გნოზისი, ანუ ანგელოზის გული - წიგნი მეორე

იმმა
0
0

შესავალი

gnozis1

ავტორი: იმმა

მთლიანი ტექსტის გადმოსაწერი ლინკი

პირველი წიგნის ლინკი

 მიიღე წმინდა, სიტყვიერი შეწირულობა უმანკო სულისა და გულისაგან, რომელიც ისწრაფვის შენკენ, ო, გამოუთქმელო და ენითაღუწერელო, მხოლოდ სიჩუმეს შეუძლია შენი დასახელება!  ჰერმეტიკული კორპუსი. პოიმანდრესი

შესავალი ავტორისაგან: ჩემი და ჯგუფი „გნოზისის“ ისტორია
 
     წინამდებარე წიგნი წარმოადგენს პირველი წიგნის „გნოზისი, ანუ ანგელოზის გულის“ გაგრძელებას“ და მე მათ ფაქტობრივად ერთიან ნაშრომად აღვიქვავ. მოცემულ წიგნში მეტად იშლება პირველ წიგნში განხილული საკითხები და შემოდის სრულიად ახალი თემები, მაგრამ პირველი წიგნის წაკითხვის გარეშე, მეორის წაკითხვას აზრი არ აქვს, რადგან მისი შინაარსი პირველის ლოგიკური გაგრძელებაა. გარდა ამისა პირველ წიგნში ჩამოყალიბებულია ის საბაზისო ცნებები, რომელთა გარეშე შეუძლებელია მეორე წიგნში რაიმეს გაგება, ამიტომ მე რეკომენდაციას ვუწევ მკითხველს პირველი წიგნის წაკითხვის გარეშე ამ წიგნს არ შეუდგეს.          

ჩემი პირველი წიგნის − „გნოზისი, ანუ ანგელოზის გულის“ დაწერის ისტორია ასეთია: ის შექმნილია სულიერი არსებების, მასწავლებლების ნაკარნახევით, რომლებიც კაცობრიობის ევოლუციის კურატორ ნათელ ძალთა იერარქიას მიეკუთვნებიან. მათთან ურთიერთობა ბავშვობიდან მქონდა, თუმცა მაშინ ვერ ვაცნობიერებდი ვინ იყვნენ. ეს კონტაქტი ძირითადად ორი ტიპისა იყო - სიზმარხილვები და ტელეპატიურ-ვიზუალური კონტაქტი შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობაში, რომელშიც ძირითადად სიზმარ-სიფხიზლის ზღვრულ მდგომარეობას წარმოადგენდა. წიგნი „გნოზისი, ანუ ანგელოზის გული“, მათთან ურთიერთობის შედეგია და მათ ნაკარნახევს წარმოადგენს. ეს წიგნი ფაქტიურად ფარავს ყველა ძირითად საკითხს, რაც მავანს შეიძლება სულიერი ძიების გზაზე გაუჩნდეს.     

ამ წიგნს ვწერდი უკიდურესი განმარტოების მდგომარეობაში, ხოლო თვითონ პროცესი დიდ სულიერ დაძაბულობასთან იყო დაკავშირებული, რომ მათგან აზრების მიღება და ამ აზრების ფორმულირება სწორედ მომხდარიყო. ამისთვის ცნობიერება მაქსიმალურად ამაღლებულ მდგომარეობაში უნდა დამეჭირა, შეძლებისდამაგვარად უნდა გავრიდებოდი ხალხმრავლობას და დიდი ქალაქების ცხოვრებას, რადგან სენსორიკის გამძაფრებას მეორე, უარყოფითი მხარეც მოჰყვება: ამაღლებულ შეგრძნებებთან ერთად მძაფრდება უარყოფითი მოვლენების და გამოსხივებების აღქმაც. იმ პერიოდში ჩემთვის აუტანელი იყო მძიმე აურის ადამიანის საზოგადოებაში გაჩერება თუნდაც ცოტა ხნით, გაუსაძლისი გახდა უხარისხო მუსიკის მოსმენა, გამიმძაფრდა ორგანიზმის რეაქცია დაბალვიბრაციულ საკვებზე, უარყოფით ინფორმაციას ძალიან მტკივნეულად აღვიქვავდი, რაც ენერგიას მაცლიდა და ეს ყოველივე დიდ სიფრთხილეს და თვითდისციპლინას მოითხოვდა ჩემგან, რომ ერთის მხრივ ჯანმრთელობა არ დამეზიანებინა და მეორეს მხრივ სუფთა კონტაქტი არ დამეკარგა. ამ წიგნის წერას დაახლოებით 2 წელი მოვანდომე. როდესაც მივხვდი, რომ დასასრულს ვუახლოვდებოდი და ჩემთვის ნაკარნახევი ინფორმაციის ერთ წიგნად შეკვრა შემეძლო, დავიწყე იმაზე ფიქრი, რომ მიუხედავად იმისა, რომ წიგნი ფაქტიურად დღიურის ფორმატში იყო დაწერილი და ჩემს ძალიან პირად გრძნობებს და მოვლენებს აღწერდა, ვალდებული ვიყავი გამომექვეყნებინა, რადგან რაც იქ წერია მხოლოდ ჩემთვის არაა გამიზნული. თავიდან წიგნის ბეჭდვით ფორმაში გამოცემაზე ვფიქრობდი, მაგრამ მიუხედავად ჩემი სურვილისა, ვგრძნობდი, რომ ამ ჩემს ენთუზიაზმს ჩემი მასწავლებელები რატომღაც ახშობდნენ. რაღაც მომენტში მიქაელისგან შემდეგი აზრი მოვიდა: „ჯერ შენ თვითონ არ გესმის კარგად შენი დაწერილის“ და მივხვდი, რომ მართალი იყო. რაც დავწერე ჩემ გონებაში ერთ მთლიან სურათში არ იკვრებოდა და მაშინ მივიღე ინსტრუქცია, რომ წიგნის თავები ნელ-ნელა ინტერნეტში გამომექვეყნებინა და ყველა კითხვაზე მეპასუხა, რასაც დამისვავდნენ. ასე გაიხსნა ფეისბუკში ჯგუფი „გნოზისი“...     

თავადპირველად, იმისთვის, რომ „გნოზისში“ ხალხი მომეზიდა პარალელურად წიგნის პასაჟების დადება დავიწყე ერთ-ერთ მსხვილ ეზოთერულ ჯგუფში, რომელიც ყველაზე ფართო სპექტრის და ნაკლებ სტერეოტიპულ ჯგუფად მომეჩვენა, მაგრამ მალევე შევატყე რომ პოსტის დადებისას, ჩემგან მიდიოდა დიდი წილი ენერგია და ფიზკურად ცუდად ვხდებოდი. საქმე არ იყო ხალხის რაოდენობაში (მხოლოდ ნაწილობრივ). ამ მოვლენის მიზეზს დიდ ხანს ვერ ვხვდებოდი. ერთხელ შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობაში შევედი და დავინახე როგორ მაწყდებოდა ბნელი ენერგია შტორმიან ზღვაში აზვირთებული შავი ტალღებივით. ამ ნეგატიური ნაკადებისგან თავის აღსადგენად პერიოდულად ინტერნეტში აქტიურობისგან თავი უნდა შემეკავებინა და ბუნებაში გავსულიყავი, რომ დაკარგული ენერგია ამენაზღაურებინა. ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმა მითხრა, რომ ალბათ იმიტომ გაქვს ასეთი რეაქცია, რომ ამ წიგნში მთელი გული ჩადე და შენი ემოციებითაა სავსეო.      

ნებისმიერ წიგნს აქვს ორი კომპონენტი: ინფორმაციული და ენერგეტიკული. როგორც აღმოჩნდა წიგნის თავების გამოქვეყნებისას, ხდებოდა უშველებელი რაოდენობით ძალიან მაღალვიბრაციული, სულიერი ცეცხლის ტიპის ენერგიის გამოთავისუფლება. ერთის მხრივ ეს ძლიერ პოლარიზაციას იწვევდა ნატიფ ველებში და ესე ვთქვათ „სინათლეს“ „სიბნელე“ უპირისპირდებოდა იმ ბნელი ტალღების სახით, რომელიც შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობაში დავინახე. მატერიალურ განზომილებაში ამ ბნელი ენერგიის მატარებელი პლატფორმა იყო იმ ადამიანების აზრები და საუბრები, რომლებიც ჩემს წიგნზე ნეგატიურად რეაგირებდნენ. მე მათ ფიქრებს ვგრძნობდი მაშინაც კი, როდესაც არაფერს აკომენტარებდნენ. ამიტომ ყოველი გამოქვეყნების მერე ვგრძნობდი ამ ბნელი ტალღების შემოტევას. მეორე მხრივ, ნელ-ნელა განსაკუთრებით სენსიტიურ ჯგუფის წევრებს გაეხსნათ სიზმარხილვების არხი, თანაც ისეთი სიმბოლიკით, როგორიც ჩემთვის იყო გასაგები. კიდეც მიკვირდა, ასე როგორაა-მეთქი შესაძლებელი... მხოლოდ, ამ ენერგიის გამტარი, როგორც ჩანს მე ვიყავი, როგორც ელექტროდი, რომელიც რაღაც არეშია ჩაშვებული და დენით მუხტავს იქაურობას. ეს იყო ძირითადი ენერგიის კარგვის და დაძაბულობის მიზეზი, რომ არ ჩავთვალოთ ის შავი ტალღები, რომელიც ნეგატიურად განწყობილი მკითხველების ფიქრებიდან მოდიოდა.. ანალოგიურად, ყოველი მოწერილი თბილი სიტყვა ჩემთვის დიდი მხარდაჭერა და შვების მომტანი იყო.  იმის გამო, რომ დატვირთვა და ნეგატიური ენერგია იმაზე მეტი აღმოჩნდა, ვიდრე მე შემეძლო ამეტანა, დიდ ეზოთერულ ჯგუფში გამოქვეყნებას თავი დავანებე და მხოლოდ „გნოზისი“ დავტოვე, სადაც  200-300 ადამიანამდე იყო თავმოყრილი. როგორც ჩანს ადამიანების რაოდენობასაც მაინც ჰქონდა მნიშვნელობა. იმისთვის, რომ ჩემს ფიზიკურ მდგომარეობას ასე არ ემერყევა, მიქაელი ჩემგან ითხოვდა, რომ ცნობიერება მუდმივად ორ პარალელურ სივრცეში მქონოდა (ცნობიერების ფრაგმენტაცია) განაწილებული; ნაწილი მასთან, ზედა ეთერულ ოქტავაში, ნაწილი კი მიწიერ განზომილებაში. მასთან ყოფნას ვგრძნობდი, როგორც გულის ადგილას მის გულთან ერთიანობის ძალიან თბილ და მოსიყვარულე გრძნობას. ეს მისი თანამყოფობა ყველა ჩემს მოქმედებაში მის ენერგიას უშვებდა, ხოლო ჩემთვის მზრუნველი და სანდო დაცვა იყო. ჩემთვის არ შეიძლებოდა ცნობიერების დაცემა, რომ ეს კავშირი არ დამეკარგა. არ შეიძლებოდა გაბრაზება, წყენა, სასოწარკვეთა ან რაიმე სხვა ტიპის დაბალვიბრაციული მდგომარეობა, რადგან მიქაელის თანამყოფობასთან ერთად მის დაცვას ვკარგავდი და ამ ბნელი გამოსხივებების და არსებების თავდასხმების მიმართ მოწყვლადი ვხდებოდი. ერთი-ორჯერ ესეთი მოწყვეტა მიქაელისგან ძალიან მძიმედ დამიჯდა და საკმაო ხანი დამჭირდა რეაბილიტაციისთვის.     

ჩემს ჯგუფში ძალიან განსხვავებული ადამიანები იყვნენ შეკრებილნი. ზოგთან ბევრ საერთოს ვგრძნობდი, ზოგთან კი ძალიან დიდ განსხვავებას და მიუხედავად ამისა, ყველასთავის უნდა გამეცა პასუხი, თუკი კომენტარი კითხვის ფორმატში იყო დაწერილი და თუ დამავიწყდებოდა, მიქაელი მახსენებდა ხოლმე. ვგრძნობდი, რომ ისინიც, ჩემი სულიერი მასწავლებლებიც აკვირდებოდნენ იმას, თუ რა კითხვები ჩნდებოდა და როგორ ვუმკლავდებოდი პასუხების გაცემას. აკვირდებოდნენ იმას, როგორ ჯდებოდა ეს ინფორმაცია ადამიანების მენტალურ ველში. რაღაც დროის მერე მივიღე მინიშნება, რომ ზოგი კითხვა-პასუხი ჩამემატებინა წიგნში, რადგან ამით ბევრი ბუნდოვანი საკითხი უფრო ცხადი გამხდარიყო მომავალი მკითხველისთვისაც და ჩემი წიგნი სხვა ადამიანებთან ერთობლივ ნააზრევად გადაიქცა.       

ენერგეტიკული კომპონენტის კუთხით, წიგნს ძალიან მაღალვიბრაციული ენერგია აქვს და ადამიანს ცნობიერებას ცვლის, ამიტომ კითხვისას შეიძლება გულის აჩქარების, ძილიანობის ან პირიქით ენერგიის მოზღვავების გრძნობა გაჩნდეს.     

ახლა, როდესაც ჩემი წიგნის ნაწყვეტებს სხვადასხვა ინტერნეტჯგუფები აზიარებენ და გაცილებით მეტი ხალხი კითხულობს, მე აღარ ვგრძნობ, რომ სულიდან ნაფლეთებს მგლეჯენ, აღარც ცუდად ვხდები. ეხლა ვხვდები, რომ გამიჯნული ვარ, აღარ ვარ გამტარი. წიგნი დამოუკიდებელ ერთეულად იქცა, ცოცხალი სულის ცოცხალ სიტყვად! აწი ის თვითონ აკეთებს თავის საქმეს და საკუთარი ბედი აქვს.

 

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff