კარლოს კასტანედა - მოგზაურობა იქსტლანში

კარლოს კასტანედა
5
1

ის, ვინც მეომრის გზაზე დგება, გზაზე, რომელსაც გული აქვს, ვეღარასოდეს დარჩება უბრალო ობივატელად

19. სამყაროს გაჩერება

19. სამყაროს გაჩერება

 

მეორე დღეს, გაღვიძებისთანავე კითხვები მივაყარე დონ ხუანს. იგი სახლის უკან შეშას ჩეხავდა, დონ ხენარო კი არსად არ ჩანდა. მან მითხრა, რომ სალაპარაკო არაფერია. მივანიშნე ჩემს წარმატებაზე, ანუ აზრების გაჩერებაზე მაშინ, როცა დონ ხენარო იატაკზე „ცურავდა“, და არ ვითხოვდი არანაირ ახსნას, მაგრამ ჩემი თავშეკავებულობა ვერ დამეხმარა იმის გარკვევაში, თუ რა მოხდა. მანქანის გაქრობის შემდეგ მე ავტომატურად ჩავიციკლე ლოგიკური ახსნის ძიებაზე, მაგრამ ესეც ვერ დამეხმარა. ვუთხარი დონ ხუანს, რომ ახსნის ძიებაზე ჩემი დაჟინებულობაარ იყო რაღაც ისეთი, რაც საკუთარი სურვილით მოვიგონე იმისთვის, რომ აუტანელი ვყოფილიყავი. არამედ ეს იყო რაღაც იმდენად ღრმად შეზრდილი ჩემში, რომ ყველა სხვა მოსაზრებას აღემატებოდა.

— ეს რაღაც ავადმყოფობისმაგვარია, — ვუთხარი მე.

— აქ არანაირი ავადმყოფობა არაა, — მიპასუხა მშვიდად დონ ხუანმა. — აქ მხოლოდ ინდულგირებაა. შენ ინდულგირებ საკუთარ თავთან და ცდილობ ყველაფერი ახსნა. შენს შემთხვევაში მეტი ახსნა არაა საჭირო.

დაჟინებით ვამტკიცებდი, რომ ფუნქციონირება მხოლოდ წესრიგისა და გაგების შემთხვევაში შემეძლო. შევახსენე, რომ ძირფესვიანად შევცვალე ჩემი პიროვნება ჩვენი ურთიერთობის მანძილზე. და პირობა, რომელმაც შესაძლებელი გახადა ასეთი ცვლილება, ის იყო, რომ შესაძლებლობა მქონდა საკუთარი თავისთვის ამეხსნა ამ ცვლილებების მიზეზები.

დონ ხუანს რბილად გაეცინა. დიდი ხნის განმავლობაში არაფერი უთქვამს.

— შენ ძალიან ჭკვიანი ხარ, — თქვა მან ბოლოს, — იქ ბრუნდები, სადაც ყოველთვის იყავი. თუმცაღა ამჯერად მორჩა. უკან დასაბრუნებელი გზა მოჭრილი გაქვს. აღარ აგიხსნი ამ ყველაფერს. რაც არ უნდა გაეკეთებინა შენთვის გუშინ ხენაროს, იგი ამას შენი სხეულისთვის აკეთებდა, ამიტომ საშუალება მიეცი შენს სხეულს, რომ გადაწყვიტოს, რა რა არის.

დონ ხუანი მეგობრული, მაგრამ უჩვეულოდ განჯაჭვული იყო, და ამან მაიძულა, ყოვლისმომცველი მარტოობა მეგრძნო. ჩემი სევდის გრძნობები გამოვხატე. მან გაიღიმა. მისი თითები რბილად შემოეხვივნენ ჩემს მაჯას.

— ჩვენ ორივენი არსებები ვართ, რომლებიც მოკვდებიან, — თქვა მან რბილად. — არ არის მეტი დრო იმისთვის, რის კეთებასაც მივეჩვიეთ. შენ ახლა მთელი ის არკეთება უნდა გამოიყენო, რაც მე გასწავლე, და სამყარო გააჩერო.

მან კვლავ მომიჭირა ხელი. მისი შეხება მტკიცე და მეგობრული იყო. ეს იყო რაღაც დადასტურებასავით იმისა, რომ იგი ზრუნავს ჩემზე და მიჯაჭვულობა აქვს ჩემდამი. და, ამავდროულად, ურყევი მიზანმიმართულობის შთაბეჭდილება შემიქმნა.

— ეს ჩემი მოლაპარაკებაა შენთან, — თქვა მან. — ახლა უკვე დამოუკიდებლად უნდა წახვიდე ამ მეგობრულ მთებში.

ამ დროს ნიკაპით შორეული მთებისკენ მიმანიშნა სამხრეთ აღმოსავლეთისკენ. თქვა, რომ იქამდე უნდა დავრჩენილიყავი იქ, სანამ ჩემი სხეული არ იტყოდა, რომ საკმარისია, შემდეგ კი მასთან სახლში დავბრუნებულიყავი. ოდნავ მიბიძგა მანქანისკენ და ამით მიმანიშნა, რომ არ უნდოდა, რამე მეთქვა ან დამეყოვნებინა.

— რა უნდა გავაკეთო იქ? — ვკითხე მე.

არ მიპასუხა, და თავი გააქნია.

— საკმარისია, — თქვა მან, — ბოლოს და ბოლოს.

შემდეგ თითი სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ გაიშვირა.

— იქ წადი, — თქვა მოწყვეტით.

სამხრეთისკენ მივდიოდი, შემდეგ კი აღმოსავლეთისკენ იმ გზებით, რომლითაც დონ ხუანთან ერთად დავდიოდი ხოლმე. იმ ადგილისგან ცოტა მოშორებით, სადაც გრუნტის გზა მთავრდებოდა, მანქანა დავაყენე, შემდეგ კი ნაცნობი გზით მივდიოდი, სანამ მაღალ პლატოს არ მივაღწიე. არანაირი წარმოდგენა არ მქონდა იმაზე, თუ რა უნდა მეკეთებინა აქ. ხეტიალი დავიწყე. დასასვენებელ ადგილს ვეძებდი. უეცრად ჩემი ყურადღება შეჩერდა ადგილზე ჩემ მარცხნივ. მომეჩვენა, რომ ნიადაგის ქიმიური შემადგენლობა ამ ადგილზე განსხვავებული იყო. თუმცაღა, როცა პირდაპირი მზერით დავაკვირდი, ვერაფერი შევამჩნიე ისეთი, რაც მას გამოარჩევდა. რამდენიმე ფუტის დაშორებით ვიდექი და ვცდილობდი „შემეგრძნო“, როგორც დონ ხუანი მირჩევდა ხოლმე.

დაახლოებით ერთი საათი უძრავად ვიდექი. აზრების რაოდენობა თანდათან მიმცირდებოდა, სანამ საერთოდ არ შევწყვიტე საკუთარ თავთან ლაპარაკი. შემდეგ გაღიზიანების შეგრძნება მოვიდა. თითქოს ეს შეგრძნება დაკავშირებული იყო ჩემს მუცელთან და უფრო მწვავე ხდებოდა, თუ საეჭვო ადგილს ვუმზერდი. იგი განმიზიდავდა, და თავი ვალდებულად ჩავთვალე, რომ იქაურობას გავცლოდი. თვალები მიმოვავლე ამ რაიონს და წასვლის აუცილებლობა ვიგრძენი. შემდეგ, მცირე მანძილის გავლის შემდეგ ფართე ბრტყელ კლდეს შევეჩეხე. მის წინ გავჩერდი. ამ ქვაში არაფერი იყო ისეთი განსაკუთრებული, რაც მიმიზიდავდა. არანაირი განსაკუთრებული ფერი არ შემინიშნავს, არანაირი ნათება, მაგრამ მაინც მომწონდა იგი. ჩემი სხეული თავს კარგად გრძნობდა. ფიზიკური კომფორტი ვიგრძენი და დასასვენებლად ჩამოვჯექი.

მაღალ პლატოებსა და მთებს შორის მთელი დღე დავხეტიალობდი ისე, რომ არ ვიცოდი რა მეკეთებინა და რისი მოლოდინი მქონოდა. მწუხრის ჟამს უკან, ბრტყელ კლდესთან დავბრუნდი. ვიცოდი, რომ თუ ღამეს აქ გავათევდი, უსაფრთხოდ ვიქნებოდი.

მეორე დღეს აღმოსავლეთის მაღალი მთებისკენ გავემართე. დღის მეორე ნახევარში სხვა, უფრო მაღალ პლატოს მივადექი. მომეჩვენა, რომ აქ ადრეც ვყოფილვარ. ორიენტირებისთვის მივიხედ-მოვიხედე, მაგრამ ვერცერთი მთა ვერ ვიცანი ჩემ გარშემო. შესაფერისი ადგილის საგულდაგულო ძიების შემდეგ ქვიანი არეს კიდეზე ჩამოვჯექი. თავს ძალიან თბილად და მშვიდად ვგრძნობდი. მინდოდა მეჭამა რამე, მაგრამ ჩემი კასრი ცარიელი აღმოჩნდა. წყალი დავლიე. თბილი და მძაღე იყო. ვიფიქრე, რომ აქ მეტი არაფერი მესაქმებოდა, ამიტომ დონ ხუანთან უნდა დავბრუნებულიყავი და ვფიქრობდი, ახლავე ხომ არ შევდგომოდი უკან დასაბრუნებელ გზას. მუცელზე დავწექი და თავი ხელებზე დავდე. თავი ცუდად ვიგრძენი და მდგომარეობა რამდენჯერმე შევიცვალე, სანამ სახით დასავლეთისკენ არ აღმოვჩნდი. მზე უკვე დაბლა იყო გადახრილი. თვალები დამეღალა, ამიტომ მიწას შევხედე, და ჩემმა მზერამ მსხვილი შავი ხოჭო დაიჭირა. იგი პატარა ქვის ქვეშიდან გამოძვრა. თავის წინ ნაკელის თავისზე ორჯერ დიდ ბურთულას მიაგორებდა. რაღაც პერიოდი მის მოძრაობებს ვაკვირდებოდი. მწერი, როგორც ჩანს ვერ ამჩნევდა ჩემ იქ ყოფნას და განაგრძობდა თავისი ტვირთის თრევას ქვებზე, ფესვებზე, მიწის ჩაღრმავებებზე და ამობურცულობებზე. რამდენადაც მე ვიცოდი, მწერი ვერ აცნობიერებდა ჩემ იქ ყოფნას. თავში დამებადა აზრი, რომ სავარაუდოდ ვერ ვიქნებოდი დარწმუნებული იმაში, რომ მწერმა არაფერი იცოდა ჩემზე. ამ აზრმა გამოიწვია გონივრულ შეფასებათა რიგი მწერების სამყაროსთან დაკავშირებით, განსხვავებით ჩემი საკუთარი სამყაროსგან. მწერიც და მეც ერთი და იმავე სამყაროში ვიმყოფებოდით, და ცხადია, რომ ეს სამყარო არ იყო ორივესთვის ერთი და იგივე. ჩავუღმავდი მათზე დაკვირვებას და გამაოცა იმ გიგანტურმა ძალამ, რომელიც საჭირო იყო ამ ტვირთის სათრევად.

მწერს დიდი ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდი, და ბოლოს ჩვენ გარშემო არსებული სიჩუმე შევაჩნიე. მხოლოდ ქარი ზუზუნებდა ჩაპარალის ტოტებსა და ფოთლებს შორის. ზემოთ ავიხედე, სწრაფი და უნებური მოძრაობით მარცხნივ შევტრიალდი და სუსტი ჩრდილის გამოსახულება ან ქვაზე ჩრდილის გაკრთომა დავინახე რამდენიმე ფუთის მანძილზე. თავიდან ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ ეს კრთომა ჩემგან მარცხნივ იყო. კიდევ ერთხელ შევბრუნდი უეცრად და ნათლად დავინახე ჩრდილი კლდეზე. გაურკვეველი შეგრძნება მქონდა, რომ ჩრდილი მოულოდნელად მიწაზე ჩამოცურდა, და ნიადაგმა შეისრუტა იგი. ზურგზე ჟრუანტელმა დამიარა, თავში აზრად მომივიდა, რომ სიკვდილი გვდარაჯობდა მეც და ხოჭოსაც.

კიდევ ერთხელ შევხედე მწერს, მაგრამ მისი პოვნა ვეღარ შევძელი. ვიფიქრე, რომ ალბათ თავის დანიშნულების პუნქტამდე მიაღწია და ტვირთი მიწის ხვრელში ჩააგდო. სახე გლუვ კლდეს მივადე.

ხოჭო ღრმა ხვრელიდან გამოძვრა და ჩემი სახიდან რამდენიმე დიუმში გაჩერდა. როგორც ჩანს, მიყურებდა, და წამით ვიგრძენი, რომ ჩემი თანდასწრება გააცნობიერა. ალბათ ისევე, როგორც მე გავაცნობიერე ჩემი სიკვდილის თანდასწრება. გამაჟრიალა. ბოლოს და ბოლოს მე და ხოჭო არც ისე დიდად განვსხვავდებოდით. სიკვდილი აჩრდილივით გვდარაჯობდა ქვის უკან. უჩვეულო აღმაფრენის მომენტი ვიგრძენი. ხოჭოც და მეც სასწორის ერთ თასზე ვიყავით, არცერთი არ იყო მეორეზე უკეთესი. ჩვენი სიკვდილი თანასწორს გვხდიდა.

ჩემი აღმაფრენა და სიხარული იმდენად საოცარი იყო, რომ ტირილი დავიწყე. დონ ხუანი მართალი იყო. იგი ყოველთვის მართალი იყო. მე ყველაზე მისტიურ სამყაროში ვცხოვრობდი, და ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა, მე ყველაზე მისტიური არსება ვიყავი. და მაინც, მე არ ვიყავი უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ხოჭო. თვალები მოვიწმინდე და როცა მათ ხელის უკანა მხარით ვიმშრალებდი, დავინახე ადამიანი, ან რაღაც ადამიანის ფორმისმაგვარი. იგი ჩემგან მარჯვნივ იმყოფებოდა, დაახლოებით ას მეტრში. გავიმართე და ვეცადე კარგად დამენახა. მზე თითქმის ჰორიზონტზე იყო, და მისი მოყვითალო ანარეკლი მკაფიოდ ხედვაში ხელს მიშლიდა. ამ მომენტში რაღაც განსაკუთრებული გრუხუნი გავიგე. იგი შორეული რეაქტიული თვითმფრინავის ხმას ჰგავდა. როცა მზერა მასზე შევაჩერე, ხმა ხანგრძლივ წუილამდე გაიზარდა, შემდეგ კი შესუსტდა, სანამ მაჰიპნოზებელ მელოდიურ ხმად არ იქცა. მელოდია ელექტრული დენის რხევებს ჰგავდა. ამასთან თავში აზრად მომივიდა, რომ ორი ელექტრული სფერო ერთმანეთს უერთდებოდა, ან დაელექტროებული მეტალის ორი კვადრატული ნაჭერი ერთმანეთს ეხახუნებოდნენ, შემდეგ კი წყნარდებოდნენ, როცა მათ სწრაფად აცილებდნენ ერთმანეთს. კვლავ ვეცადე დამენახა, შევძლებდი თუ არა იმ ადამიანის დანახვას, რომელიც როგორც მომეჩვენა მემალებოდა, მაგრამ მხოლოდ ბნელი სილუეტი გავარჩიე ბუჩქების წინ. თვალები მოვჭუტე და ხელით მოვიჩრდილე. ამ დროს მზის ანარეკლი შეიცვალა და მივხვდი, რომ რასაც ვხედავდი, მხოლოდ ოპტიკური ილუზია იყო — ჩრდილისა და ფოთლების თამაში. მზერა სხვა მხარეს გადავიტანე და დავინახე კოიოტი, რომელიც წყნარად მირბოდა ველზე. კოიოტი დაახლოებით იმ ადგილას იყო, სადაც ადამიანი დავინახე. მან დაახლოებით ასი მეტრი გაირბინა სამხრეთის მიმართულებით, შემდეგ კი შეჩერდა და ჩემი მიმართულებით გამოიქცა. რამდენჯერმე დავიყვირე, რომ შემეშინებინა, მაგრამ იგი კვლავ მორბოდა. ავღელდი. ვიფიქრე, რომ ალბათ ცოფიანია, და კარგი იქნებოდა ქვების მოგროვება თავის დასაცავად იმ შემთხვევაში, თუ თავს დამესხმოდა. როცა ცხოველი ჩემგან სამ-ოთხ მეტრში იყო, შევამჩნიე, რომ იგი სულაც არ ღელავდა. პირიქით, ძალიან მშვიდად გამოიყურებოდა. ნაბიჯი შეანელა და ჩემგან დაახლოებით ორ მეტრში გაჩერდა. ერთმანეთს შევხედეთ, შემდეგ კოიოტი უფრო მომიახლოვდა. მისი ყავისფერი თვალები მეგობრული და ნათელი იყო. ქვაზე ჩამოვჯექი. კოიოტი თითქმის მეხებოდა. გაოგნებული ვიყავი. არასოდეს მინახავს ველური კოიოტი ასე ახლოს, და ერთადერთი აზრი, რაც თავში იმ მომენტში მომივიდა, მასთან დალაპარაკება იყო. ისე დავიწყე, როგორც ადამიანი დაელაპარაკებოდა მეგობარ ძაღლს. და შემდეგ ვიფიქრე, რომ კოიოტმა მიპასუხა. აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, რომ მან რაღაც მითხრა. შეცბუნებული ვიყავი, მაგრამ დრო არ მქონდა ჩემს გრძნობებში გასარკვევად, რადგანაც კოიოტმა კვლავ „დაილაპარაკა“. არა ისე, რომ ცხოველს სიტყვები წარმოეთქვას ისე, როგორც მე ვიყავი მიჩვეული ადამიანებისგან. ეს უფრო იყო „შეგრძნება“, რომ ის ლაპარაკობდა. მაგრამ ეს არ იყო ის შეგრძნება, რომელიც გაგაჩნია, როცა შინაური ცხოველი, თითქოს თავის პატრონს მიმართავს. კოიოტმა ფაქტიურად რაღაც მითხრა. იგი აზრს გადმოცემდა და ეს კავშირი რაღაც წინადადების მსგავსში გადმოიღვარა. მე ვუთხარი: „როგორ ხარ, პატარა კოიოტო?“ და მომეჩვენა, რომ ცხოველის პასუხი გავიგე: „მე კარგად, შენ როგორ ხარ?“ შემდეგ კოიოტმა გაიმეორა წინადადება, და მე ფეხზე წამოვხტი. ცხოველს ერთი მოძრაობაც კი არ გაუკეთებია. იგი არ იყო შეშინებული ჩემი უეცარი შეხტომით. თვალები კვლავაც მეგობრული და სუფთა ჰქონდა. თავი დახარა, მუცელზე გაწვა და მკითხა: „რისი შეგეშინდა?“ მე დავჯექი, და მისმა შემყურემ ყველაზე ჯადოქრული საუბარი დავიწყე, რომელიც ოდესმე მქონია. ბოლოს მკითხა, თუ რას ვაკეთებდი იქ, და ვუპასუხე, რომ აქ „სამყაროს გასაჩერებლად“ მოვედი. კოიოტმა თქვა: „რა მაგარია!“ და აქ გავიაზრე, რომ ეს იყო კოიოტი, რომელიც ორ ენას ფლობდა. არსებითი სახელები და ზმნები მის წინადადებებში ინგლისურ ენაზე იყო, მაგრამ კავშირები და მიმართებითი ნაცვალსახელები — ესპანურად. თავში დამებადა აზრი, რომ ზღაპრულ /ჩიკანო/ კოიოტთან ვიმყოფებოდი. ამ ყველაფრის აბსურდულობაზე გამეცინა და იმდენად ძლიერად ვიცინოდი, რომ თითქმის ისტერიკაში ჩავვარდი. შემდეგ მთელი ტვირთი ამ ყველაფრის შეუძლებლობისა თავზე დამეყარა და ჩემი გონება შეყოყმანდა. კოიოტი ფეხებზე დადგა და ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ. დაჟინებით ვუმზერდი. ვგრძნობდი, რომ მექაჩებოდნენ და უეცრად ცხოველმა ცისარტყელის ფერები მიიღო. იგი ანათებდა. მეჩვენებოდა, რომ ჩემი ტვინი სხვა მოგონებას ატრიალებდა, რომელსაც ათი წლის წინ ჰქონდა ადგილი, როცა პეიოტის ზემოქმედების ქვეშ მოწმე ვიყავი ჩვეულებრივი ძაღლის დაუვიწყარ ცისარტყელის ფერების მქონე არსებად გადაქცევისა. თითქოს, კოიოტმა მოგონება გამოიწვია და წარსული მოვლენა კოიოტს ზედ დაედო. იგი დინებადი, თხევადი, მანათობელი არსება გახდა. ამ ნათებისგან თავბრუ მეხვეოდა. მინდოდა თვალები ხელებით დამეფარა, რათა დამეცვა ისინი, მაგრამ განძრევა არ შემეძლო. მანათობელი არსება შემეხო ჩემს რაღაც განუსაზღვრელ ნაწილში, და ჩემმა სხეულმა ისეთი სრული აღუწერელი სითბო და ისეთი კარგი განწყობა განიცადა, რომ თითქოს ამ შეხებამ აფეთქება მაიძულაო. უგრძნობი გავხდი. ვეღარ ვგრძობდი საკუთარ ფეხებს, ან საკუთარ ტერფებს, ან სხეულის სხვა ნაწილებს, თუმცაღა რაღაც მაკავებდა გამართულ მდგომარეობაში.

წარმოდგენა არ მქონდა, რამდენ ხანს დავრჩი ასეთ მდგომარეობაში. ამასობაში მანათებელი კოიოტი და იმ გორაკის მწვერვალი, რომელზეც ვიდექი, გაქრნენ. არც აზრები მქონდა და არც გრძნობები. ყველაფერი გამორთული იყო, და თავისუფლად ვლივლივებდი.

უეცრად ვიგრძენი, რომ ჩემმა სხეულმა დარტყმა განიცადა, და შემდეგ რაღაც შემომეგარსა. მივხვდი, რომ მზე ჩაიღვარა ჩემში. ძლივს ვარჩევდი მთის მწვერვალებს დასავლეთით. მზე თითქმის ჰორიზონტს ეხებოდა. ვუმზერდი მას, და შემდეგ „სამყაროს ხაზები“ დავინახე. მართლაც განვიცადე უკიდურესად უჩვეულო ღრმა შეგრძნება ფლუორესცენტული თეთრი ხაზებისა, რომლებიც ჩემ გარშემო ყველაფერს აერთიანებდნენ. წამით ვიფიქრე, რომ შესაძლოა ჩემი წამწამებიდან არეკლილი მზის სინათლე შევიგრძენი. თვალები დავახამხამე და კვლავ შევხედე. ხაზები მდგრადი იყო ყველაფერს განმსჭვალავდნენ გარშემო. დავტრიალდი და უჩვეულო ახალი სამყარო დავათვალიერე. ხაზები კარგად შესამჩნევი და მუდმივი იყო მაშინაც კი, თუკი მზისგან საპირისპირო მხარეს ვიყურებოდი.

მეჩვენებოდა, რომ გორის მწვერვალზე ექსტაზის მდგომარეობაში უსასრულო დროის განმავლობაში ვიდექი, თუმცაღა მთელი ეს მოვლენა შესაძლებელი იყო მხოლოდ რამდენიმე წუთით გაგრძელებულიყო, მანამ, სანამ მზე ჰორიზონტს მიაღწევდა, მაგრამ მე ეს უსასრულო დროდ მომეჩვენა. რაღაც თბილსა და დამამშვიდებელს ვგრძნობდი, სამყაროსგან და ჩემი საკუთარი სხეულისგან გამომავალს. ვიცოდი, რომ საიდუმლო ამოვხსენი. იგი ისეთი მარტივი იყო. გრძნობების აქამდე არგანცდილი ნაკადი განვიცადე. ცხოვრებაში არასოდეს მქონია ასეთი ღვთაებრივი ეიფორია, ასეთი სიმშვიდე და ასეთი ყოვლისმომცველი გრძნობა, და მაინც, მე არ შემეძლო ამოხსნილი საიდუმლოს სიტყვებით ან თუნდაც აზრებით გადმოცემა, მაგრამ ჩემმა სხეულმა ყველაფერი იცოდა.

შემდეგ ან ჩამეძინა, ან ცნობიერება დავკარგე. როცა გონზე მოვედი, ქვებზე ვიწექი. წამოვდექი. სამყარო ისეთი იყო, როგორსაც ყოველთვის ვიცნობდი. უკვე ბნელდებოდა, ამიტომ ავტომატურად ჩემი მანქანისკენ გავეშურე.

დონ ხუანი მარტო იყო სახლში, როცა შემდეგ დილას მასთან მივედი. დონ ხენაროზე ვკითხე, და მიპასუხა, რომ იგი სადღაც შორიახლოს თავისი საქმით იყო დაკავებული. დაუყოვნებლივ მოვუყევი ის უჩვეულო მოვლენები, რომელთა მოწმეც გავხდი. იგი აშკარა ინტერესით მისმენდა.

— შენ უბრალოდ „სამყარო გააჩერე“, — გააკეთა კომენტარი, როცა თხრობას მოვრჩი.

წამით ჩუმად ვიყავით, შემდეგ კი მითხრა, რომ დონ ხენაროსთვის მადლობა უნდა გადამეხადა დახმარებისთვის. მომეჩვენა, რომ უჩვეულოდ კმაყოფილი იყო ჩემით. რამდენჯერმე ზურგზე ხელი დამარტყა და გაიცინა.

— კი, მაგრამ დაუჯერებელია, რომ კოიოტი ლაპარაკობდეს, — ვთქვი მე.

— ეს არ იყო საუბარი, — თქვა დონ ხუანმა.

— აბა რა იყო?

— პირველად შენმა სხეულმა გაიგო, მაგრამ შენ ვერ შეძელი იმის გაგება, რომ ჯერ ერთი ეს არ იყო კოიოტი, და მეორეც, ეს არ იყო საუბარი იმ სახით, როგორც მე და შენ ვსაუბრობთ.

— კოიოტი მართლა ლაპარაკობდა, დონ ხუან!

— უყურე, ვინ ლაპარაკობს ახლა, როგორც იდიოტი. ამდენწლიანი სწავლის შემდეგ უკეთ უნდა იცოდე. გუშინ სამყარო გააჩერე, და შესაძლოა „დაინახე“ კიდეც. ჯადოსნურმა არსებამ რაღაც გითხრა, და შენმა სხეულმა შეძლო ამის გაგება, რადგანაც სამყარო დაიშალა.

— სამყარო ისეთივე იყო, როგორიც დღეს, დონ ხუან.

— არა, იგი არ იყო ისეთივე. დღეს კოიოტები არაფერს არ გელაპარაკებიან, და არც სამყაროს ხაზების დანახვა შეგიძლია. გუშინ ამას უბრალოდ იმიტომ აკეთებდი, რომ რაღაც გაჩერდა შენში. და ბუნებრივია, არ გვაქვს არჩევანი გარდა იმისა, რომ სამყარო ისეთი დავინახოთ, როგორსაც ადამიანები გვთავაზობენ.

ერთმანეთს შევხედეთ.

— გუშინ სამყარო ისეთი გახდა, როგორიც მაგებმა წარმოგიდგინეს, — განაგრძო მან. — ამ სამყაროში კოიოტები ლაპარაკობენ, და ზუსტად ასევე ლაპარაკობენ ირმებიც, როგორც ადრე მოგიყევი, და ასევე ჩხრიალა გველები და ხეები, და ყველა სხვა ცოცხალი არსება. მაგრამ ის, რაც მინდა გასწავლო — „ხედვაა“. შესაძლოა უკვე იცი, რომ „ხედვას“ მხოლოდ მაშინ აქვს ადგილი, როცა სამყაროებს შორის გააღწევ: ჩვეულებრივი ადამიანების სამყაროსა და მაგების სამყაროს შორის. შენ ახლა ზუსტად მათ შუაში მოექეცი. გუშინ თვლიდი, რომ კოიოტი გელაპარაკებოდა. ნებისმიერი მაგი, რომელიც ვერ „ხედავს“, ასევე ჩათვლიდა. მაგრამ ის, ვინც „ხედავს“, თვლის, რომ ამის დაჯერება მაგების სამყაროზე მილურსმნას ნიშნავს. ზუსტად ასევე არდაჯერება იმისა, რომ კოიოტები ლაპარაკობენ, ჩვეულებრივი ადამიანების სამყაროზე მილურსმნაა.

— გინდა მითხრა, დონ ხუან, რომ არც ჩვეულებრივი ადამიანების და არც მაგების სამყარო რეალური არაა?

— ეს რეალური სამყაროებია, მათ შეუძლიათ შენზე ზემოქმედება. მაგალითად, შეგეძლო ნებისმიერი კითხვა დაგესვა ამ კოიოტისთვის, რაც კი გაინტერესებდა, და იგი ვალდებული იქნებოდა, პასუხი გაეცა. ერთადერთი სევდიანი ფაქტი ისაა, რომ კოიოტს ვერ ენდობი. ისინი ხუმარები არიან. შენი ბედია არ გყავდეს ცხოველი მეგობარი, რომელსაც ენდობი.

დონ ხუანმა ამიხსნა, რომ კოიოტი მთელი ცხოვრება ჩემი მეგობარი იქნება, და მაგების სამყაროში კოიოტთან მეგობრობა — არასასურველი მდგომარეობაა. მითხრა, რომ ჩემთვის იდეალური იქნებოდა, თუკი ჩხრიალა გველს დაველაპარაკებოდი, რადგანაც ისინი საოცრად საიმედო მეგობრები არიან.

— მე რომ შენ ადგილას ვყოფილიყავი, — დაამატა მან, — არასოდეს ვენდობოდი კოიოტს. მაგრამ შენ სხვა ხარ. და შესაძლოა კოიოტური მაგი გახდე.

— რას ნიშნავს კოიოტური მაგი?

— ეს ისაა, ვინც უამრავ ინფორმაციას იღებს თავისი მოძმე კოიოტებისგან.

მინდოდა კიდევ დამესვა კითხვები, მაგრამ მანიშნა, რომ გავჩუმებულიყავი.

— შენ სამყაროს ხაზები ნახე, — თქვა მან. — შენ მანათობელი არსება ნახე. ახლა უკვე თითქმის მზად ხარ, რომ მოკავშირეს შეხვდე. რა თქმა უნდა ხვდები, რომ ის ადამიანი, რომელიც ბუჩქებში დაინახე, მოკავშირე იყო. გაიგე მისი გრუხუნი, რეაქტიული თვითმფრინავის მსგავსი. იგი ველის კიდეზე დაგელოდება, და იქამდე თვითონ მიგიყვან.

დიდი ხნის განმავლობაში ვდუმდით. დონ ხუანს გადაჭდობილი ხელები მუცელზე ელაგა. ცერა თითები თითქმის შეუმჩნევლად უმოძრავებდა.

— ხენაროც წამოვა ჩვენთან ერთად იმ ველზე, — თქვა მან მოულოდნელად. — სწორედ იგი დაგეხმარა სამყაროს გაჩერებაში.

დონ ხუანმა გამჭოლი მზერით შემომხედა.

— კიდევ ერთ რამეს გეტყვი, — თქვა და გაიცინა.

— ახლა ამას მართლაც აქვს მნიშვნელობა. ხენაროს არ გადაუნაცვლებია იმ დღეს შენი მანქანა ჩვეულებრივი ადამიანების სამყაროდან. უბრალოდ მან გაიძულა, სამყაროსთვის ისე შეგეხედა, როგორც მაგები უყურებენ, და ამ სამყაროში შენი მანქანა არ იყო. ხენაროს შენი თავდაჯერებულობის შესუსტება სურდა. მისმა ჯამბაზობამ მოუთხრო შენს სხეულს ყველაფრის ახსნის მცდელობათა აბსურდულობის შესახებ. და როდესაც თავისი საჰაერო გველი გაუშვა, შენ თითქმის „დაინახე“. შენი მანქანა იპოვე და ორივე სამყაროში ერთდროულად იყავი. მიზეზი, რის გამოც კინაღამ ქანცი გაგვძვრა, იმაში მდგომარეობდა, რომ შენ მართლა თვლიდი, რომ უკან წაგვიყვანე იმ ადგილიდან, სადაც, როგორც ფიქრობდი, შენი მანქანა იპოვნე.

— კი, მაგრამ როგორ მაიძულა, რომ სამყარო ისეთად დამენახა, როგორსაც მაგები ხედავენ?

— მე მასთან ერთად ვიყავი. ჩვენ ორივემ ვიცით ეს სამყარო. თუ ამ სამყაროს იცნობ, მის მოქმედებაში მოსაყვანად საჭიროა მხოლოდ იმ დამატებითი ძალის ბეჭედის გამოყენება, რომელსაც, როგორც გეუბნებოდი, მაგები ფლობენ. ხენაროს ამის გაკეთება ისევე იოლად შეუძლია, როგორც თითების გატკაცუნება. მან ქვების გადაბრუნებით დაგაკავა, რათა გაეფანტა შენი აზრები და „ხედვის“ საშუალება მიეცა შენი სხეულისთვის.

ვუთხარი, რომ ბოლო სამი დღის მოვლენებმა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენეს სამყაროს შესახებ ჩემს იდეას. ვთქვი, რომ მასთან ურთიერთობის ათი წლის განმავლობაში, არასოდეს წავსულვარ წინ ამდენად, იმ დროსაც კი, როცა ფსიქოტროპულ მცენარეებს ვღებულობდი.

— ძალის მცენარეები მხოლოდ დამხმარენი არიან, — თქვა დონ ხუანმა. — რეალური კი ისაა, როცა სხეული გაიგებს, რომ მას „ხედვა“ შეუძლია. მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი იმის ცოდნა, რომ სამყარო, რომელსაც ყოველდღე ვუყურებთ, მხოლოდ აღწერილობაა. ჩემი განზრახვა მხოლოდ ის, იყო, რომ შენთვის ეს მეჩვენებინა. სამწუხაროდ მეტისმეტად ცოტა დრო დაგრჩა, სანამ მოკავშირე შეგეხება.

— ნუთუ მოკავშირე უნდა შემეხოს?

— ამას ვერანაირად ვერ გაექცევი. იმისთვის, რომ „დაინახო“, უნდა იცოდე ის საშუალებები, რომელთა მეშვეობითაც მაგები „ხედავენ“ სამყაროს. აქედან გამომდინარე მოკავშირე გამოძახებულ უნდა იქნეს. და როცა ეს კეთდება, იგი აუცილებლად მოდის.

— და არ შეგიძლია, რომ მოკავშირეს გამოძახების გარეშე მასწავლო „ხედვა“?

— არა, იმისთვის, რომ „დაინახო“, უნდა ისწავლო სამყაროს დანახვა რაღაც სხვა მეთოდით. და ერთადერთი სხვა მეთოდი, რომელიც მე ვიცი — მაგების მეთოდია.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff