თავი მერვე
თავი მერვე
ჩვენი მომდევნო სეანსი მხოლოდ სამი კვირის შემდეგ შედგა. ვისვენებდი რა შვებულების დროს ტროპიკულ სანაპიროზე, შესაძლებლობა მქონდა, მეფიქრა იმაზე, რაც კატერინას გადახდა. ჰიპნოზური რეგრესია წარსულ ცხოვრებებში კონკრეტული დაკვირვებებით და იმ ობიექტების, პროცესებისა და ფაქტების დეტალური ახსნებით, რომლებზეც მას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა თავის ჩვეულ, ნორმალურ ცხოვრებაში. მისი ავადმყოფური სიმპტომების შესუსტება რეგრესიის წყალობით - ეს იყო გაუმჯობესება, რომელსაც ვერ მიაღწევდა ტრადიციული ფსიქოთერაპია თვრამეტი თვის მკურნალობის მანძილზე. საოცრად ზუსტი ინფორმაცია სიკვდილის შემდგომი, სულიერი მდგომარეობიდან, იმ ცოდნის გადმოცემა, რომელთანაც თავად არ ჰქონია წვდომა. სულიერი პოეზია და ლექციები სიკვდილის შემდგომ სივრცეზე, სიცოცხლესა და სიკვდილზე, დაბადებასა და ხელახლა დაბადებაზე სულის მასწავლებლებისგან, რომლებიც ბრძნულად და პოეტურად საუბრობენ, რაც საერთოდ არაა დამახასიათებელი კატერინასთვის. საფიქრალი მართლაც ბევრ რამეზე იყო.
ჩემი პრაქტიკის განმავლობაში ასობით, შესაძლოა ათასზე მეტი ფსიქიატრიული პაციენტი განვკურნე. მრავალი წელი ვიმუშავე სასწრაფო ფსიქიატრიული დახმარების სამსახურში, ამბულატორულ კლინიკებში და სხვა დაწესებულებებში, რომლებიც იკვლევდნენ და მკურნალობდნენ ამბულატორულ პაციენტებს. მე ყველაფერი ვიცი სმენით და ვიზუალურ ჰანუცინაციებზე და შიზოფრენიულ მანიებზე. ბევრი პაციენტთან მქონია შეხება მოსაზღვრე პიროვნების აშლილობებით და ისტერიული ხასიათის აშლილობებით, მათ შორის პიროვნების გახლეჩით. მე ვსაწავლიდი ალკოჰოლური და ნარკოტიკული დამოკიდებულების საგანმანათლებლო ცენტრში, რომელიც ნარკოტიკული დამოკიდებულების ნაციონალურმა ინსტიტუტმა (NIDA) დააფუძნა, და ძალიან კარგად ვიცნობ ნარკოტიკების ტვინზე ზემოქმედების ფართო სპექტრს.
კატერინას ამ სიმპტომებიდან ან სინდრომებიდან არცერთი არ ჰქონდა. ის, რაც მოხდა, არ წარმოადგენს ფსიქიკური ავადმყოფობის გამოვლინებას. მას არ აქვს ფსიქოზი, იგი არაა მომწყდარი რეალობას და არასოდეს ჰქონია ჰალუცინაციები (სმენითი ან ვიზუალური) ან მანიები (აკვიატებული ცრუ-რწმენები).
იგი არ იყენებდა ნარკოტიკებს და არ ჰქონდა ფსიქოპატური გადახრები, ისტერიული მიდრეკილებები ან დისოციაციური ტენდენციები. სხვა სიტყვებით, კატერინა მოქმედებს და აზროვნებს სრულიად ცნობიერად, ანუ არა „ავტოპილოტზე“, და მას არასოდეს ჰქონია პიროვნების გაორება. ინფორმაცია, რომელსაც მისგან ვიღებდი, თავისი ფორმით და შინაარსით ხშირად სცდებოდა მისი პირადი შესაძლებლობების საზღვრებს. განსაკუთრებით ეს ეხება ზოგიერთ სპეციფიურ ფაქტს და მოვლენას ჩემი პირადი წარსულიდან (მაგალითად, ინფორმაცია მამაჩემზე და ჩემს ვაჟზე). ასევე მისი წარსულიდანაც. მან გამოავლინა ის ცოდნა, რომელთანაც ამ ცხოვრებაში წვდომა არ ჰქონია. მისი ცოდნა, და ასევე სეანსების დროს მიღებული მთელი გამოცდილება უცხო იყო მისი კულტურისთვის და აღზრდისთვის და ეწინააღმდეგებოდა მის ბევრ რწმენა-წარმოდგენას.
კატერინა ფრიად უბრალო და გულწრფელი ადამიანია. იგი არაა მეცნიერი, და არ შეეძლო მოეგონებინა ის ფაქტები, დეტალები და ისტორიული მოვლენები, და ის პოეზია, რომელიც მისგან მოდიოდა. როგორც ფსიქიატრი და მეცნიერი, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს მიერ მიღებული მასალა მისი არაცნობიერი გონების რაღაც ნაწილიდან მოდიოდა. და იგი უდავოდ რეალური იყო. ნიჭიერი მსახიობიც რომ ყოფილიყო, კატერინა ვერ შეძლებდა ყველა ამ ხატ-სახის და მოვლენის ხელახლა აღდგენას. ცოდნა მეტისმეტად ზუსტი და სპეციფიური იყო, და მის შესაძლებლობებს სცდებოდა.
მე ვფიქრობდი კატერინას წინა ცხოვრებების კვლევის თერაპიულ დანიშნულებაზე. როდესაც ეს ახალი სამყარო აღმოვაჩინეთ, მისი მდგომარეობის გაუმჯობესება მკვეთრად დაჩქარდა ყოველდგვარი მედიკამენტის გარეშე. ამ სამყაროს ძლიერი განმკურნებელი ძალა გააჩნია, და იგი აშკარად უფრო ეფექტური იყო, ვიდრე ტრადიციული თერაპია ან თანამედროვე მედიკამენტები. ეს ძალა თავის არსენალში მოიცავს არა მხოლოდ ერთეული ტრავმული მოვლენების გახსენებას და ხელახლა განცდას, არამედ იმ ყოველდღიური ტრავმების, რომელიც ჩვენს სხეულსა და გონებაში დაილექა. როდესაც კატერინას სხვადასხვა ცხოვრებებს ვაკვირდებოდით, მე ჩემი კითხვებით ამ ტრავმების გამოვლინებას ვეძებდი, როგორებიცაა ქრონიკული ემოციური ან ფიზიკური ძალადობა, სიღარიბე და შიმშილი, ავადმყოფობები, განმეორებადი წარუმატებლობები და ა.შ. მე ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევდი ისეთ მძიმე ტრაგედიებს, როგორებიცაა სიკვდილის ტრავმული გამოცდილება, ძალადობა, მასობრივი კატასტროფები და სხვა საშინელი მოვლენები, რომლებსაც შეეძლოთ მძიმე კვალი დაეტოვებინათ. კვლევის ტექნიკა ჰგავს ბავშვობის განხილვას ტრადიციულ ფსიქოთერაპიაში, იმის გამოკლებით, რომ დროითი ჩარჩოები ჩვენს შემთხვევაში მოიცავს არა 10-15, არამედ ათასობით წელს. ამიტომ ჩემი კითხვები უფრო პირდაპირი და მიზანმიმართული იყო, ვიდრე ტრადიციულ ფსიქოთერაპიაში. მაგრამ ჩვენი არასტანდარტული კვლევის წარმატება უდავო იყო. კატერინა (და სხვა პაციენტები, რომლებსაც შემდგომში ჰიპნოზური რეგრესიის მეთოდით ვმკურნალობდი) დაუჯერებელი სისწრაფით განიკურნა.
მაგრამ სად უნდა ვეძებოთ წინა ცხოვრებებზე კატერინას მოგონებების სხვა ახსნები? შეიძლება თუ არა, რომ მეხსიერება მისი გენებში ყოფილიყო შენახული? ამ ვერსიის მეცნიერული არგუმენტაცია ფრიად სუსტია. გენეტიკური მეხსიერება მოითხოვს გენეტიკური მასალის უწყვეტ ჯაჭვს თაობიდან თაობამდე. კატერინა დედამიწის სხვადასხვა ადგილებში ცხოვრობდა, და მისი გენეტიკური ხაზი გამუდმებით წყდებოდა. იგი თავის შთამომავლებთან ერთად წყალდიდობის დროს მომკვდარა, ან უშვილო ყოფილა, ან სრულიად ახალგაზრდა მომკვდარა. მისმა გენეტიკურმა ფონდმა არსებობა შეწყვიტა და აღარ გაგრძელებულა. და როგორ ავხსნით მის მდგომარეობას სიკვდილის შემდეგ და შუალედურ მდგომარეობაში? იქ არ ყოფილა არც სხეული და არც რაიმე გენეტიკური მასალა, და მაინც, მისი მეხსიერება არსებობას განაგრძნობდა. არა, გენეტიკური ახსნა გამოირიცხა.
ხოლო თუ განვიხილავთ იუნგის იდეას კოლექტიური არაცნობიერის, მთელი კაცობრიობის მეხსიერებისა და გამოცდილების რეზერვუარის შესახებ, რომელშიც ასე თუ ისე შესაძლებელია შეღწევა? სხვადასხვა კულტურებში და ასევე სიზმრებში ხშირად გვხვდება მსგავსი სიმბოლოები. იუნგის თანახმად, კოლექტიური არაცნობიერი - ეს არაა პირადი მიღწევების შედეგი. ამას ადამიანები „მემკვიდრეობით“ იღებენ, და ეს მათი ტვინის სტრუქტურებშია. იგი იმ მოტივებს და ხატ-სახეებს მოიცავს, რომლებიც სხვადასხვა ახალი ფორმით ყველა კულტურაში და ტრადიციაში ავლენენ თავს. ვფიქრობ, კატერინას მოგონებები მეტისმეტად სპეციფიურია იმისთვის, რომ მათი ახსნა იუნგის კონცეფციით იყოს შესაძლებელი.
მას არ გადმოუცია სიმბოლოები ან უნივერსალური ხატ-სახეები. იგი დეტალურად აღწერდა კონკრეტულ ადგილებს და ადამიანებს. გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს ის შუალედური მდგომარეობები, რომლებშიც კატერინა იმყოფებოდა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, უნდა ვაღიაროთ, რომ ყველაზე მისაღები ახსნა რეინკარნაციის თეორიაა.
კატერინას ცოდნა უბრალოდ დეტალური და სპეციფიური კი არ იყო, იგი ასევე სცდებოდა მისი ცნობიერების ჩვეულებრივ მდგომარეობის შესაძლებლობებს. იგი ამ ცოდნას ვერ მიიღებდა ბავშვობაში და შემდეგ ვერ განდევნიდა ცნობიერებიდან. და რა უნდა ვთქვა მასწავლებლებზე და მათ გზავნილებზე? ეს კატერინას გავლით მოდიოდა, და არა მისგან. მათი სიბრძნე ასევე ასახული იყო კატერინას მოგონებებზე წინა ცხოვრებების შესახებ. მე ვიცოდი, რომ ეს ინფორმაცია და გზავნილები ჭეშმარიტი იყო. ვიცოდი ეს არა მხოლოდ წლების განმავლობაში ადამიანების, მათი გონების, ტვინის და პიროვნების გულდასმით შესწავლის შედეგად, არამედ ასევე ინტუიტიურადაც. მრავალწლიან მეცნიერულ მუშაობაში გაწაფულმა ჩემმა ტვინმა იცოდა ეს, და „ზურგის ტვინმაც“ იცოდა.
„ქოთნებს ვხედავ სხვადასხვა ზეთებით“, - თქვა კატერინამ, სწრაფად შევიდა რა ღრმა ტრანსის მდგომარეობაში, მიუხედავად სამკვირიანი შესვენებისა. იგი სხვა დროში და სხვა სხეულში იყო. „ქოთნებში სხვადასხვა ზეთებია. ეს საცავს ჰგავს. ქოთნები წითლებია... წითელი თიხისგანაა დამზადებული...
ადამიანებს ვხედავ... ბევრ ადამიანს გამოქვაბულში. ისინი ქოთნებს და დოქებს სხვა ადგილას აწყობენ. თავები გადაპარსული აქვთ... საერთოდ არ აქვთ თმა. კანი შავგვრემანი აქვთ...“
„თქვენც იქ იმყოფებით?“
„დიახ... ზოგიერთ ვხუფავ... რაღაც ცვილისმაგვარით... დოქის ყელებს ცვილით ვხუფავ.“
„იცით, რისთვისაა ეს ზეთები?“
„არ ვიცი“.
„ხედავთ საკუთარ თავს? დააკვირდით და მითხარით, როგორ გამოიყურებით“. კატერინა გაჩუმდა, როგორც ჩანს საკუთარ თავს ათვალიერებდა.
„ლენტს ვხედავ. თმებში ლენტი მაქვს. რაღაც დიდი ტანსაცმელი მაცვია, ქსოვილის დიდი ნაჭრით. ნაპირებში ოქროსფერი ზოლებია“.
„თქვენ ამ ქურუმებზე მუშაობთ? ამ თავგადაპარსულ ადამიანებზე?“
„ეს ჩემი სამუშაოა - დოქების ცვილით დახუფვა. ეს ჩემი სამუშაოა“.
„მაგრამ თქვენ არ იცით, რისთვის გამოიყენება ეს დოქები?“
„მგონი რაღაც რელიგიური რიტუალებისთვის იყენებენ. მაგრამ დარწმუნებული არ ვარ... რა არის ეს. რაღაც თავზე და ხელებზე შესაზელად. ფრინველს ვხედავ, ოქროს ფრინველს ჩემს ყელზე. ის ბრტყელია, ძალიან ბრტყელი კუდი აქვს და მისი თავი ქვემოთ, ჩემი ფეხებისკენაა მიმართული“.
„თქვენი ფეხებისკენ?“
„დიახ, ასე უნდა ატარო... რაღაც შავი წებოვანი ნივთიერებაა. არ ვიცი რა არის“.
„სად?“
„რაღაც მარმარილოს ჭურჭელში. მასაც იყენებენ, მაგრამ არ ვიცი რისთვის“.
„არის თუ არა გამოქვაბულში რაიმე წარწერა, რომ წაკითხვა შევძლოთ და ამოვიცნოთ ქვეყანა, ადგილი, ან თარიღი?“
„კედელზე არაფერია. ისინი ცარიელია. არრ ვიცი რა ადგილია ეს“. კატერინა დროში წინ გადავიყვანე.
„თეთრ დოქს ვხედავ, რაღაც თეთრ დოქს. სახელური ზემოთ ოქროსფერი აქვს, და მასზე ოქროსფრად წერია ინსტრუქცია“.
„რა არის დოქში?“
„რაღაც მაზი. იგი მიღმიერ სამყაროში გადასვლას უკავშირდება“.
„ეს თქვენ უნდა წახვიდეთ ახლა?“
„არა! ამ ადამიანს არ ვიცნობ“.
„ესეც თქვენი სამუშაოა? ადამიანების წასასვლელად მომზადება?“
„არა. ამას ქურუმი აკეთებს. ჩვენ უბრალოდ ზეთები და კეთილსურნელებები მიგვაქვს მისთვის...“
„დაახლოებით რამდენი წლის ხართ?“
„თექვსმეტის“
„მშობლებთან ერთად ცხოვრობთ?“
„დიახ, ქვის სახლში... ის პატარაა. ძალიან სიცხე და სიმშრალეა. კლიმატი ძალიან ცხელია“.
„სხვა ადამიანებს ხედავთ თქვენს ოჯახში?“
„ძმას ვხედავ, აქვე არიან დედაჩემი და ბავშვი, ვიღაცის ბავშვი“.
„რა არის ახლა მნიშვნელოვანი? გადადით იმ მნიშვნელოვანზე, რაც ახსნის ავადმყოფურ სიმპტომებს თქვენს ამჟამინდელ ცხოვრებაში. ჩვენ უნდა გავიგოთ. არ არის არანაირი საფრთხე იმაში, რომ კვლავ განვიცადოთ ეს. გადადით ამ მოვლენებზე“.
„კატერინამ ძალიან ხმადაბალი ჩურჩულით თქვა: „ყველაფერს თავისი დრო აქვს... მე ვხედავ, როგორ კვდებიან ადამიანები“.
„ადამიანები კვდებიან?“
„დიახ... მათ არ იციან რა ხდება“.
„ავადმყოფობა?“ უცებ მივხვდი, რომ ის კვლავ იმ ცხოვრებაში იყო, რომელშიც უკვე ადრეც განიცადა რეგრესია. იმ ცხოვრებაში წყლის ეპიდემიამ მისი მამა და ერთ-ერთი ძმა მოკლა. კატერინაც ავად გახდა, მაგრამ გადარჩა. ადამიანები ნიორს და სხვა მცენარეებს იყენებდნენ, რომ ეპიდემიისგან გადარჩენილიყვნენ. კატერინა კატერინა განაწყენებული იყო, რადგან გარდაცვლილებს სათანადოდ ვერ გაუკეთეს ბალზამირება.
მაგრამ ახლა ამ ცხოვრებას სხვა მხრიდან მივადექით. „რამეთი წყალს ხომ არ უკავშირდება ეს ყველაფერი?“ - ვკითხე მე.
„ისინი ასე თვლიან. ბევრი კვდება“. მე უკვე ვიცოდი, რით დასრულდებოდა ეს ცხოვრება.
„მაგრამ თქვენ არ მოკვდით ამით?“
„არა“.
„მაგრამ ავად გახდით“.
„დიახ, ძალიან მცივა... ძალიან. წყალი მჭირდება. ისინი თვლიან, რომ ეს წყლის გამოა... რაღაც შავია... ვიღაც მოკვდა“.
„ვინ მოკვდა?“
„მამაჩემი მოკვდა, და ჩემი ძმა. დედას ყველაფერი რიგზე აქვს, ის გამოჯანმრთელებისკენ მიდის. თუმცა ძალიან სუსტადაა. მიცვალებულები მიწას უნდა მიაბარონ. ისინი უნდა დაასაფლავონ, და ადამიანები აღელვებულები არიან, რადგან ეს რელიგიურ პრაქტიკას ეწინააღმდეგება“.
„რა პრაქტიკას?“ მე გაოგნებული ვიყავი მისი მოგონებების თანმიმდევრულობით. ფაქტი ფაქტზე, ზუყსტად ისევე, როგორც რამდენიმე თვის წინ გაიხსენა ეს ცხოვრება. და კვლავაც, ამ გადახვევამ დასაფლავების ტრადიციიდან ძლიერ ააღელვა იგი.
„ადამიანებს გამოქვაბულებში ათავსებდნენ. მაგრამ სხეული პირველ რიგში ქურუმებს უნდა მოემზადებინათ. ისინი ზეთით უნდა დაემუშავებინათ და შეეხვიათ. მათ გამოქვაბულებში ტოვებდნენ, მაგრამ წყალდიდობა იყო... ისინი ამბობდნენ, რომ წყალი ცუდია. არ დალიოთ წყალი“.
„იყო თუ არა მკურნალობის საშუალებები? გეხმარებოდათ რამე?“
„სხვადასხვა ბალახეულს გვაძლევდნენ. სურნელებს... ბალახს და სურნელებს. შემიძლია ვიგრძნო მათი სურნელი!“
„ცნობთ ამ სურნელს?“
„ეს რაღაც თეთრია“.
„ნიორს ჰგავს?“
„ის ყველგანაა ჩამოკიდებული... თვისებებით, როგორც ჩანს კი. მისი თვისებები... პირში, ყურებში, ცხვირში იდებთ მას. სუნი ძალიან ძლიერია. ითვლებოდა, რომ იგი ავ სულებს არ უშვებს სხეულში. იისფერი... ხილი ან სხვა რაღაც იისფერი ქერქით...“
„ცნობთ იმ კულტურას, რომელშიც ახლა იმყოფებით? გეცნობათ?“
„არ ვიცი“.
„იისფერი - ეს რამე ხილია?“
„ტანისი“
„ეს დაგეხმარათ? სწორედ ამ ავადმყოფობისგან?“
„იმ დროს ასე იყო“.
„ტანისი, - გავიმეორე მე, მინდოდა რა დავრწმუნებულიყავი, რომ იმაზე საუბრობდა, რასაც ავღწერთ როგორც ტანინს ან ტანინის მჟავას. მას სწორედ ასე ეძახდნენ? ტანისი?“
„მე უბრალოდ... მე კვლავაც „ტანისი“ მესმის.
„ამ ცხოვრებიდან რა გადმოგეცათ თქვენს მიმდინარე ცხოვრებაში? რატომ აგრძელებთ იქ დაბრუნებას? რა დისკომფორტი გაქვთ?“
„რელიგია, - სწრაფად დაიჩურჩულა კატერინამ, - იმ დროის რელიგია. ეს შიშის რელიგია იყო... იმდენი რამ იყო, რაც შიშს იწვევდა... და იმდენი ღმერთი“.
„გახსოვთ რომელიმე ღმერთის სახელი?“
„თვალებს ვხედავ. რაღაც შავს ვხედავ... ისინი ტურებივით გამოიყურებიან. ეს ქანდაკებაა. ის ერთ-ერთი მცველია... ქალღმერთს ვხედავ, რაღაც თავსაბურავით“.
„იცით, რა ჰქვია ქალღმერთს?“
„ოსირისი... სირუსი... რაღაც ამდაგვარი. თვალს ვხედავ... უბრალოდ თვალს, თვალს ჯაჭვზე. ის ოქროსია“.
„თვალს?“
„დიახ... ვინაა ჰატჰორი?“
„რა?“
„ჰატჰორი! ვინაა?“
მე არასოდეს მსმენია ჰატჰორის შესახებ, თუმცა ვიცოდი, რომ ოსირისი ისიდას ძმა - მეუღლე იყო. ჰატჰორი, როგორც მოგვიანებით გავიგე, სიყვარულის, სიხარულის და მხიარულების ეგვიპტური ღმერთი გახლდათ.
„არის თუ არა იგი ერთ-ერთი ღვთაება?“ - ვკითხე კატერინას.
„ჰატჰორი! ჰატჰორი!“ - დადგა ხანგრძლივი პაუზა. – „ფრინველი... ის ბრტყელია... ფენიქსი...“ ის კვლავ გაჩუმდა.
წინ გადადით დროში, თქვენს ბოლო დღემდე ამ ცხოვრებაში, მაგრამ სიკვდილის მომენტამდე. მომიყევით, რას ხედავთ“.
მან ძალიან წყნარი ჩურჩულით მიპასუხა: „ვხედავ ადამიანებს და შენობებს. სანდალს ვხედავ. რაღაც უხეში ქსოვილია, უხეში ქსოვილის რაღაც სახეობა“.
„რა ხდება? ახლა სიკვდილის მომენტში გადადით. რა გემართებათ? შეგიძლიათ ამის დანახვა?“
„ამას ვერ ვხედავ... უკვე ვეღარ ვხედავ საკუთარ თავს“
„სად ხართ?რას ხედავთ?“
„არაფერს... უბრალოდ სიბნელეა... სინათლეს ვხედავ, თბილ სინათლეს“. ის უკვე მოკვდა, უკვე გადავიდა სულიერ მდგომარეობაში. როგორც ჩანს, არ ჭირდებოდა თავისი რეალური სიკვდილის კვლავ განცდა.
„შეგიძლიათ მიუახლოვდეთ სინათლეს?“ - ვკითხე მე.
„მე მივდივარ“, - იგი მშვიდად ისვენებდა და კვლავ მოლოდინის რეჟიმში იყო.
„შეგიძლიათ უკან მოიხედოთ და ამ ცხოვრების გაკვეთილები გააცნობიეროთ? უკვე აცნობიერებთ მათ?“
„არა“, - დაიჩურჩულა მან. ლოდინს განაგრძობდა. უეცრად შეკრთა. თვალები ისევ დახუჭული ჰქონდა, როგორც ეს ჩვეულებრივ ჰიპნოზური ტრანსის დროს იყო ხოლმე. თავს ერთი გვერდიდან მეორისკენ ატრიალებდა.
„ახლა რას ხედავთ? რა ხდება?“
მან ხმამაღლა დაილაპარაკა: „მე ვგრძნობ... ვიღაც მელაპარაკება!“
„რას გეუბნებიან?“
„მელაპარაკებიან მოთმინებაზე. მოთმინების ქონაა საჭირო...“
„დიახ, განაგრძეთ“.
პასუხი მასწავლებელი პოეტისგან მოდიოდა: „მოთმინება და დროის გათვლა... ყველაფერი მაშინ მოდის, როცა უნდა მოვიდეს. ცხოვრებას ვერ დააჩქარებ, ის ვერ იმუშავებს იმ სქემით, როგორც ბევრი ისურვებდა. ის უნდა მივიღოთ, რაც ამა თუ იმ დროს მოდის, და არ უნდა ვითხოვოთ მეტი. მაგრამ ცხოვრება უსასრულოა, ამიტომ ჩვენ არასოდეს ვკვდებით; ჩვენ ნამდვილად არასოდეს ვიბადებით. უბრალოდ სხვადასხვა ფაზებს გავდივართ. დასასრული არ არსებობს. ადამიანებს ბევრი განზომილება გააჩნიათ. მაგრამ დრო - ეს ის არაა, რასაც ვხედავთ, იგი უფრო გათავისებულ გაკვეთილებში ვლინდება“.
დადგა ხანგრძლივი პაუზა. მასწავლებელი პოეტი განაგრძობდა: „ყველაფერი საჭირო დროს გაგვეხსნება. მაგრამ თქვენ უნდა გქონდეთ შესაძლებლობა, რომ ის ცოდნა გადახარშოთ, რომელიც უკვე მოგეცით“, - კატერინა გაჩუმდა.
„არის კიდევ რამე, რაც უნდა გავიგო?“ - ვკითხე მე.
„ისინი წავიდნენ, - დაიჩურჩულა მან. - მეტი აღარაფერი მესმის“.