ქურუმი ტაფტი

ვადიმ ზელანდი
0
0

სეირნობა ცოცხალ კინოთეატრში

გაცნობა

ავტორი: ვადიმ ზელანდი

მთარგმნელი: მამუკა გურული

გაცნობა

გამარჯობა ჩემო პატარა მახინჯებო!

თქვენ მე არ გახსოვართ. მე ტაფტი ვარ, დროიდან მოვედი თქვენთან. დრო მარადიულია, მარადისობიდან კი როცა გინდა და სადაც გინდა იქ მიხვალ. 

სამი ათასი წლის წინ ისიდას ტაძრის ქურუმი ვიყავი. ახლა ვინ ვარ, როგორმე მოგვიანებით გეტყვით. მთავარია ვიცი, თქვენ ვინ ხართ. ამაზეც მოგიყვებით თავის დროზე. თქვენ ხომ არ იცით ვინ ხართ, ასე არაა?

ამქვეყნად გაგაჩინეს, „ექსპლუატაციის ინსტრუქცია“ კი არ გადმოგცეს. არა, რა თქმა უნდა, გასწავლეს, რომ ხელუკები უნდა დაიბანოთ, პამპერსები იცვალოთ... მაგრამ მეტი არაფერი იცით - არც საკუთარ თავზე, და არც სამყაროზე. 

მაგალითად, გგონიათ, რომ საკუთარი შეხედულება გაგაჩნიათ. სინამდვილეში ეს შეხედულება თქვენში იმპლანტირებულია. გგონიათ, რომ საკუთარი ქმედებების მართვა შეგიძლიათ. სინამდვილეში კი, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია აზრები მართოთ. შეგიძლიათ ეს? არა. თქვენ უბრალოდ პატარა, უტვინო იდიოტები ხართ. აი, სიამოვნებით გაგტყიპავდით.  

ვიცი, რომ მარტოსულები და უბედურები ხართ, და არავის უყვარხართ. მაგრამ მე მიყვარხართ. და მოგიყვებით... მოგიყვებით იმაზე, თუ როგორაა სამყარო მოწყობილი და რა ხდება მასში. მოგიყვებით, რატომ ხართ აქ და რა მოუხერხოთ ამ ცხოვრებას. თქვენ ხომ არ იცით, რა მოუხერხოთ მას? აი, ხედავთ?! მოხერხებულად მოკალათდით თქვენს ქოთნებზე და მომისმინეთ. 

დავიწყოთ იმით, რომ რეალობა საერთოდ არაა ისეთი, როგორადაც წარმოგიდგენიათ. ის ხახვს ჰგავს, მრავალშრიანია. თქვენ მხოლოდ ორ შრეს იცნობთ: მატერიალური რეალობა, რომელშიც ცხოვრობთ, და სიზმრების სივრცე, რომელიც ყოველ ღამე გესიზმრებათ. 

სიზმრების სივრცე - ეს არაა თქვენი ფანტაზიები, იგი რეალურად არსებობს კინო-ფირების არქივის სახით, სადაც ინახება ყველაფერი, რაც იყო, რაც არის და რაც შეიძლება რომ იყოს. 

როცა სიზმარი გესიზმრებათ, თქვენ ერთ-ერთ ასეთ კინო-ფირს ხედავთ. ამ თვალსაზრისით თქვენი სიზმარი - ესაა ილუზია და რეალობა ერთდროულად. კინო, რომელსაც უყურებთ, - ვირტუალურია, კინოფირი კი - მატერიალური. 

სინამდვილე - ესაა ის, რაც არასოდეს ყოფილა და არასოდეს იქნება, არამედ მხოლოდ არის - ერთხელ და ახლა. სინამდვილე მხოლოდ ერთი გაელვებაა, როგორც კადრი კინო-ლენტაზე, რომელიც წარსულიდან მომავლისკენ ინაცვლებს. 

თქვენი სიცოცხლე, უფრო სწორად, თქვენი არსი - სული - ასევე გადადის ერთი განსხეულებიდან მეორეში. ოდესღაც ყველანი თევზები, დინოზავრები და ყველა შესაძლო საძაგელი ქვემძრომი იყავით. მაგრამ ნუ გეგონებათ, რომ ახლა ძალიან განვითარდით. ჯერ კიდევ უნდა იხოხოთ და იხოხოთ სრულყოფილებამდე, მაგალითად, ჩემამდე. 

წინა განსხეულებები არ გახსოვთ, რადგან ყოველი განსხეულება - ესაა თქვენი სულის ცალკეული ცხოვრება, ან ცალკეული სიზმარი, თუ გსურთ, ასე დაარქვით. სულისთვის სხეულის არსებობა აუცილებელი არაა. სული სხეულში - მისი არსებობის ერთ-ერთი ფორმაა. სხეული ერთგვარ ბიო-სკაფანდრს წარმოადგენს. 

შეგიძლიათ იკითხოთ: რა საჭიროა მთელი ეს გარდაქმნები? 

ასეთია რეალობის და სიცოცხლის პირველადი თვისება - მოძრაობა და გარდაქმნა. კადრი კინო-ფირზე მოძრაობს. მუხლუხო პეპლად იქცევა. პეპელა მატლებს დებს, ისინი მუხლუხოებად იქცევიან, შემდეგ კი - კვლავ პეპლებად. 

ევოლუციის ამ ეტაპზე თქვენ მუხლუხოები ხართ. პატარა, საზიზღარი, მაგრამ რაცაა ეგაა, რას იზამ. მომიწევს, ვიწვალო თქვენთან. ასე რომ, მისმინეთ. 

ძილი და ღვიძილი - დაახლოებით ერთი და იგივეა. ცხოვრების პირველ წლებში თქვენ ვერ არჩევთ რეალობას და სიზმარს. ახლა არ გახსოვთ ეს, მაგრამ მაშინ გეჩვენებოდათ, რომ იმ და ამ სამყაროს შორის საზღვარი და სხვაობა არ არსებობს. შემდეგ კი მშობლებმა აგიხსნეს, რომ სიზმრების სამყარო - მხოლოდ თქვენი ფანტაზიებია, და ნამდვილი არაა. 

სინამდვილეში ცრუ რწმენა ჩაგინერგეს. ის სამყაროც ისევე რეალურია, როგორც ეს, - და არსებობს, მაგრამ სხვა სივრცეში. როცა იძინებთ და იღვიძებთ, ერთიდან მეორე სამყაროში გადაადგილდებით. ეს არ გაოცებთ? არ გაშინებთ? 

უბრალოდ მიეჩვიეთ ამას, მაგრამ სიზმარი და მისი თანმდევი გაღვიძება - იგივე პლანის საგნებია, რაც სიცოცხლე და სიკვდილი. სიცოცხლე - სიზმარია, სიკვდილი კი - გამოღვიძება, და არა პირიქით, გესმით? 

კარგი, ჩემო კარგებო, ყველაფერი ერთად არ გვინდა. თანმიმდევრულად მივყვეთ. არსებობს სამი მსგავსება და ერთი განსხვავება ძილსა და ღვიძილს შორის. სხვაობაზე მოგვიანებით გეტყვით, მსგავსებები კი შემდეგია: 

პირველი. ძილშიც და ღვიძილშიც - გძინავთ. ამიტომ იქაც და აქაც უმწეოები ხართ. ორივე რეალობა თქვენი ნებისგან დამოუკიდებლად არსებობს. მე გასწავლით, როგორ გაიღვიძოთ სიზმარშიც და ღვიძილის დროსაც. 

მეორე. იქაც და აქაც რეალობა ისე მოძრაობს, როგორც კადრი კინო-ფირზე. მაგრამ ვერ ამჩნევთ ამას, რადგან მხოლოდ ფეხებქვეშ იყურებით. წინ ყურების უნარი მაშინ დაკარგეთ, როცა უფროსებს დაუჯერეთ, რომ სიზმარი არარეალურია. 

მესამე. იქაც და აქაც შეგიძლიათ მართოთ კადრის მოძრაობა. ამ მოძრაობას ვერ მართავთ, რადგან თქვენი ყურადღება მიმდინარე კადრში გაიჭედა. რას ნიშნავს ეს, მალე შეიტყობთ. თუმცა შეტყობა არ ნიშნავს გაგებას. მაგრამ როცა გაიგებთ, შეძლებთ რომ რეალობა ამოძრაოთ. 

ორი ეკრანი

ამრიგად, ჩემო კარგებო, ჩვენ გავჩერდით სამ პოსტულატზე. 

სიზმარშიც და ღვიძილშიც გძინავთ.
სიზმარიც და რეალობაც - კადრის მოძრაობაა.
კადრის მოძრაობის მართვა შესაძლებელია, მაგრამ თქვენ ამას არ აკეთებთ. 

თქვენ ვერ მართავთ ვერც საკუთარ სულელურ სიზმრებს, და ვერც საკუთარ უბადრუკ ცხოვრებას - პირველ რიგში იმიტომ, რომ გძინავთ, მეორე რიგში კი -  არ იცით, რომ ეს შესაძლებელია. 

დავიწყოთ ყველაზე მარტივით: რა არის სიზმარი. გახსოვთ, გითხარით, რომ ამქვეყნად მოგავლინეს, მაგრამ ექსპლუატაციის ინსტრუქცია არ გადმოგცეს. მაშ ასე, თქვენ ორი ეკრანი გაქვთ: შინაგანი და გარეგანი. და კიდევ გაქვთ ყურადღება. ის ყოველთვის - ან შიგნითაა, ან გარეთ, და ძალიან იშვიათად - შუაში. ამიტომ მუდმივად გძინავთ. 

როცა ფიქრებში ხართ, თქვენი ყურადღება მთლიანად შინაგან ეკრანშია ჩაძირული. შესაძლოა ვერ ამჩნევდეთ, რა ხდება გარშემო და ავტომატურად მოქმედებდეთ. პირიქით, როცა თქვენი ყურადღება გარეთაა რაღაცით დაკავებული, საკუთარი თავი გავიწყდებათ და კვლავაც ავტომატურად მოქმედებთ. 

სწორედ ესაა ძილი - გაუცნობიერებელი მდგომარეობა, რომელშიც თქვენი ყურადღება ჩაძირულია - ან გარე, ან შიგა ეკრანში. ამ მდგომარეობაში უმწეო ხართ და ვერ აკონტროლებთ ვერც საკუთარ თავს, და ვერც იმას, რაც თქვენს გარშემო ხდება.

ამ თვალსაზრისით ძილი და სიზმარი - ერთი და იგივე არაა. ძილი - ესაა თქვენი ანაბიოზური მდგომარეობა. სიზმარი - ესაა ის, რაც გესიზმრებათ - სიზმრების სივრცეში ან რეალურ სივრცეში.  

აი, რეალობა და სიზმარი კი - არსობრივად ერთი და იგივეა. რეალობაც გესიზმრებათ. რალობა - სიზმარია, სიზმარი კი - რეალობაა. რატომ? - მალე გაიგებთ. 

ახლა ინსტრუქცია: იმისთვის, როომ ძილში ან ღვიძილში გაიღვიძოთ, აუცილებელია გამოიტანოთ ყურადღება გარე ან შიგა ეკრანიდან და მოათავსოთ იგი ცნობიერების ცენტრში. 

ამის გაკეთება იოლად შეგიძლიათ. გაატკაცუნეთ თითები ცხვირწინ. სად იყავით ახლახანს? შორს, ოცნებებში დაფრინავდით თუ ჩემი მშვენიერებით ტკბებოდით? სად იყო ჩაძირული თქვენი ყურადღება, რომელ ეკრანში? და ახლა სადაა?

იპოვეთ საშუალო წერტილი ეკრანებს შორის. ამ წერტილიდან შეგიძლიათ ერთდროულად დააკვირდეთ საკუთარ აზრებსაც და იმასაც, თუ რა ხდება თქვენს გარშემო. შეგიძლიათ დაინახოთ გარშემო რეალობაც და თქვენი თავიც ამ რეალობაში. არაფერი გიშლით ხელს, რომ ერთდროულად უყუროთ ორივე ეკრანს. თქვენ ეს შეგიძლიათ.

უბრალოდ არასოდეს არავის უთქვამს, რომ ასე შეიძლება, თქვენ კი არასოდეს დაფიქრებულხართ, რისთვის იყო ეს საჭირო. უფროსები გავალებდნენ: აქ უყურე, მომისმინე, გააკეთე, რასაც გეუბნები. ასე გასწავლეს ყურადღების დაფიქსირება გარე ეკრანზე. 

ხოლო როცა რაღაც არ გამოგდიოდათ, სასოწარკვეთილებაში ვარდებოდით და პირისპირ რჩებოდით საკუთარ უსიხარულო აზრებთან იმის შესახებ, რომ ასეთი პატარები, უმწეოები და უბედურები ხართ. ასე აჩვევდით საკუთარ თავს შინაგან ეკრანს - ერთადერთ თავშესაფარს. 

თანდათანობით თქვენი ყურადღება მიეჩვია, რომ მიწეპებული იყოს ხან ერთ, ხან მეორე ეკრანზე ისე, რომ შუაში აღარ გაჩერდეს. საბოლოოდ საერთოდ დაკარგეთ ყურადღების მართვის უნარი - ის თქვენ აღარ გემორჩილებათ და თავისით მოძრაობს. თქვენ გამუდმებით ვარდებით არაცნობიერ მდგომარეობაში. 

ასეთ მდგომარეობაში თქვენ არ შეგიძლიათ ეფექტურად მოქმედება. შეუძლიათ მოგატყუონ, გაწყენინონ, შეგაშინონ, გაგძარცვონ, გცემონ კიდეც, თქვენ კი ღირსეულ პასუხს ვერ გასცემთ. გამუდმებით ებრძვით შინაგან კომპლექსებს, დამოკიდებული ხართ გარე ფაქტორებზე და წარმატებას მისდევთ. 

და იცით, ვინ მისდევს წარმატებას? უიღბლოები. უიღბლოები - ეს თქვენ ხართ, რადგან თქვენი ეფექტურობა არაცნობიერ მდგომარეობაში 5-10%-ს არ სცილდება. 

კარგი, არ იტიროთ ჩემო პატარებო, ყველაფრის გამოსწორება შეიძლება. მოგიყვებით, როგორ.

გასეირნება სიზმარში

ჩემო კარგებო, წინა გაკვეთილზე თქვენ ისწავლეთ, რომ...

ძილი - ესაა ყურადღების ეკრანში ჩაძირულობის მდგომარეობა. გძინავდეთ ან არ გძინავდეთ შესაძლებელია როგორც სიზმრებში, ასევე რეალობაში. იმისთვის, რომ გაიღვიძოთ, ყურადღება ცნობიერების ცენტრში უნდა გადაიტანოთ. 

ცნობიერების ცენტრი - ესაა დაკვირვების წერტილი, საიდანაც ხედავთ, თუ სად იმყოფება მოცემულ მომენტში თქვენი ყურადღება და რითაა დაკავებული. ერთდროულად ხედავთ: რა ხდება თქვენს გარშემო და რითი ხართ დაკავებული თავად თქვენ. 

აი ახლა, გაიღვიძეთ და ჰკითხეთ თავს: სად ვარ? რას ვაკეთებ? სადაა ჩაძირული ჩემი ყურადღება? ამ მომენტში თქვენ გაიღვიძეთ და გაცნობიერების წერტილში მოხვდით. აი, მე, და აი, გარშემო რეალობა. მე ანგარიშს ვუწევ საკუთარ თავს. ვხედავ საკუთარ თავს და ვხედავ რეალობას. 

ეს თქვენთვის უჩვეულო მდგომარეობაა, ჩემო ძვირფასებო. ის მხოლოდ იშვიათად ჩნდება, გამობრწყინებების სახით. მთელი დანარჩენი დრო შინაგან ან გარეგან ეკრანში ხართ ჩაძირული. ახლა კი სცადეთ, რომ გაცნობიერების მდგომარეობაში თუნდაც 1 საათი იყოთ და დააკვირდით, რა მოხდება. საინტერესო იქნება. 

ჯობია ეს დილიდან გააკეთოთ, მას შემდეგ, რაც კარგად გამოიძინებთ, და თავს ფხიზლად და მხიარულად იგრძნობთ. ცუდი განწყობით ამის გაკეთება არ ღირს - არაფერი გამოვა. 

ამრიგად, შედით გაცნობიერების წერტილში და უთხარით საკუთარ თავს: მე ვხედავ საკუთარ თავს და ვხედავ რეალობას. მიეცით საკუთარ თავს განზრახვა: დღეს ვისეირნებ ფხიზელ სიზმარში. წადით სასეირნოდ სადაც გნებავთ - სამსახურში, ან სასწავლებლად - ამ სიცხადის მდგომარეობაში. 

მეტი ეფექტისთვის ჯობია იქ წახვიდეთ, სადაც არავინ გიცნობთ, - სასეირნოდ, სავაჭრო ან გასართობ ცენტრში. სწორედ ეს იქნება თავისუფალი გასეირნება სიზმარში. რადგან როცა ერთ-ერთ ეკრანში ხართ ჩაძირული - არ ხართ საკუთარ თავში, ვერ ფლობთ - ვერც საკუთარ თავს და ვერც სიტუაციას. პირიქით, ნებისმიერი სიტუაცია სიზმრად იქცევა და თქვენს ფლობას იწყებს. 

და რა ხდება მაშინ, როცა აცნობიერებთ საკუთარ თავს? თქვენ თავისუფლდებით, და ამ მომენტიდან თქვენი სიზმარი - ძილშიც და სიფხიზლეშიც, სულერთია - გაცნობიერებული ხდება. აკვირდებით საკუთარ თავს, და რაც ყველაზე მთავარია, მოიპოვებთ სიტუაციის ფლობის უნარს. მაგრამ ამაზე მოგვიანებით, ჯერ კი უბრალოდ სცადეთ, რომ ისეირნოთ და დააკვირდეთ. 

აი, მაგალითად, რთავთ გაცნობიერებულობას და შედიხართ მაღაზიაში. მიესალმეთ, გაიარეთ, მიმოიხედეთ, შეიძლება ჰკითხოთ რამე, და დააკვირდით გამყიდველების რეაქციას. ოღონდ არ ჩაგეძინოთ. აუცილებლად, სანამ ვინმეს დაელეპარაკებით, გადაიტანეთ ყურადღება ცენტრში: ვხედავ ჩემს თავს და ვხედავ რეალობას. 

აღმოაჩენთ, რომ გარშემომყოფები ცნობისმოყვარედ შემოგცქერიან და რატომღაც განსაკუთრებული სიმპათიით გიყურებენ, რაც მანამდე არ იყო. მაშ, რა მოხდა? 

გარშემომყოფები, თქვენგან განსხვავებით, ძილს განაგრძობენ. მათი ყურადღება ჩაძირულია ყოველდღიურ სცენარებში, როგორც კინოში. მათი აზრები არაა მკაფიო, მოქმედებები კი - არაა გაცნობიერებული. შეიძლება ითქვას, ისინი ცხოვრობენ როგორც პერსონაჟები კინო-სურათში. 

თქვენ კი, განსხვავებით გარშემომყოფებისგან, სიზმარში გაიღვიძეთ, თითქოს კინო-თეატრის ეკრანიდან დარბაზში გადმოაბიჯეთ. ნებისმიერ მომენტში შეგიძლიათ გამოხვიდეთ ან ისევ შეხვიდეთ კინოში და თავისუფლად ისეირნოთ პერსონაჟებს შორის, მიუხედავად სცენარისა. 

როცა ასეთ მდგომარეობაში ხართ, ადამიანები აღგიქვამენ, როგორც არაამქვეყნიურს. ისინი ბუნდოვნად გრძნობენ, რომ თქვენთან რაღაც რიგზე ვერაა, მაგრამ ვერ ხვდებიან, კონკრეტულად რა. არ იღელვოთ, ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ ცნობისმოყვარეობით და სიმპათიით გიმზერენ. და თქვენც არ აჩვენოთ, რომ იცით ის, რაც მათ არ იციან. 

და იცით, საიდან მოდის მათი სიმპათია თქვენს მიმათ, განსაკუთრებით მათი, ვინც არ გიცნობთ? თქვენ მათთვის ციცინათელასავით ხართ ჩრდილების სამყაროში. როცა გაცნობიერებულობის მდგომარეობაში ხართ. თქვენი ენერგია სხვაგვარად მიედინება. ეს ცხადად არ ჩანს, მაგრამ ქვეცნობიერად იგრძნობა. 

აი ასე, უბრალოდ ფხიზელ სიზმარში სეირნობით, თქვენ მიიღებთ, ყველაზე მცირე - გარშემომყოფების ყურადღებას და სიმპათიას. შეძლებთ, რომ სასიამოვნო ნაცნობობები გააბათ, სასიამოვნო ურთიერთობებში შეხვიდეთ და კარგად გაატაროთ დრო. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. იყავით გონიერები - ისწავლეთ რეალობის მართვა. თუ თავად არ შეირყევით ჭკუიდან. ჰეი! კარგი-კარგი, ნუ გეშინიათ ჩემო საყვარლებო. 

პირველი გასვლა რეალობაში

აბა, ჩემო კარგებო, თუ უკვე გაისეირნეთ ფხიზელ სიზმარში, უკვე გასაგები უნდა იყოს, რომ რეალობის კინო-კადრთან შედარება - სულაც არაა ალეგორია. თქვენ მართლაც იმყოფებით მასში, როგორც გაცოცხლებული პერსონაჟი, მაშინ, როცა დანარჩენი მონაწილეები თითქოს ძილში მოძრაობენ და რაღაც გარეგან სცენარს ემორჩილებიან. 

შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ეს მთლად ასე არაა. ჩვენ ხომ გვესმის, რომ ნამდვილი ძილით ადამიანებს ღამით ძინავთ, თავიანთ საწოლებში, დღისით კი ასე თუ ისე ცნობიერად მოქმედებენ. 

თუმცაღა თქვენ თავად დარწმუნდით, რომ ეს „ასე თუ ისე“ სინამდვილეში უკიდურესად ცოტაა, როცა დაინახეთ, როგორ ვარდება თქვენი ყურადღება გარეგან ან შინაგან ეკრანში. 

ამიერიდან, ყოველ ჯერზე, როცა სიზმარში გაისეირნებთ, აუცილებლად დაიჭერთ საკუთარ თავს იმაზე, რომ კვლავ ჩავარდით ეკრანში და ჩაგეძინათ. რაღაცამ გაგიტაცათ, მოიტაცა თქვენი ყურადღება, ან რამეზე დაფიქრდით და... - მორჩა, როგორც გაცნობიერებული ინდივიდი უკვე აღარ არსებობთ. საკუთარ თავსაც კი აღარ ეკუთვნით. 

და ვის ეკუთვნით? ვის ემორჩილებით?

თქვენ მიჰყვებით გარკვეულ გარე სცენარს, რომელიც გაწერილია რაღაც კინო-კადრში, და რომელშიც თქვენ, როგორც პერსონაჟი, მოცემულ მომენტში იმყოფებით. 

რას ნიშნავს ეს ყველაფერი - თანდათან მოგიყვებით. ახლა კი ერთი მარტივი რამ უნდა გაითავისოთ. როგორც ძილში, ისევე ღვიძილში - თქვენ ხართ კინოს შიგნით, რაღაც სცენარის ნაკადში. საკუთარ თავს არ ეკუთვნით, რადგან საკუთარი ყურადღება თქვეენ არ გეკუთვნით. 

მაგრამ როგორც კი იღვიძებთ და თქვენს ყურადღებას აკონტროლებთ, სცენარი მაშინვე კარგავს თქვენზე ძალაუფლებას. რა თქმა უნდა, ჩვეულებრივ მოგიწევთ სამსახურში ან სასწავლებლად სიარული, ყოველდღიური მოვალეობების შესრულება. მაგრამ უკვე ისე მკაცრად აღარ, როგორც სცენარშია გაწერილი. 

განსხვავებით გარშემომყოფი მძინარე პერსონაჟებისგან, თქვენ ხედავთ საკუთარ თავს, ხედავთ რეალობას და შეგიძლიათ ცნობიერად მართოთ თქვენი ნება, რასაც აქამდე არ აკეთებდით. ეს თქვენი პირველი გასვლაა საკუთარი თავის და რეალობის ფლობის ახალ დონეზე. ჩვეულებრივი ძილისგან უკვე ბევრჯერ გაგიღვიძიათ, მაგრამ უფრო მაღალ დონეზე ასვლა არ გიცდიათ, ასე არაა? 

ჩვეულებრივ სიზმარში, თუ ვერ ხვდებით, რომ ეს სიზმარია, უმწეო ხართ. კინო-სურათის შიგნით იმყოფებით და ბოლომდე ხართ გატაცებული მიმდინარე მოვლენებით, რადგან თქვენი ყურადღება ეკრანშია ჩაფლული. მაგრამ გარშემომყოფი პერსონაჟებისგან განსხვავებით, შეგიძლიათ ერთი დონით მაღლა აწიოთ თქვენი ყურადღება, ანუ თავად სიზმარში გაიღვიძოთ, და ორი დონითაც კი ამაღლდეთ - გაიღვიძოთ რეალობაში. 

სიზმრის პერსონაჟებს ასე არ შეუძლიათ. რით განსხვავდებიან ისინი ცოცხალი ადამიანებისგან? მათ არ აქვთ თვითცნობიერება - ისინი თავს ვერ აცნობიერებენ, როგორც პიროვნებები, არ გააჩნიათ ნება - თავისუფლები არ არიან თავიანთ მოქმედებებში და სცენარს ემორჩილებიან. მათ არ გააჩნიათ სული - უბრალოდ შაბლონები, მანეკენები არიან. 

როცა სიზმარში გაღვიძებას ისწავლით, სცადეთ ასეთი ექსპერიმენტი. დაუსვით კითხვა სიზმრის მანეკენს: „ვინ ხარ?“ ის ეცდება გაექცეს პასუხს ან თავის როლს დაასახელებს სცენარში. მაგრამ თქვას, რომ „მე - მე ვარ“, არ შეუძლია - მას საკუთარი მე არ გააჩნია. 

მანეკენს ასევე შეგიძლიათ ჰკითხოთ: „იცი, რომ ახლა მძინავს და შენ უბრალოდ მესიზმრები?“ და ეს კითხვაც ჩიხში მოაქცევს, რადგან მას არასოდეს დაუძინია და გაუღვიძია. სიზმრის მანეკენი თავის კინოთეატრში ზუსტად ისევე ცხოვრობს, როგორც კინო-ფირზე ერთხელ გადაღებული პერსონაჟი. 

სხვაობა მხოლოდ იმაშია, რომ ჩვეულებრივ ფილმებს ცოცხალი ადამიანები იღებენ, სიზმრების კინო-ფირები კი მარადისობის არქივში ინახებიან - ისინი ყოველთვის იქ იყვნენ და მუდამ იქ დარჩებიან, სანამ ეს სამყარო იარსებებს. 

ცოცხალ ადამიანებს სული, ნება და თვითცნობიერება გააჩნიათ. მათ შეუძლიათ თქვან - „მე - მე ვარ“, თუმცა ეს ყველაფერია, რისი თქმაც საკუთარ თავზე შეუძლიათ. ცოცხალი ადამიანები აცნობიერებენ საკუთარ თავს, მაგრამ მათ თვითცნობიერებას, როგორც უკვე დარწმუნდით, სძინავს, ნება კი მხოლოდ იშვიათად თუ გამოიყენება, როცა რაღაც მოქმედებისთვის მობილიზებაა საჭირო. 

და კიდევ, ნება მხოლოდ მიმდინარე კადრის საზღვრებში გამოიყენება, მაგრამ ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. მე ისედაც დიდი პატივი დაგდეთ, რომ ამდენ დროს ვატარებ თქვენთან, ჩემო პატარა უღირსებო. გამოიყენეთ მომენტი, დატკბით ჩემით, შემაქეთ, მეპირფერეთ - მე ტაფტი ვარ, თქვენი უმაღლესი ქურუმი! 

ყურადღებაზე თვალთვალი

ჩემო კარგებო, მოდით, გავიმეოროთ გავლილი მასალა. 

ცნობიერების ჩვეულ მდგომარეობაში თქვენ ხართ გარკვეული კინო-სურათის პერსონაჟები. თუ თქვენი ყურადღება არ გეკუთვნით, მაშინ საკუთარ თავსაც არ ეკუთვნით. თქვენ მიჰყავხართ გარე სცენარს, რომელიც კინო-სურათშია გაწერილი. 

მე მსგავს ტერმინებს თქვენი აღქმისთვის რომ მოსახერხებელი იყოს, მაგიტომ ვიყენებ, რადგან ძილში და ღვიძილში თქვენ დაახლოებით ერთი და იგივეს აკეთებთ: უყურებთ ფილმს და მონაწილეობას იღებს მასში, როგორც როლური პერსონაჟი, თვითნებურ ქმედებაზე უფლების გარეშე. 

თუ კიდევ გეპარებათ ეჭვი იმაში, რომ დამოუკიდებლად არ მოქმედებთ, მაშინ დააკვირდით ახლა საკუთარ ყურადღებას - სად იყო ახლახანს? ვის ეკუთვნოდა? დარწმუნდით, რომ თქვენ არ გეკუთვნოდათ? მაშინ ვის ან რას? აი, სწორედ ამ სცენარს. თქვენ, ან უფრო ზუსტად თქვენი „მე“ - ეს თქვენი ყურადღებაა. თუ საკუთარ თავს არ აკონტროლებთ, მაშინ სცენარს მიჰყავხართ - სიზმარშიც და ცხადშიც - ერთნაირად. სიზმარი - იგივე რეალობაა, რეალობა კი - იგივე სიზმარი. ასე დავარქვათ, რომ ღვიძილი - ესაა სიზმარხილვა სიფხიზლეში, ხოლო ჩვეულებრივი სიზმარი - ესაა სიზმარხილვა ძილში. 

სიზმარი შეიძლება იყოს ან ცნობიერი, ან არაცნობიერი. არაცნობიერ სიზმარში თქვენ კურდღელივით ბრიყვი და უმწეო ხართ. მაგრამ როგორც კი ყურადღებას კონტროლქვეშ მოაქცევთ, კინო-სურათში იღვიძებთ და მოიპოვებთ უნარს, რომ თვითნებურად, თქვენი შეხედულებისამებრ იმოქმედოთ. 

თქვენ ხდებით გონიერი პერსონაჟი და ახლა უკვე შეგიძლიათ თავისუფლად ისეირნოთ სიზმარში. სიფხიზლეში ეს უკვე გამოსცადეთ. დროთა განმავლობაში ამის კეთებას სიზმარშიც ისწავლით. 

თუმცა, ასეთი შესაძლებლობის ფლობა სიფხიზლეში გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, რადგან მიუხედავად იმისა, რომ სიზმრის სურათს რეალური კინო-ფირი გააჩნია  მარადისობის არქივში, ის მაინც ვირტუალურია. ცხოვრება კი - ნამდვილია და მასში ან უმწეოდ აბაკუნებთ ფეხებს სხვისი სცენარის ფარგლებში, ან საკუთარი სცენარის რეალიზებას ახდენთ. 

ერთადერთი, რაც ამას ხელს უშლის, თქვენი ჩვევაა - ჩაეფლოთ გარეგან ან შინაგან ეკრანში. თქვენი ყურადღება დიდხანს ვერ ჩერდება ცნობიერების ცენტრში. თქვენთვის ეს ნორმალურია, რას იზამ, ასეთი არასრულყოფილი მახინჯუკები ხართ. ახალი ჩვევა უნდა გამოიმუშავოთ - დააბრუნოთ ყურადღება ცენტრში. 

როდესაც სიზმარში სასეირნოდ მიემგზავრებით, მიეცით საკუთარ თავს განზრახვა, რომ აუცილებლად უნდა გაიღვიძოთ. დაისახეთ ეს მიზანი, წინააღმდეგ შემთხვევაში, უბრალოდ თავიდან ამოგივარდებათ, რა უნდა აკეთოთ. თუ დაგავიწყდებათ და დაგეზარებათ, ვერაფერს ისწავლით. 

სეირნობისას საკუთარ თავს გამოიჭერთ იმაზე, რომ გამუდმებით კარგავთ თავს და გეძინებათ. არაუშავს, არ მოიწყინოთ, უკან დააბრუნეთ ყურადღება, კვლავ და კვლავ. დააორგანიზეთ ყურადღების თვალთვალი თავად ყურადღებაზე - ანუ საკუთარ თავზე. 

აუცილებელი არაა - ყურადღება ცენტრში განუწყვეტლივ და მუდმივად შეინარჩუნოთ. მნიშვნელობა და ღირებულება სხვა რამეს აქვს - მომხდარზე რეაგირების თქვენს უნარს. ჩვეულებრივ ნებისმიერი, პაწაწუნა მოვლენაც კი გძირავთ გარეგან კინოში, ან შინაგან განცდაში. როგორიც არ უნდა იყოს სიტუაცია - იგი ძილს გგვრით. 

ახლა საპირისპირო ჩვევა უნდა შეიძინოთ - მომხდარი მოვლენებისგან ძილში კი არ უნდა ჩავარდეთ, არამედ გაიღვიძოთ. ნებისმიერი მოვლენა, გარშემომყოფ სივრცეში მცირე ნიავიც კი - გამოღვიძების სიგნალი უნდა იყოს თქვენთვის. ასევე, ნებისმიერი თქვენი ქმედება უნდა გახსენებდეთ, რომ ყურადღება უნდა შეამოწმოთ.

თქვენ გაგაჩნიათ ორი აქტივატორი:

გარეგანი - როგორც კი რაღაც მოხდება, თქვენ იღვიძებთ.

და შინაგანი - სანამ რამეს გააკეთებთ, თქვენ იღვიძებთ. 

გარე აქტივატორების მაგალითები: ვიღაცას შეხვდით, ვიღაცამ მოგმართათ, თქვენს შორიახლოს რაღაც მოხდა - მნიშვნელობა არ აქვს, რა მოხდა, რაღაც ხმა, რაღაც მოძრაობა - ყველაფერი, რაც ადრე გიზიდავდათ და გითრევდათ. როგორც კი ეს მოხდა, მიმართეთ იქით თქვენი ყურადღება, მაგრამ არ დაკარგოთ მასზე კონტროლი - ცენტრში გეჭიროთ იგი.

შიგა აქტივატორების მაგალითები: თქვენ აპირებთ, სადმე გაემგზავროთ, რამე გააკეთოთ, ვინმეს გამოელაპარაკოთ. მანამ, სანამ რამეს მოიმოქმედებთ, მოათავსეთ თქვენი ყურადღება ცენტრში. ზუსტად „იქამდე სანამ“, რადგან შემდეგ გვიანი იქნება - მხოლოდ იმას აღმოაჩენთ, რომ ჯერ ჩაგეძინათ, შემდეგ კი გაიღვიძეთ და გაგახსენდათ, რომ გეძინათ. 

ამ ყველაფრის სწავლა მხოლოდ მრავალჯერადი გამეორების შემდეგ შეიძლება, როგორც საბრძოლო ხელოვნებებშია. სხვა გზა არ არსებობს. სამაგიეროდ, როცა ყურადღების მართვას ისწავლით, შეძლებთ, რომ საკუთარი უბადრუკი ცხოვრება მართოთ. და მაშინ, შესაძლოა, თქვენი ცხოვრება აღარ იყოს უბადრუკი. 

მანამდე კი ერთ გაფრთხილებას გაძლევთ: თქვენ გაიღვიძეთ სიზმარში, მოიპოვეთ ცნობიერება და ძალა, მაშინ, როცა გარშემომყოფები ძილს განაგრძობენ. ნუ განიხილავთ თქვენს უპირატესობას, როგორც მათზე აღმატებულობას. ნუ მოეპყრობით მძინარეებს ქედმაღლურად ან გულმოწყალედ. ეს მხოლოდ ჩემთვისაა ნებადართული, რადგან მე ტაფტი ვარ - თქვენი ქურუმი, თქვენ კი - ჩემი ქვეშევრდომები ხართ, და უნდა დამიჯეროთ და უზომოდ აღტაცებულნი იყოთ ჩემით. ხართ აღტაცებულნი? ჰოდა მიყურეთ! 

რეალობის შეკვეთა

ჩემო კარგებო, ხომ ხედავთ, თქვენ უკვე რაღაც იცით და შეგიძლიათ. უკვე, მეც გაქებთ! წინა გაკვეთილზე ვისწავლეთ ყურადღებაზე თვალთვალი. 

დაისახეთ მიზნად, რომ არ დაგავიწყდეთ ყურადღება.
როგორც კი რაღაც ხდება, თქვენ იღვიძებთ.
სანამ რამეს გააკეთებთ, კვლავაც იღვიძებთ. 

ასე გამოიმუშავებთ საკუთარი ყურადღების, საბოლოოდ კი საკუთარი ცხოვრების მართვის ჩვევას. მაგრამ ეს არ გაძლევთ უფლებას, რომ ზემოდან უყუროთ მძინარეებს. დააკვირდით მათ შეუმჩნევლად და არ აჩვენოთ, რომ იცით ის, რაც მათ არ იციან. თავი მოაჩვენეთ, რომ თქვენც გძინავთ. ეს ყველა გასეირნებას ეხება - ცხადშიც და სიზმარშიც. 

გახსოვდეთ, სიზმარში შესვლამდე კეთილგანწყობილი უნდა იყოთ გარშემომყოფების მიმართ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაისჯებით. ამპარტავანი, მედიდური, ბოროტი, ქედმაღალი, ტრაბახა, ზვიადი, ამაყი, უკადრისი, თვითკმაყოფილი ყოყლოჩინა ცხვირში წამოკვრას მიიღებს. ჩემგან არა - რეალობისგან. ჩემგან ასეთ წყალობას და პატივს ვერ ეღირსებით.  

გავაგრძელოთ. ჩვენი პირველი შეხვედრისას ასეთი ფრაზა გითხარით: სინამდვილე - ესაა ის, რაც არასოდეს ყოფილა და არასოდეს იქნება, არამედ მხოლოდ არის - ერთხელ და ახლა. სინამდვილე მხოლოდ 1 წამი არსებობს, როგორც კადრი კინო-ფირზე, რომელიც წარსულიდან მომავლისკენ გადაადგილდება. როგორ გავიგოთ ეს?

ეს ნიშნავს, რომ რეალურია მხოლოდ სინამდვილის მყისიერი ანაბეჭდი - განათებული კადრი. ყველაფერი დანარჩენი ვირტუალურია - როგორც წარსული, ასევე მომავალი. და ეს ყველაფერი მარადიულად ინახება კინოფირების არქივში, სადაც ჩაწერილია ყველაფერი, რაც იყო, რაც იქნება, და რაც შეიძლებოდა, რომ ყოფილიყო. 

წარსული და მომავალი - ესაა ინფორმაცია. ინფორმაცია არამატერიალურია, მას ვერ შეეხები. მაგრამ ინფორმაციის მატარებლები მატერიალურნი არიან, მათი გახსნა შესაძლებელია. სწორედ ამიტომ შეუძლიათ ნათელმხილველებს წარსულში ჩახედვა და მომავლის წინასწარმეტყველება. 

კინოფირების არქივი რეალურად არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ ვერ შეეხები, როგორც ეთერს. ეთერული სუბსტანცია სიზმრების სივრცეშია გამოკიდებული. სიზმრების სივრცე ერთიანია - როგორც სიზმრებისთვის, ასევე რეალობისთვის. სიზმარში ხედავთ, რა შეიძლება მომხდარიყო წარსულში ან მომავალში. მაგრამ მოხდა? ან მოხდება? - ეს არაა ფაქტი. ვარიანტთა რაოდენობა უსასრულოა. 

რაც შეიძლება მოხდეს სიზმარში, იგივე შეიძლება მოხდეს რეალობაშიც, და პირიქით. ამ თვალსაზრისით სიზმრების სივრცე - ესაა კინოფირების ერთიანი არქივი. თქვენ შეგიძლიათ უყუროთ მას, ან იცხოვროთ მასში - სიზმარში ან ცხადში. მაგრამ ყოველ კადრში თქვენ მხოლოდ ერთხელ არსებობთ. ყოველი მომდევნო კადრი ახალი რეალიზაციაა - ყოველი ცოცხალის და არაცოცხალის „აპგრეიდი“ (განახლება) ატომების ჩათვლით. 

უცვლელნი არიან მხოლოდ ცოცხალი არსებების სულები - მათ შეუძლიათ უყურონ სიზმრების კინო-ფირებს ან გადაადგილდნენ მათზე კადრთან ერთად რეალობაში. ამიტომ თქვენი „მე“ - ერთი და იგივეა, და ისაა, ვინც იყო წარსულში, დაფრინავდა სიზმარში ან გამოჩნდება მომავალში. 

ჩვენი სამყარო ცოცხალი და არაცოცხალი ფორმით არსებობს. სიცოცხლე მატერიალურ სინამდვილეში ჩანართების სახით იჭრება. რეალობა - უსულო სუბსტანციაა. სიცოცხლე - სულიერი. სიცოცხლეს შეუძლია გავლენა მოახდინოს რეალობის მსვლელობაზე. სიცოცხლეს შეუძლია განსაზღვროს (შეუკვეთოს) რეალობა. 

ბოლო თეზა, პაწაწუნებო, - ყველაზე მთავარი, რაც უნდა გაითავოსოთ. შეკვეთა - ნიშნავს განსაზღვრას, თუ რომელ კინოფირზე და რომელი მიმართულებით გადაადგილდება კადრი. თქვენ გაქვთ ასეთი შესაძლებლობა, მაგრამ არ იყენებთ, ისევე როგორც არ იყენებთ ყურადღების მართვის ფუნქციას. 

წინასწარ უნდა შეუკვეთოთ რეალობა ნაცვლად იმისა, რომ მიმდინარე რეალობას ებრძოლოთ. ამის ნაცვლად თქვენ რას აკეთებთ? ცდილობთ, რომ თქვენთვის მოცემული რეალობა მიმდინარე კადრში შეცვალოთ. გესმით, რას აკეთებთ? 

კიდევ ერთხელ: რა არის რეალური სინამდვილე? ესაა ის, რაც არასოდეს ყოფილი და არასოდეს იქნება, არამედ მხოლოდ არის - ერთხელ და ახლა. სინამდვილე იმდენად არის, რამდენადაც უკვე მოხდა. თქვენ არ შეგიძლიათ შეცვალოთ ის, რაც უკვე მოხდა. მაგრამ სწორედ ამას აკეთებთ, რადგან ყველაფერი, რას თქვენს გარშემოა - სწორედ ისაა, რაც უკვე მოხდა. 

სინამდვილე ბევრი რამით არ განსხვავდება წარსულისგან. წარსული უკვე შორსაა უკან, მაგრამ აწმყოც მხოლოდ ერთი წამით არსებობს, და მასაც ვერაფერს მოუხერხებთ. როცა აწმყო მომენტში ხართ, თქვენ მუდმივად წარსულში ხართ. თქვენი ყურადღება მიმდინარე კადრში ჩაეფლო. ეს ილუზია გიპყრობთ და მომავლისკენ არ გიშვებთ. ამიტომ მომავალი თქვენზე არაა დამოკიდებული. 

შესაძლოა გეგონოთ, რომ გაცნობიერებულად მოქმედებთ, გადაწყვეტილებებს იღებთ, პრობლემებს ჭრით, მიზნებს აღწევთ. მაგრამ ეს ყველაფერი - მიმდინარე კადრში და არაცნობიერ მდგომარეობაშია, ამიტომ სცენარი იმ კინოფირში გატრიალებთ, რომელიც თქვენ არ აგირჩევიათ. სინამდვილეში თქვენ უმწეოდ აფართხალებთ თათებს.

აი, ასეთები ხართ ჩემო ტკბილებო, ბაჭიებო. უჰ, რამდენი ვიწვალე თქვენთან!

 

მეგობრებო, თუ გსურთ დახმაროთ ჩვენს პროექტს ამ და სხვა წიგნების თარგმნაში და შემდეგ აუდიო-წიგნად გახმოვანებაში, შეიძინეთ ჩვენი PDF წიგნები:

თუ შეძენილი არ გაქვთ, პირველ რიგში თავად "რეალობის ტრანსერფინგის" (ხუთტომეულის) შეძენას გირჩევთ!

ჩვენი წიგნების სია:

(შეგახსენებთ, რომ ჩვენ გვაქვს მხოლოდ ელექტრონული წიგნები PDF ფორმატში).

  თუ ყველა წიგნს ერთად შეიძენთ, ფასი 250 ლარი იქნება.

  ალბერტო ვილოლდო - "შექმენი ახალი სხეული" - თავისუფალი დონაციით.
  ვადიმ ზელანდი - "რეალობის ტრანსერფინგი" (ხუთტომეული) - 30 ლარი.
  ვადიმ ზელანდი - "ტრანსერფინგის პრაქტიკული კურსი 78 დღეში " - 20 ლარი.
  კარლ გუსტავ იუნგი - "წითელი წიგნი" (25 ლარი)
  დანიელ ზ. ლიბერმანი და მიშელ ე. ლონგი - მოლეკულა "მეტი" (20 ლარი)
  რენე გარსია - "კვანტური კაპიტალისტი" (10 ლარი)
  დიონ ფორჩუნის - "მისტიური კაბალა (20 ლარი)
  იუჯინ ფერსენი - "ყოფიერების მეცნიერების შვიდი გაკვეთილი" (20 ლარი)
  მაქს ფრიდომ ლონგი - "მეცნიერება სასწაულებს მიღმა (კაჰუნების სიბრძნე)" (20 ლარი)
  კარლოს კასტანედა - "მოგზაურობა იქსტლანში" (20 ლარი)
  კარლოს კასტანედა - "სიზმარხილვის ხელოვნება" (20 ლარი)
  კარლოს კასტანედა - "ზღაპრები ძალაზე" (20 ლარი)
  კარლოს კასტანედა - "ძალის მეორე რგოლი (20 ლარი)
  პიოტრ უსპენსკი - „მეოთხე გზა" (20 ლარი)
  პიოტრ უსპენსკი - "სასწაულებრივის ძიებაში" (20 ლარი)
  ბრაიან ვაისი - "მრავალი ცხოვრება; მრავალი მასწავლებელი" (10 ლარი)
  ოლეგ თელემსკი - "იუნგი დამწყებთათვის" (10 ლარი)
  რობერტ ანტონ უილსონის - „პრომეთეს აღზევება" (20 ლარი)
  ფრანც ბარდონი - "ინიციაცია ჰერმეტიზმში" (20 ლარი)
  ანიშა დილანი - "ტანტრა - გზა ნეტარებისკენ (10 ლარი)
  ჯეიმს ჰოლი - სიზმრების იუნგიანური ინტერპრეტაცია (20 ლარი)
  რობერტ ალექს ჯონსონი - "შინაგანი სამუშაო: სიზმრებისა და აქტიური წარმოსახვის გამოყენება პერსონალური განვითარებისათვის" (20 ლარი)
  დ. ლიბერმანი, მ. ლონგი - "მოლეკულა "მეტი"" (20 ლარი)
  რიჩარდ ბენდლერი - გამოიყენე შენი ტვინი ცვლილებებისთვის (10 ლარი)
  დიმიტრი ტროცკი - სანამ "მე" მე არ ვარ (Пока-я-не-Я") (10 ლარი)
  ჯოი მანე - "ოჯახური განლაგებები" (10 ლარი)
  პარამაჰამსა იოგანანდა - "იოგის ავტობიოგრაფია" (თავისუფალი დონაციით)

შესაძენად ჩარიცხეთ თანხა რომელიმე მითითებულ ანგარიშზე და მოგვწერეთ მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ანგარიშის რეკვიზიტები:

საქართველოს ბანკი:
GE04BG0000000621532700

TBC ბანკი:
GE30TB7154245061100005
მიმღები: მამუკა გურული

პირადი ნომერი: 35001029103

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff