გნოზისი, ანუ ანგელოზის გული - წიგნი მეორე

იმმა
0
0

„ღმერთრეალიზაცია“ სულიერი იერარქების ტალღებზე

2020 წელი. 13 ივნისი. „ღმერთრეალიზაცია“ სულიერი იერარქების ტალღებზე
 

     მიქაელი:

     − ნუ მაჩქარებ ხოლმე და ნუ გგონია, რომ როცა ჩვენ შორის კავშირში რამდენიმე დღის წყვეტაა, ეს ნიშნავს, რომ კავშირი დაიკარგა. მე ხანდახან დრო მჭირდება, რომ შენში გავამყარო ის იდეები, რომლებიც შენთვის სრულიად ახალია. ამიტომ რამდენიმე დღის განმავლობაში გიგზავნი ხოლმე სახე-ხატებს და იდეებს...

     მე:

     − ხო... ამიტომ მქონდა ეს დღეები შეგრძნება, თითქოს რაღაც აზრები მიტრიალებდა თავში, მაგრამ ფორმულირებას ვერ ვუკეთებდი, მისხლტებოდნენ თავიდან.

     − დღეს მინდა განვიხილოთ ტერმინი - „ღმერთრეალიზაცია“. რას ნიშნავს, როცა ადამიანი გასხივოსნებას, იგივე განღმრთობას, იგივე ცათამაღლებას აღწევს? ის ახდენს საკუთარ თავში, თავის ინდივიდუალობაში ღმერთის რეალიზაციას. ხოლო ეს რეალიზაცია მიმიდინარეობს გარკვეული ხაზით, განშტოებით ანუ ღმერთის გარკვეული ინდივიდუალობის განხორციელებით საკუთარ თავში!... გაუგებარია?

     მისი ღიმილი ვიგრძენი.

     − ცოტათი... ვგრძნობ, რომ მაბრუნებ ჩემს პირველ წიგნთან...

     − იპოვე ეს რამდენიმე ფრაგმენტი და გავშალოთ მათი აზრი ახლებურად...

     მე ფრაგმენტები მოვძებნე:

      „ცოცხალმა არსებებმა უნდა იპოვონ თავისი ინდივიდუალური „ტალღა“, თავისი ღვთაებრივი ენერგიის ტიპი, რისი გამტარებლებიც გახდებიან მატერიალურ სამყაროში. ეს „ტალღა“ განპირობებულია მათი მრავალი ინკარნაციის განმავლობაში გამომუშავებული/დაგროვილი სულიერი თვისებებით და „სიცოცხლის ხე“-ში მათი გენეოლოგიური მიკუთვნებით. ამ „სულიერი გენეოლოგიით“ ადამიანი კონკრეტულ „მასწავლებელს“ „მოსწავლედ“ ეკუთვნის (კონკრეტული ნათელი იერარქის სულიერი შთამომავალია). ეს სულიერი მასწავლებელი ადამიანმა უნდა მონახოს გულის კარნახით და გაამყაროს მასთან კავშირი, რადგან ის იქნება მისი გზამკვლევი და ცნობიერების ამწევი.“

 

      „მე:

      − რატომღაც ესეთი აზრი მომდის, რომ სული პირველწყაროდან მოწყვეტისას თითქოს ამ განშტოებების გასწვრივ მოძრაობს და ასე ჩამოდის მატერიალურ განზომილებაში. 7 პირველი განშტოება (ნახატზე წითლადაა მონიშნული) გარკვეულ, ძალიან ზოგად მახასიათებლებს ატარებს... თითქოს თითოეული თავის კონკრეტულ ტალღაზეა განთავსებული... ერთ ტალღაზე შვიდიდან... ისევ შვიდ სინათლის სხივთან ასოცირდება. მერე ისევ იტოტება და განშტოებების რაოდენობა მატულობს... „რაც უფრო მატულობს რიცხვი, მით უფრო მეტად დიფერენცირდება ღვთაებრივი ენერგია“... - მახსენდება ჩემი ფიქრები და ისევ ვაგრძელებ, - იმის გამო რომ სული ამ განშტოებებს რაღაც ლოგიკით მიუყვება, როდესაც ის დედამიწაზე ინკარნირდება, ის ერთგვარად ამ სულიერი გენეოლოგიური ხის წარმომადგენელი ხდება... ანუ მას თავისი ანგელოზი ჰყავს, თავისი სულიერი იერარქები, რომლებიც ამ კონკრეტული თვისებების სულის განვითარებას კურირებენ.“

 

      „მიქაელი:

      − როდესაც მე ღმერთის მიმართ ლოცვისკენ მოგიწოდებ, უნდა გესმოდეს, რომ შენ ბოლომდე ვერ გაიგებ და ვერ შეიცნობ აბსოლუტს, მაგრამ შენ შეგიძლია აიმაღლო ცნობიერება და შესაბამისად სენსორული სტატუსი, რომ მისი, ღმერთის, მეტი მხარე, მეტი გამოვლინება აღიქვა, ისე როგორც თვალახელილი აღიქვავს ფერებს ბრმასთან შედარებით. ის რაც გუშინ ამიღწერე, ერთ-ერთი ასეთი გამოვლინება იყო. და ჩვენ ყველანი, ყველა ცოცხალი არსება ყველა განზომილებაში და რეალობაში სწორედ ამით განვსხვავდებით! მე მინდა რომ შენ ეს ამღლებული ცნობიერების მდგომარეობა, რომლის დროსაც ღმერთის თუნდაც მცირედ გამოვლინებას აღიქვავ, გაგიმყარდეს და შენი ცნობიერება არ ვარდებოდეს და მაღლდებოდეს მომენტიდან მომენტამდე და სიტუაციიდან სიტუაციამდე. ამას მე „ღერძის შეძენას“ ვეძახი.  როდესაც „ღერძს“ შეიძენ მაშინ მიხვდები რას ნიშნავს ღმერთის ნების შესატყვისად ცხოვრება... რას ნიშნავს „დაიჭირო ტალღა“. ეს ტალღა შენი პიროვნების სწორედ იმ კუთხეებს და წახნაგებს გაუყვება, რომელსაც შენი სულის ინდივიდუალობა ჰქვია და რომლითაც შენ ღმერთის კონკრეტულ „მხარეს“, კონკრეტულ „გამოვლინებას“ აღიქვავ. ასე მოძებნი და დაიმკვიდრებ შენს ადგილს სულიერ სამყაროში... ამ დროს გამოჩნდება რისთვის, რა დანიშნულებით ევოლუციონირდა შენი სული მრავალი ინკარნაციების შედეგად.“

 

      „მიქაელი:

      − ასევე საჭიროა „ღმერთისკენ“ ანუ რომელიმე ნათელი იერარქისკენ მისწრაფება, რომ მისგან დახმარება მიიღო და კავშირი გაამყარო საკუთარი სულის კომპონენტებს შორის, ანუ ზედა სულიერ ტრიადასა და ქვედა ტეტრადას შორის. როგორც წესი ეს იერარქი რაღაცნაირ სულიერ გენეოლოგიურ კავშირშია ხოლმე კონკრეტულ სულთან (ამის მეტად ახსნა ამ წუთას მიძნელდება).“

 

      ”მიქაელი:

      − ეხლა შეხედე, თუ ამ ზემოთაღწერილ გენეოლოგიურ განშტოებებს წარმოიდგენ როგორც ზევიდან ქვევით (ურანიდან ოლიმპიელებამდე) ჩამოშვებულ ხის ტოტებს, ხოლო დედამიწაზე განსხეულებული არსებების გენეოლოგიას, როგორც ანალოგიურ, ოღონდ ქვევიდან ზევით (გეასგან ადამიანამდე) მიმართულ ხის ტოტებს, მიხვდები, რომ მე-4 განზომილების არსებები ანუ ადამიანები, როგორც ყველაზე მაღალი დონის მატერიალური არსებები ესაზღვრებიან მე-5 დონის ოლიმპიელებს ანუ ყველაზე დაბალი დონის სულიერ არსებებს. სწორედ ეს კავშირი იყო, ის რაც მატერიას სულთან, მატერიალურ სამყაროს სულიერ სამყაროსთან აკავშირებდა, ქვედა ტეტრადას ზედა ტრაიადასთან, რომელზეც სულ გელაპარაკები.“

 

     მიქაელი:

     − როგორც ხვდები, ამ თემას სულ ვეხებოდით, მაგრამ ბუნდოვნად ხვდებოდი, რას ნიშნავს სულიერი გენეოლოგიური კავშირი კონკრეტულ ნათელ ძალთა იერარქთან. ნაცნობ მაგალითზე რომ განვიხილოთ, ავიღოთ რომელიმე ქრისტიანი წმინდანი, მაგალითად წმინდა პანტელეიმონი, ის განეღმრთო, ანუ ცათამაღლდა როგორც „მკურნალი“ ინდივიდუალობა, ანუ მისი ღმერთრეალიზაცია მოხდა მკურნალის ინდივიდუალობაში. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ მან თავის თავში გამოავლინა ღმერთის ის ინდივიდუალობა, რომელიც ღმერთს ავლენს მკურნალობის ტალღაზე. ეს არის სწორედ, ის „ტალღა“, რომელზეც გესაუბრებოდი ზემოთმოყვანილ ნაწყვეტებში. არსებობენ ღმერთრეალიზების სხვადასხვა დონეები; ძალიან ფართო ფუნქციის მომცველი „ტალღის“, ანუ თქვენი ენით რომ ვთქვათ, „სპეციალიზაციის“ (7 ძირითადი) და ძალიან ვიწრო „ტალღის“ დონეები (ქვედონეები). მაგალითად, ვრცელი ტალღაა, როცა ადამიანი განეღმრთობა, როგორც ღმერთის „ქალური იპოსტასის“ მატარებელი ინდივიდუალობა. ასეთი იყო მაგალითად იზიდა, ან ღვთისმშობელი მარიამი, რომელსაც „დედა მარიამსაც“ უწოდებენ ხოლმე. ეს მაღალი დონეა. უფრო ვიწრო ტალღაა, მაგალითად, ჩემი მოღვაწეობა, როგორც „ბნელ ძალებთან მებრძოლი და ადამიანთა მცველი“, ან „მკურნალი“, ან „ხელოვნების მფარველი“. რაც უფრო ვიწროა „ტალღა“, მით უფრო დაბლა განზომილებაშია სული განღმრთობილი. მაგალითად ყველა „ადამიანური სპეციალიზაციის“ ტალღები, როგორიცაა მედიცინა, კონფლიქტების მართვის სტრატეგია, ხელოვნება თავისი სფეროებით და ას. შ, ეს მე-5 განზომილების „ღმერთრეალიზაციაა“ (თუმცა არ დაგავიწყდეს, რომ ყველა ღმერთრეალიზებული სულის ცნობიერება იმყოფება ტრიადის მდგომარეობაში. ანუ ისინი ერთდროულად მე-5, მე-6 და მე-7 ცნობიერებებში იმყოფებიან. უბრალოდ აქ საუბარია მათ დომინანტურ ვიბრაციაზე. როცა ვამბობ, რომ სული განღმრთობილია მე-5 განზომილებაში, მისი სულის ძირითადი ვიბრაცია ამ განზომილებაში იმყოფება).

     

 

     მე:

     − ოლიმპიელი ღმერთები გამახსენდა, სადაც ყველა ღმერთს თავისი განკარგულების  სფერო ჰქონდა...

     − შორს ნუ მიდიხარ. ქრისტიანებსაც ყველა სფეროსთვის თავისი წმინდანი ჰყავთ. მოგზაურებისთვის ერთისთვის ლოცულობენ, მკურნალობისთვის მეორისთვის, დაცვისთვის მესამისთვის... 

     − ხო, მე მახსოვს, რომ ლოცვების წიგნში კონკრეტულ დაავადებასაც კი თავისი წმინდანი ჰყავს, რომელსაც უნდა მიმართო შესაბამისი პრობლემის დროს. მაგრამ რატომ ვლაპარაკობთ ამაზე?

     − როგორც ზემოთხსენებულ ნაწყვეტებში წერია, ყოველ ჰომოგენურ (ერთგვაროვან) სტრუქტურას უჩნდება თავისი მმართველი სულიერი იერარქი, ჰერმესის სიტყვებით „ზეციური ღმერთი“, რომლის მეშვეობით ხდება მის ტალღაზე დამჯდარი ადამიანის განღმრთობა. მაგალითად არსებობს ზეციური „მკურნალი ღმერთი“, რომელსაც როგორც ჰერმესი იტყოდა „მხოლოდ თავი აქვს“. სხვათაშორის ამიტომ გამოსახავდნენ ეგვიპტელები ღმერთებს ცხოველების თავებით. „თავი“ არაადამიანური ატრიბუტი უნდა ყოფილიყო, ზებუნებრივი შესაძლებლობის გამომხატველი. ანუ, ისინი ამისთვის მათი გაგებით შესაბამისი ცხოველების თავებით წარმოიდგენდნენ თავიანთ ღვთაებებს. ლოგიკა იგივეა, რა ლოგიკითაც თქვენ თქვენი ფილმების და კომიქსების სუპერგმირებს ადამიანის და ცხოველის ნარევ არსებად წარმოიდგენთ. კაცობრიობის კოლექტიური ქვეცნობიერი იგივეს აკეთებს მაშინაც და ეხლაც. მაგრამ გავაგრძელოთ „მკურნალ“ ღმერთზე საუბარი, რახან ასკლეპიოსის თემაზე ვართ გაჩერებული. ეს არის ერთ-ერთი ღვთაებრივი ემანაციის ქვეემანაცია (გამოსხივების ქვეგამოსხივება). განღმრთობილი ადამიანი, რომელიც განსხივოსნებას, მკურნალის სახით ახდენს, ახდენს, ესე ვთქვათ, ამ იერარქის ღმერთრეალიზებას ადამიანის სახით. საქმე იმაშია, რომ როდესაც ასეთი მონადა (რომელიც უკვე ახლოსაა განსხივოსნებასთან წარმატებული რეინკარნაციების შედეგად, ანუ უკვე ახლოსაა ევოლუციურად ამ ციკლის დასრულებასთან) ინკარნირდება დედამიწაზე, ეს სული კიდეც „ჩამოდის“ ამ „მკურნალი ღმერთის“ გავლით (ეს ასტროლოგიასთანაცაა კავშირში, რადგან პლანეტებიც ამ ძირითადი სხივების/ტალღების გამტარები არიან)... შენ ეხლა გიჭირს ამის გაგება, მაგრამ მერე კიდევ დავუბრუნდებით ამ თემას... საბოლოოდ რისი თქმა მინდა... ის ღმერთები, რომლებსაც ეგვიპტელები გამოსახავდნენ კერპების სახით, მაგალითად იზიდა, ამონი, ოსირისი... იყვნენ შესაბამისი ღვთაებრივი იერარქების ღმერთრეალიზებული ადამიანები... ანუ, როდესაც ეგვიპტურ მითოლოგიაში საუბარი იყო, რომ არსებობდა ეპოქა, როცა ეგვიპტეს ღმერთები მართავდნენ, ეს სიმართლეა. ეს სულები ჩამოვიდნენ ამ კონკრეტული ნათელი იერარქების „გავლით“ დედამიწაზე და მოახდინეს ამ ღვთაებრივი იერარქების ღმერთრეალიზება ადამიანების სახით, ანუ ადამიანურ განსხეულებაში. ხვდები?

     − თითქოს კი... - ვუპასუხე მე, თუმცა არ ვიყავი დარწმუნებული, რომ სწორედ მივყვებოდი აზრს, − და რას ნიშნავს სულის ჩამოსვლა დედამიწაზე კონკრეტული სულიერი იერარქის „გავლით“? შეგიძლია ეს საკითხი ცოტა განავრცო?

­     − მოკლედ რომ ვთქვათ, არსებობს სულიერი ინდივიდუალობების ორი კატეგორია; პირველი ტიპის სულიერი ინდივიდუალობების − სულიერი არსებები რომლებიც იმთავითვე სულიერ განზომილებებში შეიქმნენ და ჰერმესის ტერმინებით მხოლოდ „თავებს“ წარმოადგენენ და მეორე − ადამიანები, რომლებმაც სულიერ განზომილებას მიაღწიეს განღმრთობის გზით (ქვევიდან ზევით ამომავალი ტოტები). ჯერ განვიხილოთ მეორე, ანუ განღმრთობა. წარმოიდგინე, რომ უნდა გაჩნდეს ბავშვი. ამ ბავშვის სხეულში უნდა ჩამოვიდეს მონადა (სული). დავუშვათ ამ ბავშვის სხეულს კარმულად შეუძლია მიიღოს ძალიან ამაღლებული სული ზედა სულიერი განზომილებიდან. ამ ბავშვის სხეული თავისი გენეტიკით, იქიდან გამომდინარე, თუ როგორ ასტროლოგიურ პირობებში იბადება, როგორ გარემოებებში ჩნდება, როგორ მშობლებთან და როგორი კარმული სურათი შეუძლია გაათამაშოს, მოიზიდავს კონკრეტული თვისებების სულს. მაგალითად, ამ ბავშვს შეუძლია ყველა ამ ზემოთჩამოთვლილი პირობიდან გამომდინარე, მიიღოს „მკურნალის“ თვისებების რეალიზების სული. ჩამოვა სული, რომელმაც წინა რეინკარნაციებით უკვე მიაღწია იმ დონეს, რომ „მკურნალის“ ღმერთრეალიზაცია მოახდინოს. განსხივოსნების მომენტში, ის ჯდება კონკრეტულ საღმრთო ტალღაზე, ამ შემთხვევაში მკურნალის ტალღაზე და მასზე, როგორც ქრისტიანები იტყოდნენ სული წმინდა გადმოდის კონკტერული სულიერი იერარქის ინდივიდუალობიდან (პირველი ტიპის სულიერი არსება), ანუ ის თავის თავში ამ ღმერთის კონკრეტული ემანაციის ანუ იერარქის ცნობიერების ფრაგმენტს იღებს. ესე ვთქვათ მისიანი ხდება, მისი სულიერი გენეოლოგიის ნაწილი.

 

es

 

− ეგვიპტური ღმერთები ადამიანების სახით დადიოდნენ დედამიწაზე?

     − კი. ისინი არსებობენ როგორც ზეციური ღმერთები (იერარქები), ანუ „მხოლოდ თავები“, ანუ ღმერთის იპოსტასები, მისი სულიერი გამოვლინებებიც და ასევე მათში განღმრთობილი ადამიანებიც... მხოლოდ ერთს დავამატებ. როდესაც ასეთი მაღალი მზაობის სულის მოზიდვა ხდება დედამიწელი ბავშვის სხეულში, მას აუცილებლად შესაბამისი სხეული უნდა დახვდეს, რომ ამ სულის ვიბრაციებს გაუძლოს და ამ სულის პოტენციალის გამოვლინება შეძლოს. ამიტომ იყო ასეთი მნიშვნელოვანი ეგვიპტელი ფარაონებისთვის სუფთა სისხლის ხაზის შენარჩუნება. ამიტომ იყვნენ ისინი ხშირად იძულებულები ინცესტზეც კი წასულიყვნენ და ხშირად მამას ქალიშვილი მოყავდა ცოლად, ან ძმას და. ეს ასუსტებდა ორგანიზმს. ჩნდებოდა მიდრეკილება დაავადებებისადმი, მაგრამ ნარჩუნდებოდა ის გენეტიკა, რომელიც საჭირო იყო, რომ შვილს მიეღო ამაღლებული სული და ფარაონთა დინასტიაში ხორცშესხმული ღმერთების მოვლინება გაგრძელებულიყო. ამიტომ ითვლებოდნენ ფარაონები უმაღლესი ღმერთების რეინკარნაციებად. ასეც იყო გარკვეულ პერიოდამდე, სანამ სისხლი გაფუჭდა. გენეტიკა ძალიან მნიშვნელოვანია. 

     − ვხვდები... − ჩავფიქრდი მე და უნებურად გავიფიქრე ეხლანდელი ადამიანების გენეტიკაზე, − შეიძლება ითქვას, რომ ფარაონები რჩეულები იყვნენ...

     − როგორც არ უნდა არ მოსწონდეთ ადამიენებს ეს სიტყვა, კი... ის სულები, რომელიც მათ სხეულებში რეინკარნირდებოდნენ გაცილებით მაღალ დონეს წარმოადგენდნენ, ვიდრე საშუალო სტანდარტული დედამიწელი იმ დროს და ეს კარგი იყო. არ ჯობია ქვეყნის მმართველი გაცილებით მაღალ სულიერ საფეხურზე იდგეს, ვიდრე საშუალო სტატისტიკური ადამიანი? ის ხომ მთელი სახელმწიფოსთვის სწორ სულიერ და მატერიალურ ვექტორს უზრუნველყოფს.

     − ისინი სხვა პლანეტებიდან იყვნენ?

     − კი... სხვა, უფრო ევოლუციურად სულიერად წინ წასული პლანეტებიდან სადაც სიცოცხლის ფორმები სხვა სიხშირის დიაპაზონშია. ანუ, რასაც თქვენ პარალელურ განზომილებას ეძახით...

     − ორიონი, სირიუსი... - გამახსენდა მე ხშირი საუბრები იმაზე, რომ პირამიდები ორიონზე და სირიუსზეა ორიენტირებული...

     − კი... და თავიანთ მშობლიურ პლანეტებთან რომ არ დაეკარგათ კავშირი, ამისთვის აგებდნენ პირამიდებს (უფრო სწორედ პირამიდას) და გადიოდნენ სპეციალურ მომზადებას, განდობილების სკოლებს, ინიციაციას თითქმის სიკვდილის მდგომარეობამდე მისვლითა და „საზვერეების“ გავლით 7 საფეხურით და ას. შ. ეს ყველაფერი იმისთვის იყო საჭირო, რომ დედამიწის ველში არ ჩარჩენილიყვნენ სიკვდილის მერე. მათთვის დედამიწაზე განსხეულება იყო „დაცემა“, რადგან დედამიწა მათთვის იგივე იყო, რაც შენთვის რომელიმე „დემონური ტიპის“ პლანეტა. შენ რომ რეინკარნირდე, საკუთარი ნებით, დემონურ პლანეტაზე, ეს იქნება „დაცემა“, რადგან შენი სულისთვის შეუფერებლად დაბალ ვიბრაციებში მოგიწევს ცხოვრება. ეს ცხოვრება კი დაგავიწყებს იმას, თუ ვინ ხარ, შეიძლება იმ პლანეტის ველმა ჩაგითრიოს და რეინკარნაციების წრებრუნვაში ჩაერთო. ამიტომ ამ სულების ინკარნაცია დედამიწაზე იყო ერთგვარი „ანგელოზთა დაცემა“... გახსოვს, ანგელოზები, რომლებიც დედამიწაზე დაეშვნენ, მიწიერ ქალებზე იქორწინეს, ასწავლეს მათ ყველას თავთავისი „ტალღის“ საქმიანობა... გახსოვს, ცივილიზატორი ღმერთები ინდიელების მითებში? ღვთაებები შუმერულ მითოლოგიაში?... ყველგან ერთი და იგივეზეა საუბარი, რომ როდესღაც დედამიწაზე ღმერთები/ანგელოზები დადიოდნენ. ისინი ადამიანებს ასწავლიდნენ, მართავდნენ, ხოლო მერე წავიდნენ... ზოგი დაბრუნდა, ზოგი დაეცა და ჩარჩა...ზოგის შთამომავლებმა შესანიშნავი „ნახევარ-ღმერთები“ შვეს და ბრწყინვალე სისხლის ხაზები განავითარეს, ზოგის კი მდაბიო არსებები და ბნელი გენეტიკის მატარებელი გვარები... სამწუხაროდ ასეთია დუალური სამყარო. არაფერია გარანტირებული იქ, სადაც თავისუფალი ნების ზონაა და ინდივიდი იღებს მცდარ ან მართალ გადაწყვეტილებას...

     მან პაუზა გააკეთა და განაგრძო...

     − ხოდა, როცა „ასკლეპიოსის“ ტრაქტატში ლაპარაკია ადამიანების მიერ „მიწიერი ღმერთების“ ანუ კერპების შექმნაზე, საუბარია, სწორედ ამ ღმერთრეალიზებული ინდივიდუალობების სულების ჩამოყვანაზე მინერალურ ქანდაკებებში, როცა ადამიანად გაჩენა შეუძლებელია შესაბამისი სხეულის არქონის გამო. ეს სულები ამ ქანდაკებებში თავისი ცნობიერების ფრაგმენტს დებდნენ. ბევრი ქანდაკება იყო, ბევრად ფრაგმენტირდებოდა ამ სულის ცნობიერება. იგი ამავდროულად ზეციურ განზომილებაში და საკუთარ პლანეტაზეც შეიძლებოდა ყოფილიყო. შენ იცი, რომ უმაღლეს არსებებს შეუძლიათ ბევრგან ერთდროულად ყოფნა. ასეთი, კერპში ჩამოყვანილი ღვთაების სული იქ უფრო კარგად იმაგრებდა ცნობიერების ფრაგმენს, სადაც ძლიერი ქურუმები და სწორი კონტაქტის რიტუალები მიმდინარეობდა. როგორც წესი თითო ქალაქი თითო ღმერთისთვის იყო განკუთვნილი... მაშინ ასეთი სისტემა იყო.

     ­− მხოლოდ, როდესაც შუმერულ ან ეგვიპტურ მითებს ვკითხულობ, მე, რაღა დაგიმალო და დიდად არ მომწონან ეს ღმერთები და არც ლეგენდები მათზე. მათი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ, შუმერულ მითოლოგიაში განსაკუთრებით, არის დამოკიდებულება მონების მიმართ... შუმერული მითოსი ადამიანის შექმნის შესახებ, როგორც წავიკითხე, მოგვითხრობს ისტორიას, სადაც ადამიანები შექმნეს იმისთვის, რომ ისინი ღმერთებს მოემსახურონ და მათი შიმშილი დააოკონ. გარდა ამისა, თითქოს, როცა კაცობრიობა გარკვეულ წარმატებას აღწევდა, ისინი ცივილიზაციებს ანადგურებდნენ წარღვნითა და სხვადასხვა საშუალებებით, იმის შიშით, რომ ადამიანები „მათსავით არ გამხდარიყვნენ“... − ამის თქმაზე უნებურად ისევ ბიბლიის ის ნაწყვეტი გამახსენდა, სადაც ღმერთი ადამს და ევას ედემიდან აგდებს, სიტყვებით „აჰა, ადამ იქმნა, ვითარცა ერთი ჩუენგანი, მეცნიერ კეთილისა და ბოროტისა. და აწ ნუ-სა-და მიყოს ჴელი თჳსი და მოიღოს ხისაგან ცხორებისა, და ჭამოს და ცხონდეს უკუნისამდე.“

     მიქაელი:

     − ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა...

     მე:

     − ჩვენთვის ცნობილ ყველაზე ძველ ისტორიულ პერიოდში, დაახლოებით 3000 წელს ჩ. წ.-მდე, ძირითადად ყველგან იყო სისხლიანი მსხვერპლშეწირვები... მაშ, როგორ იყვნენ ეს ღმერთები ღვთაებრივი იერარქების ინდივიდუალობები? მესმის, რომ ზოგი შეიძლება „დაცემული ანგელოზების“ კატეგორიიდან ყოფილიყო, მაგრამ თითქმის ყველა? თუ არა ყველა... ან მე მეშლება რამე და არასაკმარისად ვიცი ძველი ცივილიზაციის მითები. 

     მიქაელი:

     − გასაგებია შენი კითხვა. მაშინ გავჩერდეთ ამ კონკრეტულ საკითხზე. მაგრამ მე რამდენიმე დღე დამჭირდება, რომ „ფიქსატორი“ სახე-ხატები გამოგიგზავნო, რადგან შენს ცნობიერში დასაყრდენს ვერ ვპოულობ. დღეს ამაზე დავამთავროთ. 

 

 

 

    2020 წელი. 14 ივლისი. წერაქვი. იშტარი
 

     მიქაელი:

            − ერთი საკითხი უნდა დავაზუსტოთ გუშინდელი საუბრიდან: როდესაც პირველად ხდება ღმერთის რომელიმე ასპექტის ღმერთრეალიზაცია დედამიწაზე, ჯერ ჩამოდის არა ევოლუციურად მომწიფებული ადამიანის სული, არამედ სულიერი იერარქი ან რომელიმე ევოლუციურად წინ წასული ამაღლებული სული, რომელიმე ევოლუციურად წინ წასული პლანეტიდან. როგორც უკვე ვთქვი, ეს „დაცემაა“ მისთვის, მაგრამ ამავე დროს მამა-ღმერთის უდიდესი მსახურება. გახსოვს, რომ გეუბნებოდი, გარდამტეხ მომენტებში, თავად სულიერი იერარქები ინკარნირდებიან ადამიანებად. იმის მერე, რაც ისინი სინათლის ფოკუსს აყენებენ, ამ, ესე ვთქვათ, გატკეპნილ გზაზე უკვე ადამიანებიც განეღმრთობიან. მაგალითად „მკურნალის“ ღმერთრეალიზაციის „გზის გასატკეპნად“ ინკარნირდება ჯერ ღვთაებრივი სული, ანუ ნათელი იერარქი, რომელსაც თვითონ აქვს შესაბამისი თვისებები. ხოლო მერე, ამავე გზით მიდიან უკვე ევოლუციურად მომწიფებულ ადამიანთა სულები. ამიტომ იყო ნათქვამი, რომ არსებობდა 5 ჰერმესი. იზიდას მსგავსი განღმრთობაა მარიამ ღვთისმშობელი და ყველა ქალი, რომელიც „დედის“ და ღმერთის ქალური იპოსტასის ინდივიდუალობით განეღმრთობა. ეს საკითხი კარგად რომ გაიაზრო, მიხვდები, რომ თქვენ, ადამიანებს, სხვადასხვა რელიგიებში, კულტურებში და ტრადიციებში ერთი და იგივე სულიერ იერარქებთან გაქვთ შეხება, უბრალოდ სხვადასხვა ღმერთრეალიზებული ინდივიდუალობების საშუალებით. მაგალითად ქრისტიანები ღმერთის ქალურ იპოსტასს ეხებიან მარიამის საშუალებით. ეგვიპტელები იზიდას საშუალებით, შუამდინარეთის ხალხი იშტარის და ას. შ. არსებობდა უამრავი დედა-ღვთაება (ოღონდ ბუნების სულებში არ აგვერიოს, როგორც პრიმიტიულ თემებში იყო). იმ ხალხებში, სადაც უფრო მეტად ღმერთის ამ ასპექტს ეთაყვანებოდნენ, ვითარდებოდა უფრო მატრიარქალური საზოგადოება. ეგვიპტის, თუნდაც შუამდინარეთის ქალაქებს, ყველას თავისი ღვთაება ჰყავდა. შესაბამისად, ამ ქალაქებში ამ ღვთაების კონკრეტული ენერგია დომინირებდა. იესო წარმოადგენდა „მამა ღმერთის“ ღმერთრეალიზაციას, რომელმაც „გზა გაუტკეპნა“ გაღმრთობისკენ უამრავ ადამიანს. „მამა ღმერთი“ (სულ ერთია მისი კაცის თუ ქალის იპოსტასი იქნება), ანუ სამყაროს შემოქმედი, იერარქიის უმაღლესი მწვერვალია. ამიტომ შეიძლება თქვა, რომ იესომ უმაღლესი თამასა დაგიწესათ. ამიტომაა ნათქვამი: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე; ვერავინ მივა მამაჩემთან, თუ                      
არა ჩემს მიერ“ (იოანეს სახ. 14:6). საღმრთო იერარქია შეგიძლიათ 

egyp

წარმოიდგინოთ, როგორც ქვეყანა, სადაც შემოქმედი ღმერთი „პრეზიდენტია“, მკურნალი ღმერთი, სიყვარულის ღმერთი ხელოვნების ღმერთი და საბრძოლო ხელოვნების წარმართვის ღმერთი და ას. ს. – „სამინისტროები“.

 

     მე:

     − მაშინ რატომ შემოიტანა ეხნატონმა მონოთეისტური რელიგია, თუკი მრავალღმერთიანობა იგივეა, რაც ღმერთის სხვადასხვა ასპექტების თაყვანისცემა სხვადასხვა ღმერთრეალიზებული ინდივიდუალობების სახით?

     − ისევ სახელმწიფოს მოდელი წარმოიდგინე. წარმოიდგინე, რომ ქვეყანაში დასუსტდა ინსტიტუციები. მაგალითად, ერთ რეგიონში კულტურის სამინისტრო კარგად მუშაობს, მაგრამ სოფლის მეურნეობის არა, მეორეში სპორტის სამინისტროა ძლიერი, მაგრამ ხელოვნების არა. ასეთ შემთხვევაში ჯობია დაამყარო ცენტრალიზებული მმართველობა. თქვენი სახელმწიფოების შემთხვევაში ცენტრალიზებული მმართველობა საშიშია, იმის გამო, რომ ერთპიროვნულმა მმართველმა შეიძლება ძალაუფლების უზურპირება მოახდინოს. შემოქმედი ღმერთის შემთხვევაში ეს საშიშროება არ არსებობს, თუკი, რა თქმა უნდა, უზენაესი ღმერთის მაგივრად რომელიმე მე-5 განზომილების არსებას არ მიიჩნევ შემოქმედ მამა-ღმერთად და ჭეშმარიტ ღმერთს ცრუ-ღმერთით არ ჩაანაცვლებ. თუ უმაღლეს იერარქს (მამა-ღმერთს) ან მის მიწიერ ღმერთრეალიზებულ ინდივიდუალობას (იესოს) ეთაყვანები, ავტომატულად სინქრონიზირდება ყველა მისგან გამომავალი ასპექტი (ალეგორიულად ვუწოდეთ „სამინისტროები“). ამიტომ იყო მცდელობა მონოთეიზმის დამყარების. ქურუმების სულიერი დეგრადაციის გამო, ისინი ვეღარ აკავებდნენ ღვთაებრივ სულებს თავიანთ კერპებსა და ტაძრებში. მათი ხილვები ცრუ იყო. დაბალვიბრაციულ გარემოში კი დემონური სულები იმკვიდრებენ ადგილს და შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობაში შესულ, დაბალვიბრაციულ ქურუმს უჭირდება იმის გაგება, ვისგან მოდის ხილვა... ის განდობილების სკოლა, რომელიც ძველ ეგვიპტეში ქურუმებს ამზადებდა, სრულად ასწავლიდა მათ ნატიფ განზომილებაში ორიენტაციას და ამოწმებდა მათ სულიერ მზაობას, მოგვიანებით გაუქმდა. ცოდნა გამრუდდა და დაიკარგა. ეგვიპტის ცივილიზაციის დასაწყისში, როდესაც ის ფუძნდებოდა და ღვთაებრივი სულები ინკარნირდებოდნენ, მათი სინათლის ფოკუსი ძლიერი იყო. დროთა განმავლობაში ის შესუსტდა, ფარაონთა სხეულებში ჩვეულებრივი ადამიანების სულები ინკარნირდებოდნენ, ხოლო ქურუმებმა დაკარგეს თავიანთი სიწმინდე. სულიერი იმპულსები სუსტდება ხოლმე დროთა განმავლობაში. ასე ხდება „ტალღის პრინციპიდან“ გამომდინარე... აღმავლობას მოყვება დაღმასვლა. დაღმასვლას მოყვება საზოგადოების დეგრადირებაც და ცივილიზაციის დაბერება/გადაშენება, − მან პაუზა გააკეთა და განაგრძო, − მე მინდა, რომ შენ ერთი ძველი სიზმარი გაიხსენო. შენ ის გახსოვს და იმასაც ხვდები, რომ ეს სიზმარხილვა იყო, მაგრამ თავის დროზე არ ჩეწერე. ეხლა ამ სიზმრის ახსნის დრო მოვიდა. 

 

     მე მივხვდი, რომელ სიზმარზეც მელაპარაკებოდა. ეს სიზმარი ალბათ ასე 4 – 5 წლის წინ დამესიზმრა.

     − მაშინ ვერ მივხვდი მის აზრს და რამდენიმე სიმბოლომ არასასიამოვნოდ დამაბნია...

     მესიზმრა, ვითომ რაღაც ოთახში ვიყავი, სადაც თაროსთან კიბე იყო მიყუდებული. ოთახი მაღალჭერიანი იყო და თაროც ძალიან მაღლა, თითქმის ჭერთან მდებარეობდა. მე კიბეზე ავფოფხდი. რატომღაც ასვლაც რთული იყო და თაროზე თავის შეკავებაც, რადგან ის დაქანებული იყო და ნებისმიერ მომენტში შეიძლებოდა იქიდან ჩამოსრიალება და გადმოვარდნა. როგორც იქნა თავი გავიმაგრე, რომ უეცრად დავინახე, როგორ მოფრინავს ჩემკენ წიგნი. ეს წიგნი ოთხივე წვეროთი ეჭირათ და მოჰქონდათ ბუზებს! რატომღაც ბუზებს. მე წიგნი ხელში ავიღე. წიგნის ენერგეტიკას მაშინვე ვიგრძენი. ვიგრძენი, რომ ხელში მიჭირავს საოცრად ძველი სიბრძნის მატარებელი არტეფაქტი! იმდენად ძველი, რომ  შემეშინდა მისი გადაშლა და ამ ცოდნასთან მიკარება. მაგრამ ყდაზე მარიამ ღვთისმშობელი შევამჩნიე. ქრისტიანულმა სიმბოლიკამ ჩემში ნდობა გამოიწვია. მარიამის გამოსახულებას კარგად დავაკვირდი და უეცრად დავინახე, რომ ეს გამოსახულება იცვლებოდა. მასზე ხან მარიამი ჩნდებოდა, ხან ბერძნული, ხან რომაული, ხან მესოპოტამიური, ეგვიპტური და სხვა ტიპის ქალღმერთები... ყველანი „დედა ღვთაებას“ წარმოადგენდნენ ასეთი თუ ისეთი სახით. ეს გამოსახულებები ერთი-მეორეს ცვლიდნენ და ნელ-ნელა უფრო და უფრო ძველ დროს შეესაბამებოდნენ. ბოლოს გამოსახულება გაჩერდა ერთ-ერთ ქალის ქანდაკებაზე და მის თავზე უცნობი ანბანით სიტყვა დაიწერა. ვიცოდი, რომ ეს ძალიან, ძალიან ძველი ენაა... შესაძლოა პირველი პროტოენა, მაგრამ მე საიდანღაც ვიცოდი მასზე კითხვა... და წავიკითხე. ეს სიტყვა იყო − იშთარი!

 

     აქ გამეღვიძა. მახსოვს ინტერნეტში შევძვერი და იშტარზე ინფორმაცია მოვიძიე. მაშინ ბევრი არაფერი ვიცოდი ძველი ხალხების მითოლოგიებზე და რელიგიებზე. ის, რაც წავიკითხე სულ არ მომეწონა. იშტარს, რატომღაც პროსტიტუტთან აიგივებდნნენ და ტაძრულ პროსტიტუციას მის კულტს უკავშირებდნენ. ასევე მის ქმრად, ერთ-ერთი ვერსიით, მოაზრებოდა ველზევეული, რომელსაც რატომღაც „ბუზების მბრძანებელს“ უწოდებდნენ. აქვე გამახსენდა, რომ სიზმარში წიგნი ბუზებმა მოიტანეს და ძალიან არ მესიამოვნა, რადგან ბაალი, იგივე ველზევეული, დემონურ არსებად მოიაზრება... 

     − ეხლა ხომ ხვდები, რატომაც არ ჩავწერე ეს სიზმარი... − ვუთხარი მე, − რას ნიშნავდა ეს ყველაფერი?.. 

 

 

ინტერნეტპოსტებიდან. განსხვავება ნათელი იერარქისა და დემონის ჩამოყვანაში შინაგან ტაძარში
 

    ნინი: 

ანუ არის შესაძლებლობა რომ თუ სულიერად ადამიანი ვერ არჩევს შეიძლება დაბალვიბრაციული დემონი ჩამოიყვანოს. და იგივე პრინციპით ადამიანში შეიძლება დაივანოს წმინდანმა? ან პირიქით დემონმა დაიდოს ბინა?

      იმმა:

      კი, ნინი. მაგაზე იყო ზუსტად საუბარი წინა პოსტებში, რომ სულიერი არსების ცნობიერება (უფრო სწორედ ცნობიერების ფრაგმენტი) შეგიძლია ჩამოიყვანო შესაბამისი რიტუალებით და ძალისხმევით ან გარეგან ტაძარში (მაგ ეკლესია ან კერპი/ხატი), ან შინაგან ტაძარში (ანუ საკუთარ სხეულში). მაგალითად ეკლესიებში არის (უნდა იყოს წესით ყველგან) ქრისტეს და წმინდანების ცნობიერების ფრაგმენტები, რასაც მგრძნობიარე ადამიანები გრძნობენ, როგორც მათ თანამყოფობას იმ ტაძრების შიგნით. ადრეც მიწერია, თვითონ იესოს სიტყვები, რომ მისი ცნობიერება იმდენ ნაწილად შეიძლება გაიყოს, რამდენი ადამიანიც მოუხმობს მას გულში. (ოღონდ ცნობიერების ფრაგმენტაცია არ უნდა გაიგო, როგორც ცნობიერების დანაწევრება. სულიერ იერარქს ამ დროს არაფერი არ აკლდება, არ წყდება. პირიქით, ის მეტ მთლიანობას იძენს, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს ეს ჩვენი გონებისთვის.) ბევრ ეკლესიაშიც იგივე პრინციპით ჩადის (ანუ ცნობიერების ფრაგმენტაციის პრინციპით). შინაგან ტაძარზე ქრისტიანობაშიც საუბრობენ, ანუ როცა ტაძარი უნდა გახდეს შენივე სხეული. მაგრამ ორივე შემთხვევაში „ჰარმონიის 5 პრინციპი“, რომელიც ერთ-ერთ პოსტში მაქვს აღწერილი უნდა იყოს დაცული უმაღლეს ვიბრაციებში, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ამაღლებული სული ვერ გაჩერდება ამ ტაძარში. 

      კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რაც უნდა ავღნიშნო არის ის, რომ როცა შინაგან ტაძარში, ანუ სხეულში ჩამოგყავს სულიერი იერარქის ცნობიერება, ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს რომ შენს სხეულში ორი სული იქნება - შენი და მისი. არამედ ნიშნავს, რომ შენ იგრძნობ მის მუდმივ თანამყოფობას, რომელიც შენივე ცნობიერებას დაიჭერს შენი უმაღლესი მეს დონეზე და შენი სული გამოვლინდება უმაღლეს დონეზე. აი, როცა დემონი ჩამოყავთ შინაგან ტაძარში, ანუ საკუთარ სხეულში, მაშინ ვითარება სხვაგვარადაა. დემონი სრულ უზურპირებას უკეთებს ფიზიკურ სხეულს, ანუ სრულად იკავს. ეს არის შეპყრობილობა. ანუ ამ შემთხვევაში მართლა ორი სულია სხეულში (კარგ ვარიანტში. ანუ დემონს შეუძლია ადამიანის სული კიდეც განდევნოს საერთოდ). ამ დროს ხდება „პერეხვატი“ (უკაცრავად ჟარგონისთვის) და ადამიანის პირით ლაპარაკობს ეს დემონური სულიერი არსება. ხმაც კი ეცვლება ხოლმე ამ დროს ადამიანს და თვალის ფერიც. რომ არაფერი ვთქვათ სახის გამომეტყველებაზე. ფიზიკური ძალა ემატება. მოკლედ ეტყობა, რომ სხვა სულია შიგნით.

      ნათელი სულიერი იერარქების შემთხვევაში არის მხოლოდ თანამყოფობა. ისინი დიდი პატივისცემით ეპყრობიან ადამიანებს და მათი დანიშნულებაა თვითონ ადამიანის პოტენციალის სრული, ანუ ღვთაებრივი გაშლა. 

      მე თუ სწორედ მახსოვს, თეოსოფებს ჰქონდათ მცდელობა მოემზადებინათ ბავშვობიდან ადამიანი (კრიშნამურტი), რომელიც რომ გაიზრდებოდა, უნდა მიეღო უმაღლესი სულიერი იერარქის სული თავის თავში. ამისთვის ბავშვობიდან ამზადებდნენ, მაგრამ მან არ მოისურვა და გადაწყვიტა დამოუკიდებელი გურუ ყოფილიყო. როგორც ჩანს ეს „შინაგანი ტაძარი“ მის მიერ არასწორედ იყო გაგებული როგორც თავისუფალი ნების შეზღუდვა. ან სხვა რამე მიზეზი იყო. შედეგად თვითონ კი შედგა როგორც გურუ, რადგან თეოსოფიის ტრადიციაში იყო გაზრდილი, მაგრამ დიდი არაფერი. 

      სხვათაშორის სულიწმინდის გადმოსვლა არის, სწორედ ღმერთის სამების ერთ-ერთი იპოსტასის ჩამოსვლა ფიზიკურ სხეულში.

 

                                                                      *             *             *

 

     მიქაელი:

− მინდა, რომ გადასცე ჩემგან გულითადი მადლობა იმათ ვინც წიგნის რედაქტირებაში, თარგმანში და დაკაბადონებაში გეხმარება. ამით დროს გითავისუფლებენ, რომ შენ წერა შეძლო. გადაეცი მადლობა მარიტას და ზაქარიას. 

 

გაგრძელება იქნება...

მთლიანი ტექსტის გადმოსაწერი ლინკი

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff