2020 წელი. ივნისი
2020 წელი. 7 ივნისი. სულთმოფენობა
მესიზმრება, თითქოს ვიღაც მეგობართან ერთად ეკლესიაში შევდივარ. ჩემი მეგობარი ხატებთან მიდის და ზეთს იცხებს (თვითონ). მე ვეკითხები:
− მეც შემიძლია ზეთი ვიცხო?
ის მპასუხობს, რომ შემიძლია. მე ხატებთან მივდივარ. სანთლის ანთებას ვცდილობ, მაგრამ ვამჩნევ, რომ ხატები ჩემკენ ზურგით ტრიალდებიან. თავიდან მგონია, რომ მეჩვენება, მაგრამ მერე ვამჩნევ, რომ ყველა ხატი უკანა მხრითაა ჩემკენ მოტრიალებული.
− ნუთუ ღმერთმა ზურგი შემაქცია? − მეფიქრება შეშინებულს? − ან ქრისტიანმა წმინდანებმა რატომ შემაქციეს ზურგი?
ამ ეკლესიას რაღაცნაირად სხვანაირი საკურთხეველი აქვს. იქიდან უცნობი მღვდელი გამოდის. მე მას მინდა დახმარება ვთხოვო, მაგრამ რა მოვუყვე? თითქოს ვეუბნები, რომ სიზმრხილვებში მიქაელს ველაპარაკები. ის, შეწუხებული თვალებს ატრიალებს და იძახის:
− აი, ისევ! კიდევ ერთი შეშლილობის მსხვერპლი!
დილით მეღვიძება უსიამოვნო გრძნობით. დღეს სულთმოფენობის დღესასწაულია და ასეთი ცუდი შინაარსის სიზმარი ავის მომასწავლებელი უნდა იყოს. უბრალოდ ავის კი არა - საშინელების! ჩემთვის არაფერია იმაზე უარესი, ვიდრე ღმერთისგან მოწყვეტა... მაგრამ რატომ? რა გავაკეთე არასწორედ? აქამდე ეკლესიები ყოველთვის მესიზმრებოდა, როგორც მშობლიური სახლი, სადაც ჩემთვის კომფორტული აურა იყო და წმინდანების კეთილგანწყობას ვგრძნობდი. ახლა რა შეიცვალა? არაფერი ახალი და განსაკუთრებული არ გამიკეთებია და არ დამიწერია. რაც ეს კორონავირუსის კარანტინი დაიწყო, არც მცალია ამისთვის. მთელი დღეები ჩემი ბიჭის ონლაინ სკოლაზე ვარ გადართული და მას ვამეცადინებ.
მაგრამ ყველაზე უცნაური ის იყო, რომ მიუხედავად ცალსახად „ცუდი სიზმრისა“ მე არ მქონდა შინაგანი შფოთვა, არც გარშემო იგრძნობოდა რაიმე ბნელი დემონური ვიბრაციები, არც ჩემი მასწავლებლებისგან მოდიოდა რაიმე საგანგაშო სიგნალები.
შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობაში შევედი და მიქაელს შეკითხვა დავუსვი, რას ნიშნავდა ეს სიზმარი. ის ამ კითხვას ელოდებოდა.
მიქაელი:
− შენ სწორი გააკეთე, როდესაც სიზმრის შინაარსი შენს შინაგან შეგრძნებებთან გადაამოწმე. მე სპეციალურად გამოგიგზავნე ასეთი სიზმარი. მინდა, რომ კარგად გაიგო, რომ მიუხედავად იმისა, რომ სიზმრების და შეცვლილი მდგომარეობის საშუალებით გეკონტაქტებით, სიზმრებს ასი პროცენტით არ უნდა ენდო! ყოველთვის გადაამოწმე სინქრონიზირდება თუ არა სიზმრის კონტენტი შენს შინაგან შეგრძნებებთან. როგორი სიმბოლურიც არ უნდა იყოს სიზმარი, ის შეიძლება შენი ქვეცნობიერიდან მოდიოდეს, შენი შიშების ვიზუალიზაციას წარმოადგენდეს ან ბნელი არსებების მიერ იყოს ჩანერგილი. ამისთვის, რომ ჩვენ მიერ გამოგზავნილი სიზმარი გაარჩიო, შინაარს ნუ შეხედავ, გადაამოწმე შენს გულთან, ინტუიციასთან, დამიკავშირდი. თუ იმ მომენტში ამას ვერ ახერხებ, უბრალოდ გადადე მეხსიერების შორეულ კუნჭულში. თუ საჭირო იქნება, ამ ინფორმაციას ამოიღებ. დღევანდელი სიზმრის შემთხვევაში ეს შენი შიშია, შენ ქრისტიანული ეგრეგორისგან „დაწუნების“ გეშინია. რა თქმა უნდა, უდიდეს წილად შენ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას სამღვდელოების პირები არ მიიღებენ, რადგან ქრისტიანული ეგერგორის, ანუ სისტემის ნაწილნი არიან, რომლის ჩარჩოებშიც არიან მოქცეულები. ამიტომ ჩვენს წიგნს ერესად შერაცხავენ. ეს ასე იქნება. ამისთვის მზად უნდა იყო.
2020 წელი. 14 ივნისი. სკამები
დილისკენ, გაღვიძებისას, ისევ ვიგრძენი ცნობიერების აწევა. ეს შეგრძნება, როგორც წესი, თითქმის ყოველ დღე მეორდება და თავისით ხდება, რაც ყოველ ჯერზე მაკვირვებს. უკვე ვხვდები, რომ ამ დროს, ცნობიერებით მეუფეთა სამყოფელში ავდივარ.
ზევით ასვლის შეგრძნება რომ შეწყდა, მეგონა მიქაელს შევხვდებოდი, მაგრამ არა. მალევე გავარჩიე მეუფე ს. კ.-ს (სინათლის და სიბრძნის ღმერთი) ვიბრაცია - თბილი, მამობრივი, უაღრესად კეთილშობილი და მზრუნველი აურა. დიდი მოკრძალებით, პატივისცემით და სიყვარულით შევხვდი და მისგანაც იგივე ემოცია წამოვიდა.
ბოლო დღეები დაბნეულობაში ვარ. ჩემი წიგნი რედაქციას, დაკაბადონებას და თარგმანს გადის. გამომიჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც ეს საქმე ნათელი იერარქიის საპატივსაცემოდ უანგაროდ, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე შემომთავაზეს. ინტერნეტჯგუფში აქტივობა შევაჩერე, რადგან შეგრძნება მაქვს, რომ უკვე ყველაფერი ვთქვი და ყველაფერი დავწერე, რაც სათქმელი ან დასაწერი იყო. ამასთან, ჯგუფს შემოემატა უამრავი ადამიანი, რომელთაგან ბევრი დამღლელად ნეგატიურ ფიქრებს ავრცელებს. აქტიურობა ინტერნეტსივრცეში აბლაგვებს ჩემს ნატიფ შეგრძნებებს და გადავწყვიტე, რომ ცოტა ხანი დავაპაუზო. გარდა ამისა, ძალიან დამთრგუნა ინტერნეტის ნაგატივმა, რომელსაც უნებურად ვაწყდები და ვგრძნობ, რომ ამ ყველაფერს უნდა ჩამოვშორდე, დროებით მაინც, რადგან ამდენი უარყოფითი ინფორმაციის და ბოროტი კომენტარების ატანა აღარ შემიძლია. მაგრამ საკუთარი თავის ამგვარი იზოლაციით აღვმოჩნდი, ერთგვარად, უსაქმოდ. სინდისი მქენჯნის, რადგან მეჩვენება რომ პრობლემებს გავურბივარ და მეუფეების საქმის კეთებას ვანელებ. ამავე დროს მეჩვენება, რომ ეს მაინც სწორი გადაწყვეტილებაა. მეუფეებისგან ინფორმაციის მიღების გაგრძელების სურვილი მაქვს, მაგრამ არ ვიცი რა თემაზე უნდა მივმართო ყურადღება და ჩემი ცნობიერება მუდმივად ყოველდღიურ მიწიერ მოვლენებზე იფანტება.
ბოლო პერიოდში მაფიქრებს ამერიკაში მიმდინარე ანტირასისტული გამოსვლები, რომლებიც პოლიციელის მიერ ერთი შავკანიანის მკვლელობას მოყვა. ამ პროტესტს აყვნენ ევროპის ქვეყნებიც და მონაწილეობას იღებენ არა მხოლოდ შავკანიანები, არამედ თეთრკანიანებიც, რომლებიც რასიზმის საწინააღმდეგო მოძრაობას სოლიდარობას უცხადებენ. ყველაფერი კარგი, რომ არა მომიტინგეთა (განსაკუთრებით შავკანიანების) მხრიდან ამ პროცესების თანმხლები ძალადობა, ნგრევა, ძარცვა და სხვადასხვა ისტორიული ძგლების განადგურება. მომიტინგეები, ამ, ერთი შეხედვით კეთილშობილ იდეას, ახორციელებენ საოცარი დესტრუქციული და აგრესიული მეთოდებით, რაც ადამიანთა დიდ ნაწილში უკერეაქციას იწვევს, არა მხოლოდ მაპროტესტებლების, არამედ უკვე თავად იდეის მიმართ. ნაწილ მოსახლეობას, ამ დესტრუქციული მოქმედებების შემხდევარეს, შავკანიანთა მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება კიდევ უფრო უმძაფრდება. ნაწილი კი, არა მხოლოდ არ გმობს ასეთ „ბრძოლის მეთოდებს“, არამედ ამართლებენ კიდეც, რადგან მიაჩნიათ, რომ ჩვეულებრივი მშვიდობიანი გზები არაეფექტურია. საბოლოოდ, მთელი ეს პროცესი დიდ შოუს ემსგავსება, რომელზეც გარკვეული პიროვნებები და პოლიტიკური ძალები ქულებს იწერენ, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ იდეა სწორია და გარკვეული წარმატებაცაა უკვე მიღწეული ამერიკის კანონმდებლობის მხრივ, რომელიც პოლიციის მოქმედებებს და უფლებებს ეხება. მე არ ვარ ამერიკის პოლიტიკაში და მათ ზოგადად მათ პრობლემებში ღრმად გარკვეული ადამიანი. უბრალოდ ესაა, რაც ყველას ხვდება თვალში. ცალსახაა, რომ ადამიანები ყველა ფრონტზე და სფეროში თითქოს ორად არიან გახლეჩილები და ერთმანეთს უპირისპირდებიან.
მაგრამ მე კიდევ სხვა რამ მაფიქრებს. რასიზმი, ფემინიზმი, სექსუალურ უმცირესობათა მოძრაობები. თითქოს ერთხელ ერთ მხარეს გადაქანებული წონასწორობა ეხლა მეორე მხარეს გადაქანდა და მეორე უკიდურესობაში იმყოფება, სანამ ახალი წონასწორობა დამყარდება. რა იქნება ეს წონასწორობა? ჩემი გადმოსახედიდან მიდის ერთგვარი გლობალური „გათანაბრების“ პროცესი რასებს, ეროვნებებს, სქესებს, სექსუალურ ორიენტაციებს შორის, მაშინ როცა, ეს გათანაბრება არასწორია, იმ მხრივ, რომ ადამიანები არ არიან ერთნაირები. ისინი განსხვავდებიან ევოლუციური საფეხურებით, განსხვავდებიან ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობებით, მორალური ფასეულობების აღქმის უნარითა თუ სხვა უამრავი თვისებით, რადგან ზოგიერთი სული ჩამორჩენილია ევოლუციურ შკალაზე, ზოგი კი გაცილებით წინ უსწრებს საშუალო სტატისტიკურ ადამიანს. ეს განსხვავებები ვლინდება არა მარტო პიროვნების, არამედ ერის (რასაც ჩვენ ეროვნულ ხასიათს ვეძახით), ასევე რასის (რასის თავისებურებები) დონეზე.
ეს გენეტიკოსებისთვისაც ცნობილია, მაგრამ ჩვენი, კაცობრიობის, კოლექტიური ცნობიერება იმდენად დაბალია, რომ განსხავებულობა, და ვინმეს „ჩამორჩენა“ რომელიმე კუთხით, რატომღაც იწვევს „ჩამორჩენილის“ ჩაგვრას, იმის მაგივრად, რომ მის დახმარებაზე, წამოწევაზე იყოს ორიენტირებული. ამიტომ მიდის გათანაბრების პოლიტიკა, რომელიც მოიაზრებს, რომ ყველა ერთნაირია. შეიძლება ვცდები. ზედმეტად მარტივად ვაყალიბებ აზრს... შეიძლება მე ვერ ვხედავ სრულ სურათს... მხოლოდ ერთი ვიცი, რომ ღმერთის წინაშე ერთმანეთის დები და ძმები ვართ, როგორებიც არ უნდა ვიყოთ, რეინკარნაციის პირობებში ერთი და იგივე სული სხვადასხვა რასაში და ქვეყანაში ინკარნირდება, ხოლო ერთ-ერთი მთავარი საღმრთო კანონი ამბობს, რომ ძალადობა შობს მხოლოდ ძალადობას...
ამიტომ ცნობიერების აწევისას, მეუფესთან ჩემდა უნებურად ამ თემაზე წამივიდა ფიქრები, მიუხედავად იმისა, რომ სხვა საკითხზე, კერძოდ ჩემი საქმიანობის გაგრძელებაზე მინდოდა გარკვევა.
ჩემს კითხვაზე საპასუხოდ მან „ზევიდან“ გადმომახედა და მე ერთგავრი ტურბულენტური ნაკადები დავინახე, რომლებიც არათანაბრად იყვნენ დედამიწაზე განაწილებული და ზოგან მეტ, ზოგან ნაკლებ მოძრაობას ქმნიდნენ.
მეუფე:
− შენ იცი, რომ კაცობრიობის ევოლუცია მიმდინარეობს მატერიაში ჩასვლა-ამოსვლის ციკლებით. როდესაც სული ღრმად ეშვება მატერიაში, ადამიანთა შორის ჩნდება დაშორებულობა, დისკრეტულობა, ვითარდება ეგოცენტრიზმი, მიმდინარეობს გაყოფის, დაშორების პროცესები. „მე“ ხდება უფრო ძლიერი, ვიდრე „ჩვენ“. ამ დროს ჩნდებიან რასები, ერები... ჩნდება განსხვავებულობა და შედეგად საზღვრები, რადგან განსხავავებულ და მარტოსულ „მე“-ს სხვებისგან გამიჯვნა და თავდაცვა სჭირდება. ჩნდებიან ქვეყნები, ქალაქები, დასახლებები. რაც უფრო დაბალვიბრაციულ რეალობაშია სული, მით მეტია დაყოფა და გამიჯვნა ცოცხალ არსებებში და შესაბამისად მეტია თავდასხვა-თავდაცვა და უფრო მაღალია ცოცხალი არსებების ტანჯვის დონეც. მაგრამ ეს პროცესი, გლობალური გადმოსახედიდან, ასეც უნდა მიმდინარეობდეს, რადგან ეს ის ევოლუციური ხვეულია (საფეხური), სადაც ამ დისკეტულობაში სული იძენს ინდივიდუალურ თვისებებს. საბოლოო ჯამში მან ხომ ღმერთის რეალიზაციის ინდივიდუალურ ვარიანტს უნდა მიაღწიოს! როდესაც მატერიაში „ჩაშვების“ პროცესი მთავრდება, იწყება ამ ინდივიდუალობაშეძენილი სულების ამოყვანა უკან სულიერ განზომილებაში და იწყება უკუპროცესები, რომლებიც საყოველთაო ძმობას, ერთობას და თანაბარუფლებიანობას მოაზრებს. საწყის საფეხურებზე ეს იდეები შეიძლება არასწორედ ჩანდეს, რადგან ამ დროის მდგომარეობით რეალობა არ შეესაბამება იდეას. იდეა წინ უსწრებს. განსხვავებები რასებში, სხვადასხვა კულტურებს და ერებს შორის, გინდა ფიზიკურ, გინდა სულიერ მდგომარეობებში ცალსახაა. თითქოს, არ შეიძლება მათი გაერთიანება ერთი ქოლგის ქვეშ. თითქოს, ერთი რასა აშკარად „ჯობნის“ მეორეს, ან ერთი ერი უფრო განვითარებულია, ვიდრე მეორე. მაგრამ ხომ გახსოვს, ჯერ ჩნდება იდეა, ჯერ ისახება აზროფორმები მენტალურ ველში, ხოლო მერე ეს იდეები „ილექებიან“ მატერიალურ განზომილებებში. იდეა ყოველთვის წინ უნდა უსწრებდეს რეალობას! იდეა ყოველთვის უფრო ამაღლებული უნდა იყოს, ვიდრე რეალობაა. ეს არაა უტოპია. ეს არის კანონი! ხომ გახსოვს, რას გასწავლიდა მიქაელი? სულიერების ამაღლება ცნობიერების გაფართოებით და მეტი და მეტი ეგრეგორის შერწყმით ხორციელდება. საბოლოოდ, სულიერად ამაღლებულ არსებებს იმდენად ძლიერი ერთობის გრძნობა უჩნდებათ, რომ ყველა ერთმანეთის განცდა-ნაფიქრალის ესმით.
მე მიქაელის სიყვები გამახსენდა:
„- ამ დონეზე (იგულისხმება მის დონეზე) ცოცხალ არსებებს უდიდესი ერთობის განცდა აქვთ თავისი სტრუქტურის ფარგლებში არსებულ სულებთან, სხვა სიტყვებით თავის ოჯახთან. ჩემთვის ეს მე და ჩემი ანგელოზთა ლეგიონია. ჩვენ ერთ მთლიან ორგანიზმს ვქმნით, რომელიც რაღაცით ფუტკრების სკას ან ჭიანჭველების შეთანხმებულ საზოგადოებას შეიძლება შეადარო. აქ მონადებს გააჩნიათ, მაგრამ მაინც შედარებით წაშლილი აქვთ ინდივიდუალობის შეგრძნება სხვებთან სიყვარულით ერთობის განცდაში.“ (იხ. „გნოზისი, ანუ ანგელოზის გული. პირველი წიგნი“).
მიქაელის გახსენებაზე, უნებურად მისკენ წამივიდა ფიქრები. გამახსენდა და მომენტრა ის დრო, როდესაც ყოველ ღამით და დილით ის მასწავლიდა. განა სხვა მეუფეებთან ურთიერთობა სიხარულს არ მანიჭებდა, მაგრამ მიქაელთან სწავლა მხოლოდ სწავლა არ იყო. მასთან კავშირის დამყარება ყოველთვის იწყებოდა ძლიერი სიყვარულის გრძნობით, რომელიც ორმხრივი და ძალიან მძაფრი იყო. არც ერთ სხვა მეუფესთან არ მქონია ასეთი ემოციური კავშირი მიუხედავად ძლიერი პატივისცემისა და მოწიწების. ეს რაღაც სხვა იყო. მის გახსენებაზე უნებურად მისკენ მონატრების და სიყვარულის ემოციები გამეგზავნა და ჩვენ შორის უმალ გაჩნდა კავშირი, რომელსაც თავად მისი გამოჩენა მოჰყვა. ის მაშინვე მეუფესთან მივიდა და გააბა საუბარი, რომელიც, ვიცოდი, რომ მე მეხებოდა და რომელიც თითქოს მოსალოდნელი იყო მისთვის. რაღაცას უხსნიდა. უფრო სწორედ უმტკიცებდა. საუბარი რომ დაასრულეს, მეუფე ს. კ. მომიბრუნდა და უცნაური რაღაც მითხრა:
− მე მყავდა ერთი მოსწავლე. ძალიან წარმატებული იყო თავის დარგში, − თავიდან ვერ მივხვდი, რა იგულისხმა. მან ამ ადამიანის ვიზუალიზაცია გამომიგზავნა, რომლიდანაც ამ კაცის პიროვნება შევაფასე. ის ერთგვარი „მეომრების“ კატეგორიიდან იყო. არ ვიცი როგორ ავხსნა უკეთესად... ცოტა მკაცრი, ძალიან ასკეტური და ძალიან მამაკაცური... მის გამოცდილებაში იგრძნობოდა ჭირდათმენის უაღრესად განვითარებული ნებისყოფა, ამტანობა, უშიშრობა და ერთგულება. როგორც ჩანს მის სულს მრავალი ბრძოლა, ფიზიკური ტკივილი და მძიმე განსაცდელი ჰქონდა გამოვლილი. თითქოს მთელი მისი სხეული ნაიარევებით იყო დაფარული. მეუფემ განაგრძო:
− ყოველ ჯერზე, როცა სასწავლად ჩემთან მოდიოდა, მე სხვადასხვა ფერის და ფორმის სკამებზე ვსვავდი... − მან ისევ გამომიგზავნა ვიზუალიზაცია. ამჯერად ეს უცნაური ფორმის, ბავშვურად შეფერადებული, მკვეთრი ფერების სხვადასხვანაირი სკამების სურათები იყო. იქ იყო გოგოს, პრინცესული სტილის სკამი, ბავშვის, გვირილებით მოხატული მწვანე სკამი, ანტიკვარული, გაპრანჭული ტახტი და სხვა., − ყოველ ჯერზე განსხვავებული სკამი ჰქონდა, − განაგრძო მეუფემ, − მხოლოდ მას. სხვა დანარჩენები ჩვეულებრივ სკამებზე ისხდნენ. ეს ხომ უბრალოდ სკამი იყო? მეტი არაფერი. მაგრამ დამიჯერე, იმხელა დისკომფორტი ჰქონდა ამის გამო, რომ ყურადღებით ვერ უსმენდა იმას, რასაც ვასწავლიდი... − მან პაუზა გააკეთა და გამომცდელი მზერით შემხედა, − როგორ ფიქრობ, რატომ გიყვები ამას?
ამ სიტყვებმა საშინლად დამძაბეს. ჩემ გონებაში პასუხი მწიფდებოდა. მივხვდი, რომ ამ ადამიანს ძლიერი თვითიდენტიფიკაცია ჰქონდა გარკვეულ იმიჯთან, რომელიც მისთვის ეგოს გაძლიერების და მიწიერი მიჯაჭულობის ფორმას წარმოადგენდა... იმასაც მივხვდი, რომ პარალელი საკუთარ თავთან უნდა გამევლო, მაგრამ მეუფემ ჩემი ფიქრები წაიკითხა და გამაჩერა.
− ჯერ ნურაფერს მიპასუხებ. იფიქრე მაგაზე.
2020 წელი. 16 ივნისი. უცნობი მეუფე
დილით ისევ მქონდა ცნობიერების აწევის შეგრძნება, მაგრამ დღეს ახალი შეხვედრა შედგა. ბოლომდე ვერ ვხვდები ვინ იყო. ვიცი, რომ ერთ-ერთი მეუფეთაგანი. მისი ხასიათი მაშინვე შევაფასე. ის განსხვავდებოდა იმ მასწავლებლებისგან ვისთანაც აქამდე მქონდა კონტაქტი და ვინც ასე უხვად მაჯილდოვებდნენ სითბოთი და სიყვარულით. ეს მეუფე მკაცრი ჩანდა. ის მოკლედ, კონკრეტულად და საქმეზე საუბრობდა. რატომღაც ჩემი სკოლის მკაცრი მასწავლებლები გამახსენდნენ, მაგრამ თან საკუთარი თავი დავამშვიდე, რომ მკაცრი მასწავლებლები ყოველთვის მიყვარდნენ და ისინიც პატივს მცემდნენ ხოლმე. ასეთი მასწავლებელები სამართლიანები არიან და სიბეჯითეს და შრომას განსაკუთრებით აფასებდნენ. ამ მეუფის ტელეპატიური „ხმა“ გამორჩეულად „კარგად ისმოდა“. ეს მომენტი ნიშანდობლივ ავღნიშნე და ვუთხარი კიდეც.
− ძალიან კარგად მესმის თქვენი ხმა... − ვუთხარი ცოტა დაბნეულმა, იმიტომ რომ არ ვიცოდი რაზე მესაუბრა... როგორც წესი სხვა მეუფეებთან სასაუბრო თემა თავისით და ადვილად მოდიოდა ხოლმე, რადგან მე თითქოს ვიხსნებოდი და ჩემი ცობიერებიდან ბუნებრივად აღმოცენდებოდა კითხვები და საჭირბოროტო საკითხები. მაგრამ ამ მეუფესთან ეს „გახსნა“ რატომღაც არ გამომდიოდა...
მეუფე:
− ჩვენ ვფიქრობთ, ერთი მნიშვნელოვანი დავალება მოგცეთ. ვხედავ, რომ პირად სივრცეში ყოფნა ძალიან მოგწონს და ჩრდილში ყოფნას ამჯობინებ, მაგრამ სულ ასე ხომ ვერ იქნება?
მე მომინდა პასუხის გაცემა, მაგრამ მან, როგორც მეუფეებმა იციან ხოლმე, წინასწარვე იცოდა ჩემი ფიქრები და ერთგვარად გამაწყვეტინა:
− ოღონდ არ თქვა, რომ არ შეგიძლია და საამისო თვისებები არ გაქვს! ყველა ასე ამბობს.
ამ ნათქვამმა დამაბნია, რადგან ზუსტად ამის თქმა მინდოდა. უმრავლესობა „გნოზისის“ ჯგუფის წევრებმა და წიგნის მკითხველებმა არ იციან ვინ არის იმმა, არ იციან ჩემი რეალური პიროვნების შესახებ. ამგვარი იზოლაცია ხალხის ყურადღებისგან ჩემთვის ძალიან კომფორტულია. მე არც არავის აღიარებას ვეძებ და არც არავისი მასწავლებლობა მწყურია.
− სწორედ ეს მოგვეწონა, − უეცრად გავიგონე მეუფის ფიქრები, − ჭეშმარიტი სულიერი მასწავლებლები არასდროს ეძებენ ამ საქმეს. მათ ესმის, რომ სულიერ მასწავლებლობაზე დიდი პასუხისმგებლობა არ არსებობს. ყველა ჭეშმარიტი სულიერი მასწავლებელი, რომელიც კაცობრიობას ევლინებოდა, იქნებოდა ეს იოგი, გურუ, თუ ქრისტიანი მოძღვარი, ჩვენგან, ნათელი იერარქიისგან ხელდასმული უნდა ყოფილიყო! თუ არ იყო და ეს როლი თვითნებურად ჰქონდა ნაკისრი, ვაი მის ბრალს. უკეთესია ქვა მოიბა კისერზე და ზღვაში გადავარდე. ცრუმასწავლებლობაზე მძიმე კარმა არ არსებობს.
ამ სიტყვებმა კიდევ უფრო დამზაფრეს, მითუმეტეს ეს ყველაფერი ისედაც ვიცოდი. ყველა ის ადამიანი, ვინც ინტერნეტით მეკონტაქტებოდა, მიუხედავად იმისა, რომ რეალურად მათ ვასწავლიდი, ჩემთვის თანაბარი სულიერი მაძიებლები იყვნენ, რომლებსაც მე უბრალოდ ჩემ სულიერ გამოცდილებას და ცოდნას ვუზიარებდი... არავის არასდროს არ მელაპარაკებოდი მენტორული ტონით, ან ჭკუის დამრიგებლური რიტორიკით. ყოველთვის ვცდილობდი „თანაბარის“ პოზიცია დამეკავა. სულიერი მასწავლებელი სულ სხვაა...
− მაშინ, − სხვანაირად მივუდექი მე წეღან აკრძალულ აზრს, − მე იმ ჩემს თვისებებზე გეტყვით, რომელიც არ შეეფერება სულიერ მასწავლებელს. მაგალითად, მე ძალიან რბილი ვარ. ყოველთვის მეშინია, ადამიანს რამე ვაწყენინო და სიმკაცრე არ მყოფნის...
− ამიტომაც ვარ აქ! − უმალ მოვიდა მისი პასუხი. შემდეგ „ხმა“ ისევ დაიკარგა.
რამდენჯერმე შევამჩნიე, რომ კონტაქტი მეუფესთან ხან მეკარგებოდა, ხან ისევ მყარდებოდა, როგორც გაუმართავ ტელეფონში, სადაც ხმა წყდება ხოლმე, თუმცა, როცა ისმის, კარგად ისმის. როცა მიქაელთან ან სხვა მეუფეებთან მიწყდებოდა კავშირი, მე მათ სიყვარულით ვპოულობდი. მათზე ფიქრს რომ ვიწყებდი, სიყვარულის გრძნობა მიჩნდებოდა და მათ სულებს მაშინვე ვპოულობდი. მაგრამ ამ მეუფესთან ემოციური კავშირი ვერ მიჩნდებოდა... ამიტომ არ ვიცოდი, როგორ მომეძებნა. როგორც ჩანს ამ წყვეტებისას, ის მპოულობდა მე და არა პირიქით. უეცრად, მეუფემ თემა შეცვალა და განსხვავებული ინტონაციით თქვა:
− მაშინ, როდესაც პირველად გამოთქვი, ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი... სურვილი იმის, რომ სინათლის ფოკუსი არასდროს ჩამქრალიყო... გახსოვს? − მე ის საბედისწერო მომენტი გამახსენდა. მაშინ ისეთი ენტუზიაზმი ამენთო, რომ ლამის ფიზკურად გავნათდი, − მაშინ ყველამ დაგინახეთ... ძალიან ნათლად ჩანდი... − და ჩემდა გასაკვირად მისი ღიმილი შევამჩნიე... ამ ღიმილზე მეც საპასუხოდ გამეღიმა და უეცრად ვიგრძენი, რომ ჩვენ შორის ძაფი გაიბა, ჩემი შინაგანი ჩაკეტილობა გაიხსნა და გული გადამეშალა. როდესაც მეუფეს გულს უხსნი, ისიც გიხსნის. ეს ორმხრივი კავშირია. ის შენ გხედავს, შენ კი მას და ამ მკაცრი, საქმიანი ინდივიდუალობის უკან მე წამიერად დავინახე ის ის დიდი და კეთილი გული, როგორიც ყველა მეუფეს აქვს და რომელიც შეუძლებელია არ შეგიყვარდეს. ეს შეხება მის პიროვნებასთან წამიერი იყო, მაგრამ მე ჩავებღაუჭე ამ გრძნობას, რომ კავშირი გამემყარებინა...
კონტაქტი ისევ აღდგა და მეუფემ მკითხა, რა თემაზე მსურს საუბარი. ადრე თუ საუბრის თემა ადავილად მოდიოდა, ახლა ამ თემის ძებნა დამჭირდა და ჩემი არჩევანი კაცობრიობის წარსულზე, კერძოდ ატლანტიდაზე გაჩერდა.
− მართლა არსებობდა ასეთი ცივილიზაცია? რატომ ვერ პოულობენ დამაჯერებელ არტეფაქტებს? რამდენად დიდი ხნის წინ იყო და როგორი იყო? − მივაყარე მე კითხვები.
მეუფემ ჯერ პაუზა გააკეთა, მერე ვიზულიზაცია გამომიგზავნა რამდენიმე წრიული ფორმის ქალაქ-სახელწიფოსი, მაგრამ მერე თითქოს გაჩერდა.
− მინიმუმ ოთხი ფიქსატორი-აზროფორმა უნდა ჩავსვა შენს ცნობიერებაში, რომ მერე სრული სურათი შევიტანო, − თქვა მან, − შენს ცნობიერებაში დასაყრდენს ვერ ვპოულობ. ძალიან მწირი ინფორმაცია გაქვს...
თავიდან ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა. მივხვდი მხოლოდ, რომ იმისთვის, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია აღმექვა (იმ ტიპის კონტაქტით, რაც მქონდა), რაღაც ცოდნა ამ საკითხზე წინასწარ უნდა მქონოდა, ანუ რაღაც არქეტიპებს უნდა დაყრდნობოდა, იმისთვის, რომ მე სრული სურათის ვიზუალიზაცია მომეხდინა... ეს იგივეა, რომ დიდი მთების სურათს გიგზავნიდნენ, მაშინ როცა შენ ზღვის გარდა არაფერი გინახავს. მცირე ბორცვი მაინც უნდა გქონდეს ნანახი, რომ დიდი მთების სურათი სრულფასოვნად აღიქვა. არ ვიცი, უკეთ როგორ გადმოვცე აზრი, მაგრამ იმ ტელეპატიურ კონტაქტს, რაც მე მაქვს, როგორც ჩანს თავისი შეზღუდვები აქვს.
მე:
− მომანიჭეთ უფრო მკაფიო ხედვის უნარი. პირდაპირი ხედვის! მე მზად ვარ ასტრალში გავიდე ცნობიერების სრული შენარჩუნებით. ან იქნებ რამე სხვა მეთოდს მივმართოდ?
− არ გამოვა. ფიზიკური სხეული უნდა მომზადდეს.
− მითხარით რა გავაკეთო და ყველაფერს გავაკეთებ. თუ შიმშილობაა საჭირო, ამ ყველაფერს დავიცავ.
− არა. ამას ბევრი დრო უნდა და სხვა პირობები.
კავშირი ისევ გაწყდა და ისევ დამყარდა. მე რატომღაც მიქაელისკენ წამივიდა აზრები და ისევ ვიგრძენი მისი თბილი, მოსიყვარულე თანამყოფობა.
ჩემს სენტიმენტებზე მეუფეს გაეღიმა.
− ტყუპისცალი ალი... − ჩაილაპარაკა მან, − მას თავის ცნობიერების ნაწილი მუდმივად შენთან აქვს დატოვებული, ამიტომ ნუ გეშინია, არსად დაიკარგება.
მე მინდოდა მეტი გამომეკითხა, რას ნიშნავს „ტყუპისცალი ალი“, მაგრამ კავშირი ისევ გაწყდა და ამჯერად აღარ აღდგა.
ეს პირველი კონტაქტი იყო, რომელმაც დაბნეულობაში დამტოვა. ბუნდოვნად ვხვდები, ვისთანაც მქონდა შეხვედრა, მაგრამ სახელს მაინც არ დავწერ, რადგან არ ვარ დარწმუნებული და მეუფის სიმკაცრის მერიდება.
2020 წელი. 17 ივნისი. ახლოვდება ახალი გარდამტეხი მომენტი
ახლოვდება ზაფხულის ნაბუნიობა. ამ ჯერად ზაფხულის ნაბუნიობა ემთხვევა მზის დაბნელებას. ცალსახად, ეს გარდამტეხი მომენტი იქნება ჩემ ცხოვრებაშიც. ეს დღეები ვფიქრობ, რომ ახალი გეზი უნდა ავირჩიო. ვფიქრობ, მეუფეებთან თხოვნა გავაგზავნო, რომ ისევ მიქაელთან მიმამაგრონ სასწავლად. დიდი სიამოვნებით გავაგრძელებდი საკრალური ცოდნის გადმოცემას. ხომ ზუსტად ვიცი, რომ მიქაელს არ აქვს ამაზე შეზღუდვა. მას შეუძლია გაცილებით მეტი გამიმხილოს, თუ რათქმაუნდა ამაზე მისი და საღმრთო ნება იქნება. წინა ღამით დიდხანს ვფიქრობდი, როგორ გამეკეთებინა ჩემი თხოვნის ფორმულირება. ჩემი პრიორიტეტები ჩემთვის ცალსახა იყო, მაგრამ მეუფეებთან ბოლო შეხვედრებმა დამაფიქრეს, რამდენად სწორია ეს ჩემი სურვილი... სურვილი სურვილია, მაგრამ იქნებ საქმეს სხვაგვარად სჭირდება?.. მაგრამ სხვაგვარად რომ იყოს საჭირო, ხომ თავად მიქაელი მეტყოდა ამის შესახებ? ან იქნებ არ მეტყოდა? იმიტომ რომ უმეტეს წილად არ მეუბნება ხოლმე რა უნდა გავაკეთო ან რა ავირჩიო. ის ყოველთვის ჩემს გადაწყვეტილებას ელოდება. „ვერავინ ვერ იცხოვრებს ცხოვრებას შენ მაგივრად, ნუ ელოდები, რომ ვინმემ გმართოს. გზის მინიშნება და მართვა სხვადასხვა რამეა“ - გამახსენდა მე მისი სიტყვები და კიდევ უფრო დავიბენი. ცალსახად ვგრძნობდი, რომ ჩემი არჩევანი იქნებოდა გადამწყვეტი მომავალი წლის საქმიანობაში.
2020 წელი. 19 ივნისი. ჩემი თხოვნა-წერილი კარმის მეუფეებს
ბოლო-ბოლო აზრებს თავი მოვუყარე, გადავწყვიტე და დავწერე წერილი, სადაც ავიღე რამდენიმე ყოველდღიური ლოცვითი ვალდებულება და გამოვთქვი სურვილი, რომ წიგნის წერა გაგრძელდეს და ჩემი მასწავლებელი ისევ მიქაელი იყოს. ასევე ვთხოვე, რომ ვინმე ადამიანი გამოეგზავნათ ან მიეთითებინათ, ვინც ამ საქმეში გვერდში დამიდგებოდა. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ასეთი ადამიანი უკვე ისედაც არსებობს, კარგი იქნებოდა, რომ მეუფეებისგან წამოსულიყო კონკრეტული მითითება. შემდეგ ეს წერილი დავწვი, ლოცვებში მიქაელს მოვუხმე და ვთხოვე, რომ ამ წერილის ეთერული ანაბეჭდი კარმის მეუფეებთან მიეტანა, რადგან ახლოვდებოდა ახალი გარდამტეხი მომენტი.
მიუხედავად იმისა, რომ კორონა-ვირუსი საქართველოს სამეზობლოდ მძვინვარებს, ჩვენთან სიმშვიდეა. სულ ის სიზმარი მახსენდება - ტორნადოზე, სადაც ტორნადო ყველაფერს ანგრევს, მაგრამ ჩვენ შედარებით გვინდობს. (თუმცა მერე ჩვენთანაც შემოდის...)
როგორც ჩანს, მუშაობის შესაძლებლობა მექნება, ამიტომ ჩემი სურვილიცაა, რომ საქმე გაგრძელდეს.