მე–11 არკანი. „კანონი“
მე–11 არკანი. „კანონი“. ძალა, რომელიც წესებს ამყარებს
გახსოვთ, ვოლანდის და ბერლიოზის საუბარი? როცა წავიდა კამათი იმის შესახებ, არსებობს თუ არა ღმერთი, ბერლიოზმა თქვა, რომ იგი არ არსებობს და ყველაფერს თავად ადამიანი მართავს. ვოლანდმა კი უპასუხა, რომ მართვისთვის საჭიროა გეგმა თუნდაც რაღაც ვადით, მაგალითად 1000 წლით, მაშინ, როცა ადამიანი იმასაც კი ვერ იტყვის, თუ რა მოუვა უახლოეს საღამოს.
მე–11 არკანის ძალაა სწორედ ღმერთის ის ძალა, რომელიც წყვეტს, რა უნდა მოხდეს და რა არა. ოღონდ ეს უნდა გავიგოთ არა როგორც კონკრეტული სიტუაციების სცენარი, არამედ როგორც ერთგვარი შაბლონი, წესები, რომლითაც უნდა დალაგდეს მოვლენები. კანონი, რომელსაც ყველაფერი ემორჩილება.
იცით, გარშემომყოფი სივრცე ასე სწორედ იმიტომ ფუნქციონირებს, რომ არსებობს კანონი, რომლის მიხედვითაც იგი ასე ფუნქციონირებს. და ეს კანონი ადამიანებს არ შეუქმნიათ, არამედ თავად სისტემამ შექმნა. სისტემის ქვეშ აქ უნდა ვიგულისხმოთ ეგრეგორები, რომლებშიც ჩართულია ადამიანი, იქნება ეს ქვეყანა, რელიგია თუ თქვენი სამსახური, ყველგან არსებობს უმაღლესი ნება. და ეს ნება მე–11 არკანის სფეროში ფორმირდება.
სეფიროტის ხის პოზიციიდან, მე–11 არკანი ჰაერის სტიქიის სფეროშია (მარცხნივ, თუკი ზურგით შემოვტრიალდებით და აზრობრივად ხის ადგილას დავდგებით). ხოლო ჰაერი ესაა ქაოსი, განუსაზღვრელობა. მაგრამ იგივე ნაწილობრივ მომავალსაც ეხება. და მაინც, მომავალი არ ჩნდება ქაოტურად და შემთხვევით. არსებობს წესები, რომლებითაც მომავალი ჩნდება. ეს სამყაროს მოწყობის პრიორიტეტებს ჰგავს. მას მომავალზე ასევე აქვს გეგმები, და იგი იცავს ერთგვარ წესებს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ამ მომავლამდე მისვლა. ამ პროცესს ეწოდება ქაოსიდან წესრიგის შექმნა.
ეს რომ უფრო ადვილად გაიგოთ, წარმოიდგინეთ, რომ სისტემა ეს თქვენ ხართ. და გადაწყვიტეთ, რომ ხვალინდელი დღე დაგეგმოთ. ხვალე ჯერ არ დამდგარა, და ფიქრობთ, რა უნდა გავაკეთო? ფაქტიურად, ნებისმიერი რამის გაკეთება შეგიძლიათ. და აი, ჩამოწერეთ საქმეების სია: უნდა წახვიდეთ მაღაზიაში, დაალაგოთ სახლი, შეხვდეთ მეგობრებს და ა.შ.
როცა ხვალინდელი დღე დგება და თქვენს დღევანდელ დღედ იქცევა, თქვენ იწყებთ თქვენი წესებით მოქმედებას. ქაოსიდან, ანუ მილიონი ვარიანტიდან, თქვენ აირჩიეთ რაღაც კონკრეტული და წესრიგად აქციეთ ეს ყველაფერი. სწორედ ესაა კანონი.
მე–11 არკანი წარმოადგენს სივრცის ისეთ ზონას, სადაც ეს კანონი ფორმირდება. ეს რაღაც საწყობის მსგავსია, სადაც არსებობს მილიონობით კანონი, მაგრამ ყველა შესაძლო ვარიანტიდან ეს ძალა ირჩევს რაღაც კონკრეტულს სისტემის საჭიროებისამებრ. მაგრამ რადგანაც სისტემა მრავალი ეგრეგორისგან შედგება, ყოველ მათგანში შესაძლებელია თავისი კანონები იყოს.
მაგალითის სახით ავიღოთ ქალაქი. ქალაქი ასევე სისტემაა, რომელშიც მრავალი ეგრეგორი არსებობს: წარმოებები, სავაჭრო ცენტრები, დასვენების ადგილები, რელიგიური ცენტრები. და ყველა ამ ადგილს თავისი წესები აქვს, რომლითაც ადამიანები მოქმედებენ.
გააკეთეთ ასეთი პრაქტიკა: გაიარეთ აბსოლუტურად სხვადასხვა ენერგეტიკის მქონე რამდენიმე ადგილას. მაგალითად, დაიწყეთ სავაჭრო ცენტრით. როდესაც მიხვალთ, დააკვირდით ადამიანებს. დაკვირვება დიდხანს მოგიწევთ, რომ დაინახოთ, როგორ რეაგირებენ ადამიანები გარშემომყოფ სივრცეზე. შეამჩნევთ, როგორ ზემოქმედებს თავად ადგილი ადამიანის გონებაზე. ძალიან გაგიმართლებთ, თუკი ვინმე „შოფოჰოლიკს“ იპოვით. გაჰყევით და დააკვირდით მის ქცევას. სავაჭრო ცენტრი, მისი ეგრეგორი, უბრალოდ შეიპყრობს მას, ყველა მაღაზიას მოატარებს და მთელ ფულს დაახარჯვინებს.
შემდეგ შედით კაფეში და დააკვირდით იქ მყოფ ადამიანებს. იქ უკვე სხვა კანონია, რომელიც ადამიანებს სხვა სახის მოქმედებებისკენ უბიძგებს.
შემდეგ ეკლესიაში შედით და ახლა უკვე აქ დააკვირდით ხალხს. სრულიად სხვა წესებს იგრძნობთ, და ეს წესები განსაზღვრულ განწყობას ქმნიან ადამიანებში.
და კიდევ უკეთესია, თუკი თან წაიყვანთ მეგობარს და მოატარებთ ყველა ამ ადგილს რაიმე უწყინარი საბაბით. და დააკვირდით თქვენს მეგობარს, მისი ქცევისა და განწყობის ცვლილებებს. ასე გაგიჩნდებათ წარმოდგენა, როგორ მოქმედებს ამა თუ იმ ეგრეგორების კანონი.
მაგრამ თუკი ჩვეულებრივ ადამიანებს შეუძლიათ, რომ მხოლოდ დაემორჩილონ ამ კანონებს, მაგებს უკვე მათი მართვა შეუძლიათ, ზოგიერთს კი ახალი კანონების შექმნაც. და მიუხედავად ამისა, მაგი აცნობიერებს, რომ ახალი წესების დაწერისას, იგი უკვე არსებულ სისტემაში წერს მათ, და მისი წესები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს სისტემის წესებს.
ამიტომ პირველი, რაც მე–11 არკანში შესვლისას ხდება ესაა შემოწმება იმ ეგრეგორის კანონთან შესაბამისობაზე, რომელშიც მაგი ამ ძალას იძახებს. თქვენ ყველამ იცით ასეთი ფუნქციის შესახებ სხვადასხვა დაწესებულებებში, როგორიცაა ფეის-კონტროლი და დრეს-კოდი. იგივე ხდება ცნობიერების დონეზეც. ძალა ამოწმებს, კანონიერია თუ არა მოცემული ცნობიერება ამ ტერიტორიაზე. და თუ არაა, მაშინ სისტემა ყველა შესაძლო ძალისხმევას გამოიყენებს, რომ უკანონო ელემენტი მოიშოროს.
შეიძლება ითქვას, რომ ამ არკანის მთელი მაგია საკუთარ თავში ამ სიგნალის შენარჩუნებასა და გატარებაში მდგომარეობს. თუკი მაგი ამას გააკეთებს, იგი მაშინვე ამ კანონის მატარებელი ხდება. და ახლა უკვე კანონი დაიცავს მას. თუკი ვინმე გადაწყვეტს, რომ ამ მაგს ქვა ესროლოს, მაშინ მაგს კი არა, თავად სისტემას ესვრის, ეგრეგორს, კანონს, შეიძლება ითქვას ღმერთს. ღმერთი კი არ დაიწყებს გარჩევას, ვინ აურია პირველმა. მაგი შეესაბამება ამ კანონს, ქვის მსროლელი კი - არა. ე.ი. მეორე მოსაშორებელია. და ეს მოშორება სასტიკი იქნება.
ამიტომ ამ არკანის ძალას ხშირად იყენებენ, როგორც დაცვას. მაგალითად, ხშირად გსმენიათ, რომ ბავშვის მონათვლა ეკლესიაში დაცვას აძლევს მას. ეს სიმართლეა, მაგრამ ზუსტად იქამდე, სანამ ბავშვი რელიგიურ ეგრეგორს შეესაბამება. და სანამ ბავშვი პატარაა, ამ ეგრეგორს მისი მშობლები უნდა შეესაბამებოდნენ. მათ უნდა შეასრულონ ყველა საეკლესიო რიტუალი, ილოცონ, იმარხულონ, ეზიარონ და ა.შ. როგორც კი გაიფიქრებენ სხვა რელიგიაზე, მაშინვე გამოდიან ეგრეგორის კანონიდან, და შედეგად - მისი დაცვიდან.
დაცვის ძალა დამოკიდებულია ადამიანის მნიშვნელობაზე ეგრეგორის შიგნით. ერთხელ შემთხვევით ტვ-ში ვნახე პატრიარქ ალექსი II-ს დაკრძალვა. ავტომობილს, რომლითაც მისი კუბო მიჰქონდათ, ოთხი შეიარაღებული მამაკაცი იცავდა, რომლებიც ნელა მიმავალ ავტომობილს სირბილით მიჰყვებოდნენ. თითქოს, რა უნდა დაუშავონ გარდაცვლილს? მაგრამ რადგანაც არსებობს სისტემის ინერცია, მისი მოქმედებები დროში გრძელდება, სანამ ინერცია არ ჩაქრება. ეს წესი საპირისპირო მიმართულებითაც მოქმედებს. თუკი სისტემა რაღაცისთვის გირტყამთ, შესაძლოა უკვე მიიღეთ საზღაური, მაგრამ ინერციით კიდევ 10 წელი გხვდებათ პანღურები. როგორც ლათინურ ანდაზაშია ნათქვამი: „კანონი სასტიკია, მაგრამ ის კანონია“. ასე რომ, ჯობია არ ეხუმროთ მას.
ამ არკანის ძალის საკუთარ თავში გატარებით, მაგი უფრო და უფრო იწყებს შესატყვისებას იმ კანონებთან, რომლებშიც ჩართულია. მისი მასა ეგრეგორის შიგნით იზრდება, რაც შესაძლებლობას აძლევს მას, რომ გარეთ და სივრცის ნებისმიერ წერტილში გაატაროს ეს კანონი. მაგალითად, ვინმე ქრისტიან მაგს შეუძლია მივიდეს მუსლიმის ტერიტორიაზე და ისინი ქრისტეს იწამებენ. და პირიქით, მუსლიმ წმინდანს შეუძლია სხვა რელიგიის მიმდევრები თავის კანონზე გადაიყვანოს.
ეს უნარი ასევე სასარგებლოა ბიზნესმენებისთვის. მრავალი ბიზნესმენი კარგავდა თავის ბიზნესს მხოლოდ იმის გამო, რომ სამსახურში აყავდათ ის ადამიანები, ვისი შინაგანი კანონიც მხოლოდ ქაოსს და ნგრევას თესავდა. ოლიგარქი ბერეზოვსკი ამბობდა, რომ თუკი შენს გუნდში იქნება ადამიანი, რომელიც არ იზიარებს საქმისადმი შენს რწმენას, ყოველგვარი შეცოდების გარეშე უნდა გააგდო იგი. ბიზნესის შექმნა ესაა კანონის შექმნა, რომელსაც თქვენი კლიენტები თქვენი პროდუქციის ან მომსახურების გამოყენებისას დაიცავენ. და თუკი ტოპ-მენეჯერებს შორის არის სხვა კანონის გამტარი, მას შეუძლია ყველაფერი გაანადგუროს.
ამ არკანის ძალა შესაძლებლობას გაძლევთ, რომ დამუხტოთ სხვები იმ წესებით, რომლებსაც თქვენ იცავთ. მაგალითის სახით შეგვიძლია მოვიყვანოთ სტივ ჯობსი. მაგალითად, მის კომპანიაში არ იყო PR-განყოფილება, მთელ რეკლამას იგი თავად აკეთებდა. იგი უბრალოდ გამოდიოდა ახალი პროდუქტით და ამბობდა რაღაცას, მეორე დღეს კი ნახევარი მსოფლიო ყიდულობდა ამას.
და თუკი თქვენ გარშემო ქაოსი, ალკოჰოლიზმი, ძალადობა და ავადმყოფობებია, იქნებ პრობლემა სამყაროში კი არა, იმაშია, რომ თქვენ რაღაც უცნაური კანონის გამტარი ხართ? ძალიან ხშირად ადამიანებს არანაირი წესები არ გააჩნიათ. ისინი უბრალოდ ცხოვრობენ. მაპატიეთ ტავტოლოგიისთვის, მაგრამ მათი ცხოვრება საშინელია.
შექმენით თქვენი შინაგანი კანონი, შინაგანი წესები, შემდეგ კი მიჰყევით მათ საკუთარი სიცოცხლის საფრთხის ქვეშაც კი, და მაშინ თქვენი ცხოვრება შეიცვლება. მე–11 არკანის ძალა კი შესაძლებლობას მოგცემთ, რომ საკუთარი კანონის უფრო ძლიერი გამტარი გახდეთ.
გლიფების გაშიფვრდა
კარტზე ჩვენ ვხედავთ ქალს, რომელიც წითელ სამოსშია და ტახტზე ზის. თავზე გვირგვინი ახურავს, ცენტრში ძვირფასი ქვით. მარცხენა ხელში სასწორი უჭირავს, მარჯვენაში კი – მახვილი. მის უკან ორი კოლონაა, რომელთა შორისაც გადაჭიმულია ქსოვილი, და იგი რაღაცას ფარავს. ნახატის ფონი ყვითელია.
ყვითელი ფონი. ეს ფერი მიუთითებს მანიპურა ჩაკრას ფერზე, რომელშიც ნება იმყოფება. ანუ კანონი ესაა სისტემის ნება. ასევე ეს მიუთითებს იმაზე, რომ ეს ენერგიები ყველაზე აქტიური დღისითაა. აქედან გამომდინარე დანაშაულების უმეტესობა ღამით ხდება, რათა სისტემამ „ვერ დაინახოს“ ისინი.
ქალი. ეს თავად სისტემაა, ასევე მინიშნება იმაზე, რომ ჩავრთოთ ინტუიცია. კანონის ლოგიკით გაგება შეუძლებელია. მხოლოდ ინტუიციით.
გვირგვინი ძვირფასი ქვით. ამ შემთხვევაში გვირგვინი წარმოადგენს კანონში ჩართულობას, ანუ აქტიურ ზედა მიერთებას, ხოლო ძვირფასი ქვა აჯნა ჩაკრას აქტიურობას. ასევე არის გულსაბნევი ტანსაცმელზე, ყელის მიდამოში. ყველა ეს ელემენტი ზედა ჩაკრების აქტივობას აღნიშნავს, რაც მიუთითებს საკმაოდ მძლავრ ცნობიერებაზე. ეს მეტყველებს იმაზე, რომ თუ ცნობიერება სუსტია, არანაირი მართვა არ იქნება. კანონი მხოლოდ ძლიერებს ემორჩილება.
სასწორი მარცხენა ხელში. მარცხენა ხელი ესაა ემოციები. ხოლო სასწორი, ერთი მხრივ, - სისტემის ინსტრუმენტია, რათა შესაბამისობაზე შეამოწმოს, ხოლო მეორე მხრივ - სასწორი, როგორც მოწყობილობა, როგორც დინამიური სისტემა. ანუ ემოციები დინამიკაში, ქაოსში. ხოლო ქაოსი ესაა ამოუცნობი, განუსაზღვრელი. ამის განმარტება შეიძლება ასე, რომ კანონს არ გააჩნია ემოციები, ამიტომ თავს ვერ შეაცოდებ.
მახვილი მარჯვენა ხელში. მარჯვენა ხელი ქმედებებია. ხოლო მახვილი ერთი მხრივ მიუთითებს იმაზე, რომ შეუსაბამობის შემთხვევაში თავს წაგაცლიან, ხოლო ტაროს სიმბოლიზმის თვალსაზრისით, მახვილი ცეცხლის სტიქია, ანუ ენერგიაა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ კანონი ზემოქმედებს ენერგიით წესების დარეგულირებისთვის.
წითელი ტანსაცმელი. წითელი ფერი, როგორც უკვე ვიცით, სექსუალური ენერგიების სიმბოლოა. ქალი მთლიანად წითლებითაა შემოსილი, რაც მეტყველებს იმაზე, რომ მთელი სექსუალური ენერგია კი არ იხარჯება, არამედ სუბლიმირდება, რაც გარკვეულ აგრესიულობას ანიჭებს კანონს. აქედან ცხადი ხდება, რატომ ამბობს უარს მრავალი წმინდანი სექსუალურ ცხოვრებაზე: რათა მთელი კანონის გამტარნი გახდნენ. იგივე ისტორიაა ბიზნესმენების შემთხვევაშიც. ხშირად სამუშაოს შემდეგ მათ უკვე ძალა აღარ რჩებათ სასიყვარულო თამაშებზე. მაგრამ ახალ სამუშაო დღეს ისინი ატომური რეაქტორივით აქტიურები არიან. ეს ასევე მიუთითებს იმაზე, რომ თუკი არ შეგიძლიათ თქვენს სექსუალურ სურვილებთან გამკლავება, ამ ძალას ვერ დაიმორჩილებთ.
ტახტი. ქალი ტახტზე უძრავ მდგომარეობაში იმყოფება. ერთი მხრივ, ეს მიუთითებს ერთგვარ სტაბილურობაზე, ანუ საჭიროა დიდი ხნით და უძრავ მდგომარეობაში მედიტაციაში ჯდომა, რაც მეტყველებს სამუშაოს ხანგრძლივად შესრულების უნარზე. მეორე მხრივ კი, ეს მიუთითებს კანონის ურყევობაზე.
ორი სვეტი. ერთი სვეტი ადამიანთა კანონის სიმბოლოა, ხოლო მეორე - ბუნების კანონის, ღმერთის კანონის. ანუ ხილული კანონი და უხილავი კანონი.
ქსოვილი სვეტებს შორის. ქსოვილი ფარავს ღვთაებრივ კანონს და მათ, ვინც მისი გამტარია. ესენი ის რუხი კარდინალები არიან, რომლებიც სცენის უკან იმყოფებიან. ასევე ამას განმარტავენ, როგორც ქაოსის სფეროს, ანუ ვარიანტთა, კანონთა ველს, რომლებსაც ვერავინ ხედავს.
არკანში შესვლისას მაგი თავდაპირველად გადის ტესტს შესაბამისობაზე. სისტემა ახდენს მის იდენტიფიკაციას და ყველაფერ ზედმეტს აჭრის. აქ უბრალოდ მოთმინებით უნდა გაუძლოთ ამ მომენტს და ბოლომდე გააიგივოთ თავი სისტემასთან. უნდა მოაშოროთ საკუთარი ინდივიდუალური „მე“ და გახდეთ ერთიანი კანონი.
შემდეგ იწყება ამ კანონთან შესაბამისობაში ცხოვრება. რაც უფრო ძლიერ და დიდხანს შეესაბამება ადამიანი მას, მით უფრო მეტად აგროვებს ამ ძალას. ეს ავტომატურად ცვლის მაგის აღქმას და მის უნარებს გარესამყაროს შეფასებაში. იგი იწყებს სივრცის „კანონიერი“ და „უკანონო“ ელემენტების შეგრძნებას. მოცემული უნარი საშუალებას აძლევს, რომ განალაგოს კანონი, რომელზეც გარშემომყოფები გადაეწყობიან.
მედიტაცია არკანზე
მანამ, სანამ ამ ძალაში შეძვრებით, თავადვე უნდა იყოთ საკმარისად „გახურებული“. საკუთარი ინერციის გადალახვა შესაძლებელია სექსუალური ენერგიის დაგროვებით. საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე უარი თქვით საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებაზე. მაგრამ ამასთან გახსოვდეთ, რომ ისინი კი არ უნდა დათრგუნოთ, არამედ თითქოს გადაავადოთ. მოვა დრო, და დავიკმაყოფილებ ჩემს სურვილებს, მანამდე კი ამ ენერგიას სხვა რამისთვის გამოვიყენებ.
როდესაც დააკვირდებით საკუთარ თავს ცხოვრების ასკეტურ პერიოდში, იგრძნობთ, როგორი „ლომკები“ გექნებათ დაუკმაყოფილებლობისგან. ერთი მხრივ, ამას შეუძლია ბოსტნეულად გაქციოთ, მეორე მხრივ კი, კარგ აგრესიულობას მოგცემთ, მე ვიტყოდი მრისხანებასაც, რომელიც შეგიძლიათ საქმისკენ მიმართოთ. ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოთ უმოქმედოდ „ლომკის“ პროცესში. აკეთეთ რამე. დაკავდით სპორტით, იმედიტირეთ, ისეირნეთ. სექსუალურმა ენერგიამ უნდა იმუშაოს, მაგრამ არ უნდა გამოიტყორცნოს გარეთ, და არც დაგუბებისგან არ უნდა ჩამყაყდეს.
ამ პერიოდის დასასრული გვაგონებს ვეფხვის მდგომარეობას ნახტომის წინ. იგრძნობა დიდი ძალა, ამასთან აგრესიული ძალა, რომელიც სადღაც უნდა მივმართოთ. აი, ამ მდგომარეობიდანაა შესაძლებელი არკანში შესვლა.
თავდაპირველად უნდა აირჩიოთ კანონი, რომლის გამტარიც გსურთ, რომ გახდეთ. დავუშვათ, ეს თქვენი სამსახურია. განმარტოვდით. დაჯექით ისე, რომ მზად იყოთ, ამ პოზაში საკმაოდ დიდხანს გაძლოთ.
დახუჭეთ თვალები და გამორთეთ შინაგანი დიალოგი. შედით ცნობიერების მარჯვენა-ნახევარსფეროს მდგომარეობაში (იხ. მე–17 არკანის განყოფილება). ამ მდგომარეობაში იჯექით საკმარისად დიდხანს, სანამ ამ ყველაფრის მიგდების სურვილი არ მოვა. ეს სურვილი, ისევე როგორც მრავალი სხვა, წარმოადგენს ბლოკს სექსუალური ენერგიის გზაზე. უნდა გაუძლოთ მას, სანამ რისხვის მდგომარეობა თქვენს სხეულს არ აღავსებს (გლიფი - წითელი ტანსაცმელი).
შემდეგ განეწყვეთ საკუთარ სამსახურზე. უბრალოდ გაიხსენეთ ის შეგრძნებები, რომლებიც სამსახურში გაქვთ (გლიფი - სვეტები). ბოლომდე უნდა ჩაერთოთ საკუთარი სამსახურის კანონში (გლიფი - გვირგვინი). ეს მორიგ „ლომკას“ გამოიწვევს, რაც ნიშნავს შესაბამისობაზე შემოწმებას (გლიფი - სასწორი).
შემდეგ შესაძლოა გაჩნდეს სხვადასხვა შეგრძნებები: რომ გატრიალებენ, გაბზრიალებენ, გწურავენ და ა.შ. ამ დროს ხდება ზედმეტის მოკვეთა, იმის, რაც შეუსაბამოა (გლიფი - მახვილი).
გახსოვდეთ, მთელი მედიტაციის განმავლობაში ცდილობთ, რომ თავი ქალთან, ანუ სისტემასთან გააიგივოთ. თქვენ უკვე აღარ ხართ ადამიანი, არამედ სისტემა ხართ, რომელშიც არაა ემოციები, არაა ლოგიკა, არამედ არის მხოლოდ წესები, არის მხოლოდ მისი კანონი. ამიტომ ნუ შეეწინააღმდეგებით ცვლილებებს და სხვა უსიამოვნო შეგრძნებებს. თუკი დაიწყებთ რაღაცის „ნდომას“ ან „არნდომას“ როგორც ადამიანი, ამ ყველაფერს მახვილით მოგაჭრიან. თქვენ უკვე აღარ ხართ. თქვენ ხართ სისტემა, თქვენ ხართ ადგილობრივი ღმერთი (ეგრეგორი).
საკუთარი თავის შეგრძნება რაღაც სხვად, არა ადამიანად, არამედ ძალად, აუცილებლად უნდა გაჩნდეს. თქვენ ამას მიხვდებით, როცა გააცნობიერებთ თავს, როგორც ერთგვარ მანქანას, რომელიც იმ კანონის კატეგორიებით აზროვნებს, რომელზეც თქვენ განეწყვეთ. ამ მდგომარეობაში თქვენთვის ყველაფერი გასაგები გახდება.
რატომაა ხელმძღვანელი „კაზიოლი“ და რატომ გაქვთ დაბალი ხელფასი. რატომ იდგამთ წელებზე ფეხებს და ვიღაცას კი კარიერულ კიბეზე ლამაზი თვალების გამო აწინაურებენ.
თუკი ამ მდგომარეობაში შეხვალთ, მაშინ შეძლებთ, რომ შეიგრძნოთ ვარიანტთა ანუ კანონთა ველი, რომელთა მიღებაც შესაძლებელია ეგრეგორის შიგნით (გლიფი - ქსოვილით დაფარული სვეტებს შორის). შეგიძლიათ იგრძნოთ, რა შეგიძლიათ გააკეთოთ საკუთარ თავთან მიმართებაში. განავითაროთ საკუთარი ეგრეგორის შიგნით, ან პირიქით, გამოაძევოთ იქიდან. ახლა შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ თქვენ, რა თქმა უნდა დაწერთ ისეთ კანონს სისტემაში, რომლის მიხედვითაც ყველა უკანალს აგილოკავთ და დღეში სამჯერ დაგაწინაურებენ, მაგრამ ნურას უკაცრავად. სწორი მდგომარეობა ამ ძალის შიგნით იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ უკვე აღარ ხართ პიროვნება. თქვენ სისტემა ხართ. სისტემას კი არ აღელვებს მისი ხელქვეითების პირადი სურვილები. პირიქით, შეგიძლიათ დაინახოთ, რომ უსარგებლო ხართ ამ სისტემისთვის, და თავად მოინდომებთ იქიდან საკუთარი თავის გამოძევებას. ამის შემდეგ კი მხოლოდ ისღა დაგრჩენიათ, რომ მიხვიდეთ სამსახურში, სადაც გათავისუფლება გელოდებათ.
როდესაც ადამიანი კანონის გამტარია, იგი უკვე აღარაა ადამიანი. იქ არაა ემოციები, არაა შეცოდება, მორალი. იქ კანონია.
ერთხელ აჩვენებდნენ გადაცემას სტალინის შესახებ, სადაც იღებდნენ ინტერვიუს მისი შვილიშვილისგან. იგი ამბობდა, რომ არასამუშაო დროს, როდესაც მაგალითად ქალაქგარეთ რეზიდენციაში ისვენებდნენ, სტალინი და ბერია იყვნენ ძალიან სათნო ადამიანები ძალზე კეთილი ზრახვებით. მაგრამ როგორც კი სამუშაოს უბრუნდებოდნენ, მაშინვე ჟღერდა სიტყვები - „გადავასახლოთ“, „დავხვრიტოთ“ და ა.შ.
ეს ძალიან კარგად უნდა გაიგოთ. ამ ძალაში არაა პიროვნება, არაა თქვენი „მე“. აქ - კანონია, და იგი ზედმიწევნით უნდა შესრულდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი ამ ძალის სფეროში მოქმედებისას სისტემის წინააღმდეგ დააყენებთ თავს, იგი გაგანადგურებთ.
მე–11 არკანის სიდჰა
თუკი ისწავლით იმ ეგრეგორთა კანონების გატარებას, რომლებშიც იმყოფებით, მიიღებთ შესაძლებლობას, რომ თქვენი კანონები შექმნათ. თუკი ამას უწინდებურად პროფესიული საქმიანობის ფარგლებში განვიხილავთ, თქვენ აღარ იმუშავებთ ბიძაზე და საკუთარ ბიზნესს შექმნით. შეიძლება ითქვას, რომ ეს განასხვავებს ბიზნესმენებს ყველა დანარჩენისგან - საკუთარი კანონის გამტარობის უნარი.
ხოლო მაგიის პოზიციიდან, თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ, რომელი კანონი გჭირდებათ გზაზე წინსვლისთვის. როდესაც ქმნით წესებს მრავალი სისტემის შიგნით, თქვენ უზრუნველჰყოფთ საკუთარი თავისთვის ფინანსურ მდგომარეობასაც, სტატუსსაც და ყველაფერს, რაც გსურთ. თუმცაღა უნდა გახსოვდეთ, რომ ამ ყველაფერს სისტემის შიგნით ქმნით და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეთ მას. პირიქით, თქვენი ქმედებები უნდა ეხმარებოდნენ სისტემას განვითარებაში. ამ ძალის გატარების უნარი მოგცემთ მკაფიო ხედვას, რომელ კანონებს უნდა დაემორჩილოთ, რომლები უნდა დაწეროთ და რა განწყობითა და მდგომარეობით უნდა იცხოვროთ, რათა ყველაფერი წესისამებრ იყოს.
ამ არკანის ძალასთან გონივრული ურთიერთობა ასევე ერთ-ერთი უძლიერესი დაცვაა, რომელსაც მაგი ფლობს. რაც უფრო მძლავრია სისტემა, რომელშიც იგი ჩართულია, რაც უფრო მეტია მაგის მიერ სისტემის კანონის ენერგიის გამტარობა, მით უფრო მეტია მისი დაცვა. და თავად არკანის, როგორც ერთგვარი ძალის მდგომარეობაც მძლავრ ინსტრუმენტს წარმოადგენს გარესამყაროზე ზემოქმედებისთვის. როდესაც განეწყობით სამსახურის ეგრეგორზე და გახდებით მისი გამტარი, სცადეთ, რომ ამ განწყობით მიხვიდეთ სამუშაო ადგილზე. თუკი მანამდე თავდასხმებისა და დაცინვის საგანი იყავით, ახლა უკვე ყოველი მეორე ირბენს თქვენთან რჩევის საკითხავად.
მაგრამ გახსოვდეთ, თქვენ არ ხართ ადამიანი. თქვენ კანონი ხართ. ჰოდა შეასრულეთ იგი.