ვერტიკალური ნება

ალექსეი პახაბოვი
0
0

ავტორი: ალექსეი პახაბოვიმთარგმნელი: მამუკა გურული ნაწილი I. ძალისადმი მსახურება ეს წიგნი წარმოადგენს პრაქტიკულ სახელმძღვანელოს ადამიანთა ძალიან განსაზღვრული წრისთვის. უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვ...

ნაწილი III. ვერტიკალური ნება

 

ნაწილი III. ვერტიკალური ნება

ნება მომეცით, რომ ეს ნაწილი დავიწყო კითხვით: „რაზე ფიქრობდით, როდესაც წიგნის წინა ორ ნაწილს კითხულობდით?“ ყურადღებით იყავით საკუთარი თავის მიმართ? ხედავდით, როგორ ცდილობდა თქვენი ყურადღება, მოეფიქრებინა, თუ როგორ შეძლებდით ამ პრაქტიკების მეშვეობით თქვენი ცხოვრების შეცვლას? ან იქნებ უკვე მოიფიქრეთ, როგორ გამოიყენოთ ეს ძალები საკუთარი თავის საკეთილდღეოდ? შეამჩნიეთ თქვენი მოტივაცია?

საქმე იმაშია, რომ თანამედროვე სამყარო ძალიან ჩაეფლო თავის ეგოში. და როდესაც ადამიანი მაგიაში მოდის, იგი ამ ცოდნის სათავისოდ მორგებას ცდილობს. ასე რომ, კითხვები მხოლოდ იმისთვის დავსვი, რომ შეგძლებოდათ ამ უცნაური გრძნობის დაჭერა, თითქოს ვიღაც თქვენ შიგნით ამ ძალების მეშვეობით თქვენი ცხოვრების სასიკეთოდ შეცვლას ვარაუდობს. და ცოტამ თუ შეამჩნია, რომ პირველ თავს ერქვა - „ძალისადმი მსახურება“, ანუ თქვენ ემსახურებით მას, და არა ის – თქვენ. იგი გცვლით თქვენ და ცვლის თქვენს ცხოვრებას სწორედ ისე, როგორც მას სჭირდება. მხოლოდ ისღა დაგრჩენიათ, რომ მიიღოთ იგი.

ეს სამსახურში მოწყობას ჰგავს. თუკი თქვენს ახალ სამსახურში ჰამბურგერებს ყიდიან, თქვენ, ალბათ, სხვა რაღაცის გაყიდვა გსურთ, მაგრამ ვინ შეგეკითხებათ? არსებობს სისტემა, და თქვენ მისი ჭანჭიკი ხართ. იმ მხარეს მოგიწევთ ტრიალი, საითაც გიბრძანებენ.

უდავოა, რომ შესაძლებელია საკუთარი თავისა და საკუთარი სურვილების ამ ძალებისადმი დაქვემდებარება და განვითარებასთან ერთად საკუთარი საჭიროებების დაკმაყოფილება. მაგრამ თუკი თქვენ წინ თქვენი პიროვნული „მე“ ივლის, შორს მაინც ვერ წახვალთ. რატომ? იმიტომ, რომ ენერგია არ გეყოფათ.

მოვიყვან მაგალითს იმავე სამსახურთან დაკავშირებით. დავუშვათ, კარგი ხელფასი გაქვთ, მაგრამ სამსახური არ გიყვართ. ანუ თქვენი ერთი ნაწილი კმაყოფილია, მეორე კი - არა. ეს ორი ნაწილი გამუდმებულ კონფლიქტში იქნება ერთმანეთთან, რაც მიგიყვანთ თანდათანობით გამოფიტვამდე და ენერგია არ გეყოფათ ახალი გარღვევისთვის, მაგალითად, იმისთვის, რომ საკუთარი საქმით დაკავდეთ. 

მაგიასთან დაკავშირებითაც იგივეა, ისწავლით რა არკანების ძალის გამოძახებას, თქვენ იწყებთ საკუთარი პრობლემების გადაწყვეტას, მაგრამ პრობლემები არ მთავრდება. თუ თქვენი ეგო გმართავთ, მაშინ თქვენი ცხოვრება, რა თქმა უნდა, შეიცვლება (ხელფასი გაგეზრდებათ), მაგრამ თქვენ არ შეიცვლებით (სამსახური მაინც ის დარჩება, რომელიც არ გიყვართ).

ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. და „საკუთარი“ მიზეზის არცოდნა ამა თუ იმ ქცევებისთვის. დანაშაულია მაგისთვის. მიზეზი, რომელიც მოქმედებისკენ გვიბიძგებს,ესაა ჩვენი „რატომ?“: „რატომ ვიღვიძებ დილაობით? რატომ ვაპრაქტიკებ მაგიას? რისთვის ვცხოვრობ?“

შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეს ძალზე ფილოსოფიური საკითხებია, მაგრამ სინამდვილეში მათზე პასუხები მოტივებია მოქმედებებისთვის. და ეს მოტივები მიმართულების ვექტორს აძლევენ ჩვენს ენერგიას.

მე ძალიან მიყვარს ადამიანებთან ერთი თამაში, როდესაც ისინი ამბობენ, რომ სამსახურს ვერ პოულობენ. მე ვეკითხები:

- და რაში ჭირდება ადამიანს სამსახური?
- იმისთვის, რომ ფული ჰქონდეს.
- ფული რა საჭიროა?
- იმისთვის, რომ ელემენტარულად საჭმელი ჰქონდეს.
- კარგი, რაში ჭირდება ადამიანს ჭამა?
- იმისთვის, რომ იცხოვროს.
- და ბოლო კითხვა. რისთვის ცხოვრობს ადამიანი?

და აი აქ ძალიან მიყვარს იმის ნახვა, თუ როგორ შეშდება ადამიანი, რადგანაც სრულიად არ ესმის საკუთარი ცხოვრების მიზანი. და თუ პასუხი არაა, ყურადღება რაღაც უკვე არსებულისკენ მიდის, მაგალითად - „იმისთვის, რომ იმუშაოს“.

იმუშაო, რათა იცხოვრო, და იცხოვრო, რათა იმუშაო. საშინელი ცხოვრებაა, არ გეჩვენებათ ასე?

თუკი დაიწყებთ საკუთარ ქმედებათა მიზეზების ახსნას და პასუხს გასცემთ კითხვას - „რატომ?...“, მაშინ დაინახავთ, რომ პასუხებს, რომლებიც თავში მოგდით, ნაცნობის ელფერი გადაჰკრავთ. მაგალითად, რისთვის უნდა გვქონდეს ბევრი ფული? იმისთვის, რომ უკეთ ვიცხოვროთ. ასეთი პასუხით ჩვენ ზუსტად ვიცით, რა არის „უკეთ“. ანუ ჩვენი „უკეთ“ უკვე აღწერილია ჩვენი ეგოს შიგნით და უკვე გვაქვს წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორ გავიუმჯობესოთ ცხოვრება ფულის მეშვეობით. მაგრამ შემდეგ ვკითხულობთ: რატომ უნდა ვიცხოვროთ უკეთ? იმისთვის, რომ თავი კომფორტულად ვიგრძნოთ და ბედნიერების მდგომარეობას მივაღწიოთ. კომფორტიც და ბედნიერებაც მოცემულ შემთხვევაში ჩვენი გონებისთვის ასევე უკვე ნაცნობია. ესაა კონკრეტული კომფორტი, კონკრეტული ბედნიერება. და მე ვიტყოდი, რომ ესაა „ადამიანური“ კომფორტი, „ადამიანური“ ბედნიერება. 

იმისკენ მიმყავს, რომ ყველა ჩვენი მოტივი, ყველა ჩვენი მიზანი ვერ იქნება სხვა, გარდა ადამიანურისა, და ყველანი ისინი ჩვენთვის უკვე ნაცნობია.
სცადეთ ყველა პასუხის ჩამოთვლა ერთ კითხვაზე: „რატომ?...“ მაგალითად, იგივე მარადიულ კითხვაზე: „რისთვის ვიცხოვრო?“ ერთიმეორეს მიყოლებით იწყებთ პასუხების ჩამოთვლას. მოიფიქრეთ ათობით მოტივაცია, ყველაზე განსხვავებულები, ცხოვრების ათეულობით აზრი. თუმცაღა, როდესაც მათ მოიფიქრებთ, ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ როგორ ფიქრობთ. მართლა ქმნით პასუხების ახალ ვარიანტებს? მართლა შეგიძლიათ გამოგონება, თუ უკვე არსებული სიიდან ირჩევთ?

თუკი ყურადღებით იქნებით საკუთარი თავის მიმართ, შეამჩნევთ, რომ სინამდვილეში არანაირი შემოქმედება არ ხდება. ყველა ჩვენი პასუხი სხვა არაფერია, თუ არა ჩვენთვის უკვე ნაცნობი ცხოვრების აზრები. ეს მხოლოდ შესაძლო ვარიანტების სიაა. ერთი ერთს ირჩევს ამ სიიდან, მეორე - მეორეს. მაგრამ შეგიძლიათ, რაღაც ახალის მოფიქრება? გაგიკვირდებათ, მაგრამ არა, არ შეგიძლიათ. არჩევა შესაძლებელია მხოლოდ ნაცნობიდან, თითქოს მაღაზიაში მხოლოდ იმ ასორტიმენტიდან ირჩევთ, რომელიც მასშია წარმოდგენილი.

თუკი საკუთარ თავს შემდეგაც დააკვირდებით, დაინახავთ, რომ ყველა თქვენ მიერ მოფიქრებული ვარიანტი ადამიანურია, ანუ ვარიანტები, რომლებიც ცალსახად ადამიანურ მოლაპარაკებაში არსებობს. და ამ მოლაპარაკებას (შეთანხმებას) ჩვენ ჰორიზონტალს ვუწოდებთ.

ყველაფერი, რაც ადამიანს სურს, ყველაფერი, რაც მას შეუძლია განიზრახოს, ყველაფერი, რაზეც შეიძლება იფიქროს, ყველაფერი ეს არ სცდება მისი საკუთარი შეთანხმების, მისი სამყაროს სურათის ჩარჩოებს. ადამიანის ენერგეტიკის პოზიციით, ესაა მისი ჰორიზონტალური ურთიერთქმედება სამყაროსთან. ფიქსაციის წერტილი (ფწ) აშუქებს სამყაროს, როგორც ფანარი უსაზღვრო ველს, და ყველაფერი, რასაც ადამიანი ხედავს, მხოლოდ მისი ჰორიზონტალია. ყოველ კასტას თავისი ჰორიზონტალი გააჩნია, და როგორც შედეგი, თავისი აზრები, თავისი „რატომ“. მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი ადამიანურნი არიან და ჩვენს ადამიანურ ბუნებას ემსახურებიან.

მაგი კი ცდილობს, გააცნობიეროს თავისი ენერგეტიკული ანუ ღვთაებრივი ბუნება. იცით, ჩვენ მხოლოდ იმიტომ ვართ ადამიანები, რომ გვასწავლეს ასეთებად ყოფნა. ჩვენ ადამიანების სამყაროში გავიზარდეთ და ჩამოვყალიბდით პიროვნებებად, ამიტომ ადამიანთა სამყაროს გარდა სხვა სამყაროს არ ვიცნობთ.

მაგიური ცოდნა ამბობს, რომ სამყარო ბევრია და ადამიანს შეუძლია მათი შეცნობა. ამისათვის მან საკუთარი ნამდვილი ბუნება უნდა შეიცნოს. ცოდნა ამბობს, რომ პირველადად ჩვენ ვართ ძალა, ენერგია. დაბადებისას არ ვართ სტრუქტურირებულნი. ვხვდებით რა ადამიანურ შეთანხმებაში, ჩვენი ენერგია სწავლებას, სტრუქტურირებას იწყებს, როგორც საშენი მასალა, და იქცევა ადამიანურ არსებად ადამიანური გონებით. მაგრამ როდესაც ევოლუცია მაგების კასტაში გადადის, ჩნდება საკუთარი სტრუქტურის მართვის, მისი ტრანსფორმაციის შესაძლებლობა, რასაც მივყავართ საკუთარი თავის სრულიად სხვა, ენერგეტიკულ სპექტრში შეცნობისკენ.

მაგრამ კვლავ ჩნდება კითხვა - რატომ? და აქ არის პასუხების ორი ვარიანტი. პირველი ჰორიზონტალურია, ადამიანს თავისი ბუნების შეცნობა სურს, რათა მიიღოს მეტი ბერკეტი თავის ადამიანურ ცხოვრებაზე ზემოქმედებისთვის. მოტივი გასაგებია, ვინც მეტი იცის, შესაბამისად, მეტი შეუძლია და მეტს მიიღებს. მაგრამ ასეთი მოტივაცია გამომდინარეობს ცალსახად ჰორიზონტალური, ადამიანური ცხოვრებიდან.

პასუხის მეორე ვარიანტი ვერტიკალური ხასიათისაა. აი, მისი ახსნა კი თითქმის შეუძლებელია. ასე ვთქვათ, მაგი ამას აკეთებს იმიტომ, რომ „ჰორიზონტალურმა“ ცხოვრებამ მისთვის ყოველგვარი აზრი დაკარგა. ადამიანთა სამყაროში აღარ დარჩა მეტი მიზეზი, რომელიც დაიჭერს. და მთელი მისი ყურადღება ისწრაფვის საკუთარი თავის, როგორც ენერგეტიკული არსების რეალიზაციისკენ, მაშინ, როცა ჩვეულებრივი ადამიანი ცდილობს რეალიზდეს როგორც ადამიანური არსება თავისი ადამიანური, „ჰორიზონტალური“ მოტივებით.

ვერტიკალური ევოლუცია ეს არაა არჩევანი ამ სიტყვის ჩვენეული გაგებით. ეს აუცილებლობაა. იგი მუხლუხოს პეპლად ტრანსფორმაციას ჰგავს. სასაცილოა, მაგრამ ყველა მუხლუხო არ ირჩევს პეპლის გზას. ბევრი მათგანი „მუხლუხოს რეჟიმში“ რჩება, და, როგორც ჩანს, ამისთვის თავისი მიზეზები გააჩნია. მაგრამ რომელიღაც მათგანი ხვდება პირობებში, რომელშიც შესაძლებელია ეს ტრანსფორმაცია „ჰორიზონტალური“ არსებიდან „ვერტიკალურში“. ეს უბრალოდ ხდება. სწორედ მეოთხე კასტაში გადასვლა ნიშნავს ვერტიკალური ევოლუციის გზის რეალურ გაცნობიერებას, რომელიც მაგიაში „ვერტიკალური“ ნების მეშვეობით მიიღწევა.

„ვერტიკალური“ ნება - ესაა მაგის მამოძრავებელი მოტივი. რამდენადაც მისთვის ჰორიზონტალურმა ცხოვრებამ ყველა აზრი დაკარგა, დგება საკითხი, საით მიმართოს ენერგია. აი, აქ აცნობიერებს მაგი, რომ აბსოლუტურად არ იცის ვინაა. იმ მაგებისგან, რომლებმაც დაასრულეს თავიანთი ევოლუცია დედამიწაზე, ვიცით, რომ ჩვენს ნამდვილ ბუნებას ცოტა აქვს საერთო იმასთან, რასაც „ადამიანს“ ვეძახით. ჩვენ სინათლისგან და ძალისგან მოქსოვილი არსებები ვართ. ჩვენ ვართ ღმერთები, დაბადებულნი მთელი ყოფიერის წყაროსგან. ლამაზად ჟღერს, მაგრამ როგორ უნდა ჩავწვდეთ ამას საკუთარი გამოცდილებით? სწორედ ამისთვის არსებობს ოკულტური ცოდნა. მაგია, როგორც ცოდნის სისტემა, წარმოადგენს დაჩქარებული ევოლუციური განვითარების სისტემას, რომლის არსიც საკუთარი ჭეშმარიტი ბუნების შეცნობაა. მაგრამ მისი შეცნობა შესაძლებელია მხოლოდ საკუთარი თავის გამთლიანებით. აუცილებელია, რომ მთლიანად წარვმართოთ საკუთარი თავი ვერტიკალისკენ, ზემოთ, ყოფიერების ღვთაებრიობისკენ, მთელი სისავსით. თუკი ჩვენი რომელიღაც ნაწილი დამოკიდებული იქნება „ჰორიზონტალურ“ მოტივებზე, მაშინ არაფერი გამოგვივა.

იცით, ვერტიკალური განვითარება არ წარმოადგენს ადამიანურ მოტივს. ეს რაღაც ისეთია, რაც ჩვენს ყველა უჯრედშია. ეს მოტივი ჩვენში ჯერ კიდევ მანამდე გაჩნდა, სანამ ჩვენი სხეული აზროვნებას ისწავლიდა, მანამდე, სანამ ადამიანებად ყოფნას ვისწავლიდით. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი დანიშნულება ვერტიკალური ზრდაა.
ერთხელ ზოოლოგებმა შეამჩნიეს, რომ მსხვილი მტაცებლები კატისებრთა ოჯახიდან ტყვეობაში უფრო ნაკლებს ცოცხლობენ, ვიდრე ველურ გარემოში. და მეცნიერები დაფიქრდნენ: „რატომ?“ ველურ ბუნებაში ხომ ბევრი საფრთხეა, იქ საჭმელი მძიმე შრომით მოიპოვება. აქ კი, გშია? აგერ ხორცი. გამრავლება გინდა? აგერ პარტნიორი.

ყველა მოთხოვნილება დაკმაყოფილებულია, მაგრამ ცხოველებს შეუპოვრად არ სურთ ხანგრძლივად სიცოცხლე. საბოლოოდ მეცნიერებმა გაარკვიეს მიზეზი. აღმოჩნდა, რომ ცოცხალი ფორმების მოთხოვნილებები გაცილებით უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე ჩვენი წარმოდგენა მათზე. ვეფხვს არა მხოლოდ ხორცის ჭამა სჭირდება, არამედ ნადირობაც. ეს მისი ბიოლოგიური მოთხოვნილებაა. ძუ ლომს სჭირდება არა მხოლოდ აღზარდოს თავისი ბოკვრები, არამედ დაიცვას კიდეც თავისი ტერიტორია. ეს მისი მოთხოვნილებაა, მისი დანიშნულება. და ეს მოთხოვნილება მათაც კი გააჩნიათ, ვინც ტყვეობაშია დაბადებული. გამოდის, რომ აღზრდისა და გარე პირობების შესაბამისად ცოცხალ ფორმებში არსებობს რაღაც, რაც ამ არსების დაბადებასთან ერთად იბადება. და იგი მასში ჯერ კიდევ მანამდე არსებობს, სანამ ეს არსება საკუთარი თავის გაცნობიერებას ისწავლის.

თუ ამ ლოგიკას გავყვებით, უნებურად საკუთარ თავს უსვამ კითხვას: „და რა დანიშნულება გვაქვს ჩვენ, ადამიანებს? რა გაჩნდა ჩვენში ჯერ კიდევ მანამდე, სანამ აზროვნებას ვისწავლიდით? სანამ ადამიანები გავხდებოდით?“

პასუხი ბანალურია. ჩვენი, როგორც ადამიანების მისია, ჩვენი ბედი და დანიშნულება სწავლაა. თანაც ეს ჩვენი ყველას დანიშნულებაა. ჩვენი ჭეშმარიტი ბუნება საკუთარ თავში შეიცავს განვითარების მუდმივ მოტივს. ამის დამტკიცება იოლია. საკმარისია, უბრალოდ დავჯდეთ და არაფერი ვაკეთოთ. დაჯექით სავარძელში და არ გააკეთოთ არანაირი მოძრაობა, თვალებითაც კი. არ იფიქროთ, არ იმოძრაოთ, იქეცით ქანდაკებად. და იგრძნობთ, როგორ გაჩნდება მაშინვე თქვენში რაღაც ძალა, რომელიც მოქმედებისკენ გიბიძგებთ. მეორე კითხვა იმაშია, რომ არანაირ მოქმედებებს, გარდა ჰორიზონტალურისა, ჩვენ არ ვიცნობთ. ცალსახად ჰორიზონტალში განვითარებით, ადამიანი თანდათანობით ფიტავს საკუთარ თავს. ადამიანური ბუნების წვდომა შეუძლებელია. რამდენიც არ უნდა გვქონდეს ენერგია, ყველაფერზე მაინც არ გვეყოფა. ადამიანი ვერ მოასწრებს ყველაფრის განცდას, რაც ამქვეყნადაა. ვერ მოასწრებს ყველგან ყოფნას, ყველაფრის მონახულებას. რამდენსაც არ უნდა მივაღწიოთ ადამიანურ ჰორიზონტალში, ყოველთვის იქნება კიდევ რაღაც. დაკმაყოფილება არ მოდის, ძალები კი გვითავდება.

ვერტიკალი - ეს მეორე უსასრულობაა. მისი წვდომაც ასევე შეუძლებელია, თუმცაღა მას უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ჰორიზონტალს. ჰორიზონტალში შეგვიძლია განვვითარდეთ მხოლოდ სანამ ცოცხლები ვართ, სანამ სხეული გვაქვს, სანამ ადამიანები ვართ და ადამიანთა სამყაროში ვცხოვრობთ. ვერტიკალურ ევოლუციაში ჩვენ გვაქვს შანსი, რომ განვაგრძოთ განვითარება სიკვდილის შემდეგაც, მას შემდეგ, რაც ფიზიკურ სხეულს დავკარგავთ და ენერგეტიკული არსებები გავხდებით. თუმცაღა იმისთვის, რომ ცნობიერება სიკვდილის შემდეგაც შევინარჩუნოთ, აუცილებელია, რომ გადავაქციოთ იგი უმძლავრეს ვერტიკალურ ვექტორად, რომელიც გაჟღენთილია განსაკუთრებული თვისებით, რომელიც მხოლოდ ადამიანებს გააჩნია ჩვენს პლანეტაზე. სწორედ ამით განვსხვავდებით სხვა ცოცხალი არსებებისგან და ამით უფრო მაღლა ვდგებით ევოლუციურ კიბეზე. ესაა ნება.

ადამიანთა უმეტესობა სურვილიდან გამომდინარე მოქმედებს, „ეს მინდა, შემდეგ ის მინდა...“ და ა.შ. ძირითად მოტივებს საშუალო ადამიანისთვის სურვილები წარმოადგენენ. სურვილებს კი ჰორიზონტალი მართავს.

თავის მხრივ, ნებას არ გააჩნია სურვილებთან არაფერი საერთო. მისი წყარო ჩვენს ენერგეტიკულ ბუნებაშია და ვერტიკალური ვექტორი გააჩნია. სწორედ ჩვენი ცხოვრების საკუთარ ნებასთან შესაბამისობაში მოყვანით ვღებულობთ შანსს პიროვნების ტრანსფორმაციისთვის, ჰორიზონტალურიდან ვერტიკალურ აღქმაში, ადამიანურიდან ღვთაებრივში გადასვლისთვის.

ბევრს ნება ესმის, როგორც რაღაც, რაც საშუალებას გვაძლევს ვძლიოთ საკუთარ თავს რაღაცაში, ან ვაიძულოთ რაღაცის კეთება. ეს მთლად ასე არაა. ამის გასაგებად საჭიროა, რომ ვიპოვოთ საკუთარ თავში ქმედების მიზეზი, მისი მოტივი და ის, რამაც იგი დაბადა. როცა საკუთარ თავს რაღაცის კეთებას ვაიძულებთ, ეს შინაგანი ბრძოლა მხოლოდ ძალებს გვართმევს. თავად თვითდარწმუნების პროცესი იმაში, რომ „ მე ეს მჭირდება“, აზრიდან გამომდინარეობს. ვიღაცამ გვითხრა, რომ 18:00-ის შემდეგ ჭამა არ შეიძლება - და აი, ჩვენ ვაძალებთ საკუთარ თავს, რომ ვიშიმშილოთ. ბევრში ეს აბსურდამდე დადის. საღამოს მუცელს ბოლომდე ამოივსებენ ხოლმე, შემდეგ კი ამ წესს მისდევენ და კიდევ უფრო მეტ ზიანს აყენებენ საკუთარ თავს. ამაში არაა ნება, არამედ ესაა ენერგიის გადაქაჩვა ერთი „მე”-დან, რომელსაც ჭამა უნდა, მეორე „მე“-სკენ, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ეს საზიანოა.

სხვა სიტყვებით, როდესაც აზრი მოტივს წარმოადგენს, არანაირი ნება არ იღვიძებს და ნების ამგვარად აღზრდა არ ხდება.

ნება ესაა სიტყვა „კონტროლის“ სინონიმი. ამასთან საკუთარი თავის, როგორც მოაზროვნე ადამიანის კონტროლი, და კონტროლი არა აზრის მეშვეობით. ნება უფრო გრძნობაა, რომელიც არსებობს იმაში, რის გაცნობიერებულ კონტროლსაც ვიწყებთ. მაგალითად, ბევრს აქვს პრობლემა შინაგანი დიალოგის გათიშვასთან დაკავშირებით. ცდილობს რა მის გათიშვას გაძლიერებული კონცენტრაციის მეშვეობით, ადამიანი მხოლოდ თავის ტკივილს ღებულობს. თუმცაღა, თუ იგი დაიწყებს საკუთარი შდ-ს კონტროლს და გაცნობიერებულად იფიქრებს, მაშინ დროთა განმავლობაში საკუთარ თავში უცნაურ გრძნობას განიცდის, რომელშიც უკვე აღარაა ფიქრები. მისთვის საკმარისია უბრალოდ კონცენტრირდეს ამ შეგრძნებაზე, და აზრები თანდათანობით გაქრებიან. და იგი არ თრგუნავს მათ, არამედ ისინი თავად მიდიან, ასევეა, მავნე ჩვევებთან დაკავშირებითაც. მათი დათრგუნვა არაა საჭირო. გაცნობიერებული ცხოვრება ნებას აძლიერებს, შემდეგ მხოლოდ ამ გრძნობის შენარჩუნებაა საჭირო, და მაშინ არ არსებობს არანაირი ბრძოლა, არანაირი გამოფიტვა, ყველაფერი მარტივი და იოლია.

ჩემმა კვლევებმა ამ სფეროში იქამდე მიმიყვანა, რომ ჰორიზონტალური ცხოვრება არ ავითარებს ნებას. ჰორიზონტალში ჩვენ უფრო ვსწავლობთ, როგორ დავხარჯოთ სწორად ენერგია და მოვახდინოთ მისი საკუთარ მიზნებზე კონცენტრაცია. გარედან ეს შესაძლოა ჰგავდეს იმას, რომ ასეთი ადამიანი ძლიერი ნების მქონე ადამიანია, მაგრამ ჩემთვის იგი მიზანსწრაფული უფროა.

მაგალითად, შუა ასაკის კრიზისი სხვა არაფერია, თუ არა ქვეცნობიერი გაგება იმისა, რომ ადამიანი ჰორიზონტალში ჩაიძირა და მისგან გამოსავალს ვერ ხედავს. მას შეეძლო ძალიან ბევრისთვის მიეღწია, მაგრამ შინაგან სევდას განიცდის და ძალა არ აქვს, რომ გამორთოს იგი. მაგრამ თუკი ყურადღება მიმართულია განვითარების ვერტიკალისკენ, მაშინ სევდა აღარაა. ასეთი ადამიანი თავის „ჰორიზონტალურ მიზნებს“ მხოლოდ ვერტიკალური ზრდისთვის აღწევს. ასეთი მიდგომა იძლევა ამ გრძნობას, რომელსაც ნებას უწოდებენ, და მასში არაა სევდა, ისევე როგორც სიხარული. ესაა უბრალოდ საკუთარი თავის კონტროლის შეგრძნება. ამ გრძნობაში ადამიანს ნამდვილად ესმის, თუ რას ნიშნავს იყო საკუთარი თავის პატრონი. ეს მას ბედნიერს ხდის, მაგრამ არა ემოციურად. ვერტიკალური ნების ბედნიერება იმაშია, რომ ძალას გრძნობ, პირად ძალას.

მაგრამ როგორ მივმართოთ ყურადღება ვერტიკალისკენ, თუკი გავითვალისწინებთ, რომ ნებისმიერი ჩვენი „რატომ“ თავისი ბუნებით ჰორიზონტალურია?
ვერანაირად, მეგობრებო. ეს შეუძლებელია. ცოდნა ამბობს, რომ ადამიანს ყველაზე მეტად ამქვეყნად თავისი ჭეშმარიტი ბუნების შეცნობა უნდა სურდეს. მაგრამ როგორ შეგვიძლია ეს გვსურდეს, როცა არ ვიცით, რა არის ეს?

ამ ჩიხიდან ორ გამოსავალს ვხედავ. პირველი პასიურია. იგი ჩნდება მაშინ, როდესაც ადამიანი მაგების კასტაში გადადის. ცოდნის დაუძლეველ წყურვილს მაგი თანდათანობით მიჰყავს სამყაროს ვერტიკალში გაცნობიერებამდე, და როდესაც იგი ნამცეც-ნამცეც აგროვებს ცოდნას, რომელიც ზემოთკენ სვლის ნებას აძლევს მას. მაგალითად, ამ წიგნის პირველი ნაწილი სწორედ ასეთი ნამცეცებით არის წარმოდგენილი. ტაროს დიდი არკანები ვერტიკალური ძალებია. მათთან ურთიერთქმედების სწავლით მაგი საკუთარ თავში მათ თვისებებს ზრდის. თითქოს ამ თვისებების აგურებით აშენებს საკუთარ თავს და თანდათანობით შეიცნობს საკუთარ ბუნებას. იგი არ იციკლება ჰორიზონტალური პერსპექტივებით არკანებთან მუშაობაზე, მთელ თავის ყურადღებას ძალის მსახურებას ახმარს და ამგვარად შეიცნობს საკუთარ თავს და სამყაროს.

მეორე მეთოდი აქტიურია. არ აქვს რა ამ ცოდნის დაპრაქტიკების შესაძლებლობა, ადამიანს შეუძლია თავისი ცხოვრების ერთადერთ ვარიანტამდე მივიდეს - გაატაროს იგი გაცნობიერებულად. თავის ცხოვრებაში კონტროლისა და თვითდისციპლინის შეტანით, იგი ნების ძალას აგროვებს. ნების წყარო კი ჩვენს სულშია, ჩვენს ჭეშმარიტ ბუნებაში. ავითარებს რა საკუთარი ცხოვრების ყოველ ასპექტს, ადამიანი იქცევა ნების მატარებლად, რომელიც მას სულიერი ცხოვრებისკენ უბიძგებს. ანუ ცხოვრებისკენ, რომელიც სულზეა ორიენტირებული. ასე ხდება მისი ნება ვერტიკალური.

მეორე მიდგომას უფრო მეტად მეომართა კასტაში აპრაქტიკებენ. არის არაერთი ისტორიული მაგალითი, როდესაც დიადი მეომრები, რომლებმაც ოსტატობას მიაღწიეს საბრძოლო დისციპლინებში, ჭვრეტის, ლოცვისა და მედიტაციის პრაქტიკებამდე მიდიოდნენ. ისინი მთელი გულით ცდილობდნენ ეპოვნათ ღმერთი. მაგალითად, აიკიდოს სტილის დამფუძნებელი - მორიხეი უეშიბა ცნობილი იყო თავისი სისასტიკით ვარჯიშების დროს. იგი იაპონურ პოლიციას ავარჯიშებდა, და არავის სურდა მასთან მეცადინეობებზე სიარული, რადგანაც, ამ სიტყვის პირდაპირი პირდაპირი გაგებით, ამტვრევდა თავის მოსწავლეებს. თუ მეხსიერება არ მღალატობს, მას „ძვლებისმტვრეველს“ უწოდებდნენ. შემდეგ რაღაც შეემთხვა, სულიერი გამოღვიძება განიცადა და დაიწყო საუბარი თავისი მტრისადმი სიყვარულზე. მისი სტილი უფრო რბილი გახდა, მაგრამ არანაკლებად სახიფათო, თვითონ კი განივითარა ენერგეტიკული, ანუ უკონტაქტო ბრძოლის უნარი.

ახლა ბევრი, ვინც ეს სტრიქონები წაიკითხა, ალბათ ისე, რომ თავადაც ვერ აცნობიერებს, პირველ ვარიანტს აირჩევდა. ყველაფერი იმიტომ, რომ ძალიან გვინდა თავი მაგებად ჩავთვალოთ. და მართლაც, რატომ უნდა დავუქვემდებაროთ თავი სასტიკ დისციპლინას და გაცნობიერებულ კონტროლს? წავალ, ვიმედიტირებ და სულიერად გავიზრდები. მაგრამ საეჭვოა, რომ აქედან რამე გამოვიდეს.

პირველი წიგნის გამოსვლის შემდეგ გამუდმებით მეკითხებიან, თუ როგორ განვსაზღვროთ თვითონ საკუთარი კასტა. და არავინ ცდილობს დაუსვას საკუთარ თავს კითხვა: „და რატომაა ჩემთვის ასეთი მნიშვნელოვანი საკუთარი კასტის ცოდნა?“ რადგანაც, მათ რომ ეკითხათ საკუთარი თავისთვის და ეცადათ, რომ თავადვე პატიოსნად გაეცათ პასუხი, გასაგები იქნებოდა: რაც უფრო მაღალია კასტა, მით უფრო მაღალია მათი თვითშეფასება. და ადამიანთა საზოგადოებაში და საკუთარი თავისადმი შეხედულებაში თვითდამკვიდრებისადმი მისწრაფება დამახასიათებელია მეომართა კასტისთვის. მაგებს არ ანაღვლებთ, სად აქვთ ფიქსაციის წერტილი. ისინი ცოდნისთვის ცხოვრობენ და არა სტატუსისთვის.

მე კასტების თემაზე სპეციალურად გადავინაცვლე, რათა მეთქვა, რომ მაგი ესაა ადამიანი, რომელიც ცხოვრობს როგორც მაგი. მაგრამ როგორია ასეთი ცხოვრება? ყველა მაგს იგი თავისებური აქვს. მაგრამ მაგიის პირველ დონეზე, როდესაც ადამიანი საკუთარ თავში ექსტრასენსულ უნარებს ავითარებს, ცხოვრების წესმა იგი ძალის დაგროვებამდე უნდა მიიყვანოს. პირველი დონის მაგს (ფწ–ი ანაჰატა ჩაკრაზე) ენერგიის უზარმაზარი რაოდენობა სჭირდება, რათა მეორე დონეზე გადავიდეს, სადაც პრინციპულად სრულიად განსხვავებული ცხოვრება იწყება. შეიძლება ითქვას, პირველი დონე ეს საერთოდ არაა დონე, არამედ მოსამზადებელი კლასია. რეალური მაგია მეორე დონიდან იწყება. მაგრამ იქ მოხვედრა ძალზე ძნელია.

ამ ამოცანის გადასაწყვეტად, მე გამოვიყვანე ვერტიკალური ნების განვითარების მესამე, კომბინირებული ვარიანტი. ანუ ერთმანეთში ვურევ პასიურ და აქტიურ მეთოდს. ესაა როგორც მეომრების, ასევე მაგების კასტის ცოდნის გამოყენება. ჩემი აზრით, ეს ერთადერთი საშუალებაა, განვვითარდეთ ჩვენ შიგნით ჩვეულებრივი ადამიანით, რათა გამოვავლინოთ სულის ნება.

მაგიის პირველ დონეზე გადასვლის შემდეგ ადამიანს ცნობიერებაში არასაკმარისი ენერგია აქვს მაღალ სამყაროებში გადასვლისთვის, რადგანაც მისი ენერგიის დაახლოებით 50 % სამ ქვედა სხეულში იმყოფება. და გადასვლის განსახორციელებლად ცნობიერება უნდა დომინირებდეს ენერგიის ხარისხობრივი მაჩვენებლით. ამისთვის საჭიროა ქვედა სხეულების საკუთარი ცნობიერების ნებისადმი დაქვემდებარება, და აი, მაშინ შესაძლებელი ხდება საკუთარი ჭეშმარიტი ბუნების რეალიზაცია.

ვაგროვებდი რა ცოდნას 10 წლის განმავლობაში, მე შევიგრძენი ვერტიკალური ნების ზემოქმედება საკუთარ ტყავზე, და ჩემში გაიხსნა იმ გზის ცოდნა, რომელსაც ზემოთ, სულისკენ მივყავარ, და რომლის გადმოცემასაც ქვემოთ ვეცდები. ყურადღებით იყავით და ეცადეთ, ყოველი სიტყვა გააცნობიეროთ.

სამი საყრდენი

დასაწყისისთვის განვიხილოთ, როგორ ვლინდება სული ადამიანად. ამისთვის გამოვიყენებთ ჩაკრების სისტემას და განვიხილავთ ადამიანის დაბადებას ამ პოზიციიდან (იხ. სურ. 1)

sur1

თავდაპირველად ჩვენ ვართ სული, ღმერთი, ატმანი. ჩაკრების სისტემაში ეს შეესაბამება საჰასრარა ჩაკრას. და აი, სულმა განსხეულება გადაწყვიტა. იმპულსი ქვემოთ დაეშვა და სიხშირეების მიხედვით დადაბლდა.

აჯნა ჩაკრას სიხშირეზე ჩვენ გვაქვს ქვეცნობიერება, მეხსიერება წარსული ინკარნაციების შესახებ. მათი დაგროვებით სული აყალიბებს კარმას და ვიშუდჰა ჩაკრას სიხშირეზე კარმის სხეულს, კაუზალურ სხეულს აფორმირებს, რომელზეც ჩაიწერება ჩვენი მიმდინარე განსხეულება და რომელზე დაყრდნობითაც ფორმირდება მიმდინარე პიროვნება.

შემდეგ მონადა (ზედა სამი სხეული) შედის სასიცოცხლო ენერგიის ზონაში ანაჰატა ჩაკრას დონეზე, და მთელი ეს სტრუქტურა ცოცხლების სამყაროში ცოცხლდება.
ეს სტრუქტურა ნაყოფს ემაგრება ჩასახვის მომენტში და კიდევ სამ სხეულს ღებულობს: ასტრალურს (მას მანიპურა „განაგებს“), ეთერულს (სვადჰისთჰანა) და ფიზიკურს (მულადჰარა).

ქვედა სხეულებს ჩვენი მშობლებისგან ვღებულობთ, ხოლო სული, როგორც ღმერთის ნაწილაკი, ზემოდან მოდის. ასე ვხდებით პირვანდელი ჩვენ (სულის „ატომები“) ადამიანებად (სხეულის მატარებლებად).

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ცნობიერება ენერგეტიკულად არსებობს ვიშუდჰა ჩაკრას დონეზე, ჩვენ თავს შევიგრძნობთ არა ცნობიერებად, არამედ სხეულად. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ შეთანხმება, რომელშიც ჩვენი, როგორც პიროვნებების ჩამოყალიბება ხდება, სეფირა მალჰუტის მიერაა მოდულირებული. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ცნობიერება დაბადებიდან სწავლობს საკუთარი თავის ფიზიკურ მატერიასთან გაიგივებას. სწორედ ამიტომ ვხედავთ მყარი ფორმებისა და ობიექტებისგან შემდგარ სამყაროს. ასეთი აღქმის ტყვეები ვართ. მაგრამ ჩვენ არ გვქონია არანაირი არჩევანი. ასე ხედავს სამყაროს ყველა ადამიანი, და სწორედ მათ გვასწავლეს ასე ხედვა.

მას შემდეგ, რაც მატერიალურ სხეულთან გაიგივდა, ჩვენმა ცნობიერებამ, ჩვენმა „მემ“ მემკვიდრეობად მიიღო მატერიალური სხეულის ყველა პრობლემა. და იძულებული გახდა, რომ მისი ძირითადი ფუნქციებისა და რეჟიმების მსახური გამხდარიყო, რომელთაგანაც ყველაზე ძლიერს წარმოადგენს გადარჩენის რეჟიმი, ანუ გადარჩენის ინსტინქტი.

შიმშილისა და საფრთხის გრძნობით მართული ადამიანები პირველ რიგში ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილებას იწყებენ. ამ დონეზე არ არის არანაირი სულიერება, არამედ მხოლოდ გადარჩენის აუცილებლობა. და ეს მოთხოვნა ჩვენში ყველაზე ძლიერია. მაგია, ფილოსოფია, ფსიქოლოგია და სხვა ინტელექტუალური თამაშები ზემოთ იმყოფებიან, მაგრამ თუ საფრთხე გვემუქრება, ჯანდაბას მთელი მაგია, მთავარია ,დროზე გაასწრო.

და მხოლოდ მაშინ, როცა ამ სართულზე მშვიდად ვართ და მიზეზი არ გვაქვს საკუთარ სიცოცხლეზე ღელვისთვის, ჩვენი ცნობიერება ხვდება შემდეგი სხეულის - ეთერული სხეულის ზეგავლენის ქვეშ. რადგანაც იგი მოდულირდება სვადჰისთჰანა ჩაკრას მიერ, რომელიც სასქესო ორგანოების მიდამოში მდებარეობს, აქ ჩვენ ვღებულობთ მეორე მემკვიდრეობას - სექსუალურ ინსტინქტს.

როდესაც გადავრჩებით, შემდეგ უკვე გამრავლება გვსურს. მაგრამ ეს ეხება სექსუალური ენერგიის არა მხოლოდ პირდაპირ გამოყენებას სექსის სახით. დაუფიქრდით სიტყვებს - „მინდა გამრავლება“. ანუ ვიღაცას ჩვენში სურს, რომ გამრავლდეს, გაფართოვდეს, მეტი ადგილი დაიკავოს. და როგორ გააკეთოს ეს? სწორია, გვაიძულოს სურვილების დაკმაყოფილება. ყოველ ჯერზე, როდესაც თქვენს „მინდა“-ს იკმაყოფილებთ, სექსუალურ კაიფს განიცდით. იყიდეთ რამე მაღაზიაში და კაიფობთ ამით. ეს ყველაფერი დაფუძნებულია სექსუალურ ინსტინქტზე. სურვილებისა და მათი დაკმაყოფილების მეშვეობით ჩვენი ეგოს რაღაც ნაწილი ჩვენ შიგნით იზრდება. აქედანაა მეტის მოპოვებისადმი გამუდმებული მისწრაფება. გამრავლება კვლავ და კვლავ, მეტჯერ და მეტჯერ. ეს იწვევს დროებით სიამოვნებას სექსუალურ დონეზე.
თუ მეტ-ნაკლებად დაკმაყოფილებულნი ვართ, მაშინ ჩვენს ცნობიერებას შეუძლია დაკავდეს შემდეგი სართულის საქმეებით, მანიპურა ჩაკრას დონეზე. აქ ჩვენ ასტრალური სხეული გვაქვს. ამ სხეულს ეზოთერიაში ხატ-სახეების სხეულსაც უწოდებენ. რატომ? იმიტომ, რომ მისი განზომილება სივრცეში ისეთივეა, როგორც ჩვენს მიერ შექმნილი აზროფორმებისა. სხვა სიტყვებით, როცა თქვენს გონებაში რაღაცას წარმოიდგენთ, და ამასთან ერთად რაღაც შეგრძნებებს იწვევთ, ამ შეგრძნებებს სწორედ რომ ასტრალური სხეული განიცდის. და ამ სართულზე ჩვენში ყალიბდება საკუთარი თავის ხატ-სახე, ანუ საკუთარი თავის შეგრძნება.

რადგანაც ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში - თავისი ფასეულობებით, ვცდილობთ, რომ ამ ფასეულობების შესატყვისი საკუთარი თავის ხატ-სახე შევიქმნათ. შედეგად ეს აყალიბებს ჩვენი მოქმედებების ფორმას. ყველა ამ მოქმედებას მხოლოდ ერთი მიმართულება აქვს - შეინარჩუნოს არსებული ხატ-სახე. ჩვენი მოქმედებების ეფექტურობა ცოტას თუ აღელვებს, უფრო იმაზე ვღელავთ, შევესაბამებით თუ არა საკუთარ ხატ-სახეს, რომელშიც უკვე გაწერილია, თუ რას ნიშნავს „მე ბედნიერი ვარ“, ან „მე კმაყოფილი ვარ“ და ა.შ. ამიტომ ამ სართულზე ვღებულობთ შეუსაბამობების პრობლემას. ჩვენი ხატ-სახე ან მიიღება გარესამყაროს მიერ და მაშინ კმაყოფილები ვართ, ან არა, რასაც მივყავართ სოციალური სტატუსისთვის გამუდმებულ ბრძოლამდე – „მე პატივსაცემი ვარ“, „მე ხალხს ვუყვარვარ“ და ა.შ.

სამი ქვედა ჩაკრა ფიზიკურ დონეს ქმნის. თუკი ადამიანს მისი მდგომარეობა სოციუმში ასე თუ ისე აკმაყოფილებს, დაკმაყოფილებულია სექსუალურად და მას არ ემუქრება საფრთხე, იგი გადადის შემდეგ დონეზე, რომელსაც შემოქმედებითი ეწოდება. ეს დონე შეესატყვისება ორ შემდეგ ჩაკრას - ანაჰატას და ვიშუდჰას.
ამ დონეზე ადამიანი იწყებს თავისი ინტერესების რეალიზაციას შემოქმედების მეშვეობით. მაგია, ფსიქოლოგია და სხვა გონებრივი სისტემები სწორედ ამ შემოქმედებითი დონის ნაწილს წარმოადგენენ.

ანაჰატას სართული გრძნობებს მოიცავს. მუსიკა, ფერწერა, მოგზაურობა - ყველაფერი, რაც ჩვენში რაღაც ემოციებს იწვევს, წარმოადგენს ჩვენს მმართველ სტიმულებს, რომლებიც ჩვენზე ანაჰატა ჩაკრას მეშვეობით ზემოქმედებენ. ბევრი მაგიური ტექნიკა ასევე იწვევს სხვადასხვა გრძნობებს, და ადამიანი ხშირად ისწრაფვის, რომ ერთგვარ ჰარმონიას მიაღწიოს ამის მეშვეობით.

ვიშუდჰა ჩაკრა ესაა აზრები, ინტელექტი. ჩვენი სამყაროს სურათი სწორედ აქაა ჩაწერილი, და ამ სართულზე ჩვენ გვაღელვებს ის, თუ როგორ ვხედავთ სამყაროს და რას ვფიქრობთ მასზე. ძალიან ხშირად მაგიაში სწორედ იმ მიზეზით მოდიან, რომ თავიანთი სამყაროს სურათის შეცვლა სურთ. მსგავსი ცვლილებები არცთუ იშვიათად იწვევენ ცვლილებებს ცხოვრებაში.

შემდეგი დონე, რომელიც წინა ორ ჩაკრას ფარავს, ღვთაებრივი დონეა, აჯნა ჩაკრა - ჩვენი ქვეცნობიერი, ან არაცნობიერი. იქ ინახება გაუცნობიერებელი ინფორმაცია ჩვენ შესახებ, იქნება ეს წარსული ინკარნაციები, თუ ჩვენი ცნობიერების მიერ არაცნობიერში განდევნილი ქცევის პროგრამები.

საჰასრარა ჩაკრა შეესაბამება ჩვენს ღვთაებრივ ბუნებას, ან როგორც ჩვენ ვამბობთ, სულს. ძალას, რომელმაც წარმოგვშვა. ღვთაებრივი დონე მიუწვდომელია ჩვენი ცნობიერებისთვის, რადგანაც ცნობიერსა და ქვეცნობიერს შორის მძლავრი დამცავი მექანიზმები დევს, რომლებიც ჩვენს პიროვნებას ქვეცნობიერის შემოჭრისგან იცავს. ამ დაცვის ყველანაირი გატეხვა მოუმზადებელ ადამიანებში ძლიერ ფსიქიკურ აშლილობებს იწვევდა. საკუთარი ღვთაებრივი დონის შედარებით უსაფრთხოდ შეცნობის ერთადერთი საშუალება ესაა ფიზიკური და შემოქმედებითი დონეების დამუშავება.

თუკი დააკვირდებით თქვენს ხუთ სართულს და გააანალიზებთ, როგორ მოძრაობს მათში ენერგია, მაშინ დაინახავთ, რომ ეს ყველა სართული არაა სინქრონიზებული, არამედ „თავისთვის“ მოქმედებენ. დასვით საკუთარ თავთან კითხვა ყოველი სართულისთვის და ყურადღება მიაქციეთ მოტივს.

- რისთვის ვინარჩუნებ სიცოცხლეს? რატომ ვიბრძვი ცხოვრების გაგრძელებისთვის?

როგორც წესი, ადამიანს არ აქვს გადარჩენის მოტივი. იგი ამას აკეთებს იმიტომ, რომ სიკვდილი არ უნდა. ასეთი ადამიანები ამბობენ: „მე ვცხოვრობ იმიტომ, რომ დავიბადე“. ზოგიერთს ისეთი ცხოვრება აქვს, რომ სიკვდილი ურჩევნია, მაგრამ მაინც იბრძვის სიცოცხლისთვის. იგი ამბობს: „ეს ჩემი ნეხვია და მე მისთვის ვიბრძოლებ“. მაგრამ როგორც კი დაუსვამთ კითხვას: „რისთვის? რისი სახელით?“ - და ადამიანი შეშდება. 

შემდეგ. სურვილები. ის, რაც მე მინდა.

- რას მივყვები ჩემი სურვილების დაკმაყოფილებით? რატომ მინდა სახელდობრ ეს?

როგორც წესი, ადამიანს ეს არ აღელვებს. იგი ბავშვს ჰგავს, რომელსაც კანფეტი უნდა, მაგრამ ვერ ხსნის, რატომ უნდა. თუკი თქვენს სურვილებს მიადევნებთ თვალყურს, შოკში ჩავარდებით. თქვენი სურვილების თითქმის 99% თქვენი კი არა (!!!), გარედან მოსული სურვილებია. ეს სხვებს აქვთ, და ეს ნიშნავს, რომ მეც მინდა.
სოციუმიც ასევე აყენებს თავის პირობებს. უნდა იყო წარმატებული, მდიდარი და ბედნიერი. უფრო მეტიც, ის არა მხოლოდ გვიწერს მიზნებს, არამედ გვაჩვენებს კიდეც, „როგორ“ მივაღწიოთ მათ. მიიღე განათლება, შემდეგ აიწყვე კარიერა, დააგროვე სიმდიდრე, რაც შეიძლება მეტი, უფრო მეტი... და კვლავ კითხვა:

- რისი სახელით მინდა, რომ ასეთი ვიყო? რატომ მინდა სწორედ ასეთი ხატ-სახე?

პასუხი კვლავაც არ მოვა. და ყველაზე საშინელი ის კი არაა, რომ ჩვენ არ ვიცით ჩვენი ფიზიკური დონის სურვილთა მოტივები, არამედ ის, რომ მათი დაკმაყოფილების გზები ხშირად ეწინააღმდეგება ერთმანეთს. გადარჩენა ერთისთვის მინდა, სურვილი მეორესი მაქვს და მესამესთვის ვმოქმედებ. თუკი ასეთი განლაგება გაქვთ, მაშინ საფრთხეში ხართ, რადგანაც არანაირი განვითარება არ ხდება. საქმეთა ამგვარი ვითარება მაგონებს იგავს - „Лебед, рак и шука”. როგორც გახსოვთ, მათ არაფერი გამოუვიდათ.

შემოქმედებითი დონის კონტროლი და რაიმე მიმართულებით წარმართვა პრინციპში ცოტას თუ შეუძლია. ბევრ თქვენგანს შეუძლია იტრაბახოს, რომ საკუთარ გრძნობებს და აზრებს მართავს? ეს მხოლოდ თავდაუზოგავ პრაქტიკოსებს გამოსდით. და აი, გამოდის, რომ ჩვენში ეს დონეც არაა სინქრონიზებული. ამ ჩაკრების მმართველი ვექტორებიც სხვადასხვა მიმართულებით მიდიან (იხ. სურ. 2).

sur 2

ღვთაებრივი დონე კი ჩვენთვის მიუწვდომელია. მაშ, რა ვქნათ? საკუთარი თავის წესრიგში მოყვანაა სწორედ ის, რასაც „ვერტიკალურ ნებას“ ვუწოდებთ. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მთელ ენერგიას ცხოვრების ერთი საზრისის კალაპოტში მივმართავთ, ადამიანს აქვს შანსი, რომ მიზანს მიაღწიოს. და ეს მიზანი სწორი უნდა იყოს. მაგრამ რას ნიშნავს სწორი? იქნებ სწორია ის, რაც წინაპრებმა გვიანდერძეს? ან სწორია რაღაც სოციუმისა და მორალის პოზიციიდან? იქნებ რელიგია, ან მაგია გვეუბნება, რა არის სწორი? არა. ერთადერთი სწორი იმპულსი სულის იმპულსია. ეს იმპულსი ყოველ სართულზეა, ყოველ დონეზეა, და მისი პოვნა ყველა ადამიანს შეუძლია. გახსოვთ კასტანედასთან, როცა დონ ხუანი გულის გზას ხსნის? კარლოსი ეკითხებოდა, როგორ გავიგოთ, არის თუ არა გზა, რომლითაც მივდივართ, გულის გზა? დონ ხუანმა უპასუხა, რომ ყველას შეუძლია ამის გაგება. საკმარისია, რომ მხოლოდ ვკითხოთ საკუთარ თავს ჩვენს გულში. ანუ გულწრფელები ვიყოთ საკუთარი თავის მიმართ, გულწრფელად დავსვათ კითხვა. პასუხი მოვა. მხოლოდ ძიებაა საჭირო.

და რაც არ უნდა მოისმინოთ, უნდა გაიგოთ, რომ ჭეშმარიტ ბედნიერებას მხოლოდ ამ პასუხის მიყოლა მოგიტანთ. ამასთან, ბევრისთვის ეს სრულიად ჩვეულებრივი რამეებია: ოჯახი, ბავშვები, პიროვნების სხვადასხვა თვისებები. ყველამ იცის, რაა მისთვის მართალი, მაგრამ ყველას არ ეყოფა სიმამაცე, რომ გულის ხმას გაჰყვეს. სწორედ ვერტიკალური ნებაა ამ სიმამაცის მოპოვების საშუალება.

საკუთარი თავისთვის სწორის განსაზღვრის შემდეგ მაგი იწყებს თავისი ნების წვრთნას ყოველ „სართულზე“. აცნობიერებს რა სხეულს, სურვილებს, მოქმედებებს, გრძნობებს და აზრებს, მაგი კონტროლს მოიპოვებს მათზე, და როგორც შედეგი იღებს ძალაუფლებას, რომ წარმართოს ისინი იმ მიმართულებით, საითაც სურს. ამასთან, ნების სივრცეში არ არსებობს სურვილები ჩვენთვის ჩვეული გაგებით. ამას უკვე განზრახვა ეწოდება, რაც შეგვიძლია განვსაზღვროთ, როგორც არნდომის გარეშე ნდომის უნარი.

ამგვარად, ადამიანის ყველა სართული სინქრონიზებული ხდება სულთან შესატყვისობაში, და ენერგიის მოძრაობა ასე გამოიყურება: „მე ვცოცხლობ სულის სახელით, ყველაზე მეტად სულამდე მიღწევა მინდა, ყველა ჩემი ქმედება სულის მიღწევისკენაა მიმართული, ჩემი გრძნობები სულისადმია მიძღვნილი და ყველა ჩემი აზრი მხოლოდ მას ეხება“.

მხოლოდ მას შემდეგ, რაც მთელ ენერგიას ჩვენი ჭეშმარიტი ბუნების რეალიზაციისკენ მივმართავთ, ვღებულობთ შანსს, რომ დავიმსახუროთ ღვთაებრივი დონის დაშვება ჩვენს სამყაროში. ის დამცავი სისტემა, რომელიც ჩვენი შიშებითაა წარმოდგენილი, ინგრევა არა ქვემოდან ზემოთ, არამედ ზემოდან ქვემოთ. სული ეშვება თქვენში, ევოლუციის ვექტორად, და ამით მენტალურ საყრდენს ქმნის.

საყრდენები ეს ჩვენი სართულების ვექტორებია. წარმოიდგინეთ სკამი ფეხებზე. თუ ფეხები სინქრონიზებული არაა და თანაბრად არ ინაწილებენ დატვირთვას, სკამი მდგრადი ვერ იქნება და შეიძლება გადაყირავდეს. ვერტიკალური ნების წყალობით ჩვენი ენერგიების სინქრონიზაციას ვახდენთ ერთი მიზნით.

ძველ დროში ადამიანს ხშირად ხატავდნენ ცხენზე ამხედრებულს. ცხენი - ესაა სხეული (სამი ქვედა ჩაკრა). მხედარი - ესაა ცნობიერება (სამი ზედა ჩაკრა). უნაგირი - ესაა ის, რაც აკავშირებს ცნობიერებას და სხეულს - გრძნობითი სფერო (ანაჰატა ჩაკრა). და იმისთვის, რომ მხედარს შეეძლოს ნორმალური მოგზაურობა, იგი ერთიანი უნდა იყოს ცხენთან. ამ ერთიანობას სამი საყრდენი ეწოდება (სურ. 3). 

sur 3

სამი ქვედა ჩაკრა ქმნის ქვედა, ანუ ფიზიკურ საყრდენს. თუ სხეული, მოქმედებები და სურვილები ერთიანია, ისინი ქმნიან ფიზიკურ საყრდენს, გამოსახულს სურათზე ქვედა სამკუთხედით. ასეთი ადამიანები შეგვიძლია ვიპოვოთ პროფესიონალ სპორტსმენებს შორის. წარმოიდგინეთ რომელიმე ბოქსიორი, რომლის ოცნებაც მსოფლიოს ჩემპიონობაა. იგი სხეულს თავისი ოცნების გამო ავარჯიშებს, მხოლოდ ჩემპიონობა სურს, და ყველა მისი ქმედება აქეთკენაა მიმართული. ეს ადამიანები ძალზე ძლიერნი არიან ქვემოთ.

სამი ზედა ჩაკრა ქმნის ზედა, ანუ მენტალურ საყრდენს. ამ საყრდენის არსებობა შესაძლებელია მაშინ, როდესაც ადამიანი თავისი ცნობიერებით გამუდმებით გრძნობს თავის სულს. სულის გაცნობიერებული თანმყოფობა აძლევს ადამიანს შეგრძნებას, თითქოს თავად ღმერთი იმყოფება იქვე. ამ მდგომარეობაში ადამიანის გატეხვა სრულიად შეუძლებელია, მაგრამ ყოველი, ვინც მას ხვდება, სიკვდილთან შესახვედრადაც კი გაჰყვება მას. მას ხომ ღმერთი ყავს საყრდენად. ასეთი ადამიანის მაგალითად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ინდოელი წმინდანი – რამანა მაჰარში. მას არ გააჩნდა არანაირი ქვედა საყრდენი. მისი სხეული ავადმყოფი და მოუხეშავი იყო, მაგრამ მისი ცნობიერება... როგორც ამბობენ, მის გვერდით გონება თავად იძირებოდა მდუმარებაში. თავად მას კი თავის ცხოვრებაში არაფერი გაუკეთებია და გამუდმებით იმყოფებოდა თავის ჭეშმარიტ, უმაღლეს ბუნებაში. ახალგაზრდობაში, გასხივოსნების შემდეგ, იგი მთაში დაჯდა სამედიტაციოდ. მხოლოდ სულზე საყრდენის წყალობით, სიტუაცია ისე მოეწყო, რომ მის გარშემო მთელი ქალაქი ააშენეს.

მაგრამ არსებობს ასევე მესამე საყრდენიც, შუა, ანუ ემოციური, საყრდენი გრძნობებზე. გრძნობებს თავისთავად არ გააჩნიათ საყრდენი, მაგრამ მათ გააჩნიათ იგი ან სხეულში (თავს ვგრძნობ ისე, როგორც ვგრძნობ ფიზიკურად), ან ცნობიერებაში (აზრები წარმოშობენ გრძნობებს).

ადამიანებს ქვედა და ზედა საყრდენით, ანაჰატაზე უფორმირდებათ მესამე საყრდენი, რომელიც გამოიყურება, როგორც ორი ერთმანეთზე დადებული სამკუთხედი. ეს სიმბოლო განასახიერებს ჰარმონიულ ადამიანს. ცნობიერება მეგობრობს სხეულთან, სხეული კი - ცნობიერებასთან. თუმცაღა თავდაპირველად ემოციები ქვედა საყრდენს უნდა დაეყრდნონ, რადგანაც უნაგირი ცხენზეა მიმაგრებული და არა მხედარზე.

საქმე იმაშია, რომ თუ ზემოთ არაა მენტალური საყრდენი გაერთიანებული ცნობიერის, ქვეცნობიერისა და სულის სახით, ჩვენ ვეყრდნობით მხოლოდ იმას, რაც გაგვაჩნია. ესაა მოაზროვნე ცნობიერება (ვიშუდჰა). ბევრი ადამიანი ძალიან ჭკვიანია და ძალიან განვითარებული ინტელექტი გააჩნიათ. თუმცაღა რაიმე სტრესულ სიტუაციაში ისინი ეყრდნობიან აზრებს, სიტყვებს თავში, ისინი კი საიმედონი არ არიან. როგორც დონ ხუანი ამბობდა: „ამაშია სიტყვების საპირისპირო მხარე. ისინი გვაიძულებენ, რომ თავი დაცულად ვიგრძნოთ, მაგრამ როცა სამყარო თავი ხახას დააფჩენს, ისინი მაშინვე გვღალატობენ. ამიტომ მეომარი მოქმედებას ამჯობინებს და არა ლაპარაკს“.

აი, რატომ ხდება ევოლუცია ქვემოდან ზემოთ. ძლიერი ინტლექტი კარგია, მაგრამ თუ ნება არ გაჩნია, ასეთი ადამიანი უბრალოდ „ტვინიკოსია“, რომელიც ყველას აღიზიანებს.

ამ პირობას ბევრი არ ითვალისწინებს, როდესაც მაგიაში მიდის. მხოლოდ შემოქმედებითი დონის განვითარებით, მათ არ შეუძლიათ ზედა საყრდენის აწყობა, და როდესაც ქვემოთ პრობლემები იწყება, უცებ აღმოჩნდება, რომ მთელი მათი ცოდნა მაგიაში არაფერი ღირს, რადგანაც სიტყვებს საყრდენის გარეშე ძალა არ გააჩნია.
ამიტომ ადამიანს ძლიერი ქვედა საყრდენი უნდა ჰქონდეს. უფრო მეტიც, ვერტიკალური ნების ვარჯიში ქვემოდან უნდა დავიწყოთ. მე 10 წლის განმავლობაში ვავითარებდი ცნობიერებას და ამ დასკვნამდე მივედი. გამოიყენეთ ჩემი გამოცდილება და თავდაპირველად მხოლოდ ქვედა სართულები ავარჯიშეთ. რადგანაც თუკი მათში ნაპრალია, ნუღარ გაგიკვირდებათ, თუ კონსტრუქცია ერთხელაც ჩამოიშლება.

პიროვნების ყოველი სართულის ფორმირების შესახებ მე სხვა წიგნში დავწერ. ამჟამად ვთვლი, რომ არ მაქვს ამაზე საუბრის უფლება, რადგანაც თავადაც ნაპრალი მაქვს. ამ წიგნით მხოლოდ მინდოდა მეჩვენებინა პრაქტიკული გზა მათთვის, ვინც სეფიროტული მაგიის ბილიკით მიდის. გახსოვდეთ, რომ მაგიური პრაქტიკა ეს ამ სამყაროს რეალურ ძალებთან მუშაობაა. მათ შეუძლიათ როგორც აგამაღლონ, ასევე – ტალახში ჩაგაგდონ. თქვენი მუშაობის შედეგი დამოკიდებული ინება თქვენს ნებაზე. და დაე, იგი ზემოთ, სულისკენ იყოს მიმართული.

ძალას და წარმატებას გისურვებთ თქვენს გზაზე.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff