ბრაიან ვაისი - "მრავალი ცხოვრება, მრავალი მასწავლებელი"

ბრაიან ვაისი
3.75
2

თავი მეცხრე

თავი მეცხრე
 
ყოველ კვირას კატერინა ნევროზული შიშებისა და შფოთვების კიდევ ერთი მორიგი შრისგან თავისუფლდებოდა. ყოველ კვირას იგი ცოტათი უფრო უშფოთველი, ცოტათი უფრო რბილი და მნიშვნელოვნად მომთმენი ხდებოდა. თავს უფრო თავდაჯერებულად გრძნობდა, და ადამიანებიც უფრო ელტვოდნენ მას. მათ მიმართ უფრო მეტ სიყვარულს განიცდიდა, და ისინიც უფრო მეტ სიყვარულს აძლევდნენ. მისი ნამდვილი არსების შინაგანი ბრილიანტი ყველას თვალწინ ბრწყინავდა.  
 
კატერინას რეგრესიები ათასწლეულებს ითვლიდნენ. ყოველ ჯერზე, როცა იგი ჰიპნოზურ ტრანსში შედიოდა, მე წინასწარ არ ვიცოდი, სად გამოვლინდებოდნენ მისი ცხოვრებების კავშირები. წინარე-ისტორიული გამოქვაბულებიდან ძველ ეგვიპტემდე და ა.შ. - ახალ დროში: ის ყველგან იყო ნამყოფი. და ყველა მის ცხოვრებას სიყვარულით ადევნებდნენ თვალყურს მასწავლებლები, ისინი, ვინც დროის მიღმაა. დღევანდელ სეანსში ის მეოცე საუკუნეში აღმოჩნდა, მაგრამ არა კატერინას ცხოვრებაში. 
 
„მე ვხედავ ფუზელაჟს და ასაფრენ ბილიკს“, - თქვა მან ჩურჩულით. 
 
„ცნობთ ადგილმდებარეობას?“
 
„ვერ ვხედავ... ელზასი?“ შემდეგ დააზუსტა: „ელზასი“.
 
„საფრანგეთში?“
 
„არ ვიცი, უბრალოდ ელზასი... მე ვხედავ სახელს ვონ მარქსი (სწორედ ასე წარმოთქვა). რაღაც ყავისფერი ჩაფხუტი თუ ქუდი... ჩაფხუტი დამცავი სათვალეებით. ბრიგადა განადგურებულია. როგორც ჩანს ეს მოშორებით მყოფი რაიონია. არა მგონია, ახლო-მახლო რაიმე ქალაქი იყოს“. 
 
„რას აკეთებთ?“
 
„დაჭრილების მოვლაში ვეხმარები. ისინი გადაჰყავთ“.
 
„შეხედეთ საკუთარ თავს. აღწერეთ. დაიხედეთ და მითხარით, რა გაცვიათ“.
 
„ქურთუკი მაცვია. ღია ფერის თმა მაქვს და ცისფერი თვალენი. ჩემი ქურთუკი ძალიან დასვრილია. ბევრი დაჭრილია“.
 
„დაჭრილებთან მუშაობა ნასწავლი გაქვთ?“
 
„არა“.
 
„აქ ცხოვრობთ თუ აქ გაიზარდეთ? სად ცხოვრობთ?“
 
„არ ვიცი“.
 
„დაახლოებით რამდენი წლის ხართ?“
 
„ოცდათხუთმეტის“. თვითონ კატერინა ოცდაცხრის იყო, და მას ღია-ყავისფერი თვალები ჰქონდა და არა ცისფერი. კითხვების დასმას განვაგრძობდი. 
 
„ვინ ხართ? არის რაიმე წარწერა თქვენს ქურთუკზე?“
 
„მე პილოტი ვარ“.
 
„თვითმფრინავებს მართავთ?“
 
„დიახ, მიწევს ხოლმე“.
 
„ვინ გაიძულებთ ფრენას?“
 
„ეს ჩემი სამსახურია - ფრენა“.
 
„ბომბებსაც ყრით?“
 
„მე არ მიყვარს ომი. ვგრძნობ, რომ მოკვლა არაა სწორი, მაგრამ ჩემი მოვალეობა უნდა შევასრულო“.
 
„დაუბრუნდით წინა სცენას, თვითმფრინავთან, დაბომბვასთან და ომთან. ეს უფრო გვიანი პერიოდია, ომი დაიწყო. ინგლისელები და ამერიკელები თქვენთან ახლოს ყრიან ბომბებს. დაბრუნდით. კვლავ ხედავთ თვითმფრინავს?“
 
„დიახ“.
 
„იგივეს გრძნობთ მოვალეობასთან, მკვლელობასთან და ომთან დაკავშირებით?“
 
„დიახ, ჩვენ არაფრის გულისთვის მოვკვდებით“.
 
„რა?“
 
„ჩვენ არაფრის გულისთვის მოვკვდებით“ -  დაიჩურჩულა უფრო ხმამაღლა.
 
„არაფრის გულისთვის? რატომ არაფრისთვის? ნუთუ ეს ღირსების საქმე არაა? ნუთუ თქვენ არ იცავთ მშობლიურ მიწას და ახლობლებს?“
 
„ჩვენ ადამიანების მცირე ჯგუფის იდეების დასაცავად მოვკვდებით“.
 
„და მაინც, ისინი ხომ თქვენი ქვეყნის ლიდერები არიან? ისინი შეიძლება შეცდნენ...“ - მან სწრაფად გამაწყვეტინა:
 
„ისინი არ არიან ლიდერები. ისინი რომ ლიდერები ყოფილიყვნენ, არ გააჩაღებდნენ ბრძოლას შიგნით, ხელისუფლებაში“.
 
„ზოგიერთი მათ გიჟს ეძახის. გაგიგიათ ეს?“
 
„როგორც ჩანს, ჩვენ ყველანი გიჟები ვართ, თუკი ვემორჩილებით, თუკი მათ ბრძანებებს ვასრულებთ... ვკლავთ ადამიანებს. და ვკლავთ საკუთარ თავს...“
 
„დაგრჩათ სადმე მეგობრები?“
 
„დიახ, ზოგიერთი ისევ ცოცხალია“.
 
„არიან თუ არა მათში განსაკუთრებულად ახლობელი ადამიანები? თქვენს ეკიპაჟში? ისევ ცოცხლები არიან თქვენი მსროლელი და ნავიგატორი?“
 
„ვერ ვხედავ მათ, მაგრამ ჩემი თვითმფრინავი არ ჩამოუგდიათ“. 
 
„კვლავ აფრინდებით თქვენი თვითმფრინავით?“
 
„დიახ, უნდა ვიჩქაროთ, რომ დარჩენილი თვითმფრინავი მათ დაბრუნებამდე გავიყვანოთ“. 
 
„დაჯექით თქვენს თვითმფრინავში“.
 
„არ მინდა“, - ისე თქვა, თითქოს არჩევა შეეძლო.
 
„კი მაგრამ, თქვენ უნდა აფრინდეთ“.
 
„ეს იმდენად უაზრობაა...“
 
„რა პროფერის გქონდათ ომამდე? გახსოვთ? რას აკეთებდა ერიკი?“
 
„მე კომანდირის მოადგილე ვიყავი... პატარა, სატვირთო თვითმფრინავის“.
 
„ესე იგი მაშინაც პილოტი იყავით?“
 
„დიახ“.
 
„ამის გამო დიდხანს მოწყდით სახლს?“
 
„დიახ“ - მიპასუხა ძალიან ხმადაბლა და ჩაფიქრებულად.
 
„დროში წინ გადადით, - ვუბრძანე მე, - შემდეგ ფრენაზე. შეგიძლიათ ამის გაკეთება?“
 
„შემდეგი ფრენა არ არსებობს“
 
„რამე დაგემართათ?“
 
„დიახ“, - სუნთქვა გაუხშირდა, და უფრო აგზნებული გახდა. უფრო წინ, თავისი სიკვდილის დღეზე გადავიდა.
 
„რა ხდება?“
 
„ცეცხლს გავურბივარ. ჩემი ჯგუფი ცეცხლშია“.
 
„გადარჩით?“
 
„ვერავინ ვერ გადარჩა... ვერავინ ვერ გადარჩება ომში. მე ვკვდები!“
 
სუნთქვა დაუმძიმდა. „სისხლი! ყველგან სისხლია! გულ-მკერდში ტკივილს ვგრძნობ. მკერდში ვარ დაჭრილი... ფეხებშიც... ყელშიც... ისე მტკივა...“ ის აგონიაში იყო, მაგრამ მალე სუნთქვა დაუმშვიდდა, სახე მოუდუნდა და უშფოთველი გამომეტყველება მიიღო. გარდამავალი მდგომარეობის სიმშვიდე ვიცანი მასში. 
 
„როგორც ჩანს, თავს უფრო კომფორტულად გრძნობთ. ყველაფერი დასრულდა?“ მან ძალიან ჩუმად მიპასუხა:
 
„მე მივფრინავ... სხეულისგან შორს. სხეული არ მაქვს. კვლავ სულის ფორმით ვარ“.
 
„კარგი. დაისვენეთ. რთული ცხოვრება გქონდათ. მძიმე სიკვდილი გაიარეთ. დასვენება გჭირდებათ. აღიდგინეთ თავი. რა გასწავლათ ამ ცხოვრებამ?“
 
„რაღაც გავიგე სიძულვილის შესახებ... უაზრო მკვლელობის შესახებ... არასწორად მოტივირებული სიძულვილის შესახებ... ადამიანების შესახებ, რომლებმაც თვითონაც არ იციან, რატომ სძულთ. ამისკენ... ბოროტება გვიბიძგებს, როცა ფიზიკურ სხეულში ვიმყოფებით...“
 
„არის მოვალეობის გრძნობა უფრო მაღალი, ვიდრე სამშობლოს წინაშე მოვალეობა? ის, რაც მკვლელობისგან შეგაკავებინებდათ თავს, მაშინაც კი, თუ ბრძანებას ასრულებთ? მოვალეობის გრძნობა საკუთარი თავის წინაშე?“
 
„დიახ...“ - კატერინამ მეტად აღარ დააზუსტა. 
 
„ახლა რამეს ელოდებით?“
 
„დიახ, განახლების მდგომარეობაში გადასვლას ველოდები. უნდა დაველოდო. ისინი მოვლენ...“
 
„კარგი. მინდა ვესაუბრო მათ, როცა მოვლენ“. 
 
„რამდენიმე წუთი ველოდით. შემდეგ უეცრად მისი ხმა მაღალი გახდა და დაილაპარაკა უკვე არა მასწავლებელმა-პოეტმა, არამედ სულის პირვანდელმა მასწავლებელმა.
 
„თქვენ მართალი იყავით, როცა გადაწყვიტეთ, რომ ეს შესაფერისი საშუალებაა მათთვის, ვინც ფიზიკურ მდგომარეობაში იმყოფება. თქვენ უნდა გააქროთ შიშები მათი გონებიდან. შიშს ენერგიის უაზრო კარგვამდე მივყავართ. იგი ხელს უშლის მათ იმის განხორციელებაში, რისთვისაც იყვნენ გამოგზავნილნი. იპოვეთ ნიშნები გარშემომყოფ ადამიანებში. ისინი (ადამიანები) ჯერ იმ მდგომარეობაში უნდა გადაიყვანოთ.... ძალიან ძალიან ღრმად, რომ უკვე აღარ შეეძლოთ სხეულის შეგრძნება. სწორედ მაშინ შეძლებთ მიაწვდინოთ ხმა. ზედაპირზე... მხოლოდ შფოთვაა. ისინი მათი. სულის სიღრმეში უნდა გახსნათ, სადაც იდეები წარმოიშობა.
 
ენერგია... ყველაფერი ენერგიაა. რამდენი ენერგია იხარჯება ტყუილად. მთები... მთების შიგნით სიმშვიდეა; ცენტრში სიმშვიდეა. გარეთ კი - მღელვარებაა. ადამიანები მხოლოდ იმას ხედავენ, რაც გარეთაა, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ გაცილებით სიღრმეში შეხვიდეთ. ვულკანის დანახვა მოგიწევთ. ეს რომ გააკეთოთ, სიღრმეში უნდა შეხვიდეთ. 
 
ფიზიკურ მდგომარეობაში ყოფნა - არანორმალურია. ბუნებრივი - სულიერ მდგომარეობაში ყოფნაა. როცა უკან გაგზავნიან, ეს იმას ჰგავს, რომ იმ მდგომარეობაში ვიყოთ გაგზავნილი, რაც არ ვიცით. ამაზე ბევრი დრო მიდის. სულიერ სამყაროში თქვენ ლოდინი გიწევთ, და შედეგად განახლებას განიცდით. არსებობს განახლების მდგომარეობა. ეს განზომილება სხვა განზომილებებს ჰგავს, და თქვენ თითქმის მიაღწიეთ წარმატებას ამ მდგომარეობის მიღწევაში...“
 
ამ ინფორმაციამ გამაოგნა. როგორ შემეძლო მივახლოებოდი განახლების მდგომარეობას? „თითქმის მივაღწიე მას?“ - ვიკითხე უნდობლად. 
 
„დიახ, თქვენ სხვებზე ბევრად მეტი იცით. ბევრად მეტი გესმით. იყავით მომთმენი მათ მიმართ. მათ არ აქვთ ის ცოდნა, რომელიც თქვენ გაქვთ. დამხმარედ სულიერ არსებებს გამოგიგზავნიან. მაგრამ თქვენ ყველაფერს სწორად აკეთებთ... განაგრძეთ. ეს ენერგია უაზროდ არ უნდა გაიფლანგოს. შიშისგან უნდა განთავისუფლდეთ. ეს იქნება თქვენი უდიდესი იარაღ...“ 
 
სულის მასწავლებელი გაჩუმდა. ამ არაჩვეულებრივ გზავნილზე ვფიქრობდი. ვიცოდი, რომ წარმატებით გავათავისუფლე კატერინა შიშებისგან, მაგრამ ამ გზავნილს უფრო ღრმა მნიშვნელობა ჰქონდა. ეს უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ დადასტურობა ჰიპნოზის, როგორც თერაპიული ინსტრუმენტის ეფექტურობისა. იგი უფრო მეტს მოიცავდა, ვიდრე თუნდაც წინა ცხოვრებებში რეგრესია, რისი გამოყენებაც ყველასთან ძნელი იქნებოდა. არა, მე დარწმუნებული ვიყავი, რომ გზავნილი დაკავშირებული იყო სიკვდილის შიშთან, რომელიც ძალიან ღრმად, თითქოს ვულკანის შიგნით ზის. სიკვდილის შიში, რომელიც დაფარულია, მუდმივი შიში. რომელსაც ვერანაირი ფულით ან ძალაუფლებით ვერ გაანეიტრალებ, - აი, სადაა არსი. მაგრამ ადამიანებმა რომ იცოდნენ, რომ „სიცოცხლე უსასრულოა, რომ ჩვენ არასოდეს ვკვდებით, რომ ჩვენ რეალურად არასოდეს ვიბადებით“, ისინი გათავისუფლდებოდნენ ამ შიშისგან. მათ რომ იცოდნენ, რომ უსასრულო რაოდენობის ცხოვრება გაიარეს, რამხელა შვებას ჰპოვებდნენ. რომ იცოდნენ, რომ მათ გარშემო - სულები არიან, რომლებიც მზად არიან დაეხმარონ, სანამ ფიზიკურ მდგომარეობაში იმყოფებიან, და რომ სიკვდილის შემდეგ, სულიერ მდგომარეობაში, ამ სულებს შეუერთდებიან, მათ შორის თავიანთ გარდაცვლილ ახლობლებს, ეს დაამშვიდებდა მათ. რომ იცოდნენ, რომ „მფარველი ანგელოზები“ მართლა არსებობენ, რამდენად თავდაჯერებულად იგრძნობდნენ თავს. რომ იცოდნენ, რომ ძალადობისა და უსამართლობის აქტები ადამიანების მიმართ შეუმჩნევლად არ ჩაივლის, რომ ისინი ასე თუ ისე კომპენსირებული უნდა იქნეს, რამდენად ნაკლები სიძულვილი და შურისძიების წყურვილი ექნებოდათ. და რადგან სინამდვილეში „ღმერთს ცოდნით ვუახლოვდებით“, რა სარგებელი მოაქვს მატერიალურ ძალაუფლებას ან საკუთრებას, თუკი ისინი თავის თავში იკეტებიან და არ წარმოადგენენ ღმერთთან მიახლოების გზას? იყო ხარბი და ძალაუფლების მოყვარე - სრული უაზრობაა. 
 
როგორ ვიპოვოთ ადამიანები ამ ცოდნით? უმეტესობა ლოცვებს კითხულობს თავის ეკლესიებში, სინაგოგებში, მეჩეთებში და ტაძრებში - ლოცვებს, რომლებიც სულის უკვდავებას აჟღერებენ. მაგრამ როგორც კი მსახურება მთავრდება, ისინი თავიანთ რუტინას უბრუნდებიან, სიხარბეში, მანიპულაციაში და ეგოიზმში ეჯიბრებიან ერთმანეთს. ეს თვისებები სულის პროგრესს ამუხრუჭებენ. ამიტომ, თუ რწმენა არასაკმარისია, შესაძლოა, მეცნიერება დაგეხმაროთ. შესაძლოა, საჭიროა კატერინას და ჩემი მეშვეობით მიღებული გამოცდილების შესწავლა, გაანალიზება და და აღწერა მიუკერძოებელი, მეცნიერული ფორმით იმ ადამიანების მიერ, რომლებიც ფსიქოლოგიის და ფიზიკის სფეროში არიან. მე კი იმ დროს ფრიად შორს ვიყავი სტატიის ან წიგნის დაწერის იდეისგან. მე ძალიან დამაინტრიგა იმ სულების საკითხმა, რომლებიც თიტქოს გამოგზავნილნი იქნებიან ჩემს დასახმარებლად. რა დახმარებაზეა საუბარი? 
 
კატერინა შეირხა და დაიჩურჩულა: „ვიღაც, სახელად ჰიდეონი, ვიღაც, სახელად ჰიდეონი... ჰიდეონი. ის ცდილობს დამელაპარაკოს“. 
 
„რას გეუბნება?“
 
„ის ყველგანაა. ის არ გაჩერდება. ის მფარველია... მაგრამ ახლა ის მეთამაშება“.
 
„ის თქვენი ერთ-ერთი მფარველი-ანგელოზია?“
 
„დიახ, ის თამაშობს... ის უბრალოდ დახტუნაობს გარშემო. ვფიქრობ, უნდა მანიშნოს, რომ ჩემს გარშემოა... ყველგან“.
 
„ჰიდეონი?““ - გავიმეორე მე.
 
„ის აქაა“
 
„ეს დაცულობის შეგრძნებას გაძლევთ?“
 
„დიახ, ის დაბრუნდება, როცა დამჭირდება“. 
 
„კარგი. ჩვენს გარშემო სულები არიან?“
 
მან ჩურჩულით მიპასუხა, თავისი ზე-ცნობიერი გონების სახელით: „ო, დიახ... ბევრი აქ ბევრი სულია. ისინი მხოლოდ მაშინ მოდიან, როცა სურთ. ჩვენ ყველანი სულები ვართ. მაგრამ სხვები... ვიღაც ფიზიკურ მდგომარეობაშია, ვიღაც კი განახლების მდგომარეობაში. არსებობენ მფარველი ანგელოზებიც. ჩვენ ყველანი აქეთკენ მივდივართ. ჩვენც ვიყავით მფარველები“. 
 
„რატომ გვიწევს დაბრუნება იმისთვის, რომ ვისწავლოთ? რატომ ვერ ვსწავლობთ სულიერ მდგომარეობაში?“
 
„ეს სწავლების სხვადასხვა დონეებია, და რაღაც გაკვეთილები სხეულებრივ მდგომარეობაში უნდა ვისწავლოთ. უნდა ვიგრძნოთ ტივილი. როცა სული ხართ, ტკივილს არ გრძნობთ. ეს განახლების პერიოდია. თქვენი სული განახლებას განიცდის. როცა ფიზიკურ მდგომარეობაში ხართ, სხეულში, ტკივილის შეგრძნება შეგიძლიათ. სულიერ ფორმაში ტკივილს ვერ გრძნობთ. იქ მხოლოდ ბედნიერებაა, სიუხვის გრძნობაა. მაგრამ ჩვენთვის ეს განახლების პერიოდია... სულიერ ფორმაში ადამიანებს შორის ურთიერთობა სხვანაირია. როცა ფიზიკურ სხეულში ხართ... შეგიძლიათ გქონდეთ ურთიერთობის გამოცდილება“. 
 
„გავიგე. სწორია ყველაფერი“. 
 
კატერინა გაჩუმდა. რამდენიმე წუთში კვლავ დაილაპარაკა: „ეტლს ვხედავ, - თქვა მან. - ლურჯ ეტლს“.
 
„საბავშვო ეტლს?“
 
„არა, ეტლს, რომლითაც დადიან... რაღაც ლურჯი!“
 
„ეტლი ცხენებს მიჰყავთ?“
 
„მას დიდი ბორბლები აქვს. მასში ვერავის ვხედავ. მხოლოდ ორი ცხენია შებმული... რუხი და შავი. რუხს ეფლი (ვაშლი) ჰქვია, რადგან ვაშლები უყვარს. მეორეს დიუკი (ჰერცოგი). ისინი ძალიან კარგები არიან. არ იკბინებიან. დიდი ფეხები აქვთ... დიდი ფეხები“.
 
„თქვენც იქ იმყოფებით?“
 
„დიახ, მის ცხვირს ვხედავ. ბევრად უფრო დიდია, ვიდრე მე“. 
 
„თქვენ მართავთ ეტლს?“ მისი პასუხებით მივხვდი, რომ ბავშვი იყო. 
 
„იქ ცხენები არიან, და კიდევ ბიჭი“.
 
„რამდენი წლის ხართ?“
 
„ძალიან პატარა ვარ. არ ვიცი. არა მგონია თვლა ვიცოდე“. 
 
„ბიჭს იცნობთ? ეს თქვენი მეგობარია? თქვენი ძმაა?“
 
„მეზობელია. ის წვეულებაზე მოვიდა. აქ რაღაც... ქორწილისმაგვარია“. 
 
„იცით, ვინ ქორწინდება?“
 
„არა. ჩვენ არ უნდა დავისვაროთ. წაბლისფერი თმა მაქვს... და ფეხსაცხმელები, რომლებიც უკნიდან იკვრება“. 
 
„ეს თქვენი სადღესასწაულო ტანსაცმელია? ლამაზი ტანსაცმელია?“
 
ის თეთრია... თეთრი კაბა მაქნამებით, და ზურგიდან იკვრება“. 
 
„თქვენი სახლი ახლოსაა?“
 
„ეს დიდი სახლია“.
 
„იქ ცხოვრობთ?“
 
„დიახ“.
 
„კარგი. ახლა შეგიძლიათ სახლში შეიხედოთ. ყველაფერი რიგზეა. ეს მნიშვნელოვანი დღეა. სხვა ადამიანებიც ლამაზად იქნებიან გამოწყობილები“. 
 
„იქ საჭმელს აკეთებენ, ბევრ საჭმელს“.
 
„სუნს გრძნობთ?“
 
„დიახ. რაღაც პურს აცხობენ. პურს... ხორცს... კვლავ გვითხრეს, რომ სახლიდან გავსულიყავით“. ამან გამაოცა. მე ვუთხარი, რომ მშვიდად შეუძლია სახლში შესვლა, მას კი გამოსვლა უბრძანეს. 
 
„მათ სახელით მოგმართეს?“
 
„... მენდი;... მენდი და ედვარდი“.
 
„ის ბიჭია?“
 
„დიახ“. 
 
„სახლში დარჩენის ნებას არ გაძლევენ?“
 
„დიახ, ძალიან დაკავებულები არიან“.
 
„რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?“
 
„ჩვენთვის სულერთია. მაგრამ სუფთად დარჩენა ძალიან ძნელია. არაფრის კეთება არ შეგვიძლია“. 
 
მოგვიანებით მოხვდით ამ ქორწილზე?“
 
„დიახ... ბევრ ადამიანს ვხედავ. ოთახში სივიწროვეა. ცხელა. აქ მღვდელია... სასაცილო შლიაპით... დიდი, შავი შლიაპით“.
 
„ეს ბედნიერი დღეა თქვენი ოჯახისთვის?“
 
„დიახ“. 
 
„იცით, ვინ ქორწინდება?“
 
„ჩემი და“. 
 
„ის ბევრად უფროსია?“
 
„დიახ“. 
 
„ლამაზია?“
 
„დიახ. თმაში ბევრი ყვავილი აქვს“.
 
„ყურადღებით დააკვირდით. სხვა ცხოვრებებიდან თუ იცნობთ მას? შეხედეთ მის თვალებს, სახეს...“ 
 
„დიახ, ვფიქრობ, ეს ბეკია... მაგრამ უფრო პატარა, გაცილებით პატარა“. ბეკი კატერინას მეგობარი და კოლეგა იყო. ისინი ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, მაგრამ კატერინას არ მოსწონდა ბეკის მიდრეკილება - გაეკრიტიკებინა იგი და ჩარეულიყო მის ცხოვრებასა და გადაწყვეტილებებში. ბოლოს და ბოლოს, ის მხოლოდ მეგობარი იყო, და არა ოჯახის წევრი. მაგრამ ალბათ ახლა სხვაობა გასაგები იყო. „მას... მას ვუყვარვარ... ამიტომ შემიძლია წინ ვიდგე“. 
 
„კარგი. მიმოიხედეთ გარშემო. ხედავთ თქვენს მშობლებს?“
 
„დიახ“. 
 
„მათ ძალიან უყვარხართ?“
 
„დიახ“. 
 
„ეს კარგია. ყურადღებით დააკვირდით. ჯერ დედას. გახსოვთ იგი? დააკვირდით სახეზე“.
 
„კატერინამ რამდენჯერმე ღრმად ამოიოხრა. „მე მას არ ვიცნობ“.
 
„შეხედეთ მამას. ყურადღებით შეხედეთ. როგორი სახე აქვს, თვალები... პირი. იცნობთ მას?“
 
„ეს სტიუარტია“, - სწრაფად მიპასუხა მან. ამრიგად, სტიუარტი კვლავ გამოჩნდა. ეს უფრო მეტ  ყურადღებას მოითხოვდა. 
 
„როგორი ურთიერთობა გაქვთ?“
 
„მე ის ძალიან მიყვარს... ძალიან კარგად მეპყრობა. მაგრამ თვლის, რომ ხელს ვუშლი. თვლის, რომ ბავშვები ხელის შემშლელები არიან“.
 
„ძალიან სერიოზულია?“
 
„არა, მას უყვარს ჩვენთან თამაში. მაგრამ ჩვენ მეტისმეტად ბევრ კითხვას ვუსვამთ. ის ძალიან კარგად გვეპყრობა, მაგრამ ბევრ კითხვას ვსვამთ“. 
 
„ეს ზოგჯერ აღიზიანებს?“
 
„დიახ, ჩვენ მასწავლებლისგან უნდა გავიგოთ ყველაფერი, და არა მისგან. ამიტომ დავდივართ სკოლაში... რომ გავიგოთ“. 
 
„ისე ჟღერს, თითქოს ის ამბობს ამას. ეს მან გითხრათ?“
 
„დიახ, მას უფრო მნიშვნელოვანი საქმეები აქვს. ფერმა უნდა მართოს“.
 
„დიდი ფერმა?“
 
„დიახ“. 
 
„იცით, სადაა ეს ფერმა?“
 
„არა“.
 
„ვინმეს ერთხელ მაინც არ უხსენებია ქალაქი ან ქვეყანა? ქალაქის სახელი?“
 
კატერინა გაჩუმდა, თითქოს აყურადებსო, შემდეგ თქვა: „ასეთი არაფერი მესმის“. და კვლავ გაჩუმდა. 
 
„კარგი. გინდათ კიდევ გამოიკვლიოთ ეს ცხოვრება? წინ გადასვლა დროში, თუ...“ მან შემაწყვეტინა: „საკმარისია“. 
 
მთელი პროცესის განმავლობაში კატერინასთან მე არ მინდოდა მისი გამოცდილების გაზიარება პროფესორ კოლეგებთან. სინამდვილეში, ქეროლის და რამდენიმე „საიმედო“ მეგობრის გამოკლებით, მე არავისთვის გამიზიარებია ეს საოცარი ინფორმაცია. მე ვიცოდი, რომ ჩვენს სეანსებზე მიღებული ინფორმაცია ნამდვილი და მეტისმეტად მნიშვნელოვანია, მაგრამ მაინც ვღელავდი იმაზე, თუ რა რეაქცია ექნებოდათ ჩემს პროფესიონალ და მეცნიერ მეგობრებს, ამიტომ დუმილი ვამჯობინე. ვღელავდი ჩემს რეპუტაციაზე, კარიერაზე და იმაზე, თუ რას იფიქრებდნენ ჩემზე. 
 
ჩემი პირადი სკეპტიციზმი ძალიან შესუსტდა იმ მტკიცებულებებით, რომლებიც კვირიდან კვირამდე სწყდებოდა მის ბაგეებს. ხშირად ვუსმენდი აუდიოჩანაწერებს და კვლავ განვიცდიდი ამ სეანსებს მთელი მათი დრამატულობით. მაგრამ სხვებს მაინც ჩემს გამოცდილებაზე მოუწევდათ დაყრდნობა, ძლიერზე, მაგრამ არა მათ საკუთარზე. ამიტომ საჭიროებას ვგრძნობდი, რომ კიდევ უფრო მეტი მონაცემი შემეგროვებინა. 
 
როცა ბოლოს და ბოლოს რწმენით მივიღე გზავნილი, ჩემი ცხოვრება უფრო მარტივი და დამაკმაყოფილებელი გახდა. აღარ იყო ტყუილის, თვალთმაქცობის ან როლების თამაშის საჭიროება. ურთიერთობები უფრო გულწრფელი და პირდაპირი გახდა. ოჯახური ცხოვრება - უფრო მარტივი და მშვიდი. ჩემი სურვილი - არ გამეზიარებინა კატერინასგან მიღებული ინფორმაცია - უფრო და უფრო იუკლებდა. რაც არ უნდა უცნაური იყოს, ბევრი იყო დაინტერესებული და მეტის გაგება სურდათ. 
 
ისინი მიყვებოდნენ თავიანთი ძალიან პირადი გამოცდილების შესახებ პარანორმალურ მოვლენებთან, ექსტრასენსორულ აღქმასთან, დეჟა-ვუ-სთან, სხეულსგარე გამოცდილებასთან, წინა ცხოვრებების ხედვასთან და ა.შ. დაკავშირებით. ბევრი თავის ახლობლებს უმალავდა ამ ყველაფერს. ადამიანებს, როგორც წესი, ეშინიათ, რომ ამის გამო გიჟებად ჩათვლიან. თუმცაღა, ეს პარაფსიქოლოგიური მოვლენა - საკმაოდ ჩვეული მოვლენაა, და გაცილებით უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე მიღებულია, რომ ჩათვალონ. ისინი იშვიათ მოვლენებად იმიტომ გვეჩვენება, რომ ადამიანებს არ ეხალისებათ მათი მოყოლა. ამასთან, რაც უფრო გამოცდილები არიან ეს ადამიანები, მით უფრო ნაკლებად უყვებიან სხვებს. 
 
მთავარი კლინიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჩემს ჰოსპიტალში - ესაა ადამიანი, რომლის კომპეტენციაც ეჭვს არ იწვევს. იგი საერთაშორისო დონეზეა აღიარებული. და იგი თავის გარდაცვლილ მამას ესაუბრება, რომელმაც რამდენჯერმე დაიცვა სერიოზული საფრთხისგან. სხვა პროფესორს ისეთი სიზმრები აქვს, რომლებშიც თავისი რთული კვლევითი ექსპერიმენტების გადასაჭრელად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მოსდის ხოლმე. სიზმრები ყოველთვის სწორი აღმოჩნდება ხოლმე. სხვა ცნობილ დოქტორს, როცა ტელეფონზე ურეკავენ, შეუძლია თქვას, თუ ვინ რეკავს, სანამ ყურმილს აიღებს. შუა დასავლეთის ფსიქიატრიის განყოფილების მეუღლეს ფსიქოლოგიის დოქტორის ხარისხი აქვს. მისი კვლევითი პროექტები ყოველთვის გულდასმით მუშავდება და ტარდება. მას არავისთვის მოუყოლია, რომ როდესაც პირველად ჩავიდა რომში, იქ იმდენად კარგად ორიენტირდებოდა, თითქოს მის მეხსიერებაში გზების რუკა იყო ჩაბეჭდილი. მან ზუსტად იცოდა, თუ რა იყო მომდევნო მოსახვევის მერე. მიუხედავად იმისა, რომ იგი ადრე არასოდეს ყოფილა იტალიაში, და არ იცოდა ენა, იტალიელებს არაერთხელ მიუმართავთ მისთვის იტალიურად, რადგან ადგილობრივად თვლიდნენ. მისი გონება ეწინააღმდეგებოდა ამ რომაულ გამოცდილებას. 
 
მე მესმოდა, თუ რატომ ინახავდნენ ეს გამოცდილი პროფესიონალები ამ ყველაფერს თავისთვის. მე ერთ-ერთი მათგანი ვიყავი. ჩვენ ვერ ვუარყოფდით საკუთარ გამოცდილებას და შეგრძნებებს. თუმცა ჩვენი პროფესიონალური მომზადება ბევრი მიმართულებით ეწინააღმდეგებოდა იმ ინფორმაციას, გამოცდილებას და რწმენა-წარმოდგენებს, რომლებიც დავაგროვეთ. ამიტომაც ვიყავით ჩუმად.

 

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff