დაცემული ანგელოზი
2020 წელი. 6. თებერვალი. დაცემული ანგელოზი
ძილის წინ მიქაელს ვთხოვ, რომ რაიმე მინიშნება გამომიგზავნოს იმ სამ ადამიანზე, ვინც უნდა ვიპოვო იმისთვის, რომ ხუთი „მიქაელი“ შეიკრას. მიქაელს ვსაყვედურობ, რომ მინიშნებებს ჯიუტად არ მაძლევს და ეს თემა უკვე მაღიზიანებს. ამიტომ იმასაც ვთხოვ, რომ ამ ძიებას ერთხელ და სამუდამოდ დავანებოთ თავი, რადგან არასწორი არჩევანის გაკეთების შემთხვევაში, ეს ყველაფერი ძალიან არასწორი გზით წამიყვანს მეც და იმ ადამიანებსაც.
სიზმარი:
თითქოს რაღაც დაღმართში ჩავდივარ. ჩემთან ერთად ხალხის მასა მოძრაობს, რომელსაც უნებურად მივყვები, იმიტომ რომ მიჭირს მის საწინააღმდეგოდ მოძრაობა. უეცრად დაბლა, სადაც დაღმართი მთავრდება, ვამჩნევ ხალხის მოძრაობიდან განყენებულად მდგომ ჩემს ძველ თანამშრომელს, რომლთანაც ძალიან თბილი ურთიერთობა მაკავშირებს. მე ვცდილობ ხალხის მასას გამოვეყო და მასთან მივიდე. ეს ძლივს გამომდის, მაგრამ მაინც ვახერხებ და ჩემს მეგობარს სიხარულით ვეგებები. ჩემი მეგობარი გოგონა უჩვეულოდ გადაპრანჭულადაა ჩაცმული და მობილურზე საუბრობს. მე ვცდილობ ჩავეხუტო, რადგან დიდი ხანია, რაც არ მინახავს და მასთან შეხვედრა ძალიან მიხარია, მაგრამ ის არ ჩქარობს ჩემთან ჩახუტებას, მობილურზე ლაპარაკს იმიზეზებს და ხელით უკან მწევს. ცოტა მეუცნაურება მისი ეს ქცევაც, გარეგნობაც და ჩაცმულობაც. თვალში მხვდება, რომ არაბუნებრივად მაღალია და მე ლამის მხრამდე ძლივს ვწვდები, ხოლო ჩაცმულობაში ოდნავი ვულგარულობა იგრძნობა, რაც მას არასდროს არ ახასიათებდა.
უეცრად, რაღაც სახლში ვინაცვლებთ. მე მასთან საუბარს ვარ მოწყურებული, მაგრამ ის ძალიან ცივად მექცევა.
− შენი წიგნი წავიკითხე... ეს რა დაგიწერია... ვერ ხედავ, რომ ეშმაკი გყავს შეჩენილი? − მისი სიტყვები მწარედ მხვდება გულზე. უნებურად მეფიქრება, რომ ამ წიგნის გამო შეიძლება ყველა მეგობარი დავკარგო.
უეცრად ვგრძნობ კეფაზე წნევას, თითქოს ვიღაც მაწვება, თან ისეთი ძალით, თითქოს ჩემი მიწასთან გასწორება უნდა. მე ამ ზეწოლისგან ვიკეცები და კვნესას ვიწყებ. ინსტინქტურად იესოს ლოცვას ვამბობ, რომ დემონური შემოტევა მოვიგერიო, ზეწოლა ქრება და ისევ მხრებში ვიმართები.
− ხომ ხედავ რა გემართება! − მეუბნება შეშფოთებით მეგობარი, − ეკლესიაში უნდა მიხვიდე. ვინმე მამაოს წააკითხე შენი წიგნი?
მე ვუყვები, რომ წავაკითხე პატარა ნაწილი, მაგრამ იმან ვერაფერი გადაწყვეტით ვერ თქვა.
− ხოდა სხვას უნდა წააკითხო და გეტყვიან, სწორედ როგორ უნდა მოიქცე..
მე ჩემ მეგობარს ვუყურებ და კითხვა მებადება:
− მაინც რა არ მოგეწონა კონკრეტულად? − ვეკითხები მე.
ის ცოტა ხანს ფიქრდება. თითქოს უჭირს რამე კონკრეტულის გახსენება და მეუბნება:
− აი, რომ დაწერე, სულიერი განზომილებიდან ანგელოზის ტიპის არსებები დედამიწაზე რომ ინკარნირდებოდნენო, მერე აღარ უნდოდათო იმ საზიზღარ ადგილას დაბრუნებაო! - რატომღაც „საზიზღარ ადგილას“-ზე, რომელშიც სულიერ განზომილებას გულისხმობდა, განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა. ტუჩები მოპრუწა და ისე თქვა, რომ განსაკუთრებული ზიზღით გაჟღერებულიყო. თან, თითქოს მე მანსახიერებდა. თითქოს მე ვუწოდე ჩემ წიგნში სულიერ განზომილებას „საზიზღარი ადგილი“. მე გაკვირვებისგან თვალები გამიფართოვდა.
− სად მიწერა ეგეთი რამ? მსგავსი არაფერი არ მითქვამს. მე პირიქით, დავწერე, რომ როდესაც ანგელოზის ტიპის არსებები ადამიანად ინკარნირდებოდნენ, ისინი ცდილობდნენ უკან, სახლში ანუ სულიერ განზომილებაში დაბრუნებას, მაგრამ ზოგიერთი, ესე ვთქვათ, „დაეცა“ და უნებურად ჩაერთო რეინაკრნაციების წრებრუნვაში. სამსარიდან ვეღარ გამოვიდნენ, მაგრამ მათ ყოველთვის დიდი დახმარება ჰქონდათ ზედა სამყაროდან... თავიანთი დებისგან და ძმებისგან...
ამაზე ჩემმა მეგობარმა არაფერი მიპასუხა. მე მშვიდი ხმა მქონდა, რადგან შინაგანად ვგრძნობდი, რომ სიმართლეს ვამბობდი.
− კიდევ რა? კიდევ რა არ მოგეწონა? − არ შევეშვი მე.
ის თითქოს პასუხს გაურბოდა. ვერ იხსენებდა კონკრეტულად ვერაფერს და ბოლოს მითხრა:
− ნუ, ეს ყველაფერი, ანგელოზები, ამაღლებული სულები, შენ რასაც აღწერ, ეს ყველაფერი ხომ ხვდები, რომ შეუძლებელია? ფანტაზიებია უბრალოდ.
− ნუ, კარგი, გარდა იმისა, რომ ეს ყველაფერი დაუჯერებლად გეჩვენება და ის რაღაც „სულიერ სამყაროზე“, როგორც აღმოჩნდა ვერ გაიგე და უკუღმა ამოატრიალე, ამის გარდა რა გეჩვენება არასწორედ? ღმერთის საწინააღმდეგოდ?
მან არაფერი მიპასუხა და შევატყე, რომ ცდილობდა საუბრის თემა გადაეტანა. სარკე ამოიღო და მაკიაჟის შესწორება დაიწყო. ჩემი მეგობარი გოგონა ყოველთვის თავმდაბალი და ძალიან სათნო, უბრალო გოგო იყო. მაკიაჟს თითქმის არ იყენებდა. ამით ჩვენ ერთმანეთს ვგავდით. ამჯერად კი საშინლად მკვეთრი მაკიაჟი ჰქონდა გაკეთებული. ლურჯი ციმციმებიანი (რუს. Блестки) ჩრდილები საშინლად არ უხდებოდა შავგრემან სახეს.
− შენ რომელ ვიზაჟისტთან დადიხარ? − მკითხა მოულოდნელად. გამიკვირდა მისგან ეს კითხვა და ჩემთვის გამეფიქრა:
„− რა დაემართა ამ ანგელოზივით გოგოს?“
− მე, ხომ იცი, რომ მაკიაჟის დიდი მოყვარული არა ვარ, − ვუპასუხე, − არ ვიყენებ თითქმის და ვიზაჟისთან ცხოვრებაში არ ვყოფილვარ. ჩემ ქორწილშიც კი მე თვითონ გავიკეთე მაკიაჟი.
ის სარკეს არ წყდება და მეუბნება:
− ესე იგი, ვიზაჟისტებისგან სწავლობ, როგორ გაიკეთო მაკიაჟი? ნამდვილი ქალივით ხომ გინდა გამოიყურებოდე?
− „----------„- მივმართავ მას სახელით, − ნამდვილი სილამაზე, ხომ იცი, რომ შიგნიდან მოდის, როცა ადამიანის სულიერი სილამაზე გარეთ გამოსჭვივის? ნამდვილი ქალური ქარიზმაც ასე ჩნდება...
ის თითქოს თემის შეცვლას არ აპირებს და მე ბოლო-ბოლო მოთმინებადაკარგული ვაწყვეტინებ:
− „-------„, თუ მაკიაჟზე გინდა საუბარი, ეგ ჩემთან არაა... მე არ ვარ მაგ მხრივ კარგი მოსაუბრე...
ამაზე სიზმარი წყდება და მეღვიძება...
როგორი რეალური შეგრძნება იყო... მეფიქრება ჩემთვის და მიქაელის მოსიყვარულე თანამყოფობა მეხვევა.
− როგორც იქნა... − წამომცდა, რადგან გამიხარდა მისი გამოჩენა, - რას ნიშნავს ეს სიზმარი?
მიქაელი:
− შენ მუდმივად გინდა, რომ მინიშნებები მოგცე იმ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებთანაც ურთიერთობა გიწევს, მაგრამ მე მინდა, რომ თავად ისწავლო მათი ბუნების ამოცნობა. უნდა ისწავლო, რომელი კატეგორიის სულთან გაქვს შეხება: სულიერი, შუალედური, ადამიანური თუ ქტონური. ენდე შენს ინტუიციას. შენ ყველაფერი იცი. არასწორი კავშირები არასწორი გზით წაგიყვანენ. კაცობრიობა ეხლა იმ ეტაპზეა, როცა სულიერ იპოსტასთან, „მამასთან“ უნდა დაამყაროს კავშირი. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი დედამიწის ლოგოსის ქალური საწყისთან, ანუ „დედა მიწასთან“ სწორი ურთიერთობა. იქამდე დედამიწის იპოსტასისკენ ლტოლვა მხოლოდ „დამიწებაა“, რომელიც მსგავს კულტებში როგორც წესი უწესრიგო და აღვირახსნილ ორგიებშიც კი ვლინდებოდა, რაც თქვენ ისტორიას კარგად ახსოვს. სულიერად განუვითარებული ადამიანი დედამიწის რიტუალებს მხოლოდ აუკუღმართებს. დააკვირდი, ვინ უფრო უვლის და უფრთხილდება ბუნებას, დაბალი ცნობიერების (დაბალი ვიბრაციების) თუ მაღალი ცნობიერების (მაღალი ვიბრაციების) ადამიანები?
− მაღალი ცნობიერების... ანუ... მაღალი შეგნების ადამიანები...
− მაღალი სულიერი ვიბრაციის, ანუ სულის იპოსტასთან კავშირის გარეშე, „დამიწებული“ ცნობიერების ადამიანებისთვის დედა-ბუნება მხოლოდ ექსპლუატაციის საგანია და მეტი არაფერი. იმისთვის, რომ მატერია-სულის ერთობა დაინახო და დედა-მიწიერს მოუფრთხილდე ისე, როგორც საჭიროა, ამისთვის სულის იპოსტასთან ანუ მამა-ზეციერთან უნდა დაამყარო მჭიდრო კავშირი. თქვენ ახალა სწორედ ეს გაკლიათ... სწორედ ეს კავშირი გაქვთ გაწყვეტილი. თორემ დამიწებულები ისედაც ხართ. მამა-ზეციერისკენ უნდა გქონდეთ ყურადღება მიმართული და მაშინ დედა-მიწიერსაც იგრძნობთ... ნუ მიგიზიდავენ ნურც ბუნების სულები (შუალედური სამყარო), ნურც მითუმეტეს ქტონური (ქვესკნელის სამყარო). ხომ გახსოვს სულიერ არსებებთან და შესაბამის სულებთან ურთიერთობისას „საღმრთო მადლს“ უნდა გრძნობდე. ამას რატომ გეუბნები... ის არსება, რომელიც შენ სიზმარში, შენი თანამშრომელი მეგობარის სახით დაინახე, ერთ-ერთი „დაცემულთაგანი“ იყო... ამიტომ ჰქონდა ასეთი რეაქცია „სულიერ სამყაროზე“, როგორც „საზიზღარ ადგილზე“... მინდა კარგად გაიგო დაცემულების ბუნება. ისისნი იგივე ანგელოზები არიან, ოღონდ დაბალვიბრაციულ ვარიანტში. როგორც სიბნელე იგივე სინათლის სხივებია, ოღონდ დაბალვიბრაციულ სიხშირეში. მაგიტომ დაგებადა ეს კითხვა შენს სიზმარში - „რა მოუვიდა ამ ანგელოზივით გოგოს?“. მე სპეციალურად შევარჩიე დაცემული ანგელოზის არქეტიპისთვის შენი ისეთი მეგობარი, რომელიც განსაკუთრებული სათნოობით გამოირჩევა (ანგელოზივით გოგო), რომ ეს კონტრასტი დაგენახა. ჩვენც გვებადება ეს კითხვა მათი შემხდევარე. შენ იცი, რომ პირველწყაროს სულის იპოსტასიდან არის პირველადი შვიდი განტოტვა. ამ შვიდ, ე. წ. სხივზე მუშაობს 7 მთავარი იერარქი. მაგრამ ამ 7 სხივიდან კიდევ ხდება განტოტვები, რომლებიც თავის მხრივ ასევე იტოტებიან. თითოეული განტოტვა გარკვეული ტიპის ენერგიაა, ანუ გარკვეულ ტალღაზე მუშაობის შესაძლებლობა... გახსოვს ოლიმპიელი ღმერთები? მაგალითად „სილამაზის“ ქალღმერთი/ღმერთი? როდესაც ადამიანი სილამაზის გრძნობას განიცდის, მისი სულიერი სხეული გამოასხივებს მაღალი სიხშირის ენერგიას. ამ ენერგიას განაგებენ გარკვეული ტიპის სულიერი არსებები. გაიხსენე, ჩვენ ვსაუბრობდით ამაზე.
პირველი წიგნი. ნაწყვეტი 2019 წელი. 11 თებერვალიდან:
”დედამიწის რეალობაში ადამიანების გაჩენასა და ევოლუციასთან ერთად წარმოიქმნა საღმრთო ენერგიის ისეთი ტიპები, როგორიცაა სიყვარული, სამართლიანობა, სილამაზის აღქმა, ომის ანუ ბრძოლის ცნება, მედიცინა, გართობა და სხვ. ანუ, ის ცნებები, რომლებიც ასე ბუნებრივია ადამიანის ცნობიერებისთვის. ეს ემოციები და ფიქრებია, მაგრამ როგორც იცი ყველა ემოცია და ფიქრი ენერგიას წარმოადგენს, ამიტომ სულიერი თვალთახედვით ყოველი ეს ცნება ანუ ფიქრი/ემოცია არის ღვთაებრივი ენერგიის ჰომოგენური ტიპი, რომელსაც თავისი ე. წ. მმართველი უდგას სათავეში, რომ ეს ენერგია სწორი მიმართულებით, ანუ ევოლუციის ოპტიმალური ხაზით წარიმართოს. მინერალების, მცენარეების და ცხოველების კოლექტიური ჰომოგენური ცნობიერების მმართველი სულები პლანეტის შესაბამის შრეებში (ანუ მატარიალურ, ეთერულ და ასტრალურ ველებში) ბინადრობენ. ზედა ტრიადიდან მათ მხოლოდ პლანეტარული ლოგოსის ცნობიერების ნაპერწკალი აქვთ. ამიტომაა, რომ ამ ე. წ. ბუნების სულებთან კონტაქტში შესვლისას არ იგრძნობა ის მაღალი ვიბრაციები და რასაც შენ ღვთაებრიბი მადლის შეგრძნებას ეძახი. ისინი მატერიასთან მიბმული სულებია.“
მიქაელი:
− ეს არსებები, რომლებიც თავის დროზე გარკვეულ ენერგიის ტიპთან მომუშავე სულიერი იერაქიის წევრები იყვნენ, (ე. წ. დაცემული ანგელოზები) „დაცემის“ მერეც აგრძელებენ იგივეს, ანუ იმ ენერგიის მართვას, რასც ნაჩვევები იყვენენ, ოღონდ მატერიალურ განზომილებაზე ზემოქმედებენ როგორც წესი დაბალი ასტრალიდან და შესაბამისად ამ ენერგიების დაბალ-ვიბრაციული გამოვლინებებით საზრდოობენ. ანუ წარმოიდგინე, რომ ამაღლებული სილამაზის კატეგორია დაამიწო. ანუ, ნამდვილი სილამაზე შეცვალო მოჩვენებითი, მატყუარა, ხელოვნური, მატერიალური სილამაზით... მათთვის ყოფილი სამშობლო ანუ სულიერი განზომილება მტრად და „საზიზღარ ადგილად“ აღიქმება, იმიტომ რომ საპირისპირო პოლუსადაა ქცეული.
მე გამახსენდა ენოქის წიგნი, სადაც საუბარი იყო ერთ-ერთი დაცემული ანგელოზის მიერ ქალებისთვის ფერუმარილის გამოყენების სწავლებაზე...
− ხო, ეს წორედ ესაა. მიუხედავად იმისა, რომ ენოქის წიგნში ძალიან სახეცვლი ინფორმაციაა, სწორედ ეს ანგელოზი ნახე სიზმარში შენი მეგობრის გარეგნობით შენიღბული. მხოლოდ გახსოვს, ის უცნაურად მაღალი იყო, ზედმეტი აქცენტებით ჩაცმაზე და მაკიაჟზე? მისი ენერგეტიკული ფოკუსი მატერიალურ განზომილებაში არის ვიზაჟის, მოდის, სილამაზის სალონების და მსგავსი ადგილები. საერთოდ, ნაკლოვანი გარეგნობა ცუდი კარმის მაჩვენებელია. თქვენი სამყარო იდეალური (უფრო სწორედ იდეალურთან მიახლოებული) რომ ყოფილიყო, ხოლო ადამიანთა სულები წმინდა, ყველა ადამიანი ლამაზი იქნებოდა. ულამაზო გარეგნობა ნიშნავს, რომ ცუდი კარმა გიბრუნდება ან წინა ცხოვრებიდან, ან გვარიდან, ან ოჯახიდან და სხვ. იმ დროში, რომელშიც შენ ეხლა ხარ, თქვენ ყველას, ყველა ადამიანს გაქვთ ცუდი კარმა ასეთი თუ ისეთი ფორმით, ამიტომ ულამაზო გარეგნობა არაა გასაკვირი. გარეგნობის ხელოვნურად გაუმჯობესება ნიშნავს ამ კარმიდან თავის დაძვრენას, რაც თავის მხრივ ნიშნავს, რომ იგივე კარმა უფრო მძიმე ფორმით გადმოვა ადრე თუ გვიან. მძიმე ფორმით კარმის გადმოსვლა ვის აწყობს, ეგეც იცი. მოკლედ რომ ვთქვათ, „დაცემულებს“ გაუკუღმართებული აქვთ ის ენერგეიბი, რომლებიც როდესაღაც ებარათ სულიერ სამყაროში და ძალიან ამაღლებულ კატეგორიებში... მე მინდა, რომ შენ ამოიცნო, არა მხოლოდ უბრალოდ დემონური არსება, არამედ „დაცემული“ და განსაზღვრო მისი „მუშაობის“, მისი ენერგიის პროფილი. ეს არსებები ჩვენთვის საწინააღმდეგო ძალებს წარმოადგენენ და დედამიწის ჯამურ ვიბრაციებს არაბუნებრივად დაბლა წევენ. ისინი შეიძლება „მეგობრის“ სახით შემოვიდნენ შენთან კონტაქტში, რომ სწორი გზიდან შეგაცდინონ. შეიძლება პირდაპირ ნატიფი განზომილებიდანაც იმოქმედონ, თუმცა ეს უკანასკნელი ნაკლებად გამოუვათ. ამიტომ შეეცდებიან განსხეულებული ადამიანი მონახონ, ვისი პირითაც დაგელაპარაკებიან. არ მოტყუვდე... და ნუ მიყვები ხალხის მასებს, რომლებიც თავდაღმართში მიგაქანებენ... თუ საჭიროა დინების საწინააღმდეგოდ წასვლაც უნდა შეძლო...
ინტერნეტჯგუფიდან. ენერგონაკადები
იმმა:
ეს სიზმარხილვა ეხება ისეთ თემას, რომელიც ბოლომდე ვერ გავიგე. ანუ ეზოთერულად ამ მოვლენას რა ქვია არ ვიცი, მაგრამ მე, იმას, რაც დავინახე ვუწოდე "ენერგონაკადები", რომლებიც გავდა ვორტექსებს და ნაკადებს, როგორც ოკეანის წყალქვეშა დინებებშია ხოლმე. თითოეულ მოვლენას ამ ნაკადების საკუთარი სიბრტყე აქვს. იქ, სადაც ნაკადი დაბლოკილია, ესა თუ ის მოვლენა/მოქმედება ვერ მოხდება, ხოლო სადაც ეს ნაკადი აქტიურია, შესაბამის პროცესს ესე ვთქვათ "გზა ხსნილი" აქვს.
სულიერ არსებებს (ისევე როგორც ჩვენ კოლექტიურ მენტალს) შეუძლიათ მართონ თავისი მენტალით ეს ნაკადები და მიმართონ სასურველი მიმართულებით. სავარაუდოდ ამ უნარს ხშირად არ იყენებენ, რადგან მათი (სულიერი იერარქების) ფუნქციაა არა მართვა (ჩვენი გაგებით), არამედ გაძღოლა/წინამძღოლობა. ამიტომ არქონტული არსებებისგან განსხვავებით ისინი სულიერი მასწავლებლები არიან და არა მანიმულატორი მმართველები.