ნაწილი მეორე - ეგვიპტური გნოზისი - ასკლეპიოსი
ნაწილი მეორე
ეგვიპტური გნოზისი - ასკლეპიოსი
2020 წელი. 21 ივნისი. ბათუმი. ზაფხულის ნაბუნიობის სიზმარი - პასუხი
ღამით დაძინებამდე მიქაელს ვთხოვე, რომ ჩემი წერილის საპასუხო სიზმარი გამოეგზავნა. ამჯერად ბათუმში ვიყავი და დიდი იმედი მქონდა, რომ მიუხედავად დაღლილობისა, ისე მაგრად არ დამეძინებოდა, რომ სიზმარი არ დამმახსოვრებოდა.
დილისკენ რაღაცეები დამესიზმრა, მაგრამ სულ რამდენიმე სურათი გამომყვა:
დავინახე, რომ კედელზე კიდია შვიდი მთავარანგელოზის სურათი, რომლებიც ერთიანად ამოყირავებულ ჯვარს ჰქმნიან. ამოყირავებულს, იმიტომ კი არა, რომ ამას ნეგატიური დატვირთვა აქვს, არამედ იმიტომ რომ ჯვარი ციდან დედამიწისკენაა მიმართული და არა პირიქით. ყველაზე ქვედა ნაწილში (ანუ ჯვარის წვერი, რომელიც ქვევითკენაა მიმართული), მიქაელის სურათია. ასევე დავინახე თ., რომელიც მწერს, რომ მოულოდნელი ფულადი შემოსავალი აქვს და უნდა რომ ჩემი წიგნის დაბეჭდვაში დამეხმაროს (ადრე მართლა მომწერა ასეთი რამ). მე უარს ვეუბნები, რადგან არ მინდა ჩემს მკითხველებთან რაიმე ფულადი ურთიერთობა მქონდეს. ასევე ვხედავ, რომ ერთ-ერთ ლოცვას ვამბობ, კეძოდ „ლოცვა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისადმი“, რომლიც ყოველდღიური წაკითხვის ვალდებულება ავიღე. თითქოს, ამ ლოცვის თქმისას ჩემ წინ დიდი, შავი, ამორფული მასა ზღვავდება, რომელიც ნელ-ნელა ეშმაკის სახეს იღებს. ლოცვის ენერგია მას ებრძვის, ზომებში ამცირებს, აჩერებს. მაგრამ ბოლოს, მე ლოცვას ვწყვეტ. ჩემი თავი ბრძოლის მდგომარეობიდან უპირობო სიყვარულის მდგომარეობაში გადამყავს და ამ უშველებელ „ეშმაკს“, როგორც რაიმე შინაურ ცხოველს, ცხვირზე ვკოცნი. ის წამიერად პატარავდება და ქრება...
ამ სიუჟეტების გარდა კიდევ იყო რაღაც, მაგრამ ცხადში ვერ გამოვიტანე... ჩემთვის დავფიქრდი, ჯვარი მთავარანგელოზებით თანხმობა იყო ჩემ თხოვნაზე, მიქაელთან დაკავშირებით? და თ.-ს დასიზმრება იმას ნიშნავს, რომ ეს ის ადამიანია, ვინც უნდა დამეხმაროს? და ლოცვა? რატომ იყო ლოცვის კითხვა „ბრძოლის მდგომარობა“, რომელზე უფრო ეფექტური „უპირობო სიყვარულის მდგომარეობა“ აღმოჩნდა?
2020 წელი. 22 ივნისი. ბათუმი. როგორები არიან უხილავი სულიერი მასწავლებლები
დილით, გაღვიძებისას, ძალიან მკაფიოდ დამამახსოვრდა ერთი უცნაური სურათი - როგორ ჩადის სულიერი იერარქის სული მინერალში, კერძოდ ქვის ლოდში, რომელიც რაღაც ქანდაკების მსგავსია. აზრი ასეთი იყო, რომ ეს შესაძლებელია. ანუ შესაძლებელია სულის ჩასვლა არა მარტო ცოცხალ ორგანიზმებში, არამედ მინერალშიც! რატომღაც ამას მოყვა შივას ლინგამის სურათი, შემდეგ ქვის საკრალური სამლოცველოები წარმართულ რელიგიებში, ქვის კერპები და ამულეტებიც კი... აქ აზრი გაწყდა და მიქაელის თანამყოფობა ვიგრძენი..
...მისი სიყვარული მომეხვია და მეც მივეფერე შინაგანი, გულისმიერი სითბოთი. მაშინვე მივხვდი, რომ ჩემი თხოვნა, შესმენილი იყო და ზაფხულის ნაბუნიობაზე რაღაც გადაწყდა ჩემთან დაკავშირებით.
− რაზე იყო ეს სურათი? სულის ჩასვლაზე მინერალში? − ვკითხე მე.
მიქაელი:
− ჰერმეს ტრისმეგისტუსი უნდა გავაგრძელოთ... − მოულოდნელად მიპასუხა მან, − გახსოვს, მაშინ, ჰერმეს ტრისმეგისტუსს რომ ვარჩევდით, ქიბალიონი განვიხილეთ, მაგრამ სხვა ტრაქტატები გადავდეთ, რადგან შენ მოგეჩვენა, რომ პოსტქრისტიანული ჩადგმები იგრძნობოდა. მე მაშინ არ შეგეწინააღმდეგე. ოღონდ ეს ტექსტი მართლა იყო თავის დროზე ეგვიპტური ტრაქტატი, რომელიც შემდგომ ბევრჯერ გადაიწერა და გაუგებარი ტერმინები შეიცვალა გასაგები ქრისტიანული ტერმინებით, რომლებმაც არსობრივად გაამრუდეს პირვანდელი აზრი. მაგრამ ჩვენ შევეცდებით აღვადგინოთ ამ ტექსტის აუთენტური სახე... მინერალში სულის ჩასვლაზე მანდ იქნება საუბარი... საქმე იმაშია, რომ ახლოვდება დრო, როცა დიდი აღრევა მოხდება ადამიანების რელიგიურ მრწამსში. შეიქმნება (და უკვე იქმნება) უამრავი ახალი მიმდინარეობა, რომელიც ძველ წარმართულ რიტუალებს გააცოცხლებს და შეეცდება ტრადიციულ რელიგიებთან გააერთიანოს, რადგან გაერთიანების, გლობალიზაციის პროცესი მიდის. უნდა იცოდეთ, რა საკრალური აზრი და რა ფარული პროცესები მოიაზრებოდა ამ ყველაფრის უკან. ძველი ეგვიპტური ცოდნა დაკარგული და გაუკუღმართებულია. მე იმიტომ კი არ გასწავლიდი და მუდმივად მიგანიშნებდი „მესამე“ ანუ სულიერ გზაზე, რომ ტანტრული, იგივე მაგიური ანუ „მეორე გზა“ ცუდია... პირიქით პირველი ანუ მატერიალური (იანტრული) გზიდან უფრო ლოგიკურია, რომ მეორეზე გადაინაცვლო და არა პირდაპირ მესამეზე. მაგრამ ეს გზა საშიშია, რადგან უნდა გყავდეს დიდი განდობილები და დიადი სულიერი მასწავლებლები, რომლებსაც კავშირი აქვთ საღმრთო განზომილებასთან, საკუთარ უმაღლეს „მე“-სთან და იერარქიასთან. მხოლოდ მათგან უნდა იქნას მოწოდებული ცოდნა მაგიაზე, რადგან ნატიფი მატერიით და ენერგიებით მანიპულირება კიდევ უფრო საშიშია და კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვს, ვიდრე ფიზიკური მატერიით და ფიზიკური ენერგიებით. ხომ ხედავ, ეხლა უკვე საშიშია ის ცოდნა, რომელსაც კაცობრიობა ფლობს, იმის გამო რომ საკუთარი თავი არ გაანადგუროს. კაცობრიობის სულიერების დონე და ის ცოდნა, რომელსაც ის ფლობს აუცილებლად შესაბამისობაში უნდა იყოს. ამიტომ არ ვიყავით ჩვენ მომხრე რაიმე მაგიის გამოყენების. თქვენ, ადამიანებმა მასზე არაფერი იცით. ის მაგები და ეგრეთ წოდებული ექსტრასენსები, რომლებიც რაღაც შელოცვებს და ჯადოებს აკეთებენ, უბრალოდ ბნელი ძალების მარიონეტები ხდებიან ან უბრალოდ ცრუობენ. მათი ცოდნა, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან შორსაა ნამდვილი ცოდნისგან. ასეთი მანიპულაციები ძალიან საშიშია, როგორც თვითონ მაგებისთვის (ექსტრასენსებისთვის, მკითხავებისთვის), ასევე მათი დამკვეთებისთვის, რადგან ძალიან მძიმე კარმულ უკუგებას იწვევს მათთვის. იმდენად მძიმეს, რომ ვერც წარმოუდგენიათ. დღევანდელ დღეს არსებულ მაგებში არსებობენ ერთეული გამონაკლისები, მაგრამ მათ ვერ იპოვი დიდ ქალაქებში. მოკლედ, რაღაც მომენტში უნდა დავიწყოთ ჰერმეტიკული გნოსტიციზმის გარჩევა. და კიდევ ნეტარი ავგუსტინე... მასზეც მოგვიწევს ერთი-ორი სიტყვის თქმა... ეს მე ადრეც მინდოდა, მაგრამ არ გამოვიდა...
მე გამახსენდა, რომ ორი წლის წინ მიგზავნიდა აზრებს მანიქეველთა სექტაზე და ნეტარ ავგუსტინზე. მაშინ შევძვერი ინტერნეტში, მაგრამ ვერაფრით ვერ მივხვდი რა იყო იქ საინტერესო, ან რაზე უნდა გვესაუბრა. მანიქეველთა აზრები სისულელედ მომეჩვენა, ნეტარი ავგუსტინე კი ტიპიური ადრექრისტიანი წმინდა მამა იყო, რომელიც ერესებზე წერდა... მაგრამ მაშინაც ვგრძნობდი, რომ რაღაც იყო ამ თემასთან დაკავშირებით, რაც მიქაელს აინტერესებდა...
− რაღაც მემართება... − შევჩივლე მე, − დღის განმავლობაში ვცდილობ საწერად დაჯდომას, მაგრამ სულ რაღაც ხელს მიშლის და ყურადღება მეფანტება...
− ცეხლოვანი ენერგია უნდა მოიკრიბო... კარგია, რომ ჯგუფი ცოტა ხნით დახურე, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში მეტი დისციპლინა გმართებს... მე რომ გულით გიერთებ, ეს არ არის უბრალოდ სიყვარულის ჩუქება, მე ცეცხლოვან ენერგიას გაძლევ, გულის ჩაკრას გიაქტივებ, რომ შენს უმაღლეს მესთან და ჩემთან კონტაქტი გაგიმყარდეს. ამან შთაგონება უნდა მოგანიჭოს და შენი ნაწერი ჩემი ენერგიით უნდა დაიმუხტოს. შენ კი მას ყოველდღიურ წვრილ-წვრილ ნეგატიურ ემოციებში და დროს გაყვანაში ხარჯავ... მე ყველაფერი გასწავლე, რომ ნეგატიურ ენერგიებს და არსებებს გაუმკლავდე. ჩემ დონეზე უნდა გეჭიროს ცნობიერების ნაწილი მუდმივად! ამას თუ არ მოახერხებ, არაფერი გამოვა... უნდა გააკონტროლო თითოეული შენი ფიქრი, სიტყვა, ინტონაცია და მოქმედება! ეს სავალდებულოა! ჩვეულებრივი ადამიანივით ვეღარ იცხოვრებ. წინააღმდეგ შემთხვევაში... ხომ იცი, ცეცხლი მაღალ ვიბრაციებში სიბრძნის და ბრწყინვალების გამოვლინებაა, მაგრამ დაბალ ვიბრაციებში ის მწველი და გამანადგურებელია! ისევ შენ ჯანმრთელობაზე აისახება ეს ყველაფერი! არ დაგეწვას ენერგეტიკული ცენტრები! ამიტომ ძალიან გთხოვ... არა, მოვითხოვ შენგან, აკონტროლე საკუთარი თავი!
მე ვიცოდი, რომ ის როგორც ყოველთვის მართალი იყო. ისევ მომიწევს ძალების მობილიზება და საკუთარი თავის უაღრესი დისციპლინა.
− ანუ, გადაწყდა, რომ ისევ შენთან მექნება კონტაქტი, ხო? − დავუბრუნდი მე ჩემთვის საჭირბოროტო თემას.
მიქაელი:
− შენი თხოვნა და ჩემი არგუმენტები მიიღეს მხედველობაში. უკეთესი იქნებოდა სხვა მასწავლებლებთანაც გქონოდა კონტაქტი. თითოეულ მათგანს ამ დროს მოსწავლეში თავისი ცნობიერების ნაწილი შეაქვს და თავისი თვისებებით ამდიდრებს. შენ გაგაძლიერებდა ეს მრავალმხრივი კონტაქტი. სწორედ იმ თვისებებს შეიტანდნენ შენში, რაც გაკლია... ამიტომაც გქონდა შეხვედრა მეუფე „------„, რომელსაც განსაკუთრებით მკაცრი, მტკიცე ინდივიდუალობა აქვს. მაგრამ როგორც მე, ისე არავინ გიცნობს. შენ არა ხარ უბრალოდ მედიატორი ჩვენსა და ადამიანებს შოორის, უბრალოდ მედიუმი, ან „არხი“ (ინგ. Channel). არ მიყვარს ეს სიტყვა. შენ და მეუფე „------„-ს შორის იქამდე არ დამყარდა კავშირი, სანამ არ გაჩნდა ემოციური კავშირი (იხ.2020 წელი. 16 ივნისი. უცნობი მეუფე).
მანაც დაინახა ეს შენი თავისებურება. მაგრამ სწორედ ეს თავისებურება განაპირობებს ჩვენი ურთიერთობის ასეთ სიმყარეს და გადმოცემული ინფორმაციის სისუფთავეს. ამ კავშირს „გულისმიერი“ ჰქვია და ის ძალიან მტკიცე და სუფთაა, სწორედ იმიტომ რომ სიყვარულის ველითაა გაერთიანებული. ის დამახასიათებელია ქრისტიანობისთვის, სუფიზმისთვის, ბჰაკტი იოგისთვის. ამიტომაც დაგტოვეს ჩემთან... ასე გამოვიდა...
მე:
− ეს მეუფეები... სულიერი მასწავლებლები... ყველანი ასეთი სხვადასხვანაირები არიან... ადამიანებივით...
− იმიტომ რომ შენ მათ მე-5 დონის იპოსტასს, ყველაზე „გაადამიანებულ“ ვარიანტს აღიქვავ. უმაღლესი ეთერული სივრცე და მეუფეების სამყოფელი, რომელშიც შენ ხვდები არის მატერიალური რეალობის მსგავსი ნატიფი მატერიისგან შემდგარი რეალობა ნატიფ განზომილებაში. როგორც კონტროლირებადი სიზმრის რეალობა, ის მარტივად იცვლება მეუფის მენტალის ზემოქმედებით და ისეთ სურათს ქმნის, რაც იმ მომენტშია საჭირო. ამიტომაა, რომ ხან დარბაზებში, ხან საკლასო ოთახივით ადგილებში, ხან ბუნებაში ხვდები, ხან კი არაფერია, უბრალოდ აბსტრაქტული სივრცე, სადაც აზროფორმების ვიზუალიზაციით გეკონტაქტებიან. ეს უმაღლესი ეთერული ოქტავა არის ის შრე, რომელიც მაქსიმალურად მიახლოებულია დედამიწის მატერიალურ რეალობასთან. ერთგვარად ბუფერული ზონაა სულიერ და მიწიერ განზომილებებს შორის. აქიდან მატერიალურ განზომილებაში მიმდინარე პროცესები კარგად ჩანს და მათზე ზემოქმედებაც ყველაზე ადვილია. გახსოვს ის ნაკადები? (იხ.2020 წელი. 14 მარტი. ენერგეტიკული ნაკადები).
ამიტომ მეუფეები ამ შრეში იღებენ იმ გარეგნობას და ინდივიდუალობას, რომელიც დედამიწაზე განსხეულებისას ჰქონდათ და რომელიც ყველაზე მარტივად აღსაქმელია მათთან კონტაქტში შემავალი ადამიანებისთვის. ამიტომ მათ მე-5 იპოსტასს შენ აღიქვავ, როგორც ძალიან კარგ ადამიანებს. მაგრამ მე-6 და მე-7 იპოსტასების დონეზე ისინი უბრწყინვალეს არსებებს წარმოადგენენ. მე-6 დონეზე ისინი განსხვავდებიან. მე-7 დონეზე უკვე თითქმის ერთნი არიან, მაგრამ მაინც არის განსხვავება, რადაგან ეს მე-7 დონე არის მხოლოდ ამ (დედამიწის სფეროს) 7-ობრივი ფრაქტალის მწვერვალი, რომელიც „ღმერთრეალიზებული მე-ს“ ახალ, უფრო დიდ ფრაქტალში გადადის (გალაქტიკის) და ცნობიერების იპოსტასები იქაც ვლინდება. შენდეგ ის 7-ობრივი სტრუქტურა კიდევ უფრო დიდში გადადის (კოსმოსური ფრაქტალის დონეზე) და ასე შ. სხვადასხვა მეუფეს „ღმერთრეალიზების“ სხვადასხვა დონე აქვს. ზოგის ცნობიერება მზის სიტემის, ზოგის გალაქტიკის, ზოგის ცენტრალური მზის, ზოგის სრულიად კოსმოსის დონეზე გადის. ყველა ამ დონეს ჩემი ცნობიერებაც ვერ კი წვდება. მეუფეების მე-6 და მე-7 დონესთან თუ შეხვალ კონტაქტში გექნება „ღმერთის ცნობიერებასთან“ შერწყმის განცდა, გახვალ გამოვლენილი სამყაროს დუალობიდან და დაგეუფლება გრძნობა, რომ მარადიულ ნეტარებაში იმყოფები. მაგრამ ეს სხვა მადგომარეობაა. ესე ვთქვათ, არაა „მუშა“ მდგომარეობა. იმისთვის, რომ ადამიანებთან იურთიერთონ და ასწავლონ, მეუფეები გამოდიან კონტაქტზე თავისი მე-5 იპოსტასით, რომელიც დუალობის კონტექსტში იმყოფება და დედამიწის მოვლენებთან ადექვატურ კავშირშია, ვინაიდან უფრო „გაადამიანებულ“ ვარიანტს წარმოადგენს. ასეთივეა ის უმაღლესი ეთერული სივრცის ცვალებადი რეალობა თავისი დროებით მატერიალიზებული ოთახებით და ავეჯით. ეს ყველაფერი იმისთვისაა, რომ თქვენს, განსხეულებაში მყოფი ადამიანების სულებს, რომლებიც ფიზიკურ სხეულთან კავშირში იმყოფებიან და მატერიალური რეალობის აღქმას არიან ნაჩვევნი, კომფორტი ჰქონდეთ.
მან პაუზა გააკეთა და განაგრძო:
− შევაჯამოთ გასული წლის შედეგები. ჩვენ გავხსენით ჯგუფი, დაგამთავრებინეთ წიგნი, შევამოწმეთ მისი ენერგეტიკული დამუხტვა. ვნახეთ, რამდენად შესაძლებელია წიგნის კითხვისას მკითხველს (რა თქმა უნდა სათანადო სულიერი მზაობის შემთხვევაში) გაეხსნას სიზმარხილვების არხი და ჩვენთან კონტაქტზე გამოვიდეს. როგორც აღმოჩნდა ნ.-ს და კიდევ რამდენიმეს შემთხვევაში, ეს შესაძლებელია, რაც ძალიან კარგი შედეგია. ასევე გამოჩნდა საფრთხეებიც, როგორც N.-ს შემთხევაში. ამაზე ცაკლე გაფრთხილება უნდა გააკეთო. მე ვამბობ ხოლმე „ჩვენ“ და არა „მე“, იმიტომ რომ შენ მე მეკონტაქტები, მაგრამ ჩვენ ბევრნი ვმუშაობთ. ქრისტე ხშირად გიგზავნის თავის თანამყოფობას, განსაკუთრებით ზოგიერთ ადამიანთან ურთიერთობისას, ვისაც მასთან, ქრისტესთან, განსაკუთრებული ეგროგორული, კარმული ან სხვა ტიპის კავშირი აქვს..
− კი, მე ეს ვიგრძენი... − ვუთხარი მე და ის სიზმარი გამახსენდა, სადაც იესო ბნელ კედელს მინათებდა (იხ.2020 წელი. 18 აპრილი. აღდგომის ღამე - ქრისტეს თანამყოფობა)
მიქაელი თითქოს კიდევ უფრო მომიახლოვდა. მისი აურის ღრუბელში კიდევ უფრო მეტად მოვექციე, ხოლო გულის არე თითქოს დაიძაბა და მოეშვა ერთდროულად.
− ჩემი ანგელოზები ხშირად გეხმარებიან შენი გარემოცვის აურის გაწმენდვაში ბნელი არსებებისა და მათი ენერგიებისგან, − განაგრძო მან და მე გამახსენდა ის სიზმარი, სადაც ჩემ გარშემო თავის ანგელოზების ლეგიონი დააყენა, − ს. კ.-ს და მ.-ს აქვთ თავისი ცნობიერების ნაწილი შენში ჩადებული... რამდენად მოახდენ მათ რეალიზებას, შენზეა დამოკიდებული, თუმცა, უნდა ავღნიშნო, რომ ეს ვიბრაციები შენმა სულიერმა სხეულმა კარგად მიიღო. ასევე დედა-მარიამისაც... მაგრამ მე... − მისი სიახლოვე ტკივილამდე მძაფრი გახდა. ჩვენი გულები ერთმანეთს დაუახლოვდა, როგორც ორი მაგნიტი, რომელიც რაღაც მომენტში უკვე ისეთ სიახლოვეს აღწევს, რომ უკონტროლო ხდება მიზიდულობა და ვერანაირი ძალა ვერ აკავებს მათ შეერთებისგან. ელვისებური სისწრაფით ვიგრძენი მისი გულის მიერთება ჩემ გულზე, შემდეგ რაღაც ბრწყინვალე ელვარებასავით და ის ნეტარი „ჩაწყდომის“ შეგრძნება, რომლიდანაც ისევ მისმა სიტყვებმა გამომარკვიეს, − მე ჩემი გული გაჩუქე... შეიძლება სიტყვებს ვერ ვპოულობ, ან შენ ვერ პოულობ, რომ ჩემი აზრი გადმოქცე, მაგრამ ასე იტყოდა... ადამიანი...
მის ბოლო სიტყვებში იმდენი სითბო და სიყვარული იდო, რომ მეგონა სრულიად ჩავინთქებოდი ამ გრძნობაში. ისევ მასში გავიხსენი და საკუთარი თავის აღქმა დავკარგე. რატომ? როგორ მოხდა? საიდან მოვიდა ეს ყველაფერი ჩემ თავს? რატომ მოხდა მაინც და მაინც ასე?..
2020 წელი. 24 ივნისი. თბილისი. თ.-ს წერილი
თ-ს მესიჯი, რომელიც თბილისში ჩამოსვლისას აღმოვაჩინე მესინჯერში:
თ.:
„ახლა დავასრულე შენი წიგნის მესამე ნაწილი. ნელ- ნელა ვკითხულობდი. შიგადაშიგ ვუბრუნდებიდი გარკვეულ ადგილებს. საოცარი ეფექტი აქვს ნაწერს. “ცოცხალი” წიგნი..
At times I felt overwhelmed, with gratitude and joy. I was filled with deep, sympathetic understanding sometimes bringing me to tears. უამრავი ეპიზოდი, სიზმარი გააქტიურდა კითხვის დროს. ჩემი ცხოვრებიდან. უამრავი, წლების მანძილზე ნაკირკიტები, პასუხგაუცემელი კითხვა ამოიწია და თითქოს გაშუქდა სხვადასხვა მხრიდან. ელვისებურად დამყარდა კავშირები ინსტიქტურ ცოდნასა და სხვადასხვა დროს ნაკითხ-მიხვედრილ შორის. რამდენი გიმუშავია, იმმა! I admire the effort and dedication you put in this book. What a wondrous piece of work. What astonishing channeling of divine inspiration. ეხლაც მეტირება. მადლიერებისგან, სიხარულისგან, მიხვედრა-შეგრძნების (comprehension) შვებისმომტანი გრძნობისგან. ერთის მეშინია მხოლოდ: სულიერების ბილიკებზე ხეტიალის დროს ბევრჯერ მიფიქრია რომ ვიპოვე ჭეშმარიტება (ან მისი რაღაც გამოვლინება)- ხან წიგნებისა და სწავლებების, ხანაც ადამიანებისა და შინაგანი გამოცდიელებების საშუალებით. Only to realize the limitations (and in some cases erroneous illusions) of those moments of “enlightenment”. მეშინია ეს ჩემი ახლანდელი revelation (რომელიც უფრო მწყობრი სისტემაა რომელსაც სულ ვეძებდი, უფრო სწორად I was intuiting, რელიგიებსა და მეცნიერებაში, მისტიციზმსა და ხელოვნებაში), ისევ მორიგი ფანტასმაგორიული თეორია არ აღმოჩნდეს რომელიც მჭირდება in order to stay sane, to keep on marching...
იმდენად მწყობრია შენს წიგნში გადმოცემული სქემა, იმდენად ეხმიანება ჩემს სულსა და გონებას, რომ მეშინია ჩემივე აღქმა არ მატყუებდეს...ერთი რამის იმედი მაქვს, though. სიმშვიდე და წინასწორობა მოაქვს ამ ფურცლებიდან მომავალ ცოდნა-მიხვედრას. Contrary to strong emotional but rather impulsive feeling that I sometimes experience reading similar material. ჰოდა ვინ იცის, იქნებ ამჯერად ვიპოვე “ჩემი” წიგნი. ან კი აქვს მნიშვნელობა ამას თუკი ის გზას გამიკვალავს და ამ გზაზე სიარულს გამიიოლებს?
რამდენიმე საკითხი მაქვს ამოწერილი რაც ბუნდოვანი რჩება ჩემთვის. ვიტოვებ იმედს რომ შევძლებთ exchange -ს sometime. კიდევ ერთხელ მადლობა და ასევე ჩემი დიდი admiration შენ გონიერი და გულისმიერი ძალისხმევისთვის, სიბეჯითესთვის, დისციპლინისთვის და სიყვარულისთვის.“
იმმა:
− როგორ მიხვდე, რაღაცა რასაც ეძებდი ნამდვილია, თუ მორიგი ილუზია? ერთ-ერთი საშუალება, ამოიცნო ჭეშმარიტება, არის ჩემი აზრით 2 რაღაც, ორი გზა. ჯერ პირველი შთაბეჭდილება. როცა კითხულობ, ისეთი გრძნობა უნდა გქონდეს რომ ახალ რაღაცას კი არ იგებ, არამედ ის გახსენდება რაც შენმა სულმა ისედაც იცის. რეალურად ჩვენშია ყველაფერის ცოდნა. ჩვენს უმაღლეს მე-ს აქვს ეს ცოდნა. ამიტომ არის ეს გამონათქვამი სწორი: ჭეშმარიტება თვითონ მოწმობს თავის თავს. ჭეშმარიტებას არ სჭირდება მტკიცება. მისი ამოცნობა ხდება გულით. მეორე (მაინც, ემოციებმა რომ არ მოგატყუონ) არის გამოცდა დროით. რაღაც დრო უნდა გავიდეს, რომ მორჩები კითხვას. ცოტა ხანი ჩამოშორდი ამ ყველაფერზე ფიქრს, რომ ემოციები დაგიწყნარდეს. თუ რაღაც დროის მერე ისევ გექნება ისეთი გრძნობა, რომ ჭეშმარიტებას შეეხე და ისევ ესეთივე დადებითი გრძნობები დაგეუფლება და არ გახუნდება ეს ყველაფერი, ესე იგი, არ ყოფილა ილუზორული. თ., 20 ივნისის წინა ან მომდევნო დღეებში, არაფერი არ დაგსიზმრებია?“
2020 წელი. 27 ივნისი. თბილისი. გოგონას მოჩვენება
სიზმარი:
ვგრძნობ რომ დავფრინავ. ფიზიკური სხეული არ მაქვს. უხილავად დავფრინავ და უხილავ რაღაცეებს ვხედავ. თითქოს სადღაც ტყეში ვარ... ბარიდან მთაში ვინაცვლებ, სადაც ერთი კლდიანი ფერდობი რატომღაც გამორჩეულად მიზიდავს... თითქოს რაღაც მეძახის... მინდა მოვშორდე, მაგრამ მეძახის, მიზიდავს. ვშორდები და უკან მაბრუნებს. ამ ადგილს „ადგილის დედა“ ჰყავს. ეს უხილავი ქალური ენერგიის მატარებელი ბუნების სულია. აქვე, ამ კლდესთან უამრავი ალპინიასტია დაღუპული. უპირატესად მამაკაცები. მაგრამ მე ახალგაზრდა გოგოს სულს ვხედავ. პირველად ის დაიღუპა და ახლა, აქ მისი მოჩვენებაა გაჭედილი.
− შენ მატკინე... შენ მომაყენე ტივილი... შენ მატკინე... შენ მატკინე... − მეუბნება და განუწყვეტლივ იმეორებს ამ სიტყვებს.
მე ამ გოგონას სულის გარშემო საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით ვიწყებ ფრენას და ერთგვარ მორევს ვქმნი. ამ გოგონას წარმოთქმული სიტყვები თითქოს სისხლის წვეთებად გადაიქცევა, რომლებიც მორევს ერწყმიან და ასევე ტრიალს იწყებენ. მე ვტრიალებ და თან რაღაცას ვამბობ. ამ გოგონას სულს ვუბოდიშებ ტკივილის მიყენებისთვის (თუმცა მე არ ვიყავი, ვინც ეს ტკივილი მიაყენა) და რაღაც შელოცვას ვიმეორებ. საიდანღაც ვიცი, რა სიტყვები უნდა წარმოვთქვა. მორევი სისხლის წვეთებს ჯერ ერთიან მბრუნავ ნაკადში აერთიანებს, ხოლო შემდეგ ეს ყველაფერი ქრება, ხოლო გოგონას სული თავისუფლდება, ისევე როგორც „ადგილის დედა“ თავისუფლდება ამ მოჩვენების წყევლისგან.
აქ მეღვიძება და მიქაელს ვუკავშირდები.
მე:
− რა უცნაური სიზმარი იყო. თან რაღაცნაირი დაბალვიბრაციული... დემონური არა, მაგრამ არასასიამოვნო..
მიქაელი:
− ხო. გაჭედილი სულის განთავისუფლება არაა სასიამოვნო. ეს გოგოც მთასვლელი იყო. ის თავისმა მეგობარმა ბიჭმა წაიყვანა კლდეზე საცოცად. როდესაც გადმოვარდა, მისი ბოლო აზრი იყო საყვედური ამ ბიჭის მიმართ. მე არაერთხელ მაქვს შენთვის ახსნილი, როგორი მნიშვნელოვანია, თუ საით არის მიმართული ადამიანის ცნობიერება გარდაცვალების მომენტში. ის ღმერთის, სულიერი სამყაროსკენ უნდა იყოს მიმართული. ასეთი წყენის და ბრაზის ემოციები სულს ჭედავენ და აბავენ ყველაზე დაბალ (მატერიალურთან მიახლოებულ) ნატიფ განზომილებაში. ამ გოგოს სულის „გაჭედვა“ კიდევ განაპირობა იმ ფაქტმა, რომ ეს ადგილი ერთგვარი „ძალის ადგილი“ იყო. ასეთ ადგილებში იკვეთება დედამიწის ენერგეტიკული არხები (რადგან როგორც ადამიანს, ასევე დედამიწას აქვს უხილავი ენერგეტიკული არხები) და ხშირად აქ იმკვიდრებენ ადგილს ბუნების სულები. ამ ადგილის ენერგეტიკამ ამ სულის პრობლემა გააძლიერა და ერთგვარი ერთი და იმავე მომენტის გამეორების, „ჩაციკვლის“ მდგომარეობაში გაჭედა. მისი სული მუდმივად ერთი და იმავეს იმეორებდა და ვერ გამოდიოდა იმ ემოციური მდგომარეობიდან, რომელშიც მოულოდნელი სიკვდილი ეწვია. ამიტომ ყოველ ჯერზე, როცა ამ კლდეს ვინმე მთასვლელი უახლოვდებოდა, განსაკუთრებით მამაკაცი, ამ გოგონას სული მას სთხოვდა პასუხს, იმისთვის, რაც როდესღაც მისმა მეგობარმა ბიჭმა დააშავა. ეს ზემოქმედება უხილავ გავლენას ახდენდა ადამიანებზე და ისინი უმეტეს წილად კლდიდან ვარდებოდნენ.
− პირდაპირ, საშინელებათა ფილმის სცენარია... − გავიფიქრე მე, − ესე გამოდის, რომ ისტორიები მოჩვენებებზე ხშირად სიმართლეს შეესაბამება... მაგრამ მე საიდან ვიცოდი, რა უნდა მეთქვა და გამეკეთებინა? და რატომ ვტრიალებდი საათის ისრის საწინააღმდეგოდ?
− საათის ისრის მიმართულებით ტრიალი შენი გამოსხივების/გაცემის პროცესია, ხოლო საათის ისრის საწინააღდეგოდ - ამოღების/შთანთქმის. გახსოვს, გულის ლოცვისას პირიქით, საათის ისრის მიმართულებით ტრიალებდი, იმიტომ რომ ეს გულის გამოსხივების პროცესი იყო. ამ შემთხვევაში კი, შენმა მოძრაობა/ტრიალმა და შესაბამისმა შელოცვამ ერთგვარად „ამოიღო“ ამ სულიდან ის „ჩაციკვლის“ პროგრამა, რამაც ეს სული „მოჩვენების“ სახით გაჭედა ამ კლდესთან. შენ ეს დაინახე, როცა მისი სიტყვები „შენ მატკინე“ გარდაიქმნებოდნენ სისხლის წვეთებად, რომლებიც ამოიღე მისგან, მორევს შეუერთე და შელოცვით გაანეტრალე...
− რისთვის მოხდა ეს ყველაფერი? არასასიამოვნო პროცესი იყო...
− ეს ყველაფერი მეორე გზაა, თეთრი მაგია... გაჭედილი სულის განთავისუფლება მეორე გზის საშუალებით არაა სასიამოვნო პროცესი... მაგრამ ეხლა გჭირდება ამ საკითხებში გარკვევა.
2020 წელი. 6 ივლისი. ასკლეპიოსი
გავიდა 10 დღე ბოლო ჩანაწერიდან. მე წერაქვში ჩამოვედი. ეხლა კარგი დროა ინფორმაციის მიღებისა და ჩაწერისთვის, მაგრამ როგორც ჩანს, ის, რაც ჩემთვის კარგი დროა, ჩემი მასწავლებლებისთვის სხვაგვარადაა. მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად მზად ვარ, კონტაქტი ისევ დაიკარგა. იმდენად, რომ მიქაელთან გულისმიერ კავშირსაც ძნელად ვგრძნობ, თუმცა არც შფოთვის შეგრძნება მაქვს. რატომღაც მომდის ინტუიციური აღქმა, რომ ეხლა ასე უნდა იყოს. მაგრამ მაინც დასანანია. დრო ტყუილად ცდება.
ამიტომ ვმუშაობ ჩემი წიგნის რედაქტირებაზე და რუსულ თარგმანზე. უფრო სწორედ, რუსულ თარგმანს დედაჩემის კოლეგა და მეგობარი მიკეთებს. ასევე უანგაროდ, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. როგორც ჩანს, ამ წიგნს ასეთი ბედი აქვს. მასზე ყველა უანგაროდ მუშაობს.
ამასობაში ინტერნეტიდან გადმოვწერე ჰერმეტიკული ტრაქტატი „ასკლეპიოსი“, იმიტომ რომ სწორედ მანდ არის აღწერილი, თუ როგორ ჩამოჰყავდათ ძველად ეგვიპტელებს ღმერთების ან დემონების სულები ქვის, თუ სხვა ტიპის კერპებში. დავიწყე ამ ტექსტის თარგმნა. თავიდან, საინტერესოდ მომეჩვენა, მაგრამ მერე ნელ-ნელა გული ამიცრუვდა. ვერ ვგრძნობ ამ ტექსტთან სინქრონიზაციას. მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილებში. რადგან მიქაელის თანამყოფობაც არაა, არავინ მკარნახობს, ამ ტექსტის შესაძლო დაფარულ აზრს...
ძალიან გული მწყდება, რადგან რაღაცნაირად გავჩერდი...