორ ედიტ ფიორის ნაშრომებს. რაც უფრო მეტს ვკითხულობდი, უფრო მეტად მინდებოდა კითხვა. ჩემთვის ცხადი ხდებოდა, რომ შემდგომ, მიუხედავად იმისა, რომ თავს კარგად განათლებულად ვთვლიდი გონების ყველა ასპექტთან მიმართებაში, ჩემი ცოდნა ფრიად შეზღუდული აღმოჩნდა. არსებობს ბიბლიოთეკები, რომლებშიც მრავალი ასეთი კვლევაა შეკრებილი, და ცოტამ თუ იცის ამის შესახებ. ამ კვლევების უმეტესობა ჩატარებულ, შემოწმებულ და განმეორებულ იქნა პატივცემული კლინიცისტებისა და მეცნიერების მიერ. შეიძლება თუ არა, რომ ყველანი ისინი ცდებოდნენ? მტკიცებულებები მეტისმეტად დამაჯერებელი იყო, მაგრამ მე მაინც ვეჭვობდი. მიჭირდა ამის დაჯერება.
მეც და კატერინაც სეანსების შთაბეჭდილებების ქვეშ ვიყავით. კატერინას ემოციურ პლანზე გაუმჯობესება ჰქონდა, და მეც გავაფართოვე ჩემი შემეცნების ჰორიზონტები. მრავალი წლის განმავლობაში კატერინას შიშები ტანჯავდნენ, და აი, როგორც იქნა შვება იგრძნო. რეალური მოგონებების ან უბრალოდ მკაფიო ფანტაზიების შედეგად, მაგრამ მე შევძელი მეპოვნა მისი დახმარების საშუალება, და გაჩერებას არ ვაპირებდი.
რაღაც მომენტში ამ ყველაფერზე გავიფიქრე, როცა კატერინა მომდევნო სეანსში ტრანსში შევიდა. ჰიპნოზური შთაგონების წინ მან მომიყვა სიზმარი თამაშის შესახებ, რომელსაც ძველ ქვის საფეხურებზე თამაშობენ და ჭადრაკის ნახვრეტებიან დაფას იყენებენ. ეს სიზმარი განსაკუთრებით მკაფიოდ ეჩვენა. ახლა ვთხოვე, რომ უკან დაბრუნებულიყო და დაენახა, ჰქონდა თუ არა ამ სიზმარს ფესვები მის წინა ინკარნაციებში.
„მე ვხედავ საფეხურებს, რომლებიც ზემოთ, კოშკისკენ მიდიან... მთებს და ზღვას ვუცქერ. ბიჭი ვარ... ნათელი თმა მაქვს... უცნაური თმა. ტანსაცმელი მოკლე მაცვია, ყავისფერი და თეთრი, ცხოველების ტყავისგან შეკერილი. ზოგიერთი მამაკაცი კოშკის თავზეა და მიდამოს გაჰყურებს... გუშაგები. ისინი ჭუჭყიანები არიან. თამაშს თამაშობე, რომელიც ჭადრაკს ჰგავს, მაგრამ ეს რაღაც სხვაა. დაფა მრგვალია, და არა კვადრატული. ისინი მახვილივით ბასრი ფიშკებით თამაშობენ, რომლებიც ხვრელებში უნდა ჩაჯდეს. ფიშკების ზედა მხარეებს ცხოველების თავების ფორმა აქვთ. ტერიტორია კირუსტანი? ნიდერლანდები... დაახლოებით 1473 წელი“.
ვკითხე, რა ერქვა ადგილს, სადაც ცხოვრობდა, და წელიც ვკითხე. „ახლა საზღვაო პორტში ვარ; მიწა ზღვასთან ჩადის. იქ ციხესიმაგრეა... და წყალი. მე ქოხს ვხედავ... დედაჩემი თიხის ქოთანში ამზადებს საჭმელს. მე იოჰანი მქვია“.
მისი სიკვდილის მომენტში გადავიყვანე. ჩვენი სეანსის ამ მომენტში მე ჯერ კიდევ ვეძებდი გარკვეულ ტრავმულ მოვლენას, რომელსაც შეეძლო გამოეწვია ან აეხსნა მისი ამჟამინდელი ცხოვრების ავადმყოფური სიმპტომები. მაშინაც კი, თუ ეს მკაფიო ვიზუალიზაციები მისი ფანტაზიები იყო - მე კი არ ვიყავი ამაში დარწმუნებული, - მიუხედავად ამისა, ის, რისიც მას სჯეროდა ან რაზეც ფიქრობდა, შესაძლოა მისი სიმპტომების საფუძველი ყოფილიყო. ბოლოს და ბოლოს, მე მინახავს საკუთარი სიზმრებით ტრავმირებული ადამიანები. ადამიანს შესაძლოა არ ახსოვდეს, ჰქონდა თუ არა ბავშვობაში რეალური ტრავმა, თუ ეს ყველაფერი სიზმარში მოხდა, თუმცაღა ამის შესახებ მოგონება ზრდასრულობაშიც სდევნის მას.
რაც კიდევ ბოლომდე ვერ შევაფასე , ესაა ის, რომ სტაბილური, ხშირად განმეორებადი ზეგავლენები, როგორიცაა, მაგალითად, მკვეთრი კრიტიკა მშობლების მხრიდან, შესაძლოა უფრო მეტადაც გამხდარიყო მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმის მიზეზი, ვიდრე ერთი ტრავმული მოვლენა. ეს დამანგრეველი მოვლენები, რადგანაც ისინი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაშია ჩაწნული, უფრო ძნელია გასახსენებლად და გასანეიტრალებლად. ბავშვმა, რომელსაც გამუდმებით აკრიტიკებენ, შეიძლება იმდენადვე დაკარგოს თავდაჯერებულობა და ჯანსაღი თვითშეფასება, რამდენადაც კარგავს მას ადამიანი, რომელსაც ახსოვს ერთი კონკრეტული დღის დამცირება. ბავშვი, რომლის ოჯახიც ძალიან ღარიბია და არასოდეს გააჩნია საკმარისი საკვები, საბოლოო ჯამში იგივე ფსიქოლოგიური პრობლემებით იტანჯება, რომლითაც ის ბავშვი, რომელმაც შემთხვევითი შიმშილობის ერთი სერიოზული ეპიზოდი განიცადა. მე მალე მივხვდი, რომ ნეგატიური ძალების ყოველდღიური ზეგავლენა იმავე ყურადღებით უნდა განიხილებოდეს და ფასდებოდეს, რომლითაც განიხილება ერთჯერადი, მეტისმეტად ტრავმული მოვლენა.
კატერინამ ლაპარაკი დაიწყო.
„აქ კანოეს მსგავსი ნავებია, კაშკაშა ფერებში შეღებილი. პროვიდენსის მხარე. ჩვენ იარაღი გვაქვს, შუბები, მშვილდები და ისრები... ნავში უცნაური დიდი ნიჩბებია... ყველამ უნდა მოუსვას. შესაძლოა, ჩვენ დავიკარგეთ; ბნელა. ცეცხლები არ ჩანს. მე მეშინია. ახლოს სხვა ნავებია (როგორც ჩანს თავდამსხმელი მხარის). მე ცხოველები მაშინებენ. ცხოველების ჭუჭყიან და მყრალ ტყავებზე გვძინავს. თავს ვიცავთ. სახე ცეცხლისგან მეწვის. ჩემი მეგობრები სხვებს კლავენ, მე კი - არა. მე არ მინდა მოკვლა. დანა ხელში მიჭირავს“.
უეცრად კატერინას ყელში რაღაც გაეჭედა და იგუდებოდა. თქვა, რომ მტრის მეომარი ზურგიდან დაესხა თავს და ყელზე დანა გადაუსვა. თავისი მკვლელის სახე დაინახა. ეს სტიუარტი იყო. ის სხვანაირად გამოიყურებოდა, ვიდრე ახლა, მაგრამ მან იცოდა, რომ ის იყო. იოჰანი 21 წლის ასაკში გარდაიცვალა.
შემდეგ თავი საკუთარი სხეულის თავზე მფრინავი დაინახა. ყველაფერს ზემოდან აკვირდებოდა. დაბნეული და დადარდიანებული ღრუბლებისკენ აიჭრა. მალე იგრძნო, როგორ იწოვდა „პატარა, თბილი“ სივრცე. სულ ცოტაც და ხელახლა უნდა დაბადებულიყო.
ვიღაცას ხელში ვუჭერივარ, - ნელა წაიჩურჩულა კატერინამ, - ვიღაცას, ვინც მშობიარობის დროს ეხმარეობდა დედას. მას მწვანე კაბა აცვია თეთრი საყელოთი. ოთახში უცნაური ფანჯრებია... ბევრი სექციაა. შენობა ქვისაა. დედაჩემს გრძელი შავი თმა აქვს. მას სურს, რომ ხელში ამიყვანოს. დედაჩემს უცნაური... ღამის პერანგი აცვია, უხეში ქსოვილის. მტკივნეულია, როცა ვეხები. სასიამოვნოა კვლავ მზეზე და სითბოში აღმოჩენა... ეს... ეს იგივე დედაა, რომელიც ახლა მყავს!“
წინა სეანსის დროს კატერინას ვთხოვე, რომ ყურადღებით, ახლოდან დაკვირვებოდა მნიშვნელოვან ადამიანებს, რათა მათში ისინი ამოეცნო, ვისაც ამჟამინდელ ცხოვრებაში იცნობდა. მკვლევარების უმეტესობის თანახმად, სულების ჯგუფი მიდრეკილია, რომ კვლავ და კვლავ ერთად დაიბადოს და დაამუშავოს თავისი კარმა (ურთიერთ-ვალები, გაკვეთილები, რომლებიც უნდა ისწავლონ) მრავალი ცხოვრების განმავლობაში.
ვაკვირდებოდი რა ამ უცნაურ, ამაღელვებელ დრამას, რომელიც ჩემს თვალწინ ვითარდებოდა, ჩემს მშვიდ, ოდნავ განათებულ კაბინეტში, გადავწყვიტე შემემოწმებინა ეს ინფორმაცია. იმისთვის, რომ ადეკვატურად შემეფასებინა კატერინასგან მიღებული ეს განსაკუთრებულად უჩვეულო მასალა, მე ვგრძნობდი აუცილებლობას, რომ გამომეყენებინა მეცნიერული მეთოდი, რომელსაც ყოველთვის უცილობლად ვიყენებდი ჩემს კვლევებში ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში.
სეანსების შედეგად კატერინას ფსიქიკური მგრძნობელობა მკვეთრად გაიზარდა. მისი ინტუიცია ადამიანებთან და მოვლენებთან მიმართებაში სწორი იყო. ჰიპნოზის დროს ჩემი კითხვების გამოცნობას მანამდე ასწრებდა, სანამ მათ დავუსვამდი. ბევრი მისი სიზმარი წინასწარმეტყველური გახდა.
ერთხელ, როცა მშობლებმა მოინახულეს, მამამ დიდი ეჭვი გამოთქვა კატერინას ცვლილებებთან დაკავშირებით. იმის დასამტკიცებლად, რომ ეს ასე იყო, რბოლებზე წაიყვანა და მის თვალწინ წინასწარ იცნობდა ყოველი რბოლის შედეგს. მამამისი გაოგნებული იყო. როცა კატერინა დარწმუნდა, რომ თავისი სიმართლე დაამტკიცა, აიღო მთელი ფული, რომელიც მ,ოიგო და პირველივე ღატაკ გამვლელს მისცა. მან ინტუიტიურად იცოდა, რომ ახალი სულიერი ნიჭი, რომელიც მოიპოვა, არ შეიძლებოდა ფინანსური სიმდიდრისთვის გამოეყენებინა. მისთვის ამ ყველაფერს გაცილებით უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მითხრა, რომ ამ გამოცდილებამ ცოტათი შეაშინა, მაგრამ იმდენად კმაყოფილია თავისი მდგომარეობის გაუმჯობესებით, რომ კიდევ სურს რეგრესიის სეანსების გაგრძელება. მე ერთდროულად შოკირებულიც ვიყავი და აღტაცებულიც მისი ფსიქიკური უნარებით, განსაკუთრებით რბოლების ეპოზოდში. ეს წონიანი მტკიცებულება იყო. ფაქტიურად, მას მომგებიანი ბილეთები ჰქონდა ყოველი რბოლისთვის. და ეს არ იყო დამთხვევა. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში რაღაც ძალიან უჩვეულო მოხდა, და მე ვიბრძოდი იმისთვის, რომ კვლევის ჩემეული ლოგიკა შემენარჩუნებინა. არ შემეძლო მისი ფსიქიკური უნარების უარყოფა. და თუ ეს უნარები რეალური იყო და ხელშესახები მტკიცებულებებიც ახდლა, მაშინ მისი ამბებიც წინა ცხოვრებების შესახებ შეესაძლოა სრულიად ნამდვილი ყოფილიყო.
ახლა იმ ცხოვრებას დაუბრუნდა, რომელშიც თავისი დაბადება იხილა. ეს დაბადება, როგორც ჩანს არც ისე შორეული იყო, მაგრამ წელს ვერ ასახელებდა. მას ელისაბედი ერქვა.
„მე უკვე გავიზარდე. ძმა და ორი და მყავს. სასადილო მაგიდას ვხედავ... იქ მამაჩემია... ეს ედუარდია (პედიატრი - კვლავაც მამად მოევლინა). დედა და მამა კვლავაც ომობენ. ჩვენი საჭმელი - კარტოფილი და ლობიოა. ის განრისხებულია, რადგან საჭმელი ცივია. ისინი ხშირად ჩხუბობენ. ის გამუდმებით სვამს... დედას სცემს (კატერინას შეშინებული ხმა აქვს. კანკალებს). ბავშვებსაც ეჩხუბება. ისეთი აღარაა, როგორიც ადრე, სრულიად სხვაა. მე არ მიყვარს იგი. მინდა, რომ წავიდეს“. კატერინა ისე ლაპარაკობდა, როგორც ბავშვები ლაპარაკობენ.
კატერინას გამოკიტხვის ჩემი სისტემა ამ სეანსების დროს ძალიან განსხვავდებოდა იმ მეთოდებისგან, რომლებსაც ჩვეულებრივ ფსიქიატრიაში ვიყენებდი. კატერინასთან მიმართებაში, უფრო როგორც გიდი ისე ვმოქმედებდი, ვცდილობდი რა ერთ ან ორ საათში გადაგვეხედა მთელი მისი ცხოვრებისთვის და მეპოვა ის ტრავმული მოვლენები ან მავნე სტერეოტიპები, რომლებიც მის ამჟამინდელ სიმპტომებს ახსნიდნენ. ტრადიციული ფსიქოთერაპია უფრო დეტალურად და აუჩქარებლად ტარდება. პაციენტის ყოველი სიტყვა ექვემდებარება ანალიზს, ყველა შესაძლო ნიუანსზე და ფარულ მნიშვნელობაზე. სახის ყოველი კუნთის შერხევა, ნებისმიერი მოძრაობა, ხმის ნებისმიერი კანკალი მხედველობაში მიიღება და განიხილება. გულდასმით შეისწავლება ყველა ემოციური რეაქცია. ხდება ქცევის სტერეოტიპების ერთმანეთთან შედარება და განზოგდება. მაგრამ კატერინასთან წლებს შეიძლება წუთებში გაევლო. მასთან სეანსები „ინდიანაპოლის 500“-ის რბოლებს ჰგავდა სრული სიჩქარით... და ამ დროს ვცდილობდით ბრბოში სახეები გამოგვერჩია.
ამრიგად, დავუბრუნდეთ სეანსს. კატერინას ვთხოვე, რომ დროში წინ გადასულიყო.
„ახლა გათხოვილი ვარ. ჩვენს სახლში ერთი დიდი ოთახია. ჩემი ქმარი ქერაა. არ ვიცნობ მას. (ეს ნიშნავს, რომ ის მის ამჟამინდელ ცხოვრებაში არ გამოჩენილა) ბავშვები ჯერ კიდევ არ გვყავს... ის ძალიან კარგად მეპყრობა. ერთმანეთი გვიყვარს და ბედნიერები ვართ. ცალსახად, იგი განთავისუფლდა მშობლიური სახლის დამთრგუნველი ატმოსფეროსგან. ვკითხე, შეეძლო თუ არა იმ ადგილის განსაზღვრა, სადაც ცხოვრობდა.
„ბრენინგტონი? - ყოყმანით დაიჩურჩულა კატერინამ. - წიგნებს ვხედავ, ძველი უცნაური ყდებით. ერთი დიდი წიგნი ქამრითაა შეკრული. ეს ბიბლიაა. იქ დიდი ლამაზი ასოებია... გალური ენაა“.
შემდეგ მან რამდენიმე ჩემთვის გაუგებარი სიტყვა წარმოთქვა. იყო თუ არა ეს გალური ენა? არ ვიცი.
„ჩვენ შიგა ტერიტორიაზე ვცხოვრობთ, ზღვისგან შორს. საგრაფო... ბრენინგტონი? ფერმას ვხედავ, იქ ღორები და ბატკნები არიან. ეს ჩვენი ფერმაა“. მან კიდევ უფრო წინ გადაინაცვლა. „ჩვენ ორი ვაჟი გვყავს... უფროსს ქორწილი აქვს. ეკლესიის გუმბათს ვხედავ... ძალიან ძველი ქვის შენობაა“. უეცრად კატერინას თავი ატკივდა, ხელი მარცხენა საფეთქელზე იტაცა. თქვა, რომ ქვის კიბეებიდან ჩამოვარდა და ძალიან დაშავდა, შემდეგ კი გამოჯანმრთელდა. იგი ხანდაზმულ ასაკში გარდაიცვალა, თავის სახლში, ლოგინში, თავისი ოჯახის გარემოცვაში.
და კვლავაც, სიკვდილის შემდეგ ამაღლდა თავის სხეულზე, მაგრამ ამჯერად აღარ იყო შეშინებული ან დაბნეული.
„კაშკაშა სინათლეს ვხედავ. ის მშვენიერია; ამ სინათლისგან ენერგიას იღებ“. იგი ისვენებდა სიკვდილის შემდეგ, ცხოვრებებს შორის შუალედურ მდგომარეობაში. რამდენიმე წუთი დუმილში გავიდა. შემდეგ კვლავ დაილაპარაკა, მაგრამ არა ნელი ჩურჩულით, ჩვეულებისამებრ, არამედ ხრინწიანი და მაღალი ხმით, ძალიან მტკიცე ინტონაციებით.
„ჩვენი ამოცანა - სწავლაა, რათა ღმერთის მსგავსი გავხდეთ ცოდნის მეშვეობით. ჩვენ ისე ცოტა ვიცით. თქვენ აქ იმისთვის ხართ, რომ ჩემი მასწავლებელი იყოთ. იმდენი უნდა ვისწავლო. ცოდნის მეშვეობით ღმერთს ვეზიარებით, შემდეგ კი შეგვიძლია დავისვენოთ. შემდეგ ვბრუნდებით, რომ სხვებს ვასწავლოთ და დავეხმაროთ“.
ლაპარაკის უნარი დავკარგე. ეს იყო გაკვეთილი მისი სიკვდილისშემდგომი სამყაროდან, შუალედური მდგომარეობიდან. რა იყო ამ მასალის წყარო? იგი საერთოდ არ ჰგავდა კატერინას. ის არასოდეს საუბრობდა მსგავსი სახით, მსგავსი სიტყვების და ფრაზეოლოგიის გამოყენებით. შემდეგ მისი ხმის ტონი სრულიად შეიცვალა.
იმ მომენტში მე არ მესმოდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კატერინა ამბობდა სიტყვებს, აზრები მისგან არ მოდიოდა. იგი იმას იმეორებდა, რასაც ეუბნებოდნენ. მოგვიანებით განსაზღვრა, რომ წყაროს წარმოადგენდნენ მასწავლებლები, მაღალგანვითარებული სულები, რომლებიც ამჟამად სხეულებში არ იმყოფებოდნენ. მათ შეეძლოთ კატერინას მეშვეობით ესაუბრათ ჩემთან. კატერინამ შეძლო, რომ არა მხოლოდ წინა ცხოვრებებში განეცადა რეგრესია, არამედ ასევე ცოდნის არხი გამხდარიყო სხვა სამყაროდან. მშვენიერი ცოდნის. მთელი ძალით ვცდილობდი, რომ ობიექტურობა შემენარჩუნებინა.
ჩვენს წინ გადაიშალა ახალი განზომილება. კატერინას არასოდეს წაუკითხავს დოქტორ ელისაბედ კებლერ-როსის ან დოქტორ რეიმონდ მოუდის კვლევები, რომლებიც სიკვდილთან ახლოს მყოფი გამოცდილებების შესახებ წერდნენ. მას არასოდეს სმენია „ტიბეტური მკვდრების წიგნის“ შესახებ. მაგრამ იგი მიყვებოდა იმის მსგავს განცდებზე, რომლებიც ამ წიგნებში იყო აღწერილი. ეს ერთგვარი მტკიცებულება იყო. ნეტავ უფრო მეტი ფაქტი ყოფილიყო, უფრო მეტი ხელშესახები დეტალი, რომლებსაც გადავამოწმებდი! ჩემი სკეპტიციზმი შემცირდა, მაგრამ მაინც დარჩა. შესაძლოა მან სიკვდილთან ახლოს მყოფი მდგომარეობების შესახებ ჟურნალის სტატიებში წაიკითხა, ან ინტერვიუ ნახა სატელევიზიო შოუში. თუმცა მას არ ჰქონდა ცნობიერი მოგონებები მსგავსი პუბლიკაციების ან შოუების შესახებ, შესაძლოა ისინი მის არაცნობიერ გონებაში იყო შემონახული. მაგრამ იგი გასცდა იქ აღწერილ გამოცდილებებს და გადმოსცა გზავნილი შუალედური მდგომარეობიდან. ნეტავ უფრო მეტი ფაქტი მქონოდა.
მას შემდეგ, რაც კატერინა ფხიზელ მდგომარეობას დაუბრუნდა, მას, როგორც ყოველთვის, ახსოვდა თავისი წინა ცხოვრებების დეტალები. თუმცაღა არ შეეძლო გაეხსენებინა რაიმე იქიდან, რაც ელისაბედის სიკვდილის შემდეგ მოხდა. მომავალში მას ასევე არ ემახსოვრება არანაირი დეტალი შუალედური მდგომარეობიდან. მას მხოლოდ თავისი ცხოვრებები ახსოვდა.
„ცოდნის მეშვეობით ღმერთს ვეზიარებით“. ჩვენ სწორ გზაზე ვიდექით.