20. მოგზაურობა იქსტლანში
20. მოგზაურობა იქსტლანში
დონ ხენარო შუადღისკენ დაბრუნდა, და დონ ხუანის წინადადებით სამივენი იმ მთებისკენ წავედით, სადაც წინა დღით ვიყავი. იგივე გზით ვიარეთ, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ჩემსავით პლატოზე გავჩერებულიყავით, აღმასვლა განვაგრძეთ მანამ, სანამ მთების ქვედა ქედის მწვერვალს არ მივაღწიეთ. შემდეგ ფართო და ბრტყელი ველისკენ დაშვება დავიწყეთ.
მაღალი გორის მწვერვალზე დასასვენებლად გავჩერდით. ადგილი დონ ხენარომ შეარჩია. მე ავტომატურად ჩამოვჯექი, როგორც ამას მათ კომპანიაში ვაკეთებდი ხოლმე, და სამკუთხედი შევქმენი. ჩემგან მარჯვნივ დონ ხუანი იყო, მარცხნივ კი - დონ ხენარო.
უდაბნოს ჩაპარალმა სველი ბზინვარება შეიძინა. იგი მწვანედ ბრწყინავდა მოკლე გაზაფხულის წვიმის შემდეგ.
— ხენარო რაღაცის მოყოლას აპირებს შენთვის, — მითხრა მოულოდნელად დონ ხუანმა. — იგი მოგიყვება თავის მოკავშირესთან პირველი შეხვედრის ისტორიას. ხომ ასეა, ხენარო?
დონ ხუანის ხმას თხოვნის ელფერი დაჰკრავდა. დონ ხენარომ შემომხედა და მანამდე კუმავდა ტუჩებს, სანამ მისი პირი მრგვალ ხვრელს არ დაემსგავსა. ენა სასას მიაბჯინა, შემდეგ კი ისე აღებდა და ხურავდა პირს, თითქოს კრუნჩხვები აქვსო.
დონ ხუანმა შეხედა და ხმამაღლა გაიცინა. არ ვიცოდი, როგორ გამეგო ეს.
—რას აკეთებს? — ვკითხე დონ ხუანს.
— ის ქათამია, — თქვა მან.
— ქათამი?
— უყურე, უყურე მის პირს. ეს ქათმის კურტუმოა, იგი ახლა კვერცხს დადებს.
დონ ხენაროს პირის სპაზმები უფრო გაძლიერდა. თვალებში გაუგებარი და გიჟური გამომეტყველება ჰქონდა. პირი გაიღო, თითქოს კრუნჩხვებმა მრგვალი ხვრელი წარმოქმნესო. ყელში გაბზარვის ხმა გაისმა. ხელები მკერდთან მიიტანა, ხელისგულებით ზემოთ, და უცერემონიოდ გადმოაფურთხა სისველე.
— ჯანდაბა, ეს კვერცხი არ იყო, — თქვა შეშფოთებული სახით. მისი სხეულის პოზა და სახის გამომეტყველება იმდენად უჩვეულო იყო, რომ არ შემეძლო არ გამცინებოდა.
— ახლა, როცა დონ ხენარომ თითქმის დადო კვერცხი, შესაძლოა მოგიყვეს თავის მოკავშირესთან პირველი შეხვედრის შესახებ, — დაიჟინა დონ ხუანმა.
— შესაძლოა, — თქვა დონ ხენარომ უინტერესოდ.
მე ვთხოვე, რომ მოეყოლა. დონ ხენარო წამოდგა და ხელებით ზურგს უკან გაიზმორა. შემდეგ კვლავ დაჯდა.
— როცა პირველად შევეხე ჩემს მოკავშირეს, ახალგაზრდა ვიყავი, — თქვა როგორც იქნა, — მახსოვს, რომ ეს ზუსტად შუადღის მერე იყო. დილიდან ყანაში ვმუშაობდი და სახლში ვბრუნდებოდი. უეცრად ბუჩქიდან მოკავშირე გამოვიდა და გზაზე გადამეღობა. მელოდა და ორთაბრძოლაში მიწვევდა. შებრუნება დავიწყე, რომ თავი ამერიდებინა მისთვის, მაგრამ თავში აზრი მომივიდა, რომ საკმარისად ძლიერი ვიყავი იმისთვის, რომ შევხებოდი. მიუხედავად ამისა, შეშინებული ვიყავი. ჟრჟოლამ მთელ სხეულში დამიარა, და კისერი ფიცარივით გამიშეშდა. სხვათა შორის, ეს ყოველთვის ნიშანია იმისა, რომ მზად ხარ. ანუ როცა შენი კისერი მაგარი ხდება.
მან პერანგი გაიხსნა და ზურგი მაჩვენა. კისრის, ზურგისა და ხელების კუნთები დაჭიმა. მისი მუსკულატურის შესანიშნავი ხარისხი აღვნიშნე. თითქოს იმ შეხვედრის გახსენებამ მისი სხეულის ყოველი კუნთის გააქტიურება გამოიწვია.
— მსგავს სიტუაციაში პირი ყოველთვის უნდა დახურო.
დონ ხუანს მიუბრუნდა და ჰკითხა:
— ხომ ასეა?
— კი, — მშვიდად უპასუხა დონ ხუანმა. —როდესაც მოკავშირეს ეხები, ამისგან იმდენად შეძრული ხარ, რომ შეიძლება ენა მოიკვნიტო ან კბილები მოიმტრვიო. სხეული გამართული და კარგად გაწონასწორებული უნდა იყოს, ფეხები კი მყარად უნდა იდგას მიწაზე.
დონ ხენარო წამოდგა და სწორი მდგომარეობა მაჩვენა. მუხლები ოდნავ მოხრილი ჰქონდა, ხელები ოდნავ მოკაკვული თითებით გვერდებზე ჰქონდა დაშვებული. მოდუნებული ჩანდა, და მაინც მყარად იდგა მიწაზე. ცოტა ხნით ამ მდგომარეობაში გაჩერდა, და როცა ვფიქრობდი, რომ დაჯდომას აპირებდა, უეცრად წინ გაიჭრა ერთი საოცარი მოძრაობით, თითქოს ქუსლებქვეშ ზამბარები ჰქონოდეს. მისი მოძრაობა იმდენად უეცარი იყო, რომ ზურგზე დავეცი. მაგრამ სანამ ვეცემოდი, მკაფიო შეგრძნება მქონდა იმისა, რომ დონ ხენარომ ხელი სტაცა ადამიანს, ან რაღაც ადამიანისმაგვარს. კვლავ დავჯექი.
დონ ხენარო ჯერ კიდევ ინარჩუნებდა კოლოსალურ დაძაბულობას მთელ სხეულში. შემდეგ მკვეთრად მოადუნა ყველა კუნთი და იმ ადგილას დაბრუნდა, სადაც მანამდე იჯდა.
— კარლოსმა ზუსტად ახლა შენი მოკავშირე დაინახა, — მშვიდად შენიშნა დონ ხუანმა. — მაგრამ იგი ჯერ კიდევ სუსტია და დაეცა.
— შეამჩნიე? — იკითხა დონ ხენარომ მიამიტი ხმით და ნესტოები გააფართოვა.
დონ ხუანმა დაარწმუნა, რომ მე მოკავშირე „დავინახე“.
დონ ხენარო კვლავ წინ გადახტა ისეთი ძალით, რომ გვერდზე დავეცი. ისე სწრაფად შეასრულა თავისი ნახტომი, რომ მართლა არ შემეძლო თქმა, როგორ წამოხტა ფეხზე და როგორ გადახტა წინ მჯდომარე მდგომარეობიდან.
ორივეს ხმამაღლა გაეცინა, შემდეგ კი დონ ხენარომ სიცილი შეცვალა ყმუილით, რომელსაც კოიოტის ყმუილისგან ვერ გაარჩევდი.
— ნუ იფიქრებ, რომ შენც ხენაროსავით კარგად ხტომა გჭირდება, , რომ შენი მოკავშირე დაიჭირო, — თქვა დონ ხუანმა გამაფრთხილებელი ტონით. — ხენარო ასე კარგად იმიტომ დაფრინავს, რომ თავისი მოკავშირე ეხმარება. შენ მხოლოდ ის გჭირდება, რომ მაგრად იდგე მიწაზე და შეტაკებას გაუძლო. ისე უნდა იდგე, როგორც ხენარო იდგა, სანამ ნახტომს გააკეთებდა. შემდეგ უნდა გადახტე და მოკავშირე შეიპყრო.
— ჯერ თავის მედალიონს უნდა აკოცოს, — დაამატა დონ ხენარომ.
დონ ხუანმა მოჩვენებითი რისხვით თქვა, რომ მე არანაირი მედალიონი არ მაქვს.
— მისი ბლოკნოტები? — დაიჟინა დონ ხენარომ. — რაღაც უნდა მოუხერხოს თავის ბლოკნოტებს. ჩაიდოს, სანამ გადახტება, ან მოკავშირეს ჩასცხოს.
— წყეულიმც იყავ, — თქვა დონ ხუანმა, თითქოს გულწრფელი განცვიფრებით. — ეს სულ არ გამხსენებია. ვფიცავ, ეს პირველი იქნება, როცა მოკავშირეს ბლოკნოტების მეშვეობით ანარცხებენ მიწაზე.
როცა დონ ხუანის სიცილი და დონ ხენაროს კოიოტური ყმუილი ჩაცხრა, ყველანი ძალიან კარგ განწყობაზე ვიყავით.
— რა მოხდა, როცა შენი მოკავშირე შეიპყარი? — ვკითხე მე.
— ეს ცრუ აღფრთოვანება იყო, — თქვა დონ ხენარომ წამიერი ყოყმანის შემდეგ. თითქოს აზრები მწყობრში მოჰყავდა.
— არაოდეს წარმომიდგენია, რომ ეს ასე იქნებოდა, — განაგრძნობდა იგი. — ეს ისეთი რაღაც იყო, ისეთი, ისეთი... როგორც არაფერი, რისი თქმაც შემეძლება. მას შემდეგ, რაც შევიპყარი, ბზრიალი დავიწყეთ. მოკავშირე ტრიალს მაიძულებდა, მაგრამ მე უკან არ ვიხევდი. ისეთი ძალითა და სიჩქარით ვბზრიალებდით ჰაერში, რომ უკვე ვეღარაფერს ვხედავდი. ყველაფერი ბურუსით იყო მოცული. და ეს გრძელდებოდა და გრძელდებოდა. უცებ ვიგრძენი, რომ კვლავ მიწაზე ვიდექი. საკუთარ თავს შევხედე. მოკავშირეს არ მოვუკლივარ. მთელი ვიყავი, და საკუთარი თავი ვიყავი! მაშინ მივხვდი, რომ წარმატებას მივაღწიე. ხანგრძლივი მისწრაფებების შემდეგ მოკავშირეს ვფლობდი. სიხარულისგან ხტუნვა დავიწყე. რა გრძნობა იყო! საოცარი გრძნობა იყო!
შემდეგ მივიხედ-მოვიხედე, რომ დამედგინა, თუ სად ვიმყოფებოდი. გარემო ჩემთვის უცნობი აღმოჩნდა. ვიფიქრე, რომ მოკავშირემ ალბათ ჰაერში მატარა და ძალიან შორს დამსვა. ორიენტირებას ვცდილობდი. გადავწყვიტე, რომ ჩემი სახლი აღმოსავლეთით უნდა ყოფილიყო, ამიტომ იმ მიმართულებით წავედი. ჯერ ადრე იყო. მოკავშირესთან შეხვედრას დიდი დრო არ წაუღია. ძალიან მალე ბილიკი ვიპოვე, შემდეგ კი დავინახე მამაკაცების და ქალების ჯგუფი, რომლებიც ჩემკენ მოდიოდნენ. ისინი მასატეკის ტომის ინდიელები იყვნენ. გარს შემომეხვივნენ და მკითხეს, თუ სად მივდიოდი.
— სახლში მივდივარ, იქსტლანში, — ვუთხარი მათ.
— შენ რა, გზა აგებნა? — მკითხარომელიღაცამ.
— გზა ამებნა? — ვკითე მე. — რატომ?
— იმიტომ, რომ იქსტლანი მაქეთ არაა, იქსტლანი საპირისპირო მიმართულებითაა.
— ჩვენ თვითონაც იქ მივდივართ, — თქვა ერთ-ერთმა.
— შემოგვიერთდი, — მითხრა ყველამ. — ჩვენ გვაქვს საჭმელი.
დონ ხენარომ ლაპარაკი შეწყვიტა და შემომხედა, თითქოს კითხვას ელოდებაო.
— და, რა მოხდა მერე? — ვკითხე მე. — შეუერთდი მათ?
— არა, არ შევუერთდი, — თქვა მან. — რადგანაც ისინი არ იყვნენ რეალურები. ამას იმ წუთშივე მივხვდი, როგორც კი მომიახლოვდნენ. იყო რაღაც მათ ხმებში, მათ მეგობრულობაში ისეთი, რამაც გასცა ისინი, განსაკუთრებით მაშინ, როცა თან გაყოლა შემომთავაზეს. ამიტომ გავიქეცი. ისინი მეძახდნენ და დაბრუნებას მთხოვდნენ. მათი ძახილი თან მომდევდა, მაგრამ მე მაინც გავურბოდი.
— ვინ იყვნენ ისინი? — ვკითხე მე.
— ადამიანები, — მიპასუხა დონ ხენარომ მოწყვეტით. — იმ განსხვავებით, რომ ისინი არ იყვნენ რეალურები.
— ისინი მოჩვენებებს ჰგავდნენ, — ამიხსნა დონ ხუანმა. — როგორც ფანტომები.
— რაღაც დროის შემდეგ, — განაგრძნობდა დონ ხენარო, — უფრო დარწმუნებული გავხდი საკუთარ თავში. ვიცოდი, რომ იქსტლანი იმ მიმართულებით იყო, საითაც მივდიოდი. და შემდეგ დავინახე ორი ადამიანი, რომლებიც ბილიკით ჩემკენ მოდიოდა. როგორც ჩანდა, ისინიც მასატეკის ტომის ინდილები იყვნენ. გვერდით შეშით დატვირთული ვირი მოჰყვებოდათ. გვერდზე ჩამიარეს და ჩაილუღლუღეს: „დღე მშვიდობისა“.
— დღე მშვიდობისა, — ვუთხარი მე და სიარული განვაგრძე. ყურადღება არ მომაქციეს და გზა განაგრძეს. სირბილი შევანელე და ფრთხილად შემოვბრუნდი, რომ დავკვირვებოდი. ისინი მიდიოდნენ და ყურადღებას არ მაქცევდნენ. როგორც ჩანდა, რეალურები იყვნენ. გავედევნე და დავუყვირე: „მოიცადეთ, მოიცადეთ!“ მათ გააჩერეს თავიანთი ვირი და ცხოველის ორივე მხრიდან დადგნენ, თითქოს ტვირთს იცავენო.
— დავიკარგე ამ მთებში, — ვუთხარი მათ. — რა მიმართულებითაა იქსტლანი?
მათ იმ მიმართულებისკენ მიმითითეს, საითაც თვითონ მიდიოდნენ.
— ღრმად წასულხარ, — თქვა ერთ-ერთმა მათგანმა. — იქსტლანი, აი, იმ მთების მეორე მხარესაა. იქამდე რომ მიაღწიო, ოთხი-ხუთი დღე დაგჭირდება.
შემდეგ შებრუნდნენ და სიარული განაგრძეს. ვიგრძენი, რომ ეს ინდიელები რეალურები იყვნენ და ვთხოვე, რომ თან გავეყოლებინე.
რაღაც პერიოდი ერთად მივდიოდით, შემდეგ კი ერთ-ერთმა მათგანმა ტომარა მოიხსნა და საჭმელი შემომთავაზა. ადგილზე გავშეშდი. იყო რაღაც ძალიან უცნაური იმაში, თუ როგორ მთავაზობდა თავის საჭმელს. ჩემმა სხეულმა შიში იგრძნო, ამიტომ უკან გადმოვხტი და გავიქეცი. ორივემ მითხრა, რომ მოვკვდებოდი მთებში, თუ მათ არ გავყვებოდი, და ცდილობდნენ დავერწმუნებინე ამაში. მათ მოწოდებებსაც დევნის ხასიათი ჰქონდათ, მაგრამ მათგანაც გავიქეცი.
სიარულს განვაგრძობდი. ახლა უკვე ვიცოდი, რომ სწორ გზაზე ვიდექი, და ეს ფანტომები ჩემი გზიდან გადაცდენას ცდილობდნენ. რვა შემხვდა ასეთი. ალბათ იცოდნენ, რომ ჩემი განზრახვა ურყევი იყო. გზაზე იდგნენ და მუდარის თვალებით მიმზერდნენ. უმეტესობა სიტყვასაც არ ამბობდა. თუმცაღა მათ შორის ქალები უფრო გამბედავები იყვნენ და ჩემ გადარწმუნებას ცდილობდნენ. ზოგიერთი მათგანი საჭმელს და სხვა ნივთებსაც კი ალაგებდა, თითქოს გზაზე მოვაჭრეები იყვნენ. მე არ ვჩერდებოდი და არც კი ვუყურებდი მათ.
დღის ბოლოს ველს მივადექი, რომელიც თითქოს მეცნობოდა. მომეჩვენა, რომ იქ ადრეც ვიყავი ნამყოფი, მაგრამ თუ ეს მართლა ასე იყო, მართლაც იქსტლანისგან სამხრეთით ვიმყოფებოდი. ორიენტირებისთვის ნაცნობი საგნების ძებნა დავიწყე. ამ დროს დავინახე ინდიელი ბიჭუნა, რომელიც თხებს მწყემსავდა. ალბათ შვიდი წლის იქნებოდა, და ისე იყო ჩაცმული, როგორც მე — მის ასაკში. ფაქტიურად საკუთარი თავი მომაგონა, როცა მამაჩემის ორ თხას ვმწყემსავდი ხოლმე.
რაღაც პერიოდი თვალყურს ვადევნებდი. ბიჭი საკუთარ თავს ელაპარაკებოდა. ზუსტად ჩემსავით. შემდეგ თავის თხებთან დაიწყო ლაპარაკი. რაც თხების მოვლაზე ვიცოდი, იქიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებდი, კარგად იცოდა თავისი საქმე. ყურადღებით და ფრთხილად აკეთებდა საქმეს. არ ათამამებდა თხებს, და ამავე დროს არც სასტიკი იყო მათთან.
გადავწყვიტე დამეძახა მისთვის. როცა ხმამაღლა დაველაპარაკე, იგი შეხტა, კლდისკენ გაიქცა და ქვების უკნიდან დამიწყო ყურება. როგორც ჩანდა, გასაქცევად იყო მზად, რათა სიცოცხლე გადაერჩინა. მომეწონა იგი. შეშინებული იყო, მაგრამ მაინც მონახა დრო, რომ თხები ჩემი მხედველობის ველიდან გაეყვანა.
დიდხანს ველაპარაკებოდი. ვუთხარი, რომ დავიკარგე და იქსტლანისკენ გზა არ ვიცოდი. ვკითხე, თუ რა ერქვა ადგილს, სადაც ჩვენ ვიმყოფებოდით, და მიპასუხა, რომ ეს ის ადგილი იყო, რომელსაც ვვარაუდობდი. ამან ძალიან გამახარა. მივხვდი, რომ აღარ ვიყავი დაკარგული და ვფიქრობდი, რა ძალა უნდა ჰქონოდა ჩემს მოკავშირეს, რომ მთელი ჩემი სხეული თვალის დახამხამებაში ასე შორს გადაესროლა.
ბიჭს მადლობა გადავუხადე და წასვლა დავიწყე. იგი ფრთხილად გამოვიდა თავისი თავშესაფრიდან და თხები თითქმის შეუმჩნეველი ბილიკით გარეკა. ბილიკი ველისკენ მიდიოდა. ბიჭს დავუძახე, და იგი არ გაქცეულა. მისკენ წავედი, და როდესაც ძალიან მივუახლოვდი, ბუჩქებში გადახტა. შევაქე იმისთვის, რომ ასეთი ფრთხილი იყო, და კითხვები დავუსვი.
— სად მიდის ეს ბილიკი? — ვკითხე მე.
— ქვემოთ, — თქვა მან.
— შენ სად ცხოვრობ?
— იქ, ქვემოთ.
— იქ, ქვემოთ, ბევრი სახლია?
— არა, მხოლოდ ერთია.
— სხვა სახლები სადაა?
— ბიჭმა ველის სხვა მხარისკენ მიმითითა ისეთი გულგრილობით, როგორც მისი ასაკის ბიჭებს ახასიათებთ. შემდეგ თავის თხებთან ერთად ბილიკით ქვემოთ დაეშვა.
— მოიცადე, — ვუთხარი მე. — ძალიან დავიღალე და მშიერი ვარ. წამიყვანე შენიანებთან.
— მე არ მყავს ჩემიანები, — თქვა ბიჭმა, და ამან შემძრა. არ ვიცი რატომ, მაგრამ მისმა ხმამ დამაეჭვა. ბიჭმა შეამჩნია ჩემი ეჭვი, შეჩერდა და ჩემკენ მობრუნდა.
— სახლში არავინ მყავს, — თქვა მან. — ბიძაჩემი წავიდა, მისი ცოლი კი — ყანაშია. იქ ბევრი საჭმელია. წამოდი ჩემთან.
თითქმის სევდას ვგრძნობდი. ბიჭიც ფანტომი იყო. მისი ხმის ტონმა და დაჟინებულობამ გასცა იგი. ფანტომები ყველგან იყვნენ გარშემო, რათა წავეყვანე, მაგრამ მე არ მეშინოდა. ჯერ კიდევ დამუნჯებული ვიყავი მოკავშირესთან შეხვედრის შემდეგ. მინდოდა გავბრაზებულიყავი მოკავშირეზე ან ფანტომებზე, მაგრამ არ შემეძლო განრისხება, როგორც ამას ჩვეულებრივ ვაკეთებდი ხოლმე, ამიტომ მცდელობა შევწყვიტე. შემდეგ დასევდიანება მომინდა, რადგანაც მომეწონა ეს პატარა ვიჭი, მაგრამ ვერ შევძელი. ამიტომ ისიც მივატოვე.
უეცრად მომაფიქრდა, რომ მოკავშირე მყავს, და ფანტომები ვერაფერს დამიშავებდნენ. ბიჭს მივყევი ბილიკზე. სხვა ფანტომები სწრაფად წამოხტნენ და ეცადნენ, უფსკრულისკენ გადამებიჯებინა, მაგრამ ჩემი ნება მათზე ძლიერი იყო. როგორც ჩანს, გრძნობდნენ ამას, ამიტომ დიდად აღარ მაწუხებდნენ. რაღაც დროის შემდეგ, უბრალოდ ჩემს გზაზე იდგნენ. დროდადრო რომელიმე მათგანი გადმოხტებოდა ხოლმე ჩემკენ, მაგრამ მე ჩემი ნებით ვაჩერებდი. და მაშინ საერთოდ შეწყვიტეს ჩემი შეწუხება.
დონ ხენარო დიდი ხნის განმავლობაში დუმდა. დონ ხუანმა შემომხედა.
— ამის შემდეგ რა მოხდა, დონ ხენარო? — ვკითხე მე.
— სიარულს განვაგრძობდი, — თქვა მან, თითქოს ისედაც იგულისხმებოდა.
მომეჩვენა, რომ დაასრულა თავისი ამბავი, და დასამატებელი აღარაფერი იყო.
ვკითხე მას, თუ რატომ იყო საჭმლის შეთავაზების ფაქტი იმის მინიშნება, რომ ისინი ფანტომები იყვნენ. მან არ მიპასუხა. კვლავ ვკითხე, იყო თუ არა მასატეკის ტომის ინდიელთა ჩვეულება იმის უარყოფა, რომ მათ აქვთ საჭმელი, ან ღელავენ თუ არა ყველაფერზე, რაც საჭმელს შეეხება.
მან მითხრა, რომ მათი ხმების ტონი, მიტყუების მათი სურვილი, და ის მანერა, რომლითაც ფანტომები საჭმელზე საუბრობდნენ, მინიშნებები იყო. და რომ ეს იმიტომ იცოდა, რომ თავისი მოკავშირე ეხმარებოდა. დამარწმუნა, რომ მარტო თვითონ ვერ შეამჩნევდა ამ დეტალებს.
— ეს ფანტომები მოკავშირეები იყვნენ, დონ ხენარო? — ვკითხე მე.
— არა, ისინი ადამიანები იყვნენ.
— ადამიანები? კი, მაგრამ შენ თქვი, რომ ფანტომები იყვნენ.
— მე ვთქვი, რომ ისინი უკვე აღარ იყვნენ რეალურები. მოკავშირესთან ჩემი შეხვედრის შემდეგ არაფერი აღარ იყო რეალური.
დიდი ხნის განმავლობაში ჩუმად ვისხედით.
— საბოლოოდ როგორ დამთავრდა ეს ყველაფერი, დონ ხენარო? — ვკითხე მე.
— საბოლოოდ?
— მაინტერესებს, როდის და როგორ მიაღწიე იქსტლანს.
ორივემ მაშნვე ხარხარი დაიწყო.
— ანუ ეს ნიშნავს შენთვის საბოლოო დასასრულს?
— შენიშნა დონ ხუანმა. — მოდი, მაშინ ასე ვთქვათ. ხენაროს მოგზაურობას არ ჰქონდა დასასრული. და არც ა რ ა ს ო დ ე ს იქნება რამენაირი დასასრული. ხენარო ჯერ კიდევ იქსტლანისკენ მიმავალ გზაზეა!
დონ ხენარომ გამჭოლი მზერით შემომხედა, შემდეგ კი სადღაც შორს, სამხრეთის მიმართულებით გაიხედა.
— მე ვერასოდეს მივაღწევ იქსტლანს, — თქვა მან. მისი ხმა მტკიცე იყო, მაგრამ ჩუმი.
— თუმცაღა ჩემს გრძნობებში... ჩემს გრძნობებში ზოგჯერ მგონია, რომ მხოლოდ ერთი ნაბიჯი დარჩა მის მიღწევამდე. და მაინც, ეს არასოდეს მოხდება. ჩემს მოგზაურობაში ნაცნობ ნიშნებსაც კი ვერ ვხვდები, რომლებიც ოდესღაც ვიცოდი. უკვე აღარაფერია იგივე.
დონ ხუანმა და დონ ხენარომ ერთმანეთს შეხედეს. იყო რაღაც ძალიან სევდიანი მათ მზერაში.
— ჩემს მოგზაურობაში იქსტლანისკენ მხოლოდ ფანტომი მგზავრები ვიპოვე, — თქვა მან ჩუმად.
დონ ხუანს შევხედე. ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა დონ ხენარო.
— ყველა, ვისაც დონ ხენარო იქსტლანისკენ გზაზე ხვდება, მხოლოდ ეფემერული არსებაა, — ამიხსნა დონ ხუანმა. —მაგალითად, შენ. შენ ფანტომი ხარ. შენი გრძნობები და დაჟინებულობა ისეთივეა, როგორიც სხვა ადამიანების. აი, რატომ ამბობს, რომ მხოლოდ ფანტომ მგზავრებს ხვდება იქსტლანისკენ მიმავალ გზაზე.
უეცრად მივხვდი, რომ დონ ხენაროს მოგზაურობა მხოლოდ მეტაფორა იყო.
— ამ შემთხვევაში გამოდის, რომ შენი მოგზაურობა იქსტლანში არარეალურია? — ვთქვი მე.
— ის რეალურია! — თქვა დონ ხენარომ. —მგზავრები არიან არარეალურები.
თავის დაქნევით მან დონ ხუანზე მიმითითა და მახვილით თქვა:
— იგი ერთადერთია, რომელიც რეალურია. სამყარო მხოლოდ მაშინაა რეალური, როცა მასთან ერთად ვარ.
დონ ხუანს გაეღიმა.
— ხენარომ თავისი ისტორია მოგიყვა, — თქვა დონ ხუანმა, — იმიტომ, რომ შენ გუშინ „სამყარო გააჩერე“. და ის ფიქრობდა, რომ „დაინახე“ კიდეც, მაგრამ შენ ისეთი სულელი ხარ, რომ თავადაც არ იცი ეს. მე სულ ვეუბნები მას, რომ ძალიან უცნაური ხარ, და ადრე თუ გვიან შეძლებ „ხედვას“. ყოველ შემთხვევაში, მოკავშირესთან შენი შემდეგი შეხვედრი დროს, თუკი გექნება ეს შემდეგი შეხვედრა, მოგიწევს, რომ ებრძოლო მას და მოათვინიერო. თუ გადაურჩი შოკს, რაშიც დარწმუნებული ვარ, რადგან ძლიერი ხარ და მეომარივით ცხოვრობ, მაშინ ცოცხალს აღმოაჩენ საკუთარ თავს უცნობ მიწაზე. შემდეგ, რაც ყოველი ჩვენგანისთვის ბუნებრივია, პირველი, რისი გაკეთებაც მოგინდება, — უკან, ლოს-ანჯელესში დაბრუნება იქნება, მაგრამ აღარ გექნება ლოს-ანჯელესში დასაბრუნებელი გზა. იქ რაც დატოვე, სამუდამოდ დაკარგულია. რა თქმა უნდა, ამ დროისთვის მაგი იქნები, მგრამ ეს ვერ დაგეხმარება. ყველაზე მნიშვნელოვანი ყოველი ჩვენგანისთვის ამ დროს ისაა, რომ ყველაფერი, რაც გვიყვარდა, გვძულდა ან გვსურდა, უკან რჩება. თუმცაღა გრძნობები ადამიანში არ კვდება და არ იცვლება. და მაგი სახლისკენ მიმავალ გზას მიუყვება, იცის რა, რომ სახლს ვერასოდეს მიაღწევს, იცის რა, რომ არ არსებობს დედამიწაზე ისეთი ძალა, რომელიც იმ ადგილამდე, იმ ნივთებამდე და ადამიანებამდე მიიყვანს, რომლებიც უყვარდა. საკუთარი სიკვდილიც კი ვერა. სწორედ ამაზე გიყვებოდა ხენარო.
დონ ხუანის ახსნა კატალიზატორის მსგავსი იყო. დონ ხენაროს ნაამბობის მთელი ტვირთი უეცრად დამაწვა, როცა ეს ამბავი ჩემს საკუთარ ცხოვრებას შევუსაბამე.
— რას იტყვი იმ ადამიანებზე, რომლებიც მიყვარს? — ვკითხე დონ ხუანს. — მათ რა მოუვათ?
— ისინი ყველანი უკან დარჩებიან, — თქვა მან.
— მაგრამ ნუთუ არ არსებობს არანაირი საშუალება, რომლითაც მათ დავიბრუნებდი? შემიძლია თან წავიყვანო ისინი?
— არა. შენი მოკავშირე მარტოს გატრიალებს უცნობ სამყაროებში.
— მაგრამ მე შემიძლია უკან, ლოს-ანჯელესში დავბრუნდე, ასე არაა? შემიძლია ავტობუსში ჩავჯდე ან თვითმფრინავში და წავიდე. ლოს-ანჯელესი ადგილზე დარჩება, ასე არაა?
— რა თქმა უნდა, — სიცილით თქვა დონ ხუანმა. — ასევე მონტეკაც, ტემიკულაც და ტუკსონიც.
— და ტეკატიც, — დაამატა დონ ხენარომ დიდი სერიოზულობით.
— და პიედრას ნეგრასიც, და ტრანკიტასიც, — თქვა დონ ხუანმ ღიმილით.
დონ ხენარომ კიდევ რამდენიმე დასახელება დაამატა, იგივე გააკეთა დონ ხუანმაც. და მათ დაიწყეს ქალაქებისა და დასახლებების ძალიან სასაცილო და უჩვეულო სახელწოდებების ჩამოთვლა.
— შენს მოკავშირესთან ერთად ბზრიალი სამყაროზე შენს იდეას შეცვლის, — თქვა დონ ხუანმა. — ეს იდეაა ყველაფერი, და როცა იგი იცვლება, თავად სამყაროც იცვლება.
მან გამახსენა, რომ ერთხელ ლექსი წავუკითხე და მოუნდა, რომ ახლაც მომეყოლა. რამდენიმე სიტყვით მიმანიშნა ამ ლექსზე, და გამახსენდა, რომ ხუან რამონ ხიმენესის ლექსიწავუკითხე. ლექსს ერქვა „საბოლოო მოგზაურობა“. წავიკითხე.
... და მე წავალ, მაგრამ ჩიტები დარჩებიან, იგალობებენ, და ჩემი ბაღიც დარჩება მისი მწვანე ხეებით, წყლის ჭით. მრავალი დღის განმავლობაში იქნება ცა ლურჯი და ნათელი, და ზარები მოშორებით ისე დარეკენ, როგორც დღევანდელ დღეს რეკენ. ადამიანები, რომლებსაც ვუყვარდი, გარდაიცვლებიან, და ქალაქი ყოველწელს თავიდან აყვავდება, მაგრამ ჩემი ნოსტალგიით შეპყრობილი სული, მარადიულად იხეტიალებს ჩემი მოყვავილე ბაღის იმავე მიკარგულ კუთხეში.
— ეს ის გრძნობაა, რომელზეც დონ ხენარო საუბრობს, — თქვა დონ ხუანმა. — იმისთვის, რომ მაგი იყოს, ადამიანი ვნებიანი უნდა იყოს. ვნებიან ადამიანს მისთვის ძვირფასი მიწიერი მიჯაჭვულობები გააჩნია. თუნდაც ის ბილიკი, რომელზეც მიაბიჯებს.
სწორედ ამას გიყვებოდა ხენარო თავისი ნაამბობით. ხენარომ თავისი ვნება იქსტლანში დატოვა. თავისი სახლი, თავისი ხალხი, ყველა, ვისთანაც საქმე ჰქონდა. და ახლა იგი ხეტიალობს თავისი გრძნობების გარშემო, და ზოგჯერ, როგორც თვითონ ამბობს, თითქმის აღწევს იქსტლანს. ჩვენ ეს ყველას ერთნაირად გვაქვს. ხენაროსთვის — ეს იქსტლანია, შენთვის — ლოს-ანჯელესი იქნება, ჩემთვის — ...
არ მინდოდა, რომ დონ ხუანს თავის შესახებ მოეყოლა ჩემთვის. იგი გაჩერდა, თითქოს ჩემი აზრები წაიკითხაო.
ხენარომ ჩაისუნთქა და ლექსის პირველი სტროფის პერიფრაზირება გააკეთა:
— მე წავედი. და ჩიტები დარჩნენ.მოგალობენი.
წამით აგონიის ის ტალღა და აღუწერელი მარტოობა ვიგრძენი, რომელმაც სამივე მოგვიცვა. დონ ხენაროს შევხედე და მივხვდი, რომ მას, როგორც ვნებიან ადამიანს, მრავალი გულისმიერი ჯაჭვი აკავშირებდა წარსულთან, მრავალი რამ, რასთანაც საქმე ჰქონდა და რაც უკან დარჩა. მკაფიოდ ვგრძნობდი, რომ ამ მომენტში მისი მოგონებების ძალა მთის მეწყერად ჩამოწვებოდა, და რომ დონ ხენარო ქვითინის ზღვარზე იყო.
ნაჩქარევად გავარიდე თვალები. დონ ხენაროს ვნებამ, მისმა უდიდესმა მარტოობამ ამატირა.
დონ ხუანს შევხედე. მე მიყურებდა.
მხოლოდ მეომარს შეუძლია გადარჩეს ცოდნის გზაზე, — თქვა მან. რადგანაც მეომრის ხელოვნება მდგომარეობს წონასწორობის პოვნაში ადამიანად ყოფნის საშინელებასა და ადამიანად ყოფნის აღტაცებას შორის.
ორივეს შევხედე, თითეულს რიგ-რიგობით. მათი თვალები მშვიდი და ნათელი იყო. მათ ნოსტალგიის უზარმაზარი ტალღა გამოიწვიეს, და როცა თითქოს ქვითინის ზღვარზე იყვნენ, შეატრიალეს ეს ტალღა. წამით მომეჩვენა, რომ „ვხედავდი“. „ვხედავდი“ ადამიანის მარტოობას, როგორც ჩემ წინ გაშეშებულ გიგანტურ ტალღას,მეტაფორის უხილავი კედლის მიერ უკან დახეული.
ჩემი სევდა იმდენად ყოვლისმომცველი იყო, რომ ეიფორია ვიგრძენი და გადავეხვიე მათ.
დონ ხენაროს გაეღიმა და წამოდგა. დონ ხუანიც წამოდგა და ხელი რბილად დამადო მხარზე.
— ჩვენ ვაპირებთ, რომ აქ დაგტოვოთ, — თქვა მან. — გააკეთე ის, რასაც საჭიროდ ჩათვლი. მოკავშირე იმ ველის ბოლოში დაგელოდება.
მან შორს, ბნელი ველისკენ მიმითითა.
— თუ გრძნობ, რომ ჯერ არ მოსულა შენი დრო, უარი თქვი შეხვედრაზე, — თქვა მან. — დაძალადებით ვერაფერს მიაღწევ. თუ გადარჩენა გინდა, კრისტალურად სუფთა და საკუთარ თავში სრულიად დარწმუნებული უნდა იყო.
დონ ხუანი ისე წავიდა, რომ არ გამოუხედავს ჩემკენ. მაგრამ დონ ხენარო რამდენჯერმე შემობრუნდა და თვალის ჩაკვრით და თავის მოძრაობებით მიბიძგებდა, რომ წინ წავსულიყავი. ვუყურე მათ, სანამ ხედვის არედან არ გაქრნენ, შემდეგ კი ჩემს მანქანაში ჩავჯექი და წავედი. ვიცოდი, ჩემი დრო ჯერ არ იყო დამდგარი.