ქურუმი ტაფტი

ვადიმ ზელანდი
0
0

სეირნობა ცოცხალ კინოთეატრში

თქვენ - შესანიშნავი ხართ

წინა ერთ-ერთ გაკვეთილზე მე, ასეთმა დიდებულმა და ბრწყინვალემ, თქვენს წინაშე, ასეთი უნიათოებისა და შეუმჩნევლების წინაშე, წარმოვთქვი, რომ რეალობა თავს ისე აჩვენებს, თითქოს არ იყოს სარკე. ზუსტად ასევე რეალობა თავს ისე აჩვენებს, თითქოს არ იყოს კინოსურათი. და ეს მას ადვილად გამოსდის.

სცადეთ და უთხრათ თქვენს მეზობლებს, მძინარე ლოკოკინებს, რომ ისინი კინოში ცხოვრობენ. ან სიზმარში სცადეთ უთხრათ სიზმრის მანეკენებს, რომ გძინავთ, ხოლო ისინი გესიზმრებიან. ვერც ერთი და ვერც მეორე ვერ გაგიგებთ და არ დაგიჯერებთ. მაგრამ ნუ ეცდებით მათ გადარწმუნებას. თქვენ ჯერ საკუთარი თავი დაარწმუნეთ ჯეროვნად. „გადაპროგრამება“ გესაჭიროებათ!

თქვენ გრძნობთ, რომ გარეგანი სცენარი გატარებთ — სწორედ ეს გამძიმებთ.
შეკვეთის ყველა სახეობა შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ცალ-ცალკე, ისე კომპლექსურად.
ცოცხლად სეირნობა უნდა დაამუშაოთ მუდმივად, სისტემატურად.
ალგორითმები ნერგავენ თქვენში ახალ ჩვევებს, რომლებიც თქვენზე მუშაობენ.
იმის იმედად ყოფნა, რომ რაღაც ახდება ან არ ახდება — უაზრობა და სისულელეა.
კი არ უნდა გინდოდეს, კი არ უნდა ელოდო და იმედი გქონდეს, არამედ უნდა შეუკვეთო რეალობა.

წინა ჯერზე ჩვენ ძალიან რთულ და მძიმე დილემაზე ვიტანჯებოდით. რა სჯობს: ცხოვრება უბედურებაში თუ ბედნიერად შეჭმული ყოფნა? ან არა, ასე არა. რა სჯობს: მომხიბვლელი ბეჰემოთი თუ დესპოტი ქურუმი? ან არა, ასე არა. ბეჯითი და ნაზი ბეჰემოთი თუ ბოროტი და ღვარძლიანი ქურუმი? მაგრამ თქვენ ხომ იცით, რომ მე ბოროტი არ ვარ, არამედ ისეთი კეთილი ვარ, რომ თავად შეგჭამდით ყველას. მე თქვენს მიმართ უმოწყალოდ კეთილი ვარ!

ეს თქვენ ხართ ყველანი ასეთი უბედურები და უიღბლოები! რატომ? იმიტომ, რომ თქვენს ცხოვრებაში თქვენი კინო არ ტრიალებს. და კიდევ, თქვენ არა მხოლოდ მე არ მომწონხართ — თქვენ საკუთარი თავი არ მოგწონხართ — აი, კიდევ რა არის თქვენი უბედურებების მიზეზი.

რატომ ტრიალებს თქვენს ცხოვრებაში არა თქვენი კინო? იმიტომ, რომ ვერ ხვდებით, რომ ეს სინამდვილეში კინოა. შეიძლება იცოდეთ ეს, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ აცნობიერებდეთ. ამიტომ კიდევ ერთხელ, კვლავ და კვლავ, შეგახსენებთ იმას, თუ სად იმყოფებით, ჩემო მომაბეზრებლებო, რომ კარგად დავიდეს თქვენს გონებამდე.

ჩვეულებრივ ცხოვრებაში მიჩვეული ხართ კინოს ეკრანზე ყურებას. ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ კინოსურათის შიგნით აღმოჩნდით. შეიგრძენით ეს. აქ თქვენ სცენარის ხელისუფლებაში ხართ, მაგრამ გაქვთ თავისუფლების ხარისხი. თანმყოფობის მდგომარეობაში თქვენ შეგიძლიათ შეასრულოთ მოქმედებები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული მიმდინარე სცენარით. თავისუფლების ხარისხს თქვენ იღებთ გაღვიძების მომენტში. ამ მომენტში თქვენ შეგიძლიათ გამოფხიზლდეთ და სხვა კინოფირი გაუშვათ. შემდეგ ისევ სცენარის ხელისუფლებაში იქნებით, მაგრამ, თუ მომენტს ხელიდან არ გაუშვებთ, თქვენი კინო ჩაირთვება. 

რატომ არ მოგწონთ საკუთარი თავი? იმიტომ, რომ ყველა ეკრანიდან და ყველა გარეკანიდან გაჩვენებენ სილამაზის, წარმატების და ბედნიერების იდეალებს. თქვენ კი, ჩემო მიმნდობებო, ენდობით ამ ილუზიებს და მორჩილად იზომებთ სხვისას, არა თქვენსას, და ყოველ ჯერზე რწმუნდებით, რომ სტანდარტებში ვერ ჯდებით. სინამდვილეში კი სილამაზე, წარმატება და ბედნიერება ვერ იქნება სტანდარტიზებული — ისინი სუფთა ინდივიდუალურია. მაგრამ თქვენ მაინც გირჩევნიათ ილუზიების გჯეროდეთ და საკუთარი თავი მათ მოარგოთ.

არ დაფიქრებულხართ, რატომ გიჭირთ ასე საკუთარი თავის შეცვლა ან გაუმჯობესება? რატომ დაიწყეთ ამდენჯერ ახალი ცხოვრება ორშაბათიდან, მაგრამ მაინც არ დაგიწყიათ? თქვენი სიზარმაცის გამო? არა. იმიტომ, რომ სცენარი გატარებთ. რა მიზეზით უნდა შეიცვალოს სცენარი მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ მოგინდათ ახალი ცხოვრების დაწყება? თქვენი სურვილი — ეს თქვენი ვექტორია, მაგრამ ის არ არის გაწერილი სცენარში და მასზე ვერანაირ გავლენას არ ახდენს.

ან რატომ იყო, რომ კინოთეატრიდან გამოსვლისას შთაგონებული ამბობდით: „მეც ასე შემიძლია! მეც, მის მსგავსად, ასეთი გავხდები!“ ხანდახან მიბაძვასაც კი ცდილობდით. მაგრამ მაინც არ ხდებოდით. იმიტომ, რომ მხოლოდ გინდოდათ, მაგრამ არ იცოდით, რომ არსებობს მიბაძვის ტექნოლოგია ან, როგორც ჩვენ მას ვუწოდებთ, იმიტაცია და რომ ის რეალურად მუშაობს. მუშაობს გონივრული მიდგომის შემთხვევაში.

უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია მტკიცედ იცოდეთ, რომ ასეთი რამ პრინციპში შესაძლებელია. შესაძლებელია შეუკვეთოთ არა მხოლოდ რეალობა — შესაძლებელია შეუკვეთოთ საკუთარი თავიც, საკუთარი მანეკენიც. მანეკენი ამ დროს შეიცვლება. კინოფირებისა და ანარეკლების რიგში გადაადგილებისას, თქვენ გახდებით სხვანაირები, როგორადაც ოცნებობდით საკუთარი თავის დანახვას.

გიჭირთ ამის დაჯერება, ჩემო უნდობლებო? ეს იმიტომ, რომ თქვენ უკვე სცადეთ მსგავსი რამ და არაფერი გამოგივიდათ, რადგან „თავისუფალი სიჩქარის“ რეჟიმში მუშაობდით. საკუთარ თავს ხატავდით დიდების სხივებში თქვენს ოცნებებში, მაგრამ ეს ნაკლებეფექტურია, როგორც ახლა უკვე იცით - აუცილებელია ნაწნავის გამოყენება. ცდილობდით მიგებაძათ თქვენი კუმირებისთვის, მაგრამ არ აკეთებდით ამას სერიოზულად, რადგან არ ეჭვობდით, რომ ანარეკლის შეკვეთა მართლაც შეიძლება. და არ აკეთებდით ამას სისტემატურად, რადგან ვერ ხედავდით მყისიერ შედეგებს.

საკუთარი თავის სრულყოფა ან საკუთარი თავისგან რაიმე ახლის შექმნა სავსებით შესაძლებელია. მხოლოდ ამისთვის საჭიროა თქვენს ქურუმს უსმინოთ! საკუთარი თავით მოძრაობისას, თქვენ შეგიძლიათ იყოთ დიდებულები. საკუთარი თავის ამოძრავებით, თქვენ შეგიძლიათ გახდეთ დიდებულები. ხოლო ასე მოძრაობით და ამავდროულად საკუთარი კინოს ამოძრავებით, თქვენ შეგიძლიათ მთელი თქვენი ცხოვრება დიდებულებად აქციოთ. პირდაპირ მშურს თქვენი! და რატომ გიყვებით ამას?

მაშ ასე, მოძრაობა-სეირნობის ალგორითმი კომპლექსურად:

1. შეუკვეთოთ საკუთარი თავისთვის ახალი რეალობა და საკუთარი თავი ახალ რეალობაში.
2. მოაჩვენოთ თავი, თითქოს უკვე გაქვთ ასეთი რეალობა და უკვე ასეთები ხართ.
3. და რა თქმა უნდა, იმოქმედოთ, შექმნათ საკუთარი თავი, გააღვივოთ საკუთარ თავში შემქმნელის ნაპერწკალი.

ეს არის ყოველივე ის, რაზეც ადრე ვსაუბრობდით, რისი უნარიც გაქვთ კინოსურათში: ამოძრაოთ მომავალი კადრი, ამოძრაოთ საკუთარი თავით, ამოძრაოთ საკუთარი თავი. აკეთოთ ეს ყველაფერი სერიოზულად, სისტემატურად და საკმარისად ხანგრძლივი დროის განმავლობაში — ყოველთვის. მაშინ ფირიდან ფირზე, ანარეკლიდან ანარეკლზე თქვენი მანეკენი და თქვენი ცხოვრება შეიცვლება. უეჭველად, თქვენ ამას დაინახავთ.

 

თქვენ - თავად სრულყოფილება ხართ

იმედი მაქვს, რაღაცებს მიხვდით, ჩემო კარგებო. თუ ხართ უბედურები და უიღბლოები, თუ არავის უყვარხართ, თუ არავის სჭირდებით, თუ გამოუვალ სიტუაციაში ხართ და გგონიათ, რომ გამოსავალი არ არსებობს... თქვენ გაქვთ გამოსავალი.

ნუ შეგშურდებათ სხვების ყურებისას და ნუ ჩავარდებით სასოწარკვეთაში საკუთარი თავის ყურებისას, არამედ თავად გახდით ციცინათელები და აამოძრავეთ საკუთარი თავი.
ნუ უყურებთ რეალობას, რომელშიც გიწევთ ცხოვრება, როგორც თქვენგან დამოუკიდებელ რამეს, არამედ თავად შეუკვეთეთ იგი.
მომავალი რეალობა ამოძრავეთ ნაწნავით, ხოლო მიმდინარე რეალობაში ამოძრავეთ საკუთარი თავით — თქვენი ხატითა და ანარეკლით.
საკუთარი თავი არ მოგწონთ, რადგან თავს სხვის „სტანდარტებს“ ადარებთ.
სილამაზე, წარმატება და ბედნიერება ყველას თავისი, ინდივიდუალური და უნიკალური აქვს.
საკუთარი თავის შეცვლა გიჭირთ, რადგან სცენარი გატარებთ.
თქვენი სურვილები არ არის ჩაწერილი სცენარში და მასზე გავლენას არ ახდენს.
თქვენი ანარეკლის შეკვეთით შესაძლებელია შეცვალოთ საკუთარი თავი, თქვენი მანეკენი.
მოძრაობა-სეირნობა: კომპლექსურად, სერიოზულად, სისტემატურად, ყოველთვის.

წინა გაკვეთილზე გაჟღერდა ასეთი აზრი: შესაძლებელია შეუკვეთოთ არა მხოლოდ რეალობა, არამედ საკუთარი თავიც, თქვენი მანეკენი. თუ არ გეძინათ, ეს უნდა გაგკვირვებოდათ. როგორ გავიგოთ ეს?

შეგახსენებთ: კინოფირებზე, რომლებიც მარადისობის არქივში ინახება, თქვენი საკუთარი მანეკენები გყავთ. როცა ერთ-ერთ ასეთ ფირს სიზმარში ხედავთ, თქვენი ცნობიერება პოულობს თავის მანეკენს, ის ცოცხლდება და იწყებს მოძრაობას. სანამ სიზმარს ხედავთ, თქვენ ცხოვრობთ სიზმრის მანეკენის სხეულში, როგორც თქვენს მრავალ ვარიანტთაგან ერთ-ერთში.

იგივე ხდება სინამდვილეშიც — იმ კინოფირებზე, რომლებზეც თქვენი ცხოვრება მიედინება. ყოველ ახალ კინოფირზე თქვენი ცნობიერება შედის მანეკენის მორიგ ვერსიაში, ის ცოცხლდება და ხდება თქვენი — მიმდინარე კადრში. 

გახსოვთ, ერთხელ ვთქვი, რომ სიზმარში სარკეში ჩახედვისას შეიძლება საკუთარი თავი ვერ იცნოთ-მეთქი? ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ არა ერთი, თქვენთვის ტიპური მანეკენი, არამედ მრავალი — ყოველ კინოფირზე განსაკუთრებული ან სპეციფიკურიც კი. ახლომდებარე კინოფირებზე თქვენ დაახლოებით ერთნაირები ხართ, საკუთარ თავს გავხართ. ანომალიურად დაშორებულებზე კი სულ სხვანაირები ხართ.

საუბარი არ არის იმაზე, რომ ოდესღაც ახალგაზრდები იყავით და მერე დაბერდით, ან გამხდრები იყავით და მერე გასუქდით. მანეკენი შეიძლება შეიცვალოს ახლავე, მოკლე დროში. თქვენ შეგიძლიათ სწრაფად შეიცვალოთ, გარეგნობის შთამბეჭდავ გარდასახვამდეც კი. მათ შორის შეიძლება შეიცვალოს თქვენი თვისებები და უნარები, მაგალითად: თავდაჯერებულობა, მომხიბვლელობა, ურთიერთობის უნარი, სიმამაცე, ინტელექტი, პროფესიონალიზმი.

მაგრამ სანამ ავხსნიდე, როგორ კეთდება ეს, მინდა რაღაც გაუწყოთ. საკუთარი თავის შეცვლა სულაც არ ნიშნავს საკუთარ თავზე უარის თქმას ან ძველი „მე“-ს გადაგდებას. საუბარია განვითარებაზე. განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენ ის იშვიათი შემთხვევა ხართ, როცა ისედაც მოგწონთ საკუთარი თავი და მისი შეცვლა არ გინდათ. მაგრამ ასეც რომ იყოს, განვითარებაში გაჩერება არ შეიძლება, რადგან სხვაგვარად დეგრადაცია დაიწყება.

უნდა შეცვალოთ საკუთარი თავი ისე, რომ არ უღალატოთ საკუთარ თავს — თქვენს თვითმყოფადობას, პრინციპებს, რწმენას, კრედოს. გახადო საკუთარი თავი უკეთესი — არ ნიშნავს უღალატო შენს თავს. შეიძლება განვითარდე და დარჩე საკუთარ თავად. კი არ გადააკეთო შენი თავი, არამედ შექმნა, გააღვივო საკუთარ თავში შემქმნელის ნაპერწკალი. კი არ მოარგო შენი თავი სხვის სტანდარტებს, არამედ შექმნა შენი საკუთარი, რათა სხვა ლოკოკინებმა გიყურონ და შურდეთ. საკუთარი სტანდარტების შექმნა შეიძლება, თუ მიიღებთ თქვენს უნიკალურობას. უნიკალურობა — ეს არის ყველაფერი, რაც გაქვთ, მაგრამ ეს ბევრ რამეში სავსებით საკმარისია.

უნიკალურობა თავისთავად უკვე სრულყოფილია, რადგან ასეთი რამ სხვაგან არსად არის. აქვს კი ფასი იმას, რაც არავის და არსად არ გააჩნია? რასაკვირველია. ეს არის უპირატესობა, რომელიც შეიძლება გამოიყენოთ, ან მტვრიან კარადაში მოისროლოთ. და ეს მხოლოდ თქვენი არჩევანის საკითხია.

თუმცა იმის გაგება და მიღება, რომ თქვენ ხართ უნიკალური, თვითკმარი და სრულყოფილი, ისევე ძნელია, როგორც იმის გაცნობიერება, რომ კინოსურათის შიგნით იმყოფებით. დააკვირდით, როცა საკუთარ თავში რაღაც კატეგორიულად არ მოგწონთ, თითქმის შეუძლებელია თქვენი დარწმუნება იმაში, რომ ეს შეიძლება თქვენს უპირატესობად იქცეს.

მაგალითად, სტანდარტების თვალსაზრისით, თქვენი რომელიმე თავისებურება გარეგნობაში, ხასიათში ან მანერებში შეიძლება ნაკლად ჩაითვალოს. მაგრამ ნაკლს ერთი პარადოქსული თვისება აქვს: თუ დაეთანხმებით ნაკლს, ის ხდება ფასეული ინდივიდუალური თვისება. ხოლო თუ არ მიიღებთ მას და ებრძოლებით, ის იქცევა ხარვეზად. სწორედ ასე აღიქმება ეს გარშემომყოფების მიერ: ან ფასეულობად, ან ხარვეზად.

თქვენ თავად ხართ სრულყოფილება, როგორც ეს ბუნებამ და შემქმნელმა ჩაიფიქრა. სრულყოფილება — ეს არის ინდივიდუალურობა თავის უნიკალურობაში და საკუთარ თავთან თანხმობაში. იქ, სადაც არის თანხმობა, ჩნდება ჰარმონია. და პირიქით, ნებისმიერი მიუღებლობა შობს დისჰარმონიას, რომელიც ყველასთვის შესამჩნევი ხდება.

ასე რომ, ყურადღებით დააკვირდით თქვენს ნაკლოვანებებს, სანამ მათ აღმოფხვრას იჩქარებდეთ. იქნებ, თუ მათ მიიღებთ, ისინი თქვენს უნიკალურ უპირატესობებად და ღირსებებად იქცნენ? ყურადღებით დააკვირდით, სტანდარტებზე სწორების გარეშე! სცადეთ თუნდაც რამდენიმე დღით მოეშვათ და მიიღოთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ. თავად დაინახავთ, რა მოხდება. შესაძლოა, საკუთარი თავი მოგეწონოთ კიდეც.

რა თქმა უნდა, ნაკლოვანებები უნდა განვასხვავოთ მანკიერებებისგან. აშკარა მანკიერება ან სუსტი რგოლი, რომელიც პირდაპირ გვნებთ თქვენ (მაგალითად, ჯანმრთელობას, იმიჯს) ან გარშემომყოფებს, უნდა აღმოიფხვრას. არის აშკარა რაღაცები, რაზეც აქ დაწვრილებით არ ვისაუბრებთ.

დანარჩენ შემთხვევაში კი არ უნდა ებრძოლოთ ნაკლოვანებებს, არამედ უნდა განავითაროთ ღირსებები. ყურადღების ფოკუსირება ნაკლოვანებებზე (მათ შორის ფიზიკურზე, რომელთა შეცვლა შეუძლებელია) მხოლოდ ამძაფრებს მათ. თუ ნაკლის გამოსწორება შესაძლებელია თვითგანვითარების გზით, უნდა განვითარდეთ. მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, თუ ამის სურვილი გაქვთ. თუ განსაკუთრებული სურვილი არ გაქვთ, თავი დაანებეთ მათ და კონცენტრირება მოახდინეთ თქვენს ღირსებებზე. სხვაგვარად ცხოვრება უწყვეტ ბრძოლად იქცევა.

არსებული ღირსებების განვითარება გაცილებით ეფექტურია, ვიდრე ნაკლოვანებების აღმოფხვრა. რადგან განვითარებული ღირსებები, სავარაუდოდ, დაჩრდილავენ ნაკლოვანებებს ან ავტომატურად გააქრობენ მათ. და მაშინ ნაკლოვანებების საკითხი უბრალოდ თავისთავად მოიხსნება.

 

სამი მიღწევის მეთოდი

ჩემო მოუქნელებო, ალბათ უკვე წარმოიდგინეთ თავი დიდებულებად? არა, დიდებული მე ვარ! თუმცა თქვენც შეგიძლიათ ასეთები იყოთ, თუ საკუთარ თავს ამის გაბედვის უფლებას მისცემთ. თქვენ თავად განსაზღვრავთ, როგორები იყოთ. თქვენ ეს შეგიძლიათ. მე კი გასწავლით. ჩემთან ყველაზე ლამაზები და ბედნიერები იქნებით. მე ტაფტი ვარ, თქვენი ქურუმი ქალი. სწორედ ამისთვის მოვედი.

— თქვენ ცხოვრობთ მანეკენის სხეულში, როგორც თქვენი მრავალი ვარიანტიდან ერთ-ერთში. 

— საჭიროა განვითარდეთ და ამავდროულად დარჩეთ საკუთარ თავად; შეცვალოთ საკუთარი თავი ისე, რომ არ უღალატოთ მას. 

— უნიკალურობა — ეს არის ყველაფერი, რაც გაგაჩნიათ და ეს მეტწილად საკმარისია. 

— ნაკლოვანება ან უნდა აღმოფხვრათ, ან შეეგუოთ მას. თუ ნაკლს მიიღებთ, ის შეიძლება უპირატესობად იქცეს. ნუ ებრძვით ნაკლოვანებებს, განავითარეთ ღირსებები.

სანამ მოგიყვებოდეთ იმაზე, თუ როგორ განსაზღვროთ თქვენი მანეკენი, კიდევ ერთ განმარტებას მოგცემთ, თუ რატომაა ეს საჭირო, რადგან საკითხი არატრივიალურია. მოთმინება, ჩემო კარგებო, ყველაფერს მოასწრებთ, ყველაფერს გაიგებთ.

არსებობს უნივერსალური და ასპროცენტიანი ფორმულა: ცხოვრება გამოსწორდება, თუ საკუთარ თავს მიიღებთ როგორც უნიკალურ საოცრებას, ყველა ნაკლოვანებითურთ, ისეთს, როგორიც ხართ, შემდეგ კი უბრალოდ დატკბებით საკუთარი თავითა და ცხოვრებით. თუ შეძლებთ უბრალოდ დატკბეთ საკუთარი თავითა და ცხოვრებით, მაშინ თავად თქვენც და თქვენი ცხოვრებაც — ავტომატურად გაუმჯობესდება.

თუმცა ამის გაკეთება საკმაოდ რთულია. დაბადებიდანვე თქვენზე ყოველგვარი შაბლონების, სტანდარტების, პირობითობებისა და შეზღუდვების ზედმეტად დიდი ტვირთია აკიდებული. ამ ტვირთისგან გასათავისუფლებლად სამი კონკრეტული მოქმედებაა საჭირო. აზრობრივად ეს ტვირთი არ იხსნება.

პირველი. არ შეიძლება ფოკუსირება საკუთარ ნაკლოვანებებზე. არ შეიძლება იმყოფებოდეთ საკუთარი არასრულფასოვნების განცდის მდგომარეობაში. ეს დესტრუქციული მდგომარეობაა. ნაკლოვანებები გაღრმავდება და კიდევ უფრო მეტი დეგრადაცია დაიწყება. ამიტომ საჭიროა სხვა, კონსტრუქციულ მდგომარეობაში გადასვლა. ამაში მეორე მოქმედება დაგეხმარებათ.

მეორე. ცხოვრებაში უნდა არსებობდეს მიზანი — შთამაგონებელი, ენთუზიაზმით აღმავსებელი, რომელიც სარგებელს მოუტანს თქვენც და სხვებსაც. თუ ყველაფრის მიმართ აპათია გაქვთ, ესე იგი მიზანი არ გაგაჩნიათ. ან, პირიქით, როცა მიზანი არ გაქვთ, გეუფლებათ აპათია. არ არის მიზანი — არაფერი მოგინდებათ. არ არის სწრაფვა — არ იქნება მოძრაობა. არ არის მოძრაობა — არ იქნება ენერგია. არ არის ენერგია — არ იქნება სიცოცხლე. ამიტომ აუცილებელია იპოვოთ თქვენი სანუკვარი მიზანი, თქვენი მისია და დაიწყოთ მოძრაობა მისკენ. მისიის გარეშე, თუნდაც მცირედის, თქვენ არ არსებობთ, თქვენ ცარიელი ადგილი ხართ. თუ მისია ჯერ ნაპოვნი არ არის, მესამე მოქმედება დაგეხმარებათ.

მესამე. როგორც კი იპოვით მისიას, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მოახდინოთ კონცენტრირება განვითარებაზე, საკუთარი თავის შექმნაზე. შექმენით საკუთარი თავი მუდმივად, ყოველთვის. გააღვივეთ საკუთარ თავში შემოქმედის ნაპერწკალი, განვითარდით და გახდით სრულყოფილი. ეს არის ერთდროულად სამი მიღწევის გზა: გამოხვიდეთ არასრულფასოვნების მდგომარეობიდან, იპოვოთ მისია და განახორციელოთ იგი.

აბა, თქვენ რა გეგონათ? ჯადოსნური ჯოხი არ არსებობს. არსებობს "ნაწნავი", მაგრამ მასზე მუშაობაა საჭირო. დივანზე წოლით არაფერი გამოვა. როგორც ახლა უკვე იცით, მიზნები მიიღწევა სამმაგი მოძრაობით: ამოძრაო რეალობა, ამოძრავდე თავად, ამოძრაო (განავითარო) საკუთარი თავი. თვითგანვითარება უკვე ღირსეული მიზანი და გზაა. მისია გზაში თავად გამოჩნდება. მაგრამ როცა გამოჩნდება, გაჩერება არ შეიძლება. გახსოვდეთ: არსებობს ან განვითარება, ან დეგრადაცია.

ნუ იფიქრებთ, რომ თვითგანვითარება დამამძიმებელი ვალდებულება ან მძიმე შრომაა. პირიქით, ბევრად უფრო დამთრგუნველია უძრაობაში, უმოქმედობასა და სიზარმაცეში ყოფნა. საკუთარი თავის შექმნა შრომა კი არა, სასიამოვნო მზადებაა რაღაც კიდევ უფრო სასიამოვნოსთვის. თქვენ ხომ იმზადებთ თავს, როცა წვეულებაზე მიდიხართ, იპრანჭებით? მაგრამ წვეულება დღესაა. აი, იმისთვის კი, რაც დადგება ხვალ, ერთ თვეში, ერთ წელიწადში, ერთჯერადი მომზადება საკმარისი არ იქნება.

შევაჯამოთ ნათქვამი. იმისათვის, რომ გახდეთ დიდებულნი და თქვენი ცხოვრება დიდებულებად აქციოთ, აუცილებელია გამოხვიდეთ უძრაობისა და დეგრადაციის მდგომარეობიდან. გამოსვლის გზაა — იპოვოთ თქვენი მისია, სანუკვარი მიზანი და იმოძრაოთ მისკენ. თქვენი მისია — ეს თქვენი თვითრეალიზაციის ვექტორია. მისიის გარეშე ცხოვრება აზრს მოკლებულ არსებობად იქცევა. თქვენ შეიძლება არ იცოდეთ თქვენი მისია. შემოქმედის ნაპერწკალმა, რომელიც თქვენში ღვივის, იცის. მაგრამ ის უნდა გააღვივოთ. საკუთარ თავში შემოქმედის ნაპერწკლის გაღვივებით, საკუთარი თავის შექმნით, თქვენ აღწევთ სამივეს: გამოდიხართ უძრაობიდან, პოულობთ მისიას და ახორციელებთ მას.

აი, რატომაა საჭირო განსაზღვროთ არა მხოლოდ რეალობა, არამედ თქვენი მანეკენიც. გაიხსენეთ მოძრაობა-სეირნობის ალგორითმი კომპლექსში, რა არის იქ ნათქვამი. მიჰყევით ალგორითმს და ცხოვრებაში ყველაფერი გამოსწორდება.

მისიის გაუთვალისწინებლადაც კი არსებობს კიდევ ერთი საფუძვლიანი მიზეზი ალგორითმის დასაცავად. თვითგანვითარება — ეს მოძრაობაა. მოძრაობის გარეშე, ვიმეორებ, არ არის ენერგია. ენერგიის გარეშე არ არის თავად სიცოცხლე, არამედ არის ჩაქრობა. "მეტაძალის" ასამოქმედებლადაც საჭიროა თქვენი პირადი ძალის, ენერგიის საკმარისი რაოდენობა. მოძრაობაში ყოფნით, საკუთარი თავის განვითარებით, თქვენ ამ ენერგიას იღებთ.

რა მიმართულებით განავითაროთ საკუთარი თავი, თქვენზე უკეთ არავინ იცის. თუ არ იცით, დაუსვით საკუთარ თავს კითხვა და დაისახეთ ასეთი მიზანი — განავითაროთ საკუთარი თავი, და მაშინ გაიგებთ.

და კიდევ, მისიასთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული ნიუანსები:

მიჰყევით თქვენი გულის გზას. იპოვეთ და გააცნობიერეთ, რა არის ნამდვილად თქვენი და რა გეჩვენებათ მხოლოდ თქვენად.
მიჰყევით საკუთარ გზას და არა სხვის ნაკვალევს. ნუ დააკოპირებთ სხვის გამოცდილებას. მიეცით საკუთარ თავს უფლება, იყოთ უნიკალურნი ყველაფერში.
მაგრამ ეს ცალკე წიგნის თემაა. მოგიწევთ სხვა წიგნების წაკითხვაც. ნუ დაიზარებთ, ჩემო კარგებო, ბეჯითად ისწავლეთ! ხომ არ გინდათ, რომ ლოკოკინებად დარჩეთ?

 

თქვენ გენიალურები ხართ

უკვე გითხარით, რომ არ მომწონხართ? არა, ვიხუმრე, თქვენ ჩემი ფავორიტები, ჩემი საყვარელი არსებები ხართ. ნუ გამიცრუებთ იმედებს! და არც მე გაგიცრუებთ.

— არ შეიძლება იმყოფებოდეთ საკუთარი არასრულფასოვნების განცდის მდგომარეობაში. 

— უნდა იპოვოთ თქვენი სანუკვარი მიზანი, თქვენი მისია და დაიწყოთ მოძრაობა მისკენ. 

— მისია — ეს არის ის, რაც შთაგაგონებთ და სარგებელი მოაქვს თქვენთვისაც და სხვებისთვისაც.

— თქვენ შეიძლება არ იცოდეთ თქვენი მისია — შემოქმედის ნაპერწკალმა იცის, მაგრამ ის უნდა გააღვივოთ. 

— თვითგანვითარება საშუალებას გაძლევთ: გამოხვიდეთ უძრაობიდან, იპოვოთ მისია, განახორციელოთ მისია. 

— მოძრაობის გარეშე, განვითარების გარეშე, თქვენ არ გექნებათ ძალა "მეტაძალის" ასამოქმედებლად.

გსურთ გახდეთ უკეთესი? გაიუმჯობესოთ ფიზიკური ფორმა და გარეგნობა, განავითაროთ შესაძლებლობები და ნიჭი? თუ გეზარებათ, ან არ გინდათ? როგორ თუ — არ გინდათ? შეხედეთ საკუთარ თავს, როგორები ხართ. მრუდი ფეხები, სულელური რქები. მრგვალი მუცლები, ხარბი პირები.

ამავდროულად, თქვენ თავად სრულყოფილება ხართ, რადგან თქვენში შემოქმედის ნაპერწკალია. მაგრამ სრულყოფილებას კიდევ გამოვლენა სჭირდება — ნაპერწკლის გაღვივება. თუ რა სახით გამოვლინდება ეს სრულყოფილება, თქვენს ინდივიდუალობაზეა დამოკიდებული. ხოლო გამოვლინდება თუ არა საერთოდ — თქვენს განზრახვაზე.

ვთქვათ, გსურთ გქონდეთ ლამაზი სხეული, იქცეთ მომხიბვლელ და ყოველმხრივ სასიამოვნო პიროვნებად, გახდეთ მაღალანაზღაურებადი პროფესიონალი რომელიმე სფეროში. არსებითად, ეს ნიშნავს შეხვიდეთ თქვენს სხვა, სრულყოფილ მანეკენში, პრინციპულად სხვა კინოფირზე. ასეთი მანეკენი და ასეთი კინოფირი ნამდვილად არსებობს, ეჭვი არ შეგეპაროთ. საჭიროა მხოლოდ იქამდე მიღწევა. აღნიშნული მიზანი მიიღწევა სამმაგი მოძრაობით: ამოძრაო რეალობა, ამოძრავდე თავად, ამოძრაო (განავითარო) საკუთარი თავი. განვიხილოთ სამივე შემადგენელი ნაწილი:

1. ამოძრაო რეალობა. "ნაწნავის" დახმარებით განსაზღვრეთ რეალობა, რომელშიც გაქვთ ის, რაც გსურთ და ხართ ის, ვინც გინდათ. განსაზღვრეთ ახალი საკუთარი თავი ახალ რეალობაში. პირდაპირი მნიშვნელობით, დღის განმავლობაში რამდენჯერმე, ან მეტჯერაც, თუ ინებებთ, შედით "თანმყოფობის" მდგომარეობაში, გაააქტიურეთ ნაწნავი და, მასზე შეგრძნების მოუშორებლად, დახატეთ სასურველი სურათი (საბოლოო შედეგი, მიზნობრივი კადრი) — ფიქრებში, სიტყვებში, ვიზუალურად — როგორც შეგიძლიათ. აკეთეთ ეს დაძაბვის გარეშე, არაუმეტეს ერთი წუთისა ერთ ჯერზე. გახსოვდეთ, რომ მუშაობს არა ძალისხმევა, არამედ მეტაძალა; არა დაძაბულობა, არამედ კონცენტრაცია.

ნუ მოგერიდებათ მიზნის დასახვისას და ნუ წვრილმანდებით. დაისახეთ მაშინვე მაღალი თამასა. მაგალითად, დაისახეთ მიზნად გააღვიძოთ საკუთარ თავში გენიალურობა, გახდეთ გენიოსი რომელიმე კონკრეტულ სფეროში ან საერთოდ. მაშინ, თქვენი შესაძლებლობების მიუხედავად, დაიწყებთ გენიალურად მოქმედებას.

რა თქმა უნდა, თუ იმის მიმართ, რაც გიზიდავთ, შესაძლებლობები საერთოდ არ გაგაჩნიათ, მაშინ უნდა დაფიქრდეთ, არის თუ არა ეს თქვენი გზა. მაგრამ თუ თქვენი გულის გზას მიჰყვებით და თუ მიზანი პრინციპში განხორციელებადია, ესე იგი ის შეიძლება განხორციელდეს, დანარჩენი კი თქვენს დაჟინებულობაზეა დამოკიდებული. განსაზღვრეთ ახალი საკუთარი თავი ახალ რეალობაში თანმიმდევრულად და სისტემატურად. გახსოვდეთ: შემოქმედის ნაპერწკალი თქვენშია. თქვენს ხელთაა მისი ალად ქცევა და შედევრების შექმნა.

გარკვეული დროის შემდეგ დარწმუნდებით, რომ მართლაც იწყებთ ისეთი რამის კეთებას, რაც არ შეგეძლოთ და, როგორც ჩანდა, არც უნდა შეგძლებოდათ. ეს ძალიან გაგაოცებთ, მაგრამ აქ ზებუნებრივი არაფერია. ეს არ არის სასწაული, ეს ტექნოლოგიაა. განსაზღვრავთ რა რეალობას, რომელშიც გენიალური ხართ, თქვენ გადაადგილდებით იმ კინოფირებზე, სადაც გენიალურად მოქმედებთ — ვიმეორებ, არა იმიტომ, რომ ფლობთ შესაძლებლობებს, არამედ იმიტომ, რომ სცენარია ასეთი.

უბრალოდ, სხვა კინოფირებზე გექნებათ ის, რაც ჯერ არ გაქვთ და რაზეც წარმოდგენაც არ გაქვთ. იქ, ახალ მანეკენში, ახალი შესაძლებლობებიც გამოვლინდება და ჩაფიქრებულის განხორციელების გზებიც მოიძებნება; თქვენ მათ დაინახავთ, თუ არ ჩაგეძინებათ.

2. ამოძრავდე თავად. შეგახსენებთ, ამოძრავდე თავად ადამიანებთან მიმართებაში — ნიშნავს განსაზღვრო ხატი (სახე). ამოძრავდე თავად რეალობასთან მიმართებაში — ნიშნავს განსაზღვრო ანარეკლი. მთლიანობაში, საკუთარი თავის ამოძრავება ნიშნავს ანგარიშს უწევდე შენს მოტივებსა და მოქმედებებს.

როცა ანგარიშს არ უწევთ საკუთარ თავს და მიჰყვებით სცენარს, სარკეში თქვენი ყველა გზავნილი ადამიანების მიმართ დაიყვანება ფრაზამდე "მომეცი-მომეცი-მომეცი", ხოლო რეალობის მიმართ — "მინდა-მინდა-მინდა". ამავდროულად, გაქვთ მომენტი, როცა შეგიძლიათ მოსწყდეთ სცენარს. შედით თანდასწრების მდგომარეობაში და გაიხსენეთ ხატის ალგორითმი და ანარეკლის ალგორითმი.

ადამიანებთან ურთიერთობაში შეცვალეთ ყველა თქვენი "მომეცი" სიტყვით "აიღე". რიგი დაჟინებული ვარჯიშის შემდეგ, ეს მანერა ჩვევაში გადაგივათ და თავისთავად მოახდენს შთაბეჭდილებას; თქვენ ყოველგვარი თამაშის გარეშე იქცევით მომხიბვლელ პიროვნებად. თქვენი ჩვევები — ეს თქვენი მანეკენის ნაწილიცაა. თქვენს გარდასახვასთან ერთად კი, ნახავთ, რომ პრობლემები, რომლებიც გტანჯავთ, თავისით გაქრება ან მოგვარდება. კიდევ ერთხელ კარგად შეისწავლეთ თავი "ხატის შეკვეთა", სადაც აღწერილია ყველა "მომეცი" და მათი ალტერნატივა — "აიღე".

იგივე ეხება რეალობასთან ურთიერთობას: რაც არ უნდა ხდებოდეს, თქვენ გაქვთ მიზნობრივი კადრის განსაზღვრის ალგორითმი, სარგებლიანობის, დაშვებისა და მიყოლის პრინციპები. ასევე გახსოვდეთ, რომ ყველა ნეგატიური აზრი და გზავნილი ბუმერანგივით გიბრუნდებათ. ეცადეთ ყველა მინუსი პლუსად აქციოთ, საკუთარივე სარგებლისთვის, და მაშინ ეს ჩვევაში გადაგივათ, რაც ისევ და ისევ თქვენი ახალი მანეკენის ნაწილი გახდება.

ხოლო რა ვქნათ, თუ მოცემულ მომენტში არაფერი გაქვთ ისეთი, რისი გაცემაც ან რეალობაში გაგზავნა შეგიძლიათ? ამისთვის არსებობს იმიტაციის ტექნიკა. თქვენ შეგიძლიათ ანარეკლი ხატად აქციოთ, თუ მოაჩვენებთ თავს, თითქოს გაქვთ ის, რაც არ გაქვთ, ან ხართ ის, ვინც არ ხართ. როგორიცაა თამაში — ისეთია რეალობაც; რისი იმიტაციასაც აკეთებთ — იმასვე იღებთ; ვისაც განასახიერებთ — იმადვე იქცევით. ანარეკლი გადაედინება ხატში. ამის შესახებ დაწვრილებით შემდეგ თავში ვისაუბრებთ.

 

იმიტაციის ტექნიკა

არ გეჩვენებათ, ჩემო რჩეულებო, რომ ამ ალგორითმებით შეიძლება მომართულ მანეკენებს დაემსგავსოთ? არაუშავს, არაუშავს, ჩემო მოქნილებო, სჯობს იყოთ მომართული მანეკენები სწორი ჩვევებით, ვიდრე საერთოდ შეურაცხადი მარიონეტები. 

— ახალი მანეკენი სამმაგი მოძრაობით მოიპოვება: რეალობის, საკუთარი თავის და საკუთარი ქმედებების ამოძრავებით. 

— ნაწნავის დახმარებით განსაზღვრეთ ახალი საკუთარი თავი ახალ რეალობაში. 

— ნუ წვრილმანდებით, მაგრამ დაისახეთ რეალური მიზნები. 

— მალე დაიწყებთ იმის კეთებას, რაც არ შეგეძლოთ და, როგორც ჩანდა, არც უნდა შეგძლებოდათ. 

— ახალ კინოფირებზე ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება და გამოვლინდება. 

— ჩაფიქრებულის განხორციელების გზები და საშუალებები თავისით მოიძებნება. 

— სასარგებლოა ისევ და ისევ გაიმეოროთ თავები, სადაც აღწერილია, რას ნიშნავს ამოძრაო საკუთარი ქმედებები.

წინა გაკვეთილზე იქ შევჩერდით, რომ იმიტაციის ტექნიკა საშუალებას მოგცემთ შეიძინოთ ის თვისებები, რომლებიც ჯერ არ გაგაჩნიათ. გავიხსენოთ, რა ამოცანა დავისახეთ: დავეუფლოთ ლამაზ სხეულს, ვიქცეთ მომხიბვლელ და ყოველმხრივ სასიამოვნო პიროვნებად, გავხდეთ მაღალანაზღაურებადი პროფესიონალი რომელიმე სფეროში. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი არ გაგაჩნიათ, თქვენ შეგიძლიათ მისი იმიტირება. უკვე ახლა. ხოლო შემდეგ, როგორც იცით, რეალობა იპოვის გზას, რომ თქვენ მიერ შექმნილი ილუზია სინამდვილედ აქციოს.

პირდაპირი მნიშვნელობით, თქვენ უნდა წარმოიდგინოთ, რომ უკვე ფლობთ ყველა ჩამოთვლილ ღირსებას, მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ეს მხოლოდ თამაშია. დააკვირდით მათ, ვინც ამას უკვე ფლობს. თავდაპირველად დააკოპირეთ მათი მანერები, თუ საკუთარი ხედვა არ გაგაჩნიათ. პირველადი ნიმუშისთვის სხვისი გამოცდილებაც გამოდგება. შემდეგ კი თქვენი ინდივიდუალობაც გამოვლინდება ამ თვისებებში.

მიაქციეთ ყურადღება, რა აღგაფრთოვანებთ სხვა ადამიანებში. მნიშვნელობა არ აქვს, თქვენს სფეროშია ეს თუ არა. თქვენ შეგიძლიათ გენიალურობა გადმოიღოთ. "მე ამას და ამას ვაკეთებ ისევე გენიალურად, როგორც ამას აკეთებენ ის და ის ადამიანები. ეს აღმაფრთოვანებს? მეც შემიძლია ასე და შემიძლია შევიქმნა ასეთივე ბრწყინვალე ცხოვრება". განიმსჭვალეთ მთელი იმ ბრწყინვალებით, რომელიც გიზიდავთ, და გადმოიტანეთ იგი საკუთარ თავზე, საკუთარ ცხოვრებაზე, როგორც პროექცია. გამოაცხადეთ თქვენი განზრახვა ნაწნავის გამოყენებით. საჭიროა არა სხვისი ქმედებების ზუსტი კოპირება, არამედ მხოლოდ გენიალურობის პროექციის აღება. პროექცია არსია და არა კონკრეტული ფორმა.

ხაზს ვუსვამ, კოპირება უნდა მოხდეს არა მთლიანი ნიმუშის, არამედ მისი მდგომარეობის, განწყობის, თვითშეგრძნების, ხასიათის. შედით მდგომარეობაში, რომელშიც საკუთარი თავი მოგწონთ: გაქვთ ლამაზი სხეული, ხართ მომხიბვლელი პიროვნება, მაღალანაზღაურებადი პროფესიონალი. როგორ გრძნობთ თავს ამ დროს? აი, ეს არის საჭირო მდგომარეობა. ამ მდგომარეობაში მოიქეცით ისე, თითქოს უკვე გაქვთ ის, რისკენაც ისწრაფვით.

შექმენით ფიქრებში ვირტუალური რეალობა. დროდადრო გაანათეთ იგი ნაწნავით. ხშირად გაიხსენეთ იგი, ატრიალეთ ფონურ რეჟიმში, აკეთეთ ეს სისტემატურად. მაშინაც კი, თუ თქვენი ფიზიკური სხეული და ყველაფერი დანარჩენი შორსაა სრულყოფილებისგან, მაინც იცხოვრეთ ამ მდგომარეობაში, შეეჩვიეთ მას.

ეს იმიტაციაა? სუფთა წყლის. მაგრამ თუ თქვენ ამით დაკავებული ხართ მთელი სერიოზულობით და სისტემატურად, მაშინ რეალობისთვის ეს უფრო მეტია, ვიდრე სერიოზული. მას არ უყვარს ილუზიები, თუ ისინი მისივე წარმოებული არ არის. ამიტომ, თქვენ მიერ შექმნილი ილუზიები ან სინამდვილეში განხორციელდება, ან დაინგრევა. ნუ ღელავთ, ჩემო კარგებო, მეორე ვარიანტი ნაკლებსავარაუდოა, თუ ზომიერებას არ გადახვალთ. ბავშვებიც კი აცნობიერებენ, რომ თამაში თამაშია და რეალობის საზღვრებს არ სცილდებიან.

თქვენი თამაშის რეალობის საზღვრებს თავადაც ადვილად დაადგენთ. მომხიბვლელი პიროვნების როლის თამაში თქვენს ძალებს შესწევს, თუნდაც ხატის განსაზღვრის ტექნიკის დახმარებით. მაგრამ საბალეტო სცენაზე ან ჰოკეის მოედანზე გასვლას და პროფესიონალურად მოქმედებას, თუ იქ არასდროს ყოფილხართ, რა თქმა უნდა, ვერ შეძლებთ, რადგან საჭირო კინოფირამდე ჯერ არ მიგიღწევიათ. თუმცა, თქვენი იმიტაციის თამაში ამით ნაკლებეფექტური არ ხდება. თავის დროზე ყველაფერს მიაღწევთ. ამისთვის არსებობს მესამე მოძრაობა.

3. ამოძრაო საკუთარი თავი. საჭიროა ვიყოთ რეალისტები და გვესმოდეს, რომ მხოლოდ დივანზე წოლის მეტაფიზიკა საკმარისი არ არის. ჩვენ დუალურ სამყაროში ვცხოვრობთ, ამიტომ საჭიროა ვიმოქმედოთ თანაბარზომიერად მატერიალურ პლანზეც. ვაკეთოთ ყველაფერი, რაც მიზნის მისაღწევად საჭიროა მიმდინარე კადრში და ვაკეთოთ საკუთარი თავი. სრულვყოთ საკუთარი თავი არა მხოლოდ ნაწნავისა და რეალობის სარკის დახმარებით, არამედ ფიზიკურადაც — კონკრეტული ვარჯიშებით, სწავლით, კვებისა და საერთოდ ცხოვრების წესის გაუმჯობესებით. ამას ვერსად გაექცევით.

განვითარების გზაზე დამდგარი, ყველაფერს გაიგებთ — რა და როგორ გააკეთოთ. ინფორმაცია თავისით მოვა თქვენთან. და კიდევ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ განვითარების გზაზე თქვენი მისია თავად აღმოგაჩენთ. თქვენ შეგიძლიათ რამდენიც გნებავთ იმტვრიოთ თავი კითხვებზე: როგორია თქვენი მისია, რაში მდგომარეობს იგი, როგორ იპოვოთ? თუ საკუთარი თავის ამოძრავებას დაისახავთ მიზნად, ყველა პასუხს ავტომატურად მიიღებთ.

მისიის განხორციელების გზებსა და საშუალებებზეც შეგიძლიათ არ იდარდოთ. თქვენ მათზე ჯერ წარმოდგენაც არ გაქვთ, რადგან ისინი სხვა კინოფირებზეა, რომლებამდეც უნდა მიაღწიოთ. მიაღწევთ უცილობლად, თუ სამივე მოძრაობას გამოიყენებთ. თქვენ უზარმაზარი უპირატესობა გაქვთ, რადგან თქვენი კონკურენტები, როგორც წესი, მხოლოდ ერთ — მესამე მოძრაობას იყენებენ. ბევრი ამაში დიდ ენერგიას ხარჯავს, მაგრამ მაინც ვერაფერს აღწევს.

რა მუშაობს აქ უკეთესად: პირველი, მეორე თუ მესამე მოძრაობა? ეს სხვადასხვანაირად ხდება. როგორც წესი — თანაბრად. მაგრამ თუ ყველაფერს კომპლექსურად გააკეთებთ, შედეგი ასპროცენტიანი იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში, "სამმაგი მოძრაობა" ასწორებს მთელ თქვენს რეალობას და აწესრიგებს ცხოვრებას ყველა გაგებით.

რამდენი დრო დასჭირდება ამის კეთებას? პასუხია — ყოველთვის. რადგან, როგორც იცით, არსებობს ან განვითარება, ან დეგრადაცია.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff