ქურუმი ტაფტი

ვადიმ ზელანდი
0
0

სეირნობა ცოცხალ კინოთეატრში

ალგორითმები

რატომ არის აუცილებელი ალგორითმების შესრულება? იმიტომ, რომ ალგორითმები გათავისუფლებენ სცენარისგან, გაცოცხლებენ კინოსურათში და გინერგავენ სასარგებლო ავტომატიზმებს.

გაღვიძების ალგორითმი

1. როგორც კი რაღაც ხდება, თქვენ იღვიძებთ.
2. სანამ რამეს გააკეთებთ, თქვენ იღვიძებთ.

დააფიქსირეთ ყურადღება გაცნობიერების ცენტრში — წერტილში შიგა და გარე ეკრანებს შორის. ამ წერტილიდან თქვენ შეგიძლიათ ერთდროულად დააკვირდეთ საკუთარ ფიქრებსაც და იმასაც, რაც თქვენს თავს ხდება. თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ თქვენს გარშემო არსებული რეალობა და საკუთარი თავი ამ რეალობაში. არაფერი გიშლით ხელს, რომ ორივე ეკრანს ერთდროულად უყუროთ. თქვენ ეს შეგიძლიათ.

გარე აქტივატორების მაგალითები: ვინმეს შეხვდით, ვინმემ მოგმართათ, თქვენს მახლობლად რაღაც მოხდა — არ აქვს მნიშვნელობა რა, რაიმე ხმა, რაიმე მოძრაობა — ყველაფერი, რაც ადრე თქვენს ყურადღებას იპყრობდა და გითრევდათ. მაშინვე, როგორც კი რაღაც მოხდა, მიმართეთ იქით თქვენი ყურადღება, მაგრამ არ დაკარგოთ მასზე კონტროლი — დაიტოვეთ ის ცენტრში.

შიგა აქტივატორების მაგალითები: აპირებთ სადმე წასვლას, რამის გაკეთებას, ვინმესთან დალაპარაკებას. სანამ რაიმე ნაბიჯს გადადგამდეთ, დააყენეთ თქვენი ყურადღება ცენტრში. სწორედ სანამ, იმიტომ რომ შემდეგ უკვე გვიან იქნება — თქვენ მხოლოდ აღმოაჩენთ, რომ ჯერ ჩაგეძინათ, შემდეგ კი გაიღვიძეთ და გაგახსენდათ, რომ გეძინათ.

კადრის განათების ალგორითმი

1. გამოიჭირეთ საკუთარი თავი ერთ-ერთ აქტივატორზე.
2. გაიღვიძეთ: ვხედავ საკუთარ თავს და ვხედავ რეალობას.
3. გააქტიურეთ „ნაწნავი“ და, შეგრძნების გაუშვებლად, შეუკვეთეთ რეალობა.
4. მოხსენით შეგრძნება ნაწნავიდან.
5. თუ მოვლენა მნიშვნელოვანია, გაიმეორეთ განათება რამდენჯერმე.

ისევე, როგორც ყურადღების თვალთვალი იყო ორგანიზებული, ახლა მოგიწევთ მომავალი კადრის თვალთვალი. აქ არსებობს სამი აქტივატორი:

მოლოდინი — რაღაც უნდა მოხდეს, რაღაცას ელით, რაღაცის იმედი გაქვთ.
განზრახვა — აპირებთ სადმე წასვლას, რამის გაკეთებას.
პრობლემა — მოხდა რაღაც, რაც გადაჭრას მოითხოვს.

ყოველთვის, როცა რაღაცას ელით, ნუ იცდით და ნუ გექნებათ იმედი — განსაზღვრეთ რეალობა. ყოველთვის, როცა რამეს აპირებთ, ნუ იჩქარებთ გაკეთებას — ჯერ შეუკვეთეთ რეალობა. ყოველთვის, როცა რაიმე პრობლემა წარმოიშვა, კვლავაც — ნუ იცდით, ნუ გექნებათ იმედი, ნუ ფაციფუცობთ — შეუკვეთეთ რეალობა.

ალგორითმი „ნაწნავი ნაკადებით“

1. ჩაისუნთქეთ, ხოლო ამოსუნთქვისას წარმოიდგინეთ, როგორ ბრუნდება კეფის ისარი ზურგისკენ დახრილად. ნაწნავი აქტივირებულია.
2. ნაწნავის შეგრძნების გაუშვებლად, შეუკვეთეთ რეალობა. ამ დროს შეგიძლიათ თავისუფლად ისუნთქოთ.
3. ნაწნავის (ისრის) შეგრძნების გაუშვებლად, ჩაისუნთქეთ, ხოლო ამოსუნთქვისას მკვეთრად დაუშვით ისარი ვერტიკალურად დაბლა, რითაც ერთდროულად უშვებთ ორივე ნაკადს.
4. იგრძენით აღმავალი და დაღმავალი ნაკადების მოძრაობა და გულში ან ხმამაღლა წარმოთქვით აზროფორმა: „ჩემი განზრახვა ხორციელდება“.
5. მოხსენით ყველა შეგრძნება.

სარგებლის ალგორითმი

1. გამოიჭირეთ საკუთარი თავი მიუღებლობის აქტივატორზე.
2. გაიღვიძეთ: ვხედავ საკუთარ თავს და ვხედავ რეალობას.
3. დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: რა სარგებელი შეიძლება იყოს ამაში?
4 თუ პასუხი ნაპოვნია, დაეთანხმეთ და მიიღეთ სარგებელი.
5. თუ პასუხი არ არის, მაინც სცადეთ დაეთანხმოთ.

სცენარი სულაც არ ცდილობს თქვენს დაზიანებას. სცენარი ყოველთვის უმცირესი წინააღმდეგობის გზით მოძრაობს. მაგრამ თქვენ რეფლექსურად ეწინააღმდეგებით. შედეგად, ცხოვრებას უფუჭებთ საკუთარ თავსაც და სხვებსაც. დაამკვიდრეთ ერთი მარტივი პრინციპი: ყველაფერში იპოვოთ სარგებელი.

მიყოლის ალგორითმი

1. გამოიჭირეთ საკუთარი თავი კონტროლის აქტივატორზე.
2. გაიღვიძეთ: ვხედავ საკუთარ თავს და ვხედავ რეალობას.
3. დაუსვით კითხვა საკუთარ თავს, იგრძენით: რას ამბობს პირველი მინიშნება?
4. თუ პასუხი ნაპოვნია, მიჰყევით მინიშნებას.
5. თუ პასუხი არ არის, შეუკვეთეთ მიზნობრივი კადრი და კვლავ ეცადეთ მიჰყვეთ.
6. აუცილებელია ჩვევა „გაკონტროლება“ შეცვალოთ ახალი ჩვევებით — გაშვება და მიყოლა.

ხატის (სახის) ალგორითმი

როგორც კი ადამიანებისგან რაღაც მოგინდებათ, გაიღვიძეთ და დადექით სარკის წინ. რა უნდა გააკეთოთ, რომ ანარეკლი თქვენს შესახვედრად წამოვიდეს? გადადგით პირველი ნაბიჯი. მიეცით სხვებს ის, რისი მიღებაც თავად გსურთ.

1. გამოიჭირეთ თავი: მე რაღაცის მიღება მინდა ადამიანებისგან.
2. შედით „თანმყოფობაში“: ნდომას აზრი არ აქვს, უნდა გასცე.
3. დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: რა შემიძლია გავცე მსგავსი?
4. თუ მსგავსი ნაპოვნია, გაეცით ახლა და გაეცით ამიერიდან.
5. თუ მსგავსი ვერ იპოვეთ, გაეცით ნებისმიერი სხვა რამ.

c-1 

უბრალოდ, ააწყვეთ თქვენი ყოველი ფიქრი და ქმედება „პლუს“ ნიშნით. ყველა თქვენი „მომეცი“ შეიცავს „მინუს“ ნიშანს და ისინი არ მუშაობენ, ან უფრო სწორად — მუშაობენ პირიქით. ზუსტად ასევე, ყველა თქვენი ნეგატიური ფიქრი და ქმედება ბუმერანგივით გიბრუნდებათ უკან.

c2

ხატის (სახის) განსაზღვრის საერთო პრინციპი: არა პრეტენზიები სამყაროს მიმართ, არამედ სიყვარული. სინამდვილეში, ყველაფერი, რაც გჭირდებათ — ეს სიყვარულია. მაგრამ თქვენ ეს სიტყვები არასწორად გესმით. გსურთ, რომ ყველას უყვარდეთ. ფიქრობთ, ჯერ თქვენ შეგიყვარებენ და მერე შეიყვარებთ სამყაროს. თუმცა, ყველაფერი პირიქითაა — თქვენ გიყვართ, ასხივებთ სიყვარულს ისე, რომ სანაცვლოდ არაფერს ითხოვთ, და მხოლოდ შემდეგ, მხოლოდ მაშინ მოდის სიყვარული თავად თქვენთან.

არეკვლის ალგორითმი

სახე და ანარეკლი რეალობის მოცულობით სარკეში შეთავსებულია. რა გამომდინარეობს აქედან? ეს ნიშნავს, რომ თქვენ მიერ შექმნილი სახე შეიძლება გახდეს ანარეკლი, ხოლო ანარეკლი შეიძლება გადაედინოს სახეში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენ შეგიძლიათ გარდაქმნათ ანარეკლი სახედ იმით, რომ მოაჩვენოთ თავი, თითქოს გაქვთ ის, რაც არ გაქვთ, ან ხართ ის, ვინც არ ხართ.

მაგალითად, გსურთ საკუთარი სახლი. იარეთ მაღაზიებში და შეარჩიეთ ავეჯი და ინტერიერის საგნები ისე, თითქოს სახლი უკვე გაქვთ. ან გსურთ გახდეთ შეძლებული ადამიანი. დაინტერესდით ძვირადღირებული ნივთებით, მანქანებით, იახტებით, კურორტებით. შეუშვით სიმდიდრე თქვენს ცხოვრებაში. გსურთ გახდეთ ვარსკვლავი რომელიმე სფეროში? მოიქეცით ისე, თითქოს უკვე ვარსკვლავი ხართ, იცხოვრეთ მისი ცხოვრებით, თუნდაც ჯერჯერობით მხოლოდ წარმოსახვაში.

ნუ შეგაკრთობთ ის, რომ ეს თამაშს ან თვითმოტყუებას ჰგავს. თუ სერიოზულად თამაშობთ, რეალობაც იძულებული იქნება ყველაფერი სრული სერიოზულობით აღიქვას. ის ხომ სარკეა! თქვენი ამოცანაა — შეხვიდეთ მდგომარეობაში, რომელშიც გაქვთ ის, რაც გსურთ, ან ხართ ის, ვინც გსურთ. მოაჩვენეთ თავი და იცხოვრეთ ამ მოჩვენებითობაში. ვითომ, მაგრამ არა ხუმრობით. არა ხუმრობით, გესმით?

თანდათანობით რეალობის სურათი შესაბამისობაში მოვა თქვენს მოჩვენებითობასთან. რეალობას უყვარს ილუზიების შექმნა, მაგრამ ვერ იტანს, როცა ილუზიებით მასვე უმასპინძლდებიან. ის იპოვის გზას, რომ თქვენ მიერ შექმნილი ილუზია სინამდვილედ აქციოს.

1. გამოიჭირეთ თავი: მე რაღაცის მიღება მინდა ან ვიღაცად გახდომა.
2. შედით „თანმყოფობაში“: ნდომას აზრი არ აქვს, უნდა შეუკვეთო (დაისახო).
3. მოაჩვენეთ თავი და მოიქეცით ისე, თითქოს სასურველი უკვე მიღწეულია.

რის იმიტირებასაც ახდენთ — იმას იღებთ, ვინადაც თავს ასაღებთ — ის ხდებით. იცხოვრეთ ფიქრებში, ვირტუალურად, ხოლო შეძლებისდაგვარად ქმედებებშიც, რეალურად, სანამ თავად არ დაიჯერებთ შექმნილ ილუზიას. როგორც კი თავად დაიჯერებთ, რეალობაც დაიჯერებს. არსებობს მხოლოდ ორი აუცილებელი პირობა: პირველი — თამაში სრული სერიოზულობით, მეორე — სისტემატური თამაში.

პროექტის სინქრონიზაციის ალგორითმი

თქვენ შექმნილი ხართ დნმ-ის სქემითა და პროექტით, რომელიც საინფორმაციო სივრცეშია და რომლის კორექტირებაც შესაძლებელია. პროექტი შეიძლება შეიცვალოს როგორც უკეთესობისკენ, ისე უარესობისკენ, თქვენი მდგომარეობის მიხედვით. მდგომარეობა — ეს არის თქვენი შეგრძნება საკუთარი თავის, როგორიც ხართ, ყველა ნიუანსით. ეს არ არის წამიერი განწყობა, არამედ სწორედ საკუთარი თავის შეგრძნებაა.

თქვენ შეგიძლიათ მართოთ თქვენი მდგომარეობა, ან ის გმართავთ თქვენ. საჭიროა თქვენი მდგომარეობის განზრახ განსაზღვრა. სამი მოძრაობის შესრულებით (რეალობის ამოძრავება, საკუთარი თავის ამოძრავება, საკუთარი თავით ამოძრავება), თქვენ შედიხართ ახალ მდგომარეობაში.

მაგრამ ეს ახალი მდგომარეობა — ჯერჯერობით მხოლოდ იმიტაციაა. ნამდვილ (არაიმიტირებულ) მდგომარეობაში მაშინ შეხვალთ, როცა იხილავთ რეალურ დადასტურებებს, რომ ტექნიკა მუშაობს. სწორედ ამიტომ, დაბეჯითებით გირჩევთ ყოველთვის მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება ძვრებს. როგორც კი დაინახავთ, მაშინვე გააქტიურეთ ნაწნავი და სიამოვნებით დატკბით თქვენი მიღწევებით, ყველა დეტალში. ამ მომენტში ხდება თქვენი მდგომარეობის სინქრონიზაცია პროექტთან — ის კორექტირდება. ეს კი ნიშნავს, რომ თქვენ შედიხართ ახალ „მანეკენში“.

ნამდვილ მდგომარეობაში თქვენი აზროფორმები გარდაიქმნება აზრომარკერებად:

— ისე გამოდის, რომ ყოველდღე უფრო ვუახლოვდები მიზანს.
— მართლაც, ყველაფერს გენიალურად ვაკეთებ, ჩემი პროფესიონალიზმი იზრდება.
— ჩემი ფიზიკური ფორმა რეალურად უმჯობესდება.
— ჭეშმარიტად, მე ვხდები მომხიბვლელი და მიმზიდველი პიროვნება.

აზრომარკერები — ეს არის იმის დადასტურება, რომ ძვრებს რეალურად აქვს ადგილი.

1. შეასრულეთ სამივე მოძრაობა — ცალ-ცალკე ან ერთად, როგორც გსურთ.
2. ყურადღებით დააკვირდით, ხარბად დაიჭირეთ თქვენი წარმატებების დადასტურებები.
3. როგორც კი დაინახავთ, გააქტიურეთ ნაწნავი და დააფიქსირეთ ძვრა აზრომარკერით.

აზროფორმები ააქტიურებენ რეალობას, ხოლო აზრომარკერები აკორექტირებენ პროექტს.

კომპლექსური მოძრაობა-სეირნობის ალგორითმი

1. შეუკვეთეთ თქვენი ახალი რეალობა და ახალი საკუთარი თავი ახალ რეალობაში.
2. მოაჩვენეთ თავი, თითქოს უკვე გაქვთ ასეთი რეალობა და ხართ ასეთი.
3. და რა თქმა უნდა, იმოქმედეთ, შექმენით საკუთარი თავი, გააღვივეთ თქვენში შემოქმედის ნაპერწკალი.

აკეთეთ ეს ყველაფერი სერიოზულად, სისტემატურად და საკმარისად დიდხანს — ყოველთვის. მაშინ ფირიდან ფირზე, ანარეკლიდან ანარეკლზე თქვენი მანეკენი და თქვენი ცხოვრება შეიცვლება. უეჭველად, თქვენ ამას დაინახავთ.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff