ნაწილი 6
ნაწილი 6
დონ ხუანის მოძღვრების შემდეგ ეტაპს წარმოადგენდა - კიდევ ერთი ნაბიჯი ლემის ფესვის პორციის ათვისებაში. იმ დროის განმავლობაში, რომელმაც ორ სასწავლო სტადიას შორის განვლო არაფერი მნიშვნელოვანი არ მომხდარა, დონ ხუანი მხოლოდ ჩემი მცენარის განვითარების შესახებ მთხოვდა ცნობებს.
1963 წლის 27 ივნისი, ხუთშაბათი
- არ იქნებოდა ცუდი, ეშმაკის ბალახი რომ გამოგვეცადა, სანამ საბოლოოდ მის გზას დაადგებოდე, - თქვა დონ ხუანმა.
- როგორ აპირებ მის გამოცდას, დონ ხუან?
- ხელახლა უნდა მოსინჯო ხვლიკებიანი ჯადოქრობა. ყველაფერი გაქვს, რაცაა საჭირო იმისათვის, რომ ხვლიკებს კიდევ ერთი შეკითხვა დაუსვა, ამჯერად ჩემი დახმარების გარეშე.
- და მე აუცილებლად უნდა მივმართო ჯადოქრობას?
- ეს საუკეთესო საშუალებაა შენდამი ეშმაკის ბალახის გრძნობების გამოცდისა. იგი მუდამ გამოწმებს, ამიტომ თვით მისი შემოწმებაც სავსებით სამართლიანი იქნება. ხოლო თუ მის გზაზე დამდგარი იგრძნობ, რომ ამა თუ იმ მიზეზის გამო უფრო შორს წასვლა არ გმართებს - უბრალოდ უნდა გაჩერდე.
1963 წლის 29 ივნისი, შაბათი
მე თვითონ წამოვიწყე ეშმაკის ბალახზე საუბარი. მინდოდა, რომ დონ ხუანს მეტი მოეთხრო მის შესახებ, - და ამასთან არ მსურდა, მისი შემოწმების ცდაში ჩავეთრიე.
- მეორე პორციას მხოლოდ სამკითხაოდ იყენებენ, ასე არ არის, დონ ხუან? - ვკითხე მე, როგორმე რომ დამეწყო.
- არა მხოლოდ ამისთვის. მისი დახმარებით ხვლიკებიან ჯადოქრობას სწავლობენ და ამავე დროს ეშმაკის ბალახსაც ცდიან. მაგრამ სინამდვილეში მეორე პორცია სხვა მიზნებისთვის გამოიყენება. ხვლიკებიანი ჯადოქრობა მხოლოდ დასაწყისია.
- მაშ რისთისაა იგი, დონ ხუან?
მან ან მიპასუხა. მკვეთრად შეცვალა საუბრის თემა და მკითხა, რამდენად გაიზარდნენ ლემის ბუჩქები ჩემი მცენარის გარშემო. ხელით ზომები ვაჩვენე.
დონ ხუანმა თქვა:
- მე გასწავლე, როგორ გაარჩიო მამალი მცენარე დედლისაგან. ახლა წაბრძანდი შენ მცენარესთან და ერთიცა და მეორეც მომიტანე. ჯერ შენს ძველ მცენარესთან მიდი და გულდასმით დაძებნე წვიმის ჩანარეცხი კვალები. გასული დროის განმავლობაში წვიმამ, ალბათ, შორს გაფანტა თესლი. დააკვირდი წვიმის ნაკადით წარმოქმნილ ნაღვარევებს (zanjitas) და მათი მეშვეობით ჩანადენის მიმართულება განსაზღვრე. შემდეგ შენი მცენარისაგან ყველაზე შორეულ წერტილში მდებარე მცენარე მონახე. მათ შორის მოხვედრილი ლემის ყველა მცენარე შენია. მოგვიანებით, როცა თსლი ამოცვივდება, შენ შესძლებ შენი ტერიტორიის გაფართოებას, ყოველ მცენარესთან წარმოქმნილი წვიმის ნაკვალევს თუ მიყვები.
მან დაწვრილებითი ინსტრუქცია მომცა იმის შესახებ, თუ სად და როგორ მეშოვნა საჭირო იარაღი. ფესვი შემდეგნაირად უნდა გადამეჭრა. უპირველეს ყოვლისა, უნდა შემერჩია მცენარე და იმ ადგილის გარშემო, სადაც ფესვი ღეროს უერთდებოდა, შემომეცალა მიწა. შემდეგ - ზუსტად გამემეორებინა ცეკვა, რომელიც ფესვის ნაყარის გადარგვისას შევასრულე. მესამე, ღეორე უნდა მომეჭრა, ფესვი კი მიწაში ჩამეტოვა. და ბოლოს - ფესვი თექვსმეტ დიუმამდე (38,5 სმ) ამომეთხარა. დონ ხუანმა გამაფრთხილა, რომ მუშაობის დროს თავი უნდა შემეკავა ნებისმიერი სიტყვის წარმოთქმისა და გრძნობის ყოველგვარი გამოვლენისგან.
- ორი ტილოს ნაჭერი უნდა წაიმძღვარიო, - თქვა მან. - მიწაზე გაშალე ისინი და მათზე მცენარეები დადე. შემდეგ მცენარეები დაანაწევრე და დააწყვე. წყობის წესი შენ თვითონ შეარჩიე. მაგრამ ეს წესი უნდა დაიმახსოვრო, რადგან მომავალში მისი დაცვა ყოველთვის მოგიწევს. მცენარეები მაშინათვე მომიტანე.
1963 წლის 6 ივლისი, შაბათი
ორშაბათს, 1ივლისს, ლემის მცენარეები მოვჭერი, როგორც ეს დონ ხუანმა დამარიგა. დაღამებას დაველოდე, მათ გარშემო ცეკვის შესასრულებლად, რადგან არ მინდოდა ვინმეს დავენახე. ძალიან ვღელავდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ვიღაც მაინც უთვალთვალებდა ჩემს უცნაურ ქმედებას. წინასწარ შევარჩიე მცენარეები, რომლებიც მამლად და დედლად მიმაჩნდა. ახლა თითოეული მათგანის ფესვის თექვსმეტ-თექვსმეტი დიუმი უნდა მომეჭირა, ხოლო ასეთ სიღრმეზე ჯოხით გათხრა არც ისე იოლი საქმეა. სამუშაომ რამდენიმე საათს გასტანა. სრულსიბნელეში მომიწია მისი დასრულება და როდესაც ფესვის მოჭრის დრო დადგა, ფარანი დამჭირდა. პირვანდელი შიში იმისა, რომ ვინმე თვალს მადევნებდა არაფერი იყო იმასთან შედარებით, რომ ვინმე ბუჩქებში ფარნის შუქს შეამჩნევდა.
მცენარეები დონ ხუანს სამშაბათს, 2 ივლისს მივუტანე. მა გახსნა ნაკრაულები, მოტანილი ნაჭრები დაათვალიერა და თქვა, რომ მაინც იძულებული იყო თავისი მცენარეების თესლი მოეცა ჩემთვის. წინ როდინი დამიდგა, შუშის ტოლჩა აიღო და შიგთავსი - შეწებებული მშრალი თესლი - როდინში ჩაყარა.
ვკითხე, რა იყო ეს და მან მიპასუხა, რომ ეს ხოჭოს მიერ დაცმაცული თესლი იყო. სხვათა შორის, თესლში ბევრი იყო წვრილი შავი მლესავი-ხოჭო. მან თქვა, რომ ეს სხვანაირი ხოჭო იყო, - უნდა ამოგვერჩია ის და ცალკე ტოლჩაში ჩაგვეყარა. ამ ხოჭოებით უკვე ერთ მესამედზე შევსილ ტოლჩას მან დაჭმუჭნული ქაღალდი დააცო. იქიდან ხოჭოები რომ არ გაპარულიყვნენ.
- შემდეგი ხოჭოების შეგროვება შენს საკუთარ მცენარეებზე მოგიწევს, - თქვა დონ ხუანმა. - პატარა ნახვრეტიანი სათესლე კოლოფები უნდა მოჭრა - ისინი სავსეა ხოჭოებით. გახსენი კოლოფი და შიგთავსი ტოლჩაში ჩავფხიკე. ერთი მუჭა ხოჭო შეაგროვე და სხვა ჭურჭელში ჩაყარე. უხეშად მოეპყარი, ხათრი და რიდი დაივიწყე. ერთი მუჭა ხოჭოს მიერ შეჭმული თესლი და ერთი მუჭა ხოჭოს ფხვნილი გადაზომე, ხოლო დანარჩენი ნებისმიერ ადგილას დამარხე შენი მცენარისგან აი, ამ მიმართულებით (მან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ მანიშნა). შემდეგ კარგი თესლი შეაგროვე და ცალკე შეინახე. იგი რამდენიც გინდა იმდენი შეგიძლია შეაგროვო და როცა გინდა მაშინ გამოიყენე. ცუდი არ იქნება, თუ თესლს კოლოფებიდან იქვე ადგილზე ამოარჩევ და ყველაფერს ერთიანად დაასამარებ.
ამის შემდეგ დონ ხუანმა მიბრძანა, ჯერ შეწებებული თესლი დამენაყა, მერე ხოჭოს კვერცხები, შემდეგ ხოჭო და ბოლოს, ხმელი, დაუზიანებელი თესლი.
როცა ყველაფერი ეს წვრილ ფხვნილად გადაიქცა, დონ ხუანმა აიღო ის ლემის ნაჭრები, მე რომ ადრე დავჭერი და ერთად დავაწყვე. მან მამალი გამოაცალკევა და ფრთხილად ტილოს ნაჭერში გაახვია. დანარჩენი მე მომცა და მიბრძანა, წვრილად დამეჭრა, კარგად დამეჩეჩქვა და მთელი გამოყოფილი წვენი, უკანასკნელ წვეთამდე ქოთანში ჩამეცალა. მან თქვა, რომ იმავე მიმდევრობით უნდა დამენაყა, რომელშიც ეს ყველაფერი დავაწყვე.
როცა დავამთავრე, მან მიბრაძანა, ერთი ფინჯანი მდუღარე წყალი გადამეზომა და ქოთნის შიგთავსთან ამერია. შემდეგ კიდევ ორი ტოლჩა წყალი დამემატებინა და გლუვად დამუშავებული ძვლის პატარა ჯოხი მომაწოდა. ჯოხით ქოთანს მოვურიე და ცეცხლზე შევდგი. შემდეგ მან თქვა, რომ ფესვის დამზადების დრო დადგა და ამისთვის უფრო დიდი ზომის როდინი იყო საჭირო, ვინაიდან მამალი ფესვის გაჭრა საერთოდ არ შეიძლებოდა. სახლის უკან წავედით. როდინი მზად ჰქონდა და მე ფესვის დაჟეჟას შევუდექი ზუსტად ისევე, როგორც ამას ადრე ვაკეთებდი. ფესვი წყალში დასალბობად ღამის ჰაერზე დავტოვეთ და სახლში შევედით.
მან მიბრძანა, ქოთანში ნარევისთვის თვალი მედევნებინა. შესქელებამდე უნდა ედუღა - სანამ მორევა არ გაჭირდებოდა. მერე ნოხზე წამოწვა და დაიძინა. ნარევმა უკვე ერთი საათი მაინც იდუღა, როცა შევამჩნიე, რომ იგი მზად იყო და ცეცხლიდან ჩამოვდგი. ბადურაში ჩავდგი და დასაძინებლად წავედი.
როცა გავიღციძე, დონ ხუანი უკვე ამდგარი დამხვდა. სუფთა ცაზე მზე კაშკაშებდა. მშრალი და ცხელი დღე იდგა. დონ ხუანმა კვლავ აღნიშნა, რომ ეშმაკის ბალახს ნამდვილად მოვწონდი.
ფესვის დამუშავებას შევუდექით და დღის მიწურულს ფინჯანის ფსკერზე მოყვითალო სუბსტანციის კრგად მოზრდილი მწიკვი მივიღეთ. დონ ხუანმა ზედა წყალი გადააქცია. ვიფიქრე ეს პროცედურის დასასრული იქნებოდა, მაგრამ მან ჭურჭელი კვლავ მდუღარე წყლით აავსო.
ქოთანი სახურავის ქვეშიდან ჩამოხსნა, სადაც იგი წინა დღით ჩამოვკიდე. ნარევი, თითქოს სრულიად გამშრალიყო. ქოთანი სახლში შემოიტანა, ფრთხილად დადგა იატაკზე და დაჯდა. შემდეგ საუბარი წამოიწყო.
- ჩემმა ბენეფაქტორმა მითხრა, რომ დაშვებულია მცენარეების ნაწილების შიგანურ ქონთან არევა და ახლა, სწორედ ამას გააკეთებ. ჩემმა ბენეფაქტორმა ეს ჩემს მაგივრად გააკეთა, მაგრამ როგორც გითხარი, მე ლემა არასოდეს მიტაცებდა და მართალი რომ ვთქვა, არასოდეს მიცდია მასთან ერთ მთლიანად შერწყმა. ბენეფაქტორი ამბობდა, რომ საუკეთესო შედეგისათვის მათთვის, ვისაც მართლა სურდა ლემის ძალას დაუფლებოდა, უფრო სწორი იქნებოდა მცენარის გარეული ღორის შიგანურ ქორთან არევა. ყველაფერს ლი - წელების ქონი სჯობიაო. მაგრამ ამას შენ თვითონ აარჩევ. შეიძლება ცხოვრების ბორბალი ისე დატრიალდეს, რომ ეშმაკის ბალახთან კავშირის დადებას გადაწყვეტ, - ამ შემთხვევაში გირჩევ ისევე, როგორც ამას ჩემი ბენეფაქტორი მირჩევდა, გარეულ ღორზე ინადირო და მისი წელების ქონი (sebo de tripa) იშოვნო. ოდესღაც, როცა ეშმაკის ბალახი უზენაეს სანატრელ საგნად მიიჩნეოდა, ბრუხოები დრო და დრო სპეციალურ სანადირო ექსპედიციებს აწყობდნენ გარეული ღორის ქონის მოსაპოვებლად. ისინი ყველაზე დიდსა და ძლიერ ტახებს ეძებდნენ. ათ სპეციალური ჯადოქრობაც გააჩნდათ გარეულ ღორზე: ის მათ განსაკუთრებულ ძალას ანიჭებდა - ისეთ ძალას, რომ მაშინაც კი ძნელი იყო ამის დაჯერება. ახლა ეს ძალა დაკარგულია. არაფერი ვიცი მის შესახებ და არავის ვიცნობ, ვისაც ეცოდინება. შეიძლება ეს თვითონ ბალახმა გასწავლოს.
დონ ხუანმა ერთი მუშა ქონი გადაზომა და მშრალ ნარევს ქოთანში ჩაუმატა, ხოლო ხელისგულზე დარჩენილი ქონი ქოთნის ნაპირზე ჩამოფხიკა. შიგთავსი უნდა დამენაყა სრულსა და თანაბარ არევამდე.
ნარევს თითქმის საი საათის განმავლობაში ვთქვეფავდი. დონ ხუანი დრო და დრო აკვირდებოდა მას და ასკვნიდა, რომ იგი ჯერ მზად არ იყო. ბოლოს ის, როგორც ჩანს, დაკმაყოფილდა. პასტაში ჩათქვეფილმა ჰაერმა მას ღია რუზი შეფერილობა და ჟელეს კონსისტენცია მიანიჭა. მან ქოთანი, სახურავის ქვეშ, მეორე ქოთნის გვერდით ჩამოკიდა და თქვა, რომ ხვალამდე აპირებდა მის აქ დატოვებას, ვინაიდან ამ მეორე პორციის დამზადებას ორი დღე სჭირდებოდა. მიბრძანა, მთელი ამ დროის განმავლობაში არაფერი მეჭამა. შემეძლო წყალი დამელია, მაგრამ საჭმელს საერთოდ არ უნდა გავკარებოდი.
მეორე დღეს, ხუთშაბათს, ოთხ ივლისს, დონ ხუანის მეთვალყურეობით ფესვი ოთხჯერ დავდუღრე ცხელი წყლით, როდესაც ზედა წყალი უკანასკნელად გადავაქციე, უკვე საკმაოდ ბნელოდა. ვერანდაზე დავსხედით. მან წინ ორი ფინჯანი დაიდგა. ფესვის ექსტრაქტი ერთ ჩაის კოვზს მოთეთრო სახამებელს წარმოადგენდა. მან იგი ფინჯანში ჩაუშვა და წყალი დაუმატა. ფინჯანი ხელში დაატრიალა, ნივთიერების უკეთ გასახსნელად და მე გადმომცა. ფინჯანი უნდა გამომეცალა. ერთბაშად გადავკარი, ფინჯანი იატაკზე დავდგი და უკან გადავწექი. გული ამიძგერდა. ვიგრძენი, რომ ვერ ვსუნთქავდი. მოულოდნელად, ისე თითქოს, ეს თავის თავად იგულისხმებოდა, დონ ხუანმა მიბრძანა, ტანისამოსისგან განვთავისუფლებულიყავი. ვკითხე, რატომ, და მან ამიხსნა, რომ სხეული პასტით უნდა დამეზილა. ვყოყმანობდი, ღირდა თუ არა გახდა. დონ ხუანი მაჩქარებდა. მან ტქვა, რომ ძალზე ცოტა დრო მქონდა, თავი რომ მომესულელებინა და ტანსაცმელი მთლიანად გავიძვრე.
მან თავის ძვლის ჯოხი აიღო და პასტის ზედაპირზე ორი ჰორიზონტალური ხაზი გახაზა, რითაც ფინჯანის შიგთავსი სამ თანაბარ ნაწილად დაყო. შემდეგ ზედა ხაზის ცენტრიდან ქვევით ვერტიკალური ხაზი დაუშვა და ამგვარად ფინჯანის შიგთავსი უკვე ხუთ ნაწილად დაიყო. მან ქვედა მარჯვენა ნაწილზე მანიშნა და თქვა, რომ ის ჩემი მარცხენა ტერფისათვის იყო. ნაწილი მის ზემოთ - მარცხენა ფეხისათვის. ზედა, ყველაზე დიდი ნაწილი - სასქესო ორგანოსი. შემდეგი, ქვემო მარცხენა ნაწილი - მარჯვენა ფეხის, ხოლო ნაწილი მის ზემოთ - მარჯვენა ტერფისათვის. მან მიბრძანა, მარცხენა ტერფისთვის დანიშნული პასტის ნაწილი ფეხის გულზე წამესვა და კარგად დამეზილა. შემდეგ მაჩვენა, როგორ წამესვა პასტის დანარჩენი ნაწილები მარცხენა ფეხის მთელ შიდა მხარეზე, სასქესო ორგანოზე, ქვემოთ, მარჯვენა ფეხის მთელ შიდა მხარის გასწვრივ და ბოლოს, მარკვენა ფეხის გულზე.
მისი დარიგების შესრულებას შევუდექი. პასტა ცივი იყო და განსაკუთრებით ძლიერი სუნი ჰქონდა. წასმას რომ მოვრჩი, გავიმართე და სუნი ცხვირში მეცა. სული შემეხუთა. მისი სიმწვავე, მართლაც, საოცარი იყო. რაღაც გაზს მაგონებდა. პირდაპირ მახრჩობდა. პირით სუთქვა და დონ ხუანთან დალაპარაკება ვცადე, მაგრამ ვერ შევძელი.
დონ ხუანი კვლავ დაკვირვებით მიცქერდა. მისკენ ნაბიჯი გადავდგო. ჩემი ფეხები თითქოს რეზინისა გამხდარიყო, უზომოდ დამგრძელებოდა. კიდევ ერთი ნაბიჯი გდავდგი. მუხლები მიზამბარებდნენ სახტომი ფიცრის მსგავსად, კრტოდნენ, ვიბრირებდნენ და ელასტიურად იკუმშებოდნენ. წინ წავსიე. მიძრაობა ნელი და მერყევი გამომივიდა. იგი უფრო წინ და ზევითკენ კრთომას წააგავდა, ვიდრე სიარულს. ქვევით გავიხედე და შორს, ჩემს ქვემოთ, დამჯდარი დონ ხუანი დავინახე. ინერციამ კიდევ ერთი ნაბიჯით წინ გადამიტანა; ნაბიჯი წინაზე უფრო ელასტიური და გრძელი გამოდგა და უცებ ავფრინდი. მახსოვს, რომ ერთხელ დავეშვი, შემდეგ ორივე ფეხი მიწას დავკარი, უკან გადავიხარე და ზურგზე გავცურე. ჩემს ზემოთ შავი ცა და მასზე მონავარდე ღრუბლებლი დავინახე. გადავიხარე ისე, რომ ქვემოთ ცქეტა შემძლებოდა. იქ მთების მუქი მასა დავინახე. ზესთაბუნებრივი სიჩქარით ვმოძრაობდი. ხელები ტანზე ამეკრა. თავი მიმმართველ მოწყობილობად იქცა, უკან გადახრილი ვერტიკალურ წრეებს ვარტყამდი. თავის რომელიმე მხარისკენ მიბრუნებით მიმართულებას ვიცვლიდი. ისეთი თავისუფლებითა და სიჩქარით ვტკბებოდი, ადრე რომ არასოდეს განმეცადა, ხოლო საუცხოო სიბნელემ სევდით დამაჯილდოვა და ოდნავ მომთენთა. თითქოს საბოლოოდ, ჩემი წარმოშობის ადგილი მეპოვნოს - ღამოს სიმშვიდეს აღვიქვავდი და მაინც ვიცოდი, ის რა დიდ ძალას შეიცავდა.
უეცრად ვიგრძენი, რომ დაბლა დაშვების დო მოვიდა. თითქოს ბრძანება მიმეღოს და მყისვე უნდა დამორჩილებოდი. დაშვება დავიწყე ბუმბულივით, ქანქარისებრი მოძრაობით. ასეთი გადაადგილებისაგან ძალზე ცუდად შევიქენი. ვმოძრაობდი ნელა და მთრთოლვარედ ისე, თითქოს ვიღაცა ქვემოდან თოკით მეწეოდა. კიდევ უფრო უარესად შევიქენი. თავი ტკივილისაგან მისკდეოდა. რაღაც სიშავეში გავეხვიე. ძალიან კარგად მახსოვს ამ სიშავეში ჩაძირული ჩემი თავი.
შემდეგი რაც დამამახსოვრდა - ეს იყო გამოღვიძების შეგრძნება. საკუთარ ლოგინში ჩემს ოთახში ვიწექი. დავჯექი. და ოთახის სურათი გაქრა. ავდექი. შიშველი ვიყავი! მოძრაობამ ისევ ცუდად გამხადა.
თანდათან ვარჩევდი ჩემს ირგვლივ მიდამოს. დონ ხუანის სახლისგან დაახლოებით ნახევარი მილის მანძილზე ვიქნებოდი - იმ ადგილთან, სადაც მისი ლემის მცენარეები ხარობდა. უეცრად ყველაფერი თავის ადგილზე დადგა და გავაცნობიერე, რომ მთელი გზა დონ ხუანის სახლამდე შიშველს უნდა მევლო. ტანისამოსის უქონლობამ ჩემში უღრმესი ფსიქოლოგიური უხერხულობის გრძნობა გამოიწვია, მაგრამ ეს პრობლემა ვერაფრით გადამეწყვიტა. გავიფიქრე, ტოტებისაგანხომ არ გამეკეთებინა კავა, მაგრამ აზრი სულელურად მომეჩვენა. ამასთან მზის ამოსვლაც არც ისე შორს იყო, რადგან ბინდმა უკვე გაფანტვა იწყო. ერთი სიტყვით, დავივიწყე ჩემი უხერხულობაც და გულისჭიდილის გრძნობაც და სახლისაკენ გავწიე. აკვიატებულმა შიშმმა შემიპყრო - არავის დავენახე. ვზვერავდი, წინ ხომ ა მოდიოდა ვინმე, კაცი, ძალი; სირბილი ვცადე, მაგრამ წვეტიანმა ქვებმა ფეხები მატკინა. ნელა წავედი. უკვე სრულიად გათენებულიყო. უცებ გზაზე ჩემკენ მომავალი კაცი დავინახე და სწრაფად ბუჩქებში გადავხტი. მდგომარეობა სრულიად გამოუვალი მეჩვენებოდა. სულ ახლახანს ფრენის წარმოუდგენელ სიხარულს განვიცდიდი - და შემდეგ, რაღაც წუთში, უკვე ვიმალებოდი, სიშიშვლის სირცხვილით შეპყრობილი. თითქმის გადავწყვიტე, ისევ გზაზე ამერბინა და აქეთ მომავალი კაცისათვის სირბილით გვერდი ამევლო. ვიფიქრე, მას ეს გააოცებდა, მაგრამ სანამ მოიაზრებდა, რომ ეს შიშველი კაცი იყო, - შორს უკან მოვიტოვებდი. თუმცა ყველა ამ მოსაზრების მიუხედავად, განძრევას ვერ ვბედავდი.
გზაზე მიმავალი კაცი მე გამისწორდა. გავიგონე, როგორ დაიძახა ჩემი სახელი. ეს დონ ხუანი იყო და მას ხელში ჩემი ტანისამოსი ეჭირა. სანამ ვიცვამდი, ის მე მიყურებდა და ხარხარებდა. ეს ისე გადამდებად ჟღერდა, რომ უნებლივ მეც გამეცინა.
იმავე დღეს, პარასკევს, 5 ივლისს, საღამოს, დონ ხუანმა მთხოვა, მისთვის ჩემი ცდის დეტალები მომეყოლა. მთელი ეპიზოდი ვუამბე ისე დაწვრილებით, როგორც კი ეს შევძელი.
- ეშმაკის ბალახის მეორე პარტია ფრენისათვის გამოიყენება, - თქვა მან, როდესაც თხრობა დავასრულე. - ამასთან მალამო თავისთავად საკმარისი არ არის. ჩემი ბენეფაქტორი ამბობდა, რომ სწორედ ფესვი იძლევა მიმართულებას და სიბრძნეს და სწორედის იწვევს გაფრენას. რაც უფრო მეტს შეიცნობ მის შესახებ და რაც უფრო ხშირად იფრენ მისი საშუალებით, მით უფრო ცხადად წარმოიდგენ ყველაფერს. ასობით კილომეტრზე შეძლებ ფრენას - და ნახავ, რა ხდება ნებისმიერ ადგილას, სადაც კი ისურვებ, ან შენგან შორს მყოფ მტერს საბედისწერო დარტყმას მიაყენებ; ყოველივე ამას ეშმაკის ბალახი გასწავლის, როცა მას უკეთ გაიცნობ. მან უკვე გასწავლა, მაგალითად, ფრენის მიმართულების შეცვლა. ზუსტად ასევე იგი ბევრ სხვა არაჩვეულებრივ რამეს გასწავლის.
- მაინც რას გასწავლის ასეთს, დონ ხუან?
- ამას ვერ გეტყვი. ყოველი ადამიანი განსხვავებულია. ბენეფაქტორს არასოდეს უთხვამს ჩემთვის, თვითონ რა ისწავლა. იგი მეუბნენოდა, როგორ უნდა მემოძრავა და არასოდეს - რას ხედავდა თვითონ. ეს მხოლოდ და მხოლოდ შენთვისაა.
- მაგრამ მე ხომ ყველაფერს გიყვები, რასაც ვხედავ, დონ ხუან?
- ახლა მიყვები. მოგვიანებით ამას აღარ იზამ. შემდგომ ეშმაკის ბალახს სრულიად მარტო მიიღებ შენ საკუთარ მცენარეებთან იმიტომ, რომ სწორედ იქ დაეშვები მიწაზე - შენ მცენარეებთან. დაიმახსოვრე ეს. სი, რატომაც წამოვედი შენს საძებნელად ჩემს მცენარეებთან.
მას მეტი არაფერი უთხვამს და მე დავიძინე. როდესაც გვიან საღამოს გამოვიღვიძე, სიცოცხლის ძალების მოზღვავება ვიგრძენი. ფიზიკური სიჭარმაგე რატომღაც თავს ზევით გადმომდიოდა, ბედნიერი, კმაყოფილი ვიყავი.
დონ ხუანმა მითხრა:
- მოგეწონა ეს ღამე? თუ საშინელი იყო?
- ღამე, მართლაც, რომ შესანიშნავი აღმოჩნდა - ვუპასუხე მე.
- შენს თაის ტკივილზე რას იტყვი? ძალიან გაგიჭირდა?
- თავის ტკივილიც ისეთივე ძლიერი იყო, როგორც ყველაფერი დანარჩენი. ეს ყველაზე ძლიერი ტკივილი იყო, რომელიც კი ოდესმე განმიცდია.
- ის თუ გადასძლევს ეშმაკის ბალახის ძალის კვლავ მოსინჯვის სურვილს?
- არ ვიცი. ამჟამად სურვილი არ მაქვს, მაგრამ მოგვიანებით - შეიძლება გამიჩნდეს. მე, მართლაც, არ ვიცი, დონ ხუან.
სერიოზული შეკითხვა მქონდა. ვიცოდი, რომ იგი პასუხს გაექცეოდა და ამიტომ ველოდებოდი, თვითონ როდის წამოჭრიდა ამ თემას და მთელი დღე ლოდინი მომიწია. ბოლოს უკვე წასვლის წინ, მაინც ვკითხე:
- მაშ მე ვფრინავდი, დონ ხუან?
- შენ თვითონ არ მითხარი ეს. ასე არაა?
- ვიცი, დონ ხუან. მე ვგულისხმობ - ჩემი სხეული თუ ფრინავდა? მე რა ფრინველივით ავფრინდი?
- შენ ყოველთვის ისეთ შეკითხვებს მაძლევ, რომლებზეც პასუხის გაცემა არ შემიძლია. შენ ფრინავდი. სწორედ ამისათვის არსებობს ეშმაკის ბალახის მეორე პორცია. თანდათან მის მიღებასთან ერთად, სულ უფრო და უფრო დახვეწავ ფრენას. ეს არც ისე იოლი საქმეა. ადამიანი დაფრინავს ეშმაკის ბალახის მეორე პორციის საშუალებით. სულ ესაა და ეს, რისი თქმაც შემიძლია. ხოლო იმას, რისი გაგებაც შენ გსურს, აზრი არა აქვს. ფრინველივით დაფრინავს, ხოლო ადამიანი, რომელმაც ეშმაკის ბალახი მიიღო, დაფრინავს ისე, როგორც ადამიანი, რომელმაც ეშმაკის ბალახი მიიღო (el enyerbado vuela asi).
- ფრინველივით? (Asi como los pajaros?)
- არა - ადამიანივით, რომელმაც ეშმაკის ბალახი მიიღო.
- ესე იგი, სინამდვილეში მე არ მიფრენია, ხომ, დონ ხუან? ჩემს წარმოდგენაში ვფრინავდი. მხოლოდ ჩემს ჭკუაში და ჩემი სხეული სადჭა იყო?
- ბუჩქებში, - მომიჭრა მან და აქ უკვე სულ გადაფიჩინდა. - შენი უბედურება სწორედ იმაშიან, რომ ყველაფერი მხოლოდ ერტადერთ ყაიდაზე გესმის. შენ არ გჯერა, რომ ადამიანი დაფრინავს, - მაგრამ ბრუხოს შეუძლია ათასი მილით გადაადგილდეს წამში იმის სანახავად, თუ იქ რა ხდება. მას შეუძლია, ძალიან შორს მყოფ მტერს მიაყენოს დარტყმა. მაშ, დაფრინავს იგი თუ არა?
- იცი რა, დონ ხუან, ჩვენ სხვადასხვა რამეზე ვლაპარაკობთ. ვთქვათ ასე, ერთ-ერთი ჩემი მეგობარი სტუდენტი რომ ყოფილიყო აქ, როცა ეშმაკის ბალახს ვიღებდი, დამინახავდა ის გაფრენილს?
- და აი, ისევ შენი შეკითხვები, რა იქნებოდა თუ... ასეთ ლაპარაკს აზრი არა აქვს. თუ შენი მეგობარი ან ვინმე სხვა ბალახის მეორე პორციას მიიღებს, ერთადერთი, რის გაკეთებასაც ის შეძლებს - ეს ფრენაა. ხოლო თ კი ის უბრალოდ შენ გიცქერის, მას შეუძლია გაფრენილი დაგინახოს, ან ვერ დაგინახოს. ეს ადამიანზეა დამოკიდებული.
- მაგრამ მე რა მინდა ვთქვა, დონ ხუან, რომ ჩვენ ფრინველს ვუყურებთ და მას გაფრენილს ვხედავთ, ხომ ვეთანხმებით იმას, რომ იგი დაფრინავს. ხოლო ჩემს ორ მეგობარს რომ დავენახე გაფრენილი, - ისე, როგორც ეს წუხელ ღამით მოხდა - აღიარებდნენ ისინი იმას, რომ მე დავფრინავ?
- ალბათ კი. შენ იმიტომ აღიარებ ფრინველის ფრენას, რომ იგი გაფრენილი გინახავს. ფრენა ფრინველისთვის ჩვეულებრივი საქმეა. მაგრამ შენ არ აღიარებ სხვა რამეს, რასაც ფრინველი აკეთებს იმიტომ, რომ არასოდეს გინახავს როგორ აკეტებს იგი ამას. შენმა მეგობრებმა რომ იცოდნენ იმ ადამიანთა შესახებ, ვინ ეშმაკის ბალახის დახმარებით დაფრინავს - ისინიც აღიარებდნენ ამას.
- მოდი, სხვანაირად ვიტყვი, დონ ხუან. აი რა მაქვს მხედველობაში: მძიმე ჯაჭვივით რომ მივაკრა სხეული კლდეზე, მაინც ისევე ვიფრენ იმიტომ, რომ ას ჩემს ფრენასთან არავითარი კავშირი არა აქვს, ხომ ასეა?
დონ ხუანმა უნდობლად შემომხედა.
- თუ თავს კლდეზე მიიბამ, - თქვა მან, - ვშიშობ, კლდესთან და ჯაჭვთან ერთად მოგიწევს ფრენა.