განზრახვის ნაწნავი
როგორც ყოველთვის, ჩემო ძვირფასებო, გავიმეოროთ წინა გაკვეთილი:
რეალური სინამდვილე - ესაა ის, რაც მოხდა. თქვენ არ შეგიძლიათ შეცვალოთ ის, რაც უკვე მოხდა. და მაინც, ცდილობთ, რომ თქვენთვის ბოძებული რეალობა მიმდინარე კადრში შეცვალოთ. ამიტომ მომავალი თქვენზე არაა დამოკიდებული. რა უნდა გააკეთოთ? წინასწარ უნდა შეუკვეთოთ რეალობა ნაცვლად იმისა, რომ მიმდინარე რეალობას ებრძოლოთ.
აქ ბევრი რამ თქვენთვის უცნაურად ჟღერს. პირველად შეეჩეხეთ ძალიან უცნაურ, თქვენთვის უცნობ რეალობას. ეს იგივე რეალობაა, რომელსაც შეეჩვიეთ, მაგრამ რაღაც სხვა, ამოუცნობიც, ასე არაა? მომისმინეთ, რასაც გეუბნებით, და კითხვებით არ შემაღონოთ.
რატომ არსებობს კინოფირების არქივი, ვინ გადაიღო და რატომ აღბეჭდა სამუდამოდ - დორბლიან პუპსიკებს ამის გაგება არ უწერიათ. მადლობა უთხარით უზენაეს შემოქმედს, რომ თქვენთვის ნებადართულია კადრის მოძრაობა. ეს უკვე ძალიან ბევრია. მაგრამ თქვენ მეტისმეტად ჩამორჩით განვითარებაში - იმასაც კი არ იყენებთ, რაც უკვე გაქვთ.
გაგახსენებთ, რას ნიშნავს კადრის მოძრაობა. როგორც იცით, წარსულის შეცვლა შეუძლებელია. აწმყოც შეგიძლიათ დაივიწყოთ - ის უკვე აღსრულდა, და აღარაფერში გჭირდებათ. სამაგიეროდ, არსებობს შესაძლებლობა, რომ მომავალი შეუკვეთოთ - აირჩიოთ კინო-ფირი, რომლისკენაც შემდეგი კადრი გადაადგილდება. როგორ უნდა გააკეთოთ ეს?
თქვენ გაქვთ მართვის ორი ფუნქცია - ყურადღება და განზრახვა. ყურადღებაში გავერკვიეთ, ის პასუხს აგებს თქვენს გონივრულობაზე. განზრახვა პასუხს აგებს თქვენს მოქმედებებზე. იმისთვის, რომ რაღაც გააკეთოთ, ჯერ აუცილებელია, რომ განიზრახოთ. როცა უკვე რაღაცას აკეთებთ, განზრახვა მოქმედებაში რეალიზდება.
თუმცაღა, თქვენი ყველა მოქმედება მიმდინარე კადრს ეკუთვნის და მასშივე რეალიზდება, რადგან გაზრახვა ამ კადრშია ჩაჭედილი. ეს იგივენაირად ხდება, როგორც თქვენი ყურადღება ეწებება ერთ-ერთ ეკრანს. და როგორც ყურადღებას აქვს ორი ეკრანი, ასევე აქვს განზრახვას ორი ცენტრი: შინაგანი და გარეგანი.
შინაგანი ცენტრი პასუხს აგებს თქვენს ჩვეულ ფუნქციონირებაზე და განლაგებულია თავის ქალას შუბლის ნაწილში - ეს არის თქვენი ვიწროშუბლიანი განზრახვა. როცა კონცენტრირდებით, შუბლი გეჭმუხნებათ. როცა რაღაცის გაკეთებას აპირებთ, კუნთები გეჭიმებათ. კუნთები საშუალებას გაძლევენ, რომ მიმდინარე კადრში პრიმიტიული ქმედებები შეასრულოთ.
გარეგან ცენტრს თქვენ საერთოდ არ იყენებთ, არადა სწორედ ის აგებს პასუხს მომავალი კადრის მოძრაობაზე. გარეგანი ცენტრის ადგილმდებარეობა მყისიერად შეგიძლიათ, ზუსტად ახლა.
ყოველ თქვენგანს გაგაჩნიათ განზრახვის ნაწნავი. ესაა ენერგეტიკული წნული, რომელიც ჩვეულებრივ ნაწნავს ჰგავს - ის არ ჩანს, მაგრამ შეგიძლიათ იგრძნოთ, როგორც სხეულის ფანტომური ნაწილი, რომელიც ოდესღაც იყო, მაგრამ თითქოს ახლაც არის. ის ვერტიკალურად კი არაა ჩამოკიდებული, არამედ ხერხემლის მიმართ დახრილად არის გამოშვერილი. აი, ასეთი სასაცილო ნაწნავია.
სწორედ მის ბოლოშია განზრახვის გარეგანი ცენტრი. ეს არის ადგილი ბეჭებს შორის, მაგრამ არა თავად ზურგზე, არამედ ცოტათი მოშორებით. ზუსტად სად - ინტუიტიურად იპოვით. ზუსტ დაშორებას არ აქვს მნიშვნელობა. საკმარისია, ყურადღება მიმართოთ ამ ადგილას და იგრძნობთ. ხოლო თუ ჯერ ვერ გრძნობთ, წაიკითხეთ თავი - „ნაწნავი ნაკადებით“ და ყველაფერს მიხვდებით.
გარეგანი ცენტრის მოქმედების პრინციპი ძალიან მარტივია. თქვენ ყურადღება გადაგაქვთ ნაწნავის ბოლოზე და წარმოიდგენთ რაიმე მოვლენის სურათს, რომელიც გსურთ თქვენს ცხოვრებაში მოიზიდოთ. ამით მომავალ კადრს ასხივებთ, და ის სინამდვილედ იქცევა.
თქვენ შეიძლება მკითხოთ, ჩემო ძვირფასებო, როგორაა ასეთი რამ შესაძლებელი? - აი ასე, ყველაფერი მარტივია, თქვენ კი არ იცოდით და არ იყენებდით.
საქმეე იმაშია, რომ თქვენ კონკრეტულად ჩაეფლეთ მიმდინარე კადრში. მიეჩიეთ იმის დანახვას, რასაც თქვენი თვალები ხედავენ, ისინი კი მხოლოდ იმას ხედავენ, რაც თქვენს წინაა. და გეჩვენებათ, თითქოს ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, მხოლოდ იმასთან მიმართებაში შეგიძლიათ, რასაც თვალები ხედავენ. და სად არიან თქვენი თვალები? - გარეგან ეკრანზე.
ხოლო თუ რაღაც არ გამოგდით, განცდებისა და ფიქრების შინაგან ეკრანში იძირებით. და რის გარშემო ტრიალებს ყველა თქვენი განცდა და ფიქრი? კვლავაც იმ ყველაფრის გარშემო, რასაც ხედავთ ან რაც გემართებათ. ჰოდა გამოდის, რომ არც ყურადღება გეკუთვნით, და განზრახვაც თქვენს სცენარს არ ემორჩილება.
თქვენი შეგიძლიათ საკუთარი სცენარი გამოიგონოთ, მაგრამ მისი განხორციელება არ შეგიძლიათ. ზოგჯერ ოცნებობთ, ან რაღაც გსურთ მომავლისგან, მაგრამ მომავალი კადრი შესაძლებელია, მხოლოდ განზრახვის გარეგანი ცენტრიდან დასხივდეს, თქვენ კი მხოლოდ შინაგანის, ვიწროშუბლიანის გამოყენებას ხართ მიჩვეული. მიმდინარე კადრი თქვენი ილუზია და ხაფანგია. აი, ასე.
კარგი-კარგი, არ იტიროთ ჩემო კარგებო, ჩემო ყოჩაღებო, ნუ იქნევთ ნაწნავებს. მე გასწავლით, როგორ დააღწიოთ თავი ხაფანგს და როგორ გამოიყენოთ ნაწნავი. ყველაფერს ისწავლით. ჰეი, უფრო მხიარულად!
როგორ გამოვიყენოთ ნაწნავი
სულ-სულ მალე ახალი გაკვეთილი გვექნება ჩემო პაწაწუნებო, მაგრამ მანამდე - წინა გავიმეოროთ.
განზრახვას ორი ცენტრი აქვს: შინაგანი და გარეგანი. შინაგანი მდებარეობს შუბლში, გარეგანი - ნაწნავის ბოლოში. შინაგანი განზრახვა პასუხს აგებს ჩვეულ მოქმედებებზე მიმდინარე კადრში. გარეგანის შეუძლია ამოძრავოს მომავალი კადრი - შეუკვეთოს რეალობა.
თქვენ ხომ გინდათ ისწავლოთ რეალობის შეკვეთა? რა თქმა უნდა, გინდათ. ჰოდა ინებეთ.
დავუშვათ, თქვენ გაქვთ ოცნება. თქვენს ფოლკლორში ამაზე გამოთქმაც გაქვთ - „ოცნება საზიანო არაა“, რომელიც განიშნებთ, რომ ოცნება ამასთან ერთად უსარგებლოცაა. ნიშნავს თუ არა ეს, რომ სულელული გამოთქმა სიმართლეა და ჩემს დორბლიანებს არაფრის იმედი არ უნდა ჰქონდეთ?
იმას, თუ რატომ არ სრულდება ოცნებები, შემდეგ გაკვეთილში აგიხსნით, ახლა კი ტექნოლოგიაზე გადავიდეთ. ჯერ გააკეთეთ, შემდეგ გაიგებთ. თქვენთვის ასე აჯობებს. ყურადღებით მომისმინეთ.
პირველი: გაიღვიძეთ და შედით ცნობიერების ცენტრში. როგორც ყოველთვის, უთხარით საკუთარ თავს: ვხედავ საკუთარ თავს და ვხედავ რეალობას.
მეორე: გაააქტიურეთ ნაწნავი. იგრძენით: როგორც კი მასზე ყურადღებას გადაიტანთ, ის მაშინვე იწევა ზემოთ, ზურგის მიმართ დახრილად - აქტიურდება.
მესამე: ნაწნავისგან ყურადღების მოუშორებლად, წარმოიდგინეთ მომავლის სურათი. აზრებით, სიტყვებით, ეკრანზე - როგორც შეგიძლიათ - შეუკვეთეთ რეალობა.
შეიძლება შეამჩნიოთ, როცა ნაწნავს ააქტიურებთ, თქვენი თვალები სხვა რეჟიმზე გადადიან. სცადეთ შეიგრძნოთ: აი, ასწიეთ ნაწნავი, რა ემართებათ ამ დროს თვალებს? ისინი ოდნავ იხსნებიან და თითქოს გამოსხივებას იწყებენ. ეს ახალი, თქვენთვის უჩვეულო ფუნქციური რეჟიმია. ადრე მხოლოდ გარეგან კინოს უყურებდით და ემორჩილებოდით მას. ახლა კი შეგიძლიათ, თავად ატრიალოთ თქვენი კინოფირები.
კიდევ ერთხელ, როგორ კეთდება ეს: გაიღვიძეთ, ყურადღება გადაიტანეთ ნაწნავზე, შემდეგ კი ნაწნავისგან ყურადღების მოუშორებლად წარმოიდგინეთ თქვენს ეკრანზე, როგორ რეალიზდება სასურველი. ასე ასხივებთ მომავალ კადრს, და ის რეალობაში განხოციელდება. შედეგად ამის გაკეთებას მყისიერად, ერთი მოძრაობით ისწავლით.
ნაწნავი კინოპროექტორის მსგავსად მუშაობს. თქვენ შეგიძლიათ, რამდენიც გაგიხარდებათ ატრიალოთ თქვენი სურვილები და ოცნებები შინაგან ეკრანზე, მაგრამ ეს ნაკლებად ეფექტურია - თითქმის ფუჭი სვლაა. პროექტორი სრული სიმძლავრით მაშინ ირთვება, როცა თქვენი აზრები, სიტყვები და ხატ-სახეები განზრახვის გარეგანი ცენტრიდან მოდიან. ამიტომ, თუ გსურთ არა უბრალოდ აზრებში ფართხალი, არამედ რეალობაზე ზემოქმედება, - ჩართეთ ნაწნავი.
აუცილებელი არაა, ყურადღება უშუალოდ ნაწნავის ბოლოზე გქონდეთ - საკმარისია, შეიგრძნოთ იგი მთლიანად, როგორც სხეულის ფანტომური ნაწილი. თუმცა, შეგიძლიათ გააქტიუროთ იგი, როგორც გაგიხარდებათ, - შეგრძნებები აქ ინდივიდუალურია. აუცილებელი არაა თვალებს მიაქციოთ ყურადღება - ისინი შეგიძლიათ დახუჭული გქონდეთ - ეს არაა მნიშვნელოვანი. მთავარია, რომ აზრები, სიტყვები და ხატ-სახეები ნაწნავთან კავშირში ატრიალოთ.
ამრიგად, ჩემო ბაჭიებო, ჩემო თევზებო, თქვენ უკვე ცოტაც და - სამყაროს მბრძანებლები ხართ. მე ისეთი მოწიწებით ვარ აღსავსე, რომ არც კი ვიცი, გული წამივიდეს, თუ რევერანსი გაგიკთოთ. მიდით, გამაოცეთ თქვენი შესაძლებლობებით! მაგრამ ჯერ საკუთარი თავი უნდა გააოცოთ. ამისთვის კი აუცილებელია მოიპოვოთ კადრის მოძრაობის პრაქტიკული უნარ-ჩვევები.
დავიწყოთ ელემენტარულით, მყისიერი სურვილების ასრულებით. დავუშვათ, დღის კინოფირზე ახლოვდება რაღაც მოვლენა, რომელსაც შესაძლოა როგორც წარმატებელი, ასევე წარუმატებელი შედეგი ჰქონდეს. დასაწყისისთვის აიღეთ ყველაზე მარტივი, რაც ერთ კადრში ეტევა. ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, შენაძენი მაღაზიაში, საპარკინგე ადგილი, ნებისმიერი ყოველდღიური მოქმედება სამსახურში, სწავლაში, ქუჩაში, სახლში.
თქვენს ძალაუფლებაშია - გაუშვათ კადრი წარმატებულ კინო-ფირზე. რა უნდა გააკეთოთ, უკვე იცით. იღვიძებთ, ააქტიურებთ ნაწნავს და მისგან ყურადღების მოუშორებლად წარმოიდგენთ, როგორ ხორციელდება სასურველი. შემდეგ შეგიძლიათ მოაშოროთ ყურადღება ნაწნავს და ჩვეულებრივ იმოქმედოთ. ან რამდენჯერმე გაიმეოროთ კადრის დასხივება, უფრო საიმედო რომ იყოს.
რა მოჰყვება ამას - თავად დაინახავთ. მშრალად შეინახეთ პამპერსები! ძალიან წინააღმდეგობრივ გრძნობას განიცდით, როცა მიხვდებით - რაღაც ისეთი მოხდა, რაც შეუძლებელია. თქვენთვის რთული იქნება იმის დაჯერება, რომ გარეგანი რეალობა თქვენს ნებას ემორჩილება. ჩვეულებრივ, პირიქით ხდება - ეს თქვენ ემორჩილებით გარეგან რეალობას.
თქვენი ექსპერიმენტების წარმატებული სტატისტიკა დამოკიდებულია - ახლა კი ყურადღება! - მომხდარის რეალურობის შეგრძნებაზე. თქვენთვის რეალობის კრიტერიუმს ჩვეულებრივობა და ჩვევა წარმოადგენს. რეალურია ყველაფერი, რაც უკვე არაერთხელ მომხდარა. ხოლო ის, რაც არასდროს ყოფილა, ვერც მოხდება - ასე არაა?
სხვა სიტყვებით, თქვენთვის მხოლოდ ისაა შესაძლებელი, რაც თქვენი მსოფლმხედველობის შაბლონში ჯდება. თქვენ რომ არ იცოდეთ, რომ შესაძლებელია ველოსიპედზე სიარული, ვერც წახვიდოდით. ზუსტად ასევეა კადრის მოძრაობაზეც - თქვენ არ შეგიძლიათ მისი მართვა, სანამ ეს არარეალურია. და რა უნდა გააკეთოთ, რეალური რომ გახდეს? ძალიან მალე გაიგებთ, ჩემო ყოჩაღებო!
მოქმედების ილუზია
ისევ-ისევ ჩემო კარგებო, გავიმეოროთ წინა გაკვეთილი - ეს თქვენთვის წამებაა, ჩემთვის კი - გართობა! გავიხსენოთ, რა უნდა გავაკეთოთ.
გაიღვიძეთ, გაააქტიურეთ ნაწნავი და მასზე ყურადღების შენარჩუნებით შეუკვეთეთ რეალობა.
გამოვა თუ არა - დამოკიდებულია თქვენს მიერ მომხდარის მიღებაზე ან მიუღებლობაზე.
თქვენთვის მხოლოდ ისაა შესაძლებელი, რაც თქვენი მსოფლმხედველობის შაბლონში ჯდება.
თქვენ საკმაოდ პრიმიტიულად ხართ მოწყობილი. ვერაფერი დაგემართებათ ისეთი, რაც სამყაროს და საკუთარი თავის შესახებ თქვენს წარმოდგენაში არ ჯდება. სიზმარში მხოლოდ იმიტომ ხდება საოცრებები, რომ კრიტიკული შეფასება დაწეულია. სიფხიზლეში - პირიქით, ყველაფერი შაბლონთან მკაცრ შედარებას გადის. ამიტომ, კადრის მოძრაობის თქვენი უნარი დამოკიდებულია იმაზე, უშვებთ ასეთ შესაძლებლობას, თუ ეჭვობთ.
მარტივი „სასწაულები“ ადვილად გამოგივათ. ყველაფერი გამოგივათ, რაც თქვენს ყოველდღიურ, ჩვეულ გამოცდილებას შეესაბამება. სწორედ თქვენი გამოცდილებაა ეს შაბლონი. კადრის უფრო რთული მოძრაობისთვის ახალი სისტმური განახლება დაგჭირდებათ. ბევრჯერ და ბევრჯერ, კვლავ და კვლავ მომიწევს აგიხსნათ ერთი და იგივე, სანამ არ გაიგებთ. და თუ მაინც ვერ გაიგებთ, ბრძანებას გავცემ, რომ ყველას თავი მოგკვეთონ. არ მჭირდებით ასეთები!
კარგი, არ იტიროთ ჩემო უბადრუკებო, გავაგრძელოთ. ერთხელ ასეთი ფრაზა ვთქვი: სცენარი იმ კინოფირზე გატარებთ, რომელიც თქვენ არ აგირჩევიათ. კინო-ფირი, უხეშად რომ ვთქვათ, მთელი ცხოვრების ხაზია, სცენარი კი - ბედია. თქვენს ბედს არა მხოლოდ არ ირჩევთ, შეცვლასაც კი არ ცდილობთ, არადა შეგიძლიათ.
ტყუილად იმშვიდებთ თავს იმ იმედით, რომ ბედი, თუმცა წინასწარ-განსაზღვრულია, მაინც თქვენს ხელთაა. სინამდვილეში ყველაფერი გაცილებით უარესადაა. თქვენ საკმაოდ მკაცრ სცენარს მიჰყავხართ. მხოლოდ გეჩვენებათ, რომ საკუთარი შეხედულებისამებრ მოქმედებთ. ეს ძალიან ჰგავს სიმართლეს, მაგრამ მაინც ილუზიაა.
ილუზორული შეიძლება იყოს არა მხოლოდ ის, რასაც ხედავთ, არამედ ისიც, რასაც აკეთებთ. ასეთი ილუზიის ამოცნობა არ შეგიძლიათ, რადგან მუდმივად მასში იმყოფებით.
გახსოვთ, სიზმრის მანეკენებზე რომ ვსაუბრობდით? მანეკენები თქვენი სიზმრების სურათებში ზუსტად ისევე ცხოვრობენ, როგორც კინოფირზე ერთხელ გადაღებული ფილმის გმირები. თქვენ სიზმარს ხედავთ - მანეკენები მოძრაობენ. თქვენ ფილმს ხედავთ - გმირები ცოცხლდებიან. როგორც კი ფილმი ან სიზმარი მთავრდება, ყველა პერსონაჟი შეშდება - შემდეგ ნახვამდე ან სამუდამოდ.
როგორ ფიქრობთ, კინო-სურათის ან კომპიუტერული თამაშის გმირებს ესმით, რომ ისინი კინოში არიან და თქვენ მათ უყურებთ? არა. სიზმრის მანეკენები აცნობიერებენ, რომ თქვენს სიზმარში არიან? ასევე არა. ახლა კი გეკითხებით: თავად თქვენ თვითონ ვინ ხართ - იცით?
კინოგმირებს ამას ვერ კითხავ. მანეკენებს - შეიძლება, მაგრამ აზრი არ აქვს. პირველებისგან და მეორეებისგან იმით განსხვავდებით, რომ თუნდაც ბუნდოვნად შეგიძლიათ დაიჭიროთ კითხვის არსი. ასევე იმით, რომ საკუთარი თავის გაცნობიერება შეგიძლიათ. მაგრამ როდის აცნობიერებთ თავს? მხოლოდ იმ მომენტში, როცა ასეთ კითხვას სვამთ. მთელი დანარჩენი დრო - სად ხართ? ვინ ხართ?
ასე რომ, თქვენ კინოფირის პერსონაჟები ხართ - იმ ცხოვრების, რომელიც გემართებათ. თქვენ კი არ ცხოვრობთ თქვენი ცხოვრებით, ცხოვრება გემართებათ. არც სიზმრის მანეკენს და არც კინოფილმის გმირს არ შეუძლია საკუთარი ქმედებების ილუზიის ამოცნობა, უფრო ზუსტად მიმდინარე მოქმედებების ილუზიის. და რატომ თვლით, რომ თქვენ შეგიძლიათ?
არა, თქვენ რა თქმა უნდა შეგიძლიათ, ჩემო ჭკვიანებო, მაგრამ არ აკეთებთ ამას. მთელი ის დრო, სანამ არ დასვამთ კითხვას, სად ხართ და ვინ ხართ, - ზუსტად ისევე გძინავთ, როგორც კინოს ან სიზმრის პერსონაჟს. თქვენი ყურადღება მუდმივადაა ჩაფლული რომელიღაც ეკრანში, განზრახვა კი - მიმდინარე კადრში. ამიტომ თქვენი მოტივები და ქმედებები - სულაც არაა თქვენი, გესმით?
აი, სინამდვილეში რა ხდება. რაღაც მომენტში რაღაც მოგინდათ, და ამის გაკეთებისკენ ილტვით. გეჩვენებათ, რომ ეს თქვენი საკუთარი მოტივები და მოქმედებებია. სინამდვილეში ასეა გაწერილი სცენარში. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ თქვენ ჩაიფიქრეთ რაღაც, სინამდვილეში კი - ასეთია თქვენი როლის სიუჟეტური „სვინგი“. მიმდინარე რეალობა იმდენად გიტაცებთ, რომ საკუთარ თავს ანგარიშს ვეღარ უწევთ და ილუზიას ვეღარ ამჩნევთ.
კინოფირებზე, რომლებიც მარადისობის არქივში ინახება, საკუთარი მანეკენები გყავთ. როცა ერთ-ერთ ასეთ ფირს სიზმარში უყურებთ, თქვენი ცნობიერება პოულობს თავის მანეკენს, ის კი იღვიძებს და მოძრაობას იწყებს. რამდენადაც სიზმარი გესიზმრებათ, თქვენ სიზმრის მანეკენის სხეულში ცხოვრობთ, როგორც მრავალი ვარიანტიდან ერთ-ერთში. როგორმე სარკეში ჩაიხედეთ სიზმარში - საკუთარ თავს ვერ იცნობთ.
კინოფირში, რომელზეც თქვენი ცხოვრება მიედინება, იგივე ხდება. თქვენი ცნობიერება მანეკენის მომდევნო ვერსიაში შედის, ის კი იღვიძებს და ხდება თქვენი პერსონა - მიმდინარე კადრში. მაგრამ აი, კითხვა: რით განსხვავდებით სიზმრის მანეკენებისგან, თუკი ცხადშიც ისევე ცხოვრობთ, როგორც სიზმარში?
და საერთოდ, რით ხართ ლოკოკინებზე უკეთესი? ამაზრზენ, სრიალა ლოკოკინებზე, რომლებიც ყველა გამღიზიანებელზე ერთნაირად პრიმიტიულად რეაგირებენ? რქებს მალავენ და სახლში იმალებიან... ჰოდა თქვენი ბედიც იმდენადვეა წინასწარ განსაზღვრული, რამდენადაც თავად ხართ პროგნოზირებადი.
უკვე ის ცოტაც, რაც გაიგეთ, ჩემო კარგებო, თქვენთვის გაუგებარია, შაბლონში არ ეწერება. და მანამ, სანამ ეს თქვენთვის გაუგებარია, თქვენ თავისუფალნი იქნებით ოცნებებში და არ იქნებით თავისუფალნი - ბედში. მაგრამ როცა ბოლოს და ბოლოს გამოიღვიძებთ და გათავისუფლდებით ილუზიისგან, შეძლებთ რეალობაში სეირნობას, როგორც ცოცხლები კინო-ფირში. და შეძლებთ საკუთარი თავისთვის ახალი რეალობის არჩევას, როგორც არქივიდან კინოფირის.
ახლა კი ანტრაქტი! მე გამოვდივარ ჩემი კინოდან და წიგნში შევდივარ. იქ შევხვდებით. დროებით, ლოკოკინებო!
* ეს ფრაზა ვიდეოში ჟღერს. იხილეთ ტაფტის ვიდეო იუთუბ არხზე - «Тафти Итфат».
როგორ დავაღწიოთ თავი ხაფანგს
საქმეს - საათი, გართობას - მთელი დრო, ჩემო საყვარელო გასართობებო. ვინ თქვა, რომ პირიქით არის?
თქვენი წამება - ჩემი გართობაა, ან უკვე გატაცებაც!
არსებობს ხატ-სახის ილუზია, და არსებობს მოქმედების ილუზია.
მოქმედება - ეს ის არაა, რასაც თქვენ აკეთებთ, არამედ ის, რაც გემართებათ. თქვენ კი არ ცხოვრობთ თქვენი ცხოვრებით, არამედ ცხოვრება გემართებათ.
თქვენ მკაცრ სცენარს მიჰყავხართ, და ამიტომ - თავისუფალი ხართ ოცნებებში, მაგრამ არ ხართ თავისუფალი ბედის არჩევანში.
კიდევ რა გითხრათ ისეთი, რომ გაწყენინოთ? გაგახსენებთ წინა გაკვეთილის საკვანძო თეზას. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ თავად ხართ საკუთარი თავის ბატონი და ცნობიერად მოქმედებთ. სინამდვილეში კი თავს მხოლოდ იმ მომენტში აცნობიერებთ, როცა ამ კითხვას სვამთ. მთელი დანარჩენი დრო ცნობიერებას სძინავს და გარეგან სცენარს ემორჩილება.
ასე რომ რაღაც წამებში საკუთარი თავის გაცნობიერების უნარი სცენარისგან ვერ გათავისუფლებთ. თქვენ ხართ პერსონაჟი კინოფირის შიგნით, და ეს ერთდროულად თქვენი ილუზია და ხაფანგია. მიუხედავად იმისა, რა შეხედულება გაქვთ საკუთარ თავზე, - თქვენ იქ ხართ, და ხაფანგში ხართ გამოჭერილები.
რა გიშლით ხელს მისგან თავის დაღწევაში? ძირითადად სამი რამ.
1. არცოდნა იმისა, რომ პერსონაჟები ხართ.
2. რეფლექსური ფსიქიკა - „ლოკოკინას რქები“.
3. შაბლონი, რომელიც შესაძლებელის და შეუძლებელის ჩარჩოებითაა შეზღუდული.
უფრო ცოცხლად, უფრო მხიარულად, ამფიბიებო! ყველაფერი გამოსწორებადია. პირველი, რაც გათავისუფლებისთვის გჭირდებათ, უკვე გაქვთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ვინც ილუზიის შესახებ არ იცის, მარადიულად მასში მყოფება. თქვენთვის მოქმედების ილუზიაზე არავის მოუყოლია, და არც კი ეჭვობდით, რადგან ასეთი რამ, თქვენი აზრით, „შეუძლებელია“.
ახლა უკვე იცით. მაგრამ ეს საკმარისი არაა. დავუშვათ, ლოკოკინები ხართ, და ამის შესახებ გაიგეთ. ნუთუ ამის შემდეგ აღარ იქნებით ლოკოკინები? თუ იყვირებთ: „რა უბედურებაა, მე არ მინდა ვიყო ლოკოკინა!“ - ამით რამე შეიცვლება?
არა. თქვენ არ შეგიძლიათ ასე უბრალოდ გაცოცხლდეთ კინოსურათში და რაც მოგეპრიანებათ ის აკეთოთ ისე, რომ სცენარს არ დაემორჩილოთ. ეს ცოტა სხვანაირად ხდება. ჯერ კიდევ ორი ბარიერი უნდა გადალახოთ - ჩვევები და რწმენა-წარმოდგენები. ფაქტიურად თქვენ კი არ ფლობთ მათ, ისინი გფლობენ თქვენ. არაფერია, გამოგათრევთ კომიდან.
ლოკოკინად გაქცევთ ჩვევა, რომ კი არ შეუკვეთოთ რეალობა, არამედ რაღაცას ელოდოთ და რაღაცის იმედი გქონდეთ. გამოვა თუ არ გამოვა? ეს პასიური პოზიციაა. ამ პოზიციით ყველაფერი, რაც შეგიძლიათ, - ესაა ფრთხილად მოსინჯოთ რეალობა და როგორც კი რამე მოხდება - რქები დამალოთ.
იმისთვის, რომ სველები და ლორწკიანები აღარ იყოთ, და ლამაზები და ბედნიერები გახდეთ, აქტიურ რეჟიმზე უნდა გადაერთოთ. ნუ ელოდებით და ნურც იმედი გაქვთ, არამედ შეუკვეთეთ რეალობა. ამას ხელს უშლის შაბლონი, რომლის მიხედვითაც რეალობის შეკვეთა შეუძლებელია. ეს თქვენი სახლია. მაგრამ გამოგათრევთ მაქედან, საზიზღრებო და ლორწკიანებო!
ახალი ჩვევები და რწმენა-წარმოდგენები ზუსტად ისევე უნდა გამოიმუშავოთ, როგორც ძველებმა გაიდგეს ფესვები, - მრავალჯერადი განმეორების შედეგად. ოღონდ ამიერიდან, ნაცვლად იმისა, რომ მიაშტერდეთ რეალობას და მიჰყვეთ მას, თქვენ აქტიურად დაიწყებთ კადრის მოძრაობის მართვას. კონკრეტულად რომელი კადრის, ხვდებით ხომ?
იმის არა, რომელშიც მოცემულ მომენტში ხართ, არამედ იმის, რომელიც ახლოვდება. როგორც თქვენთვის უკვე ცნობილია, მიმდინარე კადრის რეალობის შეცვლა შეუძლებელია, რადგან ის უკვე მოხდა. მხოლოდ მომავალი რეალობის შეკვეთა შეგიძლიათ. ამიტომ ყურადღება მიმართული უნდა იყოს რამდენიმე კადრით წინ.
ისევე, როგორც ყურადღებაზე თვალთვალი იყო ორგანიზებული, ახლა მომავალ კადრს უნდა უთვალთვალოთ. აქ სამი აქტივატორი გვაქვს.
მოლოდინი - რაღაც უნდა მოხდეს, რაღაცას ელოდებით, რაღაცის იმედი გაქვთ.
განზრახვა - განზრახული გაქვთ, რომ სადღაც გაემგზავროთ, რაღაც გააკეთოთ.
პრობლემა - მოხდა რაღაც, რაც გადაწყვეტას მოითხოვს.
ყოველ ჯერზე, როცა რაღაცას ელოდებით, არ დაელოდოთ და არ გქონდეთ იმედი - შეუკვეთეთ რეალობა. ყოველ ჯერზე, როცა რაღაც გაქვთ განზრახული, არ იჩქაროთ ამის გაკეთება - ჯერ რეალობა შეუკვეთეთ. ყოველ ჯერზე, როცა რაღაც პრობლემა გაჩნდა, კვლავაც - არ დაელოდოთ, არ გქონდეთ იმედი, არ იწრიალოთ - შეუკვეთეთ რეალობა.
კადრის დასხივების ალგორითმი:
1. საკუთარი თავის ერთ-ერთ აქტივატორზე დაჭერა.
2. გაღვიძება: ვხედავ საკუთარ თავს და ვხედავ რეალობას.
3. ნაწნავის აქტივაცია და მისგან ყურადღების მოუშორებლად რეალობის შეკვეთა.
4. ნაწნავისგან ყურადღების მოხსნა.
5. თუ მოვლენა მნიშვნელოვანია, დასხივების რამდენჯერმე გამეორება.
ეცადეთ, გამუდმებით გაიხსენოთ და გახსოვდეთ კარს-მომდგარი კადრი. ყოველ ჯერზე ვერ შეძლებთ ამას. თავიდან მუდმივად დაგავიწყდებათ. ძველი ჩვევა ასე უბრალოდ არ მოგშორდებათ - ის ახლით უნდა შეცვალოთ. ნუ დაიზარებთ, იყავით ყოჩაღები, გააკეთეთ ეს, თორემ ბოლოს მოგიღებთ. ვის ჭირდებით ასეთები? მაინც არავის უყვარხართ ჩემს გარდა.
სისტემური განახლება
არა გაბრაზება, არამედ გულმოდგინედ სწავლა, ჩემო კარგებო! გავიმეოროთ გავლილი მასალა.
მიმდინარე კადრის ხაფანგში ლოკოკინას რქები და სახლი გიჭერენ. ხაფანგიდან თავის დასაღწევად აუცილებელია აქტიურ რეჟიმზე გადართვა, მოლოდინის და იმედების გარეშე რეალობის შეკვეთა. აუცილებელია - მომავალი კადრის მოძრაობის მუდმივი პრაქტიკა. ალგორითმი:
როგორც კი მოლოდინი, განზრახვა, პრობლემა მოდის - მაშინვე ააქტიურებთ და ასხივებთ კადრს.
შეკვეთა საჭიროა არა მხოლოდ იმ მოვლენების, რომელთა გამოსავალიც უცნობია, არამედ მათიც, რომლებიც აუცილებლად ასრულდება. მაგალითად, სადმე აიღეთ გეზი და რომელიღაც კარში გსურთ შესვლა. თქვენთვის ცნობილია, რომ მოცემული მოვლენა ისედაც მოხდება. მაინც დაასხივეთ ეს კადრი. წარმოიდგინეთ აზრებით, სიტყვებით, და უკეთესია - ვიზუალურად, - როგორ აღებთ კარს და შედიხართ მასში.
არ დაიზაროთ, არ დაიზაროთ! გეგონათ, დაიმალებოდით თქვენს სახლუკებში და ვერ შეგამჩნევდით? მაინც გიპოვით. რისთვისაა საჭიროა უსასრულოდ გამეორება? იმისთვის, რომ გადააპროგრამოთ თქვენი ლოკოკინას შაბლონი. თქვენ ვერ დაიჯერებთ იმას, რომ რეალობა შეიძლება დაგემორჩილოთ, სანამ თავად არ დარწმუნდებით, თანაც მრავალჯერ.
კადრის მოძრაობის მართვა მარტივ მოვლენებზე - ვარჯიშის ყველაზე ეფექტური მეთოდია. შედეგად თქვენ...
- სწავლობთ გაღვიძებას და ყურადღეების მართვას.
- ანვითარებთ ნაწნავს, ვიზუალიზაციას, განზრახვას.
- გადაერთვებით აქტიურ რეჟიმში, საბოლოოდ კი მოიპოვებთ უნარს - გათავისუფლდეთ მიმდინარე სცენარისგან და შეუკვეთოთ საკუთარი რეალობა.
რა მოხდება მას შემდეგ, რაც საკუთარ თავს გაააქტიურებთ? თქვენ ხდებით ერთადერთი პერსონაჟი მთელ თქვენს გარემოცვაში, რომელიც არ ემორჩილება გარეგან სცენარს. და პირიქით, როგორც კი გავიწყდებათ საკუთარი თავი და სურათში იძირებით, მაშინვე აიგივებთ თავს მასთან და მისი განუყოფელი ნაწილი ხდებით. თანაც დამოკიდებული ნაწილი - მანეკენი.
აი, კვლავაც მოხსენით ყურადღება მიმდინარე კადრიდან და დაასხივეთ კარს-მომდგარი კადრი. ამ მომენტში კინო-სურათში იღვიძებთ და თავისუფლად იწყებთ მოძრაობას, საკუთარი შეხედულებისამებრ. იმავე მანეკენში ხართ, მაგრამ ახლა სრულიად სხვა ხარისხით. წარმოიდგინეთ მანეკენი მაღაზიაში, რომელიც ვიტრინიდან ჩამოვიდა და თავის საქმეებზე გაეშურა. თქვენც დაახლოებით იგივე გემართებათ.
თქვენ უწინდებურად რჩებით სურათში, მაგრამ ამავდროულად ამოვარდნილი ხართ თანმიმდევრობიდან, თითქოს თქვენს ცალკეულ კადრს თავისუფლად შეეძლოს კინოფირზე გადაადგილება. ასე ვთქვათ, ახლა თქვენი „კადრის სიხშირე“ განსხვავებული ხდება რეალობის კადრის სიხშირისგან, რაც საშუალებას გაძლევთ გამოეყოთ მიმდინარე სცენარს.
ოდესმე გინახავთ კინოში ან ტელევიზორში, როგორ აისახება ბორბლის ან პროპელერის ტრიალი? მათ შეუძლიათ შენელებულად ან უკუღმა იტრიალონ, რადგან ტრიალის სიხშირე და ფაზა არ ჯდება კადრს-მიღმა გადაღების ტაქტში. ზუსტად ასევე, თქვენი მანიპულაციებიც ყურადღებაზე და ნაწნავზე - რეალობის სიხშირიდან და ფაზიდან გაგდებენ. და ამ თვალსაზრისით თქვენ თავისუფლად სეირნობთ კინოში.
ჯერ არ-დამდგარი მომავალი გამოგათრევთ აწმყოს მწკრივიდან, როდესაც სწორედ ამ მომავალს ჩაეჭიდებით და მასზე ზემოქმედებას შეეცდებით. მომავალი რეალობა, თუმც კი მარადისობის არქივშია ჩაწერილი, ყოველთვის მრავალვარიანტულია და ჯერ კიდევ არ არის ვინმეს მიერ საბოლოოს განსაზღვრული და შეკვეთილი - ის ჯერ-ჯერობით არავისია. თუ გამოჩნდება ვინმე, ვინც მას შეუკვეთავს, - ის ემორჩილება. და თუ ეს ვიღაც თქვენ ხართ, ის თქვენი ხდება.
გინდათ, რომ რეალობა თქვენი იყოს? მაშ, აიღეთ იგი - და შეუკვეთეთ. ეს თქვენთვის რეაგირების, ქცევის და არსებობის პრინციპულად სრულიად ახალი საშუალებაა. სხვაობა იმაშია, რომ თქვენი ყურადღება მეტად აღარ ეფლობა მიმდინარე კადრში, არამედ წინისკენ ისწრაფვის. მიყოლას წინსწრება ცვლის, ხოლო პასიურ მოლოდინს - აქტიური ზემოქმედება. თქვენ აღარ მიჰყვებით რეალობას, როგორც საბელზე დაბმული, არამედ თავად აძლევთ მას გეზს და მიერეკებით.
მაგრამ სანამ რეალობა მართლაც თქვენი გახდება, აუცილებელია, რომ თქვენ, ჩემო სულთამხუთავებო, საკუთარ თავს სისტემური განახლება ჩაუტაროთ. ამას თქვენს ნაცვლად მე ვერ გავაკეთებ. მაშინვე და ყველაფერი არ გამოგივათ. მხოლოდ ის გამოგივათ, რაც თქვენს ყოველდღიურ, ჩვეულ გამოცდილებასთან მოდის თანხმობაში. სანამ საბოლოოდ არ დარწმუნდებით იმაში, რომ რეალობის შეკვეთა შეგიძლიათ, ის ხელიდან დაგისხლტებათ და არ დაგემორჩილებათ.
შაბლონის გადაწერა მხოლოდ იმ მეთოდით შეიძლება, რითიც მისი ფორმირება მოხდა, - ყოველდღიური, რუტინული პრაქტიკით. მომავალ კადრზე თვალთვალი, საკუთარ თავზე თვალთვალი, რეალობის შეკვეთა. თუ მე დამიჯერებთ, - რეალობა თქვენ დაგიჯერებთ.
სჯობს ნებით შეასრულოთ მუდმივი, მრავალჯერადი გამეორებები, სანამ ეს ჩვევაში არ გადაგივათ. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერაფერს ისწავლით. ხოლო თუ მაინც ვერ ისწავლით, მე წაგართმევთ თქვენს სახლუკებს და კიდევ უფრო საზიზღარ არსებებად - ლორწოვნებად გადაგაქცევთ. მე ტაფტი ვარ, თქვენი მბრძანებელი - რასაც მინდა, იმას გაგიკეთებთ.