ენერგეტიკული ნაკადები
2020 წელი. 14 მარტი. ენერგეტიკული ნაკადები
ძილის წინ უამრავი აზრი ირეოდა ჩემს გონებაში. ბოლო დღეების ეპიდემიაზე მეფიქრებოდა და იმ შიშზე და დაბნეულობაზე, რაც ამ ეპიდემიას მოჰყვა. ჩემი აპოკალიფსური სიზმრები მიდგებოდა თვალწინ და მიჭირდა იმის დაჯერება, რომ კატაკლიზმების სცენარი რეალურად გააქტიურდა, ხოლო კორონა ვირუსი ამ ჯაჭვური პროცესების მხოლოდ დასაწყისია... ჩემს თავზეც მეფიქრებოდა... ვიცი, რომ მაგრად უნდა ვიყო, რადგან ჩემზე ბევრი სხვა ადამიანია დამოკიდებული. მეფიქრებოდა და მედარდებოდა, რომ ჩემი წიგნის ელექტრონული ვერსია დავდე მხოლოდ ძალიან პატარა ჯგუფში და კიდევ ერთ-ერთი მსხვილი ეზოთერული ჯგუფის ადმინს მივაწოდე. რომ ვაწოდებდი, ცოტა ეჭვი მეპარებოდა, რომ ამ წიგნის განთავსება მის საიტზე, რამე შედეგს გამოიღებდა, ვინმე თუ წაიკითხავდა, ან რამე გაგრძელება თუ ექნებოდა ამ პროცესს...
ეს აზრები გაუთავებელ მორევში მატრიალებდნენ და ერთი და იგივესთან მაბრუნებდნენ. ამის ფონზე ცნობიერების აწევაზე არც მიფიქრია, რომ უეცრად ვიგრძენი, როგორ ლიფტივით ავიდა ჩემი გონება სადღაც „მაღლა“. ამ აწევას მიჩვეული ვიყავი და ვიცოდი სადაც აღმოვჩნდებოდი. ეს ზედა ეთერული ოქტავა იყო. ფიქრებით მიქაელი მოვძებნე. მისი სითბო და სიყვარული მომეხვია და მისი აზრები გავიგონე:
− ნუ ერთვები ამ მოვლენებში... გაემიჯნე...
ვიცი, რაც უნდოდა ჩემგან და ისევ ის ძველი აფირმაცია გავიმეორე, რომელიც მისი თქმით იდეალურად მოერგო ჩემს ცნობიერებას:
− მე არავინ და არაფერი არ მეკუთვნის და მეც არავის და არაფერს არ ვეკუთვნი, გარდა მიქაელ მთავარანგელოზისა და მისი შუამავლობით ღმერთს!
ვგრძნობ, რომ ამ სიტყვების წარმოთქმისას მიწიერი რეალობა ბოლომდე მწყდება და ჩემი ცნობიერება სრულად ინაცვლებს სხვა განზომილებაში.
რატომღაც თავში კითხვა მომდის, სწორი იყო თუ არა იმ საიტზე წიგნის განთავსება?..
− შეხედე ჩემი თვალებით... − მეუბნება მიქაელი ჩემს ფიქრებზე საპასუხოდ. მე ქვევით, მიწერ განზომილებას ვუყურებ და უეცრად ვხედავ, რომ ყველაფერი ენერგეტიკული ნაკადებითაა დაფარული. იმ ეზოთერულ საიტსაც ვხედავ... ვერც ავხსნი როგორ ვხედავ... როგორც ინფორმაციულ ერთეულს.. ვხედავ, რომ მისკენ ენერგიის ნაკადია მიმართული...
− როცა ნაკადი დაბლოკილია, რაც არ უნდა გააკეთოს ადამიანმა, არაფერი გამოუვა! ჩვენ ძალგვიძს ამ ნაკადების მიმართულებაზე ვიმოქმედოთ...
მისი ნათქვამიდან მივხვდი, რომ ამ საიტზე წიგნის განთავსებისთვის ესე ვთქვათ, გზა ენერგეტიკულად ხსნილია! იმასაც მივხვდი, რომ ამ ნაკადების მართვით შეიძლება არეგულირო მოვლენები... მათი მართვა სულიერი არსებების მხრიდანაცაა შესაძლებელი და თვითონ ადამიანების მხრიდანაც. ოღონდ ჩვენ ნაკლებად ვიაზრებთ, რომ ჩვენი ფიქრები და განწყობები ან ენერგოარხებზე ზემოქმედებენ.
ხომ ხედავ, რატომ გთხოვ ყოველთვის ერთი და იგივეს, რომ ემოციურად გაემიჯნო მიმდინარე მოვლენებს და გარეგანი დამკვირვებლის პოზიციაში გადაინაცვლო. ამიტომ მინდა, რომ ნაწილი შენი ცნობიერების მუდმივად აქ იყოს. შენი ჩართულობა მიწიერ პრობლემებში ხშირად არასწორედ მიმართავს ენერგეტიკულ არხებს, რისი გამოსწორებაც მე მიწევს ხოლმე საკუთარი ძალისხმევით... ნუ ჩაერთვები პროცესებში... ნუ მიეცემი მიწიერი აზრების, შიშების და უკონტროლო შფოთვების კორიანტელს... ნება მიეცი შენს სულიერ „მეს“ გაატაროს ენერგო ნაკადები „ღმერთის ნების“ მიხედვით... შენი დაბალი ეგოს ნება არ უნდა იყოს... არამედ ღმერთის... უნდა ისწავლო, ეს როგორ გააკეთო...
უეცრად გავაანალიზე, რომ ამ ნაკადების დანახვა იმის გაგების საშუალებასაც მომცემს, ამ ავადსახსენებელ კორონავირუსს საით აქვს „გზა ხსნილი“... ანუ შესაძლებელია დაინახო, ვინ დაავადდება და ვინ არა. ამის გაფიქრება იყო და „მხედველობა“ გადამერთო ვირუსის ენერგონაკადებზე, მაგრამ ეს ხედვა მაშინვე გავწყვიტე, რადგან შემეშინდა, ვინმე ჩემი ახლობლის ავადმყოფობა არ დამენახა. შიშმა კავშირი გაწყვიტა და ისევ დავეშვი, თუმცა გულიმიერი ერთობა მიქაელთან დამრჩა, როგორც მისი თბილი, მოსიყვარულე თანამყოფობა და თანამონაწილეობა ჩემს ყოველ მოქმედებაში.
ომრაამ მიქაელ აივანხოვი მზესთან დაკავშირებით
„დედამიწის ისტორიის ყოველ დიდ პერიოდს, ოთხი სტიქიიდან (მიწა, წყალი, ჰაერი, ცეცხლი) ატყვია კონკრეტული სტიქიის/ელემენტის დაღი. ჩვენს ეპოქაში იქნება ცეცხლის გამოვლინებები და მისი დომინირება. კაცობრიობა შეიცნობს მას ყველა შესაძლო ფორმაში. ამიტომ ჩვენ უნდა გავმაგრდეთ და მისი მეგობრები გავხდეთ. როდესაც ვუკავშირდებით მზეს, რადგან მზე არის ცეცხლის უმაღლესი გამოვლინება, ჩვენ უნდა ავიმაღლოთ ვიბრაცია იქამდე, სანამ არ ვიგრძნობთ მასთან შერწყმას. ისინი, ვისაც უყვარს მზე და ვინც ხვდება, როგორი ადგილი უნდა ეკავოს მზეს სულიერ ცხოვრებაში, გადაურჩებიან ჩვენი ეპოქის ცეცხლის დამანგრეველ გამოვლინებებს.“
2020. 21 მარტი. გაზაფხულის ბუნიაობა. მზე და მიქაელი
სიზმარი:
ვიღვიძებ. ოღონდ რატომღაც არა ჩემს საძინებელში, არამედ რაღაც შეფიცრულ მანსარდაში. ფეხზე ვდგები და პირველივე ნაბიჯის გადადგმისას ვგრძნობ უცნაურ სიმსუბუქეს სხეულში. ჩემი სხეული იმდენად ჰაეროვანია, რომ თითქმის დავფრინავ და ფეხის წვერებით ძლივს ვეხები იატაკს.
− მიქაელ, შეხედე... შეხედე როგორი მსუბუქი ვარ!.. − რატომღაც მივმართავ მიქაელს. უეცრად ვგრძნობ, რომ შინაგანად რაღაც ძალა მავსებს, რომელიც ჰაერში მიტაცებს და ფანჯარასთან მიმაფრენს. ფანჯარაში ბუნების პეიზაჟი ღამის ჩრდილებისგან იცლება და ამომავალმა მზემ გაცისკროვნებული ფერებით უნდა გააცოცხლოს გაზაფხულის გაყვავებული ხეებისა და ნორჩი ფოთლებით შემწვანებული ბუჩქნარით დაფარული მდელოები. თენდება და აღმოსავლეთის ჰორიზონტიდან საცაა ვეებერთელა მზე უნდა ამოცურდეს! მზეს სულმოუთქმელად ველი... და აი, ისიც! დიდებული, მანათობელი, გაჩახჩახებული სხეული, რომლის მიმართ უნებურად ვიხსნები... ვგრძნობ, რომ იმ პირველ სხივებთან ერთად, რომლებიც ჰორიზონტიდან გამოიტყორცნება, ჩემში სულიერი ძალა უნდა შემოვუშვა... ეს ძალა რაღაცნაირად მიქაელთან მაკავშირებს და მზის სხივებთან ერთად მისი სული შემოდის ჩემში... სხეულის ყოველი უჯრედი ამ ძალით იმუხტება. ეს მუხტი უხილავ გამოსხივებაში გადადის, უსასრულო, სიბნელემდე თვალისმომჭრელ სინათლეში, რომელშიც მე და მზე ერთარსად ვიქცევით!..
2020 წელი. 14 აპრილი. სწავლება დამთავრდა
ვგრძნობ, რომ რაღაც შეიცვალა, ჩემს მასწავლებლებთან ურთიერთობაში. ის რაც მაშინ სიზმარში დავინახე, როგორც სულიერი იერარქების „წასვლა“, როგორც ჩანს ასეც აღმოჩნდა. ეს არ არის ბოლომდე „წასვლა“, მაგრამ რაღაც ეტაპი, სწავლის ეტაპი, როგორც ჩანს დასრულდა იმ მომენტში, როცა გააქტიურდა „კატაკლიზმების სცენარი“. თავიდან ავსტრალიის ხანძრით დაიწყო, შემდეგ პანდემია წამოვიდა, რომელიც მთელ მსოფლიოს მოედო და ყველა და ყველაფერი შეაჩერა. ჩვენს თვალწინ იცვლება სამყარო, გლობალურად მიდის ფასეულობების შეცვლა, ზედაპირზე ამოდის ადამიანების ჭეშმარიტი ბუნება და მრწამსი, რომელიც იქამდე ოსტატურად იყო შენიღბული. სულიერი იერარქიაც სხვა მდგომარეობაშია, სხვა რეჟიმშია გადასული. მიქაელთან, იესოსთან და ამაღლებულ სულთან სულ მიჭირავს გულისმიერი კონტაქტი. მიქაელი ისევ ითხოვს და ამჯერად კიდევ უფრო დაჟინებით, რომ ცნობიერების ფრაგმენტი სულ მის დონეზე მქონდეს. ვგრძნობ, რომ ამ წუთას ჩემგან ესაა ყველაზე მოთხოვნადი. მასთან ტელეპატიური კავშირი უფრო იშვიათი გახდა და უფრო პირად საუბარს წარმოადგენს ხოლმე. სწავლება დამთავრდა...