ბრაიან ვაისი - "მრავალი ცხოვრება, მრავალი მასწავლებელი"

ბრაიან ვაისი
2.5
1

თავი მეოთხე

თავი მეოთხე
 
„მე ვხედავ თეთრ კვადრატულ სახლს მის წინ ქვიშიანი გზით. ამ გზაზე მხედრები მიაჭენებენ, - კატერინა თავისი ჩვეული, მეოცნებე ჩურჩულით ლაპარაკობდა. - ვხედავ ხეებს... პლანტაციას, დიდ სახლს და მასთან პატარა სახლების ჯგუფს. ძალიან ცხელა. ეს სამხრეთია... ვირჯინია?“ მან ივარაუდა, რომ ეს 1873 წელი იყო. ის - პატარა ბავშვი იყო. 
 
„აქ ცხენები და ბევრი მარცვლეულია... სიმინდი, თამბაქო“. ის და სხვა მსახურები დიდი სახლის სამზარეულოში მიირთმევენ. ის შავკანიანია და ებბი ჰქვია. ცუდი წინათგრძობა აქვს და მისი მთელი სხეული დაძაბულია. მთავარი შენობა იწვის, და მან დაინახა, როგორ დაიწვა თავიდან ბოლომდე. მე იგი თხუთმეტი წლთ გვიან, 1888 წელში გადავიყვანე. 
 
„ძველი კაბა მაცვია, სარკეს ვწმენდ აგურის სახლის მესამე სართულზე... ბევრი ფანჯრით. სარკე ტალღოვანია, და არა გლუვი, და ბოლოში ამობურცული თავი აქვს. სახლის მფლობელს ჯეიმს მენსონი ჰქვია. უცნაური პალტო აცვია, სამი ღილით და დიდი შავი საყელოთი. წვერი აქვს... ვერ ვცნობ მას (კატერინას ამჟამინდელ ცხოვრებაში). კარგად მეპყრობა. იმ სახლში ვცხოვრობ, რომელიც მას ეკუთვნის. ოთახებს ვალაგებ. მას კიდევ სკოლის შენობა აქვს, მაგრამ ჩემთვის იქ შესვლა არ შეიძლება. და კიდევ, კარაქს ვამზადებ!“
 
კატერინა ნელა ჩურჩულებდა, ძალიან მარტივ სიტყვებს იყენებდა და დიდ ყურადღებას აქცევდა დეტალებს. ხუთ წუთში უკვე ვიცოდი, როგორ დამემზადებინა კარაქი. კარაქის დამზადების უნარი კატერინასთვისაც სიახლე იყო. კვლავ წინ გადავიყვანე დროში.
 
„ახლა ვიღაც მყავს, მაგრამ არა მგონია დაქორწინებულები ვიყოთ. ერთად გვძინავს... მაგრამ ყოველთვის ერთად არ ვცხოვრობთ. ჩემთვის კომფორტულია მასთან ყოფნა, მაგრამ მასში არაფერია განსაკუთრებული. ბავშვებს ვერ ვხედავ. ვაშლის ხეებს და იხვებს ვხედავ. მოშორებით ვიღაც ადამიანები არიან. მე ვაშლს ვაგროვებ. რაღაცისგან თვალები გამიღიზიანდა. - კატერინამ მაგრად მოჭუტა თვალები. - ეს კვამლია. ქარმა დამწვარი ხის კვამლი მოიტანა. ისინი ვაშლის ხეებს წვავენ, - მან ჩაახველა. - ეს ხშირად ხდება. ისინი კასრებს შიგნიდან აშავებენ, რომ წყალი არ გაატაროს.“
 
წინა კვირის ამაღელვებელი სეანსის შემდეგ მე ძალიან მინდოდა კვლავ მიმეღწია შუალედური მდგომარეობისთვის. ჩვენ უკვე საათნახევარია ვიკვლევდით კატერინას ცხოვრებას მსახურის ამპლუაში. მე გავიგე საწოლის ზეწრების, კარაქისა და კასრების შესახებ, მაგრამ უფრო მეტად სულიერი გაკვეთილების მიღება მწყუროდა. მოთმინებადაკარგულმა სიკვდილის მომენტში გადავიყვანე იგი. 
 
„სუნთქვა მიჭირს. გულ-მკერდში ტკივილი მაქვს. - კატერინა იხრჩობოდა და ტკივილს განიცდიდა. - გული მტკივა; ძალიან სწრაფად მიცემს. ძალიან მცივა და მაკანკალებს. - კატერინა კანკალმა აიტანა. - ოთახში ადამიანები არიან. ისინი რაღაც ფოთლების ჩაის მასმევენ. უცნაური სუნი აქვს. მაზით მიზელენ გულ-მკერდს. სიცხე მაქვს... მაგრამ ძალიან მცივა“. ის მშვიდად მოკვდა. ჭერამდე აფრინდა და შეეძლო თავისი სხეული დაენახა საწოლზე, ეს იყო პატარა, გამხმარი, სამოც წელს გადაცილებული ქალის სხეული. ის უბრალოდ დაფრინავდა და ელოდა, როდის მივიდოდა ვინმე და დაეხმარებოდა. სინათლე დაინახა და იგრძნო, როგორ იზიდავდა ეს სინათლე. სინათლე უფრო და უფრო კაშკაშა ხდებოდა. ჩვენ ჩუმად ველოდით. წუთები ნელა გადიოდნენ. უეცრად იგი სხვა ცხოვრებაში აღმოჩნდა, ებბიმდე ათასეულობით წლით ადრე. 
 
კატერინამ ჩურჩულით წარმოთქვა: „ბევრ ნიორს ვხედავ, ღია ოთახში ჩამოკიდებულს. მის სუნს ვგრძნობ. ითვლება, რომ ის სისხლის ბევრ დაავადებას ანადგურებს და სხეულს წმენდს, მაგრამ ის ყოველდღე უნდა მივიღოთ. ნიორი გარეთაც იზრდება, ბაღში. იქ სხვა მცენარეებიცაა... ლეღვი, ფინიკი და სხვები. ეს მცენარეები გვეხმარება. დედაჩემი წიდულობს ნიორს და სხვა ბალახებს. სახლში ვიღაც ავადაა. აი, უცნაური ფესვები. ზოგჯერ ისინი პირში გაქვს, ყურებში ან სხვა ხვრელებში ირჭობ. უბრალოდ შიგნით გაქვს. 
 
წვერებიან მოხუცს ვხედავ. იგი ჩვენი სოფლის ერთ-ერთი მკურნალია. ამბობს, რა უნდა გაკეთდეს. აქ ახლა რაღაც ეპიდემიაა, რომელიც ადამიანებს კლავს. მათ არ უკეთებენ ბალზამირებას, რადგან ეშინიათ, რომ დასნებოვნდებიან. მათ უბრალოდ მარხავენ. ხალხს ეს ძალიან აღელვებს. ისინი ფიქრობენ, რომ ამის გამო სულს არ შეუძლია წავიდეს (რაც ეწინააღმდეგება კატერინას მონათხრობს იმაზე, თუ რა ხდება სიკვდილის შემდეგ). რამდენი მოკვდა! საქონელიც კვდება. წყალი... წყალდიდობა... ადამიანები წყალდიდობების გამო კვდებიან (როგორც ჩანს, იგი ახლახანს ჩაწვდა ეპიდემიოლოგიის ამ ასპექტს). მეც ცოტათი ავად ვარ წყლისგან. მუცელი მტკივა. ეს კუჭ-ნაწლავის დაავადებაა. სხეული ძალიან ბევრ წყალს კარგავს. მე წყალთან ვდგავარ, რომ ჭურჭელი ავავსო და მოვიტანო, მაგრამ სწორედ ეს გვკლავს. წყალი მოვიტანე. დედას და ძმებს ვხედავ. მამა უკვე მოკვდა. ჩემი ძმები ძალიან ავად არიან“. 
 
სანამ დროში წინ გადავიყვანდი, პაუზა გავაკეთე. აღტაცებული ვიყავი იმით, თუ როგორ იცვლებოდა ერთი ცხოვრებიდან მეორეში სიკვდილისა და სიკვდილის შემდგომი სიცოცხლის მისეული გაგება. და ამავდროულად, თავად სიკვდილის განცდა მისთვის ყოველ ჯერზე მსგავსი იყო. მისი ცნობიერი ნაწილი თითქმის სიკვდილის მომენტში ტოვებდა სხეულს, მის თავზე ლივლივებდა და შემდეგ მშვენიერ, მბრწყინავი სინათლისკენ მიისწრაფვოდა. შემდეგ ელოდა, სანამ ვინმე მივიდოდა და დაეხმარებოდა. სული ავტომატურად ისვენებდა. ბალზამირებას, დასაფლავების რიტუალებს და ნებისმიერ სხვა მსგავს პროცედურას სიკვდილის შემდეგ არაფერი ჰქონდა ამასთან საერთო. ეს ავტომატურად ხდებოდა, ყოველგვარი მომზადების გარეშე - უბრალოდ გასვლა იყო ღია კარში. 
 
„მიწა უნაყოფოა, მშრალია... აქ მთებს ვერ ვხედავ, უბრალოდ მიწაა, ძალიან ბრტყელი და მშრალი. ჩემი ერთ-ერთი ძმა მოკვდა. მე თავს უკეთ ვგრძნობ, მაგრამ ტკივილი კიდევ დარჩა“. ძალიან ავად იყო და ნივრის ან სხვა ბალახეულის ვერანაირი რაოდენობა ვერ აარიდებდა სიკვდილს. მალე თავისი სხეულის თავზე ლივლივებდა და მიზიდულობას განიცდიდა ნაცნობი სინათლისადმი. მოთმინებით ელოდა, სანამ ვინმე მივიდოდა მასთან. 
 
აქ მისმა თავმა აქეთ-იქით ნელა ტრიალი დაიწყო, თითქოს რაღაც სცენას ათვალიერებდა. მისი ხმა კვლავ ხრინწიანი და მაღალი გახდა. 
 
„ისინი მეუბნებიან, რომ ბევრი ღმერთი არსებობს, რადგან ღმერთი ყოველ ჩვენგანშია.“
 
მე ვიცანი მისი ეს ხმა შუალედური მდგომარეობიდან ხრინწიანობით, და ასევე გზავნილის გარკვეული სულიერი ტონით. იმან, რაც შემდეგ თქვა, ლაპარაკის უნარი დამაკარგვინა. 
 
„აქ მამათქვენი და თქვენი ვაჟია, რომელიც ჯერ კიდევ ძალიან პატარაა. მამათქვენი ამბობს, რომ იცნობთ მას, რადგან მას აბრაამი ჰქვია და იგი გულის პათოლოგიის გამო გარდაიცვალა. თქვენს ქალიშვილსაც მისი სახელი ჰქვია. თქვენი ვაჟის გულსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ის მას უკან ჰქონდა შებრუნებული. მან თავი გაწირა თქვენი სიყვარულისთვის. მისი სული ზალზე წინწასულია... მისმა სიკვდილმა მისი მშობლების ვალი დაფარა. გარდა ამისა, უნდოდა ეჩვენებინა თქვენთვის, რომ მედიცინამ მხოლოდ გარკვეულ საფეხურს მიაღწია, და მისი შესაძლებლობები შეზღუდულია. 
 
კატერინა გაჩუმდა, და მე სასოებით სავსე დუმილში ვიყავი. ჩემი გაოგნებული გონება კი ცდილობდა, რომ ამ ყველაფერში გარკვეულიყო. ოთახში ყინულივით სიცივეს ვგრძნობდი. 
 
კატერინამ ძალიან ცოტა იცოდა ჩემი პირადი ცხოვრების შესახებ. მაგიდაზე ჩემი ქალიშვილის ბავშვობის ფოტო მედო, სადაც ბედნიერად იღიმოდა ორი პირველი კიჭით. იქვე ჩემი ვაჟის ფოტოც იდო. კატერინას სხვა ვერაფერი ვერ ეცოდინებოდა ჩემი ოჯახის და ჩემი პირადი ისტორიის შესახებ. მე კარგად მქონდა შესწავლილი ტრადიციული ფსიქოთერაპიური ტექნიკები. ფსიქოთერაპევტი სუფთა უნდა იყოს, როგორც tabula rasa. სუფთა დაფა, რომელზეც პაციენტს თავისი საკუთარი გრძნობების, აზრების და განწყობების პროეცირება შეუძლია. შემდეგ ამ ყველაფერს ფსიქოთერაპევტი აანალიზებს და ამით აფართოებს პაციენტის გონების სფეროს. კატერინასთან ეს თერაპიული დისტანცია მეჭირა. იგი მართლა მიცნობდა მხოლოდ როგორც ფსიქიატრს და არაფერი იცოდა ჩემი პირადი ცხოვრების შესახებ. ჩემი დიპლომებიც კი არასოდეს გამომიფენია კაბინეტში. 
 
ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი ტრაგედია იყო 1971 წელს ჩემი პირველი ვაჟის - ადამის გარდაცვალება, რომელიც მხოლოდ 23 დღის იყო. სავადმყოფოდან გამოყვანიდან ათ დღეში მას სუნთქვის პრობლემები და შადრევანივით ღებინება დაეწყო. დიაგნოზის დასმა ძალიან ძნელი იყო. „ტოტალური ანომალური ფილტვ-ვენური დრენაჟი; წინაგულთაშორის კედლის დეფექტით, - გვითხრეს ჩვენ. - ეს ათი მილიონი დაბადებიდან ერთხელ ხდება“. ფილტვის ვენები, რომლებმაც ჟანგბადით გამდიდრებული სისხლი კვლავ გულში უნდა მოიტანონ, არასწორად იყო განლაგებული და გულში არასწორი მხრიდან შედიოდნენ. ეს ისე ჩანდა, თითქოს გული უკუღმა ყოფილიყოს შემოტრიალებული. განსაკუთრებულად იშვიათი შემთხვევაა. 
 
ღია გულზე სარისკო ოპერაციაც კი ვერ უშველიდა ადამს: იგი რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ჩვენ მრავალი თვის განმავლობაში ვგლოვობდით, ჩვენი იმედები და ოცნებები დაინგრა. ერთი წლის შემდეგ ვაჟი - ჯორდანი შეგვეძინა, როგორც ნუგეში და ჯილდო ჩვენი ტანჯვისთვის. 
 
იმ დროს, როცა ადამი გარდაიცვალა, პროფესიის კუთხით მე დავუბრუნდი ჩემს ძველ არჩევანს - ფსიქიატრიას. ძალიან მომწონდა ჩემი ინტერნატურა შინაგანი ორგანოების მედიცინაში, და რეზიდენტის სტატუსიც კი შემომთავაზეს მედიცინაში. მაგრამ ადამის სიკვდილის შემდეგ მყარად გადავწყვიტე, რომ ფსიქიატრი გავხდებოდი. გაბრაზებული ვიყავი თანამედროვე მედიცინაზე, რომელიც ყველა თავის მოწინავე მეთოდის და ტექნოლოგიის მიუხედავად ვერ დაეხმარა ჩემს პაწაწინა ჩვილ ვაჟს. 
 
მამაჩემს შესანიშნავი ჯანმრთელობა ჰქონდა, სანამ 1979 წლის დასაწყისში ცამოცდაერთი წლის ასაკში ინფარქტი არ დაემართა. იგი გადარჩა, მაგრამ გული სერიოზულად დაზიანდა, და სამი დღის შემდეგ გარდაიცვალა. ეს კატერინას პირველ გამოჩენამდე დაახლოებით ცხრა თვით ადრე მოხდა. 
 
მამაჩემი ძალიან რელიგიური ადამიანი იყო - უფრო რიტუალების მიმდევარი, ვიდრე სულიერების. მისი ებრალური სახელი აბრაამი უფრო მეტად შეეფერებოდა, ვიდრე ინგლისური - ელვინი. მისი სიკვდილიდან ოთხ თვეში დაიბადა ჩვენი ქალიშვილი - ემი, რომელსაც სახელი ბაბუის საპატივსაცემოდ დავარქვით. და აი, ახლა, 1982 წელს, ჩემს მშვიდ კაბინეტში ჩემზე დაფარული, საიდუმლო ჭეშმარიტებების მთელი ნაკადი გადმოიღვარა. სულიერ ზღვაში ჩავყვინთე, და მომეწონა ეს „წყალი“. თუმცაღა ხელები „ბატის კანმა“ დამიფარა. კატერინას ვერანაირად ვერ ეცოდინებოდა ეს ყველაფერი. ამ ინფორმაციის მოძიებაც კი შეუძლებელი იყო. მამის ებრაული სახელის შესახებ, იმის შესაებ, რომ ახალშობილი ვაჟი გარდამეცვალა გულის უიშვიათესი დეფექტით, მედიცინაზე ჩემი მძიმე ფიქრების შესახებ, მამაჩემის სიკვდილის შესახებ, ჩემი ქალიშვილისთვის სახელის შერჩევის შესახებ - ეს ყველაფერი მეტისმეტად ბევრი და მეტისმეტად სპეციფიური იყო, და ამასთან სრულიად ზუსტი. ჩვეულებრივი ლაბორანტი ტრანსცენდენტული ინფორმაციის გამტარი გახდა. და წარმომედგინა, კიდევ რამდენი რამის გაგება შეიძლებოდა ამ წყაროდან. უფრო მეტი უნდა გამეგო. 
 
„ვინ, - აღელვებული ხმით ვკითხე მე, - ვინაა იქ? ვინ გიყვებათ ამ ყველაფერს?“
 
„მასწავლებლები, - დაიჩურჩულა კატერინამ, - სულის მასწავლებლები მიყვებიან. ისინი მეობნებიან, რომ ფიზიკურ სხეულში ოთხმოცდაექვსჯერ ვიცხოვრე“. 
 
კატერინას სუნთქვა შენელდა, და თავის აქეთ-იქით ტრიალი შეწყვიტა. ისვენებდა. გაგრძელება მინდოდა, მაგრამ იმის მნიშვნელობამ, რაც მომიყვა, ჩემი ყურადღება მიიპყრო. ნუთუ მართლა ოთხმოცდაექვსი ცხოვრება გაიარა? და რას ნიშნავს „მსაწავლებლები“? როგორ შეიძლება ეს? შეიძლება თუ არა, რომ ჩვენი ცხოვრება წარმართულ იქნეს იმ სულებით, რომლებსაც ფიზიკური სხეული არ აქვთ, მაგრამ, როგორც ჩანს უდიდეს ცოდნას ფლობენ? არის თუ არა საფეხურები ღმერთისკენ მიმავალ გზაზე? რეალურია თუ არა ეს ყველაფერი? მიჭირდა რომ დავეჭვებულიყავი, იმის გათვალისწინებით, რაც კატერინამ ახლახანს მომიყვა, მაგრამ მაინც ვეწინააღმდეგებოდი. მე ხომ მრავალი წელი ალტერნატიული პროგრამირებით ვიყავი დაკავებული. თუმცაღა გულის და გონების სიღრმეში ვიცოდი, რომ მართალი იყო. იგ სიმართლეს ყვებოდა. 
 
რა დამოკიდებულება მქონდეს მამაჩემთან და ჩემს ვაჟთან? რაღაც თვალსაზრისით ისინი ისევ ცოცხლები არიან; რეალურად არასოდეს მომკვდარან. ისინი დასაფლავებიდან წლების შემდეგაც მელაპარაკებოდნენ, და ეს იმით დასტურდებოდა, რომ ისინი სპეციფიურ, დაფარულ ინფორმაციას გადმომცემდნენ. და თუ ეს ასეა, იყო თუ არა ჩემი ვაჟი სულიერად იმდენად განვითარებული, როგორც კატერინამ თქვა? მართლა დათანხმდა ჩვენთან დაბადებაზე და შემდეგ ოცდასამ დღეში წასვლაზე იმისთვის, რომ ჩვენი კარმული ვალების გასტუმრებაში დაგვხმარებოდა, და ამასთან გაკვეთილი მოეცა ჩემთვის მედიცინასთან და კაცობრიობასთან დაკავშირებით, რათა ფსიქიატრიაში დავებრუნებინე? ძალზე შთაგონებული ვიყავი ამ აზრებით. ჩემი შიშის უკან ღრმა სიყვარულის გაღვიძებას ვგრძნობდი, ზეცასთან და მიწასთან ერთიანობის ძლიერ განცდას. მენატრებოდა მამაჩემი და ჩემი შვილი, და სასიხარულო იყო მათგან გზავნილის მიღება. 
 
ჩემი ცხოვრება უკვე აღარასოდეს იქნება უწინდელი. ერთგვარი „წარმმართველი ხელი“ დაეშვა და შეუქცევადად შეცვალა ჩემი ცხოვრების დინება. ყველაფერი, რაც წამიკითხავს, რაც გამომიკვლევია და სკეპტიკური სიფრთხილით გულდასმით შემიმოწმებია - ყველაფერი თავის ადგილას დადგა. კატერინას მოგონებები და მისი მეშვეობით მოსული გზავნილები ჭეშმარიტი გახლდათ. ჩემმა ინტუიციამ მისი განცდების სიზუსტესთან დაკავშირებით არ მიმტყუვნა. ფაქტები და მტკიცებულებები მქონდა. 
 
მაგრამ სიხარულით სავსე გაგებისა და მისტიური განცდის ამ მომენტშიც კი, ჩემი გონების ლოგიკური და ეჭვიანი ნაწილი უარყოფითად იყო განწყობილი. შესაძლოა, ეს მხოლოდ ექსტრასენსული აღქმა ან გარკვეული ფსიქიკური უნარია. და ეს უნარი ვერ ამტკიცებდა რეინკარნაციას ან სულიერი მასწავლებლების არსებობას. თუმცაღა ამჯერად უფრო მეტი ვიცოდი და მესმოდა. ათასობით შემთხვევაა დაფიქსირებული სამეცნიერო ლიტერატურაში, განსაკუთრებით იმ ბავშვებთან დაკავშირებული, რომლებიც უცხო ენებზე საუბრობდნენ ამ ენებთან მანამდე ყოველგვარი შეხების გარეშე. ან შემთხვევები, როცა ადამიანს ხალი ჰქონდა იმ ადგილას, სადაც წინა ცხოვრებაში მძიმე ჭრილობა მიიღო. ან იმ ბავშვების შემთხვევები, რომლებმაც იცოდნენ, სად იყო ათწლეულების ან ასწლეულების წინ დამარხული განძი. მთელი ეს ინფორმაცია რეზონანსში იყო კატერინას გზავნილთან. მე ვიცნობდი კატერინას გონებას და ხასიათს. ვიცოდი, ვინ იყო და ვინ არ იყო. არა, ამჯერად ჩემი გონება ვერ გამასულელებდა. მტკიცებულებები მეტისმეტად სერიოზული და გამაოგნებელი იყო. ეს ყველაფერი რეალობა იყო. და სეანსების განმავლობაში ამის უფო და უფრო მეტ დადასტურებას ვღებულობდი. 
 
რამდენიმე კვირის შემდეგ პირველი შთაბეჭდილების ძალა ამ სეანსისგან ცოტა შერბილდა. ზოგჯერ ყოველდღიურ რუტინაში ვეფლობოდი. მიჩნდებოდა ეჭვები - რა მოხდებოდა, რომ ჩემი გონება, რომელიც დაფიქსირებული არ იყო, ძველ სტერეოტიპებს, რწმენებს და სკეპტიციზმს დაუბრუნდებოდა. მაგრამ შემდეგ ვახსენებდი საკუთარ თავს: ეს მართლა მოხდა! მე მივხვდი, რა ძნელია ამ კონცეფციების დაჯერება პირადი გამოცდილების გარეშე. გამოცდილება აუცილებელია იმისთვის, რომ ინტელექტუალურ გაგებას ემოციური რწმენა დაემატოს. თუმცა შთაბეჭდილების ძალა დროთა განმავლობაში სუსტდება. 
 
თავიდან ვერ ვაცნობიერებდი, რატომ შევიცვალე ასე ძლიერ. ვიცოდი, რომ უფრო მშვიდი და მომთმენი გავხდი, და სხვები მეუბნებოდნენ, რომ უფრო მშვიდად, დასვენებულად და ბედნიერად გამოვიყურები. უფრო მეტ იმედს, მეტ სიხარულს, მეტ აზრს და კმაყოფილებას ვგრძნობდი ჩემი ცხოვრებისგან. ჩემამდე დავიდა, რომ სიკვდილის შიში დავკარგე. არ მეშინოდა საკუთარი სიკვდილის ან არყოფნის. უფრო ნაკლებად მეშინოდა სხვების დაკარგვისაც, თუმც კი ისინი ცალსახად დამაკლდებიან. რამდენად ძლევამოსილია სიკვდილის შიში! ადამიანები ყველაფერზე მიდიან იმისთვის, რომ თავიდან აიცილონ ეს შიში, რაზეც მეტყველებს შუა ასაკის კრიზისი, რომანები ახალგაზრდა პარტნიორებთან, კოსმეტიკური ოპერაციები, ფიზიკური საქმიანობით შეპყრობილობა, მატერიალური საკუთრების დაგროვება, მემკვიდრეების დაბადება, გვარის გაგრძელება, უფრო და უფრო მეტად გაახალგაზრდავება, და ამ ყველაფერთან ერთად გვავიწყდება ჩვენი ცხოვრების ნამდვილი აზრი და მიზანი.  
 
უფრო ნაკლებად შეპყრობილი ვიყავი. აღარ მქონდა ყველაფრის მუდმივად კონტროლის მოთხოვნილება. თუმცა ასევე ვცდილობდი უფრო ნაკლებად სერიოზული ვყოფილიყავი, და ეს ტრანსფორმაცია ადვილი არ იყო ჩემთვის. ჯერ კიდევ ბევრი უნდა მესწავლა. 
 
ჩემი გონება მართლაც გაიხსნა ახალი შესაძლებლობებისთვის და იმისთვის, რომ კატერინას ნათქვამი ყველაფერი რეალობაა. დაუჯერებელი ფაქტები მამაჩემზე და ჩემს ვაჟზე ვერ იქნებოდა მიღებული ჩვეულებრივი გრძნობებით. მისმა ცოდნამ და უნარებმა განსაკუთრებული ფსიქიკური მონაცემების დემონსტრირება მოახდინა. წესით უნდა დამეჯერებინა მისთვის, მაგრამ უწინდებურად ფრთხილად და სკეპტიკურად ვუდგებოდი იმას, რასაც პოპულარულ ლიტერატურაში ვკითხულობდი. ვინ არიან ეს ადამიანები, რომლებიც ფსიქიკური მოვლენების, სიკვდილის შემდგომი სიცოცხლის და სხვა პარანორმალური ფაქტების შესახებ გვამცნობენ? აქვთ თუ არა ცოდნა და იყენებენ თუ არა მეცნიერულ მეთოდებს მათი სარწმუნოობის დასადასტურებლად? მიუხედავად კატერინასთან ჩემი შესანიშნავი გამოცდილებისა, ვიცოდი, რომ ჩემი დაბადებიდან კრიტიკული გონება კვლავინდებურად გულდასმით შეისწავლის ყოველ ახალ ფაქტს, ინფორმაციის ყოველ ფრაგმენტს. ახალ ინფორმაციას ყველა მხრიდან გამოვიკვლევ და შევაფასებ და ამისთვის „მეცნიერის ტრადიციულ მიკროსკოპს“ გამოვიყენებ. და ამ ყველაფერთან ერთად არ შემეძლო იმის უარყოფა, რომ ეს სტრუქტურა უკვე ასებობდა.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff