თავი 1. სამყაროს აღწერა
თავი 1. სამყაროს აღწერა
მანამ, სანამ სხვადასხვა მაგიური ტექნიკების აღწერას შევუდგებოდეთ, აუცილებლად ვთვლი, რომ ვისაუბრო ჩვენ გარშემო მყოფი რეალობის აღქმაზე.
რეალობა, როგორც მივეჩვიეთ, რომ მას ვუწოდოთ, სულაც არ წარმოადგენს რეალურს. უფრო ზუსტად, არ წარმოადგენს ერთადერთ არსებულ რეალობას. მთელი ეს სამყარო, მყარი ობიექტებისა და საგნებისგან, ბგერებისა და სუნებისგან შემდგარი, არსებობს მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ არსებობთ. დიახ, დიახ, მეგობრებო, სამყაროს რეალობა სხვა არაფერია, თუ არა უბრალოდ აღწერილობა, რომელიც ჩვენს ცნობიერებაში არსებობს.
ვეცდები ავხსნა. რეალობა ესაა თქვენი აღქმა. არსებობს მხოლოდ ის, რაც ჩვენს ცნობიერებაში არსებობს. ის, რასაც ვერ აღიქვამთ, თქვენთვის არ არსებობს. მაგალითად, ჩაგეძინათ და არაცნობიერში ჩაიძირეთ. ამ მომენტში თქვენ ვერაფერს ვერ აცნობიერებთ. სიბნელეს და სიცარიელესაც კი ვერ აცნობიერებთ. გამორთული ხართ. სადაა ამ მომენტში სამყარო? „ჩვენ გარშემო“ - იტყვით თქვენ. მაგრამ შეგიძლიათ თუ არა ეს თქვათ უსიზმრო ძილის მომენტში? არა, რამეთუ არ არსებობს სამყარო თქვენთვის. თქვენც კი არ არსებობთ ამ მომენტში. ლოგიკური ახსნა არ ითვლება. გახსოვთ ისტორია აინშტაინისა და პროფესორის საუბრის შესახებ? ისინი ღმერთის არსებობაზე კამათობდნენ. პროფესორმა თქვა, რომ ღმერთი არ არსებობს, რადგანაც იგი არავის უნახავს. რაზეც აინშტაინი შეეკამათა, რომ ტვინი პროფესორს ასევე არა აქვს, რადგანაც ისიც არასოდეს არავის უნახავს.
რეალობა ესაა სიგნალი, რომელიც თქვენი ცნობიერების მეშვეობით გადის. არცერთ ლოგიკურ ახსნას არ აქვს საფუძველი, რადგანაც აზრის მომენტში მხოლოდ აზრი არსებობს. მისი ინფორმაციული გზავნილი არანამდვილია, რადგანაც ოდესღაც შემოტანილ იქნა ჩვენს ცნობიერებაში.
გახსოვთ ფრაგმენტი კინოფილმიდან „მატრიცა“, სადაც პატარა ბიჭუნამ უთხრა ნეოს, რომ კოვზი არ არსებობს. რაშია მორალი? აი, გიჭირავთ ხელში კოვზი. აიღეთ იგი თვალსაჩინოებისთვის. აიღეთ? ამგვარად, გიჭირავთ იგი და ეჭვიც არ გიჩნდებათ, რომ ეს კოვზია. ახლა კი გაიხსენეთ პატარა ბავშვი, რომელიც ბეღურას პეპლისგან ვერ ასხვავებს. მას ეს არ შეუძლია, რადგანაც მის თავში ჯერ კიდევ არაა ჩამოყალიბებული სამყაროს სურათი, უფრო სწორად - მისი აღწერილობა.
იცით, სინამდვილეში არც თქვენ და არც მე არ ვიცით, რა გვიჭირავს ხელში. თითქოს კოვზს ვაკვირდებით, მაგრამ სინამდვილეში ამ საგნის მხოლოდ აღწერილობას ვხედავთ, რომელიც ვიღაცამ ოდესღაც თავში ჩაგვიდო. ჩვენ არ შეგვიძლია რეალობის დანახვა, რადგანაც მას აღწერილობის პრიზმაში ვუმზერთ. ჩვენი დარწმუნებულობა, რომ მაგალითად სამყარო სიფხიზლის მდგომარეობაში უფრო რეალურია, ვიდრე სიზმარხილვის მდგომარეობაში, მხოლოდ იმისგან გამომდინარეობს, რომ ჩვენ ყველამ ერთნაირად ვისწავლეთ სამყაროს ამ მდგომარეობებში ამგვარად დანახვა. მაგრამ ვინ თქვა, რომ შეუძლებელია ვისწავლოთ ერთნაირი სიზმრების ნახვა? და ვინ თქვა, რომ შეუძლებელია „სხვა“ რეალობის დანახვა იმის მიღმა, რასაც კოვზს ვუწოდებთ? კოვზი, ისევე როგორც ყველაფერი დანარჩენი, არ არსებობს.
სამყაროში სამყაროს აღწერილობას შეთანხმებას უწოდებენ. ჩვენ თითქოს შევთანხმდით, რომ სამყარო ასეთი და ასეთია. ეს აღწერილობა ზრდასრულებისგან ბავშვებს გადაეცემა და აფიქსირებს მათ აღქმას სამყაროს გარკვეულ სფეროში. ეს სფერო ადამიანის სხეულზე პროეცირდება და ფიქსაციის წერტილად (ფწ) იწოდება.
ადამიანთა უმეტესობას იგი მიდუღაბებული აქვს., და ისინი მთელი ცხოვრების მანძილზე ერთი და იმავე სამყაროს ხედავენ. მაგები სწავლობენ თავიანთი აღქმის გადაწევას სტანდარტული ფიქსაციის მიღმა და სამყაროს სხვა სპექტრში დანახვას. ერთი და იგივე ობიექტი აღქმის სხვადასხვა სპექტრში სხვადასხვაგვარად გამოიყურება. ახლა უკვე არავისთვის არაა საიდუმლო, რომ ადამიანი განსაზღვრულ მდგომარეობაში აღიქმება, როგორც მანათობელი ჭუპრი, რომელიც ფიზიკურ სხეულს თავიდან ფეხებამდე აკრავს გარშემო. მაგრამ თუკი ჩვენ აღქმის ერთ სპექტრში რაღაცას რეალურს ვუწოდებთ, ვინ თქვა, რომ სხვა სპექტრში იგი არარეალურია?
ამგვარად, მაგია ესაა ობიექტზე ზეგავლენის მოხდენის უნარი აღქმის სხვა ტიპიდან. მაგალითად, თქვენ ისწავლეთ, რომ აღიქვათ ადამიანი, როგორც მანათობელი ჭუპრი. თუკი შეძლებთ ჭუპრზე ზემოქმედებას, ეს ზემოქმედება ადამიანის ფიზიკურ სხეულზეც აისახება. თავად ზემოქმედების პროცედურა თვითონ ადამიანისთვის უცნაური იქნება. იგი დაინახავს, რომ მაგი მის წინ ხელით ჰაერს ეფერება, ამ დროს კი მაგი ჭუპრს ხედავს და მასზე ზემოქმედებს. მაშინაც კი, თუკი პაციენტი ვერაფერს ხედავს და გრძნობს, ცვლილებები მოხდება. მართალია, ზოგჯერ პაციენტი ამას არა მაგის, არამედ საკუთარ დამსახურებას მიაწერს.
ერთი ჩემი მეგობარი ქალი,მაგი შორი მანძილიდან კურნავდა ადამიანს. იგი თავის სახლში იწვა, მაგი კი თავის სახლში იყო და ზემოქმედებას აკეთებდა. მომდევნო დღეს, როცა იგი გამოკეთდა, ქალმა მიანიშნა, რომ ცუდი არ იქნებოდა, თუკი გადაუხდიდა მკურნალობისთვის, რაზეც ადამიანმა უპასუხა, რომ ყველაფერმა თავისით გაიარა. ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუკი თქვენი ზრახვები, მაგიური პრაქტიკებისა, მრავალი ადამიანის მიერ იდიოტიზმად იქნება აღქმული. მათ ხომ იციან, რა არის ნამდვილი და რა არა. მაგრამ ნუ გადავუხვევთ თემას.
სამყაროს აღწერა ესაა შაბლონი, რომელიც თვალებზე „აგვაფარეს“. იმდენად კარგად ვისწავლეთ მისი გამოყენება, რომ მაგიური უნარების ათვისების გზაზე იგი ნამდვილი დაბრკოლება ხდება. ამიტომ საჭიროა მისი გაჩერების სწავლა. ამ პროცესს კასტანედას წიგნებში სამყაროს გაჩერება ეწოდება.
თუკი ვეცდებით სამყაროს გაჩერების აღწერას, ეს შეგვიძლია გამოვხატოთ ისე, თითქოს თქვენ შედიხართ აღქმის თქვენთვის უცნობ მდგომარეობაში, რომელშიც თქვენი ცნობიერების ინტერპრეტაციული აპარატი არ მუშაობს. ამ მდგომარეობამდე მისვლას ბუდისტები ათწლეულების მანძილზე ცდილობენ. მაგალითად, ისინი უყურებენ ქოთანს და ცდილობენ, დაინახონ ის იმის ცოდნის გარეშე, რომ ეს ქოთანია, ანუ დაინახონ ის აღწერილობის გარეშე.
და პრობლემა აქ იმაშია, რომ ამ მდგომარეობაში სპეციალურად შესვლა შეუძლებელია, ყოველ შემთხვევაში - საწყის ეტაპზე. არ არსებობს რაიმე პრაქტიკა ან ტექნიკა, რომელიც სამყაროს გაჩერებას იწვევს. ერთადერთი საშუალება ამის მისაღწევად ესაა, დაიწყო ცხოვრება, როგორც მაგმა.
მაგის ცხოვრების წესი
ნეოფიტი-მაგის ცხოვრება იწყება გარშემომყოფი რეალობის ცნებების თანდათანობითი ჩანაცვლებით. მას თავისი სამყაროს აღწერის ადამიანური შაბლონი ბალანსის მდგომარეობიდან გამოჰყავს. სხვა სიტყვებით, იგი სწავლობს ეჭვის შეტანას ყველაფერში, რაც მის გარშემოა. მასწავლებელი ახალ აღწერილობას აძლევს, მაგიურს, მაგრამ რამდენადაც ძველი აღწერილობა ძალიან ძლიერია, დამწყები მაგი იძულებულია, რომ ეს ახალი აღწერილობა აპრაქტიკოს. ანუ შეასრულოს მოქმედებები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ამ ახალ აღწერილობასთან, ამასთან, თუკი საკმარისად გულწრფელად ვილაპარაკებთ, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება ამ ახალი, მაგიური აღწერილობის სასარგებლოდ. მაგრამ რა არის მტკიცებულება? ლოგიკური ახსნა-განმარტებები? მაგრამ ჩვენ გავარკვიეთ, რომ ლოგიკა წინა აღწერილობის მხოლოდ ნაწილია. და ამიტომ, მისი კონტროლიც უნდა ისწავლოთ, თუ გსურთ, რომ სამყაროს აღწერილობის საკუთარი შაბლონის მიღმა გახვიდეთ.
ამგვარად, პირველი ნაბიჯი ესაა სამყაროს ახალი სურათი, რომლის დაპრაქტიკებაც აუცილებელია. მაგრამ ბევრს რატომღაც ავიწყდება, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია, და საკუთარი თავისთვის ბოლოდ აქცევენ მას. რამდენადაც მივეჩვიეთ, რომ ყველაფერი ლოგიკურად ავხსნათ, ეს „ერთნაბიჯიანი მაგებიც“ ასევე ცდილობენ, აუხსნან საკუთარ თავს მაგია. გახსოვთ კასტანედას და დონ ხუანის გამუდმებული ბრძოლა? კარლოსს სურდა, რომ ყველაფერი სიტყვებით გაეგო, დონ ხუანი კი მოქმედებას აიძულებდა, და მოტივაციას იმით აძლევდა, რომ მხოლოდ მოქმედებით შეეძლო მაგად გახდომა.
ჩემი პირველი წიგნი - ესაა პირველი ნაბიჯის აღწერა. ეს ნაწარმოები კი - მეორე ნაბიჯია. აქ არ იქნება აღწერილი მაგის ცხოვრების წესი, ამ სახის რეკომენდაციების სტილში: „გააკეთე ასე, შემდეგ ისე“. კიდევ ერთხელ: მაგის ცხოვრების წესი მისი მოქმედებების წესია. და მისი მოქმედებები მხოლოდ იმაზეა მიმართული, რომ ცნობიერებაში მაგიური სურათი გაამყაროს. მაგი ამას ფრთხილად და სათუთად აკეთებს, არ ჩქარობს და თანდათანობით რწმუნდება იმაში, რომ ადამიანური აღწერილობა ერთადერთი არაა. ამ გზაზე სიარულის დროს მაგი მოქმედებს ახალი აღწერილობის შესაბამისად. და მისი ცხოვრება კარდინალურად იცვლება. ძველი მიდის, რათა გზა დაუთმოს ახალს. იცვლება გარემო, სამსახური, პრიორიტეტები, ფასეულობები. იცვლება თავად ადამიანი.
ეს პროცესი შეიძლება ძალიან დიდ დროზე გაიწელოს. ამას არ აქვს რაიმე ვადები, და არავინ ამყარებს ამაში სიჩქარის რეკორდებს. ჯობია ნელა, მაგრამ საფუძვლიანად. აქ პრაქტიკა ხდება წინსვლის ერთადერთი ფაქტორი. თუკი სწავლის დასაწყისში სიხარულით გარბის შიშველი ენთუზიაზმით, შემდეგ უკვე იგი აწყდება მტერს, რომელიც ძველი შაბლონის სიღრმეებიდან ამოძვრება. ეს მისი საკუთარი სიზარმაცეა. მოსწავლეს უნდა ესმოდეს, რომ რეალობის მხოლოდ სიტყვებით ახსნით, იგი უფრო დაცინვის ობიექტად იქცევა გარშემომყოფებისთვის და ცხოვრებას დაიმახინჯებს, რადგანაც ძველ შეთანხმებაში რჩება, ძველ შაბლონში, მაგრამ ახალი შეფუთვით. ასობით ასეთი ფსევდო-მაგი მინახავს, რომლებიც მხოლოდ სიტყვებით არიან მაგები. ამიტომ გავიმეორებ დონ ხუან მატუსის ჩემს ერთ-ერთ უსაყვარლეს ფრაზას: „მხოლოდ მოქმედებები გეთვლება“.
ამიტომ გახსოვდეთ, თუკი უბრალოდ წაიკითხეთ ეს წიგნი და მორჩა, მაშინ გილოცავთ, თქვენი ადამიანური შაბლონი კიდევ უფრო მეტი ნაგვით შეივსო. თქვენ უფრო დასუსტდით. სიტყვების მონები ხართ. და ვერასოდეს მიაღწევთ მაგიის სამყაროს.
ხოლო მათ, ვინც გზაზე მიდიხართ, დარიგებები არ გჭირდებათ. თავად ღმერთები არიან თქვენით აღფრთოვანებულნი.