კარლოს კასტანედა - მოგზაურობა იქსტლანში

კარლოს კასტანედა
5
1

ის, ვინც მეომრის გზაზე დგება, გზაზე, რომელსაც გული აქვს, ვეღარასოდეს დარჩება უბრალო ობივატელად

16. ძალის ბეჭედი

 

16. ძალის ბეჭედი

 

შაბათი, 1962 წლის 14 აპრილი.

დონ ხუანმა ჩვენი კასრების წონა შეამოწმა და დაასკვნა, რომ უკვე დავხარჯეთ ჩვენი განძი და სახლში დაბრუნების დრო იყო. ფრთხილად შევნიშნე, რომ მინიმუმ ორი დღე დაგვჭირდებოდა სახლამდე მისაღწევად. მან თქვა, რომ არ აპირებდა უკან, სონორაში დაბრუნებას, არამედ მიმდებარე ქალაქში მიდიოდა, სადაც რაღაც საქმე ჰქონდა.

ვიფიქრე, რომ წყლის კანიონით დავეშვებოდით, მაგრამ დონ ხუანი ჩრდილო-დასავლეთისკენ გაემართა, ლავის მთების მაღალ პლატოზე. დაახლოებით ერთსაათიანი სიარულის შემდეგ მან მიმიყვანა ღრმა უღელტეხილთან, რომელიც იმ წერტილში მთავრდებოდა, სადაც ორი მწვერვალი თითქმის ერთიანდებოდა. აქ იყო უცნაური ფერდობი, რომელიც ჩაღუნულ ხიდს ჰგავდა ორ მწვერვალს შორის. დონ ხუანმა ამ ფერდობზე მდებარე ერთ ადგილზე მიმანიშნა.

— დაჟინებით უყურე, — თქვა მან. — მზე თითქმის თავს ზემოთაა.

მან ამიხსნა, რომ შუადღის მზის შუქს შეუძლია არკეთებაში დამეხმაროს. შემდეგ მთელი რიგი მითითებები მომცა. უნდა გამეხსნა ყველა მჭიდრო ადგილი ტანსაცმელზე, ფეხებგადაჯვარედინებული დავმჯდარიყავი და დაჟინებით დავკვირვებოდი იმ ადგილს, რომელზეც მიმითითა. ცაზე ძალიან ცოტა ღრუბელი იყო, და არცერთი არ იყო დასავლეთით. ცხელოდა, და მზის სინათლე გამაგრებულ ლავაზე იღვრებოდა. ძალზე ყურადღებით ვაკვირდებოდი მითითებულ ადგილს.

ხანგრძლივი დაკვირვების შემდეგ ვიკითხე, კერძოდ, რა უნდა დამენახა იქ. მან ხელის სწრაფი მოძრაობით მანიშნა, რომ გავჩუმებულიყავი.

დავიღალე და ძილი მინდოდა. თვალები ნახევრად მივლულე. მტკიოდა ისინი, ამიტომ მოვისრისე. მაგრამ ხელებს მოუხერხებლად ვამოძრავებდი და ოფლმა, რომელიც თვალებში მომხვდა, გააღიზიანა ისინი. ლავის მწვერვალებს შევხედე, და უეცრად მთელი მთა აინთო.

დონ ხუანს ვუთხარი, რომ თუ თვალებს დავაელმებდი, შემეძლო დამენახა მთების მთელი ჯაჭვი, როგორც სინათლის ძაფების რთული გადახლართული სისტემა.

მან მიბრძანა, რომ რაც შეიძლება ნაკლები მესუნთქა, რომ სინათლის ბოჭკოების ხედი შემენარჩუნებინა და არ დავკვირვებოდი მათ დაჟინებით, არამედ სასხვათაშორისოდ მეცქირა წერტილზე მარჯვნივ, ჰორიზონტზე, ფერდობის თავზე. მის მითითებებს მივყევი და შევძელი უსასრულო შორეთის, სინათლის ქსელით დაფარული სურათის შენარჩუნება.

დონ ხუანმა ძალზე რბილი ხმით თქვა, რომ უნდა გამომეყო ბნელი ადგილები სინათლის ბოჭკოების შიგნით, და ბნელი ლაქის პოვნისთანავე უნდა გამეხილა თვალები და განმესაზღვრა, სად იმყოფებოდა ეს ლაქა ფერდობის ზედაპირზე.

ვერანაირ ბნელ ლაქას ვერ ვგრძნობდი. რამდენჯერმე ხან მოვჭუტე თვალები, ხან კვლავ გავახილე. დონ ხუანი მომიახლოვდა და მარჯვნისკენ მიმითითა, შემდეგ კი პირდაპირ ჩემ წინ ადგილზე. ვეცადე, რომ სხეულის მდგომარეობა შემეცვალა. ვიფიქრე, რომ თუ პერსპექტივას შევცვლიდი, შევძლებდი იმ ბნელი ადგილის დანახვას, რომელზეც იგი მიმითითებდა. მაგრამ დონ ხუანმა ხელით შემანჯღრია და მკაცრი ტონით მითხრა, რომ მოთმინებით და მშვიდად ვმჯდარიყავი.

მე კვლავ მოვჭუტე თვალები და სინათლის ძაფებისგან მოქსოვილი ქსელი დავინახე. წამით ვუცქერდი მათ, შემდეგ კი თვალები უფრო ფართოდ გავახილე. ამ მომენტში სუსტი გრუხუნი ვიგრძენი. ეს შემეძლო ამეხსნა რეაქტიული თვითმფრინავის შორეული ხმით. და შემდეგ, ფართოდ გახელილი თვალებით მე დავინახე მთელი მთიანი რაიონი ჩემ წინ, როგორც სინათლის პატარა წერტილების უზარმაზარი ველი. მეჩვენებოდა, რომ რაღაც მოკლე მომენტში მეტალის ზედაპირები გამაგრებულ ლავაში ერთდროულად ირეკლავდნენ მზის სინათლეს. შემდეგ მზის სინათლე ღრუბლებმა დაფარა და უეცრად გაქრა, გორები კი მოქუფრულ, მუქი ყავისფერი კლდეების მასად იქცნენ. მაშინვე ქარიც ამოვარდა და აცივდა.

მინდოდა შევბრუნებულიყავი და შემეხედა, მოეფარა თუ არა მზე ღრუბელს, მაგრამ დონ ხუანმა თავი დამიჭირა და განძრევის საშუალება არ მომცა. მითხრა, რომ თუ შემოვბრუნდებოდი, შევძლებდი დამენახა გორების არსება - მოკავშირე, რომელიც თან დაგვყვებოდა. მითხრა, რომ არ მქონდა საკმარისი ძალა ასეთი სანახაობის გასაძლებად, შემდეგ კი გათვლილი ტონით დაამატა, რომ ის გრუხუნი, რომელიც მომესმა, განსაკუთრებული მეთოდი იყო, რომლითაც მოკავშირე თავის იქ ყოფნას ამჟღავნებდა.

შემდეგ წამოდგა და განაცხადა, რომ ზემოთ, ფერდობზე უნდა ავსულიყავით.

— სად მივდივართ? — ვკითხე მე.

მან მიმითითა ადგილზე, რომელიც გამოყო, როგორც სიბნელის ლაქა. ამიხსნა, რომ არკეთებამ საშუალება მისცა გამოეყო ეს ადგილი, როგორც ძალის შესაძლო ცენტრი, ან ისეთი ადგილი, სადაც ძალის ნივთების ნახვა შეიძლება.

კლდეებზე ძალიან რთული ძრომიალის შემდეგ ამ ადგილს მივაღწიეთ. წამით უმოძრაოდ იდგა ჩემგან რამდენიმე ფუტის დაშორებით. ვეცადე ახლოს მივსულიყავი, მაგრამ ხელით მანიშნა, რომ გავჩერებულიყავი. თითქოს ორიენტირდებოდა. მისი თავი ისე მოძრაობდა, თითქოს თვალებით ზემოდან ქვემოთ ასკანერებდა მთებს. შემდეგ თავდაჯერებული ნაბიჯებით კიდესთან მივიდა. ჩამოჯდა და ხელით დაიწყო კლდიდან ნაგვის გადაყრა. თითით გრუნტიდან ამოზრდილი მცირე ქვის გარშემო მიწა ამოჩიჩქნა, გაასუფთავა, და შემდეგ მიბრძანა, რომ ამომეთხარა იგი.

როცა ქვა გავათავისუფლე, მიბრძანა, რომ მაშინვე ჯიბეში ჩამედო იგი, რადგანაც ეს ძალის ობიექტი იყო და მე მეკუთვნოდა. თქვა, რომ შესანახად მაძლევდა, უნდა გამესუფთავებინა და მოვფრთხილებოდი მას.

ამის შემდეგ, მაშინვე წყლის კანიონში დავეშვით და ორი საათის შემდეგ უკვე უდაბნოში, ლავის მთების ძირთან ვიყავით. დონ ხუანი დაახლოებით სამი მეტრით წინ მიდიოდა, ძალიან სწრაფი ნაბიჯით. სამხრეთისკენ თითქმის მზის ჩასვლამდე მივდიოდით. ღრუბლების მძიმე გროვა დასავლეთით მზის დანახვის საშუალებას არ გვაძლევდა, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებდით, სანამ იგი, ჩვენი ვარაუდით, ჰორიზონტს არ გადასცდა.

ამის შემდეგ დონ ხუანმა მიმართულება შეცვალა და სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ წავიდა. გორაკზე ავედით, და როცა მწვერვალს მივაღწიეთ, ოთხი ადამიანი შევამჩნიე, სამხრეთის მხრიდან ჩვენი მიმართულებით მომავალი.

დონ ხუანს შევხედე. ჩვენს ექსკურსიებში არასოდეს შევხვედრივართ ადამიანებს, და არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა მსგავს შემთხვევებში. მაგრამ, როგორც ჩანს, იგი არ აქცევდა ამას ყურადღებას. სიარულს აგრძელებდა, თითქოს არაფერი მომხდარიყოს. ადამიანები ისე მოდიოდნენ, თითქოს არსად ეჩქარებოდათ. მშვიდად მოვიდნენ იმ ადგილამდე, სადაც ჩვენ ვიმყოფებოდით. როცა მოგვიახლოვდნენ, შევამჩნიე, რომ ეს ოთხი ახალგაზრდა ინდიელი იყო. მომეჩვენა, რომ იცნეს დონ ხუანი. იგი მათ ესპანურად ელაპარაკებოდა. ისინი ძალიან რბილად ლაპარაკობდნენ და დიდი პატივისცემით ეპყრობოდნენ მას. მე მხოლოდ ერთი მათგანი დამელაპარაკა. ჩურჩულით ვკითხე დონ ხუანს, შემეძლო თუ არა მეც მესაუბრა მათთან, და მან დასტურის ნიშნად თავი დამიქნია.

მას შემდეგ, რაც საუბარში ავიყოლიე, ისინი ძალზე მეგობრულნი და კომუნიკაბელურნი გახდნენ, განსაკუთრებით ის, ვინც პირველი დამელაპარაკა. მათ მითხრეს, რომ აქ კვარცის კრისტალის საძებნელად იყვნენ, რომელსაც ძალა გააჩნდა. თქვეს, რომ უკვე რამდენიმე დღეა დახეტიალობენ ლავის მთების გარშემო, მაგრამ ჯერ არ გაუმართლათ.

დონ ხუანმა მიიხედ-მოიხედა და ქვიან ადგილზე მიუთითა, დაახლოებით ნახევარი კილომეტრის მოშორებით.

— ეს კარგი ადგილია ცოტა ხნით დასასვენებლად, — თქვა მან.

ამ ქვებისკენ წავიდა და ყველანი გავყევით. ადგილი, რომელიც აირჩია, მოტიტვლებული იყო. ბუჩქების გარეშე. ქვებზე ჩამოვჯექით. დონ ხუანმა თქვა, რომ ჩაპარალში დაბრუნებას და კოცონისთვის მშრალი ტოტების მოგროვებას აპირებდა. მინდოდა დავხმარებოდი, მაგრამ მან მიჩურჩულა, რომ ეს განსაკუთრებული კოცონი უნდა ყოფილიყო ამ მამაცი ახალგაზრდებისთვის, და ჩემი დახმარება არ სჭირდებოდა.

ახალგაზრდები ჩემ გარშემო ვიწრო წრედ დასხდნენ. ერთ-ერთი მათგანი ჩემკენ ზურგით დაჯდა. მცირე გაღიზიანება ვიგრძენი.

როცა დონ ხუანი ტოტების გროვით ხელში დაბრუნდა, მან შენიშნა მათი სიფრთხილე და მითხრა, რომ ყმაწვილები მაგის მოსწავლეები არიან და სწორია წრის შეკვრა, რომლის ცენტრშიც ორი ადამიანი ერთმანეთისკენ ზურგით ზის, ძალის ობიექტებზე სანადირო ექსპედიციების დროს.

ერთ-ერთმა ახალგაზრდამ მკითხა, მქონდა თუ არა ოდესმე ნაპოვნი კრისტალები. ვუთხარი, რომ დონ ხუანს არასოდეს წავუყვანივარ მათ საძებნელად.

დონ ხუანმა აირჩია ადგილი დიდი ლოდის გვერდით და კოცონის გაჩაღებას შეუდგა. არცერთი არ დაძრულა ადგილიდან, რომ დახმარებოდა, მაგრამ ყველა ყურადღებით ადევნებდა თვალყურს. როცა ყველა ტოტი იწვოდა, დონ ხუანი ლოდისკენ ზურგით დაჯდა. კოცონი მისგან მარჯვნივ იყო.

ახალგაზრდებმა, როგორც ჩანს, იცოდნენ, რაც ხდებოდა, მაგრამ მე ოდნავ წარმოდგენაც არ მქონდა, თუ რა უნდა გამეკეთებინა, როცა საქმე მაგის მოსწავლეებთან მქონდა.

თვალყურს ვადევნებდი ახალგაზრდებს. ისინი იჯდნენ და დონ ხუანს უყურებდნენ. ნახევარწრე ჰქონდათ შეკრული. შევამჩნიე, რომ დონ ხუანი პირდაპირ მე მიყურებდა, და ორი ახალგაზრდა ჩემგან მარცხნივ დაჯდა, ორი კი — მარჯვნივ.

დონ ხუანმა მოუყვა მათ, რომ მე ლავის მთებში იმისთვის ვიყავი, რომ არკეთება მესწავლა, და რომ მოკავშირე მოგვყვებოდა. ვიფიქრე, რომ ეს ძალიან დრამატული დასაწყისი იყო, და მართალი ვიყავი. ყმაწვილებმა პოზები შეიცვალეს ყველა ისე დაჯდა, რომ მარცხენა ფეხი ქვეშ მოიქცია. ვერ შევამჩნიე, როგორ ისხდნენ მანამდე. ვფიქრობდი, რომ ისევე იჯდნენ, როგორც მე — ფეხებგადაჯვარედინებულნი. დონ ხუანზე შემთხვევითმა მზერამ მაჩვენა, რომ ისიც მარცხენა ფეხქვეშ ამოდებული იჯდა. ძლივსშესამჩნევი ჟესტი გააკეთა ნიკაპით და მიმითითა იმ პოზაზე, რომელშიც მე ვიჯექი. ფრთხილად ამოვიდე მარცხენა ფეხი.

ერთხელ დონ ხუანმა უკვე მომიყვა, რომ ეს წარმოადგენს მაგის პოზას იმ შემთხვევებში, როცა ვითარებები გაურკვეველია. თუმცაღა ეს პოზა ჩემთვის ყოველთვის დამღლელი იყო. ვგრძნობდი, რომ საშინელი ტანჯვა იქნებოდა გამუდმებით ასე ჯდომა და საუბარი. დონ ხუანი, როგორც ჩანს, სრულიად აცნობიერებდა ჩემს მდგომარეობას და მოკლედ აუხსნა ახალგაზრდებს, რომ კვარცის კრისტალების პოვნა შეიძლება ამ რაიონის განსაზღვრულ ადგილებში, და როგორც კი მათ იპოვნიან, მოუწევთ, რომ ეს ადგილი გარკვეული ტექნიკის მეშვეობით დატოვონ. მაშინ კრისტალი თავად ადამიანი ხდება, მისი ძალა კი ჩვენი გაგების საზღვრებს მიღმა გადის.

მან თქვა, რომ, როგორც წესი, კრისტალებს ასხმულას სახით პოულობენ, და ადამიანმა, რომელმაც იგი იპოვა, უნდა აარჩიოს ყველაზე გრძელი და ლამაზი კრისტალების მწკრივი და გამოაცალკევოს ისინი. ადამიანი, რომელიც კრისტალებს პოულობს, პასუხისმგებელია იმაზე, რომ დაამუშავოს ისინი და სრულიად შეუსაბამოს თავისი მარჯვენა ხელის თითების ფორმებსა და ზომებს.

შემდეგ გვითხრა, რომ კვარცის კრისტალებს იარაღად იყენებენ მაგიაში. ჩვეულებრივ იგი მკვლელობის იარაღად გამოიყენება, და ისინი აღწევენ მტრის სხეულში, შემდეგ კი მფლობელის ხელს უბრუნდებიან, თითქოს არასოდეს დაეტოვებინოთ იგი. შემდეგ მოგვიყვა იმ სულის ძიების შესახებ, რომელ იც ჩვეულებრივ კრისტალს იარაღად აქცევდა, და განაცხადა, რომ ყველაზე პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, ესაა სასიკეთო ადგილის პოვნა სულის მისატყუებლად. ეს ადგილი გორის მწვერვალზე უნდა იყოს, და უნდა მოიძებნოს მიწისკენ მიბრუნებული ხელის ხელთან მოძრაობით, თითქოს ხელები უყურებენ მიწასო, მანამ, სანამ ხელისგული რაღაც სითბოს არ შეიგრძნობს. ამ ადგილზე კოცონი უნდა გაჩაღდეს. დონ ხუანმა აგვიხსნა, რომ მოკავშირეებს ცეცხლის ალი იზიდავს, და თავს ავლენენ გარკვეული ბგერების სერიის მეშვეობით. ადამიანმა, რომელიც მოკავშირეებს ეძებს, უნდა იაროს ამ ბგერების მიმართულებით მანამ, სანამ მოკავშირე არ გამოჩნდება, შემდეგ კი ებრძოლოს მას და დაანარცხოს მიწაზე, რათა გაიმარჯვოს მასზე. სწორედ ამ დროს შეგვიძლია ვაიძულოთ მოკავშირეს, შეეხოს კრისტალს და თავისი ძალით დამუხტოს იგი.

მან გაგვაფრთხილა, რომ ამ ლავის მთებში არის სხვა მრავალი ძალა, რომელიც არ ჰგავს მოკავშირეს, ისინი არ წარმოქმნიან ხმებს, არამედ ჩნდებიან, როგორც მბჟუტავი ჩრდილები, და მათ საერთოდ არ აქვთ არანაირი ძალაუფლება.

დონ ხუანმა დაამატა, რომ ბრწყინვალედ შეფერილ ფრთას ან რომელიმე კარგად გაპრიალებულ კვარცის კრისტალს შეუძლია მოიზიდოს მოკავშირე, მაგრამ ფართო გაგებით, ნებისმიერი ობიექტი ერთნაირად ეფექტური იქნება, რადგანაც მნიშვნელოვან მომენტს წარმოადგენს არა ამ ობიექტების პოვნა, არამედ იმ ძალის პოვნა, რომელიც მათ ძალით დამუხტავს.

— რა აზრი აქვს კარგად გაპრიალებული კრისტალების ქონას, თუ ვერ იპოვით სულს, რომელიც ძალას იძლევა? — თქვა მან. — მეორე მხრივ, თუ თქვენ არ გაქვთ კრისტალები, მაგრამ იპოვეთ სული, შეგიძლიათ ცხვირში შეაჩეჩოთ ნებისმიერი რამ, რათა შეეხოს. შეგიძლიათ თქვენი ჭუჭუები შეაჩეჩოთ, თუ სხვას ვერაფერს იპოვით.

ახალგაზრდებს გაეცინათ. ყველაზე თამამი, ის, რომელიც პირველად დამელაპარაკა, ყველაზე ხმამაღლა იცინოდა.

შევამჩნიე, რომ დონ ხუანმა ფეხები გადააჯვარედინა და მოდუნებული დაჯდა. დანარჩენებმაც იგივე გააკეთეს. ვეცადე მეც უფრო მოდუნებულ პოზაში დავმჯდარიყავი, მაგრამ ფეხში ან რაღაც ნერვის ან რომელიღაც კუნთის დაჭიმულობის გამო მომიწია, ავმდგარიყავი და რამდენიმე წუთით ერთი ადგილი მეტკეპნა.

დონ ხუანმა ხუმრობანარევი შენიშვნა გააკეთა. თქვა, რომ დიდი ხანია არ მქონია მუხლის მოდრეკის პრაქტიკა, რადგან მთელი საუკუნეა არ ვყოფილვარ აღსარებაზე, ალბათ მას შემდეგ, რაც მას გადავეყარე.

ამან გამოცოცხლება გამოიწვია ახალგაზრდებს შორის. ერთმანეთს უყურებდნენ და იცინოდნენ. ზოგიერთმა სახე დაიფარა და ნერვიულად ჩაიხითხითა.

— ბიჭებო, ვაპირებ, რაღაც გაჩვენოთ, თქვა დონ ხუანმა, როცა მათ სიცილი შეწყვიტეს.

ვიფიქრე, რომ იგი რაღაც ძალის ობიექტების ჩვენებას აპირებდა, რომლებიც ჩანთაში ჰქონდა. უეცრად ყველა ახალგაზრდა ოდნავ წინ წამოიწია, თითქოს წამოდგომას აპირებდნენ, მაგრამ შემდეგ მარცხენა ფეხი ამოიდეს საჯდომის ქვეშ და კვლავ იმ მისტიურ პოზაში დაჯდნენ, რომელიც ასეთი რთული იყო ჩემი მუხლებისთვის.

მეც შეძლებისდაგვარად ფრთხილად დავჯექი ამ პოზაში. აღმოვაჩინე, რომ თუ მარცხენა ტერფზე არ ვზივარ, ანუ თუ მუხლმოდრეკილი ვზივარ, მაშინ მუხლები ისე ძლიერ არ მტკივა.

დონ ხუანი წამოდგა და დიდი ლოდის უკან წავიდა, სანამ თვალს არ მიეფარა. როგორც ჩანს, მანამ, სანამ წამოდგებოდა, ტოტები შეყარა ცეცხლში, სანამ ფეხს ვისწორებდი, რადგანაც ახალმა ტოტებმა ტკაცუნი დაიწყეს და ცეცხლის ალის გრძელი ენები გამოისროლეს. ეფექტი ერთმნიშვნელოვნად დრამატული იყო. ცეცხლის ალი ორჯერ გაიზარდა. უეცრად დონ ხუანი გამოვიდა ლოდიდან და იმ ადგილას გაჩერდა, სადაც მანამდე იჯდა. მოულოდნელობისგან გავოცდი. დონ ხუანმა სასაცილო შავი ქუდი დაიფარა. მას გამოშვერილები ჰქონდა ყურებთან, ზემოთ კი მრგვალი იყო. მაშინვე მეკობრის ქუდს მივამგვანე. ტანზე ერთადერთი მბრწყინავი ლითონის ღილით შეკრული გრძელი, შავი პალტო ეცვა და ხის ფეხი ჰქონდა.

გულში გამეცინა. თავის პირატულ კოსტუმში დონ ხუანი მართლა სასაცილოდ გამოიყურებოდა. ფიქრი დავიწყე იმაზე, თუ საიდან იშოვა ასეთი კოსტუმი ამ უდაბნოში და მივედი იმ დასკვნამდე, რომ მას თვალის ასახვევი და მხარზე თუთიყუში აკლდა, რათა ტიპიური მეკობრე ყოფილიყო.

დონ ხუანმა ჯგუფის ყველა წევრს შეხედა, თვალები მარჯვნიდან მარცხნივ მოატარა. შემდეგ ჩვენ ზემოთ აიხედა და ასე, სიბნელეში, დაგვიწყო ყურება. წამით ამ პოზაში გაჩერდა, შემდეგ კი ლოდს შემოუარა და გაქრა.

ვერ შევამჩნიე, როგორ მიდიოდა. ალბათ, მუხლში ჰქონდა ფეხი მოხრილი, რათა განესახიერებინა ადამიანი ხის ფეხით. როცა უხვევდა, რომ ლოდს მოფარებოდა, უნდა შემემჩნია მისი მოხრილი ფეხი, მაგრამ ისეთი დაინტრიგებული ვიყავი მისი მოქმედებებით, რომ ყურადღება არ მიმიქცევია დეტალებისთვის.

ცეცხლის ალმა ზუსტად იმ მომენტში დაკარგა თავისი ძალა, როცა დონ ხუანი ლოდს მიეფარა. გავიფიქრე, რომ ბრწყინვალედ გათვალა დრო. ალბათ გამოთვალა, რა დრო დასჭირდებოდა იმ ტოტების დაწვას, რომლებიც კოცონს შეუნთო, და თავისი გამოსვლა ამ დროს შეუფარდა.

ცეცხლის ინტენსივობის შეცვლამ ჯგუფზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ახალგაზრდებს ნერვიულმა თრთოლვამ გადაუარა. როცა ცეცხლი ზომაში შემცირდა, ყველა უწინდებურ, მარცხენაფეხმოკეცილ მდგომარეობას დაუბრუნდა.

ველოდი, რომ დონ ხუანი მაშინვე გამოვიდოდა და დაჯდებოდა, როგორც მანამდე, მაგრამ იგი არ ჩანდა. მოუთმენლად ველოდი. ახალგაზრდები უემოციო სახით იჯდნენ. ვერ ვხვდებოდი, რის მიღწევას ცდილობდა დონ ხუანი ამ გათამაშებით. ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ ერთ-ერთ მათგანს მივუბრუნდი და დაბალი ხმით ვკითხე, ჰქონდა თუ არა რაიმე მნიშვნელობა რომელიმე ატრიბუტს მაინც იმ ნივთებიდან, რომლებიც დონ ხუანმა ჩაიცვა - სასაცილო პალტო, ქუდი და ის ფაქტი, რომ ხის ფეხზე იდგა,

ახალგაზრდამ სასაცილოდ გაოგნებული სახით შემომხედა. ჩანდა, რომ შეცბუნებული იყო. ჩემი კითხვა გავუმეორე, და ყმაწვილმა, რომელიც მის გვერდით იჯდა, ასევე შემომხედა და ყურადღებით მოისმინა ჩემი კითხვა. მათ ერთმანეთს შეხედეს აშკარად უკიდურესი განცვიფრებით. ვუთხარი, რომ ჩემთვის ეს ქუდი, ხის ფეხი და პალტო მეკობრედ აქცევდნენ მას.

ამასობაში ოთხივე ახალგაზრდა ახლოს მომიჯდა. ისინი ჩუმად ხითხითებდნენ და ნერვიულად ცქმუტავდნენ. როგორც ჩანს, სიტყვებს ვერ პოულობდნენ. როგორც იქნა, ყველაზე თამამი მათ შორის დამელაპარაკა. მან თქვა, რომ დონ ხუანს არ ეხურა ქუდი, არ ეცვა შავი პალტო და, ალბათ, მითუმეტეს არც ხის ფეხზე იდგა. და რომ მას თავზე ჩალმა ან შალი ჰქონდა შემოხვეული, და ერთი ფერის ბერული ტუნიკა ემოსა, რომელიც მიწამდე სწვდებოდა.

— არა! — წამოიძახა მეორე ყმაწვილმა. — მას არ ეხურა ჩალმა.

— სწორია, თქვეს სხვებმა.

ახალგაზრდამ, რომელმაც პირველმა დამელაპარაკა, სრული უნდობლობის გამომეტყველებით შემომხედა. ვუთხარი, რომ ძალიან გულდასმით და მშვიდად უნდა გავრკვეულიყავით მომხდარში, და დარწმუნებული ვიყავი, რომ დონ ხუანს უნდოდა, რომ ასე მოვქცეულიყავით, ამიტომაც დაგვტოვა მარტონი.

ახალგაზრდამ, რომელიც ჩემგან მარჯვნივ იჯდა, თქვა, რომ დონ ხუანი ძონძებში იყო, მას გაცვეთილი პონჩო ემოსა, რაღაც ინდიელების მოსასხამი და უკიდურესად ნახმარი სომბრერო. ხელში ეჭირა სხვადასხვა ნივთებით სავსე კალათა, მაგრამ ზუსტად ვერ ამბობდა, რა ნივთები იყო ეს. თქვა, რომ სინამდვილეში დონ ხუანი შემოსილი იყო არა როგორც მათხოვარი, არამედ უფრო როგორც ადამიანი, რომელიც ბრუნდებოდა უსასრულოდ ხანგრძლივი მოგზაურობიდან, დახუნძლული სხვადასხვა უცნაური ნივთებით.

ახალგაზრდამ, რომელმაც დონ ხუანი შავი ჩალმით დაინახა, თქვა, რომ ხელში მას არაფერი ეჭირა, მაგრამ თმა გრძელი და აბურდული ჰქონდა, თითქოს ველური ყოფილიყოს, რომელმაც ახლახანს ბერი მოკლა და მისი ტანსაცმელი ჩაიცვა, მაგრამ ვერ შეძლო თავისი სიველურის დამალვა.

ახალგაზრდამ ჩემ მარცხნივ რბილად გაიცინა და კომენტარი გააკეთა, რომ ეს ყველაფერი სისულელე იყო. თქვა, რომ დონ ხუანი შემოსილი იყო, როგორც მნიშვნელოვანი პერსონა, თითქოს ახლახან ჩამოვიდა ცხენიდან. ხელზე ეკეთა მხედრისთვის განკუთვნილი ტყავის ხელთათმანები, დიდი დეზები, მათრახი, რომელსაც მარცხენა ხელისგულზე ირტყამდა, პატარა ქუდი და 45–კალიბრიანი ორი პისტოლეტი. თქვა, რომ დონ ხუანი წარმატებული რანჩოს მფლობელის პირდაპირი ილუსტრაცია იყო.

ახალგაზრდამ უკიდურეს მარცხენა მხარეს მორცხვად გაიცინა, მაგრამ არ უცდია მოეყოლა ის, რაც დაინახა. ვთხოვდი, რომ მოეყოლა, მაგრამ, როგორც ჩანს, დანარჩენებს არ აინტერესებდათ. ეს ყმაწვილი ძალზე მორცხვი ჩანდა იმისთვის, რომ ელაპარაკა.

ცეცხლი უკვე ქრებოდა, როცა დონ ხუანი ლოდის უკანა მხრიდან გამოვიდა.

—თავიანთ საქმესთან დატოვე ეს ახალგაზრდები, — მითხრა მან. — დაემშვიდობე.

არ შეუხედავს მათთვის, ისე გავიდა გვერდზე და საშუალება მომცა, რომ დავმშვიდობებოდი.

ახალგაზრდები რიგრიგობით გადამეხვივნენ. კოცონი აღარ იწვოდა, მაგრამ ნაკვერჩხლები საკმარის განათებას იძლეოდნენ. დონ ხუანი შავ აჩრდილს ჰგავდა რამდენიმე ფუტის მოშორებით, ახალგაზრდები კი მკაფიოდ მოხაზული გაყინული სილუეტების წრეს ქმნიდნენ. ისინი შავ ქანდაკებებს მაგონებდნენ სიბნელის ფონზე.

ზუსტად ამ მომენტში მთელი ეს მოვლენა ჩემზე აისახა. ზურგში ჟრჟოლამ დამიარა. დონ ხუანს დავეწიე. მან ძალიან სერიოზული ტონით მითხრა, რომ არ შევბრუნებულიყავი და აღარ შემეხედა ახალგაზრდებისთვის, რადგანაც ამ მომენტში ისინი აჩრდილის წრეს წარმოადგენდნენ.

მუცლით რაღაც ძალას ვგრძნობდი, რომელიც გარედან მოდიოდა. თითქოს რაღაც ხელი შემეხო. უნებურად წამოვიყვირე. დონ ხუანმა თქვა, რომ ამ რაიონში ძალიან ბევრი ძალაა, ამიტომ გამიადვილდებოდა „ძალის სირბილის“ გამოყენება.

რამდენიმე საათი მივრბოდით. ხუთჯერ დავეცი. დონ ხუანი ხმამაღლა ითვლიდა ყოველ ჯერზე, როცა წონასწორობას ვკარგავდი. შემდეგ შეჩერდა.

— დაჯექი, ქვებს მიეყრდენი და მუცელი ხელებით დაიფარე, — მიჩურჩულა მან ყურში.

 

კვირა, 1962 წლის 15 აპრილი.

როგორც კი სინათლე საკმარისი გახდა, დილით კვლავ გზას გავუდექით. დონ ხუანმა იმ ადგილამდე მიმიყვანა, სადაც ავტომობილი დავტოვეთ. მშიერი ვიყავი, მაგრამ სხვა თვალსაზრისით თავს მხნედ ვგრძნობდი და არ ვიყავი დაღლილი.

რამდენიმე გალეტი შევჭამეთ და მინერალური წყალი დავაყოლეთ, რომელიც ავტომობილში მქონდა. მინდოდა კითხვები დამესვა, რომლებითაც გადავსებული ვიყავი, მაგრამ მან თითი ტუჩებთან მიიდო. შუადღისთვის მოსაზღვრე ქალაქში ვიყავით, სადაც ჩემ დატოვებას აპირებდა. სასადილოდ რესტორანში შევედით. ფანჯრის გვერდით, მაგიდასთან დავსხედით და საჭმელი შევუკვეთეთ.

დონ ხუანი მოდუნებული ჩანდა. თვალები გამცემად უელავდა. თავი გამხნევებულად ვიგრძენი და კითხვების ნიაღვარი მივაყარე. ყველაზე მეტად მინდოდა გამეგო მისი ტანსაცმლის გამოცვლის შესახებ.

— მე ჩემი არკეთების პაწაწინა ნაწილი გაჩვენე, — თქვა მან, და თითქოს თვალები გაუნათდა.

— კი, მაგრამ არცერთ ჩვენგანს არ უნახავს ერთი და იგივე კოსტუმი შენზე, — ვუთხარი მე. — როგორ შეძელი ეს?

— ძალიან მარტივად, — მიპასუხა მან. ეს უბრალოდ გამოცვლა იყო, რადგანაც ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, რაღაც ზომით გამოცვლაა. რასაც ვაკეთებთ, როგორც უკვე გითხარი, კეთების სფეროს ეხება. ცოდნის ადამიანს შეუძლია ნებისმიერი სხვა ადამიანის კეთებას მიეჯაჭვოს და ჯადოსნური ნივთებით გაჩნდება. მაგრამ ისინი სინამდვილეში სულაც არაა ჯადოსნური. ისინი ჯადოსნურია მხოლოდ მათთვის, ვინც კეთებაში ჩაეფლო.

იმ ოთხ ყმაწვილსაც და შენც ჯერ კიდევ არ გაქვთ გაცნობიერებული არკეთება, ამიტომ, ადვილი იყო თქვენი ყველას გასულელება.

— კი, მაგრამ როგორ გაგვასულელე?

— შენთვის ამას არ ექნება აზრი. ვერანაირად ვერ გაიგებ ამას.

— გთხოვ, დონ ხუან, გამომცადე.

— ასე ვთქვათ, რომ როდესაც ყოველი ჩვენგანი იბადება, მას თან მოაქვს ძალის პატარა ბეჭედი. ეს ბეჭედი თითქმის მაშინვე მოხმარებაში შედის. ამიტომ, ყოველი ჩვენგანი თითქმის დაბადებისთანავე კაუჭზეა, და ჩვენი ძალის ბეჭდები უერთდება ნებისმიერ სხვათა ძალის ბეჭდებს. სხვა სიტყვებით, ჩვენი ძალის ბეჭდები მიმაგრებულნი არიან სამყაროს კეთებაზე იმისთვის, რომ სამყარო აკეთონ.

— მაგალითი მომეცი, რომ მივხვდე, — ვუთხარი მე.

— მაგალითად, ჩვენი ძალის ბეჭდები, შენი და ჩემი, ზუსტად ახლა მიმაგრებულნი არიან ამ ოთახში კეთებაზე. ჩვენ ვქმნით ამ ოთახს. ჩვენი ძალის ბეჭდები ამ მომენტში ამ ოთახს ანიჭებენ არსებობას.

— მოიცა, მოიცა, — ვუთხარი მე. — ეს ოთახი აქ თავისთვისაა. მე არ ვქმნი მას, მე არანაირი საქმე არ მაქვს მასთან.

როგორც ჩანდა, დონ ხუანს არ აინტერესებდა ჩემი უარყოფა და პროტესტები. იგი ძალიან მშვიდად მარწმუნებდა, რომ ოთახი, რომელშიც ვიმყოფებოდით, შექმნილია და უცვლელადაა შენარჩუნებული იმ ძალის ბეჭედთა ძალით, რომლებიც ჩვენ გაგვაჩნია.

— ხედავ, — განაგრძო მან. — ყოველმა ჩვენგანმა იცის ოთახის კეთება, რადგანაც ასე თუ ისე ჩვენი ცხოვრების დიდი ნაწილი ოთახებში გვაქვს გატარებული. მეორე მხრივ, ცოდნის ადამიანი, სხვა ძალის ბეჭედს ავითარებს. მე დავარქმევ მას არკეთების ბეჭედს, რადგანაც იგი დაკავშირებულია არკეთებასთან. ამიტომ ამ ბეჭდის მეშეობით, მას შეუძლია სხვა სამყარო შექმნას.

ახალგაზრდა ოფიციანტმა საჭმელი მოგვიტანა, და, როგორც ჩანს, რაღაც ეჭვი ჰქონდა ჩვენზე. დონ ხუანმა თქვა, რომ მაშინვე უნდა გადამეხადა, რათა მეჩვენებინა, რომ ფული მყოფნიდა.

— არ ვადანაშაულებ იმაში, რომ არ გენდობა, თქვა მან და გადაიხარხარა. — ისეთი სახე გაქვს, თითქოს ჯოჯოხეთიდან მოხვედი.

გადავუხადე ოფიციანტ ქალს და საკომისიოც მივეცი, და როდესაც დაგვტოვა, დონ ხუანს შევხედე და ვეცადე შეწყვეტილი საუბრის ძაფი აღმედგინა. იგი თვითონვე დამეხმარა.

— შენი სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ შენ ჯერ კიდევ არ გაგივითარებია ძალის მეორე ბეჭედი, და შენმა სხეულმა არ იცის არკეთება, — თქვა მან.

ვერ გავიგე, რა იგულისხმა. გონება პროზაული აზრებით მქონდა დაკავებული. მხოლოდ იმის გაგება მინდოდა, ჩაიცვა მეკობრის კოსტუმი თუ არ ჩაიცვა.

დონ ხუანმა არ მიპასუხა, და ამის ნაცვლად ხმამაღლა გადაიხარხარა. კვლავ ვთხოვე ახსნა.

— კი, მაგრამ ახლახანს ხომ აგიხსენი?

— გულისხმობ, რომ არანაირი ტანსაცმელი არ ჩაგიცვამს? — ვკითხე მე.

— ყველაფერი, რაც გავაკეთე, ის იყო, რომ ჩემი ძალის ბეჭედი შენს საკუთარ კეთებას მივამაგრე, — თქვა მან. დანარჩენი ყველაფერი შენ თვითონ გააკეთე, ისევე, როგორც სხვებმა.

— ეს დაუჯერებელია! — წამოვიძახე მე.

— ჩვენ ყველას გვასწავლეს, რომ დავეთანხმოთ კეთებას, — თქვა მან რბილად. ოდნავი წარმოდგენაც კი არ გაქვს იმ ძალაზე, რაც ასეთ თანხმობას მოაქვს. მაგრამ საბედნიეროდ არკეთებაც ასეთივე ძლევამოსილი და საოცარია, როგორც ის ძალა.

მუცელში უმართავი სპაზმები ვიგრძენი. ჩემს საკუთარ გამოცდილებასა და მის განმარტებას შორის გადაულახავი უფსკრული იყო. როგორც უკანასკნელი დაცვა, როგორც ჩვეულებრივ ვაკეთებდი ხოლმე, ეჭვისა და უნდობლობის ელფერით წამოვაყენე კითხვა: „იქნებ დონ ხუანი შეკრული იყო იმ ახალგაზრდებთან და თავადვე მოაწყო ეს ყველაფერი?“

თემა შევცვალე და იმ ოთხი მოსწავლის შესახებ ვკითხე.

— შენ მითხარი, რომ ისინი აჩრდილები იყვნენ? — ვკითხე მე.

— მართალია.

— ისინი მოკავშირეები იყვნენ?

— არა, ისინი იმ ადამიანის მოსწავლეები იყვნენ, რომელსაც ვიცნობ.

— რატომ უწოდე მათ აჩრდილები?

— იმიტომ, რომ იმ მომენტში მათ არკეთების ძალა შეეხო. და რადგანაც შენსავით ბრიყვები არ არიან, მათ გადაინაცვლეს რაღაც სრულიად განსხვავებულში იმისგან, რაც შენ იცი. ამიტომ არ მინდოდა, რომ მათთვის შეგეხედა, რადგან ეს მხოლოდ ზიანს მოგაყენებდა.

მეტი კითხვა არ მქონდა. მშიერიც აღარ ვიყავი. დონ ხუანი ორივე ლოყით ღეჭავდა და, როგორც ჩანს, შესანიშნავ განწყობაზე იყო. თუმცაღა მე მიგდებულად ვგრძნობდი თავს. უეცრად უზარმაზარი დაღლილობის გრძნობა დამეუფლა. მივხვდი, რომ დონ ხუანის გზა ძალზე რთული იყო ჩემთვის. შევამჩნიე, რომ მონაცემები არ მქონდა, რომ მაგი ვყოფილიყავი.

— შესაძლოა, მესკალიტოსთან სხვა შეხვედრა დაგეხმაროს, — თქვა მან.

მე დავარწმუნე, რომ ამაზე ყველაზე ნაკლებად ვფიქრობდი და არც კი მინდოდა ამ შესაძლებლობის განხილვა.

— ძლიერი ძვრები უნდა დაგემართოს იმისთვის, რომ საშუალება მისცე შენს სხეულს სარგებელი მიიღოს იმისგან, რაც ისწავლე, — თქვა მან.

ჩემი შეხედულება ვუთხარი, რომ რადგანაც არ ვიყავი ინდიელი, მართლაც არ მქონდა მონაცემები, რათა მაგის უჩვეულო ცხოვრებით მეცხოვრა.

— შესაძლოა, რომ შემძლებოდა ყველა სირთულესთან გამკლავება, უფრო წარმატებულად წამეწია წინ შენს სამყაროში, — ვუთხარი მე. — ან მიყრუებულ ადგილას რომ წავსულიყავი შენთან ერთად. მაგრამ ის ფაქტი, რომ ერთი ფეხით ერთ სამყაროში ვდგავარ, ხოლო მეორეთი – სხვაში, უსარგებლოს მხდის ორივე მათგანში.

იგი დიდხანს მიცქერდა.

— ეს შენი სამყაროა, — თქვა მან, და მიმითითა საქმიან ქუჩაზე ფანჯრის მიღმა. — შენ ამ სამყაროს ადამიანი ხარ. და სწორედ აქ, ამ სამყაროშია შენი მონაპოვარი. არ არსებობს ჩვენი სამყაროს კეთებისგან გაქცევის საშუალება. ამიტომ მეომარი აკეთებს იმას, რომ თავის სამყაროს თავისი ნადირობის მონაპოვრად აქცევს. როგორც მონადირემ, მეომარმა იცის, რომ სამყარო შექმნილია იმისთვის, რომ ისარგებლოს მისით, ამიტომ იგი მის ყოველ ნაგლეჯს იყენებს. მეომარი მეკობრეს ჰგავს, რომელსაც არ აქვს აკრძალვა იმაზე, რომ აიღოს და გამოიყენოს ყველაფერი, რაც სურს. მხოლოდ ეგაა, რომ მეომარი არასოდეს ზრუნავს ასეთ რამეებზე და არ გრძნობს თავს ნაწყენად იმისთვის, რომ მასაც იყენებენ და იღებენ.

წიგნის თავები


წიგნის ელექტრონული ვერსიის შეძენა წიგნის გადმოწერა
იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff