ქურუმი ტაფტი

ვადიმ ზელანდი
0
0

სეირნობა ცოცხალ კინოთეატრში

სცენარი

კიდევ და კიდევ სალამი, ჩემო უსარგებლო არსებებო! იმიტომ ხართ ასეთი უსარგებლოები და მავნეები, რომ ყველაფერში უფრო ზიანს ხედავთ, ვიდრე სარგებელს. თუმცა ყველაფერი გამოსწორებადია. ვინც სარგებელს ეძებს, იპოვის მას და თავადაც სასარგებლო გახდება.

— სცენარის განსაზღვრა და კითხვაზე „როგორ?“ პასუხის ცოდნა — თქვენი საქმე არ არის. 

— თქვენი საქმეა იცოდეთ, რისი მიღწევა გსურთ და განსაზღვროთ შედეგი — მიზნობრივი კადრი. 

— როცა გეჩვენებათ, რომ „ყველაფერი წყალში იყრება“, — ეს სარგებელია — რეალობა იწმინდება. 

— თქვენ სეირნობთ კინოში, როცა ყურადღებით დამსწრები ხართ, ხოლო განზრახვით — კადრის მამოძრავებელი.

— ნების დართვა — ეს გარე განზრახვის მუშაობაა, როცა თქვენ არაფერ შუაში ხართ. 

— გაიღვიძე, დაინახე, განსაზღვრე. როგორც კი რაღაც ისე არ არის — ეებე „სარგებელი!“. 

თუ არ გაიღვიძებთ და არ ისარგებლებთ, ხშირ შემთხვევაში მიხვდებით, რაში იყო სარგებელი, მაგრამ დაგვიანებით. მიხვდებით მაშინ, როცა გაიხსენებთ, რას და როგორ შეეწინააღმდეგეთ, შემდეგ კი ხელიდან გაუშვით შესაძლებლობა ან რქებში მოგხვდათ.

კი, კი, კი, დაგავიწყდებათ და დაგვიანებით გაგახსენდებათ, კიდევ ბევრჯერ, სანამ ყურადღებაზე თვალთვალი ჩვევაში არ გადაგივათ. და რა მიზეზით გავიწყდებათ მუდმივად თქვენი ყურადღება? ხომ არ დაგავიწყდათ? 

აი, გამოცანა: რაში მდგომარეობს ყველაზე მარტივი და ამავდროულად ყველაზე მთავარი კითხვა, რომელიც ლოკოკინებს ტანჯავს, ისინი კი ვერც აცნობიერებენ, რომ ის მათ ტანჯავს? ნუ შეიჭმუხნით შუბლებს, მაინც ვერ გამოიცნობთ. 

“რატომ არ არის ყველაფერი ისე, როგორც მე მინდა?” — აი, რაშია კითხვა. პასუხი რა არის? იმიტომ, რომ სცენარი მიგიძღვით, იმიტომ, რომ თქვენ ამის შესახებ არ იცით, იმიტომ, რომ კი არ უკვეთავთ რეალობას, არამედ უბრალოდ ცხოვრობთ მასში, როგორც თევზები აკვარიუმში. უფრო ზუსტად, როგორც ლოკოკინები.

ის ფაქტი, რომ მუდმივად არაადეკვატურ მდგომარეობაში იმყოფებით და მხოლოდ იშვიათად იღვიძებთ და აცნობიერებთ, რომ გეძინათ, სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ სცენარს მიჰყავხართ. და რა გეგონათ, რატომ გავიწყდებათ საკუთარი ყურადღება? დაბნეულობის გამო? არა, სწორედ იმიტომ, რომ სცენარი სცენარს მიჰყავხართ.

გეჩვენებათ, რომ დამოუკიდებლად მოქმედებთ, თქვენს ნებაზე, მაგრამ ეს ილუზიაა. მოქმედების ილუზია, შეგახსენებთ, იმაში მდგომარეობს, რომ რეალობა იმდენად გითრევთ, რომ ვერ ამჩნევთ ამ ილუზიას და ვერ აცნობიერებთ, რომ ვიღაცის თამაშის უნებური პერსონაჟები ხართ. 

ზუსტად ისე, როგორც კინოში. კინოგმირებიც ვერ აცნობიერებენ თავიანთ მდგომარეობას. მე ვგულისხმობ არა მსახიობებს, არამედ ფილმის გმირებს. მსახიობები შეიძლება დიდი ხნის გარდაცვლილები იყვნენ, მაგრამ მათი როლის პერსონაჟები ყოველ ჯერზე ცოცხლდებიან, როცა ფილმს ვუყურებთ. უცნაურად არ გეჩვენებათ ეს? ტექნიკურად აქ არაფერია უცნაური — ცხოვრებისეული სცენები კინოფირზეა აღბეჭდილი. და მაინც, ეს ძალიან უცნაურია, ასე არაა? 

კინო იმიტომ კი არ გამოიგონეთ, რომ თავად მოიფიქრეთ, არამედ იმიტომ, რომ არსებობს რეალობის ასეთი ასპექტი. თქვენ ვერაფერს მოიფიქრებთ ისეთს, რაც არ არის ცხად ან ჯერ კიდევ გამოუვლინებელ რეალობაში. კინო მხოლოდ იმიტომ გაქვთ, რომ თავად ცხოვრობთ კინოსურათში. კინო — ეს რეალობის მოდელია.

ასევე უცნაურია წინააღმდეგობა, რომლის თანახმადაც თქვენ, როგორც პერსონაჟები, კინოსურათის გმირებისგან განსხვავებით - თვითშეგნებით ხართ დაჯილდოებულნი. ეს პარადოქსია. რეალობის დაცინვა, და ამავე დროს, შანსი თქვენთვის. თუმცა თავს მხოლოდ იმ მომენტში აცნობიერებთ, როცა საკუთარ თავს ამ კითხვას უსვამთ. დანარჩენ დროს თქვენს ცნობიერებას სძინავს და გარე სცენარს ემორჩილება. 

კიდევ გასაკვირი ის არის, რომ შოკში არ გაგდებთ აზრი სცენარის არსებობის შესახებ, რომელშიც თქვენ — სულ რაღაც მძინარე პერსონაჟები ხართ. არადა უნდა შოკში უნდა გაგდებდეთ. შოკირებულნი იმიტომარ ხართ, რომ არ შეგიძლიათ მოქმედების ილუზიის ამოცნობა, ის მაინც ძალიან ძლიერია. თქვენ უბრალოდ სერიოზულად არ აღიქვამთ სიტყვებს, რომ „სცენარი გატარებთ“, — ვითომ, ეს რაღაც ხუმრობაა ან ეზოთერული „ფიშკა“. ჰო, ჰო! 

და სიტყვაზეც რომ მენდოთ, მაინც ბოლომდე ვერ აცნობიერებთ, როგორც ფილმის გმირები ვერ აცნობიერებენ, რომ ფილმის გმირები არიან. მაგრამ, იქნებ, ერთხელაც, რეალობასთან თქვენი ყველა ექსპერიმენტის შემდეგ დადგეს მომენტი, როცა ამას ცხადად გააცნობიერებთ. და აი, მაშინ ნამდვილად შოკირებულნი დარჩებით.

მანამდე კი... თქვენ მხოლოდ ბუნდოვანი ეჭვი გაქვთ სცენარის არსებობის შესახებ — ბედის ფენომენი. მაგრამ ბედი — ეს მხოლოდ ზოგადი მიმართულებაა. ბედის არჩევა შეიძლება, როგორც გზის, მაგრამ თქვენ ისეთი საძაგლები ხართ, რომ ამას სიტუაციის დამძიმების მხარეს აკეთებთ, რადგან ყველაფერში არა სარგებელს, არამედ ზიანს ხედავთ. და კიდევ იმიტომ, რომ კი არ ირჩევთ, არამედ სულ მართვას ლამობთ, რითაც კიდევ უფრო მეტად აფუჭებთ საქმეს. 

სცენარი, ბედისწერის თქვენეული გაგებისგან განსხვავებით, უფრო კონკრეტული და მკაცრია. ეს არის თქვენი მთელი ქცევისა და მოქმედებების პროგრამა მოცემულ კინოფირზე. სცენარის მართვა საერთოდ შეუძლებელია. შეიძლება მხოლოდ სხვა სცენარის არჩევა, შესაბამისი რეალობის განსაზღვრით. 

დიახ, არსებობს სცენარის მართვის ძლიერი ცდუნება, თქვენს ჩვევასთან ერთად, რომ ასე მოიქცეთ, და ასევე ილუზიასთან ერთად, რომ თქვენ ეს შეგიძლიათ. როცა ცდილობთ უშუალოდ იმოქმედოთ მოვლენებსა და ადამიანებზე, ეს შეცდომაა, რომელსაც არასწორი საქციელებისა და ნეგატიური შედეგების მთელი წყება მოჰყვება.

სცენარი ისე იწყებს მოძრაობას, რომ ღრუბლები თქვენი რეალობის ჰორიზონტზე მხოლოდ იქუფრება. და მაშინ ლაბირინთში გამომწყვდეული ვირთხების მდგომარეობაში აღმოჩნდებით. ეძებთ ხვრელებს. მაგრამ ეს არქი-რთული და არაპროდუქტიულია. 

კარგად შეიგნეთ: შეუძლებელია პირდაპირი გავლენის მოხდენა ვერც ლოკალურ სცენარზე, ვერც მოვლენათა საერთო მსვლელობაზე. შეიძლება მხოლოდ ჩაეჭიდოთ რეალობის ტილოს კიდეს და გამოიყენოთ მისი ზოგიერთი ასპექტი. სარგებელი — ერთ-ერთი ასეთი ასპექტია. და თუ არ შეიგნებთ, ყველას გაგაუქმებთ. არ მჭირდებით ასეთები! მე მაქვს ერთი ღილაკი, Delete ჰქვია, ის ყველაფერს აუქმებს... ან შლის, არ მახსოვს, უნდა შევამოწმო.

 

შემოქმედის ნაპერწკალი

ვიმეორებთ და ვიმეორებთ, ჩემო კარგებო და ლამაზებო. გამეორება თქვენთვის სასარგებლოა! ჩემთვის კი ტანჯვა... ან არა, როგორც ვამბობდი, გამეორება — თქვენთვის ტანჯვაა, ჩემთვის კი გართობა, ჩემო პატარა მწამებლებო.

— თქვენ ვერ ხედავთ და ვერ უკვეთავთ რეალობას, არამედ ცხოვრობთ მასში, როგორც თევზები აკვარიუმში. 

— თქვენ გავიწყდებათ საკუთარი ყურადღება, რადგან სცენარი მიგიძღვით. 

— კინო მხოლოდ იმიტომ გამოიგონეთ, რომ თავად ცხოვრობთ კინოსურათში. 

— კინო - რეალობის ერთ-ერთი ასპექტია, პირდაპირი გაგებით, მისი მოდელი. 

— სცენარი - ეს არის თქვენი ქცევის პროგრამა მოცემულ კინოფირზე. 

— სცენარის მართვა არ შეიძლება, შეიძლება მხოლოდ მიზნობრივი კადრის განსაზღვრა.

ისევ ვუბრუნდებით საკრალურ კითხვას: რატომ არ არის ყველაფერი ისე, როგორც მე მინდა? პასუხი უკვე იცით, ის მდგომარეობს იმაში, რომ არ იცით, რა მდგომარეობაში იმყოფებით. ყოველ შემთხვევაში, აქამდე არ იცოდით. შესაძლებელია თუ არა მოხდეს ისე, რომ იყოს, როგორც თქვენ გინდათ? პასუხი დადებითია, ოღონდ თქვენ ყველაფერს არასწორად აკეთებთ.

წარმოიდგინეთ, გაიღვიძეთ კინოსურათში. რისი შეცვლა შეგიძლიათ მასში? კინო თქვენგან დამოუკიდებლად ტრიალებს. მოვლენებზე და ადამიანებზე გავლენის მოხდენა არ შეიძლება — იქ ყველაფერი წინასწარ განსაზღვრულია. თუმცა, სწორედ ამის გაკეთებას ლამობთ. სურვილი ჩნდება იმ მომენტში, როცა გაცნობიერების ნაპერწკალი გაგიკრთებათ, რომ ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც თქვენ გინდათ. მაგრამ ამით ეს ნაპერწკალი ქრება.

იმის გამო, რომ თქვენ შეურაცხადი პერსონაჟები ხართ, მაგრამ მაინც ფლობთ თვითცნობიერებას, გიპყრობთ ძლიერი ცდუნება, მართოთ მოვლენათა მსვლელობა და ადამიანები პირდაპირ — იმოქმედოთ მათზე, და მოახდინოთ გავლენა მიმდინარე კადრში. მაგრამ მალევე რწმუნდებით, რომ ეს შეუძლებელია და მაშინ გტანჯავთ კითხვა - „როგორ?“. ამას კი ვერასოდეს გაიგებთ, რადგან სცენარი „არ წაგიკითხავთ“.

მაშ ასე, თუ სცენარი უცნობია, არც მისი მართვა შეიძლება, და არც ადამიანების, მაშინ რა უნდა ვქნათ? 

პირველი: ვამოძრაოთ მომავალი კადრი. 

მეორე: ვამოძრაოთ საკუთარი თავი. 

მესამე: ვამოძრაოთ საკუთარი თავით. 

სულ ეს არის, რაც თქვენს განკარგულებაშია.

პირველი უკვე იცით: შევუკვეთოთ მიზნობრივი კადრი. როგორ ფიქრობთ, რატომ ვიმეორებ ამ აზრს ასე ხშირად? იმიტომ, რომ მყარად ხართ ჩამჯდარი ლოკოკინის სახლში, თქვენს შაბლონში, რომლის მიხედვითაც მომავალი რეალობის შეკვეთა შეუძლებელია, არამედ მხოლოდ მიმდინარე სინამდვილესთან ომია შესაძლებელი. სინამდვილეში კი პირიქითაა. რეალობის შეკვეთით იღებთ იმ კინოფირს, სადაც სცენარი თქვენზე მუშაობს, თუ, რა თქმა უნდა, ხელის შეშვლის ნაცვლად, სარგებელს იღებთ.

მესამეზე მოგვიანებით ვისაუბროთ, ჯერჯერობით მეორე: რას ნიშნავს საკუთარი თავის მოძრაობა? აი, წარმოიდგინეთ, კინოში ხართ, კინო ტრიალებს, მისი შეცვლა არ შეგიძლიათ, თუმცა არაფერი გიშლით ხელს, შეიცვალოთ თავად. არ დაუჯეროთ მათ, ვინც გარწმუნებთ, რომ უნდა დარჩეთ ისეთებად, როგორიც ხართ. გარკვეულწილად — დიახ, არ შეიძლება საკუთარი ღერძის, თვითმყოფადობის, უნიკალურობის დაკარგვა. მაგრამ რა უნდა ქნათ ახლა — დარჩეთ ლოკოკინებად? ეს გინდათ?

უნდა შეცვალოთ საკუთარი თავი ისე, რომ არ უღალატოთ საკუთარ თავს. თქვენ მიხვდებით, რასაც ვგულისხმობ. საკუთარი თავის სრულყოფა — არ ნიშნავს საკუთარი თავის ღალატს. თქვენ თავიდანვე შექმნილი იყავით ბუნების მიერ როგორც თვით სრულყოფილება, იმ ნაკლოვანებების გათვალისწინებითაც კი, რომელიც ყველას აქვს. მაგრამ იქ, სადაც არ არის განვითარება, დეგრადაცია მიდის. ასეთია კანონი. უნდა იცოდეთ, რომ აუცილებელია საკუთარ თავზე მუშაობა, ფიზიკური და სულიერი განვითარება, თუ არ გინდათ იქცეთ დანაოჭებულ ლორწოვნებად.

თქვენს სრულყოფაზე ბევრია დამოკიდებული. თითოეულ თქვენგანში არის შემოქმედის ნაპერწკალი — ჰოდა გააღვივეთ ის. არა მბრძანებლის, არამედ სწორედ შემოქმედის ნაპერწკალი. ბრძანებლობა — კიდევ ერთი ცდუნებაა. არ შეიძლება ამ ცდუნებას აყოლა. შექმენით თქვენი რეალობა და საკუთარი თავი, როგორც სრულყოფილება. უზენაესი შემოქმედი არ არღვევს ამ წესს — ის არ გიბრძანებთ თქვენ (რა აზრი აქვს, მაინც არ უჯერებთ), ის ქმნის, და თქვენც შეგიძლიათ.

როგორ და რატომ უნდა დაკავდეთ ფიზიკური თვითგანვითარებით, ჩემს გარეშეც იცით. ვის სჭირდება დანაოჭებული ლორწოვანები, რა შეუძლიათ მათ? მხოლოდ დანაოჭება და ბედზე წუწუნი. მკაცრად და არასასიამოვნოდ ჟღერს, მაგრამ ეს სიმართლეა, რომელსაც სახლში ვერ დაემალები.

სულიერ პლანზე კი საჭიროა გახდეთ ციცინათელები ჩრდილების სამეფოში. მე უკვე აგიხსენით, როგორ გააკეთოთ ეს: გაანათეთ თქვენი ყურადღება, ანუ დროულად დააკვირდით მას, დაინახეთ საკუთარი თავი და დაინახეთ რეალობა. მხოლოდ ამის გაკეთებითაც კი, თქვენ იწყებთ ნათებას. და თუ დამატებით გამოსხივებასაც დაიწყებთ! რისას? თქვენთვის კითხვაა? ნუ, რა თქმა უნდა, იმისას, რაც თავად გიზიდათ. გამოასხივეთ სიხარული, სიყვარული და ზეიმი.

ასეთ შემთხვევაში ლოკოკინები მთელი შემოგარენიდან თქვენკენ მოცოცდებიან და რქებს გამოგიწვდიან. კინოფირის შეუცვლელადაც კი, თქვენ შეგიძლიათ საყოველთაო სიმპათიის მოპოვება. ისევ იგივე კინო ტრიალებს, თქვენ კი მასში — მეგავარსკვლავი ხართ. და ამისთვის საჭიროა — სულ არაფერი — ისწავლოთ საკუთარი ყურადღების დევნა და მისი საჭირო კალაპოტში მიმართვა. საკუთარ თავში შემოქმედის ნაპერწკლის გაღვივება — მეტად სასიამოვნო საქმიანობა და ღირსეული მიზანია, არ არის მართალი?

და კიდევ ორ ნიუანსს გაგაცნობთ:

1.     საჭიროა არა მხოლოდ „რეალობის შეკვეთა“, არამედ იმის კეთება, რაც თქვენგან მოითხოვება სცენარით. ჯერ შეუკვეთეთ, ხოლო შემდეგ, ახალ კინოფირზე გადახტომისას, მოიმოქმედეთ ყველაფერი აუცილებელი: წადით, თქვით, გააკეთეთ. დიახ, აი ეს ყველაფერი უკვე მიმდინარე კადრში. თქვენ ხომ არ გეგონათ, რომ მხოლოდ გონებრივი განწყობებით, დივანზე წამოწოლილი, იაფად გახვიდოდით ფონს?

2.     სარგებელი არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის მიიღოთ, არამედ დანარჩენ ლოკოკინებსაც დართოთ ამის ნება. სარგებელი საკუთარ თავს და სარგებელი სხვებს — უნდა შევიდეს თქვენი კრედოს სიაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისევ დაიწყება იგივე უაზრო აურზაური მოვლენებისა და ადამიანების მართვის თქვენეული სწრაფვით. აი ასე, აი ასე, ჩემო დიდებულებო!

 

ძალის ბრძანებები

მოდით ჩემთან, ჩემო ლოკოკინებო! მინდა გაგახაროთ. იცით, რაში მდგომარეობს სცენარის ძირითადი ჩანაფიქრი თქვენი 20 წლის შემდეგ? თქვენს დეგრადაციაში. გიხარიათ? რატომაც არა? თქვენ გაქვთ იმედი, თქვენ გყავართ მე!

— თქვენ არ შეგიძლიათ მოცემული კინოფირის შეცვლა, მასში გაღვიძების შემთხვევაშიც კი. 

— მაგრამ, რეალობის შეკვეთით, თქვენ იღებთ სხვას, სადაც სცენარი თქვენზე მუშაობს. 

— თუ არ იქნება განვითარება, დაიწყება დეგრადაცია. 

— თქვენ თავიდანვე შექმნილი ხართ, როგორც თვით სრულყოფილება. 

— თითოეულ თქვენგანში არის შემოქმედის ნაპერწკალი. 

— როდესაც თვითგანვითარებით დაკავდებით, თქვენ აღვივებთ საკუთარ თავში შემოქმედის ნაპერწკალს. 

თქვენ გაქვთ არჩევანი: ან ნება დართოთ სცენარს გამოძრაოთ თქვენ, ან აიღოთ საკუთარი თავი ხელში, რათა ამოძრაოთ საკუთარი თავი და ამით მნიშვნელოვნად გადადოთ ჩანაფიქრის აღსრულება.

ახლა კი, სანამ შევუდგებოდე იმის ახსნას, თუ რას ნიშნავს „ამოძრაო საკუთარი თავი“, კიდევ ერთხელ უნდა დავუბრუნდე საკითხს სცენარის მართვისკენ თქვენი სწრაფვის შესახებ. იმიტომ, რომ ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. და კიდევ იმიტომ, რომ ეს თქვენი პარანოიაა, ჩემო აბეზარებო. მიწევს მუდმივად აგიხსნათ, რის გაკეთება არ შეიძლება და რა არის ის, რისი გაკეთებაც არ შეიძლება. დაცქვიტეთ რქები და ყურადღებით მომისმინეთ.

თქვენ მუდმივად რაღაც გინდათ ადამიანებისგან ან მოვლენებისგან, ცდილობთ აიძულოთ ისინი ან როგორმე ისე იმოქმედოთ, რომ თქვენებურად იყოს, და ამავე დროს იტანჯებით კითხვით, როგორ განახორციელოთ ეს ყველაფერი. მაგალითად, გსურთ შთაბეჭდილება მოხდინოთ საპირისპირო სქესის წარმომადგენელზე, და პაემანზე დაითანხმოთ იგი. ამისთვის, თქვენი გაგებით, ჩხიკვის საქორწილო ცეკვას იწყებთ, მაგრამ საბოლოოდ უარს იღებთ. რატომ?

დაჯილდოებული ხართ რა თვითცნობიერებით, თქვენ სვამთ კითხვას „როგორ?“ და აგებთ ცდუნების მთელ სტრატეგიას საკუთარი მოსაზრებებიდან გამომდინარე. დიახ, ასეთი კითხვის დასმის მომენტში თქვენში იღვიძებს თვითცნობიერება და ისვე გიშლით ხელს, რადგან თავში გიტრიალებთ არა მიზანი, არამედ თქვენი სულელური მოსაზრებები იმის შესახებ, თუ როგორ განახორციელოთ ის. თქვენს მიერ გამოგონილი სცენარი წინააღმდეგობაში მოდის რეალურთან, მაგრამ თქვენ თქვენსას მიერეკებით და საბოლოოდ ყველაფერს აფუჭებთ.

ჩხიკვი, თქვენგან განსხვავებით, სრულიად გაუცნობიერებლად მოქმედებს, -მთლიანად ემორჩილება სცენარს, როგორც ინსტინქტს. ჩხიკვს მეტი შანსი აქვს, რადგან მის თავში მხოლოდ მიზანია და არავითარი საკუთარი მონაჩმახი საკითხზე -  „როგორ?“. თქვენ არასდროს გიცდიათ ასე მოქმედება, ასე არაა? აბა სცადეთ. უბრალოდ მიდით თქვენს რჩეულთან და, ყოველგვარი ფიქრის გარეშე, თქვით და გააკეთეთ ის, რაც თავში მოგივათ. თუ ფიქრებში მხოლოდ მიზანია, სცენარი თავად მიგიყვანთ მიზნამდე.

ერთადერთი განსხვავება ჩხიკვისგან თქვენს ქცევაში უნდა იყოს საკუთარ თავზე გაცნობიერებული დაკვირვება. თქვენ უნდა ადევნოთ თვალი საკუთარ თავს, საკუთარ ყურადღებას, რათა ის კვლავ არ გადაეშვას საკუთარი გეგმის გამოგონებაში, არამედ მიჰყვეს სცენარის ძლივს შესამჩნევ ბიძგებს, როგორც ძალის ბრძანებებს.

ეს ერთდროულად რთულიცაა და მარტივიც. რთულია, იმიტომ რომ ეს თქვენთვის უჩვეულო და არასტანდარტულია: საკუთარ მოტივებზე უარი თქვათ, გარე ძალას კი დაემორჩილოთ. და მარტივია იმიტომ, რომ ძალის ამ ბრძანებებს თავად იგრძნობთ, თუ გააზრებულად და განზრახ დართავთ ნებას, გატაროთ.

აი, ახლა აცნობიერებთ, რაზე გიყვებით? სულ იმავეზე, კინოსურათში ცოცხლად სეირნობის პრინციპებზე. ეს პრინციპები პარადოქსულია. პარადოქსულია იმიტომ, რომ ეწინააღმდეგება თქვენს წარმოდგენებსა და ჩვევებს. თქვენ გაუცნობიერებელ მდგომარეობაშიც ეწინააღმდეგებით სცენარს, ხოლო როცა იღვიძებთ, კიდევ უფრო მეტად გინდათ იმოქმედოთ თქვენი ნება-სურვილით.

არადა პირიქით უნდა მოიქცეთ და იაზროვნოთ. რეფლექსურად და გაუცნობიერებლად კი არ შეეწინააღმდეგოთ, არამედ განგებ და გააზრებულად დაემორჩილოთ. წარმოიდგინეთ, რომ მანეკენი ხართ, გაქვთ ცვილის სახე, უსიცოცხლო გამოხედვა და მოძრაობთ როგორც დაქოქილი, უსულო. მაგრამ უცებ შედიხართ გაცნობიერების მდგომარეობაში, თვალები გინათდებათ და... და ეს ერთადერთია, რაც უნდა გამოგარჩევდეთ.

თქვენ, რა თქმა უნდა, გაანათებთ განსაკუთრებული შინაგანი სინათლით და გამოიწვევთ მძინარეებში თქვენდამი გაუცნობიერებელ სიმპათიას. სხვა მხრივ კი არ უნდა გამოირჩეოდეთ, არამედ მიჰყვებოდეთ, როგორც ყველა, კინოფირის დინებას. გაღვიძებული, თქვენ აგრძელებთ მექანიკურ მოძრაობას სხვა მანეკენების ბრბოში და აკეთებთ იმავეს, რასაც ყველა, ისე, რომ არ ამჟღავნებთ საკუთარ ყოფნას. თავს იმძინარებთ, თავად კი ჩუმად ცვლით კინოფირებს.

ხომ არ დაგავიწყდათ, რა ჰქვია ამას? მოქმედების იმიტაცია. გააზრებულად რთავთ ნებას სცენარს, რომ გატაროთ, სინამდვილეში კი თქვენ თავად ატარებთ საკუთარ თავს, იყენებთ რა სცენარის ძალასა და სიბრძნეს. და მაშინ ყველაფერი შეუფერხებლად და კარგად გამოდის. ნებისარდართვით კი - ყველაფერს აფუჭებთ. თქვენთან „ყველაფერი ისე არაა, როგორც მე მინდა“ გამოდის მათ შორის იმიტომაც, რომ ნებას არ რთავთ.

ვიღაც შეიძლება შეგედავოთ: რატომ უნდა მჯეროდეს და დავეყრდნო სცენარის ძალასა და სიბრძნეს, რომელსაც მივყავარ გაურკვევლად სად, და საერთოდ აქვს კი მას ეს ძალა და სიბრძნე? მით უმეტეს, აქვს კი მას დაინტერესება იმაში, რომ იყოს “ისე, როგორც მე მინდა”? 

დაინტერესება, როგორც ასეთი, სცენარს, რა თქმა უნდა, არ აქვს. მაგრამ გარკვეული გაგებით ის დაგიჯერებთ თქვენ, თუ თქვენ დაუჯერებთ მას. რატომ დაგიჯერებთ და რატომ უნდა დაეყრდნოთ მას, ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ. მანამდე კი ვუპასუხოთ მარტივ კითხვას: შესაძლებელია თუ არა მას გაუწიო წინააღმდეგობა პრინციპში, და ღირს თუ არა ამად?

დავუშვათ, თქვენი რჩეული დაგთანხმდათ პაემანზე. რას აკეთებთ ჩვეულებრივ, ემზადებით რა შეხვედრისთვის? აგებთ თქვენს გეგმას და თქვენს მოლოდინებს. მოვლენებისგან გინდათ, რომ ყველაფერი თქვენი გეგმით წავიდეს, ხოლო რჩეულისგან ელით, რომ ისე მოიქცევა, როგორც თქვენ მოგწონთ. რეალობაში კი ყველაფერი სხვანაირად გამოდის, რაც წარმოშობს თქვენს უკმაყოფილებას ნეგატიურ რეაქციებთან და შედეგებთან ერთად. მაგრამ თავად განსაჯეთ: რატომ უნდა აეწყოს მოვლენები ისე, როგორც თქვენ ჩაიფიქრეთ, ადამიანები კი მოიქცნენ ისე, როგორც თქვენ ელოდით? ეს იგივეა, უყურებდე ფილმს ან სერიალს და გინდოდეს სიუჟეტისგან, რომ ის თქვენი სცენარის შესაბამისად განვითარდეს, ხოლო გმირებისგან — რომ ისინი მოიქცნენ თქვენი მოლოდინების შესაბამისად. გამოგივათ ეს? არა. აი, აბსოლუტურად ყველაფერი ასევეა იმ კინოშიც, რომელსაც თქვენს ცხოვრებად თვლით.

 

მიყოლა

ჰეი-ჰეი, უკვე უფრო მხიარულადაა საქმე! უკვე ბევრი რამ იცით, ჩემო კარგებო, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის საკმარისი იმისთვის, რომ კინოსურათში თავისუფლად ისეირნოთ. ვიმეორებთ-ვიმეორებთ!

·       კითხვას „როგორ?“ მიჰყავხართ მიზნობრივი განწყობებისა და თავად მიზნისგან შორს.

·       სურვილი „ყველაფერი ჩემებურად იყოს“ ყველაფერს აფუჭებს და ისიც მიზნისგან შორს გტოვებთ.

·       სცენარისთვის წინააღმდეგობის გაწევა უამრავ უსიამოვნებას მოგიტანთ.

·       თუ ფიქრებში მხოლოდ მიზანია, სცენარი თავად მიგიყვანთ მასთან.

·       კი არ შეეწინააღმდეგოთ, არამედ ადევნეთ თვალი საკუთარ თავს და მიჰყევით კინოფირის დინებას.

·       ისწავლეთ ძალის ბრძანებების შეგრძნება და დაემორჩილეთ ძალის ბრძანებებს.

თუ მიმდინარე კინოფირზე მოვლენებისა და ადამიანების მართვა შეუძლებელია, მაშინ რა უნდა ვქნათ? გაუშვით ორივენი, ნება დართეთ კინოფირს იტრიალოს ისე, როგორც ტრიალებს, ადამიანებს კი იცხოვრონ ისე, როგორც ცხოვრობენ. რად გინდათ მიმდინარე კინოფირი, თუკი მისი შეცვლა შეგიძლიათ? და საერთოდ რატომ გადაწყვიტეთ, რომ გაქვთ უფლება ადამიანებზე გავლენა მოახდინოთ? გაუშვით ისინი ყველანი, და ისინიც გაგიშვებენ, მეტიც — მოვლენ თქვენთან და გააკეთებენ ყველაფერს, რაც გინდათ. მაგრამ ამაზე მოგვიანებით.

კვლავ შეგახსენებთ: თავში უნდა გქონდეთ არა მოვლენათა მსვლელობა ან ადამიანების ქცევა (საქციელი), არამედ საბოლოო შედეგი — მიზნობრივი კადრი. არ შეიძლება და შეუძლებელია სცენარისთვის წინააღმდეგობის გაწევა, თანმყოფობის მდგომარეობაშიც კი. რეალობაში ყველა ცვლილება, რომელიც თქვენი ნებით მოხდება — ეს სხვა კინოფირზე გადასვლის შედეგია. მიმდინარე კინოფირზე სცენარს ვერაფერს უზამთ.

ვიღაც შეგედავებათ: აი, მე გავიღვიძე და გაცნობიერებულად, განზრახ მოვინდომე სცენარიდან გამოვარდნა. დავუშვათ, ჩავიდინე რაღაც განსაკუთრებული, მაგალითად, სრულიად უმიზეზოდ ვინმეს რქებში წავუთაქე. შეიძლება მეც მომხვდეს საპასუხოდ, მაგრამ ხომ დავარღვიე სცენარი თანმყოფობის მდგომარეობაში ყოფნისას!

ჯერ ერთი, თქვენ ვერ დაამტკიცებთ, რომ ეს თქვენი „ფინტი“ სცენარში არ შედიოდა. მეორეც, ჰქენით ეს ფინტები რამდენიც გინდათ, მაგრამ რა სარგებელი? ჩვენ ვსაუბრობთ თქვენი პრობლემების მოგვარებასა და რთულად მისაღწევი მიზნების მიღწევაზე, იმაზე, თუ რატომ არ გიხდებათ ოცნებები. რეალობასთან ფინტებს არავითარ სასარგებლო შედეგამდე არ მივყავართ. რეალობასთან ხუმრობა არ შეიძლება, მას დელიკატურად უნდა მოეპყროთ. აი რაზეა საუბარი.

ყველაფერი დანარჩენი — წვრილმანია, ასევე წესებიდან მცირე მნიშვნელობის გამონაკლისები, რომლებიც უდავოდ არსებობს და რომლებსაც თქვენი ექსპერიმენტების მსვლელობისას შეამჩნევთ. მაგრამ ყველა ეს წვრილმანი არ ღირს ყურადღებად. სჯობს კონცენტრირება მოახდინოთ მთავარზე, იმაზე, რასაც პრინციპული მნიშვნელობა აქვს. ამიტომ გადავიდეთ კონკრეტიკაზე.

კინოსურათში სეირნობის აზრი და პრინციპი იმაში კი არ მდგომარეობს, რომ გაღვიძებისთანავე თვითნებური მოქმედებები დაიწყოთ, არამედ იმაში, რომ  პირიქით — გაცნობიერებულად დაემორჩილოთ. რეალობის შეკვეთა და კინოფირის შეცვლა — აი რაში მდგომარეობს თქვენი თვითნებობა. ყველაფერ დანარჩენში კი — გაიღვიძეთ, დააკვირდით და მიჰყევით.

გაღვიძება იმისთვის, რომ გააზრებულად გააკეთოთ სამი რამ:

1.     უარი თქვათ სცენარის მართვაზე.

2.     დაიწყოთ სცენარის მიყოლა.

3.     შეუკვეთოთ მიზნობრივი კადრი.

დაკვირვება იმისთვის, რომ...

1.     ადევნოთ თვალი საკუთარ ყურადღებას.

2.     ადევნოთ თვალი და მიიღოთ სარგებელი.

3.     ადევნოთ თვალი და გაანათოთ მომავალი კადრი.

მიყოლა იმისთვის, რომ გამოიყენოთ სცენარის ძალა და სიბრძნე. სცენარი, როგორც მდინარე, ყოველთვის ოპტიმალური გზით მოძრაობს. თქვენი პირველი საქმეა — მიუთითოთ მას დანიშნულების პუნქტი, მიზანი. როგორ მიაღწიოს ამ მიზანს, ამას თქვენ ვერ გამოთვლით. ძალიან ბევრი ვარიანტია, ნიუანსი, ადამიანი, გარემოება, მოვლენა და ყველა მათგანი — ერთი განტოლების უცნობი ცვლადია. სცენარი კი ასეთ ამოცანას სიმსუბუქით გადაჭრის. ამიტომ თქვენი მეორე საქმეა — მიჰყვეთ მას.

მიყოლა — ეს არ არის ზუსტად ის, რაზეც ვსაუბრობდით სარგებლისა და ნების დართვის პრინციპების განხილვისას. მიყოლა — ეს არის უნარი, იგრძნოთ ძალის ბრძანებები და დაემორჩილოთ მათ. მაგრამ შეგრძნება ყოველთვის არცაა საჭირო. ხშირად საკმარისია გააზრებულად დააკვირდეთ, როგორ ვითარდება მოვლენები და უბრალოდ მიიღოთ ისინი, იმოქმედოთ შესაბამისად და არა წინააღმდეგობის გაწევით.

იმისთვის, რომ იგრძნოთ, საით გიბიძგებთ სცენარი, საკმარისია შეხვიდეთ თანმყოფობის მდგომარეობაში, დაინახოთ საკუთარი თავი და დაინახოთ რეალობა. თუ რეალობა არ იძლევა მკაფიო პასუხს, საით წახვიდეთ, ესე იგი უფრო ყურადღებით უნდა მოუსმინოთ საკუთარ თავს, საკუთარ შეგრძნებებს. თანმყოფობის მდგომარეობაში თქვენ ამას შეძლებთ, მარტივად. რთულია მხოლოდ დროულად საკუთარი თავის დაფიქსირება, რათა გაიღვიძოთ.

აქ თქვენ დაგეხმარებათ ყველანაირი აქტივატორი, რომლებიც ჩვენ გამოვიყენეთ ყურადღების თვალთვალის, კადრის განათებისა და სარგებლის ალგორითმებში. აქტივატორების გამოყენება აუცილებელია ყველასი და მუდმივად, რათა ისინი ჩვევაში გადავიდეს. მხოლოდ ასე შეიძლება ისწავლოთ დროულად გაღვიძება. არ იქნება ასეთი ჩვევა — არაფერი იქნება. დროულად გაღვიძების უნარი — ეს მთავარია.

გარდა ჩამოთვლილებისა დამატებით გაძლევთ კონტროლის აქტივატორებს. თქვენი ყველაზე მავნე ჩვევაა სწრაფვა ყველაფრის კონტროლისკენ: სცენარის, მოვლენების, ადამიანების.

1.     მე რაღაც მინდა ადამიანებისგან ან მოვლენებისგან.

2.     მე მინდა, რომ ყველაფერი ჩემი გეგმით წავიდეს.

3.     რაღაც ისე არ მიდის, როგორც მე მინდა.

აუცილებელია ჩვევა „კონტროლი“ ჩაანაცვლოთ ახალი ჩვევით — გაშვება და მიყოლა. ახლა კი უშუალოდ მიყოლის ალგორითმი:

1.     დაიჭიროთ საკუთარი თავი კონტროლის აქტივატორზე.

2.     გაიღვიძოთ: ვხედავ საკუთარ თავს და ვხედავ რეალობას.

3.     დაუსვათ კითხვა საკუთარ თავს, იგრძნოთ: რას ამბობს პირველი ბრძანება?

4.     თუ პასუხი ნაპოვნია, მიჰყევით ბრძანებას.

5.     თუ პასუხი არ არის, განსაზღვრეთ მიზნობრივი კადრი და კვლავ ისწრაფეთ მიყოლისკენ.

 

გარეგანი ძალა

აბა როგორ ხართ, ჩემო მშვიდებო და უპრეტენზიოებო, გაითავისეთ, რომ ცოცხლად სეირნობა — სულაც არაა ისეთი ისეთი ტიპის თავაშვებულობა, როგორიცაა - „რაც მინდა, იმას ვიზამ“? პირიქით, სეირნობისას მე თავად სიმშვიდე ვარ: „ვიქცევი წყნარად, არ ვამჟღავნებ ყოფნას, ვაკვირდები და მივყვები“. მაგრამ თქვენ ასევე მიხვდით, რომ სინამდვილეში ეს ყველაფერი — ერთი დიდი თავის მოჩვენება და იმიტაციაა. ვიმეორებთ პრინციპებს:

·       გაღვიძება, დაკვირვება, მიყოლა.

·       მიზნობრივი კადრის განსაზღვრა და სცენარის მიყოლა.

·       მიყოლა, რათა გამოიყენოთ სცენარის ძალა და სიბრძნე.

·       აქტივატორების მუდმივი გამოყენება, რათა ისინი ჩვევაში გადავიდეს.

·       ჩვევა „კონტროლი“ ჩაანაცვლოთ სხვა ჩვევით — გაშვება და მიყოლა.

·       მიყოლა — ეს არის უნარი, იგრძნოთ ძალის ბრძანებები და დაემორჩილოთ მათ.

(ოღონდ არ აურიოთ ძალის ბრძანება თქვენი სისუსტეებისა და ცუდი მიდრეკილებების აყოლის სურვილში, ჩემო ტკბილებო!)

მიჰყვებით რა პირველ იმპულსს, ბრძანებას ან, როგორც მას კიდევ უწოდებენ, ინტუიციას, წინათგრძნობას, თქვენ აკეთებთ სწორ ნაბიჯს. ხოლო ბრძანების დაუჯერებლობით — უშვებთ შეცდომას. თქვენი ურჩობა არ არის თქვენი თავისუფლების ტოლფასი. თქვენ სცენარის მორჩილებიდან მხოლოდ ერთი წამით გამოდიხართ, რათა შეცდომა დაუშვათ. შემდეგ ის კვლავ გაბრუნებთ თავის მორევში, ოღონდ უკვე უარესი პროგრამით, დაშვებული შეცდომის გათვალისწინებით.

ამ შემთხვევაში თქვენი ურჩობის მიზეზი თქვენი თვითცნობიერებაა, ან უფრო ზუსტად — თქვენი ამპარტავნება. ის თქვენს საზიანოდ მუშაობს, რადგან არაგონივრულად იყენებთ — სწორი მოქმედებების ნაცვლად არასწორს ასრულებს. თქვენმა ამპარტავნებამ არ იცის, სად და რა მდგომარეობაში იმყოფება. მე კი დაწვრილებით გიყვებით, რომ თქვენ კინოში ხართ, პერსონაჟების მდგომარეობაში, და ასევე გიხსნით, როგორ უნდა იმოქმედოთ სწორად, რათა გამოხვიდეთ ამ მდგომარეობიდან.

წინა გაკვეთილებზე ვსაუბრობდით იმაზე, რომ სცენარი — ეს არის ყველა თქვენი ქცევისა და ყველა თქვენი მოქმედების პროგრამა მოცემულ კინოფირზე. მაგრამ ნუთუ აბსოლუტურად ყველასი? არსებობს ორი გამონაკლისი: სასარგებლო და მავნე. მავნე უკვე დავასახელე — ეს სცენარისადმი ურჩობაა. სასარგებლო გამონაკლისი კი ჩნდება იმ მომენტში, როცა თქვენ იღვიძებთ და გააზრებულად უკვეთავთ რეალობას. ეს ერთადერთია, რაც სცენარში არ შედის. სცენარით არ არის გათვალისწინებული გამონაკლისი, რომლის მიხედვითაც თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ კინოფირი და ამგვარად სხვა სცენარის მფლობელობაში აღმოჩნდეთ.

ხედავთ, რა საინტერესოდაა მოწყობილი სამყარო: სცენარმა არ იცის კინოფირების შეცვლის თქვენი უნარის შესახებ. შემოქმედმა თქვენ ასეთი პრივილეგია გიბოძათ. თქვენ გარდა, არცერთ სხვა ცოცხალ არსებას ასეთი რამ არ გააჩნია! თქვენ თავად ხართ საერთო წესებიდან გამონაკლისი. მაგრამ არ იყენებთ! სცენარიც კი, როგორც უკვე ვთქვი, შეიძლება თქვენი მორჩილი იყოს. რა გაგებით? როცა თქვენ რეალობას განსაზღვრავთ, მიმდინარე სცენარი გიშვებთ და ადგილს უთმობს სხვას, იმ კინოფირზე, სადაც გადაადგილდებით მიზნობრივი კადრის განათების მომენტში.

როგორც იცით, თქვენ გაგაჩნიათ განზრახვის ორი ცენტრი — შინაგანი და გარეგანი. შინაგანი ცენტრი შუბლის მიდამოში მდებარეობს. გარეგანი — ნაწნავის ბოლოზე. შინაგანი განზრახვა პასუხისმგებელია თქვენს ჩვეულებრივ ფუნქციონირებაზე მიმდინარე კადრში. გარეგან განზრახვაზე ჯერ მხოლოდ გაკვრით იყო საუბარი, როცა საქმე ეხებოდა პრინციპს „არაფერ შუაში ყოფნა“.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ: თქვენ ცოცხლად სეირნობთ კინოში, როცა ყურადღებით ესწრებით, ხოლო განზრახვით ამოძრავებთ. ამოძრავებთ კადრს, ოღონდ არა თქვენი ვიწრო შინაგანი განზრახვით, არამედ გარეგანით. გარეგანი განზრახვა იმიტომ ჰქვია, რომ ის თქვენი არ არის, თქვენ არ გეკუთვნით და არ გემორჩილებათ. მაშინ როგორ უნდა ვამოძრაოთ, და საერთოდ რა არის ეს?

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სცენარი სწორედ გარეგანი განზრახვაა, თუმცა ეს მთლად ასე არ არის. არსებობს რაღაც, რაც სცენარზე მაღლა დგას. გარეგანი განზრახვა — ეს არის გარკვეული ძალა, რეალობის „ძრავა“. მისი აქტიური შემადგენელი კინოფირებს ისე ატრიალებს, როგორც მათ უწერიათ ტრიალი. ვის მიერ და რატომ არის დაწერილი — დიდი და რთული საკითხია და ჩვენ მას არ განვიხილავთ. ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია ის, თუ რისი მოხერხება შეგვიძლია ამ „ბედისწერასთან“.

ძალაზე პირდაპირ ზემოქმედება ან მასზე როგორმე გავლენის მოხდენა შეუძლებელია, მაგრამ ირიბად გამოყენება — შეიძლება. თქვენ გაქვთ ძალასთან წვდომის წერტილი — თქვენი გარეგანი ცენტრი, ნაწნავი. თუ თქვენ შეურაცხადი ხართ, ძალა უკავიხართ ნაწნავის ბოლოთი და სცენარის მიხედვით გატარებთ, როგორც მარიონეტს. ხოლო როცა გაღვიძებისას დასწრების მდგომარეობაში შედიხართ და ნაწნავს „თქვენს ხელში“ იღებთ, ძალას უჩნდება მისი რეაქტიული შემადგენელი — მეტაძალა. აი სწორედ ის უშვებს სხვა კინოფირს, თქვენ მიერ განსაზღვრული კადრის შესაბამისად.

ალგორითმი, თუ როგორ უნდა მოვეპყროთ ნაწნავს, ჩვენ უკვე გავიარეთ. კიდევ ერთხელ გავიმეოროთ:

1.     გაიღვიძოთ და შეხვიდეთ გაცნობიერების (თანმყოფობის) წერტილში.

2.     გაააქტიუროთ ნაწნავი (მიაქციოთ მას ყურადღება, იგრძნოთ ის).

3.     ყურადღების ნაწნავიდან მოუშორებლად, შეუკვეთოთ, განსაზღვროთ მიზნობრივი კადრი.

როგორც კი დასწრების მდგომარეობაში შეხვედით, თქვენი ყურადღება თქვენი გახდა. როგორც კი ნაწნავი გაააქტიურეთ, მარიონეტის ძაფიც თქვენს ხელში აღმოჩნდა. ახლა თქვენ ისე, რომ ხელიდან არ უშვებთ თქვენს ძაფს, მიმართავთ ყურადღებას შინაგან ეკრანზე და იქ ხატავთ მომავლის სურათს — განსაზღვრავთ მიზნობრივ კადრს.

ყურადღება იმყოფება ერთდროულად შინაგან ეკრანზეც და ნაწნავზეც. ყურადღება ნაწნავს გრძნობს, ხოლო ეკრანზე (ვიზუალურად და/ან სიტყვებით, ფიქრებით) ხატავს. ხატავს არა შინაგანი ცენტრიდან, არამედ გარეგანიდან, რომელიც თითქოს თქვენია, მაგრამ არც არის თქვენი. თქვენ იყენებთ არა ცხად და საგრძნობ ძალას, არამედ წარმოსახვით და ხელშეუახებ მეტაძალას, რომელიც მოქმედებს სადღაც თქვენს ზურგს უკან და თქვენგან დამოუკიდებლად.

თქვენ არაფერ შუაში ხართ, პირდაპირ არაფერს აკეთებთ, არამედ მხოლოდ ირიბად უწყობთ ხელს და აკვირდებით, როგორ კეთდება ეს თავისით. არ აძალებთ, არამედ ნებას რთავთ, რომ თავისით გაკეთდეს. დაიჭირეთ და დაიმახსოვრეთ შეგრძნება, რომელიც ჩნდება ზურგს უკან და თქვენგან დამოუკიდებლად — ეს თქვენი შეხებაა ძალასთან. თუ ისწავლით ამ შეგრძნების ფლობას, ძალა თქვენთან იქნება.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff