ქურუმი ტაფტი

ვადიმ ზელანდი
0
0

სეირნობა ცოცხალ კინოთეატრში

ლადა

დიახ, დიახ, ვიცი, ვიცი — ჩემი უდიდებულესობის მისამართით საქებარი და მომხიბვლელი, აღფრთოვანებული და აღტაცებული სიტყვების გასამეტებლად თქვენ ნამდვილი ძუნწები ხართ, საკუთარი წარმატებების მიმართ კი — ხარბზე ხარბები. აი, როგორები ხართ! არა უშავს, მეც არ დაგრჩებით ვალში — თქვენზე ბოღმას საწოლის ქვეშ ტომარაში შევაგროვებ და როცა დამიგროვდება, მერე მოგიზღავთ სამაგიეროს.

— განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ძვრებს.
— პროექტი კორექტირდება აზრომარკერით ძვრის განმტკიცების მომენტში.
— ხარბად დაიჭირეთ თქვენი წარმატებების დადასტურებები, დატკბით მათით, ისიამოვნეთ.
— შედეგების დადასტურება შეგიყვანთ ნამდვილ მდგომარეობაში.
— სისტემატური, რეგულარული სამმაგი მოძრაობა სრულყოფილს ხდის თქვენს პროექტს.
— წარუმატებლობა არ შეიძლება განიხილებოდეს როგორც წარუმატებლობა, ხოლო მარცხი — როგორც მარცხი.
— ერთადერთი გზა, რომელიც არასოდეს გიღალატებთ — თვითგანვითარების გზაა.
— ან თქვენ მართავთ თქვენს მდგომარეობას, ან ის გმართავთ თქვენ.

ბოლო თეზისი უაღრესად მნიშვნელოვანია. იმედია, გესმით მისი აზრი. ძალიან გაუფრთხილდით და პასუხისმგებლობით მოეკიდეთ თქვენს მდგომარეობას, მართეთ იგი, რადგან ეს არის, პირველ რიგში, თქვენი პროექტის გასაღები და, მეორეც, კიდევ რაღაც სხვა, რაზეც ახლა ვისაუბრებთ.

ის ფაქტი, რომ კინოში გაიღვიძეთ, ხელშეუხებელს არ გხდით. რაკი იქ ხართ, შეიძლება დაგემართოთ ყველაფერი, რაც იქ ხდება. კინო თქვენი გაღვიძებით არ იცვლება. თქვენი ამოცანაა — შეუკვეთოთ ისეთი კინო, სადაც ყველაფერი კარგად გექნებათ. ხოლო თუ რამე უსიამოვნო მოხდა, ამისთვის გაქვთ უტყუარი პრინციპი — სარგებლიანობა.

სხვათა შორის, უკვე მომხდარი ფაქტის მიმართ სარგებლიანობის ალგორითმის დამატებით, თქვენ შეგიძლიათ განსაზღვროთ იმის სარგებლიანობა, რაც ჯერ არ მომხდარა. კიდევ ერთი ალგორითმით არ დაგღლით, აქ პრინციპი მარტივია: გამოვა — კარგი, არ გამოვა — კიდევ უკეთესი. ეს ეხება იმ მოვლენას, რომელიც თქვენთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ეს მნიშვნელოვნება უშლის ხელს მის მშვიდ და წარმატებულ განხორციელებას, ისე რომ ნაწნავიც კი ყოველთვის ვერ შველის. რაკი ასეა, მოვლენის ნებისმიერი დასასრული წინასწარ გამოაცხადეთ თქვენთვის სასარგებლოდ (წარმატებულად). ეს მნიშვნელოვნებასაც მოხსნის და განწყობასაც აგიმაღლებთ. თქვენ ხომ არ იცით, სცენარის რომელი შემობრუნებაა თქვენთვის მართლაც სასარგებლო? ეს არაერთხელ განგვიხილავს.

კინოფირების მუდმივი შეკვეთა, სადაც ყველაფერი კარგად ეწყობა, სასარგებლო ჩვევაა, მაგრამ ხანდახან შეიძლება დამღლელი და დამძაბველი იყოს. რა ვქნათ ახლა, მოდუნება არ შეიძლება? შეიძლება, შეიძლება!

ყველა იმ პრინციპთან ერთად, რომლებიც გავიარეთ, არსებობს რეალობის კიდევ ერთი ასპექტი: „ამინდი სახლში“, ანუ მიმდინარე კინოფირის ატმოსფერო. საუბარია არა ამინდზე, როგორც ასეთზე, არამედ რეალობის ზოგად მდგომარეობაზე, რომელიც შეიძლება იყოს როგორც აგრესიული, ისე ჰარმონიული, თანაც სწორედ პირადად თქვენთვის, რადგან ყველა დანარჩენი შედარებით განსხვავებულ პირობებში იმყოფება და ამინდი ყველასთვის სხვადასხვანაირია. მაგალითად, ერთსა და იგივე გეოგრაფიული ადგილი თქვენთვის — ცისფერი ლაგუნაა, ვიღაცისთვის კი — ყინულოვანი უდაბნო.

ასე რომ, თქვენს მიმდინარე რეალობაში ამინდი განისაზღვრება თქვენი მდგომარეობით. აქ იგულისხმება არა მხოლოდ ის მდგომარეობა, რომელზეც ახლახან გვქონდა საუბარი, არამედ თქვენი სულიერი განწყობა და თქვენი კეთილგანწყობა მთელი გარემოცვის მიმართ.

თქვენი მდგომარეობა კერძოდ და რეალობის მდგომარეობა საერთოდ, შეიძლება განისაზღვროს საერთო ტერმინით: ლადა. ლადა არ არის რაღაც მარმელადის მსგავსი. ამ სიტყვას ბევრი მნიშვნელობა აქვს. ლადა — ეს არის, უპირველეს ყოვლისა, ჰარმონია. ყველაფერი იქნება ჰარმონიულად (ладно) და დიდებულად. ეს არის სიამოვნებაც და ნეტარებაც. „ლადაში“ ცხოვრება (ладить) — ნიშნავს მშვიდობითა და თანხმობით ცხოვრებას. „ლადა“ არის მაშინ, როცა სამყაროში მშვიდობა, წესრიგი და კეთილდღეობაა, როცა ყველაფერი კარგადაა. და კიდევ, ლადა — ეს არის საყვარელი ქალი. თუ გიყვართ ცხოვრება, ცხოვრება იქნება ლადა. თუ გიყვართ საკუთარი თავი, იქნება ნეტარება. ხოლო თუ საკუთარი თავი არ გიყვართ, შექმენით ლადა — და შეიყვარებთ.

გახსოვთ კანონი? თუ სარგებლიანობის პრინციპით იხელმძღვანელებთ, ცხოვრებაში სულ უფრო და უფრო ნაკლები იქნება ზიანის მომტანი მოვლენა. იქნება ლადა. მაგრამ კიდევ უკეთესია ეს ლადა შექმნათ განზრახ, ანუ იმყოფებოდეთ შესაბამის მდგომარეობაში.

ტყუილად არ მირჩევია თქვენთვის თქვენი კუმირების თვითშეგრძნებისა და მდგომარეობის კოპირება, რადგან მდგომარეობა — ეს არა მხოლოდ პროექტის გასაღებია, არამედ ისიც, რაც იზიდავს. რა გიზიდავთ თქვენს კუმირებში? ალბათ დღესასწაულის განცდა, წარმატებულობა, სტილი, სილამაზე, მომხიბვლელობა, სიამოვნება. სიამოვნება — აი, პირველი, რასაც ადამიანები ეძებენ. ვინც ამ სიამოვნებას ასხივებს, მისკენ მიილტვიან ისინიც. საერთო ჯამში კი ყველა ისინი ლადასკენ მიილტვიან.

კიდევ რა მიილტვის ლადასკენ? რეალობა! მასაც უყვარს ის და ხდება ჰარმონიული იმ ადამიანების გვერდით და იმ ადამიანებისთვის, ვინც მას ასხივებს. უკმაყოფილება, გაღიზიანება, არაკეთილგანწყობა და მსგავსი გამოვლინებები კი, პირიქით, აფრთხობს ადამიანებს და მოქუფრულს ხდის რეალობას.

აქედან რა დასკვნა გამოგვაქვს? ეცადეთ იმყოფებოდეთ ლადას მდგომარეობაში. ეძებეთ სიამოვნება ნებისმიერ წვრილმანში — და იპოვით. მოაწყვეთ დღესასწაული ნებისმიერი მიზეზით და გექნებათ დღესასწაული. შექმენით მადლიანი, მსუბუქი ატმოსფერო საკუთარ თავში და თქვენს გარშემო. მხოლოდ კეთილგანწყობილი დამოკიდებულებაც კი ადამიანების მიმართ, მათ თქვენს სასარგებლოდ განაწყობს. ხოლო კეთილგანწყობილი დამოკიდებულება თქვენი რეალობის მიმართ, როგორიც არ უნდა იყოს ის, თავად რეალობასაც თქვენსკენ განაწყობს. შექმენით კეთილსაიმედო ატმოსფერო განზრახ. გამოიმუშავეთ ასეთი ჩვევა.

ეს, ალბათ, ყველაზე სასარგებლო ჩვევაა მათგან, რაც კი გაგვივლია. სიამოვნების, სიყვარულის, კომფორტისა და დღესასწაულის გამოსხივებით — ანუ უფრო ზუსტად, ლადას გამოსხივებით — თქვენ იზიდავთ ადამიანებს და, ამავდროულად, წარმატებულ რეალობას. ადამიანებს ხომ იგივე უნდათ. ადამიანები მიილტვიან იღბლიანებისკენ, რომლებსაც შეუძლიათ ლადას გამოსხივება. თქვენ ხედავთ ეკრანებზე და გარეკანებზე ასეთ წარმატებულებს, მოწყობილებს, ასეთ ლამაზებსა და ბედნიერებს, გულისრევამდეც კი, და საკუთარ თავს რომ უყურებთ, გეჩვენებათ, რომ თქვენი ცხოვრება სწორედაც რომ არ შედგა. მაგრამ მერწმუნეთ, მთელი ეს საჩვენებელი სილამაზე და ბედნიერება — მეტწილად ბუტაფორია და ბლეფია. სამაგიეროდ, ახლა თქვენ იცით, როგორ მოიწყოთ ნამდვილი, ჭეშმარიტი ლადა. და რაც მთავარია, შეგიძლიათ. მეთანხმებით (ладно)? მართალი ვარ? რა თქმა უნდა, მართალი ვარ. მე ხომ ტაფტი ვარ, თქვენი ქურუმ-ქალი!

 

ნაწნავი ნაკადებით

აბა, ჩემო კარგებო, იმედია მიხვდით, რომ ლადა — ესაა მაშინ, როცა ყველაფერი კარგადაა, ისე, როგორც სასურველია. მაგრამ არა მხოლოდ იმიტომ, და არა მხოლოდ მაშინ, როცა მართლა ყველაფერი კარგადაა, არამედ იმიტომ, რომ თქვენ შეგიძლიათ და უნდა მოიყვანოთ თავი ლადას მდგომარეობაში განზრახ, და მაშინ ყველაფერი იქნება ლადა. ეს ამინდის მართვის უნარს ჰგავს.

— წინასწარ განსაზღვრეთ სარგებელი: გამოვა — კარგი, არ გამოვა — კიდევ უკეთესი.
— თქვენს მიმდინარე რეალობაში ამინდი პირდაპირ დამოკიდებულია თქვენს მდგომარეობაზე.
— ლადა — ეს არის სიამოვნება, კომფორტი, სიყვარული, მეგობრულობა, დღესასწაული.
— ადამიანები მიილტვიან იღბლიანებისკენ, რომლებიც ლადას ასხივებენ.
— რეალობა კეთილგანწყობილი ხდება მათ მიმართ, ვინც ლადას ასხივებს.
— მართეთ თქვენი მდგომარეობა, ნუ მიუშვებთ მას ნებაზე.

ჭეშმარიტად, მდგომარეობის ნებაზე მიშვება იგივეა, რაც ჩვრის მარიონეტივით სხვის ხელში დაკიდება და შემთხვევის ამარად ყოფნა. შექმენით თქვენი პირადი ლადა. შეიტანეთ სინათლე ნებისმიერ საზოგადოებაში. შექმენით თქვენს კადრში დღესასწაულის ოაზისი. ჩემი ოაზისი მე მომყვება: სადაც მე ვარ, ისიც იქ არის. დაიწყეთ დღე სიტყვით „ლადა“. შედით ამ მდგომარეობაში ყოველთვის, გარემოებათა მიუხედავად. ლადა — და მორჩა.

თუ გაღიზიანება, შიში ან ბრაზი დაგეუფლებათ — ნუ შეებრძოლებით ემოციებს, დაიწყეთ დაკვირვება. როცა შიშს გამადიდებელი შუშით აკვირდებით, ის პარადოქსულად მცირდება. როცა რეალობას აკვირდებით, ის თქვენზე ძალაუფლებას კარგავს. ოღონდ რეალობას არა დაჟინებით, არამედ ცალი თვალით, ირიბად უთვალთვალეთ, რომ თავად არ გაღიზიანდეს.

დასასრულს, მინდა რამდენიმე განმარტება მოგცეთ ნაწნავთან დაკავშირებით. პირველ რიგში, ნუ შეშფოთდებით, თუ მას პირდაპირ ისე ვერ გრძნობთ, როგორც ნაწნავს, ან საერთოდ ბუნდოვნად აღიქვამთ. შეგრძნებები ყველასთვის ინდივიდუალურია და ეს ნორმალურია. მაგალითად, ჩემი მეგობარი მატილდა გრძნობს არა ნაწნავს, არამედ ერთგვარ მუდმივ მოლოდინს ზურგს უკან, რაღაცის თანმყოფობას — არა სხეულებრივის, არამედ ფანტომურის.

მაგრამ ფანტომური შეგრძნებაც რომ არ გქონდეთ, არა უშავს, სცადეთ შემდეგი ხერხი. წარმოიდგინეთ, რომ კეფის არიდან ხერხემლის შუამდე ვერტიკალურად გაქვთ ჩამოკიდებული ისარი. უბრალოდ ისარი, როგორც ვექტორი. ახლა ჩაისუნთქეთ, ხოლო ამოსუნთქვისას წარმოიდგინეთ, რომ ისარი ისე შემობრუნდა, რომ ზურგის მიმართ ირიბად დადგა. იგრძენით ფანტომური შეგრძნება? თუ კი, შეგიძლიათ ეს ხერხი ნაწნავის აქტივაციისთვის გამოიყენოთ.

არ აქვს მნიშვნელობა, რა დახრილობით ან ზურგიდან რა მანძილზეა თქვენი ისარი. თქვენი ენერგეტიკული სხეული თავად გიკარნახებთ და განსაზღვრავს მის მდებარეობას აქტიურ მდგომარეობაში. მაგრამ ისრის გარეშეც რომ გაააქტიუროთ ნაწნავი, უბრალოდ ყურადღების მიქცევით წერტილზე, რომელიც ბეჭებს შორის სივრციდან დაახლოებით იდაყვის მანძილზე, ან ნაკლებზე მდებარეობს, ესეც საკმარისი იქნება. დროთა განმავლობაში, გარკვეული პრაქტიკის შემდეგ, ისწავლით თქვენი ნაწნავის საკმარისად შეგრძნებას. ნაწნავს ჯერ კიდევ ვარჯიში სჭირდება, ის ხომ ატროფირებული იყო, რადგან არ იყენებდით.

აი კიდევ ერთი ხერხი „წინწასული ლოკოკინებისთვის“, რომელიც ნაწნავს უფრო ეფექტურს ხდის. წარმოიდგინეთ, რომ სხეულის ცენტრალური ღერძის გასწვრივ თქვენთან ამოდის ენერგეტიკული ნაკადი, ქვემოდან ზემოთ. ჩაისუნთქეთ და იგრძენით, როგორ მიიწევს ფეხებიდან თავისკენ გარკვეული შეგრძნება. ახლა კი წარმოიდგინეთ საპირისპირო ნაკადი, ზემოდან ქვემოთ. ამოისუნთქეთ და შეიგრძენით დაღმავალი ნაკადი. ივარჯიშეთ ასე რამდენჯერმე: ჩასუნთქვაზე ნაკადი ამოდის ზემოთ, ამოსუნთქვაზე — ქვემოთ. შეგრძნებები ფანტომურია, მაგრამ ენერგეტიკული ნაკადები აბსოლუტურად რეალურად მოძრაობენ, უბრალოდ სათანადო ვარჯიშის გარეშე შეიძლება ვერ იგრძნოთ ისინი.

ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ თქვენგან ორი საპირისპირო ისარია გამოშვერილი: მკერდიდან (ან მუცლიდან) წინ, ხოლო ბეჭებს შორის შუა ადგილიდან (ან უფრო ქვემოდან) — უკან. ჩაისუნთქეთ, ხოლო ამოსუნთქვისას წარმოიდგინეთ, როგორ ბრუნდება წინა ისარი ვერტიკალურად ზემოთ, ხოლო უკანა — ვერტიკალურად ქვემოთ. იგრძენით, როგორ ჩაირთვება ამ დროს თქვენთან ორივე ენერგეტიკული ნაკადი ერთდროულად. აღმავალი ნაკადი, რომელიც წინა ისარმა აამოქმედა, მოძრაობს მთელი სხეულის გასწვრივ ცენტრალური ღერძის ოდნავ წინ, ხოლო დაღმავალი ნაკადი, რომელიც უკანა ისარმა აამოქმედა, ასევე მოძრაობს მთელი სხეულის გასწვრივ ღერძის ოდნავ უკან. ან ორივე უბრალოდ ერთდროულად მოძრაობს, ერთი ზემოთ, მეორე ქვემოთ, ყოველგვარი „განლაგების“ გარეშე, როგორც თქვენთვის უფრო მოხერხებული იქნება შესაგრძნობად.

შეასრულეთ ეს ვარჯიში რამდენჯერმე. შემდეგ სცადეთ ამოსუნთქვისას ორივე ნაკადის ერთდროულად ჩართვა ისე, ისრების გარეშე. შემდეგ გაააქტიურეთ ნაწნავი ისე, როგორც ამას აკეთებდით კეფის ისრის დახმარებით, ისუნთქეთ ცოტა ხანს, შემდეგ კი ამოსუნთქვაზე მკვეთრად დაუშვით ის ვერტიკალურად ქვემოთ, თან ორივე ნაკადი აამოქმედეთ. მცირე წვრთნის შემდეგ უნდა გამოგივიდეთ. 

ოღონდ, ისევ და ისევ, როგორც ნაწნავთან, ისე ნაკადებთან დაკავშირებით — არ დაიძაბოთ. თქვენ ნაკადებს რთავთ, ისინი კი თავად მოძრაობენ. უბრალოდ აამოქმედეთ და მშვიდად მიეცით საშუალება თავად იმოძრაონ.

ახლა კი — ნაწნავის ალგორითმი ნაკადებთან ერთად:

  1. ჩაისუნთქეთ, ხოლო ამოსუნთქვისას წარმოიდგინეთ, როგორ ბრუნდება კეფის ისარი ზურგის მიმართ ირიბად. ნაწნავი გააქტიურებულია.
  2. ნაწნავის შეგრძნების გაშვების გარეშე, შეუკვეთეთ რეალობა. ამ დროს შეგიძლიათ ისუნთქოთ თავისუფლად.
  3. ნაწნავის (ისრის) შეგრძნების გაშვების გარეშე, ჩაისუნთქეთ, ხოლო ამოსუნთქვაზე მკვეთრად დაუშვით ისარი ვერტიკალურად ქვემოთ, თან აამოქმედეთ ორივე ნაკადი.
  4. აღმავალი და დაღმავალი ნაკადების მოძრაობის შეგრძნებისას, წარმოთქვით გულში ან ხმამაღლა აზროფორმა: „ჩემი განზრახვა რეალიზდება“.  მოხსენით ყველა შეგრძნება.

რა ხდება ამ დროს? თქვენ არა მხოლოდ შეუკვეთეთ რეალობა ნაწნავის დახმარებით, არამედ გაუშვით (გაგზავნეთ) თქვენი განზრახვა, როგორც „გზავნილი“ სივრცეში. ამგვარად, ნაკადები გააძლიერებენ ნაწნავის მუშაობას. თუ გამოგივათ და მოგეწონებათ, შეგიძლიათ ეს ვარიანტი მუდმივად გამოიყენოთ. თუ არა და, ძირითადი, საბაზისო ალგორითმიც საკმარისი იქნება.

ნაწნავის გამოყენების კიდევ ერთი ეფექტური ხერხი — აბაზანაში, ასევე ნებისმიერ წყალსატევში. მაგალითად, როდესაც აბაზანას იღებთ, ნუ დაკარგავთ დროს ტყუილად. გაააქტიურეთ ნაწნავი (აბაზანის კედელი მისთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს), შეიძლება ნაკადების გარეშეც, და შეუკვეთეთ (განსაზღვრეთ) რეალობა და/ან საკუთარი თავი — თქვენი ახალი მანეკენი. ზედმეტად ნუ ეცდებით, საკმარისია კონცენტრირდეთ ერთი-ორი-სამი წუთით, შემდეგ კი მოხსენით ნაწნავი და მშვიდად იწექით აბაზანაში ათი წუთის განმავლობაში.

რას იძლევა ეს? აქ მუშაობს არა მხოლოდ ნაწნავი, არამედ წყალიც, რომელიც, როგორც ცნობილია, ადვილად იმუხტება თქვენი აზროფორმების ინფორმაციით (და ასევე აზრომარკერებითაც, რა თქმა უნდა). წყალი არ აგზავნის განზრახვას სივრცეში, აქ მას სხვა ფუნქცია აქვს. წყალი ჯერ თქვენ მიერ მოცემულ ინფორმაციას იწერს თავის თავზე, შემდეგ კი სიტყვასიტყვით „გაჟღენთს“ ამ ინფორმაციით თქვენს ყველა ნატიფ (ენერგეტიკურ) სხეულს. ის ამას ძალიან ეფექტურად აკეთებს. ამგვარად, თქვენ მთლიანად იმუხტებით (იჟღინთებით) იმ განზრახვით, რომელიც განსაზღვრეთ, და შემდეგ დადიხართ როგორც ცოცხალი რადიოსადგური, რომელიც ახდენს თქვენი განზრახვის ტრანსლაციას მთელ გარემომცველ სივრცეში.

თუ აბაზანა არ გაქვთ, არსებობს სხვა ვარიანტი — კონტრასტული შხაპი. ჯერ რამდენიმე წუთი თბებით ცხელი (მაგრამ არა ზედმეტად) წყლით, შემდეგ რთავთ ცივს, არაუმეტეს ერთი წუთისა. და ასე რამდენჯერმე, სამი-ოთხი საკმარისია. რაც უფრო მკვეთრია ტემპერატურული კონტრასტი, მით უკეთესი, მაგრამ მთავარია, ამ დროს არ გქონდეთ აშკარად დისკომფორტული შეგრძნებები, რომ ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოთ.

ამ პროცედურის დროს ნაწნავთან მუშაობა საჭირო არ არის, რადგან კონცენტრირება უფრო გაგიჭირდებათ, ვიდრე აბაზანაში. სამაგიეროდ, კონტრასტული შხაპი მკვეთრად მაღლა სწევს თქვენს ენერგეტიკას, და სწორედ ამიტომ, წყლის გამორთვის შემდეგ, დადექით მშვიდად, მოიკრიბეთ ყურადღება და შეასრულეთ ნაწნავის ალგორითმი ნაკადებთან ერთად. ასევე ძალიან ეფექტური ხერხია.

სულ ეს არის. ყველაფერი ძალიან მარტივია. ნაწნავი არ არის გაჯეტი, რომელსაც იყიდით ან ვერ იყიდით, — ის გაქვთ, და ის ყოველთვის თქვენთანაა. და რა თქმა უნდა, ვერანაირი სუპერგაჯეტი ვერ მოგცემთ იმას, რასაც ნაწნავი გაძლევთ. მაგრამ ჩართეთ ის მხოლოდ განზრახვით და მიზანმიმართულად, ნუ „აქანავებთ“ მას უმიზეზოდ.

 

წინა განსხეულებების ძალა

და აი, ჩემო მშვენიერებო! განვლილი მასალის გამეორებებს მეტჯერ აღარ ვაკეთებთ. თქვენთვის გამეორება ახლა ამ წიგნის ხელახლა წაკითხვა იქნება და, შესაძლოა, არაერთხელ. იმიტომ, რომ შემოთავაზებული პრაქტიკების შესრულების დროსაც კი, თქვენ ვერ შეძელით ყველაფრის გაგება და დამახსოვრება. ხოლო თუ არაფერს აკეთებდით და მხოლოდ კითხულობდით — მით უმეტეს. მე ეს ვიცი.

ყოველი ახალი წაკითხვისას თქვენ უფრო მეტად აგეხილებათ თვალები და აღმოაჩენთ რაიმე ახალს, გაოცდებით, თითქოს პირველად კითხულობთ. სცადეთ, თუნდაც კიდევ ერთხელ გადაიკითხოთ ეს ყველაფერი და თავად დარწმუნდებით.

უკანასკნელი რამ, რაზეც ამ წიგნში მოგიყვებით, არის რაღაც ისეთი, რაზეც ეჭვიც არ გაქვთ, ისევე როგორც არ ეჭვობდით ნაწნავის არსებობაზე — საუბარია თქვენს უფლებაზე. როგორც უკვე იცით, თქვენ გაქვთ უფლება განსაზღვროთ თქვენი მომავალი რეალობა და თქვენი ახალი მანეკენიც კი. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. თქვენ გაქვთ უფლება იმ ძალაზე, რომელიც დააგროვეთ თქვენი წარსული ცხოვრებების — ინკარნაციების — ჯაჭვში.

საერთოდ, რა არის ცხოვრების აზრი? თავად ცხოვრებაში. მხოლოდ ეს, სხვა არავითარი „ღრმა“ ფილოსოფიური აზრი ამაში არ არის. რა აზრი აქვს პლანეტის ან ქვიშის მარცვლის არსებობას? არავითარი. ისინი უბრალოდ არიან — და მორჩა. პრინციპული განსხვავება ცოცხალისა და არაცოცხალის არსებობის აზრს შორისაც არ არსებობს. აზრი მხოლოდ იმაშია, რომ ეს ყველაფერი არსებობს, და მადლობა შემოქმედს.

ხოლო რა არის ინკარნაციების ჯაჭვის აზრი? ასევე არაფერი. ან თითქმის არაფერი. ყოველი მორიგი ცხოვრება, პეპლის დაბადებიდან და სიკვდილიდან დაწყებული, სამყაროს დაბადებითა და სიკვდილით დამთავრებული — ეს შემოქმედის სიზმარია, რომლის ნაპერწკალიც ყველაფერ არსებულშია. ასევე თქვენი ყოველი ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა შემოქმედის მორიგი სიზმარი, რაც, რა თქმა უნდა, თქვენი სიზმრის თანაფარდია.

თუ რისთვის არის ეს ყველაფერი საჭირო, მხოლოდ მისთვისაა ცნობილი. ჩვენ კი რა უნდა ვიცოდეთ? ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რისი უნარი შეგვწევს და რისი უფლება გვაქვს. თუმცა, ეს ცოდნა ყველას არ ეძლევა, არამედ მხოლოდ მათ, ვინც მისკენ ისწრაფვის. არ გინდა ცოდნა? — იცხოვრე, როგორც გინდა. იმიტომ, რომ ცხოვრების აზრი თავად ცხოვრებაშია და მხოლოდ სიცოცხლე უკვე საკმარისია.

როგორც აზრი, ისე ყველა არსების სიცოცხლის ღირებულება თანაბარი და თანასწორუფლებიანია. თქვენი სიცოცხლე არაფრით არაა უფრო ღირებული, ვიდრე ლოკოკინისა, რომელიც შეგიძლიათ გზად გასრისოთ და ვერც კი შეამჩნიოთ.

რა თქმა უნდა, მე ვაზვიადებდი, როცა ლოკოკინებსა და მახინჯებს გეძახდით. მაგრამ არა უმიზეზოდ. საკითხავი ისაა, გყოფნით თუ არა ის, რაც იცით და რაც მოგეცათ. თუ გყოფნით — პრობლემა არაა. ყველას აქვს უფლება უბრალოდ იცხოვროს, კითხვების დასმის გარეშე. ლოკოკინისთვის სულაც არ არის სათაკილო იცხოვროს ჩვეულებრივი, გაუცნობიერებელი ლოკოკინას ცხოვრებით, რადგან ლოკოკინა ბუნებითაა გაუცნობიერებელი. აი, სათაკილოა თუ არა (თუ არ ვიტყვით — სამარცხვინო) იცხოვრო გაუცნობიერებელ პერსონაჟად მაშინ, როცა თვითშეგნება გაგაჩნია — აი, ესაა საკითხავი.

მაგრამ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, თქვენ არ გეხებათ, ჩემო კარგებო და ლამაზებო. რაკი ამ წიგნს კითხულობთ, ესე იგი უკვე აღარ კმაყოფილდებით იმით, რაც მოგეცათ და რაც იცით. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, როგორი გამოჩენილი, შესაძლოა, დიადი ადამიანები იყავით ოდესღაც, წარსულ ცხოვრებებში, თქვენს წინა ინკარნაციებში. უცილობლად იყავით ასეთები, რადგან სხვაგვარად ამ ცხოვრებას ვერ დაიმსახურებდით.

მაგრამ, წარსული სიდიადის მიუხედავად, ახლა ყველაფერი დაკარგულ-გაფანტულია. თქვენი წინა ინკარნაციები არ გახსოვთ. ეს უცნაურად არ გეჩვენებათ? ისევ ვსვამთ კითხვას: რა აზრი აქვს ყველა ამ ცხოვრებას? იქ იყო წარუმატებლობები და მარცხი, გამარჯვებები და მიღწევები. ბევრისთვის გადაიხადეთ და ბევრს მიაღწიეთ. ნუთუ ეს ყველაფერი ტყუილუბრალოდ და ამაოდ იყო?

თქვენ ვერ დაიბრუნებთ დავიწყებული ცხოვრებების გამოცდილებას, როგორც ვერ წამოიღებთ თან იმას, რასაც დავიწყებულ სიზმარში ფლობდით. მაგრამ, ვიმეორებ, თქვენ გაქვთ უფლება პირად ძალაზე, რომელიც ინკარნაციების ჯაჭვში დააგროვეთ. ამის შესახებ თქვენთვის არავის უთქვამს. მე გეუბნებით ამას.

პირადი ძალა, სულის ძალა ტყუილად არ უნდა იკარგებოდეს. ახალი ცხოვრება ნულიდან არ უნდა იწყებოდეს. ეს შეცდომაა, სამყაროს დეფექტია. თქვენს ნებაზეა — შეეგუოთ და იცხოვროთ შეცდომით. ოღონდ ვის სჭირდებით ასეთები — დეფექტური არსებები? მეც კი არ მჭირდებით. თქვენს ნებაზეა მოითხოვოთ ის, რაც კანონიერად გეკუთვნით. როგორ უნდა გააკეთოთ ეს?

საკმაოდ მარტივად. ვინც უფლებას აცხადებს, ის იღებს კიდეც მას. პირდაპირი მნიშვნელობით, თქვენ უნდა წარმოთქვათ დეკლარაცია: „მე ვაცხადებ ჩემს უფლებას. მე ვიბრუნებ ჩემს ძალას. მე ვიძენ ჩემი ყველა ინკარნაციის ძალას“.

მაგრამ მხოლოდ სიტყვები ცოტაა. სიტყვები მხოლოდ ჰაერის რხევაა. არსებობს ერთი ნიუანსი. იმისათვის, რომ თქვენი ხმა გაგონილ იქნას, საჭიროა აამოქმედოთ არქაული რუდიმენტი, რომელიც გაგაჩნიათ და რომლის შესახებაც უკვე იცით — ნაწნავი.

წარმოთქვით დეკლარაცია ნაწნავით, ისე, როგორც ამას რეალობის განსაზღვრისას აკეთებდით. და მაშინ ძალა გაგიგებთ. აკეთეთ ეს დროდადრო, როცა საჭიროდ ჩათვლით. მალე და თანდათანობით თქვენ იგრძნობთ, როგორ გაიზრდება თქვენი პირადი ძალა, თავდაჯერებულობა, სულის სიმტკიცე. უცილობლად იგრძნობთ ამას. და ყოველ ჯერზე, როცა ამის დადასტურებას იპოვით, ნუ დაივიწყებთ თქვენი განახლებული პროექტის განმტკიცებას აზრომარკერებით, როგორიცაა: # ჩემი პირადი ძალა მართლაც იზრდება, მე ამას ვხედავ.#

აქ მეტი დასამატებელი არაფერია. თავად დარწმუნდებით, რამდენად გრანდიოზულია ეს.

 

უსასრულობა და უსასრულობები

ახლა კი ვისაუბროთ იმაზე, რასაც, ალბათ, სკეპტიციზმით ელის ბევრი ცნობისმოყვარე გონება: მტკიცებულებებზე. იმის მტკიცებულებებზე, რომ ყველაფერი, რაზეც აქ ითქვა, სიმართლეა. ნუთუ მართლა კინოში ვცხოვრობთ? და ნუთუ შესაძლებელია ერთი ფირიდან მეორეზე გადახტომა?

პირველ რიგში, მთავარ მტკიცებულებად შეიძლება გამოდგეს თქვენი საკუთარი პრაქტიკული გამოცდილება — ეს ყველაფერი ნამდვილად მუშაობს, თავად შეამოწმეთ. მეორე მხრივ კი, არსებობს უამრავი ირიბი მტკიცებულება ანომალიური და აუხსნელი მოვლენების სახით. სწორედ ირიბი. პირდაპირ მტკიცებულებებს თქვენ ვერ მიიღებთ — რეალობა რატომღაც არ არის განწყობილი თავისი საიდუმლოებების გასამჟღავნებლად.

საიდან ვიცი მაშინ პირადად მე ამ ყველაფრის შესახებ? მე არაფერიც არ ვიცი. მე ვიცი მხოლოდ ის, რომ ეს მუშაობს, ფაქტობრივად. ხოლო ის, თუ რატომ და ზუსტად როგორ მუშაობს — დიდი კითხვაა. კინოფირები და სარკე — მხოლოდ მოდელებია, რაღაც უფრო რთულის ინტერპრეტაციები. იმის გაგება, თუ როგორ არის სინამდვილეში მოწყობილი რეალობა, შეუძლებელია, მაგრამ მისი თვისებების გამოყენება საკუთარი პრაქტიკული მიზნებისთვის — შესაძლებელია და საჭიროცაა. ამიტომაც ვაძლევ ისეთ მოდელებსა და ინტერპრეტაციებს, რომლებიც გასაგებია. მაგრამ ერთს დანამდვილებით ვამტკიცებ: თუ მოდელი მუშაობს, ესე იგი ის ძალიან, ძალიან ახლოსაა ორიგინალთან.

ამიტომ, მივყვეთ მიღებულ მოდელს. რეალობა არ არის ვირტუალური, ის ნამდვილია, არ უნდა აგვერიოს ის კომპიუტერულ თამაშში. მაგრამ ის მოწყობილია კინოს მსგავსად, უფრო ზუსტად კი, უამრავი კინოფირივით, რომლებიც ერთმანეთშია გადახლართული. ზოგიერთი ეს კინოფირი ტრიალებს, ზოგიერთი კი ჯერჯერობით არქივშია.

პარალელური მატერიალური სამყაროები არ არსებობს. მატერიალური სამყარო (ყოველ შემთხვევაში, ეს, ჩვენი) ერთია. მაგრამ არსებობს ვირტუალური ვარიანტების უთვალავი სიმრავლე — საარქივო კინოფირები. ხდება ისე, რომ ერთი ასეთი საარქივო კინოფირის ნაჭერი შემთხვევით აღმოჩნდება განათებული მიმდინარე (მატერიალურ) კადრში. მაშინ აქ შეიძლება აღმოჩნდეს ადამიანი წარსულიდან, მომავლიდან ან საერთოდ არა ჩვენი ცივილიზაციიდან.

თუ ადამიანი აქ, ჩვენს სამყაროში, არქივიდან მოხვდა, მაშინ მისი წარსული ცხოვრება მას სრულიად რეალურად მოეჩვენება, რადგან მისი მეხსიერება მიბმულია იმ კინოფირზე, საიდანაც ის მოვიდა. ტვინი ინახავს არა ინფორმაციას, არამედ მის მისამართებს. ერთი კინოფირიდან მეორეზე გადასვლისას მისამართები შეიძლება მოსწყდეს ძველს და მიებას ახალს, მაგრამ შეიძლება არც მოსწყდეს. და მაშინ წარმოიქმნება დეჟავუს მსგავსი ეფექტი.

ეს არის, როცა გეჩვენებათ, რომ თქვენს ცხოვრებაში უეჭველად იყო ესა და ეს, გარშემომყოფები კი გიმტკიცებენ, რომ ეს არ ყოფილა. ან პირიქით, გეუბნებიან, რომ ეს ნამდვილად მოხდა, თქვენ კი ეს არაფრით არ გახსოვთ. და არა იმიტომ, რომ მეხსიერების ჩავარდნა გქონდათ, არამედ იმიტომ, რომ მისამართებსა და კინოფირებს შორის არეულობა მოხდა. რეალობა ხანდახან უშვებს ასეთ შეცდომებს.

მიუხედავად იმისა, რომ რეალობა ცდილობს საგულდაგულოდ წაშალოს ყოველივე მსგავსი შეუსაბამობა, ეს მას ყოველთვის არ გამოსდის. ეგრეთ წოდებული მანდელას ეფექტი — ეს უფრო დიდი შეცდომაა, ვიდრე დეჟავუ, და მას უკვე ვეღარ მივაწერთ ცალკეული ადამიანის მეხსიერების დეფექტებს.

ეს არის, როცა ადამიანების ძალიან დიდი ჯგუფი, ფაქტობრივად მილიონები, იხსენებენ იმას, რასაც მიმდინარე სინამდვილეში დადასტურება არ მოეპოვება. მაგალითად, ბევრს ზუსტად ახსოვს, რომ ამა და ამ ფილმში აბსოლუტურად დაზუსტებით ჟღერდა ესა და ეს ფრაზა. თუმცა ახლა ეს ფრაზა სადღაც გაქრა ან შეიცვალა, და ვერცერთ მატარებელზე, ყველაზე ძველზეც კი, მას ვერ აღმოაჩენთ. და მსგავსი მაგალითი უამრავია, და არა მხოლოდ ფილმებიდან.

რა არის ეს, საყოველთაო შეშლილობა? რატომ მოხდა ასე? უბრალოდ იმიტომ, რომ საერთო სინამდვილე გადახტა სხვა კინოფირზე, რომელზეც იმ ფრაზას უკვე სხვა ვერსია აქვს. რეალობამ დაუშვა დაუშვებელი შეცდომა: წარსული შეიცვალა! თანაც ადამიანების მეხსიერების მისამართები არ დაკორექტირდა. ყველა გარკვევით იხსენებს იმას, რაც იყო ძველ კინოფირზე, რადგან მათი მისამართები კვლავ მასზეა მიბმული.

აქ უნდა დავაზუსტოთ, რომ აქამდე საუბარი იყო ინდივიდუალურ კინოფირებზე. თუმცა რეალობის საერთო კინო გაცილებით რთულადაა მოწყობილი. ცალკეული ადამიანების ინდივიდუალური ფირები, მიუხედავად იმისა, რომ ცალ-ცალკე ტრიალებს, მაინც დევს მთელი კაცობრიობისთვის საერთო ფირზე. ქვეყნიერების დასასრული ხომ ყველასთვის უნდა დადგეს? რამდენჯერ უწინასწარმეტყველებიათ იგი, ის კი მაინც არ დგება. და ასეთი ვარიანტი მართლაც არსებობს არქივში, რადგან წინასწარმეტყველები მას ხედავენ. მაგრამ ჯერჯერობით ისე გამოდის, რომ საკაცობრიო სინამდვილე ხტება სხვა, კეთილსაიმედო ფირზე.

ხდება ისეც, რომ აწმყო ხვდება წარსულში. მაგალითად, არსებობს ასეთი დოკუმენტირებული ფაქტი. 1911 წლის 14 ივლისს მატარებელი მგზავრებითურთ გაემგზავრა რომიდან ლომბარდიაში, ხოლო როდესაც მთის გვირაბში შევიდა, უკვალოდ გაქრა. ამავე დროს (უფრო ზუსტად, ეს უკვე წარსული დრო იყო) 1840 წლის მექსიკურმა გაზეთებმა დაამოწმეს უჩვეულო შემთხვევა. მეხიკოში გამოჩნდა 104 იტალიელი, თავისი საუკუნის ყველა დოკუმენტითა და ატრიბუტით, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ აქ რომიდან მატარებლით ჩამოვიდნენ. რა თქმა უნდა, მათ არ დაუჯერეს და სხვა ვერაფერი მოიფიქრეს, გარდა იმისა, რომ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გამოეკეტათ.

სად გაქრა დაკარგული იტალიელების სინამდვილე? ჩვენ ხომ ვამბობდით, რომ სინამდვილე არის ის, რაც არასდროს ყოფილა და არასდროს იქნება, არამედ მხოლოდ არის — ერთხელ და ახლა. დიახ, ასეც არის. აღწერილი შემთხვევა არაფერს ცვლის. იმიტომ რომ სინამდვილე — ეს მიმდინარე კადრია. მაგრამ თუ ხდება ისეთი ანომალია, რომ ფირები რაღაცნაირად იკვეთება (ისინი კი შეიძლება სრულიად თვითნებურად გადაიკვეთონ), მაშინ კადრი მომავლიდან შეიძლება აღმოჩნდეს წარსულის ფირზე. და მაშინ ადამიანები და საგნები ამ კადრიდან ხვდებიან წარსულში.

მაგრამ როგორ?! კადრი ხომ თანმიმდევრულად მოძრაობს! როგორ შეიძლება ადამიანები დაიბადონ აწმყოში და გარდაიცვალონ წარსულში?

ის თანმიმდევრულადაც მოძრაობს. ჯერ გაიარა პირველმა კადრმა, სადაც ადამიანები გაქრნენ. შემდეგ გაიარა მეორე კადრმა, სადაც ისინი გამოჩნდნენ. მაგრამ სინამდვილეში ის პირველი კადრი იყო მომდევნო, ხოლო მეორე — წინა. უბრალოდ მომავლისა და წარსულის ფირები აირია და მოხდა აღქმის ასეთი აბერაცია, რომელსაც ჩვენ არ ვართ ჩვეულნი და რომელიც ყველა ამ ახსნის მიუხედავადაც კი მიუწვდომელი რჩება.

სხვათა შორის, ასევე არსებობს დოკუმენტირებული ფაქტები, როდესაც ადამიანები წარსულიდან, თავისი ყველა ატრიბუტით, ჯიბეების შიგთავსის ჩათვლით, აწმყოში აღმოჩნდნენ. ყოფილა შემთხვევებიც, როდესაც არქეოლოგიური გათხრებისას პოულობდნენ არტეფაქტებს, რომლებიც დამზადებული იყო ახლო აწმყოში ან უცნობ მომავალში. აქაც კინოფირები აირია და გადაიკვეთა. ხდება ისეც, რომ ფირები არ იკვეთება, არამედ ერთმანეთს ეხება. მაშინ წარმოიქმნება ქრონომირაჟი.

ადამიანები და საგნები დროსა და სივრცეში სიტყვასიტყვით არ გადაადგილდებიან, როგორც მატერიალური ობიექტები სივრცეში. ისინი შეიძლება საერთოდ არ არსებობდნენ სინამდვილეში, წარსულში თუ აწმყოში. მაგრამ მათ შეუძლიათ მატერიალიზება ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ დროს, თუ მათი ფირი ხვდება ამ ადგილისა და დროის მიმდინარე კადრში. მატერიალური სინამდვილე — ეს სწორედ განათებული კადრია, ხოლო რეალობა საერთოდ — ეს კინოფირების სიმრავლეა, აი, რა უნდა გაითავისოთ.

ჩამოთვლილი ანომალიები არაფერს ამტკიცებს, მაგრამ გვევლინება ირიბ დასტურად იმისა, რომ რეალობა წარმოადგენს ვარიაციული კინოფირების უსასრულო სივრცეს. მეტიც, აქედან გამომდინარეობს, რომ დისკრეტული მხოლოდ მიკროსამყაროს კვანტები კი არ არის, არამედ მთელი რეალობა, რადგან ფირები შედგება კადრებისგან, რომლებიც დაყოფილია შუალედებით. მეცნიერებას რომ ეღიარებინა, რომ კვანტურია არა მხოლოდ მიკრო-, არამედ მთელი მაკროსამყაროც, ის ბევრ ახალ აღმოჩენას გააკეთებდა. მაგალითად, დროში და სივრცეში მყისიერი გადაადგილება, ისევე როგორც სხვა ანომალიები, ხდება სწორედ კადრებს შორის შუალედებში.

ჩვენი ყველა პრაქტიკაც ადასტურებს, რომ მთელი რეალობა დისკრეტულია. მიმდინარე კინოფირის კადრების სიხშირიდან ამოვარდნისას, თქვენ იძენთ შეუძლებლის ქმნის უნარს. სიტყვასიტყვით, ყოველგვარი მანიპულაცია ყურადღებითა და „ნაწნავით“ გაგდებთ რეალობის სიხშირიდან და ფაზიდან. და ამ გაგებით, თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა თავისუფლად ისეირნოთ კინოში.

მარადიულობის არქივიც, როგორც შეიძლება ვივარაუდოთ, მაშინვე არ გაჩენილა — ის ევოლუციას განიცდიდა. ყველაფერი, რაც იყო ან შეიძლებოდა ყოფილიყო — ყოველთვის და ყველაფერზე არ იწერებოდა. (თუმცა ასევე შეიძლება იმის მტკიცებაც, რომ არქივი ყოველთვის არსებობდა. მხოლოდ მაშინ მოგვიწევს ფილოსოფიაში ჩაღრმავება და ცნება „ყოველთვის“-ის სემანტიკაში გარკვევა. რა არის „ყოველთვის“? იცის ვინმემ?)

ევოლუცია გარკვეული გაგებით ინფორმაციის წარმოების პროცესია. ცოცხალი და არაცოცხალი ბუნება ევოლუციას განიცდის, ვითარდება და ამავდროულად აწარმოებს ინფორმაციას საკუთარ თავზე, თავისი არსებობის ვარიანტებზე. ეს იმის ანალოგიურია, თუ როგორ განიცდის ევოლუციას ქსელი — მის ვიზიტორებს თავიანთი ინფორმაცია შეაქვთ და ის გროვდება.

კინოფირების არქივი არ არის ყოვლისმომცველი, აბსოლუტურად უსასრულო ინფორმაციული ველი, რომელიც ყოველთვის და ყველაფრის შესახებ არსებობდა, არამედ, ასე ვთქვათ, უსასრულობის ნაწილია, რომელიც მოძრაობს და იზრდება, როგორც უზარმაზარი კონსტრუქტი, ასევე უსასრულო. მოძრაობს უსასრულობაში და იზრდება. უსასრულობა, როგორც უსასრულობის ნაწილი. შეგიძლიათ ასეთი რამის წარმოდგენა? არა? არც არის საჭირო. ნუ შეიწუხებთ თავს იმით, რისი წვდომაც გონებას არ შეუძლია. (თორემ ვინმე კიდევ დაიწყებს კამათს, რომ უსასრულობა არ არსებობს, სამყარო კი სასრულია. მაგრამ ვინ იცის?)

თქვენ თავი კი არ უნდა იმტვრიოთ, არამედ უნდა იმოქმედოთ და აღტაცების გრძნობა განიცადოთ უკვე მხოლოდ იმის გამო, რაც ახლა იცით: თქვენ შეგიძლიათ შეუკვეთოთ საკუთარი თავი და შეუკვეთოთ რეალობა. ეს ხსნის სინათლეს გვირაბის ბოლოს, გაძლევთ ძალას, იმედს, მიზანს, ესე იგი ენერგიას განზრახვისთვის, რათა შექმნათ ისეთი რამ, რაც უბრალო ადამიანის თვალსაზრისით „შეუძლებელია, რომ იყოს“.

 

დასკვნა

აი, ასე, ჩემო კარგებო, დასასრულს მიუახლოვდა ჩვენი თხრობის პირველი ტომი. მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ტომია და ჩვენ, რა თქმა უნდა, კიდევ შევხვდებით.

თუ ჯერ კიდევ არ იქეცით ციცინათელებად, ყოველ შემთხვევაში, უკვე ახლოს ხართ ამასთან და სადღაც ხვლიკების შუალედურ მდგომარეობაში იმყოფებით. ასეთი მოქნილი, ცნობისმოყვარე ხვლიკების.

გათბებით ჩემი დიდების სხივებში, მოჭუტავთ თვალებს, ააქიცინებთ კუდებს, დააღებთ პირებს და გამოსცემთ ზოოლოგიურ ბგერებს, მაგალითად სისინს: „ტაფტი-ტაფტი-ი-ი! ქურუმ-ქალი-ქურუმ-ქალი-ი-ი!“. შემდეგ კი შეიკრიბებით გუნდებად, ჩემსკენ გამოიხედავთ და ერთმანეთში გადაუჩურჩულებთ: „როგორ გამოვიყენოთ იგი ჩვენი ანგარებიანი მიზნებისთვის?!“.

მთავარია, გამოიყენოთ ის ცოდნა, რომელიც მიიღეთ. ადამიანთა უმეტესობა (თითქმის ყველა) ცხოვრობს ისე, რომ არასოდეს იღვიძებს — ისინი მიდიან ცხოვრების გზაზე, როგორც ბურანში, თავაუღებლად და გარემოს შეუთვალიერებლად. ისინი არასოდეს განსაზღვრავენ თავიანთ რეალობას, არამედ მხოლოდ დაცურავენ უკვე განსაზღვრულ და მათთვის მოცემულ კინოსურათში, როგორც აკვარიუმში.

გესმით, რამდენად მკვეთრად განსხვავდებით ახლა მათგან? მაგრამ არ დაგავიწყდეთ, ეს არ გაძლევთ ქედმაღლობის ან, კიდევ უარესი, ზიზღის უფლებას. ნუ გააღვიძებთ მძინარეებს. ეს უმადური საქმეა. დაე, იცხოვრონ ისე, როგორც უნდათ და როგორც შეუძლიათ. ვისაც გაღვიძება შეუძლია, თავად მიპოვის. როგორც თქვენ მიპოვეთ. თქვენ კი — გახსოვდეთ ჩემზე და არ დაივიწყოთ საკუთარი თავი.

ცოდნა აქ მოცემულია ძალიან კონცენტრირებული სახით, თანაც ისეთი ცოდნა, რომელიც შეიძლება მოუხელთებელი მოგეჩვენოთ. შეგიძლიათ გვერდზე ჩაუაროთ და ვერაფერი გაიგოთ ან შეამჩნიოთ. ეს ცოდნა იმიტომაა მოუხელთებელი, რომ ის ეხება ილუზიას, რომელშიც მუდმივად იმყოფებით — ქმედების ილუზიას, რომელიც იმაში მდგომარეობს (შეგახსენებთ), რომ გეჩვენებათ, თითქოს დამოუკიდებელი ცხოვრებით ცხოვრობთ და საკუთარი ნებითა და შეხედულებისამებრ მოქმედებთ.

ამავდროულად, ყველაფერი ისე არ გამოგდით, როგორც გინდათ. ამაშია წინააღმდეგობა და პარადოქსი. თუ საკუთარი ნებით მოქმედებთ, რატომ გამოდის ყველაფერი სხვანაირად? თქვენ გგონიათ, რომ არ გამოდის იმიტომ, რომ არ გამოდის და მორჩა. სინამდვილეში არ გამოდის იმიტომ, რომ თქვენ მაინც არ მოქმედებთ საკუთარი ნებით, არამედ სცენარს მიჰყავხართ.

როდესაც გეუფლებათ შფოთვა, შიში, სიძულვილი და სხვა ემოციები, თქვენ იძირებით ძილში, ტრანსში და საკუთარ თავს აღარ ფლობთ. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ემოციები გფლობენ. თუმცა ეს ასე არ არის. ემოციებს შეყავხართ ძილში, ხოლო თქვენ გფლობთ სცენარი.

კიდევ იმიტომ არ გამოგდით, რომ არ იცით, როგორ იმოქმედოთ ისე, რომ გამოვიდეს. ნაცვლად იმისა, რომ განსაზღვროთ მომავალი რეალობა, თქვენ ებრძვით მიმდინარე სინამდვილეს. ეს წიგნი სწორედ იმისთვისაა განკუთვნილი, რომ გამოგიყვანოთ ამ ილუზიიდან. ამისთვის ბევრი სიტყვა არ არის საჭირო, პირიქით, თქვენ ჯერ უნდა გაიგოთ, გააცნობიეროთ და დაინახოთ, სად არის იგი, ეს თქვენი ილუზია. მხოლოდ ესეც კი საკმარისი იქნება თქვენი ცხოვრების რადიკალურად შესაცვლელად. ხოლო შემდეგ, მომდევნო წიგნებში, კიდევ უფრო მეტს გაიგებთ.

ყოველდღე რაღაც გაწუხებთ, რაღაც გთრგუნავთ, რაღაც სასოწარკვეთილებაში გაგდებთ. თქვენ მუდმივად უნდა დაიჭიროთ საკუთარი თავი ამ მომენტში, არ დანებდეთ და გადაამისამართოთ ვექტორი: მე შემიძლია განვსაზღვრო რეალობა, ჩემი გადასაწყვეტია, როგორ იქნება. თან არ დაივიწყოთ, რომ უნდა განსაზღვროთ (შეუკვეთოთ) არა მოვლენათა მსვლელობა, არამედ საბოლოო შედეგი — მიზნობრივი კადრი. გამოიმუშავეთ ასეთი ჩვევა.

გახსოვთ, ვამბობდი, რომ ძალა რეალობის ძრავაა? ის ატრიალებს კინოფირებს. თუ თქვენ დაიწყებთ რეალობის განსაზღვრას, ძალა შეგამჩნევთ. ძალა ყოველთვის აქცევს ყურადღებას მათ, ვინც ეხმარება მას კინოფირების ტრიალში — ის აიტაცებს მათ და იწყებს მათ დახმარებას. ძალას არ აინტერესებს სიზმრების ცარიელი მანეკენები, რომლებიც კინოში ცხოვრობენ გაღვიძების გარეშე. აირჩიეთ დევიზი: „მე ვეძებ ძალას, და ვპოულობ ძალას, და ყველაფერს ვაკეთებ ძალით“. ანუ ყველაფერს ვაკეთებ ძლიერად, გენიალურად, მთელი სულით. და აი მაშინ ძალა თქვენთან იქნება.

მხოლოდ ნუ ჩავარდებით ხბოს აღტაცებაში საკუთარი ხელით შექმნილი საოცრებების გამო. იხარეთ ჩუმად, გულში, რომ რეალობამ შური არ იძიოს (მას სჩვევია ასეთი რამ, ბოროტია), და მით უმეტეს, ნუ იტრაბახებთ გარშემომყოფებთან.

ასევე, ნუ მოუყვებით სიტყვიერად რეალობისა და მანეკენების განსაზღვრის ტექნიკებზე თქვენს ნაცნობებს. ისინი ვერ გაგიგებენ და დაგცინებენ. ტექნიკების ამოგლეჯა საერთო კონტექსტიდან არ შეიძლება. სჯობს ურჩიოთ, წაიკითხონ ყველაფერი თავიდან ბოლომდე. თქვენი წიგნი კი არავის მისცეთ — ეს თქვენი პირადი თილისმაა. ეს არ არის უბრალოდ ტექსტების კრებული, არამედ ნივთია, რომელსაც ძალა აქვს. დაიჭირეთ იგი ხელში, იგრძენით, შეიგრძენით იგი. ეს თქვენი ნივთია.

მე კი — თქვენი ტაფტი ვარ! ნახვამდის, ლოკოკინებო! შეხვედრამდე შემდეგ წიგნებში!

მხატვრულ წიგნში „ქურუმი ქალი იტფატი“ მოთხრობილია ტაფტისა და მისი მეგობრების გასაოცარი თავგადასავლების შესახებ მეტა-რეალობაში. იქ შეძლებთ უფრო ახლოს გაიცნოთ ტაფტი და გაიგოთ, როგორ იყენებს თავად ქურუმი ქალი თავის პრინციპებს პრაქტიკაში.

ასევე იხილეთ: 

ვიდეო YouTube-ზე: არხი “Тафти Итфат”.

ინსტაგრამი: https://www.instagram.com/tufti.itfut

ВКонтакте: https://vk.com/tufti.itfut 

Facebook: https://www.facebook.com/tufti.itfut 

ვადიმ ზელანდის საიტი: http://zelands.ru 

ტრანსერფინგ-ცენტრის საიტი: https://tserf.ru

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მზის მანდალა (განახლებული)

Screenshot 2025-12-01 at 19.41.18

☀️ ტრენინგს გავუძღვება მამუკა გურული - სულისმეცნიერი, მენტორი, არაცნობიერის მკვლევარი და magma.ge-ს დამფუძნებელი. 

☀️ ტრენინგი დაიწყება 1 თებერვალს და გაგრძელდება 108 დღის განმავლობაში. გექნებათ პროგრამა თავისი რეჟიმით, პრაქტიკებით და კვებითი რეკომენდაციებით (მათ შორის დეტოქს პროგრამით), რომელთაგანაც ნაწილი იქნება მუდმივი (ამ 108 დღის განმავლობაში) ნაწილი კი განახლდება (დაემატება ახალი დავალებები). განსაკუთრებულ შემთხვევებში (ჯანმრთელობიდან ან სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე) მოგეცემათ ინდივიდუალური რეკომენდაციები. 

☀️ ონლაინ შეხვედრები ჩატარდება Zoom-ის ფორმატში, კვირაში ორი დღე: ხუთშაბათი და კვირა. დილით 8:00 (40-60 წუთი) და საღამოს 21:00 (საათ-ნახევრიდან 3 საათამდე). 

☀️ ჩანაწერები ფეისბუქ-ჯგუფში შეინახება და თუ გაცდენა მოგიწევთ, მოგვიანებით ნახავთ (სასურველია ლაივების 50% მაინც დაესწროთ) და უკუკავშირი პირადად გექნებათ ჩემთან. 

☀️ ბონუსად წინასწარ გამოგეგზავნებათ მაგმას ყველა PDF წიგნი (დაახლოებით 500 ლარის ღირებულების).

☀️ თემები და საკითხები, რომლებსაც გავივლით:

✨ ალბერტო ვილოლდოს სისტემა მისი წიგნის მიხედვით - „შექმენი ახალი სხეული“ (ნეირომეცნიერების და შამანიზმის სინთეზი);

✨ გურჯიევის სისტემა (თეორია და პრაქტიკა);

✨ ოშოს მედიტაციები და პრაქტიკები;

✨ თამაშის ალქიმია - ჰომო ლუდენს - ანუ მოთამაშე ადამიანის პრინციპი - როლი, მსახიობი, მაყურებელი;

✨ ვილჰელმ რაიხის სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის პრინციპები; 

✨ ვექტორული ფსიქოლოგია - არაცნობიერი მოტივაციების საუკეთესო გზამკვლევი (რამდენიმე ლაივი);

✨ იუნგიანური ფსიქოლოგია - თეორიული და პრაქტიკული ლაივები (რამდენიმე ლაივი);

✨ ლირი-ვილსონის წრედების სისტემა;
ტაროს არქეტიპები (გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით);

✨ შამანური ფსიქოლოგია (ამაზონიის შამანების და ჰავაელი შამანების მიხედვით);

✨ რეალობის ტრანსერფინგის ძირითადი პრინციპები;
ჩაკრების სისტემა;

✨ აიურვედას (ვედური მედიცინის) ძირითადი პრინციპები;

✨ სამყარო და ადამიანი ჩენელინგების მიხედვით (თანამედროვე ეზოთერია); 

☀️ დილის ლაივებში ძირითადად გვექნება სხვადასხვა მედიტაციები, ვიზუალიზაციები და ტექნიკები. 

☀️ ჯგუფის დინამიკიდან გამომდინარე შესაძლოა იყოს გარკვეული ცვლილებები, ან რაიმე თემა დაემატოს. 

☀️ ყოველდღიურად დაიდება სარეპორტო პოსტები სამოტივაციო ან შემეცნებითი ტექსტებით. ასევე დავალებად გექნებათ კვირაში 1 ან 2 ფილმის ნახვა (ხელოვნება საუკეთესო მასწავლებელია). 

☀️ ეს ტრენინგი გახლავთ როგორც ტრანსფორმაციული, ასევე სასწავლო-შემეცნებითი. თქვენ მოგეცემათ ის გასაღებები და ტექნოლოგიები, რომლებსაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე თანდათან გამოიყენებთ. ჩამოთვლილი სისტემებიდან რაღაც უფრო ახლოს იქნება თქვენთან, რაღაც ნაკლებად, და ამის მიხედვით აირჩევთ თქვენი განვითარების გზას. ჩემი ამოცანაა - არსობრივად გაგაცნოთ ეს სისტემები. 

☀️ ჩემი მთავარი მიზანია - გაგაცნოთ თქვენი არაცნობიერის ის პროგრამები და მექანიზმები, რომლებიც თქვენი არსებობის და ცხოვრების 99%-ს მართავენ, და მოგცეთ ტექნოლოგიები მათ გადასაპროგრამებლად. 

☀️ ასევე ვეცდებით ვიპოვოთ საერთო სხვადასხვა სისტემებს შორის და დავაკავშიროთ ისინი ჩვენთვის სასურველი შედეგის მისაღებად. 

☀️ არსებობს სხვადასხვა ფაქტორები (მაგალითად დროის შეზღუდულობა), რის გამოც შესაძლოა იდეალურად ვერ მოახერხოთ ამ მანდალას გავლა, მაგრამ რა პროცენტითაც მოახერხებთ, შესაბამისი შედეგი გექნებათ, და რაც მთვარია, ეს მასალები თქვენთან დარჩება და ყოველთვის შეგეძლებათ გააგრძელოთ ან ხელახლა გაიაროთ ეს მარათონი, ან გაითვალისწინოთ მასში მოცემული რეკომენდაციები. და ამ ტრენინგის დროს გაიგებთ, როგორ გამოათავისუფლოთ მეტი დრო საკუთარი განვითარებისთვის. 

☀️ თუ ჩათვლით, რომ ამ ეტაპზე არ ხართ მზად, შეგიძლიათ მხოლოდ შემეცნებითი ნაწილი გაიაროთ და თეორიაზე გააკეთოთ აქცენტი, პრაქტიკული მხარე კი მაშინ დაიწყოთ, როცა მზად იქნებით.

☀️ თქვენი ჩართულობიდან გამომდინარე ინდივიდუალური კონტაქტი მექნება ჯგუფის ყოველ მონაწილესთან (ვოისებით). 

☀️ ასევე ტრენინგი მოიცავს ერთ ონლაინ-კონსულტაციას ჯგუფის ყოველ წევრთან (1 საათის ხანგრძლივობის). 

☀️ ექსკლუზიურად მზის მანდალასთვის ჯგუფურ ბიოენერგეტიკულ ონლაინ დიაგნოსტიკას (თავისუფალი ნახატით) ჩაატარებს თათა ნაგუალ არაბული - ანთროპოსოფიული არტ თერაპიის სპეციალისტი, სოც-თერაპევტი, ბიოენერგეტიკოსი და მრჩეველი.

☀️ ასეთი ხანგრძლივობის მანდალა მინიმუმ 2-3 წელი აღარ ჩატარდება (წინა „მზის მანდალა“ 3 წლის წინ ჩატარდა და მისი ჩანაწერების შეძენა ახლაც შეგიძლიათ ძალიან კარგ ფასად). ამ მანდალას ჩანაწერები არ გაიყიდება. 

🍀 + დამატებით მათთვის, ვინც ჩვენი რომელიმე ონლაინ-ტრენინგი გაიარა, ან ყველა წიგნი შეიძინა, იმოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება. 

🍀 შესაძლებელია თანხის სამ ნაწილად გაყოფაც.

⭕️ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. მიღება მოხდება წინასწარი გასაუბრების საფუძველზე. 

📩 რეგისტრაციისთვის და სხვა დეტალებისთვის მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე, ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff