17. ღირებული მოწინააღმდეგე
17. ღირებული მოწინააღმდეგე
სამშაბათი, 1962 წლის 11 დეკემბერი.
ჩემი ხაფანგები სრულყოფილები იყვნენ. ისინი სწორად იყვნენ დაყენებულნი. მე ვხედავდი კურდღლებს, ციყვებს და სხვა მღრღნელებს, გნოლებს და ჩიტებს, მაგრამ მთელი დღის განმავლობაში ვერაფერი ვერ დავიჭირე.
როცა დილით სახლიდან გამოვდიოდით, დონ ხუანმა მითხრა, რომ „ძალის ძღვენს“ უნდა დავლოდებოდი, განსაკუთრებულ ცხოველს, რომელიც შესაძლოა ჩემს ხაფანგთაგან რომელიმეში აღმოჩენილიყო, და მთელი მისი ხორცი უნდა გამომეშრო „ძალის მქონე საკვებად“.
როგორც ჩანს, იგი ფიქრის ხასიათზე იყო. ერთი შენიშვნა ან წინადადებაც კი არ მოუცია. დღის ბოლოსთვის, როგორც იქნა, განაცხადა:
— ვიღაც ჩაერია შენს ნადირობაში, — თქვა მან.
— ვინ? — ვკითხე მე, გულწრფელად გაკვირვებულმა.
მან შემომხედა, გაიღიმა და თავი გაიქნია უნდობლობის ჟესტად.
— შენ ისე მოქმედებ, თითქოს არ იცოდე, ვინაა, — თქვა მან, — როცა სინამდვილეში მთელი დღის განმავლობაში იცოდი, ვინაა იგი.
მინდოდა გამეპროტესტებინა, მაგრამ ამაში აზრს ვერ ვხედავდი. ვიცოდი, რომ იგი აპირებდა ეთქვა: „ლა კატალინა“, და თუ ეს ის ცოდნა იყო, რომელზეც ლაპარაკობდა, იგი მართალი იყო. ვიცოდი, ვინ იყო იგი.
— ახლა ან სახლში წავალთ, — ივარაუდა მან, — ან დაველოდებით დაბნელებას და მწუხრის ჟამს გამოვიყენებთ მის დასაჭერად.
როგორც ჩანდა, ჩემს გადაწყვეტილებას ელოდა. მე წასვლა მინდოდა. უკვე დავიწყე ნივთების შეგროვება, მაგრამ სანამ ჩემი სურვილის გამოთქმას მოვასწრებდი, მან პირდაპირი ბრძანებით შემაჩერა.
— დაჯექი, — თქვა მან. — პირდაპირ ახლა წასვლა უფრო მარტივი და უფრო ჯანსაღი გადაწყვეტილება იქნებოდა, მაგრამ ეს განსაკუთრებული შემთხვევაა, და ვფიქრობ, რომ უნდა დავრჩეთ. ეს წარმოდგენა სწორედ შენთვისაა.
— რას გულისხმობ?
ვიღაც შენს საქმეებში ერევა, ამიტომ ეს ყველაფერი შენი წარმოდგენა ხდება. მე ვიცი, ვინაა ეს, და შენც იცი.
— მაშინებ, — ვუთხარი მე.
— მე არა, მიპასუხა სიცილით, — ის ქალი გაშინებს, რომელიც აქვე ახლოს იმყოფება.
იგი შეჩერდა, თითქოს თავისი სიტყვების ეფექტს ელოდა. იძულებული ვიყავი მეღიარებინა, რომ შეშინებული ვიყავი.
ერთ თვეზე მეტი ხნის წინ საშინელი შეხვედრა მქონდა ჯადოქართან, სახელად „ლა კატალინა“. ჩემი სიცოცხლით გავრისკე და შევხვდი მას, რადგანაც დონ ხუანმა დამარწმუნა, რომ იგი თავს ესხმოდა და მას არ შეეძლო მისი თავდასხმების მოგერიება. მას შემდეგ, რაც მასთან კონტაქტში შევედი, დონ ხუანმა გამანდო, რომ სინამდვილეში იგი არასოდეს წარმოადგენდა მისთვის საფრთხეს, და ეს ყველაფერი ფანდი იყო, არა სასტიკი ონავრობის მიზნით, არამედ იმისთვის, რომ იძულებული გავმხდარიყავი მემოქმედა. საშინლად განრისხებული ვიყავი მასზე, იმდენად არაეთიკურად მეჩვენებოდა მისი მეთოდი.
მას შემდეგ, რაც ჩემი განრისხებული გამოსვლა მოისმინა, დონ ხუანმა მექსიკური მელოდიების ღიღინი დაიწყო. იგი ცნობილი მომღერლების იმიტაციას ახდენდა, და მისი მიბაძვა იმდენად კომიკური იყო, შედეგად იმით დავამთავრე, რომ ბავშვივით ვიცინოდი. იგი დიდი ხნის განმავლობაში მართობდა. არასოდეს მიფიქრია, რომ მას იდიოტური სიმღერების ამხელა რეპერტუარი ჰქონდა.
— ნება მომეცი, რაღაც გითხრა, — როგორც იქნა, მითხრა მან მაშინ. — თუ არ გაგვასულელებენ, ვერასოდეს ვისწავლით. მსგავსი რამ მომივიდა მეც, და იგივე მოუვათ სხვებსაც. კეთილისმყოფელის ხელოვნება იმაში მდგომარეობს, რომ კიდემდე მიგვიყვანოს. კეთილისმყოფელს შეუძლია მხოლოდ გზა მიგვითითოს და ფანდი გამოიყენოს. მე შენთან ადრე გამოვიყენე ფანდი. გახსოვს, როგორ განვაახლე შენი მონადირული სული? ჰა? შენ თვითონ მიყვებოდი, რომ ნადირობამ გაიძულა მცენარეების დავიწყება. ბევრი რამის გასაკეთებლად იყავი მზად იმისთვის, რომ მონადირე გამხდარიყავი. ისეთი რამეების, რასაც მცენარეების შესახებ რაღაცის გასაგებად არ გააკეთებდი. ახლა ბევრად მეტი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ გადარჩე.
მან შემომხედა და გადაიხარხარა.
— კი, მაგრამ ეს ყველაფერი სიგიჟეა, — ვუთხარი მე. — ჩვენ ხომ გონიერი არსებები ვართ.
— შენ — გონიერი ხარ, — მიპასუხა მან. — მე –არა.
— რა თქმა უნდა, შენც ხარ, — ვამტკიცებდი მე. — შენ ერთ-ერთი ყველზე გონიერი ადამიანი ხარ, რომელსაც შევხვედრივარ.
— კარგი! — წამოიძახა მან. მოდი, არ ვიკამათოთ. მე გონიერი ვარ, და მერე ამით რა?
მე ჩავრთე იგი კამათში იმის თაობაზე, იყო თუ არა აუცილებელი ორი გონიერი არსებისთვის, რომ ასე უგუნურად ემოქმედა, როგორც ჩვენ ვმოქმედებდით ამ ქალბატონ ჯადოქართან მიმართებაში.
— შენ გონიერი ხარ, კარგი, — თქვა მან მრისხანედ. — ეს კი ნიშნავს, რომ გჯერა იმის, რომ ბევრი რამ იცი სამყაროს შესახებ. მაგრამ მართლა ასეა ეს? მართლა იცი? შენ მხოლოდ ადამიანთა მოქმედებები ნახე. შენი გამოცდილება შემოფარგლულია მხოლოდ იმით, თუ რას აკეთებენ ადამიანები შენთან ან სხვებთან მიმართებაში. შენ არაფერი არ იცი ამ ჯადოსნური გამოუცნობი სამყაროს შესახებ.
ნიშანი მომცა, რომ გავყოლოდი ჩემი ავტომობილისკენ, და იქვე ახლოს, პატარა მექსიკურ ქალაქში წავედით.
არ მიკითხავს იმის შესახებ, თუ რის გაკეთებას ვაპირებდით. მითხრა, რომ ავტომობილი რესტორნის გვერდით დამეყენებინა, შემდეგ კი ავტოსადგური და უნივერმაღი მოვიარეთ. დონ ხუანი მარჯვნივ მიდიოდა და მიმიძღოდა. უეცრად გავაცნობიერე, რომ კიდევ ვიღაც მოდიოდა ჩემგან მარცხნივ. მაგრამ მანამ, სანამ შებრუნებას მოვასწრებდი, რათა შემეხედა, დონ ხუანმა სწრაფი უეცარი მოძრაობა გააკეთა. იგი წინ დაიხარა, თითქოს მიწიდან რაღაცის აღებას აპირებდა, შემდეგ კი როცა კინაღამ მასზე გადავყირავდი, მაჯაზე ხელი მტაცა. მან ჩემი ავტომობილისკენ წამათრია და ხელს იმისთვისაც კი არ მიშვებდა, რომ კარი დამეკეტა.
— ნელა წადი და უნივერმაღის წინ გაჩერდი, — თქვა მან.
როცა ავტომობილი გავაჩერე, დონ ხუანმა თავის ქნევით მანიშნა, რომ შემეხედა: „ლა კატალინა“ იმ ადგილას იდგა, სადაც დონ ხუანმა ხელი მტაცა. უნებურად უკან გავიწიე. ქალმა რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა ავტომობილის მიმართულებით და ჩვენგან სამი მეტრის მოშორებით გაჩერდა. ჩვენ ერთმანეთს შევხედეთ. ამ მომენტში ვერაფერ ავისმომასწავებელს ვერ ვხედავდი მასში. გავიღიმე და ხელი დავუქნიე. მან ჩაიხითხითა, როგორც პატარა მორცხვმა გოგონამ და პირზე ხელი მიიფარა. რაღაცნაირად სიამოვნება ვიგრძენი. დონ ხუანისკენ შემოვბრუნდი, რომ მის გარეგნულ სახეზე და ქცევაზე კომენტარი გამეკეთებინა, მაგრამ მან კინაღამ სასიკვდილოდ შემაშინა თავისი ყვირილით:
— ამ ქალს ზურგი არ აჩვენო, ეშმაკმა დალახვროს!
მე სწრაფად შევბრუნდი, რომ ქალისთვის შემეხედა. მან კიდევ ორი ნაბიჯი გადმოდგა და კარებიდან მეტრანახევრის მანძილზე იდგა. იღიმებოდა. კბილები დიდი, თეთრი და ძალიან სუფთა ჰქონდა. თუმცაღა მის ღიმილში იყო რაღაც ჯადოქრული. ღიმილი არ იყო მეგობრული. ეს მორგებული ნიღაბი იყო. მხოლოდ მისი პირი იღიმებოდა. თვალები შავი და ცივი ჰქონდა, და ისინი დაჟინებით მიმზერდნენ.
სხეულში კანკალმა დამიარა. დონ ხუანმა სიცილი დაიწყო რიტმული ხველებით. წამიერი ლოდინის შემდეგ ქალმა ნელ-ნელა უკან დაიხია და ბრბოს შეერია.
ჩვენ წავედით და დონ ხუანმა დამიწყო ლაპარაკი იმის შესახებ, რომ თუ არ ავწევდი ჩემი სიცოცხლის დონეს და არ ვისწავლიდი, იგი ფეხს დამაბიჯებდა, როგორც უმწეო ხოჭოს.
— ეს არის ის ღირებული ოპონენტი, რომელიც შენთვის ვიპოვნე, როგორც უკვე გითხარი, — თქვა მან.
დონ ხუანმა თქვა, რომ ნიშანს უნდა დავლოდებოდით, სანამ გვეცოდინებოდა, რა მოგვეხერხებინა ქალისთვის, რომელიც ჩემს ნადირობაში ერეოდა.
თუ დავინახავთ ან გავიგონებთ ყვავის ხმას, ზუსტად გვეცოდინება, რის გაკეთება შეგვიძლია. და ასევე გვეცოდინება, სად დაველოდოთ, — დაამატა მან. შემდეგ ნელა შეტრიალდა, წრე გააკეთა და გარშემო სივრცე მოათვალიერა.
— ეს არაა ლოდინისთვის კარგი ადგილი, — თქვა მან ჩურჩულით.
აღმოსავლეთისკენ წავედით. უკვე საკმაოდ ბნელოდა. უეცრად მაღალი ბუჩქებიდან ორი ყვავი გამოფრინდა და გორაკს მიღმა გაუჩინარდა. დონ ხუანმა თქვა, რომ სწორედ ეს ბორცვი იყო ის ადგილი, რომელიც გვჭირდებოდა.
როგორც კი მივედით, მან გარს შემოუარა გორაკს და ის ადგილი აირჩია, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან ღია იყო, გორაკის მისადგომთან. შემდეგ 5-6 ფუტის დიამეტრის წრიული ლაქა გამხმარი ტოტებისგან, ფოთლებისგან და სხვა ნაგვისგან გაათავისუფლა. ვეცადე, რომ დავხმარებოდი, მაგრამ მან ხელის მძლავრი მოძრაობით უარი მითხრა. ტუჩებთან თითი მიიდო და მანიშნა, რომ ჩუმად ვყოფილიყავი. როცა დავასრულეთ, წრის ცენტრისკენ მიბიძგა და მაიძულა, რომ სახით სამხრეთისკენ შევტრიალებულიყავი, თან მიჩურჩულა, რომ მისი მოძრაობებისთვის უნდა მიმებაძა. რაღაც ცეკვისმაგვარი დაიწყო. მარჯვენა ფეხს რიტმულად ურტყამდა მიწას. მოძრაობა შედგებოდა შვიდი თანაბარზომიერი დარტყმისგან, რომელსაც სამი სწრაფი დარტყმა ცვლიდა.
ვეცადე ავყოლოდი მის რიტმს, და რამდენიმე წარუმატებელი ცდის შემდეგ მეტ-ნაკლებად სწორად ვიმეორებდი მის მოძრაობებს.
— რისთვისაა ეს? ჩავჩურჩულე ყურში.
მან ასევე ჩურჩულით მიპასუხა, რომ კურდღელივით ვატყაპუნებდი ფეხებს, და ადრე თუ გვიან ეს ხმა მადევრის ყურადღებას მიიპყრობს და იგი გამოჩნდება, რომ შეხედოს, თუ რა ხდება.
როგორც კი რიტმის კოპირება მოვახდინე, დონ ხუანმა თვითონ შეწყვიტა მოძრაობა და მიბრძანა, რომ განმეგრძო, თან თავისი ხელის მოძრაობით მაძლევდა რიტმს.
დროდადრო ვაყურადებდი, თავს ოდნავ მარჯვნივ ვხრიდი და ვცდილობდი ჩაპარალიდან მომავალი ბგერები დამეჭირა. ერთხელ მან ნიშანი მომცა, რომ გავჩერებულიყავი, და უკიდურესად ალერტულ პოზაში გაშეშდა. თითქოს ნახტომისთვის ემზადებოდა და მზად იყო შერკინებოდა უცნობ და უჩინარ მოწინააღმდეგეს.
შემდეგ მანიშნა, რომ ფეხის ბაკუნი განმეგრძო და რაღაც დროის შემდეგ კვლავ გამაჩერა. ყოველ ჯერზე, როცა ვჩერდებოდი, ისეთი კონცენტრაციით აყურადებდა, რომ მეგონა, მისი სხეულის ყველა ბოჭკო დაძაბულობისგან გასკდებოდა.
უეცრად ჩემსკენ გადმოხტა და ყურში ჩამჩურჩულა, რომ მწუხრი თავის სრულ ძალაში იყო შესული.
მივიხედ-მოვიხედე. ჩაპარალი ბნელი მასა იყო ისევე, როგორც გორები და კლდეები, ცა კი — მუქი ლურჯი, და უკვე ვეღარ ვხედავდი ღრუბლებს. მთელი სამყარო ბნელი სილუეტების ერთგვაროვან მასად მეჩვენებოდა, რომლებსაც რაიმე ხილული საზღვრები არ გააჩნდათ.
შორიდან რაღაც ცხოველის სულისგანმგმირავი კივილი მომესმა, კოიოტის, ან შესაძლოა ღამის ფრინველის. იგი ისე უეცრად გაისმა, რომ ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ დონ ხუანის სხეული ოდნავ შეირხა. მის ვიბრაციებს ვგრძნობდი, რადგანაც ჩემ გვერდით იდგა.
— განაგრძე ფეხის ბაკუნი და მზად იყავი, — მიჩურჩულა მან. — ის აქაა.
მე გიჟივით ვაბაკუნებდი, მაგრამ დონ ხუანმა ფეხზე ფეხი დამაბიჯა და სასოწარკვეთილი ნიშანი მომცა, რომ მოვდუნებულიყავი და რიტმულად განმეგრძო.
— არ შეაშინო, — მიჩურჩულა ყურში. — დამშვიდდი და ნუ დაკარგავ ბურთულებს.
მან კვლავ მომცა ხელის მოძრაობით რიტმი და მალე ისევ მომესმა ისეთივე კივილი. ამჯერად ეს ჰგავდა ფრინველის კივილს, რომელიც გორის თავზე დაფრინავდა.
დონ ხუანმა კიდევ მაიძულა, რომ ფეხით მებაკუნა, და ზუსტად მაშინ, როცა გავჩერდი, მარცხნიდან განსაკუთრებული შრიალისმაგვარი ხმა მომესმა. ასეთი ხმა შეეძლო გამოეცა მსხვილ ცხოველს, რომელიც გამხმარ ბუჩქებში მოძრაობდა. აზრი დამებადა, რომ ეს შეიძლებოდა დათვი ყოფილიყო, მაგრამ შემდეგ გავიაზრე, რომ უდაბნოში არ არიან დათვები. დონ ხუანს ჩავჭიდე ხელი. მან გამიღიმა და ტუჩებთან თითი მიიდო გაჩუმების ნიშნად. მე სიბნელეს ვიყავი მიშტერებული, ჩემგან მარცხნივ. მან მანიშნა, რომ ასე არ მოვქცეულიყავი. რამდენჯერმე პირდაპირ ჩემს თავს ზემოთ მიმითითა, შემდეგ კი მაიძულა, ისე შევტრიალებულიყავი, რომ სახით გორაკის ბნელი მასისკენ აღმოვჩენილიყავი. თითით დონ ხუანი გორაკის გარკვეული წერტილისკენ მიმანიშნებდა. ვცდილობდი ამ ადგილზე შემეჩერებინა მზერა, და უეცრად, როგორც ღამის კოშმარში, ჩემკენ შავი აჩრდილი გადმოხტა. მე ვიღრიალე და მიწაზე ზურგით დავეცი. წამით ბნელი სილუეტი შავ-ლურჯ ცაზე იყო გადაფარებული, შემდეგ მან ჩაიარა და ჩვენ უკან ბუჩქებში დაეშვა. ხმა გავიგე, როგორ დაეცა ბუჩქებში რაღაც მძიმე სხეული, შემდეგ კი არაამქვეყნიური ყვირილი გაისმა.
დონ ხუანი წამოდგომაში დამეხმარა და სიბნელეში იმ ადგილამდე მიმყვა, სადაც ჩემი ხაფანგები დავაყენე. მიბრძანა, რომ შემეგროვებინა ისინი და ნაწილებად დამეშალა, შემდეგ კი ეს ნაწილები ყველა მიმართულებით მოისროლა. ეს ყველაფერი უსიტყვოდ გააკეთა. სახლისკენ მიმავალ გზაზე ხმა არ ამოგვიღია.
— რა გინდა, რომ მითხრა? — მკითხა დონ ხუანმა მას შემდეგ, რაც არაერთხელ ვთხოვე, რომ აეხსნა რამდენიმე საათის წინ მომხდარი მოვლენები.
— რა იყო ეს? — ვკითხე მე.
— ძალიან კარგად იცი, რაც იყო, — თქვა მან. — ნუ გადღაბნი ამას შენი „რა-იყო-ეს“-ით. ვინ იყო ეს? — აი, რა არის მნიშვნელოვანი.
მე შევიმუშავე ახსნა, რომელიც თითქოს მაწყობდა. ფიგურა, რომელსაც ვხედავდი, ძალიან წააგავდა საჰაერო გველს, რომელიც ვიღაცამ გაუშვა გორაკიდან მაშინ, როცა ვიღაც სხვამ იგი ჩვენ უკან მიწაზე გამოათრია. აქედან იყო სილუეტის ეფექტი. აქედან იყო ბნელი სილუეტი, რომელმაც ჰაერში 30-40 მეტრი გაიარა.
მან ყურადღებით მოისმინა ჩემი განმარტება, შემდეგ კი იქამდე იცინოდა, ვიდრე ცრემლები არ წამოუვიდა.
— შეწყვიტე ბოდიალი, — თქვა მან. — პირდაპირ მიპასუხე კითხვაზე. ნუთუ ეს ქალი არ იყო?
უნდა მეღიარებინა, რომ როდესაც დავეცი და ზემოთ ვიყურებოდი, ქალის სილუეტი დავინახე გრძელ ქვედაბოლოში, რომელიც ძალიან ნელი მოძრაობით გადამახტა. შემდეგ თითქოს რაღაცამ მოქაჩა სილუეტი, ამიტომ მან დიდი სიჩქარით გადამიფრინა და ბუჩქებში ჩავარდა. სინამდვილეში სწორედ ამ მოძრაობამ მომცა საჰაერო გველის იდეა.
დონ ხუანმა უარი თქვა პრეცედენტის შემდგომ განხილვაზე. მეორე დღეს იგი რაღაც მისტიური დავალების შესასრულებლად წავიდა, მე კი იაკ ინდიელთა ტომის მეგობარი ინდიელების მოსანახულებლად წავედი სხვა სოფელში.
ოთხშაბათი, 1962 წლის 12 დეკემბერი.
როგორც კი იაკების დასახლებამდე მივაღწიე, მაღაზიის მფლობელმა მექსიკელმა მითხრა, რომ მუსიკალური მოწყობილობა და ოცი ფირფიტა იქირავა ქალაქ ობრიჰონში „ფიესტისთვის“, რომლის მოწყობასაც მომდევნო საღამოს აპირებდა გვადალუპელი ღვთისმშობლის საპატივცემულოდ. მან უკვე ყველას უთხრა, რომ ყველა აუცილებელი სამზადისი ხულიოს, მოხეტიალე გამყიდველის წყალობით მოაგვარა, რომელიც იაკების დასახლებაში თვეში ორჯერ ჩადიოდა, რათა ინდიელ იაკებზე კრედიტით გაყიდული იაფფასიანი ნაწარმის საფასური მოეგროვებინა.ხულიომ მოწყობილობა დღის დასაწყისში მოიტანა და დინამოს შეუერთა, რომელიც ელექტრო-ენერგიით მაღაზიას ამარაგებდა. დარწმუნდა, რომ მუშაობდა, შემდეგ კი ხმას ბოლომდე აუწია, შეახსენა მაღაზიის მფლობელს, რომ არცერთ ღილაკს არ შეხებოდა და ოცი ფირფიტის გადარჩევა დაიწყო.
— მე ვიცი, რამდენი ნაკაწრია თვითოეულ მათგანზე, — უთხრა ხულიომ მაღაზიის მფლობელს.
— ეს ჩემს ქალიშვილს უთხარი, — უპასუხა მაღაზიის მფლობელმა.
— შენ აგებ პასუხს, და არა შენი ქალიშვილი.
— ეს ერთი და იგივეა, იმიტომ რომ ის შეცვლის ფირფიტებს.
ხულიომ დაიჟინა, რომ მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინ შეეხებოდა მოწყობილობას, თუ მაღაზიის მფლობელი ყოველი დაზიანებული ფირფიტისთვის გადაიხდიდა. მაღაზიის მფლობელმა ხულიოს კამათი დაუწყო. ხულიოს სახე წამოუწითლდა. დროდადრო იგი ტრიალდებოდა ხოლმე იაკ ინდიელთა დიდი ჯგუფისკენ, რომლებიც მაღაზიის წინ შეკრებილიყვნენ, და სასოწარკვეთილების ან განცვიფრების ნიშნებს აკეთებდა ხელების მოძრაობითა და გრიმასებით. ცხადი იყო, რომ ავანსს ითხოვდა. ეს სხვა, ხანგრძლივი კამათის მიზეზი აღმოჩნდა იმის თაობაზე, თუ რა უნდა ჩაითვალოს დაზიანებულ ფირფიტად. ხულიომ ავტორიტეტულად განაცხადა, რომ ნებისმიერი გატეხილი ფირფიტა სრულიად უნდა იქნას ანაზღაურებული, თითქოს იგი ახალი ყოფილიყოს. მაღაზიის მფლობელი კიდევ უფრო მეტად განრისხდა და თავისი შნური-დამაგრძელებლის გამოგლეჯა დაიწყო. როგორც ჩანს, მოწყობილობის გამორთვა და საღამოს ჩაშლა უნდოდა. მან გააგებინა მაღაზიის წინ შეკრებილ კლიენტებს, რომ ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო, რათა ხულიოს მოლაპარაკებოდა. წამით ისე ჩანდა, თითქოს ჯერ არდაწყებული საღამო ჩაიშალა.
ბლასმა, მოხუცმა ინდიელმა, რომლის სახლშიც მე გავჩერდი, რამდენიმე მოქუფრული შენიშვნა გააკეთა მოქუფრული ხმით იაკების სავალალო მდგომარეობაზე, რომ მათ თავიანთი ყველაზე ღირსშესანიშნავი რელიგიური დღესასწაულის აღნიშვნაც კი არ შეუძლიათ, წმინდა გვადალუპელი ღვთისმშობლის დღე.
მინდოდა ჩავრეულიყავი და დახმარება შემეთავაზებინა, მაგრამ ბლასმა შემაჩერა. თქვა, რომ თუ მე გადავიხდიდი ავანსს, მაღაზიის მფლობელი ყველა ფირფიტას დაამტვრევდა.
— ის ყველაზე უარესია, — თქვა მან. — დაე, თვითონ გადაიხადოს ავანსი. სისხლს გვწოვს, რატომ არ უნდა გადაიხადოს?
ხანგრძლივი კამათის შემდეგ, რომელშიც, რაც არ უნდა უცნაური იყოს, ყოველი იქ დამსწრე ხულიოს მხარეს იყო, მაღაზიის მფლობელმა მიაღწია პირობებს, რომლებიც მისაღები აღმოჩნდა. იგი არ იხდიდა არც ავანსს და არც ბეს, მაგრამ საკუთარ თავზე იღებდა პასუხისმგებლობას ფირფიტებზე და მუსიკალურ მოწყობილობაზე. ხულიოს მოტოციკლმა მტვრის კვალი დატოვა, როცა იგი დასახლების მოშორებული სახლებისკენ წავიდა. ბლასმა თქვა, რომ ხულიო ცდილობდა თავის კლიენტებამდე მანამდე მიესწრო, სანამ ისინი მაღაზიაში მოვიდოდნენ და მთელ თავის ფულს დასალევში დახარჯავდნენ. როცა მან ეს დაასრულა, ინდიელების ჯგუფი მაღაზიიდან გამოვიდა. ბლასმა შეხედა მათ და ისევე დაიწყო სიცილი, როგორც ყველა დანარჩენმა. მან მითხრა, რომ ეს ინდიელები ხულიოს კლიენტები იყვნენ, მაღაზიის უკან იმალებოდნენ და ელოდებოდნენ, როდის წავიდოდა.
საღამოს ზეიმი ადრე დაიწყო. მაღაზიის მფლობელის ქალიშვილმა ფირფიტა დისკზე დადო და ადაპტორი შეაერთა. გაისმა საშინელი ხმამაღალი ხმა, შემდეგ კი საყვირისა და გიტარის ხმები.
საღამოს ძირითად ნაწილს ფირფიტების ბოლო ხმაზე მოსმენა წარმოადგენდა. აქ იყო ოთხი ახალგაზრდა მექსიკელი, რომლებიც მაღაზიის მფლობელის ორ ქალიშვილთან და სამ სხვა ახალგაზრდა მექსიკელ გოგოსთან ცეკვავდნენ. იაკები არ ცეკვავდნენ. ისინი აშკარა სიამოვნებით ადევნებდნენ თვალყურს მოცეკვავეების ყოველ მოძრაობას. როგორც ჩანს, უბრალოდ დაკვირვებით და იაფფასიანი ტეკილას სმით კმაყოფილდებოდნენ. მე შევუკვეთე სასმელი ყველასთვის, ვისაც ვიცნობდი. მინდოდა თავიდან ამეცილებინა არაკეთილგანწყობის ნებისმიერი გამოხატულება. დავდიოდი მრავალრიცხოვან ინდიელებს შორის, ვესაუბრებოდი მათ, შემდეგ კი დალევას ვთავაზობდი. ჩემი ქცევის სტილი მანამდე მოქმედებდა, სანამ არ მიხვდნენ, რომ მე თვითონ საერთოდ არ ვსვამდი. ამან, როგორც ჩანს, გაღიზიანება გამოიწვია ერთდროულად ყველაში. თითქოს კოლექტიურად აღმოაჩინეს, რომ ამ საზოგადოებას არ ვეკუთვნოდი. ინდიელები ძალზე მოიქუფრნენ და ირიბ მზერას მესროდნენ.
მექსიკელები, რომლებიც ისეთივე ნასვამები იყვნენ, როგორც ინდიელები, ამავე დროს მიხვდნენ, რომ არ ვცეკვავდი. და როგორც ჩანს ამან ისინი კიდევ უფრო გაანაწყენა. ერთ-ერთმა მათგანმა ხელი ჩამკიდა და ძალით წამათრია მუსიკალურ მოწყობილობასთან ახლოს, მეორემ ტეკილა დამისხა, უნდოდა, რომ ერთ ყლუპად დამელია და დამემტკიცებინა, რომ „მაჩო“ ვარ.
მინდოდა გავმკლავებოდი მათ და იდიოტივით ვიცინოდი, თითქოს მართლა მომწონდა სიტუაცია. ვუთხარი, რომ ჯერ ვიცეკვებდი და შემდეგ დავლევდი. ერთ-ერთმა ახალგაზრდამ სიმღერის სახელი დაიძახა. გოგონამ, რომელიც მუსიკალურ მოწყობილობაზე აგებდა პასუხს, ფირფიტების გროვაში დაიწყო ქექვა. როგორც ჩანს, ნასვამი იყო, თუმცა ქალთაგან ღიად არავინ არ სვამდა, და უჭირდა ფირფიტის დისკზე დადება. ახალგაზრდამ თქვა, რომ ფირფიტა, რომელიც მან შეარჩია, ტვისტი არ იყო. გოგონამ კვლავ დაიწყო ფირფიტებში ქექვა და ყველა მის გარშემო შეგროვდა, მე კი თავი დამანებეს. ამან დრო მომცა, განათებულ ადგილს მოვშორებოდი და საერთოდ წავსულიყავი იქიდან.
დაახლოებით სამოც მეტრში, სიბნელეში ვიდექი ბუჩქებს შორის და ვცდილობდი გადამეწყვიტა, რა გამეკეთებინა. დაქანცული ვიყავი. ვგრძნობდი, რომ მანქანაში ჩახტომის და სახლში წასვლის დრო იყო. ბლასის სახლთან მივედი, სადაც ჩემი მანქანა იდგა. გავთვალე, რომ თუ ნელა ვივლიდი, ვერავინ შეამჩნევდა, რომ წავედი.
ჯგუფი, რომელიც დავტოვე, თითქოს ისევ ფირფიტას ეძებდა. ცოტა ხანში ტვისტის ხმა გაისმა. ხმამაღლა გამეცინა, რადგან ვფიქრობდი, რომ ისინი ალბათ იქით შებრუნდნენ, სადაც მე ვიდექი, და აღმოაჩინეს, რომ გავქრი.
ამ დროს დავინახე შავი სილუეტები ადამიანებისა, რომლებიც საწინააღმდეგო მიმართულებით, მაღაზიისკენ მოდიოდნენ. ერთმანეთს ჩავუარეთ, და მათ წაიბუტბუტეს; „ბუენას ნოჩეს“. ვიცანი ისინი და დაველაპარაკე. ვუთხარი, რომ საღამო მშვენიერი აღმოჩნდა. სანამ მთავარ გზაზე გავიდოდი, კიდევ ორი ადამიანი შემხვდა, რომლებსაც არ ვიცნობდი, მაგრამ მაინც მივესალმე. მუსიკის ხმები გზამდეც ისეთივე მაღალ ხმაზე მოდიოდა, როგორც მაღაზიის წინ. ღამე ბნელი და უვარსკვლავო იყო, მაგრამ მაღაზიიდან მომავალმა შუქმა საშუალება მომცა, საკმაოდ კარგად გამერჩია ადგილმდებარეობა. ბლასის სახლი ძალზე ახლოს იყო, და მე ნაბიჯს ავუჩქარე. შემდეგ შევამჩნიე ადამიანის ბნელი ფიგურა, რომელიც ჩემგან მარცხნივ, გზის მოსახვევთან ჩაცუცქულიყო. გავიფიქრე, რომ შესაძლოა ეს ერთ-ერთი იმათგანი იყო, ვინც საღამოზე ვნახე, სანამ იქიდან წამოვიდოდი. ეს ადამიანი თითქოს გზის კიდესთან იკმაყოფილებდა ბუნებრივ მოთხოვნილებას. ეს უცნაურად მომეჩვენა, რადგან ამ დასახლების ხალხი, როგორც წესი, ბუჩქებში გადიოდა ხოლმე ამისთვის. ვიფიქრე, რომ ვინც არ უნდა ყოფილიყო, მთვრალი იყო.
მოსახვევთან მივედი და ვუთხარი: „ბუენას ნოჩეს“. ადამიანმა უხეში, სულისშემძვრელი, არაადამიანური ყვირილით მიპასუხა. სხეულზე თმის ყოველი ღერი ყალყზე დამიდგა. წამით პარალიზებული ვიყავი. შემდეგ სწრაფად წავედი. მოკლე მზერა ვესროლე. დავინახე, რომ ბნელი სილუეტი ჩემკენ მოდიოდა. ეს ქალი იყო, ნახევრადმოხრილი და წინ გადახრილი. ამ მდგომარეობაში რამდენიმე მეტრი გამოიარა, შემდეგ კი გადმოხტა. მე გავიქეცი, მაშინ, როცა ქალი ფრინველივით მოხტოდა ჩემ გვერდით, ისე, რომ არ ჩამომრჩებოდა. იმ დროისთვის, როცა ბლასის სახლთან მივედი, მან გზა გადამიჭრა და თითქმის შევეჩეხეთ ერთმანეთს.
სახლის წინ არსებულ მცირე მშრალ კანაოს გადავახტი და კარებში შევვარდი. ბლასი უკვე სახლში იყო, და, როგორც ჩანს, არ აუღელვებია ჩემს ისტორიას.
— კარგი ხუმრობა მოუწყვიათ შენთვის, — თქვა მან. — ინდიელები დიდ სიმოვნებას ნახულობენ უცხოელების წვალებით.
განცდილმა იმდენად ამიშალა ნერვები, რომ მეორე დღეს დონ ხუანის სახლთან წავედი ნაცვლად იმისა, რომ სახლში წავსულიყავი, როგორც მანამდე ვაპირებდი.
დონ ხუანი სადილის შემდეგ დაბრუნდა. არ მივეცი საშუალება, რომ რამე ეთქვა, მაშინვე მოვუყევი მთელი ჩემი ისტორია, ბლასის კომენტარის ჩათვლით. დონ ხუანს სახე მოექუფრა. შესაძლოა ეს მხოლოდ ჩემი წარმოსახვა იყო, მაგრამ მომეჩვენა, რომ იგი დადარდიანებული იყო.
— ნაკლებად დაუჯერე იმას, რაც ბლასმა გითხრა, — თქვა მან სერიოზული ტონით. — მან არაფერი იცის მტრებს შორის ბრძოლაზე.
შენ უნდა გცოდნოდა, რომ ეს რაღაც სერიოზული იყო უკვე იმ მომენტში, როცა შეამჩნიე, რომ ჩრდილი შენგან მარცხნივ იმყოფებოდა. სწორედ ასევე, შენ არ უნდა გაქცეულიყავი.
— რა უნდა გამეკეთებინა? იქ უნდა ვმდგარიყავი?
— სწორია. როცა მეომარი თავის მოწინააღმდეგეს ხვდება, და მოწინააღმდეგე არ წარმოადგენს ორდინალურ ადამიანს, მან თავისი დგომი უნდა გააკეთოს. ეს ერთადერთია, რაც მას შეუღწევადს ხდის.
— რაზე მეუბნები, დონ ხუან?
— მე გეუბნები, რომ შენ მესამე შეხვედრა გქონდა შენს ღირებულ მოწინააღმდეგესთან. იგი თან დაგყვება და სისუსტის მომენტებს ელოდება შენი მხრიდან. ამჯერად კინაღამ გაგსრისა.
მე შფოთვის შემოტევა ვიგრძენი და დავადანაშაულე იმაში, რომ მან თვითონ მიბიძგა უსარგებლო საფრთხისკენ. ვწუწუნებდი, რომ ის თამაში, რომელსაც მეთამაშებოდა, სასტიკი იყო.
— სასტიკი იქნებოდა, საშუალო ადამიანს რომ დამართოდა. მაგრამ იმ მომენტიდან, როდესაც ადამიანი მეომრის ცხოვრებას იწყებს, იგი უკვე აღარაა ორდინალური. ამასთან, მე არ მიძებნია შენთვის ღირებული მოწინააღმდეგე იმისთვის, რომ გეთამაშო ან გაწვალო, ან გაგაღიზიანო. ღირებულ მოწინააღმდეგეს შეუძლია გაგსრისოს. „ლა კატალინას“ მსგავსი მოწინააღმდეგის ზეგავლენით იძულებული იქნები გამოიყენო ყველაფერი, რაც გასწავლე. სხვა არანაირი არჩევანი არ გაქვს.
რაღაც პერიოდი ჩუმად ვიყავით. მისმა სიტყვებმა უზარმაზარი შფოთვა გამოიწვია ჩემში. შემდეგ მან მოინდომა, რომ რაც შეიძლება კარგად მომეხდინა იმ ყვირილის იმიტირება, რომელიც „ბუენოს ნოჩეს“ თქმის შემდეგ გავიგე.
ვეცადე გამემეორებინა ყვირილი და ისეთი უცნაური ხმა ამოვუშვი, რომ თვითონვე შემეშინდა. როგორც ჩანს დონ ხუანმა ჩემი მცდელობა სასაცილოდ ჩათვალა. თავს ვერ იკავებდა სიცილისგან.
ამის შემდეგ მთხოვა, რომ მოვლენათა საერთო თანმიმდევრობა აღმეწერა, მანძილი, რომელზეც მე ვირბინე, მანძილი, რომელზეც ქალი იმყოფებოდა, როდესაც მას შევხვდი, მანძილი, რომელზეც იმყოფებოდა, როცა სახლს მივაღწიე, და ადგილი, საიდანაც გადმოხტა.
— ვერცერთი ქონიანი ინდიელი ქალი ვერ შეძლებს ასე ხტომას, — თქვა მან. — ისინი ვერც კი გაირბენენ ამდენს.
მან მაიძულა, რომ ნახტომები გამეკეთებინა. ერთ ჯერზე ოთხი ფუტის მეტი მანძილი ვერ დავფარე, და თუ ჩემი აღქმა არ მატყუებდა, ქალი ერთ ჯერზე მინიმუმ ათ ფუტზე ხტებოდა.
— რა თქმა უნდა, შენ იცი, რომ დღეიდან უფრო ფრთხილად უნდა იყო, — თქვა მან უზარმაზარი სერიოზულობით. — იგი ეცდება, რომ მარცხენა მხარზე დაგიტყაპუნოს ხელი იმ მომენტში, როცა სუსტი იქნები ან მომზადებული არ იქნები.
— რა უნდა გავაკეთო? — ვკითხე მე.
— წუწუნს აზრი არ აქვს, — თქვა მან. — მთავარია, რომ ამ მომენტიდან ცხოვრების მყარი სტრატეგია გქონდეს.
მე საერთოდ არ შემეძლო მის სიტყვებზე კონცენტრირება. ავტომატურად ვიწერდი. ხანგრძლივი დუმილის შემდეგ მან მკითხა, ვგრძნობდი თუ არა ტკივილს ყურებს უკან ან კეფასთან. ვუთხარი, რომ არა, და მან ამიხსნა, რომ თუკი მე ვიგრძნობდი უსიამოვნო შეგრძნებას რომელიმე ამ ადგილას, ეს იმის ნიშანი იქნებოდა, რომ მოუხერხებელი ვარ და „ლა კატალინამ“ ზიანი მომაყენა.
— ყველაფერი, რაც წინა ღამით გააკეთე, მოუხერხებელი იყო, — თქვა მან. პირველ რიგში, შენ წახვედი საღამოზე, რათა დრო მოგეკლა, თითქოს არსებობდეს დრო, რომლის მოკვლაც შეიძლება. ამან დაგასუსტა.
— გინდა თქვა, რომ საღამოებზე არ უნდა ვიარო?
არა, მე ამის თქმა არ მინდა. შეგიძლია, სადაც გინდა, იქ წახვიდე, მაგრამ თუ მიდიხარ, ბოლომდე უნდა აიღო პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებაზე. მეომარი სტრატეგიულად ატარებს თავის ცხოვრებას. იგი დაესწრება საღამოს ან მსგავსი ტიპის შეკრებას მხოლოდ მაშინ, თუ ეს მის სტრატეგიაში შედის. ეს თავისთავად ნიშნავს, რომ იგი სრულ კონტროლში იქნება და ყველა იმ ქმედებას შეასრულებს, რომლებსაც აუცილებლად ჩათვლის.
მან დაჟინებით შემომხედა და გაიღიმა. შემდეგ სახეზე ხელი მიიფარა და რბილად დაახველა.
— შენ საშინელ კვანძში ხარ, — თქვა მან. — შენს ცხოვრებაში პირველად შენი მოწინააღმდეგე შენს კვალს მოჰყვება, და არ შეგიძლია დაუფიქრებლად მოიქცე. ამჯერად სრულიად სხვა კეთება უნდა ისწავლო, სტრატეგიის კეთება. ასე იფიქრე ამაზე: თუ ცოცხალი დარჩები „ლა კატალინას“ თავდასხმის შემდეგ, ოდესმე მოგიწევს მადლობის გადახდა მისთვის, რომ მან საკუთარი კეთების შეცვლა გაიძულა.
— რა საშინელი რამეა ამის წარმოდგენა! — წამოვიძახე მე. — და თუ ცოცხალი არ დავრჩები?
— მეომარი არასოდეს ინდულგირებს ასეთი ფიქრებით, — თქვა მან. — როცა მან უნდა იმოქმედოს, იგი კეთების სტრატეგიას მიჰყვება, და ამ კეთებაში არაა არც გამარჯვებები და არც დამარცხებები. ამ კეთებაში მხოლოდ მოქმედებაა.
ვკითხე, თუ რა შეადგენდა სტრატეგიის კეთებას.
— ეს ნიშნავს, რომ შენ არ ეყრდნობი ადამიანთა წყალობას, — მიპასუხა მან. — ამ საღამოზე მაგალითად, შენ კლოუნი იყავი არა იმიტომ, რომ ეს კლოუნდა ყოფნის შენს მიზანს შეესაბამებოდა, არამედ იმიტომ, რომ ამ ადამიანთა წყალობას მიეცი თავი. არავითარი კონტროლი არ გქონდა და ამიტომ იძულებული იყავი გაქცეულიყავი მათგან.
— რა უნდა გამეკეთებინა?
— არ წასულიყავი იქ საერთოდ, ან წასულიყავი იმისთვის, რომ განსაკუთრებული სახით გემოქმედა.
— მექსიკელებთან კარუსელის შემდეგ დასუსტდი, და „ლა კატალინამ“ ისარგებლა ამ შესაძლებლობით. ამიტომ მან გზაზე დაიკავა პოზიცია და გელოდებოდა.
შენ მაინც დაელაპარაკე მას, თუმცა შენმა სხეულმა იცოდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. ეს საშინელება იყო. ერთი სიტყვაც კი არ უნდა უთხრა შენს ოპონენტს მსგავსი შეხვედრების დროს. შემდეგ ზურგი აქციე მას. ეს კიდევ უარესი იყო. შემდეგ გაექეცი მას, და ეს იყო ყველაზე უარესი, რის გაკეთებაც შეგეძლო. როგორც ჩანს ისიც მოუხერხებელია. მაგი, რომელსაც რაღაც ფასი აქვს, იმავ წამს გაგსრესდა, როგორც კი ზურგი აქციე და გაიქეცი.
ჯერ-ჯერობით შენი ერთადერთი დაცვაა, რომ ადგილზე დარჩე და შენი ცეკვა შეასრულო.
— რა ცეკვა? — ვკითხე მე.
მან თქვა, რომ „კურდღლის ფეხების ბაკუნი“, რომელიც მასწავლა, პირველი მოძრაობა იყო ცეკვისა, რომელსაც მეომარი ასრულებს და აფართოებს თავისი ცხოვრების მანძილზე და ბოლოს და ბოლოს ცეკვავს მას დედამიწაზე თავის უკანასკნელ სადგომზე.
უცნაური სიფხიზლის მომენტი შევიგრძენი, და აზრების მთელი სერია მომაწვა. ერთ დონეზე ცხადი იყო, რომ ის, რასაც ადგილი ჰქონდა ჩემსა და „ლა კატალინას“ შორის პირველ ჯერზე, როდესაც მას შევხვდი, რეალური იყო. „ლა კატალინა“ რეალური იყო, და მე არ შემეძლო იმ შესაძლებლობის უგულვებელყოფა, რომ იგი მართლაც კვალში მედგა. მეორე დონეზე, ვერ ვხვდებოდი, როგორ მეძებდა იგი, და ეს საფუძველს აძლევდა სუსტ ეჭვს, რომ შესაძლოა დონ ხუანი მეხუმრებოდა, და შესაძლოა რაღაც ხერხებით თვითონვე ახდენდა იმ მისტიკურ ეფექტებს, რომელთა მოწმეც ვიყავი.
უეცრად დონ ხუანმა ცას შეხედა და მითხრა, რომ ჯერ კიდევ იყო დრო იმისთვის, რომ წავსულიყავი და გრძნეული ქალი შემემოწმებინა. მან დამარწმუნა, რომ ძალიან მცირე საფრთხის ქვეშ ვიქნებოდით, რადგანაც უბრალოდ მისი სახლის გვერდით ვაპირებდით გავლას.
— შენ უნდა შეუსაბამო მისი ფორმები, — თქვა დონ ხუანმა. მაშინ არანაირი ეჭვი აღარ დაგრჩება.
ხელიგულები ისე გამიოფლიანდა, რომ იძულებული ვიყავი რამდენჯერმე ხელსახოცით შემემშრალებინა. ჩემს ავტომობილში ჩავჯექით, და დონ ხუანმა მთავარ გზატკეცილზე გამიყვანა, შემდეგ კი ფართო გრუნტის გზაზე. მე გზის შუა ნაწილში მივდიოდი. მძიმე სატვირთოებსა და ტრაქტორებს გზა ჩაეღრმავებინათ, ჩემი ავტომობილი კი ძალიან დაბალი იყო იმისთვის, რომ გზის მარჯვენა ან მარცხენა მხარეს ევლო. ნელა მივდიოდით მტვრის სქელ ღრუბელში.
დონ ხუანმა მითხრა, რომ სიჩქარე დამეგდო, როცა მცირე ხიდს მივუახლოვდით. იქ ოთხი ინდიელი იჯდა, და მათ ხელი დაგვიქნიეს. ხიდი გადავიარეთ, და გზა აქ მკვეთრად უხვევდა.
— აი, იმ ქალის სახლი, — მიჩურჩულა დონ ხუანმა და თვალებით მიმანიშნა მაღალი ბამბუკებით შემოღობილი თეთრი სახლისკენ.
მან მითხრა, რომ ავტომობილი შემომეტრიალებინა, გზის შუაში გავჩერებულიყავი, და დავლოდებოდი, ხომ არ იქნებოდა ეს ქალი იმდენად ეჭვიანი, რომ თავისი სახე ეჩვენებინა. ალბათ ათი წუთის განმავლობაში ვიდექით. დრო უსასრულოდ მეჩვენებოდა. დონ ხუანს სიტყვაც არ უთქვამს. იგი უძრავად იჯდა და სახლს უცქერდა.
— აი, ისიც, — თქვა მან და მისმა სხეულმა უეცარი ნახტომი გააკეთა.
მე დავინახე შავი სილუეტი ქალისა, რომელიც სახლის შიგნით იდგა და ღია კარიდან იყურებოდა. ოთახში სივიწროვე იყო, და ეს კიდევ უფრო აძლიერებდა ქალის სილუეტის სიშავეს.
რამდენიმე წუთში ქალი ოთახის სიბნელიდან გამოვიდა და კარებში გაჩერებული ჩვენ გვიყურებდა. წამით ვუცქერდით მას, შემდეგ კი დონ ხუანმა მიბრძანა, რომ მანქანა დამეძრა და წავსულიყავით. სიტყვები არ მქონდა. შემეძლო ფიცი დამედო, რომ სწორედ ის ქალი იყო, ვინც მხტომარე ვნახე სიბნელეში.
დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ, როდესაც გზატკეცილზე დავბრუნდით, დონ ხუანი დამელაპარაკა.
— აბა, რას იტყვი? — მკითხა მან. — იცანი ეს ფორმა?
დიდხანს ვყოყმანობდი, სანამ პასუხს გავცემდი. მეშინოდა იმის შედეგების, რაც დასტურს მოჰყვებოდა. ყურადღებით შევარჩიე პასუხი და ვუთხარი, რომ, ჩემი აზრით, მაშინ ძალიან ბნელოდა და ამიტომ აბსოლუტურად დარწმუნებული ვერ ვიქნებოდი.
მას გაეცინა და თავზე ოდნავ წამითაქა.
— ეს ქალი ზუსტად ის იყო, ასე არაა? — მკითხა მან.
პასუხისთვის დრო არ მომცა, თითი ტუჩებთან მიიდო დუმილის ნიშნად და ყურში ჩამჩურჩულა, რომ რაიმეს თქმას აზრი არ ჰქონდა და იმისთვის, რომ „ლა კატალინას“ თავდასხმების დროს გადავრჩენილიყავი, უნდა გამომეყენებინა ყველაფერი, რაც კი მასწავლა.
თუ გსურთ, დააფასოთ მთარგმნელის შრომა და წვლილი შეიტანოთ ეზოთერული ლიტერატურის ქართულად თარგმნაში, გადმორიცხეთ თქვენთვის სასურველი თანხა ამ რეკვიზიტებზე:
მიმღების ბანკი: „საქართველოს ბანკი“;
ბანკის კოდი: BAGAGE22
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE04BG 0000 0006 2153 2700
მიმღების დასახელება: მამუკა გურული
მიმღები ბანკი: TBC ბანკი
ბანკის კოდი: TBCBGE22
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE30 TB71 5424 5061 1000 05
მიმღების დასახელება: მამუკა გურული
მეორე ნაწილი:
მოგზაურობა იქსტლანში