მე–15 არკანი. „ეშმაკი“
მე–15 არკანი. „ეშმაკი“. კავშირების ძალა
როდესაც ნეოფიტი სეფიროტულ მაგიას ეცნობა, ძალიან მალე მას იზიდავს მე–15 არკანი. ამ არკანზე ძალიან ბევრის მოყოლა შეიძლება, და იგი ძალიან ბევრ რამეს აკონტროლებს, მაგრამ ყველაზე ხშირად ნეოფიტის ყურადღება მიჯაჭვულია ამ არკანის ყველაზე ცნობილ ნაწილზე - ფულზე.
ამ ძალის მიზიდულობა დაკავშირებულია ასევე იმასთანაც, რომ ადამიანი, რომელსაც ამ ძალის თავის თავში გატარება შეუძლია, ამ არკანის სიდჰას ღებულობს, რომელიც ჟღერს, როგორც „სასურველის მიღება“. ანუ თუ 21-ე არკანში ჩვენ ვღებულობდით, რასაც გვაძლევდნენ, აქ უკვე თავად შეგვიძლია ავიღოთ, რაც გვსურს. მაცდუნებელია არა?
მაგრამ მოდით, ჯერ განვიხილოთ ამ არკანის ძალა, და შევეცადოთ გავიგოთ, თუ როგორ მუშაობს იგი. ეს არკანი მართავს კავშირების პრინციპს. ანუ ყველაფერი, რაც დაკავშირებულია რაიმესთან, ამ ენერგიის თვისებით იმართება. და რას ნიშნავს კავშირი? კავშირი ესაა ორი ან მეტი ობიექტის ერთმანეთისადმი მიზიდულობის ძალა. შეხედეთ რომელიმე საგანს. რატომაა ეს საგანი მუდმივი დროში და რატომ არ იშლება? ჩვენ ვიცით, რომ მატერია შედგება მოლეკულებისგან, ისინი კი თავის მხრივ შედგებიან ატომებისგან, ელემენტარული ნაწილაკებისგან. ყოველ ნაწილაკს გააჩნია დადებითი ან უარყოფითი მუხტი, რაც თავის მხრივ განაპირობებს ნაწილაკის მოძრაობას, ხოლო მათი მასა ქმნის მიზიდულობის ძალას. გამოდის, რომ მოლეკულები გამუდმებით მიიზიდებიან ერთმანეთისკენ და კავშირებს ქმნიან. სწორედ ამ პრინციპს მართავს მე–15 არკანი.
ჩვენ დაკავშირებულნი ვართ სხვა ობიექტებთან არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ფსიქოლოგიურადაც. მაგალითად, ოჯახის წევრები უფრო მეტად გვიყვარს, ვიდრე უცხო ადამიანები, რადგანაც ჩვენ შორის უფრო მეტი კავშირია. როცა დედა საბავშვო ბაღში მიდის ბავშვის წასაყვანად, მას თავისი მიჰყავს, მიუხედავად იმისა, რომ საბავშო ბაღში შესაძლოა უფრო ლამაზი და ჭკვიანი ბავშვებიც იყვნენ. მაგრამ კავშირების ძალა თავისას აკეთებს.
კავშირი ბევრად უფრო რთული თემაა, ვიდრე შეიძლება ერთი შეხედვით მოგვეჩვენოს. მაგალითად ის, რომ საკუთარ თავს ადამიანებად ვთვლით, ესეც კავშირის ეფექტია. ჩვენს ცნობიერებაში არსებობს ადამიანის ხატ-სახე, და ჩვენ დაკავშირებულნი ვართ მასთან. მაგიდას მაგიდად ვთვლით, რადგანაც ჩვენი ცნობიერება მიჯაჭვულია იდეაზე, რომ ეს მაგიდაა და არა სკამი. ხე - ხეა, მზე - მზეა, კატა კი - კატაა. თუმცაღა არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ კატა ისაა, რასაც კატის ქვეშ მოვიაზრებთ. მაგრამ არსებობს ხატ-სახე, და ჩვენი აზროვნება მყარადაა მასზე მიბმული. ეს მექანიზმი გვეხმარება ერთის მეორისგან გარჩევაში, და ამ ყველაფერს მე–15 არკანის ძალა მართავს.
როდესაც სამყაროს შევიმეცნებთ, თანდათანობით ქსელში ვიხლართებით, კავშირების სისტემაში, რომელიც არსებობს იმ მოლაპარაკებაში, რომლის ფარგლებშიც შევიცნობთ სამყაროს. ისე, რომ თავადაც არ გვინდა, ვსწავლობთ კავშირთა ამ სისტემის ფლობას და ვაკოპირებთ საკუთარი თავისთვის. მაგრამ ამ კავშირების მართვის ჩვენი სწავლება შეზღუდულია ჩვენ მიერ ამ ენერგიის გატარების უნარით. სხვა სიტყვებით, ჩვენი ცხოვრების გარკვეულ პერიოდში ჩვენ ვეჯაჭვებით სხვადასხვა კავშირებს, და იმისთვის რომ შევინარჩუნოთ ისინი, ჩვენში ამ ძალის რაღაც ნაწილი გამუდმებით იხარჯება. ასე ვქმნით ჩვენ გარშემო სტაბილურობას სტაბილური კავშირების ხარჯზე. აქედანაა, რომ როდესაც ადამიანი ამა თუ იმ მიზეზით ენერგიას კარგავს, მას შეუძლია დაწყევლოს ნათესავები, საკუთარი ოცნებები და მიზნები, და დეპრესიაში ჩავარდეს. ანუ მას უბრალოდ არ ჰყოფნის ძალები, რომ შეინარჩუნოს კავშირთა ის სისტემა, რომელსაც ებღაუჭებოდა.
იგივე მოქმედებს ინტელექტზეც. ადამიანი უფრო პრიმიტიული აზროვნებით (რომელიც მილიონობით ერთმანეთთან დაკავშირებული ხატ-სახეებისგან შედგება), წმინდა წერილებს ბუკვალურად გაიგებს. მაგალითად ბევრს სჯერა, რომ როდესაც სამოთხეში მოხვდება, ღრუბლებში ისეირნებს. მე მართლა შემხვედრია ასეთი ადამიანები და ისინი მთელი ძალით იცავდნენ თავიანთ რწმენას ამისადმი. მათი გონების ძალა საკმარისი არაა უფრო რთული მატრიცისთვის.
აი, სხვა შემთხვევა, რომლის მოწმეც თავად გახლდით. ჯარში წასვლის წინ სამედიცინო კომისიაზე ფსიქოლოგიურ ტესტს ვაბარებდი. ჩემ გვერდით იჯდა ბიჭი, რომელსაც ბალახის მოწევა უყვარდა. აშკარა იყო, რომ დიდი ხანია ცდილობდა ერთი გრაფიკული ტესტის ამოხსნას და არ გამოსდიოდა. და მაშინ ფსიქოლოგმა გადაწყვიტა გასაუბრებოდა. სხვადასხვა ანდაზებს უყვებოდა და სთხოვდა, რომ აეხსნა ისინი. და როდესაც ჰკითხა, როგორ გებულობდა გამოთქმას „ერთი მდელოს მარწყვი“ (Одного поля ягода), მან უპასუხა:
- ნუ, აქ ყველაფერი ნათელია. მიდიხარ მდელოზე, და იქ ერთი მარწყვია.
ეს ბიჭი ჯარში არ წაიყვანეს.
ჩვენ ყველას გვაქვს ამ ძალის რაღაც ნაწილი, რის ხარჯზეც ვიჯაჭვავთ საკუთარ თავზე სამყაროს ამა თუ იმ მოვლენას. მაგრამ ამ ძალის გამტარობა შეზღუდული გვაქვს. წარმოიდგინეთ, რომ ჩვენი ამ არკანის ძალის გამტარობის ძალა ენერგიის 50 ერთეულია. დავუშვათ, მათგან 10-ს ნათესავებზე ვხარჯავთ, კიდევ 10-ს – აზროვნებაზე, ცოტას სამსახურზე და ფულის შოვნაზე, ცოტას მტრებზე ან მეგობრებზე, გრძნობებზე და რეაქციებზე, სურვილებზე და მოქმედებებზე. და აი, ჩვენ დაგვჩა თავისუფალი ენერგიის ორი-სამი ერთეული, რომლის მეშვეობითაც ჩვენი ყურადღების კონცენტრაციას ვახდენთ, მაგალითად, ამ წიგნის კითხვაზე. მორჩა. ენერგია აღარაა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ცხოვრების შეცვლა ისე, როგორც გვინდა, უკვე აღარ შეგვიძლია. მთელი არსებული ძალა იხარჯება უკვე არსებული ძალების შენარჩუნებაზე, ახალისთვის კი ძალები არ გვყოფნის. სწორედ ამ მიზეზის გამოა, რომ ბევრს ძალიან სტაბილური ცხოვრება აქვს. მაგრამ როგორც წესი, ეს სტაბილური ჯოჯოხეთი და კოშმარია, ხოლო იმას, რისი მიღწევაც ადამიანს უნდა, ვერ აღწევს. გასაკვირი არაა, რატომ უნდა დამწყებ ადეპტს ამ არკანის ძალის გამოყენება.
მაგს, რომელიც ამ ენერგიას ფლობს, უზარმაზარი უპირატესობა გააჩნია სხვა ადამიანებთან შედარებით. გამოიმუშავებს რა ამ არკანის ძალის ძლიერ გამტარობას, იგი ღებულობს უნარს, რომ ეს ენერგია სამყაროს ნებისმიერ ნაწილზე მიმართოს, და თუ ენერგია საკმარისია, საკუთარი თავისკენ მიიჯაჭვავს მას. მაგალითად, მაგს მოსწონს გოგო. გააჩნია რა ამ ძალის საკმარისი რაოდენობა, იგი პოულობს გოგოს მგრძნობიარე სფეროს და მისკენ წარმართავს ამ ძალას. გოგოს ძლიერი მიზიდულობა უჩნდება ამ მაგისადმი. თუ მაგი ამას ანაჰატას ან ვიშუდჰას დონეზე გააკეთებს, მაშინ გოგო მისადმი ამაღლებულ გრძნობებს განიცდის. აქედანაა ხალხის სიყვარული მღვდლებისადმი, გასხივოსნებულებისადმი და მაღალი სულიერი დონის ადამიანებისადმი (მათი ფიქსაციის წერტილი ვიშუდჰაზეა). თუ მაგს განზრახვა სვადჰისთჰანას ვიბრაციის დონეზე აქვს, გოგო სექსუალურ ლტოლვას განიცდის. საქმე იმაშია, თუ რა სჭირდება მაგს. ეს არაა სასიყვარულო ჯადო (Приворот), თუმცა სწორედ ამ ენერგიაზე კეთდება ეს ჯადოც.
როცა ეს იცის, ნეოფიტს იმედი აქვს, რომ თუ ამ ძალის თავის პოტენციალს გაზრდის, საკუთარ ცხოვრებაში ყველაფერს მოიზიდავს, რაც კი მოუნდება. და აი, იგი გულმოდგინედ აპრაქტიკებს ამ არკანს. დრო გადის, და იგი გაკვირვებული აღმოაჩენს, რომ სასურველის ნაცვლად უფრო და უფრო მეტად იღებს იმას, რაშიც მისი ცნობიერება ჩაეფლო. არც ფული, არც სიყვარული, არამედ მხოლოდ პრობლემები. რატომ ხდება ასე?
წარმოიდგინეთ, რომ თქვენგან ასობით უხილავი ძაფი გადის, როგორც მილები, რომლებშიც ენერგია მიედინება. ისინი გაკავშირებენ ყველაფერთან, რაც თქვენს მოლაპარაკებაში არსებობს. ამ არკანის გამტარობის ძალის გაზრდის შემთხვევაში თქვენი არსებული კავშირები მხოლოდ ძლიერდებიან. ნათესავები კიდევ უფრო მეტად გაჯდებიან კისერზე, სამსახურში უფრო მეტ დავალებებს გაძლევენ, ხოლო თუ ვიღაც გაბრაზებდათ, ამ მომენტიდან ურთიერთობები უფრო აგრესიულ ხასიათს მიიღებენ. ანუ ყველაფერი, რაც მიიღეთ, იგივეა, ოღონდ რამდენჯერმე უფრო გაძლიერებული.
მაგებმა იციან ეს. ამიტომაც პირველ რიგში ისინი წყვეტენ, კავშირების რა სისტემა სჭირდებათ. თუ მათ სამყაროში არიან ისეთები, ვინც ქვემოთკენ ქაჩავს, მოიჭრიან მსგავს კავშირებს. შესაძლოა მსგავსმა მოქმედებებმა იმ ადამიანების დაღუპვაც კი გამოიწვიოს, რომლებიც თავიანთი მოლაპარაკებიდან მოხსნეს, მაგრამ სხვაგვარად შეუძლებელია. აზრი არ აქვს წყლის ჩასხმას ნახვრეტებიან ვედროში. თავიდან პრობლემური სფეროები უნდა გამოასწოროთ და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გააძლიეროთ თქვენი ძალა.
როცა ამას ჩემს სემინარებზე ვყვები, ბევრი მეკითხება, როგორ მოიქცეს, თუკი ისინი, ვინც შენს ენერგიას ჭამენ - ყველაზე ახლობლები, მაგალითად მშობლები არიან?
ხალხნო, საიდან გაქვთ ასეთი სისხლისმსმელი ბუნება? რატომ გინდათ, რომ ყველაზე წმინდას მიაყენოთ დარტყმა? ნუთუ კავშირთა თქვენს სისტემაში არ არის სხვა რაღაცეები, რისგანაც უნდა გათავისუფლდეთ? დააკვირდით თქვენს აზრებს. იქ უამრავი პარაზიტი ხატ-სახეა. მოიშორეთ ისინი. შემდეგ მიხედეთ ჩვევებს, შემდეგ რეაქციებს, ემოციებს, მოქმედებებს. ნუთუ იქ არ გაქვთ ნაგავი? რამდენიც გნებავთ! გაანადგურეთ ისინი, და უფრო ადვილად ისუნთქებთ.
იმის ნაცვლად, რომ საღამოს სავარძელში წამოწვეთ და სერიალს უყუროთ, გააკეთეთ რაღაც სასარგებლო. შეცვალეთ სერიალთან კავშირი სპორტთან კავშირით. შემდეგ კი ეძებეთ ახალი და ახალი პარაზიტი კავშირები და მოიჭერით ისინი. აი, რისგან უნდა დაიწყოთ. ეს იქამდე მიგიყვანთ, რომ ახლობლები შეიცვლიან თქვენდამი განწყობას და უფრო მეტ პატივს გცემენ. რატომ? იმიტომ, რომ თუკი ნაგავს საკუთარ თავზე მუშაობით ჩაანაცვლებთ, უფრო მეტ ძალას დააგროვებთ ნებისყოფის და საკუთარი თავის პატივისცემის სახით. თქვენგან ეს ენერგია ახლობლებზე გადავა, და სხვა გზა არ დარჩებათ გარდა იმისა, რომ სხვა კუთხით შემოგხედონ. ახლა გასაგები ხდება სხვა გამონათქვამიც: „შეიყვარე ჯერ საკუთარი თავი, და შემდეგ მთელი სამყარო შეგიყვარებს“.
თქვენ თავად წყვეტთ, როგორი წესრიგი გჭირდებათ თქვენი კავშირების სისტემაში. თუ ფულზე ოცნებობთ, მაშინ ისეთი ადამიანები, საგნები, წიგნები, ტანსაცმელი, ჩვევები, აზრები და სხვა ყველაფერი უნდა გაჩნდეს თქვენ გარშემო, რაც ამ მოლაპარაკებას შეესაბამება.
მაგი კი კავშირთა სისტემას სამყაროს მაგიური სურათის შესაბამისად განალაგებს. მაგი - ძალაზე მონადირეა, ამიტომ იგი თავის ცხოვრებას ვარჯიშებს უძღვნის, და ისეთ რაღაცეებს ამრავლებს თავის გარემოცვაში, რასაც მისთვის ცოდნის გახსნა შეუძლია, პირადი ძალის გაზრდაში ეხმარება. იგი მოთმინებით ელოდება და ნაბიჯ-ნაბიჯ მოჰყავს თავისი შინაგანი სამყარო მკაფიო სისტემაში, სადაც ადგილს არ უტოვებს არაფერს ისეთს, რაც ადამიანთა უმეტესობისთვის ოცნების ზღვარია. თავიდან იგი წმენდს საკუთარ თავს, შემდეგ საჭირო კავშრებს ქმნის ამ სამყაროს ძალებთან და ემსახურება მათ, სწავლობს რა ახალ და ახალ ცოდნას. მხოლოდ ასე შეძლებს, რომ გაიაროს თავისი ბედი, როგორიც არ უნდა იყოს იგი.
გლიფების მნიშვნელობა
შევუდგეთ გლიფების გაშიფვრას.
კარტზე გამოსახულია ღვთაება ადამიანის სხეულით და თხის თავით. მთელი თავისი წონით იგი აწვება ქვას, რომელზეც ჯაჭვით არიან მიბმულნი შიშველი ქალი და მამაკაცი კუდებით. ერთ ხელში ბაფომეტს (ეს მოცემული ღვთაების სახელია) ჩირაღდანი უჭირავს და მამაკაცს უკიდებს კუდზე, მეორე ხელით კი მისალმების ჟესტს აკეთებს. მას გაშლილი აქვს ღამურას ფრთები. რქებს შორის დახატულია ამოტრიალებული პენტაგრამა. ქალის კუდის ბოლოში ყურძნის მტევანია. კარტის ფონი შავია.
კარტის ფონი. შავი ფონი მიუთითებს დღე-ღამის იმ დროზე, როდესაც არკანს მაქსიმალური ძალა გააჩნია. ანუ ღამეზე.
ღამურას ფრთები. ღამურაც ასევე ღამის არსებაა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ჯობია დღე-ღამის ბნელი დრო გამოვიყენოთ არკანში შესვლისთვის. ფრთები გაშლილია, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი ცნობიერება უნდა გავაფართოოთ. სხვა სიტყვებით, ვიყოთ საუკეთესო სამუშაო მდგომარეობაში (იმ განზომილებების რაოდენობა, რომელსაც ჩვენი ცნობიერება აღიქვამს).
ქვა. ესაა მატერია, ხატ-სახე, ფორმა, რომელზეც მიჯაჭვულნი ვართ.
შიშველი ფიგურები. როგორც გვახსოვს, ადამიანის შიშველი ფიგურები მეტყველებენ ჩვენი აზროვნების ტიპზე. მამაკაცური - ანალიზზე, ქალური - ინტუიციაზე. ისინი ორივენი ქვაზე არიან მიჯაჭვულნი, ანუ ჩვენი ცნობიერება მიჯაჭვულია გარკვეულ ფორმაზე.
ბაფომეტი. ამ ძალის ცნობიერების სიმბოლო. მისი წონა მის მძლავრ ძალაზე მეტყველებს.
თხის თავი. თხა უტვინო ცხოველია. ე.ი. საქმე ეხება იმას, რომ ეს უტვინო ძალაა, ანუ ძალა ყოველგვარი ნატიფი ნიუანსების გარეშე. ეს თოვლის მეწყერის ძალას ჰგავს. მას არ აინტერესებს, თუ რა შემოხვდება გზაზე. და მას არ გააჩნია არანაირი კონკრეტული მიზანი. ის უბრალოდ ძალაა.
მისალმების ჟესტი. ესაა მიზიდულობის ის გრძნობა, რომელსაც ადამიანი განიცდის, როცა რაღაც უნდა. ბაფომეტი თითქოს თავისკენ გვიწვევს, გვნუსხავს. როცა მიდიხართ მაღაზიაში და ხედავთ რაიმეს, რისი ყიდვაც გსურთ, ეს ბაფომეტის მოსალმებაა.
მამაკაცის კუდი. აქ ბაფომეტი კუდს ჩირაღდნით წვავს. კუდი კუდუსუნიდან გამოდის, იქ კი ჩვენ მულადჰარა ჩაკრა გვაქვს. მასშია ჩვენი სიცოცხლისუნარიანობა, ფიზიკური სხეულის ენერგია. ასე სიმბოლურად ნათქვამია, რომ კავშირთა სისტემის შენარჩუნებისთვის სასიცოცხლო ენერგიით ვიხდით. სიცოცხლისუნარიანობა მცირდება, სხეული უფრო მალე ცვდება.
ქალის კუდი. ქალის კუდზე მიხატულია ყურძნის მტევანი. ესაა მინიშნება ნაყოფზე. ანუ ეს ენერგიები დაფეხმძიმების შანსებს ზრდიან.
ამობრუნებული ვარსკვლავი. პენტაგრამა წარმოადგენს ადამიანის, არსების სიმბოლოს, რომელიც ხუთი სტიქიისგან შედგება. ამოტრიალებული პენტაგრამა მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანი ამ არხით ქვემოთკენ ეშვება რათა დაიბადოს. ამ ენერგიის მეშვეობით ჩვენ ადამიანის სულს ნაყოფისკენ ვიწვევთ.
ბაფომეტის რქები. ისინი ორი ნახევარსფეროს სიმბოლოს წარმოადგენენ და ანტენის როლს ასრულებენ. ანუ რაშიც ვართ ჩართულები, იმას ვატარებთ საკუთარ თავში და კავშირს ვქმნით მასთან.
როგორ ხდება ამ არკანზე მუშაობა?
პირველი, რაც უნდა გვახსოვდეს, ესაა „აქ და ახლა ყოფნის“ მდგომარეობა. მე–15 არკანი დაკავშირებულია აწმყო დროსთან, თანაც ყველაზე აწმყოსთან. სხვა სიტყვებით, თუკი პრაქტიკის დროს იფიქრებთ იმაზე, რომ მოცემული კავშირი დივიდენდებს მოგიტანთ, მაშინ არაფერი გამოგივათ. მხოლოდ აწმყო დროის ტოტალურობა.
შემდეგ მაგი აფართოებს თავის ცნობიერებას. რადგანაც ეს არკანი ცეცხლის სტიქიას უკავშირდება, ცეცხლი კი ძალაა (სიმძლავრეა), მაგი აწმყო მომენტში აგროვებს მთელ თავის ძალას. სხვა სიტყვებით, ცნობიერების გაფართოება გამოიყურება, როგორც ყურადღების ზე-მძლავრი კონცენტრაცია. აქედანაა ღამეც. ღამით სამყაროს ძინავს, შესაბამისად არაფერი გვაცდენს. ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ დღისით ჩართული ტელევიზორის ხმა ბევრად უფრო ხმამაღლა ჟღერს ღამით, მიუხედავად იმისა, რომ ხმა არ აგიწევიათ. ეს იგივე პრინციპია.
შემდეგ მაგი განეწყობა სასურველ ობიექტზე (ბაფომეტის რქები), შემდეგ კი მთელი თავისი ძალით (ბაფომეტის სხეულის წონა) კონცენტრირდება ამ ობიექტთან კავშირის შეგრძნებამდე. კავშირი შესაძლებელია მიღწეულ იქნას აზროვნების ორი ტიპით.
მამაკაცური ტიპი - ესაა კავშირი, შექმნილი იმის ხარჯზე, რომ თქვენ გაეცით ენერგია (იანის პრინციპი), ანუ მუშაობა „საკუთარი თავისგან“. ეს გამოიყურება, როგორც კავშირის შექმნის განზრახვა. ქალური ტიპი - ესაა კავშირი „საკუთარ თავისკენ“ მიზიდვის პრინციპით (ინის პრინციპი). ეს გამოიყურება, როგორც ობიექტის შეწოვა საკუთარი ცნობიერებით.
როგორ ეხმარება ეს ენერგია ბავშვის ჩასახვაში? თუ სქესობრივი აქტის დროს ქალისა და მამაკაცის ენერგიის კონცენტრაცია მხოლოდ ქვედა ჩაკრებზე ხდება, მაშინ სექსუალურ კავშირს შეუძლია დაბადებისთვის მზადმყოფი სული მოიზიდოს. ეს გამოიყურება ასე, რომ ეაკულაციის მომენტში მამაკაცური სექსუალური ენერგია აძლიერებს სიმძლავრეს ქალის საშვილოსნოში, საიდანაც გამოდის მიტაცების სხივი (ენერგეტიკული საცეცი, რითაც ქალს შეუძლია მიიზიდოს მამაკაცი, ბავშვი, ფული ან სხვა ნებისმიერი რამე). ამ სხივის სიმძლავრე დამოკიდებულია მამაკაცურ ძალაზე. თუ ამ სხივში სული ხვდება, იგი ემაგრება ემბრიონს და თანდათანობით უერთდება სხეულს ცხრა თვის განმავლობაში.
რატომ ეცემა სასიცოცხლო ენერგია ამ ძალის გამოყენებისას? საქმე იმაშია, რომ კავშირის შექმნისას თქვენ არა მხოლოდ სარგებლობთ იმით, რაც თოკის მეორე ბოლოშია, არამედ ასევე მეორე მხრიდანაც სარგებლობენ თქვენით. ალბათ იცით ადამიანები, რომლებსაც მსხვილი ბიზნესი აქვთ. დააკვირდით მათ სხეულებს. ისინი ძალიან მალე ბერდებიან, განსაკუთრებით მაშინ, თუ ამ ძალის მცირე გამტარობა აქვთ. რადგანაც იმისთვის, რომ კავშირი არ დაირღვეს და ბიზნესი არ დაინგრეს, ისინი ძალზე დიდ ძალას დებენ ამაში. ეს თოკის მოზიდვაში შეჯიბრს ჰგავს. მეორე მხრიდანაც ექაჩებიან, და იმისთვის, რომ თოკი შევინარჩუნოთ, ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ. ამის გამო კი ძალები უფრო სწრაფად გვეცლება, ვიდრე იმით, რომ თოკი საერთოდ არ მოგვეზიდა.
თუმცა ამ არკანის პარადოქსი კიდევ იმაშია, რომ იგი ასევე ჯანმრთელობასაც იძლევა. თუ ამ ძალას გონივრულად გამოიყენებთ და არასაჭირო კავშრებს არ შექმნით, მაშინ ეს არკანი მასთან ჰარმონიაში ცხოვრებას გასწავლით. ამ ძალის გამტარობა დაახლოებით ისევე იზრდება, როგორც კუნთები ვარჯიშების შედეგად, და მალე თქვენ უკვე იოლად დაიჭერთ თოკს. ყველა ბიზნესმენი ხომ არ იფიტება მუშაობისგან. არიან ისეთებიც, რომლებიც საერთოდ არ დადიან სამსახურში, მათი ბიზნესი კი ყვავის. ეს მეტყველებს იმაზე, რომ მათ ჰყოფნით ენერგია, ამ პროცესების შენარჩუნებისთვის, და თითქმის არ ხარჯავენ ამაზე თავის ძალებს და ნერვებს.
მაგს ეს ყველაფერი ესმის, ამიტომაც ამ არკანის ძალისგან სწორი კავშირების დამყარებას სწავლობს. იგი აუჩქარებლად აძლიერებს ამ ენერგიის გამტარობას, და მისი ძალაუფლება იზრდება. თუ მაგი სწორად მოქმედებს, მას შეუძლია მიაღწიოს სეფირ - ტიფერეტამდე, სადაც ეს არკანი თავისი სიმძლავრის პიკზეა.
თუ სეფიროტის ხეს შეხედავთ, დაინახავთ, რომ მე–15 არკანი გაწელილია სეფირ - ტიფერეტიდან (სილამაზე) სეფირ - ესოდამდე (ფორმა). რას ნიშნავს ეს?
ტიფერეტი იმყოფება ვიშუდჰა ჩაკრას სიხშირეზე. იქ კი ჩვენ აზრები, იდეები გვაქვს. ესოდი - მანიპურა ჩაკრაზეა. აქ ჩვენ ნერვული სისტემა, ანუ რეაქციები გვაქვს. ამრიგად, მე–15 არკანის პოზიციიდან ყველა ადამიანი იყოფა იმად, ვინც ამ ენერგიას ესოდთან ახლოს ატარებს, და იმად, ვისთვისაც იგი ტიფერეტთან ახლოს მიედინება. რაშია განსხვავება?
თქვენთვის ცნობილია ასეთი გამოთქმა: „ავიღე ხელფასი და სამი დღის შემდეგ აღარაფერი დამრჩა“? თუ თქვენი ცხოვრება ამ სცენარით მიდის, მაშინ თქვენ ამ ძალას მის ყველაზე დაბალხარისხიან ასპექტში ატარებთ. ეს ხასიათდება ფორმებისადმი მიჯაჭვულობით. ხშირად ეს გამოიყურება, როგორც ტანსაცმელისადმი ან სხვა მატერიალური ნივთებისადმი სიყვარული. ანუ თქვენთვის ენერგია რაღაც კონკრეტულია, გარკვეული ფორმებია. ასეთი ადამიანები ბაფომეტის პრესინგის ქვეშ იმყოფებიან, და იგი მთელი თავისი მასით აწვება მათ. მხოლოდ ისღა დაგრჩენიათ, რომ ამ ძალის მითითებები შეასრულოთ. თქვენ ამას ვერც კი აცნობიერებთ, რადგანაც ეს მხოლოდ რეაქციაა, რომელიც მოქმედებისკენ გიბიძგებთ. მაგალითად, გამოვიდა ახალი აიფონი და მაშინვე გინდებათ მისი ყიდვა. მოვიდა იდეა, და ნერვულმა სისტემამ მაშინვე დაამუშავა იგი. ბაფომეტმა გაგჭყლიტათ.
ისინი კი, ვინც არკანის ენერგიას ვიშუდჰასთან ახლოს ატარებენ, სამყაროს სხვაგვარად ხედავენ. მათთვის ეს ძალა მხოლოდ აზრია. ისინი თავის რეალობას აზრობრივად მართავენ და ადვილად უმკლავდებიან ამ სამყაროს იდეებს. უფრო მეტიც, ისინი თავად ქმნიან ამ იდეებს. ასეთი ადამიანი ამბობს: „თქვენ ახალი მანქანა გჭირდებათ“, - და თქვენ მართლაც გჯერათ, რომ თქვენ ის გჭირდებათ. აი, რატომაა, რომ პლანეტის ყველაზე მდიდარმა ადამიანებმა თავიანთი სიმდიდრე იდეებით გამოიმუშავეს. მათ შექმნეს ისინი (ვიშუდჰა), სიცოცხლე მიანიჭეს მათ (ანაჰატა) და აიძულეს სამყარო, რომ რეაგირება მოეხდინა ამაზე (მანიპურა). მოცემულ პროცესს მაგიაში მატერიალიზაცია ეწოდება.
სწორედ ეს პროცესი იყო აღწერილი ფილმში „საიდუმლო“. ოღონდ ავტორებს არ უთქვამთ, რომ იგი მხოლოდ მათთვის მუშაობს, ვინც ზემოთაა. სხვები უბრალოდ აყვნენ ამ იდეას და კიდევ ერთ ფორმას მიაჯაჭვეს საკუთარი თავი. ავტორები კი მილიონერები გახდნენ.
თუმცაღა ენერგიის ევოლუცია მანიპურადან ვიშუდჰამდე ამ არკანის გავლით აუტანლად მძიმეა. ეს ჩანჩქერზე ცურვა-ცურვით მის მწვერვალამდე ასვლას ჰგავს. მე–15 არკანის ძალა ძალიან მძიმეა, და სასტიკი თვითდისციპლინისა და იმის გარჩევის გარეშე, თუ რომელი კავშირები უნდა დავამყაროთ და რომელი არა, თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ გამოფიტოთ საკუთარი თავი, რადგანაც აქ ძალზე ბევრი ცდუნებაა (ნუ დაგავიწყდებათ ბაფომეტის მოსალმების ჟესტი). მე ეს მაგონებს სუსტ ბავშვს, რომლის ანკესის კავზეც დიდი თევზი წამოეგო. და აი, ის ცდილობს, რომ წყლიდან ამოათრიოს იგი, მაგრამ თევზი ზღვაში მიათრევს ბავშვს. ბრიყვული სიკვდილია.
და ბევრს რატომღაც ავიწყდება კარტის დასახელება. ეშმაკი. მას არაფერი აქვს საერთო ქრისტიანულ სატანასთან, თუმცაღა სწორედ ბაფომეტისგან გადმოიხატეს ეშმაკის ხატ-სახე. რას ნიშნავს ეს სახელწოდება? ტაროს ყველა ცნობილი კლასიკური დასტა წარმოიშვა ესპანური დასტისგან, რომელიც ერთმა მაგმა XV საუკუნეში დახატა. იმ დროს ევროპაში ყველაფერს მართავდა კათოლიკური ეკლესია, ამიტომ ადამიანებს აზროვნებაც შესაბამისი ჰქონდათ. სავარაუდოდ, ქრისტიანობამდე ამ ძალას სხვა სახელწოდება ჰქონდა. და რაშია ქრისტიანული ეშმაკის პრინციპი? იგი სულებს იტაცებს. ასე რომ, წორედ ამას აკეთებს მე–15 არკანი. იგი იტაცებს თქვენს სულს და გაიძულებთ, რომ თქვენი აზროვნების კონცენტრაცია ამა თუ იმ ფორმაზე მოახდინოთ. თუმცაღა ასეთი პრინციპი აუცილებელია ევოლუციისთვის. თუ არსებობს ძალა, რომელიც ზემოდან გვაწვება, მაშინ ზრდა სწორედ ამ ძალის გადალახვითაა შესაძლებელი. კუნთი არ იზრდება ხელების უბრალო ქნევით, იგი დამატებითი წონით უნდა დავტვირთოთ. ამასთან მიკრო-დონეზე კუნთის ბოჭკოები ტრავმირდება, ტკივილს გვაყენებს, მაგრამ მხოლოდ ასე იზრდებიან.
აქაც იგივე პრინციპია.
მედიტაცია არკანზე
არკანზე განწყობა მრავალნაირია, მაგრამ მე პირადად შემდეგს ვიყენებ.
დახუჭეთ თვალები და დაამშვიდეთ შინაგანი დიალოგი. მოახდინეთ ყურადღების კონცენტრაცია აქ-და-ახლა დროის შეგრძნებაზე. თქვენ იქ ხართ, სადაც ხართ, და მხოლოდ ის ხდება, რაც ხდება. არანაირი მოლოდინი ან ფიქრები წარსულზე.
შემდეგ კონცენტრირდით თქვენი სხეულის მატერიალურობაზე. წარმოიდგინეთ, რომ იგი ორ ტონას იწონის. იგრძენით, როგორ იზიდავს დედამიწის გრავიტაცია ქვემოთკენ. შეიგრძენით ეს ისე ხანგრძლივად, სანამ არ მოგეჩვენებათ, რომ სხეული ქვის ქანდაკებად იქცა.
შემდეგ გადაიტანეთ ყურადღება საკუთარ თავზე, მასზე, ვინც სხეულშია, ვინც სამყაროს შეიგრძნობს. თქვენ იგრძნობთ, რომ სხეულში ხართ ჩაკეტილი, როგორც ტყვე, და არ შეგიძლიათ მისგან თავის დაღწევა. სცადეთ თქვენი აღქმის გადაწევა სხეულის საზღვრებს გარეთ და იგრძენით, როგორ გაკავებთ რაღაც ძალა შიგნით. სწორედ ესაა კავშირების ძალა. უნდა დაიმახსოვროთ ეს შეგრძნება.
შემდეგ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რაზე მოახდენთ კონცენტრაციას. სხვა სიტყვებით, როგორ გამოიყენებთ თქვენს ანტენებს (ბაფომეტის რქებს). წარმოიდგინეთ ესა თუ ის ხატ-სახე, თქვენი ენერგია მიისწრაფვის მისკენ, რათა კავშირი შექმნას. გახსოვდეთ, რომ თქვენი მდგომარეობა „უტვინო“ უნდა იყოს. არანაირი ადამიანურობა აქ არაა. უხეში ძალა.
თუ მედიტაციის მომენტში იგრძნობთ, რომ რაღაც გიშლით ხელს (აკვიატებული აზრები, ხატ-სახეები), შეგიძლიათ აზრობრივად ამოძირკვოთ ისინი თქვენი თავიდან. იგრძნობთ, რომ თქვენსა და ამ აზრს შორის არსებობს ისეთივე მიმზიდავი ძალა, რომელიც სხეულიდან არ გიშვებთ. გამოიტანეთ ხატ-სახე გარეთ და ეცადეთ, რომ აზრობრივად გააქროთ (დაშალოთ) იგი. შედეგი იქნება ყურადღების გაძლიერება, რადგანაც ეს აზრი უკვე აღარ გაღელვებთ. ასე გაშლით ღამურას ფრთებს.
როცა არკანის მდგომარეობაში შეხვალთ, გირჩევთ, რომ უბრალოდ დააკვირდეთ საკუთარ თავს აქ-და-ახლა ყოფნის რეჟიმში. შეამჩნევთ, როგორ მოდის თანდათანობით თქვენს ცნობიერებაში ბევრი ნაგავი. ეს თქვენი კავშირების სისტემაა. დაინახავთ, რომ თქვენს შინაგან სამყაროში უამრავი ნაგავია. მოიჭერით ისინი და დააგროვეთ კონცენტრაციის უფრო და უფრო მძლავრი მდგომარეობა.
ნუ იდარდებთ, თუკი „ბაფომეტის ძალას“ პირველივე ჯერზე ვერ შეიგრძნობთ. აქ დრო გჭირდებათ, უსარგებლო კავშირების მოშორება და ვარჯიში, რომ ყურადღება მდგომარეობაზე შეინარჩუნოთ.
როდესაც მდგომარეობის დიდი ხნით შენარჩუნებას ისწავლით, უყურეთ ამ მდგომარეობიდან გარემომცველ სამყაროს. და შესაძლოა, ერთხელაც არკანის სიდჰა გაგეხსნათ.
მე–15 არკანის სიდჰა
ზებუნებრივი უნარი, რომელსაც ბაფომეტი გაძლევთ, ესაა რეალობის, როგორც გარესამყაროში უსასრულოდ გადახლართული კავშირების დანახვის შესაძლებლობა. თქვენ ისწავლით, რომ ადამიანის განზრახვა მანამდე ამოიცნოთ, სანამ ის მოქმედებას დაიწყებს. ეს ჰგავს შეგრძნებას, თითქოს რაღაც ძალა ადამიანისგან უჩინარი კავშირის თოკივით ისწრაფვის.
თქვენ დაინახავთ, თუ რა ბოჭავს ადამიანებს. ერთს ბოჭავს აზრი, მეორეს - ადამიანი, მესამეს - ძალა. დაინახავთ, როგორი შეზღუდულები არიან ადამიანები კავშირთა თავიანთ სისტემაში. დაინახავთ მათ მონობას, და თუ როგორ მართავს ბაფომეტი. მაგრამ ამ არკანის სიდჰას ძალით შეგიძლიათ „უბრძანოთ ბაფომეტს“, რომ გაუშვას ისინი, ან უფრო მჭიდროდ მოუჭიროს ყელზე ყულფი.
თქვენ გაგიჩნდებათ ძალაუფლება კავშირებზე. შეძლებთ, რომ კავშირთა ნებისმიერ სისტემაში ჩაეწეროთ. საკმარისია მხოლოდ მოინდომოთ.
თქვენი სურვილები სრულდება, ადამიანები კი თქვენკენ მოისწრაფვიან. თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ საზღაური ამისთვის თქვენი სასიცოცხლო ძალაა. როცა საკუთარ თავს რაიმე პროცესს მიუერთებთ, იძულებულნი იქნებით, რომ იურთიერთოთ მასთან, სასურველის მისაღებად. ასე თავად ხდებით მონა. კარტის სხვა დასახელება ხომ „დამოკიდებულებაა“.
ამ ძალისგან სწავლისას თქვენ უხეშად (тупо) უნდა გაზარდოთ თქვენი მასა. თუ ამ ძალის საკმარის რაოდენობას დააგროვებთ, მაშინ ვინ იცის, შესაძლოა ღმერთზეც კი მიაჯაჭვოთ საკუთარი თავი.