გნოზისი, ანუ ანგელოზის გული - წიგნი მეორე

იმმა
0
0

„მიწიერი ღმერთები“, კერპები, მაგია და ატლანტიდა

2020 წელი. 7 ივლისი. სამი სიზმარი-ტესტი, „მიწიერი ღმერთები“, კერპები, მაგია და ატლანტიდა
 

     პირველი სიზმარი:

     სიზმრის ამ ნაწილიდან მხოლოდ ის მახსოვს, რომ ეშმაკს შევებრძოლე. შავი, ამორფული არსება იყო. გამძვინვარებული ბოროტება მოდიოდა მისგან. ისევ იესოს ლოცვას მივმართე. ამ ლოცვამ ეს არსება შეაკავა, ძალა დააკარგვიანა. ერთმანეთს შევერკინეთ, მე ლოცვით ვეწინააღმდეგებოდი, ის კი გააფთრებული სიძულვილით მიტევდა. რაღაც მომენტში, საკუთარ თავს დავაკვირდი, მქონდა თუ არა შიში და აღმოვაჩინე, რომ შიშის დონე იყო 0! ჩემდა გასაკვირად, ჩემს გულში სრული სიმშვიდე სუფევდა. მე მისი სისუსტით ვისარგებლე, რაღაცნაირად ჩავტენე იატაკის ქვეშ (ასტრალური არსება იყო) და გავეცი ბრძანება, მიწისქვეშეთში წასულიყო... 

     − სადაცაა შენი ადგილი, − მივაძახე უკან და ინსტინქტურად, თითქოს რაღაც სამუშაო მოვამთავრე, ხელები დავიფერთხე.

 

     მეორე სიზმარი:

     თითქოს მსახიობი ვარ და საბავშვო თეატრში სპექტაკლში უნდა ვითამაშო. ჩემი როლი მიქაელ მთავარანგელოზია, რომელიც ახალგაზრდა ქალთან დიალოგს აწარმოებს. რაღაცნაირად, ერთდროულად მიქაელიც ვარ და ეს ახალგაზრდა ქალიც. მე როლს ვიზეპირებ. უკვე ახლოვდება წარმოდგენა. თეატრისკენ მივდივართ, მე, ჩემი „ალტერ ეგო“ და ბავშვობის მეგობარი, ია. მე რატომღაც სულ მავიწყდება და მერევა ჩემი როლის სიტყვები, რაზეც ძალიან ვღელავ. უეცრად, გარეთ საშინელი ქარბუქი და ჭექაქუხილი იწყება. ცაზე შავი ღრუბლები ზღვავდება და თქეში წვიმა მოდის. რატომღაც გულზე მეშვება, რადგან ამ ცუდ ამინდში ბავშვები წარმოდგენაზე, რა თქმა უნდა, არ უნდა მოვიდნენ და ჩემი სპექტაკლი გადაიდება, მაგრამ ჩემდა გასაკვირად, მიუხედავად ყველაფრისა, თეატრთან მაინც იკრიბება ხალხი. ესე იგი, მომიწევს სცენაზე გამოსვლა − მეფიქრება ჩემთვის. ნაუცბათევად ვიცმევ და თეატრისკენ მივეშურები...

     − ფეხსაცმელები, რომლებიც ამ როლისთვის უნდა ჩამეცვა, სახლში დამრჩა, − ვეუბნები იას (ჩემი ბავშვობის მეგობარს) და ფეხზე ვიხედები. ქუსლიანი მოუხერხებელი ფეხსაცმელი მაცვია, ის მეორე წყვილი მწვანე, მოხერხებული ტყავის ფეხსაცმელი იყო, მაგრამ არა უშავს, ესეც წავა. ია მანქანაში მსვავს და თეატრში მივყავარ.

     − თმაც არ მომიწესრიგებია, − ამბობს, ჩემი მეორე „მე“, რომელიც ახალგაზრდა ქალია, − არა უშავს, დრო აღარ არის.

     მაგრამ ყველაზე ცუდი ისაა, რომ თეატრში შესვლისთანავე მავიწყდება ყველაფერი, რაც დავიზეპირე, მთელი ჩემი როლი! თავიდან უნდა გამოვიდე, როგორც მიქაელი და ხალხს თავი გავაცნო! არა უშავს... მაშინ გულიდან უნდა ვილაპარაკო, მე ხომ მიქაელს კარგად ვიცნობ, არ გამიჭირდება, − ვამშვიდებ საკუთარ თავს...

     სცენაზე გამოვდივარ და ვამბობ:

     - მე მთავარანგელოზი მიქაელი ვარ, სიბრძნის და სამართლიანობის ღმერთი... ღვთაება... ანგელოზი...

     ამ ბოლო ერთის შეხედვით შეუსაბამო, არეულ-დარეულ ფრაზაზე მეღვიძება...

 

     მესამე სიზმარი:

     ვიღაც დგას ჩემ წინ. რატომღაც, ჩემი აღქმით მიქაელია და მეუბნება:

     − დღის რამდენიმე საათს (თუ წუთს) ბნელი ლორდის ფუნქციას ვასრულებ...

     მე რაღაცნაირად ვისხლიტავ ამ ფრაზასაც და ამ არსებასაც, მაგრამ იგივე აზრი დაჟინებით მეორდება და მოყვება სიტყვები:

− ადამიანებს თავს ვაწონებ და ვაცდუნებ!

 

     დილით მეღვიძება. შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობაში შევდივარ ძილ-ღვიძლს შორის და მიქაელს ვუკავშირდები:

     − ეს ბოლო სიზმარი უკვე რაღაც ძალიან სისულელეა! საიდან, რომელი გარეგანი თუ შინაგანი წყაროდან მოვიდა ასეთი სიუჟეტი?

     საპასუხოდ მის ღიმილს ვგრძნობ, მაგრამ მე არ მეღიმება. იმის ნაცვლად, რომ ინფორმაციის მიღება გავაგრძელო, რაღაც სისულელეებს ვხედავ სიზმრებში...

     მე:

     − თითქოს შენ იყავი, მაგრამ შენ ხომ არ იქნებოდი? დემონი ხომ არა ხარ? როგორ შეიძლება შენნაირი დიდი, გამორჩეული, ღვაწლმოსილი სული, რომელიც ადამიანთა მოდგმის და ღვთაებრივი კანონების სადარაჯოზე დგას, დემონის როლს ასრულებდეს? თუნდაც ცოტა ხნით? 

     ამას რომ ვეუბნებოდი, ვიგრძენი, როგორ მსიამოვნებდა და მეამაყებოდა, როდესაც მას ვაქებდი... რატომღაც გამახსენდა, რომ ღვთისმეტყველები ხშირად აღწერდნენ სამოთხეში ყოფნას, როგორც ღმერთის საქებარი სიტყვების მღერას, ან თქმას... ანგელოზების მთელი დასი, ღმერთს სადიდებელ ჰანგებს უმღერს. სულ მაინტერესებდა, რად უნდა ეს ღმერთს? ნარცისი ხომ არ არის? მაგრამ ამ კომკრეტულმა მომენტმა მიმახვედრა, რაგორი სასიამოვნოა, როდესაც ვიღაც გიყვარს, მისთვის საქებარი სიტყვების თქმა. არა მლიქვნელობისთვის ან შენი სიყვარულის ობიექტისთვის ამპარტავნების გასაძლიერებლად, არამედ... უბრალოდ სასიამოვნოა... თითქოს იმიტომ, რომ როდესაც გიყვარს, ისეთი ერთიანობის გრძნობა გიჩნდება, რომ შენი სიყვარულის ობიექტის მიმართ ნათქვამი სიტყვები, შენც გეხება...

     მაგრამ ფიქრებიდან ისევ ამ მესამე სიზმრის უსიამოვნო მოგონებამ და მიქაელის საპასუხო ღიმილმა გამომარკვია.

     − რა არის სასაცილო? − გავიფიქრე ისევ. მიქაელს მივუყურადე, მაგრამ არაფერი მიპასუხა და მინიშნებით პირველ სიზმართან დამაბრუნა.

     მიქაელი:

     − შიში, რომ არ გაქვს, ეს დიდი მიღწევაა... მაგრამ მაინც ლოცვის ენერგიას იყენებ, უპირობო სიყვარულის ნაცვლად...

     მე:

     − ძალიან ძნელია... შევჩივლე მე. ყველაფერი იმდენად სწრაფად ხდება, რომ ინსტინქტურად ასე ვიქცევი... უპირობო სიყვარულის მდგომარეობაში სულ ყოფნა არ შემიძლია... მხოლოდ ხანდახან მეწვევა ხოლმე ეს გრძნობა, და საერთოდ, ამ ბოლო დროს, რატომღაც ისევ გამიჭირდა... ვგრძნობ, რომ ცნობიერება მივარდება... შინაგანი ჰარმონია მაქვს დაკარგული...

     მიქაელი:

     − არა, ის რომ შიში არ გაქვს, როგორც შენ ამბობ, „ინსტინქტურ“ დონეზე, ხოლო მე ამას „სულის დონეზე“ დავარქმებდი, ეს ნიშნავს, რომ პირიქით, შენმა ჯამურმა ვიბრაციის დონემ მოიმატა... ის რომ ხასიათის ვარდნები გაქვს, ადვილი გაღიზიანება დაგეწყო და ნეგატივს ისევ  ძალიან მძაფრად აღიქვავ, ეს მორიგი წმენდის ტალღაა, იმის მერე, რაც გულის ჩაკრა კიდევ ერთხელ გაგიაქტიურე... მე ვხედავ იმას, რასაც შენ ვერ ხედავ. გაწმენდვის პროცესები მზე-მთვარის და სხვა ციური სხეულების გადაადგილებასთანაა კავშირში. ამიტომ ვიკავებდი თავს შენთან კონტაქტისაგან. ის, რაც შენთვის ხელსაყრელი დროა, როგორც გუშინ აღნიშნე, ჩვენთვის შეიძლება ასე არ იყოს. პირველი სიზმარი შენი ჯამური სულიერი მდგომარეობის შესამოწმებელი ტესტი იყო. არაფერია იმაზე უკეთესი ტესტი, ვიდრე დემონურ არსებასთან ჩაგდება/შერკინება, - ისევ მისი ღიმილი ვიგრძენი, - მეორე სიზმარი შენთვის გასაგები უნდა იყოს. თითოეულ სიმბოლოს თავისი აზრი აქვს. გახსოვს, ის სიზმარი, სადაც ხიდზე გადადიოდი, ფეხსაცმელები მანდაც ფიგურირებდა. ფეხსაცმელი ნიშნავს პირობებს „რომლებშიც დადიხარ“. შენ ჭექა-ქუხილმა მოგისწრო. ეს 2020-ის „კატაკლიზმების სცენარის გააქტიურებაა“, მაგრამ მიუხედავად ამისა, შენი „როლი“ მაინც უნდა ითამაშო. ხალხი (სიზმარში - ბავშვები) მაინც მოვა! ნუ ცდილობ სიტყვების მომზადებას და შერჩევას ხალხთან ურთიერთობისას. მე შენთან ვარ, მაშინაც კი, როდესაც ამას ვერ გრძნობ. არასდროს დაგავიწყდეს ეს! სიტყვები გულიდან ამოიღე! შენ ხომ მიცნობ?

     მან უცებ პაუზა გააკეთა და ვიგრძენი, რომ გამომცდელი მზერით მიყურებს.

     − ხომ მიცნობ?

     − რა თქმა უნდა! − დარწმუნებით და ერთგავრი გაკვირვებით ვუთხარი მე!

     − მაშინ მესამე ტესტმა რატომ დაგაბნია? როდესაც შენს გულის ჩაკრას ვიერთებ, ეს შენში ერთგავრ ექსტატურ მდგომარეობას იწვევს, რომელმაც არ უნდა დაგაბნიოს. ამ დროს შენი დაბალი ცენტრები, მაღალ ცენტრებს უერთდება. სხვა სიტყვებით, შენს უმაღლეს ტრიადას, საკუთარ სულს გრძნობ. ეს ერთგვარი განსხივოსნების მომენტებია, რომელიც ადამიანს უდიდეს ნეტარებას ანიჭებს. ამიტომ ისევ გეუბნები, ნუ აზროვნებ მატერიალური კატეგორიებით. არც მატერიალურ, არც სიზმრისეულ, არც ნატიფ განზომილებაში, არასდროს არ ენდო თვალებს და სიტყვებს... მხოლოდ გულისთქმას ენდე. ის, რასაც ხედავ, ან რასაც გეუბნებიან, შეიძლება ილუზია აღმოჩნდეს, სხვისი ან შენი ქვეცნობიერის შექმნილი! სწორედ ეს ილუზია უნდა გაარჩიო. ყველაფერი ენერგიაა... ტალღებია, რომელთა სიხშირეებს უნდა არჩევდე... ენერგეტიაკას უნდა არჩევდე! როგორი ენერგია მოდიოდა მესამე სიზმრიდან?

     − არასასიამოვნო... დაბალვიბრაციული...

     − მეორედან? 

     − საშუალო... ჩვეულებრივი

     − პირველიდან?

     − იქ, სადაც დემონური არსებები არიან, ყოველთვის ბნელა... 

     − ასეთ ვიბრაციებში ყოფნა მოგიწევს, და შინაგანი სინათლე არ უნდა დაკარგო, იმისთვის, რომ გარჩევადობის უნარი არ დაგიქვეითდეს და მე ჩემგარეგნობამიღებულ დემონში არ აგერიო. გული ჩემთან გქონდეს. მეტი, მეტი დისციპლინა გმართებს!

     მან პაუზა გააკეთა და გააგრძელა:

     − ისევ ასკლეპიოსს მინდა რომ დაუბრუნდე. გაანებე სრული ტექსტის თარგმანს და მხოლოდ ის ადგილი მონახე, სადაც კერპების შექმნაზეა საუბარი...

 

     მე ტექსტი მოვიძიე. ესაა ჩემი ქართული თარგმანი რუსულიდან:

 

     „VIII. ადამიანი - მიწიერი ღმერთების შემქმნელი"

    როგორც უფალი და მამა ან ყველაზე აღმატებული სიტყვით წოდებული - ღმერთი, არის ზეციური ღმერთების შემოქმედი, ასე ადამიანია იმ ღმერთების შემოქმედი, რომლებიც, ადამიანთა სიახლოვით დაკმაყოფილებულნი ტაძრებში იმყოფებიან. ადამიანი არა მხოლოდ სინათლეს იღებს, არამედ თვითონაც ასხივებს. ის არა მხოლოდ მიილტვის ღმერთისკენ, არამედ თავად ქმნის ღმერთებს. აგღაფრთოვანებს ეს შენ, ასკლეპიოს, თუ სხვებივით არ გყოფნის რწმენა?

      ასკლეპიოსი: მე დაბნეულობაში ვარ, სამჯერდიდებულო, მაგრამ ვუკვირდები რა შენს სიტყვებს, ვგონებ, ადამიანი, რომელმაც ასეთი მადლი მიიღო, ძალიან ბედნიერი უნდა იყოს.

      ჰერმესი: უთუოდ, უდიდესი აღფრთოვანების ღირსია უდიადესი ღმერთებს შორის, რამეთუ მათი (ზეციური ღმერთების) მოდგმა შექმნილია უწმინდესი ბუნებისგან, სხვა მინერევების გარეშე. მათი ხილული ნიშნებია მხოლოდ თავები. მაგრამ ღმერთები, რომლებსაც ადამიანები ჰქმნიან, ორმაგი ბუნებისგან შედგებიან: ერთი ღვთაებრივი, რომელიც არის პირველი და ყველაზე წმნიდა ნაწილი, ხოლო მეორე ეკუთვნის ადამიანს - ეს არის მატერია, რომლისგანაც შექმნილია ეს ღმერთი. მათ აქვთ არა მხოლოდ თავები, არამედ სრული სხეული ყველა კიდურის ჩათვლით. ასე, კაცობრიობა, ახსოვს რა თავისი წარმომავლობა, ერთგული რჩება ღვთაებების აღწარმოებაში, რამეთუ, როგორც მამამ, უფალმა შექმნა უკვდავი ღმერთები თავის ხატად და მსგავსებად, ასე ადამიანიც ქმნის ღვთაებებს თავის ხატად და მსგავსებად. 

      24. ა. ასკლეპიოსი: შენ გულისხმობ კერპებს, სამჯერდიდებულო?

      ჰერმესი: დიახ, კერპებს, ასკლეპიოს. ხედავ, როგორ გაკლია რწმენა? გასულიერებული კერპები სავსეა ცნობიერებით და სულით და ისინი უამრავ აღმატებულ საქმეს აკეთებენ. არსებობენ წინასწარმეტყველური კერპები, რომლებიც მომავალს წინასწარმეტყველებენ სიზმრებში ან სხვა სახით და სხვანაირი კერპები, რომლებსაც შეუძლიათ, როგორც დაგვაავადონ, ასევე განგვკურნონ, როგორც მოგვაყენონ ტკივილი, ასევე გაგვახარონ, იქიდან გამომდინარე, რას ვიმსახურებთ.“

 

     და კიდევ ერთი ფრაგმენტი იგივე „ასკლეპიოსის“ ტრაქტატიდან, ჩემი ქართული თარგმანი რუსულიდან:

 

     „XIII. ადამიანი - ღმერთების შემოქმედი"

 

      დავუბრუნდეთ ადამიანს და მის ღვთაებრივ ნიჭს - გონებას, რის გამოც მას უწოდებენ გონიერ ცხოველს. ყველა სასწაულს შორის, რასაც ჩვენ აღმოვაჩენთ ადამიანში, ყველაზე დიდ აღფრთოვანებას იწვევს ის, რომ მან შეძლო გაეშალა თავისი ღვთაებრივი ბუნება და გამოეყენებინა იგი. ჩვენი ძველი წინაპრები რაც შეეხება ღმერთებს, მიმართავდნენ მზერას კულტისკენ და ღვთაებრივი რელიგიისკენ. მათ აღმოაჩინეს ღმერთების შექმნის ხელოვნება და დაუმატეს მათ შესაბამისი კეთილი თვისებები, რომელიც ისესხეს სამყაროს ბუნებიდან. რადგან მათ არ შეეძლოთ სულის შექმნა, მათ მოიხმეს ანგელოზების ან დემონების სულები და ჩანერგეს ისინი წმინდა გამოსახულებებში და ღვთაებრივ საიდუმლოებებში, რათა კერპებს სიკეთის ან ბოროტების კეთების ძალა მისცემოდათ. ასე, მაგალითად, შენს წინაპარს, ასკლეპიოს, მედიცინის ფუძემდებელს აღუმართეს ტაძარი მთაზე, ნიანგების მდინარის პირას, ლიბიაში, სადაც დასვენებულია ის, რაც მას ეკუთვნოდა ცხოვრებაში, ანუ მისი სხეული. დანარჩენი, ანუ მისი უკეთესი ნაწილი, უფრო სწორი იქნება რომ ვთქვათ - თვითონ იგი (რამეთუ სიცოცხლის შეგრძნება არის თავად ადამიანი) ბედნიერად ამაღლდა ცად. ახლა ის ჩამოდის ადამიანებთან დასახმარებლად, როცა ისინი ავად ხდებიან და ასწავლის მათ მკურნალობის მეცნიერებას. ჰერმესი, ჩემი წინაპარი, ვისი სახელიც მქვია, იმყოფება ქალაქში, რომელსაც მინიჭებული აქვს მისი სახელი და აღამაღლებს ყველას, ვინც მასთან მოდის დახმარებისა და რჩევისათვის. და რამდენ სიკეთეს უკეთებს ადამიანებს იზიდა, ოსირისის მეუღლე, როცა კეთილგანწყობილია და რამდენი ცუდი შეიძლება გაუკეთოს მათ, ვიზეც გაბრაზებულია! მიწიერი ღმერთები მიდრეკილნი არიან სიბრაზისკენ, ვინაიდან ადამიანების მიერ არიან შექმნილნი და ორივე ბუნებას შეიცავენ. მაქედან მოვიდა ეგვიპტეში ცხოველთა კულტიც. ყველა მიაგებს პატივს იმ სულებს, ვინც მისცა კანონები და ვის სახელსაც ატარებენ. ამიტომ, ასკლეპიოს, ის (ღმერთი) ვინც თანყავისცემაშია ერთი ხალხისგან, არ იღებს არაფერს მეორისგან, რაც ხშირად იწვევს ომებს ეგვიპტის ქალაქებს შორის. 

      38.ა. ასკლეპიოსი: როგორია, სამჯერდიდებულო, ამ მიწიერად წოდებული  ღმერთების, შესანიშნავი თვისება?

      ჰერმესი: ის წარმოადგენს ღვთაებრივ სიკეთეებს, რომლებიც ბუნებრივად იმყოფებიან მცენარეებში, სურნელოვან ნივთიერებებში; რამეთუ მათ (ღმერთებს) უყვართ ხშირი შემოწირულობები, ჰიმნები და შექებები, ტკბილი მუსიკა, რომელიც ზეციურ ჰანგებს მოაგონებთ და ეს მოგონება ზეცაზე, მათ ზეციურ ბუნებასთან შეთანხმებით, იხმობს მათ კერპებში და აჩერებს მათ იქ და ასევე ეხმარება, გადაიტანონ ხანგრძლივი არსებობა ადამიანთა შორის. აი, ასე ქმნის ადამიანი ღმერთებს!

      38.ბ. მაგრამ არ იფიქრო, ასკლეპიოს, რომ მიწიერი ღმერთები დაუფიქრებლად მოქმედებენ. სანამ ზეციური ღმერთები ცაში იმყოფებიან და განაგებენ იმ სფეროს, რომელიც მათ განკარგულებაშია, ჩვენს ღმერთებს თავიანთი, განსაკუთრებული როლი აკისრიათ; ისინი წინასწარმეტყველებენ მომავალს ერთგავრი მიხვედრით, ყოველი მათგანი თავისებურად ზრუნავს გარკვეულ რამეზე და ისინი გვეხმარებიან, როგორც მშობლები, ნათესავები ან მეგობრები.“

 

     მიქაელი:

            − აი, ამ ნაწყვეტზე გავაჩეროთ ყურადღება: „უთუოდ, უდიდესი აღფრთოვანების ღირსია უდიდესი ღმერთებს შორის, რამეთუ მათი მოდგმა შექმნილია უწმინდესი ბუნებისგან, სხვა მინერევების გარეშე. მათი ხილული ნიშნებია მხოლოდ თავები. მაგრამ ღმერთები, რომლებსაც ადამიანები ჰქმნიან, ორმაგი ბუნებისგან შედგებიან: ერთი ღვთაებრივი, რომელიც არის პირველი და ყველაზე წმნიდა ნაწილი, ხოლო მეორე ეკუთვნის ადამიანს - ეს არის მატერია, რომლისგანაც შექმნილია ეს ღმერთი.“  როგორც ხედავ, ჰერმესი ასხვავებს ციურ ღმერთებს მიწიერი ღმერთებისგან, რომლებსაც მისი თქმით თვითონ ადამიანები ქმნიან. რა იგულისხმება ამ მოსაზრებაში? ციურ ღმერთებში შეგიძლია მოიაზრო სულიერი იერარქია, ხოლო მიწიერ ღმერთებში, მათი მატერიალური გამოსახულება კერპის, ხატის, ბარელიეფის ან თუნდაც უხრწნელი ნეშტის სახით. ეს არის ის „ღუზა“, რომლითაც ეს წმინდა სულები დაკავშირებულნი არიან მიწიერ განზომილებასთან და ასე აგრძელებენ თავიანთ მოღვაწეობას ადამიანთა საკეთილდღეოდ. „თავებში იგულისხმება“ მათი სული, ხოლო „ტანი“, რომელსაც ადამიანი ქმნის არის სწორედ ეს ფიზიკური გამოსახულება ანუ „ღუზა“, რაც ე. წ. „მიწიერი ღმერთების“ ბუნების ორმაგობას განაპირობებს.  

easter%20island

მე:

     − აი, ამ ნაწყვეტშიც ამაზეა ლაპარაკი: „ასე, მაგალითად, შენს წინაპარს, ასკლეპიოს, მედიცინის ფუძემდებელს აღუმართეს ტაძარი მთაზე, ნიანგების მდინარის პირას, ლიბიაში, სადაც დასვენებულია ის, რაც მას ეკუთვნოდა ცხოვრებაში, ანუ მისი სხეული. დანარჩენი, ანუ მისი უკეთესი ნაწილი, უფრო სწორი იქნება რომ ვთქვათ - თვითონ იგი (რამეთუ სიცოცხლის შეგრძნება არის თავად ადამიანი) ბედნიერად ამაღლდა ცად. ახლა ის ჩამოდის ადამიანებთან დასახმარებლად, როცა ისინი ავად არიან და ასწავლის მათ მკურნალობის მეცნიერებას. ჰერმესი, ჩემი წინაპარი, ვისი სახელიც მქვია, იმყოფება ქალაქში, რომელსაც მინიჭებული აქვს მისი სახელი და აღამაღლებს ყველას, ვინც მასთან მოდის დახმარებისა და რჩევისთვის“.

     − ეს „ღუზა“, − გააგრძელა მიქაელმა, − შეიძლება იყოს წმინდანის უხრწნელი ნეშტი (იხ. 12 აპრილი. 2019 წელი. განსვენების რიტუალები და უხრწნელი ნეშტები. ანგელოზის გული. წიგნი პირველი ), შეიძლება იყოს მისი ხატი, ქანდაკება და მისი შედგენილი ლოცვაც კი, რომელსაც ადამიანები რუტინულად იმეორებენ. ლოცვას ჯერ თავი დავანებოთ. ეს ცოტა სხვა ბუნების „ღუზაა“ და მატერიალურ, ფიზიკურ „ღუზებს“ დავუბრუნდეთ. ამისთვის ჯერ ცოტა შორიდან მოვუვლი. გახსოვს, როდესაც მეუფე ჭეშმარიტ სულიერ მასწავლებლებზე (გურუებზე) გესაუბრებოდა (იხ.2020 წელი. 16 ივნისი. უცნობი მეუფე), მან გითხრა, როგორი მნიშვნელოვანია, რომ სულიერი მოძღვარი იყოს ხელდასმული ზეციური იერარქიიდან. სულიერ მასწავლებელს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ძალიან მჭიდრო კავშირი საკუთარ სულიერ ტრიადასთან და ნათელ ძალებთან. თუ არა და უნდა ჰქონდეს ასეთივე მჭიდრო კავშირი რომელიმე რელიგიურ ეგრეგორთან. მაგალითად, ქრისტიანი სამღვდელოების პირები იშვიათად აღწევენ გასხივოსნებას, მაგრამ მათ სულიერ იერარქიასთან (ამ შემთხვევაში ქრსიტესთან) კავშირი აქვთ ქრისტიანული ეგრეგორის გავლით. ამიტომაა, რომ ეგრეგორიალური სისტემა აადვილებს არასაკმარისად ამაღლებული სულებისთვის და ზოგადად მასებისთვის ზეციურ იერარქიასთან კავშირს. მაგრამ თუ სულიერი მასწავლებელი ეგრეგორიალური სისტემის გარეთაა (მაგალითად იოგია), ის ვალდებულია იყოს კავშირში სულიერ ტრიადასთან ან ძალიან მჭიდრო კავშირში სულიერ იერარქთან. საქმე იმაშია, რომ მასწავლებელი  შუამავალია მოსწავლესა და სულიერ განზომილებას შორის. როდესაც მასწავლებელს მოსწავლე აჰყავს, ხდება ამ სულების ურთიერთჩაბმა. მასწავლებელმა უნდა ამოქაჩოს მოსწავლე სულიერ განზომილებამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ორივე ექცევა კარმულ ხაფანგში. მასწავლებელი, რომელსაც არ აქვს „ზეცასთან“ ბმა, აბრკოლებს მოსწავლეს და თავის თავზე იღებს ერთ-ერთ ყველაზე მძიმე კარმას, ხოლო მოსწავლე, სიკვდილის მერეც მასწავლებლის სულთანაა გადაბმული და იმ განზომილებაში ხვდება, რომელშიც ვიბრირებს მასწავლებლის სული. თუ ეს განზომილება არ აღწევს სულიერ განზომილებას (სულიერთან კავშირის არქონის შემთხვევაში), ორივენი ხვდებიან ნატიფმატერიალურ ილუზორულ რეალობებში, სადაც ხშირად გრძელდება იგივე სცენარი, ანუ მოსწავლეები მასწავლებელს ეთაყვანებიან. ამ დროს რა ხდება? მასწავლებელი ერთგავარდ „იკვებება“ მოსწავლეების „ბოლო ინკარნაციის პიროვნების შემაკავებელ ენერგიებით“ და ილუზორული რეალობა ნარჩუნდება მანამ, სანამ მოსწავლეები აწვდიან ამ ენერგიას თაყვანისცემის სახით. ამ დროს, თვითონ მოსწავლეები სულიერ სტაგნაციაში იმყოფებიან. ისინი, ვინაიდან, მათ „სჭამენ“, მუდმივ სულიერ შიმშილს განიცდიან და მის დასაკმაყოფილებლად კიდევ უფრო მეტად მიილტვიან მასწავლებლისკენ. ეს ერთგავარი სულიერი ხაფანგია. თუ ასეთ მასწავლებელს, სიკვდილის შემდეგ ახალ-ახალი „თაყვანისცემლების“ შემოდინება აქვს, მისი ილუზორული რეალობა საკმაოდ დიდი ხნით შეიძლება შენარჩუნდეს. თვითონ ასეთი მასწავლებელი, მას მერე, რაც მისი ილუზია, ბოლო-ბოლო შეწყვეტს არსებობას, ხელახლა ინკარნირდება ძალიან მძიმე გარემოებებში, რადგან მას ყველასთან ვალები ექნება დასაბრუნებელი. ხანდახან თქვენ გიკვირთ ხოლმე, რატომ ემართება ადამიანს სხვადასხვა უბედურება. უსამართლოდ გეჩვენებათ ეს ყველაფერი, მაგრამ თქვენ არაფერი იცით ამ ადამინის წარსული ცხოვრებების და მისი მძიმე კარმის შესახებ...

kerpebi

მე:

     − მაგრამ თუ მასწავლებელი, მოდი დავაქვათ გურუ... ეხლა ეს სიტყვაა მოდაში... თუ, დავუშვათ, გურუს არ აქვს კავშირი სულიერ სამყაროსთან, მაგრამ მას მაინც აჰყავს მოსწავლეები და ამას, სრულიად ალტრუისტულად, მათ დასახმარებლად აკეთებს, იმ შესაძლებლობით და ცოდნით, რაც გააჩნია, რომელიც ამ ადამიანებს მაინც ეხმარება სულიერ ევოლუციაში, მაშინაც დამნაშავეა? ის ხომ უანგარო სიკეთის გაკეთებას ცდილობს, რომც იღებდეს ამისთვის თავისი არსებობისთვის მინიმალურ გასამჯელოს? როგორც შენ მასწავლიდი, სწორი მოტივაციით თუ მოქმედებს, რომელიც გულისხმობს ყველა ცოცხალი არსების კეთილდღეობის სურვილს?

petra

მიქაელს გაეღიმა...

     − ასეთ ადამიანებს სანთლით ვეძებთ... ასეთი რამ ძალიან იშვიათია. სრულიად უანგარო დახმარების სურვილით აღტკინებული სული „ჩანს“ ჩვენთვის. ჩვენ მათ „ვხედავთ“, მაშინვე ვპოულობთ და ვუკავშირდებით. საქმეც მაგაშია, რომ სულიერ ტრიადას მოწყვეტილი გურუ დაბალვიბრაციული სულია ყველა ვარიანტში და აბსოლუტური ალტრუიზმი ვერ იქნება მისთვის დამახასიათებელი. ყოველთვის არის, რაღაც ტიპის შიდა გამრუდება ეგოში (სულიერი ენერგიების შებრუნება ეგოში), ან ამპარტავნების სახით, ან ყურადღების ცენტრში ყოფნის, ან მატერიალური კეთილდღეობისა და ძალაუფლებისკენ ლტოლვის სახით. ძირითადად ესაა ცრუ გურუების თვისებები. ამით შეგიძლიათ მათი ამოცნობა. და რა თქმა უნდა, მე არ ვგულისხმობ სხვადასხვა ტიპის ფილოსოფიის ან თეოლოგიის მასწავლებლებს. 

     მან პაუზა გააკეთა და გააგრძელა:

     − მაგრამ დავუბრუნდეთ „მიწერ ღმერთებს“, რომლებსაც ჰერმესის თქმით „ადამიანები ქმნიან“. გაიხსენე ის სიზმარი, რომელიც გაკვრით დაინახე გაღვიძებისას (იხ.2020 წელი. 22 ივნისი. ბათუმი. როგორები არიან უხილავი სულიერი მასწავლებლები), სადაც მეუფეს სული ქვის ლოდში ჩავიდა. შენ უკვე კარგად იცი ცნობიერების ფრაგმენტაციის ფენომენი. მეუფემ ისიც გითხრა, რომ მათ და საერთოდ, მაღალსულიერ არსებებს შეუძლიათ თავიანთი ცნობიერების ნაწილის მოთავსება ადამიანში, მისგან მოხმობის და მისი სულიერი მზაობის შემთხვევაში. სწორედ ესაა თანამყოფობის შეგრძნება, დახმარება, ტელეპატიური აზრების მიღების მიზეზი. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ცნობიერების ნაწილის ჩადება არა მხოლოდ ადამიანშია შესაძლებელია, არამედ ცხოველშიც (გაიხსენე ბუზის შემთხევევა, თუმცა შენ შემთხვევაში ეს „დროებითი შესვლა“ იყო), ასევე მცენარეებში და ასევე მინერალებშიც! და შენ წარმოიდგინე, რომ მინერალებში ცნობიერების ნაწილის ჩადება, ყველაზე ადვილია, იქიდან გამომდინარე, რომ მინერალის ცნობიერება, მიუხედავად იმისა, რომ პრიმიტიულია, ყველაზე წმინდაა და ნაკლებად გეწინააღმდეგება. ადამიანის ცნობიერებასთან დაკავშირება ყველაზე რთულია, რადგან აქ დომინირებს მიწიერი არასრულყოფილებები და ძლიერია ინდივიდუალობა, ანუ მიწიერი ეგო. ცხოველების შემთხვევაში, ეგოს წინააღმდეგობა ნაკლებია (გაიხსენე „პეპელა წყნეთში“), მაგრამ ყველაზე ნაკლები არის მინერალში. სწორედ ამიტომაა შესაძლებელი მეუფის, ან რომელიმე სულიერი მასწავლებლის ცნობიერების ჩასვლა ქვაში, ან მის გამოსახულებაში, ან ხატში. (ანალოგიურად დემონური სულებისაც). მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანი ღვთისმეტყველები გმობენ კერპების (იგულისხმება ქანდაკებები) შექმნას და ამართლებენ ხატებს, მეტაფიზიკურად ეს აბსოლუტურად ერთი და იგივეა. ორივე არის „ღუზა“, რომლითაც სულიერი არსება უკავშირდება მატერიას. შენ გგონია, რატომ არსებობენ სასწაულმოქმედი ხატები, ან მკურნალი ხატები? იმიტომ, რომ ისინი ქრისტეს ცნობიერების ფრაგმენტებს შეიცავენ და შესაბამისად მის ენერგიას ასხივებენ. რა ხდება ჯვრის კურთხევისას? მისი დამუხტვა ქრისტეს ენერგიით, ანუ ეგრეგორის გავლით ის იკავშირებს ქრისტეს ცნობიერების ნაწილაკს. თვითონ ჯვარს, არ ექნებოდა ოკულტური ზემოქმედება ამის გარეშე. სულ ერთია წმინდანის გამოსახულება ბრტყელ ზედაპირზეა დატანილი, ქანდაკების სახითაა გამოსახული, თუ უბრალოდ აბსტრაქტული ფორმის ლოდია, რომელიც მის სიმბოლურ გამოსახულებას წარმოადგენს (როგორც შივას ლინგამის შემთხვევაში). წმინდანის ცნობიერების ნაწილაკის „მიბმა“ ამ ობიექტთან ერთი და იგივე „ფიზიკას“ ექვემდებარება. ასეთი მიბმის შემდეგ, ამ ობიექტის სახით ჩნდება ერთგვარი „სინათლის ფოკუსი“, ანუ ენერგია გადმოედინება ზეციდან დედამიწაზე და პირიქით. ესაა აკვშირი მიწიერ და ზეციერ განზომილებებს შორის. ყველაზე მარტივად ცნობიერების მიბმა                      
ხდება მინერალთან, ხოლო ინფორმაციული დამუხტვა წყალთან...

atlantida

მან პაუზა გააკეთა და გააგრძელა:

     − შენ გაინტერესებდა ატლანტიდა... დედამიწას ახასიათებს ისეთივე ენერგეტიკული სხეული, თავისი ენერგოარხებით, როგორც ადამიანს. ხომ გახსოვს, „როგორც ზევით, ასევე ქვევით, როგორც ქვევით, ასევე ზევით“. თუ ამ არხების „ძალის წერტილებზე“ (7 ჩაკრის ანალოგიურად), მოათავსებ სინათლის ფოკუსს კრისტალის სახით, რომელშიც სულიერი იერარქის ღვთაებრივი ცნობიერებაა ფრაგმენტირებული (7 ტალღის შესაბამისი იერარქების), დედამიწის გარშემო შესაძლებელია შეიკრას ქსელი! წარმოიდრინე, რომ დედამიწის ენერგო არხების გადაკვეთის წერტილებში იქნება სინათლის ფოკუსები. ეს შექმნის გლობალურ ქსელს, რომელიც წამოწევს კაცობრიობის კოლექტიურ ვიბრაციას! სწორედ ამას ცდილობდნენ ატლანტიდელები... გახსოვს, რაზე გესაუბრებოდა მეუფე ს. კ.? ევოლუცია მიმდინარეობს ტალღური ჩასვლა-ასვლის მონაცვლეობითი პერიოდებით. სული ჯერ მატერიაში ჩადის, შედეგად ჩნდება დისკრეტულობა, დაქსაქსულობა (რასები, სახელმწიფოები, ერები და ას. შ), შემდეგ მიდის უკუპროცესი რომელიც გაერთიანებას, გლობალიზაციას და სულიერ ამაღლებას მოიაზრებს. რისთვისაა ეს საჭირო? ადრეც გეუბნებოდი, რომ ადამიანის ევოლუციის შემდეგი საფეხური არის მენტალური დემიურგია. თქვენ უნდა შეძლოთ ფიქრის ძალით რეალობით მანიპულაცია. მაგრამ წარმოიდგინე დაქსაქსული საზოგადოება, სადაც ერთს უნდა, რომ სულ ზაფხული იყოს, მეორეს, სულ ზამთარი, მესამეს მთელი სამყაროს ქონება სურს... არსებობს ენერგიის გადანაწილების პრინციპი. თუ ერთს უზომოდ ბევრი ექნება, მეორეს მოაკლდება... განა შესაძლებელია, რომ რეალობა, რომელიც თქვენი ყველასი საერთო სახლია, ამდენ ნაწილად დაიხლიჩოს და ამდენი სურვილი აასრულოს? შედეგად მიიღებთ ქაოსს და ანარქიას. თქვენთან ახლა ძალიან ბევრი ლაპარაკობს იმაზე, რომ ადამიანის ფიქრები რეალობის მატერიალიზაციას ახდენენ. ეს სწორი აზრებია. თქვენი იდეები მიყვება პლანეტარული ვიბრაციების ზრდას. ნელ-ნელა ახალ ეპოქაში გადადიხართ, მაგრამ ეს მხოლოდ ვარჯიშია. ზემოთთქმული დებულება სწორია, მხოლოდ ... ალბათ 10%-ით. თქვენ იქამდე არ მოგეცემათ მაღალქმედუნარიანი მენტალი, სანამ არ ისწავლით ერთობას! ხო, სწორედ ერთობას! ერთარსებად ყოფნას! რომ ერთის სურვილი, ყველას სურვილი იყოს და ყველას სურვილი ერთის სურვილი, ისე, როგორც ჩემ და ჩემს ანგელოზებს შორისაა. თქვენ უნდა მიხვდეთ, რომ მიუხედავად ინდივიდუალობებისა, თქვენ ერთიან ორგანიზმს ქმნით, სიცოცხლის ხეს, რომლის ფესვები მიწაა, ხოლო ვარჯი ზეცა. ამ ერთიანობით თქვენ არავითარ შემთხვევაში არ კარგავთ, არც თავისუფალ ნებას, არც თქვენს პიროვნებას! უმდაბლესი მე-ს ნებაზე უარის თქმა არის უმაღლესი მე-ს ნების მოპოვება, რაც გაცილებით დიდი მონაპოვარია. ესაა ქრისტესეული ცნობიერება. მე-6 დონე. თქვენი ერთობით მოხდება ერთმანეთით ურთიერთგამდიდრება. მაგრამ ასეთი ერთობა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა კაცობრიობის კოლექტიური მენტალი იმდენად ამაღლდება ვიბრაციებში, რომ სულიერ ტრიადასთან მოვა კავშირში. მხოლოდ მაშინ თქვენი ერთობლივი ნება და თქვენი დემიურგიული შემოქმედება სინქრონში მოვა უზენაესის ნებასთან. ისიც მინდა დავამატო, რომ შემდეგი ევოლუციური ეტაპი არ არის უბრალოდ მენტალური დემიურგიის უნარის განვითარება, არამედ არის სრულიად ახალ სტადიაზე გადასვლა. თქვენთვის გაიხსნება კოსმოსური კარიბჭე და კოსმოსური ცივილიზაციების ოჯახში შეხვალთ, რაც ამჟამად დაბლოკილია და მხოლოდ უფოლოგების ეფიმერული ძიების ობიექტს წარმოადგენს. მხოლოდ თქვენი ერთობით და სულიერ სამყაროსთან კავშირით, დედამიწა გახდება დასრულებული ორგანიზმი, შემდგარი ციური სხეული, რომელიც გაცნობიერებულად გავა კოსმოსური მოქმედების არეალზე, გაიხსნება ახალი ჰორიზონტები და წარმოუდგენელი შესაძლებლობების ერა დადგება!

     მაგრამ ჩემმა ფიქრებმა წარსულში დამაბრუნეს, რადგან ვგრძნობდი, რომ ამ ბრწყინვალე მომავლის დადგომა ამ წარსულ გამოცდილებასთანაა კავშირში. ისევ დამეუფლა ის დავიწყებული გრძნობა, რომ რაღაც უნდა გავიხსენო, რაც კაცობრიობის საწყისებთანაა დაკავშირებული.

     − რა მოხდა მაშინ, ატლანტიდაში? - ვკითხე მიქაელს.

     მიქალი:

     − ის, რაც ყველაზე საშიშია გლობალიზაციისკენ/ერთობისკენ (ავტ: გლობალიზაცია, არ ვიცი, რამდენად სწორი სიტყვაა ამ პროცესის აღსაწერად) მიმავალი ცივილიზაციისთვის. ეს არის ერთ-ერთ ბოლო სტადიაზე ძალაუფლების ხელში ჩაგდება ეგოზე მიმართული ადამიანების და სულების მიერ. ეს იყო ცივილიზაცია, რომელიც ვითარდებოდა მეორე (მაგიის) გზით. ეს ადრეც მაქვს ნათქვამი. მაშინ მეც მქონდა ავატარული ინკარნაცია და შენც... ატლანტიდის ცივილიზაცია არ აწარმოებდა ხელოვნურ, პლასტმასის მსგავს საგნებს, რომლებიც შეიძლებოდა ამდენი ათასწლეული შენახულიყო. ამიტომაა ასე ცოტა არტეფაქტი ნაპოვნი. ეს იყო თავიდან ბოლომდე ბუნებასთან ჰარმონიაში მყოფი საზოგადოება. ყოველ შემთხვევაში თავიდან, სანამ დედამიწის ძალებს მწყობრიდან გამოიყვანდნენ. გლობალიზაციის პროცესი საშიშია იმ მხრივ, რომ ის, რაც საყოველთაო ერთობას გულისხმობს, არასათანადო მართვის/მთავრობის შემთხვევაში შეიძლება გადაიქცეს საყოველთაო მანიპულაციის სისტემად! აი, აქ იყო „ძაღლის თავი დამარხული“ და ატლანტიდის წარუმატებლობის მიზეზი... მათ შექმნეს ენერგო ქსელი დედამიწის გარშემო, რომელიც შესაბამისი არქიტექტური კონსტრუქციებით იყო გამაგრებული; კრისტალებით, დამუხტვებით და ბგერითი ზემოქმედებებით იმართებოდა. ეს ქმნიდა გლობალურ გავლენას დედამიწის ყველა ცოცხალი არსების ცნობიერებაზე. რაღაც მომენტში მოხდა ძალაუფლების უზურპირება, არა კაცობრიობის ცნობიერების ამაღლებისა და შემდეგ დონეზე გადასვლისათვის, არამედ მისი მართვისთვის, რამაც ბალანსიდან გამოიყვანა დედამისი ენერგეტიკული სხეული, რომელიც იმ მომენტისთვის უკიდურესაც მაღალ ვიბრაციებში იმყოფებოდა და შეუსაბამობაში მოვიდა მართვის ასეთ მოტივაციასთან. და მოხდა, რაც მოხდა. 

 

     ამ ყველაფრის წარმოდგენამ მიმიყვანა იმ აზრამდე, რომ თუ ასეთმა სულიერად განვითარებულმა ცივილიზაციამ, როგორიც ატლანტიდა იყო, ვერ მოახერხა შემდეგ საფეხურზე გადასვლა, ჩვენ ჩვენი მომხმარებლური და გართობა-სანახაობებზე ორიენტირებული საზოგადოებით, როგორ უნდა მივაღწიოთ ასეთ დონეს? მან ჩემი დამწუხრება იგრძნო და მეც ვიგრძენი, რომ რაღაც დონემდე ჩემს აზრს იზიარებდა. 

     მიქაელი:

     − ჩვენ მაღლა ვწევთ პლანეტარულ ვიბრაციებს, რამდენადაც ძალგვიძს. ადამიანებისგან წინააღმდეგობის შემთხვევაში მოხდება ბუნებრივი გადარჩევა, ვინც ვერ სინქრონიზირდება, ის ვერ გააგრძელებს ევოლუციას. სამწუხაროდ ეს პროცესი კატაკლიზმების ფონზე მიმდინარეობს, ადამიანთა არსწორი არჩევნების გამო და იმის გამო, რომ კაცობრიობის მენტალი ვერ მიყვება პლანეტარული ვიბრაციების მატებას… მაგრამ როგორც გაზაფხული ყოველთვის მოყვება ზამთარს, ასევეა გარდაუვალი ახალი რეალობის დადგომა... ეს დროის ამბავია... საუბარია მხოლოდ დანაკარგის სიდიდეზე ადამიანთა სულებს შორის...

 

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff