მე–13 არკანი. „სიკვდილი“
მე–13 არკანი. „სიკვდილი“. ძალა, რომელიც ენერგიას ანულებს
არ ვიცი რატომ, მაგრამ ბევრს ეს არკანი მაგნიტივით იზიდავს. რატომღაც ყველას უნდა, რომ მისგან ისწავლოს რაღაც, უფრო ზუსტად კი, მართოს სიკვდილის ძალა. არსობრივად, ადამიანს რომ ამ ძალის მართვა შეძლებოდა, იგი უკვდავი გახდებოდა. ვფიქრობ, ასეთი მაგები არსებობენ, მაგრამ მათზე ფიქრიც კი უაზრობაა, არათუ ძებნა.
შესაძლოა, ამ ძალის მიმზიდველობა იქიდან გამომდინარეობს, რომ ადეპტი ფიქრობს, თითქოს ამ მდგომარეობაში შესვლით მას ნაკლებად შეეშინდება სიკვდილის? ან უფრო დიდხანს იცოცხლებს? ან საშინელებას დაატეხავს თავს საკუთარ მტრებს? არ ვიცი, რას ეძებენ დამწყებები ამ ძალაში. რადგანაც ის, ვისაც ესმის ეს ძალა, საერთოდ არ ეძებს მასთან შეხვედრას, რადგანაც იცის, რომ სიკვდილი თავის გზაზე ყველაფერს ანგრევს.
სიკვდილის ენერგია გვაგონებს ნულს მათემატიკაში. რამდენჯერაც არ უნდა გაამრავლო ნულზე, შედეგი მაინც ნული იქნება. სხვა სიტყვებით, როდესაც სიკვდილის ენერგია რაიმე სხვა სახის ენერგიას ხვდება, იგი უბრალოდ შლის მას. რაც არ უნდა შეხვდეს გზაზე, იგი უბრალოდ ქრება. ამაშია სიკვდილის არსი, გადააქციოს ყოფნა არყოფნად.
ტრადიციას, რომელშიც მაგები სიკვდილის კანონებს შეისწავლიან, ეწოდება ნეკრომანტია. სიტყვასიტყვით ეს ტერმინი ითარგმნება, როგორც მკითხაობა მკვდარ სხეულებზე. ნეკრომანტებს შეუძლიათ მრავალი რაღაც დაინახონ გვამებში. მკვდარი სხეული საკუთარ თავში სიკვდილის ნაწილს შეიცავს, შესაბამისად, შესაძლებელია სიკვდილის განზრახვის დანახვა, მაგალითად, ვინ მოკვდება შემდეგი. ამიტომ, სიკვდილის მაგიის შესასწავლად მუდმივი წვდომა უნდა გქონდეთ მკვდარ სხეულებზე. ერთხელ პათოლოგოანატომს ვესაუბრე, და იგი მიყვებოდა, რომ 5-6–წლიანი მუშაობის შემდეგ, მართლაც დაიწყო რაღაცის შეგრძნება. მაგალითად, თქვა, რომ ერთხელ მეტროში ორმოცდაათიოდე წლის მამაკაცი დაინახა და მიხვდა, რომ იგი მალე მოკვდებოდა. როგორ მიხვდა ამას, არ იცოდა, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ ეს მამაკაცი მის მაგიდაზე აღმოჩნდა სიკვდილის მიზეზის დასადგენად. და ეს მაშინ, როცა ჩემი ნაცნობი არანაირი მაგიით არაა დაკავებული.
მაგები კი, რა თქმა უნდა, მეტს ხედავენ. მათ შეუძლიათ დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ ამ მდგომარეობაში და გაატარონ სიკვდილის ძალა. ასეთი მაგისთვის საკმარისია, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეინარჩუნოს ყურადღება რაღაცაზე, და სივრცის ამ სფეროში ადამიანები ავად ხდებიან და კვდებიან. მას იოლად შეუძლია „მოკლას“ ვინმეს ბიზნესი ან ავადმყოფობა. ეს მაგები პრინციპში დაუმარცხებელნი არიან, რამეთუ ისინი თავად სიკვდილი არიან.
მე არ მინახავს ასეთები, მაგრამ თავად არაერთხელ შევსულვარ სიკვდილის მდგომარეობაში. ჩემი უნარები ამ ძალასთან მუშაობისას მხოლოდ იმაზე მყოფნის, რომ ეს ძალა ჩემი ცნობიერების განწმენდისთვის გამოვიყენო. მაგალითად, ამ ძალით შესაძლებელია შიშის მოკვლა, აკვიატებული სურვილის მოკვლა, არასაჭირო ადამიანთან კავშირის გაწყვეტა ან ორგანიზმში ვირუსის განადგურება. მაგრამ ჩემს გარეთ მისი გატარება არ მიცდია. მეშინია. არ მინდა, რომ ავადმყოფობების და სიკვდილის გამავრცელებელი ვიყო ჩემ გარშემო.
გახსოვდეთ, სიკვდილის ენერგია ანადგურებს ნებისმიერ სხვა ენერგიას. ეს ნიშნავს, რომ ამ ძალასთან მუშაობისას აუცილებელია მკაფიოდ გესმოდეთ, რას უპირისპირებთ, როდესაც მას იძახებთ.
შეხედეთ სეფიროტის ხეს. არკანი იწყება ანაჰატას სფეროდან და მიდის აჯნამდე. ეს მინიშნებაა იმაზე, რომ თუ თქვენი ცნობიერების საყრდენი მანიპურაზეა, ამ არკანში შესვლა საერთოდ არ შეიძლება. ამ ძალის „ქვემოდან“ გამოძახებით, თქვენს ჯანმრთელობას დარტყმის ქვეშ აყენებთ. მაგი კი მასთან მენტალური სხეულებიდან მუშაობს, შესაბამისად მხოლოდ მენტალური სხეულებით რისკავს, რომლებიც ფიზიკურზე ნელა იშლება. ფწ-ს მინიმალურ მდგომარეობას სიკვდილის ძალასთან მუშაობისთვის წარმოადგენს ვიშუდჰა ჩაკრა.
შეხედეთ კარტს ქვემოდან ზემოთ. საქმე იმაშია, რომ კარტზე ობიექტები შემთხვევით არაა განლაგებული. ის, რაც კარტის ქვედა ნაწილში ხატია, იმაზე მეტყველებს, თუ რას შეეჩეხება ადამიანი ცნობიერების დაბალი სიხშირით. კარტის ქვემოთ კი, გვამებია, რომლებზეც ცხენი მიაბიჯებს. შესაბამისად, თუკი ფწ–ი ძალიან დაბლაა, ძალა ფიზიოლოგიაში გაივლის. პრობლემები ჯერ იმუნიტეტში ჩნდება, შემდეგ კი ყველაფერ დანარჩენში.
ვიშუდჰას დონე ესაა არკანის შუა ნაწილი. ესაა ცხენის დონე, რომელზეც სიკვდილი ზის, ასევე იმ მღვდლის თავის დონე, რომელიც ცხენის წინ დგას. სწორედ ეს მღვდელია გამოსახული მეხუთე არკანზე და წარმოადგენს სუფთა სახის ცნობიერების სიმბოლოს. ამით ნათქვამია, რომ არ უნდა იყოს არანაირი გაიგივება სტილში - „მე ვარ სხეული“. მხოლოდ ამ შემთხვევაში გვაქვს შანსი, რომ სიკვდილს დაველაპარაკოთ. თუმცაღა ესეც კი არ გვაძლევს ძალაუფლებას სიკვდილზე.
რეალური ძალა მხოლოდ იმ მაგებს აქვთ, რომელთა ცნობიერებაც აჯნა ჩაკრას სიხშირეზე მუშაობს. ესაა კარტის ზედა ნაწილი, ანუ თავად სიკვდილი, რომელიც ცხენზე ზის და ხელში სადავეები უჭირავს. აი, ვის შეუძლია მიუთითოს, ვინ უნდა იცოცხლოს და ვინ უნდა მოკვდეს. იმედი მაქვს, რომ ადეკვატურად აღიქვამთ საკუთარ თავს კასტურ სისტემაში და არ თვლით, რომ სუპერ-მაგები ხართ ფიქსაციის წერტილით აჯნა ჩაკრაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში სიკვდილი გაჩვენებთ თქვენს რეალურ ადგილს, მაგრამ შესაძლოა უკვე ძალიან გვიანი იყოს.
სიკვდილთან მუშაობის სწორედ ამ ასპექტზე მინდა ვისაუბრო. ანუ იმაზე, თუ როგორ გვაჩვენებს სიკვდილი ჩვენს რეალურ ადგილს.
ალბათ შეამჩნიეთ, რომ ამ არკანს ისე არ აღვწერ, როგორც დანარჩენებს. საქმე იმაშია, რომ მე არ მოგცემთ განწყობას არკანის ენერგეტიკულ ნაწილზე და ასევე არ აღვწერ გლიფებზე განწყობას. ეს სახიფათოა, ძალიან სახიფათო. ამის ნაცვლად გასწავლით მუშაობას სიკვდილთან, როგორც მრჩეველთან. ეს ასპექტი ძალიან კარადაა აღწერილი კარლოს კასტანედას წიგნებში. თუმცაღა იქ მოცემულია ფილოსოფიური ნაწილი, მაგრამ არაა თავად პრაქტიკა. ჩვეულებრივ, როცა ადამიანი სიკვდილზე იწყებს ფიქრს, იგი დეპრესიაში ვარდება, თუმცაღა კასტანედასთან წერია, რომ ამ ძალას შეუძლია რეალური რჩევა მოგცეთ. და აი, რჩება კითხვა, როგორ ჩავერთოთ ამ ძალაში, რომ ზიანი არ მივაყენოთ ჩვენს ჯანმრთელობას და მხოლოდ სარგებლობა მივიღოთ.
რჩევა სიკვდილისგან
როდესაც ადამიანი სიკვდილს ცნობიერების დონეზე ხვდება, სიკვდილი, პირველ რიგში, მისი ეგოს დანგრევას იწყებს. ყველა აზრი, რომელიც დაფუძნებულია საკუთარი თავის მნიშვნელოვნობის შეგრძნებაზე, უეცრად ჩვენი მოღალატეები ხდებიან. ადამიანს შეეძლო, რომ სამყაროს ჭიპად ჩაეთვალა თავი, მაგრამ აი, რევოლვერის ლულა აიძულებს, რომ მუხლებზე იხოხოს და შეწყალება ითხოვოს. ცრუ პიროვნება, რომელიც დამყარებულია თავის თვითწარმოდგენაზე, კვდომას იწყებს. და აქ ადამიანისთვის გასაგები ხდება, თუ რატომ უნდა იცოცხლოს.
საქმე იმაშია, რომ სიკვდილის რჩევა ეხმარება ადამიანს თავისი გზის პოვნაში. თუკი კარტს დააკვირდებით, დაინახავთ, რომ უკანა პლანზე იგივე ორი კოშკი დგას, რომლებიც მე–18 არკანში. ამით ნათქვამია, რომ თუკი შორს წახვალ საკუთარი გზისგან, შენ წასაყვანად სიკვდილი მოვა. და როცა ის მოდის, ადამიანი, როგორც წესი, ხვდება, თუ რისთვის და რისი სახელით უნდა ეცხოვრა.
ახლა უფრო და უფრო მეტ პოპულარულობას იხვეჭს თანატოთერაპია (ბერძნ. თანატოს - სიკვდილი). ამ პრაქტიკის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი ახდენს საკუთარი დასაფლავების იმიტაციას, რათა სიკვდილი მოიწვიოს. კეთდება კუბო, სახურავში ყენდება მეტალის მილი ვენტილაციისთვის და მას მარხავენ, არცთუ ისე ღრმად, მაგრამ ისე, რომ ვერ შეძლოს სახურავის ახდა ექსპერიმენტის დროს. დამარხვისას აკეთებენ დასაფლავების ცერემონიის იმიტაციას ყველა წესის დაცვით. ახლობელი ადამიანები მწუხარებაში არიან, წარმოითქმება სადღეგრძელოები, რომ დაე, მიწა მსუბუქი იყოს მისთვის, და ა.შ. მიწის ქვეშ ადამიანი 24 საათის განმავლობაში იმყოფება.
ადამიანს არ აძლევენ არაფერს გასართობად. მას შეუძლია დაიძინოს, მაგრამ დამიჯერეთ, იქ ძილისთვის არავის ცხელა. დაახლოებით 4-8 საათის შემდეგ ადამიანი პანიკის მდგომარეობის ზღვრამდე მიდის. ჩნდება ამოძრომის ველური სურვილი. ეჩვენება, რომ ჟანგბადი არ ჰყოფნის, და აზრები იმის შესახებ, რომ რაღაც რიგზე ვერ იქნება, უფრო ხშირია, უფრო ხმამაღალია და შიში მთელ გონებას იპყრობს. ამ დროს საჭიროა უზარმაზარი თვითდისციპლინის ფლობა, რამეთუ საქმე სულაც არაა ჩაკეტილ სივრცეში. მოდის სიკვდილი და უმზერს მას, ვინც გამოიძახა. და თუ ადამიანი გულმოდგინედ ცდილობს, რომ ფიქრებით განაგდოს სიკვდილი, მაშინ სიკვდილი ჩვენში იმ ნაწილის მოკვლას იწყებს, რომელიც ფიქრობს. და თუ ჩვენს ფიქრებსა და ემოციებში მთელ სულს ჩავდებთ, იქვე დავკარგავთ კიდეც მას.
იყო ერთი ბიზნესმენი, რომელმაც შეიტყო ამ ტექნიკის პროდუქტიულობის შესახებ. შეუკვეთა კუბო და გადაწყვიტა, რომ თავისი სახლის უკან 24 საათით ჩამარხულოყო. ამაში მეგობარი დაეხმარა. მან თავისი მეგობარი სახლში გაგზავნა მეორე დღემდე. მეორე დღეს, როცა მეგობარმა დათქმულ დროს ამოთხარა, იგი უკვე მკვდარი იყო. საქმე იმაშია, რომ ღამით წვიმა მოვიდა და მამაკაცს ძალიან შეეშინდა. თან ტელეფონი ჰქონდა, მაგრამ კავშირი არ მოქმედებდა. და მოკლა იგი არა წყალმა, არამედ შიშმა. გაკვეთამ აჩვენა, რომ გულის შეტევით გარდაიცვალა. ამიტომ, თუკი გრძნობთ, რომ არ ხართ მზად, ნუ შეძვრებით ამ არკანში.
ჩვენ კი განვიხილავთ სიკვდილის მოხმობის ერთ ტექნიკას, რომელიც უფრო უსაფრთხოა, მაგრამ არანაკლებად ეფექტურია. ეს იქნება მარტივი მედიტაცია სიკვდილზე.
მედიტაცია სიკვდილზე
ეს კეთდება ღამით, მარტოობაში და სიბნელეში. დაჯექით მაქსიმალურად კომფორტულად. სასურველია, რომ გარშემო სიჩუმე და სიბნელე იყოს. არაფერმა არ უნდა მოგაცდინოთ.
დახუჭეთ თვალები და დააკვირდით სიბნელეს თქვენ წინ. და მკაფიოდ უთხარით საკუთარ თავს, რომ უკანასკნელად დახუჭეთ თვალები. უკვე აღარასოდეს გაახელთ მათ. თქვენ კვდებით. შემოუშვით აზრი, რომ ამიერიდან თვალები სამუდამოდაა დახუჭული.
რა თქმა უნდა, მაშინვე გაჩნდება გონების ხმა, რომელიც გეტყვით, რომ შეგიძლიათ თვალების გახელა, და ეს ყველაფერი ყალბია, მაგრამ დაე, იგი ჯერ ჩუმად იყოს. ეცადეთ ძალიან მკაფიოდ დაიჯეროთ, რომ უკვე ვეღარასოდეს შეძლებთ თვალების გახელას.
და ნუთუ მართლა ასე არ მოდის ჩვენთან სიკვდილი? ნუთუ ასე არ მოხდება ერთხელ? ოდესმე ჩვენი თვალები ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაიხუჭება და უკვე აღარასოდეს გაიღება. ამიტომ ახლა ვაკეთებთ სიკვდილის იმიტაციას იმისთვის, რომ წარმოვიდგინოთ, თუ რა მოუვა ჩვენს ცნობიერებას, როცა ნამდვილად მოვკვდებით.
მაშ ასე, თქვენ კვდებით. სიკვდილმა თვალები დაგიხუჭათ. ახლა თქვენი ხვედრი უკუნის ჭვრეტაა. გააცნობიერეთ, რომ უკვე ვეღარასოდეს იხილავთ მზის სინათლეს. ვერასოდეს. ვერასოდეს იგრძნობთ ქვიშას ფეხებქვეშ, ვერ იცურავებთ ზღვაში, ვერ გასინჯავთ ვერანაირ საჭმელს, ვერ განიცდით ვერანაირ სიამოვნებას. გააცნობიერეთ ეს.
თუკი გამოგივათ ამის გაცნობიერება, თქვენი პიროვნება გაგრძელებას შემოგთავაზებთ. გააცნობიერებთ, რომ უკვე ვეღარ იხილავთ ახლობელ და საყვარელ ადამიანებს. თუ შვილები გყავთ, ვეღარ შეხვდებით მათ. ვერასოდეს. უკვე ვეღარ აკოცებთ საყვარელ ადამიანებს, ვერ იგრძნობთ მათი შეხების სითბოს. ღმერთო, რამდენი რამ დარჩა სათქმელი... და კიდევ რამდენის გაგება გვინდა...
არაფერი. უკვე აღარაფერი აღარ იქნება. როგორც კი ამას გააცნობიერებთ, თქვენი ყურადღება წარსულში გადახტება. დაინახავთ, რა უაზროდ ხარჯავდით თქვენს ცხოვრებას. ის დრო, რომელიც შეგეძლოთ საოცარ რამეებზე დაგეხარჯათ, სიზარმაცესა და ყოველგვარ სისულელეზე ხარჯავდით. რადგანაც გეჩვენებოდათ, რომ წინ უამრავი დროა, რომ მარაგში წლები გაქვთ, მაგრამ აი, მოვიდა სიკვდილი და დაგიხუჭათ თვალები. რამდენი დრო დაკარგულა უაზროდ!
მოვა ახალი და ახალი სინანული, ყველა ოცნება და სურვილი, მაგრამ ბოლოს დარჩება მხოლოდ ერთი უცვლელი ფაქტი: თვალებს ვეღარ გაახელთ. გააცნობიერეთ ეს.
თუკი ამ მედიტაციაში ვერ შეძლებთ უფრო შორს წასვლას, მაშინ ვერ გაიგებთ რჩევას სიკვდილისგან. შორს წასვლა ნიშნავს იმას, რომ დაეთანხმოთ საკუთარი სიკვდილის გარდუვალობას. აღიაროთ მისი გამარჯვება. მისცეთ მას თქვენი მოგონებები, სინანულები და სურვილები. დაინახოთ, რომ საკუთარი „მე“-ს გარდა უკვე აღარაფერი დაგრჩათ.
თუ შეძლებთ, რომ მიაღწიოთ ამ მდგომარეობას და შეიგრძნოთ საკუთარი „მე“ - განწმენდილი მენტალური ნაგვისგან, მაშინ დაინახავთ, რომ ეს „მე“ პატარაა, უსუსურია და უბადრუკ ადგილს იკავებს ამ სამყაროში. არც სტატუსი და არც ფული ამ „მე“-ს არ ეკუთვნის. ესაა უბრალოდ ნამდვილი „მე“-ს თანამყოფობა, რომელიც არ კვდება.
თუმცაღა საკუთარი უსუსური „მე“-ს გაცნობიერება გაძლევთ იმის გაგებას, თუ რატომაა იგი ასეთი პატარა. რა უშლიდა მას ხელს თქვენს ისტორიაში, რომ განვითარებულიყო. და რაც მთავარია, რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ განავითაროთ ეს „მე“. როგორ უნდა დაგეხარჯათ დრო, რა პრიორიტეტები უნდა აგერჩიათ.
თუკი ამასაც აცნობიერებთ, მაშინ მიეცით სიკვდილს პირობა. შეჰპირდით, რომ ამიერიდან აღარ დახარჯავთ ასე უაზროდ საკუთარ დროს. რომ განავითარებთ თქვენს ჭეშმარიტ „მე“-ს და ყველაფერს გააკეთებთ, რომ ნამდვილი სიკვდილის მომენტში არ განიცადოთ იმედგაცრუება საკუთარი წარსულისა და მომავლის გამო.
შეჰპირდით, რომ არ უღალატებთ საკუთარ სიკვდილს და შემდეგ ჯერზე იგი უკვე სხვა ადამიანს წაიყვანს: ძლიერს, თავდაჯერებულს, მას, ვინც თავისი ბედი ბოლომდე გაიარა. შეჰპირდით, რომ ყველაფერს გააკეთებთ იმისთვის, რომ ღირსეულ ადამიანად მოკვდეთ. ადამიანად, რომელმაც არ დაჩრდილა თავისი „მე“ ამ სამყაროს იდიოტიზმით.
მიეცით ეს პირობა სიცოცხლის სანაცვლოდ. გახსოვდეთ, თქვენ სიკვდილის ანგელოზს იწვევთ. და თუ მედიტაცია გამოგივიდათ, ე.ი. ანგელოზი მოვიდა თქვენთან. და თქვენი პირობა შესმენილ იქნება მის მიერ. და თუ ასეა, მაშინ როცა თვალებს გაახელთ და საკუთარ ცხოვრებას დაუბრუნდებით, ძალიან რისკავთ, თუკი შეპირებულს არ შეასრულებთ. სიკვდილს არ უყვარს, როცა მას ეთამაშებიან. მას შეუძლია შეგახსენოთ თქვენი პირობა. მაგალითად, როცა სამსახურიდან გათავისუფლებენ, ან ავარიაში მოყვებით, ან საფულეს მოგპარავენ უკანასკნელი ფულით. დიახ, ეს და სხვა მსგავსი შემთხვევები სხვა არაფერია, თუ არა სიკვდილის ანგელოზის თანმყოფობა. იგი გახსენებთ, რომ თქვენი გზა სხვაგანაა, რომ შეჰპირდით, აღარ იყოთ იდიოტი, რომელიც გულუბრყვილოდ ფიქრობს, რომ ბევრი დრო აქვს, და, შესაბამისად, გზა მოიცდის. შესაძლოა, მოიცადოს კიდეც, მაგრამ სიკვდილი ესაა ნებისმიერი ადამიანის ფინალი. გახსოვდეთ ეს.
ამ პრაქტიკის შემდეგ ეცადეთ, რომ გაამყაროთ შედეგი. გაიარეთ მორგში. ეცადეთ გააკეთოთ ისე, რომ გაჩვენონ დაახლოებით თქვენი ასაკისა და თქვენი სქესის გვამი. თვალმოუშორებლად უყურეთ მას. ყურადღებით. გააცნობიერეთ, რომ ადამიანები თქვენს ასაკშიც კვდებიან. და ვინ მოგცათ გარანტია, რომ უფრო მეტი დრო გაქვთ, ვიდრე მას, ვინც უსულოდ წევს თქვენ წინ? დააკვირდით და გაიაზრეთ, რომ ამ ადამიანსაც ჰქონდა გეგმები. მასაც ჰყავდა ნათესავები და საყვარელი ადამიანები. ისიც რაღაცისკენ ისწრაფოდა და რაღაც სურდა. მაგრამ ნუთუ ეს აღელვებს სიკვდილს? იგი მოვიდა და სამუდამოდ დახუჭა მისი თვალები.
ეს ყველაფერი უნდა გააკეთოთ არა იმისთვის, რომ დეპრესიაში ჩავარდეთ გარდაუვალ სიკვდილზე აზრების გამო. პირიქით, ეს სტიმულია. ძალიან მძლავრი. მსხვერპლად შესწირეთ სიკვდილს ყველა თქვენი შიში, ეჭვი, ფიქრი და მღელვარება. იმოქმედეთ. ბოლოს და ბოლოს, რით რისკავთ? სიცოცხლით? დიახ, მაგრამ უმოქმედობითაც რისკავთ სიცოცხლით. ხედავთ, რაშია ფოკუსი? ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში მოვკვდებით, განვავითარებთ თუ არა საკუთარ თავს. მაგრამ ვიღაც იტყვის: „და რატომ უნდა სრულვყოთ საკუთარი თავი, თუკი სიკვდილი მაინც მოვა ჩემამდე?“ იმიტომ, რომ უბრალოდ დინებით ცურვა ძალიან ადვილია. და როცა მართლა მოკვდებით, მთელ ტკივილს განიცდით იმის გამო, რომ არ გარისკეთ, ვერ გაბედეთ, რომ ყოფილიყავით ისეთი, როგორიც არ დაგენანებოდათ, რომ მომკვდარიყავით. ეს გამოწვევაა. და ეს ღირსეული გამოწვევაა ნებისმიერი ადამიანისადმი. მხოლოდ საკუთარი სიკვდილის გაცნობიერება იძლევა ძალას მის მისაღებად. და ეს ყველაზე მშვენიერია, რაც შეიძლება ჩვენს ცხოვრებაში მოხდეს.
მეორე მხარეზე
ერთხელ ხელში ჩამივარდა წიგნი, რომელშიც შეკრებილი იყო სამედიცინო დაკვირვებები ადამიანებზე, რომლებმაც კლინიკური სიკვდილი გადაიტანეს სხვადასხვა დროს. გამოკვლევებიც სხვადასხვა იყო, და ამ ამბებს საერთო არაფერი ჰქონდათ. თუმცაღა გარდაცვლილთა მრავალი განცდა ემთხვეოდა.
დამამახსოვრდა მონათხრობები იმის შესახებ, რომ კლინიკური სიკვდილის მომენტში მრავალი ხედავდა სინათლეს. მაგრამ არა სინათლეს გვირაბის ბოლოში, არამედ უბრალოდ სინათლეს. მასში გონი იგრძნობოდა, და მისი თანდასწრებით ადამიანი კარგად და მშვიდად გრძნობდა თავს. ადამიანები, რომლებმაც ეს განიცადეს, სხვადასხვაგვარად განმარტავდნენ მას. მაგალითად, მორწმუნე ქრისტიანები თვლიდნენ, რომ ეს ქრისტე იყო. ისინი, ვინც არ იყო რელიგიური, თვლიდა, რომ ეს რაღაც ენერგეტიკული არსებაა, ვიღაც კი ფიქრობდა, რომ ეს უცხოპლანეტელია. მაგრამ ეს არაა მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი ისაა, რომ მიუხედავად აღმსარებლობისა ეს სინათლე ყველას ერთ კითხვას უსვამდა: „რა მომიტანე?“
და როგორც კი ამ ადამიანებს ესმოდათ ეს კითხვა, იმავე წამს მთელი მათი ცხოვრება თვალწინ მყისიერად ჩაურბენდათ ხოლმე. ყველაფერი ეს რამდენიმე წამს იკავებდა. შემდეგ სინათლე უკან აბრუნებდა, როგორც ჩანს, უკმაყოფილო იმით, რაც ადამიანებმა თან მოიტანეს.
დაფიქრდით, ნუთუ თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი სხვაგვარადაა? ნუთუ თქვენი ცხოვრება მეტია, ვიდრე რამდენიმე გაელვება? რამდენი მომენტი გქონდათ ისეთი, როცა სული აღტაცებისგან შეგეხუთათ? ცხოვრობთ თუ ცოცხლობთ?
ვინ იყო ეს სინათლე, ამის ახსნას არ შევუდგები. მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ არ მინდა მასთან ცარიელი ხელებით დაბრუნება. არ მინდა, რომ ჩემი ცხოვრება რამდენიმე წამში ჩაეტიოს. მე ხომ ვიცი, რომ ადამიანს მართლაც საოცარი რამეები შეუძლია. საიდან ვიცი? სიკვდილმა მითხრა...
შესაძლოა თქვენ სიკვდილმა სხვა გზა გაჩვენოთ. მაგრამ თუკი დაინახავთ მას, იარეთ ამ გზით. ასეა თუ ისე, ყველა გზა ერთნაირად სრულდება. მაგრამ არ არსებობს უფრო დიდი სიამოვნება, ვიდრე იმის ცოდნა, რომ შენს გზას სიკვდილის შემდეგაც აქვს აზრი.