ქურუმი ტაფტი

ვადიმ ზელანდი
0
0

სეირნობა ცოცხალ კინოთეატრში

ქაღალდის ადამიანი

ჩვენ ვაგრძელებთ… რის შესწავლას? ხომ არ ჩაგეძინათ? ხომ არ დაგავიწყდათ? ცოცხლად სეირნობის ტექნოლოგიას. ნუ ნერვიულობთ, ჩემო ნაზებო, ეს არც ისე რთულია. საჭიროა მხოლოდ პრაქტიკა — მუდმივი, სისტემატური. თუ ჯერ არ გიცდიათ და მხოლოდ კითხულობდით, ან მისმენდით, ან მე მომჩერებოდით თვალდაჭყეტილი, სცადეთ და ყველაფერი ადვილად გამოგივათ.

·       კადრს ამოძრავებს არა შინაგანი განზრახვა, არამედ გარეგანი.

·       გარეგანი განზრახვა — ეს არის გარკვეული ძალა, რეალობის „ძრავა“.

·       მეტაძალა — ეს არის ძალის რეაქტიული შემადგენელი.

·       ნაწნავი — ეს არის თქვენი გარეგანი ცენტრი, ძალასთან წვდომის წერტილი.

·       ძალა გამოიყენება ირიბად, როგორც მეტაძალა, ნაწნავის მეშვეობით.

·       მეტაძალა ირთვება მაშინ, როცა ააქტიურებთ ნაწნავს და განსაზღვრავთ (უკვეთავთ) რეალობას.

მაშ ასე, თქვენ ცოცხლად სეირნობთ კინოსურათში, როცა ყურადღებით ესწრებით, ხოლო განზრახვით ამოძრავებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ არ ხართ ბოლომდე ცოცხალი და მით უმეტეს, საერთოდ არ სეირნობთ, არამედ ასრულებთ წინასწარ დაწერილ როლს.

კიდევ როგორ გაწყენინოთ? როცა ყურადღებით არ იმყოფებით აქ, თქვენ არ ხართ საკუთარ თავში, თქვენ საერთოდ არ არსებობთ — თქვენ უბრალოდ პერსონაჟი ხართ. როგორც ილუსტრაცია წიგნიდან. შეგიძლიათ ქაღალდისგან გამოჭრათ ადამიანი და ჩადოთ წიგნის ფურცლებს შორის. აი, ეს იქნებით თქვენ.

რა შეუძლია ქაღალდის ადამიანს, ან, რაც იგივეა, ქაღალდის ლოკოკინას? იჯდეს წიგნში დატყვევებული. სულ ესაა. ერთადერთი, რაც წმინდა წყლის პერსონაჟისგან განგასხვავებთ — ეს არის თვითცნობიერების იშვიათი გაელვებები, როცა აღშფოთდებით ხოლმე: რატომ არის ყველაფერი ისე არა, როგორც მე მინდა? მაგრამ ამით განსხვავება მთავრდება კიდეც.

თქვენთვის ყველაფერი ისე არ არის, რადგან ყოველთვის პირდაპირ მოქმედებთ, თქვენი ვიწრო შინაგანი განზრახვით. გინდათ, რომ უყვარდეთ, პატივს გცემდნენ, რამეში დაგეხმარონ, რამე მოგცენ და ბავშვური უშუალობით ითხოვთ: შემიყვარე, პატივი მეცი, დამეხმარე, მომეცი.

გვერდიდან სურათი ასე გამოიყურება: თქვენ, სარკის წინ მდგომი, იწვდით ხელებს და ამბობთ „მომეცი!“, ცდილობთ რა ანარეკლი თქვენკენ მოზიდოთ. თუმცა ანარეკლი საპასუხოდ იგივეს აკეთებს. კი არ გაძლევთ, არამედ გართმევთ. რეალობაში, ისევე როგორც სარკეში, თქვენ ყოველთვის იღებთ თქვენი ყველა აზრობრივი განწყობისა და მოქმედების ანარეკლს. როგორიცაა გზავნილი, ისეთია უკუგებაც.

როგორც ალბათ არ გახსოვთ (ხომ არ გახსოვთ?), მე უკვე ვამბობდი, რომ შეურაცხად მდგომარეობაში ყოფნისასაც კი, თქვენ მაინც გარკვეულწილად უკვეთავთ რეალობას. არა ისე ეფექტურად, როგორც განზრახვითა და გაცნობიერებით, ნაწნავის მეშვეობით, მაგრამ მაინც უკვეთავთ. განსაკუთრებით მაშინ, როცა მთელი გულით გამოხატავთ მიუღებლობას. რეალობა, როგორც წესი, სარკულად რეაგირებს. რასაც იქ გზავნით, იმასვე იღებთ.

მაგრამ რეალობა — ეს არ არის ჩვეულებრივი სარკე, არამედ პარადოქსული სარკეა. პარადოქსულობა იმაშია, რომ მასში ყურებისას, თქვენ ვერ ხედავთ საკუთარ თავს გვერდიდან. იმიტომ, რომ ანარეკლი — ეს თქვენს გარშემო არსებული სინამდვილეა, მიმდინარე კადრი. თქვენ კი, თქვენი ყურადღებით, მთლიანად ამ ანარეკლში ხართ ჩაძირული. ესე იგი, თქვენი „მე“ პირდაპირ ჩაკრულია კინოსურათში, როგორც პერსონაჟი ან ილუსტრაცია წიგნში.

ხართ რა პერსონაჟი კინოს შიგნით, თქვენ არ შეგიძლიათ მისი შეცვლა და ამოძრავება. საკუთარ თავსაც კი ვერ ამოძრავებთ, თქვენი „მე“ იქ ითქვიფება და საერთოდ არ არსებობს. თქვენ იძენთ მოძრაობისა და ამოძრავების უნარს მაშინ, როცა ყურადღება კინოსურათიდან გამოგაქვთ. ან სარკიდან, რაც იგივეა.

სხეული რჩება იქ, შიგნით, ანარეკლში, ხოლო ყურადღება აღმოჩნდება აქ, გარეთ, ხატის მხარეს. და მაშინ თქვენ ხედავთ საკუთარ თავს, სარკის წინ მდგომს, და ხედავთ რეალობას, როგორც თქვენი ყველა ფიქრისა და მოქმედების ანარეკლს. მხოლოდ საკუთარი თავის აქ დანახვით, სარკის წინ, თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა ამოძრაოთ საკუთარი თავი ისე, რომ ანარეკლში გქონდეთ „ყველაფერი, როგორც მე მინდა“.

როგორც ალბათ ვერ მიხვდით (ხომ ვერ მიხვდით?), საუბარია ისევ და ისევ თქვენს თანმყოფობაზე.თქვენ — ეს თქვენი ყურადღება ხართ. ან ცოცხალი ინდივიდი ხართ და არსებობთ, ან ქაღალდის პერსონაჟი ხართ და არ არსებობთ. თქვენ ესწრებით კინოს, როცა ყურადღებით იმყოფებით მაყურებელთა დარბაზში, სადაც ხედავთ საკუთარ თავს და რეალობას. სადაც ეკრანი, თავისი არსით, სარკეა.

ეკრანის ან რეალობის სარკის განსხვავება ჩვეულებრივი სარკეებისა და ეკრანებისგან იმაში მდგომარეობს, რომ ხატი და ანარეკლი რეალობაში შერწყმულია. თქვენს გარშემო აკვირდებით ერთ გამოსახულებას, რომელიც ზედაპირით ორად არ არის გაყოფილი. მაგრამ არსი ამით არ იცვლება. თქვენს გარშემო არსებული სინამდვილე ფორმირდება თქვენი ფიქრებისა და მოქმედებების ხატით. თუ სარკე-ეკრანის წინ დგახართ და საკუთარ თავს გააზრებულად ამოძრავებთ, მაშინ ანარეკლსაც შესაბამისს იღებთ. ფაქტობრივად იღებთ საკუთარ კინოს, საკუთარ რეალობას.

პირველი, რაც აუცილებელია საკუთარი კინოს გადასაღებად — ეს არის გაღვიძება, თანმყოფობის მდგომარეობაში შესვლა. წარმოიდგინეთ, რომ გაცოცხლდით კინოსურათში. თქვენ არ უყურებთ ფილმს, როგორც ჩვეულებრივ, არამედ ცხოვრობთ მასში. შეიგრძენით ეს. გაახილეთ თვალები და ახლებურად შეხედეთ ყველაფერს, რაც თქვენს გარშემოა. განაახლეთ თქვენი მზერა. დაინახავთ, როგორ გახდა ფერები უფრო წვნიანი. ახლა კი შეიგრძენით საკუთარი თავი არა ფილმის პერსონაჟად, არამედ გარედან მოსულად. თქვენ შეხვედით კინოში, როგორც ინსაიდერი. ამის შესახებ არავინ იცის, მხოლოდ თქვენ იცით. სხეულით — თქვენ კინოს შიგნით ხართ, ხოლო ყურადღებით — გარეთ. შეიგრძენით თქვენი განცალკევებულობა, თქვენი თანმყოფობა.

მეორე. სანამ რამეს მოინდომებთ, მოელით, ან სთხოვთ ადამიანებსა და რეალობას, აუცილებელია წარმოიდგინოთ, რომ დგახართ სარკის წინ და დაუსვათ საკუთარ თავს კითხვა: რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ანარეკლი ჩემს შესახვედრად დაიძრას? აშკარაა, რომ თავად უნდა გადადგათ პირველი ნაბიჯი. ნაცვლად ჩვეული მანერისა, საბანი თქვენსკენ დაქაჩოთ და სულელურად იმეოროთ „მომეცი-მომეცი-მომეცი“, თქვენ იღვიძებთ და აცნობიერებთ, რომ რეალობის სარკე მხოლოდ იმეორებს თქვენს მოძრაობებს. და თუ გსურთ რამის მიღება, აუცილებელია ჯერ მსგავსი რამ გასცეთ. არც კი არის მნიშვნელოვანი, კონკრეტულად რა. უბრალოდ შეცვალეთ თქვენი „მომეცი“ საპირისპიროთი — „აიღე“. და მაშინ ანარეკლში, როგორც ჯადოსნობაში, მიიღებთ იმას, რაც გინდოდათ. როგორიცაა გზავნილი, ისეთია უკუგებაც.

 

ხატის დავალება

როგორც ყოველთვის, ჩემო კარგებო, ბეჯითად ვიმეორებთ განვლილს.

·       რეალობა, როგორც სარკე, ირეკლავს თქვენს ყველა ფიქრსა და მოქმედებას.

·       თქვენი ფიქრები და მოქმედებებია: შემიყვარე, დამეხმარე, მომეცი.

·       ანარეკლში თქვენ იღებთ ზუსტად იმავეს: მომეცი-მომეცი-მომეცი.

·       ვიწრო შინაგანი განზრახვით მოქმედებისას, თქვენ ვერ ხედავთ საკუთარ თავს გვერდიდან.

·       იმისთვის, რომ დაინახოთ საკუთარი თავი გვერდიდან, შედით დასწრების მდგომარეობაში.

·       განაახლეთ მზერა, შეიგრძენით თქვენი განცალკევებულობა კინოსურათში.

·       კატეგორიულად შეცვალეთ ყველა თქვენი „მომეცი“ სიტყვით „აიღე“.

ნათქვამიდან გამომდინარეობს, რომ ყველა თქვენი მოქმედება უნდა შეუსაბამოთ რეალობის სარკულ თვისებას. სანამ რამეს მოინდომებთ და მოსთხოვთ გარშემომყოფებს, უნდა შეხვიდეთ თანმყოფობის მდგომარეობაში და დაუსვათ საკუთარ თავს კითხვა: რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ანარეკლი ჩემს შესახვედრად დაიძრას? აშკარაა, რომ თქვენ უნდა გადადგათ პირველი ნაბიჯი. რა ნაბიჯი უნდა გადაიდგას თქვენს შემთხვევაში?

სულელი ლოკოკინები საკუთარ მოქმედებებს მხოლოდ მაშინ უსაბამებენ სარკეს, როცა ჩვეულებრივი სარკის წინ დგანან და იქ ხედავენ თავიანთ ანარეკლს. მაგრამ თქვენ ხომ, ჩემო ოქროებო, ახლა ისეთი ჭკვიანები გახდით ან, ყოველ შემთხვევაში, ახლა ისეთი ეშმაკები იქნებით, რომ მიხვდებით: ფიქრები და მოქმედებები სარკის გათვალისწინებით უნდა ააგოთ მაშინაც კი, როცა ის აშკარად არ ჩანს.

მაგალითად, გჭირდებათ სიყვარული და სიმპათია. წარმოიდგინეთ, რომ დგახართ სარკის წინ. ამოძრავეთ საკუთარი თავი ისე, რომ ანარეკლში მიიღოთ სასურველი. როგორ უნდა იმოძრაოთ? კი არ ეძებოთ სიყვარული, არამედ გამოასხივოთ ის და გიყვარდეთ. კი არ ეძებოთ სიმპათია, არამედ გამოასხივოთ მომხიბვლელობა და თავად განიცადოთ სიმპათია.

შეგიძლიათ ეს პრინციპი საკუთარ თავზეც მოირგოთ. ვინ უფრო სიმპათიურია თქვენთვის: ის, ვისაც უყვარხართ, თუ ის, ვინც თქვენს სიყვარულს მოითხოვს? ის, ვინც უანგაროდ გაძლევთ რამეს, თუ ის, ვინც გეხვეწებათ? ის, ვინც თქვენით გულწრფელად ინტერესდება, თუ ის, ვინც თქვენგან ყურადღებას ითხოვს?

იხელმძღვანელეთ შემდეგი ცხრილით საჭირო ხატის განსაზღვრისთვის:

c-1

უბრალოდ ააგეთ ყველა თქვენი ფიქრი და მოქმედება პლუს ნიშნით. ყველა თქვენს „მომეცი“-ს აქვს მინუს ნიშანი და ისინი არ მუშაობენ, ან, უფრო სწორად, მუშაობენ პირიქით. ზუსტად ასევე, ყველა თქვენი ნეგატიური ფიქრი და მოქმედება ბუმერანგივით გიბრუნდებათ.

c2

არ გინდათ, რომ გაურკვეველი ადგილიდან თქვენს თავზე ბუმერანგების სეტყვა წამოვიდეს? მაშინ ნუ ისვრით მათ სარკეში. სარკე ყველაფერს ყოველთვის ზუსტად არ აბრუნებს და სხვადასხვა უბედურების მიზეზ-შედეგობრივი კავშირების თვალყურის დევნება ხშირად რთულია. ერთადერთი, რაც გარდაუვლად მუშაობს — ეს არის ბუმერანგის დაბრუნება, ადრე თუ გვიან, ამა თუ იმ ფორმით. სხვებს ცუდი გაუკეთე? თავად მიიღებ სრულად, სხვადასხვა ვარიაციით. ხოლო კარგი გააკეთე? შენც მოგეგება.

ახლა კი ხატის კონკრეტული ალგორითმი: როგორც კი ადამიანებისგან რამეს მოისურვებთ, გაიღვიძეთ და დადექით სარკის წინ. რა უნდა გაკეთდეს, რომ ანარეკლი შემხვედრად დაიძრას? მიეცით სხვებს ის, რისი მიღებაც თავად გსურდათ:

1. დაიჭირეთ საკუთარი თავი: მე რაღაცის მიღება მინდა ადამიანებისგან.
2. შედით თანმყოფობაში: ნდომას აზრი არ აქვს, უნდა გასცე.
3. დაუსვით კითხვა საკუთარ თავს: რა შემიძლია გავცე მსგავსი?
4. თუ მსგავსი ნაპოვნია: გაეცით ახლა და გაეცით ამიერიდან.
5. თუ მსგავსი არ არის ნაპოვნი: გაეცით ნებისმიერი სხვა რამ.

ყოველთვის არ არის შესაძლებელი ან მიზანშეწონილი გასცეთ ზუსტად ის, რისი მიღებაც გსურთ. შეგიძლიათ გასცეთ ნებისმიერი რამ, რაც ადამიანს სჭირდება ან რაც მისთვის სასიამოვნო იქნება — კომპლიმენტიდან დაწყებული, საჩუქრით დამთავრებული. იმის დადგენა, თუ რა სჭირდება მას, რთული არ არის; ამისთვის მხოლოდ მის მიმართ გულწრფელი ინტერესის გამოჩენაა საჭირო. შემდეგ კი ყველაფერი მარტივია, ყველაფერი პლუს ნიშნით.

ხატის განსაზღვრის საერთო პრინციპი ასეთია: სამყაროსადმი პრეტენზიები კი არა, არამედ სიყვარული. სინამდვილეში, ყველაფერი, რაც გჭირდებათ — სიყვარულია. მაგრამ თქვენ ეს სიტყვები არასწორად გესმით. გინდათ, რომ ყველას უყვარდეთ. ფიქრობთ, რომ ჯერ თქვენ შეგიყვარებენ და მერე თქვენ შეიყვარებთ სამყაროს. არადა პირიქითაა საჭირო — თქვენ გიყვართ, ასხივებთ სიყვარულს ისე, რომ სანაცვლოდ არაფერს ითხოვთ, და მხოლოდ შემდეგ, მხოლოდ მაშინ მოდის სიყვარული თავად თქვენთან.

ამავდროულად, არსებობენ ადამიანები, რომლებიც სიამოვნებით ისარგებლებენ თქვენი სიყვარულით და თავის მხრივ არაფერს გასცემენ. ასეთებისგან შორს დაიჭირეთ თავი, ისინი არ გჭირდებათ. ჩემთან კი ახლოს, უფრო ახლოს მოდით, ჩემო დიდებულებო! მე ტაფტი ვარ, თქვენი ქურუმი!

 

სარკესთან ურთიერთობა

აი ასე, აი ასე, ჩემო კარგებო და მშვენიერებო! ახლა თქვენ უკვე იცით საკუთარი თავის ამოძრავება. არ ელოდოთ, არ სთხოვოთ და არ მოითხოვოთ, არამედ აამოძრავეთ თქვენი ხატი ისე, რომ საბოლოოდ მიიღოთ სასურველი. თითქოს სარკის წინ იდგეთ.

·      მოქმედებები უნდა შეუსაბამოთ რეალობის სარკულ თვისებას.
·      რა უნდა გაკეთდეს, რომ ანარეკლი თქვენს მხარეს დაიძრას?
·      მიეცით სხვებს ის, რისი მიღებაც თავად გსურდათ.
·      თქვენს ყველა „მომეცი“-ს აქვს მინუს ნიშანი და მუშაობს პირიქით: ვერ მიიღებთ.
·      ნეგატიური ფიქრები და მოქმედებები ბუმერანგივით გიბრუნდებათ.
·      ააგეთ ყველა თქვენი ფიქრი და მოქმედება პლუს ნიშნით.

მაშ, რისი გაკეთება შეგიძლიათ მიმდინარე კადრში, მომავალი რეალობის შეკვეთის გარდა? ამოძრავოთ საკუთარი თავი და ამოძრავოთ საკუთარი თავით. თუ თვითგანვითარებით ხართ დაკავებული და ამასთანავე ფლობთ ხატ-სახის განსაზღვრის ტექნიკას, სხვა ლოკოკინებს შორის ბადალი არ გეყოლებათ.

მიმდინარე კადრის ამოძრავების საბრალო მცდელობებს, ანუ მოვლენათა მსვლელობაზე პირდაპირ გავლენის მოხდენას, არავითარი შედეგი არ მოჰყვება ან ექნება საპირისპირო ეფექტი. ადამიანებზე გავლენის მოხდენის მცდელობაც უაზრობაა. ისინი პერსონაჟები არიან, მათაც ისევე მართავს სცენარი, როგორც თქვენ. საკუთარი თავით განსაჯეთ: განა შეიძლება თქვენზე რაიმე ზეგავლენის მოხდენა? თავში ქვაც რომ დაგახალონ, თუ თავად არ მოინდომებთ, არავითარი ზეგავლენა არ იმოქმედებს. ასე არ არის, ჩემო შეურყეველებო?

კინოში მოვლენათა მსვლელობის შეცვლა მხოლოდ თავად კინოფირის შეცვლით არის შესაძლებელი და არა მის შიგნით. ადამიანებზე კი გავლენას მხოლოდ ირიბად მოახდენთ (იძულების მეთოდებს, ბუნებრივია, არ განვიხილავთ), მათთან სარკული პრინციპით ურთიერთობის დამყარებით. ეს ერთადერთი გზაა, აიძულოთ ისინი, რომ თავად მოუნდეთ იმის გაკეთება, რაც თქვენ გჭირდებათ.

მაგრამ რატომ მოუნდებათ ადამიანებს თავად გააკეთონ ან მოგცენ ის, რაც გჭირდებათ? ეს რეალობის თავისებურებაა — ის არა მხოლოდ კინო, არამედ სარკეცაა. ხატის შეკვეთა მოქმედებს ისევე, როგორც რეალობის შეკვეთა, მხოლოდ მექანიზმია აქ სხვა — სარკული. თქვენ არ შეგიძლიათ განსაზღვროთ ადამიანების ქცევა ისე, როგორც ამას რეალობის შემთხვევაში აკეთებთ.

თუ მიზნობრივი კადრის შეკვეთისას აიძულებთ კონკრეტულ ადამიანს თქვენს ჭკუაზე იაროს, ეს არ იმუშავებს, ან პირიქით მოხდება, რადგან ამით წესებს ორმაგად არღვევთ — სხვის სცენარში იჭრებით.

თქვენს განკარგულებაშია მხოლოდ თქვენი ცალკეული რეალობა, რომელიც თქვენ გეხებათ. ამიტომ მიზნობრივ კადრში ცენტრალური ფიგურა მხოლოდ თქვენ უნდა იყოთ, ისეთი, როგორიც ოცნებებში წარმოგიდგენიათ: თქვენ ხართ სცენის ვარსკვლავი, თქვენ ხართ დირექტორის სავარძელში, თქვენ ხართ თქვენს იახტაზე. კადრში ყველა სხვა ფიგურა მეორე პლანზე უნდა იყოს, როგორც დეკორაცია.

კარგად დაიმახსოვრეთ: რეალობის განსაზღვრა შეიძლება, ადამიანების განსაზღვრა — არა. მათთან მხოლოდ სარკულ ურთიერთობაში შესვლა შეიძლება. გსურთ რამე კონკრეტული ადამიანებისგან? მიდით მათთან და ეკონტაქტეთ ამ კინოს შიგნით, იმის გათვალისწინებით, რომ ეს კინო სარკულია.

შეუძლებელია, მაგალითად, რაიმე გზით აიძულოთ კონკრეტული პიროვნება, რომ თქვენზე ჯვარი დაიწეროს. ხოლო თქვენს მიზნობრივ კადრში იმის წარმოდგენა, რომ ჯვარს იწერთ აბსტრაქტულ (წარმოსახვით) პიროვნებასთან, ერთგვარ იდეალთან, ან რომ ბედნიერად ცხოვრობთ თქვენს მომავალ სახლში თქვენს მომავალ ოჯახთან ერთად — შეიძლება. მაშინ თქვენი კინოფირი შეიცვლება სხვაზე, სადაც შეხვდებით იმ ადამიანს, ვისთანაც ასეთი სცენარი შეიძლება განხორციელდეს. თუკი მხედველობაში გყავთ კონკრეტული პიროვნება, ნუ ეცდებით „მასთან ერთად კინოს გადაღებას“ — არ გამოვა; მიდით და ეკონტაქტეთ მას, როგორც სარკეს, თქვენი ხატის განსაზღვრით.

მთავარია (ვიმეორებ და ვიმეორებ, ჩემო გულმავიწყებო, კვლავ და კვლავ!) — არ დაივიწყოთ, სად იმყოფებით. იმყოფებით კინოსურათში, სცენარის მიერ მართული პერსონაჟების გარემოცვაში. ეს კინოსურათი, ერთი მხრივ, არის კინოფირი, რომელიც შეიძლება შეიცვალოს, მეორე მხრივ კი — სარკული რეალობა, რომელიც მატყუარაა იმით, რომ არ გააჩნია ხატისა და ანარეკლის გამყოფი ხილული ზედაპირი.

თქვენ შეგიძლიათ გაიღვიძოთ ამ კინოში, მიმოიხედოთ და დაიწყოთ ცოცხლად სეირნობა, როგორც გაცნობიერებულმა ინდივიდებმა, და იმოქმედოთ რეალობაზე თქვენი შეხედულებისამებრ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენც ისეთივე პერსონაჟები ხართ, ჩემო საცოდავებო, როგორც ყველა დანარჩენი; სცენარი გატარებთ და მოქმედებთ როგორც ბურუსში, როგორც სიზმარში, და მაშინ თქვენზე ცოტა რამ არის დამოკიდებული.

კიდევ ერთი რამ, რაც უნდა იცოდეთ და გახსოვდეთ. სიზმრის პერსონაჟებისგან განსხვავებით, რომლებიც მთლიანად სცენარს ემორჩილებიან, ან ცხოველებისგან, რომლებიც ინსტინქტსა და კვლავ სცენარს ემორჩილებიან, თქვენ მაინც დაჯილდოებული ხართ გარკვეული თვითცნობიერებით. თუმცა ის იშვიათად, გაელვებებივით იღვიძებს, მაგრამ მაინც გაქვთ. ამიტომ თქვენ მხოლოდ გარეგანი ძრავა — სცენარი კი არ გატარებთ, არამედ ნაწილობრივ ერთგვარი შინაგანი აღმძვრელიც.

რა არის ეს? ძალიან მარტივია. ეს არის საკუთარი მნიშვნელოვნების მოთხოვნილება და თვითრეალიზაციისკენ სწრაფვა. წარმოიდგინეთ, დაიბადეთ. რას გააკეთებთ? უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავსა და ყველას დაუმტკიცებთ, რომ არარაობა არ ხართ და ტყუილად არ დაბადებულხართ. აი, ამით ხართ დაკავებული მთელი ცხოვრება. ფორმები და გზები ყველას სხვადასხვა აქვს, მაგრამ არსი ერთია.

აქედან გამომდინარეობს კიდევ ერთი ძალიან ეფექტური სარკული პრინციპი. თუ გსურთ ადამიანების კეთილგანწყობის მოპოვება ან მათგან რამის მიღწევა, დაისახეთ მიზნად ხაზი გაუსვათ მათ მნიშვნელოვნებას და დაეხმაროთ თვითრეალიზაციაში. აშკარაა, რომ მოგიწევთ დროებით დაივიწყოთ საკუთარი მნიშვნელოვნება და გადაერთოთ სხვების მნიშვნელოვნებაზე.

პრინციპი პარადოქსულია, რადგან აქაც იგივე სარკეა. თქვენ იღებთ სარგებელს საკუთარი თავისთვის, როცა ფიქრობთ არა საკუთარ სარგებელზე, არამედ სხვების სარგებელზე.ამავდროულად, თუ არ გსურთ მტრების გაჩენა, ყოველნაირად მოერიდეთ სხვისი მნიშვნელოვნების გრძნობის შელახვას.

როგორც უკვე გითხარით, სარგებელი სხვებისთვის თქვენი კრედოს ნაწილი უნდა გახდეს. მაშინ თქვენს თვითრეალიზაციასთან დაკავშირებითაც არ იქნება პრობლემები. მეტიც, თქვენი საკუთარი რეალიზაცია გახდება წარმატებული მაშინ და მხოლოდ მაშინ, როცა ამაში სხვებისთვისაც იქნება სარგებელი. და პირიქით, თუ იმაში, რასაც აკეთებთ, სხვებისთვის სარგებელი არ არის, მაშინ არც თქვენთვის იქნება რაიმე ხეირი.

 

მანიპულაცია

აი ასე, აი ასე, ჩემო კარგებო! თქვენ კვლავ არაფერ შუაში ხართ! ადამიანებსა და მოვლენებზე პირდაპირ გავლენას არ ვახდენთ, ხელები ზურგს უკან, ვამოძრავებთ საკუთარ თავს!

·      რეალობის შეკვეთა შეიძლება, ადამიანების შეკვეთა — არა.
·      ადამიანებთან მხოლოდ ურთიერთობა შეიძლება, სარკული პრინციპების გათვალისწინებით.
·      რეალობის განსაზღვრა უნდა მოხდეს აბსტრაქტული პიროვნებითა და დეკორაციებით.
·      ყოველნაირად მოერიდეთ სხვისი მნიშვნელოვნების გრძნობის შელახვას.
·      ისწრაფეთ ხაზი გაუსვათ ადამიანების მნიშვნელოვნებას და დაეხმაროთ მათ თვითრეალიზაციაში.
·      თქვენი საკუთარი რეალიზაცია წარმატებულია მხოლოდ მაშინ, თუ მას სხვებისთვის სარგებელი მოაქვს.

არ დაგავიწყდეთ თანმყოფობა, გახსოვდეთ სარკე. უბრალოდ გახსოვდეთ, რომ ბუმერანგივით გიბრუნდებათ როგორც კარგი, ისე ცუდი. თანმყოფობის მდგომარეობაში მძინარეებისთვის ციცინათელებივით ხართ, სიმპათიურები და მიმზიდველები. ხოლო თუ ამავდროულად მათთან ისე ურთიერთობთ, როგორც სარკესთან, მაშინ ხომ საერთოდ საყოველთაო რჩეულები ხდებით.

უკვე ბევრი რამ იცით რეალობის საიდუმლოებების შესახებ, მაგრამ ნუ მოდუნდებით. თქვენზე მაღლა შეიძლება სხვა, უფრო დაწინაურებული ლოკოკინები იდგნენ, რომლებიც ეცდებიან თქვენი ცნობიერებით მანიპულირებას. განსაკუთრებით ისინი, ვისაც სცენარით ხელისუფლება და მასმედია უპყრია ხელთ. ამიტომ რქები დაცქვეტილი გქონდეთ, ნუ მისცემთ უფლებას გატარონ, ნუ დაიძინებთ.

მიმდინარე კადრში პერსონაჟის ცნობიერებით მანიპულირება — შესაძლებელია. როგორც თქვენთვის უკვე ცნობილია, თქვენ გარეგანი სცენარი და შინაგანი აღმძვრელი გატარებთ. მეორე — გაცილებით ნაკლები ხარისხით. აღმძვრელი ძირითადად თქვენი მოძრაობის ვექტორს განსაზღვრავს, მაგრამ თქვენით მაინც სცენარი მოძრაობს. თუმცა ყველაზე ხარბმა ლოკოკინებმა, თავიანთი აღძვრის ან სცენარის შესაბამისად, შეიძლება სცადონ თქვენი ვექტორის მიმართულების შეცვლა საკუთარი ინტერესებისთვის.

სწორედ ეს არის მანიპულაცია — სხვისი ვექტორის მართვა. ეს შეიძლება განხორციელდეს, მაგალითად, შეცდომაში შეყვანით, ცრუ ფასეულობებისა და მიზნების შექმნით, ან სისუსტეებსა და საჭიროებებზე თამაშით. სარკული პრინციპებისგან განსხვავებით, რომლებიც თქვენს ვექტორს არ ეხებიან, არამედ პირიქით, ეხმარებიან მას, მანიპულატორებს თქვენ სხვა გზით მიჰყავხართ და გიყენებენ. ამიტომ ყოველთვის, როცა გრძნობთ, რომ რაღაცას გახვევენ თავს, დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: ვისთვის და რატომ შეიძლება იყოს ეს ხელსაყრელი?

ადამიანებით მანიპულირებით ჩვენ არ დავკავდებით, ეს სამარცხვინო საქმეა. აი, რეალობით მანიპულირება კი — სამართლიანი საქმეც კია. რეალობას მუდმივად შეჰყავხართ შეცდომაში თავისი ილუზიებით. თქვენც ვალში ნუ დარჩებით. თქვენ, ჩემო ფარულო მანიაკებო და ფარულო გარყვნილებო, ეს უნდა მოგეწონოთ. როგორ კეთდება ეს, ახლავე გეტყვით.

რეალობას ორგვარი ბუნება აქვს. ერთი მხრივ, ეს არის კინო, მეორე მხრივ კი — მოცულობითი სარკე. ორივე გზააბნეულობაში გაგდებთ. მთავარი ილუზია იმაში მდგომარეობს, რომ რეალობის ჭეშმარიტი ბუნება დაფარულია. არც კინოფირების სივრცე ჩანს და არც სარკეა შესამჩნევი. მაგრამ თუ ეს იცით და გახსოვთ, ილუზია თქვენზე ძალაუფლებას კარგავს.

ასე, ჩვეულებრივი ბრტყელი სარკის წინ დგომისას, თქვენ ერთდროულად ხედავთ ხატსაც და ანარეკლსაც, ამიტომ მათ შორის შესაბამისობა თქვენთვის აშკარაა. თუმცა ეს შესაბამისობა ყოველთვის აშკარა არ ყოფილა. თქვენ არ გახსოვთ თქვენი შთაბეჭდილებები, როცა პირველად აღმოჩნდით სარკის წინ. მაგრამ მე გეტყვით: მაშინ თქვენ ვერაფერი გაიგეთ. თქვენთვის ეს უდიდესი ილუზია იყო, რადგან მუშაობის პრინციპი თქვენთვის უცნობი იყო.

ჩვეულებრივი სარკის ილუზია დღემდე მიუწვდომელი რჩება, თუ მას ჩვევის გარეშე ჩავაშტერდებით. რეალობის სარკის ილუზია კი გაცილებით რთულია. სივრცე ორად არ არის გაყოფილი და ხილული ზღვარი ნამდვილსა და მოჩვენებითს შორის არ შეიმჩნევა. თქვენ ერთდროულად იმყოფებით სარკის გარეთაც და შიგნითაც.

ამასთან, ეს სარკე დაგვიანებით მუშაობს და თანაც არა ერთმნიშვნელოვნად (ერთი-ერთზე). ნებისმიერი თქვენი გზავნილი მაშინვე არ მოქმედებს და მიზეზ-შედეგობრივი კავშირები ყოველთვის არ ჩანს. წარმოიდგინეთ, რამდენად ეშმაკურია ასეთი ილუზია. მთელი ვერაგობა იმაშია, რომ რეალობა თავს ისე აჩვენებს, თითქოს სარკე არ იყოს.

მიუხედავად ამისა, ამ ილუზიის დაძლევაც შეიძლება. ახლა თქვენთვის ცნობილია მოცულობითი სარკის მუშაობის პრინციპი, ასევე ისიც, რომ ხატი და ანარეკლი მასში შერწყმულია. რა გამომდინარეობს აქედან? ეს ნიშნავს, რომ თქვენ მიერ შექმნილი ხატი შეიძლება გახდეს ანარეკლი, ხოლო ანარეკლი შეიძლება გადავიდეს ხატში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენ შეგიძლიათ აქციოთ ანარეკლი ხატად, მოაჩვენოთ თავი, თითქოს გაქვთ ის, რაც არ გაქვთ, ან ხართ ის, ვინც არ ხართ.

მაგალითად, გსურთ გქონდეთ საკუთარი სახლი. იარეთ მაღაზიებში და შეარჩიეთ ავეჯი და ინტერიერის ნივთები ისე, თითქოს სახლი უკვე გაქვთ. ან გსურთ გახდეთ შეძლებული ადამიანი. დაინტერესდით ძვირადღირებული ნივთებით, მანქანებით, იახტებით, კურორტებით. შემოუშვით სიმდიდრე თქვენს ცხოვრებაში. ან გსურთ გახდეთ ვარსკვლავი რომელიმე სფეროში. მოიქეცით ისე, თითქოს უკვე ვარსკვლავი ხართ, იცხოვრეთ მისი ცხოვრებით, თუნდაც ჯერჯერობით მხოლოდ წარმოსახვაში.

ნუ შეგაცბუნებთ ის, რომ ეს თამაშს ან თუნდაც თავის მოტყუებას ჰგავს. თუ სერიოზულად თამაშობთ, რეალობაც იძულებული იქნება ყველაფერი სრული სერიოზულობით აღიქვას. ის ხომ სარკეა! ხომ არ დაგავიწყდათ? თქვენი ამოცანაა — შეხვიდეთ მდგომარეობაში, რომელშიც გაქვთ ის, რაც გსურთ, ან ხართ ის, ვინც გინდათ. მოაჩვენოთ თავი და იცხოვროთ ამ წარმოსახვაში. ვითომ-ვითომ, ოღონდ არა სახუმაროდ. სერიოზულად, გესმით?

და მაშინ რა მოხდება? რა იქნება მაშინ? 

თანდათანობით რეალობის სურათი შესაბამისობაში მოვა თქვენს მოჩვენებითობასთან.რეალობას უყვარს ილუზიების შექმნა, მაგრამ ვერ იტანს, როცა ილუზიებით თავად მას უმასპინძლდებიან. ის იპოვის გზას, რომ თქვენ მიერ შექმნილი ილუზია სინამდვილედ აქციოს.

 

ანარეკლის დავალება

აბა როგორ ხართ, ჩემო ვერაგო თვალთმაქცებო და მუხანათო მსახიობებო, ხომ ხვდებით, რომ კინოსურათში სეირნობა — ეს არა მხოლოდ ერთი დიდი თვალთმაქცობა, არამედ მასკარადიცაა?

·      ცნობიერებით მანიპულირება — ეს სხვისი ვექტორის მართვაა.
·      დაუსვით კითხვა საკუთარ თავს: ვისთვის და რატომ შეიძლება იყოს ეს ხელსაყრელი.
·      რეალობის ბუნება ორგვარი და დაფარულია: ის ერთდროულად კინოცაა და მოცულობითი სარკეც.
·      რეალობაში თქვენ ერთდროულად იმყოფებით სარკის გარეთაც და შიგნითაც.
·      შედით მდგომარეობაში და მოაჩვენეთ თავი, თითქოს უკვე გაქვთ და უკვე ხართ.
·      რეალობა თანდათან შესაბამისობაში მოვა თქვენს მოჩვენებითობასთან.

დიახ, ეს რეალობასთან თამაშია, მაგრამ სერიოზული და ნამდვილი თამაში. და დიახ, ეს მასკარადია. რეალობას მრავალი სახე აქვს — თქვენ კი მისთვის თქვენი ნიღბები გაქვთ: იმიტაცია და თანმყოფობა, ნების დართვა და მიყოლა, თვალყურის დევნება და შეკვეთა, ხატი და ანარეკლი. ეს ყველაფერი თითქოს ვითომაა, მაგრამ მეტად და მეტად რეალური.

დაწვრილებით განვიხილოთ წინა გაკვეთილზე ნათქვამის აზრი: თქვენ შეგიძლიათ აქციოთ ანარეკლი ხატად, მოაჩვენოთ თავი, თითქოს გაქვთ ის, რაც არ გაქვთ, ან ხართ ის, ვინც არ ხართ.

ეს ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ შეუკვეთოთ როგორც ხატი, ისე ანარეკლი. პირველ შემთხვევაში ხატი გადაედინება ანარეკლში, ხოლო მეორეში — პირიქით, ანარეკლი ხატში.

რატომ გადაედინება და რატომ შეიძლება იყოს ეს პროცესი ორმხრივი? იმიტომ, რომ მოცულობით სარკეში ხატი და ანარეკლი შერწყმულია. ხატი, თუ მხედველობაში მივიღებთ თქვენს უნარს გავლენა მოახდინოთ რეალობაზე — ეს თქვენ ხართ, ეს თქვენი ფიქრებისა და მოქმედებების ხატია. ანარეკლი — ესეც თქვენ ხართ და მთელი თქვენი გარემოცვა, ანუ თქვენ რეალობაში.

პირველი (პირდაპირი) პროცესი: როგორიცაა გზავნილი — ისეთია უკუგებაც; რასაც გასცემთ — იმასვე იღებთ; ვინც სინამდვილეში ხართ — ის გაგაჩნიათ.

მეორე (საპირისპირო) პროცესი: როგორიცაა თამაში — ისეთია რეალობაც; რისი იმიტაციასაც აკეთებთ — იმასვე იღებთ; ვინადაც ასაღებთ თავს — იმადვე იქცევით.

პირდაპირ: ხატი გადაედინება ანარეკლში. ხატის განსაზღვრა — ეს თქვენი გზავნილია რეალობაში. რაც გაგზავნეთ, შედეგად ის მიიღეთ.

უკუპროცესით: ანარეკლი გადაედინება ხატში. ანარეკლის განსაზღვრა — ეს თქვენი მოჩვენებითობა და იმიტაციაა. ვინადაც მოაჩვენეთ თავი, იმადვე გარდაიქმენით რეალურად.

სარკესთან ყველა ეს მანიპულაცია არის ის, რასაც ეწოდება საკუთარი თავით ამოძრავება (двигать собой).

რით განსხვავდება ხატისა და ანარეკლის შეკვეთა რეალობის შეკვეთისგან? ხატსა და ანარეკლს თქვენ უკვეთავთ სარკესთან მუშაობით. რეალობას კი უკვეთავთ მომავალი კადრის განათებით. იქაც და აქაც რეალობის სხვადასხვა ბუნება გამოიყენება. პირველ შემთხვევაში — სარკე, მეორეში — კინო. მექანიზმები განსხვავებულია, მაგრამ შედეგი ერთია — სასურველი სინამდვილეში ხორციელდება.

შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა ან ეჭვი: ნუთუ თქვენს მოჩვენებითობას შეუძლია რაღაც სასწაულებრივი გზით სინამდვილედ გარდაიქმნას? ნუ ღელავთ, ჩემო ფრთხილებო, რეალობა პლასტიკურია, მას შესაძლებლობები და გზები მოეძებნება. ის ხომ მრავალვარიანტული კინოცაა და ილუზორული სარკეც; ის თავად ილუზიაა, რომელიც მართვადი ხდება, თუ ეს გახსოვთ და გონივრულად იყენებთ.

პირველი აუცილებელი პირობა — თამაში სრული სერიოზულობით. კარგი მსახიობი, როცა თამაშობს, თავის პერსონაჟად იქცევა, სიტყვასიტყვით ის ხდება, რადგან სერიოზულად თამაშობს. თქვენი ამოცანაა — გაიაროთ უკუგზა. პერსონაჟიდან, რომელიც ხართ, მაგრამ რომელიც არ გაკმაყოფილებთ, უნდა იქცეთ მსახიობად, ითამაშოთ წარმოსახვითი პერსონაჟის როლი და ისე შეეზარდოთ ამ როლს, რომ რეალურ პერსონაჟად გარდაიქმნათ. აი, ეს არის ანარეკლის ხატად გარდაქმნის უკუპროცესი.

მეორე აუცილებელი პირობა — სისტემატური თამაში. რეალობის სარკე მყისიერად არ რეაგირებს, არამედ დაგვიანებით. ამიტომ უნდა იმოქმედოთ მიზანმიმართულად, მეთოდურად, რეგულარულად. თუკი რეალობასთან თამაშს მოჰკიდეთ ხელი, მოთმინება უნდა გქონდეთ. თავიდან მოგიწევთ ბრმად მოქმედება, მყისიერი შედეგების იმედის გარეშე. შედეგები გარდაუვლად გამოჩნდება, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, თუ რეალობას თქვენი თამაშის ყურებისას მოთმინება პირველს ამოეწურება.

მაშ ასე, შეუკვეთოთ ანარეკლი ნიშნავს შექმნათ რეალობისთვის საკუთარი ილუზია. გსურთრამეს ფლობდეთ? — ისე დაიჭირეთ თავი, თითქოს უკვე გაქვთ. გსურთ ვინმე გახდეთ — ისე მოიქეცით, თითქოს უკვე ხართ. მსახიობების მსგავსად, სრული სერიოზულობით, შედით მდგომარეობაში და იცხოვრეთ მასში. იცხოვრეთ ფიქრებში, ვირტუალურად, და შეძლებისდაგვარად მოქმედებებშიც, რეალურად, სანამ თავად არ ირწმუნებთ შექმნილ ილუზიას. როგორც კი თავად ირწმუნებთ, რეალობაც ირწმუნებს. და აი მაშინ მოხდება სასწაული.

ახლა კი ანარეკლის ალგორითმი, კვლავ და კვლავ, ისევ და ისევ, ჩემო მომაბეზრებლებო!

1. დაიჭირეთ საკუთარი თავი: მე რაღაცის მიღება მინდა ან ვინმე გახდომა.
2. შედით თანმყოფობაში: ნდომას აზრი არ აქვს, უნდა შეუკვეთო.
3. მოაჩვენეთ თავი და მოიქეცით ისე, თითქოს სასურველი უკვე მიღწეულია.

კონკრეტულად როგორ მოაჩვენებთ თავს — არ არის მნიშვნელოვანი, თავად გადაწყვიტეთ, ნებაყოფლობით. გამოიგონეთ! ჩემი რჩევები აქ ზედმეტია. რაც მეტია თქვენი შემოქმედება, მით უფრო ეფექტურია ის.

ხატის შეკვეთა გამოიყენება ძირითადად ადამიანების მიმართ. ანარეკლის განსაზღვრა — ძირითადად რეალობის მიმართ. იმიტომ, რომ ადამიანებთან სჯობს არ ითვალთმაქცოთ, არამედ იყოთ გულწრფელები, იყოთ საკუთარი თავი. აი, რეალობის სარკის წინ კი შეგიძლიათ რამდენიც გნებავთ, ითვალთმაქცოთ. გონივრულ ფარგლებში, რა თქმა უნდა. რეალობის შეგრძნებისდაკარგვის გარეშე.

და კიდევ, არ დაივიწყოთ, რომ მხოლოდ სარკესთან და მომავალ კადრთან თამაში საკმარისი არ არის. გარდა ამისა, აუცილებელია აკეთოთ ყველაფერი, რაც თქვენგან მოითხოვება მიზნის რეალიზაციისთვის მიმდინარე კადრში, ანუ გადადგათ კონკრეტული ნაბიჯები და არა მხოლოდ იოცნებოთ დივანზე.

 

საბედისწერო დილემა

წინა გაკვეთილზე მე, ასეთმა ღვთაებრივმა და მშვენიერმა, თქვენ, ასეთ არარაობებსა და საძაგლებს, გაუწყეთ, რომ რეალობა თავად ილუზიაა. ეს არ ნიშნავს, რომ ის ნამდვილი არ არის. თავისთავად რეალობა რეალურია. თქვენთვის კი ის ილუზორული და უმართავია, რადგან მის თვისებებს არ იცნობთ და არ იყენებთ.

ეს იმას ჰგავს, არ იცოდე, რომ ცხენზე ამხედრება შეიძლება. თუ არ იყენებთ, ცხენი თავისით დარბის, ის თქვენი არ არის. რეალობაც არ არის თქვენი, ის თქვენზე არ არის დამოკიდებული. მაგრამ თუ გეცოდინებათ და გამოიყენებთ, ილუზია თქვენი მორჩილი გახდება, ის თქვენი გახდება.

·      ხატი — ეს თქვენი ფიქრებისა და მოქმედებების ხატია, ის ყოველთვის პირველადია.
·      ანარეკლი — ეს თქვენც ხართ და მთელი თქვენი გარემოცვა, თქვენი ცხოვრება.
·      ხატის შეკვეთა — ეს თქვენი გზავნილია: რასაც გასცემთ — იმასვე იღებთ.
·      ანარეკლის შეკვეთა — ეს თქვენი მოჩვენებითობა და იმიტაციაა.
·      რისი იმიტაციასაც აკეთებთ — იმასვე იღებთ, ვისადაც თავს ასაღებთ — იმადვე იქცევით.
·      აუცილებელი პირობები: თამაში, ოღონდ სისტემატური და სრული სერიოზულობით.

ხატი და ანარეკლი ერთმანეთში გადაედინება. გადაედინება იმ გაგებითაც, რომ თქვენი ფიქრებისა და მოქმედებების ხატი გავლენას ახდენს მთელ თქვენს ცხოვრებაზე, ხოლო ცხოვრება, თავის მხრივ, გავლენას ახდენს თქვენს ქცევასა და აზროვნებაზე. თუ ამ პროცესს თვითდინებაზე მიუშვებთ, მაშინ თქვენც და თქვენი ცხოვრებაც მხოლოდ დეგრადირებას განიცდით, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება ხოლმე. რადგან ასეთი ცხოვრების შემყურე, ფიქრები სულ უფრო მოქუფრული ხდება; რაც უფრო მოქუფრულია ფიქრები, მით უფრო უარესდება ცხოვრება და ასე შემდეგ, უკუკავშირის პრინციპით.

აქედან ჩნდება საბედისწერო დილემა: გინდათ იყოთ ლამაზები და ბედნიერები თუ გინდათ, რომ ბეჰემოთმა შეგჭამოთ? თუ ბეჰემოთი არ გინდათ, მაშინ სწრაფად-სწრაფად — კი არ უნდა იტანჯოთ-იტანჯოთ, არამედ უნდა შეუკვეთოთ-შეუკვეთოთ!

ხატის, ანარეკლისა და რეალობის განსაზღვრა შეიძლება გამოიყენოთ ცალ-ცალკე, გარემოებების მიხედვით, ან კომპლექსურად. მაგალითად, გარკვეული მიზნის მიღწევისას, სისტემატურად შეუკვეთოთ მიზნობრივი კადრი; ამავდროულად მოაჩვენოთ თავი, თითქოს მიზანი უკვე მიღწეულია; და კიდევ, ყველა თქვენი ფიქრი და მოქმედება ააგოთ მხოლოდ პლუს ნიშნით.

ყველაფრის კომპლექსურად გამოყენების უნარი გამოცდილებასთან ერთად მოვა. გამოცდილების დასაგროვებლად საჭიროა ცოცხლად სეირნობის პრაქტიკა მუდმივად, სისტემატურად. მუდმივად ადევნოთ თვალი საკუთარ თავს, გაიღვიძოთ და შეასრულოთ ალგორითმები.

შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა: რატომ, სულ ეს ალგორითმები? იმიტომ, რომ ალგორითმები თქვენში ახალ ჩვევებს აყალიბებენ. იმიტომ, რომ ჩვევები გმართავენ თქვენ. საკუთარი თავის მართვა, და შესაბამისად რეალობისაც, თქვენ არ იცით. ამიტომ, რა ჩვევებიც გაქვთ გამომუშავებული, ისე ცხოვრობთ. და ამიტომ უნდა შექმნათ ჩვევები, რომლებიც თქვენზე იმუშავებენ.

თქვენ არ შეგიძლიათ მუდმივად დასწრების მდგომარეობაში იყოთ. არაცნობიერ მდგომარეობაში თქვენს ნაცვლად ყველაფერს ჩვევები აკეთებენ. ესე იგი, თუ გაცნობიერებულობა არ გყოფნით, საჭიროა, რომ სწორი მოქმედებები ავტომატურად სრულდებოდეს. ამისთვის კი აუცილებელია, მინიმუმ...

·      ჩაანაცვლოთ ჩვევა ნდომა ჩვევით გაცემა.
·      ჩაანაცვლოთ ჩვევა უარყოფა ჩვევით მიღება.
·      ჩაანაცვლოთ ჩვევა დაძინება ჩვევით გაღვიძება.

ალგორითმები სცენარისგან გათავისუფლებენ, გაცოცხლებენ კინოსურათში და ამავდროულად სასარგებლო ავტომატიზმებს გინერგავენ. ანდაზაც კი ადასტურებს: „კარგი ჩვევები სჯობს კარგ მანერებს“. ყველაზე სასარგებლო ჩვევაა: არ გინდოდეს რაღაც რეალობისგან, არამედ შეუკვეთო რეალობა. ეს მთავარია! და არანაკლებ მნიშვნელოვანი წარმოებულები:

·      კი არ გეშინოდეს, არამედ შეუკვეთო.
·      კი არ ელოდო, არამედ შეუკვეთო.
·      კი არ გქონდეს იმედი, არამედ შეუკვეთო.
·      კი არ წუხდე, არამედ შეუკვეთო.

როგორც კი დაიჭერთ საკუთარ თავს იმაში, რომ რაღაცას ელოდებით, რაღაცის იმედი გაქვთ, რაღაცის გეშინიათ, რაღაც გამძიმებთ — გაიღვიძეთ და გააცნობიერეთ: თქვენ გატარებთ გარეგანი, და არა თქვენი სცენარი — სწორედ ეს გამძიმებთ. თქვენ ქვეცნობიერად გრძნობთ, რომ არახართ თავისუფალი, რომ რეალობაზე ხართ დამოკიდებული, რომ გარემოებათა ჩარჩოებში ხართ მოქცეული, როგორც პერსონაჟები სიუჟეტის ჩარჩოებში. ამას გრძნობთ, მაგრამ ვერ აცნობიერებთ და ვერაფერს შველით. ამიტომ არაფერი დაგრჩენიათ, გარდა იმისა, რომ ელოდოთ და გქონდეთ იმედი.

მაგრამ ახლა, როცა იცით, რომ სცენარისგან თავის დაღწევა და სხვა კინოფირზე გადახტომა შეიძლება, ლოდინისა და იმედის ქონის ჩვევა აზრს კარგავს. უნდა გაიღვიძოთ და განსაზღვროთ რეალობა. იგივეა, როგორც წუხილია უაზრობა. უნდა გაიღვიძოთ და მიიღოთ სარგებელი. ან როგორც მკითხაობაა უაზრობა. უნდა გაიღვიძოთ და მიჰყვეთ ძალის ბრძანებებს. ყოველი შემთხვევისთვის თქვენ გაქვთ შესაბამისი აქტივატორი და ალგორითმი.

კარგად უნდა გაითავისოთ: რაღაცის იმედზე ყოფნა — ახდება თუ არ ახდება, გამოვა თუ არ გამოვა — უაზრობა და სისულელეა. თქვენს ნებაზეა —შეუკვეთოთ ხატი, ან ანარეკლი, ან რეალობა, ან ყველაფერი კომპლექსურად. რაც გსურთ, ის შეუკვეთოთ. თავად-თავად! შეუკვეთეთ-შეუკვეთეთ!

და კიდევ, ჩემით აღტაცება არ დაგავიწყდეთ! თქვენ ჩემი რჩეულები ხართ, მომხიბვლელები და დამატყვევებლები, მე კი თქვენი ტაფტი ვარ, გამორჩეული და საოცარი!

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff