გნოზისი, ანუ ანგელოზის გული - წიგნი მეორე

იმმა
0
0

სულიერი საფრთხეები

 

         2020 წელი. 7 მაისი. ვესაკის დღე
 

     არ ვიცი, რა კავშირშია ეს დღე ჩემ ადრე დასიზმრებულ სიზმართან, სადაც 7-მა მაისმა გაიჟღერა (იხ. კატაკლიზმი მეორე), მაგრამ დღეს ფეისბუკმა მომილოცა დაბადების დღე. სინამდვილეში ეს არაა ჩემი დაბადების დღე, არამედ „Imma Imma“-ს პროფილის და ჯგუფი „გნოზის“-ის გახსნის დღეა, რომელიც ასევე სრულიად შემთხვევით დაემთხვა ბუდისტების წმინდა დღეს - ე.წ. ვესაკის დღეს, ანუ მაისის სავსემთვარეობას. თქმულების მიხედვით, 623 წელს ჩ. წ. ა.-მდე ამ დღეს დაიბადა გაუტამა ბუდა, ამ დღესვე გასხივოსნდა (35 წლის მერე) და ამ დღესვე (84 წლისა) გარდაიცვალა. აი, ასეთი საინტერესო დღე ყოფილა.

 

     დღეს მინდა ჩავიწერო ნ.-ს მორიგი სიზმარი, რომელიც განსაკუთრებით სინქრონიზირდა ჩემ ფიქრებთან.

     ნ.: 

      − იმმა, გამარჯობა. იმმა, შეიძლება გაწუხებ, მაგრამ ძალიან მეხმარება, შენ როცა ჩემს სიზმრებს გიყვები. ორი დღის წინ ვნახე სიზმარი, თითქოს ნაცნობ ქალაქს მაგრამ ამავე დროს უცნობს შემოესა მტერი, აი როგორც ომებში ხდება, ჯარისკაცები, მანქანები, ტანკები და მშვიდობიან მოსახლეობას ავიწროებდნენ. ამ დროს პატარა ბიჭი გზაზე გადადიოდა და ერთ ერთმა ჯარისკაცმა საყელოში ხელი ჩაავლო და ყვირილი დაუწყო, რატომ არ გვემორჩილებიო და ამ ჯარისკაცის სახემ ნელ-ნელა ურჩხულის ფორმა მიიღო  მე ამ ყველაფერს გზაგასაყარზე ვიდექი რამოდენიმე ადამიანთან ერთად და შორიდან ვუყურებდი, შემდეგ კადრი გაქრა (ჩემი აზრით) და სადღაც სოფელში აღმოვჩნდი სადაც ციდან დაეშვნენ ადამიანები, ნუ ვიზუალურად ადამიანები, ერთ-ერთი მოვიდა და ესე მითხრა - ჩვენ ღმერთის შვილები ვართ და ადამიანების გადასარჩენად მოვედითო და ხელი დამადო გულ-მკერდის არეში. გარდა სრული თავისუფლებისა არაფერი მიგრძვნია და მეც თითქოს ერთ-ერთი მათგანი გავხდი. ძალიან საინტერესოდ ვშველოდით ადამიანებს. ანუ, ამ ღმერთის შვილებს შეეძლოთ ბევრნი გამხდარიყვნენ, ანუ ერთი ღმერთის შვილი რამოდენიმე ათასი ხდებოდა და ამ დროს უჩინარი, ადამიანების სხეულებში გადიოდნენ შეუმჩნევლად და კურნავდნენ ადამიანებს. მეც ორი ადამიანის სხეულში შევედი შეუმჩნევლად და გავასუფთავე ისინი. თუმცა ყველაზე საოცარი ისაა, რომ ამ ადამიანებს ფიზიკური ტკივილი არ ტანჯავდათ. თითქოს ჯანმრთელები იყვნენ, მაგრამ ყველა ნაცრისფერი იყო ან შავი.   წუხელ კიდევ რა დამესიზმრა. მაგრამ სანამ სიზმარს მოვყვები წინასიტყვაობა უნდა გითხრა. წუხელ გვიან მოვედი სამსახურიდან დ.-მ ვახშამი გამიმზადა და ერთ-ერთი შემადგენელი რაციონი იყო ქათმის ხორცი, ერთი ნაჭერი ჩავკბიჩე და რაღაც არ მესიამოვნა ქვეცნობიერში, ოღონდ და არც გამიგრძელებია ჭამა. უნებურად უხასიათოდ ვიყავი და უხასიათოდაც დამეძინა. სიზმარში კი ასეთი რამე ვნახე: ჩემს სოფელში დიდი მაგიდა იყო გაშლილი და ადამიანები ისხდნენ. ყველა უცნობი იყო და ყველა ხორცს ჭამდა და ამ ხორცის ღეჭვის მომენტიდან ბოლომდე გადაყლაპვამდე ვხედავდი ადამიანის აურა და ენერგია როგორ ბინძურდებოდა და ილექებოდა ქვემოთ გენიტალიებთან და რაც უფრო მეტს ჭამდენ, ის ადგილი უფრო და უფრო შავდებოდა.  ისევ შემეშინდა რატომღაც ისეთი უცნაური სანახავი იყო და გამეღვიძა. მთელი დღეა ამაზე ვფიქრობ. საერთოდ ბავშვობიდან საქონლის და ღორის ხორცს არ ვჭამ არა რაიმე იდეოლოგიის გამო, უბრალოდ არ მიყვარს, არც თევზს მათ შორის და ფრინველის ხორცს ვეტანები ხოლმე და ალბათ ნიშნავს რამეს.

 

      იმმა:

      − ძალიან მანიშნებელია შენი სიზმრები. ხორცს რაც შეეხება, ყველაფერი მასეა. კვებასთან დაკავშირებით იხ. „2018 წელი. 15 სექტემბერი. თბილისი. კვებაზე“.   რაც შეეხება ღვთის შვილების ჩამოსვლას, ძალიან გამახარა ამ შენმა სიზმარმა. მიქაელიც "ღვთის შვილია" და სწორედ ასე მადებს ხოლმე ხელს გულის არეში. ხან მას ვხედავ ხოლმე, როგორც მზის გამოსხივებას, რომელიც ჩემ გულთანაა დაკავშირებული. ეს სხივები შემოდიან და მეც მანთებენ და მასუფთავებენ. ეს ყველაზე სწორი კავშირია მათთან. გულისმიერი კავშირი.

 

      ნ.: 

      ­− ხო, მეც დავმშვიდდი ცოტა ამ სიზმრის შემდეგ. ისე შიშები და ეს დემონური ენერგიები იმდენად აღარ მაწუხებს, უბრალოდ სიზმარში ბევრ ნაგავს ვხედავ, რომელსაც ვასუფთავებ და ძალიან მიჭირს სიზმარში მათი გასუფთავება. ეხლა ალბათ ჩემს შიგნით არსებული "ნაგვის" გასუფთავების პროცესი მიმდინარეობს.

      იმმა:

      ­− ეგ უნდა მეკითხა ზუსტად და ვერ მოვახერხე ეს დღეები. წესით ისე აღარ უნდა გაწუხებდნენ. თუ გინდა მოგიყვები შენზე რა მაჩვენა მიქაელმა.

 

      ნ.:

      − მართლა? მიხარია თუ ასეა. არა, იმმა, სამწუხაროდ არ მახსოვს. ნელ-ნელა ვკითხულობ. გაცნობიერება მინდა ყველაფრის. ვაიმე რა თქმა უნდა მინდა.

 

      იმმა:

      − ესე თავს რომ ესხმიან (დემონები) ჩემს ნაცნობ ადამიანებს, (მიქაელს) ვთხოვ ხოლმე, რომ დაიცვას ის ადამიანები და შენზე მითუმეტეს ვთხოვე. დილით, მზე რომ ამოდის ხოლმე, ხშირად მაქვს სიფხიზლეში, ოღონდ დახუჭული თვალებით ეს კავშირი მასთან. შენც შეიძლება რაღაც მომენტში გაგიჩნდეს და არ გაგიკვირდეს. ანუ დახუჭულ თვალებში იწყება როგორც სიზმარი, ოღონდ ფხიზლად ხარ, არ გძინავს. და იწყება იმით, რომ ზევით მიფრინავ. უბრალოდ ხედავ, რომ სადღაც ზევით მიფრინავ. მერე ჩერდები. მერე, როგორც წესი გული გულს უკავშირდება (ჩემ შემთხვევაში მიქაელთან), ძალიან ძლიერი  სიყვარული გრძნობა მოდის). ამ "ზედა ეთერული სივციდან" ბევრი რამე შეიძლება გაჩვენონ, რაც "ქვემოთ" ხდება. და ჩანს პლანეტარული სხვადასხვა ველები, მათ შორის ენერგეტიკული, ასტრალური და მენტალური. და ადამიანებიც თავისი აურებით. და შენ გიპოვა რაღაცნაირად. თვითონ უკან დადგა და მე მითხრა, დაცვა გაუკეთეო. ხო, შენზე მოდიოდა თავდასხმები. ოღონდ ამას ვხედავდი, როგორც შავ ენერგეტიკულ დარტყმებს, რაღაცნაირ ამორფულ ფორმებს, თუ ნაკადებს. ვერც ავხსნი. აი, სიბნელე რომ მოზღვავდება ადამიანის გარშემო. მე რანაირად არ ვიცი, მაგრამ რაღაც თეთრი სფეროსავით გაგიკეთე. და დავინახე, რომ ეს შავი ნაკადები/ნივთები ამ სფეროში ვერ აღწევდენენ, მაგრამ ამ სფერომ დაიწყო შიგნიდან გატეხვა. ანუ შენგანაც გამოდიოდა რაღაც ნეგატიური. ეს იყო რაღაც ნეგატიური ემოციები, შფოთვები, შიშები, ფიქრები და "ციხე შიგნიდან ტყდებაო", რომ ამბობენ, ასეთი რაღაც ხდებოდა. მიქაელი არაფერს არ მეუბნებოდა. შენ თვითონ მიხვდიო. და მე რატომღაც (ანუ, ამ მდგომარეობაში, როცა ასტრალური სხეულით გადაადგილდები, აზროვნება შეცვლილი გაქვს და რაღაცნაირად "გულით" ფიქრობ და არა გონებით, ამიტომ გადაწყვეტილებები მომდიოდა თავისით, ინტუიციურად) და მე ჩაგეხუტე და რატომღაც გითხარი "გამოანთავისუფლე შენი შინაგანი ბავშვი". არ ვიცი ასე რატომ გითხარი, მაგრამ შენ მიხვდი რაზეც იყო საუბარი. და რომ ჩაგეხუტე ჩემი გულიდან შენ გულში გადავიდა ის თეთრი სინათლე, რომელიც თავიდან გარედან სფეროსავით გაგიკეთე და ეს "შინაგანი ბავშვი" რომ გამოანთავისუფლე, შენც განათდი და შენ თვითონ გაგიკეთდა ეს თეთრი სფერო, რომელიც უკვე შიგნიდან, შენი გულიდან ნათდებოდა და აღარ ინგრეოდა. რამდენად მერე შეინარჩუნე ეს მდგომარეობა არ ვიცი, მაგრამ რომ დაგტოვეთ, სრული შეგრძნება მქონდა, რომ ისე ვეღარ შეგაწუხებენ დემონური ენერგიები, როგორც ადრე. მგონი ასეც მოხდა!

 

     ნ.: 

      − მადლობა დიდი შენ და მიქაელს. აი, ვხედავ და ვგრძნობ ეს შემოტევები, რომ აღარ მაქვს იმდენად. ეჰ... იმმა,  ჩემგან წამოვიდოდა ცუდი ენერგიები. მე რა ცხოვრება მქონდა ძალიან დაბინძურებული, იყო ჩემს ცხოვრებაში იყო ისეთი დრო ჯადოებსაც რომ მიკეთებდნენ. კაცი სხვათაშორის, მაგრამ ისევ ღმერთის ძალით ნელ-ნელა გამოვძვერი სიტუაციიდან. 

 

 

         2020 წელი. 11 მაისი. სულიერი საფრთხეები
 

     ნ:

      − იმმა დილამშვიდობისა! წუხელ სიზმარი ვნახე საკმაოდ გრძელმეტრაჟიანი თუ შეიძლება ამას ასე ვუწოდო არ ვიცი.  რამოდენიმე დღეა სიზმარში მარტივად ვაანალიზებ რომ სიზმარში ვარ. წუხელ პატარა ბილიკს მივუყვებოდი. საკმაოდ ლამაზი იყო. გარშემო ბუნება და უცებ საიდანღაც ძაღლი გამოჩნდა. თითქოს მომდევდა და მიყეფდა. მე მას სერიოზულად არც შევხედე და გავაგრძელე სიარული თუმცა მიწაზე ნაბიჯებს არ ვდგამდი. ავმაღლდი ამ ძაღლზე დაახლოებით ერთი მეტრით და ჰაერში დავდიოდი. თან ვფიქრობდი რა უცნაური არსებაა, იცის, რომ ვერ მწვდება და მაინც მიყეფს-თქო, უცებ მეორე ძაღლიც გამოჩნდა, რომელიც ცოტა უფრო მაღალი და ავი იყო. მეც უფრო მაღლა ავიწიე, მივხვდი რომ სიზმარში ვიყავი და ფრენა გადავწყვიტე, როგორც კი ზემოთ ავიწიე ელექტრო ენერგიის მავთულები ვნახე და ეხლა იმაზე დავდიოდი (ისე მომეწონა გავერთე ცოტა). მაგრამ ეს სიარული დიდ ხანს არ გაგრძელდა, უცებ დავეშვი დაბლა თავისით და წეღან ხომ მე ავმაღლდი ძაღლებზე და ეხლა ჩემს გარშემო დიდი, უზარმაზარი, შავი რამოდენიმე არსება იდგა. მივხვდი იმას, რომ როგორც კი მიხვდნენ ჩემს ფრენის შესაძლებლობას, ისევ დემონებმა შემომიტიეს  იესოს ლოცვა არ მშველოდა. ისე უცებ მიახლოვდებოდნენ, თითქოს ჩემი შთანთქვა უნდოდათ. მე ისევ ჩემი შიშის ენერგია ვიგრძენი, მაგრამ ვითხოვე ამ სიტყვებით : ღმერთო მომეცი სიყვარული და, იმმა, ისე გაქრა გარშემო შიშიც, ის უსახური არსებებიც, ეს იყო სასწაული შეგრძნება. და ამის მერე სრულიად უარაფრო სივრცეში მესმის ხმა: ვინ გინდა იყოს შენი მასწავლებელი და მე თითქოს სულიერი ხმა აღმომხდა: გაბრიელი და გამეღვიძა საოცრად სასწაული გრძნობით.

 

      მე:

      − რა მაგარია, ნ.! მიხარია შენ მაგივრად. ისე, რატომ გაბრიელი, რა საინტერესოა...

 

      ნ.:

      − ხო რაღაც შოკი მაქვს მე ჯერ კიდევ. არ ვიცი რაღაც თავისით უცებ აღმომხდა. ვერც კი წარმომედგინა, რომ ასე შეიძლებოდა საუბარი ანგელოზებთან ან ღმერთი თუ საუბრობდა.

 

      იგივე დღე. წერილი სხვა ჯგუფის წევრისგან - N.-სგან:

      N:

      − ახლა კი მინდა მოგიყვეთ ერთი უცნაური რამ, რაც შემემთხვა "გნოზისი" დამთავრებისას. აღდგომის დღეებში დავამთავრე. ვკითხულობდი ღამე საწოლში. დილას გაღვიძებისთანავე გავაცნობიერე ასეთი რამე - ვგრძნობ, რომ თითქოს საწოლში კი ვწევარ,მაგრამ შეგრძნება მაქვს რომ ნაწილობრივ აწეული ვარ ჰაერში, ვწევარ ზურგით ზევით, ანუ მუცელზე და ვგრძნობ ჩემს ზურგს ზევით რაღაც ენერგიას, ენერგია მოძრაობს და უნდა ჩემში შემოსვლა, მე ეს აღვიქვი რომ იყო სული და აღვიქვი, რომ იყო არა ფერადი, არამედ შავი,რაღაც მოძრავი ღრუბლის ფთილასავით. რადგან მუცელზე ვიწექი, მკერდი მქონდა მიბჯენილი საწოლს და მტკიოდა, გავიფიქრე "როგორ მტკივა მკერდი, ცუდი რამე ავადმყოფობა ხომ არ მაქვს-თქო" და რადგან ვგრძნობდი ცოტა ჰაერში აწეული ვიყავი, უფრო ფეხებით და თან ეს "სული"ჩემს ზურგს მაღლა დამტრიალებს, მოძრაობს და უნდოდა ჩემს სხეულში შემოსვლა, მივხვდი, რომ უნდა ამეწია სხეული და შემოსულიყო ჩემში. ასეც მოვიქეცი. სიმართლე გითხრათ, მეგონა იქნებოდა იესო ან თქვენი საყვარელი და ჩემი საყვარელი  მთავარანგელოზი მიქაელი და შემოვიშვი, ვიფიქრე გულში ჩავიკრავ და მოვეფერები-თქო. ... და გამეღვიძა და გამოვფხიზლდი სრულიად. რამოდენიმე დღე ვფიქრობდი რა იყო ეს,მერე ისიც ვიფიქრე, იქნება ძალიან ღრმად მეძინა,თვითონ ჩემი სული იყო დროებით ასტრალში გასული და დაბრუნდა-მეთქი.  არ ვიცი, რა ვთქვა. აქამდეც მინდოდა ამის  მოწერა თქვენთვის, მაგრამ მომერიდა და თანაც მაღალი წნევები მქონდა და ცუდად ვიყავი. ცოტა არ იყოს შემეშინდა კიდეც რა მოხდა და რა მელის. ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი. პატივისცემით  ძალიან დათრგუნული და შეშინებული ვარ. მითუმეტეს ცოტა ნერვები და ჯანმრთელობაც მგონი გამიუარესდა. ეს შეიძლება სტრესია შიშისგან. ასეთი რამ არასოდეს მომსვლია. მადლობა ყურადღებისათვის.

 

      მე (იმმა):

                − ნეტა არ შემოგეშვათ...  შავ ღრუბლად არ დაინახავდით ანგელოზს ან იესოს, სამაგიეროდ ბნელი სულები, ყოველთვის გვერდით არიან. ეტყობა იგრძნეს, რომ თქვენ გახსნილი იყავით ეგეთი კონტაქტისთვის. ნათელი სულები არ შემოდიან ასე პირდაპირ. შემოსვლაც არ ქვია მაგას... თავის ცნობიერებასთან გიერთებენ გულის ჩაკრით. თანდათანობით მყარდება მათ შემთხვევაში გულის-გულთან კავშირი. მაგრამ ძალიან ფრთხილობენ და ძალიან სათუთები არიან, რომ ტრავმა არ მოგაყენონ. თან ძლიერი სიყვარულის გრძნობა მოდის მათგან. მაგრამ არ შეშინდეთ. ყველაფერს ეშველება. მოვიფიქრებ კარგად და მოგწერთ. ერთად მოვიფიქროთ გამოსავალი. შეიძლება არც მომხდარა არაფერი ცუდი. ასტრალის დროს სულ ხედავენ ხოლმე ასტრალურ ბნელ არსებებს. ჩემშიც გასულან არაერთხელ. ვერ ვიცავდი თავს ბოლომდე და ენერგიაც წაუღიათ. მერე ეს ანგელოზები და ნათელი ძალები ასე არ შემოდიან სხეულში. "გულში იესოს შემოშვება" ეს სხვა რამეა. მისი ცნობიერების ნაწილი შემოდის შენში, მაგრამ ეს ნელ-ნელა ხდება. სიკვდილის შემოშვებას რაც შეეხება, რაც ზემოთ ახსენეთ, არ არსებობს ეგეთი რაღაც, მაგრამ ბნელი ასტრალური არსება შეიძლება ყოფილიყო. არაუშავს. მოერევით მაგას. უარესები მინახავს.

darkness

N.:

      − ვაიმე, რა მეშველება. გეხვეწებით რამე მოიფიქრეთ რა. მე ისეთი დაბნეული ვარ ვეღარ ვაზროვნებ. კიდევ კარგი ამდენი ხნის მერე ის მაინც მოვიფიქრე რომ თქვენ მოგწერეთ.  თქვენი იმედი მაქვს და დაველოდები თქვენს რჩევებს.

 

      მე:

      − ნუ გეშინიათ. არ გვეშინია ჩვენ ეგეთი რაღაცეების.

 

      N.:

      − ღმერთო ჩემო, როგორ დამამშვიდეთ. გფარავდეთ მთელი სამყარო  მიყვარხართ.

 

      მე:

      − ვერავინ ვერაფერს ვერ გიზამთ. არ ინერვიულოთ. უბრალოდ რამდენიმე დღე დამჭირდება. მინდა მიქაელს დავუკავშირდე და ვთხოვო, თუ გამომივიდა კონტაქტი. იქამდე თქვენ შეგიძლიათ იესოს ლოცვა იმეოროთ გულზე კონცენტრირებით და წარმოიდგინოთ, რომ ყოველი სიტყვის წარმოთქმისას (ფიქრებში), გული გინათდებათ. ძილის წინ სულ იმეორეთ (ფიქრებში) და ისე დაიძინეთ. პლიუს, დაახმარეთ რაც გაქვთ ისეთი, რაც ქრისტეს ენერგიას ატარებს. მაგალითად ნაკურთხი წყალი, საკმეველი, ხატები, ჯვარი გიკიდიათ ალბათ. თუ ისევ დაინახეთ ეს არსება, უთხარით "იესო ქრისტეს სახელით, განვედ ჩემგან. მე ვეკუთვნი იესო ქრისტეს და მისი შუამავლობით მამა-ღმერთს". ჯერ-ჯერობით ესაა თქვენი დავალება.  ჩათვალეთ, რომ ეს შემთხვევა გაკვეთილია თქვენთვის, რომლიდანაც სულისთვის სასარგებლო ცოდნა უნდა მიიღოთ და გარჩევადობის უნარი გამოიმუშავოთ. თუ რამეა, მომწერეთ. მე ხაზზე ვიქნები. 

 

 2020 წელი. 12 მაისი. სამსარის წრე.
 

     ღამით N.-სთვის ვლოცულობდი და მისთვის დახმარებას მიქაელს და იესოს ვთხოვდი, რადგან თავი ვერ მომყავდა სათანადო მდგომარეობაში, რომ შეცვლილ ცნობიერებაში შევსულიყავი და ამ ქალბატონის ენერგეტიკული სხეული დამენახა. შინაგანად სრულიად არეული ვიყავი. N.-ს გამო თავს დამნაშავედ ვგრძნობდი. ეს ნ.-საც გავუზიარე და მანაც დამიდასტურა, რომ ჩემი წიგნი ადამიანებმა შეიძლება არასწორედ გაიგონ. ამან ძალიან დამაღონა და დამაფიქრა. ის აზრი, რომ ვინმესთვის შეიძლებოდა საფრთხე შემექმნა არ მასვენებდა. მძიმე გრძნობამ მიქაელთან კავშირი  გამიწყვიტა, ამიტომ არც ვიყავი დარწმუნებული, რომ ჩემი ლოცვა N.-ს დასახმარებლად, მასთან მივიდოდა.

     სიზმარი:

     რაღაც წრეში ვარ მოქცეული. ამ წრის საზღვარს წარმოადგენს ერთმანეთთან ხელ-ფეხით გადაბმული ადამიანების რიგი. ოღონდ ეს მთლად ადამიანები არ არიან. საღმრთო არსებები არიან თითქოს. ამ წრის შიგნით ხალხი ცხოვრობს, ოღონდ ადამიანებს შორის გამუდმებული ომი მიდის. ეს ომი საოცრად სასტიკი და დაუნდობელია. ვხედავ, როგორ უმოწყალოდ ხოცავენ ერთმანეთს, ბრძოლაში კიდურებს აჭრიან და გარშემო სისხლის გუბეები დგას. ამ დახურული წრის „ცოცხალი საზღვარი“ ამ ადამიანებს გარეთ არ უშვებს. მხოლოდ იმათ უშვებს, ვისთვისაც ეს ომი „უცხოა“, მიუღებელი. ვხედავ დედას პატარა ბავშვით. ეს მისი ომი არაა. ის ხომ დედაა და მას ხომ ბავშვი ჰყავს. ამიტომ ის საზღვართან მიდის და „საზღვრის მცველები“ მას გარეთ, უსაფრთხო ადგილას უშვებენ. მეც ვცდილობ ომში მონაწილეობა არ მივიღო. მეც ბავშვი მყავს, პატარა გოგო, რომელიც ხელით მიჭირავს. ეს ომი არც ჩემი არაა. საზღვარს ვუახლოვდები და ვფიქრობ, რა შეიძლება ვუთხრა საზღვრის მცველებს, რომ გამატარონ? უეცრად ერთ-ერთში ნაცნობ სახეს ვამჩნევ. მაღალი, გამხდარი ქერა ყმაწვილია, ჩემი ბავშვობის მეგობარი, რომელთან ერთადაც თხილამურებზე დავდიოდი. მე მასთან მივდივარ და ვთხოვ, რომ ამ ხოცვა-ჟლეტვიდან გამიშვას. ის მაშინვე ხსნის საზღვარს და მიშვებს, ხოლო მერე ისევ კეტავს. მე სამშვიდობოს გავდივარ. ახალგაზრდა ბიჭისკენ ვტრიალდები და მადლობას ვუხდი. ის წამით თავის საქმეს წყდება და ღიმილით მიყურებს.

     − არაფრის, − მეუბნება. რამდენიმე წამს ერთმანეთს ღიმილით ვუყურებთ. მე მადლიერების თბილი გრძნობა მიჩნდება და მისგანაც იგივეს ვგრძნობ.

     წრიდან რომ გამოვედი, დავინახე, რომ გარშემო ცხოვრება ჩვეულებრივად მიედინება. ჩემთვის უცხო, ევროპული სტილის ქალაქში ვარ, სადაც ხალხი საქმიანად დაფუსფუსებს. გარშემო ცხოვრება ჩქეფს, თითქოს იმ „წრეში“ არც არაფერი ხდებოდეს. ხალხი მხიარული და უზრუნველია. მხოლოდ მე არ ვარ ასეთი. მე ომგამოვლილი ადამიანი ვარ. გვერდით პატარა შვილი მიდგას, რომელიც ასევე არაა ცხოვრებით განებივრებული. ჩვენ ნამცხვრების ჯიხურთან მივდივარ. ჩემი შვილი მშიერია. რატომღაც ვიცი, რომ ფული ბევრი მაქვს, მაგრამ მეც და ჩემი შვილიც ომიანობისგან ეკონომიას ვართ ნაჩვევნი. ამიტომ ჩემი შვილი გამყიდველს მოკრძალებულად მხოლოდ 5 კაკალს სთხოვს, რომელიც იცის, რომ ყველაზე იაფია. მაგრამ მე მას ვაჩერებ და გამყიდველს ყველაზე დიდ და გემრიელ ნამცხვარზე მივანიშნებ. ჩემი შვილისთვისაც და ჩემთვისაც. თან გულის სიღრმეში დანაშაულის გრძნობა მიჩნდება, რადგან იქ, სადღაც, საიდანაც მე გამოვედი, უბედურება ტრიალებს, ადამიანები გაჭირვებაში და ომში ცხოვრობენ, მე კიდე ნამცხვარზე ვიხარჯები...

     ამ ფიქრით გამეღვიძა. მაშინვე გამახსენდა ეს დანაშაულის გრძნობა, იმაზე რომ გაჭირვების ჟამს არასაჭირო ნივთზე ვიხარჯები, როცა რამდენიმე დღის წინ ჯემპრს ვყიდულობდი, რომელიც დიდად არ მჭირდებოდა... ეს სიმბოლო (ნამცხვრის ყიდვა) ჩემთვის გასაგები იყო, მაგრამ მე სხვაგან წამივიდა ფიქრები და მიქაელთან დაკავშირება ვცადე. თავიდან მისი თანამყოფობა ძალიან სუსტი იყო. შევეცადე ეს შეგრძნება უფრო ახლოს მიმეშვა გულთან, რადგან დაძინებამდე კავშირი სრულად იყო გაწყვეტილი...

 

     უეცრად მისი თანამყოფობა გაძლიერდა და რაღაცამ ზევით ამიტანა. ეს არ იყო ის ჩვეული ცნობიერების აწევა ზედა ეთერულ სივრცემდე. შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობაში ვხედავდი, როგორ მივფრინავდით რაღაც სინათლის გვირაბებში. თითქოს რაღაც პორტალივით იყო. საოცარი სისწრაფით გადავაადგილდებოდით. ალბათ სინათლის სიჩქარეზე სწრაფად. ამ გვირაბიდან ისევე წამიერად ამოვარდით, როგორც შევედით და მიქაელთან ერთად მწვანე მინდორზე ავღმოჩნდი. პეიზაჟი ძალიან გავდა წერაქვს. ყვავილებიც ისეთი იყო, წერაქვში როგორიც იცის. ვიცოდი, რომ ესეც ერთ-ერთი ილუზორული რეალობაა, იმიტომ რომ ამ რეალობაში აშკარად მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით... მას ეს განმარტოვება სჭირდებოდა რატომღაც. ეთერულ სივრცეში ხომ ჩვენ გარდა ბევრი სხვა არსებაც ირევა.

     მესიამოვნა ლამაზი მდელო, ისიც, რომ ამ სამყაროში ჩემი „სხეული“ და კერძოდ ფეხები ძლიერი და მსუბუქი იყო. მიწაზე შიშველი ფეხებით სიარულის მონატრებულ შეგრძებას ავყევი და მიქაელთან ერთად სიმწვანეში ბილიკს გავუყევი... მაგრამ ფიქრებმა ისევ სიზმრისკენ დამაბრუნეს... ვიცოდი, რომ ეს სიზმარი მისგან იყო და ბოლომდე უნდა გამერჩია მისი მნიშვნელობა.

 

     მე:

     − ის წრე, რომელშიც ხალხი იყო გამომწყვდეული და ერთმანეთს ომში ჟლეტდნენ... რას ნიშნავდა?

     მიქაელი:

     − თქვენს სამყაროს ამჟამად...

     − ის „საზღვრის მცველები“, რომლებიც თავიანთი სხეულებით ამ წრის ცოცხალ საზღვარს ქმნიდნენ, იმ ხალხს არ უშვებდნენ...

     − შენ დაინახე, ვისთვის ეს „ომი“ მიუღებელია, თავისუფლად გადიან ამ საზღვარს. „ბავშვიანი დედა“ ასეთი ადამიანების კრებითი სახეა, რადგან ეს სახე-ხატი ყველაზე შეუთავსებადია ომთან. აი, ასეთი შეუთავსებადი ადამიანები გავლნენ და არ დარჩებიან იმ წრეში, სადაც კარმა თავის საქმეს აკეთებს. 

     − ის ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც მე გამიშვა, ვიცი, რომ შენ იყავი... მაგრამ ის ბავშვი ვინ იყო, ჩემს შვილად რომ დავინახე?

     − გახსოვს ნ.-ს რომ უთხარი „გამოანთავისუფლე შენი შინაგანი ბავშვი“? ეს შენი „უმაღლესი მე“-ა და ის გამოცდილება, რომელიც შენმა ამჟამინდელმა ინკარნაციამ „შობა“. 

     − ფული? რომელიც ჯიბეში მედო?

     ­− შენი სულიერი მონაპოვარი, სულიერი მიღწევების მომენტუმი... რომელიც შეგიძლია „წრეში მყოფ“ გაჭირვებულებს დაუბრუნო, მიუხედავდ იმისა, რომ შენს სულს „შია“ ან „ნამცხვარი“ იყიდო საკუთარი თავისთვის. ეს შენი გადასაწყვეტია. ორივე არჩევანის უფლება გაქვს საღმრთო კანონის თანახმად. 

     მე მიქაელს მივუბრუნდი და თვალებში შევხედე. 

     − მიქაელ,   ეს „საზღვრის მცველები“... მათ შორის შენც იყავი... სიტყვა არქონტი მცველს ნიშნავს... 

     მისი თბილი ღიმილი დავინახე.

     − ვარ თუ არა მეც არქონტი? ამის კითხვა გინდა? ნუ გეშინია სიტყვების... არქონტი... ანგელოზი... ღვთის შვილი... ყველა ერთია. ჩვენ ადამიანთა ევოლუციის სადარაჯოზე ვდგევართ და გარკვეულ წილად მართლა საზღვრის მცველები ვართ... ოღონდ ჩვენი „დაცვა“ იგივე საღმრთო ნებაა. დაცემულ არქონტებთან მსგავსი ბუნება გვაქვს, განსხვავება მხოლოდ ნიშანშია. ისინი თუ მინუს ნიშნით არიან, ჩვენ პლიუსით ვართ. სულ ესაა განსხვავება. 

 

     ...და მან ვიზუალური სურათი გამომიგზავნა. მე დავინახე, რომ მის მკერდში გულის არესთან პატარა არსება იყო. ოღონდ, ეს პატარა არსება პატარადაც და იმავდრიულად უსაშველოდ დიდად აღიქმეოდა. ასეთივე „არსება“ მე ჩემ გულშიც შევამჩნიე. მერე მან თავისნაირი ანგელოზი მაჩვენა, რომელსაც გულის ადგილას სიცარიელე ჰქონდა. 

     მიქაელი:

     − ხედავ... განსხვავება მხოლოდ ესაა... გაქვს თუ არა „ღერძი“, ანუ კავშირი მამასთან. თუ არ გაქვს, მოწყვეტილი ხარ... დაცემული ხარ.

     მე:

     ­− რაღაცნაირად მეცოდებიან ის ადამიანები, რომლებიც ამ „წრეში“ იტანჯებიან... ჩემ ჩათვლით..

     მიქაელი:

     − არავინაა ამაში დამნაშავე, მათ გარდა... მხოლოდ მათ თავისუფალმა არჩევნებმა განაპირობეს, სამსარის წრეში გამოკეტვა და ტანჯვის რეალობაში არსებობა და მხოლოდ მათ შეუძლიათ საკუთარი თავის ამ წრებრუნვიდან დახსნა... ჩვენ საღმრთო კანონის ფარგლებში ვმოქმედებთ, რადგან „ტალღაზე ვმუშაობთ“ და მამის ნების გამტარებლები ვართ...

 

     ვიგრძენი რისკენაც მიყავდა საუბარი... ამ ბოლო დროს აუარებელი შეთქმულების თეორია წარმოიქმნა იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანებს ხაფანგში ამყოფებენ უცხოპლანეტური რასები ან დემონური არსებები. რაღაც მსგავსს მიქაელი თვითონაც ჰყვებოდა. მაგრამ მე შევატყე, რომ ადამიანები თითქოს ამით საკუთარ პასუხისმგებლობას ისხლიტავენ. თითქოს სხვაა დამნაშავე მით უბედურებაში. 

     მე:

     − ზოგიერთ გნოსტიკურ სწავლებასაც თავის დროზე იგივე დაემართა... იგივე შეცდომაში შევიდნენ... შედეგად ადამიანები ნათელ ძალებსაც სდებენ ბრალს მათი გადმოსახედიდან უმოქმედობაში.

     − პრობლემა იმაშია, რომ მათ დაცემულებთან ვერევით, რადგან ამ პლიუს-მინუსს ვერ ანსხვავებენ... ჩვენი დახმარება, მხოლოდ ადამიანებთან ორმხრივ თანამშრომლობაშია შესაძლებელი. თუ ჩვენზე, ნათელ იერარქიაზე უარს იტყვიან, ადამიანთა მდგომარეობა მხოლოდ დამძიმდება, რადგან დემონური ძალები გაძლიერდებიან. ეს კარგად უნდა ესმოდეთ. ამ შეთქმულების თეორიებში მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სიმართლეა (დაცემულ არქონტებს და დემონურ რასებს ვგულისხმობ), სწორედ ეს ნაღმია ჩადებული: ნათელი იერარქიის მოღვაწეობის დაუნახაობა და უნდობლობა. ამ „ნაღმებს“ არაპირდაპირ შედეგებში უნდა ეძებდეთ... მხოლოდ მაღალი გარჩევადობის უნარი გიშველით იმ განსხვავებული და ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის მორევში, რომელიც მალე მთელ სამყაროს წალეკავს (როგორც ბინძური წყალი). მაღალი გარჩევადობის უნარი კი მხოლოდ მაღალი ცნობიერების და წმინდა გულის ადამიანს შეიძლება ჰქონდეს... ამიტომ ჩვენ ისევ იქ ვბრუნდებით, საიდანაც ყველაფერი იწყება - სწორ მორალურ ორიენტირებთან და გულისმიერ მისწრაფებასთან ღმერთისა და ნათელი იერარქების მიმართ. არ მოწყდეთ ჩვენთან კავშირს.

 

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff