კარლოს კასტანედა - მოგზაურობა იქსტლანში

კარლოს კასტანედა
5
1

ის, ვინც მეომრის გზაზე დგება, გზაზე, რომელსაც გული აქვს, ვეღარასოდეს დარჩება უბრალო ობივატელად

15. არკეთება

15. არკეთება 

ოთხშაბათი, 1962 წლის 11 აპრილი.

სახლში დაბრუნების შემდეგ დონ ხუანმა მირჩია, რომ ჩანაწერების კეთება განმეგრძო, თითქოს არაფერი შემმთხვეოდეს, და რომ არ მეფიქრა და არ მეხსენებინა არცერთი მომხდარი მოვლენა.

შუადღის დასვენების შემდეგ განაცხადა, რომ ეს ადგილი რამდენიმე დღით უნდა დაგვეტოვებინა, რადგან სასურველი იყო რაღაც მანძილი ყოფილიყო ჩვენსა და „იმ არსებებს“ შორის. თქვა, რომ მათ ღრმა ზეგავლენა მოახდინეს ჩემზე, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ შემიმჩნევია მათი გავლენის ეფექტი, რადგანაც ჩემი სხეული არასაკმარისად მგრძნობიარე იყო. თუმცაღა მცირე ხნის შემდეგ სერიოზულად გავხდებოდი ავად, თუ „ჩემი ძალის ადგილზე“ არ წავიდოდი, რათა ძალები აღმედგინა და მოვმაგრებულიყავი.

განთიადის წინ წავედით. გეზი ჩრდილოეთისკენ ავიღეთ და დამქანცველი მგზავრობისა და სწრაფი სიარულის შემდეგ იმ გორაკის მწვერვალს დღის მეორე ნახევარში მივაღწიეთ.

დონ ხუანმა, როგორც ადრე აკეთებდა ხოლმე ამას, ადგილი, სადაც ადრე უკვე მეძინა, ტოტებითა და ფოთლებით დაფარა. შემდეგ ფოთლების ბღუჯა მომცა, რომ მუცელზე დამედო და მითხრა, რომ დავწოლილიყავი და დამესვენა. თავისთვის სხვა ადგილი მოიმზადა ჩემგან ცოტათი მარცხნივ, დაახლოებით მეტრნახევარში ჩემგან და თავადაც წამოწვა.

რამდენიმე წუთში ყველა მიმართულებით გავრცელებადი სითბო და შესანიშნავი განწყობა დამეუფლა. ეს იყო ფიზიკური კომფორტულობის შეგრძნება. ისეთი შეგრძნება, თითქოს ჰაერში ვიყავი გამოკიდებული. შემეძლო ბოლომდე დავთანხმებოდი დონ ხუანს, რომ „სიმების საწოლი“ ჰაერში მალივლივებდა. მოვუყევი ჩემი საოცარი შეგრძნებების შესახებ. დონ ხუანმა თავდაჯერებული ტონით განაცხადა, რომ სწორედ ამ მიზნით გააკეთა „საწოლი“.

— ვერ წარმოვიდგენდი, რომ ეს შესაძლებელი იყო!— წამოვიძახე მე.

დონ ხუანმა ჩემი განცხადება პირდაპირი მნიშვნელობით გაიგო და დამტუქსა. თქვა, რომ დაიღალა იმისგან, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანი არსებასავით ვმოქმედებდი, რომელსაც კვლავ და კვლავ უნდა უმტკიცო, რომ სამყარო ამოუცნობი და ჯადოსნურია.

ვეცადე ამეხსნა, რომ ჩემს რიტორიკულ განცხადებას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა. მისი თქმით, ეს რომ ასე ყოფილიყო, სხვა სიტყვებს შევარჩევდი. მეჩვენებოდა, რომ ძალიან გაღიზიანებული იყო ჩემ გამო. სანახევროდ ჩამოვჯექი და ბოდიშების მოხდა დავიწყე. მაგრამ მას გაეცინა საუბრის საკუთარ მანერის მიბაძვით, რიტორიკულ–მაღალფარდოვანი განცხადებების მთელი რიგი შემომთავაზა, რომლებიც შემეძლო გამომეყენებინა. ბოლოს და ბოლოს გამეცინა მის მიერ შემოთავაზებული ზოგიერთი ალტერნატივის აბსურდულობაზე.

მას გაეცინა და რბილი ტონით შემახსენა, რომ საკუთარ თავს უნდა განვჯაჭვოდი და ლივლივის შეგრძნებას უნდა მივცემოდი.

სიმშვიდისა და სისავსის შეგრძნებამ, რომელსაც ამ მოჯადოებულ ადგილას ვგრძნობდი, რაღაც ძალიან ღრმა ემოციები გააღვიძა ჩემში. საკუთარი ცხოვრების შესახებ დავიწყე საუბარი. ვაღიარე, რომ არასოდეს ვცემდი პატივს ვინმეს, და არ მიყვარდა არავინ, საკუთარი თავიც კი, და რომ ყოველთვის თანდაყოლილად ბოროტად ვგრძნობდი თავს, ამიტომ ჩემს დამოკიდებულებას სხვებისადმი ყოველთვის ახლდა გარკვეული თავხედობის ელფერი.

— მართალია, — თქვა დონ ხუანმა. — შენ საერთოდ არ გიყვარს საკუთარი თავი.

ჩაიხითხითა და თქვა, თუ რას ხედავდა იმ დროს, როცა მე ვლაპარაკობდი. მისი რეკომენდაცია იყო, რომ არ უნდა მენანა არაფერი, რაც გავაკეთე, რადგანაც ვინმეს მოქმედებების განსაზღვრა, როგორც ცუდის, ულამაზოს ან ბოროტულის, ნიშნავდა საკუთარ თავზე არაფრით განპირობებული მნიშვნელოვნების მიღებას.

მე ნერვიულად გავინძერი, და ფოთლების საწოლმა შრიალის ხმა გამოსცა. დონ ხუანმა თქვა, რომ თუ დასვენება მინდოდა, არ უნდა გამეღიზიანებინა ჩემი ფოთლები და უნდა მიმებაძა მისთვის, ანუ უნდა ვწოლილიყავი და არანაირი მოძრაობა არ შემესრულებინა. თქვა, რომ ხედვებისას ჩემს ერთ-ერთ განწყობას შეეჩეხა. რაღაც პერიოდი იგი ყოყმანობდა, თითქოს შესაფერის სიტყვას ეძებდა, შემდეგ კი თქვა, რომ ის განწყობა, რომელზეც იგი საუბრობდა, გონების იმ ჩარჩოს წარმოადგენდა, რომელშიც გამუდმებით ვხტებოდი ხოლმე. მან ეს ახსნა, როგორც ერთგვარი დამჭერი კარი, რომელიც უეცრად იხსნება და მყლაპავს.

ვთხოვე, უფრო ზუსტად აეხსნა. მან მითხრა, რომ შეუძლებელია იყო კონკრეტული, როცა „ხედვაზე“ საუბრობ. სანამ კიდევ რაიმეს თქმას შევძლებდი, მიბრძანა, რომ მოვდუნებულიყავი, მაგრამ არ დამძინებოდა, და ყურადღებით ვყოფილიყავი სადამდეც შევძლებდი. თქვა, რომ სიმებისგან გაკეთებული საწოლი შექმნილია იმისთვის, რომ საშუალება მისცეს მეომარს, მივიდეს სიმშვიდისა და კარგი განწყობის გარკვეულ მდგომარეობამდე.

დონ ხუანმა დრამატული ტონით განაცხადა, რომ კარგი განწყობა არის ის მდგომარეობა, რომელსაც უნდა გაუფრთხილდე და სათუთად შეინახო. მდგომარეობა, რომელიც ჯერ უნდა გაიცნო იმისთვის, რომ ეძებო იგი.

— შენ არ იცი, რა არის კარგი განწყობა, რადგანაც არასოდეს განგიცდია იგი, — თქვა მან.

მე არ დავეთანხმე, მაგრამ იგი აგრძელებდა მტკიცებას, რომ კარგი განწყობა მიღწევაა, რომელსაც გაცნობიერებულად ეძებენ. თქვა, რომ ერთადერთი რამ, რისი ძებნაც მე შემეძლო, — ეს იყო დეზორიენტაციის, ცუდი განწყობისა და დაბნეულობის შეგრძნება.

მან დამცინავად გადაიხარხარა. მისი თქმით, იმისთვის, რომ შემესრულებინა ამოცანა, რომელიც იმაში მდგომარეობდა, რომ საკუთარი თავი საწყალი გამეხადა, იძულებული ვიყავი ინტენსიურად მემუშავა ამაზე, და დიდი აბსურდი ის იყო, რომ ვერ მივხვდი ზუსტად ასეთივე მუშაობის საჭიროებას საკუთარი თავის გასამთლიანებლად და გასაძლიერებლად.

— ფანდი იმაშია, რაზეც ადამიანი აკეთებს აქცენტს. — თქვა მან. — ჩვენ ან საწყალს ვხდით საკუთარ თავს ან ძლიერს. ჩატარებული სამუშაოს რაოდენობა ერთი და იგივეა.

თვალები დავხუჭე და კვლავ მოვდუნდი, როცა ვიგრძენი, რომ ვლივლივებდი. რაღაც პერიოდი მართლაც მეჩვენებოდა, რომ სივრცეში ვმოძრაობდი ფოთოლივით; მიუხედავად იმისა, რომ ეს უსასრულოდ სასიამოვნო იყო, შეგრძნებამ რაღაცნაირად ის დრო გამახსენა, როცა ავად ვიყავი ხოლმე, როცა თავბრუ მეხვეოდა და ტრიალის შეგრძნებას განვიცდიდი. ვიფიქრე, რომ რაღაც ცუდი ვჭამე.

მესმოდა, რომ დონ ხუანი რაღაცას მელაპარაკებოდა, მაგრამ არანაირ ძალისხმევას არ მივმართავდი, რომ ყური დამეგდო. ვცდილობდი, გონებით გადამეთვალიერებინა ყველაფერი, რაც იმ დღეს შევჭამე, მაგრამ ვერ შევძელი ამით დაინტერესება. მეჩვენებოდა, რომ ამას არ ჰქონდა მნიშვნელობა.

— თვალყური ადევნე, როგორ იცვლება მზის სინათლე, — თქვა მან.

მისი ხმა მკაფიო იყო. ვიფიქრე, რომ იგი მდინრარე თბილ წყალს ჰგავდა.

დასავლეთისკენ ცა სრულიად თავისუფალი იყო ღრუბლებისგან, და მზის სინათლე საოცარი იყო. შესაძლოა, იმ ფაქტმა, რომ დონ ხუანმა ასე განმაწყო, საღამოს მზის მოყვითალო ელფერი ჭეშმარიტად დიადი გახადა.

—დაე, ამ სინათლემ გაგბანოს, — თქვა დონ ხუანმა. — დღეს სანამ მზე ჩავა, სრულიად მშვიდი და ძალებაღდგენილი უნდა იყო, რადგანაც ხვალ ან ზეგ „არკეთება“ უნდა ისწავლო.

— რის არკეთება უნდა ვისწავლო? — ვკითხე მე.

— ახლა ნუ იფიქრებ ამაზე, — თქვა მან. — დაიცადე, სანამ იმ მთებში არ აღმოვჩნდებით.

მან მიმითითა რაღაც შორეულ, ბნელ, ავისმომასწავებელ მწვერვალებზე ჩრდილოეთის მიმართულებით.

 

ხუთშაბათი, 1962 წლის 12 აპრილი.

დღის მეორე ნახევარში მთებთან ახლოს მყოფ მთიან უდაბნოს მივაღწიეთ. მუქი ყავისფერი გორები შორიდან თითქმის მტრულად გამოიყურებოდნენ. მზე ძალზე დაბლა ჩასულიყო ჰორიზონტს ქვემოთ და გამყარებული ლავის დასავლეთ ზედაპირს ანათებდა.

თვალს ვერ ვწყვეტდი. ეს მწვერვალები მართლაც მაჰიპნოზებდნენ. დღის ბოლოს მთების ქვედა ფერდობები გამოჩნდა. მთის უდაბნოში ძალიან ცოტა იყო მცენარეულობა. მხოლოდ კაქტუსებს ვხედავდი და რაღაც მაღალ ბალახს, რომელიც ბუჩქებად იზრდებოდა.

დონ ხუანი დასასვენებლად შეჩერდა. ჩამოჯდა, ფრთხილად მიაყუდა საჭმლით სავსე კასრები კლდეს და თქვა, რომ ამ ადგილზე ღამეს გავათევდით. მან საკმაოდ მაღალი ადგილი შეარჩია. სადაც ვიდექი, იმ ადგილიდან საკმაოდ ფართე გარშემოწერილობას ვხედავდი.

ღრუბლიანი დღე იყო და მწუხრმა მალე მოიცვა იქაურობა. მე გართული ვიყავი იმაზე დაკვირვებით, თუ რა სწრაფად იცვლიდნენ შეფერილობას ვარდისფერი ღრუბლები ერთგვაროვან მუქ ყავისფერ შეფერილობად.

დონ ხუანი წამოდგა და ბუჩქებისკენ წავიდა. იმ დროისთვის, როცა დაბრუნდა, მთების სილუეტი შავ მასად გადაიქცა. ჩემ გვერდით ჩამოჯდა და ჩემი ყურადღება იმისკენ მიაპყრო, რაც თითქოს ბუნებრივი წარმონაქმნი იყო ჩრდილო-აღმოსავლეთის გორებისკენ. ეს იყო ადგილი, რომლის შეფერილობაც გარემოსგან განსხვავებით უფრო ნათელი იყო. იმ დროს, როცა მთები მწუხრის ჟამს ერთფეროვან მუქყავისფრად მოჩანდნენ, ადგილი, რომელზეც მან მიმითითა, მართლაც მოყვითალო იყო. ვერ ვხვდებოდი, რა შეიძლებოდა ეს ყოფილიყო. დიდხანს ვუყურებდი. მეჩვენებოდა, რომ იგი მოძრაობდა და პულსირებდა. როცა თვალები დავაელმე, მართლაც დაიწყო რხევა, თითქოს ქარი არხევდა.

— დაჟინებით უყურე, — მიბრძანა დონ ხუანმა.

რაღაც მომენტში, როცა მე უკვე საკმაო ხანი ვინარჩუნებდი დაჟინებულ მზერას, ვიგრძენი, რომ მთელი მთების მასივი ჩემკენ იძვროდა. ამ გრძნობას თან ახლდა უჩვეულო აგზნება ჩემი მუცლის ქვედა ნაწილში. უხერხულობა ისეთი მწვავე იყო, რომ წამოვდექი.

— დაჯექი! — დამიყვირა დონ ხუანმა, მაგრამ მე უკვე ფეხზე ვიდექი. ჩემი ახალი მდგომარეობიდან მოყვითალო წარმონაქმნი უფრო ქვემოთ, მთების ძირებთან აღმოჩნდა. მე კვლავ დავჯექი თვალმოუშორებლად და წარმონაქმნმა უფრო მაღალ ადგილას გადაინაცვლა. წამით ვუყურებდი მას, შემდეგ კი უეცრად ყველაფერი სწორ პერსპექტივაში აღვადგინე. მივხვდი, რომ ის, რასაც ვუყურებდი, მთებში კი არ იმყოფებოდა, არამედ მოყვითალო-მომწვანო მატერიის ნაფლეთი იყო, რომელიც პირდაპირ ჩემ წინ კაქტუსზე ეკიდა.

ხმამაღლა გამეცინა და ავუხსენი დონ ხუანს, რომ მწუხრმა ოპტიკური ილუზია შექმნა. იგი წამოდგა, ბუჩქთან მივიდა, ჩამოხსნა ეს ნაფლეთი, დაკეცა და ჩანთაში ჩაიდო.

— რატომ აკეთებ ამას? — ვკიტხე მე.

— იმიტომ, რომ ამ ნაფლეთს ძალა აქვს, — თქვა მან მშვიდად. — რაღაც პერიოდი კარგად მიგდიოდა მასთან და ძნელია თქმა, რა მოხდებოდა, თუ არ ადგებოდი.

 

პარასკევი, 1962 წლის 13 აპრილი.

განთიადისას მთებისკენ გავეშურეთ. ისინი ძალიან შორს იყვნენ. შუადღისთვის ერთ-ერთ კანიონში შევედით. მცირე გუბეებში წყალი დამდგარიყო. დასასვენებლად კლდის ჩრდილში ჩამოვჯექით. მთები გარედან მონუმენტალური ლავის ნაკადით იყო დაფარული. ათასწლეულების განმავლობაში გამყარებული ლავა მუქყავისფერ ქვად იყო ქცეული. ალაგ-ალაგ თითო-ოროლა ბალახი თუ იზრდებოდა ქვებს შორის ნაპრალებში.

როცა ზემოთ, კანიონის თითქმის დაკიდებულ კედლებს შევხედე, მუცლის ქვემოთ უსიამოვნო შეგრძნება განვიცადე. კედლები სიმაღლით ასიოდე მეტრის იყო და მიქმნიდა შეგრძნებას, რომ ჩემ ზემოთ იკეტებოდნენ. მზე თითქმის თავს ზემოთ იმყოფებოდა და ოდნავ იხრებოდა სამხრეთ-დასავლეთისკენ.

— აქ დადექი, — თქვა დონ ხუანმა და ჩემი სხეული ისე შემოაბრუნა, რომ მზის მიმართულებით მეცქირა.

მიბრძანა, რომ დაჟინებით მემზირა ჩემს თავზე აღმართული მთის კედლისთვის. ხედი განსაცვიფრებელი იყო. ლავის ნაკადის დიადი სილამაზე ჩემს წარმოსახვას იპყრობდა. ფიქრი დავიწყე იმაზე, თუ როგორი უნდა ყოფილიყო თავად ამოფრქვევა. რამდენჯერმე კანიონის კედლებს ზემოდან ქვემომდე შევხედე. ქვის კედლის ფერთა პალიტრის სიმდიდრეში ჩავიძირე. აქ იყო ყველა შესაძლო ელფერი. პირდაპირ ზემოთ ავიხედე და შევამჩნიე, რომ მზის შუქი ფრიად თვალწარმტაც ანარეკლს წარმოქმნიდა, როდესაც გამყარებული ლავის მბრწყინავ ზედაპირს ეხებოდა.

მთების იმ ნაწილს ვუყურებდი, სადაც მზის სინათლე ირეკლებოდა. მზის მოძრაობასთან ერთად მისი ინტენსივობა მცირდებოდა და ბოლოს სრულიად გაქრა.

კანიონის მიღმა გავიხედე და კიდევ ერთი ადგილი ვიპოვნე მზის შუქის ასეთივე თვალწარმტაცი ანარეკლებით. დონ ხუანს ვუთხარი იმის შესახებ, რაც ხდებოდა, და შემდეგ სინათლის კიდევ ერთი ადგილი შევამჩნიე. შემდეგ კიდევ ერთი სხვა ადგილას. და კიდევ, სანამ მთელი კანიონი სინათლის დიდი ლაქებით არ დაიფარა.

თავბრუ დამეხვა. თვალებიც რომ დამეხუჭა, მაინც ვხედავდი მბრწყინავ შუქს. თავზე ხელები შემოვიჭირე და ვცდილობდი გადმოკიდებული კლდის ქვეშ შევმძვრალიყავი, მაგრამ დონ ხუანმა მაგრად მომკიდა ხელში ხელი და მბრძანებლური ტონით მითხრა, რომ მთის კედლისთვის მეცქირა და მეცადა, რომ მძიმე სიბნელის ლაქები დამენახა სინათლის ველებს შორის.

არ მინდოდა ყურება, რადგანაც ნათება ჩემს თვალებს აწუხებდა. ვთქვი, რომ რაც მემართებოდა, იმას ჰგავდა, თითქოს მზიან ქუჩას ვუყურებდი ფანჯრიდან, შემდეგ კი ყველგან ფანჯრის რამას ვხედავდი, როგორც შავ სილუეტს.

დონ ხუანმა თავი აქეთ-იქეთ გაიქნია და სიცილი დაიწყო. ხელი გამიშვა და კვლავ კლდის ქვეშ ჩამოვჯექით. ჩემს შთაბეჭდილებებს ვხარშავდი, როდესაც დონ ხუანმა ხანგრძლივი დუმილის შემდეგ დრამატული ტონით წარმოთქვა:

— აქ იმისთვის მოგიყვანე, რომ ერთი რამ გასწავლო, — თქვა მან და გაჩერდა. — შენ არკეთება უნდა ისწავლო. ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ ამაზე, რადგანაც სხვანაირად არ შეგიძლია დაწყება. ვფიქრობდი, რომ შენ შეგეძლო შეჭიდებოდი არკეთებას იმის გარეშე, რომ მე არ მელაპარაკა ამაზე. მე ვცდებოდი.

— არ მესმის, რაზე საუბრობ, დონ ხუან?

— ამას არ აქვს მნიშვნელობა, — თქვა მან. — მინდოდა მომეყოლა იმის შესახებ, რაც ძალიან მარტივია, მაგრამ ძალიან რთულია შესასრულებლად. მინდოდა, რომ არკეთების შესახებ მომეყოლა. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ არ არსებობს ამაზე საუბრის არანაირი საშუალება, რადგანაც ამას სხეული აკეთებს.

რამდენიმე მზერა მესროლა და შემდეგ მითხრა, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიმექცია იმისთვის, რასაც მეუბნებოდა.

ბლოკნოტი დავხურე, მაგრამ ჩემდა გასაოცრად მან მომთხოვა, რომ წერა განმეგრძო.

— არკეთება იმდენად რთული და იმდენად ძლევამოსილია, რომ შენ არ უნდა ისაუბრო მასზე, — თქვა მან. — მანამ, სანამ სამყაროს არ გააჩერებ. მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლია ამაზე თავისუფლად საუბარი, თუ ეს სწორედ ისაა, რისი გაკეთებაც გსურს.

დონ ხუანმა გაიხედა და დიდ კლდეზე მიმითითა.

— ეს კლდე კლდეს წარმოადგენს კეთების გამო, — თქვა მან.

ერთმანეთს შევხედეთ, და მან გაიღიმა. ახსნას ველოდი, მაგრამ იგი დუმდა. ბოლოს და ბოლოს იძულებული ვიყავი მეთქვა, რომ არ მესმოდა, რას გულისხმობდა.

— ეს კეთებაა! — წამოიძახა მან.

— მაპატიე?

— ესეც კეთებაა.

— რაზე ლაპარაკობ, დონ ხუან?

— კეთება არის ის, რაც კლდეს კლდედ აქცევს, ბუჩქს კი ბუჩქად. კეთება არის ის, რაც შენ შენად გაქცევს, მე კი – მედ.

ვუთხარი, რომ მისი განმარტებები ვერაფერს ვერ ხსნიდა. მას გაეცინა და საფეთქლები მოიფხანა.

—ამაზე ლაპარაკი ყოველთვის პრობლემაა. იგი ყოველთვის ყველაფერსხლართავს. თუ არკეთებაზე იწყებ ლაპარაკს, ყოველთვის ამთავრებ იმით, რომ რაღაც სხვაზე ლპარაკობ. ჯობია, უბრალოდ იმოქმედო.

ავიღოთ, მაგალითად, ეს კლდე. მისი ცქერა — კეთებაა, მაგრამ მისი ხედვა — არკეთება.

მინდოდა მეღიარებინა, რომ მის სიტყვებს ჩემთვის აზრი არ ჰქონდა.

— ო, რა თქმა უნდა აქვთ! წამოიძახა მან. მაგრამ შენ დარწმუნებული ხარ, რომ მათ არ აქვთ აზრი, რადგანაც ეს შენი კეთებაა. სწორედ ამ სახით მოქმედებ ჩემთან მიმართებაში და სამყაროსთან მიმართებაში.

მან კვლავ კლდეზე მიმითითა.

— ეს კლდე ყველაფერ იმის გამო წარმოადგენს კლდეს, რაც მასზე იცი, — თქვა მან. — და ის, რაც შეგიძლია მას გაუკეთო. ამას ვეძახი კეთებას. მაგალითად, ცოდნის ადამიანმა იცის, რომ კლდე მხოლოდ კეთების გამო წარმოადგენს კლდეს. ამიტომ, თუკი მას უნდა, რომ კლდე არ იყოს კლდე, ყველფერი, რაც მას ამისთვის ჭირდება — ესაა არკეთება. მიხვდი, რას ვგულისხმობ?

საერთოდ არ მესმოდა მისი. გაეცინა და და კიდევ სცადა ახსნა.

— სამყარო წარმოადგენს სამყაროს იმიტომ, რომ შენ იცი ის კეთება, რაც მას ასეთად ხდის, — თქვა მან. — შენ რომ არ იცოდე მისი კეთება, სამყარო სხვანაირი იქნებოდა.

მან ინტერესით შემათვალიერა. წერა შევწყვიტე. მინდოდა, უბრალოდ მესმინა მისთვის. იგი განაგრძობდა ახსნას, რომ ამ ერთგვარი კეთების გარეშე გარშემო არაფერი ნაცნობი არ დარჩებოდა.

იგი დაიხარა, პატარა კენჭი მარცხენა ხელის ორი თითით ასწია და ჩემ თვალწინ დაიჭირა. ეს კენჭია, იმიტომ, რომ შენ იცი იმისთვის საჭირო კეთება, რომ იგი კენჭად აქციო, — თქვა მან.

რაზე ამბობ? — ვკითხე მე გულწრფელი განცვიფრებით. დონ ხუანს გაეღიმა. მეჩვენებოდა, რომ გამცემი კმაყოფილების დაფარვას ცდილობდა.

— არ ვიცი, რატომ ხარ ასე შეცბუნებული, — თქვა მან. —სიტყვები, ეს შენი წინასწარგანწყობაა, შენ მეშვიდე ცაზე უნდა იყო.

მან იდუმალი მზერა მესროლა და ორ-სამჯერ წარბები ასწია. შემდეგ კვლავ მიმითითა პატარა კენჭზე, რომელიც ჩემ თვალწინ ეჭირა.

— მე ვამბობ, რომ შენ აქცევ მას კენჭად იმიტომ, რომ იცი ის კეთება, რაც ამისთვისაა საჭირო. და იმისთვის, რომ სამყარო გააჩერო, კეთება უნდა გააჩერო.

იგი თითქოს ხვდებოდა, რომ მე მაინც ვერაფერი გავიგე, და თავის ქნევით იღიმებოდა. შემდეგ პატარა ჯოხი აიღო და კენჭის არათანაბარ გვერდებზე მიმითითა.

— ამ პატარა კენჭის შემთხვევაში, — განაგრძობდა იგი, — პირველი, რასაც მას კეთება უშვრება, ესაა ის, რომ ამ ზომებამდე კუმშავს. ამიტომ, თუ მეომარს სამყაროს გაჩერება სურს, სწორი ქმედება იქნება, თუ იგი არკეთებით გაადიდებს კენჭს ან ნებისმიერ სხვა ნივთს.

იგი წამოდგა, კენჭი ლოდზე დადო და მთხოვა, რომ უფრო ახლოს მივსულიყავი და კარგდ დავკვირვებოდი. მითხრა, რომ დამეთვალიერებინა ღრმულები და ხვრელები კენჭზე და შემემჩნია უწვრილმანესი დეტალებიც კი. თქვა, რომ თუკი შევძლებდი დეტალებზე შეჩერებას, ფორები და ჩაღრმავებები გაქრებოდნენ, და მე მივხვდებოდი, რას ნიშნავს არკეთება.

— ეს დაწყევლილი კენჭი დღეს ჭკუიდან გადაგიყვანს, — თქვა მან.

როგორც ჩანს სახეზე დაბნეულობა დამეტყო. მან შემომხედა და გადაიხარხარა. შემდეგ თავი მომაჩვენა, რომ გაბრზებულია კენჭზე და ორ-სამჯერ ქუდი დაარტყა მას.

მე ვთხოვდი, რომ აეხსნა, თუ რას გულისხმობდა. ვარწმუნებდი, რომ თუკი ეცდებოდა, ნებისმიერ რამეს ახსნიდა. მან შემომხედა და თავი გააქნია, თითქოს მდგომარეობა უიმედო ყოფილიყოს.

— რა თქმა უნდა, მე შემიძლია ყველაფრის ახსნა, — თქვა მან სიცილით. — მაგრამ შენ თუ შეძლებ გაგებას?

მისმა სიტყვებმ გამაცოფა.

— კეთება გაიძულებს, რომ გამოარჩიო კენჭი დიდი ზომის ლოდისგან. თუ გინდა, რომ არკეთება ისწავლო, ასე ვთქვათ, ერთმანეთს უნდა შეარწყა ისინი.

მან მიმითითა პატარა ჩრდილზე, რომელსაც კენჭი ქმნიდა ლოდზე, და თქვა, რომ ეს ჩრდილი კი არა, წებოა, რომლითაც ისინი ერთმანეთს ერწყმიან. შემდეგ შებრუნდა და წავიდა, მანამდე კი თქვა, რომ მოგვიანებით მოვიდოდა ჩემ მოსანახულებლად.

დიდი ხნის განმავლობაში ვუყურებდი კენჭს. არ შემეძლო ყურადღების შეჩერება უწვრილმანეს დეტალებზე და ჩაღრმავებებზე, მაგრამ მცირე ჩრდილი, რომელსაც კენჭი ქმნიდა, ძალიან ინტენსიური გახდა. დონ ხუანი მართალი იყო. იგი წებოს ჰგავდა, მოძრაობდა და ადგილს ინაცვლებდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ კენჭიდან იღვრებოდა.

როცა დონ ხუანი დაბრუნდა, ყველაფერი მოვუყევი, რასაც დავაკვირდი და რაც დავინახე ჩრდილში.

— არაა ცუდი დასაწყისი, — თქვა მან. — ჩრდილის მეშვეობით მეომარს შეუძლია ბევრი რამ თქვას.

შემდეგ თქვა, რომ უნდა ამეღო კენჭი და სადმე დამემარხა.

— რატომ? — ვკითხე მე.

— შენ დიდხანს აკვირდებოდი მას. ახლა მასში უკვე არის რაღაც შენი. მეომარი ყოველთვის ცდილობს ზეგავლენა მოახდინოს კეთების ძალაზე და არკეთებად გარდაქმნას იგი. კენჭის მიტოვება კეთება იქნებოდა, რადგანაც ეს უბრალოდ პატარა ქვაა. არკეთება იქნება, თუ ისე მოეპყრობი კენჭს, თითქოს იგი სულაც არ იყოს უბრალო ქვა. ამ შემთხვევაში კენჭი შენით გაიჟღინთებოდა დროის დიდი პერიოდის მანძილზე და ახლა ეს შენ ხარ, და არ შეგიძლია მისი უბრალოდ მიტოვება, არამედ უნდა დამარხო იგი. შენ რომ პირადი ძალა გქონოდა, მაშინ არკეთება იქნებოდა, თუ ამ კენჭს ძალის ობიექტად გადააქცევდი.

— ახლა არ შემიძლია ამის გაკეთება?

— ამისთვის შენი ცხოვრება არასაკმარისად მჭიდროა. რომ ხედავდე, გეცოდინებოდა, რომ შენმა დაჟინებულმა ყურადღებამ ეს კენჭი რაღაც ფრიად ულამაზოდ აქცია, ამიტომ ყველაზე უკეთესი, რაც შეგიძლია გააკეთო, ესაა ის, რომ ამოთხარო ორმო, ჩაფლო იგი და საშუალება მისცე მიწას, რომ მისი სიმძიმე შეიწოვოს.

— და ეს ყველაფერი სიმართლეა?

— შენს პასუხზე ჰოს ან არას თქმა კეთება იქნება, მაგრამ რადგანაც არკეთებას სწავლობ, უნდა გითხრა, რომ ფაქტიურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, არის თუ არა ეს ყველაფერი სიმართლე. სწორედ აქ აქვს მეომარს უპირატესობის წერტილი საშუალო ადამიანთან. საშუალო ადამიანს აინტერესებს, სწორია თუ არა ეს ყველაფერი, მეომარს კი - არ აინტერესებს. საშუალო ადამიანი განსაკუთრებულად ეპყრობა იმ საგნებს, რომლებსაც იცნობს როგორც მართალს, და სრულიად განსხვავებულად იმ საგნებს, რომლებსაც ცრუდ აღიქვამს. თუ რაიმეზე ნათქვამია, რომ ის მართალია, იგი მოქმედებს და სჯერა იმის, რასაც აკეთებს. მაგრამ თუ რაღაცაზე ითქვა, რომ იგი ცრუა, იგი არ ცდილობს მოქმედებას, ან არ სჯერა იმის, რასაც აკეთებს. მეორე მხრივ, მეომარი ორივე შემთხვევაში მოქმედებს. თუ რაიმე ცნობილია, როგორც ჭეშმარიტი, იგი იმოქმედებს იმისთვის, რომ კეთება აკეთოს, თუ რაიმეზე ცნობილია, როგორც არაჭეშმარიტი, იგი მაინც იმოქმედებს იმისთვის, რომ არკეთება აკეთოს. გესმის, რას ვამბობ?

— არა, საერთოდ არ მესმის, რას ვამბობ, — ვუთხარი მე.

დონ ხუანის სიტყვებმა გაურკვევლობაში ჩამაგდო. ვერ ვხვდებოდი, რას ლაპარაკობდა. ვუთხარი, რომ ეს ყველაფერი უაზრობაა, და მას გაეცინა ჩემზე, და მითხრა, რომ მე იმაშიც კი არ მქონდა უზადო სული, რისი კეთებაც ყველაზე მეტად მიყვარდა — ლაპარაკში. იგი აქილიკებდა ლაპარაკის ჩემს უნარს და მცდარად და არაადექვატურად თვლიდა მას.

— თუ გინდა, რომ მთლიანად ენა იყო, იყავი მეომარი ენა, — თქვა მან და სიცილისგან გადაბჟირდა.

თავს გაკიცხულად ვგრძნობდი. ყურებში მიწუოდა. თავში უსიამოვნო სიცხეს ვგრძნობდი. სახე წითელი მქონდა და მართლაც გაღიზიანებული ვიყავი.

წამოვდექი, ჩაპარალში გავედი და კენჭი დავმარხე.

— ცოტათი გაღიზიანებდი, — თქვა დონ ხუანმა, როცა დავბრუნდი და ჩამოვჯექი. — მაგრამ ამავდროულად ვიცი, რომ თუ არ ლაპარაკობ, მაშინ არ გესმის. ლაპარაკი შენთვის კეთებას წარმოადგენს. მაგრამ აქ ლაპარაკი არაა შესაფერისი. თუ გინდა იცოდე, რას ვგულისხმობ არკეთებაში, მარტივი სავარჯიშო უნდა გააკეთო. რადგანაც ჩვენ არკეთებაზე ვსაუბრობთ, არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, ახლა გააკეთებ ამ სავარჯიშოს თუ ათი წლის შემდეგ.

მან დაწოლა მაიძულა, ჩემი მარჯვენა ხელი აიღო და იდაყვში მოხარა. შემდეგ ჩემი ხელისგული იქამდე მოატრიალა, სანამ წინისკენ არ მიმართა. ჩემი თითები ისე მოკაკვა, რომ ხელის პოზა გამოიყურებოდა, თითქოს კარის სახელურზე მეკიდა ხელი. შემდეგ ჩემი ხელის წინ და უკან მოძრაობა დაიწყო წრიული მოძრაობებით, რომლებიც ბორბალზე მიმაგრებული პედალის მოძრაობას მაგონებდა.

დონ ხუანმა თქვა, რომ მეომარი ასრულებს ამ მოძრაობას ყოველ ჯერზე, როცა რაღაცის თავისი სხეულიდან გამოგდება სურს, რაღაც ავადმყოფობის, ან დაუპატიჟებელი შეგრძნებისმაგვარის. იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ მიწოლოდა და დაექაჩა წარმოსახვითი საწინააღმდეგო ძალა, სანამ არ შეიგრძნობდა მძიმე ობიექტს, სოლიდურ სხეულს, რომელიც ხელის თავისუფალ მოძრაობას შეეწინააღმდეგებოდა.

ვარჯიშის შემთხვევაში არკეთება მდგომარეობდა მის განმეორებაში იქამდე, სანამ ხელით არ შევიგრძნობდი მძიმე სხეულს, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ შეუძლებელია ასეთი შეგრძნების შესაძლებლობის დაჯერება.

მე დავიწყე ხელის მოძრაობა და რაღაც დროის შემდეგ ხელი ყინულივით ცივი გამიხდა. ხელის გარშემო რაღაც ხახუნისმაგვარი ვიგრძენი. მეჩვენებოდა, რომ ხელს რაღაც მძიმე თხევად მატერიაში ვამოძრავებდი.

დონ ხუანმა უეცარი მოძრაობა გააკეთა, ხელი მტაცა ხელზე და სავარჯიშო შემაწყვეტინა. მთელი სხეული მიკანკალებდა, თითქოს უხილავი ძალისგან იყო შეძრული. მან დამათვალიერა, როცა ჩამოვჯექი, შემდეგ გარს შემომიარა, სანამ თავის ადგილას დაჯდებოდა.

— შენ საკმარისად გააკეთე, — თქვა მან. — ამ სავარჯიშოს გაკეთებას სხვა დროსაც შეძლებ, როცა მეტი პირადი ძალა გექნება.

— რამე არასწორად გავაკეთე?

— არა. არკეთება მხოლოდ ძლიერი მეომრებისთვისაა, შენ კი არა გაქვს საკმარისი ძალაამისთვის. ახლა მხოლოდ რაღაც შემაშინებელ საგნებს დაიჭერ ხელით. ამიტომ ცოტ-ცოტა აკეთე ეს სავარჯიშო, სანამ შენი ხელი გაციებას არ შეწყვეტს. როცა შენი ხელი თბილად დარჩება, მაშინ მართლაც შეიგრძნობ სამყაროს ხაზებს.

იგი შეჩერდა. თითქოს დრო მომცა, რომ კითხვა დამესვა ხაზების შესახებ. მაგრამ სანამ ამას გავაკეთებდი, ამიხსნა, რომ არსებობს ხაზების უსასრულო რაოდენობა, რომლებიც საგნებთან გვაერთებს. მან თქვა, რომ არკეთების ის სავარჯიშო, რომელიც ახლახანს აღწერა, ნებისმიერს დაეხმარება იმ ხაზების შეგრძნებაში, რომლებიც მოძრავი ხელიდან გამოდიან. ხაზების, რომლის მოთავსებაც ნებისმიერ ადგილას შეიძლება. დონ ხუანმა თქვა, რომ ეს მხოლოდ სავარჯიშო იყო, რადგან ხაზები, რომლებიც ხელის მიერ იქმნებიან, არასაკმარისად მდგრადნი იყვნენ იმისთვის, რომ რეალური ღირებულება ჰქონოდათ პრაქტიკულ სიტუაციაში.

— ცოდნის ადამიანი თავისი სხეულის სხვა ნაწილებს იყენებს იმისთვის, რომ მდგრადი ხაზები შექმნას, — თქვა მან.

— რომელ ნაწილებს, დონ ხუან?

— ყველაზე მდგრადი ნაწილები, რომელთა წარმოქმნასაც ახდენს ცოდნის ადამიანი, მისი სხეულის შუა ნაწილიდან გამოდიან. მაგრამ მას ასევე შეუძლია თვალებით წარმოქმნას ისინი.

— და ესენი რეალური ხაზებია?

— რა თქმა უნდა.

— შესაძლებელია მათი დანახვა და შეხება?

— ასე ვთქვათ,შეგიძლია შეიგრძნო ისინი. ყველაზე რთული, რაც მეომრის გზაზეა, ეს იმის გაგებაა, რომ სამყარო წარმოადგენს შეგრძნებას. როცა არკეთებას აკეთებ, გრძნობ სამყაროს, და გრძნობ ხაზების მეშვეობით.

იგი შეჩერდა და ცნობისმოყვარედ შემომხედა. წარბები ასწია, თვალები ფართოდ გაახილა, შემდეგ კი თვალები დაახამხამა. ეფექტი ისეთი იყო, თითქოს ფრინველმა დაახამხამა თვალები. თითქმის მყისიერად თავი არაკომფორტულად ვიგრძენი და გულისრევის გრძნობა გამიჩნდა. მეჩვენებოდა, რომ ვიღაცა მუცელზე დამაწვა.

— ხედავ, რას ვგულისხმობ? — მკითხა დონ ხუანმა და თვალები ამარიდა.

მე ვუთხარი, რომ გულისრევის შეგრძნება მქონდა, და მან შენიშნა, რომ თავისთავად იცოდა ეს, და თავისი თვალების მეშვეობით მეხმარებოდა სამყაროს ხაზები შეგრძნებაში. ვერ ვიღებდი მის განცხადებას იმის შესახებ, რომ თავად მაგრძნობინა ეს ყველაფერი. მაშინვე ეჭვი გამოვხატე. საეჭვოა, რომ მიმეღო იდეა, თითქოს მან გამოიწვია ჩემში გულისრევის შეგრძნება, რადგანაც არანაირი ფიზიკური მეთოდით მას ჩემზე არ უმოქმედია.

— არკეთება ძალიან მარტივია, და ამავე დროს ძალიან რთული. საქმე აქ გაგებაში კი არა, ამის დაუფლებაშია. ხედვა, რა თქმა უნდა, ადამიანის საბოლოო მიღწევაა. და ხედვა მხოლოდ მაშინ მიიღწევა, როცა მან სამყარო გააჩერა, არკეთების ტექნიკის გამოყენებით.

მე უნებლიედ გამეღიმა. ვერ მივხვდი რას გულისხმობდა.

— როცა ვიღაც რაღაცას უკეთებს ადამიანებს, — თქვა მან წყნარად, — მხოლოდ იმაზე უნდა იზრუნოს, რომ ამ ყველაფრის გაკეთების საშუალება მათ სხეულებს მისცეს. სწორედ ამას გიკეთებდი აქამდე, ვაძლევდი რა საშუალებას შენს სხეულს - სცოდნოდა. ვის რა საქმე აქვს იმასთან, ხვდები თუ არა ამას.

— კი, მაგრამ ეს ხომ უსამართლობაა, დონ ხუან. მე მინდა, რომ ყველაფერი მესმოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემი აქ ჩამოსვლა დროის ფლანგვა იქნება.

მან იმ ადგილთან მიმიყვანა, სადაც ადამიანის სიმაღლის ორი პიკი იდგა ერთმანეთის პარალელურად, ოთხი ან ხუთი ფუტის მოშორებით. დონ ხუანი მათგან ოც მეტრში შეჩერდა და დასავლეთს უყურებდა. მონიშნა ადგილი, სადაც მე უნდა ვმდგარიყავი და თქვა, რომ პიკების ჩრდილებისთვის მეცქირა. თქვა, რომ უნდა დავკვირვებოდი მათ და თვალები ზუსტად ისევე დამეელმებინა, როგორც ყოველთვის, როცა დასასვენებელ ადგილს ვეძებდი ხოლმე. მან განმარტა თავისი დარიგებები და მითხრა, რომ როცა დასასვენებელ ადგილს ეძებ, მზერის ფოკუსირების გარეშე უნდა იყურებოდე, და ჩრდილებს უნდა დააკვირდე. უნდა დააელმო თვალები და ამავდროულად ფოკუსში შეინარჩუნო გამოსახულება. აზრი იმაში მდგომარეობდა, რომ საშუალება მიმეცა ერთი ჩრდილისთვის, რომ მეორეს დადებოდა, თვალების დაელმებით. მან ამიხსნა, რომ ამ პროცესის წყალობით შესაძლებელია განსაზღვრული შეგრძნების მიღება, რომელიც ჩრდილიდან გამოდის. ლაპარაკი დავიწყე მისი მითითებების გაუგებრობაზე, მაგრამ დამარწმუნა, რომ არ არსებობს არანაირი საშუალება იმის აღსაწერად, რასაც იგი გულისხმობდა.

სავარჯიშოს შესრულების ჩემი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. მანამ ვიძაბებოდი, სანამ თავი არ ამტკივდა. დონ ხუანი საერთოდ არ ღელავდა ჩემი წარუმატებლობის გამო. იგი გუმბათისმაგვარ მწვერვალზე ავიდა, ზემოდან დამიყვირა, რომ კლდის ორ, მცირე, გრძელ და ვიწრო ნატეხს დავკვირვებოდი. ხელით მაჩვენა საჭირო ქვების ზომა.

ორი ასეთი ნატეხი ვიპოვე და მას გადავეცი. დონ ხუანმა თვითოეული ეს ქვა ნაპრალში ჩადო, ერთმანეთისგან ოცდაათი სანტიმეტრის დაშორებით. მათ ზემოთ, სახით დასავლეთისკენ დამაყენა და მიბრძანა, რომ იგივე სავარჯიშო მათ ჩრდილებზე შემესრულებინა.

ამ ჯერზე სულ სხვა საქმე იყო. თითქმის მაშინვე შევძელი თვალების დაელმება და მათი ინდივიდუალური ჩრდილების აღქმა, თითქოს ისინი ერთმანეთში ყოფილიყვნენ შერწყმული. შევამჩნიე, რომ ყურების პროცესი გამოსახულებების დაახლოების გარეშე იძლეოდა მხოლოდ ერთ ჩრდილს, რომელსაც არაჩვეულებრივი სიღრმე და გამჭვირვალობა ჰქონდა. გაოგნებული მივაშტერდი მას. ქვის ყოველი ჩაღრმავება იმ ადგილზე, რომელსაც ჩემი თვალები უმზერდნენ, მკაფიოდ გარჩევადი იყო. და ის ჩრდილი, რომელიც ამ ჩაღრმავებებს ეფინა, აღუწერელი გამჭვირვალობის ფირს წააგავდა.

არ მინდოდა თვალების დახამხამება, რადგანაც იმ გამოსახულების დაკარგვის მეშინოდა, რომელსაც ასეთი სიფრთხილით ვინარჩუნებდი. ბოლოს თვალები ამტკივდა, და იძულებული ვიყავი დამეხამხამებინა, მაგრამ თვალთახედვის არიდან არ დამიკარგავს არცერთი დეტალი. სინამდვილეში, ის, რომ ჩემი თვალები ცრემლებით იყო დანამული, უფრო მკაფიოს ხდიდა მათ. შევამჩნიე, რომ თითქოს განუზომელი სიმაღლეებიდან ვუცქერდი სამყაროს, რომელიც აქამდე არასოდეს მენახა. ზუსტად ასევე შევამჩნიე, რომ შემეძლო დამეთვალიერებინა გარშემომყოფი ჩრდილები ჩემი ვიზუალური აღქმის ფოკუსის დაკარგვის გარეშე. შემდეგ რაღაც წამით დავკარგე შეგრძნება, რომ ქვას ვუცქერდი. ვიგრძენი, რომ უფრო ფართე სამყაროში ვიძირებოდი, ვიდრე ოდესმე შემეძლო შეგრძნება. ეს უჩვეულო აღქმა წამით გაგრძელდა, შემდეგ კი ყველაფერი გამოირთო. თვალები ავტომატურად ავწიე და დავინახე დონ ხუანი, რომელიც პირდაპირ ქვების თავზე, სახით ჩემკენ იდგა. იგი მზის შუქს თავისი სხეულით მიფარავდა.

მე ავუღწერე უჩვეულო შეგრძნება, რომელიც მქონდა, და მან ამიხსნა, რომ იძულებული იყო შეეწყვიტა იგი, რადგანაც დაინახა, რომ ცოტაც და დავიკარგებოდი მასში. დაამატა, რომ ჩვენთვის ყველასთვის ესაა ბუნებრივი ტენდენციაა - ინდულგირება, როცა მსგავსი შეგრძნებები ჩნდება. და მასში ინდულგირებისას, მე თითქმის ვაქციე არკეთება ჩემს ჩვეულ კეთებად. თქვა, რომ უნდა შემენარჩუნებინა გამოსახულება ისე, რომ არ მივცემოდი მას, რადგანაც რაღაც კუთხით, კეთება წარმოადგენს დაქვემდებარების ერთ-ერთ ფორმას.

მე უკმაყოფილოდ განვაცხადე, რომ წინასწარ უნდა ეთქვა იმის შესახებ, თუ რისი მოლოდინი უნდა მქონოდა და რა უნდა მეკეთებინა, მაგრამ მან თქვა, რომ არანაირად არ შეეძლო ცოდნოდა, მივაღწევდი თუ არა წარმატებას ჩრდილების შერწყმაში.

იძულებული ვიყავი მეღიარებინა, რომ ამ არკეთებასთან დაკავშირებით უფრო მეტ გაურკვევლობაში ვიყავი, ვიდრე ოდესმე, დონ ხუანის კომენტარი კი ის იყო, რომ უნდა დავკმაყოფილებულიყავი იმით, რაც გავაკეთე, რადგანაც ერთხელ მაინც სწორად ვიმოქმედე, და სამყაროს შემცირებით, მე გავაფართოე იგი, და რომ თუმცა ძალზე შორს ვიყავი იმისგან, რომ სამყაროს ხაზები მეგრძნო, მიუხედავად ამისა, სწორად გამოვიყენე ქვების ჩრდილი, როგორც კარი არკეთებისკენ.

განცხადებამ იმის შესახებ, რომ სამყაროს შემცირებით გავადიდე იგი, უსაზღვროდ დამაინტრიგა. ფორებიანი ქვის დეტალები იმ ვიწრო ადგილას, სადაც ჩემი მზერა იყო მიმართული, ზუსტად ისეთივე ცოცხალი იყო და ისე ზუსტად მოხაზული, რომ ამ მომრგვალებული დაბოლოების მწვერვალი ჩემთვის უსასრულო სამყაროდ იქცა; და ამავდროულად, ეს მართლაც ქვის შემცირებული მოძრაობა გახლდათ. როცა დონ ხუანი მზის შუქს გადაეფარა და მე ჩვეულებრივი ხედვა დამიბრუნდა, ზუსტი დეტალები გადღაბნილი გახდა, პატარა ხვრელები ფორებიან ქვაზე უფრო გაიზარდა, მშრალი ლავის ყავისფერი შეფერილობა თეთრად იქცა, და გარშემო ყველაფერმა დაკარგა მბრწყინავი გამჭვირვალობა, რომელიც ქვას რეალურ სამყაროდ აქცევდა.

შემდეგ დონ ხუანმა აიღო ეს ორი ქვა, ფრთხილად ჩადო ისინი ღრმა ნაპრალში და ფეხებგადაჯვარედინებული, სახით დასავლეთისკენ დაჯდა იმ ადგილზე, სადაც მანამდე დააწყო ქვები. მანიშნა, რომ მის მარცხნივ დავმჯდარიყავი.

დიდი ხნის განმავლობაში არ ვლაპარაკობდით. შემდეგ ასევე მდუმარებაში მივირთვით საჭმელი. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მზე ჩავიდა, იგი უეცრად შემობრუნდა და მკითხა, როგორი იყო ჩემი წინსვლები სიზმარხილვებში.

ვუთხარი, რომ თავიდან ეს ადვილი იყო, მაგრამ ამჟამად საერთოდ შევწყვიტე სიზმრებში ჩემი ხელების დანახვა.

— როცა პირველად დაიწყე სიზმარხილვის პრაქტიკა, ჩემი პირადი ძალა გამოიყენე. ახლა ცარიელი ხარ, მაგრამ უნდა განაგრძო ძალისხმევები, სანამ საკმარისად არ გექნება საკუთარი პირადი ძალა. იცი, სიზმარხილვა ესაა არკეთება სიზმრებში. და არკეთებაში შენი პროგრესის შესაბამისად, სიზმარხილვებშიც წინ წაიწევ. ფანდი იმაში მდგომარეობს, რომ არ შეწყვიტო შენი ხელების ძიება მაშინაც კი, თუკი არ გჯერა, რომ რასაც აკეთებ რაიმე აზრი აქვს. ფაქტიურად, როგორც ადრე უკვე გითხარი, მეომარს არ სჭირდება რწმენა. რადგანაც მანამ, სანამ რწმენის გარეშე მოქმედებს, ის არკეთებას აკეთებს.

წამით ერთმანეთს შევხედეთ.

— მეტი არაფერი მაქვს შენთვის სათქმელი სიზმარხილვების შესახებ, — განაგრძობდა იგი. ყველაფერი, რაც შემიძლია გითხრა, უბრალოდ არკეთება იქნებოდა. მაგრამ თუკი პირდაპირ შეეხები არკეთებას, თავად გეცოდინება, რა აკეთო სიზმრებში. თუმცაღა, ამჯერად საკუთარი ხელების პოვნაა მნიშვნელოვანი, და დარწმუნებული ვარ, შეძლებ ამას.

— არ ვიცი დონ ხუან, საკუთარი თავის არ მჯერა.

— აქ საქმე იმაში არაა, რომ ვინმესი გჯეროდეს. ეს ყველაფერი მეომრის ბრძოლის ნაწილია, და შენ განაგრძობ ბრძოლას, თუ შენი საკუთარი ძალის გამო არა, შესაძლოა ღირებული მოწინააღმდეგის ზეწოლის გამო, ან რომელიმე მოკავშირეს მეშვეობით, იმის მსგავსის, რომელიც ახლა დაგყვება თან.

უნებურად ჩემი მარჯვენა ხელი შეკრთა. დონ ხუანმა მითხრა, რომ ჩემმა სხეულმა ბევრად მეტი იცის, ვიდრე მგონია, რადგანაც ის ძალა, რომელიც მოგვყვება, ჩემგან მარჯვნივაა. წყნარი ხმით მითხრა, რომ დღეს, უკვე ორჯერ, მოკავშირე იმდენად მომიახლოვდა, რომ მას ჩარევა და მისი შეჩერება დასჭირდა.

— დღის საათებში ჩრდილები წარმოადგენენ კარიბჭეს არკეთებისკენ, — თქვა მან. — მაგრამ ღამით, რადგანაც სიბნელეში კეთება ძალიან ცოტა რჩება, ყველაფერი ჩრდილს წარმოადგენს, მოკავშირეების ჩათვლით. უკვე გელაპარაკე ამაზე, როცა ძალის სირბილს გასწავლიდი.

ხმამაღლა გამეცინა, და საკუთარმა სიცილმა შემაშინა.

— ყველაფერი, რასაც აქამდე გასწავლიდი, არკეთების ასპექტი იყო, თუმცაღა არ შემიძლია იმაზე უფრო მეტი გითხრა, რაც დღეს გითხარი. თვითონვე უნდა მისცე საშუალება საკუთარ სხეულს, რომ გახსნას არკეთების შეგრძნება და ძალა.

ნერვიული ხველების შეტევა დამეწყო.

— სისულელეა შენი მხრიდან აძაგო სამყაროს გამოცანები მხოლოდ იმის გამო, რომ ძაგების კეთება იცი, — თქვა მან სერიოზული სახით.

მე დავარწმუნე, რომ არავინ და არაფერი არ მიძაგებია, და იმაზე უფრო ნერვული და არაკომპეტენტური ვარ, ვიდრე მას ჰგონია.

— ყოველთვის ასე ვიყავი, — ვუთხარი მე. — და მაინც, მინდა, რომ შევიცვალო, მაგრამ არ ვიცი, როგორ. მე ისეთი არაადეკვატური ვარ...

— უკვე ვიცი, რომ გახრწნილად თვლი საკუთარ თავს, — თქვა მან. — ეს შენი კეთებაა. ახლა, იმისთვის, რომ ამ კეთებაზე იმოქმედო, მინდა სხვა კეთების რეკომენდაცია მოგცე. დღეიდან, რვა დღის განმავლობაში, მინდა, რომ საკუთარ თავს მოატყუო. იმის ნაცვლად, რომ საკუთარ თავს სიმართლე უთხრა, რომ საზიზღარი ხარ, ბოლომდე გახრწნილი, არაადეკვატური, საკუთარ თავს ეტყვი, რომ ამის სრულიად საპირისპირო ხარ, და ამ დროს გეცოდინება, რომ იტყუები და სინამდვილეში სრულიად უიმედო ხარ.

— კი, მაგრამ რა აზრი აქვს ასეთ ტყუილს, დონ ხუან?

— მას შეუძლია სხვა კეთებაზე მიგამაგროს, და მაშინ შეძლებ მიხვდე, რომ ერთიც და მეორე კეთებაც ცრუ და არარეალურია, და ნებისმიერზე მოჭიდება დროის კარგვაა, რადგანაც ერთადერთი რეალური რამ ესაა არსება შენში, რომელიც მოკვდება. ამ არსებამდე მიღწევა წარმოადგენს საკუთარი თავის არკეთებას.

 

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff