აზროფორმები
თქვენ, ჩემო თავის მომაბეზრებლებო, ალბათ ბოლომდე არ გესმით, რით განსხვავდება ახალი რეალობის შეკვეთა ახალი საკუთარი თავის შეკვეთისგან არადა, ორივე შემთხვევაში თქვენ უკვეთავთ როგორც ახალ კინოფირებს, ისე ახალ მანეკენებს. სულ მალე ყველაფერს გაიგებთ.
— დააკვირდით, რა აღგაფრთოვანებთ სხვა ადამიანებში.
— გადმოიტანეთ საკუთარ თავზე მათი მდგომარეობა და თვითშეგრძნება, როგორც პროექცია.
— ამ მდგომარეობაში მოიქეცით ისე, თითქოს უკვე გაქვთ ის, რისკენაც ისწრაფვით.
— იცხოვრეთ ამ მდგომარეობით, შეეჩვიეთ მას.
— მეტაფიზიკურ ქმედებებთან ერთად, შექმენით საკუთარი თავი ფიზიკურ პლანზეც.
— შეასრულეთ ყველაფერი, რაც მიზნის მისაღწევადაა საჭირო მიმდინარე კადრში.
— განვითარების გზაზე დამდგარი, თქვენ ყველა კითხვაზე მიიღებთ პასუხს.
ახალი რეალობის შეკვეთისას თქვენ ანათებთ მომავალ კადრს. აქ რეალობა მუშაობს, როგორც კინოფირი. ახალ მანეკენში საკუთარი თავის იმიტირებით თქვენ განსაზღვრავთ ანარეკლს, რომელიც შემდეგ ხატში გადაედინება. ამ შემთხვევაში რეალობა მუშაობს, როგორც სარკე. ორივე მათგანის გაკეთება შეიძლება და საჭიროა "ნაწნავით".
ოღონდ რეალობას განსაზღვრავთ მიზანმიმართულად, უთმობთ ამას სპეციალურ დროს, დღეში რამდენჯერმე — იმდენჯერ, რამდენიც არ დაგღლით. ხოლო იმიტაციაში თქვენ ცხოვრობთ. თამაშობთ, განასახიერებთ, ეჩვევით ახალ როლს, მაგრამ სრული სერიოზულობითა და სისტემატურობით. თუ ამ დროს ხანდახან ნაწნავი დაგავიწყდებათ, არაუშავს, მთავარია, რომ ამ როლით იცხოვროთ, როგორც მსახიობები იქცევიან გადაღებების წინ.
ამისთვის შეუშვით საკუთარ თავში მთელი ინფორმაცია, რაც თქვენს ახალ მანეკენსა და ახალ რეალობას ეხება, და მოსინჯეთ საკუთარი თავი ახალ როლში იმდენად, რამდენადაც გარემოებები ამის საშუალებას გაძლევთ — ფიქრებში, ვიზუალურად და ბუნებრივად. საყრდენად შეგიძლიათ გამოიყენოთ ტიპური აზრობრივი კონსტრუქციები — აზროფორმები, რომლებიც რაც შეიძლება ხშირად უნდა გაუმეოროთ საკუთარ თავს. მაგალითად:
< მე მაღალი კლასის სპეციალისტი ვარ. უნიკალური. ჩემი მომსახურება ძალიან მოთხოვნადია. სიამოვნებას ვიღებ ჩემი სამუშაოსგან. ჩემი შრომა ძალიან ფასდება. ყველაფერს გენიალურად და ბრწყინვალედ ვაკეთებ. >
< მე არ დავდივარ სამსახურში. ჩემი საქმეა — სახლი, ოჯახი, შვილები. ისეთი ცოლი და დედა ვარ, როგორსაც ნატრობენ. ქმარს თავდავიწყებით ვუყვარვარ. შვილები მაღმერთებენ. მეც ყველა მიყვარს და ყველაზე ვზრუნავ. სახლში სადღესასწაულო ატმოსფეროს ვქმნი. ყველასთვის განწყობის ამაღლება შემიძლია. >
< მაქვს შესანიშნავი ჯანმრთელობა. ძლიერი, მკვრივი, სექსუალური სხეული. მნიშვნელობა არ აქვს რამდენი წლის ვარ. მაქვს ისეთი სხეული, თითქოს ოცი წლის ვიყო. და ასე იქნება ყოველთვის. მე ყოველთვის ოცი წლის ვარ, იმიტომ რომ ასე გადავწყვიტე. თავს დიდებულად ვგრძნობ. მაქვს მაღალი სასიცოცხლო ტონუსი და მძლავრი ენერგეტიკა. >
< მე ძალიან მომხიბვლელი პიროვნება ვარ. ჩემგან მეტაფიზიკური ნათება მოდის, ადამიანები ამას გრძნობენ და ჩემს მიმართ სიმპათიით არიან განწყობილნი. მაქვს ჩემი განსაკუთრებული შარმი. საერთოდ, ძალიან მიმზიდველი (ქარიზმატული) პიროვნება ვარ. ყველასთვის სასიამოვნოა ჩემთან ურთიერთობა. თან დამაქვს სიხარული და დღესასწაული. ადამიანები ჩემსკენ ისწრაფვიან. ყველას მოვწონვარ. >
მსგავსი აზროფორმები შეგიძლიათ თავად გამოიგონოთ თქვენი გემოვნებით. გაააქტიურეთ ნაწნავი და წარმოთქვით ისინი ხმამაღლა ან გულში, მნიშვნელობა არ აქვს. და ამავდროულად ეცადეთ ისე მოიქცეთ, რომ შეესაბამებოდეთ ამ მტკიცებულებებს, თუნდაც აცნობიერებდეთ, რომ ეს თამაშია — ოღონდ თამაში სერიოზულად. და ამავდროულად შექმენით საკუთარი თავი, მიაღწიეთ შესაბამისობას ფიზიკურ პლანზე. სრული წარმატება მიიღწევა სამმაგი მოძრაობით.
ისეთი თვისებები, როგორიცაა მომხიბვლელობა, მახვილგონიერება, ინტელექტი, თავდაჯერებულობა, გენიალურობა, საკმაოდ ადვილად ვლინდება მხოლოდ პირველი ორი მოძრაობის დახმარებით. ფიზიკურ პარამეტრებთან დაკავშირებით საქმე ცოტა უფრო რთულადაა, აქ აქცენტის გაკეთება მესამე მოძრაობაზე მოგიწევთ.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ფიზიკური მიმზიდველობა ბევრწილად დამოკიდებულია შინაგან თვისებებზე, რომლებსაც თქვენ ნაკლოვანებებად მიიჩნევთ და რომლებიც გღრღნიან. არასრულფასოვნების კომპლექსები ძალიან შესამჩნევ კვალს ტოვებს როგორც სახეზე, ისე ფიგურაზე. ღირსებების შეძენასთან ერთად კომპლექსები თავისით გაქრება და მაშინ თქვენი ცნობა გაუჭირდებათ, იმდენად გარდაისახებით.
მაგრამ ფიზიკური შეზღუდვების პირობებშიც კი, თქვენი მანეკენის სხეული შეიძლება მნიშვნელოვნად სრულყოფილი გახდეს. უფრო ზუსტად, ეს იქნება უკვე სხვა მანეკენი, რომელშიც უნდა შეხვიდეთ. სათანადო დაჟინებულობის შემთხვევაში ყველაფერი შესაძლებელია, მათ შორის დაბერების პროცესის უკუქცევაც.
თქვენი ფიზიკური პარამეტრები დნმ-შია ჩადებული, მაგრამ არა ყველა. დნმ-ს არ შეუძლია დატიოს იმდენი ინფორმაცია, რომ თქვენი პორტრეტის ყველა ნიუანსი განსაზღვროს. იქ მხოლოდ ძირითადი მახასიათებლებია, რომლებიც განსაზღვრავენ იმას, რაც თქვენ ადამიანად ან ლოკოკინად გაქცევთ. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, დნმ-ის ინფორმაცია ძლივს ჰყოფნის ემბრიონის აღწერას.
სად არის დანარჩენი? დანარჩენი ოფიციალური მეცნიერებისთვის გამოცანად რჩება, რადგან მას არ სურს აღიაროს საინფორმაციო სივრცის არსებობა, რომელსაც ჩვენ მარადისობის არქივს ვუწოდებთ. მეცნიერება ბევრ რამეს არ აღიარებს, რადგან საკუთარ თავს "მეცნიერულად" ახსნის მძიმე მოვალეობა დააკისრა. ხოლო იმას, რისი ახსნაც არ შეუძლია, უარყოფს ან უგულებელყოფს. თუმცა აუხსნელი რამეები ამით არსებობას არ წყვეტენ.
ასე რომ, თქვენი "პროექტის" შესახებ ინფორმაციის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ იმ საინფორმაციო სივრცეში ინახება. და ამ პროექტის კორექტირება შესაძლებელია. როგორ კეთდება ეს, გაიგებთ, გაიგებთ, ჩემო კარგებო.
აზრომარკერები
აღიარეთ, ალბათ გშურთ ჩემი, რადგან ასეთი საოცარი და შეუდარებელი ვარ, თქვენ კი — ასეთი მოუქნელები და მოუსვენრები! ჩემი შეგიძლიათ გშურდეთ, სხვების შურს კი არ გირჩევთ. აკეთეთ საკუთარი თავი!
— ახალი რეალობის შეკვეთისას თქვენ იყენებთ კინოფირის ასპექტს.
— ახალ მანეკენში საკუთარი თავის იმიტირებისას — სარკის ასპექტს.
— ორივე შემთხვევაში გაააქტიურეთ ნაწნავი და წარმოთქვით აზროფორმები.
— შეუშვით საკუთარ თავში ახალი ინფორმაცია და შეეჩვიეთ ახალ როლს.
— ამავდროულად აკეთეთ საკუთარი თავი, მიაღწიეთ შესაბამისობას მატერიალურ პლანზე.
— ფიზიკური პარამეტრები შეიძლება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს სამმაგი მოძრაობით.
სანამ აგიხსნიდეთ, როგორ შეიძლება იმ პროექტის კორექტირება, რომლითაც ემბრიონის სტადიის შემდეგ ვითარდებოდით, მცირე გადახვევა გავაკეთოთ. მახსოვს, მოგიწოდებდით თავად გამოგეგონათ აზროფორმები თქვენი გემოვნებით. სინამდვილეში, თქვენს გონებას არაფრის გამოგონება არ შეუძლია, ანუ პირდაპირი მნიშვნელობით დამოუკიდებლად კონსტრუირება. მას მხოლოდ ინფორმაციის წაკითხვა შეუძლია თქვენი ყურადღების მართვით. დაგავიწყდათ ვინ ხართ? პერსონაჟები!
ტვინს სამი ძირითადი ფუნქცია აქვს. პირველი ორია — გარემომცველი სინამდვილის აღქმა და მისი ინტერპრეტაცია. მესამე, ნაკლებად ცნობილი — ეს არის მორგება. მორგება მეხსიერებაზე, აზროვნებაზე და მდგომარეობაზე. ტვინი არ წარმოქმნის აზრებს და არ ინახავს მოგონებებს. ის მუშაობს, როგორც რადიო ან ტელემიმიღები. როცა რაიმეს იხსენებს, ის ირთვება ინფორმაციულ ბლოკზე, რომელიც მარადისობის არქივში მდებარეობს. როცა რამეზე ფიქრობს, ის ასევე ირთვება, ასკანირებს ინფორმაციას და ამგვარად ქმნის მისგან ნაკადს, რომელიც აზრების სვლად ვლინდება. აზრები და მოგონებები ინახება არა ტვინის შიგნით, არამედ მის გარეთ — იქ, სადაც ინფორმაციის ადგილია — საინფორმაციო სივრცეში.
აი, მდგომარეობა კი უკვე უფრო საინტერესო რამ არის. ეს არის თქვენი შეგრძნება საკუთარი თავისა, ან საკუთარი თავის საკუთარ თავად შეგრძნება, როგორადაც ბუნების მიერ, უფრო ზუსტად კი — პროექტის მიხედვით შეიქმენით. თუ თქვენ ეგუებით და იღებთ იმას, რაც ბუნებისგან გაქვთ მოცემული, თქვენ ასეთებადვე რჩებით. ან შეგიძლიათ შეიცვალოთ, უარესობისკენ ან უკეთესობისკენ. აქ გავლენას ახდენს როგორც თქვენი მისწრაფებების ვექტორი, ასევე სოციუმი.
პირადი თვისებებისა და ცხოვრებისეული გარემოებების მიხედვით, თქვენ შეგიძლიათ იყოთ და თავს გრძნობდეთ ლამაზად და იღბლიანად, ან განაწყენებულ უიღბლოდ. ეს თქვენი მდგომარეობაა. ყოველთვის, როცა საკუთარ თავს ასე თუ ისე შეიგრძნობთ, ხდება თქვენი მდგომარეობის სინქრონიზაცია პროექტთან. და თუ წარმოიშობა შეუსაბამობები, პროექტი კორექტირდება ამა თუ იმ მხარეს. ასე, პროექტის საწყისი პარამეტრების მიუხედავად, თქვენ შეგიძლიათ ბედის ნებიერადან მეტად უსიამოვნო ბუზღუნად იქცეთ, ან პირიქით — მახინჯი იხვის ჭუკიდან საყოველთაო ფავორიტად.
ახლა კი კითხვა: შესაძლებელია თუ არა სინქრონიზაციის განზრახ მართვა? პასუხი თქვენთვის ალბათ უკვე ცნობილია. გაუცნობიერებელი პერსონაჟები მიჰყვებიან სცენარს, ეყრდნობიან მათგან დამოუკიდებელ "გაუმართლებს — არ გაუმართლებს", "გამოვა — არ გამოვა" პრინციპებს და უმწეოდ ფართხალებენ მიმდინარე კადრში. სინქრონიზაცია ამ შემთხვევაში ხდება უნებლიეთ, პერსონაჟისგან დამოუკიდებლად. და მაშინ ის, ვისაც გაუმართლა, ხდება ვარსკვლავი, ხოლო ის, ვისაც არ გამოუვიდა — უფსკრულში ეშვება.
თქვენ კი, ჩემო რჩეულებო, არა მხოლოდ განსაზღვრავთ ახალ რეალობას, არამედ კიდევ განსაზღვრავთ ახალ საკუთარ თავს, აკეთებთ ახალ საკუთარ თავს, ეწყობით ახალ საკუთარ თავს, რაც ნიშნავს, რომ განზრახ შედიხართ თქვენს ახალ მდგომარეობაში.
მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის სინქრონიზაცია. რა ხდება იმ მომენტში, როცა თქვენ აზროფორმებს აცხადებთ? განსაზღვრავთ ახალ რეალობას, რომელიც ჯერ არ მომხდარა. იმიტაციის ტექნიკით დაკავებულებიც კი, თქვენ ჯერ კიდევ ბოლომდე არ შედიხართ საჭირო მდგომარეობაში. მაგრამ რა ხდება მერე? მერე თქვენ გადადიხართ ახალ კინოფირებზე, შედიხართ ახალ მანეკენებში და საკუთარი თვალით ხედავთ ძვრებს. უცილობლად დაინახავთ მათ და აი მაშინ ეტყვით საკუთარ თავს: "ეს მართლაც მუშაობს!". და აი მაშინ თქვენ მართლაც შეხვალთ მდგომარეობაში.
ნამდვილ მდგომარეობაში თქვენი აზროფორმები გადაიქცევა აზრომარკერებად.
<ისე გამოდის, რომ მე განვსაზღვრავ ჩემს რეალობას.>
<მართლაც, ჩემი განზრახვა მუშაობს.>
<მართლაც, მე შევდივარ ახალ მანეკენში.>
აზრომარკერები კონსტატაციას უკეთებენ იმას, რაც ხდება. კონსტატაცია ნიშნავს იმ ფაქტის დადასტურებას, რომელსაც ადგილი აქვს. აზროფორმებისგან განსხვავებით, აზრომარკერები არის "სანიშნეები", იმის აღწერა, რაც უკვე მოხდა და რაც მტკიცებულებას არ საჭიროებს. აზროფორმები კი პირიქით, არის მტკიცებულებები, რომლებიც ცდილობენ დაამტკიცონ თავიანთი სისწორე. მცდელობა, რამე დაუმტკიცო საკუთარ თავს ან გარშემომყოფებს — არადამაჯერებელია. ვისი დარწმუნება გსურთ: საკუთარი თავის თუ რეალობის? ორივე უსარგებლოა. თქვენ შეგიძლიათ მოაჩვენოთ თავი, მაგრამ ვერ შეძლებთ საკუთარი თავის დარწმუნებას. შეგონებები არ დაგეხმარებათ შეხვიდეთ სუფთა მდგომარეობაში, ეჭვის ნატამალის გარეშე. ერთადერთი, რაც ასპროცენტიანად მუშაობს — ეს არის დადასტურება. აზრომარკერები — ეს არის ის, რაც უკვე დადასტურებულია.
რა თქმა უნდა, აზროფორმები, როგორც მტკიცებულებები, ასევე ახდენენ გარკვეულ გავლენას პროექტზე, მაგრამ უფრო სუსტად, რადგან სინქრონიზაცია ხდება სწორედ იმ მომენტში, როცა თქვენ ეჯახებით საქმის რეალურ ვითარებას, ფაქტობრივად. აზროფორმები ქმედითია საწყის ეტაპზე, რათა აამოძრაოთ რეალობა. აი შემდეგ კი, როცა დაინახავთ პირველ შედეგებს — ძვრებს, მიაქციეთ მათ განსაკუთრებული ყურადღება და ისევ ნაწნავით მოახდინეთ იმის კონსტატაცია, რომ ყველაფერი მართლაც გამოდის.
ამ მომენტში თქვენ ჭეშმარიტად ეხებით გარეგან განზრახვას და ამ მომენტში ხდება პროექტთან სინქრონიზაცია. აზროფორმები განსაზღვრავენ რეალობას, ხოლო აზრომარკერები აკორექტირებენ პროექტს. ამიტომ შეასრულეთ სამივე მოძრაობა, დააკვირდით ძვრებს და განამტკიცეთ ისინი აზრომარკერებით.
<ისე გამოდის, რომ ყოველდღე უფრო და უფრო ვუახლოვდები მიზანს.>
<მართლაც, ყველაფერს გენიალურად ვაკეთებ, ჩემი პროფესიონალიზმი იზრდება.>
<რეალურად, ჩემი ფიზიკური ფორმა უმჯობესდება.>
<ჭეშმარიტად, მე ვხდები მომხიბვლელი და მიმზიდველი პიროვნება.>
ხარბი მონადირეები
წინა გაკვეთილის თემა ასე თუ ისე, საკმაოდ რთული იყო, ამიტომ ხომ არ ისურვებდით განვლილის განმტკიცებას? როგორ თუ — არ გინდათ?! აბა, სასწრაფოდ გამოძვერით თქვენი სახლებიდან! ყველამ ყურები დაცქვიტეთ! თორემ დაისჯებით.
— გონება არაფერს იგონებს, ის მხოლოდ კითხულობს ინფორმაციას მარადისობის არქივიდან.
— ტვინის სამი ძირითადი ფუნქციაა: აღქმა, ინტერპრეტაცია, მორგება.
— ტვინი მუშაობს როგორც მიმღები, იგი ეწყობა მეხსიერებაზე, აზროვნებაზე და მდგომარეობაზე.
— მდგომარეობა — ეს არის თქვენი შეგრძნება საკუთარი თავისა, ისეთის, როგორიც ხართ, ყველა ნიუანსით.
— მდგომარეობა — ეს არ არის წამიერი განწყობა, არამედ სწორედ საკუთარი თავის საკუთარ თავად შეგრძნებაა.
— პროექტი, ისევე როგორც მდგომარეობა, შეიძლება შეიცვალოს უკეთესობისკენ ან უარესობისკენ.
— საკუთარი მდგომარეობის გაცნობიერების მომენტში ხდება სინქრონიზაცია პროექტთან.
— საწყისი პროექტის მიუხედავად, თქვენ შეგიძლიათ როგორც აფრენა, ისე დაცემა.
— სამმაგი მოძრაობის შესრულებისას თქვენ განზრახ შეგყავთ საკუთარი თავი ახალ მდგომარეობაში.
— იმიტაცია მაშინ ხდება ნამდვილი, როდესაც შედეგებს აკვირდებით.
— აზრომარკერები — ეს არის დადასტურებები იმისა, რომ ძვრებს ადგილი აქვს.
— აზროფორმები აამოძრავებენ რეალობას, ხოლო აზრომარკერები აკორექტირებენ პროექტს.
გახსოვთ, ერთხელ გითხარით, რომ იმიტაციის ტექნიკის შესრულებისას თქვენ რეალობისთვის ილუზიას ქმნით? გავიმეორებ. გსურთ რამეს ფლობდეთ — ისე მოიქეცით, თითქოს უკვე გაქვთ. გსურთ ვინმე გახდეთ — ისე მოიქეცით, თითქოს უკვე ხართ. მსახიობების მსგავსად, სრული სერიოზულობით, შედით მდგომარეობაში და იცხოვრეთ მასში. იცხოვრეთ ფიქრებში, ვირტუალურად, ხოლო შესაძლებლობის შემთხვევაში ქმედებებშიც, რეალურად, სანამ თავად არ ირწმუნებთ შექმნილ ილუზიას. როგორც კი თავად ირწმუნებთ, რეალობაც დაიჯერებს.
და როდის ირწმუნებთ? მაშინ, როცა იხილავთ რეალურ დადასტურებებს, რომ ტექნიკა მუშაობს. სწორედ ამიტომ, დაჟინებით გირჩევთ ყოველთვის მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება ძვრებს. როგორც კი დაინახავთ, მაშინვე გაააქტიურეთ ნაწნავი და სიამოვნებით დატკბით თქვენი მიღწევებით, ყველა დეტალში.
და აი მაშინ, სასწაული მოხდება. თქვენი პროექტის კორექტირება მოხდება! თქვენ გახდებით უკვე ცოტათი (ან ბევრად) სხვანაირები. ეს იგივეა, რომ შეხვიდეთ ახალ სხეულში ახალი სამოსით. თუ სამივე მოძრაობას რეგულარულად შეასრულებთ, თანდათანობით გადაინაცვლებთ სულ უფრო და უფრო მაღალ დონეებზე.
ახლა კი, ჩემო მოსაწყენებო, ალგორითმი. ისევ და ისევ! სინქრონიზაციის ალგორითმი.
შეასრულეთ სამივე მოძრაობა — ცალ-ცალკე ან ყველა ერთად, როგორც გნებავთ.
ყურადღებით დააკვირდით, ხარბად დაიჭირეთ თქვენი წარმატებების დადასტურებები.
როგორც კი დაინახავთ, გაააქტიურეთ ნაწნავი და განამტკიცეთ ძვრა აზრომარკერით.
ძვრები იქნება როგორც ჩაფიქრებულის განხორციელების კუთხით, ისე მისი რეალიზაციის გზების მხრივ. რეალობა თავად მოგაწვდით ამ გზებს და გიბიძგებთ მათი გამოყენებისკენ.
იქნება "მარცხიც". აბა როგორ? სხვა საქმეა, როგორ მოეკიდებით მათ. თუ დამარცხდით, თქვენი მდგომარეობა შეიცვალა: თავი წარუმატებლად იგრძენით. და რა მოუვა ამ მომენტში პროექტს? გაფიქრებაც კი საზარელია. არავითარ შემთხვევაში არ დაუშვათ ასეთი სინქრონიზაციის მოხდენა! როგორ ავიცილოთ ეს თავიდან? ძალიან მარტივად. თქვენ რა, დაგავიწყდათ, რა შესანიშნავი პრინციპი გაგაჩნიათ? სარგებელი! და კიდევ, თქვენ ალბათ ისევ ვერ მოიშორეთ თქვენი სულელური ჩვევა — დაჟინებით მოითხოვოთ საკუთარი სცენარი. ფრთხილად იყავით, თორემ მე თავად მოგაშორებთ! ან არა, სჯობს ფორმალინიან ქილებში უკვდავგყოთ და ჩემს სხვა მოსწავლეებს გაჩვენოთ. არა ჭკუის სასწავლებლად, არამედ შთაგონებისთვის! ისინი მაშინვე მიხვედრილები და დამჯერები გახდებიან.
და პირიქით, თუ გაგიღიმათ ბედმა და გამარჯვება მოიპოვეთ, სათუთად მოუარეთ და დატკბით ამ მდგომარეობით, ნუ დაივიწყებთ ნაწნავს. ეჭვი არ შეგეპაროთ, თქვენი პროექტი დაკორექტირდება და შემდგომი მოვლენები უკეთესობისკენ განვითარდება. ამიტომ ძალიან ფრთხილად და პასუხისმგებლობით მოეკიდეთ თქვენს მდგომარეობას, მართეთ იგი.
კიდევ, მახსოვს გითხარით, რომ თუ კონკრეტული მიზანი განსაზღვრეთ, სცენარმა შეიძლება შოკში ჩაგაგდოთ. მოგეჩვენებათ, რომ ყველაფერი ინგრევა. სინამდვილეში ეს ძველი ნაგავი იყრება თქვენი რეალობიდან, რათა გამოთავისუფლებული სივრცე ახალი ლამაზი ნივთებით შეივსოს.
თანაც, საიდან უნდა იცოდეთ, რა გზით უნდა განხორციელდეს თქვენი მიზანი? შეიძლება გეჩვენებათ, რომ არაფერი გამოდის, მაგრამ სწორედ რომ გამოდის, ოღონდ არა იმ გზით, როგორც თქვენ "გეგმავდით". და საერთოდაც, არავის უთქვამს, რომ თქვენი გზა ვარდებით იქნებოდა მოფენილი.
ნურც ის ფაქტი შეგაშფოთებთ, რომ შეიძლება ვერ ხედავდეთ მყისიერ შედეგებს. გაითვალისწინეთ ის, რომ რეალობა დაგვიანებით რეაგირებს. იქონიეთ მოთმინება, იყავით დაჟინებულნი და თანმიმდევრულნი. თუკი პრინციპში არაფერი გამოდის, თითქოს თქვენთვის დახურულ კარზე აკაკუნებთ, მაშინ უნდა დაფიქრდეთ, არის თუ არა ეს გზა მართლა თქვენი გულის გზა? ერთადერთი გზა, რომელიც არასოდეს გიღალატებთ — თვითგანვითარების გზაა. რა თქმა უნდა, არა ნებისმიერი (მაგალითად ძველი ბერძნული ენის შესწავლა), არამედ ის, რომელიც შთაგაგონებთ და რეალურ შედეგებს მოგცემთ.
და კიდევ ერთი ნიუანსი. საკუთარი თავის შეკვეთა შეიძლება მხოლოდ რეალობის სარკეში, ნაწნავის გამოყენებით. არ შეიძლება საკუთარი მანეკენის შეკვეთა ჩვეულებრივ სარკეში ყურებისას. გიკრძალავთ ამის გაკეთებას! ეს არ იმუშავებს, ან იმუშავებს პირიქით. ბრტყელი სარკის წინ დგომისას შეიძლება მხოლოდ პოზიტიური ძვრების კონსტატაცია, ნაკლოვანებების იგნორირებით. არ შეიძლება ყურადღების დაფიქსირება ნაკლოვანებებზე, რომელთაგან გათავისუფლებაც გსურთ. ნაკლოვანებები ან უნდა აღმოფხვრათ საკუთარი თავის სრულყოფით, ან მიიღოთ როგორც თქვენი უნიკალურობა. თუ ვერაფერს უხერხებთ, დაე იყოს ასე.