ვერტიკალური ნება

ალექსეი პახაბოვი
0
0

ავტორი: ალექსეი პახაბოვიმთარგმნელი: მამუკა გურული ნაწილი I. ძალისადმი მსახურება ეს წიგნი წარმოადგენს პრაქტიკულ სახელმძღვანელოს ადამიანთა ძალიან განსაზღვრული წრისთვის. უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვ...

მე–14 არკანი. „ზომიერება“

 

temperance

მე–14 არკანი. „ზომიერება“. ტრანსფორმაციის ძალა

გსმენიათ, ფრაზები სტილში: „მე არაფრის შეცვლა არ შემიძლია. ვცდილობ, ვცდილობ, მაგრამ არაფერი იცვლება“?

ადამიანთა უზარმაზარ რაოდენობას არაფრის შეცვლა არ შეუძლია თავის ცხოვრებაში. არც სამსახურის შეცვლა, არც ცხოვრების განრიგის, არც საყვარელ ადამიანთან დამოკიდებულების. და რა თქმა უნდა, ამ ადამიანთა წარუმატებლობების აისბერგის მწვერვალს წარმოადგენს საკუთარი თავის შეცვლის უუნარობა. მოცემული პრობლემა გამომდინარეობს ამ არკანის ენერგიის უკმარისობიდან. ეს ძალა გვერდს უვლის მათ. აქედან გამომდინარე მუდმივად „ზაზუნას დღე“ აქვთ.

ამ არკანის ძალა მართავს ობიექტების ტრანსფორმაციას. ამასთან ნებისმიერი ობიექტის და ნებისმიერ ტრანსფორმაციას. ამ ძალის გასაგებად, საჭიროა დაფიქრდეთ ტერმინზე - „გარდაქმნა“. აიღეთ ყინულის ნატეხი და დადეთ იგი მაგიდაზე. შემდეგ დაიწყეთ მასზე დაკვირვება. თვალყური ადევნეთ, როგორ გარდაიქმნება მყარი ობიექტი თხევადად. თუკი იმედიტირებთ ყინულის წყლად ტრანსფორმაციაზე, შეგიძლიათ შეიგრძნოთ ამ არკანის ძალა.

შესაძლოა, ასევე შეხვედრიხართ ადამიან „ქამელეონებს“, რომლებიც გამუდმებით იცვლებიან. გუშინ მოწყენილები იყვნენ, დღეს მხიარულები არიან, ხვალ კი, ყოველგვარი საფუძველის გარეშე, წავიდნენ და პირწმინდად გადაიპარსეს თმა. ისინი მუდმივად მოუსვენრები არიან და გამუდმებით ცვლიან რაღაცას თავიანთ ცხოვრებაში. ამასთან, თავისი ნებით იცვლებიან. ერთფეროვნება და მოწყენილობა მათი მუდმივი მტრები არიან. მათ სჭირდებათ, რომ ყოველთვის დინამიკაში იყვნენ, კვლავ და კვლავ მოსინჯონ რაღაც ახალი. თუ თქვენ ერთ-ერთი ასეთთაგანი ხართ, იცოდეთ, რომ თქვენში ეს ძალა საკმარისადაა.

მაგრამ მანამ, სანამ ამ ენერგიასთან მაგიური მუშაობის შესახებ მოვყვებით, მოდი ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რატომაა პრინციპში ასე რთული ცვლილება?

საქმე სტაბილურობისადმი ჩვენს უსაზღვრო სიყვარულშია. ყურადღებით დააკვირდით სამყაროს, რომელშიც ვცხოვრობთ. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ წინასწარ ვიცოდეთ, რა მოხდება ხვალ. ვაკეთებთ ამინდის, ვალუტის კურსების, ადამიანთა ქცევის პროგნოზირებას. ვცდილობთ, რომ ყოველი ნაბიჯი წინასწარ განვსაზღვროთ. ჩვენი კანონები ახდენენ სივრცის მდგრადობის ფორმირებას: წითელ ფერზე გავლა არ შეიძლება, მწვანეზე კი - შეიძლება. ხუთი დღე ვმუშაობ, ორი დღე ვისვენებ. სტანდარტები, სტანდარტები, სტანდარტები. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ადამიანები ტყავიდან ძვრებიან, რომ დრო გაჩერდეს, რომ სამყარო აღარ შეიცვალოს, განსაკუთრებით მაშინ, თუკი ადამიანი მოცემულ მომენტში კარგადაა.

მსგავსი ცხოვრების შედეგად ადამიანი თანდათანობით სწავლობს იმ წესებითა და განრიგით ცხოვრებას, რომლებიც შეუმჩნევლად თავად შეიტანა თავის ცხოვრებაში. ესაა რაღაც უსიტყვო წესების მაგვარი. გაიარეთ პარკში ან სადმე, სადაც ბევრი ხელოვნური ტროტუარია ფეხითმოსიარულეთათვის, და დააკვირდით, როგორ მოძრაობენ ადამიანები. ისინი მკაცრად ტროტუარებით დადიან. რა თქმა უნდა, ხშირად შეგიძლიათ დაინახოთ გათელილი ბილიკები, მაგრამ ვარიანტებიდან, სადაც შეუძლია გაიაროს მზა ბილიკზე ან ახალი გაკვალოს, ადამიანი მზა ვარიანტს აირჩევს. და საქმე იმაში არაა, რომ ასე უფრო მოსახერხებელია, არამედ იმაში, რომ ესაა შინაგანი განრიგი - გააკეთო ის, რაც უფრო ჩვეულია.

გაიხსენეთ, დონ ხუანი გამუდმებით ახსენებდა კარლოსს, რომ გაეცნობიერებინა თავისი განრიგები, გათავისულფებულიყო მათგან და გამხდარიყო ადამიანი განრიგების გარეშე. ანუ გარდაქმნილიყო დინებად მეომრად, რომელიც წინასწარგანუსაზღვრელია და შესაბამისად მიუწვდომელია.

ადამიანი, რომელსაც შეუძლია გამუდმებით შეიცვალოს, ყოველთვის მდგრადი იქნება ჩვენს მუდმივად ცვალებად სამყაროში.

იმისათვის, რომ ცვლილებები მოხდეს, მათ განსაზღვრული გარემო სჭირდებათ. ყინულის ნატეხი საყინულეში არ შეიცვლება. როგორც კი სითბოში დავდებთ, მაშინვე დაიწყებს ცვლილებას. გაიხსენეთ ქიმიური რეაქციები. იმისთვის, რომ გარდაქმნა განხორციელდეს, რეაქტივებს აცხელებენ, ერთმანეთში ურევენ, სხვა სიტყვებით, პირობებს ქმნიან.

ამ პირობებს ორი ძირითადი დომინანტა აქვთ. ესაა ცეცხლის სტიქია (ენერგიის რაოდენობა) და ჰაერის სტიქია (დროის სიჩქარის გაზრდა).

მაგალითად, ჩააგდეთ შაქრის ნატეხი ცხელი ჩაით სავსე ჭიქაში. თუ მეტს არაფერს გააკეთებთ, ცვლილება ნაკლები იქნება. სტრუქტურა დაიშლება, მაგრამ ჩაი უწინდებურად სიტკბოს გარეშე იქნება, რადგანაც მთელი შაქარი ფსკერზე დაილექება. მაგრამ როგორც კი კოვზით აურევთ მას, ანუ აჩქარებას მისცემთ მთელ მასას, ჩაის ტრანსფორმაციის პროცესი მაშინვე ამოქმედდება.

და პირიქით, თუ შაქარს ცივ წყალში ჩააგდებთ, გინდ მოურიოთ, გინდ არა, მთელი შაქარი დიდი ხნის განმავლობაში არ გაიხსნება.
ამგვარად, ვაკეთებთ დასკვნას, რომ ცვლილებებისთვის ჩვენ გვჭირდება ენერგია და პირობები, რომლითაც დროის მსვლელობის სიჩქარე იზრდება. მაგალითად, სტუდენტებისთვის ესაა სესია. მოკლე პერიოდში ისინი დიდი სამუშაოს შესრულებას ახერხებენ. და ამ დღეებში საკუთარ თავს არ ჰგვანან. ზოგჯერ ისეთ მოქმედებებს ასრულებენ, რომ „მშვიდობიან დროს“ ვერც კი გაბედავდნენ.

ყველაფერი ეს მე–14 არკანის ძალაა. ამ ძალასთან მუშაობით მაგი მსგავს სიტუაციებში ხვდება. საკმარისია, უბრალოდ შეიგრძნოთ ეს ენერგია, რომ ტრანსფორმაცია თავისთავად ხდება. სამყარო გაიძულებთ, რომ იმოძრაოთ, რადგანაც თავად სამყარო ხდება ჩვენთვის ძალიან სწრაფი, და იმისთვის, რომ ტრავმები არ მივიღოთ, უნდა ავჩქარდეთ. წარმოიდგინეთ, რომ მიმავალ მატარებელს მისდევთ. აი, მოეჭიდეთ სახელურს და თქვენი ხელი მყარადაა მასზე მიმაგრებული. თუ მატარებელი უფრო ჩქარა წავა, ვიდრე თქვენ გაიქცევით, იგი ხელს მოგაგლეჯთ.

ამიტომ, ტრანსფორმაციის ძალის მოხმობა ფრთხილადაა საჭირო. იგი შეცვლის თქვენ გარშემო სივრცეს, და თუკი უწინდებურ ცხოვრებას მოეჭიდებით, მხოლოდ უარესი იქნება.

თუმცაღა აუცილებელი არაა, რომ ამ ძალასთან ურთიერთქმედებამ თქვენგან მუდმივად სადღაც მოჩქარე ადამიანები შექმნას, რომლებმაც რაღაც უნდა შეცვალონ. მაგისთვის ეს სამუშაო ცნობიერების დონეზე ხდება. მცირე ოდენობით ამ ძალის დაგროვების შემდეგ, მაგს შეუძლია, რომ მართოს იგი კონტროლირებადად და წერტილოვნად. თუკი მოუნდება, რომ შეცვალოს არა მთელი სიტუაცია, არამედ რაღაც ცალკეული მასში, იგი ამას გააკეთებს. საერთოდ, ამ არკანის მაგები შესანიშნავი ტრანსფორმატორები არიან. ეს გასაგები გახდება მას შემდეგ, რაც კარტის გლიფებს გავარჩევთ.

გლიფების გაშიფვრა

კარტზე ჩვენ ვხედავთ ანგელოზს თეთრ ტანსაცმელში. ერთი ფეხით მიწას ეყრდნობა, მეორე კი - მდინარეში აქვს. ხელებში ორი თასი უჭირავს, რომელთა შორისაც წყალი იღვრება. მკერდზეა სამკუთხედი, წვერით ზემოთ, ხოლო შუბლის მიდამოში ოქროს დისკია და თავი ანათებს. ფრთები გაშლილი აქვს. ერთი მხრიდან ხატია გზა, რომელიც მთებში, ამომავალი მზისკენ მიდის, ხოლო მეორე მხარეს - სხვადასხვა ყვავილები. სურათის ფონი თეთრია.
სურათის ფონი და ამომვალი მზე. ეს გლიფები წარმოადგენენ ძალის აქტივობის სიმბოლოს დილის საათებში. ამიტომ ცვლილებების დაწყება უმჯობესია ადრეული დილიდან.

ანგელოზი. ანგელოზი ეს თავად ძალაა, რომელიც გარკვეულ პირობებში ჩნდება. მედიტაციის დროს ჩვენი ცნობიერება ამ ძალას უნდა გავუხსნათ. და მხოლოდ მას შემდეგ, რაც მასთან თავს გავაიგივებთ, ტრანსფორმაცია შესაძლებელი გახდება. ჩვენზე ეშვება ანგელოზი, როგორც ერთგვარი, ტრანსფორმაციის გამომწვევი ძალა. დანარჩენი გლიფები ამბობენ, როგორ პირობებში ჩნდება ამ ძალის გაცნობიერება.

თეთრი ტანსაცმელი - ესაა ეთერული სხეული. ერთი მხრივ, ტანსაცმელთან დაკავშირებით ყველაფერი რიგზეა, რაც მეტყველებს ეთერული სხეულის, და როგორც შედეგი - ფიზიკური სხეულის კარგ მდგომარეობაზე. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ჯანმრთელები უნდა ვიყოთ მანამ, სანამ ამ ენერგიებში შევძვრებით. მეორე მხრივ, ეთერული სხეული ესაა ოთხგანზომილებიანი სხეული, რაც მიუთითებს დროში განგრძობადობის შეგრძნებაზე. ანუ ჩვენ თავად უნდა შევიგრძნოთ თავი დროის ნაკადში მოძრავ ობიექტად.

მდინარე. აქაც რამდენიმე მნიშვნელობაა. ერთ-ერთი მათგანი მეტყველებს იმაზე, რომ ეს ალქიმიური ტრადიციაა. სხვა სიტყვებით, უნდა ჩავერთოთ ალქიმიკოსების ეგრეგორში. ეს ჩართვა თავისთავად ხდება რაღაცის გარდაქმნის მცდელობისას. ძველები ამ ჩართულობისთვის სხვადასხვა ალქიმიურ წიგნებს იყენებდნენ. აქ მნიშვნელობა ჰქონდა არა იმას, თუ რა ეწერა იქ, არამედ მდგომარეობას, რომელშიც შედიხარ, სანამ მათ კითხულობ. ამგვარად მაგები ალქიმიკების ტრადიციაში ერთვებოდნენ.

მდინარის გლიფი ასევე შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც თქვენი ცხოვრების მდინარის სიმბოლო, თქვენი სასიცოცხლო ენერგია დროში გადანაწილებული, თქვენი პერსონალური სტიქსი. ცხოვრების განმავლობაში თქვენ იზრდებოდით და იცვლებოდით. როცა ბავშვი იყავით - ეს ერთი ადამიანია, როცა გაიზარდეთ - ეს სხვა ადამიანია. ეს ცვლილებებიც ასევე შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ერთგვარი გარდაქმნები.

საყრდენი მდინარეზე. ნიშნავს ბრძანებას დროის დინებაში ჩართვაში, სადაც ხდება გარდაქმნა. ამის გაკეთება შესაძლებელია ან ცხოვრების განმავლობაში საკუთარ ცვლილებებზე განწყობით, ან სხვადასხვა გარდაქმნებზე მედიტაციით, მაგალითად, იგივე ყინულის დნობაზე.

სამკუთხედი გულზე. სამკუთხედი მწვერვალით ზემოთ სულიერი ზრდის სიმბოლოა. აქ იგი გამოსახულია გულ-მკერდზე, ანუ გრძნობებისა და ემოციების მიდამოში - თქვენ შეპყრობილ უნდა იქნეთ სულიერი განახლების მდგომარეობით. ეს სწორედ მდგომარეობაა. იგი თავად მედიტაციისას ჩნდება, თუკი საკმარისი ენერგია გაქვთ ანაჰატა ჩაკრაზე.

ოქროს დისკი შუბლის დონეზე. კვლავაც რამდენიმე მნიშვნელობა. ერთი მხრივ, აქ ლაპარაკია აქტიურ მესამე თვალზე, აჯნა ჩაკრაზე, საიდანაც გამოდის ყურადღების სხივი, და მისი მეშვეობით ხდება ობიექტის ტრანსფორმაციის მართვა. მეორე მხრივ, ოქროს დისკი მზის სიმბოლოა. თავად გლიფი „მზე“ შეგვიძლია სხვადასხვანაირად განვმარტოთ: სული, ღმერთი, ცეცხლი, ენერგიის რაოდენობა, პირადი ძალა. მოკლედ, აქ ნათქვამია, რომ თქვენი ყურდღების დონეზე ენერგიის უზარმაზარი რაოდენობა უნდა გქონდეთ (როგორც მზეს) და ეს ენერგია - სულის, ან ღმერთის ენერგიაა. ანუ აქ პიროვნება არანაირ როლს არ თამაშობს, თქვენ კი თქვენი ცნობიერებით უმაღლეს ცნობიერებას ეყრდნობით. და მიღებული ყურადღებაა სწორედ ტრანსფორმაციის მარეგულირებელი ძალა. ამაზე ასევე მეტყველებს გლიფი „თავის ნათება“, ანუ საჭიროა აქტიური „ჩართვა“ ზემოდან. მაგი თავისი ცნობიერებით ჩართულია უმაღლეს ძალასთან. ასევე ესაა მითითება იმაზე, რომ ყველა ენერგია ზედა ჩაკრების დონეზე იმყოფება.

გაშლილი ფრთები. მოწოდება ცნობიერების გაფართოებისკენ.

ყვავილები. ეს თქვენი შემოქმედების შედეგებია.

გზა. გზა გვერდითაა, და ანგელოზი მასზე არ დგას. ეს ნიშნავს, რომ ალქიმიით თუ გაერთობით, შესაძლოა გზას გადაცდეთ. ალბათ წაგიკითხავთ ვადიმ ზელანდის წიგნები. ტრანსერფინგის ეს ტექნიკა სხვა არაფერია, თუ არა მე–14 არკანის ძალა. თუმცაღა ადამიანთა უმეტესობამ ვერ შეძლო მთავარის დანახვა მის წიგნებში. ყველა მოეჭიდა შესაძლებლობას, რომ როგორმე შეცვალონ თავიანთი ცხოვრება, წარმართონ იმ მიმართულებით, საითაც სურთ. თუმცაღა მისი ფილოსოფიის ქვაკუთხედს წარმოადგენს საკუთარი თავის სამყაროს დინებასთან ჰარმონიაში მოყვანა, რათა ადამიანი საკუთარ გზას გაჰყვეს. მისი ბოლო წიგნები თითქმის პირდაპირი ტექსტით ამბობენ ამას, მაგრამ მასები მათში მხოლოდ საკუთარი სურვილების დაკმაყოფილების შესაძლებლობას ხედავენ. კარტი კი ძალიან მკაფიოდ ამბობს: მთელი ენერგია ზედა ჩაკრებშია, და არა – ქვედებში. იქ კი სურვილები არაა, იქ ცოდნაა.

თასები. თასები ტაროში წყლის სტიქიაა. წყალი კი დროა. ანუ ამ მდგომარეობაში ჩნდება ძალაუფლება, რომ დავაჩქაროთ ან შევანელოთ დრო. საერთოდ, თასები აქ თავად ტრანსფორმაციას აჩვენებენ, ვერცხლის ოქროდ ქცევას. ესაა დნობის პროცესი, რომელსაც ადამიანი ამ არკანის ზემოქმედებით განიცდის.

როგორ მუშაობს ეს არკანი?

მას შემდეგ, რაც მაგი არკანის მდგომარეობას შეიგრძნობს, მისი აღქმა იცვლება. ახლა ყველაფერი, რასაც უყურებს, აღიქმება მის მიერ, როგორც სტრუქტურა, რომელიც დროში მოძრაობს გარკვეული სიჩქარით. ამ დინების სიჩქარის მართვით და პროცესის ენერგიის გაზრდით ან შემცირებით მაგი არეგულირებს ობიექტის ტრანსფორმაციას. არკანში ხარისხიანად შესვლისას შესაძლებელია შეიგრძნოთ სხვადასხვა განტოტვები, ანუ ვარიანტები იმისა, რადაც შეიძლება იქცეს ობიექტი.

მაგალითის სახით ავიღოთ ბავშვი. სანამ იგი პატარაა, არსებობს ათასი ვარიანტი, რად შეიძლება იქცეს. ალბათობების თეორიის თვალთახედვით, მას შეუძლია გახდეს როგორც ბანკირი ან პრეზიდენტი, ასევე „ბომჟი“ ან მკვლელი. აი, გაიზარდა ბავშვი და ახლა 20 წლიაა. იგი უკვე განპირობებულია გარკვეული თვისებებით და ჩვევებით. მისი პიროვნება უკვე საკმაოდ მყარია. ვარიანტები, ვინ შეიძლება გახდეს, უკვე გაცილებით ნაკლებია. აი, უკვე 60 წლისაა. ვარიანტები კიდევ უფრო ნაკლებია, რადგანაც პიროვნების განპირობებულობა კიდევ უფრო გაიზარდა.

თავდაპირველად, ამ არკანის ძალასთან მუშაობისას თქვენ დაინახავთ მიმდინარე მოვლნების შეცვლის შესაძლებლობებს, და აირჩევთ სავარაუდო ვარიანტებიდან. დავუშვათ, სამსახურში კოლეგებთან კონფლიქტი გაქვთ. ამ ძალის პოზიციით, მსგავს სიტუციაში არსებობს ერთდროულად სამი ობიექტი. ესენია თქვენ, კოლეგები და ურთიერთობა. თქვენ და კოლეგები მეტისმეტად ინერტულნი ხართ. და აი, ურთიერთობები კი, უფრო დინებადი ასპექტია, ამიტომ შესაძლებელია მასზე ზემოქმედება.
თქვენ შედიხართ არკანის მდგომარეობაში, და განეწყობით ურთიერთობებზე. ისინი უნდა შეიგრძნოთ, როგორც ერთგვარი დინება, რომელშიც სხვადასხვა დაჭიმულობებია. თითქოს მდინარეში მყარი მატერიის ნაჭრები ყრია. საკუთარი ყურადღებით, როგორც ლაზერით მუშაობისას, თქვენ ახურებთ ამ დაძაბულ მიდამოებს და პარალელურად ზრდით ან ამცირებთ მათ სიჩქარეს... ვიცი, რომ ბოდვას ჰგავს, მაგრამ თუ შეძლებთ ამ მდგომარეობაში შესვლას, გაიგებთ ჩემს სიტყვებს.
შემდეგ უკვე ყველაფერი დამოკიდებულია თქვენ მიერ არკანის ენერგიის გატარების უნარზე და პირად ძალაზე. დაჭიმულობების განმუხტვისას შეიგრძნობთ, რომ არსებობს სამსახურში მსგავსი ურთიერთობების სხვა ვარიანტები. კონცენტრირდებით რა საჭირო ვარიანტზე, თქვენ იწყებთ მისი ენერგიით ავსებას და სტაბილურ ფორმად ფიქსირებას. უნდა გაჩნდეს გრძნობა, რომ „სწორედ ასე იქნება“. მდინარე იმ მიმართულებით მიემართება, რომელიც თქვენ აირჩიეთ.

თუმცაღა იმისთვის, რომ ამ ძალის გარეთ გამოტანა ისწავლოთ, აუცილებელია, რომ თქვენს სტრუქტურაში დააგროვოთ იგი. თუკი ავიღებთ იგივე სიტუაციას კოლეგებთან, მაშინ შეიძლება ზემოქმედება არა ურთიერთობებზე, არამედ საკუთარ თავზე. შესაძლებელია შევცვალოთ ჩვენი სტრუქტურა და მათ თვალში ძალზედ პატივსაცემი ადამიანი გავხდეთ, ან სახიფათო და საშიში,და მაშინ თქვენი შეეშინდებათ. მაგრამ არის ერთი პრობლემა, საკუთარი თავისგან იმის გამოძერწვას, ვინც გინდათ, თქვენ ვერ შეძლებთ, რადგანაც შესაძლოა თქვენს პიროვნებაში არ აღმოჩნდეს აუცილებელი თვისებები. მე ეს ერთ ანეკდოტს მახსენებს.

ზის პატრა ბავშვი ქვიშაში და რაღაცას ძერწავს. გვერდით პოლიციელი ჩაივლის და ეკითხება:

- ბიჭუნა, რას ძერწავ?
- პოლიციელს.
- და როგორია მისი შემადგენლობა?

ქვიშა, თიხა, წყალი და ქაქი.

პოლიციელი გაბრაზდა, მშობლებთან წაიყვანა იგი, და ისინიც შეჰპირდნენ, რომ დასჯიდნენ ბავშვს. მეორე დღეს პოლიციელმა კვლავ გაიარა იმავე ადგილას და იგივე ბიჭი ისევ რაღაცას ძერწავდა.

- ბიჭუნა, დღეს რაღას ძერწავ?
- მეხანძრეს.
- და რა შემადგენლობა აქვს?
- ქვიშა, თიხა და წყალი.
- და ქაქი სადღაა?
- თუ ქაქს დავამატებთ პოლიციელი გამოვა.

ჩვენ არ შეგვიძლია საკუთარი თავისგან სუპერმენი შევქმნათ, რადგანაც ტყვიის ნაჭერს ვგავართ: მეტისმეტად მყარი ვართ. ამიტომ, საჭიროა ჩვენი გადადნობა. თუკი ამ არკანში შევდივართ და ამ ძალას ვუქვემდებარებთ თავს, სწორედ ამას გააკეთებს იგი. ამასთან მორალურად უნდა იყოთ მზად იმისთვის, რომ ცხოვრება შეიცვლება, და თანაც ძალიან სწრაფად. მზადყოფნა გულისხმობს უნარს, რომ იყოთ დინებადი და არ შეუშინდეთ ცვლილებებს.

რატომ ეწოდება არკანს „ზომიერება“? წარმოიდგინეთ, რომ ღუმელში ნამცხვრს ამზადებთ. იმისთვის, რომ ნამცხვარი გამოვიდეს, აუცილებელია ოპტიმალური ტემპერატურის შენარჩუნება. თუ ტემპერატურა მეტი იქნება, იგი დაიწვება, ხოლო თუ ნაკლები, კარგად ვერ გამოცხვება. სწორედ ესაა ზომიერების მდგომარეობა.
თუ ამ ძალასთან დაიჭირეთ საქმე, უნდა გახსოვდეთ, რომ საკუთარ თავში საჭირო ცვლილებებისთვის გარკვეული დროით უნდა შეინარჩუნოთ რიტმი. თითქოს თვითონ ვათავსებთ საკუთარ თავს ღუმელში და ველოდებით, სანამ მზად ვიქნებით. ყველაფერი ეს შესაძლებელია, თუკი ტრანსფორმაციის მთელი პერიოდის განმავლობაში ზომიერების მდგომარეობაში ვიქნებით.

ამიტომ მედიტაციას მოგცემთ საკუთარი თავის შეცვლაზე გათვლით. თუკი შეძლებთ, რომ ამ ძალის მეშვეობით ტრანსფორმაცია გაიაროთ, იგი თქვენი პიროვნების ნაწილი გახდება და შეძლებთ, რომ ნებისმიერ რამეზე მიმართოთ იგი და გაუშვათ ერთის მეორედ გარდაქმნის პროცესი.

მედიტაცია არკანზე

თავდაპირველად დარწმუნდით, რომ მზად ხართ შეიცვალოთ და საკუთარ თავზე მიიღოთ ამ ცვლილებების ყველა შედეგი. ამაზე პასუხს აგებს სულთან ჩართულობა, ანუ ზედა მიერთების აქტივობა (გლიფი - თავის ნათება).

ასევე დარწმუნდით იმაში, რომ საკმარისი პირადი ძალა, ანუ თავისუფალი ენერგია გაქვთ ცნობიერების დონეზე. თუ იგი არასაკმარისია, რამდენიმე დღით დაისვენეთ, საკუთარი აზრები წესრიგში მოიყვანეთ და მხოლოდ ამის შემდეგ შეუდექით პრაქტიკას.

შემდეგ დაჯექით, დაამშვიდეთ შდ–ი. დაიწყეთ თქვენი ცნობიერების გაფართოება (გლიფი - ანგელოზის ფრთები).

დაიწყეთ გონებაში საკუთარი სულის იდეის შენარჩუნება, ერთგვარი უმაღლესი ძალის, სანამ გრძნობების დონეზე სულიერი გარდასახვის შეგრძნება არ აღგავსებთ.
თქვენ შეგიძლიათ გააფართოოთ ცნობიერება იმის წარმოდგენით, რომ ზომებში იზრდებით. თავიდან ოთახს ავსებთ, შემდეგ მთელ სახლს, შემდეგ ქალაქს, ქვეყანას, მთელ პლანეტას, მთელ სამყაროს... და ა.შ. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ იმ ფიზიკური საზღვრების შეგრძნება დაკარგოთ, რომელსაც თქვენი სხეული ქმნის. ასევე შეგიძლიათ სხეულის დონეზეც შეიგრძნოთ, რომ ცოტათი მართლაც გაფართოვდით (გლიფი - ანგელოზის სამოსი).

ამ მდგომარეობაში დაიწყეთ ცვლილებებზე განწყობა (გლიფი - საყრდენი მდინარეზე). ამისთვის შეიძლება დააკვირდეთ ყინულის წყლად ტრანსფორმაციის პროცესს და დაიჭიროთ ეს ძალა, ან განეწყოთ თქვენი ცხოვრების დინებაზე და გაიხსენოთ საკუთარი ცვლილებები ბავშვობიდან დაწყებული მიმდინარე დრომდე.

ამ ყველაფერმა ერთად უნდა შეგიყვანოთ მდგომარეობაში, რომელშიც ანგელოზი ჩნდება. ეს სიტყვები არ უნდა გაიგოთ ისე, რომ თქვენ წინ ფრთებიანი მამაკაცი გაჩნდება, არამედ ისე, რომ სამყაროს სხვანაირად შეიგრძნობთ. თქვენი ცნობიერების მდგომარეობა შეიცვლება. და სწორედ აღქმის ცვლილება შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ანგელოზის დაშვება. ანუ იგი დაეშვა და თქვენ ის გახდით. თქვენი აღქმის ნებისმიერი ცვლილება უნდა მიიღოთ და თავი გააიგივოთ ამ ძალასთან.

ახლა უკვე შეგიძლიათ განეწყოთ იმაზე, რისი შეცვლაც გსურთ. მაგრამ ჯობია, რომ არ ეცადოთ თავიდანვე სამყაროს შეცვლას, არამედ თვითონ შეიცვალეთ, რათა უკეთ გაატაროთ ეს ენერგიები. ყველა ცვლილება ავტომატურად ხდება, უბრალოდ მდგომარეობის შენარჩუნებაა საჭირო. ამ მდგომარეობიდან ინდივიდუალური „მე“ შეიგრძნობა, როგორც სტრუქტურა, როგორც რაღაც მდგრადი. მიეცით ეს სტრუქტურა ანგელოზს. ეს ისე გამოიყურება, თითქოს ამ მდგომარეობიდან საკუთარ თავს უყურებთ (გლიფი - ოქროს დისკი თვალებს შორის), როგორც პიროვნებას და იწყებთ შეგრძნებას, რომ დნებით. თქვენი პიროვნების ინერტული, „გამყარებული“ საფუძველი დინებადი ხდება. ამ მომენტში შესაძლოა შეგარყიოთ. ბოლომდე უნდა მიეცეთ ამ რყევას, ვიბრაციებს, სითბოს, სიცივის და სხვა ეფექტების შეგრძნებებს. იჯექით ასე მანამ, სანამ ტრანსფორმაციის პროცესი არ დასრულდება. და მხოლოდ ამის შემდეგ გამოდით მედიტაციიდან.

უნდა გესმოდეთ, რომ ცვლილებები ნატიფ პლანზე მყისიერად გამოიწვევენ ცვლილებებს ფიზიკურ პლანზე. ეს ნიშნავს, რომ თუ ხვალ სამუშაოდან გაგანთავისუფლებენ, ეს უნდა მიიღოთ, როგორც ტრანსფორმაციისთვის აუცილებელი ელემენტი. გახსოვდეთ, რომ ცვლილებების პროცესში საკუთარ სულს უნდა დაეყრდნოთ, მიუხედავად იმისა, აცნობიერებთ თუ არა მას. როგორც დონ ხუანი ამბობდა, მეომარი ენდობა თავის პირად ძალას მიუხედავად იმისა, მცირეა იგი თუ უზარმაზარი.

ამ ძალის საკუთარ ცხოვრებაში მოხმობის დროს ნუ დაგავიწყდებათ, რომ საკმარისი ენერგია, ანუ პირადი ძალა უნდა გქონდეთ. პირადი ძალა ესაა შეგრძნება, როცა ძლიერი და თავდაჯერებული ხართ, და გჯერათ, რომ მთებს გადაატრიალებთ. მაგრამ ყურადღებით იყავით, საკუთარი თავი თვითშთაგონებით არ მოატყუოთ. თქვენი მზაობა უდრეკი უნდა იყოს. რადგანაც თუ საკმარისი ენერგია არ გექნებათ, თქვენი პიროვნების გადადნობის პროცესი არ გაეშვება და ამის გამო მხოლოდ უარესად გახდებით.

მე–14 არკანი სიდჰა

ამ არკანის სიდჰას წარმოადგენს ალქიმიის უნარი. მისი მეშვეობით სამყაროს შეხედავთ, როგორც გიჟი ქიმიკოსი პროფესორი. ყველგან დაინახავთ მასალას ტრანსფორმაციისთვის. ადამიანები, სიტუაციები და მოვლენები თქვენთვის მხოლოდ რეაქტივები იქნება, რომლებსაც, თუკი მათ კარგად დაამუშავებთ, რადაც გსურთ, იმად აქცევთ. მაგრამ გახსოვდეთ, რომ ალქიმიკოსობის თამაშით გართობის შედეგად შესაძლოა სულიერი ევოლუციის გზიდან გადაუხვიოთ.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff