თავი მეთხუთმეტე
თავი მეთხუთმეტე
ჩვენი ბოლო სეანსიდან ორი თვის შემდეგ კატერინამ დამირეკა და მიღებაზე ჩაეწერა. მითხრა, რომ რაღაც საინტერესო ამბავი ჰქონდა ჩემთვის.
როცა კაბინეტში შემოვიდა, ახალი კატერინას დანახვამ გამაოცა. იგი ბედნიერი და მომღიმარი იყო და შინაგან სიმშვიდესა და ნათებას ასხივებდა. „ძველი“ კატერინა გამახსენდა და ის, თუ რა შორს წავიდა წინ ასეთ მოკლე დროში.
კატერინამ ირის ზალცმანი მოინახულა - ცნობილი სენსორული ასტროლოგი, რომელიც წინა ცხოვრებებზე ორიენტირდებოდა. ცოტა გამიკვირდა, მაგრამ მესმოდა კატერინას ცნობისმოყვარეობა და მისი სურვილი - დამატებითი დადასტურება მიეღო იმ ყველაფრის, რაც განიცადა. მიხაროდა, ასეთი მტკიცე განზრახვა რომ ჰქონდა.
ირისის შესახებ კატერინამ მეგობრისგან შეიტყო. დაურეკა და შეხვედრაზე შეუთანხმდა, ისე რომ არაფერი მოუყოლია იმის შესახებ, რაც ჩემს კაბინეტში ხდებოდა. ირისმა მას მხოლოდ დაბადების თარიღი, ადგილი და დრო ჰკითხა. აუხსნა, რომ ამ მონაცემებს ასტროლოგიური რუქის შესადგენად იყენებდა და ეს ყველაფერი ინტუიტიურ უნარებთან ერთად ირისს დაეხმარებოდა კატერინას წინა ცხოვრებების დეტალების დანახვაში.
კატერინასთვის ეს ექსტრასენსთან ურთიერთობის პირველი გამოცდილება იყო, და ვერ წარმოიდგენდა რისი მოლოდინი შეიძლებოდა ჰქონოდა. მისდა გასაკვირად, ირისმა დაადასტურა იმ ინფორმაციის დიდი ნაწილი, რომელიც კატერინამ ჰიპნოზის ქვეშ მიიღო.
ირისმა თანდათან შეიყვანა თავი შეცვლილ მდგომარეობაში, და თან საუბრობდა სწრაფად შედგენილ ასტროლოგიურ რუკაზე მონიშვნებს აკეთებდა. რამდენიმე წუთის შემდეგ ირისი თავის ყელს შეეხო და თქვა, რომ წინა ცხოვრებაში ირისი მოგუდვით და ყელის გამოჭრით გარდაიცვალა. თან თქვა, რომ კატერინა თავისი სიკვდილის მომენტში ახალგაზრდა მამაკაცი იყო.
შემდეგ ირისმა დაიწყო კატერინას, როგორც ახალგაზრდა მამაკაცის აღწერა, მეზღვაურის ფორმით, მოკლე შავი შარვლით და უცნაურ აბზინდებიანი ფეხსაცმლით. უეცრად ირისმა თავის მარცხენა ხელს სტაცა ხელი და პულსირებადი ტკივილი იგრძნო. თან დაიყვირა, რომ რაღაც ბასრი შეერჭო ხელში და მასზე წარუშლელი იარა დატოვა. მან ასევე დაინახა დიდი საზრვაო შეტაკებები, და ეს ყველაფერი ინგლისის სანაპიროებთან ახლოს ხდებოდა. იგი განაგრძობდა მეზღვაურის ცხოვრების აღწერას.
ირისმა სხვადასხვა ცხოვრებებიდან მრავალი ფრაგმენტი აღწერა. იყო ხანმოკლე ცხოვრება პარიზში, სადაც კატერინა კვლავაც ბიჭი იყო, რომელიც სიღარიბეში ცხოვრობდა და ადრე გარდაიცვალა. ის ასევე იყო ინდიელი ქალი ფლორიდას სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე. იმ დროს იგი მკურნალობით იყო დაკავებული, ფეხშიშველი დადიოდა, მუქკანიანი იყო და თვალებიც უცნაური ჰქონდა. ის მალამოებს ადებდა ჭრილობებზე, წამლებს ამზადებდა ბალახეულისგან და ექსტრასენსულ უნარებს ფლობდა. მოსწონდა თავისი სამკაული - ლურჯი ქვა, ლაზურიტი, რომელშიც კიდევ წითელი ქვა იდო.
სხვა ცხოვრებაში კატერინა ესპანელი მეძავი იყო. მისი სახელი სიტყვა „ლ“-თი იწყებოდა. იგი მოხუც მამაკაცთან ერთად ცხოვრობდა.
მას ასევე ჰქონდა ცხოვრება მდიდარი მამის არაკანონიერი ქალიშვილისა, რომელიც მრავალ ტიტულს ფლობდა. ირისმა დაინახა საგვარეულო ნიშანი ჭიქებზე დიდ სახლში. კატერინა ძალიან ლამაზი იყო, დიდი, ნატიფი თითები ჰქონდა და არფაზე უკრავდა. მას კარგი ქორწილი მოუწყვეს. ცხოველები უყვარდა, განსაკუთრებით ცხენები, და უკეთ ეპყრობოდა მათ, ვიდრე გარშემომყოფ ადამიანებს.
ერთ-ერთ ხანმოკლე ცხოვრებაში მაროკოელი ბიჭი იყო, რომელიც ავადმყოფობისგან გარდაიცვალა. ერთხელ ჰაიტიზე ცხოვრობდა, განსაკუთრებულ ენაზე საუბრობდა და მაგიურ რიტუალებს ატარებდა.
ძველ დროში ეგვიპტელი ქალი იყო, დაწნული თმით, და დასაფლავების რიტუალებში მონაწილეობდა.
რამდენიმე ცხოვრება საფრანგეთსა და იტალიაში ჰქონდა. ერთ-ერთ მათგანში ფლორენციაში ცხოვრობდა და როგორღაც რელიგიასთან იყო დაკავშირებული. მოგვიანებით შვეიცარიაში გადავიდა, სადაც მონასტერში ცხოვრობდა. ქალი იყო და ორი ვაჟი ჰყავდა. მათ ოქრო და ოქროს სკულპტურები უყვარდათ, ოქროს ჯვარი ჰქონდა. საფრანგეთში ციხეშ იჯდა, ცივ და ბნელ ადგილას.
სხვა ცხოვრებაში ირისმა კატერინა დაინახა, როგორც მამაკაცი წითელ ფორმაში, ცხენებისა და ჯარისკაცების გარემოცვაში. ფორმა წითელი და ოქროსფერი იყო, შესაძლოა რუსული. კიდევ ერთ ცხოვრებაში ის ნუბიელი მონა იყო ძველ ეგვიპტეში. რაღაც მომენტში ის შეიპყრეს და ციხეში ჩასვეს. ასევე იყო იაპონელი მამაკაცი, რომელიც წიგნებით და სწავლით იყო დაკავებული და ძალიან დიდხანს იცოცხლა.
და ბოლოს, ერთ-ერთ ბოლო ცხოვრებაში გერმანელი ჯარისკაცი იყო, რომელიც ომის დროს დაიღუპა.
მე აღმაფრთოვანა ირისის მიერ დეტალურად აღწერილი წინა ცხოვრებების სიზუსტემ. შესაბამისობა საოცარი იყო: საზღვაო ომში დაჭრილი კრისტიანის ხელი, მისი ტანსაცმლის და ფეხსაცმლის აღწერა; ლუიზას - ესპანელი მეძავის ცხოვრება; არონდა და ეგვიპტური დაკრძალვის ცერემონია; იოჰანი, ახალგაზრდა მხედარი, რომელსაც ყელი იმ ადამიანმა გამოჭრა, რომელიც წინა ინკარნაციაში სტიუარტი იყო; ერიკი, გერმანელი პილოტი და ა.შ.
შესაბამისობა იყო ასევე კატერინას ამჟამინდელ ცხოვრებასთან. მაგალითად, კატერინას მოსწონდა ლურჯი ქვით გაწყობილი სამკაულები, განსაკუთრებით ლაზურიტით. თუმცა მას არანაირი სამკაული არ ეკეთა ირისთან ვიზიტის დროს. მას ყოველთვის უყვარდა ცხოველები, განსაკუთრებით ცხენები და კატები, და მათთან თავს უფრო უსაფრთხოდ გრძნობდა, ვიდრე ადამიანებთან. და ყველა ადგილიდან მსოფლიოში, რომლებსაც პირველ რიგში მოინახულებდა, პირველ ადგილზე ფლორენცია იყო.
ამ გამოცდილებას არავითარ შემთხვევაში არ დავარქმევდი საიმედო სამეცნიერო ექსპერიმენტს. მე არ მქონდა მზა მეთოდი ამ „ცვლადი მონაცემების“ შესამოწმებლად. მაგრამ ეს მოხდა, და ვფიქრობ მნიშვნელოვანია ამის მოყოლა.
ზუსტად არ ვარ დარწმუნებული, რა მოხდა იმ დღეს. შესაძლოა, ირისმა გაუცნობიერებლად გამოიყენა ტელეპატია და კატერინას გონება „წაიკითხა“, რადგან წინა ცხოვრებები უკვე კატერინას არაცნობიერშ იყო. ან, შესაძლოა, ირისს თავისი ფსიქიკური უნარებით მართლა შეეძლო ინფორმაციის ამოტანა წინა ცხოვრებებიდან. თუმცაღა ეს მოხდა: ორივემ ერთნაირი ინფორმაცია მიიღო სხვადასხვა მეთოდებით. იმას, რასაც კატერინამ ჰიპნოზური რეგრესით მიაღწია, ირისს ფსიქიკური არხების მეშვეობით გამოუვიდა.
ძალიან ცოტას შეუძლია იმის გაკეთება, რაც ირისმა გააკეთა. ბევრი, ვინც საკუთარ თავს ექსტრასენსს უწოდებს, უბრალოდ ადამიანების შიშებით და ამოუცნობისადმი ინტერესებიტ შოულობს ფულს. დღეს ფსიქიკური თაღლითების და შარლატანების რაოდენობა იზრდება, როგორც სოკოები წვიმის შემდეგ. ისეთი წიგნების პოპულარულობამ, როგორიცაა შირლი მაკლეინის „საფრთხეში“, მწვანე შუქი აანთო ახალი „ტრანს-მედიუმებისთვის“. ბევრი მათგანი აქტიურად აკეთებს საკუთარი თავის რეკლამას და შემდეგ „ტრანსში“ ზის და მონუსხულ პუბლიკას ბანალურ შტამპებს ამცნობს, მაგალითად: „თუ ბუნებასთან ჰარმონიაში არ იქნებით, ბუნებაც არ იქნება თქვენთან ჰარმონიაში“. და ამას როგორც წესი შეცვლილი ხმით ამბობს, ხშირად უცხოური აქცენტით შეზავებულით. გზავნილები ბუნდოვანია და ადამიანთა დიდ წრეზე ვრცელდება. ხშირად, გზავნილები ეხება ძირითადად სულიერ განზომილებებს, რომელთა შესახებ ობიექტური მსჯელობა ძნელია. მნიშვნელოვანია, რომ გამოვყოთ სიყალბე ჭეშმარიტებისგან, რათა არ მოვახდინოთ თავად ცოდნის ველის დისკრედიტაცია. მნიშვნელოვანია, რომ ეს სამუშაო სერიოზულმა მეცნიერმა-ბიჰევიორისტებმა შეასრულონ. ფსიქიატრებმა ამ განცხადებების დიაგნოსტირება უნდა მოახდინონ, და მენტალური გადახრები, სიმულაცია და სოციოპათიური ტენდენციები (თაღლითობა) დააფიქსირონ. სტატისტიკოსები, ფსიქოლოგები და ფიზიკოსები ასევე საჭირონი არიან სწორი შეფასებისთვის და შემდგომი კვლევებისთვის.
იმ მნიშვნელოვან ნაბიჯებში, რომლებიც ამ სფეროში განხორციელდება, გამოყენებულ უნდა იქნეს მეცნიერული მეთოდოლოგია. მეცნიერებაში პირველად იქმნება ჰიპოთეზა, რომელიც წარმოადგენს წინასწარ დაშვებას დაკვირვებათა შემდგომი სერიისთვის, რათა ეს მოვლენა აიხსნას. შემდეგ ჰიპოთეზა საკონტროლო პირობებით უნდა იქნეს შემოწმებული. ამ შემოწმებების შედეგები დამტკიცებულ და გამეორებულ უნდა იქნეს, სანამ თეორიის სახით ჩამოყალიბდება. როცა მეცნიერს უკვე ექნება ის, რასაც ჯანსაღ თეორიას უწოდებდა, ის დატესტილ უნდა იქნეს სხვა მკვლევარების მიერ, და ამასთან შედეგი ერთი და იგივე უნდა იყოს. მსგავსი მეცნიერულად მისაღები კვლევები ჩაატარეს დოქტორმა ბ. რაინმა დიუკის უნივერსიტეტიდან, დოქტორმა იან სტივენსონმა ვირჯინიის უნივერსიტეტის ფსიქიატრიის განყოფილებიდან, დოქტორმა გერტრუდა შმაიდლერმა ქალაქ ნიუ-იორკის კოლეჯიდან და სხვა მრავალმა სერიოზულმა მეცნიერმა, რამაც დაამტკიცა, რომ ეს შესაძლებელია.