კარლოს კასტანედა - მოგზაურობა იქსტლანში

კარლოს კასტანედა
5
1

ის, ვინც მეომრის გზაზე დგება, გზაზე, რომელსაც გული აქვს, ვეღარასოდეს დარჩება უბრალო ობივატელად

18. მაგის ძალის ბეჭედი

18. მაგის ძალის ბეჭედი

 

1971 წლის 11 მაისს, ჩემი მოსწავლეობის განმავლობაში უკანასკნელად მოვინახულე დონ ხუანი. ამჯერად იმ განწყობით მივედი მასთან, როგორც მივდიოდი ჩვენი კავშირის ათწლიანი პერიოდის განმავლობაში. სხვა სიტყვებით, მე კვლავ ვეძებდი მის კეთილგანწყობილ კომპანიას.

მისი მეგობარი, დონ ხენარო, საკატეკას ტომის ინდიელი მაგი, მასთან ერთად იმყოფებოდა. ორივე მათგანი ექვსი თვის წინანდელი ვიზიტის დროს ვნახე. ვფიქრობდი, მეკითხა, ერთად ხომ არ იყვნენ მთელი ამ დროის მანძილზე, და ამ დროს დონ ხენარომ ამიხსნა, რომ იმდენად ძლიერ უყვარდა ჩრდილოეთის უდაბნო, რომ ზუსტად დროულად დაბრუნდა, რათა შემხვედროდა. მათ ორივემ გაიცინეს, თითქოს რაღაც საიდუმლო იცოდნენ.

— მე სპეციალურად შენთვის დავბრუნდი, — თქვა დონ ხენარომ.

— მართალია, — დაუდასტურა დონ ხუანმა.

მე შევახსენე დონ ხენაროს, რომ ჩემი აქ ყოფნის ბოლო ჯერზე მისი მცდელობები, რომ დამხმარებოდა „სამყაროს გაჩერებაში“, კატასტროფული აღმოჩნდა ჩემთვის. ამით მეგობრულად ვანიშნე, რომ მეშინოდა მისი. იგი გაუჩერებლად იცინოდა, მთელი სხეულით თრთოდა და ფეხებს ბავშვივით აბაკუნებდა. დონ ხუანი თავს არიდებდა ჩემკენ გამოხედვას და თვითონაც იცინოდა.

— აღარ ეცდები ჩემ დახმარებას, დონ ხენარო? — ვკითხე მე.

ჩემმა კითხვამ კიდევ ერთი სიცილის შეტევა გამოიწვია მათში. დონ ხენარო სიცილისგან მიწაზე ხოხავდა. შემდეგ მუცელზე დაწვა და იატაკზე გაცურა. როდესაც დავინახე, რას აკეთებდა, მივხვდი, რომ ჩემი საქმე ცუდად იყო. ამ მომენტში ჩემმა სხეულმა რაღაცნაირად გააცნობიერა, რომ დასასრულს მივუახლოვდი. არ ვიცოდი, რა დასასრული იყო ეს. დრამატიზაციისადმი ჩემი პირადი მიდრეკილება და წარსული გამოცდილება დონ ხენაროსთან მაიძულებდა მეფიქრა, რომ ეს შესაძლოა ჩემი ცხოვრების აღსასრული ყოფილიყო.

ჩემი ბოლო ვიზიტის დროს დონ ხენარო ეცადა, რომ „სამყაროს გაჩერების“ ზღვარზე მოვესროლე. მისი ძალისხმევები იმდენად თავბრუდამხვევი და სწორხაზოვანი იყო, რომ დონ ხუანმა თავად მიბრძანა, რომ წავსულიყავი. დონ ხენაროს მიერ ნაჩვენები „ძალის დემონსტრაცია“ იმდენად უჩვეულო და საოცარი იყო, რომ საკუთარი თავის სრული გადაფასება გამოიწვია ჩემში. სახლში წავედი, ჩემი მოსწავლეობის დასაწყისიდან გაკეთებულ ჩანაწერებს გადავხედე და სრულიად ახალი გრძნობა უჩვეულოდ მოვიდა ჩემთან, თუმცა ვერ ვაცნობიერებდი მას მანამ, სანამ იატაკზე მცურავი დონ ხენარო არ დავინახე.

იატაკზე ცურვის აქტი, იმ სხვა უცნაურ და განსაცვიფრებელ ქცევებს შეესაბამებოდა, რომლებსაც პირდაპირ ჩემ თვალწინ ასრულებდა. და ეს იმით დაიწყო, რომ იგი თითქოს სახით ქვემოთ იწვა. თავიდან იმდენად ძლიერ იცინოდა, რომ მისი სხეული კონვულსიებისგან ირხეოდა, შემდეგ ფეხების ფართხალი დაიწყო, და ბოლოს მისი ფეხების მოძრაობა კოორდინირებული გახდა ხელების ცურვით მოძრაობასთან, და დონ ხენარომ სრიალი დაიწყო მიწაზე, თითქოს გორგოლაჭებიან ფიცარზე ყოფილიყოს დაწოლილი. მან რამდენჯერმე შეიცვალა მიმართულება და მთელი მიდამო მოიარა დონ ხუანის სახლის წინ, ჩემი და დონ ხუანის გარშემო ცურვით.

დონ ხენარო თავის კლოუნადას ჩემ თვალწინ ადრეც აწყობდა ხოლმე, და ყოველ ჯერზე, როცა ამას აკეთებდა, დონ ხუანი ამბობდა, რომ მე „ხედვის“ ზღვარზე ვიყავი. ჩემი წარუმატებლობის მიზეზი „ხედვაში“ ის იყო, რომ მე გულდასმით ვცდილობდი ამეხსნა დონ ხენაროს ნებისმიერი ქმედება ჯანსაღი გონების თვალსაზრისით. ამჯერად მზადყოფნაში ვიყავი, და როდესაც იგი გაცურდა, არ მიცდია მოვლენების ახსნა ან გაგება. უბრალოდ თვალყურს ვადევნებდი მას. თუმცაღა არ შემეძლო გავქცეოდი გაოგნებულობის შეგრძნებას. იგი მართლაც სრიალებდა მუცლითა და მკერდით. თვალები დამიელმდა, როცა თვალყურს ვადევნებდი. შფოთვა მომაწვა. დარწმუნებული ვიყავი, რომ თუ არ ავუხსნიდი ამ მოვლენას საკუთარ თავს, „ხედვას“ შევძლებდი, და ამ აზრმა უჩვეულო მოუთმენლობით აღმავსო. ჩემი ნერვული დაძაბულობა იმდენად დიდი იყო, რომ როგორღაც კვლავ საწყის წერტილში ავღმოჩნდი, კვლავ გონივრულ მსჯელობებში ჩაკეტილი.

როგორც ჩანს, დონ ხუანი თვალს მადევნებდა. უეცრად მან ხელი შემომკრა. ავტომატურად სახით მისკენ შევბრუნდი და წამით თვალი მოვაცილე დონ ხენაროს. როცა კვლავ შევხედე, იგი ჩემ გვერდით იდგა ოდნავ დახრილი თავით ისე, რომ მისი ნიკაპი თითქმის ეხებოდა ჩემს მხარს. შიშის დაგვიანებული რეაქცია განვიცადე. წამით ვუცქერდი მას, შემდეგ კი უკან გადავხტი.

მისი არაყალბი განცვიფრების გამომეტყველება იმდენად კომიკური იყო, რომ ისტერიულად გამეცინა. თუმცაღა არ შემეძლო არ გამეცნობიერებინა, რომ ჩემი სიცილი უჩვეულო იყო. ჩემი სხეული ნერვული სპაზმებისგან თრთოდა, რომლებიც მუცლის შუა ნაწილიდან გამოდიოდნენ. დონ ხენარომ ხელი მუცელზე დამადო და კრუნჩხვისმაგვარი სიცილი შეწყდა.

— ამ პატარა კარლოსს ყველაფერი ზედმეტი მოსდის! — წამოიძახა მან ძალზე თავდაჭერილი ადამიანის სახით.

შემდეგ დონ ხუანის ხმას და მანერას მიბაძა და დაამატა:

— ნუთუ შენ არ იცი, რომ მეომარი არ იცინის ასე?

დონ ხუანის მისი კარიკატურა იმდენად სრულყოფილი იყო, რომ კიდევ უფრო მეტად გამეცინა.

შემდეგ ორივე ერთად წავიდნენ და ორი საათი, თითქმის შუადღემდე არ გამოჩენილან. როდესაც დაბრუნდნენ, დონ ხუანის სახლის წინ ჩამოსხდნენ. კრინტი არ დაუძრავთ. ისე გამოიყურებოდნენ, თითქოს ეძინებოდათ და დაღლილები იყვნენ. დიდი ხნის განმავლობაში უძრავად იყვნენ, თუმცა ისე ჩანდა, რომ ეს მათთვის ძალზე მოსახერხებელი და იოლი მდგომარეობა იყო. დონ ხუანის პირი ოდნავ გაიღო, თითქოს მართლაც სძინებოდეს, მაგრამ მისი ხელები მუხლებზე იყო გადაჯაჭვული და ცერა თითები რიტმულად მოძრაობდნენ. მე ვნერვიულობდი და ადგილი რამდენჯერმე შევიცვალე.

რაღაც დროის შემდეგ სასიამოვნო თვლემამ მომიარა. როგორც ჩანს ჩამეძინა. დონ ხუანის სიცილმა გამაღვიძა. თვალები გავახილე. ორივე იდგა და მიყურებდა.

— თუ არ ლაპარაკობ, მაშინ გძინავს, — თქვა დონ ხუანმა სიცილით.

— ვშიშობ, რომ ასეა, — ვუპასუხე მე.

დონ ხენარო ზურგზე წამოწვა და ფეხების ჰაერში ქნევა დაიწყო. წამით ვიფიქრე, რომ იგი კვლავ თავის მოუსვენარ კლოუნადას იწყებდა, მაგრამ იგი კვლავ დაუბრუნდა თავის ჩვეულ მჯდომარე მდგომარეობას გადაჯვარედინებული ფეხებით.

— არის კიდევ ერთი საკითხი, რაც ახლა უნდა გააცნობიერო, — თქვა დონ ხუანმა. — მე მას შანსის კუბურ სანტიმეტრს ვეძახი. ჩვენ ყველას, მიუხედავად იმისა, ვართ თუ არა მეომრები, გვაქვს შანსის კუბური სანტიმეტრი, რომელიც დროდადრო თვალწინ გამოგვიხტება ხოლმე. განსხვავება საშუალო ადამიანსა და მეომარს შორის იმაში მდგომარეობს, რომ მეომარი აცნობიერებს ამას, და მისი ერთ-ერთი ამოცანაა — ალერტული იყოს და განზრახ დაელოდოს ისე, რომ როდესაც მისი კუბური სანტიმეტრი გამოხტება, ფლობდეს აუცილებელ სისწრაფეს და მოქნილობას, რათა აიღოს იგი.

შანსი, იღბალი, პირადი ძალა ან რაც არ უნდა უწოდო, წარმოადგენს საქმეთა განსაკუთრებულ მდგომარეობას. ესაა როგორც ძალიან პატარა ჯოხი, რომელიც პირდაპირ ჩვენ წინ ჩნდება და გვეპატიჟება, რომ ჩავეჭიდოთ მას. ჩვეულებრივ, ჩვენ ძალზე დაკავებულნი ან ძალზე დატვირთულნი ვართ, ან ძალზე სულელნი და ზარმაცნი იმისთვის, რომ გავიგოთ, რომ ეს ჩვენი იღბლის კუბური სანტიმეტრია. მეორე მხრივ, მეომარი ყოველთვის ალერტულია, ყოველთვის შემართულია და გააჩნია ზამბარისებურობა და სისხარტე, რათა დაიჭიროს იგი.

— შენი ცხოვრება ძალიან კომპაქტურია? — მკითხა უეცრად დონ ხენარომ.

— ვფიქრობ, რომ დიახ, — ვუთხარი თავდაჯერებულობით.

— ფიქრობ, რომ შეგიძლია დაიჭირო შენი იღბლის კუბური სანტიმეტრი? — მკითხა დონ ხუანმა უნდობლობის ტონით.

— ვთვლი, რომ გამუდმებით ამას ვაკეთებ, — ვუთხარი მე.

— ვფიქრობ, რომ შენ მხოლოდ იმ საგნებთან მიმართებაში ხარ ალერტული, რომლებსაც იცნობ, — თქვა დონ ხუანმა.

— შესაძლოა, თავს ვისულელებ, მაგრამ ვთვლი, რომ ახლა უფრო ცნობიერი ვარ, ვიდრე ჩემი ცხოვრების ნებისმიერ სხვა დროს, — ვუთხარი მე, და მართლა ამას ვგულისხმობდი.

დონ ხენარომ დასტურის ნიშნად თავი დამიკრა.

— ჰო, — თქვა მან რბილად, თითქოს გულში ამბობდა, — პატარა კარლოსი მართლაც შემართული და აბსოლუტურად ალერტულია.

ვიგრძენი, რომ დამცინოდნენ. ჩემი შეხედულებით, განცხადებას, ჩემი შემართული მდგომარეობისა და ალერტულობის შესახებ, შესაძლოა გაეღიზიანებინა ისინი.

— მე არ ვაპირებ ტრაბახს, — ვუთხარი მე.

დონ ხენარომ წარბები წინ წამოსწია და ნესტოები გააფართოვა. მან ჩემს ბლოკნოტს შეხედა და თავი მომაჩვენა, რომ წერდა.

— ვფიქრობ, რომ კარლოსი უფრო შემართულია, ვიდრე ოდესმე, — უთხრა დონ ხუანმა დონ ხენაროს.

— იქნებ, ზედმეტადაა შემართული? — წამოისროლა დონ ხენარომ.

— სრულიად შესაძლებელია, — დაასკვნა დონ ხუანმა.

არ ვიცოდი, რა ჩამეკვეხებინა, ამიტომ ჩუმად ვიყავი.

— გახსოვს ის შემთხვევა, როცა შენი მანქანა გავყინე? მკითხა დონ ხუანმა სასხვათაშორისოდ.

მისი კითხვა მოულოდნელი იყო და ჩვენს საუბართან არ იყო დაკავშირებული. ის იმ დროს ეხებოდა, როცა არ შემეძლო დამექოქა ავტომობილის ძრავი მანამ, სანამ არ მითხრა, რომ შემიძლია დავქოქო.

— ეს არაფერი იყო, — თქვა დონ ხუანმა დარწმუნებულობის ელფერით. — სრულიად არაფერი. მართალია ხენარო?

— მართალია, — გულგრილად თქვა დონ ხენარომ.

— რას გულისხმობ? — ვუთხარი პროტესტით. — რაც იმ დღეს გააკეთე, მართლაც ჩემი გაგების ჩარჩოებს მიღმა იყო.

— ეს ბევრ რამეზე არ მეტყველებს, — თქვა დონ ხენარომ.

მათ ორივემ ხმამაღლა გაიცინეს, შემდეგ კი დონ ხუანმა ზურგზე ხელი დამიტყაპუნა.

— ხენაროს შეუძლია რაღაც გაცილებით უკეთესი გააკეთოს, ვიდრე შენი მანქანის გაყინვაა, — განაგრძო მან. მართალია, ხენარო?

— მართალია, — შენიშნა დონ ხენარომ და ბავშივით გადმოყარა კბილები.

— რის გაკეთება შეუძლია? — ვკითხე ისე, რომ აღელვება არ შევიმჩნიე.

— ხენაროს შეუძლია მთელი შენი მანქანა მოაშოროს! — წამოიძახა დონ ხუანმა მქუხარე ხმით. და შემდეგ იგივე ტონით დაამატა: — მართალია, ხენარო?

— მართალია! — უპასუხა დონ ხენარომ ყველაზე მაღალი ადამიანური ხმით, რაც კი ოდესმე მომისმენია.

უნებურად შევხტი. სხეულში სამმა-ოთხმა ნერვულმა სპაზმმა დამიარა.

— რისი თქმა გინდა იმით, რომ მას შეუძლია მოაშოროს ჩემი მანქანა? — ვკითხე მე.

— რისი თქმა მინდა, ხენარო? — ჰკითხა დონ ხუანმა.

— შენ გინდა თქვა, რომ მე შემიძლია ჩავჯდე მის მანქანაში და წავიდე, თქვა დონ ხენარომ არადამაჯერებელი სერიოზულობით.

— მოაშორე მანქანა, ხენარო, — უბიძგა მას დონ ხუანმა ხუმრობის ტონით.

— შესრულებულია! — თქვა ხენარომ გრიმასით და თან ცერად შემომხედა.

შევამჩნიე, რომ როცა გრიმასებს აკეთებდა, მისი წარბები თამაშობდნენ და მის მზერას გამცემსა და გამჭოლს ხდიდნენ.

— კარგი, — თქვა მშვიდად დონ ხუანმა. — წავიდეთ და შევამოწმოთ მანქანა.

— ჰო, — ექოდ გამოეხმაურა დონ ხენარო. — წავიდეთ და შევამოწმოთ მანქანა.

ისინი ძალიან ნელა წამოდგნენ. წამით არ ვიცოდი რა მექნა, მაგრამ დონ ხუანმა ჟესტით მანიშნა, რომ ავმდგარიყავი.

დონ ხუანის სახლის წინ პატარა გორაკისკენ გავემართეთ. დონ ხუანი ჩემგან მარჯვნივ მოდიოდა, დონ ხენარო კი — მარცხნივ. ისინი ჩემზე მეტრანახევრით წინ მიდიოდნენ და მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩემი ხედვის არეში იყვნენ.

— მოდი, შევამოწმოთ მანქანა, — თქვა კვლავ დონ ხენარომ.

დონ ხუანი ხელებს ისე ამოძრავებდა, თითქოს უჩინარ ძაფს ართავდა. დონ ხენარომაც იგივე გააკეთა და გაიმეორა: — მოდი, შევამოწმოთ მანქანა.

ისინი ოდნავ ჩამჯდრები მიდიოდნენ. მათი ნაბიჯები ჩვეულებრივზე დიდი იყო, და მათი ხელები ისე მოძრაობდნენ, თითქოს თავიანთ წინ რაღაც უჩინარ ნივთებს წმენდნენ ან აპრიალებდნენ. არასოდეს მინახავს დონ ხუანის ასეთი მასხრობა, და მისი შემყურე თითქმის გაღიზიანებას ვგრძნობდი.

მწვერვალს მივაღწიეთ, და ქვემოთ გადავიხედე, გორაკის ძირისკენ, სადაც დაახლოებით ას მეტრში ჩემი მანქანა დავაყენე. მუცელი შემეკუმშა! მანქანა აღარ იდგა!

გორაკიდან სირბილით ჩამოვედი. მანქანა არსად არ ჩანდა. წამით უზარმაზარი განცვიფრება ვიგრძენი. დეზორიენტირებული ვიყავი.

ჩემი მანქანა აქ მას შემდეგ იდგა, რაც დილით ადრე მოვედი. დაახლოებით ნახევარი საათის წინ ვიყავი აქ მოსული, რათა საწერი ქაღალდის ახალი შეკვრა ამეღო. ისიც კი ვიფიქრე, რომ ფანჯრები ღია დამეტოვებინა, რადგანაც ძალიან ცხელოდა, მაგრამ კოღოებისა და სხვა მფრინავი მწერების რაოდენობამ გადაწყვეტილების შეცვლა მაიძულა, და მანქანა ჩაკეტილი დავტოვე, როგორც ყოველთვის.

მივიხედ-მოვიხედე. უარს ვამბობდი იმის დაჯერებაზე, რომ ჩემი მანქანა გაქრა. მოსუფთავებული მოედნის კიდესთან მივედი. დონ ხუანი და დონ ხენარო შემომიერთდნენ, ჩემ გვერდით იდგნენ და ზუსტად იმას აკეთებდნენ, რასაც მე. როცა შორს ვიხედებოდი, ხომ არ მოჩანდა სადმე შემთხვევით მანქანა, წამით ეიფორია განვიცადე, რომელიც დამაბნეველი გაღიზიანების გრძნობით შიეცვალა. მათ, როგორც ჩანს, შეამჩნიეს ეს და ჩემ გარშემო სიარული დაიწყეს. თან ხელებს ისე ამოძრავებდნენ, თითქოს ცომს ზელდნენ.

— როგორ ფიქრობ, რა მოუვიდა მანქანას, ხენარო? — ჰკითხა დონ ხუანმა მოკრძალებული ტონით.

— მე ის გავიტაცე, — თქვა დონ ხენარომ და გააკეთა გადამცემის გადართვისა და საჭის დატრიალების გასაოცარი მოძრაობა. მან ფეხები მოკეცა, თითქოს ზისო და ამ მდგომარეობაში რამდენიმე წამი გაჩერდა. როგორც ჩანს მდგომარეობას ფეხის კუნთების მეშვეობით ინარჩუნებდა. შემდეგ წონა მარჯვენა ფეხზე გადაიტანა და მარცხენა გაშალა — პედალზე ფეხის მიჭერის იმიტირებით. ტუჩებით ძრავის ხმა გამოსცა, და ბოლოს გაითამაშა, რომ ორმოში ჩავარდა და შეხტა, რითაც მომცა სრული შთაბეჭდილება გამოუცდელი მძღოლისა, რომელიც ორმოებში დახტის და საჭეს ხელს არ უშვებს.

დონ ხენაროს პანტომიმა განსაცვიფრებელი იყო. დონ ხუანი იცინოდა, სანამ სუნთქვა არ შეეკრა. მინდოდა შევერთებოდი მათ მხიარულებას, მაგრამ მოდუნება არ შემეძლო. თავს ცუდად, საფრთხის ქვეშ ვგრძნობდი. ჩემს ცხოვრებაში უპრეცენდენტო ფორიაქმა შემიპყრო. ვიგრძენი, რომ შიგნიდან ვიწვოდი და ფეხებით ქვებს აქეთ-იქეთ ვყრიდი, და იმით დავამთავრე, რომ გაუცნობიერებელი და წინასწარგანუსაზღვრელი რისხვით ვისროდი მათ. თითქოს რისხვა მართლაც ჩემ გარეთ იყო და უეცრად გარს შემომეხვია. შემდეგ გაღიზიანებამ ისევე მისტიურად დამტოვა, როგორც მიპოვა. ღრმად ჩავისუნთქე და თავი უკეთ ვიგრძენი.

ვერ ვბედავდი დონ ხუანზე შეხედვას. ჩემი ბრაზის ამოფრქვევა მაღიზიანებდა, მაგრამ ამავე დროს მინდოდა გამეცინა. დონ ხუანი ზურგიდან მომიახლოვდა და ზურგზე მომეფერა. ხენარომ ხელი მხარზე დამადო.

— სწორია, — თქვა დონ ხენარომ, — გაუკეთე საკუთარ თავს ინდულგირება. ცხვირში მიირტყი ხელი, რომ სისხლი წამოგივიდეს. შემდეგ შეგიძლია ქვა აიღო და კბილები ჩაიმტვრიო. ეს ძალიან შველის! და თუ ესეც არ გიშველის, შეგიძლია შენი კვერცხები იგივე ქვით ამ დიდ ლოდზე გაიბრტყელო.

დონ ხუანმა გაიცინა. მე ვთქვი, რომ მრცხვენოდა იმის გამო, რომ ასე ცუდად ვიქცეოდი. არ ვიცოდი, რა დამემართა. დონ ხუანმა თქვა, რომ მე ზუსტად ვიცოდი, რაც ხდებოდა, და ვთვალთმაქცობდი, თითქოს არ ვიცოდი, და თავად თვალთმაქცობის აქტმა გამაბრაზა. დონ ხენარო უჩვეულოდ სასიამოვნო იყო. მან არაერთხელ დამისვა ხელი ზურგზე.

— ეს ჩვენ ყველას გვემართება, — თქვა დონ ხუანმა.

— რას გულისხმობ? — ჰკითხა დონ ხენარომ ჩემი ხმისა და კითხვების დასმის ჩემი ჩვევის იმიტირებით.

დონ ხუანმა რაღაც აბსურდული სიტყვები თქვა, რაღაც ამდაგვარი: „როცა სამყარო ფეხებით ზემოთაა, ჩვენ ფეხებით ქვემოთ ვართ, ხოლო როცა სამყარო ფეხებით ქვემოთაა, ჩვენ ფეხებით ზემოთ ვართ. ახლა, როცა სამყაროც და ჩვენც ფეხებით ქვემოთ ვართ, მაშინ ვფიქრობთ, რომ ფეხები გარეთ გვაქვს“. იგი აგრძელებდა და აგრძელებდა სისულელეების ლაპარაკს, ამ დროს კი დონ ხენარო ჩემ მიერ ჩანაწერების კეთების იმიტაციას ახდენდა. იგი უჩინარ ბლოკნოტში წერდა და ნესტოებს ხელის მოძრაობის ტაქტში ბერავდა, თვალები კი ფართოდ გახელილი და დონ ხუანზე მიჯაჭვული ჰქონდა. მისი მიბაძვა ჭეშმარიტად სასაცილო იყო.

მოულოდნელად თავი მსუბუქად და ბედნიერად ვიგრძენი. მათი სიცილი მამშვიდებდა. რაღაც მომენტში დავნებდი და მეც გადავიხარხარე. მაგრამ შემდეგ ჩემი ტვინი ფორიაქის, დაბნეულობისა და გაღიზიანების ახალ მდგომარეობაში შევიდა. ვიფიქრე, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო აქ, ეს შეუძლებელი იყო. და მართლაც ეს მიუღებელი იყო, თანახმად იმ ლოგიკური წესრიგისა, რომლის მიხედვით მსჯელობასაც მივეჩვიე გარესამყაროზე. და მაინც, გრძნობის ორგანოებით მე ვგრძნობდი, რომ ჩემი მანქანა აქ არ იყო. თავში მომივიდა აზრი, როგორც ეს ყოველთვის ხდებოდა, როცა დონ ხუანი აუხსნელ მოვლენას მთავაზობდა ხოლმე, რომ ჩვეულებრივი საშუალებებით გამეხუმრნენ. სტრესის ქვეშ ჩემი გონება უნებურად და დაჟინებით ყოველთვის ერთი და იმავე კონსტრუქციას იმეორებდა. დავიწყე გამოთვლა, რამდენი ადამიანი დასჭირდებოდათ დონ ხუანს და დონ ხენაროს იმისთვის, რომ აეწიათ ჩემი მანქანა და გადაეტანათ იმ ადგილიდან, სადაც დავტოვე. აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, რომ მანქანა ჩავკეტე. ხელის ტორმუზი ამოწეული მქონდა და მანქანაც სიჩქარეში იყო. საჭეც ჩაკეტილი იყო. მის გადასატანად ხელით აწევა იქნებოდა საჭირო. ეს ისეთ მშრომელ ძალას მოითხოვდა, რომ დარწმუნებული ვიყავი ვერცერთი მათგანი ერთად ვერ მოაგროვებდა. მეორე შესაძლებლობა ის იყო, რომ ვიღაცამ მათთან შეთანხმებით გახსნა მანქანა, დაქოქა და გაიტაცა. ამის გასაკეთებლად საჭირო იყო სპეციალური ცოდნა, რაც მათ არ გააჩნდათ. ერთადერთი სხვა ახსნა ის იყო, რომ შესაძლოა მაჰიპნოზებდნენ. მათი მოძრაობები იმდენად ახალი და იმდენად საეჭვო იყო ჩემთვის, რომ რაციონალური განსჯა დავიწყე. ვფიქრობდი, რომ თუ მაჰიპნოზებდნენ, მაშინ ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობაში ვიმყოფებოდი. დონ ხუანთან ურთიერთობის ჩემი გამოცდილების დროს შევამჩნიე, რომ ასეთ მდგომარეობებში შეუძლებელია მუდმივი გონებრივი დაკვირვება დროის სვლაზე. ამასთან არასოდეს არ იყო წესრიგი დროის დინების აღქმაში. და ჩემი დასკვნა იყო, რომ თუკი ალერტულად ვიქნებოდი, დადგებოდა მომენტი, როცა დროის თანმიმდევრულობის აღქმას დავკარგავდი. მაგალითად, როცა ერთ მომენტში მთას შევხედავდი, შემდეგ მომენტში კი აღმოჩნდებოდა, რომ ველს ვუყურებ საწინააღმდეგო მიმართულებით და არ მახსოვს, როდის შემოვბრუნდი. ვთვლიდი, რომ თუ რაღაც ამდაგვარი დამემართებოდა, მაშინ შევძლებდი იმის ახსნას, თუ რა დაემართა ჩემს მანქანას. გადავწყვიტე, რომ ერთადერთი, რისი გაკეთებაც შემეძლო, ეს იყო რაც შეიძლება ყურადღებით დაკვირვება ყოველ დეტალზე.

— სად არის ჩემი მანქანა? — მივმართე ორივეს.

— სადაა მანქანა ხენარო? — ჰკითხა დონ ხუანმა განსაკუთრებული სერიოზულობის გამომეტყველებით.

დონ ხენარომ დაიწყო პატარა ქვების გადატრიალება და მათ ქვეშ შეხედვა. იგი გამალებით მუშაობდა მთელ იმ მიდამოში, სადაც მანქანა დავტოვე. ფაქტიურად ყველა ქვა გადაატრიალა. დროდადრო გაბრაზებულის როლს თამაშობდა და ქვას ბუჩქებში ისროდა ხოლმე.

დონ ხუანი, როგორც ჩანს ფრიად ტკბებოდა ამ სცენით. ხითხითებდა და იცინოდა ისე, რომ ჩემი იქ ყოფნაც კი დაავიწყდა. დონ ხენარო ქვების გადაბრუნებას მორჩა და გაშეშდა. სახეზე გათამაშებული გაოცება აესახა, როდესაც დიდ ლოდს შეეჩეხა. ერთადერთ დიდ და მძიმე ქვას იმ ადგილას. მისი გადაბრუნება სცადა, მაგრამ ქვა მეტისმეტად მძიმე იყო და ღრმად იყო მიწაში ჩამჯდარი. იგი ცდილობდა და ქშინავდა, სანამ სახე ოფლით არ დაეფარა. შემდეგ ქვაზე დაჯდა და დონ ხუანს საშველად უხმო.

დონ ხუანი ჩემკენ შემობრუნდა და გაცისკროვნებული ღიმილით მითხრა:

— წავიდეთ, დავეხმაროთ ხენაროს.

— რას აკეთებს?

— შენს მანქანას ეძებს, — თქვა დონ ხუანმა, თითქოს ეს ჩვეულებრივი ამბავი ყოფილიყოს.

— კი, მაგრამ ღვთის გულისათვის! როგორ იპოვის ლოდის ქვეშ? — გავაპროტესტე მე.

— კი, მაგრამ ღვთის გულისათვის! რატომაც არა? — გამომძახა დონ ხენარომ და ორივე სიცილისგან გადაბჟირდა.

ლოდის აწევა ვერ შევძელით. დონ ხუანმა შემოგვთავაზა, რომ მისი სახლიდან ხის მორი გამოგვეტანა, რომ ბერკეტად გამოგვეყენებინა.

სახლისკენ მიმავალ გზაზე ვეუბნებოდი, რომ მათი ქცევები აბსურდულია, და ის, რასაც აკეთებენ, უსარგებლოა. დონ ხუანი მომაშტერდა.

— ხენარო ძალიან თანმიმდევრული ადამიანია, — თქვა დონ ხუანმა სერიოზული გამომეტყველებით. — იგი ისეთივე თანმიმდევრული და პუნქტუალურია, როგორც შენ. თავად თქვი, რომ არასოდეს ტოვებ არცერთ ქვას გადაუბრუნებლად. ისიც იგივეს აკეთებს.

დონ ხენარომ მხარზე ხელი დამიტყაპუნა და თქვა, რომ დონ ხუანი აბსოლუტურად მართალია, და მას მართლაც სურს, რომ მგავდეს. თვალებში გიჟური ბრწყინვალებით შემომხედა და ნესტოები დაბერა.

დონ ხუანმა ტაში შემოსცხო და თავისი ქუდი მიწაზე დააგდო.

სახლის გარშემო ხანგრძლივი ძიების შემდეგ დონ ხენარომ იპოვა გრძელი და საკმაოდ სქელი მორი, მხარზე შემოიგდო და კვლავ იმ ადგილას დავბრუნდით, სადაც ადრე ჩემი მანქანა იდგა.

როცა მცირე გორაზე ავდიოდით და უკვე თითქმის მივაღწიეთ ბილიკის მოსახვევს, საიდანაც შემეძლო დამენახა სადგომის ბრტყელი ადგილი, უეცრად თავში გამინათდა. ვიფიქრე, რომ ვიპოვნიდი მანქანას, თუ მათზე ადრე შევხედავდი, მაგრამ როცა ქვემოთ გადავიხედე, ჩემი მანქანა ისევ არ იყო.

როგორც ჩანს, დონ ხუანი და დონ ხენარო მიხვდნენ, რაც მქონდა აზრად და სიცილით მომდევდნენ უკან. როცა გორის ძირს მივადექით, მაშინვე მუშაობას შეუდგნენ. რამდენიმე წამით ვადევნებდი თვალყურს. მათი ქცევები სრულიად გაუგებარი იყო ჩემთვის. მოჩვენებითად არ მუშაობდნენ. მთელი მონდომებით ასრულებდნენ ლოდის გადაბრუნების ამოცანას, რათა ენახათ, იქ ხომ არ იყო ჩემი მანქანა. ჩემთვის ეს ნამეტანი იყო, ამიტომ მათ შევუერთდი. ისინი ქშინავდნენ და ყვიროდნენ, დონ ხენარო კი კოიოტივით ყმუოდა. ოფლში ცურავდნენ. აღვნიშნე, რა საოცრად ძლიერი სხეულები ჰქონდათ, განსაკუთრებით დონ ხუანს. მათ გვერდით მე ნაზი ყმაწვილი ვიყავი.

ძალიან მალე მეც ოფლით დავიფარე. ბოლოს და ბოლოს გადავაგორეთ ლოდი, და დონ ხენარომ ჭკუიდან გადამყვანი მოთმინებითა და გულდასმით დაიწყო მის ქვეშ არსებული მიწის გამოკვლევა.

— არა, ის აქ არაა, — განაცხადა მან.

ამ განცხადების შემდეგ ორივე ისევ სიცილისგან ხოხავდა.

მე ნერვიულად ვიცინოდი. როგორც ჩანს, დონ ხუანს ტკივილის ნამდვილი სპაზმები ჰქონდა, იგი მიწაზე იწვა და სახე ხელებით დაეფარა მაშინ, როცა მთელი მისი სხეული სიცილისგან თრთოდა.

— ახლა რა მიმართულებით წავიდეთ? — იკითხა დონ ხენარომ ხანგრძლივი შესვენების შემდეგ.

დონ ხუანმა თავის მოძრაობით ანიშნა.

— სად მივდივართ? — ვკითხე მე.

— შენი მანქანის საძებნელად, — თქვა დონ ხუანმა ისე, რომ არც კი გაუღიმია.

ისინი კვლავ ორივე მხრიდან მომყვებოდნენ. ბუჩქებში შევედით. მხოლოდ რამდენიმე მეტრი გავიარეთ, როცა დონ ხენარომ გვანიშნა, რომ გავჩერებულიყავით. იგი ფეხის წვერებით მიეპარა მრგვალ ბუჩქს რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით, რამდენიმე წამი იყურებოდა ტოტებში, შემდეგ კი თქვა, რომ მანქანა იქ არაა.

რამდენიმე ხანს ვიარეთ, შემდეგ კი დონ ხენარომ მანიშნა, რომ ჩუმად ვყოფილიყავი. ზურგი გამოზნიქა, ფეხის წვერებზე დადგა, ხელები თავს ზემოთ ასწია, თითები კი ბრჭყალებივით მოკაკვა. იმ ადგილიდან, სადაც მე ვიდექი, დონ ხენაროს სხეული ლათინურ S-ს ჰგავდა. წამით ამ პოზაში იყო, შემდეგ კი თავით გადაეშვა გამხმარფოთლებიანი გრძელი ტოტისკენ. ფრთხილად აიღო იგი, დაათვალიერა, და აღნიშნა, რომ მანქანა იქ არ იყო.

სანამ ჩაპარალში მივდიოდით, იგი ბუჩქებში იხედებოდა, პატარა ხეებზე ადიოდა და აკვირდებოდა მათ ფოთლებს მხოლოდ იმისთვის, რომ დაესკვნა — მანქანა იქაც არ იყო.

ამასობაში მე გონებრივად აღვნუსხავდი ყველაფერს, რასაც ვხედავდი და რასაც ვეხებოდი. ჩემი თანმიმდევრული და მოწესრიგებული ხედვა ჩემ გარშემო სამყაროზე ისეთივე უწყვეტი იყო, როგორც ყოველთვის. ვეხებოდი ქვებს, ბუჩქებს, ხეებს, და მზერა ერთიდან მეორე საგანზე გადამქონდა, ხან ერთი თვალით ვიყურებოდი, ხან მორეთი. ჩემი ყველა გათვლით ჩაპარალში მივაბიჯებდი: ისევე, როგორც ესუამრავჯერ გამიკეთებია ჩვეულებრივ ცხოვრებაში.

შემდეგ დონ ხენარო მუცელზე დაწვა და ჩვენც იგივეს გაკეთება გვთხოვა. ნიკაპი შეერთებულ ხელებზე დაიდო. დონ ხუანმაც იგივე გააკეთა. ორივენი მიაშტერდნენ მიწის პატარა ამობურცულობების სერიას, რომლებიც მიკროსკოპული გორებივით გამოიყურებდოდნენ. უეცრად დონ ხენარომ მარჯვენა ხელით დამჭერი მოძრაობა გააკეთა და რაღაც დაიჭირა. იგი სწრაფად წამოდგა, და იგივე გააკეთა დონ ხუანმაც. ხელი მომუშტული ჰქონდა. გვანიშნა, რომ ახლოს მივსულიყავით და შეგვეხედა, შემდეგ კი ნელა გახსნა ხელისგული. როცა იგი ნახევრად გაიხსნა, იქიდან რაღაც დიდი შავი საგანი გამოფრინდა და გაფრინდა. მოძრაობა იმდენად უეცარი იყო, მფრინავი საგანი კი იმდენად დიდი, რომ მე უკან გადავიხარე და კინაღამ წონასწორობა დავკარგე. დონ ხუანმა შემაკავა.

— ეს არ იყო მანქანა, — დაიწუწუნა დონ ხენარომ. — ეს დაწყევლილი ბუზი იყო. მაპატიეთ.

ორივენი დაჟინებული მზერით მიყურებდნენ. ჩემ წინ იდგნენ და პირდაპირ არ მიცქერდნენ, არამედ მხოლოდ თვალების კუთხეებით. დაკვირვება ხანგრძლივი აღმოჩნდა.

— ეს ბუზი იყო, ასე არაა? — მკითხა დონ ხენარომ.

— ვფიქრობ, რომ ასეა, — ვუთხარი მე.

— არ იფიქრო, — მიბრძანა დონ ხუანმა. — რა დაინახე?

—დავინახე რაღაც ყვავის სიდიდის, რომელიც მისი ხელიდან გამოფრინდა, — განვაცხადე მე.

ჩემი განცხადება იმას შეესაბამებოდა, რაც ვიგრძენი, და არ იყო გათვლილი, როგორც ხუმრობა, მაგრამ მათ ეს აღიქვეს, როგორც ყველაზე სასაცილო განცხადება, რაც კი ვინმემ თქვა მთელი ამ დღის განმავლობაში. ორივე ზემოთ-ქვემოთ დახტოდა და ხარხარებდა, სანამ სუნთქვა არ შეეკრათ.

— ვფიქრობ, კარლოსს ეყოფა, — თქვა დონ ხუანმა. ხმა ხრინწიანი ჰქონდა ბევრი სიცილის გამო.

დონ ხენარომ თქვა, რომ იგი სადაცაა იპოვიდა ჩემს მანქანას, და სულ უფრო ცხელოდა და ცხელოდა. შემდეგ მან ქუდი მოიძრო და ძაფი მიამაგრა თავისი პონჩოდან. შემდეგ თავისი შალის ქამარი ქუდზე მიმაგრებულ ყვითელ ლენტას მიამაგრა.

— ჩემი ქუდისგან ფრანს ვაკეთებ, — მითხრა მან.

თვალყურს ვადევნებდი. ვიცოდი, რომ ხუმრობდა. თავს ყოველთვის ფრანების ექსპერტად ვთვლიდი. როცა ბავშვი ვიყავი, ურთულეს ფრანებს ვაკეთებდი და ვიცოდი, რომ ქუდის ფარფლები ძალიან თხელია იმისთვის, რომ ქარს გაუძლოს. ქუდის ზედა ნაწილი, მეორე მხრივ, ძალიან მაღალი იყო, ამიტომ ქარი შიგნით იმოძრავებდა და საშუალებას არ მისცემდა ქუდს, რომ მიწიდან აწეულიყო.

— ფიქრობ, რომ არ გაფრინდება, ასე არაა? — მკითხა დონ ხუანმა.

— ვიცი, რომ არ გაფრინდება, — ვუთხარი მე.

როგორც ჩანს, დონ ხენაროს ეს არ აღელვებდა, და ფრანის კეთება იმით დაასრულა, რომ გრძელი ძაფი მიაბა.

ქარიანი დღე იყო, და დონ ხენარო გორიდან ქვემოთ დაეშვა იმ დროს, როცა დონ ხუანს მისი ქუდი ეჭირა. შემდეგ დონ ხენარომ ძაფი მოქაჩა, და დაწყევლილი ქუდი მართლაც გაფრინდა.

— შეხედე, შეხედე ფრანს! — დაიყვირა დონ ხენარომ. ქუდი ერთი-ორჯერ ქვემოთ დაეშვა, მაგრამ ჰაერში დარჩა.

— თვალი არ მოაშორო ფრანს, — მითხრა მტკიცედ დონ ხუანმა.

წამით თავბრუსხვევა ვიგრძენი. როცა ფრანს ვუყურებდი, სრულიად სხვა შემთხვევა გამახსენდა. მეჩვენებოდა, რომ თავად გავუშვი ფრანი, როგორც ამას ვაკეთებდი ჩემს მშობლიურ ქალაქში, ქარიან დღეებში.

მოკლე დროით მოგონებამ შემიპყრო და დროის მსვლელობის შეგრძნება დავკარგე.

მომესმა, რომ დონ ხენარო რაღაცას ყვიროდა და დავინახე ქუდი, რომელიც ზემოთ-ქვემოთ დაცურავდა, შემდეგ კი მიწაზე დაეცა იმ ადგილას, სადაც ჩემი მანქანა იდგა. ეს ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ მკაფიო წარმოდგენა არ მქონდა იმის შესახებ, თუ რა მოხდა. თავბრუსხვევას და დაბნეულობას ვგრძნობდი. დავინახე, რომ ან დონ ხენაროს ქუდი გადაიქცა მანქანად, ან ეს ქუდი ჩემი მანქანის სახურავზე დაეცა. მინდოდა ეს უკანასკნელი დამეჯერებინა, რომ დონ ხენაროს თავისი ქუდის გამოყენება უნდოდა, რათა ჩემი მანქანა ეჩვენებინა. არა ის, რომ ამას მნიშვნელობა ჰქონდა, რადგანაც პირველი ვარიანტიც ისეთივე შემაშინებელი იყო, როგორც მეორე, მაგრამ ჩემი გონება ამ საკამათო დეტალს ეჭიდებოდა, რათა მენტალური წონასწორობა შეენარჩუნებინა.

— ნუ ებრძვი ამას, — მომესმა დონ ხუანის ხმა.

ვგრძნობდი, რომ რაღაც ჩემში სადაცაა გარეთ გამოიჭრებოდა. აზრები და ხილვები შეუკავებელ ტალღებად მოდიოდა ისე, თითქოს ვიძინებდი. გაქვავებული ვუყურებდი მანქანას. იგი ქვიან ადგილზე იდგა, დაახლოებით ოცდაათ მეტრში. ისე გამოიყურებოდა, რომ ეს-ესაა ვიღაცამ დააყენა იქ. სწრაფად მივირბინე მასთან და თვალიერება დავუწყე.

— ჯანდაბა! — წამოიძახა დონ ხუანმა. — ნუ უყურებ მანქანას, სამყარო გააჩერე!

შემდეგ, როგორც სიზმარში, მისი ყვირილი მომესმა: „ხენაროს ქუდი! ხენაროს ქუდი!“

შევხედე მათ. ორივე დაჟინებით მიყურებდა გამჭოლი მზერით. მუცელში ტკივილი ვიგრძენი. უეცრად თავი ამტკივდა და ცუდად გავხდი.

დონ ხუანი და დონ ხენარო ცნობისმოყვარეობით მიცქერდნენ. რაღაც პერიოდი მანქანის გვერდით ვიჯექი, შემდეგ კი სრულიად ავტომატურად კარი გავაღე და დონ ხენარო უკანა სავარძელზე დავსვი. დონ ხუანიც გვერდით მიუჯდა. ეს უცნაურად მომეჩვენა, რადგანაც, როგორც წესი, იგი წინა სავარძელზე ჯდებოდა ხოლმე.

დონ ხუანის სახლიკენ მივდიოდი. თითქოს ბურუსში ვიყავი. საკუთარ თავს არ ვეკუთვნოდი. მუცელი წესრიგში არ მქონდა და გულისრევის შეგრძნებამ სიფხიზლე მომგვარა. მანქანას მექანიკურად ვატარებდი. მესმოდა, როგორ იცინოდნენ და ხითხითებდნენ დონ ხუანი და დონ ხენარო ბავშვებივით. მესმოდა, როგორ მკითხა დონ ხუანმა: „მივუახლოვდით?“

ამ დროს აღმოვაჩინე, რომ მხოლოდ ახლა მივაქციე გზას ყურადღება. ჩვენ მართლაც ძალიან ახლოს ვიყავით მის სახლთან.

— ახლა უკვე იქ ვიქნებით, — ჩავილუღლუღე მე.

ისინი სიცილისგან გადაბჟირდნენ. ხელებს მუხლებზე ირტყამდნენ.

როგორც კი სახლთან მივედით, ავტომატურად სწრაფად გადმოვედი მანქანიდან და ჩვენ წინ კარი გავაღე. დონ ხენარო პირველი გადმოვიდა და მომილოცა. თქვა, რომ ეს ყველაზე სასიამოვნო მგზავრობა იყო, რაც კი ცხოვრებაში ჰქონია. დონ ხუანმც იგივე გააკეთა. მე თითქმის არ მიმიქცევია მათთვის ყურადღება. მანქანა ჩავკეტე და ძლივს მივაღწიე სახლამდე. სანამ დავიძინებდი, მესმოდა, როგორ ხითხითებდნენ დონ ხუანი და დონ ხენარო.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff