გარდასახვა
აქეთ-აქეთ ჩემო ყვითელ-პირებო და მუცელღორებო! სახლუკებიდან გამოვძვრეთ, გუნდად შევიკრათ, და წინა გაკვეთილი გავიხსენოთ.
გაღვიძების და დასხივების ალგორითმი სცენარისგან გწყვეტთ. თქვენ ხართ მანეკენები, რომლებმაც ვიტრინიდან გადმოაბიჯეთ და საკუთარი საქმეებისკენ გაეშურეთ. კინოსურათში რჩებით, მაგრამ ამავდროულად ამოვარდნილი ხართ თანმიმდევრობისგან.
კინოფირისგან მოწყვეტილებს, შესაძლებლობა გეძლევათ, რომ საკუთარი კინო შეუკვეთოთ. კადრის მოძრაობის მართვა მარტივ მოვლენებზე - ესაა თქვენი ვარჯიში და სისტემის განახლება.
და კიდევ წარმოსახვა. ლოკოკინებიდან თანდათანობით ციცინათელებად იქცევით. როცა კადრს ასხივებთ, თქვენგან შინაგანი სინათლე გამოდის, და სასურველი მოვლენები ისე მოფრინავენ თქვენსკენ, როგორც ფარვანები.
მანათობელი არსებები, რომლებიც წინ იყურებიან, - ასეთად ჩაგიფიქრათ შემოქმედმა. და ასეთები იყავით, სანამ მოქმედების ილუზიაში არ ჩაიძირეთ.
ბევრი რამ დაიკარგა, მაგრამ რაღაცის დაბრუნება შესაძლებელია. გინდათ, რომ ციცინათელები გახდეთ? მაშინ ცოცხლად - უთვალთვალებთ მომავალ კადრს, უთვალთვალებთ საკუთარ თავს, უკვეთავთ რეალობას.
გარშემომყოფები - ისინი, ვინც ჯერ კიდევ ლოკოკინებად რჩებიან, - რქებს გამოიწვდნენენ თქვენსკენ და ცნობისმოყვარეობით მოგიახლოვდებიან. თავიდან ყველაფერი არ გამოგივათ. შესაძლოა გესმოდეთ, რომ შეგიძლიათ რეალობის შეკვეთა, მაგრამ სადღაც სიღრმეში ეჭვები გექნებათ. ეს ნიშნავს, რომ სისტემის განახლება ჯერ არ დასრულებულა. სწორედ ამისთვისაა საჭირო ვარჯიში, რომ აქტიურ რეჟიმში გადაგიყვანოთ, წინ ყურება გასწავლოთ და არა ფეხებქვეშ, და რომ საბოლოოდ - არა, არ გაგანადგუროთ (არადა ხელები მექავება) - დაგარწმუნოთ იმაში, რომ თქვენ ნამდვილად, გასაოცრად, თავბრუდამხვევად შეგიძლიათ რეალობის შეკვეთა.
არის მხოლოდ ერთი ნიუანსი. თქვენ უნდა ეცადოთ მცდელობის გარეშე, ჩემო მუყაითებო. კადრის წარმატებული განათებისთვის მნიშვნელოვანია არა ძალისხმევა, არამედ კონცენტრაცია. შეგიძლიათ კონცენტრირება თუნდაც ორი წუთით? ნუ, თუნდაც ერთი წუთით. აი, ეს არის ყველაფერი, რაც თქვენგან მოითხოვება. შეასრულეთ დასხივების ალგორითმი მშვიდად და ძალდაუტანებლად. დაძაბვის უფლებას არ გაძლევთ. არ შეიძლება, არ შეიძლება!
თუნდაც ერთი წუთით. აი, ეს არის ყველაფერი, რაც თქვენგან მოითხოვება. შეასრულეთ დასხივებისალგორითმი მშვიდად და ბუნებრივად. დაძაბვა აკრძალული გაქვთ. არ შეიძლება, არ შეიძლება!
რატომ? იმიტომ, რომ ძალისხმევის გამოყენებით განზრახვის შინაგან ცენტრს ააქტიურებთ, რეალობა კი, როგორც უკვე გავიარეთ, გარეგანი ცენტრისგან იმართება.
რას აკეთებთ ჩვეულებრივ, როცა მთელი ძალით ცდილობთ? ცდილობთ უკვე მომხდარ სინამდვილეს ეომოთ? და რას გააკეთებთ კარსმომდგარი რეალობის მიმართ? აბსოლუტურად იგივეს. ასეთი ჩვევა გაქვთ. ყველაფრის თქვენზე მორგებას ცდილობთ, რომ თქვენებურად იყოს. მაგრამ შეცვლა - ვერც მომხდარის და ვერც იმის, რაც ჯერ არ მომხდარა - ვერ მოხერხდება. განა შეიძლება უკვე გადაღებული ფილმის შეცვლა? მომავლის მხოლოდ არჩევა შეიძლება, როგორც ფირის არქივიდან. გესმით სხვაობა? მშვიდად და ძალდაუტანებლად.
მიაქციეთ ყურადღება: თუ კადრის დასხივებისას თქვენი კუნთები იძაბება, ეს ნიშნავს, რომ ვიწროშუბლიანი (შიგა) განზრახვა მუშაობს. მუშაობა კი საჭიროა მხოლოდ გარეგანი ცენტრით - ნაწნავით. ეს ის არ არის, რაც უნდა დაძაბოთ, ან იარაღად გამოიყენოთ.
ნაწნავი აქტიურდება მსუბუქად და ძალისხმევის გარეშე - საკმარისია გაიხსენოთ იგი, იგრძნოთ, მშვიდად მოახდინოთ მასზე კონცენტრირეება. შემდეგ ნაწნავის შეგრძნების გაუშვებლად - მოახდინეთ კონცენტრირება კადრზე, რომლის შეკვეთაც გსურთ. ასევე მსუბუქად, ძალისხმევის გარეშე წარმოიდგინეთ სასურველი სურათი. კუნთები უნდა იყოს მოდუნებული - ისინი აქ საჭირო არ არის და არაფერ შუაშია. მშვიდი კონცენტრაცია ნაწნავსა და კადრზე - აი, რა არის საჭირო.
თქვენი ამოცანა ის კი არაა, რომ აიძულოთ რეალობა დაგემორჩილოთ, არამედ მისცეთ მას ნება, თავად მოვიდეს თქვენთან. ძალით მას ვერ აიძულებთ. პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ არ ჩაეჭიდოთ რეალობას, არამედ მხოლოდ გაანათოთ იგი გარეგანი ცენტრით - ნაწნავით. თქვენ ერთდროულად ხართ კინოპროექტორიცა და მაყურებელიც. ზურგიდან კადრის პროეცირებას ახდენთ, წინ კი უყურებთ კინოს ისე, თითქოს თავად არაფერ შუაში ხართ.
გარეგანი ცენტრი (უნდა შეგემჩნიათ ეს) - ის თითქოს თქვენია და ამავდროულად არ არის თქვენი. ნაწნავის დაძაბვა შეუძლებელია - შეიძლება მხოლოდ მისი აქტივაცია და მისგან ფიქრების ნაკადის გაშვება. არა წინიდან, არამედ ზურგს უკნიდან. არა ჯიუტი, სულელი შუბლიდან, როგორც მიჩვეული ხართ, არამედ ნაწნავიდან - გესმით? თქვენ მხოლოდ ასხივებთ კადრს, ის კი თავად მატერიალიზდება. თქვენ არაფერ შუაში ხართ! აი ასე!
რატომ არის ასე მნიშვნელოვანი, რომ თქვენ „არაფერ შუაში“ იყოთ? კვლავ და კვლავ ვიმეორებ, ჩემო კარგებო: იმისთვის, რომ იმუშაოს არა შინაგანმა, არამედ გარეგანმა ცენტრმა. აქ სულ სხვა მექანიზმი ირთვება. თქვენი გარეგანი ცენტრი - ეს უფრო ახლოსაა იმასთან, რასაც თქვენს უმაღლეს „მე“-ს უწოდებთ. თქვენ თავად იმართებით ამ ცენტრიდან.
ნაწნავის ბოლო - ესაა თქვენი კაუჭი, რომლითაც შესაძლებელია თქვენი ტარება, როგორც მარიონეტისა. როდესაც საკუთარ თავს არ აცნობიერებთ, თქვენ დაგატარებთ სცენარი, ან თოჯინების თეატრის მმართველები, რომლებიც თქვენი ცნობიერებით მანიპულირებენ. როგორც კი საკუთარ თავს გააცნობიერებთ, თქვენი კაუჭი თქვენს განკარგულებაში აღმოჩნდება და უკვე შეგიძლიათ თავად ამოძრაოთ საკუთარი თავი.
ჩვეულ მდგომარეობაში საკუთარ თავს კი არა, მხოლოდ ხელებს და ფეხებს ამოძრავებთ, ცდილობთ გასწიოთ ყველაფერი, რაც წინ გხვდებათ; თან ყურადღებას არ აქცევთ იმ ფაქტს, რომ თქვენ თავად უკნიდან ქეჩოთი უჭერიხართ. ასე იქმნება ქმედების ილუზია.
ახლა კი თავად ჰკიდებთ ხელს საკუთარ კაუჭს და იწყებთ რეალობის ამოძრავებას ძალისხმევის გარეშე, „თითქოს“ არაფერს მოიმოქმედებთ. რა ხდება ამ დროს? ქმედების ილუზია შიგნიდან გარეთ ბრუნდება. თქვენ კი არ გამოძრავებენ, არამედ თქვენ ამოძრავებთ საკუთარ თავს. თქვენ კი არ აკეთებთ რამეს რეალობასთან, არამედ ის თავად კეთდება. აი ასე, აი ასე, ჩემო დიდებულებო! ილუზია იმსხვრება!
მეტაძალა
აბა, როგორ ხართ ჩემო კარგებო, უკვე დაიწყეთ ნათება, თუ ისევ ლორწკიანები ხართ? მალე-მალე, გარდავისახოთ!
— თქვენ ჩაფიქრებული ხართ მანათობელ არსებებად, რომლებიც წინ იყურებიან.
— კადრის წარმატებული დასხივებისთვის მნიშვნელოვანია არა ძალისხმევა, არამედ კონცენტრაცია.
— თუ კუნთები იძაბება, ჩართულია განზრახვის შინაგანი ცენტრი.
— შეასრულეთ განათების ალგორითმი მშვიდად და ძალდაუტანებლად.
— პრინციპი: არ აიძულოთ რეალობა, არამედ მიეცით მას საშუალება.
მიეცით მას საშუალება, შეასრულოს თქვენი დავალება. არ დაგავიწყდეთ, თქვენ მხოლოდ ანათებთ კადრს, ის კი თავად მატერიალიზდება. თქვენგან ბევრი არაფერია საჭირო — შეუკვეთეთ რეალობა და გვერდზე გაიწიეთ, როგორც ამას გარეშე დამკვირვებელი აკეთებს. არ შეუშალოთ ხელი და ფეხებში არ გაებლანდოთ!
თქვენ ჩვეულებისამებრ ფიქრობთ, რომ საკმარისია ძალისხმევა გამოიჩინოთ და მომავალი დაგემორჩილებათ. მაგრამ ეს სხვანაირად ხდება. ფიზიკური ძალა, ისევე როგორც ნებისყოფა, მუშაობს მხოლოდ მიმდინარე კადრის რეალობაში. უკვე მომხდარ სინამდვილეს შეგიძლიათ მთელი თქვენი სულელური ძალით ეომოთ, თუკი ასე მოგწონთ. მომავალ რეალობასთან ასე არ გამოვა — იქ სხვა რამ არის საჭირო.
ჩემო მტანჯველებო, მოგიწევთ გააცნობიეროთ, მე კი უნდა აგიხსნათ, რომ არსებობს ძალის მეორე მხარე — მეტაძალა. ეს გარკვეული გაგებით ძალის ანტიპოდია, თუმცა არა სისუსტე ან აპათია, არამედ ის, რაც რეალობის მეორე მხრიდან მოქმედებს.
გაგების გასამარტივებლად — ჩაიხედეთ სარკეში. წინა მხარეს, სადაც თქვენ იმყოფებით, ყველაფერი მატერიალურია, ყველაფერზე შეხება შეიძლება. მეორე მხარეს, ანარეკლში, ყველაფერი ხელშეუხებელია, მაგრამ ისევე რეალურია. თუ არსებობს სახე, ესე იგი არსებობს ანარეკლიც. სახე რეალურია? მაშასადამე, ანარეკლიც რეალურია. ამას იმიტომ გიხსნით, რომ გაიგოთ — რეალური მხოლოდ ის არ არის, რასაც ხელით ეხებით.
რეალობის სარკე — ჩვეულებრივი სარკესავითაა, ოღონდ პირიქით — სახე და ანარეკლი იქ ადგილებს იცვლიან. ანარეკლზე შეხება შეიძლება, სახეზე კი — არა. ანარეკლი წინა მხარესაა, სახე კი — საპირისპირო მხარეს. წინა მხარე — ეს მატერიალური სინამდვილეა, ხოლო უკანა — სიზმრების სივრცე, ანუ კინოფირების არქივი.
მატერიალური სინამდვილე, როგორც უკვე იცით, არის კადრი, რომელიც კინოფირზე გადაადგილდება. მაგრამ კინოფირი პირველადია, ხოლო კინო — მეორადი, ამიტომ სინამდვილე არის სადღაც იქ, მეორე მხარეს მყოფი სახის ანარეკლი. და იქვე, კინოფირების არქივში, იმყოფება მომავლის ვარიანტთა სიმრავლე.
ახლა კი თავად განსაჯეთ: თუ მომავალი რეალობის სარკის უკანა მხარეს იმყოფება, შეიძლება მასზე იმ ჩვეული ძალით ზემოქმედება, რომელიც მხოლოდ აქ, წინა მხარეს მოქმედებს? არ შეიძლება! ხოლო დაძაბულობისგან რომ გასკდე და თან ვერაფერს მიაღწიო — შეიძლება? კი-კი! შეიძლება-შეიძლება!
ესე იგი, იმისთვის, რომ არ გასკდეთ და მიიღოთ ისეთი მომავალი, როგორიც გსურთ, საჭიროა იმოქმედოთ სარკის მეორე მხრიდან და იმ კანონებით, და არა ამ კანონებით. მაგრამ როგორ აღმოვჩნდეთ იქ, მეორე მხარეს?
მე თქვენთვის ჯერ არ მითქვამს, მაგრამ იქ უკვე ნამყოფები ხართ. როდესაც თქვენ, გამოფხიზლებისას, სცილდებით სცენარს, ფაქტობრივად სარკის-მიღმიერ სამყაროში ვარდებით. ეს აშკარად არ ჩანს და ვერც გამოჩნდება, რადგან რეალობის სარკის ზედაპირი სულაც არ არის ზედაპირი ან კედელი, რომლის დანახვაც შესაძლებელია, არამედ ეს არის გადასვლის ხელშეუხებელი ზღვარი სახესა და ანარეკლს შორის.
ორივე მხრიდან ყველაფერი იგივეა და ერთნაირად ჩანს, მხოლოდ ერთი მხრიდან მატერიალურია, მეორედან კი — არა. წინა მხარეს — თქვენი მატერიალური მანეკენია, უკანა მხარეს კი — ვირტუალური. როდესაც იღვიძებთ, თქვენი ყურადღება გადის სარკის ზღვარს და თავის ვირტუალურ მანეკენში აღმოჩნდება.
გადაადგილდება არა სხეული, არამედ ყურადღება, თუმცა ესეც საკმარისია, რადგან თქვენი ყურადღება — ეს სწორედ თქვენ ხართ. ორივე სხეული, ვირტუალურიც და მატერიალურიც, სარკის ორივე მხარეს, სინქრონულად მოძრაობს. საკითხავი ისაა, სად იმყოფება ყურადღება. თუ ის წინა მხარესაა, განხორციელების კადრში, მაშინ თქვენ მთლიანად სცენარით ხართ მოცული. ხოლო თუ უკანა მხარესაა, ხატ-სახის კადრში, მაშინ თავისუფალი ხართ და შეგიძლიათ ამოძრაოთ — როგორც საკუთარი თავი, ისე მომავალი რეალობა.
საკუთარი თავის ამოძრავება — იმ გაგებით, რომ გააცნობიეროთ და თვითნებურად მართოთ თქვენი მოტივები და მოქმედებები. ამასთან, კადრის შიგნით ჩვეულებრივად იმოძრავებთ — ხელებით, ფეხებით, ძალით. ხოლო რეალობის ამოძრავება — სულ სხვანაირად ხდება — ყურადღებით, განზრახვით, მეტაძალით.
რა არის მეტაძალა — თანდათან მიხვდებით, როცა იგრძნობთ. მე ხომ ვერ აგიხსნიდით რა არის ძალა, ის რომ არასოდეს გამოგეცადათ. ასევეა მეტაძალაც — ის უნდა იგრძნოთ და განავითაროთ. მეტაძალის იარაღი — თქვენი ნაწნავია. კადრის განათების ალგორითმი — მეტაძალის განვითარების ვარჯიში და ამავდროულად თქვენთვის საჭირო რეალობის შეკვეთის ხერხია.
შემდეგ უფრო დაწვრილებით გიამბობთ სარკისმიერი სამყაროს წესებისა და პრინციპების შესახებ. ყველაფერს გაიგებთ და გამოიკვლევთ. მანამდე კი — არ დაგავიწყდეთ ალგორითმის ხშირად შესრულება.
თქვენ ხომ გსურთ ისწავლოთ საკუთარი რეალობის განსაზღვრა? ან იქნებ არ გსურთ? ეს როგორ — არ გსურთ? ეს რა, მონების აჯანყებაა? თუ ასეა — იქნება მსხვერპლი და შესაწირავი, ძალიან მხიარულებო! იცოდეთ, მე ტაფტი ვარ — თქვენი ქურუმი. მოგიწევთ ჩემი დესპოტიზმის მოთმენა. მე ხომ ვეგუები იმას, რომ მიწევს ლოკოკინებთან, ბაყაყებთან და სხვა ამფიბიებთან ბოდიალი? უ-ლა-ლა!
მოქმედების იმიტაცია
მაშ ასე, ჩემო მომღერლებო და მოცეკვავეებო, ვაგრძელებთ იმის გარკვევას, თუ ვის დაკრულზე ცეკვავთ.
— რეალური მხოლოდ ის არ არის, რასაც ხელით შეეხებით.
— რეალობა - ესაა სარკე, ოღონდ პირიქით: აქ — ანარეკლია, იქ — ხატ-სახე
— წინა მხარეს — სინამდვილეა, უკანა მხარეს — კინოფირების არქივი.
— მატერიალურ სინამდვილეში მუშაობს ძალა, სარკისმიერ სამყაროში — მეტაძალა.
— გამოღვიძების მომენტში ყურადღება გადაადგილდება თავის ვირტუალურ მანეკენში სარკის-მიღმიერ სამყაროში.
ალბათ, ცოტათი საგონებელში ჩაგაგდოთ იმან, რომ რაღაც სარკისმიერ სამყაროში ვარდებით ისე, რომ თავადაც ვერ ამჩნევთ? ან იქნებ არც ისე ცოტათი, არამედ ძალიანაც. მაგრამ ნუ ღელავთ, ჩემო ფრთხილებო, თქვენ ზუსტად ასევე ვარდებით იქ ყოველ ღამე, როდესაც იძინებთ.
ცხადში გამოღვიძების მომენტში, როდესაც ყურადღება გაცნობიერების ცენტრში მოდის, თქვენ, ან უფრო ზუსტად, თქვენი „მე“ აღმოჩნდება ვირტუალური მანეკენის სხეულში, რეალობის მეორე მხარეს. ძილში ჩაძირვის მომენტშიც იგივე ხდება. განსხვავება ისაა, რომ ცხადში სარკის ორივე მხარეს ერთი რეალობა გაქვთ — მატერიალური და ვირტუალური, მაგრამ ერთი. სიზმარში კი სინამდვილე და სარკისმიერი სამყარო არასიმეტრიულია — მატერიალური სამყარო ადგილზე რჩება, ყურადღება კი შორს, სხვა სამყაროებში დაფრინავს.
პლუს განსხვავება იმაშია, რომ სიზმარში თქვენ კიდევ უფრო ღრმად იძირებით სცენარში, მაშინ როცა ცხადში გაღვიძებისას (ვხედავ საკუთარ თავს და ვხედავ რეალობას), მას სცილდებით.
გახსოვთ, ვამბობდით, რომ როცა საკუთარ თავს არ აცნობიერებთ, სცენარს ნაწნავის ბოლოთი დაჰყავხართ? ხოლო ვინ ან რა მართავს თქვენს მატერიალურ მანეკენს ამ მხრიდან, როდესაც თქვენი „კაუჭი“ თქვენს განკარგულებაშია, თავად კი — იმ მხარეს, ვირტუალურ მანეკენში იმყოფებით?
თქვენვე მართავთ საკუთარ თავს. თქვენ გეძლევათ საშუალება თვითნებურად აამოძრაოთ — როგორც საკუთარი თავი, ისე მომავალი რეალობა — სწორედ იმიტომ, რომ აღმოჩნდებით იმ მხარეს, სადაც იმყოფება სახე. იმიტომ, რომ ანარეკლის ამოძრავება მხოლოდ თავად სახეს შეუძლია და არა პირიქით, გესმით?
მკაცრად რომ ვთქვათ, მატერიალური მანეკენი და სინამდვილე — ეს იმდენად ანარეკლი არაა, რამდენადაც სახის განხორციელებაა. რეალობის განხორციელებას (რომელიც აღსრულდა) როგორღაც შეიძლება გაუმკლავდეთ განხორციელების კადრში, სარკის წინა მხრიდან. მომავალი რეალობა კი — ჯერჯერობით მხოლოდ სახეა. სახის მართვა მხოლოდ სახის კადრშია შესაძლებელი — მეორე მხარეს — იქ, სადაც ეს სახე იმყოფება. აი, ამისთვისაა საჭირო სარკისმიერ სამყაროში გადასვლა.
ახლა საერთო სურათი თქვენთვის ნათელი უნდა იყოს. აქ შეგიძლიათ როგორღაც გაართვათ თავი, იქ — მართოთ. და ახლა ჩვენ სულ ახლოს მივედით მეტაძალის გაგებასთან. ვიტოვებ იმედს, რომ გაგების სუსტი ნაპერწკალი მაინც გაგიჩნდებათ, ჩემო გონებაჩლუნგებო.
კარგით, კარგით, ნუ წუწუნებთ, ნუ ტირით, ჩემო გამჭრიახებო. რა არის მთავარი განსხვავება სინამდვილესა და სარკისმიერ სამყაროს შორის? აქ — ყველაფერი მატერიალურია, იქ — ვირტუალური. რაც შეეხება ძალას — თქვენ ვერ შეძლებთ მის გამოყენებას არამატერიალურ ობიექტზე ან სივრცეზე. ამიტომ აქ მოქმედებს ძალა, იქ — მეტაძალა. ამ მხრიდან — ქმედებაა, იმ მხრიდან — ქმედების იმიტაცია. რას ნიშნავს ეს?
იმიტაციის აზრი ისაა, რომ თქვენ არ გაქვთ უფლება დაარღვიოთ დადგენილი წესრიგი. წესრიგის მიხედვით კი, თქვენ უნდა მონაწილეობდეთ ქმედებაში და ემორჩილებოდეთ სცენარს. არცერთ პერსონაჟს არ აქვს უფლება ამოხტეს კინოფირიდან ან იქ ის აკეთოს, რაც მოეპრიანება. სცენარი — ეს არა ვინმეს სუბიექტური ნება, არამედ ობიექტური რეალობაა, რომელსაც ვერსად გაექცევი.
ობიექტური რეალობა ისეთია, რომ თქვენ განწირულნი ხართ მასში არსებობისთვის, როგორც პერსონაჟები კინოფირზე. შეგიძლიათ არ დაეთანხმოთ, შეგიძლიათ იწუწუნოთ — ყველაფერი უსარგებლოა. დაუმორჩილებლობაც რომ სცადოთ — არაფერი გამოვა. რაც ფირზეა გადაღებული, ის მოხდება. ქმედებას თავს ვერ აარიდებთ. აი, იმიტირება კი — შეიძლება. თქვენ შეგიძლიათ მოატყუოთ რეალობა.
წარმოიდგინეთ, შეხვედით გაცნობიერების წერტილში და აღმოჩნდით სარკის მეორე მხარეს. მთელი გარემო ისევე გეჩვენებათ, როგორც ადრე. სულაც არ გგონიათ, რომ მომხდარს სადღაც შუშის მიღმიდან აკვირდებით. და მაინც, თქვენ იქ ხართ. თუმცა ახლა, იქ ყოფნისას, თქვენ იძენთ უნარს განსაზღვროთ რეალობა — აირჩიოთ კინოფირი. ის კი არ შეცვალოთ, რომელშიც იმყოფებით, თავი კი არ აარიდოთ მასში ქმედებას, არამედ აირჩიოთ სხვა, ისეთი, როგორიც გჭირდებათ. გესმით?
თქვენ კვლავ აგრძელებთ სცენარით გაწერილ თქვენს როლს, ასრულებთ თქვენს ყოველდღიურ ფუნქციებს. მაგრამ, სხვა პერსონაჟებისგან განსხვავებით, თქვენ, გაცნობიერებულ მდგომარეობაში ყოფნისას, იღებთ რაღაც მეტს — მიმდინარე კინოფირის შეცვლის შესაძლებლობას. ამასთან, რჩებით თითქოს გვერდზე და არაფერ შუაში ხართ. წესრიგიც არ დარღვეულა, თქვენც ვერავინ შეგამჩნიათ, ვერ დაგიჭირეს და ყველაფერი ისე შემობრუნდა, როგორც თქვენ გინდოდათ.
აი, ასეთი იმიტაციის თამაშია. თქვენ სეირნობთ კინოსურათში, როგორც გაცოცხლებული პერსონაჟი, თავს არაცოცხლად აჩვენებთ და ფირებს თქვენი შეხედულებისამებრ ცვლით. და ვერავინ ვერაფერს ხვდება — ვერც სცენარი და ვერც სხვა პერსონაჟები.
თუმცა, სცენარს მაინც ვერსად გაექცევით. უბრალოდ, რეალობის განსაზღვრით, თქვენ ინიცირებას უკეთებთ ახალს. ახალი სცენარიც არაა თქვენი, თქვენ კვლავ მის ხელისუფლებაში ხართ. სამაგიეროდ, ის მიგიყვანთ სასურველ შედეგამდე.
და საჭიროა თუ არა სხვა პერსონაჟებისგან დამალვა? რაც არ უნდა გინდოდეთ - გამორჩეული იყოთ, გირჩევთ არ მოახდინოთ თქვენი შესაძლებლობების აფიშირება. შუა საუკუნეებში ასეთი საქმეებისთვის კოცონზე წვავდნენ, ახლა კი შეიძლება მშვიდ თავშესაფარში გამოგამწყვდიონ. თქვენ ისედაც ცოტათი შერყეულები მყავხართ, ამიტომ ნუ გააღვიძებთ მძინარეებს, ნუ გასცემთ თქვენს თანმყოფობას, დაუჯერეთ თქვენს ქურუმს.
ისე მიყვარხართ, ყველას დაგხოცავდით!
თანმყოფობა
ჰეი-ჰეი, უფრო სწრაფად! უკვე მოდით ჩემთან, ჩემო ეშმაკო იმიტატორებო და მზაკვარო თვალთმაქცებო, ფარულო მანიაკებო და დამალულო გარყვნილებო! მოგეწონათ იმიტაციის თამაში? გავიმეოროთ განვლილი მასალა.
— მატერიალური სინამდვილე ხელმისაწვდომია აქ, განხორციელების კადრში. მომავალთან წვდომა ღიაა მხოლოდ იმ მხრიდან — სახის კადრში.
— თქვენ განწირულნი ხართ რეალობაში არსებობისთვის, როგორც პერსონაჟები კინოფირზე.
— სცენარს გვერდს ვერ აუვლით, მაგრამ შეგიძლიათ გაიღვიძოთ და სხვა გაუშვათ.
— თქვენ ცვლით ფირებს, მაგრამ აგრძელებთ როლის თამაშს და მალავთ თქვენს ყოფნას.
ყოფნა კინოსურათში. რა არის ეს? უპირველეს ყოვლისა, ეს არის თქვენი გაცნობიერების — თქვენი „მე“-ს ყოფნა. თქვენი ყოფნა საკუთარ თავში, როგორც ცოცხალი, გაცნობიერებული და გონიერიინდივიდისა უცვლელ სურათში. მიუხედავად იმისა, რომ სურათი დინამიკურად ტრიალებს, ის უკვე წინასწარ არის განსაზღვრული, ისევე როგორც განსაზღვრულია მისი ყველა პერსონაჟის ქცევა.
თქვენი ყოფნა იქ გამოგარჩევთ, როგორც მძინარეთა შორის გამოღვიძებულს. თქვენ აცნობიერებთ თქვენს განცალკევებულობას და ხვდებით, რა ხდება. თქვენი ქცევა მოცემულ სურათში ასევე განსაზღვრულია სცენარით. თუმცა, თანმყოფობა გაძლევთ საშუალებას შეცვალოთ კინოფირი — გადახტეთ ერთიდან მეორეში. თანმყოფობაში შესასვლელად საჭიროა გამოცოცხლდეთ, შეინჯღრეთ და განსაზღვროთ, სად იმყოფებით: სახის კადრში თუ განხორციელების კადრში. სხვა სიტყვებით, სად არის თქვენი ყურადღება: გაცნობიერების ცენტრალურ წერტილში თუ ერთ-ერთ ეკრანზე. საკუთარი არსით თქვენ — დუალური არსებები ხართ, შეგიძლიათ იყოთ როგორც სარკის ამ მხარეს, ისე იმ მხარეს.
თქვენ იმყოფებით აქ, როდესაც იმყოფებით იქ. აი, ასეთი პარადოქსია. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ არ იმყოფებით, ანუ ხართ არაგონივრულ მდგომარეობაში და მთლიანად სცენარის ძალაუფლებაში.
გახსოვთ, ვამბობდი: როდესაც ცხადში იღვიძებთ, თქვენი ყურადღება გადაკვეთს სარკის ზღვარს და თავის ვირტუალურ მანეკენში აღმოჩნდება. როდესაც საწოლში გეძინებათ და სიზმარს ხედავთ, იგივე ხდება. მხოლოდ ხარისხია სხვა. სიზმარში თქვენ შეგიძლიათ აამოძრაოთ მხოლოდ ვირტუალური რეალობა. მატერიალურ სინამდვილეზე ზემოქმედება იმ მდგომარეობაში შეუძლებელია. ან, უფრო ზუსტად, შეიძლება, მაგრამ რთულია — ეს საქმე ლოკოკინებისთვის არაა.
ცხადში თანმყოფობის მდგომარეობაში თქვენ იძენთ უნარს შეუკვეთოთ მომავალი რეალობა, რომელიც სინამდვილეში განხორციელდება. (ხედავთ, მე მუდმივად გიმეორებთ ამ აზრს, რომ კარგად გაითავისოთ: შეკვეთა შეიძლება და საჭიროა.) მაგრამ კიდევ ერთი რამ უნდა გააცნობიეროთ. რეალობის განსაზღვრისას თქვენ განსაზღვრავთ არა მოვლენათა ჯაჭვს, არამედ საბოლოო მიზანს — მომავალ კადრს.
რეალობის შეკვეთა — ეს სცენარის მართვა კი არა, კინოფირის არჩევაა. სცენარი თქვენს ხელთ არაა. და მერე, თქვენ არ იცით, როგორი უნდა იყოს სცენარი, რომ მიზნამდე მიგიყვანოთ. მაგრამ ეს არც გჭირდებათ. თქვენ მუშაობთ კინოპროექტორის რეჟიმში. როდესაც თქვენს პროექტორში ანათებს მიზნობრივი კადრი, მოვლენათა მსვლელობა თავად უხვევს იქით, საითაც საჭიროა.
კინოფირის არჩევისას თქვენ უშვებთ ახალ სცენარს, მაგრამ ის არაა თქვენი, არამედ ისაა, რაც მასზეა ჩაწერილი, თანაც თქვენი ცოდნის გარეშე. თქვენია — მხოლოდ მიზნობრივი კადრი. კინოფირი თავად შეირჩევა განსაზღვრული კადრის შესაბამისად. როგორ ხორციელდება ეს, თქვენი ცოდნა აუცილებელი არაა. გაანათეთ თქვენი კადრი კვლავ და კვლავ. ასე თქვენ გადაადგილდებით ერთი ფირიდან მეორეზე და საბოლოოდ მიხვალთ დანიშნულების ადგილზე.
მარადიულობის არქივში კინოფირები პარალელურად ლაგდება. უახლოესი ფირების სცენარები მცირე ნიუანსებით განსხვავდება. რეალობის განსაზღვრით თქვენ თანდათან გადადიხართ ერთიდან მეორეზე. ჯერ აღმოჩნდებით კინოფირზე, სადაც შედეგი ახლოსაა ჩაფიქრებულთან, მაგრამ ჯერ კიდევ არაა ის. შემდეგ სულ უფრო და უფრო ახლოს.
ეს ყველაფერი თქვენი თვალისთვის შეუმჩნევლად და რეალიზაციის სხვადასხვა სიჩქარით ხდება, დასახული მიზნის სირთულის მიხედვით. მარტივი მიზნები თითქმის მაშინვე მიიღწევა, ხოლო რთულად მისაღწევები, რომლებამდეც „შორი გზაა“, დროსა და მოთმინებას მოითხოვს.
თქვენი ამოცანაა — ყურადღების ფიქსირება მომავალ კადრზე. სცენარი — თქვენი ჭკუის საქმე არაა. თუ მის შეკვეთას ან წინააღმდეგობის გაწევას შეეცდებით, ის მახეში გაგაბამთ. როცა ცდილობთ გავლენა მოახდინოთ მოვლენათა მსვლელობაზე, თქვენ სასიკვდილო მოჭიდებით ებღაუჭებით მიმდინარე კადრის რეალობას, ეს კი აზრს მოკლებულია. რაც უფრო მეტად ეჭიდებით, მით უფრო მაგრად გიჭერენ კუდით, ანუ ნაწნავით.
ანალოგიურად, აზრს მოკლებულია ადამიანებზე ზემოქმედება. ეს უმადური და უღირსი საქმეა. ის შეიძლება ცუდად შემოგიბრუნდეთ ან უკუეფექტი მოგცეთ. პერსონაჟები საკუთარი სცენარით მოქმედებენ. მათზე ზემოქმედების მცდელობით თქვენ კვლავ მახეში ებმებით. ნუ გააკეთებთ ამას. ისინი თავად მოვლენ თქვენთან და გააკეთებენ ყველაფერს, რაც გსურთ. მაგრამ ამაზე მოგვიანებით.
ვიმეორებ, ზემოქმედება საჭიროა არა მოვლენებზე და ადამიანებზე, არამედ საბოლოო შედეგზე — მოახლოებულ კადრზე. თუმცა ამას მაინც აკეთებთ, ჩვევას ვერ იშლით. თქვენ ყოველთვის ჯიუტად ცდილობთ, რომ ყველაფერი თქვენი გეგმის მიხედვით მოხდეს. მაგრამ ამ ჩვევასაც გადაგაჩვევთ.
რა მოსაბეზრებლები და აბეზარები ხართ მაინც! ყველას სიამოვნებით გაგკვეთდით. ვატმანზე დაგასობდით, როგორც მავნე მწერებს, ან ფორმალინიან ქილაში ჩაგაგდებდით სხვების დასაშინებლად. ასე რომ, ჯობია წესიერად მოიქცეთ. არ დაგავიწყდეთ: მე ტაფტი ვარ — თქვენი ქურუმი. განმადიდეთ, მეთაყვანეთ, და ნუ გამაბრაზებთ!
სარგებელი
უჰ, როგორ მომაბეზრეთ თავი! ასეთი განებივრებულები! ასეთი კაპრიზულები! აი, როგორები ხართ! ოღონდ სცადეთ და დაიწუწუნეთ, რომ თავი მოგაბეზრეთ! გავიმეოროთ წინა გაკვეთილი, ახლავე!
— თქვენ - დუალური არსებები ხართ, რომელთაც სარკის ორივე მხარეს ყოფნა შეგიძლიათ.
— თქვენ იმყოფებით აქ, როდესაც იმყოფებით იქ. თანმყოფობაში შესასვლელად აუცილებელია ყურადღების ცენტრში გადატანა.
— თანმყოფობის მდგომარეობაში თქვენ შეგიძლიათ ერთი ფირიდან მეორეზე გადახტომა.
— რეალობის განსაზღვრა - ეს არაა სცენარის მართვა, არამედ კინოფირის არჩევაა. სცენარზე ზემოქმედების მცდელობა მასზე მიგაჯაჭვებთ.
კიდევ ერთხელ, განვამტკიცოთ განვლილი მასალა. ზემოქმედება საჭიროა არა მოვლენებზე და ადამიანებზე, არამედ საბოლოო შედეგზე — მოახლოებულ კადრზე. თქვენ მხოლოდ ასხივებთ მიზნობრივ კადრს, ხოლო მოვლენათა მსვლელობა თავად უხვევს იქით, საითაც საჭიროა.
სცენარი — თქვენი არაა. ის არასოდესაა თქვენი, მაშინაც კი, როცა ფიქრობთ, რომ თავად მოიფიქრეთ. თუკი მის შეცვლას ან მისთვის წინააღმდეგობის გაწევას შეეცდებით, ის მახეში გაგაბამთ. სცენარი ობობას ქსელივითაა — რაც უფრო აქტიურად ეწინააღმდეგებით, მით უფრო მაგრად იხლართებით. იმისთვის, რომ სცენარმა გაგიშვათ, თავად უნდა გაუშვათ იგი.
თუმცა, მისგან სრულად განთავისუფლება მაინც არ გამოვა. გახსოვთ, იმიტაციაზე საუბრისას გითხარით, რომ სცენარი — ეს არა ვინმეს სუბიექტური ნება, არამედ ობიექტური რეალობაა, რომელსაც ვერსად გაექცევი. ჰოდა, ნურც გაექცევით! პირიქით, სცენარი მუშაობს თქვენს მიზანზე, თუკი თქვენ ამ მიზანს შეუკვეთავთ.
როდესაც თქვენ განსაზღვრავთ რეალობას, სცენარი სწორედ თქვენი დავალების შესაბამისად ეწყობა, მაშინაც კი, როცა გეჩვენებათ, რომ ასე არ არის. თქვენგან მხოლოდ მიზნობრივი კადრის სისტემატური განათება მოითხოვება. მაგრამ თქვენ ყოველთვის ჯიუტად ცდილობთ, რომ ყველაფერი აუცილებლად თქვენი გეგმის მიხედვით იყოს, და ამით ხელს უშლით ჩაფიქრებულის განხორციელებას.
და მაშინაც კი, როდესაც რეალობას არ უკვეთავთ, არამედ პასიურად მიჰყვებით მოვლენათა დინებას, სცენარი სულაც არ ცდილობს თქვენს ვნებას, რადგან ზიანის მიყენება ენერგეტიკულად ხარჯიანია. სცენარი ყოველთვის მინიმალური წინააღმდეგობის გზით მოძრაობს. მაგრამ თქვენ ეწინააღმდეგებით და ამგვარად ყველაფერს აფუჭებთ.
აფუჭებთ იმიტომ, რომ უარყოფის გამოხატვით, ამით უნებლიეთ და გაუცნობიერებლად საკუთარ თავს უარეს რეალობას უკვეთავთ. არა ისე ეფექტურად, როგორც ეს განზრახვით, გაცნობიერებით და ნაწნავით კეთდება, მაგრამ მაინც უკვეთავთ. უარყოფას კი მაშინ გამოხატავთ, როდესაც რაიმე თქვენს წარმოდგენებსა და გეგმებს ეწინააღმდეგება. აი, ასეთი მომაბეზრებლები და მოსაწყენები ხართ.
ასე რომ, რეალობა რომ არ დაიმახინჯოთ, არამედ, პირიქით, ის ყოველმხრივ საოცარ და სასიამოვნო სამყაროდ აქციოთ, დაგჭირდებათ ერთი მარტივი პრინციპის დანერგვა: ყველაფერში სარგებელი იპოვოთ. სიტყვა-სიტყვით — გამოწუროთ სარგებელი ნებისმიერი უსიამოვნო სიტუაციიდან, საერთოდ ნებისმიერი მოვლენიდან, რომელიც თქვენში მცირედ უარყოფას მაინც იწვევს. დაისახოთ ასეთი მიზანი — სარგებლის ამოღება.
იმიტომ, რომ ნებისმიერი მოვლენა თუ სიტუაცია, როგორიც არ უნდა იყოს იგი, თავის თავში ატარებს არა მხოლოდ ნეგატივს, არამედ პოზიტივსაც. რეალობა მეტწილად დუალურია. სადაც შავია, იქ თეთრიც მოიძებნება. თქვენი ამოცანაა — ნაცვლად იმისა, რომ დაიგრიხოთ და გაჯიუტდეთ, ადგეთ და სარგებელი გამოიტანოთ. მაგალითებს არც კი მოვიყვან — თქვენ მხოლოდ სცადეთ და მაშინვე მიხვდებით, რამდენად ბრწყინვალედ მუშაობს ეს.
მაგრამ იმისთვის, რომ იმუშაოს, საჭიროა დროულად გამოფხიზლდეთ და ყურადღება ცენტრში გადაიტანოთ. აქტივატორები აქ ძირითადად გარეგანია: ვიღაც რაღაცას გეუბნებათ, რაღაცას აკეთებს, ან გარშემო რაღაც ხდება — ყველაფერი, რაც თქვენში უარყოფას იწვევს — მსუბუქი უკმაყოფილებიდან გაცოფებამდე (საინტერესოა, როგორები არიან ცოფიანი ლოკოკინები?). მააქტივირებელი გრძნობები შეიძლება იყოს გაღიზიანება, სასოწარკვეთა, შფოთვა, აგრესია, შიში.
ყურადღება ცენტრში გადაგვაქვს იმისთვის, რომ მოვწყდეთ მიმდინარე კინოფირის სცენარს და გადავხტეთ სხვაზე, ალტერნატიულზე. საქმე ისაა, რომ თქვენს სტანდარტულ კინოფირზე თქვენი ჩვეული სცენარი მოქმედებს: თქვენ რეფლექსურად ეწინააღმდეგებით — მძიმე ხასიათის გამო, ან ნეგატივიზმისკენ მიდრეკილების გამო, ან თავდაცვის ჩვევის, ან საკუთარ თავზე მაღალი წარმოდგენის გამო, ან თუნდაც იმიტომ, რომ ყველაფერი „თქვენებურად“ არ მიდის. შედეგად, როგორც ყოველთვის, უფუჭებთ ცხოვრებას საკუთარ თავსაც და გარშემომყოფებსაც.
ალტერნატიულ კინოფირზე კი, პირიქით, ყველაფერი თქვენს სასარგებლოდ ეწყობა, რადგან თქვენ საჭირო მომენტში გაჩერდით და სწორედ ეს სარგებელი აირჩიეთ. ყველაფერი ძალიან მარტივია — რასაც ირჩევთ, იმას იღებთ. არჩევანის გასაკეთებლად საჭიროა მხოლოდ წამით დაფიქრდეთ: რა შეიძლება იყოს ამაში სასარგებლო? შემდეგ კი — არ შეეწინააღმდეგოთ სცენარს, არამედ სცადეთ მიჰყვეთ მას. სიტყვასიტყვით — მიჰყვეთ რჩევას, მოუსმინოთ აზრს, დაეთანხმოთ, დათანხმდეთ იმაზე, რაზეც ადრე უარს იტყოდით ან რასთანაც კონფრონტაციაში შეხვიდოდით.
სარგებლის ალგორითმი ასეთია:
1. დაიჭიროთ საკუთარი თავი უარყოფის აქტივატორზე.
2. გამოიღვიძოთ: ვხედავ საკუთარ თავს და ვხედავ რეალობას.
3. დაუსვათ კითხვა: რა შეიძლება იყოს აქ სასარგებლო?
4. თუ პასუხი ნაპოვნია, დაეთანხმოთ და მიიღოთ სარგებელი.
5. თუ პასუხი არ არის, მაინც სცადოთ დათანხმება.
ბოლო პუნქტი შეიძლება საეჭვოდ მოგეჩვენოთ. ყველაფერზე ხომ არ უნდა დათანხმდეთ ცხოვრებაში და ყველა სიტუაციას ხომ არ მოაქვს სარგებელი. ვთქვათ, ვიღაც აპირებს რქებში ჩაგაზილოთ — რა, უნდა მიუშვიროთ? თუმცა რეალობაში მოქმედებს ერთი ურყევი კანონი. კანონი ამბობს: თუ იხელმძღვანელებთ სარგებლის პრინციპით, ცხოვრებაში სულ უფრო ნაკლები მოვლენა იქნება, რომელიც ზიანს მოგაყენებთ. მათ შორის ისეთი მოვლენებიც, რომელთა შედეგად სახე გილურჯდებათ და გცივათ, რადგან მორგში წევხართ. უ-ლა-ლა!
ნებადართვა
მაშ ასე, ჩემო კარგებო და მშვენიერებო, გასულ გაკვეთილზე თქვენ გაიგეთ, რომ სულელი ლოკოკინები ყოველთვის ცდილობენ გაიტანონ მოვლენათა განვითარების საკუთარი სცენარი, ხოლო როცა რაღაც მას არ ეთანხმება, ისინი აღშფოთდებიან და ცოფდებიან კიდეც. მაგრამ ეს ხომ თქვენ არ გეხებათ, არა, ჩემო დიდებულებო?
· იმისთვის, რომ სცენარმა გაგიშვათ, თქვენ თავად უნდა გაუშვათ იგი.
· თუ მიზანი განსაზღვრულია, სცენარი თავად ეწყობა ისე, რომ მას მიაღწიოს.
· საკუთარ გეგმაზე დაჟინებით, თქვენ ხელს უშლით ჩაფიქრებულის განხორციელებას.
· უარყოფის გამოხატვით, თქვენ საკუთარ თავს უარეს რეალობას უკვეთავთ.
· ხოლო სარგებლის არჩევით, სარგებელსვე იღებთ.
ვიმეორებთ პარადოქსულ პრინციპს: უნდა განსაზღვროთ არა სცენარი, არამედ მიზნობრივი კადრი. ის იმიტომაა პარადოქსული, რომ არ ეთანხმება თქვენს ჩვეულ წარმოდგენებს, რომლის მიხედვითაც მომხდარ სინამდვილესთან ბრძოლა შეიძლება და საჭიროა, ხოლო მომავალი რეალობის შეკვეთა აკრძალული და შეუძლებელია. სინამდვილეში კი ყველაფერი პირიქითაა.
რა გზით იქნება მიზანი მიღწეული, ამის ცოდნა თქვენ არ მოგეცათ და არც არის სავალდებულო, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე. იმიტომ, რომ თუ სავარაუდო პასუხები კითხვაზე „როგორ?“ შიშს ან სასოწარკვეთას მოგგვრით, მაშინ თქვენს უნარს, შეუკვეთოთ მიზნობრივი რეალობა, ფსიქოლოგიური ბლოკი დაედება.
თქვენ ვერ გეცოდინებათ, როგორი უნდა იყოს სცენარი კონკრეტულად თქვენი მიზნის მისაღწევად კონკრეტულად თქვენ მიერ. როგორ შეიძლება ეს იცოდეთ, თუკი თავად კინოსურათის პერსონაჟები ხართ და თავად სცენარს მიჰყავხართ? თქვენი საქმეა — იცოდეთ „შედეგი“, რისი მიღწევა გსურთ, და შეუკვეთოთ რეალობის შესაბამისი სურათი — აზრებით, სიტყვებით, ხატ-სახეებით, ნაწნავის გამოყენებით. მაშინ სცენარი თავად წაგიყვანთ და თავად გიჩვენებთ - „როგორ“.
ასე რომ, სულაც არაა აუცილებელი იყოთ ჭკვიანები, შეგიძლიათ დარჩეთ ჩლუნგ ლოკოკინებად, მთავარია — იყოთ მიზანდასახულები. და კიდევ — გაცნობიერებული ლოკოკინები. იმიტომ, რომ როდესაც მიზანი განსაზღვრულია, სცენარმა შეიძლება შოკში ჩაგაგდოთ. მოგეჩვენებათ, რომ ყველაფერი წყალში იყრება. სინამდვილეში ეს ძველი ხარახურა იყრება თქვენი რეალობიდან, რათა განთავისუფლებული სივრცე ლამაზი ახალი ნივთებით შეივსოს.
მოვლენათა განვითარების ასეთი სცენარი, თითქოს „ყველაფერი წყალში იყრება“, სავსებით შესაძლებელია. და აი, აქ ძალიან გამოგადგებათ გაცნობიერებულობა, რათა გამოიყენოთ სარგებლის პრინციპი. ამ პრინციპის შესაბამისად მოქმედებით, თქვენ არა მხოლოდ არ უშლით ხელს სცენარს, არამედ აჩქარებთ მიზნისკენ სვლას, რადგან სარგებლის მიღების მომენტში წყდებით თქვენს ჩვეულ „მავნე“ სცენარს და გადახტებით „სასარგებლო“ კინოფირზე, ნაწნავის გარეშეც კი. ხოლო თუ სარგებლის ალგორითმს ნაწნავით ასრულებთ, ასე კიდევ უფრო სწრაფი და უკეთესია.
კიდევ უკეთესია — იყოთ არა ლოკოკინები, არამედ ციცინათელები — კინოსურათის გაცოცხლებული გმირები. სარგებლის დაფიქსირება — ეს თქვენი გამოღვიძების ერთ-ერთი გზაა. ნებისმიერმა მოვლენამ კი არ უნდა დაგაძინოთ, არამედ ყურადღება უნდა გაგიმახვილოთ, გამოღვიძების სიგნალის როლი უნდა შეასრულოს. თქვენი ამოცანაა: დროულად გაიღვიძოთ, დაინახოთ რეალობა, შეუკვეთოთ რეალობა.
ადრე: როგორც კი რამე ისე არ იყო — მაშინვე „ა-ა-ა!“, და ხელების ქნევა, ფეხების ბაკუნი! ახლა: როგორც კი რამე ისე არ არის — წამოიძახებთ (გულში ან ხმამაღლა, როგორც გნებავთ): „სარგებელი!“
და შემდეგ — ნებას რთავთ სამყაროს, გაგიკეთოთ რაიმე სასიამოვნო, ან დაგეხმაროთ, ან დაგაახლოვოთ მიზანთან.
ეს სულაც არ ნიშნავს, რომ თავად ნებადართვად უნდა იქცეთ და ყველას და ყველაფერს დაუწვეთ. რა თქმა უნდა, ყველაფერში არ არის სარგებელი, ყველაფრის უფლების მიცემა არ არის მართებული და ყველაფერზე დათანხმება არ ღირს. ნუ ღელავთ, თქვენ შეძლებთ ადეკვატური გადაწყვეტილების მიღებას — დართოთ ნება თუ არა, რადგან იქნებით ადეკვატურ მდგომარეობაში: ვხედავ საკუთარ თავს და ვხედავ რეალობას.
ჩვეულ მდგომარეობაში როგორ იქცევით? ან მტრულად ხვდებით, ან უნებისყოფოდ ემორჩილებით. ერთსაც და მეორესაც აკეთებთ გაუცნობიერებლად, სცენარის მიყოლით. სარგებლის ალგორითმის განსხვავება ისაა, რომ თქვენ აკეთებთ გაცნობიერებულ არჩევანს თანმყოფობის მდგომარეობაში, რაც ნიშნავს, რომ სეირნობთ გაყინულ კინოში, როგორც გაცოცხლებული პერსონაჟი და, ამავე დროს, თავს აჩვენებთ არაცოცხლად.
სარგებლის პრინციპი — ესაა „ყველაფერი ერთში“: დაფიქსირება, იმიტაცია, თანმყოფობა და რეალობის შეკვეთა. ალგორითმის შესრულებისას, თქვენ აფიქსირებთ საკუთარ თავს, აფიქსირებთ რეალობას და განსაზღვრავთ მიმართულებას, საითაც დაიძვრება შემდეგი კადრი. სარგებლის მიღება არის იმიტაცია სუფთა სახით, რადგან თქვენ ემორჩილებით სცენარს, მაგრამ აკეთებთ ამას თავად, განზრახ, გაცნობიერებულად.
მიაქციეთ ყურადღება: როდესაც აფიქსირებთ სარგებელს, თქვენ თითქოს ალმაცერად უთვალთვალებთ რეალობას. ვერავინ ვერაფერს ხვდება — ვერც სცენარი, ვერც გარშემომყოფები. თქვენ, ისევე როგორც ყველა მძინარე, გულმოდგინედ თამაშობთ თქვენს როლს, ასრულებთ ყოველდღიურ მოვალეობებს, ამასობაში კი თვალის კუთხით აკვირდებით მიმდინარე მოვლენებს — თანმყოფობაში ხართ ისე, რომ თანმყოფობას არ გასცემთ. ეს სწორედ ისაა, რაც საჭიროა. და ძალიან მნიშვნელოვანია — დარჩეთ შეუმჩნეველი და არაფერ შუაში იყოთ. რატომ?
უკვე დაგავიწყდათ რატომ? აი, როგორები ხართ! არადა აგიხსენით. კიდევ ბევრჯერ გავიმეორებ. არაფერ შუაში ყოფნა — ეს არის „კინოსურათში ცოცხლად სეირნობის“ ფუძემდებლური პრინციპი. პირველ რიგში, არ უნდა გასცეთ თქვენი ყოფნა, რათა გარშემომყოფები ეჭვის თვალით და სიფრთხილით არ მოგეკიდონ. თავი მოაჩვენეთ მძინარეებად.
მეორეც, არ უნდა იმოქმედოთ პირდაპირ, როგორც შეჩვეული ხართ, ანუ ყელში წვდეთ რეალობას, ეომოთ მოვლენებსა და პერსონაჟებს მიმდინარე კადრში და შედეგად კვლავ ჩაიძიროთ სცენარში, როგორც სიზმარში.
თქვენ სეირნობთ ცოცხლად კინოში, როდესაც ყურადღებით იმყოფებით, ხოლო განზრახვით ამოძრავებთ მომავალ კადრს და ცვლით კინოფირებს. მაგრამ რომელი განზრახვით? საჭიროა გარეგანი განზრახვა — აი რა არის მთავარი! ალმაცერად ყურებით და “არაფერ შუაში” ყოფნით, თქვენ აამოქმედებთ განზრახვის გარეგან ცენტრს.