ბრაიან ვაისი - "მრავალი ცხოვრება, მრავალი მასწავლებელი"

ბრაიან ვაისი
3.75
2

თავი მეხუთე

თავი მეხუთე
 
ამრიგად, ჩვენ სეანსის შუაში ვიყავით. კატერინამ დაისვენა და დაიწყო მოყოლა ტაძრის წინ მდგარი მწვანე ქანდაკებების შესახებ. მე გამოვერკვიე ჩაფიქრებიდან და ყურადღება მოვიკრიბე. ის რომელიღაც ძველ ცხოვრებაში იყო, სადღაც აზიაში, მაგრამ მე კვლავ მასწავლებლებზე ვფიქრობდი. შეუძლებელია, ვფიქრობდი მე. ის ყვება წინა ცხოვრებების, რეინკარნაციის შესახებ, მაგრამ მასწავლებლების გზავნილთან შედარებით ეს ყველაფერი ჩვეულებრივად მეჩვენება. უკვე მესმოდა, რომ კატერინას ცხოვრება უნდა გაევლო, სანამ სხეულს დატოვებდა და შუალედურ მდგომარეობას მიაღწევდა. არ შეეძლო მაშინვე, პირდაპირ მიეღწია ამ მდგომარეობისთვის. მასწავლებლებთან მიახლოება კი მხოლოდ ამ მდგომარეობაში შეეძლო. 
 
„მწვანე ქანდაკებები ტაძრის უზარმაზარი შენობის წინაა აღმართული, - ჩურჩულით ამბობდა კატერინა, - რომელსაც კოშკები და ყავისფერი ბურთები აქვს. წინ ჩვიდმეტი საფეხურია, შემდეგ კი - ოთახი. კეთილსურნელებები იწვიან. ყველა ფეხსაცმლის გარეშეა. თავები გადაპარსული აქვთ. ყველა შავკანიანია. მეც იქ ვიმყოფები. ფეხის ტერფი დავიზიანე და დახმარებისთვის აქ მოვედი. ფეხი გამისივდა და ვერ ვადგამ მასზე. რაღაც შემერჭო ტერფში. ისინი რაღაც ფოთლებს მაფენენ... უცნაურ ფოთლებს... ტანინი? ფეხი ჯერ გამისუფთავეს. ესაა რიტუალი, რომელიც ღმერთების წინ სრულდება. ფეხში რაღაც შხამი მაქვს. რაღაცას დავადგი ფეხი. მუხლიც გასიებულია. მთელი ფეხი დამიმძიმდა, და მასზე ზოლები ჩანს (სისხლის მოწამვლა?) ისინი ტერფს მისერავენ და მასზე რაღაც ძალიან ცხელს მადებენ“.
 
კატერინა ტკივილისგან იკლაკნებოდა. ასევე რაღაც საშინლად მწარე მიქსტურისგან იხრჩობოდა, რომელიც დასალევად მისცეს. მიქსტურა ყვითელი ფოთლებისგან იყო დამზადებული. ბოლოს გამოკეთდა, მაგრამ ძვლები შეუქცევადად დაუზიანდა. 
 
დროში წინ გადავიყვანე. მან მხოლოდ უსიხარულო, ღატაკური არსებობა იხილა. იგი თავის ოჯახთან ერთად პატარა ქოხში ცხოვრობდა მაგიდის გარეშე. ისინი ბრინჯის რაღაც სახეობით იკვებებოდნენ, მაგრამ საჭმელი არასოდეს ყოფნიდათ. იგი მალე დაბერდა და გარდაიცვალა ისე, რომ თავი ვერ დააღწია სიღატაკეს. სანამ გამოვაღვიძებდი, მითხრა, რომ რობერტ ჯეროდს ჩემი დახმარება ესაჭიროებოდა. მე აზრზე არ ვიყავი ვინ იყო რობერტ ჯეროდი და როგორ შემეძლო დავხმარებოდი. ამით სეანსი დასრულდა. 
 
ჰიპნოზური ტრანსიდან გამოსვლის შემდეგ კატერინამ კვლავ გაიხსენა განვლილი მრავალი დეტალი ცხოვრებებიდან. მას არაფერი ახსოვდა არც სიკვდილის შემდგომ განცდებზე, არც შუალედურ მდგომარეობაზე და არც მასწავლებლების მიერ მოცემულ ცოდნაზე. მე ვკითხე:
 
„კატერინა, რას ნიშნავს თქვენთვის სიტყვა „მასწავლებელი“?“ ის ფიქრობდა, რომ საქმე გოლფის ტურნირს ეხებოდა! მთლიანობაში მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ჰქონდა, მაგრამ ჯერ კიდევ უჭირდა რეინკარნაციის ცნების ჩართვა თავისი მსოფლმხედველობის კონტექსტში. ამიტომ გადავწივიტე ჯერ არაფერი მეთქვა მასწავლებლების შესახებ.
 
თანაც, არ ვიცოდი, როგორ ამეხსნა მისთვის დელიკატურად, რომ მედიუმის საოცარი ნიჭი ჰქონდა, და რომ მისი მეშვეობით მშვენიერი, ტრანსცენდენტული ცოდნის გადმოცემა შეეძლო სულის მასწავლებლებისგან.  
 
კატერინა დამთანხმდა, რომ შემდეგ სეანსს ჩემი მეუღლეც დასწრებოდა. ქეროლი - კარგად განსწავლული, ძალიან გამოცდილი სოციალური მუშაკია, დაკავშირებული ფსიქიატრიასთან, და მინდოდა მისი შეხედულება გამეგო ამ საოცარი მოვლენების შესახებ. როგორც კი მოვუყევი, რაც მოვისმინე კატერინასგან მამაჩემზე და ჩვენს ვაჟზე, ჩემმა მეუღლემ გადაწყვიტა დამხმარებოდა. არ მიჭირდა კატერინას სიტყვების ჩაწერა, როცა იგი ნელა, ჩურჩულით აღწერდა თავის წინა ცხოვრებებს, მაგრამ მასწავლებლები უფრო სწრაფად საუბრობდნენ, და გადავწყვიტე ყველაფერი აუდიო-კასეტაზე ჩამეწერა. 
 
ერთი კვირის შემდეგ კატერინა თავის შემდეგ სეანსზე მოვიდა. მისი მდგომარეობის გაუმჯობესება გრძელდებოდა. შიშები და შფოთვები მცირდებოდა. კლინიკური გაუმჯობესება ცალსახა იყო, მაგრამ ბოლომდე ჯერ არ მესმოდა, რატომ გახდა იგი გაცილებით უკეთ. მან გაიხსენა, როგორ იხრჩობოდა არონდას სხეულში, როგორ გადაუჭრეს ყელი პოგანის სხეულში, როგორ გახდა ეპიდემიის მსხვერპლი ლუიზას სხეულში და სხვა ტრავმული მოვლენები. იგი ასევე ხელახლა განიცდიდა ცხოვრებებს, რომელშიც აღწერდა სიღატაკეს, მონურ შრომას და სასტიკ მოპყრობას ოჯახში. ეს უკანასკნელი - მაგალითია ყოველდღიური მინიტრავმებისა, რომლებიც ასევე დიდ გავლენას ახდენენ ჩვენს ფსიქიკაზე. სხვადასხვა ცხოვრების გახსენება მნიშვნელოვანი მიზეზი იყო კატერინას მდგომარეობის გაუმჯობესების საქმეში, მაგრამ არსებობს სხვა ასპექტიც. ეხმარებოდა თუ არა მას თავად სულიერი გამოცდილება? ეხმარებოდა თუ არა ცოდნა იმის შესახებ, რომ სიკვდილი - ეს არაა ის, რადაც გვეჩვენება - შიშების შემცირებაში? შეიძლებოდა თუ არა, რომ მთელი პროცესი იყო განკურნების პროცესის ნაწილი, და არა მხოლოდ მოგონებები? 
 
კატერინას ფსიქიკური შესაძლებლობები იზრდებოდა, და მისი ინტუიცია უფრო და უფრო მძაფრი ხდებოდა. ჯერ კიდევ ჰქონდა პრობლემები სტიუარტთან, მაგრამ გრძნობდა, რომ უფრო ეფექტურად შეეძლო ამ პრობლემებთან გამკლავება. თვალები უელავდა, კანი კი უბრწყინავდა. ერთი კვირის განმავლობაში ესიზმრებოდა უცნაური სიზმარი, რომლის მხოლოდ ფრაგმენტიც გაიხსენა. ესიზმრებოდა, რომ თევზის წითელი ფარფლები ხელში ერჭობოდა. 
 
იგი სწრაფად და იოლად შევიდა ღრმა ჰიპნოზის მდგომარეობაში. 
 
„რაღაც კლდეებს ვხედავ. კლდეზე ვდგავარ და ქვემოთ ვიყურები. როგორც ჩანს, გემებს გავცქერი - ეს ისაა, რაც უნდა ვაკეთო... რაღაც ლურჯი მაცვია, ლურჯი შარვლის მაგვარი... მოკლე შარვალი და უცნაური ფეხსაცმელი... შავი ფეხსაცმელი... ფეხსაცმელს აბზინდები უკეთია, ძალიან უცნაური ფეხსაცმელია... ჰორიზონტზე ვერანაირ გემს ვერ ვხედავ“, - ჩურჩულებდა კატერინა. დროში წინ გადავიყვანე, მისი ცხოვრების შემდეგ მნიშვნელოვან მომენტში. 
 
„ჩვენ ლუდს ვსვამთ, მაგარ ლუდს. ის ძალიან მუქია. ლუდის კათხები მასიურია, ძველია და მეტალისაა. ამ ადგილას სიმყრალეა, ბევრი ადამიანია და ძალიან ხმაურობენ. ყველა ლაპარაკობს და ძალიან ხმაურია.“
 
ვეკითხები, ვინმე სახელით ხო არ მიმართავს.
 
„კრისტიანი... ჩემი სახელია კრისტიანი“. ის კვლავ მამაკაცის სხეულშია. „ჩვენ რაღაც ხორცს მივირთმევთ და ლუდს ვსვამთ. ის ძალიან მუქი და მწარეა. ისინი ლუდს მარილს აყრიან.“
 
კატერინამ ვერ დაინახა, რომელი წელი იყო. „ისინი საუბრობენ ომზე, გემებზე, რომლებმაც რომელიღაც პორტები დაიკავეს! მაგრამ არ მესმის, სად ხდება ეს. ცოტა ჩუმად რომ ილაპარაკონ რამეს გავარჩევდი, მაგრამ ყველა რაღაცას გაჰყვირის“. 
 
მე ვკითხე, თუ სად იმყოფებოდა. „ჰემსტედი... ჰემსტედი. ესაა პორტი უელსში. ისინი ბრიტანული ინგლისურით საუბრობენ“. მან წინ გადაინაცვლა დროში, როცა კრისტიანი გემზე იყო. „სუნს ვგრძნობ. რაღაც იწვის. საშინელი სუნია. დამწვარი ხის და კიდევ რაღაცის სუნი. ცხვირი მეწვის... შორიახლოს იწვის რაღაც, სავაჭრო გემი. ჩვენ ვიტვირთებით! რაღაცას ვტვირთავთ, რაც დენთთანაა დაკავშირებული,“ - კატერინა შესამჩნევად გამოცოცხლდა. 
 
„ეს რაღაც, დენთთან დაკავშირებული, ძალიან შავია. ხელებზე გეწეპება. სწრაფი მოქმედებაა საჭირო. გემს მწვანე დროშა აქვს. დროშა მუქია... ეს მწვანე-ყვითელი დროშიაა. მასზე გამოსახულია გვირგვინი, თავზე სამი წერტილით“. 
 
უეცრად, კატერინას სახეზე ტკივილის გრიმასა აღიბეჭდა. კრისტიანს/კატერინას აგონია დაეწყო: „ოხ, - დაიკვნესა მან, - ხელი მტკივა, ხელი მტკივა! აქ რაღაც მეტალია, ცხელი მეტალი ჩემს ხელში. ის მწვავს! ოი, ოი!“
 
მე გამახსენდა ფრაგმენტი მისი სიზმრიდან და მივხვდი, რა იყო ეს წითელი ფარფლები, რომლებიც ხელში ერჭობოდა. მე ტკივილის ბლოკირებას ვახდებდი, მაგრამ ის მაინც კვნესოდა. 
 
„მეტალის ნამსხვრევები... გემი, რომელზეცჩვენ ვიმყოფებოდით, დანგრეულია... პორტი. გარშემო ცეცხლია. ბევრი ადამიანი მოკვდა... ბევრი. მე გადავრჩი... მხოლოდ ხელი მტკივა, მაგრამ დროთა განმავლობაში შემიხორცდება“. კატერინა დროში წინ გადავიყვანე და ბრძანება მივეცი, რომ შემდეგ მნიშვნელოვან მოვლენაზე შეჩერებულიყო.
 
„რაღაც საბეჭდი ცეხის-მაგვარს ვხედავ., სადაც წიგნებს ბეჭდავენ სპეციალური ბლოკებისა და მელნის მეშვეობით. აქ წიგნებს ბეჭდავენ და კინძავენ... წიგნებს ტყავის ყდები აქვთ. წითელ წიგნს ვხედავ... ის ისტორიულია. დასახელებას ვერ ვხედავ - წიგნი ჯერ არაა ბოლომდე დაბეჭდილი. აქ შესანიშნავი წიგნებია. ყდები ისეთი გლუვია, ტყავისაა. ეს შესანიშნავი წიგნებია. ისინი გასწავლიან“.
 
კრისტიანი აშკარად ტკბებოდა წიგნების ჭვრეტით და მათთან შეხებით, და მას ბუნდოვნად ესმოდა წიგნებიდან სწავლის შესაძლებლობები. თუმცაღა, როგორც ჩანს, იგი სრულიად გაუნათლებელი იყო. კატერინა/კრისტიანი წინ, მისი ცხოვრების ბოლო დღეში გადავიყვანე. 
 
„მდინარეზე გადებულ ხიდს ვხედავ. მოხუცი ვარ... ძალიან მოხუცი. სიარული მიჭირს. მდინარეზე ხიდით გადავდივარ... გულმკერდში ტკივილს ვგრძნობ - საშინელ ზეწოლას და ტკივილს გულმკერდზე! ოჰ!“ კატერინა ხრინწიან ხმებს გამოსცემდა და განიცდიდა გულის შეტევას, რომელიც კრისტიანს ხიდზე დაემართა. სუნთქვა სწრაფი და ზედაპირული გაუხდა, სახე და ყელი ოფლით დაეცვარა. ხველება დაეწყო და პირით ჰაერის დაჭერას ცდილობდა. მე ავღელდი. იქნებ სახიფათოა წინა ცხოვრების გულის შეტევის ხელახლა განცდა? ამაზე პასუხი არავინ იცოდა. ბოლოს და ბოლოს კრისტიანი მოკვდა. კატერინა ახლა უკვე მშვიდად იწვა დივანზე. მე შვებით ამოვისუნთქე. 
 
„თავს თავისუფლად ვგრძნობ... თავისუფლად, - ხმადაბლა ჩურჩულებდა კატერინა. - უბრალოდ დავფრინავ სიბნელეში... უბრალოდ დავფრინავ. გარშემო სინათლეა... და სულები, სხვა ადამიანები“. 
 
მე ვკითხე, თუ რას ფიქრობდა იმ ცხოვრებაზე, რომელიც ახლახანს დასრულდა, კრისტიანის ცხოვრებაზე. 
 
„მე პატიება უნდა მესწავლა, მაგრამ ვერ ვისწავლე. ვერ ვპატიობდი წყენებს, რომლებსაც ადამიანები მაყენებდნენ. უნდა მეპატიებინა და ვერ ვპატიობდი. წლობით ვაგროვებდი მათ და თან ვატარებდი... თვალებს ვხედავ... თვალებს“.
 
„თვალებს? - გავიმეორე მე, ვიგრზენი რა კონტაქტი - რა თვალებს?“
 
„სულის მასწავლებლის თვალებს, - თქვა კატერინამ, - მაგრამ უნდა დაველოდო. ბევრი მაქვს საფიქრალი“. დაძაბულ დუმილში წუთები გავიდა.
 
„ როგორ მიხვდებით, რომ მზად არიან?“ - ვკითხე იმედით და შევწყვიტე ხანგრძლივი დუმილი. 
 
„ისინი მეძახიან“, - მიპასუხა მან. კიდევ რაღაც დრო გავიდა. შემდეგ უეცრად თავის აქეთ-იქით ტრიალი დაიწყო, მისი ხმა კი ხრინწიანი და მტკიცე გახდა, რაც ცვლილებაზე მოწმობდა. 
 
„ამ განზომილებაში ბევრი სულია. მე აქ ერთადერთი არ ვარ. ჩვენ მოთმინებით უნდა ვიყოთ. ესაა ის, რაც ასევე არასოდეს მისწავლია... ბევრი განზომილება არსებობს...“ კატერინას ვკითხე, იყო თუ არა აქ მანამდე, ინკარნირდა თუ არა ბევრჯერ. 
 
მე ბევრჯერ ვყოფილვარ სხვადასხვა პლანზე. ყოველი პლანი - ესაა უფრო მაღალი ცნობიერების საფეხური. ის, თუ რომელ პლანზე გავემგზავრებით, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შორს წავედით განვითარებაში...“ კატერინა კვლავ გაჩუმდა. ვკითხე, თუ რომელი გაკვეთილები უნდა ესწავლა, რომ წინ წასულიყო. მან მაშინვე მიპასუხა:
 
„ჩვენი ცოდნა სხვა ადამიანებს უნდა გავუზიაროთ. ჩვენ გაცილებით უფრო მეტი შესაძლებლობა გვაქვს, ვიდრე ვიყენებთ. ვიღაცეები ამას სხვებზე ადრე აღმოაჩენენ ხოლმე. მაგრამ აქამდე საჭიროა ჩვენი მანკიერებების გამოსწორება. წინააღმდეგ შემთხვევაში მათი შემდეგ ცხოვრებაში თან წაღება მოგვიწევს. მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია საკუთარი თავის გათავისუფლება... ცუდი ჩვევებისგან, რომელსაც ფიზიკური არსებობის დროს ვაგროვებთ. მასწავლებლები ამას ჩვენ ნაცვლად ვერ გააკეთებენ. 
 
და მხოლოდ მაშინ, როცა გადაწყვეტთ, რომ საკმარისად ძლიერები ხართ იმისთვის, რომ გარე პრობლემებს გაუმკლავდეთ, თან აღარ წაიღებთ მათ შემდეგ ცხოვრებაში. 
 
ჩვენ ასევე უნდა ვისწავლოთ, რომ არა მხოლოდ იმ ადამიანებს დავუახლოვდეთ, ვისაც ჩვენი მსგავსი ვიბრაციები აქვს. ეს ნორმალურია, რომ ისინი გვიზიდავენ, ვინც ჩვენივე დონეზეა. მაგრამ ეს არასწორია. ჩვენ იმ ადამიანებთან უნდა წავიდეთ, ვისაც არასწორი ვიბრაციები აქვს... ჩვენთან შედარებით. ეს მნიშვნელოვანია... დახმარება... ამ ადამიანების.
 
ჩვენ მოგვეცა ინტუიტიური ძალები, რომლებსაც უნდა მივყვეთ, ნაცვლად იმისა, რომ შევეწინააღმდეგოთ მათ. ვინც მათ ეწინააღმდეგება, საფრთხეს შეეჩეხება. ყოველი პლანიდან ჩვენ არათანასწორი ძალებით გვაბრუნებენ. ვიღაცას სხვებზე მეტი შესაძლებლობა აქვს, რადგან ისინი სხვა დროს დააგროვა. ანუ ადამიანები არ არიან თანასწორად დაბადებულნი. მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ მივაღწევთ იმ მომენტს, როცა ყველა თანასწორი იქნება“. 
 
კატერინა გაჩუმდა. ვიცოდი, რომ ეს აზრები მას არ ეკუთვნოდა. მას არანაირი ურთიერთობა არ ჰქონდა ფიზიკასთან ან მეტაფიზიკასთან და არაფერი იცოდა პლანების, განზომილებებისა და ვიბრაციების შესახებ. გარდა ამისა, ამ სიტყვებისა და აზრების სილამაზე, ამ გამონათქვამების ფილოსოფიური ქვეტექსტი მის შესაძლებლობებზე მაღლა იდგა. მისი საუბარი არასოდეს ყოფილა ასეთი ლაკონური და პოეტური. მე ვგრძნობდი სხვა, უფრო მაღალ ძალას, რომელიც მის გონებასთან და ხმის იოგებთან მუშაობდა, რათა ჩემთვის გასაგები ეს აზრები და სიტყვები ეთარგმნა. არა, ეს არ იყო კატერინა. მის ხმაში მეოცნებე ინტონაციები ჟღერდა. 
 
„კომაში მყოფი ადამიანები... გამოკიდებულ მდგომარეობაში არიან. ისინი ჯერ არ არიან მზად სხვა პლანზე გადასასვლელად... სანამ არ გადაწყვეტენ, უნდათ თუ არა გადასვლა. მხოლოდ მათ შეუძლიათ ამის გადაწყვეტა. თუკი ისინი გრძნობენ, რომ უკვე ვეღარაფერს სწავლობენ... თავის ფიზიკურ მდგომარეობაში... მათ გადასვლის უფლება ეძლევათ. მაგრამ თუკი ჯერ კიდევ აქვთ რაღაც სასწავლი, ისინი უნდა დაბრუნდნენ, მაშინაც კი, თუ ეს არ სურთ. ეს მათთვის დასვენების პერიოდია, დრო, როცა მათ მენტალურ ძალებს შეუძლიათ დაისვენონ.“
 
ამრიგად, კომაში მყოფ ადამიანებს შეუძლიათ გადაწყვიტონ დაბრუნდნენ თუ არა, იმის მიხედვით, თუ კიდევ რამდენი გაკვეთილის მიღება შეუძლიათ თავიანთ ფიზიკურ მდგომარეობაში. თუკი მათ ეჩვენებათ, რომ უკვე აღარაფერი აქვთ სასწავლი, მათ შეუძლიათ უშუალოდ სულიერ მდგომარეობაში გადავიდნენ, მიუხედავად თანამედროვე მედიცინის ძალისხმევებისა. ეს ინფორმაცია მშვენივრად შეესაბამება სამეცნიერო პუბლიკაციებს სიკვდილთან ახლოს მყოფი მდგომარეობების შესახებ და იმის შესახებ, თუ რატომ გადაწყვიტა ზოგიერთმა პაციენტმა დაბრუნება. სხვებს არჩევანი არ ჰქონდათ: ისინი იძულებულნი იყვნენ დაბრუნებულიყვნენ, რადგან კიდევ რაღაც უნდა ესწავლათ. ცხადია, ყველა ადამიანი, ვინც თავისი სიკვდილთან ახლოს მყოფი მდგომარეობის შესახებ მოყვა, თავის სხეულს დაუბრუნდა. მათ მონათხრობში საოცარი მსგავსებაა. ისინი შორდებოდნენ სხეულს და ზემოდან „აკვირდებოდნენ“ რეანიმაციის პროცესს. შემდეგ კაშკაშა სინათლეს ხედავდნენ ან მბრწყინავ „სულიერ“ ფიგურას მოშორებით, ზოგჯერ კი გვირაბის ბოლოს. ისინი არ გრძნობდნენ ტკივილს. როცა აცნობიერებდნენ, რომ დედამიწაზე მათი ამოცანები ჯერ კიდევ არ ამოწურულა და თავიანთ სხეულს უნდა დაუბრუნდნენ, მაშინვე სხეულში აღმოჩნდებოდნენ ხოლმე და კვლავაც განიცდიდნენ ტკივილს და სხვა ფიზიკურ შეგრძნებებს. 
 
მე რამდენიმე პაციენტი მყავდა სიკვდილთან ახლოს მყოფი გამოცდილებით. ყველაზე საინტერესო შემთხვევა უკაშირდება წარმატებულ ბიზნესმენს - ჯეკობს, სამხრეთ ამერიკიდან, რომელთანაც რამდენიმე ტრადიციული ფსიქოთერაპიული სეანსი ჩავატარე კატერინას მკურნალობის დასრულებიდან დაახლოებით ორი წლის შემდეგ. 1975 წელს ჰოლანდიაში ჯეკობს მოტოციკლისტი დაეჯახა, და მან ცნობიერება დაკარგა. ის ოცდაათზე ცოტა მეტის იყო. იხსენებდა, როგორ ლივლივებდა თავისი სხეულის თავზე და ზემოდან უყურებდა ავარიას, მისულ სასწრაფოს, ექიმს, რომელიც მის ჭრილობებს იკვლევდა, და სეირის სანახავად მისულ ხალხს. შემდეგ შორს მოოქროსფრო სინათლე დაინახა, და როცა მიუახლოვდა, ყავისფერ სამოსიანი ბერი იხილა. ბერმა უთხრა ჯეკობს, რომ მისი გარდაცვალების დრო ჯერ არ დამდგარა და სხეულში უნდა დაბრუნდეს. ჯეკობი გრძნობდა ბერის სიბრძნეს და ძალას. მან ასევე მოუყვა მისი ცხოვრების ზოგიერთი მომავალი მოვლენის შესახებ, და ისინი მართლაც მოხდა. ჯეკობი მკვეთრად დააბრუნეს სხეულში. მან საავადმყოფოს პალატაში გაიღვიძა, გონზე მოვიდა და პირველად იგრძნო მტანჯველი ტკივილი. 
 
1980 წელს, ისრაელში მოგზაურობისას, ნაციონალობით ებრაელმა ჯეკობმა პატრიარქების გამოქვაბული მოინახულა ჰევრონში, იუდეველებისა და მუსულმანების თაყვანისცემის ადგილას. მას შემდეგ, რაც ჰოლანდიაში შეემთხვა, ჯეკობი უფრო რელიგიური გახდა და მეტ დროს უთმობდა ლოცვებს. ახლოს მეჩეთი დაინახა და სალოცველად მუსლიმებთან ერთად დაჯდა. რაღაც დროის შემდეგ ადგა, რომ წასულიყო. მოხუცი მუსლიმი მივიდა მასთან და უთხრა: „თქვენ ცალსახად გამოირჩევით სხვებისგან. ისინი იშვიათად ლოცულობენ ჩვენთან ერთად“. მოხუცი ცოტა ხნით გაჩუმდა, ყურადღებით შეხედა ჯეკობს და განაგრძო: „თქვენ ბერს შეხვდით. არ დაგავიწყდეთ, რაც გითხრათ“. შემთხვევიდან ხუთი წლის შემდეგ, იმ ადგილიდან ათასობით მილის მოშორებით, მოხუცმა ადამიანმა იცოდა ჯეკობის ბერთან შეხვედრის შესახებ, რომელიც მისი კომაში ყოფნის დროს შედგა.  
 
ოფისში, კატერინას ბოლო გზავნილებზე ფიქრისას, საკუთარ თავს დავუსვი კითხვა, როგორი დამოკიდებულება ექნებოდათ ჩვენს წინაპრებს იმ იდეასთან, რომ ადამიანები არათანასწორები არიან შექმნილნი. ადამიანები იბადებიან ნიჭებით, უნარებით და ძალებით, რომლებიც სხვა ცხოვრებებში დააგროვეს. „მაგრამ საბოლოო ჰამში ჩვენ მივაღწევთ იმ მომენტს, როცა ყველა თანასწორი იქნება“. ვეჭვობდი, რომ ამ მომენტს მრავალი ცხოვრება გვაშორებდა. 
 
ვფიქრობდი ახალგაზრდა მოცარტზე და მის დაუჯერებელ ნიჭზე. მიიღო თუ არა ეს ნიჭი მემკვიდრეობით წინა ცხოვრებებიდან? როგორც ჩანს თან გადაგვაქვს ცხოვრებიდან ცხოვრებაში როგორც უნარები, ასევე ვალები. 
 
ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორ არიდებენ ერთგვაროვანი ჯგუფები თავს სხვა ადამიანებს. აქედან იბადება წინასწარგანწყობები და ჯგუფთაშორისი განსხვავებები. „ჩვენ ასევე უნდა ვისწავლოთ, რომ არა მხოლოდ იმ ადამიანებს დავუახლოვდეთ, ვისაც ჩვენი მსგავსი ვიბრაციები აქვს. არამედ ამ განსხვავებულ ადამიანებსაც დავეხმაროთ.“ მე ვგრძნობდი ამ სიტყვების სულიერ ჭეშმარიტებას. 
 
„უნდა დავბრუნდე, - განაცხადა კატერინამ. - უნდა დავბრუნდე“. მაგრამ მეტის გაგება მინდოდა. ვკითხე, თუ ვინ იყო რობერტ ჯეროდი. მან ეს სახელი ბოლო სეანსზე ახსენა და თქვა, რომ მას ჩემი დახმარება სჭირდებოდა. 
 
„არ ვიცი... ის შესაძლოა სხვა პლანზე იმყოფებოდა, და არა ამაზე“. ცხადი იყო, რომ ვერ ახერხებდა მის პოვნას. „მხოლოდ მაშინ, როცა მოინდომებს, მხოლოდ მაშინ, თუკი გადაწყვეტს ჩემთან მოსვლას, - დაიჩურჩულა მან, - იგი გადმომცემს შეტყობინებას. მას თქვენი დახმარება სჭირდება“. 
 
მე მაინც არ მესმოდა, როგორ შეიძლებოდა დავხმარებოდი. 
 
„არ ვიცი, - მიპასუხა კატერინამ. - მაგრამ სწორედ თქვენ უნდა გასწავლონ, და არა მე“. 
 
ძალიან საინტერესოა. იყო თუ არა განკუთვნილი ჩემთვის ეს მასალა? თუ რობერტ ჯეროდს ჩემი სწავლებიტ უნდა დავხმარებოდი? ჩვენ. მართლაც არასოდეს გვქონია კონტაქტი. 
 
„უნდა დავბრუნდე, - გაიმეორა კატერინამ. - ჯერ სინათლისკენ უნდა გავემართო“. მოულოდნელად იგი აღელდა: „ოი, მე მეტისმეტად დიდხანს ვყოყმანობდი... იმის გამო, რომ ვყოყმანობდი, კვლავ მომიწევს ლოდინი“. სანამ ელოდებოდა, ვკითხე, თუ რას ხედავდა და გრძნობდა. 
 
„უბრალოდ სხვა სულები... ისინიც ელოდებიან“. მე ვკითხე, ხომ არ შეგვეძლო ამასობაში რაიმე ბრძნულის სწავლა. „შეგიძლიათ გვითხრათ, რა უნდა ვიცოდეთ?“ - ვკითხე მე.
 
„ისინი აქ არ არიან. ვერავინ ილაპარაკებს,“ - მიპასუხა მან. თუ მასწავლებლები ახლოს არ იყვნენ, კატერინას არ შეეძლო ცოდნის გადმოცემა. 
 
აქ მშვიდად არ ვარ. მართლა წასვლა მინდა... საჭირო მომენტში წავალ“. და კვლავ ჩამოწვა მდუმარების წუთები. ბოლოს, როგორც იქნა დადგა საჭირო მომენტი. იგი სხვა ცხოვრებაში გადავიდა. 
 
„ვაშლის ხეებს ვხედავ... და სახლს, თეთრ სახლს. სახლში ვცხოვრობ. ვაშლები დამპალი და მატლებიანია. მათი ჭამა არ შეუძლება. ხეზე საქანელებია“. ვთხოვე, რომ საკუთარი თავისთვის შეეხედა. 
 
„ღია ფერის თმა მაქვს. ხუთი წლის ვარ. კატერინა მქვია“. მე გამიკვირდა. იგი თავის ამჟამინდელ ცხოვრებაში შევიდა; ეს იყო კატერინა ხუთი წლის ასაკში. მაგრამ აქ შემთხვევით არ მოხვდებოდა. „იქ რამე მოხდა, კატერინა?“
 
„მამაჩემი გაბრაზებულია ჩვენზე, რადგან ჩვენთვის გარეთ გამოსვლა არ შეიძლებოდა. იგი ჯოხით მცემს. ძალიან მძიმე ჯოხით. მტკივა... მეშინია“. იგი ბავშვივით გულამოსკვნილი ტიროდა. „ის არ გაჩერდება, სანამ არ გვატკენს. რატომ აკეთებს ამას? რატომაა ასეთი საზიზღარი?“ ვთხოვე, რომ თავისი ცხოვრებისთვის უფრო მაღალი პერსპექტივიდან შეეხედა, რათა თავის კითხვაზე პასუხი ეპოვნა. ცოტა ხნის წინ ვკითხულობდი იმ ადამიანებზე, რომლებსაც ამის გაკეთება შეეძლოთ. ზოგიერთი ავტორი ამ პერსპექტივას ჩვენს უმაღლეს მეს უწოდებს. მაინტერესებდა, შეძლებდა თუ არა კატერინა ამ მდგომარეობის მიღწევას, თუკი იგი არსებობდა. თუ შეძლებდა, მაშინ ეს მძლავრი თერაპიული ტექნიკა გახდებოდა, რომელიც გაგებისა და შემეცნების სწრაფ წვდომას მოგვცემდა.
 
„მას არასოდეს ვუნდოდით, - დაიჩურჩულა ძალიან ხმადაბლა. - ეჩვენება, რომ მის ცხოვრებაში შევიჭერით... არ ვუნდივართ“.
 
„არც თქვენი ძმა?“ - ვკითხე მე.
 
„დიახ, ჩემი ძმა კიდევ უფრო მეტად არ უნდა. ისინი არასოდეს გეგმავდნენ ჩემი ძმის დაბადებას. დაქორწინებულებიც არ იყვნენ, როცა ჩაისახა.“ ეს კატერინასთვის გამაოგნებელი სიახლე აღმოჩნდა. მან არ იცოდა, რომ მისი ძმა ქორწინების გარეშე ჩაისახა. დედამისმა მოგვიანებით დაადასტურა ამ ინფორმაციის სიზუსტე. 
 
მიუხედავად იმისა, რომ კატერინა უბრალოდ თავის ცხოვრებას აღწერდა, ახლა იგი ავლენდა სიბრძნეს და ისეთ თვალთახედვას თავის ცხოვრებაზე, რომელიც ადრე შესაძლებელი იყო მხოლოდ შუალედურ, ან სულიერ მდგომარეობაში. მის გონებაში არსებობდა „უფრო მაღალი“ სფერო, ერთგვარი ზეცნობიერება. შესაძლოა ეს მისი უმაღლესი მე იყო, რომელზეც სხვა ავტორები წერენ. მაშინაც კი, თუ მასწავლებლებთან და მათ საოცარ სიბრძნესთან კონტაქტში არ იმყოფებოდა, ზეცნობიერების მდგომარეობაში ყოფნისას მას გააჩნდა სერიოზული ინფორმაცია და გამონათებები, როგორიცაა, მაგალითად ინფორმაცია მისი ძმის ჩასახვის შესახებ. თავის ჩვეულ, ცნობიერ მდგომარეობაში, კატერინა იყო გაცილებით უფრო მღელვარე, შეზღუდული, უფრო მარტივი და არაღრმა. მას არ შეეძლო ცნობიერად შესულიყო ამ ზეცნობიერ მდგომარეობაში. მინდოდა გამეგო, მართალი იყო თუ არა, რომ აღმოსავლური და დასავლური რელიგიების წინასწარმეტყველებს და ბრძენებს, რომლებსაც „რეალიზებულებს“ უწოდებენ, შეეძლოთ ამ ზეცნობიერი მდგომარეობის გამოყენება სიბრძნისა და ცოდნის მოსაპოვებლად. თუ კი, მაშინ ჩვენ ყველას გვაქვს მსგავსი უნარი, რადგან უნდა ვფლობდეთ ამ ზეცნობიერს. ფსიქოანალიტიკოსმა კარლ იუნგმა იცოდა ცნობიერების სხვადასხვა დონეების შესახებ. იგი წერდა კოლექტიურ არაცნობიერზე, მდგომარეობაზე, რომელსაც გარკვეული მსგავსება აქვს კატერინას ზეცნობიერის მდგომარეობასთან. 
 
მე უფრო და უფრო უსიამოვნებას მგვრიდა გადაულახავი უფსკრული კატერინას ცნობიერებას, ანუ ფხიზელ გონებასა და მის ჰიპნოზურ, ზეცნობიერ გონებას შორის. სანამ იგი ჰიპნოზურ ტრანსში იყო, მე მოხიბლული ვიყავი მასთან ფილოსოფიური დიალოგებით ზეცნობიერ დონეზე. მაგრამ გამოღვიძების შემდეგ კატერინა არ ავლენდა ინტერესს ფილოსოფიისადმი და სხვა მსგავსი თემებისადმი. იგი ცხოვრობდა ყოველდღიური საზრუნავების სამყაროში, და ვერ ხედავდა გენიას საკუთარ თავში. 
 
ამასობაში, როგორც გაირკვა მამამისი აწამებდა მას, და ამის მიზეზები გაირკვა. „როგორც ჩანს, მან ბევრი გაკვეთილი უნდა ისწავლოს?“ - ვკითხე მე.
 
„დიახ...“
 
მე ვკითხე, იცოდა თუ არა, რა უნდა ესწავლა. „ეს ცოდნა ჩემთვის მისაწვდომი არაა“. მის ხმაში განდგომილობა იგრძნობოდა. „მე ის მეხსნება, რაც ჩემთვისაა მნიშვნელოვანი, და მე მეხება. ყველამ თავის თავზე უნდა იზრუნოს... უნდა ეცადოს, რომ მთლიანობა მოიპოვოს. ჩვენ ყველას გვაქვს გაკვეთილები, რომლებიც უნდა ვისწავლოთ. მათი სწავლა აუცილებელია თანმიმდევრულად, ცალ-ცალკე. მხოლოდ მასინ გავიგებთ, რა ჭირდებათ მათ, ვინც ჩვენს გვერდითაა, რა არ ყოფნით მათ ან ჩვენ იმისთვის, რომ მთლიანი გავხდეთ“. მის ჩურჩულში სიყვარული და განჯაჭვულობა იგრძნობოდა. 
 
როცა კატერინამ კვლავ დაილაპარაკა, მისმა ხმამ კვლავ მოიპოვა ბავშვური ინტონაციები. „მის გამო გული მერევა! მაიძულებს, რომ ეს საზიზღრობა ვჭამო, მე კი არ მინდა. ეს... სალათი, ხახვი... ვერ ვიტან. მაიძულებს რომ ვჭამო, და იცის, რომ მაღებინებს. მაგრამ ფეხებზე ჰკიდია!“ კატერინა იხრჩობოდა. პირით ჰაერის დაჭერას ცდილობდა. მე კვლავ შევთავაზე, რომ გვერდიდან დაკვირვებოდა სცენას, რათა გაეგო, რატომ იქცეოდა ასე მამამისი. 
 
კატერინამ ხრინწიანი ხმით დაილაპარაკა: „ეს მასში რაღაც სიცარიელეს ავსებს. მას ვძულვარ იმის გამო, რაც გააკეთა. მეც ვძულვარ ამისთვის და საკუთარი თავიც“. მე თითქმის დამავიწყდა სექსუალური ზეწოლის ფაქტი მამამისის მხრიდან, როცა სამი წლის იყო. „ამიტომაც უნდა, რომ დამსაჯოს... ალბათ რაღაც ისეთი გავაკეთე, რაც აიძულებს, რომ ასე მოიქცეს“. ის მხოლოდ სამი წლის იყო, მამამისი კი ნასვამი იყო. მიუხედავად ამისა, კატერინა იმ დროიდან მოყოლებული ატარებდა დანაშაულის გრძნობას. მე ვუხსნიდი ამ აშკარა ფაქტს. 
 
„თქვენ პატარა ბავშვი იყავით. ახლა უნდა გაათავისუფლოთ საკუთარი თავი ამ დანაშაულის გრძნობისგან. თქვენ არაფერი არ გაგიკეთებიათ. რა შეეძლო სამი წლის ბავშვს? ეს მამათქვენმა გააკეთა“. 
 
„როგორც ჩანს, მასაც ვძულდი, - თქვა კატერინამ ჩურჩულით. - მე მას ადრეც ვიცნობდი, მაგრამ ახლა ვერ ამომაქვს ეს ინფორმაცია. იმ დროში უნდა დავბრუნდე“. მიუხედავად იმისა, რომ უკვე რამდენიმე საათი გავიდა, გადავწყვიტე მისი ძველი ურთიერთობებისთვის გადაგვეხედა და დეტალური მითითებები მივეცი. 
 
„თქვენ ღრმა მდგომარეობაში იმყოფებით. ცოტა ხანში სამიდან ერთამდე დავითვლი. თქვენ კიდევ უფრო ღრმა მდგომარეობაში ჩაიძირებით და თავს სრულიად უსაფრთხოდ იგრძნობთ. თქვენი გონება თავისუფლად მიემართება დროში უკან, იმ მომენტისკენ, სადაც დაიწყო კავშირი თქვენს ამჟამინდელ მამასთან, იმ დროისკენ, რომელშიც იმალება თქვენსა და მამათქვენს შორის მომხდარის მნიშვნელოვანი პირველ-მიზეზები. როცა ვიტყვი „ერთი“, იმ ცხოვრებაში გადახვალთ და გაიხსენებთ. ეს მნიშვნელოვანია თქვენი განკურნებისთვის. სამი... ორი... ერთი“. დადგა ხანგრძლივი პაუზა. 
 
„მე ვერ ვხედავ მას... მაგრამ ვხედავ, როგორ კლავენ ადამიანებს! - მისი ხმა მაღალი და ხრინწიანი გახდა. - ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ სიცოცხლე წავართვათ ადამიანებს, სანამ ისინი თავის კარმას არ დაამუშავებენ. ჩვენ კი ამას ვაკეთებთ. უფლება არ გვაქვს. როცა მოკვდებიან და შემდეგ განზომილებაში გადავლენ, დაიტანჯებიან იქ. ვერ მოისვენებენ. იქ სიმშვიდე არ ექნებათ, და მათ უკან გამოგზავნიან, მაგრამ მათი ცხოვრება მძიმე იქნება. და მათ მოუწევთ, რომ კომპენსაცია გაუკეთონ იმ ადამიანებს, რომლებსაც უსამართლოდ აწყენინეს. მათ სიცოცხლე მოუსწრაფეს ამ ადამიანებს, მაგრამ ამის უფლება არ ჰქონდათ. მხოლოდ ღმერთს შეუძლია მათი დასჯა, მაგრამ არა ჩვენ. ისინი დაისჯებიან.“
 
ცოტა ხნით დუმილი ჩამოწვა. „ისინი წავიდნენ“, - დაიჩურჩულა კატერინამ. სულის მასწავლებლებმა დღეს კიდევ ერთი გზავნილი გადმოგვცეს, ძლიერი და მკაფიო. ჩვენ არ უნდა მოვკლათ, მიუხედავად ნებისმიერი ვითარებისა. მხოლოდ ღმერთს შეუძლია დასაჯოს. 
 
კატერინა დაღლილი იყო. გადავწყვიტე მამამისთან წინა ინკარნაციებში კავშირის ძიება სხვა დროისთვის გადამედო და ტრანსიდან გამოვიყვანე. მას არაფერი ახსოვდა, გარდა კრისტიანის ცხოვრებისა და თავისი ბავშვობისა. დაიღალა, მაგრამ მშვიდი და მოდუნებული იყო, თითქოს დიდი სიმძიმე მოეხსნა მხრებიდანო. ჩემი თვალები ქეროლის თვალებს შეხვდა. ჩვენც დავიქანცეთ. კატერინას ყოველ სიტყვას დიდი ყურადღებით და მღელვარებით ვუსმენდით. არაჩვეულებრივი გამოცდილება მივიღეთ. 

 

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff