მეთვრამეტე არკანი: „მთვარე“.
მეთვრამეტე არკანი: „მთვარე“. დაო. ძალა, რომელიც გზას მიანიშნებს
არკანი „მთვარე“ - პირველი არკანია, რომლისგანაც უნდა დავიწყოთ მაგიის სეფიროტული მოდელის შეცნობა. ერთი მხრივ, იგი საკმაოდ მარტივია, მეორე მხრივ კი საოცრად რთული. მოდი, ვცადოთ მასში გარკვევა.
ამ არკანის ძალა ადამიანს მისი გზის გაგებას აძლევს. თუმცა მე მინახავს, როგორ დაიწყო ბევრმა მაგიასთან ნაცნობობა ამ არკანის პრაქტიკით, და დიდხანს და გულმოდგინედ აპრაქტიკებდა მას, მაგრამ გაგებამდე მაინც ვერ მივიდა. ამიტომ ახსნა უნდა დავიწყოთ იმით, თუ საერთოდ რა არის გზა.
ყველას გვსმენია ფრაზები: „იპოვე შენი გზა“, „იარე გულის გზით“, „გზა მოსიარულის ფეხებქვეშ ჩნდება“, - და ა.შ. მაგრამ მე უფრო და უფრო ხშირად ვხვდები ადამიანებს, რომლებმაც საერთოდ არ იციან, რა უნდათ ცხოვრებისგან და საით უნდა იარონ. ამ გაუგებრობის მიზეზი იმაში იმალება, რომ ადამიანს სჯერა, ნებისმიერი გზის აზრი მიზანია, შედეგი, გზის დასასრული, დანიშნულების პუნქტი. ეს რწმენა ბავშვობიდან აღზარდეს ჩვენში განათლების სისტემის მეშვეობით. ნიშნებმა, რომლებსაც სკოლასა და ინსტიტუტში გვიწერდნენ, შეგვაჩვიეს, რომ სწორედ ნიშნებისადმი სწრაფვა გვქონოდა. როგორც ახლა ამბობენ სტუდენტები: „მთავარია დიპლომის აღება“. ანუ მთავარია სკოლის, ინსტიტუტის დამთავრება, თვითგანვითარება კი უმნიშვნელოა.
ასეთი მიდგომა შემდგომ ყველაფერ დანარჩენზე პროეცირდება: მთავარია სამსახური კარგი ანაზღაურებით, მთავარია ცოლის მოყვანა, ან გათხოვება, მთავარია შვებულებამდე მივაღწიო და ა.შ. ჩვენ ყველაზე მნიშვნელოვნად დასასრული, გზის შედეგი ვაქციეთ, მაგრამ გზა უყურადღებოდ დავტოვეთ.
თუ ამ მიდგომას სწორად თვლით, მაშინ მითხარით, რას უნდა მიაღწიოს ადამიანმა ცხოვრებაში? სახლი ააშენოს, ვაჟი გააჩინოს და ხე დარგოს? სულ ესაა?
მე მინახავს სხვადასხვა ადამიანები, რომლებიც ცხოვრების აზრს ეძებდნენ. მათ შორის იყვნენ წარმატებული ბიზნესმენებიც და სრულიად უიღბლოებიც, თანამდებობის პირებიც და უმუშევრებიც, მეოჯახეებიც და მარტოხელებიც, შვილიანებიც და უშვილოებიც. და ყველა ერთი და იგივე შეცდომას უშვებს. მათ სჯერათ, რომ არსებობს რაღაც მიზანი, რომლის მიღწევის შემდეგაც ადამიანი ბედნიერებას მოიპოვებს. ეს ადამიანები განწირულნი არიან, რომ ყოველთვის თავიანთი ზღაპრული მიზნისკენ გზაზე იყვნენ და ვერასოდეს მიაღწიონ მას. და რომ მიაღწიონ, აღმოჩნდება, რომ კიდევ სხვა მიზანი არსებობს. შემდეგ კიდევ სხვა, და ისინი ვერ მოასწრებენ. მიზნები არასოდეს თავდებიან. დაკმაყოფილება არ ხდება.
მაშ, რა უნდა ვქნათ? გზის ერთადერთი სწორი გაგება იმაში მდგომარეობს, რომ მას დასასრული არ აქვს. გზა ეს პროცესია. გზა ეს თავად ყოფიერებაა, თავად ცხოვრებაა. აი, რას აკეთებთ ახლა? სად იმყოფებით? რას ხედავთ? სწორედ ესაა გზა. დიახ, დიახ, ყველაფერი, რაც თქვენ გარშემოა, ყველაფერი, რასაც მოცემულ მომენტში წარმოადგენთ, ეს თქვენი გზაა. ვიცი, რომ ძნელია ამის გაგება და კიდევ უფრო ძნელია მიღება, რადგანაც ერთს ფუფუნება ახვევია გარშემო, მეორეს კი - სიღატაკე, მაგრამ სინამდვილეში არანაირი განსხვავება არ არის. გზა - თავისთავადაა გზა, როგორიც არ უნდა იყოს იგი.
გაგების სირთულე იმაშია, რომ ჩვენ ვცდილობთ გავიგოთ იმის აზრი, რაც ჩვენ გარშემოა, მაგრამ ეს უშედეგოა. გზას არა აქვს აზრი. ჩვენ არ გვაქვს არანაირი ზე-ამოცანა, რომლითაც დედამიწაზე მოვედით. არ არსებობს არანაირი გეგმა. არ არსებობს არანაირი მისია. უფრო სწორედ არ არსებობს არც გეგმა, არც ამოცანა და არც მისია, რომელსაც ინტელექტით გავიგებდით. ყველაფერი უაზრობაა. მაგრამ როგორც ერთმა მაგმა მითხრა აზრი უაზრობაშია.
ჯერ არაა გასაგები? ჩემი სიტყვების გაგების ერთადერთი საშუალება გზის საკუთარი თვალებით დანახვაა. უფრო სწორად, არა თვალებით და არც მთლად დანახვა. მოგვიანებით გაიგებთ, რასაც ვგულისხმობ.
ცხოვრება არ შედგება ცალკეული მიზნებისგან და მიღწევებისგან. ცხოვრება ეს პროცესია. სანამ ცოცხლები ვართ, ბოლომდე ჩართულნი ვართ ამ პროცესში და იგი თავის ანაბეჭდს ტოვებს ჩვენზე. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ცხოვრების ანაბეჭდი ვართ. ხოლო თუ ვამბობთ, რომ თავად ცხოვრებაა გზა, მაშინ გამოდის, რომ გზა ესაა „მე“, ყოველი ჩვენგანის ყოველი „მე“.
არსი იმაშია, რომ გზის თვალსაზრისით არანაირი განსხვავება არაა იმაში, თუ რა გზას გაივლით, იქნება ეს ოლიგარქის გზა თუ „ბომჟის“ გზა“. მაგრამ განსხვავება იმაშია, თუ როგორ გაივლით მას.
მე–18 არკანის ძალა არ მიგითითებთ, სადაა დამარხული განძი. ეს ძალა იმის ხედვის საშუალებას გაძლევთ, თუ როგორ მიდიხართ გზაზე. მასზე ხომ სხვადასხვა საშუალებით შეიძლება სიარული. უმეტესობა გზას შიშის გამო, ან დაუკმაყოფილებლობის გამო მიუყვება, მაგრამ თუ გზაზე გამოკვების წყაროს მიაგნებს, მანამდე ჩერდება, სანამ ეს წყარო არ ამოიწურება.
მე–18 არკანის მიერ ბოძებული უნარი კი საშუალებას აძლევს ადამიანს, რომ ჯერ დაინახოს, სად გაიჭედა, შემდეგ კი გამარჯვებული გამოვიდეს ამ სიტუაციიდან.
ცხოვრების ნებისმიერ მომენტში არსებობს ორი მხარე: ინის და იანის პრინციპი, შავი და თეთრი, არასწორი და სწორი. ამ არკანის ძალა საშუალებას გაძლევთ, რომ როგორღაც წინასწარ იცოდეთ რა მოქმედებაა სწორი და რა კონკრეტულ სიტუაციაში.
წარმოიდგინეთ, რომ იპოდრომზე იმყოფებით, დოღზე, და უეცრად მოისმინეთ საუბარი, საიდანაც გაარკვიეთ, რომ პირველი ფინიშამდე რომელიღაც ცხენი მივიდოდა, ნუთუ ყველაფერი ჩაწყობილია. ამ ინფორმაციიდან გამომდინარე შესაბამისად მოქმედებთ და შესაბამის ფსონს აკეთებთ.
მაშასადამე, მე–18 არკანის ძალა საშუალებას გაძლევთ, რომ იცოდეთ, როგორ იმოქმედოთ. ამ ძალის მეგზურობით მასთან თანხმობაში ცხოვრებას სწავლობთ. თუ ამ თანხმობას აღწევთ, მაშინ ნებისმიერი სიტუაცია ძვირფასი გაკვეთილი გახდება თქვენთვის. ძალასთან თანხმობაში მოქმედებით, სწორ მოქმედებას ირჩევთ. გზაზე ასეთი მოძრაობა განსაკუთრებულ სიხარულს იძლევა და თქვენი თანამშრომლობისთვის ნაყოფებით გაჯილდოვებთ.
გულწრფელად გეტყვით: იშვიათია, რომ ვინმეში ამ ძალის გაცნობამ აღტაცება გამოიწვიოს. ადამიანებს სამსახურიდან აგდებენ, მათ ცოლები ან ქმრები ტოვებენ, პარტნიორები „აგდებენ“, ისინი ავარიაში ჰყვებიან... და კიდევ ბევრი საინტერესო.
აქ შემდეგი რამ უნდა გავიგოთ. სწორად ცხოვრება ეს არ ნიშნავს რაიმე შაბლონით ცხოვრებას. ჩვენ ვიმყოფებით სისტემაში, როგორც „შესტიორკები“ საათის მექანიზმში. და ყოველ ჩვენგანს გვაქვს ჩვენი ადგილი იმის შესაბამისად, თუ რას წარმოვადგენთ სისტემისთვის. ჩვენი ცხოვრება შესაძლოა დიდხანს ყოფილიყო არასწორად მიმართული იმის გამო, რომ ჩვენ რაღაც ავიკვიატეთ და მედგრად მივდიოდით სისტემის წინააღმდეგ.
როცა მე–18 არკანის პრაქტიკას დაიწყებთ, მისი ძალა გაწონასწორების მექანიზმს ჩართავს. თუ შორს წავედით ჩვენი ადგილისგან, მაშინ გაწონასწორება შესაძლოა უხეში იყოს. მაგრამ ყველა ამ „წარუმატებლობას“, წარუმატებლობად მხოლოდ „საშუალო“ ადამიანი აღიქვამს. მაგი კი ამაში გზის გაკვეთილებს ხედავს. იგი სწავლობს ამ ძალისგან და ღებულობს ყველა ცვლილებას, რომელსაც იგი შესთავაზებს. არკანი ეს ქარია. ჩვენ მხოლოდ სწორად უნდა მივმართოთ ჩვენი აფრები. მაგრამ თუ შტორმში მოვყევით, ე.ი. უნდა ვისწავლოთ საჭის მართვა შტორმის პირობებში. ჩვენ არ შეგვიძლია ავირჩიოთ ჩვენი გზა, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვიაროთ მასზე.
ვაღიარებ, ეს არკანი ჩემი საყვარელი არკანია. მან მკაცრად აღმზარდა, მაგრამ დავმეგობრდით. ერთხელ ასეთი სიტუაცია მოხდა, ჩემთან მოვიდა ადამიანი და დაიწყო მოყოლა, რომ მას უკვე რამდენიმე წელია წარუმატებლობა არ ტოვებს. მან რამდენიმე ათეული შემთხვევა ჩამოთვალა, რომლებისგანაც ძარღვებში სისხლი გამეყინა. როცა თხრობა დაასრულა, თანაგრძნობით განვიმსჭვალე მის მიმართ და გადავწყვიტე, რომ რადაც არ უნდა დამჯდომოდა უნდა დავხმარებოდი ამ ადამიანს.
და უეცრად, მომდევნო მომენტში ჩემთან ამ ადამიანის გზის გაგება მოვიდა. მივხვდი, რომ ყველა ეს წარუმატებლობა ამ ძალის მოქმედების შედეგი იყო. სხვა სიტყვებით ის გზაზე იდგა. მის პრობლემა მხოლოდ იმაშია, რომ მთელი ძალებით მიცურავს ქარის საწინააღმდეგოდ. მე დიდხანს ვუხსნიდი ამ ძალასთან მუშაობის პრინციპს, სანამ არ მივაღწიე იმას, რომ შეგუებოდა თავისი ყველა წამოწყების სევდიან დასასრულს. როგორც ვიცი, ამის შემდეგ ბედმა კიდევ უფრო მეტად მოუჭირა მარწუხები, მაგრამ მან სწავლა და ამაში თავისი გზის დანახვა დაიწყო. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ შავი ზოლი ისევე მალე დამთავრდა მის ცხოვრებაში, როგორც დაიწყო. ყველაზე სასაცილო ის იყო, რო მას საქმიანობის სფერო არ გამოუცვლია. მან იგივე სამუშაო ადგილზე მიაღწია წარმატებას. შეიცვალა მხოლოდ ერთი - თავად ეს ადამიანი.
მას შემდეგ ამ არკანის სიდჰა მივიღე და ახლა ყველა ადამიანის გზას ვხედავ. მაგრამ ნუ მკითხავთ, რას ჰგავს გზის ხედვა. ამის ახსნა არ შეიძლება. ეს თავად უნდა დაინახოთ. ვფიქრობ, მოვიდა ამ ძალასთან პრაქტიკულად გაცნობის დრო.
მე–18 არკანის პრაქტიკა
შევხედოთ კარტს. რას ვხედავთ მასზე? ზემოთ მთვარეა, რომელიც მზეს ფარავს. ჰორიზონტზე, ქვიან უდაბნოში ორი კოშკია, მათ შორის გზაა. ეს ბილიკი იწყება ჭაობთან, რომელშიც კირჩხიბია, გაივლის მწვანე მდელოს და იკარგება უდაბნოში. მინდორში გზის ორივე მხარეს განლაგებულია ძაღლი და მგელი. სურათის ფონი ცისფერია. რას ნიშნავს ეს ყველაფერი?
ცისფერი ფონი. ცისფერი - ვიშუდჰა ჩაკრას ფერია, რომლის სიხშირეზეც ადამიანის ცნობიერება მუშაობს. აქედან გამომდინარე ეს გლიფი მეტყველებს იმაზე, რომ ეს ჩაკრა აქტიური უნდა იყოს, ანუ მასში ენერგია უნდა იყოს. იგი ასევე მიუთითებს, რომ გზის გაგება ანუ დანახვა ცნობიერებით ხდება. სხვა სიტყვებით, გზა არაა ის, რაც სხეულით უნდა აკეთოთ: დაკავდეთ რაღაც კონკრეტული საქმით ან იცხოვროთ რომელიღაც განსაზღვრულ ადგილას. გზის დანახვა მხოლოდ ცნობიერების დონეზეა შესაძლებელი.
მთვარე, რომელიც მზეს ფარავს. ეს გლიფი ძალიან საინტერესოდაა დახატული. იგი თითქოს მთვარის სამ მდგომარეობას აჩვენებს. მთვარე ნახევარმთვარის სახით, სავსე მთვარე და მზის დაბნელება. მთვარის ეს სხვადასხვა ფაზები მისი ძალის სხვადასხვა მდგომარეობაზე მიუთითებს. თავად არკანს „მთვარე“ ეწოდება, რაც მინიშნებას გვაძლევს, რომ არკანის ძალა მთვარის აქტივობის მომენტშია აქტიური. სოციოლოგებმა დიდი ხანია აღმოაჩინეს კანონზომიერებები მთვარის ფაზებისა და ადამიანების ქცევის ურთიერთკავშირში. განსაკუთრებით „უცურდება სახურავი“ ხალხს სავსემთვარეობის დროს. ამიტომაც ამ დროს მოულოდნელი და სპონტანური ქცევები ამ ძალის ზემოქმედებით აიხსნება.
კოშკები. ამ გლიფის ახსნა სხვადასხვაგვარად შეიძლება. კლასიკურ ვარიანტში კოშკებს შიფრავენ, როგორც „საიდუმლოს“ ან „საიდუმლო ცოდნას“. და რა არის საიდუმლო? ესაა ამოუცნობი. აქედან გამომდინარე გზა ყველას მიუთითებს, რომ ამოუცნობისკენ უნდა ვიაროთ, რადგანაც მხოლოდ ასე შეიძლება რაღაც ახლის შეცნობა.
ბილიკი. ბილიკი თავად გზაა. იგი მიხვეულ-მოხვეულია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ გზა რთულია. ეს არაა სწორი გზატკეცილი. ახალი ცოდნის მისაღებად ოფლის ღვრა იქნება საჭირო.
უდაბნო. რას შეიძლება გვეუბნებოდეს ეს გლიფი? თავად სიტყვა „უდაბნო“ (Пустиня) მომდინარეობს სიტყვისგან ცარიელი (Пусто). ანუ ესაა ადგილი, სადაც არავინ ცხროვრობს. იქ არავინაა. ესაა მდგომარეობა, რომელშიც ამოუცნობის შეცნობა ხდება. თქვენი გზა მხოლოდ თქვენია. მასზე არ აქვს ადგილი არც ცოლს, არც ქმარს, არც მეგობარს, არც საყვარელს. ამ გზის გავლა სრულ მარტოობაში მოგიწევთ. მაგრამ აქ სწორი გაგებაა საჭირო. ეს მარტოობა შინაგანია და არა გარეგნული. თქვენ შეიძლება ოჯახიც გყავდეთ და მეგობრების მთელი ბრბოც, მაგრამ ცხოვრების იმ გაგებას, რომელსაც გზაზე შეეჯახეთ, ვერავის გაუზიარებთ. სხვები საუკეთესო შემთხვევაში შეშლილად ჩაგთვლიან.
მდელო. ეს გლიფი აღწერს ადგილს, სადაც ცხოვრება ჩქეფს. იგი შეიძლება განვიხილოთ, როგორც სოციუმი, რომელშიც ვცხოვრობთ. მდელო გაყოფილია ორ ნაწილად, და მის ორივე მხარეზე თითო ცხოველი დგას.
ძაღლი. ეს გლიფი აღნიშნავს მეგობარს. მაგრამ მეგობარს არა მხოლოდ ადამიანური თვალსაზრისით, არამედ ერთგვარ მეგობრულ მდგომარეობებს. მაგალითად, როდესაც ცხოვრებაში ყველაფერი მშვიდადაა, კარგადაა, სტრესების გარეშეა და წარმატებულია, ეს ნიშნავს, რომ გზაზე „ძაღლია“ გააქტიურებული. ასევე ეს გლიფი აღნიშნავს ადამიანებს, რომლებიც თქვენს მიმართ მტრულად არ არიან განწყობილნი.
მგელი. ეს გლიფი შესაბამისად „მტერს“ აღნიშნავს. ანუ მდგომარეობებს, რომლებიც გზაზე სიარულში ხელს გიშლიან, ასევე ადამიანებს, რომლებიც თქვენს მიმართ მტრულად არიან განწყობილნი.
კირჩხიბი. კირჩხიბები იმით არიან ცნობილნი, რომ ყოველთვის უკან-უკან იხევენ. ანუ ეს გლიფი აღნიშნავს ჩვენს ინერტულობას, ჩვენს სიზარმაცეს, უკანდახევის და დანებების სურვილს.
ჭაობი. ჭაობი წყალია, წყალი კი ტაროში დროს აღნიშნავს. დრო ჩვენი სამყაროს მეოთხე კოორდინატია, რომელიც აღიქმება, როგორც წარსული დრო. წარსული კი - ნაცნობია. ამიტომაც ეს გლიფი შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ის მდგომარეობა, რომელშიც იმყოფებით. თუკი არ ისწრაფვით ახლისკენ და ამოუცნობისკენ, მაშინ უფრო მეტად სტაბილურობისკენ ისწრაფვით. სტაბილურობის შეგრძნებას გვაძლევს სამყარო, როდესაც იგი წინასწარ გამოცნობადია. აი, რატომაა, რომ თუ ადამიანმა რაღაც მყუდრო სამუშაო ადგილი იპოვნა, არაფრის დიდებით არ წამოვა იქიდან. აქ ხომ სტაბილური ანაზღაურებაა. მაგრამ ვერ ხვდება, რომ ეს სტაბილურობა ერთხელაც ჭაობად იქცევა და ყურებამდე ჩაითრევს მას.
თუ თქვენი ცხოვრება „ზაზუნას დღეს“ ჰგავს, ეს ზუსტი მინიშნებაა იმაზე, რომ თქვენ ჭაობში ხართ. განვითარება არ ხდება.
მაშ, როგორ გამოიყურება გზა? დავუშვათ, ამოუცნობისკენ სიარული, ახალი ცოდნის შემეცნება, მაგიით დაკავება და ა.შ. გადაწყვიტეთ. მიუხედავად იმისა, რომ გზის დასაწყისში ენთუზიაზმით ხართ აღსავსე, რაღაც დროის შემდეგ პირველ წინააღმდეგობას შეხვდებით. ესაა კირჩხიბი. თქვენ ისეთი სიზარმაცე შეგიპყრობთ, რომ თავადაც გაგიკვირდებათ. ათასი მიზეზი გაგიჩნდებათ იმისთვის, რომ ჭაობში იჯდეთ და არსად არ იაროთ. მსგავსი რამ შემემთხვა მეც.
როდესაც ჩემს მასწავლებელთან მაგიის შესწავლა დავიწყე, დაახლოებით ერთი თვის შემდეგ ყველაფრის მიმართ აპათია შემომაწვა. ჩვენ სწორედ მე–18 არკანზე ვმუშაობდით, და უეცრად ძალიან ზარმაცი გავხდი. ვაცდენდი მეცადინეობებს ინსტიტუტში, მთელი დღეები კომპიუტერულ თამაშებს ვთამაშობდი, საშინლად მინდოდა სექსი, ორჯერ უფრო მეტს ვეწეოდი. ერთადერთი, რის გამოც ტრაკის სავარძლიდან აწევა შემეძლო, გართობა იყო.
ერთხელაც დღისით საწოლზე ვიწექი. არაფერს არ ვაკეთებდი, უბრალოდ ვიწექი და რაღაცაზე ვფიქრობდი. ასე გავატარე ოთხი საათი, მაგრამ ყველაზე სასაცილო ისაა, რომ ორი საათი ამ ოთხიდან ტუალეტში მინდოდა. მე რეალურად მეზარებოდა ხუთი მეტრის გავლა. მანამდე ვიწექი, სანამ ჩემი შარდის ბუშტი კინაღამ არ გასკდა!
როცა ტუალეტიდან გამოვედი, ბოლოს და ბოლოს გავაცნობიერე, რომ რაღაც ისე ვერ იყო. წერილი მივწერე მასწავლებელს და მან მიპასუხა, რომ „კირჩხიბს გადავეყარე“. და მხოლოდ ერთი რჩევა მომცა - ყოველდღე მევარჯიშა, თუნდაც 20 წუთი, მაგრამ ყოველდღე, და მეკეთებინა, მეკეთებინა, მეკეთებინა.
მივყევი რა მის რჩევას, მომავალში ისეთი უზარმაზარი ბიძგი მივიღე, რომ სამ თვეში ჩავაბარე ინსტიტუტში 60 ვალზე მეტი, რომელთა შორისაც შვიდი გამოცდა იყო, ორი საკურსო, ექვსი რეფერატი, დაახლოებით ორმოცი ტესტი და რამდენიმე სემინარი.
თუ გზაზე „კირჩხიბის“ ზემოქმედების ქვეშ მოხვდებით, უნდა იცოდეთ, რომ აუცილებელია საკუთარი ინერტულობის გადალახვა. და როგორ შეძლებთ ამას? მხოლოდ იმით, რომ ბოლომდე, კვლავ და კვლავ აკეთოთ ის, რასაც ხელი მოჰკიდეთ. წარმოიდგინეთ კოსმოსური ხომალდი, რაკეტა, რომელიც კოსმოსში უნდა გაუშვან. იმისთვის, რომ რაკეტა მიწას მოსწყდეს, ენერგიის უზარმაზარი რაოდენობაა საჭირო. და იგი ძალიან ნელა იღებს სტარტს, რადგანაც საკუთარი მასის ინერციის გადალახვა სჭირდება. მაგრამ სამაგიეროდ, როდესაც სიჩქარეს აიღებს, ვეღარაფერი შეაჩერებს.
თუ ფიზიკური სხეულების ინერტულობის გადალახვასთან დაკავშირებით ყველაფერი ასე თუ ისე გასაგებია, როგორ უნდა გადავლახოთ ცნობიერების ინერტულობა? გზასთან დაკავშირებით ხომ ამაზეა საუბარი, რადგანაც გზაზე ცნობიერება მოძრაობს და არა სხეული? გახსოვდეთ, რომ გამუდმებით უნდა აკეთოთ, აკეთოთ და აკეთოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში რისკავთ, რომ ტყუილად გაფლანგავთ ენერგიას და კვლავ ჭაობში აღმოჩნდებით.
„კირჩხიბის“ ზეგავლენის გადალახვის შემდეგ შეეჯახებით იმას, რომ თქვენი სამყარო ორ ნახევრად გაიყოფა. ერთი მხრიდან - „ძაღლები“, რომლებიც გაცდუნებენ, რომ ყურზე მოეფეროთ, მეორე მხრივ - „მგლები“, რომლებიც გაშინებენ და საჩხუბრად გიწვევენ.
ეს ყველაფერი ასე გამოიყურება. თქვენ გზაზე მოძრაობთ, და უცებ ნათესავები და მეგობრები გაბეზრებენ თავს, და თქვენგან ყველას რაღაც უნდა. თანაც ისე, რომ თვითონაც ვერ ხსნიან თავიანთ ინტერესს. თქვენი მცდელობებისას, რომ რაღაც ახალი შეიცნოთ, ისინი მოგაყრიან რჩევებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იცხოვროთ და რა უნდა აკეთოთ. ყველანაირად ეცდებიან, თავიანთი აზრისკენ გადაგიბირონ, და მიგანიშნებენ, რომ თუ ისე გააკეთებთ, როგორც თვითონ გირჩევენ, მათ მხარდაჭერას მიიღებთ. ზოგიერთ შემთხვევაში ეს ძალიან მაცდურად გამოიყურება. მაგრამ შეხედეთ კარტს. სად დგას ძაღლი? იგი გზისგან განზე დგას. ამიტომაც თუკი თქვენს გზაზე „მეგობრების“ პრიორიტეტებით ისარგებლებთ, გზას გადაუხვევთ.
სწორი გადაწყვეტილება იქნება თუ ძველ კურსს შეინარჩუნებთ, ანუ კურსს ამოუცნობის მხარეს. თუმცაღა ასეთი ქცევა თქვენს „მეგობრებს“ სავარაუდოდ არ მოეწონებათ, და მაშინ ისინი შესაძლოა „მგლებად“ იქცნენ. ყველანაირი ხერხით დაიწყებენ თქვენთვის ხელის შეშლას, უსიამოვნებების შექმნას. სხვა სიტყვებით, ისინი თქვენი ჩხუბისადმი პროვოცირებას მოახდენენ ერთი მიზნით - რომ არსად არ წახვიდეთ და მათთან დარჩეთ.
საერთო ჯამში, შესაძლოა თქვენი გარემოცვა ჭკუიდან შეიშალოს. ეს იმით აიხსნება, რომ თქვენი მოძრაობა აუცილებლად გამოიწვევს ცვლილებებს გარემომცველ სივრცეში. მაგრამ ამ სივრცეს მრავალ ადამიანთან ერთად იყოფთ. და თუმცა გზაზე მოძრაობა ეს თქვენი პირადი საქმეა, მაგრამ იგი ასევე იწვევს სხვა ადამიანების სივრცის ცვლილებასაც. მათ კი ეს ცვლილებები არ სჭირდებათ მაშინაც კი, თუ სრულიად განადგურებული ცხოვრება აქვთ. ეს მათი ჭაობია, და არ უნდათ იქიდან ამოსვლა. ამიტომ ყველაფერი, რის გაკეთებაც დაგრჩენიათ, ესაა ის, რომ არ უპასუხოთ მათ პროვოკაციებს და შეინარჩუნოთ ყურადღება თქვენს გზაზე ახალი ცოდნისკენ. და მაშინ მიაღწევთ უდაბნოს.
იქ კი არავინაა. ყველამ დაგანებათ თავი. უკვე აღარ სჭირდებით, აღარც მეგობრებს და აღარც მტრებს. და აი აქ ტყდება უმეტესობა. მარტოობა უმძიმესი გამოცდაა გზაზე. მაგრამ იგი წარმოადგენს უდიდეს სიხარულსაც. როგორც კი ამ გრძნობას მიაღწევთ, იცოდეთ, რომ სულ ცოტაღა დარჩა. მალე კოშკებს მიაღწევთ და რაღაც ახალს გაიგებთ. თქვენი ცხოვრება შეიცვლება, ახალ სიმაღლეზე ახვალთ და ცხოვრებაც ახალ ნაყოფებს მოგიტანთ.
იმის მიხედვით, თუ რამდენად დიდია ეს ახალი ცოდნა, ასეთივე იქნება თქვენი ახალი ცხოვრებაც. მაგრამ გახსოვდეთ, გაჩერება არ შეიძლება, რადგანაც რაღაც დროის შემდეგ ეს ახალი ნავსაყუდელი ჭაობად იქცევა. გზას დასასრული არა აქვს.
მედიტაცია არკანზე
არკანში შესვლა სხვადასხვა საშუალებით შეიძლება. მედიტაცია ყველაზე უსაფრთხო მეთოდია. თუმცაღა ყველაზე ნელიც. ყველაზე სწრაფ მეთოდს წარმოადგენს ასეთ ძალასთან შესაბამისობაში მოქმედება. მაგალითად, ამ არკანისთვის ეს იქნებოდა მოქმედება, მგსგავსი იმისა, როდესაც იღებთ ზურგჩანთას ყველაზე აუცილებელი ნივთებით, გადიხართ სახლიდან და მიდიხართ, სადაც თვალები იყურებიან მხოლოდ ერთი ფიქრით - შეიცნოთ ახალი. ამასთან ყველაფერ ძველს ანგრევთ. დაბრუნება არ შეიძლება, ისევე როგორც ძველი კავშირების გამოყენება. ახალ სამყაროში წასვლა, ბილეთის აღება ერთი მიმართულებით და გამგზავრება მხოლოდ იმის იმედად, რომ გზა იქ გაგიყვანს, სადაც საჭიროა.
მაგრამ მე ყველანაირად გირჩევთ, რომ ასე არ მოიქცეთ. მე ვიცი ადამიანები, რომლებიც ასე მოიქცნენ. წაიკთხეს რაღაც ფილოსოფიური წიგნები, აბსოლუტურად არ იყვნენ მზად ამოუცნობისთვის და მისკენ გადადგეს ნაბიჯი... და ამოუცნობმა გაანადგურა ისინი. უმეტესობა ძალებისგან სრულიად დაცლილი დაბრუნდა თავის ჭაობში, და იქ გაატარა მთელი დარჩენილი ცხოვრება, საშინელ მდგომარეობაში.
ამიტომ მე არკანზე მედიტაციას გასწავლით. მედიტაციის არსი იმაშია, რომ თქვენ ინარჩუნებთ ყურადღებას ამა თუ იმ გლიფის გარკვეულ მნიშვნელობებზე. როდესაც დიდხანს ვაჩერებთ ყურადღებას რაიმე ხატ-სახეზე, ჩვენი ცნობიერება მიჰყვება ამ ხატ-სახეს, ანუ როგორც ჩვენ ვამბობთ - გადაეწყობა მასზე. გარკვეულ მნიშვნელობაზე გადაწყობა ჩვენს ცნობიერებას ვიწროდმიმართულს ხდის და გვაიძულებს, რომ გარესამყაროში მხოლოდ ის შევამჩნიოთ, რაც ამ მნიშვნელობას შეესაბამება. ეს აღქმის შაბლონს ჰგავს. მედიტაცია საშუალებას იძლევა, რომ რაღაც დროით შექმნას იგი და ჩვენი ცნობიერება დაუმორჩილოს იმ ძალებს, რომლებიც ამ შაბლონში არსებობენ.
უნდა გვესმოდეს, რომ მედიტაცია საჭიროა თანდათანობით, ნელ-ნელა დავიწყოთ, რადგანაც ახალი შაბლონი აუცილებლად დაიწყებს ბრძოლას ძველთან, და ძველი გაიმარჯვებს. თუმცაღა თუ კვლავ და კვლავ განაგრძობთ პრაქტიკას, შეამჩნევთ, რომ თანდათანობით აღქმის ახალი მდგომარეობა თავის დაღს დაასვამს ყოველდღიურ ცხოვრებას და გაიძულებთ, რომ ამა თუ იმ არკანის გამოვლინებები დაინახოთ.
მედიტაცია მე–18 არკანზე
დაჯექით მოხერხებულად. ამ პრაქტიკის დროს ჯობია შუაღამე შეარჩიოთ, როდესაც მთვარე თავის ძალაში შედის. ყველაზე ძლიერი ეს არკანი მთვარის დაბნელების დროსაა, მაგრამ ეს ძალიან იშვიათად ხდება, ამიტომ ამ არკანთან ნაცნობობა ჯობია აღმავალი მთვარიდან და სავსემთვარეობის მომენტებში დაიწყოთ.
დახუჭეთ თვალები. წარმოიდგინეთ მთვარე. თქვენ უბრალოდ კი არ უნდა დახატოთ იგი სიბნელეში, არამედ უნდა შეიგრძნოთ ენერგია და გაიჟღინთოთ მისით. თუ ეს არ გამოგდით, მაშინ იმ მომენტებში, როდესაც ცაზე მთვარე მოჩანს, ივარჯიშეთ მის ჭვრეტაში.
ჭვრეტა ესაა პრაქტიკა, რომელიც კონცენტრაციას გვაგონებს. მაგრამ თუ კონცენტრაციისას თქვენი ყურადღება თითქოს აწვება ობიექტს, ანუ აკეთებს ქმედებას, რომელიც გვაგონებს პროცესს „ჩემგან“, ჭვრეტა, პირიქით,ესაა პროცესი „ჩემზე“. სხვა სიტყვებით, თქვენ უყურებთ მთვარეს ყოველგვარი აზრების გარეშე, ყოველგვარი სურვილების გარეშე, საშუალებას აძლევთ მთვარეს, რომ ზეგავლენა მოახდინოს თქვენზე. ამ პრაქტიკას სამურაები აკეთებდნენ. შორეული მსვლელობების დროს ისინი აშენებდნენ სპეციალურ მოედნებს, საიდანაც მთვარე უნდა ეჭვრიტათ. რატომ აკეთებდნენ ამას არ ვიცი, მაგრამ თუ ვინმეს კარგად ესმოდა, რას ნიშნავს გზა - ეს სამურაები იყვნენ.
„მთვარის მდგომარეობის“ მიღების შემდეგ თქვენ იგი დახუჭული თვალებით უნდა წარმოიდგინოთ. ჩვენ შეგვიძლია მაშინაც კი შევიგრძნოთ მთვარე, როდესაც იგი ცაზე არ მოჩანს. სწორედ ამაშია განწყობის არსი. არა უბრალოდ შთავაგონოთ რაიმე საკუთარ თავს, არამედ დავიჭიროთ სიგნალი სამყაროს იმ ნაწილიდან, რომელსაც ეს ხატ-სახე შეესაბამება.
შემდეგ მოახდინეთ კოშკების ვიზუალიზაცია. კოშკები შეესაბამება საიდუმლოს, ამოუცნობს. ეს უკვე უფრო რთულია. როგორ გამოვიწვიოთ საკუთარ თავში ამოუცნობის შეგრძნება? შეგვიძლია გავიხსენოთ ცხოვრების ის მომენტები, როდესაც მიდიოდით რაღაც ქმედებაზე, რომლის შედეგიც უცნობი იყო. ანუ ქმედება, რომელსაც ცხოვრებაში პირველად აკეთებდით, და არ იცოდით რა გამოვიდოდა ამისგან.
მე, მაგალითად, ყოველთვის ვაძლევ რეკომენდაციას - წარმოიდგინონ, რომ ამ კოშკებში დამალულია რაღაც მაგიური წიგნები და გრაგნილები, რომლებშიც დაფარულია კაცობრიობის ყველაზე დაფარული საიდუმლოებები. მაგრამ რა წიგნებია ეს, და რა საიდუმლოებებს შეიცავს - უცნობია. თუ ამ ხატ-სახეზე შეინარჩუნებთ ყურადღებას, შეძლებთ, რომ ამოუცნობის შეგრძნება დაიჭიროთ.
როდესაც ამ შეგრძნებას მიაღწევთ, განეწყვეთ უდაბნოზე. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ უდაბნოში ხართ, აბსოლუტურად მარტო. წარმოიდგენთ რა უდაბნოს ხატ-სახეს, არ აყვეთ ძველ წარმოდგენებს მის შესახებ. ეს არაა ის უდაბნო, სადაც ცხელა, აქლემები დადიან და გამუდმებით გწყურია. ესაა უდაბნო, სადაც მარტოობა მეფობს. სადაც სიცარიელეა და თქვენ მეტი არავინაა. უბრალოდ იგრძენით, რომ ერთი-ერთზე ხართ ამოუცნობთან. და გააგრძელეთ მოძრაობა.
შემდეგ განეწყვეთ მდელოზე. ფაქტიურად მდელო მდელოა. ბალახები, სიცოცხლე გარშემო. ერთი მხრიდან ძაღლი, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ნებისმიერი ძაღლი, მთავარია გამოიწვიოთ ის შეგრძნება, რომ ეს ძაღლი მეგობრულ დამოკიდებულებას ასხივებს.
მეორე მხარეს მგელია, რომელიც ხიფათს და მტრულ დამოკიდებულებას ასხივებს. უნდა შეიგრძნოთ, როგორ ახდენს თქვენზე პროეცირებას ორივე მხრიდან ეს ორი ენერგია, ორი მდგომარეობა. თქვენ კი ცენტრში ხართ და არცერთ მხარეს არ ირჩევთ.
შემდეგ განეწყვეთ ჭაობზე. ჭაობი ესაა თქვენი ახლანდელი ცხოვრება. ესაა მთელი თქვენი წარსული და აწმყო. ესაა ყველაფერი, რაც სამყაროზე და საკუთარ თავზე იცით. იგრძენით იგი, მიმართეთ თქვენი განზრახვა გზისკენ და მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ უსასრულოდ ივლით ამოუცნობის შეცნობის გზაზე.
მას შემდეგ, რაც თანმიმდევრულად შეიგრძნობთ ყველა გლიფს, კვლავ მიმართეთ მათზე ყურადღება სხვადასხვა თანმიმდევრობით. კოშკები, მთვარე, ჭაობი, ძაღლი, მგელი, კვლავ მთვარე, კვლავ კოშკები, მდელო, ჭაობი და ა.შ. ამ სხვადასხვა შეგრძნებებზე კონცენტრაციისას, შესაძლოა შეამჩნიოთ, თუ როგორ აღწევს თქვენს პრაქტიკაში სურვილი, რომ დაასრულოთ მედიტაცია, დაისვენოთ, გაერთოთ და ა.შ. ეს კირჩხიბია. სცადეთ, რომ ეს შეგრძნებები შეუთავსოთ კირჩხიბის ხატ-სახეს, რომელიც უკან, ჭაობისკენ მიიწევს. და განაგრძეთ ამოუცნობის შეცნობის განზრახვა.
მაშ ასე, თქვენ გადაგაქვთ ყურადღება გლიფიდან გლიფზე და გრძნობთ ხან ერთ მდგომარეობას, ხან მეორეს. აკეთეთ ასე მანამდე, სანამ ვეღარ შეამჩნევთ განსხვავებას გლიფებს შორის. რაღაც მომენტში იგრძნობთ, რომ რაღაც მდგომარეობების ნაცვლად მოვა ერთი მდგომარეობა, რომელიც ყველაფერს აერთიანებს. სწორედ ესაა არკანის მდგომარეობა.
მოახდინეთ მასზე კონცენტრაცია და იყავით მასში იქამდე, სადამდეც შეგიძლიათ. შემდეგ კი თვალები გაახილეთ. მედიტაცია დასრულებულია.
მედიტაციის შემდეგ გირჩევთ, რომ საკუთარ თავთან დარჩეთ და ჩუმად იყოთ. იმ მდგომარეობაში, რომელიც პრაქტიკის შემდეგ რჩება, უმჯობესია საკუთარ ცხოვრებისეულ გზაზე დაფიქრდეთ. რა არის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი და რა არ არის? რისკენ უნდა ვისწრაფვოთ და რას ვებრძოლოთ? შეადარეთ ეს მდგომარეობა ჩვეულებრივ ადამიანურ პრიორიტეტებს. ეცადეთ გაიგოთ, მნიშვნელოვანია თუ არა ამ მდგომარეობაში მატერიალური კეთილდღეობა, სხვა ადამიანების შეხედულება, გართობა. თუ არა, მაშინ რას აქვს ჭეშმარიტი მნიშვნელობა?
ნუ იჩქარებთ ამ კითხვებზე პასუხის პოვნას პირველი ცდიდან. უბრალოდ კვლავ და კვლავ დაუბრუნდით პრაქტიკას. არკანის მდგომარეობა, ანუ არკანის ძალა თანდათანობით შემოაღწევს თქვენს ცხოვრებაში. ერთხელაც შეამჩნევთ, რომ მაგალითად ჩვეულებრივი შეხვედრა მეგობრებთან უკვე ისე აღარ გახარებთ, როგორც ადრე. უცებ შეამჩნევთ, რომ ცოტა წინ წახვედით, მეგობრები კი იგივე დონეზე დარჩნენ. ის საუბრები, რომლებშიც ადრე საათებს ხარჯავდით და მათგან სიამოვნებას ღებულობდით, ახლა უკვე „უგემურად“ გეჩვენებათ და ძველებურ მომხიბვლელობას კარგავს. თქვენ უბრალოდ ხედავთ ამას. ასე გაჩვენებთ არკანის ძალა თქვენს გზას.
მე–18 არკანის სიდდჰა
ამ არკანის სიდდჰას, ანუ ზებუნებრივ უნარს წარმოადგენს ნიშნების კითხვის უნარი. ძნელია იმის ახსნა, თუ რას წააგავს ეს. თუმცაღა არის ერთი წესი: როდესაც ნიშანს ხედავთ, თქვენ იცით, რომ ეს ნიშანია. თუ თავიდანვე შორს ხართ თქვენი გზისგან, მაშინ ამ არკანის ძალა საკმაოდ სასტიკი მეთოდებით გაგაწონასწორებთ. ერთი მხრივ, ეს უსიამოვნოა, მაგრამ მეორე მხრივ, ეს ნიშნებია. თუ რაღაც ინგრევა თქვენს ცხოვრებაში, ამას არკანის მდგომარეობიდან უნდა შეხედოთ. თავიდან შესაძლოა არ გამოგივიდეთ. მაგრამ თუ ყურადღებით იქნებით, შეამჩნევთ, თუ როგორ ხდებოდა რაღაც ამა თუ იმ სიტუაციამდე, და ეს ნიშანი იყო. მაგრამ ამ ყველაფერს ძალიან გვიან მიხვდით.
შემდეგ იგრძნობთ, რომ ნიშანი სიტუაციის მომენტში მოვიდა, შემდეგ კი ისწავლით ნიშნების დანახვას მანამდე, სანამ სიტუაცია მოხდება. თუმცაღა ოსტატობა მდგომარეობს იმის განზრახვის უნარში, რომ ნიშანი დავინახოთ.
მაგალითად, გჭირდებათ, რომ რაღაც ამოცანა გადაჭრათ, მაგრამ როგორ გადაჭრათ არ იცით. მაშინ იწყებთ განზრახვას (Намерение), რომ დაინახოთ გადაწყვეტილება, და თუ თქვენი განზრახვა ძლიერია, მაშინ იხილავთ ნიშანს, რომელიც თქვენი ამოცანის გადაჭრის გზას გაჩვენებთ. ზოგჯერ ეს აბსურდამდე მიდის. მაგალითად, ერთხელ საუბარი მქონდა ადამიანთან, რომელმაც ერთი საინტერესო ფინანსური წინადადება შემომთავაზა. რადგანაც ამ არკანთან უკვე დიდი ხანია ახლოს ვიყავი, მაშინვე ვიგრძენი შინაგანი წინააღმდეგობა, რომელიც მაშინვე წავიკითხე, როგორც ნიშანი იმისა, რომ იქ არაფერი მესაქმებოდა. მაგრამ წინადადება იმდენად მაცდუნებელი იყო, გადავწყვიტე, რომ განზრახვით შემემოწმებინა იგი. იმ მომენტში, როდესაც შევქმენი განზრახვა - გამეგო, მიღირდა თუ არა დავთანხმებოდი მის წინადადებას, იგი ჩაის მისხამდა ჭიქაში. ამ დროს მეზობელ მაგიდასთან ოფიციანტ გოგონას ჩაიდანი გაუვარდა ხელიდან და გატეხა.
მე იმდენად გამეცინა სიტუაციის მყისიერ გაგებაზე, რომ უკვე ვერანაირი ეშმაკობით ჩემი თანამოსაუბრე ვეღარ მათქმევინებდა უარს ჩემს გადაწყვეტილებაზე, რომ არ ჩავრთულიყავი ამ ავანტიურაში.
ნიშნების დანახვის სწავლა საკმაოდ ადვილია. საჭიროა მხოლოდ, რომ გარკვეული დროის განმავლობაში გზას მიუძღვნათ თავი. მაგრამ ნიშნის შესაბამისად მოქმედება - ეს უკვე რთული საქმეა. ხანდახან ნიშნები ჯანსაღი აზრს და ლოგიკის ყველა კანონს ეწინააღმდეგებიან. მაგრამ დამიჯერეთ, თუკი იმოქმედებთ იმ ნიშნების თანახმად, რომლებსაც ეს ძალა გიგზავნით, მაშინ დააგროვებთ მას. ხოლო თუ ამ ძალას საკმარისი რაოდენობით დააგროვებთ, არა მხოლოდ აღარ გადაუხვევთ გზიდან, არამედ შეძლებთ სხვა ადამიანების გზების ამოცნობასაც, მათზე ზემოქმედებას, მათი ნიშნების დანახვას. სამყარო აღარ იქნება თქვენთვის შემთხვევითობების თანმიმდევრობა. იგი ძალიან მკაფიო და ნათელი გახდება. ასეთი გაგებით არასოდეს მოექცევით ჩიხში. თქვენს ცხოვრებაში აღარასოდეს დადგება „შავი ზოლი“. უნდა ითქვას, რომ „თეთრიც“ არ დადგება. მაგრამ რაღაც უფრო მეტი გექნებათ - საკუთარი გზა.