ვერტიკალური ნება

ალექსეი პახაბოვი
0
0

ავტორი: ალექსეი პახაბოვიმთარგმნელი: მამუკა გურული ნაწილი I. ძალისადმი მსახურება ეს წიგნი წარმოადგენს პრაქტიკულ სახელმძღვანელოს ადამიანთა ძალიან განსაზღვრული წრისთვის. უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვ...

21–ე არკანი. „სამყარო“

 

21

21–ე არკანი. „სამყარო“. ძალა, რომელიც მატერიაზე იმარჯვებს.

ალბათ შეგხვედრიათ ცხოვრებაში „იღბლიანები“. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც თავს არ იკლავენ მუშაობით, მაგრამ ყველაფერი აქვთ, რაც სჭირდებათ. უყურებ და გიკვირს, როგორ გამოსდით ეს - იცხოვრონ დაძაბვის გარეშე? წამოვიდა წინა სამსახურიდან, მაშინვე იშოვა ახალი. ბინას ეძებს, იპოვა ზუსტად იმ რაიონში, რომელიც საბოლოო ჯამში ოპტიმალური აღმოჩნდა. იღბალი ამ ადამიანების მეორე სახელია. ცხოვრებაში ისინი ადვილად აღწევენ თავიანთ მიზნებს. მაგრამ თუ კითხავთ, როგორ აკეთებენ ამას, გასაგებად ვერ გიპასუხებენ. „ნუ, მიმართლებს“, ამბობენ ისინი. მაგრამ რატომ უმართლებს, არავინ იცის. პასუხი 21–ე არკანის ძალაში იმალება.

ამ ძალას ქრისტიანულ ტრადიციაში „კურთხევას“ უწოდებენ. თითქოს ეს ადამიანები ღმერთისთვის ყველაზე საყვარლები არიან. თუმცაღა მორწმუნე ქრისტიანებმა ახლა გაღიზიანება იგრძნეს, რადგანაც ადამიანთა უმეტესობა, რომლებიც ცხოვრებაში მსუბუქი ნაბიჯით მიაბიჯებენ, ქრისტიანული კანონებისგან შორს ცხოვრობენ.
საქმე იმაშია, რომ კურთხევა ეს არაა უბრალოდ კეთილი ჟესტი. ესაა მდგომარეობა, რომელსაც ადამიანი მაშინ იღებს, როცა მატერიას აღარ ებღაუჭება. თუ შეხედავთ ადამიანებს მათი მატერიალურ ღირებულებებთან დამოკიდებულების მიხედვით, დაინახავთ, რომ ისინი ორ კატეგორიად იყოფიან. ერთს მიუფურთხებია იმისთვის, რომ უნიტაზში ახალი აიფონი ჩაუვარდათ, მეორენი კი ისტერიკაში ვარდებიან მხოლოდ იმის გამო, რომ მასზე პატარა ნაკაწრი გაჩნდა. მადლის მდგომარეობის მიღწევისთვის გასაღები მატერიისადმი სიყვარულის გადალახვაში დევს.

ამ ძალის თვალთახედვით, ადამიანი შეგვიძლია ფრანს შევადაროთ. და იმისთვის, რომ ამ ფრანმა იოლად იფრინოს ქარის ნაკადში, ძალიან მნიშვნელოვანია მასალა, რომლისგანაც იგი შედგება. სხვა სიტყვებით, ჩვენი მდგომარეობა ფრანია. და ჩვენ მიჯაჭვულობები გვაქვს. მატერიალური მიჯაჭვულობები ყველაზე მძიმეა. თავად მატერია, ანუ ფორმა თავისი ენერგიებით ძალზე ინერტულია და ძალზე ნელა და ძნელად იცვლება. ადამიანი, რომელიც მატერიას ეჭიდება, ასეთივე შენელებული ხდება. ცხოვრება კი ამასობაში შეიცვალა. შედეგად, ადამიანს არ შეუძლია შეეწყოს ახალ ნაკადს და იძულებულია ძალიან გულმოდგინედ იშრომოს, რომ ცხოვრების ძველი სახე შეინარჩუნოს.

სხვები კი, რომლებიც არ ეჭიდებიან სამყაროს მატერიალურობას, იოლად ეწყობიან ნებისმიერ ვითარებას, და ამასთან მშვიდობიან მდგომარეობაში იმყოფებიან მათთან. და ისინიც შესაბამისად ცხოვრებისთვის ყველაფერ საჭიროს აძლევენ.

კურთხევა ესაა გარკვეული სულიერი მდგომარეობა, რომელსაც ადამიანი ამ ძალასთან ურთიერთქმედებისას ღებულობს. და ქრისტიანობაც შემთხვევით არ მიხსენებია, რადგანაც ცხოვრების ქრისტიანული სახე ამ ძალასთან ურთიერთობას ასწავლის. თუმცაღა ქრისტიანების უმეტესობა ოფლით და დიდი გაჭირვებით მოიპოვებს პურს. რაშია პრობლემა?

როცა მე ვსაუბრობ ცხოვრების ქრისტიანულ სახეზე, მე ვატარებ ყველა რელიგიურ დოგმას და ვტოვებ მხოლოდ პრინციპს, რომლით მოქმედებასაც ქრისტე ასწავლიდა. და ეს პრინციპი ერთია: „დაე, იყოს ნება შენი მიწაზე, ვითარცა ცაში“. ანუ თუ ჩაგივარდათ მობილური, ეს ღმერთის ნებაა. დაამტვრიეთ მანქანა? ესეც მისი ნებაა. ანუ ვღებულობ რეალობას მორჩილად (ჩემს ჯვარს ვატარებ) და არ ვწუწუნებ.

იყო ერთი ისტორია. ძველ დროში ცხოვრობდა ერთი მღვდელი, და მას ბევრი დამჯერი მოსწავლე ჰყავდა. მათ შორის იყო მზარეულიც, რომელსაც ყოველთვის შურის გრძნობა ჰქონდა სხვა მოსწავლეების მიმართ. სანამ ისინი ოსტატთან ერთად ყოფნით ტკბებოდნენ, მას საჭმელი უნდა ემზადებინა. და აი, წყენა იმდენად აუტანელი გახდა, რომ თავისი მასწავლებლის მოწამვლა გადაწყვიტა. მზარეულმა მას კერძი გაფუჭებული ბრინჯისგან მოუმზადა და სანელებლებით შენიღბა მისი სუნი. როდესაც სადილი მასწავლებელს მიართვა, ის მაშინვე მიხვდა, რომ საჭმელი გაფუჭებული იყო. მაგრამ მღვდელმა არ შეიმჩნია და შეჭამა. მომდევნო დღეს ძალზე ავად გახდა კვებითი ინტოქსიკაციის შედეგად.

როცა მზარეულმა დაინახა, როგორ იტანჯება მისი მასწავლებელი, იმდენად შერცხვა, რომ ყველაფრის აღიარება გადაწყვიტა, რათა სინდისის ქენჯნას აღარ შეეწუხებინა.

- ეს მე მოვწამლე ბრინჯი, - აღიარა მოსწავლემ.
- ვიცი, - მშვიდად უპასუხა მასწავლებელმა.
- და თქვენ არ ბრაზობთ ჩემზე?
- არა, რა თქმა უნდა.
- კი, მაგრამ, რატომ?
- ღმერთს რომ ნდომოდა, ნორმალური საკვები მიმეღო, მივიღებდი. მაგრამ, როგორც ჩანს, ღმერთს უნდოდა, რომ მოწამლული ბრინჯი მეჭამა. და მე მივიღე მისი ნება. ასე რომ შენ არაფერში არ ხარ დამნაშავე.

იპოვეთ მორალი? ადამიანთა უმეტესობა ამ ბრძენისგან განსხვავებით სიხარულით იღებს ერთს და არ იღებს მეორეს. ეს მიუღებლობა გონების მატერიალურობის გამოვლინებაა. მიჯაჭვულობა სიმყარისკენ, სტაბილურობისკენ, წარმოადგენენ მატერიის ნიშნებს, რადგანაც ისიც ძალიან სტაბილურია, ნებისმიერი ინერტულობა ასევე მატერიალურობაა. და საქმე ეხება არა მხოლოდ მატერიალურ საგნებს. ჩვენ ვეჯაჭვებით ყველაფერს: საცხოვრებელ ადგილს, შინაურ ცხოველებს, მშობლებს და შვილებს, სამსახურს და დასვენების დღეებს. ეს ყველაფერი ჩვენი გონების მატერიაა. გასაკვირი არაა, რომ ამ ტვირთით ჩვენი ცნობიერების ფრანი ვერ აიჭრება ჰაერში.

დამეთანხმებით: ჩვენ მადლობას ვიხდით, როცა ღმერთი შვილებს გვაძლევს, მაგრამ გვავიწყდება მადლობის გადახდა, როცა იგი გვართმევს მათ. არადა უნდა გადავუხადოთ მადლობა. ასე გვასწავლის ამ არკანის ძალა ცხოვრების კიდევ ერთ წახნაგს. სწორედ ესაა ამ ძალის პრინციპი.

ახორციელებს რა ამ პრინციპს მოქმედებაში, ადამიანი ამ ძალასთან შეწყობას სწავლობს. და თუ ადამიანი არ ეჭიდება მატერიას, მაშინ ერთი მიდის, მეორე კი მოდის. ამასთან ბიბლიაში თითქმის ყველა გვერდზე მსგავსი მაგალითებია მოყვანილი. გახსოვთ, უფალი ეუბნება აბრაამს, რომ მან თავისი ვაჟი მსხვერპლად შესწიროს ღმერთს? და მან უკვე აღმართა მახვილი, როცა ღმერთმა შეაჩერა, დარწმუნდა რა აბრაამის ერთგულებაში და შედეგად დააჯილდოვა იგი.

სხვა შემთხვევაში ღმერთმა ბევრი განსაცდელი გამოუგზავნა იობს, მაგრამ იგი ერთგული რჩებოდა და ეს რომ იხილა, ღმერთმა ათმაგად მიუზღო.
და ასეთი მაგალითი უამრავია. მათი არსი იმაშია, რომ ბიბლიის პერსონაჟები ასრულებდნენ მის ნებას და არ წუწუნებდნენ, სჯეროდათ, რომ ღმერთმა უკეთ იცის, როგორ უნდა განვითარდეს ადამიანთა ცხოვრება.

ახლა რელიგიური კონტექსტიდან მაგიურში გადავიდეთ. ღმერთის ქვეშ შეგვიძლია ვიგულისხმოთ ნებისმიერი ეგრეგორი, რომელშიც ადამიანი შედის. ეგრეგორი ესაა კოლექტიური ცნობიერი, რომელშიც ეს ადამიანია ჩართული. და რადგანაც ეს ცნობიერი მრავალი სხვისგან შედგება, ეს სუპერცნობიერი ღმერთს წარმოადგენს ინდივიდუალურ ცნობიერთან მიმართებაში. აქედან მოდის ანტიკური დროის მრავალღმერთიანობა, ანუ ადამიანები სხვადასხვა ეგრეგორებს, ძალებს ეთაყვანებოდნენ.

ავიღოთ იმ ფირმის ეგრეგორი, რომელშიც ადამიანი მუშაობს. ნაწილობრივ ესეც ღმერთია. დავუშვათ, ეს ეგრეგორი ადამიანს თავისი შემადგენლობიდან აძევებს. და თუ ადამიანი ინარჩუნებს ყურადღებას იმაზე, რომ მას უსამართლოდ მოექცნენ, არ სწავლობს გაკვეთილს და თავისი სამართლიანობის გრძნობის „მატერიალურობას“ ეჭიდება. და ეჯახება იმ ფაქტს, რომ უჭირს ახალი სამსახურის პოვნა. და რატომ უნდა მიიღონ სხვა ეგრეგორებმა თავიანთი ფრთის ქვეშ, თუკი იგი ერთ-ერთი მათგანის ნებას არ იღებს? და აი, ზის კიდეც გაწბილებული.

ხოლო სხვა ადამიანი, რომელიც ღებულობს თავისი ღმერთის ნებას და ერთგულად ემსახურება მას, აუცილებლად იქნება დაჯილდოებული. აქედან მოდის საშინელი სამსჯავროს იდეაც, რომლისგანაც ისინი, ვინც ერთგულად ატარებდნენ თავის ჯვარს, გადარჩებიან.

ამრიგად, ღმერთი მრავალია, ანუ როგორც ჩვენ ვამბობთ, ამ სამყაროს ძალები მრავალია. და 21–ე არკანის ძალა წარმოადგენს იმ ძალას, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, მივიღოთ ყველაფერი აუცილებელი ცხოვრებაში სხვადასხვა ღმერთებისგან. ეს ფსბ-ს გენერლის მოწმობას ჰგავს, რომელიც უზრუნველყოფს მის შესვლას მრავალ ადგილას, სადაც ჩვეულებრივი ადამიანი ვერ მოხვდებოდა.

ახლა ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ მოვათვინიეროთ ეს ძალა.

21-ე არკანის პრაქტიკა

ამ ენერგიებში შესვლის ყველაზე სწრაფი მეთოდი ქრისტიანულ ეგრეგორზე განწყობაა. ამისთვის უნდა იპოვოთ „კარგად ნალოცი“ ქრისტიანული ტაძარი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ იშვიათობაა. იმისთვის, რომ მიხვდეთ, საჭირო ტაძარში მიხვედით თუ არა, საკმარისია ცარიელი ყურადღებით შეხედოთ მას. უნდა მოვიდეს მდგომარეობა, რომელშიც გაიხსნება, რომ ყოველდღიური ცხოვრების ყველა პრობლემა სხვა არაფერია, თუ არა ამაოება, რომელზეც საერთოდ არ გვინდა ვიფიქროთ ამ მომენტში. შემდეგ უბრალოდ უნდა ვჭვრიტოთ ეს მდგომარეობა და ნება მისცეთ მას, რომ თქვენი ცნობიერება გაჟღინთოს. გახსოვდეთ „ეგოს ნების“ წესი, რადგანაც ცვლილებები, რომლებიც შემდეგ მოდის, ხშირად განსხვავდება წარმოდგენაზე იმის შესახებ, რაც ჩვენი შეხედულებით უნდა მოხდეს.

მოგიყვებით ისტორიას, რომელიც მე და ჩემს მოსწავლეებს შეგვემთხვა. ერთხელ რომში სემინარს ვატარებდი. იტალიის შუაგულში ვიყავით და ვატიკანში რომ არ შეგვევლო, უბრალოდ არ შეიძლებოდა. წმინდა პეტრეს ტაძარი ქრისტიანული ეგრეგორის ცენტრია. იქ 21-ე არკანის ენერგია თავზე საყრელადაა! აი, ჩვენც გადავწყვიტეთ მედიტირება. მე ვიპოვე ტაძარში „ძალის ლაქა“, დავსვი იქ მოსწავლეები და არკანის განწყობა მივეცი. მედიტაციის შემდეგ დავიშალეთ.
მე გეგმაში მქონდა, რომ რომის გარეუბანში წავსულიყავი, რათა ზღვაში მებანავა. ივლისი იყო, სიცხე, ამიტომ წყლის მცირე პროცედურა არ მაწყენდა. და ძალიან საინტერესო იყო, თუ როგორ განვითარდა მოვლენები.

ადმინისტრატორები სადგურზე უფრო ადრე მივიდნენ, რომ ბილეთების ყიდვა მოესწროთ, რადგანაც ხშირად ვაგვიანებდით მატარებელზე. მე 20 წუთით გვიან გავედი, მაგრამ უფრო ადრე მივედი, რადგანაც საცობში არ მოვყევი. უფრო მეტიც, მე რომის ტაქსი ჯერ კიდევ ვატიკანში დავიჭირე. არადა ვატიკანის ტაქსი ორჯერ უფრო ძვირი ღირს, მაგრამ იმ დღეს „უბრალოდ მიმართლებდა“. მივედი რა ადრე სადგურზე, გადავწყვიტე ყველასთვის მეყიდა ბილეთები. პირდაპირ თავისუფალ სალაროს მივადექი, ბილეთები ვიყიდე, მატარებელში ჩავჯექით, კარგად დავისვენეთ, გავირუჯეთ და თავს მშვენივრად ვგრძნობდით.

ჩემი მოსწავლეების ჯგუფს კი სხვა ისტორია შეემთხვათ. მანამ, სანამ დავშორდებოდი, ვუთხარი, რომ ყურადღებით ყოფილიყვნენ სიტუაციებთან. რადგანაც „ხალიავა“ უნდა მოსულიყო. თუმცა იმის თქმა დამავიწყდა, რომ პირველ რიგში მისი ნება უნდა შეესრულებინათ.

და აი, მათაც გადაწყვიტეს ზღვაზე ბანაობა. თავიდან ბანკში შევიდნენ, რათა დოლარები ევროზე გადაეცვალათ ბანკომატის მეშვეობით. ისინი მათ გადაუცვალეს, მაგრამ 50%-იანი საკომისიოს ფასად. იმის ნაცვლად, რომ მისი ნება მიეღოთ და უარი ეთქვათ მატერიალურ აზროვნებაზე, დამტვრეული იტალიურით შეეკამათნენ ბანკის ადმინისტრატორს, თავისი ფულის დაბრუნების იმედად. რა თქმა უნდა, ისინი უკან გამოაბრძანეს.

შემდეგ რესტორანში დასხდნენ, რომ ესადილათ, და თითქოს კიდევ უფრო ადასტურებდნენ თავის მატერიალურობასო, შიმშილის გამო თითოეულმა 30 ევროს საჭმელი შეუკვეთა. შედეგად მოუტანეს საჭმლის უზარმაზარი რაოდენობა, რომლის მესამედიც კი ვერ შეჭამეს.

მივიდნენ რა სადგურზე, 20 წუთი ბილეთების რიგში იდგნენ, შემდეგ კი შეცდომით სხვა ბაქანისკენ გაემართნენ. ხოლო როცა მიხვდნენ, რომ მატარებელი სხვა ბაქანიდან გადის, თავქუდმოგლეჯილები ლიანდაგებზე გადარბოდნენ, რომ არ დაგვიანებოდათ. ლიანდაგის ყოველ გადაკვეთაზე ისინი შეეძლოთ 500 ევროთი დაეჯარიმებინათ, მაგრამ აქ უკვე გაუმართლათ, ვერ მოასწრეს მათი დაჭერა, რადგანაც უკვე მიმავალ მატარებელში შეცვივდნენ.

ზღვის ნაპირზე რომ მივიდნენ, მაშინვე საწოლებზე წამოწვნენ. მაგრამ ნურას უკაცრავად, იქიდან გამოაგდეს და აუხსნეს, რომ ეს არ იყო ტურისტული ზონა. მაგრამ რუსების გაგდება ასე ადვილი არაა, ამიტომაც ცოტა მოშორებით სხვა საწოლებზე წამოწვნენ. იქაც იპოვეს. მოკლედ, სამჯერ მაინც გამოაგდეს, სანამ თვინიერად არ გაიშხლართნენ ქვიშაზე რაღაც სანაგვე ყუთის გვერდით.

ამით მათი მოგზაურობა არ დასრულებულა. უკანა გზაზე, ისე რომ კარგად არც კი იყვნენ გამშრალები, სველი ტანსაცმლით მატარებლის პირველ ვაგონში ჩასხდნენ. იქ კი კონდენციონერი იყო ჩართული. რომ არ გაცივებულიყვნენ, მეორე ვაგონში გადაინაცვლეს. პირველ სართულზე (იტალიაში ორსართულიანი მატარებლებია) შუქი არ იყო და ამიტომ მეორე სართულზე ავიდნენ. იქ კი მხოლოდ ერთი ადამიანი იჯდა, რომელიც ბალახს ეწეოდა. გოგონებმა არ მოისურვეს მის გვერდით ყოფნა, ამიტომ მესამე ვაგონში გადაწყვიტეს გადასვლა, მაგრამ კარები ჩაკეტილი აღმოჩნდა. უნდა აერჩიათ: ან პირველ ვაგონში, სადაც ციოდა, ან მეორეში, სადაც ნარკომანი იყო. პირველი აირჩიეს და „ბომჟებივით“ გაზეთებით შეფუთულებმა ჩააღწიეს რომამდე.

ხედავთ, როგორ უცნაურად მუშაობს ეს ძალა? თუ გინდა რომ მართო იგი, უნდა შეესაბამებოდე მას. ასე გვასწავლის სამყარო. და თუ ჩვენ დაბრმავებულნი ვართ ჩვენი მატერიალური მიჯაჭვულობებით, იგი იქამდე გვირახუნებს, სანამ მის ნებას არ მივიღებთ, ან სანამ სხვა ძალის და მისი კანონების სამოქმედო ველში არ გადავალთ.
და ამას არ უხსნიან ეკლესიაში. არ ვიცი რატომ. იქნებ თვითონაც არ იციან. ასე კი, მიუხედავად ღმერთისადმი დახმარების გულმოდგინე თხოვნისა, მორწმუნეები უფრო და უფრო მეტ პრობლემას იღებენ, რადგანაც ჯიუტად არ უნდათ, რომ შეიცვალონ. და როგორ უნდა თქვას ღმერთმა, რომ მათ გონებამდე დავიდეს? ზეცაში ხომ არ გაისმება ხმა?! და აი, ასწავლის კიდეც თავად ცხოვრებით. და ისე გამოდის, როგორც იმ ძველ იგავში, როდესაც წყალდიდობის დროს მორწმუნე სახურავზე იჯდა და იშორებდა ყველა მაშველს იმის იმედად, რომ ღმერთი დაეხმარებოდა. ხოლო როცა დაიხრჩო და მოკვდა, ღმერთმა აუხსნა, რომ სამჯერ ეცადა ამ იდიოტის გადარჩენას, უგზავნიდა რა მაშველებს ნავებით.

ამიტომ, სანამ მედიტაციაზე გადავალთ, მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო. მაგია ეს არაა ჯადოსნური ჯოხი, რომელიც სურვილებს ასრულებს. ეს ცოდნის რეალური სისტემაა, რომელიც საშალებას გაძლევთ, რომ ცხოვრება შეცვალოთ. და ეს ცვლილებები ხდება იმისგან დამოუკიდებლად, თუ რა უნდა ადამიანს. ასეთია კანონი.

გლიფების მნიშვნელობა

მაშ, განვიხილოთ 21-ე არკანის კარტი დაწვრილებით. რას ვხედავთ მასზე?

შიშველი ქალი ცეკვავს გვირგვინის შიგნით, რომელიც წითელი ლენტითაა შეკრული. ქალს ხელებში ორი კვერთხი უჭირავს, სხეულზე კი იისფერი შარფი აქვს შემოხვეული. კარტის კუთხეებში ოთხი თავია გამოსახული. კარტის ფონი ცისფერია და არკანის სახელწოდებაა „სამყარო“. რას ნიშნავს ეს?

ლურჯი ფონი. მნიშვნელობა იგივეა, რაც სხვა კარტებზე. ცნობიერება აქტიურია, რადგანაც ენერგიის უმეტესი ნაწილი მასშია, და არა სხეულში.
შიშველი ქალი. მინიშნება იმაზე, რომ ჩვენ ინტუიტიური აღქმის მდგომარეობაში უნდა ვიმყოფებოდეთ, ანუ, როგორც მე ამას ვუწოდებ, ცნობიერების მარჯვენა ნახევარსფეროს მდგომარეობაში. მამაკაცის შიშველი ფიგურა რომ ყოფილიყო, მინიშნება იმაზე იქნებოდა, რომ ლოგიკის ჩართვა, ანალიზი და ყველაფრის კარგად გააზრებაა საჭირო. მაგრამ ქალის ფიგურა იმაზე მეტყველებს, რომ ყველაფერი უნდა აღვიქვათ ყოველგვარი ანალიზის გარეშე. მსგავსად იმისა, როგორც იღბლიანები ხსნიან თავიანთ იღბალს: მოაქვს და მოაქვს, რატომ, არ ვიცი.

მარჯვენა ნახევარსფეროს მდგომარეობაზე უფრო ზუსტად მე–17 არკანის ასპექტში ვისაუბრებთ.

ქალის ცეკვა. რას ნიშნავს ცეკვა? ესაა რიტმის შესაბამისი მოძრაობა. ამასთან სხეული თავისით ცეკვავს, იგი მხოლოდ უნდა გავუშვათ. ამგვარად, ჩვენს შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ რიტმს ძალა იძლევა. როგორი? ეს ნათქვამია გლიფში „იისფერი შარფი“.

იისფერი შარფი. შარფის ფერი ეს საჰასრარა ჩაკრას ფერია. ამ ჩაკრასთან კი ზედა მიერთება გვაქვს, რომელიც დაკავშირებულია ეგრეგორებთან კავშირზე (დაწვრილებით წიგნში „ოთხი კასტა...“). და მიაქციეთ ყურადღება, თუ როგორაა დახატული შარფი. იგი მთელს სხეულზე გადის. ანუ ეს მიუთითებს, რომ სიგნალი, რომელიც ჩვენში საჰასრარა ჩაკრადან შემოდის, მთელი სხეულის, ყველა ჩაკრის გავლით გაივლის. სხვა სიტყვებით, ჩვენზე მთლიანად მოქმედებს ის ძალა, რომელიც გვმართავს. აზრებიც, ემოციებიც, მოქმედებებიც, და სხეულიც. სწორედ ესაა იმ ძალის ცეკვა, რომელშიც ჩართულები ვართ.

კვერთხები ხელებში. მცირე არკანებს შორის არის კვერთხების მასტი. ეს ჰაერის მასტია. ჰაერი კი ეს ქაოსია. მაგრამ ქაოსი რაღაც გაუგებარია. რაღაც გაუგებარი კი მაგია და სასწაულია. ანუ ქალს ხელში მაგია, ანუ სასწაულები უჭირავს.

მარცხენა ხელი, როგორც პირველი წიგნიდან გვახსოვს გულის, ანუ ემოციების ხელია. ხოლო მარჯვენა - განზრახვის, ანუ მოქმედების. გამოდის, რომ ქალი ცეკვავს, და სასწაულს ეყრდნობა ემოციებითაც და მოქმედებებითაც. სხვა სიტყვებით: „ეშმაკმა იცის, როგორ მუშაობს ღმერთის ნება, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის,შენ გენდობი სურვილებითაც და მოქმედებებითაც“.

გვირგვინი. გვირგვინი ეს ზეციური მანანაა, ანუ ბუნების ძალები. ბუნების ქვეშ უნდა გავიგოთ არა მხოლოდ ბუჩქები და ხეები, არამედ სამყარო მთლიანობაში. ქალაქის ქვის ჯუნგლებიც ასევე ბუნებაა. ანუ ესაა მინიშნება, რომ ჩვენ იმ პირობების შიგნით ვცეკვავთ, რომელშიც ძალამ მოგვათავსა. ასევე გვაჯილდოებს ეს ბუნება თავისი ნაყოფებით ჩვენი ცეკვისთვის.

წითელი ლენტი გვირგვინზე. როგორც გვახსოვს, წითელი ფერები ტაროში სექსუალური ენერგიებია. სხვა სიტყვებით, აქ ჩვენი სექსუალური ენერგია ბუნების ძალებზეა მიმაგრებული.

ოთხი თავი. ეს მაგიური ცხოველების თავებია. საერთოდ თავი ეს ისაა, რასაც ფიქრობს, რასაც აღიქვამს ადამიანი. აქ სამი თავი ცხოველისაა და ერთი ადამიანის. შესაბამისად აქაა მითითება, რომ უნდა ვიფიქროთ ან აღვიქვათ ოთხი მიმართულებით. პირველი სამი თავი (ლომი, ხარი და არწივი) მიუთითებენ სამი ძირითადი კოორდინატის: სიგრძის, სიგანის და სიმაღლის, ანუ სივრცის აღქმაზე. ადამიანის თავი მიუთითებს მეოთხე კოორდინატზე - დროზე. ანუ აქ მინიშნებაა იმაზე, რომ გავაფართოოთ ჩვენი აღქმა, და არ ვიყოთ სულელებივით, როგორც ცხოველები სამგანზომილებიან სამყაროში.

კარტის დასახელება. ტერმინი „სამყარო“ შეგვიძლია სხვადასხვანაირად გავიგოთ. კლასიკურ ვარიანტში მას ინგლისურად თარგმნიან სიტყვით „World”და მიუთითებენ იმაზე, რომ სწორედ სამყაროა ის ძალა, რომელთანაც ურთიერთქმედებს ადამიანი. მაგრამ მე უფრო მომწონს თარგმანი სიტყვით „Peace”, ანუ მშვიდობა. ამ შემთხვევაში უნდა გვესმოდეს, რომ მოცემული ადამიანი სამყაროსთან მშვიდობიან ურთიერთობაში იმყოფება, და კონფლიქტი არ აქვს მასთან.

ამგვარად, როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი პრაქტიკაში? ჩვენ აქტიურები ვართ ცნობიერებით და არა სხეულით. სხვა სიტყვებით, თავი არაა დაღლილი და ფხიზელია. შევდივართ ცნობიერების მარჯვენა ნახევარსფეროს მდგომარეობაში იმის ხარჯზე, რომ ვწყვეტთ საკუთარი თავისთვის ყველაფრის ახსნას. შემდეგ ვიწყებთ ჩვენი ცნობიერების გაფართოებას ყურადღების შენარჩუნებით გარესამყაროში დროის შეგრძნებაზე. ვიწყებთ სამყაროს რიტმის შეგრძნებას. აქ აუცილებელია ვთქვათ ის, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, სად იმყოფებით ამ მომენტში. თუ იმყოფებით ეკლესიაში, ეს ერთი რიტმია, სამსახურში - მეორე. თქვენში სწორედ ის რიტმი გაივლის, რომლის სფეროშიც იმყოფებით. შემდეგ უნდა მიეცეთ ამ რიტმს, და დაეყრდნოთ მოქმედებებითაც და გრძნობებითაც იმას, რომ ღმერთის ნება ისე აღსრულდება, როგორც უნდა აღსრულდეს. გვირგვინი ისაა, რაც თქვენთან მოფრინდება. ანუ სიტუაციები სხვადასხვაა. ჩვენ კი გვახსოვს, რომ ჩვენი სექსუალური ენერგია ამ გვირგვინზეა მიმაგრებული. რას ნიშნავს ეს?

თავდაპირველად გავერკვეთ, თუ რას ნიშნავს სექსუალური ენერგია? ეს არაა მხოლოდ გამრავლების სურვილი. ამ ენერგიაზე ჰკიდია ყველა ჩვენი „მინდა“. ანუ „მინდა მანქანა“ ეს სექსუალური იმპულსია. „მინდა ზაფხული“ იქიდანვეა. „მინდა ფული, დასვენება, ახალი კაბა...“ - ყველაფერი ეს სექსუალური ენერგიიდანაა წარმოებული. ამიტომაც, როდესაც ვღებულობთ იმას, რაც გვინდა, განსაკუთებულ სიამოვნებას ვგრძნობთ. ეს სწორედ სექსუალური კაიფია.

ასე რომ, წითელი ლენტი გვირგვინზე მეტყველებს იმაზე, რომ ყველა ჩვენი სურვილი მისი ნების სურვილებია. ანუ მე არ მინდა არაფერი, რაც ღმერთს არ უნდა. თუ მას უნდა, რომ მანქანა მომტაცონ, ესე იგი მეც მინდა ეს. ამის მიღწევა ძალზე ძნელია პრაქტიკაში, მაგრამ სწორედ ეს გვაძლევს ყველაფერ აუცილებელს. სხვა სიტყვებით, თუკი შეგვიძლია 21-ე არკანის ძალასთან თანხმობაში ვიცხოვროთ, ეს საშუალებას გვაძლევს, რომ ცხოვრებისთვის ყველაფერი აუცილებელი გვქონდეს, ამასთან ეს აუცილებელი თავისით მოდის. ჩვენთვის მთავარია, ღმერთთან რიტმში ვიცეკვოთ.

მედიტაცია არკანზე

დახუჭეთ თვალები. გაასუფთავეთ გონება ნებისმიერი ფიქრისგან იმ განზრახვით, რომ მიეცეთ იმ ძალის რიტმს, რომელიც თქვენში გაივლის. მიაღწიეთ მატერიისგან დამოუკიდებლობის მდგომარეობას. ესაა მდგომარეობა, როდესაც ყოველდღიური ცხოვრებიდან არაფერი არ გაღელვებთ (გლიფი - ლურჯი ფონი).
შემდეგ განეწყვეთ გარესამყაროზე (გლიფი - ცხოველთა სამი თავი). უბრალოდ გონებრივად გააფართოეთ ყურადღება გარემომცველ სივრცეზე.

შემდეგ განეწყვეთ დროის შეგრძნებაზე (გლიფი - ადამიანის თავი). იგრძენით მისი განგრძობადობა. სწორედაც რომ იგრძენით და წამებს და წუთებს ნუ დაუწყებთ თვლას. შეიგრძენით, რომ მთელი გარესამყარო, და თქვენც მასთან ერთად, დროში მოძრაობთ.

გამორთეთ აზროვნება და ჩართეთ აღქმა (გლიფი - შიშველი ქალი). გახდით მიმღები არსება, ამასთან ნუ მოახდენთ იმის ანალიზს, რასაც აღიქვამთ. სხეული შესაძლოა მრავალმა შეგრძნებამ მოიცვას. თქვენ არ უნდა იფიქროთ იმაზე, თუ რა შეგრძნებებია ეს. არიან და იყვნენ.

მდგომარეობას, რომელიც გაჩნდება, უნდა დაემორჩილოთ. ესაა რიტმი, ესაა ძალა, რომელიც თქვენში შემოდის (გლიფი - იისფერი შარფი). არ იფიქროთ, თუ როგორ დაემორჩილოთ, უბრალოდ დაემორჩილეთ. გაუშვით საკუთარი თავი. თუ მოძრაობა მოგინდებათ, იმოძრავეთ. შედეგად შეიძლება დინამიური მედიტაცია გამოვიდეს. და ნუ გაგიკვირდებათ, თუ შეგრძნებები კარგად შეაჯანჯღარებენ თქვენს სხეულს. გინახავთ, როგორ დევნიან ქრისტიანულ ტრადიციაში ეშმაკებს ადამიანისგან, და როგორ იკლაკნება იგი ამ დროს? სწორედ ესაა შემომავალი სიგნალი, ოღონდ ძალიან ძლიერი.

ყველა ეჭვი, რომელიც პროცესში გაჩნდება, უნდა მოიშოროთ. ემოციებით და მოქმედებებით ამ ძალას ვეყრდნობით (გლიფი - კვერთხები ხელებში). ანუ თქვენ უნდა შეიგრძნოთ შინაგანი თანხმობა სამყაროს ძალასთან და ამასთან ემოციურად მასთან თანხმობაში მოქმედებისთვის უნდა იყოთ მზად.

ყველა სურვილი მის ნებას ეძლევა (გლიფი - წითელი ლენტი გვირგვინზე). ანუ: მინდა მხოლოდ ის, რაც ჩემთვის ზემოდანაა გათვალისწინებული.
შედეგად, მიღებული მდგომარეობა დაიწყებს ცხოვრებაში თქვენი მოძრაობის მართვას ამ ძალის მიმართულებით. მზად იყავით მისი ნებისთვის, როგორიც არ უნდა იყოს იგი.

21-ე არკანის სიდჰა

ამ არკანის სიდჰას წარმოადგენს ყველაფერი აუცილებელის მიღება. თუკი ისწავლის იმ ძალის ნების შესაბამისად ცხოვრებას, რომელშიც ჩართულია, ადამიანს აღარ მოუწევს აუცილებელზე ზრუნვა. ყველა აუცილებელი სიკეთე, რაც მას გზაზე დაეხმარება, თავისთავად გამოჩნდება. გაუმართლებს ისე, როგორც არასოდეს გამართლებია. მაგრამ ეს არაა გამართლება კაზინოში. თუკი ეცდებით, რომ ამ ძალის ხარჯზე გამდიდრდეთ, მაშინვე ცხვირ-პირში მოგხვდებათ. რადგანაც დაარღვევთ მითითებას გლიფისა - წითელი ლენტი გვირგვინზე. აქედანაა უქორწინობის აღთქმა ქრისტიანულ ტრადიციაში, ასევე სხეულის დამორჩილების სხვადასხვა პრაქტიკები, რათა საკუთარმა „მინდამ“ არ გამოგვაგდოს ძალის არხიდან. არ დაგავიწყდეთ: „ჩემი სურვილი“ ისეთივე უნდა იყოს, როგორიცაა იმ ძალის სურვილი, რომელიც მოცემულ მომენტში მე მმართავს.

თუკი ისწავლით, რომ სხვადასხვა ძალთა მსგავსი ნაკადები იგრძნოთ ხოლმე, ყველგან შეძლებთ იპოვოთ სარგებელი, მაგრამ მხოლოდ იმდენი, რამდენიც აუცილებელია. დავუშვათ, მოსკოვიდან პეტერბურგში გსურთ წასვლა, ბილეთის ფული კი არ გაქვთ. თქვენ უბრალოდ დგებით ლენინგრადის ტრასის ნაპირას და შედიხართ ამ მდგომარეობაში. ამ არკანის სიდჰას მეშვეობით გამვლელი მანქანა აუცილებლად გაგიჩერებთ, თანაც მაშინვე. ნუ დაელოდებით ლიმუზინს. ძველი „შესტიორკითაც“ შეიძლება პიტერამდე ჩაღწევა. მაგრამ ნუთუ ჩვენთვის ამას მნიშვნელობა აქვს? ყველაფერი მისი ნებაა, და მე მორჩილად ვიღებ მას, რადგანაც ეს ჩემი ცეკვაა ღმერთთან.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff