ბნელი ძალების თავდასხმების გააქტიურება
2020 წელი. 18 აპრილი. აღდგომის ღამე - ქრისტეს თანამყოფობა
სიზმარი:
ვხედავ როგორ აბსოლუტურ უკუნით სიბნელეში ვადგები ყრუ კედელს. ამ კედელს სიბნელეში ძლივს ვარჩევ, მაგრამ მაინც ვიწყებ მასთან „მუშაობას“. არ ვიცი კონკრეტულად რას ვაკეთებ, ვწერ თუ ვხატავ... მაგრამ ვიცი, რომ ეს „მუშაობაა“. „მუშაობას“ რომ ვამთავრებ, მივდივარ შემდეგ, ასეთივე ყრუ კედელთან და იმასთან ვმუშაობ. უეცრად, ჩემს ზურგსუკან ვგრძნობ იესოს თანამყოფობას. ვიცი, რომ ის, თეთრ ტანისამოსში ჩაცმული ჩემ უკან დგას და ყოველ ჯერზე, როცა სიბნელეში კედელს ვადგები, საოცრად ლამაზი, ლუმინესცენტური ლურჯი შუქით სწორედ იმ ადგილს მინათებს, სადაც უნდა „ვიმუშაო“... ამ შუქს მისი ენერგია მოჰყვება. გულს სიხარული მივსებს, იმისგან, რომ ის მინათებს გზას და თავის თანამყოფობას ავლენს.
ძალიან ნათელი და თბილი გრძნობით მეღვიძება...
2020 წელი. 23 აპრილი. ნ.-ს ისტორია და იესოს ლოცვა
გნოზისის ერთ-ერთი ჯგუფის წევრმა მომწერა, სადაც თავისი სიზმარი, უფრო სწორედ ასტრალური გამოცდილება აღწერა:
ნ.:
− იმმა, როგორ ხარ? ჩემი ამბავი რომ არ მოგიყვე, არ შეიძლება. წუხელ რომ დავწექი ასეთი რამ მოხდა ჩემს თავსა. ეს იყო სიფხიზლიდან ძილში გარდამავალი ფაზა, ჩემი აზრით. არც ერთი თვალით არ მინახავს. ეს იყო ენერგიების ბრძოლა,ზურგზე ვიწექი და ჩემი სხეული ორად იყო თითქოს გაყოფილი. მარჯვენა ნაწილში მამა ღმერთი მშვიდი და თბილი. მარცხენა მხარეს ეშმაკი ცივი და საშიში. ერთი მხარეს ვგრძნობდი მთასავით სიმშვიდეს და მდუმარებას, მეორე მხარეს შიშს და სიცივეს ( შიში ცივია ჩემი აზრით) და ჩემი სხეულის მზის წნულში იყო ბრძოლა,მაგრამ ღმერთი თითქოს არ იბრძოდა, მშვიდად იყო. ჩემი სული კი ამ დროს, ან გონება, არ ვიცი, იმეორებდა იესოს ლოცვას, გამოღვიძება მინდოდა, მაგრამ სხეული პარალიზებული მქონდა. დ-ს ვხედავდი, როგორ ეძინა. მინდოდა დაძახება, მიშველე-მეთქი, მაგრამ ვერ ვქენი ვერაფერი. არც ხელი, არც ფეხი, ვერც საუბარი.... ვერაფერი ვერ ვქენი და გავაგრძელე ლოცვა და დაკვირვება. ნელ-ნელა გამშორდა ჯერ შიში და მერე სიმშვიდეც. სხეულიც პარალიზებაც გაქრა და დავმშვიდდი, მაგრამ ძალიან აფორიაქებული დავდივარ რა იყო ეს? იმას ვაცნობიერებ, რომ სუსტი ვარ და ჯერ კიდევ მეშინია, მაგრამ მე რა შუაში ვარ ვერ ვხვდები. თანაც რამდენიმე დღის წინ სიზმარი ვნახე, თითქოს დედამიწის რუკას დავყურებდი ზემოდან, ნამდვილ რუკას და დედამიწა პატარავდებოდა, იცი როგორ პატარავდებოდა? აი, პლასტმასის რომ გაახურებ ცეცხლით და პატარავდება, ისე.
იმმა:
− ხო. საინტერესოა. ზუსტად არ ვიცი, რას უნდა ნიშნავდეს. შეიძლება სამყაროში მიმდინარე ბრძოლები აღიქვა შენმა სხეულმა ასეთი სახით... ან შეიძლება პირადად შენში მიდის ბრძოლა ამ ორ საწყისს შორის. ზოგადად დუალურ სამყაროში ასეა... შენ როგორ ფიქრობ, შენ გეხებოდა ეს პირადად, თუ გლობალურ მოვლენაზე იყო მინიშნება?
ნ.:
− აი, არც კი ვიცი მართლა, ვერ ვფიქრობ. მაგრამ გლობალური მოვლენები უფრო მგონია, რახან რამოდენიმე დღის წინ სიზმარი ვნახე. თანაც ეს შესაძლებლობები მემატება, ბევრი რამისგან მიცავს და მიფარავს ვიღაც, ჩემს ცხოვრებაში ისეთი სასწაულები ხდება ზოგჯერ არ მჯერა ხოლმე და ამიტომ არ ვიცი, საით წავიდე.
იმმა:
− პირიქით, მამა ღმერთის შეგრძნება არის მთავარი. მიქაელი სულ მაგას მსაყვედურობდა, რომ სულ ჩემკენ რომ გაქვს გონება, კი კარგია, მაგრამ ამვდროულად, მამა ღმერთის შეგრძნება უნდა გაუჩნდეს ყველა ადამიანსო. აი, "ღერძის შეძენას" რომ ეძახის. ეს აუცილებელია. მეც მაქვს მამას შეგრძნება და ჩემს შემთხვევაშიც მარჯვენა მხრიდან მოდის ეს შეგრძნება. ქრისტეს შეგრძნება პირისპირ მოდის და მიქაელის მარცხენა მხრიდან. სულ ვფიქრობდი რატომაა ასე. და მგონია, რომ ეს ჩემმა ქვეცნობიერმა დაალაგა-მეთქი ასე. მე ვფიქრობ, რომ შენც გლობალური მოვლენა შეიგრძენი "ჩერეზ" ასტრალი, იმიტომ რომ ძილის პარალიზი ასტრალს (ბოლომდე როცა ვერ გადიხარ) ახლავს თან. ანუ ენერგიების დაპირისპირება. ყოველთვის დაუსვი ხოლმე შენ თავს კითხვა: რა შეიძლება ვისწავლო ამ გამოცდილებიდან? მე ვფიქრობ, რომ შენ ისწავლე, როგორ მუშაობს ლოცვის ენერგია დაბალ ვიბრაციებზე (სიცივე და შიში) და რაც მთავარია მამის ენერგია შეიცანი, მისი ინდივიდუალობა შეიგრძენი. ეს შეგრძნება დაიმახსოვრე და შინაგანად აღწარმოება გაუკეთე ხოლმე. შინაგანი დიალოგით მამასთან, თან გაიხსენენე ხოლმე მისი ენერგია, ანუ როგორი იყო. და ისეთი კავშირი დაგიმყარდება, რომელზე მნიშვნელოვანი არაფერია. ყველაზე მაგარია მამას შეგრძნება. ასეც მიმართე, მამაო ჩემო. შეგიძლია მამაო ჩემოს ლოცვაც გამოიყენო.
ნ.-ს სიზმარი მალევე გადამავიწყდა. იმ საღამოს იოანეს გამოცხადება გადავშალე და მაშინვე ვიგრძენი მიქაელის თანამყოფობა. სულ მაკვირვებს ხოლმე, როგორ მოთმინებით ელოდება სანამ მე თვითონ მივხვდები, რა არის გასაკეთებლი. ჩემს წიგნში განხილული მაქვს იოანეს გამოცხადების ნაწილი, მაგრამ ის მხოლოდ მცირე ნაწილია. მახსოვს სულ პირველი თავი მაშინ მიქაელმა რატომღაც გამომატოვებინა. ამ საღამოს კი სწორედ თავიდან, ამ თავით დავიწყეთ, რომელიც 7 ეკლესიის მიმართ მიმართვას ეხება და ჩემთვის ყველაზე გაუგებარი იყო. ამ გარჩევას ცალკე თავში დავწერ, რადგან ბევრია საწერი, ხოლო ამ ჩანაწერში ნ.-ს სიზმარს დავუბრუნდები, რადგან ის, რაც იმ ღამით დამესიზმრა, ფაქტიურად მისი სიზმრის გამეორება იყო. ეს სიზმარი აშკარად საათზე მეტს, თუ არა რამდენიმე საათს გრძელდებოდა, იმიტომ რომ მახსოვს როდის დავიძინე და როდის გავიღვიძე.
სიზმარში ვგრძნობ, რომ ორი ძალა უპირისპირდება ერთმანეთს: დემონური და ღვთაებრივი. ხან ერთი მძლავრობს, ხან მეორე. მე თითქოს „შუაში“ ვარ... თუ არაფერს ვაკეთებ, გარშემო ბნელდება და ცივდება, იმდენად ძლიერად, რომ გაჩერება ამ სიბნელეში და სიცივეში შეუძლებელია. ვხედავ, როგორ ვწევარ ჩემს ლოგინში და მინდა, რომ ჩემი ქმარი გავაღვიძო, მაგრამ მაინც ჩემი ძალებით ვცდილობ მდგომარეობიდან გამოსვლას და იესოს ლოცვას ვიწყებ. სიტყვებს ჩვეულებისამებრ გულისცემას ვაყოლებ და თითოეულ სიტყვაზე წარმოვიდგენ როგორ ნათდება ოთახი, თითქოს თითოეული სიტყვა თავის ნათურას ანთებდეს. ძალიან მალე ოთახი მართლა ივსება თეთრი შუქით და ისეთი სიმშვიდე და სიხარული ისადგურებს, რომ ამ შუქში მუდმივად ყოფნა გინდება. მაგრამ როგორც კი ლოცვას ვწყვეტ, სიბნელე ისევ იკრებს ძალას. მე ვცდილობ მას სხვა გზებით მოვერიო... ვცდილობ შინაგან ჰარმონიაში მოვიყვანო თავი, მაგრამ სუსტად გამომდის... სიბნელეში რატომღაც ვუდუს მაგიის სახე-ხატები ირევიან და სიბნელე კიდევ უფრო ზღვავდება. ვცდილობ ამ ვუდუს სახე-ხატებს დავუპირისპირდე, მაგრამ არც ეს შველის... პერიოდულად მეღვიძება... ისევ ვიძინებ და ეს ბრძოლა ისევ გრძლედება...
ბოლო-ბოლო მეღვიძება... სიბნელე გარკვეულწილად დაძლეულია, ამას ვგრძობ... ისიც ვიცი, რომ ყველაფერი არ მახსოვს, მაგრამ ბევრი მეთოდი გამოვიყენე ამ სიბნელესთან საბრძოლველად და ყველა ამ მეთოდს სხვადასხვანაირი ეფექტურობა ჰქონდა..
მიქაელის თანამყოფობა ვიგრძენი და მისი ფიქრები ისევ ძველებურად მკაფიოდ წამოვიდა:
− დაუკვირდი, რომელი „მეთოდი“ იყო ყველაზე ეფექტური?
− იესოს ლოცვა, − ვუთხარი მე... − მაგრამ რატომ მაინც და მაინც იესოს ლოცვა? შენ ხომ სხვა მეთოდებსაც მასწავლიდი, თუნდაც ის „ჰერმეტიკული აფირმაციების“ მეთოდი (იხ)?
− იმიტომ რომ ნ.-ს არასწორედ უთხარი... ხანდახან ადამიანს კონკრეტული ლოცვის ენერგიას ანიჭებენ შაკტის სახით (ერთგვარად აჩვევენ კონკრეტული იერარქის ენერგიასთან მუშაობას). შენ იცი ეს, რადგან შენი პირველი შაკტიც ეს იყო (იხ.). ამ დროს ამ ადამიანის მიერ წარმოთქმული ეს კონკტრეტული ლოცვა მეტ სულიერ ძალას ატარებს, იმიტომ რომ იმუხტება, ერთგვარად „ნათთება“ იმ იერარქის მიერ, ვინც ამ ლოცვის ძალას აძლევს... გაიხსენე ის სიზმარი, როგორ გინათებდა იესო ზურგსუკან ყრუ კედელს, როდესაც „მუშაობდი“... აი ესაა... ამიტომ ვამბობ, რომ ნ.-ს არასწორედ უთხარი... მისი სიზმარხილვა იესოს ლოცვის ძალაზე იყო... ეს უნდა დაენახა... გადაეცი ეს!
ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მიქაელმა კონკრეტულ ადამიანთან რაღაცის თქმა დამავალა.
2020 წელი. 30 აპრილი. ნ.-ზე ბნელი ძალების თავდასხმების გააქტიურება
ნ.-სთან მიმოწერა:
ნ.:
− იმმა, გამარჯობა. როგორ ხარ? იმმა, შეიძლება ძალიან გაწუხებ, მომიტევე თუ შეგიძლია. უკვე სამი ღამეა არ მძინავს საერთოდ, გამთენიისას მეძინება. ისიც გამოფიტულს, სამი ღამეა ზედიზედ ეს ეშმაკები თუ დემონური არსებები მებრძვიან. ჯერ სიზმარში ვნახე "ქრისტე" ბრჭყალებში, იმიტომ რომ თავს აჩვენებდა ადამიანებს, ვითომ ქრისტე იყო და იყო ძალიან მაღალი. აი, გულივერივით, იყო ძალიან უშნო სახით და ხალხი მას უჯერებდა. ის კი არა და მეც გავყევი. თან ვფიქრობდი რატოა ღმერთი ასეთი მახინჯი-თქო. მერე დ-ს სიგარეტი სთხოვა და მე ვუთხარი: რატომ იტყუები, ღმერთები სიგარეტს არ ეწევიან-თქო და გაქრა ეგრევე.
წუხელ კი შენც გნახე, იმმა. უფრო სწორად შენ მწერდი მეილებს და მეუბნებოდი თითქოს მე ვარ თქვენიანი სისხლისმწოველი არსება, ანუ ვგრძნობ, რომ შენს თავსაც ცუდად წარმომიჩენენ თითქოს სიზმარში. მერე სახარების რომელიღაც თავი მაჩვენეს, ზუსტად არ მახსოვს და აი შენი ღმერთიო. ვგრძნობდი, რომ დემონები იყვნენ. ვლოცულობდი, იესოს ლოცვას ვამბობდი, არ შველოდა არაფერი, არც ფსალმუნები, არც მამაო ჩვენო, როგორც კი გამეღვიძებოდა ყველაფერი იფანტებოდა და თვალებს როგორც კი დავხუჭავდი დასაძინებლად, ისევ ესენი ჩნდებოდნენ. ეს მთელი ღამე გაგრძელდა ? სიზმრიდან გამომეღვიძა თითქოს და დ.-ს ვაჩვენებდი ჭრილობას მარცხენა ფეხზე ნახე როგორ მებრძვის ეშმაკი პირდაპირ-თქო, მეგონა ცხდში ვიყავი და თურმე კიდევ მეძინა. დაუჯერებელი რაღაცეები ხდება ჩემს თავს. ყველაფერი გავიხსენე შენი წიგნიდან იმმა, ეხლა ისევ თავიდან ვკითხულობ. ერთადერთი, რამაც მეტნაკლებად გააქრო ეს არსებები სიმშვიდის და სიყვარულის მდგომარეობის შენარჩუნება იყო მათ მიმართ, დალოცვილი იყავი.... შედარებით შველოდათ. ვგრძნობდი, რომ ბევრნი იყვნენ.
ძალიან დიდი ბოდიში იმმა. მაინტერესებს, ვიცი ასეთი რაღაცები ხშირად გემართებოდა და კითხვა მაქვს ასეთი - როგორ რას აკეთებდი, როგორ უმკლავდებოდი?
იმმა:
− უჰ... ძაან შემოგიტიეს. მე არაფერი არ გითხარი, მაგრამ ველოდებოდი მაგას. შენი ახლობლების, შენი ოჯახის სახეებს მიიღებენ და მხოლოდ თვალებით მიხვდები ვინც არიან.
ნ.:
− ხო თვალები და საქციელებიც ისეთი აქვთ ვერ დაუჯერებ სიზმარშიც კი. ასტრალურ დონეზეც, მაგრამ ღვიძილიდან ძილში გარდამავალ დროს მხოლოდ ენერგიებს ვგრძნობ და შეხებას. იმმა, კისერზე შემეხო თითქოს თუ არ გავგიჟდი კარგი იქნება.
იმმა:
− ხო, ეგრეა... მე ძალიან მშველოდა რამდენიმე ლოცვა. კი კი. კისერზე იციან. არ შეგეშინდეს. ნუ გეშინია. ვერაფერს ვერ გიზამენ.
ნ.:
− აი ცივად შემეხო, მაგრამ თითქოს, აი, გაიარა კისერშივე ისე რომ არაფერი დაუტოვებია ჭრილობა ანუ ტკივილი არა, სიცივე და შიში ვიგრძენი.
იმმა:
− უბრალოდ გამოფიტულობა გაქვს ხო, როცა იღვიძებ?
ნ.:
− კი ენერგიას მართმევენ. ჩემივე შიშით იკვებებიან და ეს შიში არარეალურია, ვიცი, მაგრამ ვერაფერს ვშველი.
იმმა:
− ხო. მეც ასე ვიყავი ზუსტად. ეხლა მოვერიე ამ შიშს. ამდენი წლის მერე.
მე ცოტა დამაბნია იმ ფაქტმა, რომ ნ.-მ მითხრა, არც იესოს ლოცვა არ შველოდაო, მაშინ, როცა მიქაელმა მითხრა, ნ.-ს უთხარიო, ამ ლოცვაზე გააკეთოს აქცენტიო. ამიტომ, გადავწყვიტე ნ.-სთვის იესოს ლოცვაზე ჯერ არაფერი მეთქვა და ამ ლოცვებზე მივუთითე.
− აი, ეს ლოცვა წაიკითხე ხოლმე მაგ დროს: − მივწერე მე.
„ლოცვა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისადმი
აღსდეგინ ღმერთი და განიბნინენ ყოველნი მტერნი მისნი და ივლტოდენ მოძულენი მისნი პირისაგან მისისა. ვითარცა მოაკლდეს კვამლსა, მოაკლდენ, და, ვითარცა ცვილი რა დასდნის წინაშე ცეცხლსა, ეგრეთ წარსწყმიდენ ეშმაკნი პირისაგან მათისა, რომელთა უყვარსთ ღმერთი და გამოისახავენ პირჯვარსა და სიხარულითა იტყვიან: გიხაროდენ, ყოვლადპატიოსანო და ცხოველსმყოფელო ჯვარო უფლისაო, განმდევნელო ეშმაკთა შენზედა ჯვარცმულისა ძალითა, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, ჯოჯოხეთსა შინა შთასვლითა ეშმაკისა ძალისა დამთრგუნველისა, რომელმანცა მოგვანიჭა ჩვენ ჯვარი მისი ყოვლადპატიოსანი, განსადევნელად ყოველთა წინააღმდგომთა ძალთა. ჰოი, ყოვლადპატიოსანო და ცხოველსმყოფელო ჯვარო უფლისაო! შეგვეწიე ჩვენ ყოვლადწმიდისა ქალწულისა ღვთისმშობელისა და ყოველთა წმიდათა თანა, უკუნისამდე, ამინ.“
− და რომ გაიღვიძებ, ლოცვანიდან მთავარანგელოზების ლოცვები იკითხე. თან დააკვირდი, რომელიმეზე თუ გექნება განსაკუთრებული ეფექტი. იკითხე ერთი და იგივე, სანამ არ იგრძნობ, რომ ეს ბნელი აურა გაიფანტა. როცა გაშინებენ, შენი ბიოველი ირღვევა და ამ დროს შემოდიან შენში და ენერგიას გაცლიან. ამიტომ არის აუცილებელი შიშის დათრგუნვა. იცოდე, რომ ვერაფერს დაგიშავებენ.
ნ.:
− ხო, იმმა, აი ზუსტად ეგ უნდა მეკითხა... რა ვქნა, ვის ვთხოვო კონკრეტულად დახმარება, მთავარანგელოზები, ქრისტეს, მამა ღმერთს აღარ ვიცი, დავიბენი.
იმმა:
− ეკლესიები რომ აღარ იქნება საშიში (კორონავირუსის გამო), წირვებზე იარე ხოლმე მაქსიმალურად. ზიარებას, ნაკურთხ წყალს, ყველაფერს იესოს ენერგია მოჰყვება და ეს დაგეხმარება. უბრალოდ ეს ლოცვები იკითხე მონაცვლეობით. ღამით რთულია კონცენტრირება ახალ გაღვიძებულზე. მაგიტომ ვაფრთხილებ ხოლმე, როცა ხალხს უნდა ნათელ ძალებთან კონტაქტზე გასვლა, მათ არ ესმით, რომ ბნელი ძალები აქტიურდებიან ეგრევე. მაგრამ ეს შენთვის კომპლემენტია, რომ იცოდე. ეგენი ერჩიან განსაკუთრებით იმათ, ვისშიც სერიოზულ საფრთხეს ხედავენ.
ნ.:
− იმმა, ერთი კითხვა მაქვს. ანუ, ეს დემონური არსებები ხომ ადამიანებზე დაბალ სიხშირეებზე არიან? დაბალი ვიბრაციების? თუ ასეა, მაშინ რატომ გვაშინებენ? რატომ გვმართავენ რანაირად თუ ჩვენზე დაბალი არსებები არიან?
იმმა:
− კაცობრიობის კოლექტიური მენტალი იმდენად დაბალ სიხშირეზე ვიბრირებს, რომ ასტრალში როცა გადიხარ, ძირითადად მაგათზე გადიხარ. განსაკუთრებით დიდ ქალაქებში. სადმე მაღლა მთაში რომ იყო, იქ სუფთა აურა იქნებოდა. დიდი ქალაქები კატასტროფაა. მირონის და საკმევლის ეთერზეთები არ იყიდება გერმანიაში სადმე? მაგის წასმა ძალიან შველის. მერე, გაგიკვირდება და ჩვეულებრივი ვალერიანკაც შველის. შიშს და გულსცემას ჩაგიქრობს.
ნ.:
− აი, რა გავაკეთო და საერთოდ ამ ამბების მერე რა მინდა ამ საყაროსგან ან ამ სამყაროში აღარ ვიცი. რამოდენიმე დღეში ჩემს მატერიალურ მისწრაფებებს თითქოს ხაზი გადაესვა.
იმმა:
− თუ შენ მოსწავლედ ინიციაცია გაგიკეთა ნათელმა იერარქმა (ეს უბრალოდ ვარაუდია), ან გცდიან მოსწავლედ აყვანისთვის, როგორც წესი, იწყება მაგით. ანუ ეგაა პირველი საფეხური. ეს დემონები თავისთავად აქტიურდებიან და სულიერი მასწავლებლები გაკვირდებიან, რამდენად მედეგი ხარ რწმენაში, რამდენად მზად ხარ ეგეთი რაღაცეებისთვის. შენ მოტივაციას აკვირდებიან და სულიერ მზაობას. მაგ დროს ააქტივებენ ხოლმე რომელიმე კონკრეტულ ლოცვის ძალას. მერე წამოვა სიზმრები, სადაც გამოგცდიან სხვადასხვა სულის თვისებებზე, ანუ რამდენად შეგიძლია თავდადება სხვებისთვის, რამდენად დიდსულოვანი ხარ და ასე შ. თუ მზად არ იქნები, თავს დაგანებებენ და გაჩერდება ეს ყველაფერი. ის დემონური არსებებიც დაკარგავენ შენ მიმართ ინტერესს. ეხლა ჯობია ლოცვები იკითხო თავდასხმების დროს და შეეცადე იგრძნო, რომელი ლოცვა და რომელი იერარქი გპასუხობს ყველაზე მეტად. (წესით იესოს ლოცვა უნდა იყოს.) იქნებ ღვთისმშობელი? რომელია ენერგეტიკულად შენთან ახლოს...და მთელ ამ სიტუაციას შეხედე, როგორც საინტერესო გამოცდილებას, რომელიც საბოლოო ჯამში გაგაძლიერებს და გაგანვითარებს. თუ ძალიან დაიღალე. დროებით "დამიწდი". აღარ იკითხო სულიერი ლიტერატურა (არც ჩემი წიგნი), უფრო ყოფიერ თემებზე გადაერთე. ნერვული სისტემა დააწყნარე მცენარეული დამამშვიდებლებით. მერე, როცა დაისვენებ, ისევ დაუბრუნდი ლოცვებს. თვითონ ჩემი წიგნი ააქტიურებს ძალიან ამ უნარებს და იზიდავს ცეცხლოვან სულიერ ენერგიას. და ნურაფრის ნუ გეშინია. მარტო არა ხარ.
ნ.:
− იმმა, ძალიან დიდი მადლობა. ბოდიში ვერ გიპასუხე ისე ტკბილად ჩამძინებია. დიდი მადლობა. ვნახოთ, როგორ შევძლებ რას და სადამდე. მადლობა კიდევ ერთხელ. გამოსავალი ვიპოვე მგონი. თუ ღამე არ დამაძინეს დილის სამუშაოს მერე რამოდენიმე საათიანი შესვენება მაქვს და მაშინ წავუძინებ, რომ არ გამოვიფიტო. აუცილებელად გავითვალისწინებ შენს რჩევას. და მოგწერ ხოლმე რომ არ გავგიჟდე
იმმა:
− მოიწერე აუცილებლად. ნუ გეშინია არ გაგიჟდები. მეც ვთხოვ მიქაელს, რომ დაგეხმარონ, მაგრამ მგონი ისედაც კონტროლის ქვეშ ხარ. რაც ხდება დაშვებულია.
ნ.:
− ხო ყველაფერი კარგად იქნება. საოცარი მადლიერების გრძნობა მაქვს შენს მიმართ.
2020 წელი. 1 მაისი. ადამიანისთვის ბნელი ძალებისგან დაცვის დაყენება
მახსოვდა ნ.-სთვის დაპირებული დახმარება მასზე განხორციელებული შემოტევების წინააღმდეგ. დილით, როდესაც მზე ამოდის, მიქაელს ყველაზე მარტივად ვუკავშირდები ხოლმე. ეს კავშირი ან ჩემი მოთხოვნით ხდება, ან მისი სურვილით და როგორც წესი ყოველთვის იწყება „ზევით“ აფრენის შეგრძნებით, რომელიც უკვე ძალიან ჩვეულებრივი მოვლენა გახდა ჩემთვის. ამ დროს თვალებს ვხუჭავ ხოლმე. არ მძინავს, ფხიზლად ვარ, მაგრამ სიზმრისმაგვარად ვხედავ დახუჭულ თვალებში. ცნობიერებაც რაღაცნაირად იცვლება. მიზეზ-შედეგობრივი აზროვნება, ასე რომ გვათამაშებს თავის ნებაზე ყუჩდება და ჩნდება შინაგანი გულისმიერი, ინტუიციური ცოდნა. უბრალოდ ცოდნა იმის რა უნდა გააკეთო, ან საით უნდა წარმართო გონება და ყურადღება. ამ მდგომარეობაში შევედი, ცნობიერება ავწიე ზედა ეთერულ სივრცემდე და უმალ მიქაელის თანამყოფობა ვიგრძენი. მაშინვე მისგან სიყვარულის ძლიერი ტალღა წამოვიდა, რომელმაც ჩემშიც საპასუხო ემოცია აღძვრა და გული გულს დაუკავშირდა. ამ ჯერად ის დავინახე, როგორც მზესავით მანათობელი ბურთი, რომელიც ჩემ გულს უკავშირდებოდა, თავისი სინათლით კვებავდა და წმენდდა. ჩემმა გულმაც დაიწყო მასსავით გაცისკროვნება. მაგრამ მიქაელს ჩემთვის კიდევ რაღაცის ჩვენება სურდა. უეცრად შევამჩნიე, რომ ჩემგან მის მიმართ გამოიტყორცნებოდა რაღაც. ამ რაღაცას სხვადასხვა სახის ნივთების ფორმა ჰქონდა. ეს „ნივთები“ მას „აბნელებდნენ“ და მათი ზემოქმედებისგან მას ცალკე წმენდა სჭირდებოდა. სამწუხაროდ, დავინახე რომ ეს „ნივთები“ იყო ის ფილმები, მუსიკა ან საუბრები, რასაც ჩემი ტვინი დღის განმავლობაში იღებდა. ერთი ასეთი „ნივთი“ წარმოადგენდა მაგალითად უცენზურო სიტყვას, რომელიც ერთ-ერთ ფილმში მოვისმინე წინა დღეს. მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად ვცდილობ შევარჩიო ის გასართობი ან შემეცნებითი ინფორმაცია, რომელსაც ვეხები, მაინც შემომეპარება ხოლმე დაბალვიბრაციული სანახაობები და მოვლენები. მიქაელმა დამანახა, რომ თუ ასეთი „ბნელი“ გამონატყორცნი ძალიან ბევრია, მისი ბრწყინვალე ხელი, დროებით ცხოველის ბრჭყალებიან ხელად იქცევა. შემდეგ ის ძალს ატანს, რომ ამ ყველაფრისგან გაიწმინდოს და თავი აღიდგინოს. ამ „ბრჭყალებიანმა ხელმა“ ჩემზე განსაკუთრებულად მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა. საშინლად შემრცხვა, შევიშმუნე, მიქაელისგან უკან დავიხიე და ისევ „მამას“ ვთხოვე, რომ იგი დაეცვა ჩემი მავნე ზემოქმედებისგან, რომელიც ჩემთან ასეთ მჭიდრო კავშირს შეიძლება მიეყენებინა.
საპასუხოდ მიქაელის თბილი მზერა ვიგრძენი და მისგან აზრები წამოვიდა:
− ეს ბრჭყალებიანი ხელი სიმბოლურად გიჩვენე, როგორც ჩემი ვიბრაციების ვარდნა შენზე საპასუხოდ. თუკი შენ არ დაიჭერ შენს შინაგან მდგომარეობას მაღალ ვიბრაციებზე, მე დამატებითი ჯაფა მადგება, რომ შენც დაგიჭირო და საკუთარი თავიც. მაგრამ შენ სხვა საქმით ხარ დღეს მოსული... − მისი ღიმილი ვიგრძენი. ჩემ ფიქრებს კითხულობდა, − გინდა მთხოვო, რომ ნ.-ს დავეხმარო, მაგრამ მე მინდა, რომ რასაც მთხოვ, შენ თვითონ გააკეთო...
მე არც მიფიქრია. ინტუიციურად ვიცოდი, რაც უნდა მექნა. ალბათ სწორედ ამ „შინაგან ცოდნას“ უწოდებდა მიქაელი „ტალღის დაჭერას“. შინაგანი მზერით ნ. მოვძებნე. მის ინდივიდუალურ ვიბრაციას მარტივად მივაგენი. მე და მიქაელმა ეთერული სივრციდან წამიერად მასთან გადავინაცვლეთ. ნ.-ს შევხედე და დავინახე, რომ მის გარშემო მართლა ირეოდნენ შავი ასტრალური წარმონაქმნები და სიბნელე იყო მოზღვავებული. ეს სიბნელე მას ასკდებოდა რაღაც გაუგებარი ამორფული ნაკადებით და ასევე „ნივთების“ ფორმის აზროფორმებით. მე „შიგნიდან“ ქრისტეს ენერგია ამოვიღე და ნ.-ს გარშემო თეთრი სფეროსებრი დაცვა გავუკეთე. ეს დაცვა „დავაფიქსირე“, როგორც „ხანგრძლივი მოქმედების დაცვის სფერო“. დაცვის სფერო აშკარად მუშაობდა, რადაგან ბნელი ენერგეტიკული ნაკადები მასში ვეღარ აღწევდნენ, მაგრამ მოხდა მოულოდნელი რამ. ამ დაცვამ შიგნიდან ტეხვა დაიწყო. მთელი ეს დრო, მიქაელი უხმოდ იდგა ჩემ უკან და ჩემ მოქმედებებს აკვირდებოდა, ისე, რომ თვითონ არ ერეოდა. მე გაკვირვებით გადავხედე.
− დააკვირდი, რა ხდება... − მითხრა მან და მე ნ.-ს ენერგეტიკულ სხეულზე მიმითითა. რატომღაც თვითონ ნ.-სგან გამოიტყორცნებოდა ბნელი ენერგეტიკული ნაკადები და აზროფორმები, რომლებიც ჩემ მიერ დაყენებულ დაცვას შიგნიდან ანგრევდნენ. თანაც შევატყე, რომ ჩემ „დაცვას“ კვება არ ჰქონდა. ერთხელ გარღვეული, ის თავს ვერ იღდგენდა. ის ბნელი ნაკადები და აზროფორმები, რომლებიც ნ.-სგან გამოდიოდნენ, როგორც ჩანს, იყო მისი შიშები, შფოთვები, ნეგატიური აზრები და მოქმედებები... მე ბევრი არ მიფიქრია... ეხლაც არ ვიცი, საიდან ვიცოდი რომ ასე უნდა მოვქცეულიყავი. მასთან მივედი, ჩავეხუტე. ჩემი გული მის გულს დავუკავშირე და რატომღაც ვუთხარი:
− გამოანთავისუფლე შენი „შინაგანი ბავშვი“!
არ ვიცი როგორ, მაგრამ ამ სიტყვებმა იმუშავეს. მისი გული განათდა თეთრი სინათლით და ჩემი ძალისხმევის გარეშე, მის გარშემო ბუნებრივად წარმოიქმნა თეთრი დამცველი აურა. ოღონდ ამჯერად ეს აურა შიგნიდან, მისი გულიდან გამოსხივებული სინათლით საზრდოობდა...
მე კმაყოფილებით გადავხედე მიქაელს. ისიც კმაყოფილი ჩანდა და მიღიმოდა.
− ეხლა ხომ ხედავ, როდესაც ადამიანები ბნელი ძალებისგან დაცვისთვის მოგვიხმობენ, ჩვენი დაცვა დიდხანს ვერ იმუშავებს, თუ ადამიანმა „თავისი შინაგანი ბავშვი“ არ გამოანთავისუფლა, რომელიც საკუთარი სულია და თვითონ არ დანერგა უწყვეტი სინათლის წყარო, როგორც ბნელი ძალებისგან საიმედო დაცვა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ დროებით ვშველით, მაგრამ როგორც კი ადამიანი თავის სულთან კავშირს არღვევს, ეს დაცვა იშლება. მოუყევი ამაზე ადამიანებს...
ხილვა დამთავრდა და უკან სხეულში დავბრუნდი. მაინტერესებდა იმუშავა თუ არა ამ ყველაფერმა რეალურად და გადავწყვიტე რამდენიმე დღეში ნ.-სთვის მეკითხა შეუმცირდა თუ არა, ან იქნებ საერთოდ აღმოიფხვრა მასზე ბნელი ძალების თავდასხმები?
2020 წელი. 2 მაისი. ნ.-ს გამოცდები
ნ.:
იმმა გამარჯობა.
− როგორც მითხარი სიზმარში უკვე გამოცდების მსგავსი რაღაცეები დაიწყო; სხვისი გადარჩენა რამდენად შემიძლია,რამდენად გავუძლებ ფიზიკურ ტკივილს და ასეთი რაღაცეები. ჩემი უბრალოდ გაფიქრებულ იესოს ლოცვას კი წამის მეასედში აქვს ეფექტი (!) ეს დღეები. მაგრამ როგორც შენ გიწერია წიგნში ისე ვარ მეც, მაღიზიანებს ხმამაღალი საუბარი,რამოდენიმე ადამიანის ერთად საუბარი, გუშინ ქართველი "კაი ბიჭები " ესტუმრნენ დ.-ს და იმათ დაბალმა ვიბრაციებმა ისე იმოქმედა ჩემზე, დღესაც გათიშული ვარ, ვცდილობა მშვიდად, სიყვარულით შევხვდო ყველაფერს და რაც უფრო ვცდილობ, მით უფრო ვღიზიანდები. დავდივარ გაბრუებული დღეს ქუჩებში და ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ სხვაგან მოვხვდი. თითქოს რაღაც წამერთვა და მეორეს მხრივ რაღაც დიდი მომეცა.
იმმა:
− შენ ძალიან სწრაფად გინვითარდება მოვლენები. ალბათ იმიტომ რომ საორიენტაციო ინფორმაცია გაქვს უკვე ჩემი წიგნის და მსგავსი წიგნების სახით. შეეცედე შინაგანი ჰარმონია შეინარჩუნო, რაც არ უნდა მოხდეს. ნეგატიური ინფორმაცია და დაბალი ვიბრაციები უფრო ძლიერად იმოქმედებენ შენზე და შეეცადე შეზღუდო ახალი ამბების მოსმენა. უფრო კომედიებს, მსუბუქ ფილმებს უყურე ხოლმე. ძალიან შეარჩიე რას უსმენ და რას უყურებ.
(ამას რომ ვწერდი, თან სულ ის „მიქაელის ხელი“ მახსენდებოდა...)
ნ.:
− მადლობა იმმა, ასე რომ მეხმარები. კიდევ ასეთი კითხვა მაქვს? გუშინ ღამე მე შედარებით კარგად ვგრძნობდი თავს მაგრამ დ.-ს აწუხებდა ძილში რაღაც მთელი ღამე თითქმის. ჩემი აზრით, მის დახმარებაში გავატარე, ლოცვებს ვკითხულობდი წარმოსახვით პირჯვარს ვწერდი. შეიძლება ესეთი რამე, რომ ჩემს საყვარელ ადამიანებს ერჩოდნენ? ხო ვცდილობ ძალიან, რომ სიმშვიდე შევინარჩუნოთ, როგორც კი რაიმე მაღიზიანებს იესოს ლოცვას ვიწყებ და კიდე ყველაზე ცუდი შეგრძნება დანაშაულის გრძნობები მაწუხებს ძალიან.
იმმა:
− კი, შეიძლება რომ ახლობლებს ერჩოდნენ. სამწუხაროდ მაგ ხერხს მიმართავენ ხოლმე. თუ არ გაგიჭირდება, დ.-ს ფოტო რომ გამომიგზავნო და მეც მასზე ლოცვებს წავიკითხავ.
და მე იმ სიზმარზე მოვუყევი, რომელიც იესოს ლოცვას ეხებოდა და რომელიც, როგორც ჩანს ამოქმედდა მისთვის.