კარლოს კასტანედა - მოგზაურობა იქსტლანში

კარლოს კასტანედა
5
1

ის, ვინც მეომრის გზაზე დგება, გზაზე, რომელსაც გული აქვს, ვეღარასოდეს დარჩება უბრალო ობივატელად

11. მეომრის განწყობა

11. მეომრის განწყობა

 

დონ ხუანის სახლში ხუთშაბათს, 1961 წლის 31 აგვისტოს მივედი, და მანამ, სანამ მისალმებას მოვასწრებდი, ჩემი მანქანის ფანჯარაში შემოჰყო თავი და ღიმილით მითხრა:

— ჩვენ საკმაოდ დიდი მანძილი უნდა გავიაროთ ძალის ადგილამდე, ახლა კი თითქმის შუადღეა.

მანქანის კარი გააღო, გვერდით დამიჯდა წინა სავარძელში და მიმითითა, რომ სამხრეთის მიმართულებით დაახლოებით 70 მილი მევლო. შემდეგ აღმოსავლეთისკენ, გრუნტის გზაზე გადავუხვიეთ და მანამ ვიარეთ, სანამ მთების ფერდობს არ მივადექით. მანქანა გზასთან დავტოვე, მოფარებულ ადგილას, რომელიც დონ ხუანმა აარჩია მანქანის თვალთახედვის არედან დასამალად. აქედან პირდაპირ ქვემოთ დავეშვით, დაბალი გორაკების მწვერვალებისკენ.

როცა დაბნელდა, დონ ხუანმა ადგილი შეარჩია დასაძინებლად. სრულ დუმილს მოითხოვდა.

მეორე დღეს წავიხემსეთ და მოგზაურობა განვაგრძეთ აღმოსავლეთის მიმართულებით. მცენარეულობა უკვე აღარ იყო უდაბნოს ბუჩქნარი. ეს იყო მთის ბუჩქებისა და ხეების უხვი სიმწვანე.

დაახლოებით შუადღისკენ გიგანტური არაერთგვაროვანი კლდის თავზე ავედით, რომელიც კედელს ჰგავდა. დონ ხუანი ჩამოჯდა და მეც მომცა ნიშანი, რომ დავმჯდარიყავი.

— ეს ძალის ადგილია, — თქვა მან წამიერი პაუზის შემდეგ. — ესაა ადგილი, სადაც ძალიან დიდი ხნის წინ მეომრები დამარხეს.

ამ მომენტში ყვავმა გადაგვიფრინა ჩხავილით. დონ ხუანი დაჟინებით ადევნებდა თვალს მის ფრენას. მე კლდეს ვათვალიერებდი და იმაზე ვფიქრობდი, თუ სად შეიძლებოდა აქ დამარხული ყოფილიყვნენ მეომრები, როცა მან მხარზე ხელი დამიტყაპუნა.

— აქ არა, სულელო, — თქვა მან ღიმილით. — იქ, ქვემოთ.

მან მიმითითა მინდორზე პირდაპირ ჩვენ ქვეშ აღმოსავლეთისკენ და ამიხსნა, რომ მინდორი რომელზეც იგი საუბრობდა, გარშემორტყმულია ბუნებრივი კლდის კედლებით. იმ ადგილიდან, სადაც ვიჯექი, დავინახე დიამეტრით დაახლოებით ორასმეტრიანი მონაკვეთი, რომელიც წრეს ჰგავდა. მის ზედაპირს ხშირი ბუჩქები ფარავდნენ და ლოდებს ნიღბავდნენ. ვერ შევამჩნევდი მის სრულყოფილ წრის ფორმას, დონ ხუანს რომ არ მიეთითებინა.

მან თქვა, რომ არსებობდა მრავალი ასეთი ადგილი, რომელიც გაფანტული იყო ინდიელების ძველ სამყაროში. ისინი ყოველთვის ძალის ადგილები კი არ იყვნენ, როგორც ზოგიერთი მთა ან გორაკი, სადაც სულები ცხოვრობდნენ, არამედ წარმოადგენდნენ გასხივოსნების ადგილებს, სადაც ადამიანს შეუძლია ისწავლოს, თუ სად შეიძლება პრობლემების გადაწყვეტის პოვნა.

— ჩვენ აქ მთელი ღამე უნდა გავატაროთ?

— ასე ვფიქრობდი, მაგრამ პატარა ყვავმა მითხრა, რომ ეს არ გავაკეთო.

მინდოდა მეტი გამეგო ყვავებზე, მაგრამ მან მანიშნა, რომ გავჩუმებულიყავი.

— შეხედე ლოდების იმ წრეს, — თქვა მან. — დააფიქსირე იგი შენს მეხსიერებაში და შემდეგ, ოდესმე, ყვავი სხვა ასეთ ადგილას მიგიყვანს. რაც უფრო სრულყოფილია მისი წრიულობა, მით უფრო მეტია მისი ძალა.

— და მეომართა ძვლები ისევ აქაა დამარხული?

დონ ხუანმა გაოცების სასაცილო ჟესტი გააკეთა, შემდეგ კი ფართოდ გაიღიმა.

— ეს არაა სასაფლაო, — თქვა მან. — აქ არავინ არაა დამარხული. მე ვთქვი, რომ მეომრები ოდესღაც აქ იყვნენ დამარხულნი. მე ვგულისხმობდი, რომ ისინი აქ მოდიოდნენ, რათა თავი დაემარხათ აქ ერთი ღამით, ორი დღით ან იმ პერიოდით, რამდენიც დასჭირდებოდათ. არ მიგულისხმია, რომ აქ მკვდარი ადამიანების ძვლებია ჩამარხული. მე საქმე არა მაქვს სასაფლაოებთან. მათში არაა ძალა. თუმცაღა მეომრის ძვლებში იგი არის. მაგრამ მათ არ მარხავენ სასაფლაოებზე. კიდევ უფრო მეტი ცოდნის ძალაა ადამიანის ძვლებში, მაგრამ პრაქტიკულად შეუძლებელია მათი პოვნა.

— ვინ არის ცოდნის ადამიანი, დონ ხუან?

— ნებისმიერს შეუძლია გახდეს ცოდნის ადამიანი. როგორც უკვე გითხარი, მეომარი უზადო მონადირეა, რომელიც ძალაზე ნადირობს. თუ ის წარმატებას მიაღწევს თავის ნადირობაში, შეუძლია ცოდნის ადამიანი გახდეს.

— რას...

მან კითხვა თავის მოძრაობით გამაწყვეტინა. ადგა და ნიშანი მომცა, რომ თან გავყოლოდი და კლდის აღმოსავლეთ ციცაბო მხრიდან დაშვება დაიწყო. თითქმის შეუმჩნეველ ბილიკს წრიული ადგილისკენ მივყავდით. ნელა მივდიოდით სახიფათო ბილიკზე, და როდესაც ფსკერს მივაღწიეთ, დონ ხუანმა გაჩერების გარეშე წამიყვანა უდაბნოს ხშირი ჩაპარალის გავლით წრის შუაგულში. იქ მან მსხვილი გამხმარი ტოტების მეშვეობით ადგილი გაასუფთავა ორივესთვის. ადგილი, სადაც ჩამოვჯექით, ასევე სრულიად წრიული იყო.

— მინდა, რომ აქ დაგმარხო მთელი ღამით, მაგრამ ახლა ვიცი, რომ ამის დრო არაა. შენ ძალა არ გაქვს. მინდა, რომ მხოლოდ მცირე ხნით დაგმარხო.

მე ძალიან ავნერვიულდი იმის გაფიქრებაზე, რომ უნდა დავემარხე, და ვკითხე, თუ როგორ აპირებდა ამის გაკეთებას. მან ბავშივით ჩაიხითხითა და გამხმარი ტოტების შეგროვება დაიწყო. საშუალება არ მომცა, რომ დავხმარებოდი. მითხრა, რომ ვმჯდარიყავი და დავლოდებოდი.

შეგროვილი ტოტები გასუფთავებული წრის შუაგულში დაყარა. შემდეგ მაიძულა, რომ თავით აღმოსავლეთისკენ დავწოლილიყავი, თავქვეშ ჩემი პიჯაკი დამიდო და ჩემი სხეულის გარშემო რაღაც გალიისმაგვარი მოაწყო. დაახლოებით 90 სანტიმეტრის სიგრძის ჯოხებს რბილ მიწაში არჭობდა. ის ტოტები, რომლებიც ბოლოში ორკაპად სრულდებოდნენ, საყრდენის როლს ასრულებდნენ გრძელი ჯოხებისთვის, რომლებიც გალიის საფუძველს წარმოადგენდნენ და მას ღია საფლავის სახეს აძლევდნენ. მან დახურა ყუთისმაგვარი გალია, მოათავსა რა მცირე ტოტები და ფოთლები გრძელი ჯოხების ზემოთ და მხრებს ქვემოთ მთელი სხეული დამიფარა. მხოლოდ თავი დამიტოვა, ბალიშად თავქვეშ ამოდებული პიჯაკით.

შემდეგ გამხმარი ხის მსხვილი ნაჭერი აიღო, მიწის ამოსათხრელ საშუალებად გამოიყენა იგი და გალია მიწით დაფარა. გალია იმდენად მყარი იყო და ფოთლები ისე კარგად ელაგა, რომ შიგნით მიწის ნამცეციც კი არ ჩამოვარდნილა. თავისუფლად შემეძლო ფეხების მოძრაობა და ფაქტიურად შემეძლო გამოვმძვრალიყავი ან შევმძვრალიყავი.

დონ ხუანმა თქვა, რომ ჩვეულებრივ მეომარი გალიას აგებს, შემდეგ კი ძვრება მასში და შიგნიდან ქოლავს.

— და ცხოველები? — ვკითხე მე. ხომ შეუძლიათ მიწა ამოთხარონ, გალიაში შემოაღწიონ და ადამიანი დააზიანონ?

— არა, ეს არაა საზრუნავი მეომრისთვის. ეს შენთვისაა საზრუნავი, რადგანაც ძალა არ გაქვს. მეორე მხრივ, მეომარი, რომელიც თავისი ურყევი მიზანსწრაფულობით ხელმძღვანელობს, ყველაფერს აიცილებს თავიდან. ვერც ვირთხა, ვერც გველი, ვერც მთის ლომი ვერ შეაწუხებენ მას.

— რისთვის იმარხავენ თავს, დონ ხუან?

— გასხივოსნებისთვის და ძალისთვის.

მე ვგრძნობდი ძალიან სასიამოვნო სიმშვიდისა და დაკმაყოფილების შეგრძნებას. სამყარო ამ მომენტში მშვიდად მეჩვენებოდა. სიმშვიდე ერთდროულდ ძალიან დიდიც იყო და შვების მომგვრელიც. მე არ ვიყავი მიჩვეული მსგავს სიჩუმეს, ვეცადე დამელაპარაკა, მაგრამ მან შემაწყვეტინა. რაღაც დროის შემდეგ ადგილის სიმშვიდემ ჩემს განწყობაზე იმოქმედა. საკუთარ ცხოვრებაზე და საკუთარ პირად ისტორიაზე დავიწყე ფიქრი და სევდისა და სინდისის ქენჯნის ნაცნობი შეგრძნება განვიცადე. ვუთხარი მას, რომ აქ ყოფნას არ ვიმსახურებდი, რომ მისი სამყარო ძლიერი და სამართლიანია, მე კი სუსტი ვარ, და ჩემი სული დამახინჯებულ იქნა ცხოვრებისეული ვითარებების გამო.

მას გაეცინა და დამემუქრა, რომ თავსაც მიწით დამიფარავდა, თუ ასე ლაპარაკს გავაგრძელებდი. თქვა, რომ მე ადამიანი ვარ, და ისევე როგორც ყველა ადამიანი, ვიმსახურებ იმას, რაც ადამიანის ბედშია: სიხარული, ტკივილი, სევდა და ბრძოლა. და რომ ქმედებების ბუნება მნიშვნელოვანი არაა, თუ ადამიანი მეომარივით მოქმედებს.

მან ხმას დაუწია და თითქმის ჩურჩულით მითხრა, რომ თუკი მართლა ვგრძნობდი, რომ ჩემი სული დამახინჯებულია, უბრალოდ უნდა დამეფიქსირებინა, ამეწყო იგი, სრულყოფილი გამეხადა, რადგანაც მთელ ჩვენს ცხოვრებაში არანაირი სხვა ამოცანა არ დგას, რომელიც უფრო ღირებული იქნებოდა. არ დააფიქსირო სული, ნიშნავს ეძებდე სიკვდილს, ეს კი იგივეა, რომ არაფერი არ ეძებო, რადგანაც სიკვდილი ყველაფრის მიუხედავად აპირებს ჩვენ შეპყრობას.

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ღრმა დამაჯერებლობის ტონით განაცხადა:

— მეომრის სულის სრულყოფილების ძიება — ერთადერთი ამოცანაა, რომლისთვისაც ადამიანური ცხოვრება ღირს.

ეს სიტყვები კატალიზატორივით მოქმედებდნენ. ჩემი წარსული ქმედებების ტვირთს ვგრძნობდი, როგორც სიმძიმეს, რომელიც უკან მომყვებოდა. ვაღიარე, რომ ჩემთვის არანაირი იმედი არ არსებობს. ტირილით ვყვებოდი ჩემს ცხოვრებაზე. ვთქვი, რომ უკვე იმდენი ხანია უაზროდ დავბორიალობ, რომ უკვე უგრძნობელი გავხდი ტკივილისა და სევდის მიმართ, გარდა იმ იშვიათი შემთხვევებისა, როცა ჩემს მარტოობას და ჩემს უსარგებლობას ვაცნობიერებ.

მან არაფერი მითხრა. იღლიებში ხელი მომკიდა და გალიიდან გამომიყვანა. როცა ხელი გამიშვა, დავჯექი. ისიც ჩამოჯდა. ჩვენ შორის უხერხული დუმილი ჩამოწვა. ვფიქრობდი, რომ აზრზე მოსასვლელად დროს მაძლევდა. ჩანაწერების წიგნაკი ამოვიღე და ნერვიულობის გამო ჩაწერა დავიწყე. ვგრძნობდი...

— შენ თავს გრძნობ, როგორც ფოთოლი, ქარის ნებას მინდობილი, ასე არაა? — მითხრა მან და შემომხედა.

სწორედ ასე ვგრძნობდი თავს. იგი თითქოს შერწყმული იყო ჩემთან. თქვა, რომ ჩემი განწყობა სიმღერას აგონებდა და დაბალი ხმით დაიწყო ღიღინი. მისი ხმა ძალიან სასიამოვნო იყო, და სიმღერის სიტყვებმა გამიტაცა:

მე ისე შორს ვარ ცისაგან, სადაც დავიბადე. უსასრულო ნოსტალგიამ ჩაძირა ჩემი ფიქრები. ახლა, როცა ასეთი მარტოსული და სევდიანი ვარ, როგორც ფოთოლი ქარში, მინდა ზოგჯერ ვიტირო, ზოგჯერ კი ვიცინო სევდისგან /კე ლეხოს ესტოი დელ სიელო დონდე ე ნასიდო. იმენსა ნოსტალჰია ინვადე მი სენსამიენტო. აორა კესტოი ტამ სოლო ი ტრისტე კუალ ოხა ალ ვიენტო, სისიერა ჯორარ, კისიერა რეირ დე სენტიმენტო/.

დიდი ხანი ხმა არ ამოგვიღია. როგორ იქნა დაარღვია დუმილი.

— მას შემდეგ, რაც დაიბადე, ასე თუ ისე, მაგრამ მაინც ვიღაც რაღაცას აკეთებდა შენთვის, — თქვა მან.

— მართალია, — მივუგე მე.

— და ისინი შენი ნების საწინააღმდეგოდ აკეთებდნენ რაღაცას შენთვის.

— მართალია.

— ახლა კი უმწეო ხარ, როგორც ფოთოლი ქარში.

— მართალია. ყველაფერი სწორედ ასეა.

ვუთხარი, რომ ჩემი ცხოვრების მდგომარეობები დროდადრო მფიტავდა. იგი ყურადღებით მისმენდა, მაგრამ ვერ ვხვდებოდი, უბრალოდ მეთანხმებოდა თუ გულწრფელად იყო დაინტერესებული მანამ, სანამ არ არ შევამჩნიე, რომ ღიმილის დაფარვას ცდილობდა.

— როგორც არ უნდა მოგწონდეს საკუთარი თავისადმი სიბრალულის გრძნობა, უნდა შეცვალო ეს, — თქვა მან რბილი ხმით. — ეს არ შეეფერება მეომრის ცხოვრებას.

მან გაიცინა და კიდევ ერთხელ წაიღიღინა სიმღერა, მაგრამ ზოგიერთი სიტყვის ინტონაცია შეცვალა. შედეგად მტირალა კუპლეტი გამოვიდა. მან მითხრა, რომ მიზეზი იმისა, თუ რატომ მომეწონა სიმღერა, ის იყო, რომ ჩემს ცხოვრებაში არაფერი მიკეთებია ყველაფერში ნაკლოვანებების ძიებისა და ტირილის გარდა. არ შემეძლო შევკამათებოდი. იგი მართალი იყო. თუმცაღა ვთვლიდი — საკმარისად მქონდა მიზეზები, რომლებიც გაამართლებდნენ ჩემს შეგრძნებას, რომ ქარში მოფარფატე ფოთოლივით ვარ.

— ყველაზე რთული რამ სამყაროში — მეომრის განწყობის მიღებაა, — თქვა მან. — არანაირი სარგებელი არაა იმაში, რომ სევდიანი იყო, იწუწუნო ან თავი გამართლებულად იგრძნო იმით, რასაც აკეთებ, და გჯეროდეს, რომ ვიღაც ყოველთვის აკეთებს რაღაცას ჩვენთვის. არავინ არავის არაფერს არ უკეთებს, მითუმეტეს მეომარს. შენ ჩემთან იმიტომ ხარ, რომ გინდა აქ ყოფნა. სრული პასუხისმგებლობა უნდა აიღო შენს ქმედებებზე, აქ და ახლა. ის აზრი, რომ ქარის ნებაზე ხარ დამოკიდებული, მიუღებელი უნდა იყოს.

იგი წამოდგა და გალიის დაშლას შეუდგა. იგი მიწას უკან აბრუნებდა იქ, საიდანაც აიღო და გულდასმით დაალაგა ჯოხები ჩაპარალში. შემდეგ სუფთა ადგილს ნაგავი მოაყარა და ისე დატოვა, თითქოს ამ ადგილს არასოდეს არავინ შეხებოდეს.

მე შენიშვნა გავაკეთე მის ფარულობასთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ კარგი მეომარი შეიტყობდა ჩვენი აქყოფნის შესახებ მიუხედავად იმისა, როგორ ფრთხილადაც არ უნდა ვყოფილიყავით, რადგანაც ადამიანის კვალის ბოლომდე წაშლა შეუძლებელია.

იგი ფეხებგადაჯვარედინებული დაჯდა და მითხრა, რომ დავმჯდარიყავი სახით იმ ადგილისკენ, სადაც დამმარხა, და დავრჩენილიყავი ასეთ მდგომარეობაში, ვიდრე ჩემი სევდა არ განქარვდებოდა.

— მეომარი იმისთვის იმარხავს თავს, რომ ძალა იპოვნოს, და არა იმისთვის, რომ საკუთარი თავისადმი სიბრალულის გამო იტიროს.

ვეცადე ამეხსნა, მაგრამ მან თავის მოუთმენელი მოძრაობით შემაჩერა. მითხრა, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამოვეყვანე გალიიდან, რადგანაც ჩემი მდგომარეობა აუტანელი იყო, და მას შეეშინდა, რომ ადგილი ისარგებლებდა ჩემი სხეულის სირბილით და ზიანს მომაყენებდა.

— საკუთარი თავისადმი სიბრალული ვერ ეთავსება ძალას, — თქვა მან. — მეომრის განწყობა მოგვიწოდებს საკუთარი თავის კონტროლისკენ და ამავდროულად განჯაჭვულობისკენ.

— ეს როგორ შეიძლება? — ვკითხე მე. — როგორ შეუძლია მას აკონტროლოს საკუთარი თავი და იყოს განჯაჭვული ერთდროულად?

— ეს რთული ტექნიკაა, — თქვა მან.

როგორც ჩანს ფიქრობდა, განეგრძო თუ არა ლაპარაკი. ორჯერ, თითქოს აპირებდა რაღაცის თქმას, მაგრამ საკუთარ თავს აჩერებდა და იღიმებოდა.

— შენ ჯერ კიდევ არ გადაგილახავს შენი სევდა, — თქვა მან. — ჯერ კიდევ სუსტად გრძნობ თავს, ამიტომ შეუძლებელია ახლა მეომრის განწყობაზე საუბარი.

თითქმის საათი სრულ დუმილში გავატარეთ. შემდეგ უეცრად მკითხა, თუ რა წარმატებები მქონდა სიზმარხილვის ტექნიკის შესწავლაში. მე მას ძალიან გულმოდგინედ ვაპრაქტიკებდი და მონუმენტალური ძალისხმევების შემდეგ მივაღწიე რაღაც დონეზე საკუთარი სიზმრების კონტროლის უნარს. დონ ხუანი ძალიან მართალი იყო, როცა ამბობდა, რომ ეს სავარჯიშოები შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც გართობა. ჩემს ცხოვრებაში პირველად მელოდა რაღაც წინ, როცა დასაძინებლად ვწვებოდი.

მე მას დეტალურად მოვუყევი ჩემი წარმატებების შესახებ. საკმაოდ იოლი აღმოჩნდა საკუთარი ხელების გამოსახულების შენარჩუნება მას შემდეგ, რაც ვისწავლე, რომ საკუთარი თავისთვის მებრძანებინა მათზე დახედვა. ჩემი ჩვენებები, თუმცა არა ყოველთვის საკუთარი ხელების, როგორც ჩანს, დიდხანს გრძელდებოდა, სანამ ბოლოს და ბოლოს მათზე კონტროლს არ დავკარგავდი და ჩვეულებრივ, წინასწარგანუსაზღვრელ სიზმრებში არ ჩავიძირებოდი. მე საერთოდ არ მქონდა ნების ძალა იმაზე, თუ როდის ვუბრძანებდი საკუთარ თავს ხელებზე დახედვას ან სიზმრის სხვა მომენტების დანახვას. ეს უბრალოდ ხდებოდა, და მორჩა. რაღაც მომენტში ვიხსენებდი, რომ ხელებზე უნდა დამეხედა, შემდეგ კი გარემოცვაზე. თუმცაღა იყო ღამეები, როცა საერთოდ ვერ ვიხსენებდი, რომ რაიმე გამეკეთებინოს.

როგორც ჩანს კმაყოფილი იყო ჩემით და უნდოდა გაეგო, რა თემის სიზმარხილვებს ვხედავდი. სხვა ვერაფერი კონკრეტული ვერ გავიხსენე და მოვუყევი კოშმარული სიზმარი, რომელიც წინა ღამით ვნახე.

— ნუ იქნები ასეთი დაინტერესებული, — თქვა მან მშრალად.

მოვუყევი, რომ სიზმრების ყველა დეტალს ვიწერდი. მას შემდეგ, რაც ხელებზე დახედვის პრაქტიკა დავიწყე, ჩემი სიზმრები ძალზე შთამბეჭდავი გახდა და მათი გახსენების უნარი იმ დონემდე გაიზარდა, რომ უწვრილმანესი დეტალებიც კი მახსენდებოდა. მან მითხრა, რომ მათზე დაკვირვება დროის ტყუილად ხარჯვა იყო, რადგანაც დეტალები და მათი სიცხადე არანაირად არ იყო მნიშვნელოვანი.

— ჩვეული სიზმრები ძალიან ცოცხლები ხდებიან, როგორც კი სიზმარხილვის დალაგებას იწყებ, — თქვა მან. — ეს სიცოცხლე და სიცხადე საშინელი ბარიერია, და შენთან საქმე უფრო ცუდადაა, ვიდრე საერთოდ ვინმესთან, ვინც კი ცხოვრებაში შემხვედრია. შენ ყველაზე უარესი მანია გაქვს. იწერ ყველაფერს, რაც კი შეგიძლია.

მთელი გულწრფელობით ვთვლიდი, რომ ყველაფერს ისე ვაკეთებდი, როგორც საჭიროა. სიზმრის უწვრილმანეს დეტალებს ვიწერდი და ჩემთვის რაღაც დონეზე ცხადი ხდებოდა ის მოვლენა, რაც ჩემ წინ სიზმარში მიმდინარეობდა.

— შეეშვი ამას, — თქვა მან ბრძანების ტონით. — ეს არაფერში არ დაგეხმარება. მხოლოდ იმას აკეთებ, რომ სიზმარხილვის მიზანს სცდები, რომელიც კონტროლსა და ძალაში მდგომარეობს.

იგი წამოწვა, თვალებზე ქუდი დაიფარა და განაგრძო ისე, რომ არ მიყურებდა:

— მინდა შეგახსენო მთელი ის ტექნიკა, რომელიც უნდა აპრაქტიკო, — თქვა მან. — უპირველეს ყოვლისა, როგორც ამოსავალი წერტილი, მზერის ფოკუსირება ხელებზე უნდა მოახდინო. შემდეგ მზერა სხვა საგნებზე გადაიტანო და მოკლე მზერებით შეხედო მათ. მოახდინე მზერის ფოკუსირება, რაც შეიძლება მეტი რაოდენობის საგანზე. გახსოვდეს, რომ თუ მხოლოდ მოკლე მზერას ესვრი, გამოსახულება არ გაიდღაბნება. შემდეგ კვლავ ხელებს დაუბრუნდი.

ყოველ ჯერზე, როცა ხელებს უყურებ, შენ ანახლებ ძალას, რომელიც სიზმარხილვისთვისაა საჭირო. ამიტომ თავიდან მეტისმეტად ბევრ საგანს არ შეხედო. ერთ ჯერზე ოთხი საგანი საკმარისია. მოგვიანებით შეძლებ მათი რაოდენობის გაზრდას, სანამ არ მოიცავ ყველაფერს, რასაც მოისურვებ. მაგრამ როგორც კი გამოსახულებები გადღაბნას დაიწყებენ და იგრძნობ, რომ კონტროლს კარგავ — საკუთარ ხელებს დაუბრუნდი.

როცა იგრძნობ, რომ შეგიძლია საგნებს განუსაზღვრელად დიდი ხანგრძლივობით უყურო, მზად იქნები იმისთვის, რომ ახალ ტექნიკას შეუდგე. ამ ტექნიკას ახლა გასწავლი, მაგრამ ველოდები, რომ მხოლოდ მას შემდეგ გამოიყენებ, როცა მზად იქნები.

იგი თითქმის თხუთმეტი წუთი ჩუმად იყო. როგორც იქნა ჩამოჯდა და შემომხედა.

— შემდეგი ნაბიჯი სიზმარხილვის დალაგებაში იმაში მდგომარეობს, რომ მოგზაურობა ისწავლო, — თქვა მან. — ზუსტად ისევე, როგორც ხელებზე დახედვა ისწავლე, უნდა აიძულო თავს, რომ იმოძრაო, სხვადასხვა ადგილებში გადაადგილდე. ჯერ ის ადგილი უნდა დააფიქსირო, სადაც გინდა მოხვედრა. აირჩიე კარგად ნაცნობი ადგილი. შესაძლოა სკოლა, ან პარკი, ან შენი მეგობრის სახლი. შემდეგ აიძულე საკუთარ თავს, რომ იქ გაემგზავრო.

ეს ტექნიკა ძალიან რთულია. ორი ამოცანა უნდა შეასრულო. უნდა აიძულო საკუთარ თავს გარკვეულ ადგილში გადაადგილება და შემდეგ, როდესაც ამ ტექნიკაში სრულყოფილებას მიაღწევ, უნდა ისწავლო საკუთარი მოგზაურობების ზუსტი დროის კონტროლირება.

მისი დავალებების ჩაწერისას ვგრძნობდი, რომ მე მართლაც ვიწერდი გიჟურ ინსტრუქციებს ქანცის გაწყვეტამდე იმისთვის, რომ მივყოლოდი მათ. გაღიზიანება ვიგრძენი.

— რას მიშვები დონ ხუან? — ვკითხე მე, და ამ ჯერზე მართლა იმას ვგულისხმობდი, რასაც ვამბობდი.

იგი გაკვირვებული ჩანდა. წამით მიყურა, შემდეგ კი გაიღიმა.

— ზუსტად ეს კითხვა უკვე ბევრჯერ დაგისვამს ჩემთვის. მე არაფერს არ გიშვები. შენ ხდი საკუთარ თავს ძალისადმი მისაწვდომად, შენ ნადირობ, მე კი უბრალოდ მიმყავხარ.

თავი გვერდზე გადახარა და ისე შემომხედა, თითქოს მსწავლობდა. ერთი ხელი ნიკაპზე მომკიდა, მეორე კი თავზე დამადო, შემდეგ კი წინ და უკან ამოძრავებდა ჩემს თავს. კისრის კუნთები ძალიან დაჭიმული მქონდა და თავის მოძრაობამ დაძაბულობა მომიხსნა. დონ ხუანმა მაღლა ცაში აიხედა, თითქოს რაღაცას ათვალიერებდა.

— წასვლის დროა, — თქვა მშრალად და წამოდგა. აღმოსავლეთის მიმართულებით ვიარეთ მანამ, სანამ დაბალი ხეების ხეივნამდე არ მივედით ორ დიდ გორაკს შორის ხეობაში. თითქმის საღამოს ხუთი საათი იყო. მან თქვა, რომ სავარაუდოდ ღამე აქ უნდა გაგვეტარებინა. ხეებზე მიმითითა და თქვა, რომ სადღაც აქვე წყალი უნდა ყოფილიყო.

სხეული დაძაბა და ცხოველივით შეიყნოსა ჰაერი. ვხედავდი, თუ როგორ იკუმშებოდნენ მისი მუცლის კუნთები ძალიან სწრაფი და მოკლე ბიძგებით, როცა ცხვირით ჰაერს მოკლე მოძრაობებით ჩაისუნთქავდა და ამოისუნთქავდა ხოლმე. მიბრძანა, რომ იგივე გამეკეთებინა და თავად მეპოვა, სად იყო წყალი. გულმოდგინედ ვცადე მისთვის მიმებაძა. 5-6–წუთიანი სწრაფი სუნთქვის შემდეგ თავბრუ დამეხვა, მაგრამ ნესტოები უჩვეულოდ გამეხსნა, და მართლა შევიგრძენი მდინარის ტირიფის სუნი. თუმცა არ შემეძლო მეთქვა, საიდან მოდიოდა იგი.

დონ ხუანმა მითხრა, რომ რამდენიმე წუთით დამესვენა, შემდეგ კი კვლავ ჩამერთო ყნოსვა. მეორე რაუნდი უფრო ინტენსიური იყო. მე მართლა შემეძლო მდინარის ტირიფის სუნის დანახვა, რომელიც მარჯვნიდან მოდიოდა. ამ მიმართულებით წავედით და დაახლოებით მეოთხედი მილის მანძილზე აღმოვაჩინეთ ჭაობიანი ადგილი დამდგარი წყლით. გარს შემოვუარეთ და შედარებით მაღალ და ბრტყელ მოედანზე ავედით. ამ მოედანზე და მის გარშემო ჩაპარალი ძალზე ხშირი იყო.

— ეს ადგილი ყარს მთის ლომებით და სხვა უფრო პატარა კატებით, — თქვა დონ ხუანმა სასხვათაშორისოდ, თითქოს ეს სრულიად ჩვეულებრივი დაკვირვება ყოფილიყოს. მასთან მივირბინე და მან გადაიხარხარა.

— ჩვეულებრივ, მე საერთოდ არ მოვდივარ აქ, — თქვა მან. — მაგრამ ყვავმა ამ მიმართულებით მიმანიშნა. ამაში რაღაც საინტერესო უნდა იყოს.

— ჩვენ მართლა გვჭირდება აქ ყოფნა, დონ ხუან?

— ჰო, აქ ვიქნებით, წინააღმდეგ შემთხვევაში თავს ავარიდებდი ამ ადგილს...

ძალიან ავნერვიულდი. მიბრძანა, რომ ყურადღებით მომესმინა, რასაც მეტყოდა.

— ერთადერთი რამ, რის გაკეთებაც ასეთ ადგილზე შეიძლება, — თქვა მან, — ესაა მთის ლომებზე ნადირობა. ამიტომ ვაპირებ, რომ გასწავლო ამის კეთება.

არსებობს წყლის ვირთხებისთვის ხაფანგის კონსტრუირების განსაკუთრებული მეთოდი. ისინი სატყუარას როლს ასრულებენ. გალიის გვერდები ვარდებიან და ძალიან ბასრი ეკლები გამოიწევიან ორივე მხრიდან. როცა გალია მზადყოფნაშია, ეკლები დამალულია, და ისინი ვერაფერს დააზიანებენ მანამ, სანამ რაიმე არ დაეცემა გალიას. ამ შემთხვევაში გვერდითი კედლები ეშვებიან, ხოლო ეკლები ერჭობიან იმას, რაც გალიას დაეცა.

ვერ ვხვდებოდი რას გულისხმობდა, მაგრამ მან მიწაზე დიაგრამა დახატა და მაჩვენა, რომ თუ გალიის გვერდით ჯოხებს ჩარჩოს მატყუარა ცარიელ ადგილებზე დავამაგრებდით, გალია ორივე მხრიდან დაიშლებოდა, თუკი ზემოდან დაეცემოდა რამე.

ეკლების როლს მყარი ხის წამახვილებული ჯოხები ასრულებდნენ, რომლებიც ჩარჩოს გარშემო კარგად მაგრდებოდნენ.

დონ ხუანმა თქვა, რომ ჩვეულებრივ ქვების მძიმე ტვირთი გალიის ზემოთ, ჯოხებზე მაგრდება, რომლებიც გალიას უერთდებოდნენ და მის ზემოთ რაღაც მანძილზე ეკიდნენ. როცა წყლის ვირთხებით მიტყუებული მთის ლომი ხაფანგთან მიდიოდა, ჩვეულებრივ იგი მის დანგრევას ლამობდა და თათებს მთელი ძალით ურტყამდა. ამ დროს ეკლები თათებში ერჭობიან და კატა შეშინებული ხტება, რის გამოც თავზე ქვების კასკადი ეყრება.

— ოდესმე შესაძლოა დაგჭირდეს მთის ლომის დაჭერა, — თქვა მან. — მათ განსაკუთრებული ძალები აქვთ. ძალიან ფრთხილები არიან და მათი დაჭერის ერთადერთი საშუალება ესაა , მათი მოტყუება ტკივილითა და მდინარის ტირიფების სუნით.

საოცარი სისწრაფით და მოხერხებულობით მან ხაფანგი ააწყო და ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ სამი მსუქანი ციყვისმაგვარი მღრღნელი დაიჭირა. მიბრძანა, რომ ტირიფის ფოთლები დამეკრიფა ჭაობის ნაპირას და მისით ტანსაცმელი დამეზილა. თავადაც იგივე გააკეთა. შემდეგ სწრაფად შეკრა წნელებისგან ორი უბრალო ბადე, ჭაობიდან მწვანე მცენარეების და ტალახის დიდი გროვა მოაგროვა და უკან, მოედანზე მოიტანა, სადაც დაიმალა. ამ დროს მღრღნელებმა ძალიან ხმამაღლა დაიწყეს წივილი.

დონ ხუანი თავისი საფარიდან დამელაპარაკა და მითხრა, რომ სხვა ბადის გამოყენებით ბევრი ლამი, ჭუჭყი და მცენარე შემეგროვებინა და ხაფანგის გვერდით ხეების დაბალ ტოტებზე ავსულიყავი.

დონ ხუანმა თქვა, რომ არ უნდოდა კატის ან მღრღნელების დაზიანება, ამიტომ აპირებდა ტალახი გადაესხა ლომისთვის, როგორც კი ხაფანგთან გამოჩნდებოდა. მითხრა, რომ ფხიზლად ვყოფილიყავი და ჯოხი დამერტყა კატისთვის, მას შემდეგ, რაც ამას გააკეთებდა, რათა გაგვეგდო იგი. მირჩია, რომ განსაკუთრებული სიფრთხილე დამეცვა, რომ ხიდან არ ჩამოვვარდნილიყავი. ისე მშვიდად უნდა ვმჯდარიყავი, რომ ტოტებს შევრწყმოდი.

ვერ ვხედავდი იმ ადგილს, სადაც დონ ხუანი იყო. მღრღნელების წივილი განსაკუთრებულად ხმამაღალი გახდა, და ბოლოს ისე დაბნელდა, რომ ძლივს ვარჩევდი რელიეფის საერთო კონტურებს. უეცრად ახლოს რბილი ნაბიჯების ხმა და მოყრუებული კატის კრუტუნი შემომესმა. შემდეგ ძალიან რბილი ღრიალი, და მღრღნელებმა, რომლებიც ციყვებს ჰგავდნენ, წრიპინი შეწყვიტეს. ზუსტად ამ დროს დავინახე ცხოველის შავი მასა ზუსტად იმ ხის ქვეშ, რომელზეც მე ვიჯექი. სანამ გავარკვევდი, იყო თუ არა ეს მთის ლომი, იგი ხაფანგს დაახტა. მაგრამ ჯერ კიდევ მანამ, სანამ მას მიაღწევდა, რაღაცამ დაარტყა მას და დაბზრიალება აიძულა. მე ჯოხი ვესროლე, როგორც დონ ხუანმა მირჩია. ავაცილე, მაგრამ მისმა დაცემამ დიდი ხმაური გამოიწვია. იმავე წამს დონ ხუანმა გამოსცა განგმირავი ყმუილების მთელი სერია, რომლებმაც ჩემს ზურგში ჟრჟოლა გამოიწვია. კატა უჩვეულო სისწრაფით ახტა მოედანზე და მაშინვე გაუჩინარდა.

დონ ხუანი განაგრძობდა განმგმირავი ხმების გამოცემას კიდევ რაღაც დროის განმავლობაში, შემდეგ კი მითხრა, რომ ხიდან ჩამოვსულიყავი, ციყვებიანი გალია ამეღო, მოედანზე ავმძვრალიყავი და მასთან მივსულიყავი, რაც შეიძლება მალე.

დროის საოცრად მოკლე პერიოდში უკვე დონ ხუანის გვერდით ვიყავი. მან მიბრძანა, რომ მისი ყმუილის იმიტაცია მომეხდინა, რაც შეიძლება კარგად იმისთვის, რომ ლომი ახლოს არ მოსულიყო, სანამ გალიას არ დაშლიდა და მღრღნელებს არ გამოუშვებდა.

მე ყმუილი დავიწყე, მაგრამ იგივე ეფექტი ვერ მოვახდინე. აგზნებულობის გამო ჩემი ხმა უხეში იყო.

მან მითხრა, რომ ნამდვილი გრძნობით უნდა მეყვირა და ამავდროულად განჯაჭვული უნდა ვყოფილიყავი საკუთარი თავისგან, რადგანაც ლომი ჯერ კიდევ ახლოს იყო. უეცრად მართლაც აღვიქვი მთელი სიტუაცია. ლომი ხომ რეალური იყო. შესანიშნავი გამაყრუებელი ყმუილების მთელი სერია გამოვეცი.

დონ ხუანი სიცილით გადაბჟირდა. ყმუილის საშუალება მომცა, შემდეგ კი მითხრა, რომ ამ ადგილიდან, რაც შეიძლება ჩუმად უნდა წავსულიყავით, რადგანაც ლომი სულელი არაა და ალბათ უკვე ბრუნდებოდა იქ, სადაც ვიყავით.

— იგი, ალბათ, თან გამოგვყვება. — მიუხედავად იმისა, როგორ ფრთხილადაც არ უნდა ვიყოთ, ისეთივე ფართო კვალს დავტოვებთ, როგორც პანამერიკული გზატკეცილი.

მე დონ ხუანთან ახლოს მივაბიჯებდი. დროდადრო ჩერდებოდა და აყურადებდა. ერთხელ სიბნელეში გაიქცა და მეც გავედევნე, თან თვალებზე ხელი ავიფარე, რათა ტოტებისგან თვალები დამეცვა. როგორც იქნა მივაღწიეთ მთავარ კლდეს, რომელთანაც ადრე ვიყავით.

დონ ხუანმა თქვა, რომ თუ მწვერვალზე ასვლას მოვახერხებდით და მანამდე ლომი ვერ ჩამოგვათრევდა, მაშინ უსაფრთხოდ ვიქნებოდით. იგი პირველი აძვრა და გზას მაჩვენებდა. სიბნელეში ავბობღდით. არ ვიცი როგორ, მაგრამ სრულიად თავდაჯერებული ნაბიჯებით მივყვებოდი. როცა უკვე მწვერვალს მივაღწიეთ, ცხოველის განსაკუთრებული კივილი შემომესმა. იგი ცოტათი ძროხის ბღავილს ჰგავდა, მაგრამ უფრო გრძელი და უხეში იყო.

— ზემოთ, ზემოთ! — დაიყვირა დონ ხუანმა. როცა კლდის ბრტყელ მწვერვალს მიაღწია, მე უკვე ვიჯექი და სულს ვითქვამდი.

იგი მიწაზე დაემხო. წამით ვიფიქრე, რომ ეს იმ დაძაბულობის გამო იყო, რომელიც ძალიან დიდი აღმოჩნდა მისთვის, მაგრამ თურმე იგი ჩემს სწრაფ ცოცვაზე იცინოდა.

ჩვენ სრულ სიჩუმეში ვიჯექით ორი საათის განმავლობაში, შემდეგ კი უკან, ჩემს მანქანასთან დავბრუნდით.

კვირა, 1961 წლის 3 სექტემბერი.

როცა გავიღვიძე, დონ ხუანი სახლში არ იყო. ჩემს ჩანაწერებზე ვმუშაობდი, და დრო არ მქონდა იმისთვის, რომ ცოტა შეშა მომეგროვებინა ჩაპარალიდან, სანამ ის დაბრუნდებოდა. მას გაეცინა იმაზე, რასაც შუადღეზე ჩემი კვების განრიგს უწოდებდა. მაგრამ თავადაც მოუჯდა ჩემს სენდვიჩებს.

ვუთხარი, რომ მთის ლომის ამბავმა დამაფიქრა. როცა უკან ვიყურებოდი, ეს ყველაფერი არარეალურად მეჩვენებოდა, თითქოს ვიღაცამ ეს ყველაფერი ჩემთვის მოაწყო. მოვლენების თანმიმდევრობა ისეთი სწრაფი იყო, რომ მართლაც არ მქონდა დრო შეშინებისთვის. საკმარისი დრო მქონდა იმისთვის, რომ მემოქმედა, მაგრამ არასაკმარისი იმისთვის, რომ ვითარებებზე მეფიქრა. სანამ ჩემს ჩანაწერებს ვაკეთებდი, კითხვა დამებადა: მართლა დავინახე თუ არა მთის ლომი?

— ეს მთის ლომი იყო, — თქვა დონ ხუანმა მბრძანებლური ტონით.

— ეს რა, მართლა ნამდვილი ცხოველი იყო სისხლით და ხორცით?

— რა თქმა უნდა.

ვუთხარი, რომ ჩემი ეჭვები ყველა ამ მოვლენის სიმსუბუქის გამო გაჩნდა. ყველაფერი ისე იყო, თითქოს ლომი შორიახლოს გველოდებოდა და გაწვრთნილი იყო, სწორედ ისე ემოქმედა, როგორც დონ ხუანმა დაგეგმა.

მას არ შეეხო ჩემი სკეპტიკური შენიშვნების კასკადი. ეცინებოდა ჩემზე.

— სასაცილო კაცი ხარ, — თქვა მან. — შენ დაინახე და გაიგონე ამ კატის ხმა. იგი ზუსტად იმ ხის ქვეშ იყო, სადაც შენ იყავი. მან შენი სუნი ვერ იგრძნო მდინარის ტირიფების გამო, ისინი ყველა სხვა სუნს ახშობენ, თვით კატებისთვისაც კი, და მუხლებზე მათი მთელი ბღუჯა გქონდა.

მე ვუთხარი, რომ ეჭვი არ მეპარებოდა მასში, უბრალოდ ყველაფერი, რაც იმ ღამით მოხდა, სრულიად არადამახასიათებელი იყო ყოველდღიური ცხოვრებისთვის. რაღაც პერიოდი, სანამ ჩემს ჩანაწერებს ვაკეთებდი, ისეთი გრძნობაც კი მქონდა, რომ დონ ხუანმა თავად გაითამაშა ლომის როლი. თუმცაღა ამ იდეის გადაგდება მომიწია, რადგანაც მართლა დავინახე სიბნელეში ოთხფეხა ცხოველის მოხაზულობა, რომელიც გალიას დაახტა და შემდეგ პლატფორმაზე ახტა.

— რატომ ატეხე ასეთი ხმაური? — მკითხა მან. — ეს უბრალოდ დიდი კატა იყო. იქ მთებში ასეთი კატა ათასობით იქნება. დიდი ამბავი. შენ როგორც ყოველთვის იმაზე ახდენ ყურადღების ფოკუსირებას, რაზეც საჭირო არაა. არანაირი სხვაობა არაა იმაში, ლომი იყო ეს თუ ჩემი შარვალი. შენი გრძნობები ამ მომენტში — აი, რა ითვლება.

ცხოვრებაში არასოდეს მინახავს დიდი ველური კატა ნადირობის დროს. როცა ამაზე გავიფიქრე, ვერ გადავაბიჯე იმ ფაქტს, რომ ერთ-ერთი მათგანი ჩემგან სულ რაღაც რამდენიმე ფუტში იყო.

დონ ხუანი მოთმინებით მისმენდა, სანამ ყველაფერი არ მოვუყევი, რაც მოხდა.

— რატომ გაქვს ასეთი შიში დიდი კატის მიმართ? — მკითხა მან ინკვიზიტორის გამომეტყველებით. — შენ ახლოს იყავი ცხოველების უმეტესობასთან, რომლებიც ამ მიდამოში ცხოვრობენ, და არასოდეს შეგშინებია მათი ამ დონეზე. გიყვარს კატები?

— არა, არ მიყვარს.

— მაშინ დაივიწყე იგი. ყოველ შემთხვევაში, გაკვეთილი იმაში არ მდგომარეობდა, თუ როგორ ინადირო ლომებზე.

— აბა რაში მდგომარეობდა?

— პატარა ყვავმა სწორედ ამ ადგილზე მიმანიშნა, და ამ ადგილზე «დავინახე» შესაძლებლობა გამეგებინებინა შენთვის, როგორ მოქმედებენ, როცა მეომრის განწყობაში იმყოფებიან.

ყველაფერი, რაც წარსულ ღამეს გააკეთე, სწორი განწყობით იყო გაკეთებული. შენ აკონტროლებდი შენს თავს და ამავდროულად, განჯაჭვული იყავი, როდესაც ხიდან გადმოხტი გალიის ასაღებად და ჩემთან მოირბინე. შენ არ იყავი შიშით პარალიზებული. და შემდეგ კლდის მწვერვალზე, როცა უკან ლომმა დაიღრიალა, ძალიან კარგად მოძრაობდი. დარწმუნებული ვარ, რომ არ დაიჯერებდი იმას, რაც გააკეთე, თუ იმ კლდეს დღისით შეხედავდი. საკმარისად იყავი განჯაჭვული და საკუთარ თავსაც საკმარისად აკონტროლებდი. უკან არ დაიხიე და შარვალში არ ჩაისვარე, და თანაც იმ კედელზე სრულ სიბნელეში აძვერი. შეგეძლო ფეხი დაგცდენოდა და მომკვდარიყავი; იმისთვის, რომ იმ კედელზე აძვრე, საჭიროა მოეჭიდო საკუთარ თავს და განეჯაჭვო საკუთარ თავს ერთდროულად. სწორედ ამას ვუწოდებ მეომრის განწყობას.

მე ვუთხარი, რომ რაც არ უნდა გამეკეთებინა წარსულ ღამეს, ყველაფერი ეს ჩემი შიშის პროდუქტი იყო და არა განწყობის, კონტროლისა და განჯაჭვულობის შედეგი.

— მე ეს ვიცი, — თქვა მან ღიმილით. — და მინდოდა მეჩვენებინა შენთვის, რომ შეგიძლია გამოხვიდე შენი ჩარჩოებიდან, თუ შესაბამის განწყობაში იმყოფები. შიშმა მეომრის განწყობამდე მიგიყვანა, მაგრამ ახლა, როცა ეს იცი, ნებისმიერი რამ შეიძლება გახდეს მასში შესვლის საშუალება.

მინდოდა მეკამათა მასთან, მაგრამ ჩემი აზრები არ იყო საკმარისად მკაფიო. აუხსნელ გაღიზიანებას ვგრძნობდი.

— მოსახერხებელია ყოველთვის ამ განწყობით მოქმედება, — განაგრძო მან. — იგი ყოველგვარ სისულელეს გაგატარებს და განწმენდილს დაგტოვებს. ეს დიდი გრძნობა იყო, როცა კლდის მწვერვალს მიაღწიე, ასე არაა?

ვუთხარი, რომ გავიგე, რასაც მეუბნებოდა, თუმცაღა ვგრძნობდი, სისულელე იქნებოდა მისი სწავლების ყოველდღიურ ცხოვრებასთან მისადაგება.

— მეომრის განწყობა საჭირო ყოველი ცალკეული მოქმედების დროსაა, — თქვა მან. — წინააღმდეგ შემთხვევაში, დაბნეული და მოუხეშავი ხდები. ცხოვრებაში არ არსებობს ძალა, რომელშიც ეს განწყობა არ იქნებოდა. შეხედე საკუთარ თავს. ყველაფერი შენს განაწყენებას და გამწარებას იწვევს. კვნესი და წუწუნებ, და გრძნობ, რომ ყველა თავის დაკრულზე გაცეკვებს. შენ — ფოთოლი ხარ, ქარის ნებას მიცემული. შენს ცხოვრებაში არაა ძალა. რა საზიზღარი შეგრძნება უნდა იყოს ეს!

მეორე მხრივ, მეომარი, მონადირეა. იგი ყველაფერს წინასწარ ითვლის. ეს კონტროლია. მაგრამ მას შემდეგ, რაც მისი გათვლები დასრულდება, იგი მოქმედებს. იგი განზე დგება. ეს განჯაჭვულობაა. მეომარი არაა ქარის ნებას მიცემული ფოთოლი. არავის შეუძლია, რომ ხელი ჰკრას მას. არავის შეუძლია აიძულოს მოქმედება საკუთარი თავის წინააღმდეგ, ან იმის წინააღმდეგ, რასაც საჭიროდ თვლის. მეომარი გადარჩენისთვისაა განწყობილი. და იგი გადარჩება ყველა შესაძლოდან საუკეთესო საშუალებით.

მე მომწონდა მისი აზრები, თუმცა ვფიქრობდი, რომ ისინი ძალიან არარეალისტური იყო. იმ რთული სამყაროსთვის, რომელშიც მე ვცხოვრობდი, ისინი ძალიან მარტივად გამოიყურებოდნენ.

მან გაიცინა ჩემს პროტესტზე, მე კი დაჟინებით ვიმეორებდი, რომ მეომრის განწყობა, სავარაუდოდ, ვერ დამეხმარებოდა წყენის იმ გრძნობის ან ნამდვილი ზიანისგან თავის არიდებაში, რომელსაც გარშემომყოფი ადამიანები მომაყენებდნენ. როგორც, მაგალითად, იმ ჰიპოთეტურ შემთხვევაში, როცა თავს გესხმის სასტიკი და აგრესიული ადამიანი, რომელსაც თავისი მდგომარეობით ძალაუფლება გააჩნია.

მან გადაიხარხარა და დამეთანხმა, რომ ჩემი მაგალითი დასაშვებია.

— მეომარს შეიძლება ფიზიკური ზიანი მიაყენონ, მაგრამ ის ვერ იქნება განაწყენებული, — თქვა მან. — მეომრისთვის არაფერია საწყენი გარშემომყოფი ადამიანების ქცევაში, მანამ, სანამ თვითონ მოქმედებს სწორი განწყობით.

წინა ღამით ლომი არ გამხდარა შენი წყენის მიზეზი. იმ ფაქტს, რომ იგი მოგვდევდა, არ გაუბრაზებიხარ. არ გამიგია, რომ გელანძღოს იგი, ან გეთქვას, რომ უფლება არ აქვს გამოგვედევნოს. და ყველაფერი იმით, რაც მასზე იცი, მას შეუძლია იყოს სასტიკი და აგრესიული ლომი. მაგრამ ეს არც გაგიფიქრია, როცა მას გაურბოდი. ერთადერთი რამ შენს გონებაში გადარჩენის სურვილი იყო. და ეს ძალიან კარგად გააკეთე.

მარტო რომ ყოფილიყავი, ლომს დაეჭირე და სასიკვდილოდ დაესახიჩრებინე, არც კი მოგივიდოდა თავში მასზე საყვედური ან თავის შეურაცხყოფილად გრძნობა მისი მოქმედებების გამო.

მეომრის განწყობა არც ისე ადვილად გადადის შენს ან ვინმე სხვის სამყაროში. იგი იმისთვის გჭირდება, რომ მთელი ყბედობის მიღმა გახვიდე.

ჩემი მსჯელობების მსვლელობა ავუხსენი. ლომი და გარშემომყოფი ადამიანები ერთ სიბრტყეში ვერ იქნებოდნენ, რადგანაც მე ვიცოდი ადამიანების ფარული ზრახვები მაშინ, როცა მსგავსი არაფერი ვიცოდი ლომთან დაკავშირებით. რაც მაბრაზებდა გარშემომყოფი ადამიანების ქცევებში, ის იყო, რომ ისინი ბოროტულად მოქმედებდნენ ისე, რომ აცნობიერებდნენ ამას.

— ვიცი, ვიცი, — თქვა დონ ხუანმა მოთმინებით. — მეომრის განწყობამდე მიღწევა მარტივი საქმე არაა. ეს რევოლუციაა. ლომისა და წყლის ვირთხების და გარშემომყოფები ადამიანების, ერთ სიბრტყეში განხილვა მეომრული სულის შესანიშნავი ქცევაა. ამისთვის ძალაა საჭირო.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff