კარლოს კასტანედა - მოგზაურობა იქსტლანში

კარლოს კასტანედა
5
1

ის, ვინც მეომრის გზაზე დგება, გზაზე, რომელსაც გული აქვს, ვეღარასოდეს დარჩება უბრალო ობივატელად

3. საკუთარი თავის მნიშვნელოვნების დაკარგვა

3. საკუთარი თავის მნიშვნელოვნების დაკარგვა

 

მე მქონდა შესაძლებლობა, განმეხილა დონ ხუანთან ჩემი ორი წინა ვიზიტი ჩემს იმ მეგობართან, რომელმაც შეგვახვედრა ერთმანეთს. მისი აზრით დროს ვკარგავდი. ბოლო დეტალებამდე მოვუყევი ჩვენი საუბრები. იგი თვლიდა, რომ ვაჭარბებდი და რომანტიულ ორეოლს ვუქმნიდი ჩერჩეტ ბებერს.

მაგრამ ჩემთვის ძნელი იქნებოდა ასეთი უჩვეულო მოხუცის რომანტიზება. გულწრფელად ვგრძნობდი, რომ ჩემი პიროვნების მიმართ მისი კრიტიკა სერიოზული საფუძველი იყო იმისა, რომ იგი მომწონდა. თუმცაღა უნდა მეღიარებინა, რომ ეს კრიტიკა არასოდეს არ იყო უადგილო და ბოლო ასომდე მართალი იყო.

ჩემი პრობლემის მთავარი ღერძი ამჯერად ის იყო, რომ არ მინდოდა მეღიარებინა ერთი რამ — დონ ხუანს შეეძლო სამყაროს შესახებ ჩემი ყველა რწმენა დაენგრია, და ასევე არ მინდოდა დავთანხმებოდი მეგობარს, რომელიც თვლიდა, რომ «ბებერი ინდიელი უბრალოდ ჩერჩეტია». თავს ვალდებულად ვგრძნობდი, რომ კიდევ ერთხელ მომენახულებინა, სანამ მასზე ჩემს შეხედულებას შევიქმნიდი.

ოთხშაბათი, 1960 წლის 28 დეკემბერი.

როგორც კი მასთან ჩავედი, სასეირნოდ წამიყვანა უდაბნოს ჩაპარალში. არც კი შეხედა პროდუქტებით სავსე ტომარას, რომლებიც მივუტანე. მომეჩვენა, რომ მელოდებოდა.

რამდენიმე საათის განმავლობაში მივდიოდით. იგი არ აგროვებდა, არ მაჩვენებდა არანაირ მცენარეს. თუმცა მასწავლიდა «სიარულის სწორ მეთოდს». მეუბნებოდა, რომ სიარულის დროს ოდნავ უნდა მოვხარო თითები იმისთვის, რომ შევძლო ყურადღების მიქცევა გზისთვის და გარშემომყოფებისთვის. მან განაცხადა, რომ ჩემი სიარულის ჩვეული მანერა საშინელია, და რომ არასოდეს არაფერი არ უნდა ვატარო ხელებით. თუ რაიმე ნივთების ტარება მინდა, ზურგჩანთა ან ზურგის ტომარა უნდა გამოვიყენო. მისი იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ თუ ხელებს გარკვეულ მდგომარეობაში დავიჭერდი, შევძლებდი, რომ დიდი გამძლეობა მქონოდა და გარემოც უკეთ გამეცნობიერებინა.

კამათის მიზეზს ვერ ვხედავდი, ამიტომ თითები ისე მოვკაკვე, როგორც მითხრა, და გზა განვაგრძე. გარემოს გაცნობიერება ოდნავაც არ შეცვლილა, იგივე ეხებოდა ჩემს გამძლეობასაც. ჩვენი გასეირნება დილით დავიწყეთ და დასასვენებლად შუადღის შემდეგ შევჩერდით. ოფლში ვცურავდი და მინდოდა წყალი დამელია, მაგრამ მან შემაჩერა და მითხრა, რომ ჯობდა მხოლოდ ერთი ყლუპი გადამეყლაპა. პატარა ყვითელ ბუჩქს რამდენიმე ფოთოლი მოაწყვიტა და დაღეჭა. რამდენიმე ფოთოლი მეც მომცა და შენიშნა, რომ ისინი მშვენიერები იყვნენ, და თუ ნელა დავღეჭავდი, წყურვილი გამიქრებოდა. წყურვილი არ გამქრალა, მაგრამ არაკომფორტულადაც აღარ ვგრძნობდი თავს.

მან თითქოს წაიკითხა ჩემი აზრები და ამიხსნა, რომ მე ვერ ვიგრძენი სარგებლობა «სიარულის სწორი მეთოდისგან» ან ფოთლების ღეჭვისგან იმიტომ, რომ ახალგაზრდა და ძლიერი ვარ, ჩემი სხეული კი ვერაფერს ამჩნევს, რადგანაც ცოტა სულელია. მას გაეცინა. მე არ ვიყავი სიცილის განწყობაზე, და როგორც ჩანს ამან კიდევ უფრო გაამხიარულა. თავისი წინა განცხადება შეასწორა და თქვა, რომ ჩემი სხეული მართლა სულელი კი არაა, მაგრამ მას სძინავს.

ამ მომენტში უზარმაზარმა ყვავმა პირდაპირ ჩვენ თავზე ჩხავილით გადაიფრინა. ამან შემაშინა, და სიცილი დავიწყე. ვფიქრობდი, რომ ვითარება სიცილს მოითხოვდა, მაგრამ ჩემდა გასაკვირად ძლიერად მომქაჩა ხელზე და გაჩუმება მაიძულა. უკიდურესად სერიოზული გამომეტყველება ჰქონდა.

— ეს ხუმრობა არ იყო, — თქვა მან მკაცრად, თითქოს მცოდნოდა, რაზე ლაპარაკობდა. ვთხოვე აეხსნა. ვუთხარი, რომ ეს არასწორია, რომ ჩემმა სიცილმა ყვავზე გააბრაზა მაშინ, როცა ადრე ორივენი ვიცინოდით ყავის მადუღარაზე.

— რაც შენ დაინახე, უბრალოდ ყვავი არ იყო! — წამოიძახა მან.

— კი, მაგრამ დავინახე იგი, და ეს ყვავი იყო, — დაჟინებით ვამტკიცებდი მე.

— შენ არაფერი არ დაგინახავს, სულელო, — თქვა მან უხეში ხმით.

ეს უხეშობა უმიზეზო იყო. ვუთხარი, რომ არ მიყვარდა ადამიანების გაბრაზება, და იქნებ უკეთესი იქნება, თუ წავალ, რადგან როგორც ჩანს იგი არ იყო ჩემთან ყოფნის ხასიათზე. დონ ხუანმა თავშეუკავებლად გადაიხარხარა, თითქოს კლოუნი ვყოფილიყავი, რომელიც მის წინ წარმოდგენას მართავდა. ჩემი უკმაყოფილება და გაღიზიანება პროპორციულად იზრდებოდა.

— ძალიან სასტიკი ხარ, — გააკეთა მან კომენტარი. — საკუთარ თავს ძალიან სერიოზულად იღებ.

— ნუთუ შენც იგივეს არ აკეთებ? — ჩავერთე მე, — საკუთარი თავი სერიოზულად არ მიიღე, როცა ჩემზე გაბრაზდი?

მან თქვა, რომ ჩემზე გაბრაზება ყველაზე შორეული რამ იყო, რაც კი შეიძლებოდა მოფიქრებოდა. გამჭოლად შემომხედა.

— ის, რაც ჩვენ დავინახეთ, სამყაროს თანხმობა არ იყო, — თქვა მან. — მფრინავი ან მჩხავანა ყვავი არასოდეს არ ნიშნავს თანხმობას. ეს ნიშანი იყო!

— რისი ნიშანი?

— ძალზე მნიშვნელოვანი მინიშნება შენზე, — თქვა მან იდუმალი ხმით.

ამ მომენტში ქარმა გამხმარი ტოტი დააგდო პირდაპირ ჩვენს ფეხებთან.

— აი, ეს თანხმობა იყო! — წამოიძახა მან, მანათობელი თვალებით შემომხედა და კვლავ გადაიხარხარა.

ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ განგებ მაღიზიანებდა, ქმნიდა რა უცნაური თამაშის წესებს მით უფრო მეტად, რაც უფრო შორს მივდიოდით. ამიტომ, მას შეეძლო სიცილი, მე კი — არა. ჩემი უკმაყოფილების ნიშნულმა კვლავ ზემოთ აიწია, და ყველაფერი ვუთხარი, რასაც მასზე ვფიქრობდი. იგი ხარხარებდა და მისი სიცილი კიდევ უფრო მეტ უკმაყოფილებას და გაღიზიანებას იწვევდა ჩემში. ვიფიქრე, რომ განზრახ მაყენებდა სულელურ მდგომარეობაში. მაშინვე გადავწყვიტე, რომ მორჩა, მეყო ეს «საველე სამუშაოები». წამოვდექი და ვუთხარი, რომ უკან, მის სახლთან მინდოდა დაბრუნება, რადგან ლოს-ანჯელესში უნდა წავსულიყავი.

— დაჯექი, — მითხრა მბრძანებლური ტონით. — წყენია ხარ, როგორც ბებერი ლედი. ახლა ვერ წახვალ, იმიტომ, რომ ჯერ არ დაგვიმთავრებია.

ვერ ვიტანდი. ვფიქრობდი, რომ ძალიან არასასიამოვნო ადამიანი იყო. მან რაღაც იდიოტური მექსიკური ხალხური სიმღერა შემოსძახა. ნათელი იყო, რომ ვიღაც პოპულარულ მომღერალს განასახიერებდა. რაღაც მარცვლები გაწელა, რაღაცეები კი შეამოკლა და სიმღერა ნამდვილ ფარსად აქცია. ეს იმდენად კომიკური იყო, რომ მაგრად გამეცინა.

—ხედავ, გეცინება სულელურ სიმღერაზე, — თქვა მან. — მაგრამ იმ ადამიანს, რომელიც ამ სიმღერას მღერის და იმ ადამიანებს, რომლებიც ამის მოსმენაში ფულს იხდიან, არ ეცინებათ. ისინი ამას სერიოზულად თვლიან.

— რას გულისხმობ? — ვკითხე მე. ვფიქრობდი, რომ განზრახ შეარჩია მაგალითი, რათა ეთქვა, რომ ყვავზე იმის გამო ვიცინოდი, რომ სერიოზულად არ აღვიქვამდი, ისევე, როგორც სიმღერას არ აღვიქვამ სერიოზულად. მაგრამ მან კვლავაც გამაცურა. მითხრა, რომ იმ მომღერალს და იმ ადამიანებს ვგავდი, რომლებსაც ეს სიმღერა მოსწონდათ, უნდობი და საშინლად სერიოზული ყოველგვარი უაზრობის მიმართ, რაშიც არცერთი ჯანსაღი გონების მქონე გროშსაც არ გადაიხდის. შემდეგ უკან დაბრუნდა, თითქოს იმისთვის, რომ მეხსიერება განეახლებინა. გაიმეორა ყველაფერი, რაც ადრე ჰქონდა ნათქვამი მცენარეების შესწავლის თემაზე და ხაზი გაუსვა, რომ თუ მართლა მინდა სწავლა, ჩემი ქცევების უმეტესი ნაწილი უნდა გადავაკეთო.

ჩემი უკმაყოფილება იმ დონეზე გაიზარდა, რომ უკვე დიდი ძალისხმევა მჭირდებოდა ჩანაწერების გასაკეთებლადაც კი.

— შენ მეტისმეტად სერიოზულად იღებ საკუთარ თავს, — თქვა მან ნელა. — მეტისმეტად მნიშვნელოვანი ხარ საკუთარი თვალისთვის. ეს უნდა შეიცვალოს! ისე საშინლად მნიშვნელოვანი ხარ, რომ უფლებამოსილად თვლი თავს — ყველაფერზე გაღიზიანდე. ისე საშინლად მნიშვნელოვანი ხარ, რომ შეგიძლია ნება მისცე საკუთარ თავს წახვიდე, თუ მოვლენები ისე არ ეწყობა, როგორც შენ გსურს. ჩემი აზრით, შენ ფიქრობ, რომ ეს ყველაფერი შენს ხასიათს აჩვენებს. ეს სიბრიყვეა! შენ სუსტი და იპოხონდრიული ხარ!

მინდოდა პროტესტი გამომეხატა, მაგრამ ამან მასზე არ იმოქმედა. მიმანიშნა, რომ ცხოვრების განმავლობაში არაფერი არ დამიმთავრებია შეუსაბამო მნიშვნელოვანების გამო, რომელსაც საკუთარ თავს ვუკავშირებდი.

გაოგნებული ვიყავი იმ დარწმუნებულობით, რომლითაც ამ განცხადებებს აკეთებდა. ისინი რა თქმა უნდა მართალი იყო, და ამან მაიძულა მეგრძნო არა მხოლოდ სიბრაზე, არამედ საფრთხეც.

— საკუთარი თავის მნიშვნელოვნება — ეს ისაა, რაც უნდა გადააგდო, სწორედ ისევე, როგორც პირადი ისტორია, — თქვა მან დრამატული ტონით.

მე მართლა არ მსურდა მასთან კამათი. ცხადი იყო, რომ საშინლად არამომგებიან მდგომარეობაში ვიყავი. იგი არ აპირებდა სახლში დაბრუნებას მანამ, სანამ მზად არ იქნებოდა, მე კი გზა არ ვიცოდი. იძლებული ვიყავი, მასთან დავრჩენილიყავი.

მან უცნაური და მოულოდნელი მოძრაობა გააკეთა, თითქოს გარშემო რაღაც ჰაერი შეიყნოსა. მისი თავი ოდნავ მოძრაობდა, ნელა და რიტმულად. მეჩვენებოდა, რომ უჩვეულო ალერტულობის მდგომარეობაში იყო. შემობრუნდა და შემომხედა მზერით, რომელშიც ცნობისმოყვარეობა და გაკვირვება იყო. მისი თვალები ჩემს სხეულს აუყვნენ და დაუყვნენ, თითქოს რაღაც განსაკუთრებულს ეძებენო. შემდეგ მკვეთრად წამოდგა და სწრაფად წავიდა. თითქმის გარბოდა. მე გავყევი. იგი ინარჩუნებდა ძალზე აჩქარებულ ნაბიჯს თითქმის ერთი საათის განმავლობაში. ბოლოს როგორც იქნა კლდის გორაკთან გაჩერდა, და ჩვენ ბუჩქის ჩრდილში ჩამოვჯექით. სირბილმა ბოლომდე დამქანცა, თუმცა ჩემი განწყობა გაუმჯობესდა. ძალიან უცნაური იყო, როგორ შევიცვალე. აღმაფრენას ვგრძნობდი, მაშინ, როცა სანამ სირბილით წამოვიდოდით, ჩვენი კამათის შემდეგ განრისხებული ვიყავი მასზე.

— ეს ძალიან უცნაურია, — ვთქვი მე, — მაგრამ მართლა კარგად ვგრძნობ თავს.

სადღაც შორს ყვავის ჩხავილის ხმა შემომესმა. მან თითი მიიდო მარჯვენა ყურთან და გაიღიმა.

— ეს ნიშანი იყო, — თქვა მან.

მცირე ქვა ძირს დაგორდა და ხრაშუნის ხმა გამოსცა, როდესაც ჩაპარალში ჩავარდა. დონ ხუანს ხმამაღლა გაეცინა და თითი ხმის მხარეს გაიშვირა.

— ეს კი თანხმობა იყო, — თქვა მან. შემდეგ მკითხა, მართლა ვარ თუ არა მზად საუბრისთვის საკუთარი თავის მნიშვნელოვნების შესახებ. მე გამეცინა. ჩემი სიბრაზის გრძნობა იმდენად შორს იყო, რომ არც კი მესმოდა, როგორ გავუბრაზდი მას.

— არ მესმის, რა დამემართა, — ვუთხარი მე. — ჯერ გავბრაზდი, ახლა კი არ ვიცი რატომ აღარ ვბრაზდები.

— სამყარო ჩვენ გარშემო ძალზე იდუმალია, — თქვა მან. — ის ადვილად არ გასცემს თავის საიდუმლოებებს.

მომეწონა მისი იდუმალი განცხადებები. ისინი გამომწვევნი და გაუგებარნი იყვნენ. არ შემეძლო განმესაზღვრა, რაღაც ფარული აზრით იყვნენ სავსე, თუ ეს ყველაფერი უბრალოდ გულახდილი სისულელე იყო.

— თუ ოდესმე დაბრუნდები აქ, უდაბნოში, — თქვა მან, — შორს დაიჭირე თავი იმ ქვიანი გორაკისგან, სადაც დღეს გავჩერდით. როგორც შავ ჭირს, ისე გაექეცი.

— რატომ? რაშია საქმე?

— ახლა ამის ახსნის დრო არ არის. ახლა საკუთარი თავის მნიშვნელოვნების მოშორებით ვართ დაკავებული. მანამ, სანამ გრძნობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვან რამეს წარმოადგენ სამყაროში, შენ ვერ შეძლებ გარესამყაროს აღქმას. სათვალურებიან ცხენს ჰგავხარ. მხოლოდ საკუთარ თავს ხედავ და ვერაფერს დანარჩენს.

ერთი წამით მაკვირდებოდა.

— მინდა აქ ჩემს მეგობარს დაველაპარაკო, — თქვა მან და პატარა მცენარეზე მიმითითა. მუხლებზე დადგა, მოფერება დაუწყო მცენარეს და თან ელაპარაკებოდა. თავიდან არ მესმოდა, რას ამბობდა, მაგრამ შემდეგ ენა შეცვალა და ესპანურად დაუწყო საუბარი. რაღაც უაზრობებს ლაპარაკობდა. შემდეგ წამოდგა.

— მნიშვნელობა არ აქვს, რას ეუბნები მცენარეს, — თქვა მან. — შეგიძლია უბრალოდ მოიფიქრო სიტყვები. მთავარი მისდამი სიმპათიის გრძნობაა და მიმართვა, როგორც თანატოლთან.

მან ამიხსნა, რომ ადამიანმა, რომელიც მცენარეებს აგროვებს, ყოველ ჯერზე უნდა მოუბოდიშოს იმისთვის, რომ იღებს მათ, და უნდა დაარწმუნოს, რომ ოდესმე მისი სხეულიც საკვები გახდება მათთვის.

— ასე რომ, საბოლოო ჯამში, ჩვენ და მცენარეები თანასწორნი ვართ, — თქვა მან. — არც ჩვენ და არც ისინი არ ვართ არც მეტად მნიშვნელოვანნი და არც ნაკლებად მნიშვნელოვანნი.

— მოდი გავესაუბროთ პატარა მცენარეს, — თქვა მან. უთხარი, რომ უკვე აღარ გრძნობ საკუთარ მნიშვნელოვნობას.

მე იმდენად შორს წავედი, რომ მცენარეს მუხლებზე დავუდექი. ვერ ვაიძულებდი საკუთარ თავს მასთან ლაპარაკს. სასაცილოდ ვიგრძენი თავი და გამეცინა. თუმცაღა გაბრაზებული არ ვიყავი.

დონ ხუანმა ზურგზე გადამისვა ხელი და თქვა, რომ ყველაფერი რიგზეა, რომ სხვა თუ არაფერი, კარგი განწყობა მაინც შევინარჩუნე.

— დღეიდან ესაუბრე ხოლმე პატარა მცენარეებს, — თქვა მან. — ესაუბრე მანამ, სანამ საკუთარი მნიშვნელოვნების ყოველგვარ გრძნობას არ დაკარგავ. ესაუბრე მანამდე, სანამ სხვების თანდასწრებითაც არ შეძლებ ამის გაკეთებას.

— აი, იმ ბორცვებზე ადი და შენით ივარჯიშე.

ვკითხე, სწორი იქნებოდა თუ არა მცენარეებთან ჩუმად, გონებაში ლაპარაკი. მას გაეცინა და თავზე ხელი გადამისვა.

— არა, — თქვა მან. — ხმამაღალი და მკაფიო ხმით უნდა ელაპარაკო, თუ გინდა, რომ გიპასუხონ.

იმ ადგილზე წავედი, სადაც მიმითითა, თან მეცინებოდა მის ექსცენტრულობაზე. ვეცადე კიდეც, რომ მცენარეებთან მესაუბრა, მაგრამ გრძნობამ, რომ სასაცილო ვიყავი, ყველაფერი გადაწონა. მას შემდეგ, რაც ჩემი აზრით საკმარისი დრო გავიდა, უკან დავბრუნდი, დონ ხუანთან. დარწმუნებული ვიყავი — იცოდა, რომ მცენარეებთან არ მილაპარაკია. არ მიყურებდა. ნიშანი მომცა, რომ მის გვედრით ჩამოვმჯდარიყავი.

— ყურადღებით დამაკვირდი, — მითხრა მან. — ახლა ჩემს პატარა მეგობარს დაველაპარაკები.

პატარა მცენარის წინ მუხლებზე დადგა. რამდენიმე წუთის განმავლობაში სხეულით მოძრაობდა და ირხეოდა, და ამასთან ერთად ლაპარაკობდა და იცინოდა. ვიფიქრე, რომ ჭკუიდან შეიშალა.

—ამ პატარა მცენარემ მითხრა, მეთქვა შენთვის, რომ იგი საჭმელად ვარგისია, — თქვა მან და ფეხზე წამოდგა. — მან თქვა, რომ ერთ ბღუჯა ამ მცენარეს შეუძლია ჯანმრთელობა შეუნარჩუნოს ადამიანს. ასევე მითხრა, რომ ასეთივე მცენარეების მთელი მდელო, აი, იქ იზრდება. დონ ხუანმა დაახლოებით ოთხასი მეტრის მანძილზე, ბორცვის ფერდობისკენ მიმითითა.

— წავიდეთ, ვნახოთ, — თქვა მან.

მე გამეცინა მის უცნაურობებზე. დარწმუნებული ვიყავი, რომ იპოვნიდა მცენარეებს, იმიტომ, რომ ექსპერტი იყო ადგილობრივი მიდამოების ცოდნაში და იცოდა, სად იზრდებოდნენ სამკურნალო და საჭმელად ვარგისი მცენარეები.

სანამ ამ ადგილამდე მივიდოდით, სასხვათაშორისოდ მითხრა, რომ უნდა შემემჩნია ეს მცენარე, იმიტომ, რომ იგი ერთდროულად იყო საჭმელად ვარგისიც და სამკურნალოც. ნახევრადხუმრობით ვკითხე, მცენარემ ხომ არ უთხრა ამის შესახებ. მან თავი გაიქნია.

— აჰ! — წამოიძახა სიცილით. — შენი სიჭკვიანე უფრო ბრიყვს გხდის, ვიდრე მეგონა. როგორ შეუძლია პატარა მცენარეს ახლა მითხრას ის, რაც მთელი ჩემი ცხოვრება ვიცოდი?

შემდეგ განაგრძო ახსნა, რომ ზედმიწევნით დაწვრილებით იცოდა ამ მცენარის თავისებურებანი, და ამ მცენარემ ახლახანს უთხრა, რომ მითითებულ ადგილას მისი მთელი მდელო იზრდება, და რომ მას არაფერი ექნება საწინააღმდეგო, თუ ამას მე მომიყვება.

როდესაც გორაკის ფერდობს მივადექით, ასეთივე მცენარეების უამრავი ამონაზარდი ვნახე. მინდოდა გამეცინა, მაგრამ მან დრო არ მომცა. უნდოდა, რომ მადლობა გადამეხადა ამ მცენარეებისთვის. მე მტანჯველი გრძნობა მაწუხებდა და ვერ ვაიძულებდი საკუთარ თავს ამის გაკეთებას. მას გაეღიმა და კიდევ ერთი იდუმალი განცხადება გააკეთა, მან იგი სამჯერ ან ოთხჯერ გაიმეორა, თითქოს დროს მაძლევდა, რომ მისი მნიშვნელობა დამეჭირა.

— სამყარო ჩვენ გარშემო — გამოცანაა, — თქვა მან. — და ადამიანები არაფრით არ არიან ნებისმიერ სხვა რამეზე უკეთესები. თუ პატარა მცენარე გულწრფელია ჩვენდამი, მადლობა უნდა გადავუხადოთ მას, თუ არადა, შესაძლოა, არ მოგვცეს წასვლის საშუალება.

ამას რომ მეუბნებოდა, კანკალმა ამიტანა. სასწრაფოდ დავიჩოქე მცენარეების წინ და ხმამაღლა ვუთხარი «მადლობა». მან სიცილი დაიწყო, კონტროლირებადად და მშვიდად იცინოდა. კიდევ მთელი საათი ვიარეთ, შემდეგ კი მის სახლში დავბრუნდით. ერთხელ ჩამოვრჩი, და იგი იძულებული იყო დამლოდებოდა. ჩემი თითები შეამოწმა: მქონდა თუ არა მოკაკვული? მე ამას არ ვაკეთებდი. მან მბრძანებლური ტონით მითხრა, რომ ყოველთვის, როცა მასთან ერთად ვსეირნობ, მისი მანერები უნდა დავიცვა და დავაკოპირო, ან საერთოდ არ უნდა მივიდე.

— არ შემიძლია გელოდო, თითქოს ბავშვი იყო, — თქვა მან საყვედურით სავსე ტონით.

ამ განცხადებამ გაღიზიანებისა და დაბნეულობის სიღრმეებში ჩამაგდო. როგორ შეიძლება, რომ ასეთი მოხუცი ადამიანი ჩემზე გაცილებით კარგდ დადიოდეს? საკუთარ თავს ძლიერ ათლეტად ვთვლიდი, არადა მართლა უნდა დამლოდებოდა ხოლმე, რომ დავწეოდი.

თითები მოვკაკვე და, რაც არ უნდა უცნაური იყოს, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე შევძელი ამეტანა მისი საშინლად ჩქარი ნაბიჯი. უფრო მეტიც, დროდადრო ვგრძნობდი, რომ ჩემი ხელები წინ მიმათრევდნენ. აღმაფრენას ვგრძნობდი. თავს ბედნიერად ვგრძნობდი იმით, რომ უდარდელად მივაბიჯებდი უცნაურ მოხუც ინდიელთან ერთად. საუბარი გავუბი და რამდენჯერმე ვკითხე, მაჩვენებდა თუ არა მცენარე პეიოტს. მან შემომხედა და სიტყვაც არ უთქვამს.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff