კარლოს კასტანედა - მოგზაურობა იქსტლანში

კარლოს კასტანედა
5
1

ის, ვინც მეომრის გზაზე დგება, გზაზე, რომელსაც გული აქვს, ვეღარასოდეს დარჩება უბრალო ობივატელად

1. დასტური გარესამყაროდან

 

1. დასტური გარესამყაროდან

— როგორც ვხვდები, თქვენ ძალიან ბევრი რამ იცით მცენარეების შესახებ, სერ. — ვუთხარი მოხუც ინდიელს, რომელიც ჩემ წინ იჯდა. ჩემმა მეგობარმა უბრალოდ შეგვახვედრა და ოთახი დატოვა, და ჩვენ თავად წარვუდგინეთ ერთმანეთს საკუთარი თავები. მოხუცმა მითხრა, რომ მას ხუან მატუსი ერქვა.

— ეს შენმა მეგობარმა გითხრა? — მკითხა მან.

— დიახ, მან მითხრა.

— მე ვაგროვებ მცენარეებს, ან უფრო ზუსტად, ისინი მაძლევენ საშუალებას, რომ შევაგროვო, — თქვა მან რბილად.

ჩვენ ავტოსადგურის მოსაცდელში ვიმყოფებოდით, არიზონაში. მე ძალიან ოფიციალურ ესპანურ ენაზე ვკითხე, მომცემდა თუ არა საშუალებას, რომ გამომეკითხა. ვუთხარი:

— მომცემს თუ არა ნებას ჯელტმენი «კაბალიერო», რომ რაღაც კითხვები დავუსვა?

«კაბალიერო» — წარმოებული სიტყვისგან «კაბალო» — ცხენი, ნიშნავდა მხედარს, ან დიდგვაროვან ადამიანს ცხენზე. მან ინკვიზიტორულად შემომხედა.

— მე ვარ მხედარი ცხენის გარეშე, — თქვა მან ფართო ღიმილით. შემდეგ დაამატა: — გითხარი, რომ ხუან მატუსი მქვია.

მისი ღიმილი მომეწონა. ვიფიქრე, რომ სავარაუდოდ ისეთი ადამიანი იყო, რომელსაც პირდაპირობა უყვარდა, და გადავწყვიტე თამამად მიმემართა თხოვნით.

ვუთხარი, რომ დაინტერესებული ვიყავი სამკურნალო მცენარეების შეგროვებით და შესწავლით. ვუთხარი, რომ ჩემი განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს ჰალუცინოგენური კაქტუსის — პეიოტის გამოყენება, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში შევისწავლიდი ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტში.

ვფიქრობდი, ჩემი წარდგენა ძალზე სერიოზული იყო. ჩემი სიტყვები ძალზე თავშეკავებული და სრულიად სანდოდ ჟღერდა ჩემთვის. მოხუცმა ნელა დამიქნია თავი, და მისი დუმილით გამხნევებულმა დავამატე, რომ ორივესთვის კარგი იქნებოდა, თუ შევხვდებოდით და პეიოტის შესახებ ვისაუბრებდით.

სწორედ ამ მომენტში მან თავი ასწია და თვალებში შემომხედა. ეს საშინელი მზერა იყო. თუმცა მასში არ იყო არც მუქარა და არც შეშინების სურვილი. ეს იყო მზერა, რომელმაც ჩემში გაატანა. მაშინვე დავმუნჯდი და საუბარს ვეღარ ვაგრძელებდი. ეს ჩვენი შეხვედრის დასასრული იყო. და მაინც, იმედის ნამცეცი დამიტოვა და მითხრა, რომ შესაძლოა ოდესმე შევძლებდი მის სახლში მონახულებას.

ძნელი იქნებოდა დონ ხუანის მზერის ზემოქმედების დადგენა, ეს ყველაფერი ამ მოვლენის უნიკალურობასთან რომ არ დამეკავშირებინა. როდესაც ანთროპოლოგიის შესწავლა დავიწყე, და ამგვარად დონ ხუანს შევხვდი, უკვე ექსპერტი ვიყავი იმაში, რასაც უწოდებენ «იცოდე გამოძრომა». სახლიდან მრავალი წლის წინ წამოვედი, და ჩემი შეფასებით ეს ნიშნავდა, რომ საკუთარ თავზე ზრუნვა შემეძლო. ყოველთვის, როცა უარმყოფდნენ, გზის გაკვალვა მლიქვნელობით შემეძლო, იმით, რომ კომპრომისზე მივდიოდი, ვკამათობდი, ვბრაზობდი ან, თუ არაფერი მშველიდა, ვწუწუნებდი. სხვა სიტყვებით, ყოველთვის იყო რაღაც ისეთი, რაც, როგორც მე ვიცოდი, შემეძლო გამეკეთებინა მოცემულ ვითარებაში. და არასოდეს ჩემს ცხოვრებაში არცერთ ადამიანს არ შეუჩერებია ჩემი ინერცია ასე იოლად და ამდენად სრულად, როგორც ეს დონ ხუანმა იმ დღეს გააკეთა. საქმე მხოლოდ იმაში არ იყო, რომ გაჩუმება მაიძულეს. იყო დრო, როდესაც სიტყვის თქმაც კი არ შემეძლო ოპონენტისთვის რაღაც თანდაყოლილი პატივისცემის გამო, რომელსაც მისადმი ვგრძნობდი. და მაინც, ამ შემთხვევებში ჩემი სიბრაზე ან დაბნეულობა ჩემს აზრებში ვლინდებოდა. მაგრამ დონ ხუანის მზერამ იმდენად მუნჯი გამხადა, რომ გარკვევით ფიქრიც კი შევწყვიტე.

სრულიად დაინტრიგებული ვიყავი ამ განმგმირავი მზერით და გადავწყვიტე კვლავ შევხვედროდი. ამ პირველი შეხვედრის შემდეგ ექვსი თვის განმავლობაში ვემზადებოდი და ვკითხულობდი ამერიკელ ინდიელთა მიერ პეიოტის გამოყენების შესახებ. გავეცანი ყველა მისაწვდომ ნაშრომს, და როცა ვიგრძენი, რომ მზად ვიყავი, არიზონაში დავბრუნდი.

შაბათი. 1960 წლის 17 დეკემბერი.

მისი სახლი ადგილობრივი ინდიელების ხანგრძლივი და ძვირადღირებული გამოკითხვების შემდეგ ვიპოვნე. შუადღე იყო, როცა სახლთან მივედი და მის წინ დავდექი. დავინახე დონ ხუანი, რომელიც ხისგან დამზადებულ რძის ბიდონზე იჯდა. როგორც ჩანს მიცნო და მომესალმა, როცა მანქანიდან გადმოვდიოდი.

რაღაც დროის განმავლობაში ცარიელი სტანდარტული ფრაზები გავცვალეთ, შემდეგ კი პირდაპირ ვაღიარე, რომ პირველი შეხვედრისას ძალიან არაგულწრფელი ვიყავი. ვტრაბახობდი, რომ ბევრი რამ ვიცოდი პეიოტის შესახებ მაშინ, როცა სინამდვილეში არაფერი ვიცოდი მასზე. იგი მიყურებდა. ძალიან კეთილი თვალები ჰქონდა. ვუთხარი, რომ ექვსი თვის განმავლობაში ვკითხულობდი, რომ ამ შეხვედრისთვის მოვმზადებულიყავი, და ამჯერად მართლაც ბევრად მეტი ვიცოდი. მას გაეცინა. როგორც ჩანს, ჩემს განცხადებაში რაღაც სასაცილოდ მოეჩვენა. იცინოდა ჩემზე, და ამის გამო თავს ცოტა არ იყოს შეცბუნებულად და უხერხულად ვგრძნობდი.

როგორც ჩანს, შენიშნა ჩემი უხერხულობა და დამარწმუნა, რომ თუმცა კეთილი ზრახვები მქონდა, სინამდვილეში არანაირი საშუალება არ არსებობდა ამ შეხვედრისთვის მოსამზადებლად. ვიფიქრე, ხომ არ მეკითხა, აქვს თუ არა ამ განცხადებას რაღაც ფარული აზრი, მაგრამ აღარ გავაკეთე ეს. თუმცა, როგორც ჩანდა, განწყობილი იყო ჩემი გრძნობების მიმართ და განაგრძობდა ახსნას, თუ რას გულისხმობდა. მან თქვა, რომ ჩემმა ძალისხმევებმა მოაგონა ზღაპარი ადამიანების შესახებ, რომლებსაც მეფემ ოდესღაც ბრალი დასდო და სიკვდილით დასაჯა. თქვა, რომ ზღაპარში დასჯილი ადამიანები არაფრით არ განსხვავდებოდნენ მათგან, ვინც მათ სჯიდა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ისინი რაღაც სიტყვებს განსაკუთრებულად იმეორებდნენ, ისე, როგორც მხოლოდ მათთვის იყო დამახასიათებელი. ამ ნაკლმა, რა თქმა უნდა, გასცა ისინი. მეფემ გუშაგები დააყენა გზებზე, კრიტიკულ წერტილებში, სადაც ჩინოვნიკები ყოველი გამვლელისგან საკვანძო სიტყვის წარმოთქმას ითხოვდნენ. ისინი, ვინც მეფესავით წარმოთქვამდნენ მას, ცოცხლები რჩებოდნენ, მაგრამ მათ, ვისაც ეს არ გამოსდიოდა, დაუყოვნებლივ სიკვდილით სჯიდნენ. ზღაპრის მთავარი არსი იმაში იყო, რომ ერთხელ ახალგაზრდა ადამიანმა გადაწყვიტა მომზადებულიყო, რომ საგუშაგო გადაელახა, და ამისთვის ისწავლა გამოსაცდელი სიტყვის ისე წარმოთქმა, როგორც მეფეს მოეწონებოდა.

დონ ხუანმა ფართე ღიმილით თქვა, რომ ფაქტიურად ახალგაზრდა კაცს ამისთვის ექვსი თვე დასჭირდა, რომ სიტყვის სწორად წარმოთქმა ესწავლა. და მოვიდა დიდი გამოცდის დღე. ახალგაზრდა კაცი ძალიან თავდაჯერებული მიუახლოვდა საგუშაგოს და დაელოდა, სანამ ჩინოვნიკი სიტყვის წარმოთქმას სთხოვდა.

ამ მომენტში დონ ხუანმა ძალიან დრამატულად შეწყვიტა თხრობა და შემომხედა. მისი პაუზა ზუსტად იყო გათვლილი და თითქოს ხაფანგად მომეჩვენა, მაგრამ მე თამაშს განვაგრძნობდი. ზღაპრის თემა ადრეც მქონდა მოსმენილი. იქ საქმე ებრაელებს და გერმანელებს ეხებოდა, და მეთოდს, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იყო ებრაელი გარკვეული სიტყვის წარმოთქმის მიხედვით გამოგერჩია. მე ამბის ძირითადი ხაზიც ვიცოდი: ახალგაზრდა კაცი უნდა შეეპყროთ იმის გამო, რომ ჩინოვნიკს საკვანძო სიტყვა დაავიწყდა და სხვა სიტყვის წარმოთქმა სთხოვა, რომელიც ძალიან ჰგავდა წინას, მაგრამ მისი სწორად წარმოთქმა ამ კაცს ნასწავლი არ ჰქონდა.

როგორც ჩანს, დონ ხუანი ელოდა, რომ შევეკითხებოდი, თუ რა მოხდა. ასეც მოვიქეცი.

— რა დაემართა მას? — ვკითხე მე, და ვეცადე გულუბრყვილო და ძალიან დაინტერესებული გამომეტყველება მიმეღო.

— ახალგაზრდა კაცი, რომელიც მართლაც ცბიერი იყო, მიხვდა, რომ ჩინოვნიკს დაავიწყდა საკვანძო სიტყვა და მანამ, სანამ იგი სხვა რამის თქმას მოასწრებდა, აღიარა, რომ ექვსი თვის განმავლობაში ემზადებოდა.

მან ხანგრძლივი პაუზა გააკეთა, შემომხედა და თვალები საკუთარი თავის გამცემი ელვარებით უბრწყინავდა. ამჯერად მან კარტები შეცვალა. ახალგაზრდა კაცის აღიარება ახალი ელემენტი იყო, და მე უკვე არ ვიცოდი, რით დამთავრდებოდა ისტორია.

— და რა მოხდა შემდეგ? — ვკითხე მართლა დაინტერესებულმა.

— ახალგაზრდა კაცი რა თქმა უნდა დაუყოვნებლივ დახვრიტეს, — თქვა მან და გადაიხარხარა.

მე ძალიან მომეწონა მეთოდი, რომლითაც მან ჩემი ინტერესი დაიპყრო. კიდევ უფრო მეტად მომეწონა მეთოდი, რომლითაც ზღაპარი ჩემს კონკრეტულ შემთხვევას დააკავშირა. გამოდიოდა, რომ ფაქტიურად ჩემთვის შეადგინა. ძალიან ნატიფად და არტისტულად დამცინოდა. მეც გამეცინა მასთან ერთად. ამის შემდეგ ვუთხარი, რომ მიუხედავად იმისა, რამდენად სულელურად შეიძლება ეს ჟღერდეს, მართლა დაინტერესებული ვარ მცენარეებით.

— მე ძალიან მიყვარს სეირნობა, — თქვა მან. ვიფიქრე, რომ საუბრის თემის შეცვლა უნდოდა, რომ არ ეპასუხა ჩემთვის. არ მინდოდა ჩემს წინააღმდეგ განმეწყო დაჟინებულობით. მკითხა, მინდოდა თუ არა მასთან ერთად უდაბნოში გამესეირნა. ენთუზიაზმით ვუთხარი, რომ სიამოვნებით გავისეირნებდი უდაბნოში.

— ეს პიკნიკი არაა, — მითხრა გამაფრთხილებელი ტონით.

ვუთხარი, რომ ძალიან სერიოზულად მინდოდა მასთან მუშაობა, რომ მჭირდებოდა ინფორმაცია, ნებისმიერი სახის ინფორმაცია სამკურნალო მცენარეების გამოყენებაზე, და რომ გადავუხდიდი მისი დროისა და შრომისთვის.

— შენ ჩემზე იმუშავებ, მე კი ხელფასს გადაგიხდი.

— რამდენს გადამიხდი? — მკითხა მან.

მის ხმაში სიხარბის ნოტი დავიჭირე.

— რამდენსაც საჭიროდ ჩათვლი, — ვუთხარი მე.

— გადამიხადე ჩემი დროისთვის... შენი დროით, — თქვა მან.

ვიფიქრე, რომ იგი ძალიან ცნობისმოყვარე პიროვნება იყო. ვუთხარი, რომ ვერ ვხვდებოდი, რას გულისხმობდა. მან თქვა, რომ მცენარეებზე არაფერია სალაპარაკო, ამიტომ ფულის აღება წარმოუდგენელი იყო მისთვის.

— რას აკეთებ ჯიბეში? — თქვა მან და გრიმასა მიიღო. — შენ რა, შენს სირს ეთამაშები? — იგი ამბობდა ჩემს ფარულ ჩაწერაზე მინიატურულ ბლოკნოტში, რომელიც ქურთუკის უზარმაზარ ჯიბეში მედო.

როცა ვუთხარი, რასაც ვაკეთებდი, გულიანად გაეცინა. ვუთხარი, რომ არ მინდოდა შემეწუხებინა და პირდაპირ მის წინ ჩამეწერა.

— თუ ჩაწერა გინდა, ჩაიწერე, არ შემაწუხებ, — თქვა მან.

უდაბნოში ვსეირნობდით, სანამ სრულიად არ დაბნელდა. არანაირ მცენარეებს არ მაჩვენებდა და მათზე საერთოდ არ საუბრობდა. ცოტა ხნით დასასვენებლად შევჩერდით დიდ ბუჩქებთან.

— მცენარეები ძალიან საინტერესონი არიან, — თქვა მან, ისე რომ არც შემოუხედავს. — ისინი ცოცხლები არიან და გრძნობენ.

ზუსტად იმ მომენტში, როდესაც ეს განცხადება გააკეთა, ძლიერი ქარის ტალღამ შეარხია უდაბნოს ბუჩქები ჩვენ გარშემო. მათ მქუხარე ხმა გამოსცეს.

— გესმის? — მკითხა მან და მარჯვენა ხელი ყურზე მიიდო, თითქოს თავის სმენას მიეშველაო. — ფოთლები და ქარი დამეთანხმნენ.

მე გამეცინა. მეგობარმა, რომელმაც შეგვახვედრა, წინასწარ გამაფრთხილა, რომ ფრთხილად ვყოფილიყავი, რადგან მოხუცი ძალიან ექსცენტრული იყო. მე ვიფიქრე, რომ «ფოთლებთან შეთანხმება» მისი ერთ-ერთი ექსცენტრულობა იყო. რაღაც დროის განმავლობაში კიდევ ვისეირნეთ, მაგრამ ჯერ კიდევ არ მაჩვენებდა არანაირ მცენარეს, და ერთი მათგანიც კი არ მოუწყვეტია. უბრალოდ დადიოდა ბუჩქებს შორის და ოდნავ ეხებოდა მათ. შემდეგ გაჩერდა, ქვაზე ჩამოჯდა და მითხრა, რომ გავჩერებულიყავი და მიმეხედ-მომეხედა. მე კვლავაც საუბარს ვთხოვდი. კიდევ ერთხელ მივანიშნე, რომ ძალიან მინდოდა მცენარეების შესწავლა, განსაკუთრებით პეიოტის. ვთხოვე, რომ ჩემი ინფორმატორი გამხდარიყო რაღაც გარკვეული ფულადი გასამრჯელოს სანაცვლოდ.

— შენ არ გჭირდება ფულის გადახდა, — მითხრა მან. — შეგიძლია მკითხო, რაც გინდა. ყველაფერს მოგიყვები, რაც ვიცი, შემდეგ კი გეტყვი, რა უყო ამ ყველაფერს.

მკითხა, ვიყავი თუ არა თანახმა მის გეგმაზე. მე აღფრთოვანებული ვიყავი. შემდეგ იდუმალებით მოცული შენიშვნა დაამატა:

— შესაძლოა არაფერია ისეთი, რისი სწავლებაც მცენარეებზე შეიძლება, რადგან მათზე არაფერია სათქმელი.

ან ვერ გავიგე, რა თქვა, ან ვერ გავიგე, რა იგულისხმა.

— რა თქვი? — ვკითხე მე. მან ეს შენიშვნა სამჯერ გაიმეორა, და შემდეგ მთელი მიდამო სამხედრო რეაქტიული თვითმფრინავის წუილმა გააყრუა.

— აი! სამყარო დამეთანხმა, — თქვა მან და მარცხენა ხელისგული ყურთან მიიტანა.

ძალიან სასიამოვნოდ გამოიყურებოდა. მისი სიცილი გადამდები იყო.

— შენ არიზონადან ხარ, დონ ხუან? — ვკითხე მე, ვცდილობდი რა შემენარჩუნებინა საუბარი იმ ფარგლებში, რომ ჩემი ინფორმატორი ყოფილიყო. შემომხედა და დასტურის ნიშნად თავი დამიქნია. მეჩვენებოდა, რომ თვალები დაღლილი ჰქონდა.

— ამ რაიონში დაიბადე?

თავი დამიქნია და კვლავაც არ მიპასუხა. ეს დამადასტურებელ ჟესტს ჰგავდა, მაგრამ ასევე ჰგავდა ჩაფიქრებული ადამიანის თავის ნერვიულ ქნევას.

— შენ თვითონ საიდან ხარ? — მკითხა მან.

— მე სამხრეთ ამერიკიდან ვარ, — ვუპასუხე მე.

— ეს დიდი ადგილია. მთელი ამ ადგილიდან ხარ?

მისი მზერა კვლავაც გამჭოლი იყო, როცა შემომხედა. დავიწყე ჩემი დაბადების ვითარებების აღწერა, მაგრამ გამაჩერა.

— ამ თვალსაზრისით ჩვენ ერთმანეთს ვგავართ, — თქვა მან. — მე ახლა ვცხოვრობ აქ, მაგრამ სინამდვილეში იაკი ვარ, სონორიდან.

— და ეს ყველაფერია! მე თავად...

არ დამამთავრებინა.

— ვიცი, ვიცი, — თქვა მან. — შენ ის ხარ, ვინც ხარ, იქიდან ხარ, საიდანაც ხარ. ისევე როგორც მე ვარ იაკი სონორიდან.

მისი თვალები ძალიან ნათელი იყო, ხოლო სიცილი უცნაურად შემაწუხებელი. ისე მაგრძნობინა თავი, თითქოს რაღაც ტყუილში გამომიჭირაო. დანაშაულის საინტერესო გრძნობა განვიცადე. მქონდა შეგრძნება, რომ მან ისეთი რაღაც იცის, რაც მე არ ვიცი, ან არ მინდა ვთქვა. ჩემი უცნაური გაღიზიანება იზრდებოდა. როგორც ჩანს, შეამჩნია ეს, იმიტომ, რომ მკითხა, ხომ არ მინდოდა ქალაქში, რესტორანში ჭამა.

მისი სახლისკენ უკან მიმავალ გზაზე და შემდეგ ქალაქისკენ, ავტომობილზე ჯდომისას თავი უკეთ ვიგრძენი, მაგრამ ბოლომდე ვერ მოვდუნდი. რაღაცნაირად ვგრძნობდი, რომ რაღაც საფრთხე მემუქრებოდა, მაგრამ მიზეზს ვერ ვპოულობდი. მინდოდა მისთვის რესტორანში ლუდი მეყიდა. მან თქვა, რომ არასოდეს სვამს, ლუდსაც კი. ჩემთვის გამეცინა. არ დავუჯერე. მეგობარი, რომელმაც ერთმანეთს შეგვახვედრა, მეუბნებოდა, რომ მოხუცი დროის უმეტესი ნაწილის განმავლობაში თავის ჭკუაზე ვერ იყო. მართლა არ მაინტერესებდა, იტყუებოდა თუ არა დასალევის შესახებ. მომწონდა დონ ხუანი. რაღაც დამამშვიდებელი იყო მის პიროვნებაში.

როგორც ჩანს სახეზე ეჭვი გამომეხატა, რადგანაც შემდეგ ახსნა დამიწყო, რომ ახალგაზრდობაში სვამდა, მაგრამ ერთხელაც უბრალოდ თავი დაანება.

— ადამიანებს არც კი ესმით, რომ ჩვენი ცხოვრებიდან ნებისმიერ დროს შეგვიძლია გადავაგდოთ რაც გვინდა. უბრალოდ ასე. — მან თითები გაატკაცუნა.

— ფიქრობ, რომ ასე ადვილია დალევაზე ან მოწევაზე თავის დანებება? — ვკითხე მე.

— რა თქმა უნდა! — თქვა მან დიდი დარწმუნებით. — მოწევა და დალევა არაფერია, საერთოდ არაფერია, თუ მათთვის თავის დანებება გვინდა.

ამ მომენტში ყავის მადუღარამ, რომელშიც წყალი დუღდა, მჭექარე ხმა გამოსცა.

— გესმის ეს! — წამოიძახა თვალებგაბრწყინებულმა დონ ხუანმა. — მადუღარა მეთანხმება.

შემდეგ პაუზის შემდეგ დაამატა:

— ადამიანს შეუძლია ყველაფრისგან მიიღოს თანხმობა, რაც მის გარშემოა.

ამ კრიტიკულ მომენტში ყავის მადუღარამ ჭეშმარიტად ხორხისმიერი ხმა გამოსცა. მან შეხედა მადუღარას და უთხრა: — გმადლობ, — თავი დაუქნია, შემდეგ კი გადაიხარხარა. მე გავმხიარულდი. მისი ხარხარი ზედმეტად ხმამაღალი იყო, მაგრამ გულწრფელად მომწონდა ეს ყველაფერი.

ამის შემდეგ პირველი რეალური სესია ჩემს «ინფორმატორთან» დასრულდა. მე ვუთხარი, რომ მეგობრები მყავს სანახავი, და მოხარული ვიქნებოდი, კიდევ მომენახულებინა იგი შემდეგი კვირის ბოლოს.

— როდის იქნები სახლში? — ვკითხე მე.

იგი დაჟინებით მაკვირდებოდა.

— როცა მოხვალ, — მიპასუხა მან.

— ზუსტად არ ვიცი, როდის მოვალ.

— მაშინ უბრალოდ მოდი, ნუ იღელვებ მაგაზე.

— სახლში რომ არ დამხვდე?

— სახლში ვიქნები, მითხრა ღიმილით და წავიდა.

მე გავეკიდე და ვკითხე, ხომ არ იქნებოდა წინააღმდეგი, თუ თან ფოტოაპარატი მექნებოდა, რათა მისთვის და მისი სახლისთვის ფოტოები გადამეღო.

— ამაზე საუბარიც ვერ იქნება, — მითხრა მან გრიმასით.

— მაგნიტოფონზე რას იტყვი? ამის წინააღმდეგიც ხარ?

— ვშიშობ, რომ ასეთი შესაძლებლობაც არ იქნება.

თავი გაღიზიანებულად ვიგრძენი. ვთქვი, რომ ვერ ვხედავდი უარის ლოგიკურ მიზეზს.

დონ ხუანმა უარყოფის ნიშნად თავი გაიქნია.

— დაივიწყე ეს, — თქვა ძლიერად. — და თუ კიდევ გინდა ჩემი ნახვა, არასოდეს გამიმეორო.

მე უკანასკნელად შევეწინააღმდეგე. ვუთხარი, რომ ფოტოსურათები და აუდიო-ჩანაწერები შეუფასებელია ჩემი სამუშაოსთვის. მან მიპასუხა, რომ მხოლოდ ერთი რამაა შეუფასებელი და მას «სული» უწოდა.

— სულის გარეშე ფონს ვერ გახვალ, — თქვა მან. — შენ კი ის არ გაქვს. ამაზე იდარდე, და არა ფოტოსურათებზე.

— რას?..

მან თავისი მოძრაობით შემაჩერა და რამდენიმე ნაბიჯით ისევ მომიახლოვდა.

— აუცილებლად დაბრუნდი, — მითხრა რბილად და დამშვიდობების ნიშნად ხელი დამიქნია.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff