8. ცხოვრების განრიგის ნგრევა
8. ცხოვრების განრიგის ნგრევა
კვირა, 1961 წლის 16 ივლისი.
მთელი დილა მღრღნელებზე დაკვირვებაში გავატარეთ, რომლებიც მსუქან ციყვებს ჰგავდნენ. დონ ხუანი მათ წყლის ვირთხებს ეძახდა. თქვა, რომ ისინი ძალიან სწრაფები არიან, როცა საფრთხეს გაურბიან. მაგრამ მას შემდეგ, რაც თავს დააღწევენ მტაცებელს, საშინელი ჩვევა აქვთ – გაჩერდნენ, ან ქვაზეც კი აძვრნენ. უკანა ფეხებზე დგებიან, აქეთ-იქით იყურებიან და თავს ისუფთავებენ.
— მათ ძალიან კარგი თვალები აქვთ, — თქვა დონ ხუანმა. — მხოლოდ იმ დროს უნდა იმოძრაო, როცა ისინი გარბიან, ამიტომ უნდა ისწავლო წინასწარ განჭვრეტა, სად და როდის გაჩედებიან ისინი ისე, რომ იმავე დროს შეძლო გაჩერება.
მათზე დაკვირვებაში ვიყავი ჩაფლული, და მქონდა ის, რასაც მონადირეები საველე დღეს უწოდებენ. ბოლოს და ბოლოს შევძელი, რომ თითქმის ყოველ ჯერზე გამომეცნო მათი მოძრაობა. შემდეგ დონ ხუანმა მაჩვენა, როგორ გამეკეთებინა ხაფანგები მათ დასაჭერად. მან განმიმარტა, რომ მონადირეს დრო სჭირდება მათი კვების წესზე და ბუდობის ადგილებზე დასაკვირვებლად, რათა განსაზღვროს, თუ სად განალაგოს ხაფანგები. შემდეგ ღამით უნდა განალაგოს ხაფანგები და მეორე დღეს ისე შეაშინოს ისინი, რომ თავისით გაიქცნენ ხაფანგებისკენ.
ჩვენ სხვადასხვანაირი ჯოხები მოვაგროვეთ და ხაფანგების კეთება დავიწყეთ. უკვე თითქმის მოვრჩი ჩემი საქმის გაკეთებას და აღგზნებული ვფიქრობდი, იმუშავებდა თუ არა.
ამ დროს, მოულოდნელად დონ ხუანი გაჩერდა და თავის მარცხენა მაჯას შეხედა, თითქოს საათს უყურებსო, რომელიც არასოდეს ჰქონია, და თქვა, რომ მისი ქრონომეტრის თანახმად უკვე ლანჩის დრო იყო. მე დიდი ჯოხი მეკავა, და ვცდილობდი რგოლად მომეღუნა იგი. ავტომატურად დავდე სხვა სამონადირეო აღჭურვილობასთან ერთად.
დონ ხუანმა ცნობისმოყვარე გამომეტყველებით შემომხედა. შემდეგ ფაბრიკის სირენის ხმა გამოსცა, რომელიც სასადილოდ უხმობდა. გამეცინა. მივუახლოვდი და შევამჩნიე, რომ მიყურებდა. თავი აქეთ-იქით გააქნია.
— წყეულიმც ვიყო, — თქვა მან.
— რა ხდება? — ვკითხე მე.
მან კვლავ გამოსცა ფაბრიკის სირენის გრძელი ხმა.
— ლანჩი დამთავრდა, — თქვა მან. — წადი უკან, სამუშაოდ.
წამით შეცბუნება ვიგრძენი, შემდეგ კი ვიფიქრე, რომ ხუმრობდა, ალბათ იმიტომ, რომ სინამდვილეში არც არაფერი გვქონდა საჭმელი. კვლავ ავიღე ჯოხი და მისი მოღუნვა ვცადე. დონ ხუანმა კვლავაც გააჟღერა თავისი „სირენა“.
— სახლში წასვლის დროა. — მან თავის წარმოსახვით საათს შეხედა, შემდეგ მე შემომხედა და თვალი ჩამიკრა.
— უკვე ხუთი საათია, — თქვა მან იმ ადამიანის ტონით, რომელიც საიდუმლოს გასცემს. ვიფიქრე, რომ უეცრად მოყირჭდა ნადირობა და ყველაფრისთვის თავის მინებება გადაწყვიტა. ყველაფერი მიწაზე დავალაგე და წასასვლელად მოვემზადე. არ ვუყურებდი მას. ვთვლიდი, რომ ისიც აგროვებდა თავის ნივთებს. როცა მზად ვიყავი, დავინახე, რომ ფეხებგადაჯვარედინებული ჩემგან რამდენიმე ფუტში იჯდა.
— მე მზად ვარ, — ვუთხარი მე. — შეგვიძლია ნებისმიერ დროს წავიდეთ.
იგი წამოდგა და კლდეზე ავიდა. ასე იდგა იქ, დაახლოებით ორ მეტრზე მიწიდან და მე მიყურებდა. ხელები პირთან მიიტანა და ძალიან გრძელი და გამჭოლავი ხმა გამოსცა. ეს იყო ერთგვარი გაძლიერებული ფაბრიკის სირენა. ერთ ადგილზე ტრიალებდა და ამ ხმას გამოსცემდა.
— რას აკეთებ, დონ ხუან? — ვკითხე მე.
მითხრა, რომ მთელ მსოფლიოს აძლევდა სახლში წასვლის სიგნალს.
სრულიად გაოგნებული ვიყავი. ვერ გამეგო, ხუმრობდა თუ არა. ყურადღებით ვადევნებდი თვალყურს და ვცდილობდი მისი ქმედება დამეკავშირებინა რაიმესთან, რაც მანამდე უთქვამს. მთელი ეს დილა თითქმის არ გვისაუბრია, და ვერ ვიხსენებდი ვერაფერს მნიშვნელოვანს.
დონ ხუანი ჯერ კიდევ კლდეზე იდგა. შემომხედა, გაიღიმა და კვლავ თვალი ჩამიკრა. უეცრად ავფორიაქდი. დონ ხუანმა კვლავ მიიტანა ხელები პირთან და კიდევ ერთი სირენისმაგვარი ხმა გამოსცა.
მან თქვა, რომ უკვე დილის რვა საათია და კვლავ უნდა ავაწყო ჩემი ხელსაწყოები, რადგანაც წინ მთელი დღე გვაქვს.
ამ დროისთვის სრულიად დაბნეული ვიყავი. რაღაც წუთების განმავლობაში ჩემი შიში სცენიდან გაქცევის გადაულახავ სურვილამდე გაიზარდა. ვფიქრობდი, რომ დონ ხუანი ჭკუიდან შეიშალა. გაქცევისთვისაც კი ვიყავი მზად, როცა კლდიდან ჩამოვიდა და ღიმილით მომიახლოვდა.
ფიქრობ, რომ ჭკუიდან შევიშალე, არა? — მკითხა მან.
ვუთხარი, რომ გონების დაკარგვამდე შემაშინა თავისი მოულოდნელი ქცევით. მან მითხრა, რომ ჩვენ მუდმივები ვართ. ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა. ღრმად ვიყავი ჩაფლული აზრებში იმის შესახებ, რომ მისი ქცევები სრულიად გიჟური ჩანდა. მან ამიხსნა, რომ განზრახ ეცადა ჩემს გონების დაკარგვამდე შეშინებას თავისი მოულოდნელი ქცევის სიმძიმით, რადგანაც თავადაც მზადაა კედელზე აძვრეს ჩემი მოულოდნელი ქცევის სიმძიმის გამო. თქვა, რომ ჩემი დღის განრიგი იმდენადვე გიჟურია, როგორც მისი სირენის ხმა.
მე შოკირებული ვიყავი და დავიწყე მტკიცება, რომ სინამდვილეში არანაირი განრიგი არ გამაჩნია. ვუთხარი, რომ ჩემი ცხოვრება ფაქტიურად დომხალია, ჯანსაღი განრიგის არარსებობის გამო.
დონ ხუანს ჩაეცინა და ჟესტით მანიშნა, მის გვერდით დავმჯდარიყავი. მთელი სიტუაცია კვლავაც ჯადოსნურად შეიცვალა. ჩემი შიში აორთქლდა, როგორც კი მან საუბარი დაიწყო.
—რას გულისხმობ ჩემს განრიგში? — ვკითხე მე.
— ყველაფერი, რასაც აკეთებ, განრიგია.
— კი, მაგრამ ყველა ასე არ ვართ?
— ყველანი არა. მე არაფერს ვაკეთებ განრიგიდან გამომდინარე.
— რითაა ეს ყველაფერი გამოწვეული, დონ ხუან? რა გავაკეთე, ან რა ვთქვი, რომ მეიძულებინე ისე გემოქმედა, რაც გააკეთე?
— შენ ლანჩზე ღელავდი.
— კი, მაგრამ შენთვის არაფერი მითქვამს, საიდან იცი, რომ ლანჩზე ვღელავდი?
— შენ ყოველდღე, დაახლოებით შუადღეზე, საღამოს ექვსზე და დაახლოებით დილის რვაზე, საჭმელზე ღელავ, — თქვა მან საშინელი გრიმასით. — ამ დროს შენ საჭმელზე ღელავ, მაშინაც კი, თუ მშიერი არ ხარ.
— მხოლოდ სირენას სიგნალი მჭირდებოდა იმისთვის, რომ დამენახვებინა შენი მოწესრიგებული სული. შენი სული გაწვრთნილია, რომ სიგნალზე იმუშაოს.
მან თვალებში კითხვით შემომხედა. არ შემეძლო თავის დაცვა.
— ახლა შენ გინდა, რომ ნადირობა მოწესრიგებულ განრიგად აქციო, — თქვა მან. — უკვე ნაბიჯი გადადგი ნადირობაში და შენი ნაბიჯები განსაზღვრე. განსაზღვრულ დროს ლაპარაკობ, განსაზღვრულ დროს ჭამ და განსაზღვრულ დროს იძინებ.
არაფერი მქონდა სათქმელი. დონ ხუანის მიერ ჩემი კვებითი ჩვევები აღწერა ხასიათის ის შტრიხი იყო, რომელსაც ცხოვრებაში ყველაფერში ვიყენებდი. და მაინც, ძლიერ ვგრძნობდი, რომ ჩემი ცხოვრება უფრო ნაკლებად იყო მოწესრიგებული, ვიდრე ჩემი მეგობრებისა და ნაცნობების უმეტესობის ცხოვრება.
— შენ ძალიან ბევრი იცი ნადირობის შესახებ, — განაგრძო დონ ხუანმა. — შენთვის ადვილი გასაგები იქნება, რომ კარგმა მონადირემ ყველაზე მეტად ერთი რამ იცის — მან იცის თავისი მსხვერპლის განრიგი. სწორედ ეს აქცევს მას კარგ მონადირედ.
ახლა მინდა, რომ ბოლო და ყველაზე რთული ნაწილი გასწავლო. შესაძლოა წლები გავიდეს, სანამ შეძლებ თქვა, რომ გაიგე ეს და მონადირე ხარ.
დონ ხუანი გაჩუმდა, თითქოს დროს მაძლევდა. ქუდი მოიხადა და გამოსახა, როგორ იქექებიან საკუთარ თავზე მღრღნელები, რომლებსაც ვაკვირდებოდით. ეს ძალიან სასაცილოდ მომეჩვენა. იგი თავისი მრგვალი თავით ძალიან ჰგავდა ერთ-ერთ ამ მღრღნელს.
—მონადირედ ყოფნა არ ნიშნავს უბრალოდ ნადავლის დაჭერას, — განაგრძობდა იგი. — კარგი მონადირე ნადავლს იჭერს არა იმიტომ, რომ ხაფანგებს აგებს, ან იმიტომ, რომ თავისი მსხვერპლის განრიგი იცის, არამედ იმიტომ, რომ მას თავად არ გააჩნია განრიგი. ამაშია მისი უპირატესობა. იგი სრულიად არ ჰგავს იმ ცხოველებს, რომლებზეც ნადირობს, მყარი განრიგით და წინასწარგანჭვრეტადი ქმედებებით დამონებულებს. იგი თავისუფალია, დენადია, წინასწარგანუჭვრეტელია.
დონ ხუანის ნათქვამი ჩემთვის საკამათო არარაციონალურ იდეალიზაციად ჟღერდა. ვერ წარმომედგინა ცხოვრება განრიგის გარეშე. მინდოდა გულწრფელი ვყოფილიყავი მასთან და არა უბრალოდ დავთანხმებოდი ან არ დავთანხმებოდი. ვგრძნობდი, რომ რასაც ის გულისხმობდა, იმის შესრულება შეუძლებელი იყო ჩემთვისაც და ნებისმიერი სხვისთვისაც.
— მე საქმე არა მაქვს იმასთან, შენ რას გრძნობ, — თქვა მან. — იმისთვის, რომ მონადირე გახდე, უნდა დაანგრიო შენი ცხოვრების განრიგი. შენ კარგ შედეგებს მიაღწიე ნადირობაში. სწრაფად ისწავლე, და ახლა შეგიძლია დაინახო, რომ ისეთივე ხარ, როგორიც შენი მსხვერპლია — იოლად, წინასწარ განჭვრეტადი.
ვთხოვე, დაეზუსტებინა და კონკრეტული მაგალითები მოეცა.
— მე ვლაპარაკობ ნადირობაზე, — თქვა მან მშვიდად. — ამიტომ მე ვლაპარაკობ იმაზე, თუ რას აკეთებენ ცხოველები. იმ ადგილებზე, სადაც ისინი ჭამენ, მათი ძილის ადგილებსა და მანერებზე, იმაზე, თუ სად ბუდობენ და სად დადიან. სწორედ ამ განრიგზე მიგითითებ, რომ საკუთარ თავში გააცნობიერო იგი.
— შენ აკვირდებოდი ცხოველთა ქცევებს უდაბნოში. ისინი განსაზღვრულ ადგილებში ჭამენ ან სვამენ. ისინი განსაკუთრებულ ადგილებში ბუდობენ. განსაკუთრებულ კვალს ტოვებენ. ფაქტიურად ყველაფერს, რასაც აკეთებენ, კარგი მონადირე წინასწარ ხედავს.
როგორც უკვე გითხარი, ჩემს თვალებში ისევე იქცევი, როგორც მსხვერპლი. ერთხელ ჩემს ცხოვრებაში ერთმა ადამიანმა სწორედ იგივეზე მიმითითა, ამიტომ შენ მარტო არ ხარ ეგეთი. ყველანი ისევე ვიქცევით, როგორც ის მსხვერპლი, რომელსაც მივდევთ. ბუნებრივია, ეს სხვა ვიღაცის ან სხვა რაღაცის მსხვერპლად გვაქცევს. აქედან გამომდინარე, იმ მონადირის მიზანი, რომელმაც ეს ყველაფერი იცის, მდგომარეობს იმაში, რომ თავად აღარ იყოს მსხვერპლი. ხვდები, რას ვგულისხმობ?
მე კვლავ გამოვთქვი ჩემი აზრი, რომ ეს ყველაფერი მიუღწეველია.
— ამას დრო სჭირდება, — თქვა დონ ხუანმა. შეგიძლია იმით დაიწყო, რომ არ ჭამო ლანჩი ყოველ მეორე დღეს 12 საათზე.
შემომხედა და კეთილგანწყობით გამიღიმა. მისი გამომეტყველება ძალიან სასაცილო იყო და გამამხირულა.
— თუმცა არიან ცხოველები, რომელთა გამოჭერა შეუძლებელია, — განაგრძო მან. — არიან მაგალითად ირმების გარკვეული ტიპები, რომლებსაც იღბლიანი მონადირე, უბრალოდ გამართლების გამო ცხოვრებაში ერთხელ შეხვდება.
დონ ხუანმა დრამატული პაუზა გააკეთა და გამჭოლად შემომხედა. როგორც ჩანდა, კითხვას ელოდა, მაგრამ მე კითხვები არ მქონდა.
— როგორ ფიქრობ, რა აქცევს მათ ასეთ უნიკალურებად და რატომაა ასე რთული მათი პოვნა? — მკითხა მან.
მე მხრები ავიჩეჩე, რადგანაც არ ვიცოდი რა მეპასუხა.
— მათ არ გააჩნიათ განრიგი, — თქვა მან, თითქოს დიდ საიდუმლოს ახადა ფარდაო. — აი, რა აქცევს მათ მაგიურებად.
— ირემს ღამით უნდა ეძინოს, — ვთქვი მე. — ნუთუ ეს არაა განრიგი?
— რა თქმა უნდა, თუკი ირემს ყოველ ღამე განსაზღვრულ დროს და განსაზღვრულ ადგილას ძინავს, მაგრამ ეს ჯადოსნური არსებები ასე არ იქცევიან. ოდესმე, შესაძლოა თავად შეძლო ამის შემოწმება. შესაძლოა შენი ბედი გახდეს რომელიმე ასეთზე სიცოცხლის ბოლომდე ნადირობა.
— რას გულისხმობ?
— შენ გიყვარს ნადირობა. შესაძლოა, ოდესმე მსოფლიოს რაღაც ადილას შენი ბილიკი გადაიკვეთოს ჯადოსნურ არსებასთან, და შეძლებ, რომ გაეკიდო მას.
მაგიური არსება — ესაა ის, რაც სულს იპყრობს. მე საკმარისად გამიმართლა, რომ ჩემი ბილიკი ერთ-ერთ მათგანთან გადაიკვეთა. ჩვენი შეხვედრა მას შემდეგ შედგა, რაც პრაქტიკულად შევისწავლე ბევრი რამ ნადირობის შესახებ. ერთხელ უღრან ტყეში ვიყავი, ცენტრალურ მექსიკაში, როცა უეცრად წყნარი სტვენა გავიგე. იგი ჩემთვის უცნობი იყო. ცხოვრებაში არასოდეს გამეგონა მსგავსი ხმა. ვერ ვარკვევდი ადგილს, საიდანაც ხმა მოდიოდა. მეჩვენებოდა, რომ ერთდროულად რამდენიმე ადგილიდან მოდიოდა... ვიფიქრე, რომ შესაძლოა რომელიღაც უცნობი ცხოველების ჯოგით ვარ გარშემორტყმული.
კიდევ ერთხელ მომესმა ეს წარმტაცი ხმა. მეჩვენებოდა, რომ ყველა მხრიდან მოდიოდა. მაშინ მივხვდი, რომ გამიმართლა. ვიცოდი, რომ ეს ჯადოსნური არსება ირემი იყო. ვიცოდი, რომ ჯადოსნური ირემი აცნობიერებს ჩვეულებრივი ადამიანებისა და მონადირეების განრიგს.
ძალიან იოლი გამოსაცნობია, რა გააკეთებდა ჩვეულებრივი ადამიანი მსგავს სიტუაციაში. პირველ რიგში, მისი შიში დაუყოვნებლივ მსხვერპლად აქცევს მას. როგორც კი იგი მსხვერპლი გახდება, მოქმედების მხოლოდ ორი გზა რჩება. ან გაიქცევა, ან ადგილზე დარჩება. თუ შეიარაღებული არაა, ჩვეულებრივ ღია ადგილას გაიქცევა, რომ თავს უშველოს. თუ შეიარაღებულია, მოამზადებს თავის იარაღას და, ან ადგილზე გაშეშდება, ან მიწაზე დაწვება.
მეორე მხრივ, მონადირე არასოდეს წავა ველურ ადგილას ისე, რომ წინასწარ თავშესაფარი წერტილები არ მონიშნოს. ამიტომ, იგი დაუყოვნებლივ შეაფარებს თავს. მას შეუძლია დააგდოს თავისი პონჩო მიწაზე, ან ხეზე ჩამოკიდოს, როგორც ყურადღების ასარიდებელი საშუალება, შემდეგ კი დაიმალება და დაელოდება, სანამ მსხვერპლი თავის მომდევნო ნაბიჯს არ გადადგამს.
ამიტომ, ჯადოსნური ირმის თანდასწრებით, არც ერთივით მოვიქეცი და არც მეორესავით. სასწრაფოდ თავზე დავდექი და წყნარად დავიწყე ღმუილი. ფაქტიურად ვტიროდი ცხარე ცრემლებით, ვქვითინებდი იმდენი ხნის განმავლობაში, რომ მალე გონებასაც დავკარგავდი. უეცრად რბილი სუნთქვა ვიგრძენი. ვიღაც ყნოსავდა ჩემს თმებს მარჯვენა ყურის ზემოთ. ვცადე, რომ თავი მომეტრიალებინა და შემეხედა, რა იყო ეს, მაგრამ წავიქეცი, და როცა წამოვჯექი, დავინახე არსება, რომლის ფერები ერთმანეთში იღვრებოდა. იგი მე მიყურებდა. მე ვუთხარი ირემს, რომ არაფერს ვავნებდი, და ირემი დამელაპარაკა.
დონ ხუანი შეჩერდა და შემომხედა. უნებურად გავიღიმე. აზრი მოლაპარაკე ირმის შესახებ იმდენად დაუჯერებელი იყო, რომ არ შემეძლო მისი მშვიდად მიღება.
— იგი დამელაპარაკა, — თქვა დონ ხუანმა გრიმასით.
— ირემი დაგელაპარაკა?
— დამელაპარაკა.
დონ ხუანი ადგა და სამონადირო აღჭურვილობის თავისი გროვა აიღო.
— ის რა, მართლა დაგელაპარაკა? — ვკითხე გაოგნებულმა.
დონ ხუანმა გადაიხარხარა.
— რა თქვა? — ვკითხე ნახევრადხუმრობით.
ვფიქრობდი, რომ მასულელებდა. წამით გაჩუმდა, თითქოს იხსენებდა, შემდეგ კი თვალები გაუბრწყინდა და მითხრა, რაც უთხრა ირემმა.
— ჯადოსნურმა ირემმა მითხრა: «ჰელლო, მეგობარო!», — განაგრძობდა დონ ხუანი. — და მე ვუპასუხე: «ჰელლო!» შემდეგ მკითხა: «რატომ ტირიხარ?» და მე ვუპასუხე: «იმიტომ, რომ მოწყენილი ვარ». მაშინ ჯადოსნური არსება ჩემს ყურთან დაიხარა და ისევე მკაფიოდ მითხრა, როგორც ახლა შენ გეუბნები: «არ მოიწყინო».
დონ ხუანმა თვალებში შემომხედა. მათში გამცემი სხივი გამოკრთოდა. ხმამაღლა დაიწყო სიცილი.
მე ვუთხარი, რომ მისი დიალოგი ირემთან იგივე იყო, რაც დუმილი.
— კი, მაგრამ რა გინდა? — მკითხა მან, თან ჯერ კიდევ იცინოდა. — მე ხომ ინდიელი ვარ.
მისი იუმორის გრძნობა იმდენად არამიწიერი იყო, რომ ვერაფერი ვიღონე გარდა იმისა, რომ თავადაც მასთან ერთად მეცინა.
— შენ არ გჯერა, რომ ჯადოსნური ირემი ლაპარაკობდა, ასე არაა?
— მაპატიე, მაგრამ არ შემიძლია დავიჯერო, რომ მსგავსი რამეები ხდება, — ვუთხარი მე.
— არ გადანაშაულებ, — თქვა მან გამამხნევებლად. — ეს ერთ-ერთი ყველაზე ჩახლართული რამეა.