ბრაიან ვაისი - "მრავალი ცხოვრება, მრავალი მასწავლებელი"

ბრაიან ვაისი
3.75
2

თავი მეთორმეტე

თავი მეთორმეტე

 

ჩვენი პირველი ჰიპნოზის სეანსის შემდეგ სამთვენახევარი გავიდა. კატერინას არა მხოლოდ ბოლომდე გაუქრა ავადმყოფობის სიმპტომები: გარდა განკურნებისა, მას გარკვეული თვისებები და უნარებიც განუვითარდა. იგი უბრალოდ ანათებდა, და სიმშვიდის ენერგიას ასხივებდა. ადამიანები ილტვოდნენ მისკენ. როცა ჩვენი ჰოსპიტალის კაფეტერიაში საუზმობდა, ბევრი მამაკაცი და ქალი ცდილობდა მის მაგიდასთან დაჯდომას. „შესანიშნავად გამოიყურებით. უბრალოდ მინდოდა ეს მეთქვა“. - ჩვეულებრივ ასე მიმართავდნენ ხოლმე. ის მეთევზესავით დაახვევდა ხოლმე მათ თავის უჩინარ ფსიქოლოგიურ „კოჭაზე“. არადა აქამდე რამდენიმე წლის განმავლობაში ამ კაფეში საუზმობდა, მაგრამ საერთოდ არ იქცევდა არავის ყურადღებას. 

 

როგორც წესი, იგი სწრაფად შედიოდა ღრმა ჰიპნოზურ ტრანსში, ჩემს ოდნავ განათებულ კაბინეტში. მისი ნათელი თმა დეკორატიულ ბალიშზე იყო გაშლილი. 

 

„ქვის შენობას ვხედავ. შენობის თავზე რაღაც შპილის მაგვარია. იგი მთა-გორიან ადგილზეა. ძალიან ნესტიანი ჰაერია... ურიკას ვხედავ... წინ მიმავალ ურიკას. ურიკაზე თივაა, რაღაც საჭმელი ცხოველებისთვის. მასზე რამდენიმე მამაკაცია. ხელში რაღაც დროშისმაგვარი უჭირავთ: ჯოხი, რომლის თავზეც რაღაც ფრიალებს. ძალიან მკაფიო ფერებია. მესმის, რომ მავრების შესახებ საუბრობენ.... მავრების, და ომის. თავზე რაღაც მეტალის თავსაბურავები ახურავთ... ეს 1483 წელია. საქმე ეხება. ვიკინგებს. ჩვენ ვიკინგებთან გვაქვს ომი? ომი მიდის“.

 

„თქვენ იქ იმყოფებით?“ - ვკითხე მე. 

 

„მე ამას ვერ ვხედავ, - მიპასუხა მან ხმადაბლა. - ორთვლიან ეტლებს ვხედავ. ისინი ღიაა. მათი ყელის გარშემო რარაც მეტალია... ძალიან მძიმე მეტალი ჯვრის ფორმით. მაგრამ ბოლოები მოხრილია, მომრგვალებულია... ჯვარზე. ახლა ერთ-ერთი წმინდანის სახელობის დღესასწაულია... ხმლებს ვხედავ. რაღაც დანები თუ ხმლები აქვთ... ძალიან მძიმეები, ბლაგვი ბოლოთი. ბრძოლისთვის ემზადებიან.  

 

„ეცადეთ საკუთარი თავი იპოვოთ, - ვითხარი მე. - მიმოიხედეთ გარშემო. შესაძლოა ჯარისკაცი ხართ. საიდან ხედავთ მათ?“

 

„არ ვარ ჯარისკაცი“, - დარწმუნებით მომიგო მან. 

 

„მიმოიხედეთ“.

 

„რაღაც ჩამოვიტანე პროვიზიიდან. ეს რაღაც სოფელია“. გაჩუმდა. 

 

„ახლა რას ხედავთ?“

 

„დროშას ვხედავ, რაღაც დროშისმაგვარს. ის წითელი და თეთრია... თეთრი - წითელი ჯვრით“. 

 

„ეს თქვენი ქვეყნის დროშაა?“ - ვკითხე მე.

 

„ეს მეფის ჯარისკაცების დროშაა“, - მიპასუხა მან. 

 

„ეს თქვენი მეფეა?“

 

„დიახ“.

 

„იცით, რა ჰქვია მეფეს?“

 

„არ ვიცი. ის აქ არაა“. 

 

„შეხედეთ საკუთარ თავს, რა გაცვიათ? ქვემოთ დაიხედეთ, რა ტანსაცმელს ხედავთ?“

 

„რაღაც ტყავია... ტყავის ტუნიკა ძალიან უხეში პერანგის ზემოდან. ტყავის ტუნიკა... ის მოკლეა. ფეხსაცმელიც ტყავისაა, უფრო მოკასინებს ჰგავს. არავინ არ მესაუბრება“. 

 

„რა ფერის თმა გაქვთ?“

 

„ღია ფერის, მაგრამ უკვე ასაკში ვარ და ცოტათი გაჭაღარავებულია“. 

 

„რა დამოკიდებულება გაქვთ ამ ომის მიმართ?

 

„ის ჩემი ცხოვრების წესად იქცა. წინა შეტაკებაში ბავშვი დავკარგე“.

 

„ვაჟი?“

 

„დიახ“ - მიპასუხა სევდიანად. 

 

„ვინ დაგრჩათ თქვენი ოჯახიდან?“

 

„ცოლი... და ქალიშვილი“.

 

„რა ერქვა თქვენს ვაჟს?“

 

„მის სახელს ვერ ვხედავ. ცოლს ვხედავ“.

 

კატერინა არაერთხელ ყოფილა ქალიც და მამაკაციც. ამ ცხოვრებაში არ ჰყავდა შვილები, მაგრამ წინა ცხოვრებებში ბევრი შვილი ჰყოლია. 

 

„როგორ გამოიყურება თქვენი ცოლი?“

 

„ის ძალიან დაიღალა, ძალიან. უკვე ასაკშია. თხები გვყავს“. 

 

„თქვენი ქალიშვილი თქვენთან ცხოვრობს? „

 

„არა, ის გათხოვდა და წავიდა“.

 

„ანუ მხოლოდ თქვენ და თქვენი ცოლი ხართ?“

 

„დიახ“.

 

„როგორ ცხოვრობთ?

 

„დავიღალეთ, და ძალიან ღარიბები ვართ. ადვილი არ იყო“. 

 

“დიახ. შვილი დაკარგეთ. ძალიან გაკლიათ იგი?“

 

„დიახ“, - მიპასუხა უბრალოდ, მაგრამ მის სიტყვებში სიმწარე იგრძნობოდა. 

 

„თქვენ მიწათმფლობელები იყავით?“ - შევცვალე თემა. 

 

„დიახ. ხორბალი მომყავდა“.

 

„თქვენი ცხოვრების განმავლობაში თქვენს მიწებზე ბევრი ომი, ბევრი ტრაგედია მოხდა?“

 

„დიახ“.

 

„თუმცა სიბერემდე მაინც მიაღწიეთ“.

 

„კი, მაგრამ ისინი სოფლისგან შორს ომობდნენ. სოფელში არა, - ამიხსნა მან. - მოღწევა ჭირდებათ სოფლამდე... მთების გავლით“.

 

„იცით, რა ჰქვია მიწებს, რომლებზეც ცხოვრობთ? ან დასახლებას?“

 

„ვერ ვხედავ დასახელებას“.

 

„ეს საკმაოდ რელიგიური პერიოდია თქვენთვის? ჯარისკაცებს ჯვრები თუ უკეთიათ?“

 

„სხვებისთვის კი, მაგრამ ჩემთვის არა“.

 

„რომელიმე ნათესავი თუ გადარჩა თქვენი ცოლის და ქალიშვილის გარდა?“

 

„არა“.

 

„მშობლებიც გარდაიცვალნენ?“

 

„დიახ“

 

„და-ძმა?“

 

„და მყავს, ის ცოცხალია. არ ვიცნობ მას“, - დაამატა კატერინამ და თავისი ამჟამინდელი ცხოვრება იგულისხმა.

 

„კარგი. დააკვირდით, ხომ არ ცნობთ ვინმეს სოფელში თქვენი ამჟამინდელი ცხოვრებიდან?“

 

თუ ადამიანები მართლაც ჯგუფებად ინკარნირდებიან, მას უნდა ეპოვნა ვინმე, ვინც მისი ამჟამინდელი ცხოვრებიდან იყო მნიშვნელოვანი. 

 

„ქვის მაგიდას ვხედავ... და თასებს“.

 

„თქვენს სახლში?“

 

„დიახ... სიმინდს ვჭამთ...“

 

„კარგი, - მინდოდა პროცესი დამეჩქარებინა. - ეს ცხოვრება ძალზე მძიმე იყო თქვენთვის. რაზე ფიქრობთ?“

 

„ცხენებზე“, - დაიჩურჩულა მან.

 

„ცხენები გყავთ?“

 

„არა. ჯარისკაცებს ყავთ, ზოგიერთს... ძირითადად ფეხით დადიან, მაგრამ ცხენებიც ყავთ, და კიდევ ვირები, ან რაღაც მაგდაგვარი, ცხენზე პატარა. ძირითადად ისინი ველურები არიან“.

 

„დროში წინ გადაინაცვლეთ, ვუბრძანე მე. - ძალიან მოხუცი ხართ. ეცადეთ ამ ცხოვრების უკანასკნელ დღეზე გადახვიდეთ“. 

 

„კი, მაგრამ მე არ ვარ ძალიან მოხუცი, - თქვა მან. ის არ იყო ძალიან შთაგონებადი ამ უკანასკნელი ცხოვრებების განცდის პროცესში. მე არ შემეძლო შთაგონებით შემეცვალა მისი რეალური მოგონებები. 

 

„კიდევ რამე თუ მოხდა ამ, ცხოვრებაში? - შევცვალე ტაქტიკა. - ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამის ცოდნა“.

 

„არაფერი მნიშვნელოვანი“, - მიპასუხა უემოციოდ. 

 

„მაშინ წინ წადით დროში. გავარკვიოთ, რა უნდა გესწავლათ. იცით ეს?“

 

„არა, ჯერ ისევ იქ ვარ“.

 

„დიახ, ვიცი. რაღაცას უყურებთ?“ რამდენიმე წუთი გაჩუმდა და შემდეგ მიპასუხა: 

 

„მე უბრალოდ დავფრინავ“. ის კვლავ სულიერ მდგომარეობაში შევიდა. 

 

„ახლა იცით, რა უნდა გესწავლათ? ეს კიდევ ერთი მძიმე ცხოვრება იყო თქვენთვის“. 

„არ ვიცი. მე უბრალოდ დავფრინავ“.

 

„კარგი. დაისვენეთ... დაისვენეთ“. დუმილში კიდევ რამდენიმე წუთი გავიდა. შემდეგ, კატერინამ, როგორც ჩანს რაღაცის მიყურადება დაიწყო. უეცრად დაილაპარაკა. მისი ხმა მაღალი და ღრმა იყო. ეს კატერინა არ იყო. 

 

„ყველაფერში არსებობს შვიდი პლანი, რომელთაგან ყოველი მრავალი საფეხურისგან შედგება. ერთ-ერთი პლანი - ესაა მოგონების პლანი. ამ პლანზე უფლება გეძლევათ, რომ აზრები მოვიკრიბოთ. უფლება გეძლევათ, რომ დაინახოთ თქვენი ცხოვრება, რომელიც ეს-ესაა დასრულდა. მათ, ვინც უფრო მაღალ დონეზე იმყოფებიან, უფლება ეძლევათ, რომ ისტორია დაინახონ. მათ შეუძლია დაბრუნდნენ და გვასწავლონ, ცოდნა მოგვცენ ისტორიის შესახებ. მაგრამ მათ, ვინც შედარებით დაბალ საფეხურებზე ვართ, მხოლოდ საკუთარი ცხოვრების დანახვა შეუძლიათ... იმ ცხოვრების, რომელიც ეს-ესაა დასრულდა. 

 

ჩვენ ვალები გვაქვს, რომლებიც უნდა გავისტუმროთ. თუ არ გავისტუმრეთ, მათი წაღება სხვა ცხოვრებაში მოგვიწევს, რათა დავამუშავოთ ისინი... თქვენ პროგრესს განიცდით, როცა ვალებს იხდით. ზოგიერთის სული სხვებზე უფრო სწრაფად პროგრესირებს. როცა ფიზიკურ ფორმაში ხართ, ცხოვრებას ამუშავებთ... თუკი რაღაც აფერხებს თქვენს შესაძლებლობას... რათა ეს ვალი გადაიხადოთ, თქვენ უნდა დაბრუნდეთ მოგონებების პლანზე და იქ დაელოდოთ, სანამ სული, რომლის ვალიც გაქვთ, მზად იქნება თქვენთან შესახვედრად. და როცა ორივენი შეძლებთ ერთიდაიმავე დროს ფიზიკურ ფორმაში დაბრუნებას, სწორედ მაშინ მოგცემენ დაბრუნების უფლებას. მაგრამ როდის დაბრუნდებით - ამას თქვენ განსაზღვრავთ. და თქვენ არ განსაზღვრავთ იმას, თუ რა უნდა გააკეთოთ ვალის გადასახდელად. არ გემახსოვრებათ სხვა ცხოვრებები... მხოლოდ ის, საიდანაც ახლახანს დაბრუნდით. მხოლოდ იმ სულებს, რომლებიც უფრო მაღალ დონეზე იმყოფებიან - ბრძენებს, - აქვთ უფლება, რომ მიმართონ ისტორიას და ძველ მოვლენებს... რათა დაგვეხმარონ იმის გაგებაში, თუ რა უნდა გავაკეთოთ. 

 

არსებობს შვიდი პლანი... შვიდი პლანი, რომლებიც უნდა გაიაროთ, სანამ უკან დაბრუნდებით. ერთ-ერთი გადასვლის პლანია. იქ ელოდებით. და იქ განისაზღვრება, თუ რას წაიღებთ თან მომდევნო ცხოვრებაში. ყოველ ჩვენგანს გვაქვს რაღაც ძირითადი ნაკლოვანება. ეს შეიძლება იყოს სიხარბე ან ავხორცობა, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, პირველ რიგში ადამიანებს უნდა დაუბრუნოთ თქვენი ვალები. შემდეგ ჩვენი მთავარი ნაკლოვანება უნდა განვსაზღვროთ ამ ცხოვრებაში. მაგალითად, უნდა ისწავლოთ სიხარბის დაძლევა. თუკი ვერ შეძლებთ, როცა შემდეგ ჯერზე დაბრუნდებით, კვლავ მოგიწევთ ამ ნაკლოვანებასთან ერთად ცხოვრება, და პლუს კიდევ რაღაც სხვასთან. ტვირთი უფრო მძიმე გახდება. ყოველი მომდევნო ცხოვრება უფრო მძიმე იქნება. თუ ვალები გაისტუმრეთ, იოლ ცხოვრებას მიიღებთ. ამგვარად, თქვენ ირჩევთ, როგორი ცხოვრება გექნებათ. და თქვენ პასუხისმგებელნი ხართ თქვენს ცხოვრებაზე. თქვენ აირჩიეთ ის“. - კატერინა გაჩუმდა. 

 

ეს ცალსახად მისი მასწავლებლიდგან მოდიოდა. ის საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ახდენდა, როგორც „ჩვენ, ვინც უფრო დაბალ დონეზე ვიმყოფებით“, განსხვავებით იმ სულებისგან, რომლებიც უფრო მაღალ დონეზე იმყოფებიან, ანუ „ბრძენებისგან“. მაგრამ გადმოცემული ცოდნა მკაფიო და პრაქტიკული იყო. მინდოდა შემეტყო სხვა ხუთი პლანის და მათი მახასიათებლების შესახებ. იყო თუ არა განახლების ეტაპი ერთ-ერთი მათგანი? ასევე სწავლების ეტაპი და გადაწყვეტილების მიღების ეტაპი? მთელი ეს ინფორმაცია და სიბრძნე, რაც სულიერი განზომილებებიდან მოდიოდა, სრულიად თანმიმდევრული და ლოგიკური იყო. გადმოცემის სტილი განსხვავდებოდა, ფრაზეოლოგია და გრამატიკა განსხვავდებოდა, ენის სირთულე და ლექსიკაც ასევე განსხვავდებოდა, მაგრამ ყოველთვის შემადგენელი უცვლელად მკაფიო და შემეცნებითი იყო. 

 

მე სულიერი პლანის სისტემატიური ცოდნა შევიძინე. ამ ცოდნას სიყვარული და იმედი, რწმენა და თანაგრძნობა მოჰქონდა. იგი განიხილავდა ღირსებებს და ნაკლოვანებებს, ვალებს სხვების მიმართ და საკუთარი თავის მიმართ. იგი ეხებოდა წინა ცხოვრებებს და სულიერ პლანებს ცხოვრებებს შორის. ასევე საუბრობდა სულის პროგრესზე ჰარმონიისა და წონასწორობის, სიყვარულისა და სიბრძნის მეშვეობით; პროგრესზე ღმერთთან მისტიური და ექსტატიური გაერთიანების მიმართულებით. 

 

ჩვენი ურთიერთობის პროცესში მრავალი პრაქტიკული რჩევა მივიღე: მოთმინების და ლოდინის უნარის ფასზე; ბუნების წონასწორობის სიბრძნეზე; შიშების მოცილებაზე, განსაკუთრებით სიკვდილის შიშის; ნდობის და პატიების უნარის განვითარებაზე; ისეთ მნიშვნელოვან უნარზე, როგორიცაა სხვების არ-განსჯა და სხვების ცხოვრებაში არ-ჩარევა; ინტუიციის უნარების დაგროვებაზე და გამოყენებაზე; ასევე მივიღე, ალბათ ყველაზე მთავარი - ურყევი ცოდნა იმის შესახებ, რომ უკვდავნი ვართ. ჩვენ სიცოცხლისა და სიკვდილის მიღმა ვიმყოფებით, დროისა და სივრცის მიღმა. ჩვენ ვართ ღმერთები, და ისინი - ჩვენ. 

 

„მე დავფრინავ“, - დაიჩურჩულა კატერინამ. 

 

„რა მდგომარეობაში იმყოფებით?“ - ვკითხე მე. 

 

„არანაირში... უბრალოდ დავფრინავ... ედვარდს რაღაც ვალი აქვს ჩემთან... რაღაც ვალი“.

 

„იცით, რა ვალი აქვს?“

 

„არა... რაღაც ცოდნა... ვალი აქვს. რაღაც უნდა მომიყვეს, შესაძლოა, ჩემს დისშვილზე“.

 

„თქვენს დისშვილზე?“ - გავიმეორე მე. 

 

„დიახ... მას სტეფანია ჰქვია“.

 

„სტეფანია? რა უნდა იცოდეთ მასზე?“

 

„უნდა გავიგო, როგორ დავამყარო მასთან კონტაქტი“, - ვუპასუხე მე. კატერინას არასოდეს უხსენებია ეს დისშვილი.

 

„ის ძალიან ახლობელია თქვენთვის?“

 

„არა, მაგრამ მოინდომებს მათ პოვნას“.

 

„ვის პოვნას?“ - ვკითხე მე. არ მესმოდა, რაზე იყო საუბარი. 

 

„ჩემი დის და მისი ქმრის. და ერთადერთი - მხოლოდ ჩემი მეშვეობით შეუძლია ამის გაკეთება. მე ვარ დამაკავშირებელი რგოლი. მას აქვს ინფორმაცია. მისი მამა ექიმია, და სადღაც ვერმონტში მუშაობს, ვერმონტის სამხრეთ ნაწილში. ინფორმაცია მომივა, როცა საჭირო იქნება“. 

 

მოგვიანებით შევიტყვე, რომ კატერინას დამ და მისმა მომავალმა ქმარმა თავიანთი ჩვილი ბავშვი ვიღაცას მისცეს აღსაზრდელად. იმ დროს არ იყვნენ დაქორწინებულნი: ოცი წლისაც კი არ იყვნენ. გაშილება ეკლესიის მიერ იქნა ორგანიზებული. იმის შემდეგ ბავშვის ადგილსამყოფელი აღარ იცოდნენ. 

 

„დიახ, - დავეთანხმე მე. - როცა შესაფერისი მომენტი დადგება“. 

 

„დიახ. სწორედ მაშინ მომიყვება“.

 

„კიდევ რა ინფორმაცია აქვს თქვენთვის?“

 

„არ ვიცი, მაგრამ აქვს რაღაც სათქმელი. და რაღაც ვალი აქვს... რაღაც. არ ვიცი ზუსტად“. - კატერინა გაჩუმდა. 

 

„დაიღალეთ?“ - ვკიტხე მე. 

 

„ლაგამს ვხედავ,  - ჩურჩულით წარმოთქვა მან. - კედელზე ცხენის აღკაზმულობაა...“.

 

„ეს საჯინიბოა?“

 

„დიახ. იქ ბევრი ცხენია“.

 

„კიდევ რას ხედავთ?“

 

„ბევრ ხეს ვხედავ ყვითელი ფოთლებით. იქ მამაჩემია. ის ცხენებს უვლის“. მივხვდი, რომ ბავშვს ვესაუბრებოდი.

 

„როგორ გამოიყურება?“

 

„ძალიან მაღალია, ჭაღარა თმით“.

 

„საკუთარ თავს ხედავთ?“

 

„მე ბავშვი ვარ... გოგონა“.

 

„მამათქვენი ცხენების პატრონია, თუ უბრქალოდ უვლის მათ?“

 

„უბრალოდ უვლის. ჩვენ იქვე ახლოს ვცხოვრობთ“.

 

„მოგწონთ ცხენები?“

 

„დიახ“.

 

„გყავთ საყვარელი ცხენი?“

 

„დიახ. მას ეფლი („ვაშლი“) ჰქვია. მე გავიხსენე მისი ცხოვრება მენდის სახელით, სადაც ასევე გამოჩნდა ცხენი სახელად ეფლი. ნუთუ ისევ იმ ცხოვრებაში აღმოჩნდა? ალბათ სხვა პერსპექტივით მიადგა ამ ცხოვრებას. 

 

„ეფლი... მამათქვენი გაძლევთ მასზე სეირნობის უფლებას?“

 

„არა, მაგრამ შემიძლია ვაჭამო. მას ეტლში აბამენ. ძალიან დიდია. გრძელი ფეხები აქვს. თუ ფრთხილად არ იქნები, შეიძლება დაგაბიჯოს“. 

 

„კიდევ ვინაა თქვენთან ერთად?“

 

„აქ დედაჩემია. მის დას ვხედავ... ის ჩემზე უფროსია. სხვას ვერავის ვხედავ“.

 

„ახლა რას ხედავთ?

 

„ცხენებს“.

 

„ეს თქვენთვის ბედნიერი დროა?“

 

„დიახ, მომწონს საჯინიბოს სუნი“. მასში რაღაც ძალიან უცნაური იყო, როცა ამ მომენტზე საუბრობდა, საჯინიბოში. 

 

„გრძნობთ ცხენების სუნს?“

 

„დიახ“.

 

„თივის სუნს?“

 

„დიახ, მათ ისეთი გულუბრყვილო სახეები აქვთ. აქ ძაღლებიც არიან... შავი ძაღლები, და კატები... ბევრი ცხოველია. ძაღლები სანადიროდ დაყავთ. მაშინ უშვებენ, როცა ფრინველებზე სანადიროდ მიდიან“. 

 

„რამე ხომ არ ხდება შენს თავს?“

 

„არა“. ჩემი კითხვა ძალიან ბუნდოვანი იყო. 

 

„დროს ამ ფერმაში ატარებთ?“

 

„დიახ, ადამიანი, რომელიც ცხენებს უვლის, - ის გაჩუმდა. - ის ჩემი ნამდვილი მამა არაა“. მე დავიბენი. 

 

„ის არაა თქვენი ნამდვილი მამა?“

 

„არ ვიცი, ის... ის არაა ჩემი ნამდვილი მამა. მაგრამ მამასავითაა ჩემთვის. მეორე მამაა. ძალიან კარგად მეპყრობა. მწვანე თვალები აქვს“. 

 

„შეხედეთ თვალებსი, მწვანე თვალებში, და სცადეტ იცნოთ. ის კარგად გეპყრობათ. მას უყვარხართ“.

 

„ეს ბაბუაჩემია... ბაბუაჩემი. ძალიან ვუყვარვართ. ხშირად დავყავდით ხოლმე აქეთ-იქით. ხშირად ვიყავით იქ, სადაც სვამდა. ჩვენ კი მინერალურ წყალს გვაძლევდა ხოლმე. ვუყვარდით“. ჩემმა კითხვამ იმ ცხოვრებიდან ჭვრეტის, ზეცნობიერ მდგომარეობაში გადაიყვანა. იგი ამჟამინდელ ცხოვრებას და ბაბუასთან ურთიერთობას აკვირდებოდა. 

 

„ჯერ კიდევ განიცდით მის დანაკლისს?“ - ვკითხე მე. 

 

„დიახ“ - წყნარად მომიგო მან. – „ის ძალიან კარგად მეპყრობოდა. ვუყვარდით. არასოდეს გვიყვიროდა. ხშირად გვაძლევდა ფულს და თან მივყავდით ხოლმე. მოსწონდა ეს. მაგრამ გარდაიცვალა“. 

 

„დიახ, მაგრამ კვლავ ერთად იქნებით. თქვენ ეს იცით“.

 

„დიახ. მე ვიყავი მასთან ადრე. ის არ ჰგავდა მამაჩემს. ისინი ძალიან განსხვავდებიან“. 

 

„რატომაა, რომ ერთს ძალიან უყვარხართ და კარგად გეპყრობათ, მეორე კი არა?“

 

„იმიტომ, რომ ერთმა ისწავლა. ის ამუშავებდა თავის ვალს. მამაჩემი კი არ ამუშავებდა. ის დაბრუნდა, გაგების გარეშე. კვლავ მოუწევს ამის გავლა“.

 

„დიახ, - დავეთანხმე მე. - მან უნდა ისწავლოს სიყვარული, მზრუნველობა“.

 

„დიახ“, - მიპასუხა მან. 

 

„თუ ეს არ ესმით, - დავამატე მე, - ისე ეპყრობიან საკუთარ შვილებს, როგორც საკუთრებას, და არა როგორც ადამიანებს, რომლებიც უნდა უყვარდეთ“. 

 

„დიახ“, - დამეთანხმა იგი. 

 

„მამათქვენს სასწავლი აქვს ეს“. 

 

„დიახ“. 

 

„თქვენმა ბაბუამ უკვე იცის...“

 

„ვიცი, - შემაწყვეტინა მან. - ჩვენ ბევრ სტადიას გავდივართ, როცა ფიზიკურ მდგომარეობაში ვიმყოფებით... ეს თითქოს ევოლუციის სხვადასხვა სტადიებია. ჩვენ საწყისი სტადიის გავლა გვიწევს, ჩვილობის სტადია, ყრმობის სტადია... 

 

კიდვ მოგვიწევს, რომ ვიაროთ და ვიაროთ, სანამ მივაღწევთ... სანამ მიზანს მივაღწევთ. ფიზიკურ ფორმაში სტადიები მძიმეა. ასტრალურ პლანზე ისინი მსუბუქია. იქ უბრალოდ ვისვენებთ და ველოდებით. აქაური სტადიები კი - მძიმეა“. 

 

„რამდენი პლანი არსებობს ასტრალურ მდგომარეობაში?“

 

„შვიდი“, - მიპასუხა მან. 

 

„რა სტადიებია ეს?“ - ვკითხე მე, რადგან მინდოდა შემეტყო სხვა სტადიების შესახებ, გარდა იმ ორი ადრე ნახსენებისა. 

 

„მე მხოლოდ ორის შესახებ მომიყვნენ, - ამიხსნა მან. - გადასვლის სტადია და გახსენების სტადია“. 

 

„ამ სტადიებს მეც ვიცნობ“.

 

„სხვების შესახებ მოგვიანებით შევიტყობთ“.

 

„თქვენ ჩემთან ერთად შეიტყობთ ამას, - ავღნიშნე მე. - დღეს ვალების შესახებ შევიტყვეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“. 

 

„იმას გავიხსენებ, რაც უნდა გავიხსენო“, - იდუმალად დაამატა მან.

 

„ამ პლანებს გაიხსენებთ?“

 

„არა. ისინი ჩემთვის არაა მნიშვნელოვანი. ისინი თქვენთვისაა მნიშვნელოვანი“. ეს ადრე უკვე მსმენია. ეს მე მეხებოდა. მისი დახმარება, და ამაზე მეტიც. ჩემი დახმარება, და ამაზე მეტიც. თუმცაღა ვერ ვხვდებოდი, რა მიზანი უნდა ყოფილიყო ამაზე მნიშვნელოვანი. 

 

„თქვენ ახლა გაცილებით უკეთ ხართ, - განვაგრძე მე. - იმდენი რამ გაიგეთ“.

 

„დიახ“, - დამეთანხმა კატერინა. 

 

„რატომ მოილტვიან ადამიანები თქვენსკენ ასე ძალიან? რა იზიდავთ თქვენში?“

 

„იმიტომ, რომ ბევრი შიშისგან განვთავისუფლდი, და შემიძლია დავეხმარო მათ. რაღაც ფსიქიკურ მიზიდულობას განიცდიან ჩემს მიმართ“.

 

„შეგიძლიათ ეს გააკეთოთ?“

 

„დიახ, თავდაჯერებულად მითხრა მან. - არ მეშინია“,

 

„კარგი, მე დაგეხმარებით“.

 

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff