14. ძალის სირბილი
14. ძალის სირბილი
შაბათი, 1962 წლის 8 აპრილი.
— სიკვდილი ეს პიროვნებაა, დონ ხუან? — ვკითხე მე, როგორც კი ვერანდაზე ჩამოვჯექი.
დონ ხუანის მზერაში განცვიფრების ელფერი გამოსჭვიოდა. მას ხელში პროდუქტებით სავსე ტომარა ეკავა, რომელიც მე მივუტანე. ფრთხილად დადო იატაკზე და ჩემ წინ დაჯდა. თავი მხნედ ვიგრძენი და ავუხსენი ჩემი კითხვა, პიროვნებაა სიკვდილი, თუ რაღაც პიროვნების მაგვარია, როცა მეომრის ცეკვას უყურებს.
— რა მნიშვნელობა აქვს შენთვის? — მკითხა დონ ხუანმა.
ვუთხარი, რომ ეს სურათი ძალიან შთამბეჭდავი იყო ჩემთვის, და მომინდა გამეგო, რა სახით მივიდა მასთან. საიდან გაიგო, რომ ეს ასეა.
— ყველაფერი ძალიან მარტივია, — თქვა მან. —ცოდნის ადამიანმა იცის, რომ სიკვდილი უკანასკნელი მოწმეა, რადგანაც იგი ხედავს.
— გინდა თქვა, რომ თავად გინახავს მეომრის უკანასკნელი ცეკვა?
— არა, შეუძლებელია იყო ამის მოწმე. ეს მხოლოდ სიკვდილს შეუძლია. მაგრამ მე ვხედავდი, როგორ მადევნებდა თვალყურს ჩემი საკუთარი სიკვდილი, და მე ვცეკვავდი მისთვის, თითქოს ვკვდებოდი. ჩემი ცეკვის ბოლოს სიკვდილმა არ მიმითითა არცერთი მიმართულებით, და ჩემი წინასწარი მდებარეობის ადგილი არ ზანზარებდა ჩემთან გამომშვიდობების ნიშნად. ასე რომ, ჩემი დრო დედამიწაზე ჯერ კიდევ არ იყო ამოწურული, და არ მოვკვდი. როცა ამ ყველაფერს ადგილი ჰქონდა, შეზღუდული ძალა მქონდა, და ვერ ვხვდებოდი ჩემი საკუთარი სიკვდილის გეგმებს, ამიტომ ვთვლიდი, რომ ვკვდებოდი.
— ჰგავდა თუ არა შენი სიკვდილი პიროვნებას?
— სასაცილო ვინმე ხარ. ფიქრობ, რომ კითხვების დასმით შეგიძლია ამის გაგება? არა მგონია, რომ გაიგო, მაგრამ ვინ ვარ მე, რომ ვილაპარაკო?
სიკვდილი არ ჰგავს პიროვნებას, ეს უფრო თანმყოფობას ჰგავს. მაგრამ ასევე შეიძლება ითქვას, რომ ეს არაფერია, და ამავდროულდ ყველაფერი. ისიც მართალი იქნება და ესეც. სიკვდილი ყველაფერია — რაც გინდა.
მე კარგად ვარ ადამიანებთან, ამიტომ ჩემთვის სიკვდილი პიროვნებაა. ასევე მიდრეკილი ვარ მისტიკისკენ, ამიტომ ჩემთვის სიკვდილს ცარიელი თვალები აქვს. მე შემიძლია მათ მიღმა დავინახო. ისინი ფანჯრებს ჰგვანან, მაგრამ ამავდროულდ მოძრაობენ, როგორც თვალები. ამიტომ შემიძლია ვთქვა, რომ სიკვდილი თავისი ცარიელი თვალებით უყურებს, სანამ მეომარი თავის უკანასკნელ ცეკვას ასრულებს მიწაზე.
— მაგრამ ეს მხოლოდ შენთვისაა ასე, დონ ხუან? თუ ყოველი მეომრისთვის ასევეა?
— ეს ზუსტად ასევეა ყველა მეომრისთვის, რომელსაც ძალის ცეკვა გააჩნია, და ამავე დროს ეს ასე არაა. სიკვდილი თვალყურს ადევნებს მეომრის უკნასკნელ ცეკვას, მაგრამ ის, თუ როგორ ხედავს მეომარი თავის სიკვდილს, მისი პირადი საქმეა. იგი შეიძლება ნებისმიერი რამ იყოს. ფრინველი, სინათლე, პიროვნება, ბუჩქი ან უცნობი თანმყოფობა.
დონ ხუანის მიერ დახატული სიკვდილის სურათებმა ამაღელვეს. სათანადო სიტყვებს ვერ ვპოულობდი, რომ ჩემი კითხვები დამესვა, და გავჩუმდი. იგი ღიმილით მიყურებდა და მარწმუნებდა, რომ ლაპარაკი განმეგრძო.
ვკითხე, არის თუ რა ის, თუ როგორ ხედავს მეომარი თავის სიკვდილს, დამოკიდებული პირობებზე, რომელშიც იგი გაიზარდა. მაგალითად მოვიყვანე იუმას და იაკის ტომის ინდიელები. ჩემი საკუთარი აზრი ის იყო, რომ კულტურა განსაზღვრავდა მანერას, რომლითაც სიკვდილს ხედავდნენ.
— არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, სად გაიზარდა ადამიანი, — თქვა მან. — იმის განმსაზღვრელი, თუ როგორ აკეთებს ადამიანი რაიმეს, პირადი ძალაა. ადამიანი მხოლოდ თავისი პირადი ძალის ჯამს წარმოადგენს. და ეს ძალა განსაზღვრავს, როგორ ცხოვრობს იგი, და როგორ მოკვდება.
— რა არის პირადი ძალა?
— პირადი ძალა — ესაა გრძნობა, — თქვა მან. — რაღაც წარმტებისმაგვარი. ან შეგვიძლია ამას განწყობა დავარქვათ. პირადი ძალა ეს რაღაც ისეთია, რასაც მოიპოვებ მიუხედავად შენი წარმოშობისა. უკვე გითხარი, რომ მეომარი ძალაზე მონადირეა, და რომ გასწავლი, როგორ ინადირო მასზე და შეინახო იგი. სირთულე შენთან იგივეა, რაც ყველა ჩვენგანთან. ეს სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ დაგარწმუნო. შენ უნდა გჯეროდეს, რომ პირადი ძალა შეიძლება გამოყენებულ იქნეს, და რომ მისი შენახვა შესაძლებელია, მაგრამ აქამდე შენ არ ყოფილხარ ამაში დარწმუნებული.
მე ვუთხარი, რომ მან დაამტკიცა თავისი თვალსაზრისი, და რომ მე იმდენად ვარ დარწმუნებული, რამდენადაც საერთოდ შემიძლია, დარწმუნებული ვიყო. მას გაეცინა.
— ეს ის დარწმუნების ტიპი არაა, რაზეც მე ვსაუბრობ, — თქვა მან.
მან ორი-სამჯერ სიცილით შემომიტყაპუნა მხარზე.
— ჩემი გაცინება საჭირო არაა, ხომ იცი.
თავი ვალდებულად ვიგრძენი, დამერწმუნებინა, რომ სერიოზულდ ვლპარაკობდი.
— ეჭვიც არ მეპარება ამაში, — თქვა მან. — მაგრამ იყო დარწმუნებული, ნიშნავს, რომ თავად შეგიძლია მოქმედება. შენგან ჯერ კიდევ უზარმაზარი ძალისხმევა იქნება საჭირო იმისთვის, რომ ეს გააკეთო. ბევრად მეტი ჯერ კიდევ გასაკეთებელი გაქვს. შენ ჯერ მხოლოდ დაიწყე.
წამით იგი მშვიდად იყო. მისმა სახემ გაყინული გამომეტყველება მიიღო.
— სასაცილოა, ხანდახან როგორ მაგონებ ჩემ თავს, — განაგრძო მან. — მეც არ მინდოდა მეომრის გზის არჩევა. ვთვლიდი, რომ ეს ყველაფერი არაფრის მომცემი იყო, და რადგანაც ყველანი ასე თუ ისე მოვკვდებით, რა მნიშვნელობა აქვს — იქნები თუ არა მეომარი. მე ვცდებოდი. მაგრამ ამას თავად უნდა მივმხვდარიყავი. როგორც კი გაიგებ, რომ ცდები და აქ სხვაობა მთელი სამყაროა, მხოლოდ მაშინ შეძლებ თქვა, რომ დარწმუნებული ხარ. და მაშინ შეძლებ, რომ დამოუკიდებლად იარო. და დამოუკიდებლად იმასაც კი შეძლებ, რომ ცოდნის ადამიანი გახდე.
ვთხოვე, რომ განემარტა, რას გულისხმობდა „ცოდნის ადამიანში“.
— ცოდნის ადამიანი — ეს ისაა, ვინც სწორად გაიარა სწავლის სირთულეები, — თქვა მან. — ადამიანი, რომელიც აჩქარების და ზოზინის გარეშე წავიდა იმდენად შორს, რამდენადაც შეეძლო, პირადი ძალის საიდუმლოებების გახსნაში.
მან მოკლედ ახსნა ეს კონცეფცია, შემდეგ კი შეცვალა საუბრის თემა და თქვა, რომ მე მხოლოდ იმაზე უნდა ვიზრუნო, თუ როგორ შევინარჩუნო პირადი ძალა.
— მაგრამ ეს სრულიად გაუგებარია, — გავაპროტესტე მე. — მე მართლა არ შემიძლია წარმოვიდგინო, საით მიგყავს ეს ყველაფერი.
— ძალაზე ნადირობა — საინტერესო მოვლენაა, — თქვა მან. — თავდაპირველად იგი იდეა უნდა იყოს, შემდეგ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა დადგინდეს, შემდეგ კი — ბრახ! — იგი ხდება.
— როგორ ხდება?
დონ ხუანი წამოდგა. მან ხელები გაიწვდინა და ზურგი კატასავით გამოზნიქა. მისმა ძვლებმა ჩვეულებისამებრ მსხვრევადი ხმების სერია გამოსცეს.
— წავედით, — თქვა მან. — წინ ხანგრძლივი მოგზაურობა გველის.
— მაგრამ ჯერ იმდენი რამე მინდა გკითხო, — ვუთხარი მე.
— ჩვენ ძალის ადგილზე მივდივართ, — თქვა მან სახლში შესვლისას. — რატომ არ ინახავ შენს კითხვებს იქ მისვლამდე? იქაც მოგვეცემა საუბრის საშუალება.
ვფიქრობდი, რომ წავიდოდით, ამიტომ წამოვდექი და მანქანასთან მივედი, მაგრამ დონ ხუანმა სახლიდან დამიძახა და მითხრა, რომ ჩემი კასრებიანი ბადე ამეღო. იგი სახლის უკან მელოდა, უდაბნოს ჩაპარალის კიდესთან.
— უნდა ვიჩქაროთ, — თქვა მან.
სიერა მადრეს მთების დაბალ ფერდობებს დაახლოებით დღის სამი საათისთვის მივადექით. თბილი დღე იყო, მაგრამ დღის მეორე ნახევარში ქარი უფრო ცივი გახდა. დონ ხუანი ქვაზე ჩამოჯდა და მანიშნა, რომ მეც იგივე გამეკეთებინა.
— ამჯერად რას ვაპირებთ, დონ ხუან?
— ძალიან კარგად იცი, რომ აქ ძალაზე სანადიროდ ვართ მოსულები.
— ეს ვიცი. მაგრამ კონკრეტულად რის გაკეთებას ვაპირებთ აქ?
— შენ იცი, რომ მე პატარა იდეაც კი არ მაქვს.
— გინდა თქვა, რომ არასოდეს მიჰყვები რაიმე განსაზღვრულ გეგმას?
— ძალაზე ნადირობა — ეს ძალიან სერიოზული საქმეა, — თქვა მან. — არ არსებობს მისი წინასწარ დაგეგმვის არანაირი საშუალება. სწორედ ესაა მასში საინტერესო. მიუხედავად ამისა, მეომარი მოქმედებს ისე, თითქოს მას გეგმა ჰქონდეს, რადგანაც თავის პირად ძალას ენდობა. მან ზუსტად იცის, რომ იგი, რაც შეიძლება საუკეთესო გზით მოქმედებას აიძულებს.
ვუთხარი, რომ მისი სიტყვები რაღაც კუთხით ურთიერთგამომრიცხავი იყო. თუ მეომარს უკვე გააჩნია პირადი ძალა, მაშინ რატომ უნდა ინადიროს მასზე?
დონ ხუანმა წარბები ასწია და აშკარა ზიზღის ჟესტი გამოსახა.
— შენ ხარ ადამიანი, რომელიც ძალაზე ნადირობს, — თქვა მან. — მე კი მეომარი ვარ, რომელსაც იგი უკვე გააჩნია. შენ მკითხე, მქონდა თუ არა გეგმა. და მე გითხარი, რომ საკუთარ პირად ძალას ვენდობი იმაში, რომ მან მიხელმძღვანელოს, და რომ არ მჭირდება გეგმა.
ორივენი გავჩუმდით, შემდეგ კი გზა განვაგრძეთ. ფერდობები ძალიან ციცაბო იყო და მათზე ასვლა ფრიად რთული და დამღლელი აღმოჩნდა ჩემთვის. მეორე მხრივ, მეჩვენებოდა, რომ დონ ხუანის ამტანობას საზღვარი არ ჰქონდა. იგი არ მირბოდა და არ ჩქარობდა, მისი სიარული სტაბილური და დაუღალავი იყო. შევამჩნიე, რომ ოფლიც კი არ გამოსვლია, მას შემდეგაც კი, რაც უზარმაზარ, თითქმის ვერტიკალურ აღმართზე ავიდა. როცა მწვერვალს მივაღწიე, დონ ხუანი უკვე იქ იყო და მელოდებოდა. როცა მის გვერდით ჩამოვჯექი, ვიგრძენი, რომ ჩემი გული მზად იყო გაგლეჯილიყო და საგულედან ამომხტარიყო. ზურგზე წამოვწექი და ოფლი ღვარად წამომივიდა წარბებზე.
დონ ხუანმა გადაიხარხარა და რაღაც პერიოდი აქეთ-იქით დამათრევდა. ამ მოძრაობამ სუნთქვის აღდგენის საშჲალება მომცა. ვუთხარი, რომ უბრალოდ შეშინებული ვარ მისი ფიზიკური ენერგიის გამო.
— მე გამუდმებით ვცდილობდი, რომ შენი ყურადღება მიმეპყრო ამისკენ, — თქვა მან.
— შენ სრულიად არ ხარ მოხუცებული, დონ ხუან!
— რა თქმა უნდა, არა, და მინდოდა შეგემჩნია ეს.
— როგორ აკეთებ ამას?
— მე არაფერს არ ვაკეთებ. ჩემი სხეული შესანიშნავად გრძნობს თავს, სულ ესაა. კარგად ვუვლი საკუთარ თავს და არანაირი მიზეზი არ მაქვს, რომ დაღლილად ან ავადმყოფად ვიგრძნო თავი. საიდუმლო სულაც არაა იმაში, თუ რას უშვრები საკუთარ თავს, არამედ უფრო იმაში, თუ რას არ უშვრები.
მე განმარტებას ველოდი. როგორც ჩანს, იგი ხვდებოდა, რომ ვერ ვგებულობდი. მცოდნედ გაიღიმა და წამოდგა.
— ეს ძალის ადგილია, — თქვა მან. — ვიპოვოთ ადგილი ამ მწვერვალზე დასაბანაკებლად.
მე გავაპროტესტე. მინდოდა, რომ აეხსნა, თუ რა არ უნდა გამეკეთებინა ჩემი სხეულისთვის. მან ბრძანების ჟესტი გააკეთა.
— შეწყვიტე ლაყბობა, — თქვა რბილად. — ამჯერად უბრალოდ იმოქმედე მრავალფეროვნებისთვის. დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი დრო დაგჭირდება დასვენებისთვის ხელსაყრელი ადგილის მოსაძებნად. შესაძლოა, ამაზე მთელი ღამე დაგეხარჯოს. ასევე არ აქვს მნიშვნელობა, იპოვნი თუ არა ამ ადგილს. მნიშვნელოვანი მომენტი ისაა, რომ შენ შეეცდები მის პოვნას.
მე ჩემი ბლოკნოტი გადავდე და წამოვდექი. დონ ხუანმა შემახსენა, როგორც უამრავჯერ შეუხსენებია მაშინ, როცა დასასვენებელი ადგილი უნდა მეპოვნა, რომ უნდა მეყურებინა რაიმე კონკრეტულ ადგილზე მზერის ფოკუსირების გარეშე, თვალების დაელმებით მანამ, სანამ საგნები არ გაიდღაბნებოდა.
მე ნახევრადდახუჭული თვალებით დავიწყე ძებნა. დონ ხუანი რამდენიმე ფუტით უკან და მარჯვნივ მომყვებოდა. თავიდან გორის მწვერვალის მთელი პერიფერია გადავქექე. ჩემი მიზანი იყო სპირალურად მიმეღწია მწვერვალისთვის, მაგრამ მას შემდეგ, რაც ერთი წრე დავამთავრე, დონ ხუანმა შემაჩერა. თქვა, რომ მე საშუალებას ვაძლევდი ჩემი დღის განრიგისადმი მიდრეკილებას, რომ გაემარჯვა ჩემზე. სარკაზმით დაამატა, რომ ალბათ ასე, ამ მეთოდით, სისტემატიურად მთელ ამ რაიონს მოვიცავდი, მაგრამ ვერ შევძლებდი საჭირო ადგილის შეგრძნებას. დაამატა, რომ თვითონ იცის ამ ადგილის მდებარეობა, ამიტომ მე არანაირი იმპროვიზაციის შანსი აღარ მრჩებოდა.
— რა უნდა გავაკეთო ამის ნაცვლად? — ვკითხე მე.
დონ ხუანმა მაიძულა, დავმჯდარიყავი. შემდეგ რამდენიმე სხვადასხვა ბუჩქიდან თითო ფოთოლი მოგლიჯა და მე გამომიწოდა. მიბრძანა, რომ ზურგზე დავწოლილიყავი, ქამარი შემეხსნა და ფოთლები მუცლის კანზე დამელაგებინა. იგი აკვირდებოდა ჩემს მოქმედებებს და მიმითითა, რომ ორივე ხელით მჭიდროდ მიმებჯინა ფოთლები სხეულზე. შემდეგ თვალები დამახუჭინა და გამაფრთხილა, რომ თუ სრულყოფილი შედეგები მინდოდა, არც ფოთლები უნდა გამეშვა ხელიდან, არც თვალები გამეხილა და არც წამოჯდომა მეცადა იმ დროს, როცა იგი ჩემს სხეულს ძალის მდგომარეობაში მოიყვანდა.
მან მარჯვენა იღლიის ქვეშ მომკიდა ხელი და შემატრიალა. გადაულახავი სურვილი მქონდა, რომ ნახევრადდახუჭული ქუთუთოებიდან გამეჭყიტა, მაგრამ დონ ხუანმა თვალებზე ხელისგული დამადო. მან მიბრძანა, რომ ყურადღების კონცენტრაცია მხოლოდ სითბოს იმ შეგრძნებაზე მომეხდინა, რომელიც ფოთლებიდან მოდიოდა.
წამით გაუნძრევლად ვიწექი, შემდეგ კი ფოთლებიდან მომავალი უცნაური სითბო ვიგრძენი. თავიდან იგი ხელისგულებით შევიგრძენი, შემდეგ სითბო ჩემს მუცელზე გავრცელდა და ბოლოს, მან მთელი ჩემი სხეული აავსო. რამდენიმე წუთში ფეხები სიცხისგან მიხურდა, და ეს მახსენებდა იმ დროს, როცა ტემპერატურა მქონდა ხოლმე.
დონ ხუანს ვუთხარი ამ უსიამოვნო გრძნობის შესახებ და ფეხსაცმლის გახდის სურვილის შესახებ. მან მითხრა, რომ დამეხმარებოდა წამოდგომაში და თვალები არ უნდა გამეხილა მანამ, სანამ არ მეტყოდა, ასევე მუცელზე უნდა მიმებჯინა ფოთლები მანამ, სანამ შესაფერის ადგილს არ ვიპოვიდი.
როცა ფეხზე ვიდექი, ყურში ჩამჩურჩულა, რომ თვალები უნდა გამეხილა და ყოველგვარი გეგმის გარეშე მევლო, საშუალება მიმეცა ფოთლების ძალისთვის, რომ წავეყვანე.
მე უმიზნოდ სიარული დავიწყე. სხეულის სიცხე შემაწუხებელი იყო. მეჩვენებოდა, რომ ჩემი ტემპერატურა კიდევ უფრო მაღლა იწევდა და ვცდილობდი ამეხსნა, როგორ გამოიწვია ეს დონ ხუანმა.
იგი ჩემ უკან მოდიოდა. უეცრად ისეთი კვნესა ამოუშვა, რომ თითქმის ჩემი პარალიზება მოახდინა. შემდეგ სიცილით ამიხსნა, რომ უეცარი ხმები არასასურველ სულებს აფრთხობენ. თვალები დავაელმე და თითქმის ნახევარი საათი წინ და უკან დავდიოდი. ამ დროის განმავლობაში უსიამოვნო სიცხე სხეულში სასიამოვნო სითბოდ იქცა. სიმსუბუქის შეგრძნებით მივაბიჯებდი გორის მწვერვალზე. სულაც არ ვგრძნობდი იმედგაცრუებას. რაღაცნაირად ველოდი, რომ რაიმე ვიზუალურ მოვლენას შევნიშნავდი, მაგრამ ჩემი მხედველობის პერიფერიაზე არანაირი ცვლილება არ შეიმჩნეოდა: არც უჩვეულო შეფერილობა, არც ნათება, არც შავი მასები.
ბოლოსდაბოლოს დავიღალე თვალების დაელმებისგან და გავახილე ისინი. ქვიშაქვის პატარა მოედნის წინ ვიდექი, რომელიც ერთ-ერთი ქვიანი წარმონაქმნი იყო გორის მწვერვალზე. ყველაფერი დანარჩენი უბრალოდ მიწა იყო ფართოდ გაშლილი ბუჩქებით. რაღაც დროის განმავლობაში ასე ვიდექი ქვიშაქვის მოედნის წინ, რაღაც მიზეზის გამო იგი მშვენივრად მეჩვენებოდა, შემდეგ კი უბრალოდ დავჯექი მასზე.
— კარგია, კარგი, — თქვა დონ ხუანმა და ზურგზე ხელი დამიტყაპუნა.
შემდეგ თქვა, რომ ფრთხილად ამომეღო ფოთლები ტანსაცმლიდან და ქვაზე დამელაგებინა.
როგორც კი ფოთლები მოვიხსენი, მაშინვე გაცივება დავიწყე. პულსი მოვისინჯე. მეჩვენებოდა, რომ იგი ნორმალური იყო. დონ ხუანს გაეცინა და „დოქტორ კარლოსი“ მიწოდა, შემდეგ კი მკითხა, ხომ არ შემეძლო მისი პულსიც მომესინჯა. თქვა, რომ რაც შევიგრძენი, ფოთლების ძალა იყო, ამ ძალამ განმწმინდა და საშუალება მომცა, რომ ჩემი ამოცანა შემესრულებინა.
მე ძალიან გულწრფელად ვარწმუნებდი, რომ არაფერი განსაკუთრებული არ გამიკეთებია და ამ ადგილზე იმიტომ დავჯექი, რომ დავიღალე, და იმიტომ, რომ ქვიშაქვის შეფერილობა მეძახდა.
დონ ხუანს არაფერი უთქვამს. იგი ჩემგან რამდენიმე ფუტში იდგა. უეცრად საოცარი ენერგიით უკან გადახტა, გაიქცა, რაღაც ბუჩქებს გადაახტა და კლდოვანი ქანის რაღაც ამოშვერილ ბორცვზე შეხტა.
— რაშია საქმე? — ვკითხე შეშინებულმა.
— თვალყური ადევნე მიმართულებას, საითაც ქარი შენს ფოთლებს წაიღებს, — თქვა მან. — სწრაფად გადაითვალე ისინი. ქარი ახლოვდება. ფოთლების ნახევარი აიღე და ისევ მუცელზე დაიდე.
მე ოცი ფოთოლი დავთვალე. ათი პერანგის ქვეშ შევიჩურთე, შემდეგ კი ქარის ძლიერმა დაქროლვამ დანარჩენი ფოთლები დასავლეთის მიმართულებით გადაყარა. როცა გაფრენილ ფოთლებს ვაკვირდებოდი, უცნაური შეგრძნება მქონდა, რომ რეალურმა არსებამ განზრახ გადაყარა ისინი მწვანე მცენარეულობის ამორფულ მასაში.
დონ ხუანი უკან დაბრუნდა იმ ადგილას, სადაც მე ვიმყოფებოდი, და ჩემ გვერდით, სახით სამხრეთისკენ ჩამოჯდა. დიდი ხნის განმავლობაში ხმას არ ვიღებდით. არ ვიცოდი, რა მეთქვა. გატანჯული ვიყავი. თვალების დახუჭვა მინდოდა, მაგრამ ვერ ვბედავდი. როგორც ჩანს, დონ ხუანმა შეამჩნია ჩემი მდგომარეობა და მითხრა, რომ ყველაფერი რიგზეა, და შემიძლია დავიძინო. თქვა, რომ ხელები მუცელზე დამეწყო ფოთლებს ზემოდან და მეცადა შემეგრძნო, რომ ჩამოკიდებული ვიწექი „სიმების“ იმ საწოლზე, რომელიც მაშინ გამიკეთა „ჩემი ძალის ადგილზე“. თვალები დავხუჭე და მაშინვე ამავსეს მოგონებებმა სიმშვიდესა და შეგრძნებათა სისავსეზე, რომლებიც იმ მწვერვალზე ძილის დროს განვიცადე. მინდოდა გამეგო, მართლა ჩამოკიდებულად ვგრძნობდი თუ არა თავს, მაგრამ ჩამეძინა.
ზუსტად მზის ჩასვლის წინ გამეღვიძა. ძილმა სისაღე და სიფხიზლე მომცა. დონ ხუანსაც ეძინა. მან ჩემთან ერთად გაახილა თვალები. ქარი იყო, მაგრამ სიცივეს ვერ ვგრძნობდი. ფოთლები ჩემს მუცელზე ღუმელივით მოქმედებდნენ.
შემოგარენი დავათვალიერე. ადგილი, რომელიც დასასვენებლად შევარჩიე, პატარა პოსტამენტს ჰგავდა. აქ მართლაც შეიძლებოდა ჯდომა, როგორც გრძელ ვერანდაზე. უკან საკმარისი ქვა იყო, რომ საზურგედ გამომეყენებინა. ასევე დავინახე, რომ დონ ხუანმა ჩემი ბლოკნოტი მომიტანა და თავქვეშ დამიდო.
— შენ სწორი ადგილი იპოვნე, — თქვა მან ღიმილით. — და ეს ყველაფერი ისე მოხდა, როგორც გითხარი. ძალამ აქ შენი მხრიდან ყოველგვარი გეგმის გარეშე მოგიყვანა.
— ეს რა ფოთლები მომეცი? — ვკითხე მე.
სითბო, რომელიც ფოთლებიდან მოდიოდა და ასეთ კომფორტულ მდგომარეობაში მამყოფებდა ზეწარის ან თბილი ტანსაცმლის გარეშე, ეს იყო მოვლენა, რომელმაც მართლაც შთანთქა ჩემი ფიქრები.
— ეს უბრალოდ ფოთლები იყო, — თქვა დონ ხუანმა.
— გინდა მითხრა, რომ შემიძლია ნებისმიერი ბუჩქიდან მოვწყვიტო ფოთლები და ისინი იგივე ეფექტს მოახდენენ ჩემზე?
— არა. მე არ მითქვამს, რომ თავად შეგიძლია ამის გაკეთება. შენ არ გაქვს პირადი ძალა. მე ვამბობ, რომ ნებისმიერი ფოთოლი დაგეხმარება იმ პირობით, რომ ადამიანს, რომელიც მათ გაძლევს, ძალა გააჩნია. დღეს შენ ძალა დაგეხმარა და არა – ფოთლები.
— შენი ძალა, დონ ხუან?
— ვფიქრობ, შეგიძლია თქვა, რომ ეს ჩემი ძალა იყო, მაგრამ ეს არ იქნება ბოლომდე ზუსტი. ძალა არავის არ ეკუთვნის. ზოგიერთ ჩვენგანს შეუძლია მისი აღება, შემდეგ კი ის შეიძლება პირდაპირ გადაეცეს სხვას. დაგროვილი ძალის გასაღები იმაში მდგომარეობს, რომ მას შეუძლია მხოლოდ იმისთვის იყოს გამოყენებული, რომ კიდევ ვინმე სხვას დაეხმაროს ძალის დაგროვებაში.
მე ვკითხე, ნიშნავდა თუ არა ეს, რომ მისი ძალა მხოლოდ სხვებისადმი დახმარებით არის შეზღუდული. დონ ხუანმა მოთმინებით ამიხსნა, რომ მას შეუძლია გამოიყენოს თავისი პირადი ძალა მაშინ, როცა მოუნდება და იმაზე, რაზეც მოუნდება. მაგრამ როცა საქმე მიდის იქამდე, რომ უშუალოდ სხვა პირს გადასცეს იგი, მაშინ ამის გაკეთება შეუძლებელია გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს პირი მას საკუთარი პირადი ძალის საძიებლად იყენებს.
— ყველაფერი, რასაც ადამიანი აკეთებს, დაკავშირებულია მის პირად ძალასთან, — განაგრძო დონ ხუანმა. — ამიტომ მისთვის, ვისაც იგი არ გააჩნია, ძლიერი ადამიანის საქმეები დაუჯერებლად ჩანს. ძალაა საჭირო იმისთვისაც კი, რომ გაიგო, თუ რა არის ძალა. აი, რის ახსნას ვცდილობდი მთელი ამ ხნის განმავლობაში. მაგრამ ვიცი, რომ არ გესმის, და არა იმიტომ, რომ არ გინდა გაგება, არამედ იმიტომ, რომ ძალიან ცოტა პირადი ძალა გაქვს.
— რა უნდა გავაკეთო, დონ ხუან?
— არაფერი. უბრალოდ განაგრძე ის, რასაც ახლა აკეთებ. ძალა იპოვნის გზას.
იგი წამოდგა, საკუთარი თავის გარშემო დატრიალდა და უყურებდა ყველაფერს, რაც მის გარშემო იყო. მისი სხეული მისი თვალების მოძრაობასთან ერთად მოძრაობდა. იგი ტოვებდა დასაქოქი სათამაშოს შთაბეჭდილებას, რომელიც ერთი ზუსტი და განუყოფელი მოძრაობით ტრიალებდა.
პირდაღებული ვუყურებდი მას. მან დაინახა ჩემი გაკვირვება და გაეღიმა.
— დღეს შენ დღის სიბნელეში ინადირებ ძალაზე, — თქვა მან და ჩამოჯდა.
— მაპატიე, ვერ გავიგე.
— ამ ღამით იმ უცნობი გორებისკენ წახვალ. სიბნელეში ისინი არ არიან გორები.
— აბა რა არიან?
— ისინი რაღაც სხვა არიან. რაღაც შენთვის წარმოუდგენელი, რადგანაც არასოდეს ყოფილხარ მათი არსებობის მოწმე.
— რისი თქმა გინდა, დონ ხუან? ყოველთვის მაშინებ შენი საიდუმლოებით მოცული საუბრით.
მას გაეცინა და ოდნავ მომარტყა ხელი წვივზე.
— სამყარო ეს გამოცანაა, — თქვა მან. — და იგი სულაც არაა ისეთი, როგორადაც შენ ხატავ.
იგი ცოტა ხნით დაფიქრდა. თავს ზემოთ-ქვემოთ რიტმულად აქანავებდა. შემდეგ გაიღიმა და დაამატა: „რა გაეწყობა, იგი ამავდროულად ისეთიცაა, როგორსაც შენ ხატავ. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არაა მთელი სამყარო. არის კიდევ ძალიან ბევრი. ყოველთვის პოულობდი ამას და შესაძლოა ამ ღამესაც დაამატო კიდევ ერთი პატარა ნაწილი“. მისმა ტონმა ჟრჟოლა გამოიწვია ჩემს სხეულში. „რის გაკეთებას გეგმავ?“ — ვკითხე მე.
— მე არაფერს არ ვგეგმავ. ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია იმავე ძალის მიერ, რომელმაც ამ ადგილის პოვნის საშუალება მოგცა.
დონ ხუანი წამოდგა და სადღაც შორს რაღაცისკენ მიმითითა. ვიფიქრე, რომ სურდა ავმდგარიყავი და შემეხედა. ვეცადე ფეხზე წამოვმხტარიყავი, მაგრამ სანამ ბოლომდე ავდგებოდი, დონ ხუანმა დიდი ძალით ისევ ქვემოთ დამაგდო.
— მე არ მითქვამს, რომ ამდგარიყავი, — თქვა მან მკვეთრი ხმით. შემდეგ შეარბილა თავისი ტონი და დაამატა. —დღეს რთული ღამე გექნება, და მთელი შენი პირადი ძალა დაგჭირდება, რომელიც შეგიძლია მოიკრიბო. დარჩი იქ, სადაც ხარ და მოუფრთხილდი თავს.
მან ახსნა, რომ არაფერზე არ მიმითითა, უბრალოდ ზოგიერთი რაღაცის ადგილმდებარეობაში დარწმუნდა. დამარწმუნა, რომ ყველაფერი რიგზე იყო, მშვიდად უნდა ვმჯდარიყავი და რაღაცით დავკავებულიყავი, რადგანაც უამრავი დრო მქონდა ჩანაწერებისთვის, სანამ ბოლომდე დაბნელდებოდა. მისი ღიმილი ძალიან გამომხატველი და სასიამოვნო იყო.
— მაგრამ რის გაკეთებას ვაპირებთ, დონ ხუან?
მან თავი აქეთ-იქით გააქნია უნდობლობის გაზვიადებული ჟესტით.
— წერე, — მიბრძანა მან და ჩემკენ ზურგით შემობრუნდა. სხვა საქმე არ მქონდა. ჩემს ჩანაწერებზე დავიწყე მუშაობა, სანამ ძალიან არ დაბნელდა იმისთვის, რომ მეწერა.
მთელი იმ დროის განმავლობაში, სანამ ვწერდი, დონ ხუანი ერთი და იმავე პოზას ინარჩუნებდა. იგი თითქოს რაღაცას აკვირდებოდა შორს, დასავლეთის მიმართულებით. მაგრამ როგორც კი დავასრულე, ჩემკენ შემობრუნდა და ხუმრობით მითხრა, რომ ჩემთვის პირის დახშობის ერთადერთი საშუალება ესაა, მომცეს რაიმე საჭმელი, წერა მაიძულოს, ან დასაძინებლად დამაწვინოს.
მან რაღაც მცირე შეხვეული ამოიღიო ზურგჩანთიდან და ცერემონიულად გახსნა იგი. იქ გამომშრალი ხორცის ნაჭრები იყო. ერთი ნაჭერი მე მომცა, მეორე კი თვითონ აიღო და ღეჭვა დაიწყო. მითხრა, რომ ეს იყო ძალის შემცველი ხორცი და იგი ამჟამად ორივეს გვჭირდებოდა. მე ძალიან მშიერი ვიყავი იმისთვის, რათა მეფიქრა, რომ ხორცი შესაძლოა ფსიქოტროპულ ნივთიერებას შეიცავდეს. სრულ მდუმარებაში ვჭამდით, სანამ მთელი ხორცი არ შევჭამეთ, და ამ დროისთვის სრულიად დაბნელდა.
დონ ხუანი წამოდგა და ხელებითა და ზურგით კარგად გაიჭიმა. მეც იგივეს გაკეთება შემომთავაზა.
— მთელი სხეულის გამართვა ძილის, ჯდომის ან სიარულის შემდეგ — კარგი პრაქტიკაა, — თქვა მან.
მის რჩევას დავუჯერე და ზოგიერთი ფოთოლი, რომელიც პერანგის ქვეშ მქონდა, შარვლის თათებიდან ჩამოვარდა. ვფიქრობდი, უნდა ამეღო თუ არა ისინი, მაგრამ მან მითხრა, რომ დამევიწყებინა ფოთლები, რადგანაც ისინი აღარ მჭირდებოდა და უნდა მიმეცა მათთვის ისე დაცვენის საშუალება, როგორც ცვიოდნენ.
შემდეგ დონ ხუანი ძალიან ახლოს მოვიდა ჩემთან და მარჯვენა ყურში ჩამჩურჩულა, რომ ძალიან ახლოს უნდა გავყოლოდი მას და მიმებაძა ყველაფრისთვის, რასაც გააკეთებდა. თქვა, რომ საფრთხე არ გვემუქრებოდა იმ ადგილას, სადაც ვიდექით, რადგანაც ასე ვთქვათ ღამის კიდესთან ვიყავით.
— ეს ღამე არაა, — ჩამჩურჩულა მან. — ღამე იქაა.
მან ჩვენ გარშემო სიბნელეზე მიმითითა. შემდეგ ჩემი ტვირთის ჩასადები ბადე შეამოწმა და შეხედა, კარგად იყო თუ არა დამაგრებული კასრები და ჩემი ბლოკნოტი და რბილი ხმით მითხრა, რომ ყველაფერი სრულ წესრიგში იყო არა იმიტომ, რომ სჯეროდა, რომ ცოცხალი გადარჩებოდა იმ საქმეში, რომლის გაკეთებასაც აპირებდა, არამედ იმიტომ, რომ ეს მისი უზადო ქცევის ნაწილია.
იმის ნაცვლად, რომ შვების შეგრძნება მოეცა ჩემთვის, მისმა განმარტებებმა სრულად დამარწმუნა, რომ ჩემი ბედისწერა მიახლოვდებოდა. ტირილი მინდოდა.
დარწმუნებული ვარ, დონ ხუანი ბოლომდე აცნობიერებდა თავისი სიტყვების ეფექტს.
— ენდე შენს პირად ძალას, — მითხრა ყურში. — ესაა ყველაფერი, რაც ადამიანს გააჩნია ამ ჯადოსნურ სამყაროში.
მან ოდნავ მკრა ხელი და ჩვენ წავედით. ჩემ წინ მიდიოდა, დაახლოებით ორი ნაბიჯით. მე უკან მივყვებოდი და თვალები მიწისკენ მქონდა მიპყრობილი. რაღაცის გამო ვერ ვახერხებდი გარშემო ყურებას. და ის, რომ მიწაზე ვაკეთებდი მზერის ფოკუსირებას, უცნაური სიმშვიდის შეგრძნებას მაძლევდა. ეს თითქმის მაჰიპნოზებდა.
ცოტა ხნის შემდეგ დონ ხუანი შეჩერდა. ჩურჩულით მითხრა, რომ სრული სიბნელე ახლოსაა და ჩემ წინ აპირებდა სიარულს, უფრო სწორად მანამდე აპირებდა, ახლა კი აპირებდა, რომ თავისი ადგილი ჩემთვის დაეთმო და განსაკუთრებული პატარა ბუს კივილს მიჰბაძა. გამახსენა, რომ მეც ვიცოდი მისი იმიტაცია, თავიდან ხრინწიანი, შემდეგ კი ისეთივე ჟღერადი, როგორიც ნამდვილი ბუს კივილია. გამაფრთხილა, რომ ძალიან მკაცრად გამერჩია სხვა ბუების კივილი, რომლებშიც ეს შტრიხი არაა.
იმ დროისთვის, როცა დონ ხუანმა ყველა ინსტრუქცია მომცა, მე პრაქტიკულად პანიკამ მომიცვა. ხელზე ჩავეჭიდე და არ ვუშვებდი. ორი-სამი წუთი დამჭირდა, რომ საკმარისად დავმშვიდებულიყავი იმისთვის, რომ რაღაც წარმომეთქვა. ჩემი მუცელი ნერვიულმა კანკალმა შეძრა, და გასაგებად ლაპარაკიც კი არ შემეძლო.
მშვიდი და რბილი ხმით მან მთხოვა, რომ თავი ხელში ამეყვანა, რადგანაც სიბნელე ისეთივე იყო, როგორიც ქარი — გამოუცნობი არსება, რომელსაც შეუძლია გამაბრიყვოს, თუ ფრთხილად არ ვიქნები. და მე სრულიად მშვიდად უნდა ვიყო, რომ მასთან დავიჭირო საქმე.
— საკუთარ თავს უნდა განეჯაჭვო იმისთვის, რომ შენი პირადი ძალა ღამის ძალას შეერწყას, — მითხრა მან ყურში.
შემდეგ თქვა, რომ ჩემ წინ წასვლას აპირებდა და ამ დროს კიდევ ერთხელ დამეტაკა არარაციონალური შიშის მორიგი შეტევა.
— ეს სიგიჟეა, — გავაპროტესტე მე.
დონ ხუანი არ გაბრაზებულა და მოთმინება არ დაუკარგავს. მან მშვიდად გაიცინა და ყურში მითხრა რაღაც ისეთი, რაც ბოლომდე ვერ გავარჩიე.
— რა მითხარი? — ვკითხე ხმამაღლა.
დონ ხუანმა პირზე ხელი მომადო და მიჩურჩულა, რომ მეომარი მოქმედებს ისე, თითქოს იცოდეს, რას აკეთებს, მაშინ, როცა სინამდვილეში მან არაფერი არ იცის. მან ერთი და იგივე განცხადება სამჯერ ან ოთხჯერ გაიმეორა, თითქოს უნდოდა, რომ დამემეხსოვრებინა იგი. მან მითხრა:
— მეომარი დაუმარცხებელია, თუკი იგი თავის პირად ძალას ენდობა მიუხედავად იმისა, პატარაა იგი თუ უზარმაზარი.
ცოტა ხანს დამაცადა და შემდეგ მკითხა, მოვედი თუ არა აზრზე. თავი დავუქნიე და იგი სწრაფად და სრულიად უხმაუროდ გაქრა ხედვის არიდან. ვეცადე, რომ გარშემო რამე გამერჩია. მეჩვენებოდა, რომ ხშირი მცენარეულობის გარემოცვაში ვიყავი. მხოლოდ ბუჩქების, ან შესაძლოა პატარა ხეების ბნელ მასას ვარჩევდი. ყურადღების კონცენტრირება ბგერებზე მოვახდინე, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული არ ისმოდა. ქარის ზუზუნი ყველა დანარჩენ ხმას ახშობდა გარდა სულელი ბუების ცალკეული გამჭოლი კივილისა და სხვა ჩიტების სტვენისა.
რაღაც პერიოდი უდიდესი ყურადღების მდგომარეობაში ვიდექი. და შემდეგ მოისმა პატარა ბუს ხრინწიანი და ხანგრძლივი კივილი. ეჭვიც არ მქონდა, რომ ეს დონ ხუანი იყო. ხმა ჩემს უკნიდან ისმოდა. შევბრუნდი და მისი მიმართულებით წავედი. ნელა ვმოძრაობდი, რადგანაც ღრმა სიბნელით ვიყავი მოცული.
ალბათ ათი წუთი ვიარე. უეცრად ჩემ წინ რაღაც ბნელი მასა გამოხტა. მე შევხტი და დუნდულებით დავეცი. ყურებში მიწუოდა. შიში იმხელა იყო, რომ სუნთქვა შემეკრა. პირის გაღება მომიხდა იმისთვის, რომ ჩამესუნთქა.
— ადექი, — თქვა რბილად დონ ხუანმა. — მე არ ვაპირებდი შენ შეშინებას. უბრალოდ შენ შესახვედრად წამოვედი.
მან თქვა, რომ მაკვირდებოდა, და როცა სიბნელეში ვმოძრაობდი, ბებერ, კოჭლ ლედის ვგავდი, რომელიც ბინძურ გუბეებში ცდილობს გავლას. ეს სურათი სასაცილოდ მოეჩვენა და ხმამაღლა გადაიხარხარა.
შემდეგ იგი შეუდგა სიბნელეში განსაკუთრებული სიარულის მეთოდის დემონსტრირებას. მეთოდის, რომელსაც „ძალის სირბილი“ უწოდა. ჩემ წინ დადგა და მაიძულა, რომ ხელები მის ზურგზე და მუხლებზე გამეტარებინა, რათა წარმოდგენა მქონოდა მისი სხეულის მდგომარეობაზე. დონ ხუანის კორპუსი ოდნავ წინ იყო გადახრილი, მაგრამ ზურგი გამართული ჰქონდა. მუხლებიც ოდნავ ჰქონდა მოხრილი.
მან ნელა გაიარა ჩემ წინ ისე, რომ დამეფიქსირებინა, რომ მუხლებს ყოველ ჯერზე თითქმის მკერდამდე სწევდა, შემდეგ კი მართლა გაქრა მხედველობის არიდან და კვლავ დაბრუნდა. არ მესმოდა, როგორ დარბოდა სრულ სიბნელეში.
— ძალის სირბილი იმისთვის არსებობს, რომ ღამე შეძლო სირბილი, — ჩამჩურჩულა ყურში.
მითხრა, რომ თავად მეცადა. ვუპასუხე, რომ არ ვიყავი დარწმუნებული, რომ სადმე არ ჩავვარდებოდი, ან კლდეს არ დავეტაკებოდი და ფეხებს არ დავიმტვრევდი. დონ ხუანმა სრულიად მშვიდად მითხრა, რომ „ძალის სირბილი“ სრულიად უსაფრთხოა.
მივანიშნე, რომ ერთადერთი, რის გამოც მესმოდა მისი ქცევა, ეს იყო ვარაუდი, რომ იგი ამ გორებს სრულყოფილად იცნობდა და ამიტომ შეუძლია უსაფრთხოდ სირბილი.
დონ ხუანმა ხელებით დამიჭირა თავი და ძლიერად მიჩურჩულა:
— ეს ღამეა! და ეს ძალაა!
შემდეგ ხელები გაუშვა ჩემს თავს და რბილი ხმით დაამატა, რომ ღამით სამყარო სრულიად სხვაგვარია და სიბნელეში სირბილის მის უნარს არაფერი აქვს საერთო ამ გორებთან ნაცნობობასთან. მისი თქმით, ამის გასაღები იმაში იყო, რომ შენი საკუთარი პირადი ძალა თავისუფლად გამოედინება და ღამის ძალას ერწყმის, და მაშინვე, როგორც კი ეს ძალა იმარჯვებს, უკვე აღარანაირი შანსი არ რჩება უკან დახევისთვის. მან განსაკუთრებული სერიოზულობის ტონით დაამატა, რომ თუკი ეჭვი მეპარებოდა ამაში, მაშინ წამით უნდა წარმომედგინა მომხდარი. მისი ასაკის ადამიანისთვის ამ მთებში ამ დროს სიარული თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა, ღამის ძალას რომ არ ეტარებინა იგი.
— უყურე, — თქვა მან, სწრაფად გაიქცა სიბნელეში და შემდეგ უკან დაბრუნდა.
მისი სხეულის მოძრაობა ისეთი უჩვეულო იყო, რომ ვერ ვიჯერებდი თვალით დანახულს. თითქოს ერთ ადგილს ტკეპნიდა. მანერა, რომლითაც ფეხებს ზემოთ სწევდა, მაგონებდა სპრინტერს, რომელიც წინასწარ გამახურებელ ვარჯიშს აკეთებდა.
შემდეგ მიბრძანა, რომ გავყოლოდი. ეს ძალიან ძნელად და შებოჭილად გავაკეთე. უკიდურესი მონდომებით ვცდილობდი დამენახა, სად ვაბიჯებდი, მაგრამ მანძილის განსაზღვრა შეუძლებელი იყო. დონ ხუანი დაბრუნდა და ჩემ გვერდით დაიწყო სირბილი. მიჩურჩულა, რომ უნდა განვჯაჭვულიყავი საკუთარი თავისგან და თავი მიმეცა ღამის ძალისთვის, და მივნდობილიყავი იმ მცირე პირად ძალას, რომელიც გამაჩნდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერასოდეს შევძლებდი თავისუფლად მოძრაობას. რომ სიბნელე მხოლოდ იმიტომ მბოჭავდა, რომ ჩემს მხედველობას ვეყრდნობოდი ყველაფერში, რასაც ვაკეთებდი, და არ ვიცოდი, რომ სხვა მეთოდით გადაადგილების საშუალება — ეს იყო მიმეცა უფლება ძალისთვის, რომ წავეყვანე.
რამდენჯერმე ვცადე ყოველგვარი წარმატების გარეშე. უბრალოდ არ შემეძლო საკუთარი თავისგან განჯაჭვა. ფეხების დაზიანების შიში დაუმარცხებელი იყო. დონ ხუანმა მიბრძანა, რომ ერთ ადგილზე მემოძრავა და მეცადა შემეგრძნო, თითქოს მართლა ვიყენებდი „ძალის სირბილს“. შემდეგ თქვა, რომ ჩემ წინ აპირებდა გაქცევას და მის ბუსმაგვარ კივილს უნდა დავლოდებოდი. სიბნელეს მანამდე შეერწყა, სანამ რაიმეს თქმას მოვასწრებდი. დროდადრო თვალებს ვხუჭავდი და ერთი და იმავე ადგილას დავრბოდი მოხრილი კორპუსითა და მუხლებით თითქმის მთელი ერთი საათის განმავლობაში. ნელ-ნელა ჩემმა დაძაბულობამ შესუსტება დაიწყო, სანამ ბოლოს და ბოლოს თავი საკმაოდ კომფორტულად არ ვიგრძენი. ამ დროს დონ ხუანის ყვირილი მომესმა.
ათი-თორმეტი მეტრი გავირბინე იმ მიმართულებით, საიდანაც ყვირილი მოდიოდა, და ვცდილობდი „განვჯაჭვულიყავი საკუთარი თავისგან“, როგორც ეს დონ ხუანმა მითხრა. მაგრამ იმან, რომ ბუჩქს დავეჯახე, დაუყოვნებლივ დააბრუნა ჩემი სიფრთხილის გრძნობა.
დონ ხუანი მელოდა და როცა მივედი პოზა გამისწორა. დაიჟინა, რომ პირველ რიგში თითები მიმებჯინა ხელისგულებისთვის ისე, რომ დიდი და საჩვენებელი თითები გამომეშვირა ორივე ხელზე. შემდეგ მითხრა, რომ მისი აზრით, მე უბრალოდ ვინდულგირებდი ჩემი შეუგუებლობის გრძნობით, რადგანაც ვიცოდი ის ფაქტი, რომ ყოველთვის შემეძლო კარგად ვხედავდე მიუხედავად ღამის სიბნელისა, თუ არაფერზე არ შევაჩერებდი მზერას, არამედ მოვახდენდი ჩემ წინ მიწის სკანირებას. „ძალის სირბილი“ მაშინდელ დასასვენებელი ადგილის ძიებას ჰგავდა. ერთიც და მეორეც განჯაჭვულობას და რწმენას მოითხოვდა. „ძალის სირბილი“ მოითხოვდა, რომ თვალები მიმართული ყოფილიყო ჩემ წინ არსებულ მიწაზე, რადგანაც გვერდზე წამიერი გახედვაც კი მოძრაობის ნაკადის ცვლილებას იძლევა. მან ამიხსნა, რომ კორპუსის წინ დახრა საჭირო იყო იმისთვის, რომ თვალები დამეხარა, ხოლო მუხლების აწევა მკერდამდე – იმისთვის, რომ ნაბიჯები ძალზე მოკლე და უსაფრთხო ყოფილიყო. მან გამაფრთხილა, რომ თავიდან ხშირად წავბორძიკდებოდი, მაგრამ დამარწმუნა, რომ პრაქტიკასთან ერთად ისევე სწრაფად და უსაფრთხოდ ვირბენდი, როგორც დღისით.
რამდენიმე საათის განმავლობაში ვცდილობდი მისი მოძრაობის მიბაძვას და იმ განწყობაში შესვლას, რომელიც მირჩია. თვითონ მოთმინებით დარბოდა ერთ ადგილზე ჩემ წინ, ხან გაიქცეოდა მცირე მანძილზე, ხან დაბრუნდებოდა ისე, რომ დამენახა, როგორ მოძრაობდა. ზოგჯერ ხელსაც მკრავდა ხოლმე და რამდენიმე მეტრის გარბენას მაიძულებდა. შემდეგ გაიქცა და ბუს კივილის სერიით მომიხმო, რაღაც აუხსნელი მიზეზის გამო მოულოდნელი თავდაჯერებულობით ვმოძრაობდი. რამდენადაც ვიცოდი, არაფერი გამიკეთებია იმისთვის, რომ ეს გრძნობა გამეღვიძებინა ჩემში. მაგრამ თითქოს ჩემმა სხეულმა იცოდა სხვადასხვა რაღაცეები ისე, რომ არ ფიქრობდა მათზე. მაგალითად, სინამდვილეში არ შემეძლო ნაპრალების დანახვა ჩემს გზაზე, მაგრამ ჩემი სხეული ყოველთვის ახერხებდა, რომ ყოველთვის კიდეებზე დაებიჯებინა და არასოდეს ღრმულებში. გარდა რამდენიმე წარუმატებელი გამონაკლისისა, როცა წონასწორობას ვკარგავდი დაბნეულობის გამო. კონცენტრაცია ჩემ წინ არსებული მიწის სკანირებისთვის სრულყოფილი უნდა ყოფილიყო. როგორც დონ ხუანმა გამაფრთხილა, ოდნავ გვერდზე ან ზედმეტად შორს გახედვა სირბილის ცვლილებას იწვევდა.
ხანგრძლივი ძიების შემდეგ დონ ხუანს მივაგენი. იგი რაღაც ბნელ მოხაზულობებთან ახლოს იჯდა. როცა მივუახლოვდი, მითხრა, რომ კარგი შედეგები მქონდა, მაგრამ უკვე დასრულების დრო იყო, რადგან დარწმუნებულია, რომ საკმაოდ დიდი ხანი იყენებდა თავის სტვენას და შესაძლოა უკვე სხვებსაც მიებაძათ მისთვის.
მე დავეთანხმე, რომ გაჩერების დრო იყო. გატანჯული ვიყავი ჩემი მცდელობებისგან. ვიგრძენი რა შვება, ვკითხე, ვის შეეძლო მიებაძა მისი კივილისთვის.
— ძალები, მოკავშირეები,სულები, ვინ იცის, — თქვა მან ჩურჩულით.
ამიხსნა, რომ „ღამის არსებები“, როგორც წესი, ძალიან მელოდიურ ხმებს გამოსცემენ, მაგრამ არამომგებიან მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, გამოსცემდნენ რა ხრინწიანი ხმით ადამიანის ყვირილის ან ჩიტის სტვენის ხმას. მან გამაფრთხილა, რომ ყოველთვის გავჩერებულიყავი, თუ ასეთ ხმას გავიგებდი და დამემახსოვრებინა ყველაფერი, რაც მითხრა, რადგანაც ოდესმე სხვა დროს შესაძლოა ზუსტად განსაზღვრა დამჭირვებოდა. გამამხნევებელი ტონით დაამატა, რომ უკვე კარგი წარმოდგენა მაქვს „ძალის სირბილზე“ და იმისთვის, რომ სრულყოფილად ამეთვისებინა იგი, მხოლოდ მცირე ბიძგი მჭირდება, რომელსაც სხვა დროს მივიღებ, როცა კვლავ ვიმოგზაურებთ ღამით. მხარზე ხელი დამიტყაპუნა და განაცხადა, რომ ჩემ დატოვებას აპირებდა.
— მოდი, მოვშორდეთ აქაურობას, — თქვა მან და გაიქცა.
— მოიცადე, მოიცადე, — დავიყვირე შეშინებულმა, — მოდი ნაბიჯით წავიდეთ.
დონ ხუანი შეჩერდა და ქუდი მოიხადა.
— ეშმაკმა დალახვროს, — თქვა მან გაკვირვებული ტონით, — მე და შენ რთულ მდგომარეობაში ვართ. შენ იცი, რომ მე არ შემიძლია სიბნელეში სიარული. მე მხოლოდ სირბილი შემიძლია. ფეხებს დავიმტვრევ, ნაბიჯით თუ ვივლი.
ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ იღიმებოდა, როცა ამას ამბობდა, თუმცა არ შემეძლო მისი სახის დანახვა. შემდეგ დაამატა, რომ ძალიან მოხუცი იყო იმისთვის, რომ ნაბიჯით ევლო, და ის ცოტა „ძალის სირბილში“, რაც ამ ღამით ვისწავლე, უნდა გაიწელოს, თუკი ამის შესაძებლობა არსებობს.
— თუ „ძალის სირბილს“ არ გამოვიყენებთ, ბალახივით გაგვთელავენ, — ყურში ჩამჩურჩულა დონ ხუანმა.
— ვინ?
— ღამეში არის რაღაცეები, რაც ადამიანებზე მოქმედებს, — მიჩურჩულა მან ისეთი ტონით, რომ მთელ სხეულში ჟრჟოლამ დამიარა.
მან მითხრა, რომ მნიშვნელოვანი არაა, დავეწევი თუ არა, რადგანაც განმეორებად სიგნალებს მომცემდა, ერთ ჯერზე ოთხ ბუს კივილს, რომ შემძლებოდა უკან გავყოლოდი.
შევთავაზე, რომ განთიადამდე დავრჩენილიყავით ამ გორებში, და შემდეგ დაგვეტოვებინა ისინი. ძალიან დრამატული ტონითაღნიშნა, რომ აქ დარჩენა თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა. და მაშინაც კი, თუ ცოცხლები გავაღწევდით, ღამე პირად ძალას იმ დონემდე გამოგვწოვდა, რომ დღის პირველივე საფრთხის მსხვერპლნი გავხდებოდით.
— მოდი, აღარ დავკარგოთ დრო, — თქვა ხმაში აჩქარებით. — მოვშორდეთ აქაურობას.
მან კვლავ დამარწმუნა, რომ რაც შეიძლება ნელა იმოძრავებდა. მისი ბოლო დარიგება იყო, რომ არ უნდა მეცადა რაიმე ბგერის გამოცემა, ამოოხვრაც კი, რაც არ უნდა მომხდარიყო. ძირითადი მიმართულება მაჩვენა, რომლითაც ვაპირებდით სიარულს, და შესამჩნევად ნელი ნაბიჯით გაიქცა. უკან გავყევი, მაგრამ როგორ ნელაც არ უნდა ემოძრავა, ვერ ვეწეოდი, და მალე თვალთახედვის არიდან გაქრა.
მარტოდ დარჩენილმა გავაცნობიერე, რომ უკვე შევეჩვიე საკმაოდ სწრაფად მოძრაობას, ისე, რომ ვერც კი შევამჩნიე ეს, და ამან შემძრა. ვცდილობდი შემენარჩუნებინა ასეთი ნაბიჯი იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც შემეძლო და შემდეგ დონ ხუანის ძახილი გავიგე ჩემგან ოდნავ მარჯვნივ. ოთხჯერ ზედიზედ დაუსტვინა.
ძალიან მოკლე შუალედის შემდეგ კვლავ მომესმა მისი კივილი, ამჯერად უფრო მარჯვნივ. იმისთვის, რომ გავყოლოდი, 45 გრადუსით უნდა შევტრიალებულიყავი. ახალი მიმართულებით დავიწყე მოძრაობა და ველოდი, რომ დარჩენილი სამი კივილი სიგნალიდან უფრო კარგი ორიენტაციის საშუალებას მომცემდა.
ახალი სტვენა გავიგე, რომელმაც დონ ხუანზე თითქმის იმ მიმართულებით მიმანიშნა, საიდანაც დავიძარით. შევჩერდი და ყური დავუგდე. მცირე მანძილზე მომესმა ძალიან მკვეთრი ხმა, რაღაც იმდაგვარი, თითქოს ორი კლდე ერთმანეთს დაეჯახაო. დაძაბული ვუსმენდი და დავაფიქსირე რბილი ბგერების სერია, თითქოს ორი კლდე ოდნავ უკაკუნებდა ერთმანეთს. ბუს კიდევ ერთი კივილი გაისმა, და მაშინ მივხვდი, თუ რას გულისხმობდა დონ ხუანი. იყო რაღაც მართლაც მელოდიური ამ კივილში. იგი გაცილებით უფრო გრძელი იყო და უფრო მჟღერიც, ვიდრე ნამდვილი ბუს კივილი.
შიშის უცნაური გრძნობა დამეუფლა. მუცელი შემეკუმშა, თითქოს რაღაც ქვემოთკენ მაწვებოდა ჩემი სხეულის შუა ნაწილიდან. შემოვბრუნდი და ნახევრად სირბილით გავემართე საწინააღმდეგო მიმართულებით.
მოშორებით ბუს სუსტი კივილი შემომესმა. მას მალევე მოჰყვა კიდევ სამი კივილი. ეს დონ ხუანი იყო. მისი მიმართულებით გავიქეცი. ვიგრძენი, რომ ალბათ უკვე მეოთხედი მილით იყო ჩემგან დაშორებული, და თუ ასევე გააგრძელებდა სირბილს, უეჭველად მარტო დავრჩებოდი ამ გორებში. არ მესმოდა, რატომ დასჭირდა დონ ხუანს წინ გაქცევა, თუკი შეეძლო ჩემ გარშემო ერბინა, რაკი ამ სიჩქარის შენარჩუნება სჭირდებოდა.
ამ დროს შევამჩნიე, რომ ჩემგან მარცხნივ რაღაც მოძრაობდა. თითქმის შემეძლო მისი დანახვა, ჩემი მხედველობის ველის უკიდურესი პერიფერიით. უკვე პანიკაში ჩავარდნას ვაპირებდი, მაგრამ გონებაში გამომაფხიზლებელი აზრი მომივიდა. სიბნელეში ნამდვილად ვერ დავინახავდი ვერაფერს. მინდოდა გამეხედა იმ მიმართულებით, მაგრამ ჩემი ინერციის დაკარგვის შემეშინდა.
ბუს კიდევ ერთმა კივილმა ფიქრებიდან გამომიყვანა. იგი მარცხნიდან მოდიოდა. გავყევი მას, რადგანაც იგი უეჭველად ყველაზე მელოდიური და ნაზი კივილი იყო, რომელიც კი ოდესმე მომისმენია. თუმცაღა მას არ შევუშინებივარ. იყო რაღაც ძალიან მიმზიდველი და სევდიანიც კი მასში.
შემდეგ ძალიან სწრაფად ბნელმა მასამ გადაკვეთა ჩემი გზა მარცხნიდან მარჯვნივ. მისი მოძრაობის მოულოდნელობამ მაიძულა, რომ წინ გამეხედა, და დავკარგე რა წონასწორობა, ხმაურით ჩავვარდი ბუჩქებში. გვერდზე დავეცი და მელოდიური კივილი მარცხენა მხარეს, რამდენიმე ნაბიჯში შემომესმა. წამოვდექი, მაგრამ სანამ წინ მოძრაობას დავიწყებდი, სხვა კივილი მოისმა, უფრო მომთხოვნი და შემპყრობელი, ვიდრე პირველი. თითქოს რაღაცას უნდოდა, ავმდგარიყავი და მესმინა. ბუს კივილი ისეთი ხანგრძლივი და ნაზი იყო, რომ მან ჩემი შიშები შეასუსტა. მართლა გავჩერდებოდი, ზუსტად იმ მომენტში დონ ხუანის ოთხი ხრინწიანი კივილი რომ არ გამეგო. წამოვხტი და ამ მიმართულებით გავეშურე.
ორიოდე წამის შემდეგ კვლავ შევამჩნიე რაღაც გაკრთომა თუ ტალღა მარცხნივ სიბნელეში. იმის თქმაც კი არ შეიძლებოდა, რომ ეს ჩვენება იყო, უფრო გრძნობა, თუმცა თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ თვალებით აღვიქვამდი მას. ჩემზე სწრაფად მოძრაობდა და კვლავ გადაკვეთა ჩემი გზა მარცხნიდან მარჯვნივ, და ამით მაიძულა წონასწორობა დამეკარგა. ამჯერად არ დავეცი, და რაც არ უნდა უცნაური იყოს, იმან, რომ არ დავეცი, ჩემში გაღიზიანების ტალღა გამოიწვია. უეცრად გავბრაზდი, და ჩემი გრძნობების შეუსაბამობამ ნამდვილ პანიკაში ჩამაგდო. ვეცადე ამეჩქარებინა ნაბიჯი. მინდოდა თავად მეკივლა ბუსავით, რომ დონ ხუანისთვის მიმენიშნებინა, სად ვიმყოფებოდი, მაგრამ ვერ გავბედე მისი ინსტრუქციის დარღვევა.
ამ დროს რაღაც საშინელმა მიიპყრო ჩემი ყურადღება. ჩემგან მარცხნივ მართლაც იყო რაღაც ცხოველისმაგვარი და იგი თითქმის მეხებოდა. უნებურად მარჯვნისკენ გადავხტი. შიშმა სუნთქვა შემიჩერა. იმდენად ვიყავი შეპყრობილი შიშით, რომ თავში არანაირი აზრი არ მქონდა, როცა სიბნელეში მთელი მონდომებით გავრბოდი. ჩემი შიში თითქოს სხეულებრივი შეგრძნება იყო, რომელსაც არაფერი ჰქონდა საერთო აზრებთან. ასეთი მდგომარეობა ძალზე უჩვეულოდ მომეჩვენა. ცხოვრების მანძილზე ჩემი შიშები ყოველთვის გონებრივ მატრიცას აწვებოდა და ღრმავდებოდა საზოგადოებრივი სიტუაციებით ან ადამიანების მიერ, რომლებიც განსაზღვრული სახით იქცეოდნენ ჩემ მიმართ. თუმცაღა, ამჯერად ჩემი შიში მართლაც სიახლე იყო. იგი სამყაროს უცნობი ნაწილისგან მოდიოდა და ჩემსავე უცნობ ნაწილს დაარტყა.
ბუს კივილი ძალიან ახლოს, მარცხნივ მომესმა. ვერ ვიჭერდი მის დეტალებს, მაგრამ მომეჩვენა, რომ ეს დონ ხუანის კივილი იყო, ამიტომ უფრო ავჩქარდი. მესამე კივილი ძალიან ახლოდან მოისმა, ვარჩევდი ქვების, ან შესაძლოა ხეების ბნელ მასას. ბუს კიდევ ერთი კივილი მომესმა და ვიფიქრე, რომ ალბათ დონ ხუანი მელოდებოდა, რადგანაც საფრთხის მიღმა ვიმყოფებოდით. ბნელი მონაკვეთის თითქმის კიდეზე ვიდექი, როცა მეხუთე კივილმა ადგილზე გაშეშება მაიძულა. ვეცადე სიბნელეს დავკვირვებოდი, მაგრამ უეცარმა შრიალისმაგვარმა ხმამ ჩემგან მარცხნივ მაიძულა, რომ დამენახა შავი საგანი, უფრო შავი, ვიდრე სხვა ყველაფერი ირგვლივ, რომელიც თითქოს მიგორავდა, ან მისრიალებდა ჩემ გვერდზე. მე გადავხტი. ტკაცუნისმაგვარი ხმა გავიგე, შემდეგ კი ძალიან დიდი შავი მასა გამოიკვეთა ბნელი ადგილიდან. იგი კვადრატული იყო, კარის მსგავსი, დაახლოებით სამი მეტრის სიმაღლის.
მისი გამოჩენის მოულოდნელობისგან წამით ჩემი შიში ყოველგვარ მასშტაბს გასცდა, მაგრამ კიდევ ერთი წამის შემდეგ საშიშად მშვიდი ვიყავი და ბნელ მასას ვუცქერდი.
ჩემი რეაქცია კიდევ ერთი სიახლე იყო. ჩემი რაღაც ნაწილი მიბიძგებდა ამ ადგილისკენ უგუნური დაჟინებით იმ დროს, როცა ჩემი სხვა ნაწილი ეწინააღმდეგებოდა ამას. ერთი მხრივ, მინდოდა ყველაფერში ზუსტად დავრწმუნებულიყავი, მეორე მხრივ კი, მინდოდა ისტერიულად გავქცეულიყავი იქიდან. ძლივს გავიგე დონ ხუანის ბუს კივილები. ისინი თითქოს შორიახლოდან ისმოდნენ, და თითქოს შეშინებულნი ჩანდნენ. ისინი უფრო ხანგრძლივი და უფრო ხრინწიანი იყო, თითქოს ჩემი მიმართულებით სირბილისას გამოსცემდაო.
უეცრად საკუთარ თავზე კონტროლი მოვიპოვე, შემობრუნება შევძელი და რაღაც პერიოდი ზუსტად ისე გავრბოდი, როგორც ეს დონ ხუანს უნდოდა ჩემგან.
— დონ ხუან, — დავიყვირე მე, როცა ვიპოვე იგი.
მან ხელი პირზე მომაფარა და მანიშნა, რომ გავყოლოდი. ერთად გავრბოდით კომფორტული ნაბიჯებით იქამდე, სანამ ქვიშაქვის ფილას არ მივადექით, სადაც ადრე უკვე ვიყავით.
აბსოლუტურ მდუმარებაში ფილაზე ჩამოვჯექით და თითქმის ერთი საათი ვიჯექით მზის ამოსვლამდე. შემდეგ საჭმელი ვჭამეთ. დონ ხუანმა თქვა, რომ ამ ქვაზე დაახლოებით შუადღემდე უნდა დავრჩენილიყავით და საერთოდ არ უნდა დაგვეძინა, არამედ გველაპარაკა ისე, თითქოს არაფერი უცნაური არ მომხდარა.
მან მთხოვა დეტალურად გადმომეცა ყველაფერი, რაც შემემთხვა იმ მომენტიდან, რაც დამტოვა. როცა თხრობას მოვრჩი, რაღაც პერიოდი ჩუმად იყო. მომეჩვენა, რომ ძალიან ღრმად ჩაფიქრდა.
— ეს არც ისე კარგი ჩანს, — თქვა მან ბოლოს და ბოლოს. — ის, რაც ამ ღამით შეგემთხვა, ძალიან სერიოზული იყო. ისეთი სერიოზული, რომ უკვე აღარ შეგიძლია ღამით მარტო ხეტიალი. დღეიდან ღამის არსებები აღარ მოგასვენებენ.
— რა შემემთხვა ამ ღამით, დონ ხუან?
შენ შეეჩეხე არსებებს, რომლებიც ადამიანებივით მოქმედებენ. მათზე არაფერი იცი, იმიტომ, რომ არასოდეს შეხვედრილხარ. ვფიქრობ, ყველაზე სწორი იქნება, რომ მათ მთების არსებები დავარქვათ. სინამდვილეში, ისინი არ ეკუთვნიან ღამეს. მე მათ ღამის არსებებს ვუწოდებ იმიტომ, რომ მათი აღქმა სიბნელეში უფრო ადვილია. ისინი აქ, მუდამ ჩვენ გარშემო არიან. მაგრამ დღისით მათი აღქმა ძნელია, უბრალოდ იმიტომ, რომ სამყარო ნაცნობია ჩვენთვის. ხოლო იმას, რაც ნაცნობია, პრეცედენტები გააჩნია. სიბნელეში პირიქით, ყველაფერი ერთნაირად უცნობია და ძალიან ცოტა რამეს გააჩნია პრეცედენტი. ამიტომაც ღამით უფრო მგრძნობიარენი ვართ ამ არსებების მიმართ.
— მაგრამ ისინი რეალურები არიან, დონ ხუან?
— რა თქმა უნდა! იმდენად რეალურნი, რომ როგორც წესი კლავენ ხოლმე ადამიანებს, განსაკუთრებით მათ, ვინც ველურ ადგილებში დაიკარგა და პირადი ძალა არ გააჩნია.
— თუკი იცოდი, რომ ასე საშიშები იყვნენ, რატომ მიმატოვე მარტო?
— არსებობს სწავლის მხოლოდ ერთი მეთოდი. და ეს მეთოდია თავად შეხვიდე საქმეში. ძალაზე მხოლოდ ლაპარაკს აზრი არ აქვს, თუ გინდა გაიგო, რა არის ძალა, და თუ გინდა, რომ დააგროვო იგი, თავად უნდა შეიგრძნო ყველაფერი.
ცოდნის გზა ძალიან რთული და გრძელია. ალბათ შეამჩნიე, რომ აქამდე არ მიმიტოვებიხარ მარტო, უკანასკნელ ღამემდე. ამისთვის არასაკმარისი ძალა გაქვს. ახლა უკვე საკმარისად გაქვს იგი, რომ კარგი ორთაბრძოლა დაიმსახურო, მაგრამ არასაკმარისი იმისთვის, რომ მარტო დარჩე სიბნელეში.
— რა მოხდება, თუკი დავრჩები?
— მოკვდები. ღამის არსებები ხოჭოსავით გაგსრესენ.
— ნიშნავს თუ არა ეს, რომ მარტო ვერ გავატარებ ღამეს?
— შენ შეგიძლია მარტო იყო შენს საწოლში, მაგრამ არა მთებში.
— და რაც შეეხება დაბლობებს?
— ეს მხოლოდ ველურ ადგილებს ეხება, სადაც ახლომახლო ადამიანები არ არიან. განსაკუთრებით ველურ ადგილებს მაღალ მთებში. რადგანაც ღამის არსებები კლდეებში და ნაპრალებში ბინადრობენ, დღეიდან აღარ შეგიძლია მთებში სიარული, თუ საკმარის ძალას არ დააგროვებ.
— კი, მაგრამ როგორ უნდა დავაგროვო პირადი ძალა?
— ისე უნდა იცხოვრო, როგორც გირჩიე. ნელ-ნელა ყველა შენი სადინარი უნდა ამოქოლო. ამაზე ფიქრი არ გჭირდება, იმიტომ, რომ ძალა ყოველთვის პოულობს გზას. აი, მაგალითად მე. არ ვიცოდი, რომ ძალას ვაგროვებდი, როცა პირველად ვისწავლე მეომრის წესით ცხოვრება. ისევე როგორც შენ, მეც ვფიქრობდი, რომ არაფერს განსაკუთრებულს არ ვაკეთებდი. მაგრამ ეს ასე არ იყო. ძალის განსაკუთრებულობა ისაა, რომ იგი შეუმჩნეველია, როცა მას აგროვებ.
ვთხოვე აეხსნა, როგორ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ჩემთვის სიბნელეში მარტოდ დარჩენა სახიფათო იყო.
— ღამის არსებები შენგან მარცხნივ მოძრაობდნენ. ისინი ცდილობდნენ შენს სიკვდილს შერწყმოდნენ. განსაკუთრებით ის კარი, რომელიც დაინახე. ეს ხვრელი იყო, იცი? და იგი შეგიწოვდა, სანამ იძულებული არ იქნებოდი, რომ მასში შესულიყავი, და ეს შენი აღსასრული იქნებოდა.
შეძლებისდაგვარად ფრთხილად შევნიშნე, რომ ძალიან უცნაურად მეჩვენებოდა ის ფაქტი, რომ ყველაფერი მაშინ მემართება, როცა იგი სადღაც შორიახლოსაა, და ეს ყველაფერი იმას ჰგავს, თითქოს მან თავად შექმნა და მოაწყო ასე მოვლენები. იმ შემთხვევაში, როცა ღამით ვიყავი მარტო ველურ ბუნებაში, ყველაფერი ყოველთვის ნორმალური და ჩვეულებრივი იყო. არასოდეს მქონია არც აჩრდილებთან შეხვედრა და არც უცნაური ბგერები გამიგია. და მართლაც, არასოდეს არაფერი არ მაშინებდა.
დონ ხუანმა რბილად გაიცინა. მისი სიტყვებით, ეს ყველაფერი იმის დასტური იყო, რომ მას საკმარისი პირადი ძალა აქვს იმისთვის, რომ დამხმარედ მილიარდი სხვადასხვა რამ გამოიძახოს.
უცებ გამიელვა აზრმა იმის შესახებ, რომ მან მართლა მოიწვია დამხმარედ რამდენიმე ადამიანი. როგორც ჩანს, მან ჩემი აზრები წაიკითხა და ხმამაღლა გადაიხარხარა.
— ნუ დაიმძიმებ თავს ახსნებით, — თქვა მან. — რაც გითხარი, იმას აზრი არა აქვს შენთვის უბრალოდ იმიტომ, რომ ჯერ არასაკმარისი პირადი ძალა გაქვს. თუმცაღა ახლა იგი მეტი გაქვს, ვიდრე მაშინ, როცა იწყებდი. ამიტომაც შეგემთხვა სხვადასხვა მოვლენები. უკვე გქონდა მძლავრი შეხვედრა ბურუსთან და ჭექა-ქუხილთან. მნიშვნელობა არ აქვს, რომ ვერ გაიგე მაშინ რაც მოხდა. მთავარი ისაა, რომ ხსოვნა მოიპოვე ამის შესახებ. ხიდი და ყველაფერი დანარჩენი, რაც იმ ღამით ნახე, განმეორდება ოდესმე, როცა საკმარისი პირადი ძალა გექნება.
— რა მიზნით განმეორდება ეს ყველაფერი, დონ ხუან?
— არ ვიცი. მე შენ არ ვარ. მხოლოდ შენ შეგიძლია უპასუხო ამას. ჩვენ ყველანი განვსხვავდებით. აი, რატომ უნდა დამეტოვებინე ღამით მარტო, თუმცა ვიცოდი, რომ ეს სასიკვდილოდ საშიში იყო. თავად უნდა გამოგეცადა საკუთარი თავი ამ არსებების წინააღმდეგ. მიზეზი, რის გამოც ბუს კივილი შევარჩიე, იმაში მდგომარეობდა, რომ ბუები ამ არსებების მაცნეები არიან, ბუს ხმის იმიტაციით ეს არსებები გარეთ გამოგყავს. ისინი სახიფათონი გახდნენ შენთვის არა იმიტომ, რომ თავისი ბუნებით ბოროტნი არიან, არამედ იმიტომ, რომ შენ არ იყავი დაუმარცხებელი. არის შენში რაღაც იაფფასიანი. არ ვიცი რა არის ეს. უბრალოდ გეცინება ჩემზე. ყოველთვის ყველაფერზე გეცინებოდა, რაც ავტომატურად ყველაზე და ყველაფერზე მაღლა გაყენებდა. მაგრამ თავადაც იცი, რომ ეს ასე ვერ იქნება. შენ მხოლოდ და მხოლოდ ადამიანი ხარ, და შენი ცხოვრება მეტისმეტად მოკლეა იმისთვის, რომ ამ ჯადოსნური სამყაროს ყველა საოცრება და ყველა საშინელება მოიცვა. ამიტომ შენი დაცინვა — იაფფასიანია. იგი პაწაწინა ზომებამდე გამცირებს.
მინდოდა შევწინააღმდეგებოდი. დონ ხუანმა გამომიჭირა, როგორც ეს უამრავჯერ გაუკეთებია მანამდე. რაღაც მომენტში გავბრაზდი. მაგრამ ისევე, როგორც ადრე, წერამ ისე გამიტაცა, რომ შევძელი არ ავყოლოდი ემოციებს.
— მე ვფიქრობდი, რომ ამის საწინააღმდეგო წამალი მაქვს, — განაგრძო დონ ხუანმა ხანგრძლივი შესვენების შემდეგ. — შენც კი შეგიძლია დამეთანხმო, თუკი გაიხსენებ, რას აკეთებდი გასულ ღამეს. შენ ისევე სწრაფად გაიქეცი, როგორც ნებისმიერი სხვა მაგი, მხოლოდ მას შემდეგ, რაც შენი მოწინააღმდეგე აუტანელი გახდა. ჩვენ ორივემ ვიცით ეს, და ვფიქრობ, უკვე ვიპოვე შენთვის ღირსეული მოწინააღმდეგე.
— რას აპირებ, დონ ხუან?
— მან არ მიპასუხა. წამოდგა და მთელი სხეულით გაიზმორა. თითქოს ყოველი კუნთით იწელებოდა. მეც იგივეს გაკეთება მიბრძანა.
— დღის განმავლობაში ბევრჯერ უნდა გაჭიმო შენი სხეული, — თქვა მან. რაც მეტჯერ, მით უკეთესი. მაგრამ მხოლოდ მუშაობის ან დასვენების ხანგრძლივი პერიოდების შემდეგ.
— რომელი მოწინააღმდეგის პოვნას აპირებ ჩემთვის? — ვკითხე მე.
— საუბედუროდ, მხოლოდ ჩვენ გარშემო მყოფი ადამიანები წარმოადგენენ ღირებულ მოწინააღმდეგეებს. ყველა დანარჩენ არსებას არ გააჩნია საკუთარი სურვილი და საჭიროა, შეხვდე მათ და გამოიტყუო. ჩვენ გარშემო მყოფ ადამიანებს პირიქით, ბოროტი მეხსიერება აქვთ.
— ჩვენ საკმაოდ დიდხანს ვისაუბრეთ, — თქვა დონ ხუანმა მკვეთრი ტონით და ჩემკენ შემობრუნდა. — სანამ წავალთ, კიდევ ერთი რამ უნდა გააკეთო, ყველაზე მთავარი. ვაპირებ, რომ პირდაპირ ახლა გითხრა რაღაც და დავამშვიდო შენი გონება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ იმყოფები აქ. მიზეზი, რის გამოც აგრძელებ ჩემთან შეხვედრებს, ძალიან მარტივია. ყოველ ჯერზე, როცა მხედავ, შენი სხეული გარკვეულ რაღაცეებს სწავლობს შენი სურვილის საწინააღმდეგოდაც კი. და ახლა, როგორც იქნა, შენი სხეული უკვე საჭიროებს იმას, რომ დაბრუნდეს ხოლმე ჩემთან და სწავლა განაგრძოს. ასე ვთქვათ, შენმა სხეულმა იცის, რომ მოკვდება, მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს ფიქრობ ამაზე. ამიტომ შენს სხეულს ვუყვებოდი, რომ მეც მოვკვდები. მაგრამ სანამ მოვკვდები, მინდა ვაჩვენო მას ისეთი რაღაცეები, რასაც შენ ვერ მისცემ შენს სხეულს. მაგალითად, შენს სხეულს სჭირდება შიში, მას უყვარს იგი. შენს სხეულს სჭირდება სიბნელე და ქარი. შენმა სხეულმა უკვე იცის ძალის სირბილი და მოუთმენლად ელოდება შესაძლებლობას, რომ გამოიყენოს იგი. შენს სხეულს სჭირდება პირადი ძალა და მოუთმენლად ელის იმ დროს, როცა იგი ექნება. ამიტომ ასე ვთქვათ, რომ შენი სხეული ბრუნდება ხოლმე ჩემთან შესახვედრად, რადგანაც მე მისი მეგობარი ვარ.
დონ ხუანი დიდი ხნის განმავლობაში ჩუმად იყო. თითქოს თავის ფიქრებს ებრძვისო.
— უკვე გეუბნებოდი, რომ ძლიერი სხეულის საიდუმლო იმაში კი არაა, თუ რას აკეთებ მისთვის, არამედ იმაში, თუ რას არ აკეთებ, — თქვა მან. — ახლა შენთვის უკვე დადგა დრო, რომ არ აკეთო ის, რასაც ყოველთვის აკეთებ ხოლმე. დაჯექი აქ, სანამ არ წავალთ და არ აკეთო.
— ვერ გავიგე, დონ ხუან.
მან ხელი მოჰკიდა ჩემს ჩანაწერებს და მომაცილა. ფრთხილად დაალაგა ბლოკნოტის გვერდები, რეზინის ლენტით შეკრა ისინი, შემდეგ კი შორს, ჩაპარალში მოისროლა ჩემი ბლოკნოტი.
შოკირებული ვიყავი და გაპროტესტება დავიწყე, მაგრამ მან ხელი პირზე ამაფარა. დიდი ბუჩქისკენ მიმითითა და მითხრა, რომ ყურადღების კონცენტრირება მომეხდინა არა ფოთლებზე, არამედ ფოთლების ჩრდილზე. მითხრა, რომ სიბნელეში სირბილი აუცილებელი არაა შიშით იყოს გამოწვეული, შესაძლებელია, იგი ასევე ბუნებრივი რეაქცია იყოს ჯანმრთელი სხეულისა, რომელმაც იცის, როგორ „არ აკეთოს“. იგი კვლავ და კვლავ მიმეორებდა ჩურჩულით მარჯვენა ყურში, რომ „არკეთება“ იმისა, რისი კეთებაც ვიცოდი, ძალის გასაღებია. ხეზე დაკვირვების შემთხვევაში ის, რაც ვიცოდი, როგორ მეკეთებინა, იყო ფოთლებზე მზერის დაუყოვნებლივ ფოკუსირება. ფოთლების ჩრდილები ან ფოთლებს შორის შუალედები არასოდეს არ მაღელვებდნენ. მისი ბოლო დარიგება იყო, რომ მომეხდინა მზერის ფოკუსირება ერთადერთი ტოტის ფოთლების ჩრდილებზე, შემდეგ კი თანდათანობით გამეფართოებინა მოცულობა მთელ ხემდე. თვალები არ უნდა დამებრუნებინა უკან, ფოთლებზე, რადგანაც პირველი გაცნობიერებული ნაბიჯი პირადი ძალის დაგროვებისკენ ეს იყო ის, რომ „არკეთების“ საშუალება მიმეცა სხეულისთვის.
ისე ჩავიძირე ფოთლების ჩრდილებში, შესაძლოა დაღლილობის ან ნერვული აგზნების გამო, რომ იმ დროისთვის, როცა დონ ხუანი წამოდგა, უკვე შემეძლო აღმექვა ჩრდილთა ბნელი მასების ჯგუფი ისევე ეფექტურად, როგორც ნორმალურ პირობებში ვახდენდი ფოთლების დაჯგუფებას. საერთო ეფექტი საოცარი იყო. დონ ხუანს ვუთხარი, რომ კიდევ მინდოდა დარჩენა. მას გაეცინა და ქუდზე დამიტყაპუნა ხელი.
— ხომ გითხარი, — თქვა მან, — სხეულს მოსწონს მსგავსი რაღაცეები.
შემდეგ მითხრა, რომ საშუალება უნდა მიმეცა დაგროვილი ენერგიისთვის, რომ წავეყვანე ბუჩქების გავლით ჩემი ბლოკნოტისკენ. ოდნავ მიბიძგა ჩაპარალისკენ. რაღაც პერიოდი უმიზნოდ დავდიოდი და შემდეგ როგორც იქნა შევეჩეხე მას. ვიფიქრე, რომ, როგორც ჩანს, გაუცნობიერებლად დავიმახსოვრე მიმართულება, საითაც დონ ხუანმა მოისროლა იგი. მან ახსნა ეს მოვლენა და თქვა, რომ მე პირდაპირ ბლოკნოტისკენ წავედი იმიტომ, რომ ჩემი სხეული დიდი ხნის განმავლობაში იჟღინთებოდა „არკეთებით“.