თავი მეექვსე
თავი მეექვსე
ამჯერად კატერინას ყოველკვირეულ სეანსებს დღის ბოლოს ვუნიშნავდი, რადგან ისინი რამდენიმე საათი გრძელდებოდა. შემდეგ სეანსზე სანამ მოვიდოდა, ტელეფონით მამას ელაპარაკა. დეტალებში არ შესულა, მაგრამ თავისებურად აპატია მას. არასოდეს მინახავს ისეთი მშვიდი და უდრტვინველი, როგორც ახლა. გაოცებული ვიყავი მისი პროგრესის სიჩქარით. მსგავსი ქრონიკული, ღრმად ფესვგადგმული შფოთვებისა და შიშების მქონე პაციენტებს იშვიათად აღენიშნებოდათ ასეთი მკვეთრი გაუმჯობესება. მაგრამ, კატერინა, რა თქმა უნდა, არ იყო ჩვეულებრივი პაციენტი, და განვითარების ის მიმართულება, რომელიც მისმა თერაპიამ მიიღო, ცალსახად უნიკალური გახლდათ.
„მე ვხედავ ფაიფურის თოჯინას, რომელიც ბუხრის თაროზე დევს, - იგი სწრაფად ჩაიძირა ღრმა ტრანსში. - ბუხრის ორივე მხარეს წიგნები დევს. ეს ოთახი რაღაც სახლშია. თოჯინის გვერდით სანთლებია. და სურათი... სახე, მამაკაცის სახე. ეს ისაა...“, - იგი ყურადღებით ათვალიერებდა ოთახს. ვკითხე,ლ თუ ას ხედავდა.
„იატაკზე რაღაცაა გადაფარებული... რაღაც ცხოველის ტყავია. მარჯვნივ ორი შუშის კარია, რომლებსაც ვერანდაზე გაყავხარ. იქ ოთხი საფეხურია - კოლონები სახლის წინ და ოთხი საფეხური ქვემოთ. მათ ბილიკზე გაყავხარ. გარშემო დიდი ხეებია... და ცხენები. ცხენები აღკაზმულია... და სახლის წინ ჯებირებზე არიან მიბმულნი.
„იცით, სადაა ეს?“ - ვკითხე მე. კატერინამ ღრმად ამოისუნთქა.
„დასახელებას ვერ ვხედავ, - დაიჩურჩულა მან, - მაგრამ წელი, წელი აქ უნდა იყოს. ეს მეთვრამეტე საუკუნეა, მაგრამ მე არ... იქ ხეები და ყვითელი ყვავილებია, ძალიან ლამაზი ყვითელი ყვავილები“. ამ ყვავილებმა ყურადღება მისი ყურადღება მიიპყრო. „მათ შესანიშნავი სურნელი აქვთ; ტკბილი სურნელი, ეს ყვავილები... უცნაური ყვავილები, დიდი ყვავილები... ყვითელი ყვავილები შავი გულებით“, - იგი გაჩერდა და მდუმარედ აკვირდებოდა ყვავილებს. მე ეს მაგონებდა მზესუმზირების ველს საფრანგეთის სამხრეთით. კლიმატის შესახებ ვკითხე.
„ძალიან ზომიერი კლიმატია, და ქარიანიც არაა. აქ არც ცხელა და არც ცივა“. ვერანაირად ვერ ვახერხებდით ადგილმდებარეობის დადგენას. კატერინა უკან, სახლში დავაბრუნე, მომაჯადოებელი ყვითელი ყვავილებისგან შორს, და ვკითხე, ვისი პორტრეტი ეკიდა ბუხრის თაროზე.
„არ შემიძლია... მე განვაგრძობ „აარონის“ მოსმენას... მას აარონი ჰქვია“. ვკითხე, ის ხომ არ იყო სახლის პატრონი. „არა, მფლობელი მისი ვაჟია. მე კი აქ ვმუშაობ“. ის კვლავაც მოსამსახურე იყო. ერთხელაც კი შორიდანაც კი არ მიახლოვებია, მაგალითად, კლეოპატრას ან ნაპოლეონის სტატუსს. სკეპტიკოსები, რომლებსაც ეჭვი ეპარებათ რეინკარნაციის რეალურონაში, მათ შორის მეც, მთელი ჩემი მეცნიერული ცოდნით, - ბოლო ორ თვემდე, - ხშირად მიუთითებენ ცნობილი ადამიანების სახით განსხეულებათა მაღალ პროცენტზე. ახლა კი უჩვეულო სიტუაციაში აღმოვჩნდი, როცა რეინკარნაცია მეცნიერულად იქნა დამტკიცებული ჩემს კაბინეტში, ფსიქიატრიის განყოფილებაში. და გაიხსნა გაცილებით უიფრო მეტი რამ, ვიდრე უბრალოდ რეინკარნაცია.
„ჩემი ფეხი ძალიან... - განაგრძო კატერინამ, - ძალიან მძიმეა. მტკივა. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ის საერთოდ არაა... დაზიანებული მაქვს. ცხენმა დამარტყა წიხლი“. ვუთხარი, რომ შეეხედა საკუთარი თავისთვის.
„წაბლისფერი თმა მაქვს, ტალღოვანი წაბლისფერი თმა. თავზე რაღაც ჩაჩის მაგვარი მახურავს, თეთრი ჩაჩი. და ცისფერი კაბა ფართუკით. ახალგაზრდა ვარ, მაგრამ ბავშვი აღარ ვარ. ფეხი მტკივა. ეს ახლახანს მოხდა. საშინლად მტკივა“. იგი აშკარად ძლიერ ტკივილს განიცდიდა. „ნალი... ნალი. ნალით ამომარტყა წიხლი. ძალიან ველური ცხენია, - მისი ხმა კვლავ ჩუმი გახდა, რადგან ტკივილი, როგორც იქნა, გაუნელდა. - თივის და კორმის სუნს ვგრძნობ საჯინიბოში. აქ სხვა ადამიანებიც მუშაობენ“. ვკითხე, თუ რა მოვალეობებს ასრულებდა.
„მე მომსახურეობაზე ვაგებ პასუხს... მომსახურეობა დიდ სახლში. ზოგჯერ ძროხებიც უნდა ვწველო“. მინდოდა უფრო მეტი გამეგო სახლის მფლობელებზე.
„ცოლი საკმაოდ სავსე და ძალიან ულამაზო ქალია. იქ კიდევ ორი ქალიშვილია... მათ არ ვიცნობ“, - დაამატა კატერინამ, გამოიცნო რა წინასწარ ჩემი მომდვნო კითხვა, ხომ არ არიან ისინი მის ამჟამინდელ ცხოვრებაში. შემდეგ ვკითხე, ჰყავდა თუ არა ოჯახი მეთვრამეტე საუკუნეში.
„არ ვიცი; ვერ ვხედავ მათ. ჩემს გვერდით ვერავის ვერ ვხედავ“. ვკითხე, იქ თუ ცხოვრობდა. „აქ ვცხოვრობ, კი, მაგრამ არა მთავარ შენობაში. ძალიან პატარა სახლში... სახლი ჩვენთვისაა განკუთვნილი. იქ ქათმები არიან. ჩვენ კვერცხებს ვაგროვებთ. ყავისფერ კვერცხებს. ჩემი სახლი ძალზე პატარაა... და თეთრი... ერთი ოთახით. მამაკაცს ვხედავ. მასთან ერთად ვცხოვრობ. მას ტალღოვანი თმები და ცისფერი თვალები აქვს“. ვკითხე, იყვნენ თუ არა დაქორწინებულები.
„არა, ქორწინების მათეული გაგებით, არა.“ აქ დაიბადა? „არა, აქ მაშინ მომიყვანეს, როცა ძალიან ახალგაზრდა ვიყავი. ჩემი ოჯახი ძალიან ღარიბი იყო“. თავის ბოიფრენდს ამჟამინდელ ცხოვრებაში ვერ ცნობდა. შემდეგ დროში წინ გადავიყვანე, ამ ცხოვრების მომდევნო მნიშვნელოვან მომენტში.
„რაღაც თეთრს ვხედავ... ბევრი ლენტით. როგორც ჩანს შლიაპაა. რაღაც ქალის შლიაპის მაგვარი ბუმბულებით და თეთრი ლენტებით“.
„ვინაა ამ შლიაპით? ეს...“ - კატერინამ შემაწყვეტინა: „რა თქმა უნდა სახლის დიასახლისია ეს მისი ერთ-ერთი ქალიშვილის ქორწილია. მთელი დასახლება მონაწილეობს ზეიმში“. ვკითხე, ხომ არ იყო გაზეთებში რაიმე დაბეჭდილი ამ ქორწილის შესახებ. თუ კი, მაშინ მინდოდა, რომ თარიღისთვის შეეხედა.
„არა, არა მგონია რომ აქ მათ გაზეთები ჰქონდეთ. ასეთს ვერაფერს ვხედავ“. ამ ცხოვრების დოკუმენტური მტკიცებულებების პოვნა რთული საქმე აღმოჩნდა. „ხედავთ საკუთარ თავს ამ ქორწილში?“ - ვკითხე მე. მან სწრაფად მიპასუხა ხმამაღალი ჩურჩულით.
„ჩვენ არ ვმონაწილეობთ ქორწილში. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია, რომ შემომსვლელი და გამსვლელი ადამიანები დავინახოთ. მსახურებისთვის არ შეიძლება“.
„რას გრძნობთ?“
„სიძულვილს“.
„რატომ? ისინი ცუდად გეპყრობიან?“
„იმიტომ, რომ ჩვენ ღარიბები ვართ, - თქვა მან ჩუმად, - და დამოკიდებულნი ვართ მათზე. და ზალიან ცოტა გვაქვს მათთან შედარებით“.
„ბოლოს და ბოლოს დატოვეთ ეს სახლი, თუ ცხოვრების ბოლომდე ცხოვრობდით მანდ?“
მან ხმაში ნაღველით მიპასუხა: „მე ბოლომდე აქ ვცხოვრობდი“. ვიგრძენი მისი სევდა. მისი ცხოვრება რთული და უიმედო იყო. მისი სიკვდილის დღეზე გადავიყვანე.
„სახლს ვხედავ. საწოლზე ვწევარ, ლოგინში. რაღაცას მასმევენ. რაღაც თბილს, მენთოლის სუნით. გულ-მკერდში სიმძიმე მაქვს. სუნთქვა მიჭირს... ტკივილს ვგრძნობ მკერდში და ზურგში... ეს ცუდი ტკივილია... ლაპარაკი მიჭირს“. იგი ხშირად და ზედაპირულად სუნთქავდა. რამდენიმე წუთიანი აგონიის შემდეგ სახე და სხეული დაუმშვიდდა. სუნთქვა ნორმალური გახდა.
„სხეული დავტოვე, - ხმა მაღალი და ხრინწიანი იყო. - საოცარ სინათლეს ვხედავ... ჩემთან ადამიანები მოდიან. ისინი ჩემს დახმარებას ცდილობენ. შესანიშნავი ადამიანები არიან. არ ეშინიათ... ძალიან მსუბუქად ვარ...“ დადგა ხანგრძლივი პაუზა.
„რას ფიქრობთ ცხოვრებაზე, რომელიც ახლახანს დატოვეთ?“
„ამაზე მოგვიანებით. ახლა კი სიმშვიდეს ვგრძნობ. ეს დასვენების დროა... სული... სული აქ სიმშვიდეს პოულობს. უკან მოვიტოვე ყველა სხეულებრივი ტანჯვა. სული მშვიდი და უდრტვინველია. ეს მშვენიერი გრძნობდაა... თითქოს მზეა, რომლიოს სინათლეშიც მუდმივად ხართ. სინათლე ისე ბრწყინავს... ყველაფერი მისგან მოდის! ამ სინათლისგან ენერგია მოდის. ჩვენი სული დაუყოვნებლივ იქ მიემგზავრება. ეს მაგნიტურ ძალას ჰგავს, რომელიც გვიზიდავს. ის მშვენიერია. ის ძალის წყაროს ჰგავს. იცის, როგორ განკურნოს.“
„ამ სინათლეს ფერი გააჩნია?“
„მას ბევრი ფერი აქვს“, - კატერინა გაჩუმდა და ამ სინათლეში ისვენებდა.
„რას გრძნობთ?“ - გადავწყვიტე დუმილი დამერღვია.
„არაფერს... უბრალოდ სიმშვიდეს. ჩემს მეგობრებს შორის ვიმყოფები. ყველანი აქ არიან. ბევრ ადამიანს ვხედავ. ვიღაცეებს ვიცნობ, ვიღაცეებს - არა. მაგრამ ყველანი მოლოდინში ვართ“. ის ელოდებოდა, დრო კი გადიოდა. გადავწყვიტე დამეჩქარებინა პროცესი.
„კითხვა მაქვს“.
„ვისთან?“ - მკითხა კატერინამ.
„ვინმესთან - თქვენთან ან მასწავლებლებთან, - თავი ავარიდე პირდაპირ პასუხს. - ვფიქრობ ამის გაგება დაგეხმარებათ. კითხვა შემდეგია: ვირჩევთ თუ არა, როდის დავიბადოთ და მოვკვდეთ? შეგვიძლია თუ არა სიტუაციის არჩევა? შეგვიძლია თუ არა ჩვენი შემდგომი გადასვლის დროის არჩევა? ვფიქრობ, ამის გაგება შეასუსტებს თქვენს ბევრ შიშს. შეუძლია ვინმეს იქ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა?“ ოთახში აცივდა. როცა კატერინამ კვლავ დაილაპარაკა, მისი ხმა უფრო ღრმა და ჟღერადი გახდა. ასეთი ხმა მისგან ადრე არ გამიგია. ეს პოეტის ხმა იყო.
„დიახ, ჩვენ ვირჩევთ, როდის შევდივართ ჩვენს ფიზიკურ მდგომარეობაში და როდის ვტოვებთ მას. ვიცით, როდის ვასრრულებთ იმას, რისთვისაც აქ, ქვემოთ ვიყავით გამოგზავნილი. ვიცით, როდის ამოიწურა ჩვენი დრო, და უნდა მივიღოთ ჩვენი სიკვდილი. რამეთუ თქვენ იცით, რომ ამ ცხოვრებისგან ვეღარაფერს მიიღებთ. როცა დრო მოდის, როცა უკვე დაისვენეთ და ენერგეტიკულად აღავსეთ თქვენი სამშვინველი, თქვენ გეძლევათ არჩევანი, რომ დაბრუნდეთ ფიზიკური არსებობის მდგომარეობაში. იმათმა, ვინც ყოყმანობენ, ვინც არ არიან დარწმუნებულნი, რომ აქ დაბრუნდებიან, შესაძლოა დაკარგონ მათთვის ბოძებული შანსი - ფიზიკურ მდგომარეობაში განახორციელონ თავიანთი მისია“.
მე მაშინვე მივხვდი, რომ ამას კატერინა არ ამბობდა. „ვინ მესაუბრება?“ - ვიკითხე მე.
კატერინამ ჩავისი ჩვეული ჩურჩულით მიპასუხა: „არ ვიცი. ხმა ვიღაც ძალიან... ეს იმისი ხმაა, ვინც ყველაფერს აკონტროლებს, მაგრამ არ ვიცი, ვინაა. მე მხოლოდ ამ ხმიოს მოსმენა და თქვენთვის გადმოცემა შემიძლია“.
მან ასევე იცოდა, რომ ეს ცოდნა მისგან არ მოდიოდა - არც ქვეცნობიერისგან, არც არაცნობიერისგან. ზეცნობიერი მე-სგანაც კი... მას რაღაც გზით ესმოდა, შემდეგ კი მე გადმომცემდა ვიღაც განსაკუთრებული არსების სიტყვებს და აზრებს, რომელიც „ყველაფერს აკონტროლებს“. ამრიგად, გამოჩნდა სხვა მასწავლებელი, განსხვავებული მისგან, ან მათჰან, ვინც წინა გზავნილებს გადმოგვცემდა. ეს იყო სხვა სული, სხვა ხმით და სტილით - პოეტურით და უშფოთველით. ეს იყო მასწავლებელი, რომელიც ყოყმანის გარეშე საუბრობდა სიკვდილზე, და რომლის აზრებიც სიყვარულით იყო სავსე. ეს სიყვარული თბილად და რეალურად მეჩვენებოდა, მაგრამ ამავდროულად განჯაჭვული და სამყაროსეული იყო. იგი ნეტარი ჩანდა, მაგრამ არა ემოციური ან შემბოჭველი. იგი გადმომცემდა განჯაჭვული სიყვარულის გრძნობას, და ეს გრძნობა შორეულ ნაცნობად მეჩვენებოდა.
კატერინას ჩურჩული უფრო ხმამაღალი ხდებოდა: „ამ ადამიანების არ მჯერა“.
„რომელი ადამიანების?“ - ვკითხე მე.
„მასწავლებლების“.
„არ გჯერათ?“
„არა, რწმენა არ მყოფნის. ამიტომაც იყო ჩემი ცხოვრება ასეთი რთული. ამ ცხოვრებაში რწმენა არ მქონია“. იგი მშვიდად აფასებდა თავის ცხოვრებას მეთვრამეტე საუკუნეში. მე ვკითხე, თუ რა ისწავლა იმ ცხოვრებაში.
„მე გავიგე რისხვისა და წყენის შესახებ, იმის შესახებ, თუ როგორ გროვდება შენში ეს გრძნობები ადამიანებთან დამოკიდებულებაში. ასევე გავიგე, რომ მე არ ვაკონტროლებ ჩემს ცხოვრებას. მინდა ვაკონტროლო, მაგრამ არ გამომდის. მასწავლებლების უნდა მჯეროდეს. ისინი წინ მიმიძღვიან. მაგრამ მე არ მქონდა რწმენა. თავს თითქოს თავიდანვე განწირულად ვგრძნობდი. არც ისე სიხარულიანი დამოკიდებულება მქონდა საგნების და მოვლენების მიმართ. ჩვენ რწმენა უნდა გვქონდეს... ჩვენ რწმენა უნდა გვქონდეს. და მე ვეჭვობ. მე ეჭვი ვარჩიე რწმენას“, - კატერინა გაჩუმდა.
„რა უნდა გავაკეთოთ თქვენ და მე, რომ უკეთესები გავხდეთ? ერთნაირია ჩვენი გზები?“ - ვკითხე მე. პასუხი მოვიდა მასწავლებლისგან, რომელიც წინა კვირაში ინტუიციის შესაძლებლობებზე და კომიდან დაბრუნებაზე საუბრობდა. ხმა, მანერა, ინტონაცია - ყველაფერი ეს სხვა იყო, ვიდრე კატერინასთან, და პოეტურ მასწავლებელთან, რომელიც ცოტა ხნის წინ მელაპარაკა.
„თავის საფუძველში, გზა ყველას ერთნაირი აქვს. ჩვენ ყველამ უნდა მივიღოთ გარკვეული პოზიციები, სანამ ფიზიკურ სხეულში ვართ. ვიღაც სწაფად ითვისებს მათ, ვიღაც კი უფრო ნელა. გულმოწყალება, იმედი, რწმენა, სიყვარული... ჩვენ ყველამ უნდა ვიცოდეთ ესენი, და თანაც კარგად ვიცოდეთ. ეს არაა უბრალოდ ერთი რწმენა, ერთი იმედი ან ერთი სიყვარული: რამდენ რამეს მოიცავს ყოველი ეს მდგომარეობა. მათი გამოხატვის იმდენი საშუალება არსებობს. და ჩვენ მაინც უმნიშვნელოდ ვახდენთ მათ რეალიზებას...
სხვადასხვა რელიგიების მიმდევრები ამას ჩვენზე უფრო მეტად მიუახლოვდნენ, რადგან უბიწოების ან მორჩილების აღთქმა დადეს. მათ ბევრ რამეზე თქვეს უარი, ისე რომ უკან არაფერს ითხოვდნენ. ჩვენ კი განვაგრძობთ ჯილდოს თხოვნას: ვითხოვთ ჯილდოს და ჩვენი ქცევების გამართლებას... როცა არ არის ჯილდო, რომელიც ჩვენ გინდა. ჯილდო თავად პროცესშია, მაგრამ ისეთ პროცესში, რომლის დროსაც არაფერს ელი... უანგარო პროცესში“.
„მე ეს ვერ ვისწავლე“, - დაამატა კატერინამ ჩურჩულით.
წამით მე შემაცბუნა სიტყვა „უბიწოებამ“, მაგრამ გამახსენდა, რომ მისი არსი - „სიწმინდე“ - ეხება მდგომარეობას, რომელიც სრულიად განსხვავდება უბრალოდ „სექსუალური თავშეკავებისგან“.
„...ზედმეტი არ მომივიდეს, - განაგრძო მან. - ყველაფერი, რაც მეტისმეტში გადადის... გესმით ალბათ“, - იგი კვლავ გაჩუმდა.
„მე ვცდილობ“, - ვუთხარი მე. შემდეგ გადავწყვიტე ყურადღება კატერინაზე გადამეტანა. შესაძლოა, მასწავლებლები ჯერ კიდევ იქ იყვნენ. „რა შემიძლია გავაკეთო, რომ საუკეთესო გზით დავეხმარო კატერინას მისი შიშების და შფოთვების მოცილებაში? როგორ გავიგო მისი გაკვეთილები? ეს საუკეთესო გზაა, თუ უნდა შევცვალო რამე? ან იქნებ ბოლომდე უნდა მივიყვანო კვლევები ამ განსაკუთრებულ სფეროში? როგორ ჯობია დავეხმარო?“
პასუხი ღრმა ხმით მოლაპარაკე მასწავლებელი-პოეტისგან მოვიდა.
„თქვენ ყელაფერს სწორად აკეთებთ. მაგრამ ეს თქვენთვისაა, და არა მისთვის“. და კვლავაც გზავნილი იმის შესახებ, რომ ეს ყველაფერი ჩემთვის უფრო იყო განკუთვნილი, ვიდრე კატერინასთვის.
„ჩემთვის?“
„დიახ. რასაც ვსაუბრობთ, თქვენთვისაა განკუთვნილი“. იგი გულისხმობდა არა მხოლოდ კატერინას, საუბრობდა რა მასზე მესამე პირში, არამედ მან თქვა ასევე „ჩვენ“. სინამდვილეში იქ სულის რამდენიმე სულის მასწავლებელი იმყოფებოდა.
„შემიძლია თქვენი სახელები გავიგო? - და მაშინვე შევცბუნდი ჩემი კითხვის ბანალურობის გამო. - მე ხელმძღვანელობა მჭირდება. იმდენი რამის გაგება მინდა“.
პასუხად ნამდვილმა სიყვარულის პოემამ გაიჟღერა. პოემამ ჩემი ცხოვრებისა და ჩემი სიკვდილის შესახებ. ხმას ვუსმენდი და სიყვარულით სავსე სამყაროსეული სულის განჯაჭვულობას ვგრძნობდი.
„თავის დროზე თქვენ მიიღებთ ხელმძღვანელობას. თქვენ წაგიძღვებიან... თავის დროზე. როცა დაასრულებთ იმას, რისთვისაც აქ გამოგგზავნეს, თქვენი ცხოვრება დასრულდება. მაგრამ არა მანამდე. თქვენ ჯერ კიდევ ბევრი დრო გაქვთ... ბევრი დრო“.
ერთდროულად ავღელდი კიდეც და გულზეც მომეშვა. მიხაროდა, რომ მეტისმეტად რთულად არ ვსაუბრობდი. კატერინა აღელდა. იგი ჩუმად ჩურჩულებდა: „მე ვვარდები, ვვარდები... ვცდილობ ჩემი ცხოვრება მოვძებნო... ვვარდები“. მან ჩაისუნთქა, მეც. მასწავლებლები წავიდნენ. ამ საოცარმა გზავნილებმა ჩამაფიქრა. მათში ჩადებული აზრი ძალიან ღრმა იყო. სინათლე სიკვდილის შემდეგ და სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ; ჩვენი არჩევანი, როდის ვიბადებით და როდის ვკვდებით; მასწავლებლების შეუცდომელი ხელმძღვანელობა; ცხოვრებები, რომლებიცწლებით კი არა, ათვისებული გაკვეთილებით და შესრულებული ამოცანებით ფასდება; გულმოწყალება, იმედი, რწმენა და სიყვარული; ჯილდოს მოლოდინის გარეშე მოქმედება - მთელი ეს ცოდნა ჩემთვის იყო. მაგრამ რა მიზნით? რომელი ამოცანის დასასრულებლად ვიყავი აქ მოვლენილი?
ჩემს კაბინეტში დრამატული გზავნილები და მოვლენები დამატყდა თავს. ისინი ჩემს პირად და ოჯახურ ცხოვრებაში ღრმა ცვლილებებს ასახავდნენ. ჩემმა ცნობიერებამ თანდათან ტრანსფორმაცია განიცადა. მაგალითად, შვილთან ერთად კოლეჯში დავდიოდი; ბეისბოლის თამაშზე, და გზაში უზარმაზარ საცობში მოვყევით. მე ყოველთვის მაღიზიანებდნენ საცობები, და თანაც მოგვიწევდა ერთი ამნ ორი მოწოდება გამოგვეტოვებინა. მაგრამ ვაცნობიერებდი, რომ ეს არ მაღიზიანებდა. აზრობრივად არ ვწყევლიდი არაკომპეტენტურ მძღოლს. კისერი და მხრები მოდუნებული მქონდა. არც ჩემს ვაჟზე გადმომიღვრია ჩემი გაღიზიანება, და მთელი ეს დრო ვისაუბრეთ. მე მხოლოდ ჯორდანთან ერთად სასიამოვნოდ დღის გატარების სურვილი მქონდა. მიზანი დროის ერთად გატარება იყო. მე რომ გაღიზიანება და რისხვა გამომეხატა, ეს ღინისძიება ჩავარდებოდა.
ჩემს შვილებს და მეუღლეს ვუყურებდი და საკუთარ თავს კითხვას ვუსვამდი: ვიყავით მანამდე ერთად? მართლა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაგვეზიარებინა ამ ცხოვრების სიხარულები და ტრაგედიები? მათ მიმართ დიდ სიყვარულს და სინაზეს ვგრძნობდი. მესმოდა, რომ მათი ხინჯები და შეცდომები მინიმალური იყო. ეს ყველაფერი სინამდვილეში არ იყო მნიშვნელოვანი. არანაირი საჭიროება არ იყო, რომ ვინმეზე შთაბეჭდილება მომეხდინა.
ძალიან კმაყოფილი ვიყავი იმით, რომ ამ გამოცდილების ქეროლთან გაზიარება შევძელი. ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით სადილის შემდეგ და განვიხილავდით ჩემს გრძნობებს და რეაქციებს კატერინასთან სეანსებზე. ქეროლს ანალიტიკური გონება აქვს. მან იცოდა, როგორ ძლიერ ვღელავდი იმაზე, რომ კატერინასთან სამუშაო ყურადღებით, აკურატულად, მეცნიერული მეთოდებით ჩამეტარებინა, და იგი ერთგვარად „ეშმაკის ადვოკატის“ როლს ასრულებდა, მეხმარებოდა რა ამ ინფორმაციის ობიექტურად აღქმაში. იმასთან ერთად, რაც ცხადი ხდებოდა, რომ კატერინა მართლაც ხსნიდა დიად ჭეშმარიტებებს, ქეროლიც ასევე გრძნობდა და იზიარებდა ჩემთან ერთად ჩემს მღელბვარებებს და სიხარულებს.