გნოზისი, ანუ ანგელოზის გული - წიგნი მეორე

იმმა
0
0

გარეგანი და შინაგანი ტაძარი

2020 წელი. 9 ივლისი. გარეგანი და შინაგანი ტაძარი. ჰარმონიის გამოვლინების 5 პრინციპი ღმერთის ცნობიერების მოხმობისათვის ჰერმეტიციზმის მიხედვით
 

     მიქაელი:

     − რამდენიმე საკითხი კიდევ მინდა განვიხილო „ასკლეპიოსის“ ტრაქტატიდან. აი, ეს ორი ფრაგმენტი განვიხილოთ: 

      „ჰერმესი: უთუოდ, უდიდესი აღფრთოვანების ღირსია უდიდესი ღმერთებს შორის, რამეთუ მათი (ზეციური ღმერთების) მოდგმა შექმნილია უწმინდესი ბუნებისგან, სხვა მინერევების გარეშე. მათი ხილული ნიშნებია მხოლოდ თავები. მაგრამ ღმერთები, რომლებსაც ადამიანები ჰქმნიან, ორმაგი ბუნებისგან შედგებიან: ერთი ღვთაებრივი, რომელიც არის პირველი და ყველაზე წმნიდა ნაწილი, ხოლო მეორე ეკუთვნის ადამიანს - ეს არის მატერია, რომლისგანაც შექმნილია ეს ღმერთი. მათ აქვთ არა მხოლოდ თავები, არამედ სრული სხეული ყველა კიდურის ჩათვლით. ასე, კაცობრიობა, ახსოვს რა თავისი წარმომავლობა, ერთგული რჩება ღვთაებების აღწარმოებაში, რამეთუ, როგორც მამამ, უფალმა შექმნა უკვდავი ღმერთები თავის ხატად და მსგავსებად, ასე ადამიანიც ქმნის ღვთაებებს თავის ხატად და მსგავსებად.“

და,

      „38.ა. ასკლეპიოსი: როგორია, სამჯერდიდებულო, ამ მიწიერად წოდებული  ღმერთების, შესანიშნავი თვისება?

      ჰერმესი: ის წარმოადგენს ღვთაებრივ სიკეთეებს, რომლებიც ბუნებრივად იმყოფებიან მცენარეებში, სურნელოვან ნივთიერებებში; რამეთუ მათ (ღმერთებს) უყვართ ხშირი შემოწირულობები, ჰიმნები და შექებები, ტკბილი მუსიკა, რომელიც ზეციურ ჰანგებს მოაგონებთ და ეს მოგონება ზეცაზე, მათ ზეციურ ბუნებასთან შეთანხმებით, იხმობს მათ კერპებში და აჩერებს მათ იქ და ასევე ეხმარება, გადაიტანონ ხანგრძლივი არსებობა ადამიანთა შორის. აი, ასე ქმნის ადამიანი ღმერთებს!“  

 

     − ეს ადგილი მნიშვნელოვანია ყველა დროის და რელიგიის ადამიანისთვის. ეგვიპტის ცივილიზაცია, განსაკუთრებით ბოლო პერიოდის, მიეკუთვნებოდა მეორე გზას (ტანტრულს/მაგიურს). ამ გზის რელიგიური რიტუალებისთვის დამახასიათებელია გარეგანი კავშირი ღმერთთან/ღმერთებთან. „ღმერთებს“ მრავლობითში იმიტომ ვამბობ, რომ როგორც უკვე იცი, არსებობს აბსოლუტი (მამა-ღმერთი), მისი გამოვლენილი უზენაესი ინდივიდუალობა და ნათელ ძალთა იერარქია, რომლის წევრებსაც სხავადსხვა რელიგიურ კულტურებში სხავადსხვანაირად უწოდებდნენ, ზოგან „ღმერთებს“, ზოგან „ღვთაებებს“, ზოგან „ნახევარღმერთებს“, ანგელოზებს, ღვთის შვილებს და ას. შ. ამ იერარქიაში არსებობს, შტო, რომელიც უშუალოდ დედამიწასთან და ადამიანებთან არის დაკავშირებული, ესე ვთქვათ მთელი „იარუსი“ სულების, რომლებიც წარმოადგენენ ცათამაღლებულ ადამიანთა სულებს. ასევე, არსებობს იერარქიის ის შტო, რომელიც წარმოადგენს აბსოლუტიდან გამოსული შემოქმედი (მამა) ღმერთის ემანაციებს (იგივე ამეშასპენტები ზოროასტრიზმში) და ემანაციების ემანაციებს. „ზეციურ ღმერთებში“, რომლებზეც, „ასკლეპიოსის“ ტრაქტატში ჰერმესი ამბობს: „მათი (ზეციური ღმერთების) მოდგმა შექმნილია უწმინდესი ბუნებისგან, სხვა მინერევების გარეშე“  იგულისხმება, რომ მათი წარმომავლობა მხოლოდ სულიერია, მაშინ როცა „მიწიერი ღმერთების“ ბუნება არის ორმაგი - ზეციერი და მიწიერი, რადგან მათ მიწიერ განზომილებაში „სხეული აქვთ“ ტაძრის, ხატის, კერპის და ას. შ. სახით.

     ეხლა, რას ნიშნავს ფრაზა: „მათი (ზეციური ღმერთების) ხილული ნიშნებია მხოლოდ თავები.“. ზოგ მკვლევარს ჰგონია, რომ აქ იგულისხმება ციური სხეულები და რომ „მიწიერი ღმერთები“ სინამდვილეში ვარსკვლავები და პლანეტები არიან. მაგრამ, არა. გაიხსენე პენტაგრამაში ჩახაზული ადამიანი (ვიტრუვიანელი ადამიანი) და პენტაგრამის ფრაქტალის ალგორითმი. გახსოვს, ხუთობრივი ფრაქტალი, ანუ პენტაგრამა შედგება „თავისგან“, რომელიც „მმართველია“ და ოთხობრივი ფრაქტალისგან, რომელიც „კიდურებია“? ოთხობრივი ფრაქტალი არის მიწიერი ფრაქტალი. ამის ნათელი მაგალითია ადამიანის 4 ქვედა სხეული, ანუ მიწიერი ტეტრადა, მაშინ როცა „თავს“ წარმოადგენს სულიერი ტრიადა. ამ პარალელიდან ნათელი ხდება, რომ როცა ჰერმესი ამბობს „მათი ხილული ნიშნებია მხოლოდ თავები“, იგულისხმება, რომ ისინი მიეკუთვნებიან სულიერ ტრიადას, ანუ წმინდად სულიერ განზომილებას. მაშინ, როცა მიწიერი ღმერთები ორმაგ ბუნებას ატარებენ: სულიერს (თავს, ანუ სულიერ ტრიადას) და მიწიერს (კიდურებს, ანუ ქვედა ტეტრადას). მხოლოდ მიწიერი ნაწილი მათ შემთხვევაში, არის სწორედ ის „ღუზა“, რომელზეც გუშინ გელაპარაკებოდი, ანუ რაიმე მატერიალური ობიექტი - ქანდაკება, ხატი, მუმიფიცირებული სხეული და სხვ. ამ ორმაგი ბუნების საჩვენებად ეგვიპტელები თავის ღმერთებს გამოსახავდნენ ორმაგ არსებებად: თავები (არაადამიანური), ტანი (ადამიანური). 

     ეგვიპტეში მთელი რიტუალი იყო ღმერთების ქანდაკებების „გაცოცხლების“. ასეც იწოდებოდა, რომ ამ „თვალების და პირის გახსნის“ რიტუალის მერე ქანდაკება ცოცხლდებოდა, რადგან ის თავის თავში იმ „ღმერთის“ ცნობიერების ფრაგმენტს იღებდა და ამ ქანდაკების (გინდა დაარქვი კერპის) საშუალებით კონტაქტზე გადიოდა ქურუმებთან და ეხმარებოდა ადამიანებს. ეხლა დააკვირდი ამ ფრაზას: „ის (მიწიერი ღმერთების მოთხოვნილება) წარმოადგენს ღვთაებრივ სიკეთეებს, რომლებიც ბუნებრივად იმყოფებიან მცენარეებში, სურნელოვან ნივთიერებებში; რამეთუ მათ (ღმერთებს) უყვართ ხშირი შემოწირულობები, ჰიმნები და შექებები, ტკბილი მუსიკა, რომელიც ზეციურ ჰანგებს მოაგონებთ და ეს მოგონება ზეცაზე, მათ ზეციურ ბუნებასთან შეთანხმებით, იხმობს მათ კერპებში და აჩერებს მათ იქ და ასევე ეხმარება, გადაიტანონ ხანგრძლივი არსებობა ადამიანთა შორის.“ კარგად თუ დააკვირდები ამ ჩამონათვალს; სურნელოვანი ნივთიერებები, ჰიმნები, ტკბილი მუსიკა და ას. შ., ყველაფერი წარმოადგენს მაღალვიბრაციულ ჰარმონიის გამოვლინებებს, რომელთან გარემოცვაში, „ღმერთის“ ცნობიერების დამიწებული ფრაგმენტი კომფორტულადაა. ყველა ეს ჩამონათვალი, რომელიც წეღან ვახსენეთ, წარმოადგენს მაღალვიბრაციულ ჰარმონიის გამოვლინებებს. რამეს ხომ არ გაგონებს ის?

     მე მაშინვე პარალელი გავავლე ჩვენს ეკლესიასთან.

     მე:

     − საკმეველი, მირონი, საეკლესიო გალობები და ლოცვები... − ვუთხარი მე და მიქაელმა განაგრძო:

     − „ღვთაებრივ სიკეთეებში“, რომლებზეც ჰერმესი საუბრობს იგულისხმება შემდეგი ჰარმონიის გამოვლინებები: ლამაზი მუსიკა წარმოადგენს ჰარმონიას ბგერებში (სმენა), ლამაზი ცეკვა - ჰარმონიას სხეულის მოძრაობაში (შეგრძნება), სასიამოვნო სურნელი - ჰარმონიას სუნში (ყნოსვა), ლამაზი გამოსახულება - მხედველობით ჰარმონიას (მხედველობა), შემოწირულობები საკვების სახით - გემოს ჰარმონიას (გემო). როგორც ხედავ 5-ივე ფრაქტალის მაღალვიბრაციული ჰარმონიული გამოვლინებაა წარმოდგენილი. ხანდახან მე-5, ანუ „შეგრძნება“ გამოტოვებულია. მაგალითად თქვენთან ეკლესიაში არ ცეკვავენ. თუმცა არსებობს კონფესიები, განსაკუთრებით შავკანიანთა კულტურაში, სადაც ეკლესიებში ცეკვავენ. ეს მაღლავიბრაციული გამოვლინებები „მიწიერ ღმერთებთან“ ურთიერთობისას საჭიროა იმისთვის, რომ იმ ტაძარში/ადგილას, სადაც „ღუზაა“ განლაგებული, მაღალვიბრაციული ფონი შეიქმნას, იმისთვის, რომ ამ მაღალვიბრაციულ სულს შეეძლოს ცნობიერების შეკავება დედამიწის პირობებში. ანუ ამ ტაძარის „გრძნობის ორგანოები“ (სმენა, მხედველობა, ყნოსვა, გემო და შეგრძნება) უნდა დაკმაყოფილდეს მაღალვიბრაციული გამოვლინებებით. თუ ამ ტაძარში/ადგილას ვიბრაცია დავარდა, ეს სული „ამოვა“ მისი „ღუზიდან“, ანუ კერპიდან, ხატიდან და ას. შ. და დაბრუნდება სულიერ განზომილებაში. თუკი რომელიმე ამ 5 კომპონენტიდან გახდება დაბალვიბრაციული, ნათელი სული ვეღარ გაჩერდება ვიბრაციებში შეუთავსებლობის გამო. მაგალითად სისხლიანი მსხვერპლშეწირვა არის „გემოს“ ჰარმონიის გამოვლინების გამრუდება. სისხლიან მსხვერპლშეწირვას ძალიან დაბალი ვიბრაცია მოჰყვება სიკვდილისა და ტანჯვის ენერგიის გამო. ანალოგიურად, ცუდი სურნელი, მახინჯი მოძრაობები, საშიში/უშნო გამოსახულებები და მდარე მუსიკა/სიმღერა წარმოადგენს დაბალ ვიბრაციებს. სწორედ ამიტომ აკრძალა ქრისტემ სისხლიანი მსხვერპლშეწირვები. ასეთ პირობებში და ასეთ საკულტო ადგილას შეიძლება გაჩერდეს მხოლოდ დემონი, მაგრამ არა „ღმერთის“ კატეგორიის მაღალსულიერი არსება. მე ადრეც გითხარი... ქურუმები, ანუ მედიატორები „ღმერთებისა“ და ადამიანების სამყაროს შორის, უნდა იყვნენ სულიერად ძალიან წმინდა ადამიანები, იმისთვის, რომ ეს რიტუალები არ გაამრუდონ და ურთიერთობა დემონებთან არ დაამყარონ, მაღალსულიერი არსებების ნაცვლად, რაც ხშირად ხდებოდა ხოლმე ისტორიის მანძილზე. 

     ეხლა შეხედე, როცა ცივილიზაცია მეორე გზას მიყვება სულიერი ტაძარი გარეგანია, მაგრამ როცა ცივილიზაცია მესამე (სულიერ) გზას მიყვება, მისი ტაძარი ხდება არა გარეგანი რაიმე შენობა, ან ადგილი, არამედ მისივე ფიზიკური სხეული, ხოლო „კერპი“ მისი სამშვინველი, კერძოდ გულის ჩაკრაა. სწორედ ამაზე საუბრობდა ქრისტე, როდესაც ამბობდა, რომ თქვენ თავად უნდა გახდეთ საღმრთო ტაძარიო, ხოლო ქრისტე გულში უნდა შემოვიდეს. მესამე გზის მიმდევრებისთვის კონცენტრაცია გარეგანი გამოვლინებებიდან ბრუნდება შინაგან გამოვლინებებში, მთელი ყურადღება უნდა შებრუნდეს შიგნით, საკუთარი თავის შემეცნებისკენ, როგორც საღმრთო ტაძარისა, რომელშიც ღმერთმა უნდა დაისადგუროს... რა არის ამ შემთხვევაში საჭირო? ისევ იგივე... მაღალვიბრაციული 5 ჰარმონიის გამოვლინება. ასეთი ადამიანს უმაღლეს ვიბრაციულ დონეზე უნდა ეჭიროს ის, რასაც ჭამს (ამიტომ ხორცი არ შეიძლება), რასაც უყურებს (უნდა გქონდეთ ლამაზი გარემოცვა), რასაც უსმენს (უნდა უსმენდეთ ლამაზ მუსიკას) და რასაც ეხება, ანუ როგორც მოქმედებთ სხეულით (თქვენი მოქმედება დადებითი უნდა იყოს). ასეთი ადამიანის სხეულში, ანუ „ტაძარში“  ჩამოვა და დაისადგურებს ღმერთი. მოხდება ის, რაზეც ქრისტე გესაუბრებოდა, ანუ მისი შემოსვლა გულში, მისი ცნობიერების ფრაგმენტის განთავსება. ასეთი შემთხვევაში არა რაიმე შენობა ან ადგილი ხდება „სინათლის ფოკუსი“, იგივე „ძალის ადგილი“, არამედ თვითონ ადამიანი. ასეთი ადამიანი მაღლდება, განეღმრთობა და თვითონ იკავებს ადგილს სიცოცხლის ხეში, ნათელ ძალთა იერარქიაში „მიწერ ღმერთებს“ შორის!...

     მიქაელმა პაუზა გააგეთა და მე მისი მზრუნველი, სითბოთი სავსე გამოხედვა ვიგრძენი.

     − გავაგრძელოთ?.. − მკითხა მან, − ვხედავ, რომ დაიღალე...

     მე არაფერი ვუთხარი... დაღლილობას ვგრძნობდი და უბრალოდ მეშინოდა, რომ მის სიტყვებს ვეღარ დავიჭერდი.

     − რაც ზემოთ აგიხსენი, − განაგრძო მან, − დაგეხმარება იმის გაგებაში, რატომ გთხოვ მუდმივად, რომ საკუთარ თავს დისციპლინა გაუწიო, რატომაც გეკარგება ხოლმე ჩემთან კავშირი... და რატომაც იღლები ასე ადვილად... ჩემთვის ადამიანის გულში ცნობიერების ფრაგმენტაცია არაა ამჟამად პირდაპირი დანიშნულება... და არაა ხშირი შემთხვევა, როცა შესაბამის ადამიანს ვპოულობ. შენ და კიდევ მცირე რაოდენობის ადამიანი, შენ გარდა, გამონაკლისს წარმოადგენთ. ახლა, ხომ გესმის, რომ იმ დისჰარმონიულ გარემოცვაში, რომელშიც თქვენ იმყოფებით, 5-ივე ჰარმონიის გამოვლინება საშინლად დამახინჯებულია... პირდაპირ გეტყვი − დემონურია. განსაკუთრებით დიდ ქალაქებში. ამიტომ ჩვენც ძალიან გვიჭირს თქვენ შორის გაჩერება. ვერ წარმოიდგენ, ხანდახან, როგორ ძალისხმევად მიჯდება... კარგი... დღეისთვის მოვრჩეთ. მხოლოდ ერთს დავამატებ, რომ „შინაგან ტაძარში“ ყველაზე ძლიერი ჰარმონიის გამოვლინება (მე-5 პრინციპი - შეგრძნება) არის სიყვარული იმ სულიერი იერარქის მიმართ, ვისაც გულში უხმობ!.. ამიტომ არის ნათქვამი: „შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა. ესე არს დიდი და პირველი მცნებაი“ (სახარება მათესაგან, მუხლები 37 და 38).“ 

 

2020 წელი. 10 ივლისი. შეცდომა?
 

     მე:

     − მგონი რაღაც შემეშალა გუშინდელ ჩანაწერში... − ავღელდი მე და წარმოვიდგინე, როგორი რთული იყო წინა წიგნში შეცდომის მოძებნა და გამოსწორება, − მე დავწერე, რომ „მიწიერი ღმერთები“ არიან განღმრთობილი ადამიანები, მაგრამ ეგვიპტის პანთეონში კერპები კეთდებოდა „ზეციური ღმერთებისთვისაც“, როგორიც იყო ამონი ან სულაც მთავარი, სამყაროს შემოქმედი ღმერთი პტა (პტაჰი), ატონი...

 

     აქ აზრი გამიწყდა. ვერ დავამყარე მიქაელთან კონტაქტი და წერას შევეშვი, მაგრამ ამ კითხვაზე პასუხი უნდა მივიღო. 

 

(მოგვიანებით დამატებული: ვიპოვე და გავასწორე შეცდომა. მართლა იქ იყო, სადაც მეგონა).

 

 

    2020 წელი. 11 ივლისი. წერაქვი. კრიშნას საუბარი ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის საკითხზე
 

     დღეს რაღაცნაირი ღამე იყო. მძიმე. არავის არ ეძინა. მე კრიშნა დამესიზმრა...

 

     რაღაც მწვანე მდელოზე ვარ. წერაქვს გავს. ჩემთან შავი ძაღლი მოდის. საიდანღაც ვიცი, რომ ეს კრიშნაა! მას აქვს ასეთი სახე მიღებული და ძალიან, ძალიან მიხარია მასთან შეხვედრა...

 

     ასტრალი:

     სიზმრიდან ვფიხზლდები და ვხედავ, რომ შავი ძაღლის მაგივრად ჩემს ლოგინთან ჩემი ძაღლი, არია დგას. არია სამოედის ჯიშია და თეთრი ძაღლია, მაგრამ ვიცი, რომ მისი აქ დგომა რაღაცნაირად სიზმრის ლოგიკური გაგრძელებაა. არიას ჩემზე თათი აქვს დადებული. ისედაც ასეთი ჩვევა აქვს, მოდის ხოლმე და თათს მადებს რომ თავი მომაფერებინოს. ამიტომ არ მიკვირს მისი ასეთი ქცევა. თათს ხელში ვიღებ. არია წვება, მაგრამ ცდილობს ისე დაწვეს, რომ თათი ხელში დამიტოვოს. მე მახსენდება ის დრო, ჩემი შვილები პატარები რომ იყვნენ და ლამის მთელი ღამე ჩემი ხელი ეჭირათ, როცა ცუდი სიზმარი ესიზმრებოდათ. ამის გახსენებაზე ძაღლს სიცილით მივმართე:

     − შენღა მაკლიხარ, რომ მთელი ღამე შენი თათი მეჭიროს! − ვუთხარი მე და გამოვფხიზლდი. 

     ძაღლი ჩემ გვერდით არ იყო. სულ სხვა სართულზე ეძინა. სამაგიეროდ პარალელურად გაეღვიძა ჩემი ოჯახის თითქმის ყველა წევრს, მათაც კი, ვინც თბილისში იყო. ჰაერში რაღაც შფოთვა იგრძნობოდა. და მივხვდი, რომ ჩემი ძაღლის თათის მოცემა, რაღაცნაირად დახმარება იყო ჩემთვის ან დაცვა, ოღონდ ვერ გავიგე რისგან... 

     მკაფიოდ ვიგრძენი კრიშნას თანამყოფობა, რომელიც ამ შფოთვას ანეიტრალებდა უბრალოდ თავისი თანამყოფობით. მის ინდივიდუალობას ახასიათებს რაღაცნაირი მუდმივი სილაღე, მხიარულება და ამის თანმხლები სიყვარული ყველას მიმართ. რაღაცნაირად სწორია მისი წარმოდგენა ხან პატარა ბავშვად, ხან ზრდასრულ ადამიანად, რადგან ის თითქოს თამაშობს... ლაღი ბავშვივით თამაშობს ცხოვრებას, და როცა შენ მის ცნობიერებას ეხები, შენთვისაც ქრება ცხოვრების სერიოზული აღქმა და რჩება ლაღი, ყოველივეს მიმართ კეთილგანწყობილი თამაში. ჭეშმარიტად, მეუფეებთან კავშირით მათი თვისებები შენზეც გადმოდის...

     შფოთვა ვიგრძენი გარემოში და რამდენი მომინდა, რომ კრიშნასთვის რაღაცაზე შემეჩივლა, იმდენი ეს აზრი თავისით ქრებოდა... ტელეპატიურად მისი ფიქრები არ მესმოდა. უფრო ვგრძნობდი...  ემოციები მოდიოდა. ბოლოს ვკითხე ის, რაც ბოლო დღეებში მაფიქრებდა და უშუალოდ მის მიმდევრებს ეხებოდა. 

     ცოტა ხნის წინ შემთხვევით მომივიდა კამათი კრიშნას ერთგულების ფეისბუკ გვერდზე. რაღაც აზრს არ დავეთანხმე. კერძოდ, იქ საუბარი იყო იმაზე, რომ ოჯახში ქალი უნდა ემსახურებოდეს კაცს, ხოლო კაცი ქალს იცავდეს და მის კეთილდღეობას და უსაფრთხოებას უზრუნველყოფდეს. მოკლედ, გაჟღერდა ის სტანდარტული პატრიარქალური მოდელი, რომელიც იუდეველურ-ქრისტიანულ რელიგიებშიც არის დამკვიდრებული. მე გამოვთქვი მოსაზრება (ფეისბუკზე), რომ ქალსა და მამაკაცს შორის არ უნდა არსებობდეს ერთის უპირატესობა მეორეზე, არამედ ჰარმონია, სიყვარული და ურთიერთპატივისცემა უნდა იყოს ოჯახის საყრდენი ბურჯები. არავინ არავის არ უნდა ემსახუროს-მეთქი. ამის საილუსტრაციოდ ინის და იანის სიმბოლო მოვიყვანე, სადაც შავი და თეთრი ნაწილები თანაბარი ზომისაა და ერთმაეთს ავსებენ. 

in ian

ჩემს კომენტარს საკმაოდ გაღიზიანებული პასუხები მოჰყვა, რაც მოსალოდნელი იყო. ერთმა რაღაც ისეთი ტერმინებით გაჟღენთილი კომენტარი მოიწერა, რომ აზრი ვერ გამოვიტანე. იგრძნობოდა სურვილი, რომ მოსაუბრე დაბნეულიყო მაღალფარდოვანი სპეციფიური სიტყვებით და გამოთქმული აზრი უფრო ბრძნული გამოჩენილიყო ამის ფონზე, ხოლო მეორემ გამაკრიტიაკა „უნიჭო აზრებისთვის“ და შრილა პრაბჰუპადას ავტორიტეტის არდამორჩილებისთვის. არც ერთი, არც მეორე არ იყო ჩემთვის ის, რასაც არგუმენტირებულ პასუხად ჩავთვლიდი. კომენტარებში გაბრაზება იგრძნობოდა. მე მივწერე ამის შესახებ და ჯგუფი დავტოვე. გული დამწყდა, რადგან გავაცნობიერე, რომ კრიშნას მოციქულები არასდროს არ მიიღებდნენ ჩემს წიგნში გამოთქმულ აზრებს და ჩემ პიროვნებას მტრად აღიქვავენ, რომ მომიწიოს მათთან გულწრფელი საუბარი, მიუხედავად ჩემი დამოკიდებულებისა კრიშნას პიროვნების მიმართ. ისედაც, სხვა კრიშნაიტების მოსმენისასაც ვაწყდებოდი ქალების დისკრიმინაციის მომენტებს. ერთ-ერთი მათი გურუ ხშირად იმეორებდა ფრაზას (სხვადასხვა იგავების მოყოლისას) – „ქალი ხომ სულელია“... მე ვთვლი, რომ ასეთ დამოკიდებულებას მოჰყვა სწორედ ქალების მრავალსაუკუნოვანი ჩაგვრა და ქალებზე ძალადობა. მესმის, რომ ამის საპასუხოდ მეტყვიან, ეს კალი იუგას ეპოქის გაუკუღმართებული წარმოდგენების შედეგიაო... მაგრამ მაინც... ფორმულირება ქალის მხრიდან კაცის მსახურების, რაღაცნაირად მომხვდა ყურში... ეს ფიქრები კრიშნამ წამიერად წაიკითხა და პასუხიც მომივიდა. პირველ რიგში ვიგრძენი, რომ ის ორი ადამიანი, როგორებიც არ უნდა ყოფილიყვნენ (პიროვნული ნაკლოვანებების მხრივ), მასთან გულწრფელ ურთიერთობაში იმყოფებიან და მე ვიგრძენი, რომ რაღაცნაირად, თუ შეიძლება ასე ითქვას, მის მფარველობაში, მის „სხეულში“ შედიან... აი, როგორც მოლეკულები სხეულში... და მისგან პასუხი წამოვიდა...

     − შენც მართალი იყავი და ისინიც. ინის და იანის სიმბოლო სწორი სიმბოლოა. სიყვარული, ურთიერთპატივისცემა და ჰარმონია სწორი ფასეულობებია კარგი ოჯახის შესაქმნელად. თანამედროვე ადამიანისთვის შენი ენა უფრო გასაგებიცაა და მისაღებიც, მაგრამ, როცა ქალის მიერ კაცის მსახურებაზე და კაცის მხრიდან ქალის მფარველობაზე იყო საუბარი, იგულისხმებოდა იანის აქტიური მოქმედება და ინის პასიური მოქმედების გამოხატულება ოჯახში, ანუ „სქესის პრინციპი“. „სქესის პრინციპი“ გამოვლენილ სამყაროებში ვლინდება შესაბამის მინი-ფრაქტალებში შესაბამისი თვისებების სახით. ქალისა და მამაკაცის შემთხვევაში ესაა განსხვავება ფიზიკური სხეულისა და სამშვინველის აგებულებებში. ამ განსხვავებებიდან გამომდინარე უნდა ხდებოდეს ოჯახის საქმიანობა-ვალდებულებების გადანაწილებაც, ხომ მართალია? არაბუნებრივია, მაგალითად, რომ კაცი მხართეძოზე იყოს წამოგორებული, ხოლო ქალი მძიმე ნივთებს დაათრევს, მაშინ როცა მამაკაცში „იანის“ გამოვლინების ერთ-ერთი ფორმაა ფიზიკური სიძლიერე „ინთან“ შედარებით. გაიხსენე რას გასწავლიდა მიქაელი. 

     მე მოვძებნე და ამოვწერე პირველი წიგნიდან ეს ადგილები:

     „ვინაიდან გამოვლენილ სამყაროებს გაცემა-მიღების (ინი-იანი) თვისებიდან გამომდინარე სქესის პრინციპი ახასიათებს, სიმბოლურად მატერიას გამოხატავენ „ქალის“ სახით, ხოლო სულს „მამაკაცის“. მათი ურთიერთქმედების შედეგად წარმოქმნილ ქმნილებებს კი „შვილად“, „ვაჟად“ მოიხსენიებენ. ანუ, მაკროფრაქტალის დონეზე „ქალი“ მატერიაა, სული „მამაკაცი“,  ხოლო გამოვლენილი სამყაროები - „ვაჟი“. შუალედური ფრაქტალების დონეზე „ქალად“ სიმბოლურად შეიძლება წარმოადგინო კონკრეტული ქვეყანა, ქვეყნების ჯგუფი ან კონტინენტი; „მამად“, მისი სულისჩამდგმელი იერარქი, ხოლო „ვაჟად“ ამ ქვეყანაში ან ქვეყნებში განვითარებული ცივილიზაცია ანუ ადამიანთა, მოქალაქეთა ჯგუფი. ქალი ყოველთვის „პფლატფომაა“ (მიმღები, ინი), მამაკაცი მისი გამანაყოფიერებელი (გამცემი, იანი), „სულისჩამდგმელი“ ელემენტი, ხოლო შედეგად წარმოქმნილი ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი „ვაჟია“. მიკროფრაქტალის დონეზე „ქალი“ შეიძლება იყოს კონკრეტული დედა; მამაკაცი, კონკრეტული მამა; ხოლო ვაჟი, კონკრეტული შვილი.  ეს მარტივად აღქმადი სიმბოლიკა ბევრ რელიგიურ ტექსტშია გამოყენებული და მათ შორის იოანეს გამოცხადებაში.“

 

      „7 სქესის პრინციპი. „სქესი ყველაფერშია - ყველაფერს აქვს თავისი მამრობითი ან მდედრობითი პრინციპი. სქესი თავს იჩენს ყველა დონეზე.“ (ქიბალიონი)

      ამ პრინციპით მოცემულია ჭეშმარიტება, რომ სქესი - მამრობითი და მდედრობითი ვლინდება ყველგან და ყველაფერში. არსი (საწყისი) ყოველთვის მოძრაობაშია. ეს დებულება სამართლიანია არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ნატიფ-მატერიალური და სულიერი ფენებისთვის.ფიზიკურ განზომილებაში სქესის პრინციპი თავს იჩენს სექსუალობაში. უფრო მაღალ შრეებში იგი უფრო სრულყოფილ ფორმებში ვლინდება, მაგრამ საბოლოო ჯამში პრინციპი იგივე რჩება. სქესის პრინციპის კანონენების გაგება ნათელს მოფენს მრავალ დილემას, რომელიც ჩიხში აყენებს ადამიანთა გონებას. სქესის პრინციპი ყოველთვის მუშაობს აღწარმოების და შემოქმედების მიმართულებით. ყველა სულიერი თუ უსულო თავის თავში შეიცავს ამ პრინციპის ორივე საწყისს. ნებისმიერი მამაკაცი ან მამაკაცური გამოვლინება/საგანი ასევე შეიცავს ქალურ საწყისს. იგივე მართებულია ქალისთვისაც. თუ თქვენ მიხვდით მეცნიერული და სულიერი შემოქმედების ფილოსოფიას, თქვენ უნდა ღრმად შეისწავლოთ ეს პრინციპი. ის ხსნის სიცოცხლის მრავალ საიდუმლოს. ჩვენ გაფრთხილებთ, რომ ამ პრინციპს არაფერი აქვს საერთო მრავალ მდაბიო და გარყვნილ სექსუალურ თეორიებთან, რომლებსაც ლამაზად შენიღბულად აწვდიან საზოგადოებას და რომელიც წარმოადგენს ამ უდიდესი სამყაროსეული პრინციპის გაუკუღმართებას. ასე მაგალითად ძველი დროიდან შემორჩენილი, ყველასათვის ცნობილი ფალიციზმის ფორმები მხოლოდ ხელს უწყობენ სულის, გონების და სხეულის გახრწნას. ჰერმეტიკოსები ყოველთვის ხმას იმაღლებდნენ და ეწინააღმდეგებოდნენ ამ მდაბიო სწავლებების წინააღმდეგ, რომლებიც აუკუღმართებდნენ და ბილწავდნენ ბუნებრივი სქესის პრინციპს. თუ თქვენ ასეთი ტიპის სწავლებები გაინტერესებთ, ჰერმეტიციზმი თქვენი ადგილი არაა. წმინდასთვის ყველაფერი წმინდაა, მდაბიოსთვის ყველაფერი მდაბიოა.

 

      მიქაელი:

      − ზოგადად რომ ვთქვათ აქტიური საწყისი მამაკაცის პრინციპია და პასიური ქალის... გამცემის მამაკაცია და მიმღები ქალი. ეს პრინციპი კარგად ჩანს სიმბოლოებში სადაც სული მამაკაცია, მატერია ქალი, მზე მამაკაცია და მთვარე ქალი. იანი მამაკაცია და ინი ქალი, დღე მამაკაცია და ღამე ქალი. ეს ორი ურთიერთსაპირისპირო გამოვლინება ერთმანეთის გარეშე ვერ არსებებს და ერთმანეთის გარეშე ვერ ქმნის! ეს პრინციპი არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს რომელიმე სქესის უპირატესობას, განსაკუთრებით ადამიანებში, რადგან უმაღლეს სულიერ იპოსტასს სქესი არ აქვს და ის სხვადასხვა სქესის არსებებში ინკარნაციების შედეგად იღებს გამოცდილებებს და ავლენს თავს. თუ დავუბრუნდებით იმ აზრს, რომ ყველაფერი ტალღაა, გადავხედავთ ჰერმეტიციზმის წინა პრინციპებს, დავინახავთ, რომ 6-ივე წინა პრინციპი, ისევე როგორც ეს, ტალღის ბუნებას აღწერს. მენტალიზმი ტალღის გამოვლინებაა, ვიბრაცია ტალღის გამოვლინებაა, რიტმი ტალღის თვისებაა, „პოლარიზაციის“ პრინციპიც დაბალი და მაღალი ვიბრაციის ტალღებით აიხსნება, კარმულ უკუგებასაც ტალღური ბუნება აქვს, ვინც იცის, რადგან კარმა პერიოდულობის დაცვით გადმოდის. ასევე სქესის პრინციპიც ტალღის აღმავალ/დაღმავალ ანუ აქტიურ და პასიურ ბუნებას შეესატყვისება. კარგად რომ დაუკვირდე ჩვენ აღვწერთ ერთი და იგივეს სხვადსხვა გამოვლინებებს, რადგან პირველწყარო სამყაროებს ტალღების მეშვეობით ავლენს, რომელიც სხვადასხვა კანონებში, პრინციპებში და ფორმებში ვლინდება. „

 

     კრიშნა:

     − ოჯახი არის ინის და იანის შეჭიდების ერთ-ერთი მინი-მოდელი (მინი-ფრაქტალი), სადაც სწორედ ამ ზემოთაღწერილი ტალღის პრინციპი უნდა ვლინდებოდეს, იმისთვის, რომ სისტემაში სწორედ ცირკულირებდეს ენერგია. ანუ, ქალი ტალღის დაღმავალი ნაწილია; კაცი ტალღის აღმავალი ნაწილი; ქალი „ინია“, კაცი „იანი“; ქალი „მატერიაა“, კაცი „სული“, კაცი „მზეა“, ქალი „მთვარე“ და ას. შ. პატრიარქალური საზოგადოება, რომელმაც კალი იუგაში მხინჯი და ძალადობრივი სახე მიიღო, მხოლოდ და მხოლოდ ამ სამყაროსეული „სქესის პრინციპის“ არასწორი გაგება და ბოროტად გამოყენებაა. როგორც მიქაელმა თქვა, ეს „ტალღის პრინციპი“ არ ნიშნავს ერთი სქესის უპირატესობას მეორეზე. ეს მხოლოდ ის „სქესის პრინციპია“, რომელიც უნდა ვლინდებოდეს ოჯახის მოდელში. ქვედა ოთხ სხეულსა და სულიერ ტრიადას შორისაც არსებობს ინი-იანის ურთიერთობა. ადამიანსა და ღმერთს შორისაცაა ინი-იანის ურთიერთქმედება. მეტერიალური სხეულები ინია (ქალია), ხოლო სული იანი (კაცი). ყველა ასპექტში სადაც შეჭიდებაა გამოვლენილი, უნდა დაცული იყოს სქესის პრინციპი, წინააღმდეგ შემთხვევაში შეჭიდება არ მოხდება, რადგან პლიუსი განიზიდავს პლიუსს, ხოლო მინუსი მინუსს. ამიტომ, როცა თავის დროზე, მე ამ თემაზე ვსაუბრობდი, ყველაზე მარტივად გასაგები სახე-ხატები იყო, ცოლის და ქმრის მოვალეობების განსაზღვრა. რაც შეეხება იმას, რომ ჩემმა ერთგულებმა შეიძლება განსხვავებული რელიგიების ან აზრების მქონე ადამიანების მიმართ შეუწყნარებლობა გამოიჩინონ, ეს მათი სულიერი უმწიფობის გამოვლინებაა და გარდა ამისა გვერდითი მოვლენაა ყველანაირი ეგრეგორული სისტემის. ჩემს ტრადიციაში ორივე გზაა, ეგრეგორულიც და ინდივიდუალურიც. ეგრეგორულს, როგორც ყველა ეგრეგორულ სისტემას, მკვეთრად შემოხაზული ჩარჩოები აქვს იმისი, რას უნდა ფიქრობდე და როგორ ცხოვრობდე. ჩემთან პიროვნული კონტაქტის დამყარება შეგრძნების და მითუმეტეს ტელეპატიური კავშირის დონეზე, ძალიან ცოტას შეუძლია. ძირითადად მე საუბრებზე შთაგონების დონეზე ვზემოქმედებ, როცა ეს მიზამშეწონილი და შესაძლებელია. ისიც, ასეთი ადამიანები ბევრნი არ არიან. მაგრამ ყველა ჩემი ერთგული, ვინც ჩემთან გულწრფელ ურთიერთობაში იმყოფება, ჩემი მფარველობის ქვეშაა, როგორიც არ უნდა იყოს მისი ადგილი სულიერი ევოლუციის შკალაზე. 

     როგორც მივხვდი, იგივეა ქრისტეს და ბუდას შემთხვევაშიც...

 

     მე კრიშნას ვთხოვე, რომ  კიდევ მოეყოლა ჩემთვის რამე ისეთი, რასაც ჩემს წიგნში ჩავწერდი, მაგრამ, როგორც ჩანს თემა ამოიწურა ზემოთხსენებული საკითხის განხილვით.  

 

 

         2020 წელი. 12 ივლისი. სადღაც შეცდომაა?
 

     ისევ ძნელად მიდის ინფორმაციის მიღება. მგონი ზედმეტად დავისვენე. მეტი დაძაბულობა მჭირდება ალბათ...

     − მიქაელ, შემისწორე შეცდომა... ვგრძნობ, რომ სადღაც რაღაც არასწორედ ჩავწერე 7 ივლისის ჩანაწერში. 

     მიქაელი:

     − ხო. გარდა დედამიწაზე ინკარნირებული განღმრთობილი სულებისა, როგორც მაგალითად თავად „ასკლეპიოსის“ ტრაქტატის მოქმედი პირის წინაპარი მედიცინის „ღმერთი“ ასკლეპიოსი იყო, ეგვიპტელები კერპებს უდგავდნენ და დედამიწაზე ჩამოჰყავდათ „ზეციური ღმერთები“, როგორიც იყო ცის, მზის, სამყაროს შემოქმედი ღმერთები. ისინი მათ ინდივიდუალობას ანიჭებდნენ. მაგრამ, ეს კარგად რომ გაიგო გაიხსენე პირველი წიგნის ჩანაწერი. მე ის ადგილი ვიპოვე, რომელზეც მიმანიშნებდა:

 

     „- ფრაქტალური განზომილება. 7-ობრივი ფრაქტალი. ამ პირველადი ფრაქტალის ერთ-ერთი ქვერგოლია დედამიწის ლოგოსი და მისი „სულის იპოსტასიდან“ გამოსული 7 განშტოება, რომელიც 7 პლანეტარულ ფენას წარმოქმნის პლანეტის შესაბამის „მატერიალურ იპოსტასში“. თითოეულ ფენაში შესაბამისი განზომილების (სიმკვრივის) არსებების ცნობიერება ვიბრირებს. შენთვის ცნობილია რომ ადამიანის ცნობიერება მე-4 განზომილებაშია და საშუალოდ ასევე მე-4 ქვედონის (ანუ „ინტელექტუალური ადამიანის“) ცნობიერების დონეზეა. მაგრამ მე მინდა შენი ყურადღება გავაჩერო მე-5, მე-6 და მე-7 დონის არსებებზე. მე-7 დონე თვითონ პლანეტარული ლოგოსია. იგი თავადაა ერთ-ერთი 7-თაგანი სხვა 6 პლანეტარულ ლოგოსებთან ერთად უფრო დიდ 7-ობრივ ფრაქტალში, რომელიც თვითონაა თავისმხრივ ერთ-ერთი განშტოება უფრო მსხვილი ფრაქტალის და ას. შ.  7 პლანეტა, 7 სამყარო შენთვის ნაცნობია ასტროლოგიიდან და მითებიდან. დედამიწის მე-6 განზომილება ამ მე-7 პლანეტარული ლოგოსის „სულის იპოსტასის“ ანუ სხვა სიტყვებით სულიწმინდას განშტოებებია, რომლებიც კიდევ მეტად იტოტებიან და კიდევ უფრო მეტად ეშვებიან მატერიაში მე-5 განზომილების (ანგელოზების განზომილების) წარმოქმნით. კარგად რომ დააკვირდე ბერძნულ მითოლოგიას და გვერდზე გადადო ზღაპრული სიუჟეტები (რადგან ეს ზღაპრული ნაწილი უდიდეს წილად წარმოადგენს ელინური კულტურის პოეტების თამამი ფანტაზიის ნაყოფს) შეამჩნევ რამდენიმე ძირითად იდეას, რომელიც ამ მითებს ღერძად გასდევს. მთავარი ისაა, რომ ეგრეთ წოდებული ოლიმპიელი ღმერთები  არ წარმოადგენდნენ ღმერთების პირველი თაობას. პირველი თაობა იყო პირველადი დუალური დიფერენცირების შედეგად მიღებული ორი დუალური ჰომოგენური სტრუქტურის ასპექტები: გეა (მიწა) და ურანი (ზეცა). ხომ გახსოვს პირველწყაროს პირველადი დაყოფა მატერიის და სულის იპოსტასებად ხდება. აქაც იგივეა წარმოდგენილი, მხოლოდ დედამიწის რეალობის დონეზე.

ეს ორი იპოსტასი პლანეტარული ლოგოსის მე-7 დონის დუალური ასპექტია. დედამიწის რეალობის ევოლუციასთან ერთად მოხდა ღვთაებრივი ენერგიის მეტი დიფერენცირება მეტი სახის ჰომოგენურ სტრუქტურებში, რომელიც გამოიხატა ე. წ. მე-2 თაობის ღმერთებში, რომლებიც სიმბოლურად უფრო დიდი, განზოგადებული ჰომოგენური სტრუქტურების მმართველი ინდივიდუალობები იყვნენ. წარმოიდგინე ეს, როგორც განშტოება სიცოცხლის ხეში. ფორმალურად მე-6 განზომილების არსებებს ტიტანები შეიძლება დაარქვა, თუმცა გვერდზე უნდა გადადო მითიური ისტორიები მათ შესახებ. მამა-ღმერთის ანუ სიმბოლურად ურანის ასპექტის დიფერენცირებამ გამოიწვია მატერიის ანუ გეას დიფერენცირება სულ უფრო რთული ორგანიზაციის ჰომოგენურ სტრუქტურებში. ჯერ ეს მინერალური სამყარო იყო თავისი მთებით, მდინარეებით, ოკეანეებით და ას. შ. მეცნიერული ენით ამას შეესაბამება პლანეტის გეოლოგიური ფორმირების ეპოქა, მითოლოგიურ ენაზე ტიტანების ეპოქა. ტიტანი არ ნიშნავს პრიმიტიულს, რადგან „სულის იპოსტასის“ ნაკლებად ანუ უფრო ზოგად, დიდ სტრუქტურებად დიფერენცირება არ ნიშნავს პრიმიტიულს, არამედ პირიქით ნიშნავს უფრო მაღალ ვიბრაციულს, უფრო „სულიერს“. ხომ გახსოვს, ცნობიერების გაფართოებაც სულ მეტი განზოგადების, უფრო დიდის თავის თავში მოცვას, გაერთიანებას გულისხმობს. ამიტომ მითების ენამ შეიძლება შეცდომაში შეგიყვანოს. თუ გინდა მითებში სიმართლე მოძებნო, მათგან მხოლოდ ძალიან ზოგადი ინფორმაცია უნდა ამოიღო. მაგრამ გავაგრძელოთ... „ტიტანების“ შემდეგ „სულის“ ანუ მამა-ზეციერის, ანუ ურანის ასპექტმა მეტი დიფერენცირება განიცადა, რამაც მატერიაში მეტი სტრუქტურის წარმოქმნა გამოიწვია ცოცხალი არსებების წარმოშობის ხარჯზე. რადგან ყოველი შემოქმედების პროცესი მატერიალურ განზომილებაში, როგორც იცი იმართება პირველადი, ანუ სულიერი სამყაროდან, ამ პროცესებსაც თავისი განმგებელი სულიერი არსებები ჰყავდა. ეს მე-5 განზომილების ღვთაებები იყვნენ, რომელთაგან ეგრეთ წოდებული ოლიმპიელი ღმერთები ისინი იყვნენ, ვინც უკვე უშუალოდ მენტალური ველის ჩამოყალიბებისას, ანუ ადამიანებთან დაკავშირებულ ასპექტებს განაგებდნენ.

ჩვენ ნახაზზე  ამ შრეს „ანგელოზების“ განზომილება დავარქვით, თუმცა ეს არც ისეთი ზუსტი ტერმინია. დედამიწის რეალობაში ადამიანების გაჩენასა და ევოლუციასთან ერთად წარმოიქმნა საღმრთო ენერგიის ისეთი ტიპები, როგორიცაა სიყვარული, სამართლიანობა, სილამაზის აღქმა, ომის ანუ ბრძოლის ცნება, მედიცინა, გართობა და სხვ. ანუ ის ცნებები, რომლებიც ასე ბუნებრივია ადამიანის ცნობიერებისთვის. ეს ემოციები და ფიქრებია, მაგრამ როგორც იცი ყველა ემოცია და ფიქრი ენერგიას წარმოადგენს. ამიტომ სულიერი თვალთახედვით ყოველი ეს ცნება ანუ ფიქრი/ემოცია არის ღვთაებრივი ენერგიის ჰომოგენური ტიპი, რომელსაც თავისი ე. წ. მმართველი უდგას სათავეში, რომ ეს ენერგია სწორი მიმართულებით, ანუ ევოლუციის ოპტიმალური ხაზით წარიმართოს. მინერალების, მცენარეების და ცხოველების კოლექტიური ჰომოგენური ცნობიერების მმართველი სულები პლანეტის შესაბამის შრეებში (ანუ მატარიალურ, ეთერულ და ასტრალურ ველებში) ბინადრობენ. ზედა ტრიადიდან მათ მხოლოდ პლანეტარული ლოგოსის ცნობიერების ნაპერწკალი აქვთ. ამიტომაა რომ ამ ე. წ. ბუნების სულებთან კონტაქტში შესვლისას არ იგრძნობა ის მაღალი ვიბრაციები და რასაც შენ ღვთაებრივი მადლის შეგრძნებას ეძახი. ისინი მატერიასთან მიბმული სულებია. ეხლა შეხედე, თუ ამ ზემოთაღწერილ გენეოლოგიურ განშტოებებს წარმოიდგენ როგორც ზევიდან ქვევით (ურანიდან ოლიმპიელებამდე) ჩამოშვებულ ხის ტოტებს, ხოლო დედამიწაზე განსხეულებული არსებების გენეოლოგიას, როგორც ანალოგიურ, ოღონდ ქვევიდან ზევით (გეასგან ადამიანამდე) მიმართულ ხის ტოტებს, მიხვდები, რომ მე-4 განზომილების არსებები ანუ ადამიანები, როგორც ყველაზე მაღალი დონის მატერიალური არსებები ესაზღვრებიან მე-5 დონის ოლიმპიელებს ანუ ყველაზე დაბალი დონის სულიერ არსებებს. სწორედ ეს კავშირი იყო, ის რაც მატერიას სულთან, მატერიალურ სამყაროს სულიერ სამყაროსთან აკავშირებდა, ქვედა ტეტრადას ზედა ტრაიადასთან, რომელზეც სულ გელაპარაკები. ხომ ხედავ, ანგელოზი უნდა დაეცეს (იგულისხმება განსხეულება), იმისთვის რომ ადამიანი ამაღლდეს! ღვთის ძე უნდა განკაცდეს, იმისთვის რომ ადამიანის ძე განეღმრთოს! ამ კავშირის არსებობისას ყველა ცოცხალი არსება, რომელიც დედამიწაზე მატერიალურ განზომილებაში ინკარნირდება, სწორი ევოლუციის გზას გადის, რადგან მასში გამავალი საღმრთო ენერგიები სწორედ იხარჯება და არ ამრუდებს თავის ბუნებას... “

 

 

 

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff