კარლოს კასტანედა - მოგზაურობა იქსტლანში

კარლოს კასტანედა
5
1

ის, ვინც მეომრის გზაზე დგება, გზაზე, რომელსაც გული აქვს, ვეღარასოდეს დარჩება უბრალო ობივატელად

12. ძალის ორთაბრძოლა

12. ძალის ორთაბრძოლა

 

ხუთშაბათი, 1961 წლის 28 დეკემბერი.

ჩვენი მოგზაურობა დილით, ძალიან ადრე დავიწყეთ. სამხრეთისკენ ვიარეთ, შემდეგ კი აღმოსავლეთის მხარეს, მთებისკენ. დონ ხუანმა გოგრის კასრები წამოიღო წყლითა და საჭმლით. ჩემს მანქანაში შევჭამეთ, სანამ სალაშქროდ წავიდოდით.

— ჩემთან ახლოს იარე, — თქვა მან. — ეს შენთვის უცნობი რაიონია და აქ არაა საჭირო გარისკვა. შენ ძალის საძიებლად მიდიხარ და რასაც აკეთებ, ყველაფერი ითვლება. ქარს ადევნე თვალყური, განსაკუთრებით დღის ბოლოსკენ. დააკვირდი, როდის იცვლის მიმართულებას ისე, რომ მე ყოველთვის გფარავდე მისგან.

— რა უნდა გავაკეთოთ ამ მთებში, დონ ხუან?

— შენ ძალაზე ნადირობ.

— მე მაინტერესებს, კონკრეტულად რა უნდა ვაკეთოთ?

— როცა საქმე ძალაზე ნადირობას ეხება, ვერ იქნება ვერანაირი წინასწარი გეგმა. ძალაზე ნადირობა და ნადავლზე ნადირობა — ერთი და იგივეა. მეომარი ნადირობს და მისაწვდომი ხდება ძალისთვის, ამიტომ ყოველთვის მზადყოფნის მდგომარეობაში უნდა იყოს.

შენ იცი ქარის შესახებ, და ახლა უკვე დამოუკიდებლად შეგიძლია ქარში არსებულ ძალაზე ნადირობა. მაგრამ არსებობს სხვა რაღაცეები, რაც ჯერ არ იცი, რომლებიც ისევე როგორც ქარი, ძალის ცენტრებს წარმოადგენენ გარკვეულ დროს და გარკვეულ ადგილებში.

ძალა — ძალიან საინტერესო რამეა, — თქვა მან. — შეუძლებელია ავიღოთ იგი და ვთქვათ, რომ ის მართლა არის. ესაა გრძნობა, რომელიც გარკვეული ადგილების შესახებ გააჩნიათ. ძალა პირადია. იგი ვიღაც ერთს ეკუთვნის. ჩემს კეთილისმყოფელს, მაგალითად, შეეძლო ადამიანი სასიკვდილოდ ავადმყოფი გაეხადა უბრალოდ იმით, რომ შეხედავდა. თუმცაღა იგი არ აავადმყოფებდა ადამიანებს ყოველთვის, არამედ მხოლოდ მაშინ, როცა ამაში მისი პირადი ძალა მონაწილეობდა.

— როგორ ირჩევდა იმას, თუ ვინ უნდა გაეხადა ავადმყოფი?

— მე ეს არ ვიცი. თვითონაც არ იცოდა. ძალასთან ყოველთვის ასეა. იგი გმართავს, და ამავდროულად გემორჩილება.

ძალაზე მონადირე იჭერს მას, შემდეგ კი აგროვებს, როგორც პირად მონაპოვარს. ამგვარად პირადი ძალა იზრდება და შეგვიძლია ვნახოთ შემთხვევები, როცა მეომარს იმდენად ბევრი პირადი ძალა აქვს, რომ ცოდნის ადამიანი ხდება.

— როგორ დავაგროვო პირადი ძალა, დონ ხუან?

— კიდევ ერთხელ, ეს სხვა გრძნობაა. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ პიროვნების რომელ ტიპს ფლობს მეომარი. ჩემი კეთილისმყოფელი უხეშ ბუნებას ფლობდა. სწორედ ამ გრძნობის მეშვეობით აგროვებდა ძალას. ყველაფერი, რასაც აკეთებდა ძლიერი და სწორხაზოვანი იყო. იგი ჩემს მეხსიერებაში დარჩა, როგორც რაღაც, რაც რაღაცებში იჭრება და არღვევს მათ. და ყველაფერი, რაც ემართებოდა, სწორედ ასეთი მანერით ხდებოდა.

ვუთხარი, რომ ვერ ვხვდებოდი, როგორ გროვდებოდა ძალა გრძნობების მეშვეობით.

— არ არსებობს ამის ახსნის არანაირი საშუალება, — თქვა მან ხანგრძლივი პაუზის შემდეგ. — თავად უნდა გააკეთო ეს.

მან საჭმლიანი კასრები აიღო და ზურგზე მიიბა. გამომშრალი ხორცის რვა ნაჭრის ასხმული გამომიწოდა და მითხრა, რომ ყელზე ჩამომეკიდებინა.

— ამ საჭმელს ძალა აქვს, — თქვა მან.

— რა აძლევს მას ძალას, დონ ხუან?

— ეს იმ ცხოველის ხორცია, რომელსაც ძალა ჰქონდა. ირმის, უნიკალური ირმის. ჩემმა პირადმა ძალამ მოიყვანა იგი ჩემამდე. ეს ხორცი კვირები ან თვეები გვეყოფა, თუ საჭირო იქნება. დროდადრო ნელა ღეჭე პატარა ნაჭრები. საფუძვლიანად დაღეჭე და ისე გადაყლაპე. დაე, ძალა ნელა ჩაიძიროს შენს სხეულში.

ჩვენ წავედით. თითქმის დილის თერთმეტი იყო, როცა დონ ხუანმა კვლავ შემახსენა პროცედურა, რომელიც უნდა დამეცვა.

— თვალყური ადევნე ქარს, — თქვა მან. — ნება არ მისცე, რომ ნაბიჯი აგირიოს ან დაგღალოს. ღეჭე ძალის ხორცი და დაემალე ქარს ჩემი სხეულის უკან. ქარი მე ვერ მომაყენებს ზიანს. ჩვენ კარგად ვიცნობთ ერთმანეთს.

მან ბილიკამდე მიგვიყვანა, რომელიც პირდაპირ, მაღალი მთებისკენ მიდიოდა. ღრუბლიანი დღე იყო და, როგორც ჩანდა, იწვიმებდა. დაბალ საავდრო ღრუბლებს ვხედავდი და ბურუსს მაღალ მთებში, რომელიც იმ ადგილისკენ ეშვებოდა, სადაც ვიმყოფებოდით.

სრულ დუმილში ვიარეთ დღის სამ საათამდე. გამომშრალი ხორცის ღეჭვა მართლაც მაძლევდა ძალას. ხოლო ქარის მიმართულების უეცარი ცვლილებებისთვის თვალყურის დევნება იმდენად მისტიური საქმე იყო, რომ თითქოს მთელი ჩემი სხეული მანამდე გრძნობდა ცვლილებებს, სანამ ისინი მართლა მოხდებოდნენ. ისეთი გრძნობა მქონდა, რომ შემეძლო ქარის ტალღების განსაზღვრა, როგორც ერთგვარი ზეწოლა გულმკერდის ზედა ნაწილზე, ბრონქებზე. ყოველ ჯერზე, ქარის დაბერვამდე, გაღიზიანებას ვგრძნობდი გულმკერდსა და ყელში.

რაღაც მომენტში დონ ხუანი შეჩერდა და გაიხედ-გამოიხედა. როგორც ჩანდა ორიენტირდებოდა, შემდეგ კი მარჯვნისკენ გაუხვია. შევამჩნიე, რომ ისიც ღეჭავდა გამომშრალ ხორცს. თავს ძალიან საღად ვგრძნობდი და საერთოდ არ ვიყავი დაღლილი. ქარის ცვლილებების გაცნობიერების დავალებამ იმდენად შემიპყრო, რომ დროს ვეღარ ვგრძნობდი. უზარმაზარ მთას მივუახლოვდით და მის თანაბარ მხარეს მცირე პლატოს ავუყევით. საკმაოდ მაღლა ავედით, თითქმის მწვერვალთან.

დონ ხუანი პლატოს ბოლოში დიდ კლდეზე ავიდა და მეც დამეხმარა აცოცებაში. კლდე ისე იყო განლაგებული, რომ გუმბათს ჰგავდა ციცაბო კედლების თავზე. ნელა შემოვუარეთ გარშემო. ბოლოს იძულებული ვიყავი, რომ საჯდომით გადავადგილებულიყავი კლდეზე ისე, რომ ზედაპირს ხელისგულებით და ტერფებით ვეყრდნობოდი. ოფლი ღვარად მდიოდა, და რამდენჯერმე ხელისგულების შემშრალება მომიწია.

საწინააღმდეგო მხარეს ფართო და არცთუ ისე ღრმა გამოქვაბულს ვხედავდი მთის მწვერვალთან ახლოს. იგი კლდეში გამოკვეთილ დარბაზს ჰგავდა. ეს იყო ქვიშიანი ადგილი, რომელიც ქარმა ერთგვარ აივნად აქცია ორი კოლონით.

დონ ხუანმა თქვა, რომ იქ უნდა მოვთავსებულიყავით, და ეს ძალიან უსაფრთხო ადგილი იყო, რადგან არ იყო იმდენად ღრმა, რომ ლომის, ან სხვა მტაცებლის ბუნაგი ყოფილიყო. ძალიან ღია იყო იმისთვის, რომ იქ ვირთხები ყოფილიყვნენ და ძალიან ქარიანი იყო მწერებისთვის. გაიცინა და თქვა, რომ ეს იდეალური ადგილია ადამიანებისთვის, რადგანაც ვერცერთი სხვა ცხოველი ვერ აიტანს მას.

მთის თხასავით გადაფრინდა ამ ადგილისკენ. აღფრთოვანებული ვიყავი მისი საოცარი ენერგიულობით. ნელ-ნელა ჩამოვბობღდი კლდიდან უკანალით, შემდეგ მთაზე არბენა ვცადე იმისთვის, რომ კიდესთვის მიმეღწია. ბოლო რამდენიმე მეტრმა სრულიად დამქანცა. ხუმრობით ვკითხე დონ ხუანს, რამდენი წლის იყო სინამდვილეში. ჩემი ვარაუდით, იმისთვის, რომ კიდემდე ისე მიგეღწია, როგორც ამას დონ ხუანი აკეთებდა, ძალიან ძლიერი და ახალგაზრდა უნდა ყოფილიყავი.

— იმდენად ახალგაზრდა ვარ, რამდენადაც მსურს, — თქვა მან. — კიდევ ერთხელ – ეს პირადი ძალის ამბავია. თუკი დააგროვებ ძალას შენს სხეულში, იგი საოცარ ამოცანებს შეასრულებს. მეორე მხრივ, თუკი ხარჯავ ძალას, სულ ცოტა ხნის შემდეგ მსუქანი მოხუცი ადამიანი გახდები.

აივანი აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ იყო მიმართული. აივნისმაგვარი წარმონაქმნის ღია მხარე სამხრეთისკენ იყურებოდა. მე დასავლეთის მხარეს, ბოლოში გავედი, ხედი მშვენიერი იყო. გარს წვიმა გვერტყა. იგი ფარდას ჰგავდა გამჭვირვალე მასალისგან.

დონ ხუანმა თქვა, რომ საკმარისი დრო გვქონდა თავშესაფრის მოწყობისთვის. ქვების მოგროვება მიბრძანა, ისეთების, რომლებსაც აივანზე ავიტანდი, ამ დროს კი თვითონ ტოტებს აგროვებდა სახურავისთვის.

ერთი საათის შემდეგ ოცდაათი სანტიმეტრის სისქის კედელი ააშენა აღმოსავლეთ მხარეს. იგი დაახლოებით სამოც სანტიმეტრამდე იყო სიგრძით და ერთი მეტრი სიმაღლით. მან ერთმანეთზე გადააწნა და შეკრა ტოტები და სახურავი გააკეთა, საყრდენად კი ორი გრძელი, ბოლოში გაყოფილი ჯოხი გამოიყენა. კიდევ ერთი ასეთი ჯოხი სახურავთან იყო მიმაგრებული და კედლის საწინააღმდეგო მხარით ამაგრებდა მას. მთელი მოწყობილობა დიდ მაგიდას ჰგავდა სამი ფეხით.

დონ ხუანი მის ქვეშ დაჯდა, აივნის კიდეში და ფეხები გადაიჯვარედინა. მითხრა, რომ მის მარჯვნივ დავმჯდარიყავი. რაღაც პერიოდი ჩუმად ვიყავით.

დონ ხუანმა დუმილი დაარღვია. ჩურჩულით თქვა, რომ ისე უნდა გვემოქმედა, თითქოს არაფერი უჩვეულო არ ხდებოდა. ვკითხე, თუ რა უნდა გამეკეთებინა კონკრეტულად. მითხრა, რომ ჩემი ჩანაწერები უნდა მეკეთებინა, ზუსტად ისე, თითქოს ჩემს საწერ მაგიდასთან ვმჯდარიყავი, და არანაირ ამქვეყნიურ საზრუნავზე არ უნდა მეფიქრა, გარდა წერისა. გარკვეულ მომენტში იგი მიბიძგებდა, და მე იმ მხარეს გავიხედავდი, სადაც თვალებით მიმანიშნებდა. წინასწარ გამაფრთხილა, რომ იმის მიუხედავად, თუ რას დავინახავდი, ერთი სიტყვაც კი არ უნდა წარმომეთქვა. მხოლოდ მას შეეძლო თავისუფლად ლაპარაკი, რადგანაც მას ამ მთების ყველა ძალა იცნობს.

მის ინსტრუქციას მივყევი და საათზე მეტი ვწერდი. ამ საქმიანობაში თავით ჩავეფალი. უეცრად მსუბუქი კაკუნი ვიგრძენი ხელზე და დავინახე, რომ დონ ხუანი თავისა და თვალების მოძრაობით ნისლის ღრუბლისკენ მიმანიშნებდა, ჩვენგან დაახლოებით 400 მეტრში, რომელიც მთის მწვერვალიდან ეშვებოდა. დონ ხუანმა ოდნავ გასაგონი ხმით ჩამჩურჩულა:

—გადააადგილე შენი თვალები წინ და უკან ნისლის ღრუბელზე, — თქვა მან, — მაგრამ პირდაპირ არ უყურო მას. თვალები ახამხამე და არ მოახდინო ფოკუსირება ნისლზე. როცა ღრუბელზე მწვანე ლაქას დაინახავ, თვალებით მიმანიშნე მისკენ.

თვალები მოვატარე მარცხნიდან მარჯვნივ ნისლის ღრუბელზე, რომელიც ნელ-ნელა ჩვენკენ ეშვებოდა. ალბათ ნახევარი საათი გავიდა. ბნელდებოდა. ნისლი ძალიან ნელა მოძრაობდა. უეცრად, რაღაც მომენტში გამიჩნდა გრძნობა, რომ მარჯვნიდან სუსტი ნათება შევნიშნე. თავიდან მომეჩვენა, რომ მწვანე ბუჩქის ლაქას ვხედავდი ნისლს მიღმა. როცა პირდაპირ ვუყურებდი მას, ვერაფერს ვერ ვამჩნევდი, მაგრამ როცა ფოკუსირების გარეშე ვუმზერდი, შემეძლო შემემჩნია არამკაფიო, მომწვანო ადგილი. დონ ხუანს ვაჩვენე იგი. მან თვალები დაიელმა და ისე შეხედა.

— მოახდინე მზერის ფოკუსირება ამ ლაქაზე, — ჩამჩურჩულა მან. — თვალის დაუხამხამებლად უყურე, სანამ არ დაინახავ.

მინდოდა მეკითხა, მაინც რა უნდა დამენახა, მაგრამ მან შემომხედა, თითქოს გამახსენა, რომ არ უნდა მელაპარაკა.

მე კვლავ შევხედე. ნისლის ღრუბელი, რომელიც ზემოდან დაეშვა, გვაწვებოდა, თითქოს მყარი ნივთიერება ყოფილიყოს. იგი შეთხელებული იყო სწორედ იმ ადგილას, სადაც მწვანე ლაქა შევამჩნიე. როცა თვალები დამეღალა და დავაელმე, ჯერ ნისლის ნაკუწი დავინახე, ნისლის ღრუბლის ზემოდან დადებული, შემდეგ კი ნისლის თხელი ზონარი, რომელიც ამ ორ ნაჭერს აერთებდა. იგი გამოიყურებოდა როგორც ნატიფი, უსაყრდენო მოწყობილობა, როგორც ხიდი, რომელიც აერთებდა ჩემ წინ მდებარე მთას და ნისლის ღრუბელს.წამით ვიფიქრე, რომ შემეძლო დამენახა გამჭვირვალე ნისლი, რომელიც მთის მწვერვალიდან მოდიოდა და ხიდს გადიოდა, ისე რომ არ არღვევდა მას. მეჩვენებოდა, რომ ხიდი მართლაც მყარი იყო. რაღაც მომენტში მირაჟი იმდენად სავსე გახდა, რომ მართლა ვარჩევდი სიშავეს ამ ხიდის ქვეშ, განსხვავებით ქვიშის ნათელი შეფერილობისგან მის ორივე მხარეზე.

გაოგნებული ვუყურებდი ხიდს, შემდეგ კი ან მე თვითონ ავედი მის დონემდე, ან ხიდი ჩამოვიდა ჩემამდე. უეცრად პირდაპირ ჩემ წინ სწორი ბილიკი დავინახე. იგი უსასრულოდ გრძელი და მყარი ბილიკი იყო, ვიწრო და მოაჯირის გარეშე, მაგრამ საკმარისად ფართო იმისთვის, რომ მასზე გავლა ყოფილიყო შესაძლებელი.

დონ ხუანმა ხელზე ხელი მომკიდა და ენერგიულად შემანჯღრია. ვიგრძენი, რომ ჩემი თავი ზემოთ-ქვემოთ ყანყალებდა, შემდეგ კი შევამჩნიე, რომ თვალები ძლიერ დამისივდა. სრულიდ გაუცნობიერებლად მოვისრისე ისინი. დონ ხუანი განაგრძობდა ჩემ ნჯღრევას მანამ, სანამ თვალები კვლავ არ გავახილე. თავისი კასრიდან ცოტა წყალი დაისხა ხელისგულზე და სახეზე შემომაფრქვია. შეგრძნება ძალიან არასასიამოვნო იყო. წყალი იმდენად ცივი იყო, რომ მის წვეთებს ტკივილად აღვიქვამდი. ამ დროს შევამჩნიე, რომ ჩემი სხეული ძალიან თბილი იყო. თითქოს ციებ-ცხელება მქონდა. დონ ხუანმა საჩქაროდ გამომიწოდა წყალი, რომ დამელია, შემდეგ კი ყურებზე და კისერზე მომაპკურა იგი.

უცებ ძალიან ხმამაღალი, ხანგრძლივი და რაღაც არაამქვეყნიური ფრინველის კივილი გავიგონე. დონ ხუანი წამით ყურადღებით უსმენდა, შემდეგ კი კედელს ფეხი ჰკრა და სახურავი დაანგრია. ბუჩქებში მოისროლა იგი და ქვებიც ერთიმეორეს მიყოლებით სხვადასხვა მხარეს გადაყარა. შემდეგ ყურში ჩამჩურჩულა:

— წყალი დალიე და გამომშრალი ხორცი ღეჭე. აქ ვერ დავრჩებით. ეს კივილი ფრინველის არ იყო.

კიდედან ქვემოთ დავეშვით და აღმოსავლეთის მიმართულებით გავწიეთ. ძალიან მალე ისე დაბნელდა, რომ ჩემ თვალწინ სრული უკუნი ჩამოწვა. ნისლი გაუღწეველი ბარიერივით გახდა. არასოდეს მიფიქრია, რომ ნისლი ღამით შესაძლოა ასეთი სქელი იყოს. ვერ ვხვდებოდი, როგორ მიდიოდა დონ ხუანი. მის ხელზე მეკიდა ხელი და ისე მივყვებოდი, თითქოს ბრმა ვიყავი.

რაღაცნაირად ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ უფსკრულის კიდეზე მივაბიჯებდი. ჩემი ფეხები უარს ამბობდნენ სიარულზე. ჩემი საღი აზრი დონ ხუანს ენდობოდა, და გონებით სიარული მინდოდა, მაგრამ ჩემს სხეულს ეს არ სურდა. ამიტომ დონ ხუანს ჩემი წათრევა უწევდა სრულ სიბნელეში.

როგორც ჩანს, იგი სრულყოფილად იცნობდა ამ მიდამოს. რაღაც ადგილზე შეჩერდა და ჩამომსვა. ვერ ვბედავდი მისი ხელის გაშვებას. ჩემი სხეული ყოველგვარი ეჭვის გარეშე გრძნობდა, რომ გუმბათისებურ მთაზე ვიჯექი და ოდნავაც თუ გადავიხრებოდი მარჯვნივ, უფსკრულში გადავიჩეხებოდი. აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, რომ მთის ციცაბო ფერდის თავზე ვიჯექი, რადგანაც ჩემი სხეული არაცნობიერად მარჯვნისკენ იხრებოდა. ვფიქრობდი, ამას იმისთვის აკეთებდა, რომ ვერტიკალური მდგომარეობა შეენარჩუნებინა, ამიტომ ვეცადე გადახრის კომპენსაცია მომეხდინა და მარცხნისკენ ვიხრებოდი, დონ ხუანისკენ, რაც შეიძლება მეტად.

უეცრად დონ ხუანი გაიწია ჩემგან და მისი სხეულის საყრდენის გარეშე მიწაზე დავეცი. მიწასთან შეხებამ ჩემი წონასწორობის გრძნობა აღადგინა. ბრტყელ ადგილზე ვიწექი. ხელების ცეცებით ვაცნობიერებდი იმას, რაც ჩემ გარშემო იყო, და გამხმარ ტოტებსა და ფოთლებს შევიგრძნობდი.

ამ დროს უეცრად გაიელვა, მთელი გარემო გაანათა და ქუხილის მძლავრი ხმა გაისმა. დავინახე, რომ დონ ხუანი ჩემგან მარცხნივ იდგა. დავინახე უზარმაზარი ხეები და გამოქვაბული რამდენიმე ფუტში მათ მიღმა.

დონ ხუანმა გამოქვაბულში შესვლა მიბრძანა. შევედი და მშვიდად მივეყრდენი კლდეს. ვიგრძენი, რომ დონ ხუანი დაიხარა და ჩამჩურჩულა, რომ სრული მდუმარება შემენარჩუნებინა.

ელვამ კიდევ სამჯერ გაანათა ზედიზედ. დავინახე, რომ დონ ხუანი ჩემგან მარცხნივ ფეხებგადაჯვარედინებული იჯდა. გამოქვაბული შეღრმავებული წარმონაქმნი იყო. საკმარისად დიდი იმისთვის, რომ მასში ორი-სამი ადამიანი მოთავსებულიყო. ვგრძნობდი, რომ ჩემი მხრიდან საკმაოდ ჭკვიანური იყო, რომ ოთხით შევძვერი მასში, რადგანაც მთელი სიმაღლით რომ შევსულიყავი, თავს კლდეზე გავიტეხავდი. ელვის გაბრწყინებამ ჩემში დაჰბადა აზრი იმაზე, თუ რამდენად სქელი იყო ნისლის ღრუბელი. უზარმაზარი ხეების ღეროები შევნიშნე, როგორც შავი სილუეტები ნისლის მოთეთრო-მონაცრისფრო მასის ფონზე.

დონ ხუანმა ჩამჩურჩულა, რომ ნისლი და ჭექა-ქუხილი შეთანხმებულნი იყვნენ ერთმანეთთან, და მე უკიდურესად ფხიზელი უნდა ვყოფილიყავი, რადგანაც ძალასთან შერკინებაში ვიყავი ჩართული. ამ მომენტში ელვის ბრწყინვალე გამონათებამ ჯადოსნურად გააშუქა მთელი მიდამო. ნისლი თითქოს თეთრი ფილტრი იყო, რომელიც ელექტრული განმუხტვის სინათლეს ყინავდა და ერთგვაროვანად ფანტავდა მას. ნისლი ხეებს შორის განფენილ სქელ ჭაობისებურ სუბსტანციას წააგავდა. მაგრამ პირდაპირ ჩემ წინ, მიწის დონეზე, ნისლი იშვიათდებოდა. მკაფიოდ ვარჩევდი მიდამოს მოხაზულობას. ეს ძირითადად ტყეში იყო. დიდი ხეები გვერტყნენ გარშემო. ისინი ისეთი მაღლები იყვნენ, შემეძლო დამეფიცა, რომ სეკვოიას ტყეში ვიყავით, მანამდე რომ არ მცოდნოდა, სად ვიყავით.

შემდეგ იყო გაელვებების მთელი კასკადი, რომელიც რამდენიმე წუთი გრძელდებოდა. ყოველი გაელვება იმ მოხაზულობებს, რომლებიც მანამდე შევამჩნიე, უფრო მკაფიოს ხდიდა. პირდაპირ ჩემ წინ კარგადშესამჩნევ გზას ვხედავდი. მასზე არანაირი მცენარეულობა არ იყო. მეჩვენებოდა, რომ იგი მთავრდებოდა ხეებისაგან ცარიელ ადგილზე.

გაელვებები იმდენი იყო, რომ ვერ ვადევნებდი თვალყურს, საიდან მოდიოდნენ. თუმცაღა მთელი მიდამო ისე კარგად ნათდებოდა, რომ თავი უფრო მსუბუქად ვიგრძენი. ჩემი შიშები და არათავდაჯერებულობა გაქრა, როგორც კი საკმარისი სინათლე გამოჩნდა სიბნელის მძიმე ფარდის ასაწევად. ამიტომ, როცა გაელვებებს შორის ხანგრძლივი პაუზები იყო, უკვე აღარ ვიყავი დეზორიენტირებული ჩემ გარშემო სიშავით.

დონ ხუანმა მიჩურჩულა, რომ უკვე საკმაოდ დავაკვირდი და ყურადღების კონცენტრირება ქუხილის ხმაზე უნდა მომეხდინა. ჩემდა გასაოცრად მივხვდი, რომ სრულიად არ ვაქცევდი ყურადღებას ქუხილს, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ იგი მართლაც გრანდიოზული იყო. დონ ხუანმა დაამატა, რომ თვალყური უნდა მედევნებინა ხმისთვის და იმ მიმართულებით მეცქირა, საიდანაც იგი მოდიოდა.

ჭექა-ქუხილის გრძელი კასკადი აღარ განმეორებულა. იყო მხოლოდ ინტენსიური სინათლისა და ბგერის იშვიათი გაელვებები. როგორც მეჩვენებოდა, ბგერა ყოველთვის ჩემგან მარჯვნიდან მოდიოდა. ნისლი ზემოთ ადიოდა, და მე სრულ სიბნელეს მიჩვეული, უკვე ვარჩევდი მცენარეულობის მასას. ჭექა-ქუხილი გრძელდებოდა და უეცრად მთელი მარჯვენა მხარე გაიხსნა და ცის დანახვა შევძელი.

ელექტრული შტორმი, თითქოს მარჯვნისკენ მოძრაობდა. კიდევ ერთხელ გაიელვა, და უკიდურეს მარჯვენა მხარეს შორეული მთები დავინახე. სინათლემ, რომელიც შორეთს ანათებდა, მთების მასიური ჯგუფის სილუეტები გამოავლინა. მათ მწვერვალებზე ხეებს ვხედავდი. ისინი თხელ, შავ აპლიკაციად მეჩვენებოდა, რომელიც დადებული იყო დამაბრმავებლად თეთრ ცაზე. ღრუბლებიც კი დავინახე მთების თავზე.

ჩვენ გარშემო ნისლი სრულიად გაიფანტა. გამუდმებული ქარი ქროდა, და ჩემგან მარცხნივ ხეებზე ფოთლების შრიალის ხმა მესმოდა. ელექტრული შტორმი მეტისმეტად შორს იყო იმისთვის, რომ ხეები გაენათებინა, მაგრამ მათი შავი მასები მაინც გაირჩეოდა. თუმცაღა ელვის სინათლემ შესაძლებლობა მომცა დამედგინა, რომ ჩემგან მარჯვნივ შორეული მთები იყო, მარცხნივ კი – ტყე. თითქოს ბნელ ველს გავცქეროდი, რომლის დანახვაც საერთოდ არ შემეძლო. ადგილი, რომელზეც ელექტრულმა შტორმმა გადაიარა, ველის საწინააღმდეგო მხარეს იმყოფებოდა.

შემდეგ წვიმა დაიწყო. კლდეს მივებჯინე, რაც შეიძლება შიგნით. ჩემი ქუდი კარგად მიცავდა. ვიჯექი და მუხლები მკერდთან მქონდა მიბჯენილი, და მხოლოდ ტერფები მისველდებოდა წვიმის ქვეშ. წვიმა დიდხანს მოდიოდა. იგი საკმაოდ თბილი იყო. ამას ფეხებით ვგრძნობდი, შემდეგ კი ჩამეძინა.

ფრინველთა ხმებმა გამაღვიძა. მივიხედ-მოვიხედე. დონ ხუანს ვეძებდი. იქ არ იყო. ჩვეულებრივ, ფიქრს დავიწყებდი იმაზე, მარტო ხომ არ დამტოვა ამ ადგილას, მაგრამ იმან, რაც გარშემო დავინახე, თითქმის ჩემი პარალიზება მოახდინა. წამოვდექი. ფეხები სრულიად სველი მქონდა. ჩემს ქუდზე ჯერ კიდევ დაგროვილი იყო წყალი, რომელიც ტანზე გადმომეღვარა.

სულაც არ ვიყავი გამოქვაბულში, არამედ რაღაც ხშირი ბუჩქის ქვეშ. ისეთი განცვიფრების მომენტი მქონდა, რომელსაც საერთოდ ვერაფერს შევადარებდი. ორ მცირე გორაკს შორის, ბუჩქებით დაფარული ველის შუაში ვიდექი. ჩემ მარცხნივ არანაირი ხეები არ იყო, მარჯვნივ კი– არანაირი ველი. პირდაპირ ჩემ წინ, იქ, სადაც გზას ვხედავდი, გიგანტური ბუჩქი იზრდებოდა.

უარს ვაცხადებდი იმის დაჯერებაზე, რასაც ვხედავდი. რეალობის ჩემი ორი ვერსიის შეუთავსებლობა მაიძულებდა, რომ რაიმე სახის ახსნას მოვჭიდებოდი. თავში მომივიდა, რომ სრულიად შესაძლებელი იყო, ისე მაგრად მეძინა, რომ დონ ხუანს შეეძლო ზურგით რომელიმე სხვა ადგილას გდავეყვანე.

დავათვალიერე ის ადგილი, სადაც მეძინა. მიწა მშრალი იყო, ზუსტად ისევე, როგორც გვერდით, მეზობელ ადგილას, სადაც დონ ხუანს ეძინა. რამდენჯერმე დავუძახე მას, შემდეგ კიდევ, განგაშის შემოტევის გამო, იმხელაზე ვიღრიალე მისი სახელი, როგორც შემეძლო. რომელიღაც ბუჩქებიდან გამოვიდა. მაშინვე მივხვდი, რომ იცოდა, რაც ხდებოდა. მისი ღიმილი ისეთი გამცემი იყო, რომ მე თვითონაც გამეღიმა. არ მინდოდა დროის დაკარგვა მასთან თამაშში. მაშინვე მოვუყევი, რაც დამემართა. გულდასმით ავუხსენი ჩემი ღამის ჰალუცინაციების ყოველი დეტალი. იგი მისმენდა და არ მაწყვეტინებდა. თუმცა არ შეეძლო სერიოზული სახის შენარჩუნება, და რამდენჯერმე სიცილს იწყებდა, მაგრამ მაშინვე აღიდგენდა ხოლმე სერიოზულ გამომეტყველებას. სამჯერ თუ ოთხჯერ ვთხოვე კომენტარის გაკეთება. იგი თავს აქნევდა ისე, თითქოს ეს ყველაფერი გაუგებარი იყო მისთვის.

როცა მოყოლა დავამთავრე, შემომხედა და მითხრა:

— საშინლად გამოიყურები, იქნებ ჯობია, ბუჩქებში გახვიდე?

თან სიცილით დაამატა, რომ ჯობდა ტანსაცმელი გამეხადა და გამეფინა, რომ გამშრალიყო. მზე კაშკაშებდა. ღრუბლები თითქმის არ იყო. ნათელი და ქარიანი დღე იყო.

დონ ხუანი წავიდა, წასვლამდე კი მითხრა, რომ რაღაც მცენარეების საძებნელად მიდიოდა, მე კი მანამდე აზრზე უნდა მოვსულიყავი, რამე მეჭამა და არ დამეძახა მისთვის, სანამ მშვიდი და ძლიერი არ გავხდებოდი.

ჩემი ტანსაცმელი მართლაც სველი იყო. მზეზე დავჯექი გასაშრობად. ვგრძნობდი, რომ ჩემთვის მოდუნების ერთადერთი საშუალება ჩანაწერების კეთება იყო. თან ვჭამდი, სანამ ჩანაწერებზე ვმუშაობდი.

ორიოდე საათის შემდეგ უფრო მოდუნებული ვიყავი და დონ ხუანს დავუძახე. მან სადღაც შორიახლოს მდებარე გორაკის მწვერვალიდან მიპასუხა. მითხრა, რომ კასრები ამეღო და მასთან ავსულიყავი. როცა მივაღწიე ამ ადგილს, დავინახე, რომ გლუვ კლდეზე იჯდა.

არ ვიცოდი, რით დამეწყო, იმდენი რამის კითხვა მინდოდა. ის, როგორც ჩანდა, ხედავდა ჩემს განწყობას და სრული კმაყოფილებით იცინოდა.

— როგორ გრძნობ თავს? — მკითხა გულგრილი ტონით.

არაფრის თქმა არ მინდოდა. ჯერ კიდევ დამძიმებული ვიყავი. დონ ხუანმა ბრტყელი ლოდისკენ მიმითითა და მთხოვა, დავმჯდარიყავი. მან თქვა, რომ ეს ქვა ძალის ობიექტია და თავს განახლებულად ვიგრძნობდი, თუკი ამ ქვაზე გარკვეული ხნით ვიჯდებოდი.

— დაჯექი! — მიბრძანა მან მშრალად.

იგი არ იღიმებოდა. გამჭოლი მზერა ჰქონდა, და მე ავტომატურად დავჯექი. მან თქვა, რომ მე ფრთხილად არ ვიყავი ძალასთან, ვმოქმედებდი რა ცუდი განწყობით, და ამისთვის ბოლო უნდა მომეღო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალა ორივეს წინააღმდეგ შემობრუნდებოდა, და ვერასოდეს გავაღწევდით ცოცხლები ამ უდაბური ადგილიდან. წამიერი პაუზის შემდეგ თითქოს სასხვათაშორისოდ მკითხა:

— როგორ მიდის შენი სიზმარხილვები?

— ავუხსენი, თუ რა ძნელი იყო საკუთარი თავისთვის ხელებზე დახედვის ბრძანების მიცემა. თავიდან ეს შედარებით იოლი იყო, ალბათ, კონცეფციის სიახლის გამო. საერთოდ არანაირი სირთულე არ მქონდა იმის გახსენებაში, რომ ხელებზე უნდა დამეხედა. მაგრამ აღტაცებამ ჩაიარა და ზოგიერთ ღამეს საერთოდ ვეღარ ვაკეთებდი ამას.

— თავსახვევი უნდა გაიკეთო, როცა დასაძინებლად მიდიხარ, — თქვა მან. — თავსახვევის ტარება — ცბიერი მანევრია. მე ვერ მოგცემ ასეთ თავსახვევს, რადგანაც შენ თვითონ უნდა გააკეთო იგი ლენტისგან. მაგრამ ვერ გააკეთებ ამას მანამდე, სანამ სიზმარხილვის დროს არ ნახავ მას. ხვდები, რას ვგულისხმობ? თავსახვევი დამზადებულ უნდა იქნას განსაკუთრებული ხილვის თანახმად, და მას უნდა ჰქონდეს სიგრძივი ლენტი, რომელიც მჭიდროდ ეკვრის თხემს. ან შეიძლება იგი მჭიდროდ ჩამოფხატულ ქუდსაც ჰგავდეს. სიზმარხილვები უფრო მარტივია, როცა თავზე ძალის ობიექტს ატარებ. შეგიძლია საკუთარი ქუდი ატარო, ან თავსაბურავი ჩამოიცვა, როგორც „ფრაერმა“ და ასე დაიძინო. მაგრამ ეს საგნები მხოლოდ ინტენსიურ სიზმრებს გამოიწვევს და არა სიზმარხილვებს.

იგი წამით გაჩუმდა, შემდეგ კი სიტყვათა სწრაფი ნაკადით მიყვებოდა, რომ თავსახვევის ჩვენებები მოდის არა მხოლოდ სიზმარხილვაში, არამედ სიფხიზლის მდგომარეობაშიც, როგორც ღრმა და ერთმანეთთან დაუკავშირებელი მოვლენების შედეგი. ისეთების, როგორიცაა მაგალითად ფრინველის ფრენაზე, წყლის, ღრუბლების მოძრაობაზე დაკვირვება და ა.შ.

— ძალაზე მონადირე ყველაფერს ადევნებს თვალყურს, — განაგრძობდა იგი. — და ყველაფერი რაღაც საიდუმლოს ეუბნება მას.

— კი, მაგრამ როგორ შეიძლება დარწმუნებული იყო, რომ საგნები საიდუმლოს გადმოგცემენ?

მე ვფიქრობდი, რომ მას განსაკუთრებული ფორმულა ჰქონდა, რომელიც სწორი „ინტერპრეტაციების“ გაკეთების საშუალებას აძლევდა.

—ერთადერთი საშუალება, რომ დარწმუნებული იყო, ესაა ყველა იმ ინსტრუქციის მიყოლა, რომელიც მოგეცი იმ პირველი დღიდან, როცა ჩემთან მოხვედი. იმისთვის, რომ ძალა გქონდეს, ძალით უნდა იცხოვრო.

მან კეთილგანწყობით გამიღიმა. მეჩვენებოდა, რომ დაკარგა თავისი მრისხანება. ოდნავ ხელიც კი გამკრა და მითხრა:

— ჭამე შენი ძალის საჭმელი.

გამომშრალი ხორცის ღეჭვა დავიწყე, და ამ მომენტში თავში აზრად მომივიდა, რომ შესაძლოა გამომშრალი ხორცი რაიმე ფსიქოტროპულ სუბსტანციას შეიცავდა, და ჰალუცინაციებიც აქედან მოდიოდა. წამით თითქმის შვება ვიგრძენი. თუკი მან რაღაც ჩადო ხორცში, მაშინ ჩემი მირაჟები სრულიად გასაგები ხდებოდა. ვთხოვე ეთქვა ჩემთვის, ხომ არ იყო „ძალის ხორცში“ რაიმე?

მას გაეცინა, მაგრამ პირდაპირ არ მიპასუხა. ვარწმუნებდი, რომ არ ვბრაზობდი და უკმაყოფილებასაც კი არ ვგრძნობდი, მაგრამ უნდა ვიცოდე ეს იმისთვის, რომ წარსული ღამის მოვლენები საკუთარ თავს ავუხსნა. ვეკითხებოდი, ვარწმუნებდი, და ბოლოს და ბოლოს ვთხოვდი, რომ სიმართლე ეთქვა ჩემთვის.

—შენ მართლა ხინჯიანი ხარ, — თქვა მან თავის ქნევით და უნდობლობის ჟესტით. — გამცემი ტენდენცია გაქვს. მოითხოვ, რომ საკუთარი თავის დაკმაყოფილებისთვის ყველაფერი ახსნა. ხორცში არაფერია გარდა ძალისა. ეს ძალა მასში არც მე და არც ვინმე სხვა ადამიანს არ ჩაუდია, არამედ თავად ძალამ ჩადო. ეს ირმის ხორცია, და ეს ირემი ძღვენი იყო ჩემდამი, ზუსტად ისევე, როგორც ცოტა ხნის წინ სრულიად კონკრეტული კურდღელი იყო შენდამი ძღვენი. არც მე და არც შენ არაფერი არ ჩაგვიდია კურდღელში. მე არ მითხოვია შენთვის კურდღლის ხორცის გამოშრობა, რადგანაც ეს მოქმედება უფრო მეტ ძალას მოითხოვს, ვიდრე შენ გაქვს. თუმცა გეუბნებოდი, რომ გეჭამა ეს ხორცი. შენი საკუთარი სიბრიყვის გამო ცოტა ჭამე.

ის, რაც წარსულ ღამეს შეგემთხვა, არ იყო ხუმრობა ან ონავრობა. ეს იყო ძალასთან შეხვედრა. ნისლი, სიბნელე, ჭექა-ქუხილი და წვიმა ძალის დიადი შერკინების ნაწილები იყვნენ. შენ გაგიმართლა, როგორც სულელს. მეომარი ყველაფერს მისცემდა, რომ ასეთი შერკინება ჰქონოდა.

მე გავაპროტესტე, რომ ეს ყველაფერი ვერ იქნებოდა ძალის შერკინება, რადგანაც ეს რეალურად არ მომხდარა.

— და რა არის რეალური? — მკითხა დონ ხუანმა ძალზე მშვიდად.

— აი, ეს, რასაც ვუყურებთ, რეალურია, — ვუთხარი და გარემოზე მივუთითე.

— კი, მაგრამ ასეთივე რეალური იყო ის ხიდიც, რომელიც გასულ ღამეს ნახე, ასევე ტყეც და ყველაფერი დანარჩენიც.

— მაგრამ, თუ ისინი რეალურნი იყვნენ, სად არიან ახლა?

— ისინი აქ არიან. შენ რომ საკმარისი ძალა გქონდეს, უკან მოუხმობდი მათ. პირდაპირ ახლა არ შეგიძლია ამის გაკეთება, რადგანაც ძალიან სასარგებლოდ თვლი იმას, რომ გააგრძელო ეჭვიანობა და ყველაფერზე მოჭიდება. ეს ასე არაა, ჩემო მეგობარო, ეს ასე არაა. არსებობენ სამყაროები სამყაროების შიგნით, პირდაპირ აქ, ჩვენ წინ. წარსულ ღამეს, ხელი რომ არ მეტაცა შენთვის, ხიდზე გახვიდოდი, რომც არ გდომოდა ეს. და მანამდე კიდევ ქარისგან უნდა დამეცავი, რომელიც გეძებდა.

— რა მოხდებოდა, თუ არ დამიცავდი?

— რადგანაც შენ არასაკმარისი ძალა გაქვს, ქარი ბილიკის დაკარგვას გაიძულებდა, და შესაძლოა მოეკალი კიდეც — უფსკრულში გადაეჩეხე. მაგრამ ნისლი ნამდვილად იყო. ორი რამ შეიძლებოდა დაგმართოდა ნისლში. ან გახვიდოდი ხიდით მეორე მხარეს, ან ჩამოვარდებოდი და მოკვდებოდი. დასასრული ძალაზე იქნებოდა დამოკიდებული. თუმცაღა ერთი რამ ცხადი იყო. რომ არ დამეცავი, ყველაფრის მიუხედავად, მაინც მოგიწევდა ამ ხიდზე გავლა. ასეთია ძალის ბუნება. როგორც უკვე ადრე გითხარი, იგი გხელმძღვანელობს და ამავდროულად გემორჩილება. მაგალითად, წინა ღამეს, ძალა გაიძულებდა, რომ ხიდზე გაგევლო. მე შეგაჩერე, რადგან ვიცოდი, რომ არ გქონდა ძალის გამოყენების საშუალება, ძალის გარეშე კი ხიდი დაინგრეოდა.

— თავად შენ თუ ხედავდი ხიდს, დონ ხუან?

— არა, მე უბრალოდ ძალას „ვხედავდი“. მას შეუძლია ნებისმიერი რამ იყოს. ამჯერად შენთვის ეს ძალა ხიდი იყო. არ ვიცი რატომ მაინცდამაინც ხიდი. ჩვენ ყველაზე იდუმალებით მოცული არსებები ვართ.

— და შენ როდესმე გინახავს ხიდი ნისლში, დონ ხუან?

—არასოდეს. მაგრამ ეს იმიტომ, რომ შენ არ გგავარ. მე სხვა რაღაცეები მინახავს. ჩემი ძალის ორთაბრძოლები ძალიან განსხვავდებიან შენისგან.

— რა გინახავს დონ ხუან? შეგიძლია მომიყვე?

—მე ვნახე ჩემი მტრები პირველი ძალის ორთაბრძოლისას ნისლში. შენ არ გყავს მტრები. შენ არ გძულს ადამიანები. იმ დროს მე მძულდა. მე ვინდულგირებდი ადამიანების სიძულვილით. სიძულვილისგან გავთავისუფლდი, მაგრამ ამავდროულად მან თითქმის გამანადგურა.

შენი ძალის ორთაბრძოლა კი, მეორე მხრივ, ნატიფი იყო. მან გშთანთქა. შენ ახლაც შთანთქავ საკუთარ თავს საკუთარი უაზრო ფიქრებითა და ეჭვებით. ეს ინდულგირების შენი მეთოდია.

შენ მეგობრულ ურთიერთობაში იყავი ნისლთან. მან საოცარი ხიდი მოგცა, და ეს ხიდი იმ დროიდან დაწყებული იქ იქნება, ნისლში. იგი კვლავ და კვლავ გადაიხსნება შენ წინ მანამ, სანამ ოდესმე მასზე არ გაივლი.

ძალიან გირჩევ, რომ დღეიდან დაწყებული, მარტომ არ იარო ნისლიან მიდამოებში მანამ, სანამ არ გეცოდინება, რას აკეთებ. ძალა ძალზე ჯადოქრული რამაა. იმისთვის, რომ მართო ძალა, ჯერ უნდა გქონდეს იგი. თუმცაღა შესაძლოა, ნელ-ნელა დააგროვო, სანამ საკმარისი არ გახდება იმისთვის, რომ ძალის ორთაბრძოლას გაუძლო.

— რა არის ძალის ორთაბრძოლა?

—ის, რაც გასულ ღამეს შეგემთხვა, ძალის ორთაბრძოლის დასაწყისი იყო. სცენები, რომელთა მოწმეც იყავი, ძალის საფუძველს წარმოადგენდნენ. ოდესმე ისინი შენთვის აზრს შეიძენენ. ეს სცენები უკიდურესად მნიშვნელოვანია.

— შეგიძლია თავად მომიყვე მათი აზრი, დონ ხუან?

— არა. ეს სცენები — შენი პირადი მონაპოვარია. მაგრამ ის, რაც გასულ ღამეს მოხდა, მხოლოდ დასაწყისი იყო. ნამდვილი ბრძოლა მაშინ მოხდება, როცა ხიდს გადაკვეთ. რა იქნება მეორე მხარეს, მხოლოდ შენ გეცოდინება. და მხოლოდ შენ გეცოდინება, რა არის იმ გზის ბოლოში, რომელსაც ტყისკენ მიჰყავდი. მაგრამ ეს ყველაფერი ისეთი რამეა, რაც შეიძლება შეგემთხვეს ან არ შეგემთხვეს. იმისთვის, რომ ამ უცნობ გზებზე იმოგზაურო, საკმარისად უნდა გქონდეს საკუთარი ძალა.

— რა მოხდება, თუკი საკმარისი ძალა არ გექნება?

— სიკვდილი ყოველთვის მოლოდინშია, და როდესაც მეომრის ძალა ქრება, სიკვდილი უბრალოდ ეხება მას. ამიტომ ამოუცნობისკენ გამგზავრება ყოველგვარი ძალის გარეშე — სიბრიყვეა. ასე მხოლოდ სიკვდილს იპოვნი.

სინამდვილეში, მე არ ვუსმენდი. ვაგრძელებდი იმ იდეით გართობას, რომ შესაძლოა, გამომშრალი ხორცი ყოფილიყო ჰალუცინაციების გამომწვევი მიზეზი. მაკმაყოფილებს ამ აზრით ინდულგირება.

— ნუ დაიღლი თავს ამ ყველაფრის ახსნის მცდელობით, — თქვა მან, თითქოს ჩემს აზრებს კითხულობდა. — სამყარო გამოცანაა. რასაც უყურებ, ჯერ კიდევ არაა ყველაფერი რაც აქაა. სამყაროში გაცილებით მეტია ყველაფერი. ფაქტიურად უსასრულობამდე. ამიტომ, როცა ცდილობ საკუთარ თავს აუხსნა ეს ყველაფერი, სინამდვილეში ამით ცდილობ ნაცნობი გახადო სამყარო. შენც და მეც პირდაპირ აქ ვართ, სამყაროში, რომელსაც რეალურს უწოდებ, აქ ვიმყოფებით უბრალოდ იმიტომ, რომ ორივემ ვიცით ეს. შენ არ იცნობ ძალის სამყაროს, ამიტომ არ შეგიძლია მისი ჩართვა ნაცნობ სცენაში.

— შენ იცი, რომ მე მართლა არ შემიძლია შენი თვალსაზრისის გასაჩივრება, მაგრამ ამავდროულად ჩემი გონება უარს ამბობს მის მიღებაზე.

მას გაეცინა და ოდნევ შეეხო ჩემს თავს.

— შენ მართლაც უგუნური ხარ, — თქვა მან. — მაგრამ ყველაფერი რიგზეა. ვიცი რა ძნელია მეომარივით ცხოვრება. შენ რომ მიჰყოლოდი ჩემს ინსტრუქციებს და შეგესრულებინა ყველაფერი, რაც გასწავლე, ახლა უკვე საკმარისი ძალა გექნებოდა ხიდის გადასალახად. საკმარისი ძალა — სამყაროს გასაჩერებლად.

— კი, მაგრამ რატომ უნდა მინდოდეს ძალა, დონ ხუან?

—ახლა შენ არ შეგიძლია მიზეზების პოვნა, თუმცა თუკი საკმარის ძალას დააგროვებ, თავად ძალა იპოვის შენში კარგ მიზეზს. უცნაურად ჟღერს, ასე არაა?

— შენ თვითონ რად გინდა ძალა, დონ ხუან?

— მე შენ გგავარ. მეც არ მინდოდა. არ შემეძლო მიზეზის პოვნა, რისთვის უნდა მქონოდა. იგივე ეჭვები მქონდა, რაც შენ გაქვს, და არასოდეს მივყვებოდი იმ ინსტრუქციებს, რასაც მაძლევდნენ, ან არასოდეს ვფიქრობდი, რომ მივყვებოდი მათ. და მაინც, მიუხედავად ჩემი სიბრიყვისა, საკმარისი ძალა დავაგროვე, და ერთხელაც ჩემმა პირადმა ძალამ აიძულა სამყარო, რომ გაჩერებულიყო.

— მაგრამ რატომ უნდა უნდოდეს ვინმეს სამყაროს გაჩერება?

— არავის არ უნდა, ამაშია საქმე. ეს უბრალოდ ხდება. და როდესაც უკვე იცი, რას ნიშნავს სამყაროს გაჩერება, მაშინ გესმის, რომ ამისთვის არის მიზეზები. მეომრის ერთ-ერთი ხელოვნებაა, აიძულოს სამყაროს, რომ დაინგრეს განსაკუთრებული მიზეზით, შემდეგ კი კვლავ აღადგინოს იგი იმისთვის, რომ ცხოვრება განაგრძოს.

ვუთხარი, რომ ყველაზე კარგი იქნებოდა, თუ სამყაროს დანგრევის განსაკუთრებული მიზეზის მაგალითს მომიყვანდა. რაღაც დრო იგი ჩუმად იყო. თითქოს ფიქრობდა, რა ეთქვა.

— მე არ შემიძლია ამის თქმა, — თქვა მან. — ძალიან დიდი ძალაა საჭირო იმისთვის, რომ ეს იცოდე. ოდესმე მეომარივით იცხოვრებ, მიუხედავად საკუთარი თავისა. მაშინ, სავარაუდოდ, დააგროვებ საკმარის პირად ძალას, რომ თავად გასცე ამ კითხვას პასუხი.

მე თითქმის ყველაფერი გასწავლე, რაც მეომარმა უნდა იცოდეს იმისთვის, რომ თავად დააგროვოს ძალა. თუმცა ვიცი, რომ შენ ვერ შეძლებ ამის გაკეთებას, და მომთმენი უნდა ვიყო შენდამი. ზუსტად ვიცი, რომ იმისთვის, რომ საკუთარი თავი იყო ძალის სამყაროში, ბრძოლის მთელი ცხოვრებაა საჭირო.

დონ ხუანმა ცას და მთებს შეხედა. მზე უკვე დასავლეთისკენ ჩადიოდა, და მთებზე სწრაფად იკრიბებოდნენ საავდრო ღრუბლები. არ ვიცოდი, რომელი საათი იყო. დამავიწყდა საათის მომართვა. ვკითხე დონ ხუანს, ხომ არ იცოდა, რომელი საათი იყო, და მას სიცილის ისეთი შემოტევა დაემართა, რომ ქვიდან ბუჩქში გადავარდა.

იგი წამოდგა, გაიზმორა და დაამთქნარა.

— ჯერ ადრეა, — თქვა მან. — უნდა დაველოდოთ, სანამ ნისლი მთის მწვერვალზე არ შეიყრება, შემდეგ კი ამ ქვაზე უნდა დადგე და მადლობა გადაუხადო ნისლს. დაე, მოვიდეს და გადაგეხვიოს. აქვე ვიქნები, რომ დაგეხმარო, თუ საჭირო იქნება.

ნისლში მარტო დგომის პერსპექტივამ რაღაცნაირად შემაშინა. თავს იდიოტურად ვგრძნობდი იმის გამო, რომ ასეთი არარაციონალური სახით ვრეაგირებდი.

—შენ არ შეგიძლია ამ მთებიდან წასვლა მისთვის მადლობის გამოხატვის გარეშე, — თქვა მან მტკიცე ტონით. — მეომარი არასოდეს აქცევს ზურგს ძალას იმის გარეშე, რომ საკადრისი გადაუხადოს მიღებული დახმარებისთვის.

იგი ზურგზე წამოწვა, ხელები თავქვეშ ამოიდო და სახე ქუდით დაიფარა.

— როგორ უნდა დაველოდო ნისლს, რა უნდა გავაკეთო? — ვკითხე მე.

— წერე, — თქვა მან ქუდის ქვემოდან. — მაგრამ თვალები არ დახუჭო და ზურგით არ შებრუნდე.

ვცადე მეწერა, მაგრამ კონცენტრირება ვერ შევძელი. ავდექი და აქეთ-იქით სიარული დავიწყე. დონ ხუანმა შემომხედა და გაღიზიანების ელფერით მომმართა.

— დაჯექი! — მიბრძანა მან.

შემდეგ თქვა, რომ ძალის ორთაბრძოლა ჯერ არ დასრულებულა და უნდა მესწავლებინა ჩემი სულისთვის, რომ არ ვყოფილიყავი პასიური. არაფერს იქიდან, რასაც ვაკეთებდი, არ უნდა გაეცა ჩემი გრძნობები, თუ არ მინდოდა, რომ ამ მთებში დავრჩენილიყავი.

იგი წამოჯდა და ხელი გაიქნია სიჩქარის გამომეტყველებით. თქვა, რომ ისე უნდა მემოქმედა, თითქოს ყველაფერი ჩვეულებრივად ყოფილიყოს, რადგანაც ძალის ადგილებს, ისევე როგორც იმ ადგილს, სადაც ვიმყოფებოდით, გააჩნიათ ადამიანების გამოფიტვის პოტენციური შესაძლებლობა, თუკი ისინი ღელავენ, ამიტომ ადამიანს შეუძლია უცნაური და მავნებელი ჯაჭვები გააბას ამ ადგილთან.

— ეს ჯაჭვები აბამენ ადამიანს ძალის ადგილთან ზოგჯერ მთელი ცხოვრების განმავლობაშიც კი, — თქვა მან. — ეს კი შენი ადგილი არაა. შენ თვითონ არ გიპოვნია იგი, ამიტომ მოიჭირე ქამარი და ნუ ჩაგძვრება შარვალი.

მისმა გაფრთხილებამ შელოცვასავით იმოქმედა ჩემზე. რამდენიმე საათის განმავლობაში შეუსვენებლად ვმუშაობდი.

დონ ხუანი უკან გაემართა დასაძინებლად და ხმა არ ამოუღია მანამდე, სანამ ნისლი დაახლოებით ორას მეტრზე არ მოგვიახლოვდა. იგი წამოდგა და გარშემო მიდამო მოათვალიერა. მე უკან მოვიხედე ისე, რომ ზურგი არ მომიტრიალებია. ნისლმა უკვე შთანთქა დაბლობი და ჩემგან მარჯვნივ მთიდან ეშვებოდა. ჩემგან მარცხნივ ლანდშაფტი სუფთა იყო. თუმცა ქარმა მარჯვნიდან დაიწყო ქროლვა და ნისლს დაბლობისკენ ერეკებოდა, თითქოს ჩვენი ალყაში მოქცევა უნდაო. დონ ხუანმა ჩამჩურჩულა, რომ აუღელვებლდ უნდა ვმდგარიყავი იქ, სადაც ვიდექი, თვალები არ უნდა დამეხუჭა და არ უნდა შემოვბრუნებულიყავი მანამ, სანამ ბოლომდე გარშემორტყმული არ ვიქნებოდი ნისლით. მხოლოდ ამის შემდეგ იქნებოდა შესაძლებელი დაშვება. თვითონ კლდეებს მიეფარა ჩემგან რამდენიმე ფუტში.

ამ მთების სიჩუმე რაღაც დიდებული იყო და იმავე დროს შიშისმომგვრელი. რბილი ქარი, რომელსაც ნისლი მოჰქონდა, შეგრძნებას მაძლევდა, რომ ნისლი ყურებში მიწუოდა. ნისლის დიდი ღრუბლები თეთრი ნივთიერების სქელი წარმონაქმნებივით ეშვებოდნენ მთიდან და თითქოს პირდაპირ ჩემკენ მოდიოდნენ. ნისლის სუნს ვგრძნობდი. ეს იყო ნესტისა და სისაღის საინტერესო ნაზავი. შემდეგ ნისლმა ბოლომდე მშთანთქა.

ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ნისლი ჩემი თვალების ქუთუთოებზე მოქმედებდა. ისინი დამძიმდნენ, და თვალების დახუჭვა მომინდა. მციოდა, ყელი გამისივდა. დახველება მინდოდა, მაგრამ ვერ ვბედავდი. ნიკაპი ავწიე და ყელი დავიგრძელე, რათა არ დამეხველებინა. და როცა მზერა ზემოთკენ აღვაპყარი, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მართლა შემეძლო ნისლოვანი წარმონაქმნის სისქის დანახვა. თითქოს ჩემს თვალებს შეეძლოთ მისი სისქის შეფასება მათში გავლით, და აღარ შემეძლო შევწინააღმდეგებოდი დაძინების სურვილს. ვგრძნობდი, რომ წამიც და მიწაზე დავეცემოდი. ამ მომენტში დონ ხუანი მომვარდა, ხელი ჩამკიდა და შემანჯღრია. ნჯღრევა საკმარისი იყო იმისთვის, რომ გამოვფხიზლებულიყავი.

მან ყურში ჩამჩურჩულა, რომ ქვემოთკენ სირბილით უნდა დავშვებულიყავი ისე სწრაფად, როგორც შემეძლო. თქვა, რომ უკან გამომყვებოდა, რათა მორიდებოდა იმ ქვებს, რომლებსაც ჩემს გზაზე დავაგორებდი. თქვა, რომ მიმართულების მიმცემი მე ვიყავი, რადგანაც ეს ჩემი ძალის ბრძოლა იყო, და რომ საღი გონება უნდა მქონოდა და განჯაჭვული ვყოფილიყავი, რათა ორივენი მშვიდობიანად გავსულიყავით იმ ადგილიდან.

— ასეა, — თქვა მან ხმამაღლა. — თუ მეომრის განწყობა არ გექნება, ნისლს ვერასოდეს დავტოვებთ.

წამით ვყოყმანობდი. დარწმუნებული არ ვიყავი, შევძლებდი თუ არა გზის გაგნებას ამ მთებიდან.

— გაიქეცი, კურდღელო, გაიქეცი! — დაიყვირა დონ ხუანმა და ოდნავ ხელი მკრა ციცაბო დაღმართისკენ.

 

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff