ბრაიან ვაისი - "მრავალი ცხოვრება, მრავალი მასწავლებელი"

ბრაიან ვაისი
3.75
2

თავი მეთოთხმეტე

თავი მეთოთხმეტე

 

ჩვენ კვლავ შევხვდით სამი კვირის შემდეგ. დაყოვნების მიზეზი ჩემი ხანმოკლე ავადმყოფობა და მისი შვებულება იყო. კატერინას მდგომარეობა უწინდებურად უმჯობესდებოდა, მაგრამ ჩვენი სეანსის დასაწყისში ის აღელვებული იყო. მან განაცხადა, რომ ყველაფერი ისე კარგად აქვს, და ისე კარგად გრძნობს თავს, რომ ჰიპნოზს უკვე აღარ შეუძლია ისე დაეხმაროს, როგორც აქამდე ეხმარებოდა. ის უდავოდ მართალი იყო. ეს რომ ჩვეულებრივი შემთხვევა ყოფილიყო, შეგვეძლო თერაპია უკვე რამდენიმე კვირის წინ დაგვესრულებინა. სეანსებს იმიტომ ვაგრძელებდით, რომ ერთი მხრივ მე მქონდა ინტერესი მასწავლებლების გზავნილების მიმართ, მეორე მხრივ კი გარკვეული უმნიშვნელო პრობლემები კატერინას ცხოვრებაში ისევ არსებობდა. კატერინა თითქმის განიკურნა, და მისი წინა ცხოვრებები უკვე ხელახლა მეორდებოდა. და იქნებ მასწავლებლებს კიდევ აქვთ რამე ჩემთვის სათქმელი? როგორ გვექნებოდა ურთიერთობა კატერინას გარეშე? ვიცოდი, რომ გააგრძელებდა სეანსებს, თუკი მე ვთხოვდი ამას, მაგრამ არ მინდოდა ამის გაკეთება. გარკვეული წუხილით დავთანხმდი მას. ბოლო სამი კვირის მოვლენებზე ვისაუბრეთ, მაგრამ გულით შორს ვიყავი. 

 

ხუთი თვე გავიდა. კატერინას მდგომარეობის გაუმჯობესება ისევ სტაბილური იყო მისი შიშები და შფოთვები კი - მინიმალური. მისი ცხოვრებისა და ურთიერთობების ხარისხი საოცრად გაიზარდა. ახლა უკვე სხვა მამაკაცებსაც ხვდებოდა, თუმცა სტიუარტი ჯერ არ იყო გასული სცენიდან. ბავშვობიდან მოყოლებული პირველად განიცდიდა სიცოცხლით ასეთ ტკბობას და ბედნიერებას. ზოგჯერ შემთხვევით ვხვდებოდით ხოლმე ჰოსპიტალის ჰოლებში და კაფეტერიაში, მაგრამ „დოქტორი-პაციენტის“ ფორმალური ურთიერთობა აღარ გვქონდა.

 

გავიდა ზამთარი და გაზაფხული დაიწყო. კატერინა ჩემთან მიღებაზე ჩაეწერა. მას ესიზმრებოდა განმეორებადი სიზმარი რაღაც რელიგიურ მსხვერპლშეწირვაზე, რომელიც დაკავშირებული იყო გველებთან ორმოში. იგი ორმოში იყო და ამოსვლას ცდილობდა, თითებით ებღაუჭებოდა ქვიშის კედლებს. გველები პირდაპირ მის ქვეშ იყვნენ. სიზმრის ამ მომენტში, როგორც წესი, ეღვიძებოდა, და გული გაშმაგებით უცემდა. 

 

მიუხედავად ხანგრძლივი შესვენებისა, სწრაფად ჩაიძირა ღრმა ჰიპნოტურ მდგომარეობაში. გასაკვირი არაა, რომ მაშინვე თავის ერთ-ერთ ძველ ცხოვრებაში აღმოჩნდა. 

 

„აქ, სადაც ვიმყოფები, ძალიან ცხელა, - დაიწყო მან. - ორ შავკანიან მამაკაცს ვხედავ, რომლებიც ქვის კედელთან დგანან. თავზე რაღაც თავსაბურავები აქვთ. ისინი საცავს აშენებენ ქვისგან და თიხისგან, სადაც ხორბალს ინახავენ. ხორბალი რკინის ბორბლებიანი ურიკებით მოაქვთ. ძალიან ლურჯ წყალს ვხედავ. რომელიღაც ხელმძღვანელი განკარგულებებს გასცემს. ხორბლის საცავში ქვემოთ კიბის სამ საფეხურს ჩაყავხართ. გარეთ ღმერთის ქანდაკება დგას. მას ცხოველის თუ ფრინველის თავი და ადამიანის სხეული აქვს. ეს სეზონების ღმერთია. კედლები რაღაც გუდრონისმაგვარითაა დაფარული, იმისთვის, რომ საცავში ჰაერი არ შემოვიდეს და ხორბალი საღი დარჩეს. სახე მექავება... ჩემს თმაში ლურჯ ბურთულებს ვხედავ. გარშემო ხოჭოები თუ ბუზებია, სწორედ ისინი იწვევენ ქავილს. სახეზე რაღაც წებოვანს ვისვამ, რომ ისინი მოვიშორო... საშინელი სუნი აქვს, რაღაც ხის წვენია. 

 

თმაში ლენტები მაქვს ჩაწნული, ოქროსფერი ზოლით. თმა შავი მაქვს. სამეფო კარის შემადგენლობას მივეკუთვნები. აქ რაღაც დღესასწაულთან დაკავშირებით მოვედი. ეს იყო მადლიერების დღე ღმერთების მიმართ უხვი მოსავლისთვის. მხოლოდ ცხოველების მსხვერპლშეწირვა ხდება, და არა ადამიანების. დაკლული ცხოველების სისხლი შემაღლებული ადგილიდან თასში იღვრება... იგი გველის პირში ჩადის. მამაკაცებს თავზე პატარა ოქროსფერი ქუდები ახურავთ. ყველა შავკანიანია. ჩვენ გვყავს მონები სხვა მიწებიდან...“

 

იგი კვლავ გაჩუმდა. შემდეგ თითქოს რაღაცას მიაყურადა:

 

„ყველაფერი ისე სწრაფი და რთულია... რასაც მეუბნებიან... ცვლილებაზე და განვითარებაზე, და სხვადასხვა პლანებზე. არსებობს გაცნობიერების პლანი და გადასვლის პლანი. თუ გაკვეთილი გავლილია, სხვა განზომილებაში, სხვა ცხოვრებაში გადავდივართ. ყველაფერი ბოლომდე უნდა გავიგოთ. სანამ არ გავიგებთ, უფრო შორს წავლის ნებას არ მოგვცემენ... მოგვიწევს იგივე გავიმეოროთ, იმიტომ რომ ვერ ვისწავლეთ. ყველაფერი ყველა მხრიდან უნდა შევისწავლოთ. უნდა გვქონდეს სურვილების გამოცდილება, ასევე ვიცოდეთ, როგორ გავცეთ... იმდენის ცოდნაა საჭირო, იმდენი სულია ამაში ჩართული. ამიტომ ვართ აქ. მასწავლებლები...“.

 

კატერინა გაჩუმდა, შემდეგ მასწავლებელი-პოეტის ხმით დაილაპარაკა:

 

„ის, რასაც გიყვებით, აწმყო მომენტს უკავშირდება. ახლა თქვენი ინტუიციის მეშვეობით უნდა შეიმეცნოთ:.

 

რამდენიმე წუთის შემდეგ კატერინამ თავისი დაბალი ხმით დაიჩურჩულა: „აქ შავი მესერია... შიგნით საფლავის ფილებია. აქ თქვენიცაა“.

 

„ჩემი?“ - ვკითხე გაკვირვებულმა.

 

„დიახ“.

 

„შეგიძლიათ, წარწერა წაიკითხოთ?“

 

„სახელი - „არისტოკრატული“: 1668-1724. მასზე ყვავილია... ეს საფრანგეთშია, ან რუსეთში. თქვენ წითელი უნიფორმით იყავით... ცხენიდან ჩამოგაგდეს... იქ ოქროს ბეჭედია... ლომის თავით... გამოიყენებოდა, როგორც ემბლემა“.

 

მეტი არაფერი უთქვამს. რამდენადაც მასწავლებელი-პოეტის სიტყვები გავიგე, გულისხმობდა, რომ აღარ იქნებოდა გამოცხადებები კატერინას ჰიპნოზური ტრანსის მეშეობით. ასეც მოხდა. აღარ გვჭირდებოდა სეანსების ჩატარება. ის ბოლომდე განიკურნა, და ყველაფერი გავიგე, რაც შემეძლო, რეგრესიის მეშვეობით. დანარჩენი, ის, რაც მომავალშია, საკუთარი ინტუიციით უნდა შემეცნო.

 

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff